ამილახვარი (თავი 2)
ამ დროს კი ბიძინა ამილახვარი საკუთარ მამულში იჯდა და დაჭრილი ლომივით ბრდღვინავდა. ჯერ ისევ ვერ მოენელებინა, რომ მისი სათაყვანებელი ქალიშვილი მოიტაცეს და მასზე უკვე დიდი ხანია აღარაფერი სმენოდა, რომ ახლა იმ გემის ჩაძირვაც დაემატა, რომლითაც ტვირთი ოსმალეთში გადაჰქონდა. და ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ იყო. ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მერამდენე შემთხვევა იყო, ვეღარც კი ითვლიდა. ახსოვდა, როგორ არ ახსოვდა "პოსეიდონიცა" და მისი კაპიტანიც. ძველი ნაცნობობა არასდროს ავიწყდებოდა თავადს და ყველას დამსახურებულს მიუზღავდა ხოლმე, მაგრამ ისიც კარგად ახსოვდა, რომ ის კაცი დიდი ხნის მკვდარი იყო და ახლა ეს ცალკე სადარდებლად დასწოლოდა გულზე. ნუთუ საფლავიდან წამოდგა? მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. თავად დარწმუნდა რომ ნამდვილად მკვდარი იყო კონსტანტინე ფალავანდიშვილი. საქმის მეწილე თავადებიც აღარ ასვენებდნენ. მათ საკუთარი ფული უნდოდათ და თანაც, ალექსანდრე მაყაშვილსაც უკვე წაეღო ტვინი, რამდენჯერ გითხარი, ზღვას შევეშვათ და ხმელეთით ვისარგებლოთო. მაგრამ არც ხმელეთით იყო მარტივი საქმის კეთება. აქაც არანაკლებ ბევრი ყაჩაღი დაძრწოდა და თანაც, მესაზღვრე ოსმალოები იმხელა ბაჟს ადებდნენ საქონელს (ქართველ ყაჩაღებს გადარჩენილი ოსმალოებს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდი), რომ მერე იმათ გაყიდვას უბრალოდ აზრიც კი აღარ ჰქონდა. იქით ცალკე დედა ედარდებოდა. მელანია ჭავჭავაძე-ამილახვრისა არ იყო მარტივად ხელწამოსაკრავი ქალი, მაგრამ საყვარელი შვილიშვილის გატაცების ამბავმა ისიც კი მოტეხა და დაასნეულა. მართალია, არ იტყობდა და კვლავ თავაწეული გასცემდა ხოლმე ბრძანებებს, მაგრამ ერთ დროს დაუშრეტელი ენერგიის მქონე ქალი ახლა ეზოდან კი არა, საკუთარი ოთახიდანაც კი აღარ გამოდიოდა. ამილახვრის კიდევ ერთ სადარდებელს საკუთარი ბიჭები წარმოადგენდნენ. რუსეთში სასწავლებლად წასულებს მამა საერთოდ აღარ ახსოვდათ და დროსტარებასა და ღრეობაზე გადასულიყვნენ. მხოლოდ მაშინ მოაგონდებოდათ ხოლმე, როცა ფული გამოელეოდათ და ბიძინასაც სხვა რა გზა ჰქონდა, ადგებოდა და უგზავნიდათ. თავად მამამისისგან მკაცრად გაზრდილს, ეცოდებოდა საკუთარი შვილები და ყველა სურვილს უსრულება. როცა მათ ასაკში ისეთი მუხლჩაუხრელი შრომა უწევდა, რომ ყოველ ღამე ქანცგაწყვეტილი მიესვენებოდა ხოლმე საწოლს. რამდენჯერ გააფრთხილა მელანიამ, ნუ ანებივრებ, ფულის და შრომის ყადრი ასწავლე, რომ ცოტა დაჭკვიანდნენ და გონს მოვიდნენო, მამაშენი ტყუილად კი არ გამუშავებდა და ასე მკაცრად გზრდიდაო, მაგრამ არა ქნა, ესენი ჩემი შვილები არიან და როგორც მინდა ისე გავზრდიო. და აჰა, რაც დათესა, იმას იმკიდა კიდეც. -თავადო, - მოულოდნელად მის კაბინეტში თავისივე მოურავი შემოიჭრა დაკაკუნების გარეშე. -რა მოხდა, დავით? - ნერვიულობა არ შეიმჩნია და მკაცრად გახედა მსახურს, რომელსაც მამულში მოქცევის წესები აშკარად დავიწყებოდა. -"პოსეიდონი", - ერთი სიტყვა გაჭირვებით წარმოთქვა კაცმა და სული ძლივს მოითქვა, სამაგიეროდ ბიძინა წამოიჭრა ფეხზე და მასთან მივიდა. -რა "პოსეიდონი", დავით, რა მოხდა? -"პოსეიდონი" შეუნიშნავთ შავი ზღვის ნაპირებზე. ასე ამბობენ, გეზი სოხუმისკენ უჭირავსო. -ვინ გითხრა? - ლამის იყვირა კაცმა და მხრებში ჩააფრინდა მსახურს. -თქვენი გაგზავნილი კაცებიდან ერთ-ერთი დაბრუნდა. ყანაში გლეხებს ვეხმარებოდი და იქ შემხვდა. მასაც კარგად ურბენია, რადგან ლიხს რომ გადმოსცილებია, გზაში ცხენი მოჰკვდომია და ეს ამბავი სასწრაფოდ უნდა ეცნობებინა თქვენთვის. -კარგი, ძალიან კარგი, - ხელები ერთმანეთის გაუხახუნა თავადმა, - ძლივს ერთი კარგი ამბავი არ გავიგე?! ახლა დასვენების დრო არ არის, დავით! სასწრაფოდ ცხენები შეაკაზმვინე. სოხუმში მივდივართ! *** რომ ამბობენ სამყაროში ყველაზე ძლიერი გრძნობა სიყვარულიაო, თურმე შემცდარან. შეიძლება სიყვარულის გამო მთებიც კი გადადგა, მაგრამ ეჭვზე ძლიერი მაინც არაა. რაც არ უნდა ენდობოდე ადამიანს და როგორც არ უნდა გწამდეს მისი, ეჭვი იმდენად ძლიერია, რომ მაინც მოგირყევს რწმენას, მაინც იპოვის სულ მცირედ ჭუჭრუტანას და თუ ერთხელ მაინც შემოგეპარა ეჭვის ჭია, მას უკან ვეღარ დააბრუნებ. იმდენს მოახერხებს, რომ თავზე ჩამოგაშლის ყველაფერს. ისევე როგორც გატეხილს ვეღარ დაუბრუნებ ძველ ფორმას, ვერც ეჭვშეპარულ გრძნობას გააახლებ და ძველ ყალიბს მოარგებ. ოდნავადაც რომ გაიბზაროს ესეც კი საწინდარი იქნება იმის, რომ ნებისმიერ დროს გატყდება. რამდენიც არ უნდა აწებო და მისი გამთელება სცადო, ვეღარაფერს გახდები. მელანო სწორედ ასეთ ფიქრებში იყო და ისიც კი ვერ შეემჩნია, როგორ დაშრობოდა ცრემლები და მათეს კი აღარ გლოვობდა, მხოლოდ და მხოლოდ ერეკლეს ნათქვამ სიტყვებზე ეფიქრებოდა. როგორ შეიძლებოდა ბიძინასნაირი კაცისთვის მსგავსი რამ დაგეწამებინა. მისნაირი თბილი და მოსიყვარულე მამა მეორე არ დადიოდა. მელანოს მშვენივრად ახსოვდა როგორ დასდევდა და ეთამაშებოდა პატარაობისას, როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, ანდაც როდესაც მელანო მეცადინეობას მორჩებოდა. ხშირი იყო შენთხვები, როცა მამა-შვილი ბიძინას კაბინეტში განმარტოვდებოდნენ და ბოლო პერიოდის ამბებს ანდაც წაკითხულ წიგნებს განიხილავდნენ. წიგნები კი ნამდვილად ბევრი წაეკითხა კაცს. მელანომ ერთხელაც კი ვერ მოიხელთა მამა, ნებისმიერ წიგნს, რომელსაც დაუსახელებდა უკვე ყველაფერი იცოდა ხოლმე. მაგრამ რამდენად მკაცრი მამაც მელანოსთან იყო, ორი იმდენჯერ ლოიალური იყო მის ძმებთან, რაც მართალია, გულში ხინჯად ხვდებოდა ხოლმე ქალს, მაგრამ ფიქრობდა, რომ ქალს უფრო მეტი მოეთხოვებოდა. ბებიაც იმას ასწავლიდა, რომ სწორედ მანდილოსანი იყო ოჯახის სიწმინდისა და მთლიანად ოჯახის სარკე. ამიტომაც ყოველთვის ცდილობდა, რომ უფროსებისგან ყოველთვის ნაკლები შენიშვნა მიეღო და საყვედურის ნაცვლად მათი კეთილგანწყობა დაემსახურებინა. ახლა კი, ეს ვიღაც ორი კვირის გაცნობილი და აშკარად ცხოვრებაზე გაბოროტებული ადამიანი ცდილობდა მისთვის დაეჯერებინა, რომ მამამისი ბავშვების გამტაცებელი და უფრო მეტიც, მკვლელი იყო. მართალია, არ სჯეროდა ამ ყველაფრის, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც რაღაც არ ასვენებდა. თითქოს ექაჩებოდა, რომ ერეკლესთვის დაეჯერებინა, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა, მთელი თავისი ცხოვრების ნაგები მამის ხატი ორ წამში გაცამტვერდებოდა და ეს სულაც არ იქნებოდა მარტივად გადასატანი. სწორედ იმედგაცრუების ტკივილია ყველაზე მწარე და დაუვიწყებელი. დრო გადის, ტკივილს აუფერულებს, მაგრამ იმედგაცრუების გრძნობას ვერაფერს უშვრება, ის მუდამ შენს გონებაშია და არსად არ მიდის. იმ ღამით მელანო კვლავ ბორგავდა ძილში. ანდაც ძილი საერთოდ როგორ შეძლო, გასაკვირია, მაგრამ დაღლილობამ მაინც თავისი ქნა და ქალიც მშფოთვარე სიზმრებში დაგაეშვა. უბრალოდ სახეზეც რომ შეგეხედათ მისთვის, მაშინვე შეატყობდით, რომ კოშმარს ხედავდა. სიზმარი კი ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი კოშმარის მსგავსი. საშინელი ქარი ჰქროდა და ზღვის ნაპირას მდგარი ქალს ისედაც არეულ თმებს უფრო მეტად ურევდა და სახეში აყრიდა. გარშემო ჩამოწოლილ სიბნელეს კი მხოლოდ ბუნდოვანი განათება და ცაზე ამოცურებული მთვარე არღვევდა, მაგრამ ირგვლივ მოდებულ ნისლს ვერაფერს შველოდა. ზღვა იმდენად აღელვებულიყო, რომ ნაპირებს არღვევდა, თითქოს ყველაფრის შთანთქმა და საკუთარ წიაღში დატოვება უნდაო. ცაც ნელ-ნელა საავდრო ღრუბლებით იფარებოდა და სულ მალე მსხვილი წვეთების ცვენაც დაიწყო. ნაპირზე მდგარ მელანოს კი ზღვის წყალი უკვე მუხლამდე სწვდებოდა, მაგრამ ადგილიდან ვერ ინძრეოდა, ვერც ხმის ამოღებას ახერხებდა და არც სხეულის რომელიმე ნაწილის განძრევა შეეძლო, მაგრამ ზღვის სხეულის გამყინავ ცივ ტალღებს მაინც მშვენივრად გრძნობდა. ქალის გარშემო რაღაც ყრუ ხმაური ვრცელდებოდა, რომელიც ნელ-ნელა უფრო მეტად აღასაქმელი ხდებოდა და მისკენ მოიწევდა. ნისლი ხედვაში ხელს უშლიდა, მაგრამ მაინც გაარჩია, როგორ ამოიჭრა ზღვიდან ორი უზარმაზარი ურჩხული ხმლების ქნევით. ერთმანეთთან შეჯახებისას მახვილებმა ნაპერწკლები გაყარა და ისეთი ხმა გამოსცა, გეგონებოდათ მიწა იძრაო, მაგრამ სინამდვილეში არც არაფერი მომხდარა. ურჩხულებსაც მხოლოდ იმით არჩევდა, რომ ერთ-ერთს ხასხასა წითელი აბჯარი ემოსა, მეორეს კი უკუნეთი ღამესავით ბნელი. ორივე მოწინააღმდეგე თანაბარი სიძლიერისა ჩანდა, მაგრამ შავი აშკარად სჯაბნიდა წითელს. როცა ამ უკანასკნელმა წითელს აბჯარი გადაუსერა და სისხლი ადინა, ბოროტად გადაიხარხარა და ახლა უკვე მოსაკლავად გაიწია მისკენ. მაგრამ მეორემ უგანა, უკან გახტა და შავაბჯრიანი ურჩხულის მოქნეულმა ხმალმა მხოლოდ ჰაერი გაჰკვეთა. წითელაბჯრიანი კი თითქოს სასოწარკვეთას მოეცვა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და გამოსავალს ეძებდა. ბოლოს რძესავით შესქელებულ ნისლში ქალის სილუეტი გაარჩია, მაშინვე ხელი დაავლო და ჰაერში აიტაცა. შავაბჯრიანსაც დიდი ხნის წინ შეემჩნია ქალის სილეუტი, მაგრამ მისკენ ნაბიჯსაც არ დგამდა, პირიქით, თითქოს ცდილობდა მოწინააღმდეგე მისგან შორს გაეტყუებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. მელანოს ჰაერში აღმოჩენა და შეტევაზე გადმოსული ურჩხულის წამში გაშეშება ერთი იყო. ხმალი დასწია და იმდენად ხმამაღლა დაიღრიალა, თითქოს მისთვის ვინმეს ყველაზე მტკივნეული დარტყმა მიეყენებინოს. ღრიალის შემდეგ სიტუაცია და გარემოც წამში შეიცვალა. მელანო ამჯერადაც ვერ ინძრეოდა, მაგრამ ის ადგილიცა და დღის სინათლეც ნაკლებ დამაფრთხობელი ეჩვენებოდა. უზარმაზარი სასახლის ერთ-ერთ სარკეებიან დარბაზში იდგა. მზის სხივებზე კი ვიტრაჟებით მორთული ფანჯრები ათასფრად კიაფობდნენ და მოზაიკით მორთულ იატაკზე კიდევ უფრო მეტ ნახატს აჩენდნენ. დარბაზის შუაგულში კი ამჯერად ურჩხულების ნაცვლად ერთმანეთს აბჯარასხმული რაინდები შეჰბმოდნენ. ორივეს მუზარადები ეფარათ და მათი სახის გარჩევა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ორივე მათგანის აღჭურვილობა და ჯაჭვის პერანგის მზის სხივებს ირეკლავდა და ერთმანეთისგან მხოლოდ ისევ ის ფერები განარჩევდათ. ერთს მარცხენა მკლავზე შეება წითელი ლენტი, მეორეს კი - მარჯვენაზე. ამჯერად წითელლენტიანი სჯაბნიდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ მაინც იგრძნობოდა რომ არც შავლენტიანი რაინდი იყო ჯაბანი. სარკეებში მათი გამოსახულება ირეკლებოდა და მრავლდებოდა. ორივე იმდენად დახვეწილად მოძრაობდა, რომ მათი ცქერა ნამდვილად არ მოგბეზრდებოდათ. მაგრამ, აი, წითელლენტიანმა შემთხვევით იმაზე უფრო ხისტად მოიქნია ხმალი, ვიდრე აპირებდა და მოწინააღმდეგესაც უპირატესობა მიეცა. რაინდმა ამით ისარგებლა, ხმალი მოიქნია და პირდაპირ მხარში დაჭრა, მაგრამ ჯაჭვის პერანგმაც თავისი ქნა და მხოლოდ გაკაწრა კაცი. სამაგიეროდ იმდენად ძლიერი იყო დარტყმული, რომ რაინდი შექანდა და იატაკზე დაეცა. შავლენტიანს ეს არ მოეწონა, ნელ-ნელა სიმაღლეში ზრდა დაიწყო და ზღვაში ნანახ ურჩხულად გადაიქცა. მზის სინათლეზე მისი დანახვა კიდევ უფრო საზარელი აღმოჩნდა და მელანომ თავის მიტრიალება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. რაინდი კაციჭამია ურჩხულად გადაქცეულიყო. დაღებული პირიდან გაყვითლებული და ალაგ-ალაგ ამომტვრეული კბილები მოუჩადნა, ხოლო სხეულზე - ჯერ კიდევ შეუმხმარი ადამიანების სიხლი. მელანო ვერ იტყოდა, საიდან მიხვდა, რომ სისხლი ადამინს ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც ფაქტი ფაქტად რჩებოდა. დარეტიანებული რაინდი კი ხმალზე დაყრდნიბით ცდილობდა ფეხზე წამოდგომას. ურჩხულმა კვლავ ხმალს წამოავლო ხელი და მოიქნია კიდეც, მაგრამ ამ დროს არსაიდან გამოჩენილი ქერათმიანი უცხო რაინდი ეკვეთა და ხმალი პირდაპირ გულში გაუყარა. მაგრამ ვერც თავად მოახერხა ურჩხულს არიდებოდა და სულდალეული დაემხო იატაკს. -არა! - იკივლა მელანომ და საკუთარ გასისხლოანებულ ხელებს დახედა. თეთრი კაბაც სულ მთლად წითლად შეღებვოდა და სახეზეც კი სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა. -არა! - ამჯერად სიზმრის ნაცვლად რეალობაში იკივლა ქალმა და ოფლშიგაწურული მთლად შეშინებული წამოიჭრა საწოლიდან. კვლავ "პოსეიდონზე" იმყოფებოდა. გარედან კი აშკარად იმაზე უფრო მეტი ხმა ისმოდა, ვიდრე ოდესმე. შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა და ამ სიჩუმეში ცხადად ორი ხმა გაარჩია ქალმა. ერთი გემბანიდან მოისმოდა, მეორე კი იქვე, კაიუტიდან. მის ფანჯარას ვიღაც ორი ადამიანი მოსდგომოდა და მის გაღებას გამალებულები ცდილობდნენ. -ამილახვრის ასული აქ მომგვარეთ! კვლავ დაიგრგვინა ერეკლემ და მისი კაიუტისკენ წამოსული მძიმე ნაბიჯების ხმაც გარკვევით გაისმა. *** -დავით, ზუსტად მითხარი, რა გითხრა იესემ, - ჰკითხა ბიძინა ამილახვარმა, როცა ცხენებზე ამხედრებულებმა დამატებით რამდენიმე კაცთან ერთად ამილახვრების მამული დატოვეს და სოხუმისკენ მიმავალ გრძელ და ხიფათით აღსავსე გზას დაადგნენ. -იმდენად დაღლილი იყო, რომ მხოლოდ იმის თქმა მოახერხა, რაც გადმოგეცით. საიდან აქვს ეს ინფორმაცია დანამდვილებით არ ვიცი. -კარგი, არაუშავს. მთავარია სიმართლე იყოს. -მე მჯერა იესესი. არასდროს ტყუის, თავადო. -იმედია, დავით, იმედია. სჯეროდა, ბიძინა ამილახვარსაც სჯეროდა იესეს მოტანილი ცნობის და გულში იმედიც უღვივდებოდა, რომ საკუთარ ქალიშვილს დაიხსნიდა მეკობრეების კლანჭებიდან. მთავარია, მელანოს სულ ცოტაც გაეძლო და არ გამტყდარიყო. იმედოვნებდა, რომ იმ გემზე რომელიმეს მაინც შერჩენოდა სულ მცირე ღირსების გრძნობა მაინც და მისი ასულისთვის არაფერი გაებედათ. თორემ მერე სადღა გამოეყო სირცხვილით თავი? ჯერ ისედაც უკვე ალმაცერად უყურებდნენ და შემდეგ ხომ საერთოდ ახლოსაც აღარ გაიკარებდნენ. არ გაუკვირდებოდა რამდენიმე მეწილე თავადს საქმიდან გასვლაც რომ მოენდომებინათ (ანდრონიკაშვილსა და ვაჩნაძეზე ეჭვები მათი საქმეში შემოსვლისთანავე გაუჩნდა და არც ახლა ენდობოდა ბოლომდე. ორივე იმდენად ყოყმანობდა ყველაფერზე, რომ ხშირად ნერვებიც აღარ ჰყოფნიდა ხოლმე და ალექსანდრეს შეატოვებდა, ამათ შენ მიხედეო). გზა სოხუმამდე იმაზე უფრო მეტად გაიწელა, ვიდრე ამას მოელოდა. რეალურად კი იმაზე სწრაფად ჩავიდნენ, ვიდრე შესაძლებელი იყო. ცხენები მხოლოდ ერთგან, ენგურის გადაკვეთისას შეასვენეს და შეცვალეს. იქაც ბიძინას ნაცნობი შეხვდათ და იაფად გაახერხეს ეს საქმე, თორემ ვერც ისედაც ადიდებულ ენგურზე გადავიდოდნენ დამატებითი ფულის გარეშე და ცხენებიც დაეხოცებოდათ. დაღლილი ცხოველები იმავე კაცს დაუტოვეს, თავად კი ერთსაათიანი დასვენების და საჭმლის ჭამის შემდეგ კვლავ გზას დაადგნენ. ქალაქში გამთენიისას შევიდნენ და პირდაპირ პორტისკენ აიღეს გეზი. აქ თავისუფლად შეიძლებოდა გემის შოვნა. ამიტომაც ბიძინამ არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ "ზღვის ქარიშხალის" კაპიტანთან მივიდა და მოლაპარაკების ნაცვლად ერთი გატენილი ქისა ოქროს მონეტები დაუწყო წინ (ჯერ კიდევ ნიკოლოზ I-ის მიერ მოჭრილ მონეტებს დიდი ძალა ჰქონდა და საერთოდაც, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი იტყოდა იმ პერიოდში ისედაც ძვირად საშოვნ ოქროზე უარს?!). კაპიტანსაც რაღა ეთქმოდა? თქვენს სამსახურში გვიგულეთ ეკიპაჟი და ჩემი გემიცო და მაშინვე ღუზის აწევის ბრძანება გასცა. "პოსეიდონს" სულ რამდენიმე წუთის წინ გაეცურა და ჰორიზონტზე ჯერ კიდევ მოსჩანდა მისი აფრები. კარგად ახსოვდა თავად ამილახვარს ბოლოს რომ დაედევნა ამ გემს, თავის სასარგებლოდ რომ დასრულდა ის დევნა და ახლაც, იმედი ჰქონდა, რომ ფორტუნა კვლავ მის მხარეს იქნებოდა. მაშინ გემი იმდენად დააზიანეს, რომ ცენტრალური ანძაც კი გადამტვრეული დაუტოვეს. უბრალოდ, როგორც მეზღვაუს (სამხედრო-საზღვაო ფლოტში ჰქონდა განათლება მიღებული თავადს), მასაც დაენანა იმ მშვენიერების განწირვა, რასაც "პოსეიდონი" ერქვა. მაშინ არც ერთ თავის მებრძოლს უფლება არ მისცა გემისთვის თუნდაც ანთებული ჩირაღდანი ესროლა. ჩასაძირად არ ემეტებოდა მთლიანად ფიჭვის ხისგან შექმნილი ეს მშვენიერება. ახლა კი, ახლა ნანობდა, რომ მაშინ ბოლო არ მოუღო. მაგრამ ერთი ფაქტი გულს მაინც აძლევდა. "პოსეიდონი" ზურგის ქარის შემთხვევაში ყველა სხვა გემზე სწრაფი იყო, იმ დღეს კი ქარი კი არა, მცირედი ნიავი კი არ იძვროდა. აი, "ზღვის ქარიშხალი" კი სულ სხვა საქმე იყო. "პოსეიდონისგან" განსხვავებით შედარებით მძიმე იყო, მაგრამ უქარო ამინდში თვით ეშმაკსაც კი გადაასწრებდა. -"პოსეიდონს" უნდა დავეწიოთ, - უთხრა კაპიტანს და თავად გემის ქიმს მიაშურა. მართალია კაპიტანს არ ესიამოვნა საკუთარ ბორტზე შეიარაღებული ხალხის დანახვა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?! თავად მშვენივრად იცნობდა ერეკლეს და შურდა კიდეც მისი გემის. "პოსეიდონის" ბუდეში გამომწყვდეულმა მეზღვაურმაც სულ რამდენიმე წუთში შენიშნა, რომ "ზღის ქარიშხალი" აშკარად მათი მიმართულებით მოცურავდა და სასწრაფოდ სხვა მეზღვაურებს ჩასძახა ქვემოთ. მათაც ერეკლე გააფრთხილეს, კაპიტანმა კი იმის ნაცვლად ყველა აფრის გაშლის ბრძანება გაეცა, მხოლოდ ის უთხრათ, რომ თვალყური ედევნებინათ გემისთვის და ყოველი შემთხვევისთვის იარაღიც აესხათ. თითქოს თავადაც გრძნობდა, რომ სულ მალე ამილახვარს შეეჩეხებოდა. ამას მელანოს გატაცების დღიდანვე მოელოდა და აი, დადგა ეს დღეც. ზუსტად ორ საათში წამოეწივნენ. ჩრდილები ნელ-ნელა მოკლდებოდნენ და მზეც ზენიტისკენ მიიწევდა. ამილახვარს ბრძანება ჰქონდა გაცემული, არაფრის დიდებით არ გახსნათ ცეცხლი, მანამ მე არ განიშნებთო. და რადგანაც „პოსეიდონის“ მთელს ეკიპაჟს მოახლოებულ გემსა და უკვე ყურის ძირში მფეთქავ საფრთხეზე ჰქონდა გადატანილი, ვერც-ერთმა ვერ შეამჩნია „ზღვის ქარიშხლიდან“ ჩამოშვებული პატარა ნავი, რომელშიც სულ 2 კაცი იჯდა. ნავმა შეუმჩნევლად შემოუარა უკვე ერთმანეთის პირისპირ მდგარ გემებს და „პოსეიდონს“ ზურგიდან მიადგა, იქ სადაც კაპიტნის კაიუტა იყო. მართალია, ბიძინა არ იყო დარწმუნებული, რომ მელანო მაინცდამაინც აქ ეყოლებოდათ, მაგრამ იცოდა, რომ კაპიტნის კაიუტა ისეთ ადგილას იყო მოთავსებული, საიდანაც მთელს გემზე შეიძლებოდა თავისუფლად მოხვედრა. თანაც წესით იმ დროს ეს ადგილი დაუცველი უნდა ყოფილიყო. გემები ერთმანეთს გაუსწორდნენ თუ არა, „ზღვის ქარიშხლიდან“ მაშინვე სახელდახელოდ შეკრული ფიცარნაგი ამოიღეს და „პოსეიდონსა“ და მათ შორის ხიდივით გადეს. პირველი ამილახვარი გადავიდა და უკან რამდენიმე თავისი კაცი მიჰყვა. დავითს ფეხიც არ მოუცვლია გემიდან. ერეკლეს ეკიპაჟი კი ჩასაფრბულები იყვნენ ისე, რომ მათთვის რაიმეს დაშავება რთული იქნებოდა. -შეხედეთ, ვინ გვწვევია ჩვენს გემზე, - დაიწყო ერეკლემ ემოციური გამოსვლა და კიბეებზე დაეშვა, - როგორ მოხდა, რომ თვით ბიძინა ამილახვარმა გვიკადრა?! მიიღეთ მოწიწებული სალამი ჩვენგან, - თვალებიი დააწვრილა კაცმა და რევერანსით დაუკრა თავი. -გეყოფა ეს მასკარადი! - დაიგრგვინა თავადმა და კარგად დააკვირდა თავის წინ მდგარ კაცს. არა, ნამდვილად კონსტანტინეს ასლი იყო, მაგრამ რაღაც მაინც განსხვავდებოდა. ეს განსხვავება კი მაშინვე დაიჭირა თავადის არწივისებურმა მზერამ. კაცს ნაცრისფერის ნაცვლად სხივჩამდგარი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ე.ი. მის წინ თავად კონსტანტინე კი არა, მისი შვილი იდგა. კი, მაგრამ, რანაირად? მაშინ ხომ საკუთარი მებრძოლები ეფიცებოდნენ გემბანზე მყოფი ყველა სულიერი ამოვწყვიტეთო? ნუთუ, მაშინ ერეკლე მათთან ერთად არ იყო? მაგრამ უკვე გვიან იყო თითზე კბენანი. ოხ, ეს სხივჩამდგარი თაფლისფერი თვალები! ერთ დროს მასაც რომ უკარგავდა მოსვენებას, მაგრამ ვერაფრის დიდებით შეძლო მათი დაპატრონება! -მასკარადი? - შეიცხადა ერეკლემ და კიბის მოაჯირს ჩამოეყრდნო, - რაზე საუბრობთ, თავადო, განა თქვენს მამულში ვართ? -თავადაც მშვენივრად იცი, რისთვის ვარ აქ და გიჯობს მოეშვა ჩემი ნერვების უფრო მეტად მოშლას, რადგან აღარ დაგინდობ. ახლა მცირე შანსი მაინც გაქვთ, შენ თუ არა, შენს ეკიპაჟს მაინც, რომ აქედან ცოცხლებმა გააღწიოთ, მაგრამ კვლავ თუ გააგრძელებ ამ ცირკს, სხვა გზა აღარ დამრჩება, ყველას დაგხოცავთ და ჩემს ქალიშვილს სულაც თქვენი სისხლის ფასად დავიიბრუნებ! სულაც არ იყო ეს სიტყვები ჰაერზე წამოსროლილი. ბიძინა ამილახვარი ყოველთვის ასრულებდა საკუთარ ნათქვამს, მაგრამ „პოსეიდონის“ კაპიტანს წამითაც კი არ შეუხრია წარბი. -რთულია იმ ადამიანის შეშინება, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი აქვს. არ მეთანხმებით, თავადო? - თვალი თვალში გაუყარა ერეკლემ ამილახვარს, - და თუ გგონიათ, რომ თქვენი სიტყვებით რომელიმე ჩემს მეზღვაურს შიშს ჩაუნერგავთ, ძალიან ცდებით. შიშს დიდი თვალები აქვსო, თქვენ კი ნამდვილად არ გამოიყურებით მასე. -თავი ყველაზე ჭკვიანი და შეუცდომელი გგონია, დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი გათვლილი გაქვს, ბიჭო? - ეს სიტყვები იმდენად აგდებულად წარმოთქვა ბიძინამ, რომ ერეკლე ლამის მაშინვე ეცა ყელში და დაახრჩო, მაგრამ ახალგაზრდა კაპიტანმა როგორღაც მოახერხა თავის შეკავება. -რას გულისხმობთ? -რას იზამდი, რომ გაგეგო, ყველაზე ძვირფასი ტყვე დაკარგე და მე ხელს ვეღარაფერი შემიშლის თქვენს განადგურებაში?! - ამჯერად ამილახვარი იცინოდა ირონიულად, - ერთხელ და სამუდამოდ დავასამარებ ამ გემსაც და გავუშვებ ზღვის ფსკერზე, სადაც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისევ ჩემმა გულმა არ გამიშვა. ახლა კი ამას დიდი სიამოვნებით ვიზამ. ერეკლემ ოდნავ დაბნეული სახე მიიღო, მაგრამ მალევე მოთოკა საკუთარი ემოციები, ოდნავ შეშფოთებულ და შეფქრიანებულ საკუთარ ეკიპაჟს გადაავლო თვალი, შემდეგ კი კვლავ ამილახვარს გაუსწორა მზერა. -რა, ახლა მადლობასაც ხომ არ მოელით ჩემგან? ბოდიში, მაგრამ ტყუილად დაგიკარგავთ დრო. -ჰაჰ, - გაეცინა თავადს, რომელსაც არ გამორჩენია ერეკლეს შეშფოთება, - შენი ქეციანი მადლობა შენთვის დაიტოვე, პატარა ბიჭო. მე კი ის გამატანე, რაც ჩემია! -და უარი რომ გითხრათ? - საუბარს წელავდა ერეკლე, - კვლავ ჩვენი დახოცვის აზრზე დარჩებით? -ერთხელ უკვე გითხარი და მეორედ აღარ გავიმეორებ! - დაიგრგვინა მოულოდნელად ბიძინამ და მისმა მხლებლებმა მაშინვე იარაღზე გაიკრეს ხელი. -მშვიდად, მშვიდად, - საკუთარ ეკიპაჟს გაჩერებისკენ მოუწოდა ერეკლემ, - დღეს ამ გემზე არც ერთი ტყვია არ გავარდება. უიარაღოდაც მოვრიგდებით მე და თავადი ბიძინა. მაგრამ მოულოდნელად მაინც გაისმა გასროლის ხმა. ყველამ მაშინვე იარაღს სტაცა ხელი ერთმანეთს დაუმიზნა. ქვედა სართულიდანაც კი ამოძვრნენ ერეკლეს მეზღვაურები და ლამის ალყაში მოიქციეს ამილახვარი და მისი მხლებლები. მხოლოდ ორი ადამიანი, ერეკლე და თავადი ბიძინა იდგნენ წარბშეუხრელად ერთმანეთის პირისპირ და ერთურთს თვალით ზომავდნენ. გასროლილი ტყვიის ავტორი კი ამილახვრის მოურავი აღმოჩნდა. დავითი კვლავ „ზღვის ქარიშხალზე“ იდგა, მაგრამ ამჯერად მხარზე იარაღმიდებული და ნებისმიერს მოკლავდა, ვინც იმ მეზღვაურივით არაკაცურად შეეცდებოდა მოწინააღმდეგე მხრის მეთაურისთვის სიცოცხლის მოსწრაფებას. -გმადლობ დავით, - მადლობის ნიშნად თავი დაუკრა ამილახვარმა და მათ წინ დაცემულ საკუთარ კაცს დახედა, - მიუხედავად ჩემზე გავრცელებული ყველანაირი ჭორისა, მაინც ვერ ვიტან, როცა კაცს მუხანათურად კლავენ! შეგიძლიათ ზღვაში გადააგდოთ ეს ძაღლიშვილი! -იარაღი დაუშვით! - გასცა ორივემ ბრძანება, რომელიც იმწამსვე შესრულდა და თავადის კაცებს „პოსეიდონის“ მეზღვაურებიც მიეშველნენ მოღალატის გემიდან გადაგდებაში. -აბა, ჩვენ სად გავჩერდით, თავადო? - განაგრძო ერეკლემ და ბიძინასთვის მოულოდნელად ეშმაკურად ჩაიცინა. ეს ანმდვილად არ მოეწონა ამილახვარს, მაგრამ ერთი წამითაც კი არ დაუხევია უკან. -მგონი მახსოვს, მეკითხებოდით, რას ვიზამდი თუ გავიგებდი, რომ ჩემი ძვირფასი ტყვე დავკარგე. მე კი გპასუხობთ, რომ ჩემი ძვირფასი ტყვე კი არ დავკარგე, პირიქით, რამდენიმე დავიმატე კიდევ რეზერვში. ხერხები მოგიძველდათ, თავადო, - სიცილით თავი გადააქნია ერეკლემ და იქვე მდგარ ერთ-ერთ მეზღვაურს მიუბრუნდა, - ამილახვრის ასული აქ მომგვარეთ! ბიძინა ამილახვარს სულ წაუხდა ნირი. ნუთუ მართლა აღარ იყო მის მხარეს ფორტუნა? *** ესეც დაპირებული მეორე თავი ველი შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.