შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაზაფხული მოვა...(თავი 1-2)


11-07-2019, 18:48
ავტორი Elisabeth_
ნანახია 2 169

შესავალი


ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, ყალიბდებიან, მერე კი კვდებიან. ცოტა უხეშად ჟღერს...
ქვეყნებიც ასეა, იმპერიებიც, სამეფოებიც... ყველაფერს მართვა სჭირდება. მართვა, რომ გადარჩეს.
და ვინ მართავს ამ ყველაფერს?
ადამიანი.
ადამიანი, რომელიც ხშირად საკუთარ თავზე კონტროლსაც კი კარგავს.

ყველა იტყუება. ადამიანებს ვგულისხმობ. იტყუება ყველა, ვისაც არ ეზარება და ყოველთვის, როცა არ ეზარება... სწორედ ეს ტყუილია ბოლოს რომ უღებს ცხოვრებას.
იტყუებიან რისთვის? ფულისთვის, უზრუნველყოფილი ცხოვრებისთვის... იმისთვის, რასაც თავად ბედნიერებას ეძახიან. სისულელეა...

ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის იყო კესანე ორბელიანი, დედა რომ მოუკლეს. მაშინ გადაწყვიტა თავისი პროფესიის არჩევა. იქნებ გამომძიებელი ყოფილიყო და დედამისისნაირებს დახმარებოდა? დედამისის მსგავსებს, მხოლოდ მათ, ვინც გადარჩა...

მამა ხშირად ეუბნებოდა არ გინდა ეგ პროფესიაო, არაა ქალის საქმე, რამე სხვა აირჩიეო, თუმცა გოგონამ თავისი გაიტანა და მიზანს მიაღწია კიდეც. დაუღალავი შრომისა და სწავლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გამომძიებელი გახდა.

ქალაქი, სადაც მსხვერპლზე მეტი მტერია... საინტერესო სიტყვებია. ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც კესოს პირველი საქმის შემდეგ მოაგონდა.
გატაცებული და მოკლული ბავშვები, გაუპატიურებული გოგონები, დაუსრულებელი ქურდობები და დაყაჩაღებები, დაზარალებული უდანაშაულოები... ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა კესო თავის გადაწყვეტილებაში.
ეს უნდა დასრულებულიყო. ქალაქი უნდა გაეწმინდა...



თავი 1



კარზე ზარის ხმა რომ გაიგო იძულებული გახდა ყავის ჭიქა ისევ მაგიდაზე დაედო, თვითონ კი დაუპატიჟებელ სტუმრებს შეხვედროდა.
ჭუჭრუტანაში გაიხედა და უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა ცხვირი. ამათ აქ რა უნდათო-გაიფიქრა, მერე კი, მეორედაც რომ გაიგო ზარის ხმა, კარი გამოაღო და როგორც სჩვევია, საქმიანი ღიმილით შეეგება წინ მდგარ ქალსა და ბავშვს.
-გამარჯობა,-თქვა და ქალს ხელი გაუწოდა. მის გვერდით მდგარმა პატარა გოგონამ დედას ახედა გაფართოებული თვალებით, მერე კი კესოს შეხედა.
-საქმე მაქვს,-ქალმა მკაცრი გამომეტყველებით შეავლო თვალი კესოს.
გოგონამ თვალები გადაატრიალა, ერთი ამოიხვნეშა და მხოლოდ ამის შემდეგ გააღო კარი ფართოდ.

***

"შენს გამო ჩაჯდა ჩემი ქმარი! შენ ხარ დამნაშავე! მას არაფერი გაუკეთებია... იმ ახვრებს იცავდა და შენ ის წაიყვანე! ამ პატარას მამა წაართვი!.."

ქეთევანის წასვლის მერე მის სიტყვებს ვერ ივიწყებდა. ჰაჰ, სასაცილოა, მხოლოდ ამის სათქმელად მოვიდა?
უკვე მიჩვეულია კესო ასეთ ამბებს. დამნაშავის ოჯახის, მეგობრების, ნათესავების სახლში მოვარდნა და მუქარა...

საბოლოოდ გამწარებული წამოდგა ფეხზე, უკვე გაციებული ყავა ნიჟარაში ჩაასხა, ფინჯანიც იქ დატოვა, თვითონ კი განყოფილებაში წავიდა.

-მე აქ სათამაშოდ არ ვარ!-ყვირილით შეუვარდა თორნიკეს კაბინეტში და კარიც ხმაურით მიხურა.
-რა მოხდა?-კაცმა ფურცლებს თვალი მოაშორა და საქმიანი მზერა მიაპყრო წინ მდგარს.
-რა მოხდა?! მერამდენედ უნდა მთხოვდნენ პასუხს მე?!-ხელები აიქნია გოგონამ.
-კესო, დაჯექი,-თორნიკეს მყარი ხასიათი არც ახლა შერყევია.
კესო მაგიდის მეორე მხარეს, სკამზე ჩამოჯდა და ხელებგადაჯვარედინებულმა დაიწყო ახსნა-განმარტებისთვის ლოდინი.
-ახლა ამიხსენი რა მოხდა,-თორნიკემ ხელები მაგიდაზე დააწყო, თუმცა გოგონას შემხედვარე მიხვდა, რომ ოფიციალურობა არ გამოუვიდოდა და მალევე თავისუფლად მიესვენა სკამზე.
-დათა მაისურაძის ცოლ-შვილი დამადგა დილაადრიან და გაკიცხვა დამიწყო. არა, გასაგებია ჩემთვის, დიდად არ ვეხატები ხალხს გულზე, მაგრამ თქვენ რით ვერ შეიგნეთ, ყოველ მეორეს ჩემი მისამართი რომ არ უნდა გააგებინოთ?-კესომ ჩაიდუდუნა და უკმაყოფილო მზერა ახლა არეულ ფურცლებზე გადაიტანა.
-მაგათთვის მართლა არაფერი მიგვიცია...-ხუჭუჭამ დამნაშავესავით ჩაილაპარაკა. დიახ, დამნაშავესავით. და ასე მხოლოდ კესოსთან საუბრისას ხდებოდა...-ღირსია დავითი... გააუბედურა ოჯახი. აბა, რაზე ფიქრობდა, მუშტებს რომ არ აჩერებდა და ფეხებზე დაიკიდა ცოლიც, შვილიც და ის კაციც...
-არ მაინტერესებს,-კესომ შეაწყვეტინა,-კიდევ ერთხელ არ განმეორდეს...
-კესო, ახალი საქმე გამოჩნდა,-ახლა თორნიკემ არ აცადა სიტყვის დასრულება. გოგონა კი "საქმის" გაგონებისთანავე გაიმართა მხრებში და ბედნიერმა შეხედა უფროსს.
-რა საქმე?
-ბათუმში მოკლეს...

ამ სიტყვების გაგონებისას გოგონა ჩაფიქრდა. ბათუმშიო? ისე იკითხა, თითქოს ძალიან შორ მანძილზე უწევდა წასვლა.
-კესო, არც მე მინდა შენი გაშვება, აქ უფრო გვჭირდები... მაგრამ ოჯახი შენ გითხოვს და უარს არ იღებენ...
-რამდენი ხანი?-დაღლილი ხმით იკითხა.
-ეგ შენ უნდა იცოდე,-თორნიკეს სიტყვებზე ჩაეცინა, მერე კი ადგა და დაუმშვიდობებლად დატოვა ოთახი.

ბევრი არაფერი ჩაულაგებია შავ ჩემოდანში. კვირაზე მეტ ხანს გაჩერებას არ აპირებდა, ტანსაცმლისთვის კი არ ეცლებოდა...

თორნიკემ მხოლოდ სადგურზე მისულს დაურეკა, მშვიდობით მგზავრობა და საქმის გახსნა უსურვა და ისე გაუთიშა, მეტი აღარაფერი უთქვამს.

აი ბათუმში ჩასულს კი კარგი სიტუაცია ნამდვილად არ დახვდა. ისეთი სიჩუმე იყო მთელ ქალაქში, თითქოს ერთი ბავშვის დაკარგვამ ყველა შეაშინა, ან ყველა განიცდიდა...
სასტუმროშიც კი არაფერი გაუკეთებია ოთახში ჩემოდნის დადებისა და საჭირო ნივთების აღების გარდა.
ისე გაიქცა დანაშაულის ადგილზე, არავისთვის ყურადღება არ მიუქცევია, იქ კი... როგორ უნდოდა იმ წუთშივე სახლში დაბრუნებულიყო... როგორ უნდოდა ფეხებზე დაეკიდებინა თავისი საქმე...

გოგონას მზემოკიდებული კანი სულ გათეთრებოდა, შავი თმა ბეტონზე მიმოეფინა, ხელები გულ-მკერდზე არაბუნებრივად დაეწყო, გალურჯებული ბაგეები კი ოდნავ შეეხსნა.

თვალებჩაწითლებული ქალი უემოციო გამომეტყველებით მუხლებზე იდგა გვამის გვერდით, ტირილიც აღარ შეეძლო... ეს ალბათ დედააო, კესანემაც უემოციოდ გაიფიქრა, მერე კი დანარჩენებს მოავლო თვალი.
ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომლის მზერა იგრძნო და მამაკაციც მალევე მის წინ აისვეტა.
-გამომძიებელი, კესანე ორბელიანი,-კესომ საბუთი ანახა და კაცმაც მაშინვე ანიშნა ყვითელ ნიშნულს გამოსცდენოდა.

-როგორც დედამისი ამბობს, დილის ათზე ელენე ჯინჭარაძე მეგობრებს უნდა შეხვედროდა. ერთ საათში გოგონას დაურეკავს და უთქვამს შეიძლება დამაგვიანდესო. მერე კი, ორმოცდახუთ წუთში კარის წინ იპოვეს ყელგამოჭრილი.

კესოს ჟრუანტელმა დაუარა, თუმცა, რა თქმა უნდა, ცხედარს მიუახლოვდა თუ არა სრულიად შეიცვალა.

-ყველანი გადით. ბევრგან ნუ გადაივლით. რამეს მიკიდეთ ხელი?-საქმიანი ხმით დაიწყო, თან გარდაცვლილი ელენეს დედისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე ჩაიმუხლა ცხედართან.
უარყოფითი პასუხი რომ მიიღო, მერე კი ორი კაცი თვალებდაღარული დედის გასაყვანად რომ მოვიდა მიხვდა საქმეს უნდა შესდგომოდა.

გოგონას არაფერი სჭირდა, მხოლოდ ყელზე ჰქონდა უზარმაზარი ჭრილობა. ჭრილობა, რომელმაც ცხოვრება მოუსწრაფა...
გარშემოც არაფერი იყო. არანაირი კვალი მკვლელის საპოვნელად.
-კარგად იმუშავა,-კესომ ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მხოლოდ ყვითელ ლენტებთან მისულმა შეამჩნია, რომ გარდაცვლილის დამშვიდებული დედა კვლავ ატირებულიყო და ქმრის მკლავებშიც ვერ პოულობდა მოსვენებას, პოლიციელები კი აკანკალებული ხელებით კრეფდნენ ნომრებს.
-რა მოხდა?-წარბშეკრულმა იკითხა, პასუხი კი...
-ლუკა დევდარიანი ციხიდან გაიქცა.

მხოლოდ ეს სიტყვები ტრიალებდა რამდენიმე წამით კესანეს გონებაში. "ლუკა დევდარიანი ციხიდან გაიქცა... გაიქცა..."

-როდის?-ხმაჩამწყდარმა იკითხა და თითქოს ამ კითხვამ ყველა გააჩუმა.
-დილით, ცხრა საათისთვის...

უკანასკნელი იყო ეს წინადადება და კესოს მოთმინების ფიალაც აივსო. ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად და როცა დაინახა, ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა ხმაც ამოიღო.
-დილით გაიქცა და აქამდე ვერაფერი გაიგეთ?!-ზიზღით თქვა,-და თქვენ გევალებათ ამ საქმის გახსნა?!-საჩვენებელი თითი უსიცოცხლო სახლის კართან მიუთითა, სადაც გარდაცვლილი ესვენა,-ხვდებით მაინც, რა ხდება ქვეყანაში?!
-კესანე, ძალიან გთხოვთ,-ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი დამშვიდება სცადა, თუმცა...
-რას მთხოვთ?! რას მთხოვთ მაშინ, როცა დღეში რამდენიმე მკვლელობა ხდება?! მაშინ, როცა უდანაშაულო ხალხს ვკარგავთ?! და თქვენ ციხესაც ვერ აკონტროლებთ! ყველაზე საშიშ დამნაშავეებს გისოსებს გარეთ ისე უშვებთ, თვითონაც ვერაფერს ხვდებით!

***

სასტუმროს გზაზე იყო და მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო საათები უკვე დასრულებულიყო, გონებაში მხოლოდ ორი რამ უტრიალებდა: ლუკა დევდარიანი და პატარა ელენე...
არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ძალიან უნდოდა მშვიდობიანი ცხოვრება, თუმცა როგორ შეეცვალა ყველაფერი? მიუხედავად საოცრად დიდი გამბედაობისა, ამას მაინც ვერ შეძლებდა.

თავის ოთახში შესვლისას უცნაური შეგრძნება დაეუფლა.
დაკვირვებით მოავლო თვალი ყველაფერს. თითქოს არაფერი იყო შეცვლილი, თუმცა...

რამდენიმე წითელი ლაქა კარზე, ზოგიც იატაკზე...

-არა, არა...-აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა, ხელით იარაღი შეამოწმა შარვალთან, იმავდროულად ტელეფონის ძებნა დაიწყო ჯიბეში, თან აბაზანისკენ წავიდა.

ტელეფონი ხელში დაიჭირა და თორნიკეს ნომერი მოძებნა.
ზარი გადიოდა, თვითონ კი ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა აბაზანის კარს.

-დახმარება მჭირდება,-უხმოდ თქვა, როცა ნესტიან აბაზანაში შევიდა, თუმცა დარწმუნებული იყო, თორნიკე მიუხვდებოდა...

ცისფერი კაფელი წითელი სიტყვებით იყო შეღებილი...

"აქ ყველა თამაშობს კესო.
სჯობს თამაშის წესებს დაემროჩილო . . . "

გაფართოებული თვალებით უყურებდა კედელს, თან თორნიკეს ლაპარაკი ესმოდა: "კესო, რა ხდება?! მიპასუხე! კესო, გესმის?.."

ამის მაგივრად კი ოთახში ჩანაწერების ხმა ისმოდა: "ნუთუ ჩვენს უშიშარ გამომძიებელს შეეშინდა? ჰაჰაჰ... ასე ჯობია, პატარავ. სჯობს გეშინოდეს იმის, რაც გელის..."




თავი 2



-თორნიკე, გთხოვ, ჩამოდი...-აკანკალებულ ხმას ვერ თოკავდა. აზრიც არ ჰქონდა, თორნიკე იმაზე უკეთ იცნობდა, ვიდრე თვითონ საკუთარ თავს...
-მე ჩამოვიდე? რა ხდება?-მამაკაცის ხმაშიც იგრძნობოდა აღელვება. ვერ ხედავდა კესო, თუმცა დარწმუნებული იყო, ახლა უკვე ფეხზე იდგა და პიჯაკს იცვამდა.

რამდენიმე წამში შეიცვალა. ეთხელ ჩაახველა, მერე კი თორნიკეს მიუბრუნდა.
-მკვლელი აქ იყო. სანამ მე გვამს ვათვარიელებდი მკვლელი აქ იყო. თორნიკე, მარტო ვერაფერს ვიზამ...-მტკიცე ხმა ჰქონდა. თუმცა არა... მან ხომ იცოდა. თორნიკემ იცოდა როგორი იყო კესო სინამდვილეში...
-არ ინერვიულო, კარგი? უკვე მოვდივარ!-იმედისმიმცემი ხმა გაჟღერდა ტელეფონში და ქალმა წარმოიდგინა, რომ თორნიკე გვერდით ედგა.

დიქტოფონი ჩანაწერს იმეორებდა, იმეორებდა და კესოს ეგონა, მთელ სახლში ისმოდა ხმა.
ხელს არ კიდებდა. ანაბეჭდების იმედი ჰქონდა.
კედელზე წარწერას თვალი ძლივს მოსწყვიტა. აბაზანიდან ფრთხილად გავიდა. ცარიელ სახლში მარტო იყო და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ათასი თვალი უყურებდა.
უხერხული შეგრძნება ვერ მოიშორა. აბაზანიდან გასულმა ელენეს საქმის ფურცლებს დაავლო ხელი. დივანზე ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო.
ახალი, რა თქმა უნდა, არაფერი ეწერა. კითხულობდა იმ ინფორმაციას, რაც ბათუმში ჩასვლისას ოცჯერ მაინც წაიკითხა.

17 წლის ელენე ჯინჭარაძე მეგობრებთან მიდიოდა, თუმცა სახლის კართან ყელგამოჭრილი დააგდეს.
თავს უცნაურად გრძნობდა.
არ უნდოდა სახლი ასეთ მდგომარეობაში დაეტოვებინა, მაგრამ ხელსაც ვერ ახლებდა რამეს.
მოკლულის სახლიც უნდა შეემოწმებინა, მშობლები და მეგობრები უნდა დაეკითხა... და სახლის მეპატრონე? ისიც არ უნდა გამორჩენოდა, კესოს აზრით აქაც იყო მკვლელი...
სულ რამდენიმე საათის ჩამოსულს იმდენი საქმე ჰქონდა... არ იცოდა რით დაეწყო.
საბოლოოდ მაინც მკვლელობის ადგილას გადაწყვიტა მისვლა. ფოტოაპარატი და ჩანთა აიღო, სადაც საჭირო ნივთები ედო და სახლიდან გავიდა.
ალბათ, მის მისვლამდე სახლის მეპატრონე რომ დაბრუნებულიყო, აუცილებლად ახალი თავშესაფრის პოვნა მოუწევდა.

დიდხანს უყურებდა ჯინჭარაძეების სახლის შესასვლელს.
არანაირი კვალი სახლამდე არ მიდიოდა. ის ადგილი, სადაც ჩვიდმეტი წლის გოგონა 'ეგდო', სისხლით იყო დაფარული.
დიდხანს უყურებდა წითელ სითხეს, რომელიც უკვე ცივ ბეტონს შეხმობოდა.
ვერაფერს ხედავდა.
ვერაფერს იგებდა და ის იყო წასვლას აპირებდა, რომ ფეხზე ამდგარმა რაღაც შენიშნა.
მხოლოდ ინერციით შებრუნდა ყვითელი ლენტებისკენ, მერე ისევ სახლს მიუბრუნდა.
ფოტო-აპარატი მოიმარჯვა და კმაყოფილი სახით გადაუღო სურათი კედელზე სისხლის კვალს. მერე მისი ნაწილი თეთრ ნაჭერზე გადაიტანა და ფაილში მოათავსა.
კედელს გაუყვა. კედლის კუთხეში კიდევ ერთი ასეთი ლაქა შენიშნა. კვლავ განაგრძო სიარული და ბოლოს სახლის უკანა ეზოში აღმოჩნდა. კვალი გაქრა.
ეზოში მხოლოდ ხის პატარა საქათმე იყო აშენებული და ასეთივე 'ნაგებობა', რომელიც კესომ საკუჭნაოდ ჩათვალა.
შესვლა დააპირა.
მიუახლოვდა და გაღება დააპირა, თუმცა კარს ბოქლომი ედო.
სიბრაზემ გადაურბინა მის გონებას და ახალი კითხვების მარაგი დაუტოვა. მერე სიბრაზე გაქრა, ინტერესმა ჩაანაცვლა.

ტელეფონის ზარის ხმამ ფიქრი შეაწყვეტინა. ეკრანზე თორნიკეს ფოტო ჩანდა. საქმიანი და ამავდროულად მეგობრული ტონით უპასუხა.
-რა ხდება?
-ჩამოვედი, სად ხარ?-მასაც ასეთი ხმა ჰქონდა. კესომ წარმოიდგინა როგორ ეწეოდა მანქანაზე მიყრდნობილი თორნიკე სიგარეტს და როგორ უმზერდა მწვანე თვალებით ჰორიზონტს, სადაც, სავარაუდოდ, არავინ იყო.
-უკვე?-ქალმა მაჯის საათს დახედა. მხოლოდ ოთხი საათი იყო გასული,-ასე მალე...
-კესო, არ ვიცი სად ცხოვრობ და მომწერე მისამართი, რა,-მუდარით სავსე ხმით დაიწყო მამაკაცმა.
კესოს ჩაეცინა. მხოლოდ მასთან იქცეოდა თორნიკე ასე.
ვინ იყო თორნიკე ჩადუნელი?
ის განყოფილების მთავარი გამომძიებელი იყო, ქალთა გულთამპყრობელი და საოცრად თბილი ადამიანი, თუმცა, სანამ მის სითბომდე მიაღწევდა ვინმე, აუცილებლად უნდა გაეძლო საშინელი სიმკაცრისთვის, აუტანლად ბევრი შენიშვნისთვის და მუდმივი უკმაყოფილებისთვის. ყველა თანამშრომელი უყურებდა მის ლამაზ, გამჭირვალე, მწვანე თვალებს და, ალბათ, ყველას ჰქონდა იმედი, რომ ოდესმე შეწყვეტდა თავისი ხასიათის ამ კუთხით გამოვლინებას, თუმცა ამავდროულად ყველამ იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა.
რა აკავშირებდა ამ კაცს კესანე ორბელიანთან?
ისეთი არაფერი. მხოლოდ კესოს მეგობრის ძმა იყო. თითქმის ყოველ წუთს ატარებდა გოგონა ნისიმე ჩადუნელთან და საკმაოდ ხშირად ხვდებოდა თორნიკესაც. მერე დამეგობრდნენ და განუყრელ მეგობრებადაც კი იწოდებოდნენ.
ახლა კი, თორნიკე ჩადუნელი კესანეს ელოდებოდა.
დიდი ხანი არ დასჭირვებია.
სახლში თითქმის ერთ დროს მივიდნენ-მართალია თორნიკემ დაასწრო, თუმცა სულ რამდენიმე წუთით.
-აბა, ჩემო კესო, ვინ შეგაშინა?-სწორი, წაბლისფერი თმა აუჩეჩა მაღალმა გოგონას და იმ წამსვე დაიმსახურა მისი უკმაყოფილო მზერა.
-არ შემშინებია!-ქალმა წარბები შეკრა და ისეთი მრისხანებით შეხედა, სხვა რომ ყოფილიყო, აუცილებლად შეეშინდებოდა.
-რა თქმა უნდა, აბა, შენ როგორ...-კაცმა გადაიხარხარა,-არადა, ტელეფონში ისეთი ხმა გქონდა...
-ჩადუნელი!-ქალმა წამოიყვირა და კარიც გააღო. ჯერ თვითონ შევიდა, მერე თორნიკე მიყვა.
-აი, აქ იყო სისხლი...-კარის სახელურზე ანიშნა.
კაცი კარს მიუახლოვდა. თვალებმოჭუტული დააკვირდა და მერე კესოს მიუბრუნდა.
-არაფერია...
-არ არსებობს!-კესომ ისე შეიცხადა, თითქოს თორნიკეს აღმოჩენით რაღაც დიდი და გამოუსწორებელი დაშავდა. ან იქნებ, მართლა ასე იყო...
-არაფერია, ნახე შენც,-მამაკაცი ახლა უკვე გასწორდა და ქალს ანიშნა, მიდიო.
-აბაზანაში ნახე, იქითაა,-აბაზანის კარზე მიუთითა ქალმა, თვითონ კი სახელურის შესწავლა დაიწყო.
არა, ნამდვილად იყო იქ რაღაც...
-კესო, მოჩვენებები თუ გჭირდა, აქამდე რატომ არ მითხარი?-თორნიკეს ხმა ოდნავ შორიდან ისმოდა.
-რას ამბობ?-ქალი მის გვერდით გაჩნდა და...-არა, თორნიკე, მართლა იყო... მართლა...
-რა იყო, კესო,-ირონიას ვერ მალავდა მამაკაცი. ძალიან უყვარდა ეს გოგო, თუმცა ცოტა უკვირდა მისი საუბარი.
-მთელ კედელზე ეწერა რაღაც... როგორ გაქრა ასე...-ქალს ხმა აუკანკალდა. არა, არ ეშინოდა, უბრალოდ ოდნავ ბრაზობდა საკუთარ თავზე. ხომ შეეძლო ესეც გადაეღო? ხმასთან ერთად ხელებიც აუკანკალდა. შეიძლება ოდნავ მართლაც შეეშინდა.
-მაინც რა ეწერა,-წარბშეკრულმა დახედა გოგოს.
-აქ ყველა თამაშობს, კესო. სჯობს თამაშის წესებს დაემორჩილო,-ქალმა მეხსიერებაში აღდგენილი სურათიდან წარწერა წაუკითხა.
-ზუსტად ეს?
-ხო. და მერე დიქტოფონიც ჩაირთო... იქაც მემუქრებოდა...
-კესო, მგონი ცოტა დასვენება გჭირდება...-კაცის თვალებში ეჭვმა დაიბუდა.
-რა?-გოგო წამოწითლდა სიბრაზიდან,-თორნიკე, ჩემი არ გჯერა?!-წარბაწეულმა შეხედა მეგობარს. წითელი ბაგეები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთს და ამითაც კი ხვდებოდა თორნიკე, თავისი სიტყვებით რამდენად გაუცრუა იმედი, თუმცა არაფერი უთქვამს. სააბაზანოდან გავიდა. კესო კი მარტო დატოვა. ვინ იცის, როგორ უნდოდა მეგობრის სუსტი და ამავდროულად ძლიერი სხეული თავის მკლავებში მოექცია, მაგრამ იცოდა, ეს არასწორი იქნებოდა...

კესო კი დიდხანს დარჩა ნესტიან ოთახში. უყურებდა საკუთარ თავს სარკეში, კედელს, სადაც ის წარწერა ნახა და ახსენდებოდა ის ხმაც, რომელის გაუჩერებლად მეორდებოდა.

ლუკა დევდარიანი გაიქცა. ჩვიდმეტი წლის გოგონას ყელი გამოჭრეს. უნახავს შვილის დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილით გამოფიტული მშობლები. მაგრამ ასეთი შემთხვევა არასდროს ჰქონია...
იქნებ ამან იმოქმედა მასზე? იქნებ, მართლა მოეჩვენა?
საკუთარი თავი დააჯერა ამაში. ალბათ, მართლა გადაიღალა.
მერე შეხება იგრძნო. იატაკზე მჯდარს გვერდით ვიღაც მიუჯდა, ხელი გადახვია და მკერდზე მიიკრა.
-კარგად ხარ?-თორნიკეს ხმა ისეთი თბილი იყო, კესოს წამით დაავიწყდა კიდეც, რა ხდებოდა.
-კი,-მშვიდად უპასუხა.
-კარგია,-რამდენიმე წამის შემდეგ თქვა უფროსმა,-წამო, გავისეირნოთ, საღამოს იცი, რა ლამაზია ზღვა?
კესოს ჩაეცინა. თორნიკეს მკერდს მოშორდა და მის შემხედვარეს გაუკვირდა, როგორ შეეძლო უბრალოდ ზღვას ასე გაემხიარულებინა ის.
-ვიცი, ვიცი,-ქალმა კიდევ ერთხელ შეხედა თორნიკეს თვალებში ათამაშებულ ანც წერტილებს და ჩაეცინა, თუმცა მაინც წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.

შებინდებისას უკვე სანაპიროზე იყვნენ. ჯერ კიდევ ხალხით იყო იქაურობა სავსე. თორნიკეს კესოსთვის ხელი ჰქონდა გადახვეული. რამდენიმე წუთით ასე მიაბიჯებდნენ რუხ ქვიშაში. მზის ჩასვლაა უყურებდნენ და თითქოს სიამოვნებდათ ეს, ამშვიდებდათ...
მერე ქვიშაზე დასხდნენ. ერთმანეთის გვერდი-გვერდ იყვნენ და საქმის ფურცლებიც გადაინაწილეს.
-მშობლებს უნდა დაველაპარაკოთ, უკანა ეზოში რაღაც შენობები აქვთ და იმათი შემოწმება მინდა... აქ ბავშვი ეგდო, თუმცა, როგორც ჩანს უკან მოკლეს,-ფოტოზე მიუთითა კესომ,-ან საიდანღაც მოათრიეს. ლუკა დევდარიანი ინციდენტამდე დაახლოებით ორი საათით ადრე ციხიდან გაიქცა...
-ის გგონია დამნაშავე?-დიდი ინტერესით იკითხა თორნიკემ, თან კესოს გადაღებულ ფოტოებს აკვირდებოდა.
-ჯინჭარაძეებს უნდა დაველაპარაკოთ...

***

შვილმოკლული მშობლები ჯერ კიდევ ვერ აღიქვამდნენ იმას, რაც მოხდა. დედის თვალებში კვლავ ჩანდა ყელგამოჭრილი ელენეს სახე.
ცდილობდნენ მშვიდად ესაუბრათ თორნიკე და კესო, რომ უფროსი ქალბატონი და მამაკაცი უფრო არ აენერვიულებინათ.
-ვინმესთან ხომ არ ჰქონია დაპირისპირება?
-ვისთან აპირებდა შეხვედრას?
-ბოლო დროს რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ?
-მის მეგობრების სიას ვინმე ხომ არ შეემატა?
და ყველა კითხვას მხოლოდ ერთ დასკვმანდე მიყავდა გამოცდილი გამომძიებლები.
ბოლოს კი, როცა თირნიკემ ქალს გადახედა და მზერით ანიშნა, წავიდეთო, უმცროსმა თავის მცირე გაქნევით ანიშნა, არაო. მერე ქალბატონ ნინოსა და ბატონ ვაჟას მიუბრუნდა.
-თაია კალანდაძეს იცნობდა?
ქალის ხმა გაჩმჟღერდა სახლში და მერე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს ერთმა უბრალოდ კითხვამ, უბრალო სახელმა და გვარმა ენა ამოაგლიჯა ყველას. სიჩუმე იმდენად საშინელი იყო, იმდენად ხმაურიანი და საზარელი...

***

-სერიოზულად ლუკა დევდარიანს ადანაშაულებ?-მამაკაცის ხმა უკვე თავისსავე მანქანაში ისმოდა. ქალი მას არ უყურებდა, საქარე მინაში ერთ წერტილს აშტერდებოდა, რომელიც, ალბათ, თავისთვის საინტერესო იყო, თუმცა თორნიკე იქ მხოლოდ გზისა და ცის გასაყარს ხედავდა.
-ლუკა დევდარიანმა მოკლა თაია კალანდაძე. ყველა თვლის, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა, თორნიკე, სხვა შემთხვევაში არ დაიჭერდნენ ამდენი ხნით. თუ ელენე თაიასთან ძალიან ახლოს იყო, იქნებ... დაფიქრდი, იქნებ არც უნდოდა თაიას მოკვლა? იქნებ მისი სამიზნე სწორედ ელენე იყო? თანაც, ელენე სასამართლოზე მისი მოწინააღმდეგე იყო...

***

ახალი ოთახის ქირაობა გადაწყვიტა თორნიკემ. კესოს კი ისე ეწყნა ეს.
-კარგი, რა,-თორნიკეს ჩაეცინა მას რომ შეხედა,-ნუ მიყურებ კნუტის თვალებით.
-არ მინდა მარტო დარჩენა.
-მართლა შეგეშინდა?
-არ შემშინებია, უბრალოდ...-კესომ სახლს მოავლო თვალი,-კარგი, რა, თორნიკე, დარჩი უბრალოდ, რა...

და იმ ღამეს არც წასულა თორნიკე.
კესოს გვერდით იწვა და მის სუსტ, გამხდარ სხეულს მკერდზე ძლიერად იკრავდა.
ქალს ახსენდებოდა პირველად როდის მოიქცა თორნიკე ასე. ახსენდებოდა და მისი ტუჩები ოდნავ იცვლიდნენ ფორმას.
ისე დაეძინა, ვერაფერი გაიგო, მხოლოდ თორნიკეს სითბო, რომელიც ზაფხულის სიცხეზე ბევრად სასიამოვნო იყო.

მეორე დილით კი თითქოს სიცივემ გააღვიძა, რომელიც თორნიკეს წასვლამ გამოიწვია. თხელი ხალათი მოიცვა და საძინებლიდან გავიდა. ახალგაღვიძებულს თმა აბურდვოდა და სახე დასწითლებოდა.
-რას გავხარ,-უფროსი ჩადუნელის ხმამ მიაღწია თუ არა კესომდე, მაშინვე შეეკრა კესოს წარბები.
-შენს თავს შეხედე,-ჩაიცინა და აბაზანაში შევიდა.

მერე სიჩუმე ჩამოწვა. ისეთი სიჩუმე, ავისმომასწავებელს რომ ეძახიან.
სარკეზე ახლა ახალი წარწერა იყო.

*მკვლელი თბილისშია*



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან დამაინტერესა. ორი გამომძიებელი ოთახში იყო და ვიღაც შედის აბაზანაში? მართლა კარგი იყო და არ დააგვიანო რა?

 


№2  offline წევრი jenniferi

ვოოოუ არ ველოდი ნამდვილად შემდეგ მოთხრობას თუ ასეთი შინაარსით დაწერდი, ჯანდაბას ძალიან საინტერესო და ჩამთრევია ნამდვილად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent