შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაიკა


9-06-2019, 23:19
ავტორი ქაშალელი
ნანახია 2 086

ჩაიკა ტიროდა. გამურულ, ტალახშერჩენილ სახეზე, ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები და ჭუჭყიან კანზე, შედარებით ღია ფერის ზოლებს უტოვებდა. ბიჭები მორიდებით უვლიდნენ გვერდს, უხერხულად ეხახუნებოდნენ სანგრის კედელს, მასთან გავლისას, ცდილობდნენ არ შეეხედათ ატირებული მეთაურისთვის.
ჩაიკას წინ მკვდარი იწვა. გასისხლიანებული, დახვრეტილი ხებეთი და სანახევროდ მოკვნეტილი ქვედა ტუჩით. მის მაღლა, ტყვიამფრქვევის კონდახი გამოსჩროდა სანგრის ბრუსტვერს. მკვდრის ღიად დარჩენილი მარცხენა თვალი, ერთდროულად მისჩერებოდა ყველაფერს: ჩაიკას, ტყვიამფრქვევის კონდახს, სანგრის ჩამოშლილ კიდეს, უხმოდ მოსიარულე, ცოცხლად დარჩენილ მოწინააღმდეგეს და ლურჯ, უკიდეგანო ცას.

****************
ჩაიკა ოფიცერია. რუსული გვარის, კანის ფერის და თითქმის თეთრი თმის გამო ეძახიან ჩაიკას. ოღონდ ზურგს უკან, პირში ვერ გაუბედავენ დაცინვას. სულ გაღიმებული დადის ჩაიკა და ამ ღიმილის ეშინია ყველას დიდიან-პატარიანად. საკმარისია შემოგხედოს, გაგიღიმოს და ხვდები, რომ მაგრად გაქვს დარხეული.
- ამ მთვარიყეფიამ რა მეთაურობა უნდა გამიწიოს?! - ზოგჯერ ბურტყუნებს აფხაზეთში ნაომარი ვანელი ზურია, ორმოც წელს მიღწეული მზვერავი - ამას ვინმე თავისიანი ესვრის ომში, - ამასაც ჩუმად ამბობს და ისე, რომ ჩაიკამდე ვერ მიაღწიოს ამ სიტყვებმა.
ასე ფიქრობდა ამ დილამდე, ახლა კი თავზე დასდგომია ჩაიკას და ახალმოკიდებულ სიგარეტს უწვდის...
...წუხელ სოფელი დაიკავეს. სახლიდან სახლამდე გადარბენებს შორის კანტიკუნტად გაიხსნა ცეცხლი. ყველა საცეცეხლე წერტილს ახშობდნენ და ტყვიების ქვეშ გადარბენებით, ერთი-მეორის მიყოლებით გაწმინდეს ყველა შენობა. მსუბუქად გამოძვრნენ: სამი კაცი დაეჭრათ, აქედან ერთი მძიმედ. ყუმბარმტყორცნის ჭურვი აუფეთქდა ახლოს, ნამსხვრევმა ქაღალდივით გაჭრა ჩაფხუტი და კეფაში გაიჭედა.
- კახელია, მაგის თავს მასე იოლად ვერ გატეხავს, - იხუმრა ჩაიკამ. დაჭრილის გარშემო შეკრებილი ოცეული, ბღვერით გამოეპასუხა. არ ესიამოვნათ შტაბის ოფიცრის ხუმრობა. ჩაიკა გაუცინებლად გასცილდა იქაურობას.
ბატალიონი საოფელში განლაგდა და თავდაცვის დაკავებას შეუდგა. პოზიციების დაგეგმვა ჩაიკას ფუნქციაა. სათითაოდ მიჰყვება ყველა ოცეულს პოზიციაზე, ისე ანაწილებს, თითქოს საკუთარ სახლში ღებულობდეს სტუმრებს.
- დილით იქ მოგვიწევს ასვლა - სოფლიდან მოშორებით მდგარ გორას აჩვენებს და აფრთხილებს, რომ მთის მიმართულებით თავი არ გაყონ. სავარაუდოდ პოზიციები აქვთ მაღლა და საშიშია. თითქოს სხვა რამე უსაფრთხო იყოს ომში.
შუაღამისას, მორიგეობიდან ახლადშეცვლილი დაზვერვის ოცეული გააღვიძა სერჟანტმა და სარდაფში ჩაიყვანა, სადაც შტაბია მოწყობილი. ფანრებით განათებულ მაგიდაზე, რუკაა გაშლილი. ბატალიონის მეთაური, რამდენიმე ოფიცერთან ერთად რაღაცას გეგმავს. ჩაიკაც იქაა, უფერული, გაშეშებული მზერით ათვალიერებს ჯარისკაცებს და ისევ რუკაზე იხრება. ცოტა ხანში მეთაური მოტრიალდა და ოცეულს გეგმა გააცნო. მთაზე უნდა ავიდეს ერთი ათეული, გასარკვევია, მართლაა მოწინააღმდეგის პოზიციები თუ წინასწარი ინფორმაცია ტყუის.
- ათეულს შენც გაყვები სერჟანტო, - ეუბნება ოცეულის სერჟანტს.
- შენ, შენ, შენც მოდიხარ, - სათითაოდ არჩევს მასთან ერთად წამსვლელებს დაბალი, ნახევრად გამელოტებული სერჟანტი. მელოტი ადგილის დასაფარად ყოველდღე იპარსავს თავს, - დანარჩენებმა დაიძინეთ, დახმარება თუ დამჭირდება, თქვენი იმედი მაქვს! - ოცეული უსიტყვოდ ადის სარდაფიდან. მხოლოდ არჩეულები რჩებიან.
- ჩემი სახმისი ექნება ჯგუფს, - მეკავშირეს ეუბნება სერჟანტი.
- ჯგუფის სახმისი იქნება ჩაიკა, - მოულოდნელად ამბობს ჩაიკა - მეც თქვენთან ერთად მოვდივარ.
ყველა ჩაიკას უყურებს. ის უკვე მზადაა: იარაღი მკერდზე, სამჭიდეში მჭიდები, მარცხენა ბარძაყზე ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის ჭურვები, ზურგზე წყლით სავსე ქემელბექი, ჯავშან-ჟილეტზე სამედიცინო ჩანთა და მარჯვენა მკლავის ჯიბიდან ლახტის წითელი თავი უჩანს. ზურია უკმაყოფილოდ იჯღანება, სერჟანტი რაღაცის თქმას აპირებს და ჩაიკა არ აცდის:
- ამ სოფელში ვარ გაზრდილი სერჟანტო, ჩემზე კარგად ვერავინ გატარებთ ამ ტერიტორიაზე. სახმისია ჩაიკა! - უმეორებს მეკავშირეს და ეზოში ადის.
- იარაღი შეამოწმეთ. ტყვია-წამალი გადაივსეთ. წყალი მოიმარაგეთ. ნახევარ საათში გავდივართ - გაუშვა ათეული სერჟანტმა და რუკაზე დაიხარა.
ჩუმად გადიან სოფლიდან. ვაშლების ბაღი ჯერჯერობით ფარავს მათ სილუეტებს. ბაღების ბოლოში ჩაიკამ მარჯვნივ შეუხვია და სარწყავ რუს გადაახტა. ათეული უსიტყვოდ მიჰყვება უკან. ყველა ღია ადგილს, ღამის ხედვით ათვალიერებენ, მერე ორი მებრძოლი ადგილს მოსწყდება და სწრაფად გადარბის მეორე მხარეს, თავშესაფრამდე. წუთები საათებად იჭიმება, სანამ მეორე მხრიდან ნიშანს მიიღებენ. შემდეგ დანარჩენებიც გადარბიან ათ-ოც მეტრიანი დაცილებებით. რიჟრაჟზე უკვე გორის ძირას არიან. ბუჩქებიდან აჰყურებენ მაღლა. ხუთასიოდე მეტრი აქვთ გასავლელი. ჩვეულებრივი გორაკია, მეჩხერი ბუჩქნარით და საქონლისგან გატკეპნილი ბილიკებით.
- მარშრუტი იქით მქონდა დაგეგმილი! - ღრინავს სერჟანტი.
- აქ სჯობია ასვლა, - ჩაიკა ღამის ხედვის სათვალით ათვალიერებს სიმაღლეს.
- აქ დახმარება სანამ მოვა, მანამდე გაგვაციებენ, - ბურტყუნებს ზურია.
- ჩვენგან მარჯვნივ, ორასიოდე მეტრში, სამანქანო გზა ადის მაღლა, ორი კაცი იქ დაგვჭირდება დაზღვევაზე, - ხელით აჩვენებს ჩაიკა, - ჩვენ ამ ხევით ავალთ. აქ არა მგონია ვინმე იყოს, ამ ბილიკზე დღისითაც ჭირს აძვრომა. თუ არ იცი, სად არის ასასვლელი, ბუჩქებში გაიჭედები, - სერჟანტის ნიშანზე მტყვიამფრქვევე მეწყვილესთან ერთად, ნაჩვენებ მიმართულებაზე მიდის.
- წავედით! - ქშინავს სერჟანტი და დგებიან. წელში მოხრილები, მხარზე მიბჯენილი კონდახით და თვალებზე ჩამოწეული ღამის ხედვით ჩადიან ხევში და მერე ზემოთ. შიგადაშიგ ისმის დაგორებული ქვის ჩხრიალი ან ხმელი ტოტის ტკაცუნი. მაშინვე ყველა შეშდება და მუხლზე ეშვება. დაძაბულები ელოდებიან, უსმენენ, უყურებენ გარემოს. შემდეგ დახმაურებამდე მიდიან ჩუმად, დაძაბულები, სასხლეტს მაღლა გაყინული თითით და დაძაგრული სხეულებით. რაციის ყურსასმენი წყნარად ტკაცუნობს ორჯერ - დაზღვევაზე წასულებმა დაიკავეს პოზიცია.
უკვე იმდენად ინათა, რომ ერთმანეთის ზურგებს და კამუფლიაჟის ფერებს გარკვევით ხედავენ. მოწინავე ჩაიკაა. ხელს მაღლა სწევს. მუშტად კრავს და მერე სამ თითს მარჯვენა მხარზე ირტყამს. ათეული ჩერდება და სერჟანტი ჩაიკასთან მიდის.
- მოვედით. იმ ბუჩქის უკან უკვე გორაკის თავია - გარშემო ღია ტუალეტის, საჭმლის ნარჩენების და საწვავის თუ ზეთის სუნი ტრიალებს. - პირველი მე წავალ, სამი კაცი წაიყვანე და იქამდე მიდი, - ხელით უთითებს და ელოდება, სანამ მითითებულ ადგილამდე მივლენ - ყურადღება! ყველაფრისთვის მზად იყავით! გვფარავდეს ღმერთი - რაციის მიკროფონში ჩურჩულებს და დაოთხილი მიდის. მარჯვენაში ავტომატი უჭირავს, მარცხენით მიფორთხავს. უკვე ხედავს სანგრის მიწაყრილს. ცოტაც და მოძრაობას ამჩნევს. მუხლის ქვეშ, კონსერვის ქილა უხმაურდება. სანგარში მყოფი ტრიალდება. ჩაიკა დაუფიქრებლად ესვრის დამხვდურის საოცრად ნაცნობ სილუეტს და სანგარში ხტება. ასიოდე მეტრის სიგრძის ტრანშეას სწრაფად წმენდენ. დილის ძილიდან სანახევროდ გამორკვეულ მტერს, ყვირილით, გინებით და ლამის მიბრჯენით ესვრიან და ბოლოში გასულები დახოცილების გასაჩხრეკად ბრუნდებიან.

*******************
ჩაიკა ტირის. გამურულ, ტალახშერჩენილ სახეზე ღვარად ჩამოსდის ცრემლები და ჭუჭყიან კანზე, შედარებით ღია ფერის, მოთეთრო ზოლებს უტოვებს. მხარზე ფრთხილად ეხება ვიღაც. ზურია დაჰყურებს ზემოდან და ახალმოკიდებულ სიგარეტს აწვდის. ჩაიკა სიგარეტს ართმევს.
- ბავშვობიდან ვიცნობდი, შარშან ღობის გამაგრებაში მეხმარებოდა. პაპაჩემის მეზობელი იყო - მკვდარს ხელებს უსწორებს და ნაფაზს უტყამს.



№1  offline წევრი izabella

შესანიშნავად წერთ, ძალიან მომეწონა.
უბრალოდ, ატვირთვისას სათაურს გვერდით "სრულად" თუ არ დაუწერთ იფიქრებენ, რომ ისტორიის პირველი თავია და წაკითხვის გარეშე აუვლიან გვერდს. წარმატებები.

 


№2  offline წევრი ქაშალელი

[quote=izabella]შესანიშნავად წერთ, ძალიან მომეწონა.
უბრალოდ, ატვირთვისას სათაურს გვერდით "სრულად" თუ არ დაუწერთ იფიქრებენ, რომ ისტორიის პირველი თავია და წაკითხვის გარეშე აუვლიან გვერდს. წარმატებები

გმადლობთ შეფასებისთვის და რჩევისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent