შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა (სრულად)


8-06-2019, 03:09
ავტორი ჰუნი
ნანახია 4 984

The girl who promised



- გაიქეცი! - განწირული ხმით ჩამყვიროდა ჩემი საუკეთესო მეგობარი და ყველანაირად ცდილობდა ნახევრად აალებული სახლიდან, რომლის პატრონის ვინაობა ჯერაც არ ვიცოდით, უვნებელი გავეყვანე. მაჯაზე მთელი ძალით მექაჩებოდა და ჩემი გაშტერებული მდგომარეობიდან გამოყვანას ტყუილ-უბრალოდ ცდილობდა.
- ამელია, გეფიცები, აქედან ცოცხლები თუ გავაღწევთ, მე ისედაც შემომაკვდები! - ხველებით დამემუქრა.
საუბარში კვამლი ხელს თანდათან უფრო და უფრო უშლიდა.
მისი თითოეული სიტყვა მესმოდა. საქმე იმაშია, ზედმეტად ცხადიც კი იყო შექმნილი სიტუაცია. ვხვებოდი რა შარშიც გავყავით თავი და სწორედ ამ რეალობისგან გაქცევას ვცდილობდი. იმ განსხვავებით, რომ სამშვიდობოზე გასვლის ნაცვლად ადგილზე დარჩენას ვამჯობინებდი და ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა, თუ ნაბიჯს არ გადავდგამდი, არაფერიც არ დამემართებოდა.
- შე იდიოტო! - ბოლო ხმაზე დამიღრიალა, როდესაც უახლოესი ოთახიდან გაზის აფეთქების ხმა გაისმა.
სწორედ მაშინ მოვედი გონს და მივხვდი, გაუნძრევლად დგომით საკუთარ თავსაც და მასაც სიკვდილის მეტს არაფერს არ მოვუტანდი. მის ხელს ამჯერად მეც ჩავეჭიდე და გახარებულმა თვალები დავჭყიტე, როდესაც გასასვლელ კარს მივუახლოვდით.
- სა, ახლავე გავალთ. აი ნახე! - ბედნიერებით წამოვიძახე და კარი გამოვგლიჯე. სანამ გავიდოდი და მასაც თან გავიყოლებდი, წამებში ხელებში სიცარიელე ვიგრძენი და მისკენ გაკვირვებული მივტრიალდი.
გაშეშებული იდგა. ვერ მივხვდი რა დაემართა და ის იყო, უნდა დამეყვირა, შენ მაინც რა მოგივიდა-მეთქი, ალმა ჩემს თვალწინ წამებში ჩამიყლაპა საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ჩემი ჩვიდმეტწლიანი არსებობის მანძილზე გვერდიდან არ ვიშორებდი. თუმცა, ალექსანდრე ქალდანი მანამდეც მკვდარი იყო. ზუსტად მაშინ, როდესაც მისი ლამაზი თითები ჩემი მაჯიდან ჩამოსრიალდნენ, შუშის ნატეხის წყალობით სისხლი უკვე მის ვარდისფერიდან თეთრში გარდამავალ პერანგს უღაფავდა, რომელიც დღეს, მის დაბადების დღეზე ვაჩუქე.


***
- ნია, ძალიან გთხოვ, ტელევიზორს ხმა დაუწიე! ნერვებზე სერიოზულად მოქმედებს! - ბოლო ხმაზე დავიყვირე, რათა მეორე სართულიდან პირველამდე ჩემი დისთვის ხმა რაც შეიძლება მკაფიოდ ჩამეწვდინა.
ვცდილობდი "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მომეხდინა კონცენტრირება, მაგრამ ზემოთხსენებულის წყალობით ეს სულაც არ გამომდიოდა და თანდათან ჩემი მოთმინების ფიალაც ივსებოდა. სადაცაა ბუშტივით გავსკდებოდი.
- ნია!!! - კიდევ ერთხელ ჩავძახე, თუმცა ერთ-ერთი ახლად დადებიუტებული ჯგუფის სიმღერა, რომელიც მისივე წყალობით უკვე დაზეპირებული მქონდა, ჯერ კიდევ აღწევდა ჩემს ყურთა სმენამდე.
გაბრაზებულმა დავხურე წიგნი. იქვე, საწოლზე დავტოვე და კისრისტეხვით ჩავუქროლე ცხრამეტსაფეხურიან კიბეს.
ეს ცხრამეტი საფეხური კი ცალკე თავის ტკივილია. ხომ შეეძლოთ დაემრგვალებინათ?!
- შე პატარა ადამიანო! - მუქარით შევვარდი მისაღებ ოთახში, სადაც ეს ქალბატონი მეგულებოდა და ის იყო მთელი ჩემი რისხვა მას უნდა დატყდომოდა, უეცრად გავჩერდი.
დივანზე ჩასძინებოდა.
აი თურმე რატომ არ მპასუხობდა.
სიბრაზემ მაშინათვე გადამიარა, როდესაც აღმოვაჩინე, ძილისას იმაზე პატარად გამოიყურებოდა, ვიდრე რეალურად იყო. ორი წლის, გაბუტული ბავშვივით გადმოეგდო ქვედა ტუჩი, ფეხები გულ-მკერდთან მოეკეცა, თავისი გრძელი ხელები კი მუხლებზე შემოეხვია და საბოლოოდ ემბრიონის პოზა მიეღო.
მიუხედავად ზაფხულის თბილი ამინდებისა, პლედი მაინც გადავაფარე. შემდეგ ტელევიზორის გამაყრუებელი ხმაც ჩავახშე და სამზარეულოში გავედი. გადავწყვიტე, სანამ წიგნის კითხვას გავაგრძელებდი, მსუბუქად მევახშმა. ვახშამში კი ფორთოხლის წვენი და სენდვიჩი ვიგულისხმე, რომელსაც როგორც წესი, ვახშამზე კი არა საუზმეზე მიირთმევენ, თუმცა, ჩემთვის სულ ერთია.
ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა უკვე მაგიდაზე მიცდიდა და მხოლოდ სენდვიჩის თეფშზე დადება და მირთმევაღა დამრჩენოდა. არ გამიკვირდებოდა, კარადაში სენდვიჩის ნაცვლად სიცარიელე თუ დამხვდებოდა - ნიაც ჩემსავით გაგიჟებით იყო შეყვარებული და ყოველთვის მპარავდა, თუმცა შევცდი და ჩამეღიმა ორ ნაჭერს რომ მოვკარი თვალი. როგორც ჩანს, ისე ეძინებოდა, არც კი გახსენებია. მხოლოდ ერთ ნაჭერს დავწვდი, თეფშზე დავიდე და მაგიდას მივუჯექი.
ახალი დაწყებული მქონდა ჩემი მოკრძალებული ვახშამი, კარებში ნაცნობი სხეული რომ დავლანდე. მის მოულოდნელ გამოჩენებს იმდენად ვიყავი შეჩვეული, ადრე შიშისაგან თუ ავყვირდებოდი, ახლა რეაქცია საერთოდ არ მქონდა.
წლებია ვიცნობ და რადგანაც მოულოდნელობებს ვერ გადავაჩვიე, სხვა გზა არ მქონდა, მე თვითონ შევეჩვიე.
- ერთ დღესაც ნამდვილად გადამრევ! - გაბრაზებული მზერით გადახედა ჩემს სენდვიჩსა და წვენს.
ხო კიდევ ერთი, რასაც ვერ გადაეჩვია: იმის ნაცვლად რომ მომესალმოს, მუდამ მტუქსავს.
ჩემზე კი მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი!
- დალევ? - მის გაწყრომას ყურადღება არ მივაქციე და ყურებამდე ღიმილით გავუწოდე ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა და დიდი იმედი მქონდა უარყოფით პასუხს მივიღებდი, რადგან სულაც არ ვაპირებდი ბოლო ჭიქა სხვისთვის გამენაწილებინა ან უარეს შემთხვევაში - დამეთმო.
მისთვის შეთავაზება კი მხოლოდ და მხოლოდ კარგი მანერების დამსახურებაა, ესაა და ეს!
- არა, გმადლობ. - თვითონაც ღიმილით გააქნია თავი. იცოდა, ამ უკანასკნელ ჭიქას რომც დამმუქრებოდა, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდი!
ხო და კიდევ, ჩემი საყვარელი პერანგი ეცვა, როგორც ყოველთვის.
- სა, - ჩუმად შევძახე, როდესაც ჩაფიქრდა და ამ ფიქრმა რამდენიმე წუთს გასტანა. - რამე ხდება?
- არა, - თავი დამფრთხალმა გააქნია. - უფრო სწორად, კი. - შემდეგ პირვანდელი ნათქვამი შეასწორა და უხერხულად მოიქავა კეფა.
- ხო მშვიდობაა? - ცოტა არ იყოს და ავღელდი. იმიტომ, რომ ასეთ დაბნეულსა და ამავდროულად შეშინებულს პირველად ვხედავდი და რატომღაც მეც უცნაურმა გრძნობამ დამიარა სხეულში. - მითხარი, გთხოვ.
- ძალიან მერიდება, ლი - ტუჩები დაბრიცა და ჩემი სახელის შემოკლებული ფორმაც ისე საყვარლად წარმოთქვა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო და მიუხედავად აღელვებისა, ღიმილი ვერ შევიკავე.
- სანდრო, ნუ სულელობ!
- კარგი, მაგრამ თუ ეს იდეა არ მოგეწონება, მხოლოდ ჩემი ხათრით არ დამთანხმდე! - სანამ სათქმელს ამოღერღავდა, საჩვენებელი თითის დაქნევით გამაფრთხილა.
თავი დავუქნიე. თვითონ წამით კვლავ ჩაფიქრდა, მობილიზდა და როდესაც მიხვდა, სათქმელად მზად იყო, მაშინ წამოიწყო:
- თუ წინააღმდეგი არ იქნები, შეიძლება კოტეს ვესტუმროთ? - მკითხა და წამწამებიც პატარა ბავშვივით, სწორედ ისე, როგორც მშობლების დაკერვას ცდილობენ, რამდენჯერმე დაახამხამა.
ადგილზე გავშრი.
- კოტეს? კი, მაგრამ შენ ხომ...
- ვიცი, ლი, ვიცი. - გამაწყვეტინა და თვალები აატრიალა. ბავშვური სანდრო წამებში გაქრა და გაღიზიანებულმა დაილაპარაკა. საკუთარი მდგომარეობით იყო გაღიზიანებული.
- მე არც კი დავენახვები. შენთან ერთად წამოვალ, მაგრამ გპირდები ახლოსაც კი არ მოვალ. უბრალოდ მინდა ნახო როგორ არის. - სანდროს კვლავ ბავშვური მხარე დაუბრუნდა და სიმართლე გითხრათ, მთელი ამ წლების მანძილზე ერთადერთ რამეს - მისი ხასიათების უეცარ ცვლილებებს ვერ შევეგუე. ზოგჯერ მაშინებდა კიდევაც.
- თან შენც დაისვენებ, ცოტა ხნით მაინც. - იმედიანად გამიღიმა. - მაგრამ თუ წინააღმდეგი ხარ...
- არ ვარ წინააღმდეგი! - ამჯერად მე გავაწყვეტინე და დაუფიქრებლად წამოვიძახე.
საკუთარი სურვილები სულაც არ მადარდებდა, მთავარი იყო ჩემი უფროსი მეგობარი, რომელიც რეალურად ხალხში ჩემზე პატარას შთაბეჭდილებას ტოვებდა, გამებედნიერებინა.
სინამდვილეში კი, ამით გაბედნიერდებოდა თუ არა, ჯერ კიდევ საკითხავი იყო.

***
- ნია, ჩემი ზურგჩანთა არ გინახავს? - საბოლოოდ დანებებულმა ჩავძახე.
- სანამ თავს იწესრიგებდი, საბამ მანქანაში ჩადო. - მანაც დაუყოვნებლივ ამომძახა.
საბა, ჩემი განუმეორებელი, მაგრამ არა საუკეთესო მეგობარი. სამეგობროში ყველაზე უფროსი და მზრუნველი ადამიანი, რომელმაც მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა, ხელი მაინც არ გვკრა და ჯერაც ჩვენს გვერდითაა.
მისი სახელის ხსენებაზე ჩამეღიმა. საკუთარ ოთახს დროებით გამოვემშვიდობე და მხოლოდ მას შემდეგ ჩავსხედით მანქანაში, რაც ნიას ათასჯერ დავუბარე, ე.წ. ზედამხედველისთვის, რომლის როლსაც ჩვენი აეროპორტში გაცილების შემდეგ საბა მოირგებდა, დაეჯერებინა და არ ეჯიუტა. მანაც თავი მობეზრებით დამიქნია და სანამ ჩასხდომას მოვასწრებდით, ასევე მომაბეზრებელი ხმით დააყოლა: - პატარა აღარ ვარ!
- წინ რატომ არასდროს არ ჯდები? - საბამ უკანა ხედვის სარკიდან გადმომხედა.
- აქ მირჩევნია, - მხრები ავიჩეჩე და შემდეგ ღიმილით სანდროს გავხედე, რომელიც აშკარად კოტეს გამო აღელვებულიყო და ხელებს ვერ აჩერებდა.
- ნუ ღელავ. - მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბამ ძრავი ააღმუვლა, სანდროს გადავჩურჩულე, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი გაიგონა თუ არა, რადგანაც გზისთვის თვალი ერთი წამითაც კი არ მოუშორებია.
- როგორც კი ჩახვალ, დამირეკე! - სანამ ესკალატორის თავში გავუჩინარდებოდით, საბას სიტყვები წამომეწია და მეც თანხმობის ნიშნად ღიმილით დავუქნიე ხელი.
- მე არც კი შემიმჩნია! - ხელები გულ-მკერდთან გადაიჯვარედინა სანდრომ, - შენი აზრით, ჩემზე ისევ გაბრაზებულია? - მკითხა, როდესაც კარებთან მდგომ ახალგაზრდა, მომხიბვლელ გოგოს აწ უკვე ბეჭედ დარტყმული ბილეთი გავუწოდე.
- მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ! - ბილეთის ხელახალი გადამოწმების შემდეგ გოგონამ ღიმილით გამოგვისხნა კარი და შიგნით შეგვიშვა.
- გაბრაზებული რატომ უნდა იყოს? - მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება, როდესაც კუთვნილი ადგილი დავიკავე და კითხვა კითხვითვე შევუბრუნე.
- არ ვიცი, - საბას იგნორს ვერ ეგუებოდა, თუმცა როგორც ვხედავდი, თვითონაც არ იცოდა ეს რამ გამოიწვია, ამიტომ უბრალოდ მეც დავაიგნორე და წამებში ჩემს გვერდით მჯდომი სანდროს სახე უცნობმა მგზავრმა ჩაანაცვლა.
- მის, რამის თქმა გსურთ? - მორიდებით მკითხა ახალგაზრდა ბიჭმა. როგორც ჩანს რამდენიმე წამით თვალისდაუხამხამებლად ვაშტერდებოდი.
- არა. უკაცრავად. - მოვუბოდიშე, თავი ფანჯრისკენ მივაბრუნე და თვალები დავხუჭე.
როგორც კი გავახელდი, დანიშნულების ადგილას ვიქნებოდი.
ქუჩაში ნახევრად მძინარე მივაბიჯებდი და თან დარწმუნებული არ ვიყავი, სწორად მახსოვდა თუ არა კოტეს მისამართი. სანდრო, რომელიც რატომღაც თვირთმფრინავის აფრენის წამიდან სადღაც გაქრა, თვალებდახუჭულადაც კი მიაგნებდა მის სახლს. შეიძლება უკვე მივიდა კიდევაც და იმედი მქონდა მხოლოდ შორიდან ყურებით შემოიფარგლებოდა და სახლში არ შეუვარდებოდა.
საქართველოსგან განსხვავებით, ლონდონში იმდენად ციოდა, რომ არა გაზაფხულის მიწურული, ვიფიქრებდი, ყინავს-მეთქი. ნიას კი მადლობას ვუხდიდი იმის გამო, რომ საზურგე ჩანთაში თბილი მოსაცმელი ძალით ჩამადებინა. მისი წყალობით სიცივისაგან არ ვითოშებოდი.
ზოგჯერ საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ნიაზე მე უნდა მეზრუნა და არა მას - ჩემზე. ამის ნაცვლად კი ახლაც სახლში სრულიად მარტო დავტოვე. მართალია, ვიცოდი საბა ყურადღებას მიაქცევდა, მაგრამ მაინც ვღელავდი.
ის იყო, ჯიბიდან ტელეფონი უნდა ამომეტანა და ნიასთვისა და საბასთვის მემცნობებინა ჩვენი მშვიდობიანად ჩასვლის ამბავი, ჯერ შორიდან, შემდეგ კი ძალიან ახლოდან ნაცნობი ხმა რომ მომესმა:
- ტობენ, შიგნით შესვლის დროა.
თავი სწრაფად ავწიე და ჯიბისკენ წაღებული ხელიც მაშინათვე გამიშეშდა.
კონსტანტინე არღვლიანი, ადამიანი, რომელიც საუკუნეებია არ მინახავს, სახლის კარებთან დამდგარიყო და მინდორში მოთამაშე შავ პუდელს ღიმილით შიგნით უხმობდა.
ფიზიკურად შეცვლილი ჩანდა. სიმაღლეში კიდევ გაზრდილიყო. კუნთებიც გამაგრებოდა და იმაზე მამაკაცური იყო, ვიდრე ადრე. ერთადერთი ის ყურებამდე გაწელილი ღიმილი არ შეცვლოდა, რომლითაც მის პატარა მეგობარს შესცქეროდა.
არ უნდა ჩამოვსულიყავი. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ან რასთან, მაგრამ ის ახლა ბედნიერია. არ უნდა მომესმინა სანდროსთვის. საკუთარ ნაბიჯს ვნანობდი და მინდოდა შეუმჩნევლად გავბრუნებულიყავი უკან, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მისი სახლის ეზოსთან საკმაოდ ახლოს ვიდექი და ჩემი შემჩნევა უკვე მოესწრო. კონსტანტინე წამით გაშტერებული მიყურებდა. მისი უზარმაზარი თვალებით წინ გადაშლილ ხედს ვერ უჯერებდა. რა თქმა უნდა, ჩემს აქ ჩამოსვლაზე მეტად იმას უფრო მოელოდა, უცხოპლანეტელებს მის კარზე დაეკაკუნებინათ და ღამის გასათევი რომ ეთხოვათ.
- შემოდი, რას უცდი! სულ გაიყინები!
კოტეს სახლი იმაზე მყუდრო იყო, ვიდრე წარმომედგინა. საშუალო ზომის მისაღები ოთახი, კუთხეში ბუხარი, დივანი და პატარა ტელევიზორი - ზუსტად ასეთ გარემოზე ოცნებობდა ადრე და რატომღაც არ მეგონა ამას რეალობად თუ აქცევდა.
- ჩაი თუ ცხელი შოკოლადი? - სამზარეულოდან გამოყო თავი და მკითხა.
- ჩაი.
- როგორც ყოველთვის, ორი კოვზი შაქრით?
- როგორც ყოველთვის, ორი კოვზი შაქრით. - თავი დავუკარი და როდესაც კარებში გაუჩინარდა, გამეღიმა, დეტალები ისევ ახსოვდა.
წამებში სინდისის ქენჯნამ ყელში კვლავ მომიჭირა და სუნთქვა გამირთულდა.
აქ არ უნდა ვიყო, - გავიფიქრე და მთელი გულით მომინდა უკანმოუხედავად გავქეცულიყავი.
კოტე მარტო დამეტოვებინა და მიმეცა უფლება მშვიდი ცხოვრება უჩვენოდ გაეგრძელებინა.
სანდრომ აქ მომათრია და თვითონ სადღაც გაუჩინარდა, ის იდიოტი, დავიჭერ და თმებს ღერა-ღერად დავაცლი!
- ჩაიც მზად არის! - სანამ კიდევ რამე სისულელეს ჩავიდენდი, ამასობაში მასპინძელი უკან დაბრუნდა. ჩემთვის ჩაი მოემზადებინა, თავისთვის კი ცხელი შოკოლადი.
გამომიწოდა და სანამ გამოვართმევდი, გამაფრთხილა, ცხელია და არ დაიწვაო, შემდეგ კი დივანზე ჩამოჯდა, ცალი ფეხი მოკეცა და ცხელი შოკოლადიც მოსვა.
მზერას ვერ ვწყვეტდი. სინდისის ქენჯნა ამჯერად მის მარწუხებს კისერში აღარ მიჭერდა, მაგრამ აშკარა იყო, ჩემს დატოვებასაც არ აპირებდა და გვერდს მიმშვენებდა.
ვუყურედი კონსტანტინეს და თანდათან ვიაზრებდი, გასული წლები თითოეულ მიმიკაზე შეტყობოდა. მიუხედავად ჩვეული ღიმილისა, მაინც შემჩნეოდა წლები და მათთან ერთად დაღვრილი ცრემლები.
შემეშინდა. თავს ისე დაუცველად ვგრძნობდი, როგორც არასდროს. მისი კი არ მეშინოდა, არამედ საკუთარი თავის. თვითონაც არ ვიცოდი რისი გამკეთებელი ვიყავი.
ის ჭინკა სანდრო კი... გეფიცებით.. გეფიცებით!..
- გაგიცივდება, - გულდაწყვეტით მაშინა ჩაიზე.
მართალი იყო, სიმხურვალე თანდათან ქრებოდა და მალე გაცივდებოდა.
არ მინდოდა მეწყენინებინა და უზარმაზარი ფინჯარი მაშინათვე გამოვცალე. თითქოს და შეჯიბრებაში ვიღებდი მონაწილეობას და აუცილებლად უნდა გამემარჯვა.
- ღმერთო, ლი, მგონი ჯერაც ცხელი იყო. გაგიჟდი?! - დამტუქსა და თან გაეცინა ჩემ ამ უეცარ საქციელზე.
ლი?
ადრე ხშირად მეძახდა ასე, მაგრამ მის ბაგეებს წლებია ჩემი სახელის ეს ფორმა არ მოსწყდომია. მეუცნაურა, თუმცა ამავდროულად მესიამოვნა და პატარა ბავშვივით გავიტრუნე.
- ხომ არ დაიწვი? - ჯერ კიდევ თავზე მედგა და ჩემზე ღელავდა.
- თბილი იყო. კარგად ვარ.
ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებდი და თუ წამების წინ აქედან გაქცევა მინდოდა, ახლა უკვე არ დარჩენის მეტი არაფერი მინდოდა და კოტე თუ არ გამაგდებდა, წასვლას არც ვაპირებდი.
ჩემი სინდისიც სადღაც გამქრალიყო და თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი.
***
- მაპატიე, არ გელოდი, ამიტომ სტუმრების ოთახი მზად არ მაქვს, - კიბის ბოლო საფეხურზე აღელვებულმა გადმოდგა ნაბიჯი და ამის შემხედვარემ, რამდენად სულელურიც არ უნდა ყოფილიყო, გავიფიქრე: იმედია ამ კიბის საფეხურები მაინც არის ლუწი-მეთქი.
- დივანზეც მშვენივრად მოვკალათდები. - ღიმილით ვანიშნე, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა.
მართლა არ მჭირდებოდა არანაირი ოთახი. რომ მიმიღო ამისთვისაც ძალიან მადლიერი ვიყავი და მართლაც დიდი სიამოვნებით გავწვებოდი დივანზე. თანაც კომფორტული ჩანდა.
- თუ ხვალაც დარჩები, გპირდები, ოთახის დალაგებას დილიდანვე დავიწყებ. - დამაიმედებლად, ბავშვური ღიმილით დამპირდა და თავი რომ არ შემეკავებინა, მის უაზრო აღელვებაზე ავხითხითდებოდი.
- ტკბილი ძილი, ამელია. - სანამ საკუთარ ოთახში გავიდოდა, ჩემთან შუქი ჩააქრო და წამით შიშით გამაჟრჟოლა, სრული სიბნელე იყო. სიბნელის შიში კი ერთადერთი ფობია იყო, რომელიც წლებია მაწუხებს, თუმცა კოტესი მომერიდა და ყველანაირად ვცადე დამეძლია. არ მინდოდა გაეგო ჩემი შიშის შესახებ და პირველივე ღამეც ჩემზე ნერვიულობაში გაეტარებინა.
- რატომ არ უთხარი რომ გეშინია? - სრულიად მოულოდნელად ყურში ვიღაცამ, უფრო სწორად, სანდრომ ჩამჩურჩულა და მეც ადგილზე შევხტი.
მოვასწარი ხელი პირზე ამეფარებინა და შიშით გამოწვეული ხმები ისე ჩამეხშო, კოტემდე რომ არ მისულიყო.
- მეზიზღები, - აკანკალებული სუნთქვა ამოვუშვი და სმენად ვიქეცი, მისი სხეულის ადგილმდებარეობა ჩემთვის კვლავაც გაურკვეველი რომ დარჩა. - მაშინ სად გაქრი და ახლა აქ რა ჯანდაბას აკეთებ? გინდა დაგინახოს?
- ლი, შენც კარგად იცი, რომ...
- არ დაასრულო! არ დაასრულო, თორმე გეფიცები, ისედაც რამდენიმე სახის გრძნობა ერთბაშად მიტრიალებს და თუ ამომასხა, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
ვიგრძენი, საბოლოოდ სანდრო ჩემს წინ გაჩერდა, თუმცა მე კვლავაც ვერ ვხედავდი. იგივე გრძნობა კვლავაც განმეორდა, უკან, ჩემს მარჯვნივ და მარცხნივაც. თითქოს და რამდენიმე სანდრო ირგვლივ შემომეხვია და გასაქანს არ მაძლევდა. რა თქმა უნდა, რეალური სანდრო წინ მედგა, დანარჩენები კი ჩემი წარმოსახვის ნაყოფები იყვნენ, რომლებიც აუცილებლად დამტოვებდნენ, თუ შუქის ჩამრთველ ღილაკამდე მივიდოდი და არემარეს გავანათებდი. სინამდვილეში, კოტემ როდესაც ჩააქრო, არც დავკვირვებივარ საით იყო. ტელეფონს დავწვდი და ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა, მანამ მაინც, სანამ ფანარს ავანთებდი.
- ღრმად ისუნთქე, ლი, - შემახსენა სანდრომ და თუ აქამდე ნერვებს მიშლიდა, ახლა მისი მადლიერი ვიყავი, იმიტომ, რომ შევნიშნე სუნთქვა საოცრად წარმოუდგენელ გმინვაში გადამსვლოდა.
- ჯანდაბა! ოთხი პროცენტია. ფანარს ვერ ავანთებ.
საბოლოოდ შემიპყრო შიშმა და იმ წამს ვიფიქრე, ჩემივე წარმოსახვის ნაყოფი გამომშიგნავს და სადმე არწივების საჯიჯგნად მიმაგდებს-მეთქი.
- გაფიცებ, ასეთებზე როგორ ფიქრობ ხოლმე, - დამცინა სანდრომ და ხელი ავიქნიე, მინდოდა მუჯლუგუნი მეკრა, მაგრამ ამაოდ. ძალიან სწრაფად გადაინაცვლა სხვა ადგილას. ჩემგან განსხვავებით მშვენივრად იხედებოდა თვალებში.
მიუხედავად ხუთი პროცენტისა, Brightness-ს ბოლომდე ავუწიე და ტელეფონი სანამ გამოირთვებოდა, გზას ამით ვიკვლევდი, ოღონდ არც კი ვიცი საითკენ.
- რას აკეთებ? - შეშინებულმა ადგილზე შევდექი, მისი ჩურჩული რომ მომესმა, თითქოს და ვიღაც ისეთს ელაპარაკებოდა, ვისი აქ ყოფნაც ჩემთვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო.
- რას ვაკეთებ? - შეიცხადა და ცივი ჰაერით მივხვდი, მომიახლოვდა.
- ჩვენს გარდა აქ ვინმე არის?
- კი. შენი წარმოსახვითი "მეგობრები" - ჩაიხითხითა.
- ალექსანდრე! - ვეცადე რაც შეიძლება ხმადაბლა დამეყვირა ჩემი ნერვების ჭიისთვის.
კოტეს გაღვიძება ახლა ყველაზე ნაკლებად მსურდა.
- კარგი, კარგი, - დანებდა და მართალია, ვერ ვხედავდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ამის ნიშნად ხელები ჰაერში ასწია და თან ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. - იქნებ უბრალოდ დავუძახოთ?
თავი უარყოფის ნიშნად სწრაფად გავაქნიე.
- იცოდე, შენ თუ არ იზამ, მე დავუძახებ, - თქვა და მგონი დასაძახებლად მოემზადა კიდევაც.
- კოტე! - ხმამაც არ დააყოვნა და დასადგურებული სიჩუმე ძალიან უხეშად გააპო.
საბედნიეროდ ეს ჩემი ხმა იყო, რომელსაც ეშინოდა დაეგვიანებინა და მის ნაცვლად სანდროს დაეძახა.
მახსოვდა, კოტეს ფხიზელი ძილი სჩვეოდა, მაგრამ მის ასეთ უეცარ რეაგირებასაც არ ველოდი. თითქოს ერთ-ერთ კედელს მიყრდნობოდა და სწორედ ჩემს დაძახებას ელოდაო.
მაშინვე აინთო ოთახში შუქი და იატაკზე ჩაკეცილს რომ წამაწყდა, ისედაც დიდი თვალები, მეტად გაუფართოვდა.
- ლი, - ხელები ფეხებქვეშ ამომდო და საცოდავ პოზაში მყოფმმა მისი წყალობით მაშინათვე იატაკიდან დივანზე გადავინაცვლე.
მიმოვიხედე. სანდრო აღარ ჩანდა.
- რა მოგივიდა? - აღელვებული ხმა ჰქონდა. მე კი პასუხს ვერ ვცემდი და მიუხედავად იმისა, შუქის ხილვის შემდეგ შიშიც მაშინათვე გამიქრა, რატომღაც ჯერაც ვერ მოვდიოდი გონს.
იქნებ ვერ დამესწრო და მართლა სანდროს დაეძახა... მერე რა მოხდებოდა?
- ჯანდაბა, ლი, - გაგიჟებით ჩამჭიდა მისი თითები ნიკაპზე და იძულებული გამხადა მზერა გამესწორებინა. - სიბნელის შიში თუ გქონდა ვერ მითხარი?!
ძალიან, ძალიან ბრაზობდა, მე კი ადრე მზერას თუ ვარიდებდი, ახლა ვეღარ ვაშორებდი.
საბედნიეროდ პიჟამა მეცვა და შესაბამისად მის წინაშე უხერხულობის გრძნობა არ დამუფლებია.
- ან მეც მაშინათვე გამომრთველს რომ დავწვდი, იქნებ მეკითხა გინდოდა თუ არა.
წამოდგა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა, საკუთარ თავზე ბრაზობდა.
ყოველთვის ასეთი ემოციური და ბრაზიანი იყო. ისევ ძველი კონსტანტინეა და ამის გამო ახლა თუ გავიღიმებ, გიჟად ჩამთვლის, ხომ?
- კარგად ვარ. - ზედმეტი ფიქრებისაგან გონება გავიწმინდე, წამოვდექი და ხელი მხარზე დავადე. - ნუ ღელავ, საიდან უნდა გცოდნოდა. თან ვგონებ, შუქის ჩაქრობა უკვე ინსტიქტად გექცა. სიბნელე მე თუ მაშინებს და არ მიყვარს, შენ პირიქით, ამიტომ გთხოვ, მოეშვი საკუთარი თავის დადანაშაულებას.
მხარზე შეხება რომ იგრძნო, ჩემკენ მობრუნდა და წამით გაშეშებულ მდომარეობაში თვალებში ჩამაჩერდა. აშკარად რაღაცის გაგებას ცდილობდა.
მეც ერთხანს უხმოდ ვიდექი და ვაძლევდი იმის უფლებას, რაც უნდოდა ის ამოეკითხა. თუ რა თქმა უნდა, მოახერხებდა. იქნებ მოეხერხებინა კიდევაც.
- წამოდი, დავწვეთ. - უეცრად ხელი მაჯაში ჩამავლო და ჩემთვის უცნობი მიმართულებით წამიყვანა.
- კოტე,
მინდოდა მეთქვა, რომ დივანზეც კარგად ვიქნებოდი, ოღონდ ამჯერად შუქი არ ჩაექრო, მაგრამ არ მომისმინა და სავარაუდოდ მის საძინებელში შემიყვანა.
- საკმაოდ დიდი საწოლია. აირჩიე რომელ მხარეს გირჩევნია წოლა. და მე მის საპირისპირო მხარეს დავწვები. ჩვენ შორისაც საკმაოდ დიდი სივრცე იქნება, ნუ გეშინია, ლი.
ერთ პროცენტამდე დასულ ტელეფონს დავხედე. ღამის სამი საათი იწურებოდა და მე ძილს ვერ ვახერხებდი. კოტესგან მარჯვნივ და ზურგით ვიწექი. ადამიანისგან, რომელთანაც ადრე ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. ადრე ყველაფერი ძალიან სხვანაირად იყო. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მხოლოდ მე, სანდრო და საბა არ ვიყავით, სხვებიც იყვნენ. ნეტავ დანარჩენები სად არიან?
მთელი ამ ხნის მანძილზე კოტე მენატრებოდა და ეს დღეს გავაანალიზე. მაშინ, როდესაც ცხელი ჩაის გამო ჩემზე ანერვიულდა. მენატრებოდა მისი თითოეული მიმოხრა, მისი ხმის ტემბრი და უბრალოდ კონსტანტინე.
ვგრძნობდი რომ მასაც არ ეძინა, მაგრამ მერიდებოდა. მინდოდა მისკენ მივბრუნებულიყავი და ჩვენ შორისაც მანძილი შემემცირებინა. მისი ჩახუტებაც მენატრებოდა და ეს ჟინი ვერა და ვერ უკუვაგდე.
ხუთი წლით უკან რომ ვყოფილიყავით, დაუფიქრებლად მივუცუცქდებოდი, ხელებს მხრებზე შემოვხვევდი და თავს გულ-მკერდზე დავადებდი. ამას ხომ ისედაც ხშირად ვაკეთებდი, მაგრამ არ შემეძლო.
- კოტე, - ჩემდა მოულოდნელად მისი სახელის შემოკლებული ვერსია დღეს მერამდენედ დამცდა.
დავუძახე, მაგრამ მისკენ არ გამიხედავს.
- ხო, - პასუხიც მაშინათვე გამცა.
ფხიზელი ხმა ჰქონდა და დავრწმუნდი, აქამდე მასაც არ სძინებია.
ნეტავ ისიც ჩემსავით ხუთი წლის წინანდელ ცხოვრებაზე ფიქრობდა?
- არაფერი. ბოდიში.
მაინც ვერ გავბედე მასთან მიახლოება მეთხოვა.
საბანი თავზე დავიფარე, ძილი აუცილებლად უნდა მეცადა, თორემ მთელი ღამით ფიქრი არ შემეძლო.
- მოდი, ლი. - მისი ხმა მტკიცე იყო.
გაკვირვებულმა მაშინათვე გავხედე.
საბედნიეროდ, გადაწეული ფარდის წყალობით მთელ ოთახს მთვარის შუქი ანათებდა და მეც მის სახეს გარკვევით ვხედავდი.
- რა?
- ვიცი როგორც გიყვარს ძილი, - ჩაეცინა, - ყოყმანი არ უნდა გიწევდეს. მე ისევ მე ვარ.
დამაჯერებლად მითხრა, მაგრამ ადგილიდან მაინც ვერ ვიძროდი.
- გთხოვ, ლი. ეს მეც ისევე მჭირდება, როგორც შენ. - ბოლოში ხმა ჩაუწყდა და თავი კვლავ დამნაშავედ ვიგრძენი.
როდემდე, ამელია?!
მეტის თხოვნა არ დასჭირვებია. მაშინათვე მივჩოჩდი. როგორც კი მივუახლოვდი, მისი გიგანტი ხელები წელზე მომხვია და მთელი ძალით ჩამიხუტა.
მასში სრულიად ჩავიკარგე.
თვალები ამიცრემლიანდა. ვერც კი მივხვდი, მის გარეშე როგორ გავძელი ეს წლები. ისე ძალიან მენატრებოდა.
თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავტირდი. როგორ მინდოდა ახლა და აქ არ ავტირებულიყავი, მაგრამ აშკარად ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს.
- ჩშშ, ლი. მშვიდად. - თმაზე მეფერებოდა და ჩურჩულით ღიღინებდა.
- ძალიან მომენატრეთ. - ძლივს დავილაპარაკე და მაშინ დავრწმუნდი რომ გაიგო, როდესაც ხელები მხრებზე დამადო და მისგან ოდნავ გამწია, რათა თვალებში ჩაეხედა.
- მოგენატრეთ? ამელია, არ მითხრა რომ ამას ჯერაც ვერ შეეგუე.
- შევეგუე, კოტე. მაპატიე, თავი ვერ შევიკავე. - პიჟამის სახელურით თვალები შევიმშრალე და ზურგი ვაქციე, არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ეყურებინა. მანაც არ დააყოვნა, ხელები მომხვია და ამჯერად ზურგით მიმიხუტა.
ეს ღამე ერთადერთი იყო მთელი ხუთი წლის მანძილზე, ნორმალურად რომ დამეძინა.
***
- კარგი რაა. როდესაც სხვა რაღაცით იყავი გართული, სწორედ მაშინ მოვიგე. დაუჯერებელი რა არის? - დავიყვირე.
თამაშში მარცხს არანაირად არ ვაღიარებდი და ყველანაირად ვცდილობდი დამემტკიცებინა, მაშინ, როდესაც წამით ფანჯრისკენ გაიხედა, ზუსტად იმ დროს მოვუგე.
თუმცა არ მომიგია. უბრალოდ, ზედიზედ მეშვიდედ წაგება სრული სირცხვილია!
- მატყუარა ნუ ხარ! - საჩვენებელი თითი ჰაერში აიქნია. - ცხოვრებაში არასდროს არ მოგიგია და დავიჯერო, რომ ახლა მოიგე?
მართალია, ცხოვრებაში არასდროს არ მომიგია. არც თამაშში და არც რეალურად. ვგულისხმობ, მუდმივად დამარცხებული ვრჩებოდი.
- ჯანდაბა, კარგი! - ამოვიგმინე და დანებებულმა დივანზე მივესვენე.
ზედმეტად კარგად მიცნობდა.
წუხელ მშვიდად მეძინა. მასთან ერთად. მეორე დღეც მხიარულად დაიწყო. ისევ და ისევ მასთან ერთად.
ეს ის არის, რაც ადამიანებს გვჭირდება? მეგობარი ან მეგობრები. სანდრო ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ ის მოულოდნელად მტოვებდა ხოლმე. ისე რომ ვერაფრის თქმას ვერ ვასწრებდი. და შემდეგ ზუსტად ისევე მოულოდნელად ჩნდებოდა და ისე იქცეოდა, თითქოს და არაფერი მომხდარიყო.
- მიბრაზდები? - მკითხა კოტემ და გაკვირვებულმა გავხედე.
რა სისულელეა!
- არა, რა თქმა უნდა. ასე რატომ იფიქრე?
- შენ უბრალოდ... რამდენიმე წუთით ხმას არ მცემდი.
- ჩავფიქრდი. სულელური თამაშის გამო რატომ უნდა გაგიბრაზდე! - ხუმრობით გავკარი მხარი და მანაც შვებით ამოისუნთქა.
ვუყურებდი და გასულ წლებს ყოველ წამს ვნანობდი.
რა იქნებოდა ჩვენი ხუთწლიანი შუალედი სადღაც გამქრალიყო და იქიდან გაგვეგრძელებინა ყველაფერი, სადაც შევჩერდით?
ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, დროს ფუჭად არ უნდა ვკარგავდეთ.
- შენთვის ოთახს მოვამზადებ, მაგრამ თუ გირჩევნია, ხომ გახსოვს, ჩემი საწოლი უზარმაზარია და ორივე მშვენივრად დავეტევით.
ყურებამდე ღიმილით მითხრა და არ ვიცი იმ წამს რატომ, მაგრამ თავი სრულიად ცარიელად ვიგრძენი.
რატომ ვარ ჯერ კიდევ აქ?
როდესაც დიდი ხნით შევყოვნდი, სევდიანად მკითხა:
- დარჩენას არ აპირებ?
სევდიანი? არ უნდოდა ჩემი წასვლა? ხო, მასაც ისევე ვაკლდი, როგორც მე.
- რა იყო, მაგდებ? - სიცილით გავაქნიე თავი. უაზრო ფიქრების მოშორება მინდოდა. - ცალკე დავწვები, თუ შეიძლება.
კოტემ ერთხელ შემომიბღვირა, შემდეგ კი მეორე სართულზე ამავალ კიბეებზე გაუჩინარდა.
ღამის ათი საათი იყო. კოტეს მიერ გამოყოფილი ოთახის საწოლზე ვიწექი და ჭერს უაზროდ მივჩერებოდი.
ერთი მხიარული დღის მერე დასვენება მჭირდებოდა. კოტესთან ძალიან კარგად გავერთე, რაც წლებია არ გამიკეთებია და ბუნებრივი იყო, დამღალა.
უეცრად ნია გამახსენდა. ტელეფონი ამოვიტანე, დამტენზე შევაერთე და როგორც კი ჩაირთო, მისგან უამრავი გამოგოვებული ზარი დამხვდა.
ნომერი ავკრიფე.
- სად ჯანდაბაში იყავი?! - ზარი როგორც კი გავიდა, გაბრაზებულმა ჩამძახა და მის რეაქციაზე გამეცინა. - ერთხელ დარეკვას და "კარგად ვარ ნია, არ ინერვიულოს" თქმას რა უნდოდა?! საბაც იცი როგორ ნერვიულობდა?
- ბოდიში, მართალი ხარ.
- კარგი, არა უშავს. იმედია კარგად ხარ. - მოლბა მაშინათვე.
- კი, კარგად ვარ. საბას ხომ უჯერებ?
- ღმერთო, ამელია, პატარა არ ვარ და ასე ნუ მელაპარაკები.
- ნია, დაუჯერე იცოდე! - მის წუწუნს ყურადღება არ მივაქციე, - ახლა კი უნდა წავიდე. ღამე მშვიდობის. - სანამ კიდევ რამის გაპროტესტებას მოასწრებდა, გავუთიშე და ტელეფონიც იქვე მივაგდე.
- ნია პატარა მართლაც აღარ არის.
ჩემი საუკეთესო მეგობარი კვლავ არ წყვეტდა მოულოდნელ გამოჩენას.
პასუხი არ გავეცი და მისგან ზურგით შევბრუნდი.
ემოციურად დაღლილი ვიყავი და სანდროსთან საუბრის თავი არ მქონდა.
- დღეს კოტე ვნახე.
გეგმად მისი დაიგნორება მქონდა, თუმცა როგორც კი ეს მითხრა, დაფეთებული ზეზე წამოვვარდი და თვალი თვალში გავუყარე.
- რა თქვი?!
შეძრწუნებული ვიყავი. მან ხომ მითხრა ამას არ გააკეთებდა?!
- დამშვიდდი. არ დავუნახივარ. როდესაც თამაშობდით, ფანჯრიდან გიყურებდით.
წესით უნდა დავემშვიდებინე, მაგრამ მის ნათქვამზე უეცრად თავში დამკრა რაღაცამ და გამახსებდა კოტე ფანჯრისკენ რომ იხედებოდა. სწორედ მაშინ იყო მისი უყურადღებლობით რომ ვისარგებლე და მოვატყუე, მოვიგე-მეთქი.
- სულ გაგიჟდი, ხო? - დავუყვირე. - მან ფანჯრისკენ გაიხედა.
- დამშვიდდი-მეთქი. გამოიხედა, მაგრამ ვერ დამინახა. - თვალები აატრიალა სანდრომ.
ღმერთო, ისე მენატრებოდა ძველი სანდრო.
- და იცი ლი, დავრწმუნდი რომ ბედნიერია. ჩვენს გარეშეც ბედნიერი იყო. მართალია, აქ არ უნდა ჩამოვსულიყავით. - ჩაფიქრებულმა დაასკვნა.
- ჯობს წავიდეთ. ვიცი, ისევე როგორც მე, შენც არ გინდა ცხოვრება ხელახლა დაენგრეს.
- რამდენიმე დღეც და ისედაც ვაპირებ წასვლას, სანდრო. მხოლოდ რამდენიმე დღე. - მოწყენით ჩავილაპარაკე.
- არა. ახლავე უნდა წავიდეთ.
საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილ სანდროს თვალები აუციმციმდა. გაკვირვებულმა გავხედე, ახლავე?
- ახლავე ვერ წავალთ. ჯერ ბილეთიც კი არ ამიღია. - დაბნეული ღიმილით ავუხსენი სიტუაცია და მეგონა შემეშვებოდა, თუმცა არა, ღიმილი მეტად გაუფართოვდა და თითქოს ჩემს ამ პასუხს ელოდა კიდევაცო.
- ბილეთი არ გვჭირდება. მე მხოლოდ შენი სურვილი და თანხმობა მჭირდება. ამას ახლავე ვიზამ თუ ამყვები.
- რას გულისხმობ? რაღაც ტელეპორტაციის მაგვარი ნიჭი გაქვს? - გახუმრება ვცადე და არ გამომივიდა, იმიტომ რომ რეალურად ვიცოდი საუბარი ამ მხრივ სულაც არ მიჰყავდა და მის მიღმა რაღაც სერიოზული იმალებოდა.
- ლი, არ გახსოვს რას დამპირდი? - როდესაც მიხვდა გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი, მოიწყინა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
რას დავპირდი? არაფერი მახსოვს.
- გული მატკინე, - ხელი გულზე თეატრალურად მიიდო.
ამ ჟესტზე გამახსენდა მისი მსახიობური ნიჭის წყალობით ადრე როგორც მატყუებდა ხოლმე. თავს გულნატკენად მომაჩვენებდა და ჩემს ნამუსზე აგდებას ცდილობდა. იქნებ ახლაც იგივეს აკეთებდა, რადგანაც რეალურად არანაირი პირობა არ მახსენდებოდა.
- "გპირდები, თუ შენ რამე დაგემართება, მეც ზუსტად იგივეს გავაკეთებ და არ დაგტოვებ, სიცოცხლის ფასადაც კი" - მიპასუხა და შეშინებულმა მაშინათვე კედელს ავეკარი.
გამახსენდა. ის ჩემი სიტყვების ციტირებას ახდენდა. მე ნამდვილად დავპირდი.
- რა ჯანდაბას აკეთებ, ის მაინც იცი? - გაბრაზებულმა მკითხა და ხელები გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა.
- კარგი რა, სანდრო, უბრალოდ ვცადოთ. სახალისო იქნება.
- რომ გამოგვიჭირონ, მოგვკლავენ, ხომ იცი, არა? ან უარესი, რამდენიმე წლით ციხეში გვიკრავენ თავს.
ვერ მივხვდი, მისთვის ციხეში ჩაჯდომა სიკვდილზე უარესი რატომ იყო, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე. უკან დახევას არ ვაპირებდი. მინდოდა ის ადრენალინი შემეგრძნო, რომელსაც სხვის სახლში დაუკითხავად შეპარვისას განვიცდიდი. ხელს არაფერს ვახლებდით, უბრალოდ შევიდოდით და მალევე უკან გამოვბრუნდებოდით. რაღაც აკრძალულის გაკეთება ხომ ჩვენში უსაზღვრო ადრენალინს იწვევს. მინდოდა მისი დაბადების დღე იდეალური ყოფილიყო, თან სრულწლოვანი გახდა და რამე დასამახსოვრებელი ხომ უნდა გაეკეთებინა?
- ჯანდაბა, კარგი! მაგრამ ლი, - როდესაც მიხვდა უკან დახევას არ ვაპირებდი, მკლავში მწვდა და წინ დამიყენა. ვიცოდი რაღაც დამრიგებლურს მეტყოდა და იმ წამს ისე მეზარებოდა მისი მოსმენა, მაგრამ თავი შევიკავე და გავჩერდი, - თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, და დამიჯერე, შესაძლებელია მოხდეს კიდევაც. თუ რამე მოხდება, უნდა გაიქცე, კარგი?
- კარგი სანდრო, ახლა კი შევიდეთ.
- არა , უნდა დამპირდე. ვიცი რომ ამ სიტყვებს ჰაერზე ისვრი და თუ დამპირდები, ამის გაკეთება აუცილებლად მოგიწევს. პირობას არ ტეხენ, ლი.
ღრმად ჩავისუნთქე.
- გპირდები, თუ შენ რამე დაგემართება, მეც ზუსტად იგივეს გავაკეთებ და არ დაგტოვებ, სიცოცხლის ფასადაც კი. - ის არ იყო, რასაც ელოდა.
და მაინც, რას ელოდა? ეგონა თუ რამე მოუვიდოდა, ლაჩარივით გავიქცეოდი და მივატოვებდი?
ეს დიალოგი ისე ამომიტივტივდა გონებაში, თითქოს და გუშინ მომხდარიყო. ყველაფერი დაწვრილებით მახსოვდა. ისიც კი, როგორი თავდაჯერებული ვიყავი.
ნეტავ ჩემთვის არ დაეჯერებინა და თუნდაც გავეკოჭე, ოღონდაც იმ სახლში შესვლის უფლება არ მიეცა.
- გაგახსენდა, ხომ? - მკითხა და როდესაც თავი დავუქნიე, კმაყოფილს გაეღიმა.
- ლი, პირობას არ ტეხენ, ხომ იცი, არა?
პირობა არ გამიტეხავს. მე ის არ დამიტოვებია. მინდოდა გადამერჩინა, მაგრამ ყველაფერი უეცრად მოხდა. მე არ გავქცეულვარ.
- შეგიძლია მოკლედ მითხრა რის თქმასაც ცდილობ? - ვკითხე და ვიგრძენი თანდათან პანიკა როგორ მიტანდა. თავის მარწუხებში მიქცევდა და მაიძულებდა მეფიქრა ისეთ რაღაცებზე, რაც შეუძლებელი იყო. სანდრო ამაზე არასდროს არ წავიდოდა. სანდრო არ იყო ის ადამიანი, რომელსაც ეს ენდომებოდა. თუმცა, ის ადამიანი აღარ იყო და ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ მისი სხვა კონტექსტში მოხსენიება არ შემეძლო.
- ვიცი, არ გინდოდა, მაგრამ შენ როგორღაც გადარჩი და პირობაც გატეხე. ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყავი და არ დაგეტოვებინე. ამიტომაც ვარ ახლა აქ, ადამიანების სამყაროში გაჭედილი და ვერ მივდივარ. შენ პირობა გატეხე, - ღვარძლიანად ჩაილაპარაკა.
ჩემს თვალწინ სულ სხვა ვინმე იდგა. ეს არ იყო ის ალექსანდრე ქალდანი, რომელსაც ადრე ვიცნობდი და მიყვარდა. - მაგრამ არ იდარდო, - გამომეტყველება მაშინათვე შეენაცვლა. თბილი და სასიამოვნო გაუხდა.
გული გიჟივით მიცემდა. განსხვავებულად იქცეოდა და აქედან გაქცევას მანდომებდა.
- შეგიძლია შენი დანაშაული გამოისყიდო. ჯერ კიდევ შეგიძლია პირობა შეასრულო და გამომყვე. - ხელი გამომიწოდა და როცა გაოგნებულმა დავხედე მის ხელს, შემდეგ კი მის სახეს, რომელზეც აშკარა იმედი გამოსსახვოდა, თავით მანიშნა, ჩამკიდე, ნუ გეშინიაო.
მეგონა ენა ჩამივარდა და ხმის ამოღებას ვერ შევძლებდი, მაგრამ მის გასაგონად მაინც ამოვიჩურჩულე:
- გინდა, რომ მეც მოვკვდე?

***
მას შემდეგ, რაც ჩემს კითხვაზე "გინდა, რომ მეც მოვკვდე?" დადებითი პასუხი თავის მარტივი დაქნევით გამცა, ოთახი საგრძნობლად დაპატარავდა და სუნთქვა გამიძნელდა.
ჩემს წინ ხუთი წლის წინ გარდაცვლილი ალექსანდრე ქალდანის აჩრდილი იდგა, რომელიც წლები არ მტოვებდა, მუდამ ჩემს გვერდით იყო და ახლა მეუბნებოდა, რომ მეც უნდა მოვმკვდარიყავი.
- ამდენი წელი ამ პირობის გამო არ მტოვებდი? - ხმის კანკალით ვკითხე და როდესაც ხელები ზურგს უკან წავიღე, საკუთარი ხელიც უკან დანანებით გასწია.
- ვერ გტოვებდი. - შემისწორა.
რა მნიშვნელობა აქვს "ვერ" თუ "არ"? ყველა ვარიანტში ჩემი თან წაყვანა უნდა. სიკვდილი ერთია და არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებს.
- და ეს აქამდე რატომ არ მითხარი?
- იმიტომ, რომ აქ მხოლოდ შენ გამო არ ვყოფილვარ, - მხრების ჩეჩვით მიპასუხა და ოთახში ნელ სიარულს მოჰყვა.
დღესაც, როგორც ყოველთვის ის პერანგი ეცვა, რომელიც მის დაბადების დღეზე ვაჩუქე. რომელიც მისი სიკვდილის დღეს ეცვა და რომელიც მაშინ წითლად შეეღება.
ვიგრძენი გული როგორ შემეკუმშა. ტკივილმა ისე ცხადად დამიარა, მომინდა ავტირებულიყავი, მაგრამ ამავდროულად, როგორღაც შეგუებული ვიყავი სანდროს ლამაზი ცხოვრების დასასრულს და იმ ტრაგედიის გახსენებისას ცრემლებად აღარ ვიხრჩობოდი. ერთადერთს, მხოლოდ სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი. იმიტომ რომ ჩემ გამო ადამიანი დაიღუპა. ჩემს თავქარიანობას საუკეთესო მეგობარი შეეწირა.
- უნდა დარწმუნებულიყავი, რომ კონსტანტინე ბედნიერი იყო. შენს ძმაზე ყოველთვის ზრუნავდი. - საუბარი რომ არ გააგრძელა, მის ნაცვლად კითხვას მევე ვუპასუხე.
ღიმილით გამომხედა სანდრომ.
- ის ბედნიერია, - ამოიჩურჩულა.
თვალებში ცრემლის ნაპერწკალი გაუკრთა და ვერ მივხვდი, კოტეს ახლანდელი მდგომარეობით მართლა ბედნიერი იყო თუ იმის გამო ტიროდა, რომ ერთადერთმა ოჯახის წევრმა, ადამიანმა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, მის გარეშე გააგრძელა ცხოვრება.
- იცი, აქ მტკივა ხოლმე, - ხელი გულზე მიიდო, - არა იმიტომ, რომ აფეთქებისას ჩამსხვრეული მინის ნატეხი პირდაპირ შიგ ჩამესო. უბრალოდ, ახლა ვხვდები, სიკვდილს ციხეში ჩაჯდომა მერჩივნა ანუ სიცოცხლე მინდოდა, მე კი ასე უაზროდ დავასრულე ყველაფერი.
მისი თითოეული სიტყვა ახლა მე მესობოდა გულში სწორედ იმ ნატეხივით, რომელმაც სანდრო გამოასალმა სიცოცხლეს.
ყველაფერი ცუდად დამონტაჟებული გაზის გამო მოხდა, მაგრამ იმ დაწყევლილ სახლში მე შევიყვანე, მე ვაიძულე წავსულიყავით. ჩემი ბრალია.
ამაზე საუბარში მასთან რაც უფრო დიდი დროს ვატარებდი, მით უფრო ვგიჟდებოდი და თავიც სადაცაა გამსკდომოდა.
- მაგრამ ყველაფერს აზრი მიეცემა თუ ჩემთან ერთად წამოხვალ.
კვლავ ის იმედიანი თვალები. კვლავ ის ღიმილი.
როგორ უნდა მოვმკვდარიყავი? გამოწვდილ ხელს შევეხებოდი და მოვკვდებოდი? თუ ამაზე მე თვითონ უნდა მეზრუნა?
რა სიგიჟეა, ღმერთო!
- ს-სანდრო, არ შემიძლია. არ მინდა სიკვდილი. - ვერ ვსაუბრობდი და ჩემი პირიდან ამოსული ბგერები ზედაპირზე ნაწყვეტებად ილექებოდა.
- მაგრამ თავიდან ხომ გინდოდა. სულ ამას ნატრობდი, უბრალოდ გამბედაობა არ გყოფნიდა. - დაბნეული ჩანდა და მართალი იყო, იმ ინციდეტიდან რამდენიმე თვე სიკვდილს მართლაც ვნატრობდი და თავის მოკვლის მცდელობაც მქონდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერასდროს ვერ მიმყავდა, იმიტომ რომ ლაჩარი ვიყავი. იმიტომ, რომ მეშინოდა და ალბათ გულის სიღრმეში ჩემი ნაგავი ცხოვრების გამოსწორების იმედიც მქონდა. ახლა კი უბრალოდ კოტე მყავს. სახლში ნია და საბა მელოდებიან და როგორ შეიძლება უბრალოდ ავდგე და წავიდე?
თან ეს სწორედ იმ ადამიანის სახლში გავაკეთო, რომელმაც მიუხედავად ტკივილისა, მაინც თბილად მიმიღო.
- აღარ მინდა, კარგი? არ შემიძლია. ძალიან გთხოვ, უჩემოდ წადი. - მოთმინება დაკარგულმა ხმას ავუწიე და თვალები დავხუჭე. მინდოდა გახელისთანავე გამქრალიყო მისი აჩრდილი და მშვიდად ცხოვრების უფლება მოეცა, მაგრამ ის ჯერ კიდევ იქ იდგა და გაურკვეველი მზერით მიყურებდა. არ ვიცოდი რას ფიქრობდა ჩემი ერთ დროს ყველაზე საუკეთესო მეგობარი.
- მეც არ შემიძლია. დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დამთანხმდები. ხვალ თუ არა ზეგ მაინც იზამ. უშენოდ ვერ წავალ. პირობა მომეცი და უნდა შეასრულო. ასე მოქცევა არ შეგიძლია! შენ გამო ახლა მკვდარი ვარ და ეს მაინც გააკეთე სწორად. ერთხელ მაინც იფიქრე სხვაზე! - საშინელი ხმით დამიღრიალა.
ხელები ყურებზე ავიფარე და მწარედ ავტირდი.
- გადი ჩემი გონებიდან, გაადიიი!!! - მეც არ დავაკელი და ვეცადე რაც შეიძლება შემზარავი ხმით მეპასუხა, მაგრამ ცრემლების წყალობით მხოლოდ გამაყურებელი კივილის ამოშვებაღა შევძელი.

*კონსტანტინეს თვალთახედვა*
ძველი მეგობრის უეცარი გამოჩენით ჯერ კიდევ გახარებული ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ვახშამზე უარი მითხრა, მაინც ჯიუტად ვცდილობდი რამე მსუბუქი მომეზადებინა, რომლის მირთმევის შემდეგაც კუჭი არ შეაწუხებდა და მშვიდად დაიძინებდა. სანამ კვერცხი შეიწვებოდა, წვენისთვის ჭიქას ვამშრალებდი, როდესაც ზემოდან ხმები ჩამომესმა, მაგრამ ვიფიქრე ტელეფონზე საუბრობდა და ყურადღება არ მივაქციე, თუმცა მალევე სახლი გამაყრუებელმა კივილმა მოიცვა და მოულოდნელობისაგან ჭიქაც ხელიდან გამივარდა. ნატეხებს ელვის სისწრაფით გადავახტი და საფეხურების გამოტოვებით ავვარდი. კარზე არც დამიკაკუნებია ისე შევხსენი და ამელიას მდგომარეობის დანახვისას გული ზუსტად ისე მექცა ნაფლეთებად, როგორც რამდენიმე წამის წინ ის ჭიქა. საწოლზე საცოდავად მიყუჟულიყო. ხელები თავზე შემოელაგებინა და შესამჩნევად ირწეოდა.
მაშინათვე მივუახლოვდი და მკლავებში მოვიქციე. არ ვიცოდი რა დაემართა და მინდოდა მეკითხა კიდევაც, მაგრამ სანამ ამას ვიზამდი, უნდა დამშვიდებულიყო.
- კოტე, გადი, გთხოვ. - სიტყვებმა ჩემს ყურთა სმენამდე ძლივს მოაღწიეს. ჯერ კიდევ ტიროდა და მკაფიოდ ვერ საუბრობდა.
- მშვიდად, ლი. შენთან ვარ. - მისი სურვილის შესრულების ნაცვლად უფრო მჭიდროდ მივიკარი.
მისი ცრემლების უწვეტი წვიმა გულს მიკლავდა და პასუხისმგებლობის გრძნობით აღელვებულს სუნთქვას მიკავებდა.
რა დაემართა? არადა მთელი დღე ჩემთან ერთად ერთობოდა და იცინოდა. ბედნიერი ჩანდა და მიხაროდა ტკივილს ასე რომ უმკლავდებოდა.
კარგა კანი მოუნდა დამშვიდებულიყო. მეც მის გვერდით ვიყავი და ველოდი იმ მომენტს, როდესაც მისი ამ მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზის გაგებას შევძლებდი. აუცილებლად უნდა მცოდნოდა, იმიტომ რომ მიზეზის ცოდნის გარეშე ვერ დავეხმარებოდი.
როგორც იქნა მიყუჩდა და ვიგრძენი სხეული როგორ მოუდუნდა. ჯერ კიდევ ჩემზე აკრული მყავდა და დამეფიცება, შემეძლო მისი პატარა სხეული ისე ამეყვანა, ზედმეტი ძალისხმევა არ დამჭირვებოდა. მხოლოდ ახლა შევნიშნე, წინანდელისგან განსხვავებით მეტად გამხდარიყო. მუხლებზე მეჯდა, მე კი სიმძიმეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ჰაერივით მსუბუქი იყო.
- ლი, - ვამჯობინე შემაწუხებელი სიჩუმე დამერღვია და ხელები მხრებზე დავადე. არ ვიცი რისი რცხვენოდა, მაგრამ აშკარა იყო მზერას მარიდებდა, ამიტომაც საკუთარი თავს უფლება მივეცი ნიკაპზე ხელი მომეკიდა და ნებით თუ არა, ძალით მაინც შემოეხედა. - რა მოხდა?
ტირილისაგან თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. სიბნელის არ უნდა შეშინებოდა. რომ შემოვედი შუქი ანთებული დამხვდა და ალბათ არც ჩააქრობდა და ისე დაიძინებდა, რომ არა ის რაღაც, რამაც წყობილებიდან გამოიყვანა.
გაშტერებული მიყურებდა, შემდეგ ხელი მკრა და სასწრაფოდ წამოდგა.
არაფერი მითქვამს, თუმცა ვაკვირდებოდი როგორ უშედეგოდ ცდილობდა ფეხსაცმელი მოეძებნა.
- სად ჯანდაბაშია, - ამოილუღლუღა და დანებებული ერთ ადგილზე შედგა.
ჩემ მხარეს, ქვემოთ დავიხარე.
მის ესპადრელებს დავწვდი და მივუახლოვდი.
გავუწოდე და სასწრაფოდ გამომართვა.
- უნდა წავიდე, მაპატიე. - სანამ ამას მეტყოდა, მანამდე ჯერაც მშვიდად შევყურებდი, მაგრამ ამის შემდეგ თავი ვერ შევიკავე:
- სად უნდა წახვიდე და რატომ?
- მას უნდა რომ წავყვე, მე კი არ მინდა. უნდა დავემალო. შენი შემოსვლით დაფრთხა, მაგრამ იცის რომ აქ ვარ და ისევ მოვა. არ შემეშვება. - ჩემთვის გაურკვეველ ვინმეზე ან თუნდაც რამეზე საუბრობდა და ნახევრად ცარიელ ზურგჩანთაში ამოლაგებულ ნივთებს უკანვე ტენიდა.
- ამელია, ნორმალურად ამიხსენი. - ხელი მკლავზე მოვკიდე და ჩემკენ მოვაბრუნე.
როდესაც ეს ვუთხარი, მიმოიხედა. ალბათ ამოწმებდა ვინმე გვისმენდა თუ არა?
თვალის გუგები გაფართოვებოდა და მისი ისედაც შავი თვალები ახლა ცოტა არ იყოს და შემზარავიც კი იყო.
- სანდრო... მას უნდა რომ წავყვე და თან იცი რატომ? რაღაც სულელური პირობის გამო. არა, რეალურად ეს პირობა სულელური სულაც არ არის. იმ სახლიდან ცოცხალი მხოლოდ მე არ უნდა გამოვსულიყავი, ვიცი, მაგრამ კარგი რა, ეს ხომ უბრალო სიტყვებია და ახლა ამის გამო თან დამსდევს.
მისი სახელის ხსენებაზე თავზარი დამეცა.
სანდრო... წლებია ჩემთან არავის უხსენებია. მეც კი არ დამცდენია. მხოლოდ ჩემს გონებაში ცოცხლობდა და საკუთარ არარსებულ არსებობას მახსენებდა. სინამდვილეში არც დამვიწყებია. როგორ შემეძლო საკუთარი ძმა დამევიწყებინა, მაგრამ ვცდილობდი ცხოვრება გამეგრძელებინა.
- რ-რას დაპირდი, ლი?
- "გპირდები, თუ შენ რამე დაგემართება, მეც ზუსტად იგივეს გავაკეთებ და არ დაგტოვებ, სიცოცხლის ფასადაც კი"
ჩემს კითხვას ისე სწრაფად უპასუხა, თითქოს და ელოდა კიდევაც და ეს სიტყვებიც დაზუთხული ჰქონდაო.
- არ მეგონა ეს წლები ამ პირობის გამო თუ იყო ჩემთან. - იმედგაცრუებულმა ამოილაპარაკა.
ყველაფერი გასაგები იყო. სანდრო ეჩვენებოდა და დანაშაულის გრძნობა გონებას უწამლავდა.
საკუთარ თავს ვერ პატიობდა.
- რამდენი წელია რაც ხედავ? - პასუხის მეშინოდა, მაგრამ მაინც ვკითხე.
- იმ დღეს, როდესაც გონს მოვედი, პირველი ის დავინახე. მას შემდეგ სულ ჩემთანაა. შენთანაც მოსვლა მან მთხოვა, უნდოდა ენახა როგორ იყავი. ახლა კი კმაყოფილია, თავს რომ არ იტანჯავ და წასვლა უნდა. ჩემს გარეშე წასვლას კი აშკარად არ აპირებს, გესმის? - ამელია პერანგის საყელოში ჩამაფრინდა.
მისი მდგომარეობით იმ დღესაც კი არ შევშინებულვარ ასე. ახლა კი... ასე მეგონა სიგიჟის ზღვარზე იყო. მას ჩემი ძმა და მისი საუკეთესო მეგობარი ხუთი წელია რაც ეჩვენება...
თვითონაც შეშინებული მზერა ჰქონდა. ეშინოდა არ მოსულიყო და არ წაეყვანა. ხშირად იხედებოდა ირგვლივ და თვალებს დაუღალავად აცეცებდა. შემდეგ მზერა ჩემი პერანგის საყელოზე შეაჩერა, რომლისთვისაც ჯერ კიდევ მისი ხელები ჩაეჭიდა. თვალები აუცრემლიანდა და ხელები სასწრაფოდ მომაშორა.
- ხუთი წელია ის პერანგი აცვია. ვარდიფერი პერანგი, რომელიც თეთრში გადადის. იმ დღეს სისხლით ჰქონდა მოსვრილი, მაგრამ ახლა სრულიად ქათქათაა. თითქოს და საგულდაგულოდ გაურეცხესო.
კვლავ ატირდა. ცრემლებმა გზა თვალებიდან ლოყაზე და ლოყიდან კისრამდე გაიკვლიეს, შემდეგ კი მაისურის დასაწყისში გაუჩინარდნენ.
- ლი, შენი წაყვანის უფლებას არ მივცემ. - საბოლოოდ კვლავ ჩავიხუტე.
გაიბრძოლა, თუმცა მალევე გაჩერდა. ჩემს გულ-მკერდზე მიეძინა. მე კი საკუთარ თავს უფლება მივეცი ის ცრემლის გროვა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ყელზე მაწვებოდა და გასაქანს არ მაძლევდა, გარეთ გამომეშვა.
***
დღეები ზუსტად ისე გადიოდა, როგორც წიგნებში ანდაც ფილმებში, როდესაც მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში არაფერი საინტერესო ხდება. სინამდვილეში კი ამელიას ცხოვრებაში ეს რამდენიმე სწრაფად გასული დღე ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. იმ დღის შემდეგ თითქოს და ყველაფერი ჩაწყნარდა. იმიტომ, რომ სანდრო აღარ გამოჩენილა. ამელიას შიში ჯერაც არ ტოვებდა, თუმცა კოტე, რომელიც მხიარული ვირუსივით გვერდიდან არ შორდებოდა, ხშირ შემთხვევაში ამ შიშს უქრობდა და სანდროზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. ღამითაც მის გვერდით წვებოდა და საუბრის შემდეგ ერთმანეთზე ჩახუტებულებს მიეძინებოდათ.
კოტესაც სტკიოდა გული, მაგრამ ამას ოსტატურად მალავდა და მხოლოდ ამელიას მშვიდი ფშვინვის შემდეგ ტყდებოდა. მხოლოდ მაშინ ტიროდა. ეტირებოდა სანდროზე, რომელიც დიდი ხნის წინ წაართვეს და ეტირებოდა მეგობარზე, რომლის წართმევასაც სწორედ ის სანდრო ცდილობდა.
ამელიას გაშვება არ შეეძლო. აღარ შეეძლო კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვა. იცოდა, თუ ასე მოხდებოდა, საბოლოოდ გატყდებოდა და მისი ცხოვრება სამუდამოდ დაკარგავდა აზრს.
თუმცა დღეებთან ერთად ხედავდა პატარა მეგობარი როგორ უმჯობესდებოდა და მისი გადარჩენის შანსიც უფრო და უფრო იზრდებოდა.
- პიცას გამოვიძახებდი, მაგრამ სანამ აქამდე მოაღწევს, მანამ გაცივდება, ამიტომ ჯობს ინგრედიენტები მოვიტანო და ერთად გავაკეთოთ. - შესთავაზა კოტემ და გახარებულმა ამელიამაც ტაშის კვრით ფაქტობრივად გააგდო მეგობარი.
სიცილით ჩაჯდა კოტე მანქანაში და ფანჯრიდან მომზირალ ამელიას მზერა მანამ ვერ მოსწყვიტა, სანამ საკუთარ სახლს საკმაოდ არ ჩამოშორდა. მარკეტში ყველა საჭირო პროდუქტი ღიღინით შეარჩია. გამყიდველს გაატარებინა და ოც წუთში უკვე სახლში დასაბრუნებელ გზას მიუყვებოდა.
მისი სახლი ქალაქისგან მოშორებით იდგა და ყველაზე ნაკლები ორმოცი წუთი მაინც დასჭირდებოდა, თუმცა სწრაფად მიდიოდა და მხოლოდ ნახევარი საათი მოანდომა. სახლს რომ მიუახლოვდა, წარბები შეეჭმუხნა. შუქი ყველგან ჩამქრალი იყო და გაუკვირდა, ამელიას ხომ ეშინოდა. პარკებს დასწვდა და სასწრაფოდ გადავიდა. ის იყო, სახლში უნდა შესულიყო, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, გვერდიდან ხმაური მოესმა. მეზობლის ოთხსართულიანი სახლის წინ კოტესთვის გაურკვეველი მიზეზით ხალხს თავი მოეყარა და ძირს რაღაცას მისჩერებოდნენ.
პულსაცია აუჩქარდა. ვერ მიხვდა ასე რამ ააღელვა. სახლის ზღურბლზე იდგა და ადგილიდან ვერ იძროდა. ამელია უნდა ენახა, რომელიც რატომღაც სრულ სიბნელეში ელოდა კოტეს, მაგრამ ფეხს ვერ იცვლიდა.
- სასწრაფოში დარეკეთ, იქნებ გადარჩეს! - გაისმა კაცის ხმა.
- უკვე მოკვდა, სასწრაფო რად უნდა! - ქალის გამაღიზიანებელი ხმა გამოეპასუხა და კოტემ ვერც გაიაზრა როგორ გაუშვა პარკებს ხელები, იქვე მიაგდო და მთელი სისწრაფით გაქანდა მათკენ.
მიახლოებისთანავე ბრბო გაარღვია და სანახაობამ თავზარი დასცა.
- სახურავიდან გადმოხტა. ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეთ ვინ არის. - ვიღაცამ საჭიროდ ჩათვალა ახლადმოსულისთვის სიტუაცია აეხსნა.
კოტეს კი მუხლები აუკანკალდა და ზუსტად მის პირდაპირ ჩაიმუხლა.
- ლი, - უგონოდ მწოლიარე გოგონა შეანჯღრია, - ლი, გაიღვიძე. - კიდევ ერთხელ შეანჯღრია.
თვითონაც არ იცოდა რისი იმედი ჰქონდა.
ამელიას სახეზე აღუწერელი ტკივილი აღბეჭვდოდა. აშკარა იყო, თავისი სურვილით არ გადმომხტარა და სანდრომ საწადელს მაინც მიაღწია.
თუმცა მალევე უმოწყალოდ სულისშემძვრელად ჩამოწოლილ სიჩუმეში ვიღაცის ხმა მშველელად მოევლინა გოგონას სხეულთან ჩამუხლულ კონსტანტინეს.
ხმამ კი მხოლოდ ეს დაიჩურჩულა:
- ჯერ კიდევ სუნთქავს.





The End.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent