მთვარეული (თავი 2)
დილას ჩეხეთის რესპუბლიკაში გავიღვიძე. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ოცნების ქალაქში - პრაღაში ვიყავი და ცხოვრების ნულიდან დაწყებას, სწორედ რომ აქ ვაპირებდი. სასტუმრო, რომელშიც დავბინავდი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ ხალხმრავლობა, ტურისტების ნაკადი და ტრამვაების მიმოსვლა სარკმლიდან შესანიშნავად ჩანს. ამ ქალაქს საოცარი მუხტი აქვს. დილიდან უსაზღვრო ენერგიითა და პოზიტივით ავივსე. კარადა ღიმილით გამოვხსენი, ჭრელი, მოკლე სარაფანი გამოვიღე, თეთრი კედები მოვირგე და ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურე. მისი სილამაზით, არქიტექტურითა და ღირსშესანიშნაობებით აღვფრთოვანდი. მთელი ქალაქი ერთ დღეში შემოვიარე. სასტუმროში მისავათებული, თუმცა კმაყოფილი და უბედნიერესი დავბრუნდი. მეორე დილიდან სამსახურისა და სახლის ძიებას შევუდექი. თავიდანვე ვიცოდი, რომ მარტივი არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ ასე თუ გამიჭირდებოდა ვერ წარმომედგინა. ერთი კვირის განმავლობაში ყველანაირმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. პარასკევ საღამოს განსატვირთად ბარში, ჩეხური ლუდის დასაგემოვნებლად წავედი. ადგილი მარჯვენა კუთხეში, ფანჯარასან დავიკავე და გამვლელთა ცქერას შევყევი. ჩემ მოპირდაპირედ ორი მამაკაცი და ერთი ქალი რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ. სმენა დავძაბე და გარკვევით გავიგე, რომ მათი კამათის მიზეზი საბუთები იყო, რომელიც ქერა, მწვანეთვალებიან მამაკაცს მაგიდის შუაში მოეთავსებინა. პროფესიით ეკონომისტს იმის მიხვედრა არ გამჭირვებია, რომ საქმე ციფრთა შეუსაბამობასთან გვქონდა. გაურკვევლობაში მყოფთ მორიდებული, გაუბედავი ნაბიჯებით მივუახლოვდი და ჩავახველე. ყურადღება იმწამსვე მივიქციე და სამი წყვილი თვალი ჩემკენ მივიპყარი - უკაცრავად, შემთხვევით თქვენი საუბარი მოვისმინე, პროფესიით ეკონომისტი გახლავართ, ამ სფეროში გამოცდილებაც მაქვს. თუ წინააღმდეგნი არ ხართ, იქნებ დაგეხმაროთ?! სამივემ მომენტალურად ჩამათვალიერა, შემდეგ შავგვრემანმა მამაკაცმა გვერდითა მაგიდიდან სკამი მოწია და ხელით დაჯდომისაკენ მომიწოდა. ღიმილით ჩამოვჯექი და საბუთები ჩემკენ მოვაბრუნე. თითოეული გვერდი გულდასმით წავიკითხე და ჩემი მოსაზრებაც გავუზიარე. რამდენიმე წუთს ყოყმანით შემომცქეროდნენ, შემდეგ ერთმანეთს გადახედეს, თითქოს ერთი მეორის თანხმობას ელოდნენ, სამივე ერთდროულად წამოდგა, გადავამოწმებთო, მადლობა გადამიხადეს, ხელი ჩამომართვეს და წავიდნენ. მათი დახმარებითა და პრობლემის გადაჭრაში ჩემი წვლილის შეტანის გამო შინაგან კმაყოფილებას ვგრძნობდი. ამ ამბის შემდეგ 1 თვე გავიდა. ამასობაში სახლიც ვიპოვე და დროებითი სამუშაოც. სამსახურში წასასვლელად ტრამვაის ველოდი. მოულოდნელად უკნიდან ვიღაც მკლავში მწვდა. შეშინებული ადგილზე შევხტი. - მაპატიეთ, თქვენი შეშინება არ მინდოდა, უბრალოდ ისე გამიხარდა თქვენი დანახვა თავი ვერ შევიკავე. მართალი იყავით, როცა ბუღალტერთან გაგვიშვით. ყველაფერი გამოვიძიეთ და მისი ბრალეულობა დამტკიცდა. ძალიან ვინანეთ ვიანობა რომ არ გკითხეთ. არ ვიცოდით სად მოგვეძებნე. ჩვენს კომპანიაში ადგილი გვინდოდა შემოგვეთავაზებინა. რას იტყვით? გაოგნებული ვუყურებდი, ჩემმა ტვინმა მოსმენილის გააზრება ძლივს შეძლო. ის კი, ჩემს პასუხს მოთმინებით ელოდა. - აბა, თანახმა ხარ? სიხარულისაგან ენა დამება და მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე. ასე დაიწყო დიდ კომპანიაში ჩემი პატარა მოღვაწეობა. ყველაფერი დღითიდღე უკეთესობისაკენ მიდიოდა. ჩემი გავლენა და სტატუსი იზრდებოდა და მალე პარტნიორობაც შემომთავაზეს. ცხოვრება ნელ-ნელა დავასტაბილურე, თუმცა დროებით. ეს უკანასკნელი მალე ისევ თავდაყირა დადგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.