,,ზაფხულის ფერია'' -1
"ზაფხულის ფერია" ერთი პატარა გოგონაა, რომელიც ერთადერთ მტრებს, კრაზანებს გამოექცა შორს და ტყეში, მდელოსთან ახლოს მდგარ მუხის ხეზე თავის ორ მეგობართან: კალიასა და ფუტკართან ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ცხოვრებით ცხოვრობს. ისინი ადამიანებისაგან შორს არიან უდარდელად და უშფოთველად, თუმცა ეს ჩვეულებრივი ცხოვრება გაზაფხულის ერთ მზიან დღეს დასრულდება, როდესაც იგი ბიჭს, სახელად სემს, შეხვდება. პირველი შეხვედრა ფერიისათვის საბედისწერო და არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდება, თუმცა ასეთი უცნაური შეხვედრა მათ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და დაიწყება საინტერესო თავგადასავალი. თავი პირველი ქლიავის ხის ტოტზე იჯდა „ ზაფხულის ფერია “ და უაზროდ ატარებდა დროს. შუადღე იყო, არც ისე ცხელოდა და სიოც დაქროდა აქეთ-იქით. ხშირად მიდიოდა მასთან, ხან სახეზე მოელამუნებოდა, ხანაც თმებს აუწეწდა და ისევ უგზო-უკვლოდ გაიქროლებდა სადღაც შორს. იგი არ იყო არც პრინცესა, არც ღარიბი გოგონა, არც სამეფოში ცხოვრობდა. მისი ადგილი და სახლი იქ იყო, სადაც მოისურვებდა წასვლას, თუმცა მხოლოდ ხეებზე შეეძლო არსებობა. ხალხშიც ვერ გამოჩნდებოდა, ან შეიძლება ვერც გამოჩენილიყო, რომც მოენდომებინა, რადგან ის ისეთი პატარა იყო, ხელის გულზე დაისვამდი. ცხოვრობდა „ ზაფხულის ფერია “ ტყეში, მდელოსთან ახლოს მდგარ მუხის ხეზე თავის ორ მეგობარ კალია სერჰაისთან და ფუტკარ დენისთან ერთად. „ ზაფხულის ფერიას “ აურელე ერქვა. ეს სახელი თვითონ დაირქვა, რადგან მშობლები არ ჰყავდა და ვერავინ დაარქმევდა სახელს, შეიძლება მშობლები ჰყავდა კიდეც, თუმცა მან ამის შესახებ ზუსტად არაფერი იცოდა. მუხის ერთ-ერთი ტოტის ფუღუროში ცხოვრობდა. მისი მეზობლები იყვნენ კალია სერჰაი და ფუტკარი დენი. მათ ხშირად მიჰქონდათ მასთან ახალი ამბები, ხან მხიარული და ხან სევდიანი, მაგრამ სევდიანი ისტორიების მოყოლა მისთვის არ უნდოდათ და ხშირად უმალავდნენ კიდეც, რადგან მის ფაქიზ გულს უფრთხილდებოდნენ. ფერიამ ისინი გასულ წელს გაიცნო, ერთ-ერთ სოფელში ახლად ჰქონდა ნაპოვნი სახლი, როცა სერჰაიმ შენიშნა. ხეზე, ყველაზე მაღლა, ხის კენწეროზე ბინას იმზადებდა, რომ უცბად თავისი საყვარელი ფინჯანი გადმოუვარდა, სანამ ძირს დაეცემოდა და გატყდებოდა, მანამდე კალიას დაეცა თავში და ფინჯანთან ერთად ისიც დაენარცხა მიწაზე. აურელემ ერთი კვირა უარა მის გატეხილ თავს... ამ დროის განმავლობაში ისინი დაახლოვდნენ და ბოლოს კარგი მეგობრებიც გახდნენ. იმავე ზაფხულს გაიცნეს დენიც, რომელიც თავის ოჯახს ჩამორჩა და ტყეში დაიკარგა. დიდხანს ფრენის შემდეგ მათ შეხვდა და აურელეს სახლში ცოტა დაისვენა. ჩაიც დალია მათთან ერთად და თავს გადამხდარი უბედურებაც მოუყვა მათ. „ ზაფხულის ფერიის “ გულს შეეხო პატარა ფუტკრის სევდიანი ამბავი და თავისთან ცხოვრება შესთავაზა და ისიც დათანხმდა. მის სახლში დიდი ადგილი იყო, გარეთაც შეეძლო მისთვის სკა გაეკეთებინა, თუ სახლში ვერ იცხოვრებდა. აი, ასე დამეგობრდნენ ისინი და მას შემდეგ სულ ერთად იყვნენ, სადაც კი წავიდოდნენ. სოფლიდან კრაზანების შემოტევას გამოექცნენ, ისინი მათი მტრები იყვნენ და თუ დაინახავდნენ, ცდილობდნენ მოეკლათ. სამივე სუსტი არსება იყო, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი გაქცევა რჩებოდა. სერჰაი, სხვა კალიების მსგავსად, ჩვეულებრივი კალია გახლდათ. ასევე, დენიც უბრალო ფუტკარი იყო, რომელიც ყვავილების ტკბილი წვენისგან თაფლს ამზადებდა, ხოლო ფერია მათზე უფრო სუსტი არსება იყო. არც ერთს არ შეეძლო თავის დაცვა. ამიტომაც ხდებოდა, რომ კრაზანების გამოჩენისთანავე ახალ ადგილზე მიდიოდნენ და იქ ახლიდან იწყებდნენ ცხოვრებას. ცხოვრების გაგრძელება სხვა ადგილზე ყოველთვის ძნელი იყო, თუმცა ყველაფერს ეგუები, დრო რომ გადის. ასე ხდებოდა ყოველთვის, ჯერ დიდი სევდა და ცრემლები, შემდეგ ბედთან შეგუება და საქმის დაწყება, სახლისთვის შესაფერისი ხის პოვნა, შემდეგ კი უფრო ძნელი ̶ საჭირო ნივთების მოძებნა: საწოლები, სკამები, მაგიდები, სახლისთვის კარი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს დრო და ენერგია სჭირდებოდა. ბოლო სახლის პოვნას და დალაგება-მოწყობას ერთი თვე მოანდომეს. სახლი მართლაც მშვენიერი იყო, ყველაზე დიდი და დაცული, რაც კი აქამდე ჰქონიათ. ეს ხე დენიმ იპოვა და ფერიის დასტურის შემდეგ იქ დაიწყეს ცხოვრება, ძალიან მშვენიერი და უსაფრთხო სახლი ჰქონდათ, კრაზანებსაც გაუჭირდებოდათ მიგნება და რომც ეპოვათ მათი საცხოვრებელი, ადვილად ვერ შეაღწევდნენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.