შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამილახვარი (თავი 1)


15-09-2019, 14:45
ავტორი abezara98
ნანახია 3 386

ყველასთვის კარგად იყო ცნობილი შავ ზღვაში მოცურავე „პოსეიდონი“ რომ წითელწვერა მეკობრეს ეპყრა. იგი მეტად დაუნდობელი მეკობრის სახელით იყო ცნობილი, სანამ ქალი არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. ამის შემდეგ მეკობრე, რომლის სახელიც უბრალოდ არ შემორჩა ჩვენს მეხსიერებას, გაუჩინარდა და მხოლოდ 24 წლის შემდეგ კვლავ დაიწყო მითქმა-მოთქმა მეკობრეზე, რომელიც საერთოდ არ შეცვლილიყო ამ პერიოდის განმავლობაში. „პოსეიდონმა“ კვლავ შეცურა ზღვაში და თავისი საქმიანობა განაგრძო.
„პოსეიდონის“ კაპიტნის გაუჩინარებიდან ზუსტად ოთხ წელიწადში, გაზაფხულის დადგომის პირველივე დღეს ეკატერინე ამილახვარი ოფლში გაღვრილი ბოლო ხმაზე კიოდა და სამშობიარო ტკივილებისგან გატანჯული ცდილობდა რაიმეს მაინც მოსჭიდებოდა, რომ ოდნავ მაინც გადაეტანა ყურადღება. იმ ღამით ქალი ლამის გადაჰყვა მოლოგინებას. უკვე თენდებოდა, მზის პირველი სხივები იწვერებოდა კავკასიონის მუდამ დათოვლილი ქედების უკნიდან, როცა ეკატერინემ ბოლოჯერ შეჰყვირა და ქვეყანას ულამაზესი გოგონა მოევლინა, რომელსაც ბებიის საპატივცემულოდ მელანია დაარქვეს, მაგრამ ყველანი მელანოთი მიმართავდნენ. ბავშვს მელანივით ლურჯი თვალები და ჩალისფერი თმა ჰქონდა და რაც იზრდებოდა, მით უფრო მშვენიერდებოდა. მელანია პირველი შვილი და ერთადერთი ქალიშვილი იყო ამილახვრების ოჯახში, დანარჩენი ყველა ვაჟი შეეძინა ბიძინა ამილახვარს, ამიტომაც მას ყველა სურვილს უსრულებდნენ და განებივრებული ჰყავდათ. მაგრამ მისნაირი მორცხვი, სიფრიფანა და უბრალო გოგონა მეორე არ დადიოდა მთელს საქართველოში. მას ბავშობიდანვე ასწავლიდნენ რამდენიმე უცხო ენას და 16 წლის შესრულდა თუ არა, პარიზში გაუშვეს სასწავლებლად. 6 წლის შემდეგ კი, მოაწია იმ დრომ, როდესაც მელანოს შინ დაბრუნება აუცილებელი გახდა.
1888 წლის 5 მაისს, მზიან და ოდნავ ქარიან დღეს მარსელის პორტიდან გამოვიდა ორთქლის ძრავაზე მომუშავე ფრანგული გემი „სესილია“, რომელსაც გეზი ბათუმისკენ ჰქონდა აღებული. გემი რამდენიმე პორტში უნდა გაჩერებულიყო, ამიტომაც მარსელიდან ბათუმამდე მგზავრობა სამ კვირაზე გაიწელა, რაც მელანოსთვის ნამდვილ ჯოჯოხეთს წარმოადგენდა. გოგოს ზღვის ავადმყოფობა სჭირდა და უმეტეს შემთხვევაში საკუთარ კაიუტაში იწვა გაფითრებული და მხოლოდ მისმა მსახურებმა თუ იცოდნენ, რომ გემბანზე მელანო ამილახვარიც იყო მგზავრი. აშკარად ერჩივნა ხმელეთით წამოსულიყო, მაგრამ მატარებელს უფრო დიდი დროს სჭირდებოდა, ამიტომაც ისევ გემი ამჯობინა.
უკვე შავ ზღვაში იყვნენ შემოსულები და მელანოც თითქოს ცოტა უფრო მომჯობინდა. იგრძნო გულმა სამშობლოს სიახლოვე და სულ სხვანაირად აფართხალდა, მაგრამ მაინცდამაინც ამ წ....ბში დაატყდა თავს „სესილიას“ უბედურება. მელანო კვლავ კაიუტაში იყო წამოწოლილი და ზღვის ავადმყოფობით დასუსტებული დაძინებას ცდილობდა, როდესაც გემბანზე ჩოჩქოლი ატყდა. მსახური ბიჭი მაშინვე ამბის გასარკვევად გაიქცა და უკან სრულიად გადაფითრებული დაბრუნდა.
-რა ხდება, ილია? - ჩამწყდარი ხმით იკითხა მელანომ და თვალების გახელა უშედეგოდ სცადა.
უჭმელობისა და ავადმყოფობისგან სრულიად გამოჰფიტვოდა ორგანიზმი და ყოველ წამს ძილი ართმევდა თავს.
-ქალბატონო, უნდა გავიქცეთ. გემს თავს დაესხნენ!
-კი, მაგრამ... - მაგრამ მელანომ სიტყვის დასრულებაც ვეღარ მოასწრო, კაიუტაში რომ დამბაჩის ხმა გაისმა და ილია უსულოდ დაეცა იატაკზე.
მელანომ მხოლოდ წამით მოჰკრა თვალი კაიუტაში შემოვარდნილ მთლიანად შავებში გამოწყობილ მამაკაცს, ერთი შეჰკივლა და ისედაც დასუსტებულმა წამსვე გონება დაკარგა. კაცმა მაშინვე ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული, კიბეები მარდად აირბინა და გემბანი დატოვა.
რამდენიმე საათშივე გავრცელდა ბათუმში ჭორი, რომ შავ ზღვაში ფრანგულ გემს თავს დაესხნენ მეკობრეები, გემი ჩაიძირა, ეკიპაჟი და მგზავრები გადარჩნენ, მაგრამ რამდენიმე მათგანი ტყვედ იყო აყვანილი. ტყვეებს შორის კი ამილახვრის ქალიშვილიც ერია. ზოგი იმასაც ამატებდა, რომ ეს ამბავი „პოსეიდონის“ კვლავ ზღვაზე გამოჩენას უკავშირდებოდა. ეს უკვე მესამე გემი იყო, რომელიც „პოსეიდონმა“ ჩაძირა. აქედან ორი მათგანი კი ბათუმიდან იყო გასული. უმეტესობა ვიშვიშებდა, საწყალი გოგოო დაიძახებდა ერთი-ორს და მეორე წუთს აღარც კი ახსოვდა ეს ამბავი. სამაგიეროდ, მელანოს დასახვედრად მოსულმა ამილახვრების მოურავმა მაშინვე გამოატრიალა ცხენი და დაუზოგავი ჭენებით გაემართა უკან, რომ ბატონისთვის ახალი ამბავი შეეტყობინებინა.
გონზე კვლავ იატაკის რწევამ მოიყვანა. ისედაც დასუსტებულს თავი უარესად უბჟუოდა და თვალების გახელისას აცეკვებული ფერადი წერტილების დანახვა არ გაჰკვირვებია. იქაურობის დათვალიერება მხოლოდ მზერის დაწმენდის შემდეგ შეძლო და აღმოაჩინა, რომ კვლავ გემზე იმყოფებიდა, მაგრამ ეს კაიუტა სულაც არ ჰგავდა იმას, რომლითაც მგზავრობა დაიწყო. შეძლებისდაგვარად გასწორდა საწოლში და კაიუტას უკეთ მოავლო თვალი. გემის რყევა და დასუსტებული ორგანიზმი ამის საშუალებად ნაკლებად აძლევდა, მაგრამ მაინც წამოდგა და კედელზე მიყრდნობილი ნელა გაუყვა გზას კარისკენ. არ მოელოდა, რომ ღია დახვდებოდა, მაგრამ საიმედოდ ჩარაზული კარის აღმოჩენამ მაინც რაღაცნაირად იმედის ის მცირე ნაწილიც კი ჩაუკლა, რაც აქამდე მოჰყვებოდა. უღონოდ დაარტყა რამდენჯერმე ხელის გული შემდეგ კი გემი უფრო შეირყა, მელანოს ჰაერში აწეული ხელი გაუშეშდა, თავი ვეღარ შეიმაგრა და უღონოდ გადავარდა უკან. კიდევ კარგი იატაკზე ხალიჩა მაინც ეგო და შედარებით რბილად დაეცა, მაგრამ დაცემისას მარცხენა ხელი მოჰყვა და ყველაფერთან ერთად ახლა ისიც სტკიოდა. მელანო ხალიჩიდან აღარც წამომდგარა, უბრალოდ ამის ძალაც კი აღარ შესწევდა. იწვა და კარის ზემოთ დაკიდებულ ორ ცალ ზეთის ლამფის ქანაობას ადევნებდა თვალს. იმასაც ვერ იტყოდა, რამდენ ხანს იწვა ასე, მაგრამ 215-ჯერ რომ გაქანდნენ ლამფები აქეთ-იქით, ეგ დაითვალა. შემდეგ კი გასაღების ჩხაკუნმა მიიპყრო მისი ყურადღება 10 წამიც არ იყო გასული, რომ კაიუტაში ლანგარმომარჯვებული ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. ქალის იატაკზე დანახვამ გააოცა, ლანგარი მაშინვე მაგიდაზე დადო თავად კი მელანოსთან ჩაიმუხლა და ხელი გაუწოდა. ქალმა გაოცებულმა და ოდნავ დამფრთხალმა ახედა და შერჩენილი ძალით უკან გახოხდა.
-ვინ ხართ? რა გინდათ ჩემგან? - ამოიკნავლა და მაგიდის ფეხს შეშინებული აეკრო.
კაცმა მხოლოდ თავი გადააქნია, ქალს უხმოდ ჩაავლო ხელი და ფეხზე ააყენა.
-არ მომეკაროთ! - ხელიდან დასხლტომა მოინდომა მელანომ და ოდნავ უბიძგა მკერდზე.
მამაკაცს ყრუ ოხვრა აღმოხდა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. კარგად გამოჩნდა, როგორ შეეღება მხართან სპილოსძვლისფერი პერანგი წითლად, მელანომ კი რწევას კვლავ ვერ გაუძლო და უღონოდ ჩაიკეცა.
-ადექი, უნდა ჭამო, სუსტად ხარ! - ხმა ამოიღო კაცმა და ზურგი აქცია, - ერთ საათში დავბრუნდები და ეს ყველააფერი ნაჭამი გქონდეს!
სიტყვა დაუბარა იატაკზე ჩაკეცილ ქალს და ისე გაიხურა კარი, წამითაც არ გამოუხედავს ზურგს უკან. რა თქმა უნდა, არც გასაღებით ჩაკეტვა დავიწყებია. მელანომ ამოიქვითინა და წამოიწია. ოღონოდ ჩამოეყრდნო მაგიდის კიდეს და წამოდგა კიდეც. გაორებული მზერით შეხედა კართან ახლოს მდგარ პატარა მაგიდაზე დადებულ ლანგარს, რომელზეც უმეტესად დაჭრილი ხილი დაეწყოთ წყალთან, ყველთან და პურის რამდენიმე ნაჭერთან ერთად. გემი კიდევ ერთხელ შეირყა, მელანოს კი საჭმლისკენ წაღებული ხელი უღონოდ ჩამოუვარდა და იატაკზე ჩაიკეცა.
გონზე მოსული ისევ იმავე საწოლზე იწვა, იმავე კაიუტაში. წინ კი ის ბიჭი ეჯდა, ცოტა ხნის წინ საჭმელი რომ შემოუტანა.
-ზღვის ავადმყოფობა გჭირს? - პირდაპირ ჰკითხა უცნობმა და თვალებში შეაცქერდა, - მიპასუხეთ, ამილახვრის თავნება ქალბატონო! - ხმა უფრო მომთხოვნი გაუხდა, როცა მელანომ არაფერი უპასუხა.
ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია და მზერა აარიდა. ვერ უყურებდა დიდხანს ღია ყავისფერ თვალებში. რაღაცნაირად მტრულად შესცქეროდა ბიჭი, რაც ძალზედ აშინებდა ქალს.
-თქვენთვის არ უსწავლებიათ, თუ არ შეჭამ, ვერანაირ ავადმყოფობას ვერ დაამარცხებო? - იმავე ხმით აგრძელებდა კაცი.
-არ შემიძლია, ვერ შევჭამ, - ჩანგალზე წამოცმულ ხილის პატარა ნაჭერზე მაშინვე თავი გააქნია და თავბრუც დაეხვა, - მაინც უკან მომიწევს მერე ამოღება.
-ჭამე და ნუ მეწინააღმდეგები! - შეუღრინა ბიჭმა და ძალით შეაჭამა რამდენიმე ლუკმა.
მელანოც მორჩილი ბავშვივით დაჰყვა მის ნებას და ცოტა ხანში ენერგიის მომატება იგრძნო თუ არა, კითხვის დასმაც გაბედა.
-რა გინდათ ჩემგან?
-ჭამე! - ჩანგალი ლანგარზე დააგდო უცნობმა, შემდეგ კი წამოდგა და ისევ ხმისამოუღებლად გაიკეტა კარი.
***
რამდენიმე დღე უცნობი აღარ გაჰკარებია მელანოს (სინამდვილეში კი საკუთარ) კაიუტას. მის ნაცვლად ვიღაც ახალგაზრდა ქალს შეჰქონდა საჭმელი და ზუსტად იმავე მტრული მზერით აჯილდოებდა, როგორითაც პირველ დღეს. არავინ, საერთოდ არავინ აქცევდა კარზე ატეხილ კაკუნს და მისი კითხვებიც კვლავ უპასუხოდ რჩებოდნენ.
ამ გემზე გამოფხიზლებიდან მეოთხე დღეს კი ისევ იმ უცნობმა ინება საჭმლის შემოტანა. კაცი არც ისე მხნედ და კარგად გამოიყურებოდა, როგორც პირველ დღეს. სახეზე ოფლი ასხამდა და შესამჩნევად ებლიტებოდა თვალები.
-ცუდად ხართ! - მელანოს წამში დაავიწყდა ზღვის ავადმყოფობაცა და საკუთარი სისუსტეც, მაშინვე უცნობთან მიიჭრა და მხარში შეუდგა.
ბიჭმა ყრუდ წამოიკვნესა და ლანგარი ლამის ხელიდან გაუვარდა. ლანგარი მაგიდაზე დაადებინა, თავად კაცს კი დაწოლაში მიეშველა და თავზე დაადგა.
-არ მეტყვით, რა გჭირთ? იქნებ, შემიძლია დაგეხმაროთ.
-შეენ? - ძლივს ამოილუღლუღა კაცმა.
-დიახ, მე, - არ შეეპუა ქალი, - ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და ვერავის მივატოვებ, რაც არ უნდა არაკაცი და ნაძირალა იყოს ის.
კაცმა მხოლოდ ჩაიცინა და არაფერი უპასუხა, მაგრამ პასუხი არც დასჭირვებია, კაიუტაში ქალი შემოიჭრა ერეკლე, ერეკლეს ძახილით და როგორც კი დაწოლილი დაინახა, მაშინვე მელანოს მივარდა.
-რა გაუკეთე? მითხარი ახლავე, რა გაუკეთე! - ლამის ისტერიკაში ჩავარდნილიყო და მელანო ადგილზე მოეკლა შეშლილი სახით მდგომს.
-მე... მე არაფერი, - დაიბნა ქალი.
-დარეჯან, შეეშვი, - ძლივს ამოილუღლუღა ერეკლემ და თითქოს ქალიც გონს მოვიდაო, მელანოს შეეშვა და მაშინვე კაცთან მივიდა.
-ხომ გითხარი, არ ადგე, მე შევუტან საჭმელს-მეთქი? - ზიზღნარევი ხმით თქვა დარეჯანმა და ამ გრძნობითვე სავსე თვალებით გახედა მაგიდის კუთხეში საწყლად აწურულ მელანოს, - მაგრამ შენ ხომ შენი ნათქვამი ხარ. თავად „პოსეიდონის“ კაპიტანი თუ არ მოემსახურა თავადის ასულს ისე არ ეკადრება ჭამა, არა?
მაგრამ ერეკლეს ხმა არ გაუცია, თვალები მიელულადა სულ მალე ბორგვა დაიწყო.
-უნდა მითხრათ, რა სჭირს, - ფრთხილად უთხრა დარეჯანს და მხარზე ხელით შეეხო, მაგრამ მაშინვე უკან გასწია, როგორც კი ქალის თვალებს გადააწყდა, - მართლა შემიძლია თქვენი დახმარება.
ქალს ვერ გადაეწყვიტა ნდობოდა თუ არა მელანოს სიტყვებს, ბოლოს კი საკუთარი ხელით შეუხსნა პერანგი კაცს და მხარზე არსებული ჭრილობა დაანახა, რომელზეც დადებული თეთრი სახვევი მუქწითლად შეღებილიყო.
-5 დღის წინ დაიჭრა, - ხმადაბლა თქვა დარეჯანმა და თითებით ოდნავ მიეფერა კაცს, - ჭრილობა დავამუშავეთ, ტყვიაც ამოვუღეთ და მოვწვით კიდევაც, მაგრამ მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, პირიქით.
-შეიძლება... მმმ... შეიძლება, ჭრილობას შევხედო?
ქალმა ოდნავ დაუქნია თავი და მელანოს მიახლოების საშუალება მისცა. მანაც მაშინვე მოხსნა სახვევი და როდესაც ინფექციაშეჭრილი და ოდნავ ფერშეცვლილი ჭრილობა დაინახა, მაშინვე დარეჯანს მიუბრუნდა.
-რამე მჭირდება, რითაც ჭრილობას გავუწმენდ, გავუსუფთავებ, დაზიანებულ და დაჩირქებულ ქსოვილებს მოვაცილებ და გადავუხვევ. ამასთან ყვრლაფერი სპირტით უნდა იყოს დამუშავებული. თუ სპირტი არ გექნებათ, არაყი ან ნებისმიერი მაღალი ალკოჰოლის შემცველი სასმელიც გამოდგება. ჰო, კიდევ, ძმარიც და ცივი საფენებიც დაგვჭირდება, სიცხე რომ დავუგდოთ.
დარეჯანი წამით ეჭვისთვალით შესცქეროდა თავის სტიქიაში მყოფ ამ სიფრიფანა გოგოს, შემდეგ კი ისევ თავი დაუქნია და კაიუტუდან გასხლტა. უკან მალევე დაბრუნდა მელანოს ნათხოვნი ყველა საჭირო ნივთი ხელებში ვეღარ ეტეოდა და ამიტომ მის უკან კიდევ ერთი კაცი მოდიოდა. ამილახვარმა ყველაფერი მაგიდაზე დაალაგებინათ და სასწრაფოდ საქმეს შეუდგა. დამხმარედ მხოლოდ დარეჯანი დაიტოვა, ის კაცი კი კაიუტიდან გაუშვა.
-იცოდე, რამე ისე რომ ვერ წავიდეს, - დაწყებამდე შეაბრუნა თავისკენ დარეჯანმა, - არ მაინტერესებს იქნება ეს შენი ბრალი თუ არა, ჩემი ხელით მოგკლავ ისე, რომ არც ამიკანკალდება.
მელანო კი მიხვდა, რომ იმ წამს ქალი სიმართლეს ეუბნებოდა და ცოტა არ იყოს შეშინდა. მართალია, აქამდეც გრძნობდა შიშს, მაგრამ ახლა თითქოს სიკვდილს პირდაპირ ჩახედაო თვალებში და მიხვდა, რომ მას დარეჯანის მწვანეების ფერი ედო.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ერეკლე მეორე დღეს მოვიდა გონს და გაოცებულმა გახედა საწოლთან მდგარ სავარძლებში მძინარე ქალებს. დარეჯანს უშფოთვრლად და მშვიდად ეძინა, აი, ამილახვრის ქალს კი კვლავ დაჰკარგვოდა ფერი სახეზე და სავარძელზე მოკუნტული ბორგავდა. ჭრილობა ყრუდ უფეთქავდა, მაგრამ იგრძნო კაცმა, რომ აშკარად უკეთესად იყო და სულ ოდნავ ძალაც მომატებოდა.
თითქოს ექიმის ინსტიქტმა იმძლავრაო, მელანომ ბორგვას უკლო და რამდენიმე წამში თვალები გაახილა კიდეც, მაგრამ ერეკლემ დახუჭა და თავი მოიმძინარა. აინტერესებდა, რას გააკეთებდა ქალი. მელანო თითქმის უხმაუროდ აკეთებდა ყველაფერს. ბოლოს კი ავადმყოფთან მივიდა და შუბლზე სულ ოდნავ მიადო ხელი. სიცხეს დაეწია და სველი კომპრესებიც აღარ იყო საჭირო. ტილო უკანვე დააბრუნა ქალმა და ძალიან ფრთხილად შუბლზე ჩამოყრილი ქოჩორიც გაუსწორა. შემდეგ კი კვლაც სავარძელს დაუბრუნდა და მშფოთვარე ძილს მისცა თავი.
***
ერეკლეს ძალების მოსაკრებად და ფეხზე წამოსადგომას ხუთი დღე დასჭირდა. ამ ხუთი დღის მანძილზე არც ერთი ქალი არ ტოვებდა კაიუტას და „პოსეიდონიც“ საქართველოს პორტების გარდა ხან რომელ პორტში შევიდოდა და ხან რომელში.
ერთ დღესაც გემზე კვლავ ჩოჩქოლი ატყდა. მელანო იმაზე უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე აქამდე და უბრალოდ წამოდგომის ძალაც კი აღარ ჰქონდა. ნახევრად გათიშული უსმენდა გემბანზე მორბენალ მეზღვაურებს და ცალკეულ სიტყვებს თუ მოჰკრავდა ყურს. მაგრამ ერეკლეს დაყვირებული ცეცხლი მაინც მშვენივრად გაიგო. წამით წარმოიდგინა კიდეც, რომ მამამისი მის საშველად მოვიდა და იმედი მიეცა, მაგრამ ნახევარ საათში ეს იმედი ისევე უკიდეგანოდ გაქრა და გაცამტვერდა, როგორც ამ გემზე პირველად გაღვიძებისას.
კაიუტაში ერეკლე შემოვიდა. ხელში ათი-თერთმეტი წლის ბავშვი ეჭირა და გააფთრებული იყურებოდა.
***
შემდეგში მელანომ აღმოაჩინა, რომ ეს პატარა ბიჭი მათრახით სასტიკად იყო ნაცემი, მაგრამ იმდენად ბრძოლისუნარიანი იყო, რომ თავისი პატარა ხელებით შეუდრეკლად ებღაუჭებოდა ყოველ წუთსა და წამს. მელანოს გული მოუკვდა ასე ცუდად მყოფი პატარას ნახვისას და ისიც აინტერესებდა, თუ რომელმა მხეცმა გაიმეტა ასე, მაგრამ ერეკლესთვის არაფერი უკითხავს. თითქოს უხმო ზავი დაედოთ და ერთმანეთს ხმასაც არ სცემდნენ. უბრალოდ ერეკლემ იცოდა, რომ მელანოზე უკეთ ამ ბავშვს ვერავინ მიხედავდა და აი, მოუყვანა კიდეც. იარები იმდენად ბევრი იყო და იმდენად ღრმა, რომ საწყალ ბავშვს ნაწიბურები უცილობლად დარჩებოდა, საერთოდ თუ გამოძვრებოდა ამ მდგომარეობიდან.
ბიჭი რამდენიმე დღე უგონოდ იყო. ამილახვარი კი ცდილობდა საკუთარი სისუსტე და ავადმყოფობა კვლავ დაეძლია და მთლიანად ბავშვზე გადართულიყო. ხშირად მიუწვებოდა ხოლმე გვერდით პატარას, აბურდულ თმებზე ეფერებოდა და სხვადასხვა ზღაპრებს უყვებოდა.
შემდეგ კი ბავშვმა თვალები გაახილა. იმ დროს მელანო დაზიანებულ ზურგზე საფენებს უცვლიდა და ბიჭმაც ტკივილჩამდგარი და შეშინებული თვალებით ახედა.
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, - მკრთალად გაუღიმა ქალმა და ბოლო საფენიც დაადო, - მე მელანო მქვია და შენ?
-მათე, - ამოიწრიპინა ბავშვმა.
-კარგი მათე. გაინტერესებს ალბათ, ხომ, სად ვართ?
-არა, ვიცი. თან დედა მაფრთხილებდა, უცნობებს არ დაელაპარაკოო.
-კი, მაგრამ, შენ ხომ უკვე მიცნობ? - ფართოდ გაიღიმა ამილახვარმა, - მე მელანო ვარ, აი, ის გოგო, რამდენიმე წუთის წინ რომ გაგეცნო.
ბავშვმაც გაიცინა მელანოს ნათქვამზე, მაგრამ მალე ისევ ტკივილმა მოუმანჭა სახე.
-გტკივა? - მაშინვე დაფაცურდა ქალი.
-დიახ.
-ცოტა ხანს მოითმინე, მალამო წაგისვი და მალე გაგიყუჩებს. მანამდე კი მელაპარაკე. თუ გინდა რამეს გაჭმევ. წესით მშიერი უნდა იყო. ან არ გწყურია მაინც?
-წყალს ნამდვილად დავლევდი, - მორცხვად ამოილაპარაკა ბიჭმა და სახეზე წამოწითლდა.
-არ მეტყვი, ზურგზე რა დაგემართა? - ცოტა ხანში ჰკითხა მელანომ და საწოლზე ჩამოუჯდა.
-მე... - რაღაცის თქმა უნდოდა, უეცრად ერეკლემ რომ შემოაღო კარი.
-ვიღაც გონზე მოსულა, - მხიარულად დაილაპარაკა კაცმა და თავადაც მიუახლოვდა საწოლს.
-ერეკლე, - ბედნიერმა დაიწრიპინა ბიჭმაც და უფრო ფართოდ გაეღიმა.
-როგორც ჩანს, ჩვენი თავადის ასული გაგიცნია უკვე.
-მელანო კარგი გოგოა, - მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ისევ აწითლდა, - მივლის და თბილად მექცევა. თავად გამეცნო, იცი?
-მე შენს ადგილას ასე აღფრთოვანებული არ ვიქნებოდი, მაინც ამილახვარია.
-რაა? - ამის გაგონებაზე ერთი-ორად გაუდიდდა თვალები ბავშვს.
მელანო გაკვირვებული მიაშტერდა კაცს. რა შუაში იყო ახლა აქ თუ ვინ იყო მელანო წარმოშობით. არა, ხვდებოდა, როგორი ზიზღით წარმოთქვამდა ხოლმე ერეკლეცა და დარეჯანიც თავადის სულს, მაგრამ ეგონა, რომ ეს მხოლოდ სტატუსის გამო იყო და არა მისი გვარის. რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ ამ დროს ერეკლე თვალების ბრიალს მოჰყვა და დადუმება არჩია.
-აბა, ახლა მითხარი, იმ გემზე როგორ აღმოჩნდი! - მხიარული სახე წამში დაისერიოზულა ერეკლემ და ბავშვმაც უფრო მეტად შეჭმუხნა წარბები.
პასუხი რომ ვერ მიიღო, ისევ თავად გააგრძელა საუბარი.
-ისევ არ დაუჯერე, ხომ დედაშენს?
ბავშვმა თავი გაჭირვებით გადაატრიალა და თვალი აარიდა კაცს.
-ამჯერად სად გაიქეცი? ვინმეს აედევნე თუ ისევ შენი მამაცობის დამტკიცებას აპირებდი რომელიმე შენი თანატოლისთვის? - ძალიან იყო გაბრაზებული ერეკლე და ბავშვს არ ინდობდა.
-მგონი, აჯობებს გახვიდე, - მშვიდად უთხრა მელანომ და ოდნავ შეეხო მკლავზე, მაგრამ ისეთი თვალებით გამოხედა კაცმა, მაშინვე ჩამოუშვა ხელი, - ერეკლე, გთხოვ. მას ახლა დასვენება სჭირდება. უკეთ რომ გახდება, მერე დაელაპარაკე.
ერეკლემ კიდევ ერთხელ დაუბღვირა ორივეს და მართლა დატოვა კაიუტა.
***
მიუხედავად ერეკლეს ნათქვამი სიტყვებისა და მათეს სიფრთხილისა, მელანომ მისი გულის მოგება ძალიან მალე მოახერხა. ფაქტობრივად იმდენად ენდობოდა და უყვარდა, როგორც ერეკლე და აღარც სიტყვაძუნწობდა ხოლმე. ხშირად ერეკლეც შემოვიდოდა და საუბარს ააწყობდნენ ხოლმე. პირველი დღის გაბრაზება აღარც კი ახსოვდა, მაგრამ მათეცა და ერეკლეც ჯიუტად დუმდნენ და ხმას არ იღებდნენ ბავშვის გამტაცებელზე. დარეჯანიც ამჩნევდა ამ სამეულის აშკარა დაახლოებას და ეს ნამდვილად არ მოსწონდა. უფრო მეტად ივსებოდა ბოღმით და ერეკლეს გადარჩენაც კი აღარ ახსოვდა, მელანოს მიმართ გამოვლენილ აშკარა ზიზღსაც მშვენივრად ამჩნევდა მთელი „პოსეიდონის“ ეკიპაჟი. არც აქამდე იყო დადებითად განწყობილი, მაგრამ ახლა ერთიანად გადაესვა ხაზი ყველაფრისთვის. თითქოს შეყვარებული ქალის გული წინდაწინ ხვდებოდა რაღაცას და მელანოში აშკარა კონკურენტს ხედავდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ვერაფერს აკეთებდა. იჯდა და ელოდა, როდის მოვიდოდა მისი დრო და აი, მაშინ, ამილახვრის ასული ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
შენი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებაო, აიმედებდა ბავშვს მელანო, მაგრამ მათრახით მიყენებულ ჭრილობებს პირი ვერაფრის დიდებით შეაკვრივენა. მართალია, მათესთან არაფერს იმჩნევდა და ბავშვის იმედით ანთებულ თვალებს ღიმილით პასუხობდა, მაგრამ საქმე ისე ვერ მიდიოდა, როგორც უნდოდა. თითქოს პატარას სხეული სპეციალურად ეწინააღმდეგებოდა და გამოჯანმრთელების ნაცვლადუფრო მეტად უარესდებოდა. კიდევ ერთი სახვევის გამოცვლის შემდეგ მათემ ტკივილისაგან მომანჭული სახით გამოხედა მელანოს და ქალი მიხვდა, რომ ბავშვი ყველაფერს ხვდებოდა და აზრი არ ჰქონდა რაიმეს დამალვას.
-ძალიან ცუდად გამოიყურება, არა? - გამტყდარი ხმით ჰკითხა და თვალები დახუჭა, რომ მელანოს მისი აცრემლიანებული თვალები არ დაენახა.
-უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. აი, მალე მივადგებით ნაპირს და იქ ნამდვილად უკეთესად მოგხედავთ.
-მელანო, ერთ რამეს დამპირდები?
-რასაც გინდა, - დაუფიქრებლად დასთანხმდა ბავშვს, როგორც კი ხასიათის გამოკეთება შეამჩნია, - გისმენ, აბა.
-ჩემს დას გადაეცი, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან მიყვარს და სულაც არ ვნანობ არაფერს.
-რას ამბობ? - ვერ მიხვდა ქალი.
-იცი, ერეკლე მართალი იყო. დედას არ დავუჯერე, სახლიდან შორს წამოვედი, მაგრამ არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც მას ჰგონია. მელანო, უფროსი და მყავს სახლში, მაგრამ დაც არის და დაც, - ჩაიცინა ბავშვმა და ზურგის ტკივილმა სახე მალევე მოუჭმუხნა, - მოდი, დაწექი აქ და ყველაფერს მოგიყვები.
ქალიც მაშინვე მიუწვა გვერდით, როგორც ამას ამ ბოლო დღეებში ხშირად აკეთებდა ხოლმე და თმაზეც მოეფერა.
-რა ჰქვია შენს დას?
-შორენა, მას შორენა ჰქვია. ჩემზე 5 წლით დიდია. იცი, არასდროს უთქვამს ერთი თბილი სიტყვაც კი, მაგრამ ვიცი, რომ ვუყვარვარ. და ამას საიდან მივხვდი, იცი? ერთხელ შემთხვევით ტყეში დავიკარგე და ჩემები მთელი ღამე მეძებდნენ, შორენა კი განსაკუთრებით. სწორედ მან მიპოვა. მართალია, ძალიან გამიჯავრდა და სილაც კი გამაწნა, ეს როგორ გააკეთეო, მაგრამ რომ დამინახა, ისე ჩამიკრა გულში, რომ ლამის გავიგუდე.
-და ახლაც არ შესცვლია დამოკიდებულება? - ინტერესით შეაცქერდა მელანო.
-არა, არასდროს. და ახლა მგონი ვხვდები კიდეც რატომ მექცეოდა ასე. ეგონა, რომ ჩემი დაბადებით მშობლების სიყვარული დააკლდა და მისი კუთვნილი წილიც კი მე მივისაკუთრე. მაგრამ, გეფიცები, არასდროს მდომებია ეგ, - უკვე ცრემლიანი თვალების დამალვასაც აღარ ერიდებოდა ბავშვი.
-არ ინერვიულო, კარგი? მთავარია, შენ ხომ იცი, რომ შორენას ძალიან უყვარხარ.
თითქოს ქალის სიტყვა არ გაუგონია, ბავშვი თავისას აგრძელებდა.
-ყოველთვის მჩაგრავდა და ისე მექცეოდა, როგორც მონას. იცი, ჩემი პირველი მოგონება რა არის, რაც ცხადად მახსოვს? - ოდნავ ჩაეცინა მათეს, - როგორ ვდგავარ სამფეხა სკამზე სამი თუ ოთხი წლის მე და ჭურჭელს ვრეცხავ თანაც შუა ზამთარში. შორენა კი ამ დროს საწოლზეა წამოწოლილი და თავის ნაწნავებს ეთამაშება. იმ დღესაც იმიტომ წამოვედი ასე შორს, რომ მისთვის რაღაცის დამტკიცებას ვცდილობდი, ოღონდ რაც ახლა ძალიან სულელურ მიზეზად მეჩვენება. ალბათ, როგორ ნერვიულობენ ჩემები.
-იცი, მეც მყავს თქვენნაირი ნაცნობები, - ღიმილით გააწყვეტინა მელანომ, - უფრო სწორად, მყავდა.
-გყავდა? - გაოცდა ბავშვი, - რატომ გყავდა და არა გყავს?
-რადგან დარწმუნებული არ ვარ ამ გემიდან ოდესმე ცოცხალი თუ გავაღწევ, - სიმართლე არ დამალა ქალმა და მძიმედ ამოიოხრა.
-რა სისულელეა, მელანო, - მაშინვე თავი გააქნია ბავშვმა, - ერეკლე ყველაზე კარგი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. მას შენი კი არა, ჭიანჭველას მოკვლა არ შეუძლია. მერწმუნე, არასდროს არაფერს არ დაგიშავებს, მიუხედავად იმისა, რომ ამილახვარი ხარ, - და ბავშვმა ეს გვარი ისე წარმოთქვა, თითქოს რამე საწყენი ეჭამოს და მალე გული აერევაო, - გთხოვ, მომიყევი მათზე.
-ვისზე? - უცებ დაიბნა ქალი.
-აი, შენს მეგობრებზე.
-ხო, - კვლავ სევდიანად გაიღიმა ქალმა, - ჩემს მეგობარს ალისა ჰქვია. ისიც შენი დასავით უფროსია. მისი მათე კი გაბრიელია. ისინი საფრანგეთში ცხოვრობენ და მერწმუნე, ალისასთან შედარები შენი და ნამდვილი ანგელოზია.
-მართლა? - თვალები გაუფართოვდა ბავშვს.
-შორენა ოდესმე მათრახით შეიარაღებული გინახავს, თან მსახურებს რომ ადგეს თავს და ბრძანებებს გასცემდეს? ამ მსახურებს შორის კი შენც ერიო და სიცხისა თუ სიცივის მიუხედავად მუხლჩახრილი გამუშავებდეს?
-ჩვენ მსახურები არ გვყავს, - დარცხვენილმა გაეპასუხა ბავშვი.
-მერე რა? მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა ამ ცხოვრებაში ღარიბი იყავი თუ მდიდარი. მთავარია, აი, აქ, მკერდის ქვეშ რომ გიცემს რამხელა და როგორი გექნება, - ქალმა საკუთარ გულზე მიიდო ხელი, რადგან მათე მუცელზე იწვა, ზურგი კი კვლავ წყლულებით ჰქონდა დაფარული, - ზოგს იმდენად პატარა გული აქვს, რომ მისი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს და მთელს ცხოვრებას ისე ატარებს, რომ ერთ კეთილ საქმეს არ ჩაიდენს. სწორედ ჩვენი გული გვაკეთებინებს ყველაფერს ცუდსაც და კარგსაც და ზოგჯერ ეს ცუდიც ზედმეტი სიყვარულისგან მოგვდის. სიყვარულიც გულიდან მოდის და საერთოდაც, გული რომ არა და მისგან წამოსული დადებითი და უარყოფითი გრძნობები, ადამიანები უბრალო ფიტულები ვიქნებოდით და ჩვენი ყოფა მხოლოდ არსებობა იქნებოდა და მეტი არაფერი. იცი, მე დაწმუნებული ვარ, რომ შენს დას უზარმაზარი გული აქვს, ისევე როგორც შენ, და მისი გულის უდიდესი ნაწილიც შენ გეკუთვნის. მას უყვარხარ, მაგრამ ვერ გამოხატავს, ისევე როგორც ჩემს ალისას უყვარს გაბრიელი. მაგრამ მას ჰგონია, რომ სწორედ ასე დამონება და უმცროსი ძმის ჩაგვრაა სიყვარულის გამოხატვა.
-მელანო, შორენას ხომ კიდევ ვნახავ? - ძალიან მისუსტებული ხმით იკითხა ბავშვმა და თვალებიც მიელულა. მელანოს მონოლოგის დროს ბავშვი აშკარად უფრო ცუდად გამხდარიყო.
-კი, აუცილებლად, ჩემო საყვარელო და თავად ეტყვი, თუ როგორ გიყვარს.
-არა, მელანო. მე ვერა, მაგრამ დამპირდი, რომ ამას შენ გააკეთებ.
-გპირდები, მათე, გპირდები.
-და კიდევ ერთი, მელანო. ერეკლეს აპატიე, ხო, ყველაფერი. არაა ცუდი. პირიქით, ძალიან კარგია, მაგრამ ჯიუტი და ძალიან ძნელად თუ გადაათქმევინებ რამეს. ხომ შემისრულებ, მელო? - უკვე თვალებსაც ვეღარ ახელდა და მხოლოდ ჩურჩულებდაღა.
-ყველაფერს, სულ ყველაფერს, - ტირილით ამოთქვა და შუბლზე აკოცა.
იმ ღამით სიცხემ უარესად აუწია მათეს. იმ დღის შემდეგ გონზეც კი აღარ მოსულა, მხოლოდ ხანდახან თუ წამოაბოდებდა რაღაცას და მალევე ჩუმდებოდა. ორი დღის შემდეგ კი სუნთქვაც შეწყვიტა.
მელანო ცრემლად იღვრებოდა, როცა ბავშვის სხეული ზეწარში გაახვიეს და გემბანზე აიტანეს. ერეკლემ იმ დღეს პირველად მისცა ქალს „პოსეიდონის“ გემბანზე ასვლის და კაიუტის დატოვების უფლება ამილახვარს, მაგრამ ბოლომდეც კი ვერ უყურა, როგორ შთანთქა და სამუდამოდ თავისთვის დაიტოვა ზღვამ პატარა მათეს სხეული. აქვითინებული დაუბრუნდა კაიუტას და ხელებში თავჩარგული მანამდე იჯდა, სანამ ერეკლეს ხმამ არ გამოაფხიზლა.
-მამაშენი, ეს მამაშენმა ჩაიდინა!
კაცის ხმაში ზიზღისა და სიძულვილის გარდა მწუხარებაც იგრძნობოდა, მაგრამ პირველ ორ გრძნობას ბოლო მათგანი გადაეფარა. ამილახვრის ასულმა გაოცებით ამოხედა და ორი სიტყვა ძლივს გადააბა ერთმანეთს.
-მამაჩემი რა შუაშია მათესთან?
-რა შუაშია და სწორედ ბიძინა ამილახვარი რომ არა, ახლა მათე ცოცხალი იქნებოდა! მამაშენია ის კაცი, რომელიც ბავშვებს იტაცებს და მერე ოსმალოებთან მონებად ყიდის. მამაშენის ნამოქმედარი იყო ის, რომ იმ დღეს მათე იმ გემზე აღმოჩნდა და სტამბულში გასაყიდად მიჰყავდათ! და ეს ყველაფერი უკვე წლებია გრძელდება! მათეს სიკვდილი მამაშენის და შენი ბრალიცაა! შენც ამილახვარი ხარ და მისი დამპალი სისხლი გიჩქეფს ძარღვებში! - ბოლო სიტყვები მთელს ხმაზე იღრიალა და კარი გაიჯახუნა.
შეშინებული და მთლად გადაფითრებული მელანო კი საკუთარ ფიქრებთან მარტო დატოვა.

***
მომენატრეთ და დაგიბრუნდით heart_eyes იმედია, მოგეწონებათ. ველი შეფასებებს heart_eyes



№1  offline წევრი Gemini mood

Dzalian magari iko uzomod momewonaa❤❤vgijdebi msgavs istoriebze imedi maqvs momdevno tavsac male dadeb erti suli maqvs rodis wavikitxav❤

 


№2  offline მოდერი abezara98

Gemini mood
Dzalian magari iko uzomod momewonaa❤❤vgijdebi msgavs istoriebze imedi maqvs momdevno tavsac male dadeb erti suli maqvs rodis wavikitxav❤

მიხარია, რომ მოგეწონა heart_eyes შენ ხომ არ იცი, როგორ ვღელავდი, როცა ამას ვტვირთავდი sweat_smile არ ინერვიულო, ნამდვილად მალე დავდებ შემდეგ თავს kissing_heart

 


№3  offline წევრი დარინა

მიხარია რომ დაბრუნდიიი, როგორც ყოველთვის შენ რომ იცი ისეთი დასაწყისი აქვს.

 


№4  offline მოდერი abezara98

დარინა
მიხარია რომ დაბრუნდიიი, როგორც ყოველთვის შენ რომ იცი ისეთი დასაწყისი აქვს.

ძალიან მიხარია, რომ გახსოვარ და კითხულობ ❤❤❤

 


№5 სტუმარი Mako

Zalian saintereso siuzetia,veli gagrzelebas

 


№6  offline მოდერი abezara98

Mako
Zalian saintereso siuzetia,veli gagrzelebas

მადლობა blush მიხარია, რომ მოგეწონა blush ახალი თავი ხვალ იქნება აუცილებლად blush blush

 


№7  offline წევრი Niniko11

ძალიაან მომეწონაა და დამაინტერესაა კარგად წერ, ასე განაგრძეე...
ახალი თავი მალე დადე რაა გთხოვ♡♡
წარმატებები♡♡♡♡

 


№8  offline მოდერი abezara98

Niniko11
ძალიაან მომეწონაა და დამაინტერესაა კარგად წერ, ასე განაგრძეე...
ახალი თავი მალე დადე რაა გთხოვ♡♡
წარმატებები♡♡♡♡

ძალიან მიხარია, თუ მოგეწონა heart_eyes მერწმუნე, ახალი თავი ხვალვე იქნება blush

 


№9 სტუმარი სტუმარი ალისა

აღარ ვიცი კიდევ რა დავწერო, იმდენი რაღაც დაგიწერე პირადად????მაგრამ ერთს მაინც დავამატებ: შენ ხარ ჩემი დიდი აღმოჩენა. სტილი, ენა, სიუჟეტი, ყველაფერი იმდენად ლამაზი, ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ძალიან დახვეწილია, რომ კითხვის დროს მართლა მე-19 საუკუნეში მგონია თავი და ამ ყველაფერს ძალიან ცოცხლად წარმოვიდგენ❤️მიყვარხარ❤️❤️????????

 


№10  offline მოდერი abezara98

სტუმარი ალისა
აღარ ვიცი კიდევ რა დავწერო, იმდენი რაღაც დაგიწერე პირადად????მაგრამ ერთს მაინც დავამატებ: შენ ხარ ჩემი დიდი აღმოჩენა. სტილი, ენა, სიუჟეტი, ყველაფერი იმდენად ლამაზი, ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ძალიან დახვეწილია, რომ კითხვის დროს მართლა მე-19 საუკუნეში მგონია თავი და ამ ყველაფერს ძალიან ცოცხლად წარმოვიდგენ❤️მიყვარხარ❤️❤️????????

ჩემი მუზა, სიყვარული და ყველაფერი ხარ შენ heart_eyes heart_eyes შენ და ლიკა რომ არა, ეს ისტორია კიდევ დიდხანს ვერ იხილავდა დღის სინათლეს sweat_smile მიყვარხარ heart_eyes heart_eyes

 


№11  offline მოდერი N1penguin

ვაიმე, სანამ კომენტარზე გადავალ, მეჩვენება თუ დიადმა ალისამაც კი კომენტარი დაგიწერა? scream (ტავტოლოგიას არ ვიმჩნევთ). ჰოოდა, ახლა მივყვეთ. მელანო რა შუაშიაა? ყველა რო უმეორებს, ამილახვარი ხარ, ამილახვარი ხარო.რო გადაარჩინა, მაშინ არ ახსოვდათ რო ამილახვარი იყო confused უსინდისოები ეეგ. მათე ასე მალე რატომ მოკალი? ცოდო იყო. ცოტა უკეთ გაგეცნო ჩვენთვის, შეგეყვარებინა და მერე მოგეკლა, მეტი დრამა იქნებოდა laughing ან ამ ერეკლეს რაღა უნდა, ვერაფერი გამიგია ჯერ. ხან ასეა, ხან ისე. როცა სჭირდება, თბილია და როცა არა, ხეპრე smile დარეჯანიც იმედია დიდი ხანი არ დამაგლეჯს ნერვებს unamused
პ.ს. დასასრულს ველოდებიი sweat_smile heart_eyes

 


№12  offline მოდერი abezara98

N1penguin
ვაიმე, სანამ კომენტარზე გადავალ, მეჩვენება თუ დიადმა ალისამაც კი კომენტარი დაგიწერა? scream (ტავტოლოგიას არ ვიმჩნევთ). ჰოოდა, ახლა მივყვეთ. მელანო რა შუაშიაა? ყველა რო უმეორებს, ამილახვარი ხარ, ამილახვარი ხარო.რო გადაარჩინა, მაშინ არ ახსოვდათ რო ამილახვარი იყო confused უსინდისოები ეეგ. მათე ასე მალე რატომ მოკალი? ცოდო იყო. ცოტა უკეთ გაგეცნო ჩვენთვის, შეგეყვარებინა და მერე მოგეკლა, მეტი დრამა იქნებოდა laughing ან ამ ერეკლეს რაღა უნდა, ვერაფერი გამიგია ჯერ. ხან ასეა, ხან ისე. როცა სჭირდება, თბილია და როცა არა, ხეპრე smile დარეჯანიც იმედია დიდი ხანი არ დამაგლეჯს ნერვებს unamused
პ.ს. დასასრულს ველოდებიი sweat_smile heart_eyes

დასასრულს შენ კი არა, მეც ველოდები sweat_smile და მოდი, ერეკლეს წინასწარ ნუ გამილანძღავ, რა იცი, მერე წინ არ დაგხვდეს და უკან წაღება არ დაგჭირდეს სიტყვების smirk და დიახაც, არაფერი მოგჩვენებია, თავად დიადმა ქალბატონმა შეაფასა ჩემი სიახლე blush მადლობა, რომ ყოველთვის მხარს მიჭერ heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent