შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამილახვარი (თავი 11)


25-09-2019, 13:44
ავტორი abezara98
ნანახია 1 731

ერეკლე გონს საშინელმა თავის ტკივილმა მოიყვანა, რომელსაც უფრო მეტად აძლიერებდა რყევა და თავდაყირა დაკიდებული ყოფნა. მაგრამ ეს ის რყევა არ იყო, რასაც აქამდე "პოსეიდონზე" ყოფნისას შეჩვეოდა. თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ისიც გაიაზრა, რომ მუცლით ცხენის კისერზე იყო გადაკიდებული. გათოკილი ხელ-ფეხის გამოძრავებაზე ფიქრს აზრიც არ ჰქონდა. ამილახვრის დამქაშებს არც ტომრის ჩამოფხატება დავიწყნოდათ მისთვის. იგრძნო ნელ-ნელა როგორ იწყებდა დაბუჟებას სხეულის თითოეული ნაწილი და ზურგშიდავლილმა ჭიანჭველებმაც რაღაც ავი წინათგრძნობა გაუმძაფრეს.
ხმას არავინ იღებდა. ცხოველების ფეხის ხმით ხვდებოდა ერეკლე, რომ მას რამდენიმე კაცი მიათრევდა სადღაც. სად ალბათ ამას მალე გაარკვევდა და მერე... რა მოხდებოდა მერე არ იცოდა.
ბოლოს, როგორ იქნა, გაჩერდნენ. მხედრები ძირს ჩამოხტნენ, შემდეგ კი ერეკლეს ხელი ჰკრეს და ცხენიდან გადმოაგდეს. მართალია, შედარებით რბილად დაეცა მაღალი ბალახის გამო, მაგრამ მთელს სხეულში დავლილმა ტკივილმა მაინც თავისი ქნა და მწარედ ამოიგმინა.
-მიდი, მოხსენი, - გადაულაპარაკა ერთმა მეორეს და ხელით დავარდნილზე ანიშნა.
ისიც მიუახლოვდა და ერეკლეს სახიდან ტომარა მოხსნა. როგორც იქნა, ნორმალურად სუნთქვა შეძლო. მართალია, თავიდან თვალები აუჭრელდა და რამდენიმე წუთი ცდილობდა მზერის დაწმენდას, მაგრამ მერე ნატრობდა, ნეტავ, საერთოდ არ მოეხსნათ ჩემთვის ტომარაო. გარემოს შეთვალიერების შემდეგღა მიხვდა, რატომ იღიმოდა ასე ირონიულად ამილახვარი, როცა თავის კაცებს ერეკლეს მოკვლა უბრძანათ. ჩირაღდნების ფონზეც კი მარტივად გაირჩეოდა თუ სად იყვნენ.
ფალავანდიშვილების მამულში იმყოფებოდნენ. იქაურობა კარგად ახსოვდა ერეკლეს, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ ძნელი იყო თვალი გაესწორებინა გაუდაბურებული ალაგისთვის. მაშინ მიხვდა კაცი, რომ ადამიანისთვის იმაზე უფრო რთული არაფერია, ვიდრე იდგეს და უყუროს ნასახლარს, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა. ნებისმიერი სხვა ტკივილის ატანაა შესაძლებელი, მაგრამ როცა ხედავ, რა მდგომარეობაშია ის ადგილი, სადაც წესით შენ მთელი სიცოცხლე უნდა გაგეტარებინა, როგორი გაპარტახებულია და შენ არაფრის შეცვლის უნარი შეგწევს, თავს უძლურად და გამოუსადეგრად გრძნობ და ეს განადგურებს.
ფალავანდიშვილების სახლ-კარი ჯერ ისევ იმ შემაღლებულზე იდგა და სოფელს სამხრეთი ნაწილიდან გადაჰყურებდა, სადაც ერთ დროს კონსტანტინემ და მისმა წინაპრებმა დატოვეს. ახლა კი მხოლოდ კედლის ნანგრევებიღა მოჩანდა, რომელიც სუროსა და ხვიარა მცენარეებს დაეფარათ. არც სხვა ნაწილები გამოიყურებოდა უკეთ. წითელი აგურით ნაშენ სახლს სახლობის აღარაფერი ეტყობოდა.მას მხოლოდ გარეული ცხოველები ანდაც ყველაზე გაჭირვებული თუღა გამოიყენებდა თავშესაფრად ისიც კოკისპირული წვიმისას.
ბაღი მთლად გაჩანაგებულიყო. სადღა იყო მოვლილი ბუჩქები და ფერად-ფერადი ყვავილები. ახლა ეს ყველაფერი მაყვლის ეკლიან ბუჩქებს დაეფარა. მთლიან სურათს კი გადაქცეული ხეები აგვირგვინებდა, თითქოს სახლს რომ გადაჰფარებოდა და იცავდა, სინამდვილეში კი მისი სახურავი ჩაენგრია და მთლად ალპობდა ყველაფერს.
ერეკლემ კბილები გააღრჭიალა და თვალები დახუჭა. ვეღარ უძლებდა თუნდაც ჩირაღდნების მკრთალ შუქზე ამ სანახაობას.
-მშვენიერია, არა? - ჰკითხა ერთ-ერთმა იქ მყოფმა და გაეღრიჭა, - თავადმა სპეციალურად შენთვის შეარჩია.
ერეკლემ ხმა არ გასცა.
-შენ გელაპარაკებით. თუ ბატონიშვილოთი უნდა მოგმართოთ, მაიმდამაინც, რომ იკადრო და ყურადღება მოგვაქციო?
ფალავანდიშვილმა კვლავ უპასუხოდ დატოვა კაცის რეპლიკა.
-ვახტანგ, შეეშვი. აქ მასთან სალაყბოდ არ ვართ გამოგზავნილნი, - ხმა ამოიღო ცალკემდგომმა და ცხენს მოშორდა.
-რა იყო, არ შეიძლება, სანამ მოვკლავთ მანამდე ცოტა რომ გავერთოთ? - იკითხა ვახტანგადწოდებულმა.
-არ მომწონს მე ეს ადგილი, - სიტყვით გამოვიდა აქამდე ჩუმადმდგომი კაცი და იქაურობას კიდევ ერთხელ მოავლო მზერა, - დროზე მოვამთავროთ და წავიდეთ.
-რა იყო, ხომ არ გეშინია, ჰა, თედო? - გაიცინა ვახტანგმა.
-მე ვთქვი, არ მომწონს აქაურობა-მეთქი, შიში საერთოდ ვინ ახსენა?
-მაინც რა არ მოგწონს?
-მგონია, რომ რაღაც გვითვალთვალებს და თითოეული კუთხიდან საფრთხეა მოსალოდნელი.
-შენ მაგას იძახდი მთელი გზაც, მაგრამ მითხარი ერთი, მოხდა რამე?
კაცი დადუმდა და თავის ცხენთან უფრო ახლოს დაიკავა ადგილი ყოველი შემთხვევისთვის რამე რომ მომხდარიყო, გაქცევას მოახერხებდა, ფიქრობდა.
-მგონი, დროა, არ მეთანხმებით? მოცდას რამე აზრი აქვსღა? - იკითხა მათ შორის აშკარად მთავარმა და ერეკლესკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-მოიცადე, მოიცადე, - მაშინვე გააჩერა ვახტანგმა, - ჯერ მივ*ფსამ და მერე, კარგი? თორემ მთელი გზაა ვითმენ და აუტანელია. უკანასკნელი ფალავანდიშვილია გაქრობას კი ჩემი თვალით მინდა ვუყურო.
-ჯანდაბას შენი თავი, - ხელი ჩაიქნია კაცმა, - დროზე მოეთრიე, იცოდე!
ვახტანგმა ზურგი აქციათ და სახლის ნანგრევებისკენ აიღო გეზი. ცოტა ხანს ხმას არავინ იღებდა. მერე კი რაღაც გაფაჩუნდა. ამაზე თედო უფრო მეტად დაიძაბა. ცხენებიც, თითქოს ნადირის სუნი იკრესო, ჭიხვინებდნენ და ყალყზე დგებოდნენ. კვლავ გაფაჩუნდა რაღაც, შემდეგ კი ვახტანგმა დაიყვირა, რაზეც თედოსთან ერთად მათი მეთაურიც დაიძაბა და მაშინვე რევოლვერზე გაიკრა ხელი. ბუჩქები აშრიალდნენ, ამ ყველაფერს ნიავის ამოვარდნაც დაერთო და ახლა ირგვლივ ყველაფერი მოძრაობდა. ბოლოს კი ხმაური იმ ადგილიდან მოისმა, სადაც ვახტანგი იყო. თედო შესამოწმებლად წინ გაგზავნა კაცმა, თავად კი უკან მიჰყვა.
-ბუუჰ, - მოულოდნელად ნანგრევებიდან ისკუპა ვახტანგმა და ბოლო ხმაზე დაიყვირა, რასაც თედოს ყვირილიც მოჰყვა, ხოლო მეთაურმა ლამის შუბლში დააჭედა ტყვია, - აღიარეთ, რომ ორივეს შეგეშინდათ, - ხარხარებდა კაცი და მუცელი ხელით ეჭირა.
-ყოველთვის ასეთი იდიოტი იყავი! - შეუღრინა მეთაურმა და ისევ ერეკლესკენ მიბრუნდა.
-მე კიდევ ეს მინდოდა? - ძლივს ამოთქვა თედომ და იქვე კიბეებზე ჩამოჯდა, თან ხელი გულზე ედო.
-თქვენი სახეები უნდა გენახათ, - სიცილს არ წყვეტდა ვახტანგი.
-მოკეტე და აქ მოდი! - დაიყვირა მეთაურმა და ერეკლე იმ წამს მიხვდა, რომ მისი აღსასრულის ჟამი ძალზედ მოახლოებულიყო.
ლამის ყურთან გრძნობდა სიკვდილის ცივ სუნთქვას. მიუხედავად ამისა არ ეშინოდა. მხოლოდ მელანო ედარდებოდა, რომელსაც გაავებული ამილახვარი რას დამართებდა, ღმერთმა უწყოდა.
მოულოდნელად კვლავ გაისმა ფაჩუნი, შემდეგ კი ტოტის გადამტვრევის ხმა. თავჩაღუნულ თედოს რაღაც მოხვდა.
-ვახტანგ, გეყოფა რაა, უკვე აღარ არის სასაცილო! - თავი აწია სახეზე მთლადგადაფითრებულმა და კაცს გაუსწორა თვალი.
-რა მეყოფა? - გაოცდა ისიც.
-გეყოფა-მეთქი! - რამდენიმე წამში კვლავ რომ მოხვდა ზურგში რაღაც, ფეხზე წამოიჭრა და ვახტანგთან მივიდა.
-რა მეყოფა? ხომ არ გაგიჟებულხარ შენ? მე არაფერი მიქნია!
-აბა, ზურგში კენჭები თავისით მხვდებოდა?
-რომელი კენჭები? - ამჯერად ვახტანგიც შეფიქრიანდა.
-ორივემ მოკეტეთ! - დაუყვირათ მეთაურმა, - უკვე ნერვებზე მოქმედებთ!
-აი, ეს კენჭები! - ამჯერად თავში რომ მოხვდა ორივეს, შემდეგ ამოიღო ხმა თედომ.
შემდეგ კი კენჭებმა უხვად იწყეს ფრენა და ლამის სამივე მათგანი დაასახიჩრეს. ცხოველები ახლა ერთ ადგილასაც ვერ ისვენებდნენ. თედოს ცხენმა კი საერთოდაც აიწყვიტა და ბნელ შარაზე გაჭენდა. ამჯერად სამივე შეშინდა და იარაღები მოიმარჯვეს. კენჭების წვიმა ისევე უცბად შეწყდა, როგორც წამოვიდა.
-აი, ხომ ვიძახდი რაღაც არ მომწონს ეს ადგილი-მეთქი, - ლამის ტირილამდე მისულიყო თედო, - ცხენიც კი დაფრთხა.
-მოკეტე, მოკეტე! - იყვირა ვახტანგმა, - სულ შენი და შენი შიშების ბრალია!
ერეკლეც კი გაოცებული იყურებოდა. ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მათ ირგვლივ.
უეცრად მარცხნიდან რაღაცამ გაიელვა, რასაც ბუჩქების შრაშუნი მოჰყვა და სამივე მათგანი იქით შებრუნდა. თედომ ვეღარ მოითმინა და სროლა ატეხა.
-ტყვიები დაზოგე, იდიოტო! - უღრიალა მეთაურმა და იარაღიანი ხელი დააშვებინა, - მართლა რამე რომ იყოს, საბრძოლველად დაგვჭირდება!
ამჯერად მარჯვნივაც იგივე გამეორდა, შემდეგ მათ ზურგს უკან და აღარც ერთმა არ იცოდა, რა ექნა და საით შებრუნებულიყო. შემდეგ კი მოულოდნელად ნანგრევებში ცეცხლის ალი აკიაფდა და ცაში კვამლის ბოლქვები აიჭრა. შრიალი კი არა და არ წყდებოდა.
-ალია, აქ უეჭველი ალია, - იღრიალა თედომ და შეშინებულმა უკანმოუხედავად მოკურცხლა იქიდან.
შემდეგ კი ნანაგრევებიდან მოულოდნელად ტანზევითშიშველი ბინძურ თმაგაბურძგნული არსება გადმოხტა, რომელსაც თვალები ყვითლად უელავდა (ვახტანგს ასე მოეჩვენა). ტანს ქვემოთ კი მთლად ბალნით იყო დაფარული. პირი დააღო თუ არა ოკრობოკრო და წამახულმა კბილებმა სპილენძისფრად დაიწყეს ელვარება, რამაც ვახტანგი თედოს სიტყვებში დაარწმუნა, რომ მათ წინ ნამდვილად ბოროტი ალი იდგა და ხმაც ვეღარ ამოიღო, ისე ჩაიკეცა გონწასული მიწაზე. მეთაურმა შედარებით დიდხანს გაუძლო. არსება მისკენ რომ დაიძრა, იარაღიც კი ესროლა, მაგრამ შიშს იმდენად გაედგა მასში ფესვები, რომ ყველა ტყვია ააცილა და ბოლოს მხოლოდ ჩახმახსღა აწვალებდა. „ალმა“ კი კაცს გვერდი აუარა, სხარტი მოძრაობით გაკოჭილ ერეკლესთან მიიჭრა და მისკენ გადაიხარა. ფალავანდიშვილიც მოიქცია შიშმა თავის ბრჭყალებში, მაგრამ კარგად რომ დააკვირდა, რაღაც ისე ვერ იყო და თითქოს შვებითაც ამოისუნთქა. შემდეგ კი ყველასგან მოულოდნელად ყურთან ახლოს ნიავის მოტანილი ჩუმი შრიალის მსგავსი ხმა ჩაესმა.
-ერეკლე, ახლა მინდა, რომ იყვირო ისე, თითქოს შენს ცოცხლად შეჭმას ვაპირებდე.
რამდენიმე წამს თვალებგაფართოებული შესცქეროდა მის თავსზემოთ გაჩერებულ არსებას, რომელსაც უკვე ჩაევლო მისი ჩოხის ქამრისთვის ხელი და სიბნელისკენ მიათრევდა. მერე კი დაუჯერა და ხმამაღალი ყვირილი დაიწყო. თან ფართხალებდა, რომ იქნებ ხელიდან დასხლტომოდა. არსება კი, რომელშიც კაცს უკვე მოეხერხებინა დავითის ამოცნობა, გაძალიანებულ ერეკლეს უფრო მეტად ექაჩებოდა და ბრდღვინავდა.
როგორც იქნა თვალს მოეფარნენ და ამილახვრების მოურავმაც მაშინვე შეწყვიტა თამაში.
-მოიცადე, ახლავე დაგეხმარები, - მიმართა ერეკლეს და თავზედადებული პარიკი მოიცილა, - მასხარას ვგავდი, ღმერთო ჩემო.
-ნამდვილად ღირს სამსახიობო კარიერაზე დაფიქრებად, - გაიცინა ერეკლემ, - როგორც გავიგე, თბილისის დასი ეძებდა ნიჭიერ და ახალგაზრდა კაცს.
-შენი დასაცინი რომ გავხდები, ახია ჩემზე, - ჩაიბურტყუნა და იქვედადებული ხანჯლით თოკები გადაჭრა, - მაგრამ ახლა ამის დრო არაა. უნდა დაიჯერონ, რომ ნამდვილად მკვდარი ხარ.
ერეკლემ მაჯები მოისრისა და როგორც იქნა, ნორმალურად მოახერხა ფეხზე წამოდგომაც.
-ოღონდ შენი დახმარება დამჭირდება და კიდევ ერთი პირობაცაა, - ფრთხილად შეაპარა და ისევ გარეთ გაიხედა, სადაც შოკისგან გამორკვეული კაცი აქეთ-იქით დააბიჯებდა და ვერ გარკვეულიყო, ნანგრევებში შესვლა უღირდა თუ არა.
ერეკლემ დავითს შეხედა და მორჩილად დაელოდა თუ რას ეტყოდა კაცი.
-მთელი ეს ადგილი უნდა დაიწვას, - ფრთხილად შეაპარა ამილახვრების მოურავმა და ოდნავ უკან დაიხია. არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ფალავანდიშვილს.
ერეკლე მცირე ხანს დაყოვნდა, შემდეგ კი უხმოდ დაუქნია თავი და სინანულით შეათვალიერა ნანგრევები, რომლებსაც შიგნით ხის ორნამენტირებული გამოსახულებები ჯერ კიდევ კარგად აჩნდა.
-ეს ადგილი კი დაიწვება, მაგრამ ჩემი გვამიც ხომ იქნება საჭირო?
-დამშვიდდი, მაგაზეც ვიზრუნე, - გაიღიმა დავითმა, როგორც იქნა მოირგო ტანზე საკუთარი სამოსი და ერეკლეს ხელით ანიშნა.
ფალავანდიშვილმა იქითკენ გაიხედა და ადამიანის უსიცოცხლო სხეული შენიშნა.
-ვინაა?
-არ ვიცი, - მხრები გულგრილად აიჩეჩა დავითმა, - ძვლების ამოთხრას და ალაგ-ალაგ დაყრას ვაპირებდი, მაგრამ აქ დამხვდა უკვე მკვდარი.
-კარგი. მაშინ დროზე მოვილიოთ ეს საქმე, თორემ ის აშკარად აქეთ მოიწევს.
ორივემ გახედა გარეთ მობორიალე კაცს, რომელიც მართლა მათკენ მოიწევდა. ამიტომ დავითმა ხელი კოცონის ერთ-ერთ შეშას წამოავლო, ერეკლეს კი ორ პატარა ტიკზე ანიშნა.
-ჯერ ეგ მარცხენა აიღე, - ჩუმად უთხრა და ისე დადგა, რომ გარეთმყოფ კაცს მისი სილუეტი დაენახა, - და ისე გადაასხი ფანჯრიდან, თითქოს დაჭრილი ხარ.
ერეკლეც ასე მოიქცა და თან კვნესისა და ოდნავ წამოყვირების ხმაც დაურთო.
-და მე მეძახდა ეს კარგ მსახიობს, - თავი გადააქნია დავითმა.
-ეს რა იყო? - თითქმის დაცლილ ტიკს ჩახედა ერეკლემ და ცხვირში სისხლის მძაფრი სუნი ეცა.
-ცხოველის სისხლია, - დაამშვიდა დავითმა და კვლავ უკანდახეულ კაცს გახედა, - ახლა კი მთავარზე გადავდივართ. მეორე ტიკი აიღე და კედლებს მიასხი. მანდ ნავთია.
ერეკლეც ისე მოიქცა, როგორც კაცმა დაარიგა და რამდენიმე წუთში უკვე მთელი სახლი ერთ დიდ ჩირაღდნად იქცა. თედოსა და ვახტანგის მეთაური კი გაოცებული უცქერდა წამში აალებულ სახლს. ნავთის სუნი კი იყნოსა, მაგრამ ეგონა რომ მოეჩვენა. სახლი დილამდე იწვოდა. კაცმა შიგნით შესვლა რომ გაბედა, უკვე რამდენიმე ადგილასღა ამოსდიოდა ბოლი. ბუჩქებზე დასხმული სისხლიც კარგად შეამჩნია და ბოლოს უკვე დანახშირებული გვამიც დაინახა, რომელსაც ზემოდან სახლის კოჭები და გაშავებული ფიცრები ეყარა. კმაყოფილი წამოდგა და მშვიდი ნაბიჯებით გაუყვა გზას.
-არა, თქვენი სახეები უნდა გენახათ, როცა ველურივით გადმოვხტი ბუჩქებიდან - ჯერ ისევ წუხანდელზე იცინოდა დავითი.
-სიმართლე რომ ითქვას, მეც კი შემეშინდა, - სიცილშივე აჰყვა ერეკლეც.
-ჰო, განსაკუთრებით მაშინ გადაფითრდი შენკენ რომ გამოვიწიე, - ლამის მიწაზე გაწოლილიყო დავითი.
-ახლა რას ვაპირებთ? - კაცს სიცილის დამთავრება აცადა ერეკლემ და შემდეგ იკითხა.
-ახლა ვცდილობთ თვალში არავის მოვხვდეთ და საჭირო დროს დაველოდოთ. ასევე ვცადოთ, რომ ალისამ ჩემი შესრულებული როლის შესახებ არაფერი გაიგოს, თორემ რა ამოვა მისი ყბიდან?
***
მელანოს ოთახიდან გამოსულმა ამილახვარმა კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა და ძლივძლივობით მშვიდი ადამიანის სახეც მიიღო. მაშინვე თავისი კაბინეტისკენ გაემართა და იქვე მოყურყუტე კაცს დავითის დაძახება უბრძანა.
-თქვენი მოურავი აქ არ გახლავთ, ბატონო, - გამოუცხადა და თავი მდაბლად დახარა.
-როგორ თუ აქ არაა? - გაოცდა ბიძინა და სიბრაზის ჭია კვლავ შეუძვრა გონებაში, - აბა, სადაა? რატომ არაა თავის ადგილას მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება? - მართალია, ხმადაბლა ლაპარაკობდა კაცი, მაგრამ ყელზე ძარღვები იმდენად დაბერვოდა და სახეზეც მთლად აწითლებულიყო, შეგეშინდებოდათ, არ დაიხრჩოსო.
-ფალავანდიშვილი რომ გაიყვანეს, იმათ გაჰყვათ კუდში რამდენიმე წუთის შემდეგ.
-კი მაგრამ, მე მისთვის მსგავსი არაფერი მიბრძანებია, დავითი კი თვითნებურად არასდროს იქცევა.
-ვერ ვიტყოდი, რომ თვითნებურად არ იქცევა. პირიქით, ისე ჩუმად და მალვით აედევნა თქვენს კაცებს, რომ არ გამიკვირდება, ფალავანდიშვილს თუ დაიხსნის და მიემხრობა.
ბიძინამ მწარედ ჩაიცინა და კაცს თავისთან უხმო. მხოლოდ კაბინეტში შესვლის შემდეგღა ამოიღო ხმა.
-ყოველთვის ვეჭვობდი, რომ სახლში მყავდა მოღალატე, მაგრამ დავითზე არასდროს მიფიქრია მსგავსი რამ. უბრალოდ ვერ ვაკადრებდი მსგავს რამეს. ფაქტობრივად შვილივით მყავდა. ჩემს ხელშია გაზრდილი. მისგან კი ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. თურმე გველი გამიზრდია უბეში და არ მცოდნია. მართალია, როგორც ახლობელი მოგექცევა და გიღალატებს, მსგავსად სხვა ვერავინ დაგიშავებსო. მაგრამ ახლობლიაგან უფრო უნდა ელოდო, რადგან უცხოს ისედაც არ იცნობ და მის მიერ ჩადენილ საქმეზეც იმდენად არ დაგწყდება გული.
კაცი მხოლოდ ჩუმად იდგა და ამილახვრის მონოლოგს ისმენდა.
-კარგი, მოვრჩეთ გლოვას! ახლა შენი სახელი მითხარი.
-გიორგი, ჩემო ბატონო, გიორგი ჩხეიძე.
-ჩხეიძეს ქართლში რა გესაქმება? - გაოცდა ბიძინა.
კაცის ყოყმანი რომ შეამჩნია, მერე დაამატა:
-სიმართლე მითხარი. მე არ განგსჯი, არ მაქვს მაგის უფლება.
-კაცი შემომაკვდა ჩემს სოფელში და იქ აღარ დამედგომებოდა, ხოდა აქაურობას შემოვაფარე თავი.
-სწორადაც მოქცეულხარ. ახლა მითხარი, სანდო კაცები თუ გყავს?
-საქმეს გააჩნია, თავადო.
ამილახვარმა ჩაიცინა და თვალი თვალში გაუყარა კაცს. ცოტა ხანს ასე უმზერდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ბიძინას სახეზე გამოსახული ღიმილი ფართო სიცილად იქცა.
-აშკარაა, როგორმე მოვრიგდებით. მანამდე კი ჩემს ახალ მოურავად გნიშნავ.
***
მეორე დღეს ლამის მთელს ქართლს პირზე ეკერა, ფალავანდიშვილების ისედაც გაპარტახებული მამული ხანძარს მთლად გაუნადგურებიაო. ბიძინა თავიდან კი აღშფოთდა, ესაა უხმაუროდ გაკეთებული საქმეო? მაგრამ მერე დარწმუნდა თუ არა, რომ ერეკლე მკვდარი იყო, უფრო თავისუფლად დააბიჯებდა. არც ის დაზარებია, მელანოსთვის პირველს ეხარებინა ეს ამბავი. წუხანდელიდან მოყოლებული ქალს თვალი არ მოეხუჭა, ერთ კუთხეში მიმჯდარიყო და მზერა კედლისთვის გაეშტერებინა. ასევე უემოციოდ მიიღო მამის ნათქვამი და მხოლოდ მისი გასვლის შემდეგ აქვითინდა.
ბიძინამ ფრანგ ქალბატონსაც მიუჩინა მსტოვრები, რადგან არც მას ენდობოდა დიდად. იცოდა, ქალი მელანოს მეგობარი იყო და არა მისი, ამიტომაც ყველაფერს უფრო მეტი დაკვირვება სჭირდებოდა. გიორგი ჩხეიძეს კი ნამდვილად მოერგო მოურავის როლი და ლამის ყველა გაფაჩუნება იცოდა, თუ რა ხდებოდა ამილახვრის მამულში. არც ალისას მელანოს ძმების გაკიცხვა გამორჩენია და თითქმის სიტყვა-სიტყვით ჩაუკაკლა ყველაფერი ბიძინას. სახლის გარშემოც გიორგის კაცები იდგნენ. განსაკუთრებით კი თავადის ასულის ფანჯრებს სდარაჯობდნენ, ვაიდა, არსად გაგვექცესო. მაგრამ მელანოს გაქცევის დაგეგმვის და შესრულების კი არა, ტირილის და გლოვის გარდა აღარაფრის თავი და ხალისი აღარ ჰქონდა.
იმ დღეებში მეორე უცნაურობაც მოხდა. დავითის სახლს სულ შემთხვევით ცეცხლი გაუჩნდა და მთლად გადაიწვა. ბევრი ამას ნინოს ქმარს აბრალებდა კიდეც, მაგრამ რეალურად რა მოხდა, არავინ იცოდა.
დავითის სახლის გადაწვა თითქოს ბოლო წვეთი აღმოჩნდა აქამდე წყნარად მჯდარი ალისასთვის. მეორე დღესვე იხმო თავისთან გაბრიელი და ამდენი ხნის ნაფიქრი გეგმა გაანდო.
-თავადი ამილახვარი ძალიან ინანებს, ჩემი გადაკიდება რომ მოახერხა, - დაასრულა მონოლოგი ქალმა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ბაღის იმ კუთხეს, სადაც ის და გაბრიელი მსჯელობდნენ, - ახლა შეგიძლია შეუდგე შენს საქმეს, - მაცდურად გაიღიმა ალისამ და გაბრიელს ანიშნა წასულიყო.
თავად კი ახალ საფიქრალზე გადაერთო. საფრანგეთიდან უამრავი წერილი მოსდიოდა, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდსი და ეს აფიქრებდა ქალს. თანაც სულ ახლახან გაეგო, რომ ვილჰელმ II 17 ოქტომბერს ოსმალეთს სწვეოდა, რაც სასიკეთო ახალი ამბავი ნამდვილად არ იყო. უნდოდა თუ არა, უკან დაბრუნება მოუწევდა და ხვდებოდა, ეს დრო ნელ-ნელა უახლოვდებოდა.
***
თავადი ამილახვარი ცოტა ხანს ჩაწყნარდა. მასზე საერთოდ აღარაფერი ისმოდა. სამაგიეროდ ლამის ყოველ დღე ვრცელდებოდა ახალ-ახალი ჭორები, ბიძინა ამილახვარი საკუთარ ქალიშვილის ხელს ხან რომელ თავადს ჰპირდება და ხან რომელსო. დადიანებმა იცოდნენ, რომ მელანო გურიელების ვაჟს მიჰყვებოდა და გაბრაზებულები იყვნენ, ეს როგორ გვაკადრა ამილახვარმა, ის მათხოვარი გურიელები როგორ გვამჯობინაო. შერვაშიძეებს პირიქით ეგონათ, მელანო დადიანების სარძლოაო და ლამის სამტროდ გადაჰკიდებოდნენ თავადს. თანაც ძველი წყენაც ახსოვდათ, რაც უფრო მეტად ართულებდა საქმეს. წერეთლებს გურიელების სარძლო ეგონათ, მაყაშვილებს - ჭავჭავაძეების და პირიქით და მათ შორის ჩამოვარდნილი შუღლი ნელ-ნელა უფრო ფართო მასშტაბს იძენდა. აი, ჯაყელები კი ამილახვარივით ჩუმად ისხდნენ და მოვლენების განვითარებას ელოდნენ.
ამ ჭორების გადამკიდე ბიძინა ამილახვარს ლამის ყოველ დღე შიკრიკი შიკრიკზე მოსდიოდა ყველა გვარის წარმომადგენელი თავადისგან და მოსვენება დაჰკარგვოდა. თითოეული მათგანისთვის მხოლოდ ახსნა-განმარტების წერილის გატანება უწევდა და თავის დაგეგმილ მასკარადზე მოსაწვევს უგზავნიდათ. თან თითოეულს აიმედებდა, მელანო შეგიძლიათ თქვენს სარძლოდ დაიგულოთო.
ერთი კი იყო, ქალიშვილის გათხოვების იდეა ჭკუაში დაუჯდა ამილახვარს და ახლა გაოცებულიც კი იყო, აქამდე ეს თავად როგორ ვერ მოვიფიქრეო. თან გულში ლანძღვას და მადლობას ერთდროულად უხდიდა ჭორების ავტორს.
ბოლოს კი ამილახვრის ლოდინიც მორჩა და ნოემბრის სუსხიან დილით მელანოსთან შეიჭრა, სწრაფად ჩაიცვი და სამგზავროდ მოემზადეო. ქალმაც უგულოდ დაუქნია თავი და მამის ნებას დამორჩილდა. ამილახვარს მთელი გუდანაბადი შეეკრა და ახალ სახლში გადადიოდა, რომელიც მცხეთაში აეშენებინა.
გასვლისას თავად ჩაჯდა მელანოს გვერდით ეტლში, ალისა და მისი მხლებლები კი უკან მოყოლილ ეტლში ჩასხა. თითოეულ ეტლს აქეთ-იქიდან ორ-ორი მცველი ამოუდგა, წინ და უკანაც ამდენივე და დაიძრნენ.
მართალია, მცხეთამდე სულაც არ იყო დიდი გზა გასავლელი, მაგრამ მელანოს ეს მგზავრობა მაინც უსასრულო მოეჩვენა. მაგრამ შუა გზაში გაჩერება მოუწიათ. ბიძინა მაშინვე მიზეზის გასაგებად გადავიდა და დაინახა, რომ ვიღაცას რამდენიმე სქელი მორი მოეჭრა და პირდაპირ სავალ ნაწილზე გადმოეგორებინა. ამასობაში ამბის გასაგებად ალისას გაბრიელიც გამოეგზავნა.
თავადი მაშინვე მიხვდა, რომ საქმე ისე ვერ იყო და რაღაც საფრთხე უცილობლად იქნებოდა ჩასაფრებული ირგვლივ, ამიტომ დაცვას მოგროვება უბრძანა. ნაწილს გზა უნდა გაეთავისუფლებინა ხეებისგან, ნაწილს კი ეტლებისთვის ედარაჯა. ამ არეულობაში კი ვერავინ შენიშნა ხელი, რომელმაც მელანოს ეტლში დახვეული პატარა ფურცელი შეუგდო და იმ წამსვე გაუჩინარდა. ქალმა ფარდა კი ასწია და გაიხედა, იქაურობის დასაზვერად, მაგრამ მხოლოდ მასზე მოშტერებული მცველები შერჩა და მაშინვე გაუშვა ნაჭერს ხელი. მარტოობით ისარგებლა, ფრთხილად გახსნა და პატარა ლამაზი ასოებით გამოყვანილი რამდენიმე წინადადება გადაიკითხა.
"მელანო, ამ წერილს წაიკითხავ თუ არა, მაშინვე დამალე ან გაანადგურე, რომ არავინ ნახოს. დამშვიდდი, ცოცხალი და საღსალამათი ვარ და შენს დასახსნელად მოვდივარ, ჩემო სიყვარულო. მამაშენის დაგეგმილ მასკარადზე შევხვდებით.
შენი ერეკლე".
ქალმა კიდევ რამდენჯერმე გადაიკითხა წერილი და ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო იმედის ნაპერწკალი. თვალებიც სხვანაირად აუკიაფდნენ მკრთალი ღიმილიც გამოესახა სახეზე. მაგრამ წამსვე ეტლის კარი გაიღო და ბიძინა ამოვიდა. კვლავ ქალიშვილის წინ მოთავსდა და გამომცდელი მზერით დააკვირდა. მელანოს ხელთათმანის ფოჩებში მოეხერხებინა წერილის გადამალვა და დამშვიდებული შესცქეროდა მამას.
-დავიძრათ! - გასცა წამსვე ბრძანება თავადმა და ეტლმაც კვლავ დაიწყო ჯაყჯაყი, - სულ მალე ახალ სახლში ვიქნებით მეც და შენც, შვილო, - მიმართა მელანოს და მხოლოდ მან უწყოდა, თუ რა იგულისხმა ამ სიტყვებით.
მელანოს კი იმედზე უფრო მეტად შიშის გრძნობა დაეუფლა და არც თუ ისე უსაფუძვლოდ.

***
ველი შეფასებას heart_eyes



№1  offline წევრი cicino

ეს არ ვიცი რა ვთქვა ეხლა ხვალინდელ დღეს უნდა ველოდო როდის იქნება ახალი თავი თან ისე საინტერესოთ ვითარდება ყველაფერი რომ არ ვიცი, ალისას გეგმა მაინტერესებს სასწაულად. როდის მოვა ხვალინდელი დღე.

 


№2  offline მოდერი abezara98

cicino
ეს არ ვიცი რა ვთქვა ეხლა ხვალინდელ დღეს უნდა ველოდო როდის იქნება ახალი თავი თან ისე საინტერესოთ ვითარდება ყველაფერი რომ არ ვიცი, ალისას გეგმა მაინტერესებს სასწაულად. როდის მოვა ხვალინდელი დღე.

ჰო, ახალი თავი ხვალამდე ნამდვილად ვერ იქნება, უნდა მაპატიოთ ❤❤❤ მადლობა, რომ არ გეზარება შენი ემოციების გაზიარება ❤❤❤

 


№3  offline წევრი დარინა

დავითი თურმე ტყუილად არ მომწონდაა, ბევრი ვიცინე, შემდეგ თავამდე სული დამელევა, მეგონა გზიდანვე მოიტაცებდა ერეკლე მელანოს, მაგრამ რაღაც დიდი გეგმა აქვს მგონი და უფრო მომწონს.

 


№4  offline მოდერი abezara98

დარინა
დავითი თურმე ტყუილად არ მომწონდაა, ბევრი ვიცინე, შემდეგ თავამდე სული დამელევა, მეგონა გზიდანვე მოიტაცებდა ერეკლე მელანოს, მაგრამ რაღაც დიდი გეგმა აქვს მგონი და უფრო მომწონს.

მიხარია ასე ძალიან რომ მოგწონს ❤❤❤ მადლობა ძალიან დიდი ❤❤❤ ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ ❤❤❤

 


№5  offline წევრი cicino

abezara98
cicino
ეს არ ვიცი რა ვთქვა ეხლა ხვალინდელ დღეს უნდა ველოდო როდის იქნება ახალი თავი თან ისე საინტერესოთ ვითარდება ყველაფერი რომ არ ვიცი, ალისას გეგმა მაინტერესებს სასწაულად. როდის მოვა ხვალინდელი დღე.

ჰო, ახალი თავი ხვალამდე ნამდვილად ვერ იქნება, უნდა მაპატიოთ ❤❤❤ მადლობა, რომ არ გეზარება შენი ემოციების გაზიარება ❤❤❤

მადლობა შენ ამ ემოციებისთვის.

 


№6  offline მოდერი N1penguin

რა იყო, რა ხდება ეეეს. მოკლედ ხო ვერ მოასვენეს რა ესენი. მელანოს ტანჯავენ და ტანჯავენ. ახლა რაღა უნდა მოხდეს, არ ეყოფა რაც დაემართა უკვე? scream ეს დავითი და ერეკლე ბარემ მოხეტიალე ცირკს აკიდეთ და ეგ იქნება. ბილეთები კი სულ გაეყიდებათ laughing რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები გაბრიელს უნდა დააბაროს ალისამ, სხვა სანდო არაა flushed ჰო, მართლა, ამილახვარო, დავითს ხელი დაედება და ვიღაცას ალისასგან წითელი ეენთებაა. ჰოდა, ფრთხილად იყავი, ისევ შენთვის ვიძახი მე, განა რამე smirk და ის მაინტერესებს, ახლა რა ჯადაბა მოიფიქრა, სხვა სახლში რო გადადიან unamused

 


№7  offline მოდერი abezara98

N1penguin
რა იყო, რა ხდება ეეეს. მოკლედ ხო ვერ მოასვენეს რა ესენი. მელანოს ტანჯავენ და ტანჯავენ. ახლა რაღა უნდა მოხდეს, არ ეყოფა რაც დაემართა უკვე? scream ეს დავითი და ერეკლე ბარემ მოხეტიალე ცირკს აკიდეთ და ეგ იქნება. ბილეთები კი სულ გაეყიდებათ laughing რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები გაბრიელს უნდა დააბაროს ალისამ, სხვა სანდო არაა flushed ჰო, მართლა, ამილახვარო, დავითს ხელი დაედება და ვიღაცას ალისასგან წითელი ეენთებაა. ჰოდა, ფრთხილად იყავი, ისევ შენთვის ვიძახი მე, განა რამე smirk და ის მაინტერესებს, ახლა რა ჯადაბა მოიფიქრა, სხვა სახლში რო გადადიან unamused

მოწვევები აქვთ უკვე და დაფიქრდებიან აუცილებლად joy მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent