ამილახვარი (თავი 14)
მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა. წამითაც კი არ გადაუღია. ალისას კი მოუსვენრად ეძინა. საწოლში წრიალებდა და შფოთავდა. თითქოს მოსალოდნელ უბედურებას წინასწარ გლოვობდა ბუნება და ამის შესახებ ადამიანებისთვისაც უნდოდა შეტყობინება, მაგრამ ადამიანს დიდი ხნის წინათ დავიწყნოდა მასთან სასაუბრო ენა. ელვამ წამით გაანათა გარემო და დავითის სილუეტიც კარგად გამოჩნდა ალისას საძინებელში. თავიდან მხოლოდ ქალის საწოლთან ჩაიმუხლა და დააკვირდა. საქართველოდან წამოსვლის შემდეგ მთლად გამხდარიყო ალისა. სხეულზე გადაკრული კანიდან ადვილად შეგეძლოთ გაგერჩიათ და დაგეთვალათ მისი თითოეული ძვალი. დავითმა სიმწრისგან უკბინა საკუთარ ხელს, რომ ხმა არ ამოეღო, შემდეგ კი ძალიან ფრთხილი მოძრაობით გადააფარა ქალს გადახდილი საბანი და ოთახიდან გაიძურწა. კარის მიხურვა და ალისას თვალების დაჭყეტა ერთი იყო. თითქოს რაღაც იგუმანაო ქალმა, ჯერ ღიადდარჩენილ აივნის კარს გახედა, შემდეგ კი შემოსასვლელს, მაგრამ ეს უკანასკნელი დახურული დახვდა. ოთახში უკვე სიგრილე ტრიალებდა. საწოლის მეორე მხარეს დაგდებული ხალათი მოიცვა, კარი დახურა და ტუმბოზე დადებულ ცარიელ გრაფინს დახედა. -ოჰ, ღმერთო ჩემო! - ჩაიბურტყუნა და შანდალში ეულად დარჩენილი სანთელი აანთო, - რამდენჯერ ვუთხარი გაბრიელს, შეამოწმე წყალი მუდამ მქონდეს ოთახში-მეთქი. ხისთავიანი! ჩაბნელებულ და გაყურსულ სახლში მხოლოდ ალისას ფეხის ნაბიჯების ხმა ისმოდა. სანთელიც დიდად ვერ შველოდა. მხოლოდ ერთი მეტრის რადიუსით უნათებდა ქალს არეალს, რომ არაფერს დასჯახებოდა. უკვე სამზარეულოსთან იყო მისული კიდეც, როდესაც რაღაც გაფაჩუნების ხმა მოესმა და უკან შებრუნდა. მხოლოდ დერეფანში მიმალულ სილუეტს ჰკიდა თვალი. -გაბრიელ, შენ ხარ? - ჩურჩულით დაიძახა, მაგრამ მიძინებულ სახლში ესეც კი ყვირილის ტოლფასი იყო. ხმა არავინ გასცა, ამიტომ თავად გადაწყვიტა შემოწმება. შანდალს უფრო ძლიერად ჩაეჭიდა და დერეფანს გახედა. მის გარდა სულიერი არ ჭაჭანებდა. -აბა, დავიჯერო მომეჩვენა? - ამოიოხრა, შემდეგ კი წყალი აიღო და კვლავ თავის ოთახში დაბრუნდა. დილით თავმტკივანს გამოეღვიძა. ეგონა, მთელი ღამე თეთრად გაეთენებინა. თანაც საწოლის მეორე მხარეს სიურპრიზიც დახვდა. ზუსტად ისეთივე მარაო იდო ბალიშებზე, როგორიც ამილახვრებთან სტუმრობის დროს შემოატყდა. ფრთხილად გააცურა ხელი და უნდოდა შეხებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. შემდეგ კი კარზე დაუკაკუნეს და ისიც მასზე გადაერთო. მთელი დღის განმავლობაში არ შესულა ოთახში და არც ვინმეს მისცა მასთან გაკარების საშუალება. საღამოს შესულს ისევ არეული საწოლი დახვდა, მაგრამ მარაო აღარსად იყო. ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილით ხვდებოდა ბალიშებზე დადებული მარაო, მერე კი იგი ზუსტად იმ მათრახმა ჩაანაცვლა, რომელიც დავითთან საუბრის დროს გატეხა. რითი იცნო? მათრახის ტარს ჯერ ისევ ეტყობოდა გადამსხვრევის ადგილი და ისიც, რომ ის ვიღაცას საგულდაგულოდ შეეკეთებინა. -მორჩა, - დაიკივლა ალისამ და დერეფანში გავარდა, - მითხარით, რომელი თქვენგანი აკეთებს ამას! -რა მოხდა, ალისა? - გაოცებული და დაფეთებული მელანო მისაღები ოთახის კართან შეეჩეხა, - რატომ ყვირი? -ახლავე მითხარით რომელი თქვენგანი მახვედრებს ყოველ დილით ხან მთრახსა და ხან მარაოს ოთახში? -ყვირილის ხმა შემომესმა და ხომ მშვიდობაა? - ოთახში გაოცებული ერეკლე შემოვიდა, თან შუბლიდან ოფლს იწმენდდა, - უჰ, ძალიან ცხელა გარეთ, მაგრამ რამდენიმე თივის ზვინის გაკეთება მაინც მოვახერხეთ. -რისი? - თავში ლამის სისხლი ჩაჰქცეოდა ალისას, - გაა... გაიმეორე რა თქვი! -რა იყო? გაბრიელმა მთხოვა, შენი მსახურებისთვის ჩვენებური თივის ზვინის დადგმა მესწავლებინა და მეც უარი არ მითქვამს. -თქვენ!.. - სიტყვებსაც კი ვეღარ ამბობდა, სახეზე წამოწითლდა და პირი სასაცილოდ დააფჩინა. -კარგად ხარ, ალისა? - მისკენ გაიწია მელანო. -მეტი არ მინდა, რამეს მიმალავდეთ, - თითი მუქარის ნიშნად დაუქნიათ და კვლავ თავის ოთახს მიაშურა, საიდანაც მათრახი, რა თქმა უნდა, უკვე გამქრალიყო. *** რამდენიმე დღემ თვალის დახამხამებაში ჩაირბინა. ფრანგი ქალბატონი კი წამითაც აღარ გამოდიოდა ოთახიდან. აინტერესებდა, ვინ სტუმრობდა ყოველ ღამით, მაგრამ ვერასდროს ვერ შეძლო მისი გამოჭერა და მაის გამო ნერვებმოშლილი დადიოდა. -ალისა, - ოთახში გაბრიელი შემოვიდა ნებართვის აღების შემდეგ და დის წინ გაჩერდა, - უნდა გამომყვე. -რატომ? - თვალები აატრიალა ქალმა და დანით ვაშლის გათლა განაგრძო. -შეგიძლია, ერთხელ მაინც ცხოვრებაში, ყველანაირი შეკითხვის გარეშე დამმორჩილდე? ალისა ცოტა ხანს უხმოდ თვალით ზომავდა მის წინ მდგარ ბიჭს, რომელსაც ჯერ ისევ შერჩენოდა ბავშვობისდროინდელი ხუჭუჭა თმა, შემდეგ კი დემონსტრაციულად, ძალიან ნელა დააბრუნა დანა თეფშზე, წამოდგა და კარისკენ დაიძრა. -ანუ თანახმა ხარ. ძალიან კარგი, მაგრამ მაგ საშინაო კაბით აპირებ წამოსვლას? -აჰა, ე.ი. ეზოს გარეთ მიგყავარ. საინტერესოა. და რა ჩავიცვა იქნებ მირჩიოთ? -რაშიც შენ თავს კომფორტულად იგრძნობ, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -ჯანდაბა, ახლა ნამდვილად დამაინტრიგე, - ღიმილით ჩილაპარაკა ქალმა და მეორე ოთახში გაუჩინარდა. რატომღაც ის შინდისფერი კაბა ჩაიცვა, რაც ერთი წლის წინ ეცვა ამილახვრის კაბინეტში, დავითსა და მელანოს მოდასთან დაკავშირებულ რჩევებს რომ აძლევდა. თმები უბრალოდ შეიკრა, ისე რომ მძიმე დალალები თავისუფლად მოძრაობდა. გაბრიელს გაეღიმა დის დანახვისას, ხელმკლავი გამოსდო და მათი სახლის წინ გაჩერებული ეტლისკენ წაიყვანა. ფარდები საგულდაგულოდ ჩამოეფარებინა ბიჭს. ალისა ინტუიციურადაც კი ვერ ხვდებოდა, თუ სად იმყოფებოდნენ. ერთხელ წყლის ხმაც შემოესმა და მიხვდა, რომ სენა გადაკვეთეს. მდინარეზე ბევრი ხიდი იყო გადებული და ასე ვერ მიხვდებოდა სად მიდიოდნენ. ბოლოს ეტლი შეჩერდა და გაბრიელმაც გახსნა კარი. ჯერ თავად ჩავიდა, შემდეგ კი დას მიეხმარა. -კარგი, რა, გაბრიელ, - ამოიოხრა ქალმა, როცა რკინის კონსტრუქცია დაინახა, - ისევ ამ სულელური ეიფელის კოშკის სანახავად მომიყვანე? საწყალი ნაპოლეონი ალბათ საფლავში ბრუნავს. იმისთვის იბრძოდა და იკლავდა თავს, რომ შუაგულ პარიზში ეს სიმახინჯე წამოეჭიმათ? -ნაპოლეონს საფლავში ვინც არ ასვენებს, ერთადერთი მგონი თავად ხარ, - თქვა ბიჭმა და როცა დის მრისხანებით სავსე თვალები დაინახა, ჩაახველა და მაშინვე განაგრძო საუბარი, - სხვათა შორის, გუშინ გაიხსნა მნახველთათვის და შეგიძლია პარიზს მისი წვერიდან გადმოხედო. თუ ფეხით ასვლა გეზარება, ერთ-ერთ ლიფტს აჰყევი. -ვერ მეტყვი, მის წვერზე რა დამრჩენია? -ადი და გაიგებ. ტყუილად ხომ არ გამოგატარე ამხელა გზა და თან შენი გავლენის გამოყენებით ტყუილად კი არ დავხურე მნახველბისგან ცოტა ხნით ეს კოშკი?! -რა ქენი? - თვალები გაუდიდდა ქალს. -მოკლედ, ადი ბოლო სართულზე და თავად მიხვდები, - კიდევ ერთხელ გაუმეორა ბიჭმა და ლამის სულ ძალით მიიყვანა ლიფტამდე. -მეტი არ მინდა, არ მომეწონოს, - დანებებულის ბოლო გაბრძოლებას ჰგავდა ალისას სიტყვები. -თუ არ მოგეწონება, მერწმუნე, თავად მოგიტან მათრახს და თუ შენ მოისურვებ, საკუთარი ხელით დავისჯი თავს. ალისაც დანებდა. მართლა აჰყვა ლიფტს და კოშკის წვერზე გამოსულმა აქეთ-იქით გაიხედა. იქაურობა ცარიელი იყო. ქვემოთ მქროლი ნიავი აქ ქარი გამხდარიყო და თმებს სახეში აყრიდა, მაგრამ ხედი აქედან მართლაც რომ მშვენიერი იყო. ალისა მოაჯირს მიუახლოვდა და ნიავს ცოტა ხანს სახე მიუშვირა, შემდეგ კი ხელისგულზე გადაშლილ ქალაქს გახედა. შორს აღმოსავლეთით თუ გაიხედავდით, კუნძულ სიტესა და მასზე აღმართულ პარიზის ღვძთისმშობლის ტაძრის მაღალ კოშკებსა და შპილს დაინახვდით. ალისამ ინანა, ბინოკლი რომ არ ჰქონდა თან. მოწყობილობის საშუალებით ტაძრის ვარდული სარკმლების გარჩევასაც კი შეძლებდა, თანაც მზე ახლა სწორედ იმ მხრიდან ურტყამდა, რომ ლამაზადაბრჭყვიალებული ვიტრაჟების გარჩევაც შესაძლებელი გახდებოდა. ტაძრიდან ოდნავ ჩრდილოეთით კი ლუვრის უზარმაზარი შენობა მოჩანდა. მზე უკიდურესად დასავლეთისკენ გადაიხარა და ცამაც ნელ-ნელა დაიწყო ფერის შეცვლა. თავიდან მხოლოდ მკრთალი ვარდისფერი იყო, შემდეგ კი ნელ-ნელა გამუქდა და მოწითალო-მოიისფროდ შეაფერადა ქვეყნიერების გუმბათი. -სულისშემკვრელი სანახაობაა, არა? სიჩუმე დავითის ხმამ დაარღვია და ალისამაც მხოლოდ ახლაღა შენიშნა, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ჰაერი მის ფილტვებს არ მიეწოდებოდა. ნელა მიატრიალა თავი და რა დარწმუნდა, მის გვერდით ნამდვილად დავითი იდგა, კვლავ ცაზე მოლივლივე მზის უკანასკენლ სხივებზე გადაიტანა ყურადღება. შემდგ კი თითქოს ახლაღა მიხვდაო, ისევ კაცისკენ იქცია პირი და გაცეცხლებული სწვდა ფრაკის საყელოში. -შენ იყავი, ხომ ასეა? შენ მიტოვებდი ყოველ დილით იმ სულელურ მარაოსა და მათრახს და მერე აქრობდი! -თუ ხელს არ გამიშვებ, ვეღარასდროს გიპასუხებ, - ძლივს ამოთქვა კაცმა და ხარბად ჩაისუნთქა, როცა ალისამ ოდნავ უკან დაიხია. -როგორ ვერ მივხვდი, ღმერთო ჩემო, - თავის თავზე ბრაზობდა ქალი და თან კოშკის მოაჯირს ძლიერად უჭერდა ხელებს, - მე კიდევ მეგონა, მოჩვენებები დამეწყო და ვგიჟდები-მეთქი და თურმე ეს მაიმუნობს. მოიცადეთ! გაბრიელიც გარეულია ამ ამბავში და ის ორი მოღალატეც, არა? -თუ ვინმეზე გინდა ჯავრის ყრა, ეს მე ვარ. -ჰო, სამაგიეროდ ისინი არიან დამხმარე ჯუჯები, არა? -იცი, აქ იმისთვის არ ამომიყვანიხარ, რომ ეს ულამაზესი მომენტი შენმა ყვირილმა გააფუჭოს. -აქ გაბრაზებული მე ვარ და არც ვიყვირო? მაგრამ დავითი ყურადღებას აღარ აქცევდა ქალს. ჯერ თითქმის უკვე მიმალულ დისკოს გახედა, ბოლო ძალებს რომ იკრეფდა, შემდეგ კი ადგილი მოინაცვლა, ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და პატარა კოლოფში მოთავსებული ბეჭედი ქალს დაანახვა. -თუ დამაცდი, მადლობელი დაგრჩები, - მაშინვე გააჩუმა, როგორც კი ალისამ რაღაცის სათქმელად დააღო პირი, - ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი, გული გატკინე და ძალიან ბევრი სულელური რამ გითხარი, მაგრამ ახლა წამითაც კი აღარ ვაპირებ დროის დაკარგვას. საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული ვარ, შენ შეიძლება არა, მაგრამ არც მაგაზე მაქვს პრეტენზია, მთავარია, შენ იყო ბედნიერი და დამთანხმდე, რა თქმა უნდა. ალისა, ცოლად გამომყვები? -ეს რა ბებიაჩემის ნაქონი ბეჭედია? - თვალები დაუწვრილდა ქალს და სისხლისფრადაკიაფებულ ძოწისთვლიან სამკაულს დახედა. -მასეა, გაბრიელმა მომცა. -ახლავე მომეცი! -ანუ თანახმა ხარ? -რა? არა! -ალისა, გეკითხები და მიპასუხე, ცოლად გამომყვები? -არა! -კარგი, რას ვიზამთ, - მხრები აიჩეჩა კაცმა და ბეჭედი უბის ჯიბეში დააბრუნა. შემდეგ კი წამოდგა და ლიფტებისკენ დაიძრა. -მოიცადე, რას აკეთებ? სად მიგაქვს ჩემი ბეჭედი? -სანამ არ დამთანხმდები, ამ ბეჭედს ვერ დაიბრუნებ. -კარგი, მაშინ თანახმა ვარ, - დაუფიქრებლად წამოისროლა ქალმა. -მართლა? - იმედი მიეცა დავითს და ჯიბისკენ გააცურა კიდეც ხელი. -რა თქმა უნდა, არა! გეგონა, ასე ბანალურად მთხოვდი ცოლობას და მეც მაშინვე ყელზე ჩამოგეკიდებოდი?! არავითარ შემთხვევაში! და ბოლოს და ბოლოს დამიბრუნე ჩემი ბეჭედი! -არა, - უდარდელად უპასუხა კაცმა და ლიფტის გამოძახების ღილაკს მიაწვა. ალისა სიბრაზისაგან უკვე ორთქმავალივით ქშინავდა. სახეზეც სულ მთლად წამოწითლებულიყო. დავითი კი სრულიად მშვიდი გამომეტყველებით იდგა. ბოლოს მოულოდნელად მიტრიალდა ქალისკენ, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად და დაუკითხავად ამბორი მოჰპარა და სანამ ალისა რაიმეს მოიმოქმედებდა ლიფტის კაბინაში გაუჩინარდა. ქვემოთ ჩასულ ქალს მიდამო ცარიელი დაუხვდა. აღარც დავითი სჩანდა სადმე და არც გაბრიელი. ამიტომ თავად მოუწია ეტლის დაჭერა. მისამართი უკარნახა თუ არა, გულში ყველა მამაკაცის ლანძღვას მოჰყვა, დავითს, გაბრიელს და ერეკლესაც გადასწვდა, თან კი ტუჩებიდან არ იშორებდა თითებს და იღიმოდა. *** -მოღალატეებო, თქვენ ორს მერე მოგხედავთ, - თითით მელანოსა და ერეკლეს ანიშნა და იქვე ჩამომჯდარ გაბრიელს აესვეტა, - აი, შენ კი, შენ რისი ღირსი ხარ ახლა გაბრიელ? როგორ გამყიდე? ან ის სულელური იდეა შენ მიაწოდე, ჩემთვის კოშკის წვერზე ეთხოვა ხელი? -მოკლედ, როგორი უმადური ქალი ხარ, ალისა! - თავი გადააქნია ბიჭმა, - პირველი ქალი ხარ მთელს მსოფლიოში, ვისაც მაგ კოშკზე სთხოვეს ხელი და შენ კიდევ უარით გაისტუმრე ადამიანი. წარმოიდგინე, პარიზი მოდის დედაქალაქთან ერთად სიყვარულის დედაქალაქადაც რომ იქცეს, ეიფელზე კიდევ რამდენ ქალს სთხოვენ ცოლობას! შენ ახლა ფაქტობრივად ტრადიციას ჩაუყარე საფუძველი, მაგრამ ვერ შეირგე. -შენ ამ ბოლო დროს ძალიან ამოიდგი ენა და ეს არ მომწონს! მითხარი ახლავე კიდევ რას გეგმავს ბატონი! -არ ვიცი, - მანაც უდარდელად აიჩეჩა მხრები, - მართლა, შემდეგ კვირაში იტალიური დასი ჩამოდის ზაფხულის ღამის სიზმარს დგამენ და ხომ წამოხვალთ? ბილეთები წინასწარ ავიღე უკვე. -დაიმახსოვრე, ჩვენ არ დაგვისრულებია და თუ გავიგე, რომ დავითს ისევ ეხმარები და იდეებს აწვდი, ცუდად დავამთავრებთ მე და შენ! *** მთელი კვირის განმავლობაში ყველგან თავლში ეჩხირებოდა დავითი ალისას. ქალს უკვე ლამის სიბრაზისგან ეფეთქა, იმდენად ღიზიანდებოდა ხოლმე მამაკაცის სხვადასხვა ქალბატონების გარემოცვაში ხილვით. თანაც ძალიან მარტივად გამონახავდნენ ხოლმე ალისასთან სტუმრად მოსულები მამაკაცთან სასუბრო ენას. ლამის იყო ჭიშკარი აეჭედა და საერთოდ აღარავინ შემოეშვა მამულში. ბოლოს თეატრში წასვლისას გამოელაპარაკა დავითს. ორიოდე სიტყვა გადაუგდო და პირველმა დატოვა სახლი. -რაო, რა მინდაო? - ჰკითხა გაბრიელმა და მასთან ერთად მოთავსდა ეტლში. -დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი რობესპიერს შენს გილიოტინაზე გაყვანაში, ცოცხალი რომ იყოსო. -ეს გოგო ხომ ვერ მოეშვა გარდაცვლილების შეწუხებას, - თვალები აატრიალა გაბრიელმა და გაეღიმა. -რა გიხარია, არც შენზეა ნაკლები აზრის, - მაშინვე ჩამოურეცხა მოცინარი იერი სახიდან და ამჯერად თავად გაიღიმა. გაბრიელს თითქოს სპეციალურად მოეწყო ისე, რომ ლოჟები ერთმანეთის გვერდიგვერდ აეღო. ასე რომ ალისას შანსიც კი არ დარჩენოდა გაეკონტროლებინა მოპირდაპირე მხარე. დავითის საქციელმა კი საბოლოოდ დაუკარგა მოსვენება ქალს. მაშინ, როცა წარმოდგენის დაწყებამდე წუთებიღა იყო დარჩენილი და ყველა საკუთარ ადგილს იკავებდა, ალისასა და გაბრიელის ლოჟაში დავითმა შემოაბიჯა კიდევ ერთ ფრანგ ქალბატონთან ერთად, რომელიც ალისას სრულ ანტიპოდს წარმოადგენდა. მრგვალი ფორმების მქონე ემილია ყველაფერთან ერთად ოდნავ მოსულელო გახლდათ, მაგრამ სილამაზეს ნამდვილად ვერ დაუკარგავდით. -უი, უკაცრავად, - მათკენ მომზირალი სახეების დანახვისას წარმოთქვა დავითმა და უკან გაბრუნდა, - ჩვენი ლოჟა მეგონა. ბოდიში შეწუხებისთვის. კარი დაიხურა თუ არა, ალისამ ხელში დაჭერილი ბინოკლი იქვე სკამზე მიაგდო და თუ აქამდე სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ამჯერად ერთიანად ამოიფრქვა. -მორჩა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს თავად მოაწერა ხელი. აქამდე მის გადმოგდებას თუ არ ვგეგმავდი რომელიმე მაღალი სართულიდან, ახლა ნამდვილად გავაკეთებ და შენც ზედ მიგაყოლებ. -არ მითხრა, რომ სკანდალის მოწყობას აპირებ. -რა, ბატონი ასე აპირებდა ჩემს ცოლობაზე დათანხმებას? ყოველ წამს თვალში უნდა გამჩხეროდა, თანაც სხვადასხვა ქალთან ერთად? ვერ ხვდება, რომ ასე უფრო მეტად მაძლევს უარისთვის მიზეზს? -ალისა, რას აპირებ-მეთქი? - ქალის უეცარმა ჩაწყნარებამ უარესად აანერვიულა გაბრიელი. -მშვენიერი სანახაობით ტკბობას, - ორაზროვნად უპასუხა ქალმა და სცენაზე გამოსულ მსახიობებს შეხედა, - ჩუმად იყავი, ხომ ხედავ, ვუყურებ. ანტრაქტის დაწყებამდე ჩუმად იჯდა ალისა და ნამდვილად ბოლომდე იყო ჩაძირული პიესაში. აი, შემდეგ კი თავად გავიდა პირველი და დავითთან მივიდა. იმდენად ჩუმად უთხრა ყურში რაღაც, თავად კაცმაც კი ძლივს გაიგო. ქალმა იქვე დაუტოვა კოცნა და როგორც შემოვიდა, ისევე გაუჩინარდა. ანტრაქტი უკვე სრულდებოდა, როცა შენობაში ყვავილების გამყიდველი რამდენიმე ქალი გამოჩნდა. ისინი ყველას სთავაზობდნენ შავი ვარდების მსახიობებისთვის ან მათი მეწყვილეებისთვის შეძენას. ბოლოს კი მოხდა ისე, რომ ყველა ეს ყვავილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა იყიდა. მანაც ჩუმად ანიშნა ქალებს, როდის უნდა გადაეცათ ადრესატისთვის ბუნების ეს მშვენიერებანი და კვლავ სპექტაკლით ტკბობა განაგრძო. იტალიურ დასს ნამდვილად დიდი აღფრთოვანება ერგო ფრანგი მაყურებლებისგან. მთელი ათი წუთის განმავლობაში აპლოდისმენტები არ გაჩერებულა. მსახიობებიც მდაბლად უკრავდნენ თავს და სცენაზე წინ და უკან მოძრაობდნენ. შემდეგ კი სანამ ხალხი დაშლას დაიწყებდა, სცენაზე რეჟისორი ამოვიდა, რომელმაც სიწყნარისაკენ მოუწოდა ხალხს. მსახიობები ერთმანეთის მიყოლებით გაუჩინარდნენ სცენიდან და რეჟისორის საუბრის შუა მომენტში დაბრუნდნენ. თითოეულ მათგანს ძოწისფერი სამოსი ეცვა და ხელში ამფერისვე ვარდის თაიგული ეკავა. მსახიობებმა ჯერ კიბეებით სცენა დატოვეს შემდეგ კი ნელ-ნელა დაიძრნენ ზედა ეშელონისკენ. ყველას აინტერესებდა თუ რა ხდებოდა. -ახლა კი საფრანგეთის ნამდვილ მშვენებას ვთხოვთ, რომ მისი მიჯნურის შემოთავაზებას დასთანხმდეს, - დაიგრგვინა რეჟისორის ხმამ და ზუსტად იქით გაიხედა, სადაც ალისა იჯდა. ქალი მთლად აწითლებულიყო სახეზე. -მოვკლავ, ნამდვილად მოვკლავ, - კბილებში სცრიდა ქალი და თან გაბრიელის ხელს ეჭიდებოდა მთელი ძალით, - და არა მარტო მას! ამასობაში მსახოიბებმაც მიაღწიეს მასთან. ყველამ სათითაოდ გადასცა თაიგული და ქალი ლამის ყვავილებში დაიმალა. ბოლოს დავითიც გამოჩნდა. მას ხელში მხოლოდ ბეჭედი ეჭირა და ქალს ქვემოდან მუდარის თვალებით უყურებდა. დარბაზში ჩურჩული არ წყდებოდა, რაც კიდევ უფრო მოქმედებდა ქალის ნერვებზე. -გთხოვ, - თქვა დავითმა და პასუხის მოლოდინში გაინაბა. -არა! -რატომ? რახან შენი სურვილი არ შევასრულე და საჯაროდ არ გავიმასხარავე თავი? -საინტერესო სანახავი იქნებოდა. -ალისა, მორჩი ჯიუტობას! -არა-მეთქი და მორჩა! - ლამის დაუკივლა ქალმა და ყვავილებისთვის ხელიც არ უხლია, ისე გავარდა თეატრიდან. *** -ახლა რას აპირებ? - მეორე დილით საუზმობის შემდეგ ჰკითხა ერეკლემ დავითს და მასთან ერთად მიუახლოვდა ფანჯარას, რომელიც ბაღს გადაჰყურებდა. -უკან დავბრუნდები, საქართველოში, - ამოიოხრა კაცმა, - ჩემი ყველა მცდელობა უაზრო აღმოჩნდა და აქ რაღა დამრჩენია? -იქნებ კიდევ გეცადა? -რა აზრი აქვს? თან გაბრიელს დავუბრუნე უკვე ბეჭედი. შენ ის მითხარი, რაზე დარდობ? რაღაც ვეღარ გცნობ ეს რამდენიმე დღეა. -მელანო მაფიქრებს, - ყოყმანის შემდეგ ამოთქვა ერეკლემ და კვლავ ყვავილების ბუჩქებს შორის მოსეირნე ცოლს გახედა, - ამ ბოლო დროს სულ ბაღში სეირნობს თანაც მოწყენილი და მარტო. მერე ნაკადულთან ჩამოჯდება ხოლმე და რამდენიმე საათი ასე თვალგაშტერებული უყურებს. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ მაინც უცანურია. კარგი, დაივიწყე. *** -დაბადების დღეს გილოცავ, მამა, - ცრემლიანი ხმით თქვა ქალმა და დიდი სიფრთხილით შეაცურა არხში თავისივე ხელით დაწნული ყვავილების გვირგვინი. ყვავილები ტალღებმა ცოტა ხანს ათამაშეს, შემდეგ კი სენასკენ გაუყენეს გზას. -მადლობა, - ზურგიდან მოისმა ხრინწიანი კაცის ხმა და წელშიგასწორებულ მელანოს ავისმომასწავებელმა ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში, - მხოლოდ შენ იყავი ჩემი შვილებიდან ერთადერთი, რომელსაც არასდროს ავიწყდებოდა ჩემი დაბადების დღე. მელანო ძალიან ნელა შებრუნდა. ეგონა ეჩვენებოდა, მაგრამ არა, მის წინ ნამდვილად ბიძინა ამილახვარი იდგა, ცოცხალი და საღსალამათი. მართალია, თავში ჭაღარა მომრავლებოდა და დაჩიავებულიყო კიდეც, ტანსაცმელიც შედარებით ჩამოძონძილი ეცვა, მაგრამ მის ხმაში ჯერ კიდევ იგრძნობოდა ძველებური სიმტკიცე. *** შემდეგი თავით დასრულდება ისტორია მადლობა, ვინც კითხულობდით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.