პლუტონის ქალიშვილი [1]
წინათქმის წინათქმა: გამარჯობა. ბევრს არაფერს ვიტყვი, თავს არ შეგაწყენთ, გარდა იმისა, რომ მე ვარ N7 - წლების წინ აქ ამ ნიკით ვტვირთავდი ისტორიებს, იმედია იქნებით აქ ჩემი მკითხველი. თუ პირველად მოხვდით ჩემს ისტორიაზე, მაშინ იმედი მაქვს მოლოდინებს არ გაგიცრუებთ! მოუთმენლად დაველოდები თქვენს შეფასებას. მადლობა ბევრი. - წინათქმა პლუტონი ასტროლოგიაში აღიქმება, როგორც ძველის ნგრევისა და ახლის შენების პლანეტა. ეს არის ადამიანის ნებისყოფა, შინაგანი ძალა, ტრანსფორმაცია, რომელსაც თან ახლავს სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი (ხშირად სიკვდილიც). განასახიერებს დაბადებისა და გარდაცვალების მისტერიას. გავლენას ახდენს ომებზე, რევოლუციებზე, ტერორისტულ აქტებზე, ასევე, კატაკლიზმებზე. დადებითი თვისებები: სტაბილურობა, სიმტკიცე, მოთმინება, პატიოსნება, სულიერი ტრანსფორმაცია. უარყოფითი თვისებები: შურისმაძიებლობა, სიფიცხე, სადიზმი, ოკულტური ცოდნის ბოროტად გამოყენება. 1 მოყვითალო ფარდების უკან, დიდ შუშაბანდებს მიღმა ახალი ქალაქი იმალება. ნამდვილად რომ გითხრათ, ძალიან ძველი ქალაქია. ძველი და ყველასთვის თავშესაფარი. აქა-იქ ჩამდგარი დიდი შენობები და ერთმანეთის გვერდი-გვერდ, ერთმანეთს მიჯრილი პატარა, ფერადი სახლები. პატარა სანაპირო და უზარმაზარი ზღვა. ტალღები, რომლებიც ღელავენ, ჯებირებს აწყდებიან და, რომ ვერ სტეხენ, უკან დედა-ზღვას უბრუნდებიან. ეს არის ქალაქი, რომლის ჰაერშიც ატანილა მლაშე არომატი, ზღვისგან მონაბერი. ქალაქი, რომლის ქუჩებშიც უწყლოდ დააფარფატებენ ფარფლებს თევზები. აი, მიდიხარ შენთვის, ყურსასმენებში მუსიკა ჟღერს და უცებ გზაჯვარედინზე ანთებულ წითელ შუქნიშანთან ოქროს თევზი ჩერდება. ფეხს უჩქარებ, მიდიხარ, მიდიხარ და ის არ გარბის. შენ სუნთქვას აგრძნობინებ, მაგრამ მაინც არ გარბის. უცებ შემოგხედავს, გაგიღიმებს და სწრაფად მიქრის წინ. მიმოიხედავ და შეამჩნევ - ამასობაში შუქნიშანზე მწვანე ანთებულა. ჰო, ცოტა გავაზვიადე. არსად დაქრიან ოქროს თევზები წითელ ლამბორჯინებში გამოჭიმულნი. შეიძლება ფილმებში, მაგრამ ჩვენ ხომ ფილმში არ ვართ, არა?! ისე კი, საინტერესო იქნებოდა ზემოთ წარმოდგენილი სცენა რომ გადამხდეს. ნეტავ, რას ვიფიქრებდი?! - შემეშინდებოდა თუ ინტერესის წყურვილი მიმაღებინებდა საბედისწერო გადაწყვეტილებას? მადლობა ბუნებას, ასეთი ფენომენი ჯერ არ უშვია. ამ ქალაქში, მლაშე არომატი რომ ცხვირს აგიწვავს სახლიდან გამოსვლისთანავე, ერთი კვირაა გადმოვედი. ვცხოვრობდი დედაქალაქში, ჩემს საქმიანობას ვეწეოდი აქტიურად, ვწერდი ცნობილი ჟურნალისთვის და ონლაინაც ვაქვეყნებდი სტატიებს. ვერ დავიკვეხნი და ვერ მოგატყუებთ, ჩემს ბლოგს ან ჟურნალისთვის მომზადებულ სტატიებს სულმოუთმენლად ელოდნენ-მეთქი. აქ გადმოსვლის ფუნდამენტად ეს მიზეზიც შესაძლოა ჩავთვალოთ, მაგრამ, რომ არც საკუთარ თავს და არც თქვენ მოგატყუოთ, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემს ადვოკატს დავურეკე. ოცდასამის ვიყავი, გიორგის რომ შევხვდი. პერსპექტიული, ჩამოყალიბებული და ფლირტის ოსტატი იყო. ერთი შეხედვით, საოცნებო მამაკაცი. იმ დროს ახალი დასრულებული მქონდა უნივერსიტეტი და სააგენტოდან სააგენტოში დავრბოდი. რაღაცის სწავლას რომ დაასრულებ, ერთი სული გაქვს, როდის გამოიყენებ ცოდნას პრაქტიკაში. მსგავსი სენით დავსნეულდი: ვეღარ ვითმენდი, ისე მსურდა მეწერა, თუნდაც ისეთი გაზეთისთვის, რომელსაც არავინ კითხულობდა. არა და არ მიმართლებდა. ყველა მიღიმოდა და დაგიკავშირდებითო, მპირდებოდა, მაგრამ გადიოდა დღეები და ტელეფონზე მხოლოდ დედას სახელი ფიქსირდებოდა ზარის შემოსვლისას. ერთ დილით დავყარე ფარ-ხმალი და გადავწყვიტე, ჟურნალისტიკა თავად მოვიდოდა ჩემთან, ახლა კი კულინარიაში უნდა მეცადა ბედი. ჩავიცვი დიასახლისურად - გაშლილი, ყვავილებიანი, მუხლებამდე კაბა, წავიკარი თავზე ბენდენა, დავავლე საფულეს ხელი და ხალისით ჩავირბინე ბაზრობამდე, რომელიც ჩვენს კორპუსებთან ახლოს გაეშალათ. აქამდე თუ უდარდელად ამოვუვლიდი და მხოლოდ მაშინ გადავავლებდი თვალს დახლებს, როცა ფორთოხლის სეზონი მოდიოდა, ახლა აღმოვაჩინე, რომ ბედნიერება კომპიუტერის კლავიატურის მიღმა კი არა, აქ უნდა მეძია. ყველაფერი ვიყიდე ცოტ-ცოტა და პარკებით დახუნძლული დავიძარი სახლისკენ. არ ვიცი, ასე კიდევ როდის გამიმართლა ცხოვრებაში, მაგრამ შორიდანვე შევნიშნე ჩემი უნივერსიტეტელი, რომელიც კურსელის დაბადების დღეზე გავიცანი. ჩემდასაბედნიეროდ, კომუნიკაბელური დავიბადე და იმ საღამოს ეს ახალგაზრდა ისე შემომეცნო, ვერც კი გავაცნობიერე. თუ სწორად მახსოვდა, ნიკა ერქვა და მაშინ დაასრულა უნივერსიტეტი, ჩვენ რომ მეორე კურსზე გადავდიოდით. გამომელაპარაკა და გამოვუტყდი ჩემს გასაჭირში. - ჰო, ახლა ყველგან კვალიფიცირებულ კადრებს ეძებენ, - არც აცია, არც აცხელა, ისე მომახალა. - მაგრამ არ ინერვიულო შენ მაგაზე! - ომახიანად გააგრძელა, - ზეგ გვაქვს კორპორატიული და წამოდი, თან გვერდს დამიმშვენებ, თან გავლენიანი პირები იქნებიან, იქნებ ვინმემ შეძლოს შენი დახმარება. ნეტავ მეც შემეძლოს… - არ ტეხავს? - კი შევიშმუშნე, მაგრამ გულში ძლიერად გამიხარდა. - კაი რა, რა ტეხავს, ხუმრობ? ერთ ჭიქაში ყველაფერი დაგავიწყდება… შენც და იმათაც! - გაიცინა და მხარზე მეგობრულად შემახო ხელი. - ძალიან დამეხმარები, ნიკა! - კი ვთქვი მისი სახელი, მაგრამ თან ეჭვნარევად, დაბალ ხმაზე, იქნებ მეშლება-მეთქი, მაგრამ შენიშვნა რომ არ მივიღე, ჩავთვალე, რომ ნიკა ერქვა და გავაგრძელე: - აქვე ვცხოვრობ, აი, იმ კორპუსში, მეორე სადარბაზოში, მესამე სართულზე. თავით ვანიშნებდი და თან მთელი ემოციებით ვსაუბრობდი. ხელში კი მძიმე პარკები მეჭირა და ვერც კი ვგრძნობდი ტკივილს. - შემეხმიანე, როცა გინდა, ნიკა, - შევხედე და გავუცინე ბოლოს. - შენი ნომერი მითხარი, - ჯიბეებში მოქექა რაღაც და ბოლოს შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოაძვრინა ტელეფონი. ვუკარნახე და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხარი. - რისი მადლობა, შეგეხმიანები. ნელა ჩამიარა, თან მიყურებდა, თვალი გავაყოლე. - და ნიკა არა, ლაშა! - თვალი ჩამიკრა, გენერლის ჟესტი ამიღო და ზურგი შემაქცია. მიდიოდა სწრაფი ნაბიჯებით, ძველბიჭური სიარულით და თვალს ვერ ვწყვეტდი. თან გულში ვფიქრობდი: “ნუთუ კულინარობას გადავრჩი? ნუთუ ტყუილად ვიყიდე ამდენი რაღაც?”. თან მიხაროდა, რომ ბედზე ამ დღეს და ამ მომენტში გამოვედი სახლიდან. დაპირებისამებრ, იმ დღიდან მეორე საღამოს, ნიკასთან ერთად აღმოვჩნდი კორპორატიულზე. ვიდექი, სირცხვილისგან ლოყები მეწვოდა, კედელს ვეფარებოდი და წითელ ღვინოს ვსვამდი. გვერდით ვიღაც ამომიდგა. მალულად გავაპარე მისკენ მზერა. ნაცრისფერ კოსტუმში იყო შავგვრემანი მამაკაცი გამოწყობილი და არც კი მიყურებდა. იდგა, მშვიდად სუნთქავდა და ხალხს გაჰყურებდა. ჯიბეებში ჩაელაგებინა ხელები და ჩანდა, შესაფერის მომენტს ელოდა, საუბრის წამოსაწყებად. - მსახიობი ხართ? - თქვა ბოლოს და შემომხედა. იმით დარცხვენილმა, რომ ჩუმ თვალთვალში გამომიჭირეს, ფარული ღიმილით დავიხედე დაბლა. საკუთარ თავზე მეცინებოდა და ამ მამაკაცზეც, ასე იდუმალად რომ ამომიდგა და გულის ჩირქად შერჩენილი კითხვა დამისვა. - მსახიობი სიამოვნებით შეერეოდა ხალს და ვინ იცის, იქნებ ერთი კარგი ვალსიც ეცეკვა?! - ეშმაკურად ამიციმციმდა თვალები, მგონი ვიპოვე ადამიანი, ვისთანაც ვიხუმრებდი, ვისაუბრებდი და ამ საშინელ საღამოს გადავაგორებდი. - მასე ჟურნალისტები იქცევიან, - დაიძრა და ჩემ წინ აღმოჩნდა. - ანუ უნდა ვინერვიულო, რომ ჟურნალისტი ვარ? - ხმამაღლა გავიცინე. შევატყე, მოვეწონე. ისედაც ცხადი იყო ეს სიმპათია, სხვაგვარად არავინ მიდის უცხოსთან და ასეთ ირიბ კომპლიმენტებს არ ეუბნება. - ჟურნალისტი? - გაკვირვების ნიშნად წარბები ზემოთ აზიდა მამაკაცმა და მიმტანს ლანგრიდან ერთი ჭიქა ააცალა. - დიახ? - უხერხულობა შემომეპარა, თუმცა მაინც არ დავთმე პოზიცია. - მეგონა, ქალაქში ყველა ჟურნალისტს ვიცნობდი. - შეცდით, - თვალი ჩავუკარი და მარჯვნივ შევტრიალდი მთელი სხეულით. ნელი ნაბიჯებით წავედი მაგიდისკენ ჭიქის გამოსაცვლელად. უკან გამომყვა. - იშვითად ვცდები, თუმცა ამჯერად გნებდებით! - იცინოდა. - რომელ ჟურნალში წერთ? - იქნებ თოქშოუ მიმყავს? - ჭიქა ავიღე, ამჯერად შამპანურის და გზა გავაგრძელე. - გარეგნობა კი შეგიწყობდათ ხელს, მაგრამ ეს კდემამოსილება ნამდვილად არა. “ფიქრობს, გამომიჭირა!” - გულმა ჩუმად ჩაიხითხითა. კედელს ავეყუდე. ჩემ წინ იდგა. მუხლს ჩემსას ახებდა და დაჟინებით მომშტერებოდა. თითქოს ცდილობდა, ჩემი თვალებიდან საიდუმლო ამოეკითხა. - ირონიული და დროულია, - ვუთხარი გამომწვევად და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. - არ გამანდობთ საიდუმლოს, მადმუაზელ? - სიამოვნებით, მაგრამ ახლა ეგ საიდუმლო მხოლოდ ჩარჩოა და ელოდება შესაფერის ნახატს, რომ დაამშვენოს… - მხრები ავიჩეჩე და შამპანური მოვსვი. - ამბობთ, რომ უმუშევარი ხართ? - ელენე, - გავუწოდე ხელი. - გიორგი. და ასე შედგა ჩვენი პირველი შეხვერდა. მეორე იყო მთაწმინდაზე. ცარიელ კაფეში ვისხედით, შოპენი ჟღერდა და ჩვენი საუბარი იმდენად ინტიმური იყო, არ მსურდა, დასრულებულიყო. მესამე შეხვედრაზე მთხოვა ცოლობა და უყოყმანოდ დავთანხმდი. ვფიქრობდი, მეტი არც იყო საჭირო. ვთვლიდი, როცა ორ ადამიანს შორის მუხტი ჩნდება, ეს ხდება პირველ შეხვედრაზე და ურთიერთობა სხვა შეხვედრებზე კი არ ღრმავდება, არამედ ხუნდება, იცვითება და კარგავს სახეს - მშვენიერს. ჩვენი თანაცხოვრების მესამე თვესვე მივხვდით, რამდენად ვიჩქარეთ. გიორგიმ მომცა ყველაფერი - კარიერა, უზრუნველი ცხოვრება, სითბო. მაგრამ გაქრა ის ვნება, რომელიც პირველ შეხვედრაზე გაჩნდა. ეს იყო ნაპერწკალი, რომელიც, მეტი დრო რომ დაგვეყო შეყვარებულობის პერიოდისთვის, ჩაქრებოდა და ამ უღელში ჩაბმულებს ასე ძლიერ არ გაგვიჭირდებოდა დაშორება. ყველაფერი სახლში გვიან მოსვლებით დაიწყო, დაბარებული არასწორი მისამართებით, არეული მოვლენებით. ერთხელ დააგვიანა, რაღაც ისტორიები შეთხზა და მაიძულა, დამეჯერებინა. მეორედ მითხრა, რომ სხვა ჟურნალის მეპატრონეს ხვდებოდა, დაბრუნდა გვიან, ტკბილი არომატით, რომელიც ჩემგან არ წაუღია. ქალს არ უჭირს ამოცნობა, როდის ღალატობს საყვარელი კაცი, მაგრამ ყოველთვის უჭირს ამ ფაქტის აღიარება და გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ოჯახის დანგრევას უკავშირდება. რამდენიმე კვირა ვითმინე ხალხის თავშეკავებულობა და ნაძალადევი თავაზიანობა, მალვა და კრძალვა. ყველამ ყველაფერი იცოდა და ყველას ყველაფერი რცხვენოდა. ყველას, გიორგისა და მისი საყვარელის გარდა. სანამ ქმარი გამომიცხადებდა, რომ მშორდებოდა და საყვარელთან მიდიოდა, მანამ შემოვკარი განგაშის ზარი და ადვოკატს დავურეკე. სულ რამდენიმე დღეში დამთავრდა ყველაფერი. გიორგისგან კი იმდენი პატივისცემა მაინც დამრჩა, რომ თანაბრად გაგვეყო ყველაფერი. მას რაც უკავშირდებოდა, აღარაფერი მინდოდა ჩემად დამეტოვებინა. უკანასკნელი ნივთიც კი გავყიდე და აქ, ასე შორს დედაქალაქიდან, ბათუმში ვიპოვე მყუდრო ბინა ზღვის სიახლოვეს და გადმოვედი. სამსახურის პოვნა ძალიან გამიჭირდა. აქ უფრო მცირე არჩევანი იყო. და ამ არჩევანშიც, რეალურად, მე არაფერს ვირჩევდი და განვაგებდი. ყველგან უარი მითხრეს. შემრჩა ჩემი კომპიუტერი, რამდენიმე ათასი, რომელიც უნდა გამეწერა თითოეულ დღეზე, ულუკმაპუროდ რომ ზედმეტად მალე არ დავრჩენილიყავი. ზღვა იყო ნაწილი იმ თავისუფლების, რომელიც ჩემში ამ სიმარტოვის ჟამს აღმოვაჩინე. ყოველ დილას ზღვის ნაპირიდან ვიწყებდი და საღამოც ასე სრულდებოდა. მივუყვებოდი ქვებიან სანაპიროს, გავყურებდი ჩამავალ მზეს და მის ანარეკლს მოდუდუნე ტალღებში. მარტოობა აქამდე თურმე არასდროს მიგემია ამდენად ცხადად. თავიდან ორ კვირაში ერთხელ მეილებს მიგზავნიდა გიორგი. მკითხულობდა და შეცდომას აღიარებდა. ამით მხოლოდ ჭრილობას მიახლებდა და ვერ მშველიდა, თუმცა ის ფაქტი, რომ დანაშაულს გრძნობდა და ბედნიერებას, მოსვენებასა და მშვიდობას ვერც იმ დროებითი ქალის მკლავებში პოვებდა, მცირედად მამშვიდებდა; ეგოისტურ სიამოვნებას მგვრიდა. გაზაფხული კვირტებს შობდა, ტალღები ღელავდნენ და ღელავდნენ, მე კი რუტინულ ყოველდღიურობაში თავით ვიყავი გადაშვებული. “ესეც შენი ბათუმი, იფიქრე ახლა!” _ ბრაზს ვივლებდი გონებაში, საკუთარი თავისკენ იარაღად მიმართულს. და ვოცნებობდი მინიმალურ შემოსავლის წყაროს და სიმპათიურ ახალგაზრდას, რომელიც იმ ბედნიერებას მომანიჭებდა, რომელიც გიორგისგან არ მერგო. ამ ოცნებაში კი ზღვა ტალღებს ტყორცნიდა ჯებირებს. ზღვა ძალიან გავდა ცხოვრებას… სანაპიროზე ვსეირნობდი და ბლოგის ახალ პოსტზე ვფიქრობდი. ყოველდღიურად ვწერდი და ვაქვეყნებდი სტატიებს, ამასობაში კი თემები ამომეწურა. გუშინ წიგნების მაღაზიაში ვიყავი. ბევრი ვათვალიერე, რამდენიმე წიგნმა ისე გამიტაცა, დროც გამეპარა. მათგან ერთ-ერთი ამოვარჩიე და უყოყმანოდ ვიყიდე. სახლამდე რომ ვკითხულობდი, ეგ არ მეყო და სანამ არ დავასრულე, მანამ ვერ მოვწყვიტე თვალი. ვფიქრობდი, ამ წიგნზე დავწერდი რეცენზიას, მაგრამ ამავდროულად ვიცოდი, მსგავს სტატიებს დიდად არ წყალობდა მკითხველი და ამასთან ერთად სხვა სტატიის დაწერაც მომიხდებოდა. ზღვა ღელავდა, ფეხსაცმელს წყვდებოდა წყლის მცირე ფენა. თითქოს მოიწევდნენ ტალღები, რომ შევეთრიე და შთავენთქი. ყოველთვის მიყვარდა ზღვა. ვფიქრობდი, ხასიათით მას ვგავდი. ხო, ასე, არც დედას, არც მამას. ვგავდი ზღვას. მუდმივად ვღელავდი და არასდროს ვწყვეტდი მოძრაობას. ბიძგი მჭირდებოდა, ყველას ვიტევდი ჩემში. სანაპიროს ბოლოში გავედი და შევატყე, რომ ძალიან დავიღალე. იქით უკვე საინტერესო აღარაფერი იყო. ასეც ხდებოდა ხოლმე მთელი კვირის მანძილზე, ქვიან სანაპიროს ბოლოში მოვიტოვებდი ფეხით სიარულში და ბოლოს ტერფებატკიებული სახლის გზას ფეხით ვეღარ ვადგებოდი და მანქანას ვაჩერებდი. სხვა გზა არ მქონდა. გზაზე გადავედი და ტაქსის დავუქნიე ხელი. ამ ტურისტებით გადაჭედილ ქალაქში ტაქსები უფრო მეტი ტრიალებენ, ვიდრე მოქალაქეები. ფასსაც შესაბამისად მაღალს დაგიხეთქებენ ხოლმე. თავიდან მორჩილად ვიხდიდი, მერე კი, როცა მივხვდი ჩემივე არიფობის გამო მიცარიელდებოდა საფულე, ჭკუა ვიხმარე და აღარ ვასულელებინებდი მეტად თავს ულვაშებიან გაქართველებულ, სულით ებრაელ ტაქსისტებს. მისამართი ვუკარნახე და ვკითხე რამდენად გამიყვანდა. - ხუთი, ტანკლი, - თვალი ჩამიკრა. - სამი, - შევევაჭრე. - ოთხნახევარი. - სამი, - არ ვნებდებოდი. - ოთხი. იშმუშნებოდა. ჩანდა, არც კლიენტის გაშვება სურდა, არც შეთავაზებული თანხა მოწონდა. “ჩაგავლე, ტანკლი!” - ვფიქრობდი გულში გესლიანად. - სამი-მეთქი. სხვა გავაჩერო? დაფიქრდა. მერე ცხვირით უკმაყოფილება გამოხატა და მითხრა - დაჯექიო. უკანა კარი გამოვაღე და ჩავჯექი. საშინელი სუნი იდგა მანქანაში. ფანჯარას ჩავუწიე და მლაშე სურნელი შემოვუშვი. - აქაური ხარ? - სარკიდან მათვალიერებდა ტაქსისტი. - დაახლოებით. - არ უყვარს ბათუმს ჩამოსულები. - არ მჯერა. - ჭკვიანი გოგო ხარ, ხო? - თქვენ მითხარით. გაიცინა. - შვილიშვილი მყავს, ნიაკო ქვია. ხუთი წლისაა. ორი წელია არ მინახავს. კომპიტვერში თუ რა ოხრობაც ქვია, მიგზავნის ხოლმე ნანო სურათებს.. ისეთი ლამაზია. მოხუცი ტაქსისტი მომაბეზრებელ თემებზე საუბრობდა. - ადრე გათხოვდა ჩემი შვილი… არაბს გაყვა. - მეც ადრე გავთხოვდი, - არ ვიცი რატომ, მაგრამ უცებ მომინდა გული გადამეშალა ამ მოხუცისთვის. - უზრუნველმა ცხოვრებამ მოხიბლა და ახლა ასე შორს არიან ჩემგან… ჩემი ბარტყები. - მე მისმა სითბომ, შარმმა და ცოდნამ მომხიბლა. ჯანდაბა, მესამე შეხვედრაზე დავთანხმდი ცოლობაზე. - მესამე, ტანკლი? - წარბები ზემოთ აზიდა და ერთი შეუსტვინა, გაოცების ნიშნად. - ჰო, მესამე, - გამეცინა, - სულელი ბავშვი ვიყავი. - დაშორდი? - დავშორდი. მეტყვით, რატომ ხართ კაცები ასეთი უნამუსოები? ბრაზმა თვალები ამიწვა. ტაქსისტმა გაიცინა. - გიღალატა, ხო? - ფიქრიც მეზარება. - არ იფიქრო, ტანკლი, ისეთი გოგო ხარ იმან იდარდოს, ვინც დაგკარგა, თორემ ადვილად შეცვლი და უკეთესით ჩაანაცვლებ. დღეს მოსული ამბავია გათხოვება, მერე უკან გამოთხოვება, სხვას გაყოლა, კიდევ გამოთხოვება და ასე, სანამ არ იპოვი ბედს. გამეცინა. - აღარ ვაპირებ. საკმარისად გავიცანი კაცი და გუნება. - ნუ იტყვი მაგას. კაცს და გუნებას ერთხელ გათხოვებით კი არა, ათასჯერ გათხოვებითაც ვერ შეიცნობ, ტანკლი, - ჩაიცინა მოხუცმა. - ალბათ. აი, აქ გამიჩერეთ. ოღონდ, ფული არ მაქვს, შევირბენ სახლში და გამოგიტანთ. მოხუცმა თავი დამიქნია. სწრაფად გადავედი მანქანიდან და პატარა გადასაკიდ ჩანთაში გასაღები მოვჩხრიკე. ვერ ვიპოვე. ასეთ პატარა ჩანთაში გასაღები ვერ ვიპოვე. ავფორიაქდი. გამალებით ვჩხრეკდი და მაინც ვერ ვაგნებდი. მერე შევჩერდი. ღრმად ჩავისუნთქე და კარის სახელურს დავწვდი. რკინის კარი არ გაიღო. “რა ვქნა?” - ვფიქრობდი და პასუხს ვერ ვაგნებდი. ტაქსის კარი გავაღე და უხერხულად შევხედე ტაქსისტს. - გასაღები დავკარგე, - ძლივს ამოვღერღე. - მატყუებ, ტანკლი? თუ არ გქონდა ფული… - არა, არა! - შევაწყვეტინე სწრაფად, - კარი რომ ჩავკეტე, ჩანთაში ჩავაგდე გასაღები, ახლა კი ვერ ვპოულობ. - იქნებ დაგივარდა? მისი ნათქვამი ჭკუაში ჩამიჯდა და დაბლა დავიწყე ძებნა. ერთ ადგილს რამდენჯერმე ვათვალიერებდი, ბალახებს ვწევდი, ნოხიც კი ავწიე, მაგრამ არსად ეგდო გასაღები. - მისმინეთ, არც ტელეფონი მაქვს, არც სხვა რამ წამოღებული, მარტო ეს ჩანთა, - ვუთხარი ტაქსისტს, - ერთადერთი ნივთია, რაც ქმრისგან შემომრჩა. პარიზში მიყიდა. ვიცი, რომ სამი ლარი ამის ფასთან არაფერია, მაგრამ წაიღეთ. ხვალ დაბრუნდით, იმედია შევაღწევ სახლში მაგ დროისთვის და მე კუთვნილ თანხას მოგცემთ, თქვენ კი ჩემ ჩანთას დამიბრუნებთ. შეცბა. უხერხულად შეიშმუშნა. - ტანკლი, გენდობი, - მომმართა და ბავშვური მზერა მტყორცნა. ჩანდა, შიგნით მისი ორი “მე” იბრძოდა. - მეც გენდობით და ამიტომ გატანთ ამ ჩანთას. კარგად მოუარეთ, - გავუღიმე, ჩანთა სავარძელზე დავუდე და კარი დავხურე. რომ მიდიოდა, ხელი ამიწია. მეც იმავე ჟესტით ვუპასუხე. კიდევ ვეძიე რამდენიმე ათეული მეტრის რადიუსში, მაგრამ გასაღები არსად იყო. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩავკეტე და ისე წავედი. სხვაგვარად, კარი თავისით არ ჩაიკეტებოდა. რომ ვერ ვიპოვე, დაღლილი დავეშვი კარის წინ შემაღლებულ საფეხურზე. სახე ხელებში ჩავმალე და ცრემლები ვიგრძენი კანზე. ალბათ, უკანასკნელი უიღბლო ვარ-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი და ვტიროდი. დრო მიდიოდა, გამოსავალს კი ვერ ვხედავდი. ბრაზისგან, იმედგაცრუებისა და მარცხისგან მთელი სხეული მეწვოდა და მიკანკალებდა, გონებაში კი არავითარი აზრი იბადებოდა. მერე ვიგრძენი ვიღაც მომიახლოვდა. მგონი პირველი ადამიანი იყო, ბოლო დროს ამ ქუჩაზე რომ ჩაიარა. - ყველაფერი კარგად გაქვთ? - მკითხა მამაკაცის ხმამ. თითებით ცრემლები მოვიწმინდე და ფეხებიდან სახემდე ავაყოლე მზერა დაინტერესებულ პირს. დაბნეული მიყურებდა, ჩანდა, დახმარება სურდა. - არა, - მოკლედ ვუთხარი. - შემიძლია რამით დაგეხმარო? - მკითხა და ხელი გამომიწოდა. გრძელ თითებს ჩემი ჩავავლე და ფეხზე წამოვდექი. - ჩემი კარის გასაღების წყვილი თუ გაქვთ, შეგიძლიათ, - არ ვიცი როგორ, მაგრამ ჯერ კიდევ მეცინებოდა. - თქვენის არა, მაგრამ ჩემით ვერ გავაღებთ? - სამწუხაროდ… დაფიქრდა. - სამაშველოში დარეკეთ და გატეხენ კარს. - ტელეფონი შიგნით არის. გაიცინა. - მგონი, ფორტუნამ თქვენგან პირი იბრუნა. - მეც მასე ვფიქრობ. - მაგრამ გაგიმართლათ, მე რომ ჩამოვიარე ამ ქუჩაზე, - თვალი ჩამიკრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. გამეღიმა. გამოვართვი სმარტფონი და ნომერი ავკრიფე. - დღესვე გამომიცვლიან საკეტს? - არ მგონია, უკვე გვიანია. - აბა, ღია კარში უნდა დავიძინო?! შემაძრწუნებლად გაიჟღერა ბიჭის “არამგონიამ”. - თავისით იკეტება კარი? - არა, ჩავკეტე, მაგრამ გასაღები ამომივარდა, მგონი. - საიდან ამოგივარდათ? ჩანდა, უცებ შემათვალიერა და შეამჩნია, ჩემს ყვავილებიან სარაფანას ჯიბე არ ქონდა, სხვა კი არაფერი მებადა. - ჰოო… ესეც ამ ფორტუნის ბრალია, - ბრაზნარევად გამეცინა, - პარიზში ნაყიდი ჩანთა სამი ლარის ნაცვლად მივაბარე ტაქსისტს. წარბები ზემოთ აზიდა. - არადა, ჭკვიანი მზერა გქონდათ. - შეურაცხყოფილად უნდა ვიგრძნო თავი? - ტუჩი მოვიკვნიტე, რომ არ გამცინებოდა და სერიოზული სახე მიმეღო და ჩემი პოზიცია ამ მიმიკით დამეფიქსირებინა. - შორს იყავი წასული? კითხვა უპასუხოდ დამიტოვა. - უფ! - თითები შუბლთან მივიტანე, თვალები მოვჭუტე და ასე აღვუწერე, რამდენად შორს ვიყავი. - მოვძებნოთ. - ერთხელ უკვე გავედი სანაპიროს ერთი ბოლოდან მეორეში. არ მგონია, მაგის ძალა კიდევ შემწევდეს… - ხელში აგიყვან და ასე გატარებ, გაწყობს? - შენი კუნთები ამ საქმეს არ ეყოფა! - შეტევა იყო. კონტშეტევა. - შეურაცხყოფილად უნდა ვიგრძნო თავი? - ტუჩები მოიქცია კბილებს შორის. გამეცინა. რატომღაც ვიფიქრე, რომ მასთან ერთად კიდევ ერთხელ გავივლიდი სანაპიროს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, გასაღებს ვერ ვიპოვიდი. - წავედით? არაფერი მიპასუხა, ჩემთან ერთად დაიძრა. მივდიოდით, დაბლა ვიყურებოდით და არც ერთი ვეძებდით გასაღებს. არ ვიცი, როგორ დამემართა, მაგრამ იმ ტუჩის კბილებს შორის მოქცევაზე, იმ სიცილზე, იმ თითებზე ვფიქრობდი და კადრებს ვატრიალებდი გონებაში. - კარგად იცნობ ბათუმს? - მკითხა. - So, so… - ვუპასუხე სიცილით. - იცი, შენი უიღბლობის ფონზე, ზედმეტად მხიარულად ხარ. შენობითზეც გადავედით. - მგონი საკმარისად ვიტირე, რადგან, როცა ტირილი დავიწყე, მზე ჯერ მაშინ იწყებდა ჩასვლას, ახლა კი უკვე შებინდებულია. - ჩემთან საუბარს არ თვლი? - ნუთუ მთელი საათი ვსაუბრობდით? - მომწონს შემართება. - შენ კარგად იცნობ? შემომხედა, დაფიქრდა, თითქოს აწონ-დაწონა გონებაში რაღაცები, მერე სხვაგან გაიხედა და მითხრა: - აქ დავამთავრე სკოლა, აქ დავიბადე, მაგრამ მერე წასვლა მომიწია. დღემდე ვერ ვეგუები, რომ ზღვას ვერ ვხედავ ყოველ დილით, ვერანდაზე გამოსვლისას და მის ხმაურს ვერ ვისმენ. ხშირად არ ჩამოვდივარ აქ, ბათუმმა კი დამივიწყა, ზურგი მაქცია და უჩემოდ აგრძელებს მოძრაობას. იცვლება და იცვლება… - პირველი შენ აქციე ზურგი, გახსოვს? - სხვა გზა არ მქონდა. - ალტერნატიული ვარიანტი ყოველთვის არსებობს. - საუკეთესო ვარიანტი ავირჩიე. - სწორად მოიქეცი? როგორ ფიქრობ… - რამდენადაც სწორად მოვიქეცი, იმდენად ვერ ვთმობ ჩემს ბათუმს… - ვინ დატოვე აქ? - სწორად მივუხვდი. გაჩერდა და შემომხედა. - მოგზავნილი ხარ? - გაეცინა. - ჟურნალისტი კი ვარ, მაგრამ მოგზავნილი ნამდვილად არა. - ვერ დამამშვიდე. - არც მიცდია. მერე გაჩუმდა. მეც გავჩუმდი. ასე უხმოდ მივაღწიეთ სანაპირომდე. ორივე დაბლა ვიყურებოდით მთელი ამ გზის მანძილზე, მაგრამ ბრჭყვიალა საგანს ვერსად ვხედავდით. ზედმეტად სუფთა იყო ბათუმი, ზედმეტად უმწიკვლო… - მერი ერქვა, - მითხრა ბოლოს. - “ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი”. - გალაკტიონი დროული იქნებოდა, მაგრამ არ გათხოვილა. ვერ ეღირსა, - ღრმად ჩაისუნთქა. - ბოდიში. - მოკვდა. სუნთქვა შემეკრა. - ვწუხვარ. - ჩვენ ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, ხელი უნდა მოგვეწერა ერთ თვეში… და თავი დაიხრჩო. სიტყვებს ვერ ვპოულობდი, იმდენად დავმძიმდი. გავჩერდი და იქვე ჩამოვჯექი. ზღვას გავხედე. არც ისეთ უმწიკვლოს, არც ისეთ სუფთას. - მაინც რამდენი სიცოცხლე იწერება შენზე? - გავძახე. გვერდზე მომიჯდა. ხედავ? პირველად ბათუმმა მიღალატა… - მის ხმაში ახლაღა შევნიშნე უსასრულო სევდა. დავმუნჯდი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ალბათ, ყველაზე დიდი სიგიჟეა, გიყვარდეს ადამიანი, გინდოდეს მას აჩუქო მთელი შენი ცხოვრება და ის კი დგებოდეს და სიტყვის უთქმელად მიდიოდეს შენგან. - დიდი დრო გავიდა? - აღმომხდა ბოლოს. - დრო პირობითი ცნებაა და დამოკიდებულია იმაზე, როგორ უყურებ სამყაროს და როგორი ცხოვრებით ცხოვრობ. მე საუკუნოდ გამეწელა, რადგან ორი წლის მანძილზე ვერაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ, დავდიოდი ჩვენს ადგილებში, ვიძინებდი მის ნივთებთან ერთად და საერთოდ, მისი მოგონებით ვცხოვრობდი. რთული იყო-მეთქი, ვერ გეტყვი, იმიტომ, რომ არ აღწერს სიტუაციას ზუსტად. ჯოჯოხეთი გამოვიარე. სანამ მყავდა, არ მეგონა ასე თუ მიყვარდა და რომ წავიდა, ჯოჯოხეთის ცეცხლი დამინთო მთელ არსებაში. თითქოს, ყველა გზა ერთიანად ჩამეხერგა და ჩემთვისაც ერთადერთი გამოსავალი სიკვდილი იყო. ახლა რომ ასე თავისუფლად ვლაპარაკობ, მაშინ ლამის სამუდამო მდუმარებას გავუღე კარი. სამყარო შემძულდა და სხვა გზა არ იყო - ან თავი უნდა მომეკლა მეც და მერის გზა გამეზიარებინა, ან წავსულიყავი ამ უსასრულოდ ქცეულ ლაბირინთიდან, რომელშიც გასასვლელს ვეღარ ვპოულობდი. ყველაფერი მერის მახსენებდა და ჩაკეტილი ვიყავი ამ სივრცეში. ასე გავერიდე ჩემს ჯოჯოხეთად ქცეულ სამოთხეს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა, ჯერ კიდევ მძიმედ და ჯერ კიდევ ტკივილით. ვუსმენდი და არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა, რადგან ასეთ დროს სიტყვები ან ყველაფერია, ან არაფერი. მერე იყო სიჩუმე. ჩვენს დუმილში კი დაუოკებლად ერეოდა ზღვის ტალღების უსასრულო ცემა მიწაზე. - კალენდრის ხუთი წელი გავიდა, ჩემთვის კიდევ თითქოს რამდენიმე კვირა, - მითხრა ბოლოს, შემომხედა და დაჟინებით მომაშტერდა. ახლაც ჩუმად ვეღარ გავჩერდებოდი და ვუპასუხე: - ხშირად ადამიანები ვერ იაზრებენ, რას აკეთებენ, ამის გამო არ ღირს საუკუნო ტანჯვა. გაეღიმა. - ერთადერთი, ვინც ვერაფერი გაიაზრა, მე ვარ და ჩემ თავს მასე მარტივად ვერ მივუტევებ. - მიტევება ერთადერთია, რაც შეგიძლია გააკეთო და მეორე ის, რომ ცხოვრება გააგრძელო, ძველის გამოკლებით, ახალი რუტინის შემუშავებით. - ისე საუბრობ, თითქოს შენც დიდი ტკივილი გაქვს ცხოვრებაში გამოცდილი, მაგრამ გადაურჩი. - ჩემი ტკივილი შენთან რა მოსატანია საერთოდ, - ვუთხარი და მის გულწრფელობაზე თვალები ამიცრემლიანდა. რომ არ დაენახა, თავი მარცხნივ გავატრიალე და ლამპიონის ნათების ქვეშ მომეჩვენა, რაღაც ბზინავდა. - ვაიმე! - აღმომხდა გაოცებულს, წამოვდექი და არეკლილ სინათლის მკრთალ სხივებს გავყევი. მიწაზე ჩემი გასაღები ეგდო. - ნამდვილი თილისმა ხარ, - მოვტრიალდი აღფრთოვანებული, მაგრამ ახალგაცნობილი ბიჭი არსად იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.