მადერა [თავი 2]
ყავა ავიდუღე და აივანზე გავედი, რომელიც სამზარეულოს სდევდა და ეზოსკენ იყო პირმიქცეული. ეზოში ხალხი ფუსფუსებდა. მერე რა, რომ ჯერ რვაც არ იყო. როგორც ჩანს, მაწონის გამყიდველ ქალს უკვე ჩაევლო. პატარა ქუჩის შუაში, რომელიც ორ შენობას შორის სრუტესავით ყოფილიყო, ჩემი მეზობელი ქალები ლაპარაკობდნენ. ერთ-ერთს მაწვნის ქილა ეჭირა, თავისუფალ ხელს კი ისე აქნევდა ჰაერში, ჩანდა, ემოციური დიალოგი ჰქონდათ. მაწვნიანი ქალი ლეილა იყო, გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს. ამბობენ, ეს ქალი აქვე დაიბადა და ცხოვრებაში ამ უბნის იქეთ არ წასულაო. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ყველაზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე თვითონ თითოეულმა - საკუთარ თავზე. მეორე ქალის სახეს ნახევრად ვხედავდი, დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავიხსენე, ვინ იყო. არეული დილა გათენდა: ჯერ გონების თამაში, მერე მეზობლებზე უნაყოფო დაკვირვება. ყავაც უგემური გამომივიდა. ერთი ყლუპის გასინჯვის შემდეგ გადავღვარე. სახლში შევბრუნდი. ახლა სამზარეულოს მოვავლე თვალი. აქ ყველაფერი წესრიგში ჩანდა. ჭიქა ნიჟარაშივე დავტოვე და მაგიდას მივუჯექი, რომელიც პატარა სამზარეულოს ზუსტად შუაში მედგა. გონება დავძაბე და წინა საღამო გავიხსენე. იქნებ გიგისთან საუბარში იყო რამე უცნაური ნიუანსი? ვეცადე და ყოველი სიტყვა ამომიტივტივდა, რადგან მთელი არსებით ვიყავი საუბარში ჩართული. საუბარში, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. მაგრამ მაინც არაფერი. უცებ გონებამ განგაშის სიგნალი გაააქტიურა: იქნებ გიგი მანიაკი იყო? იქნებ ახლაც სახლში იყო? ფეხზე დაფეთებული წამოვვარდი. ჯერ სწრაფად დავიძარი სხვა ოთახების შესამოწმებლად, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკუსვლით დავბრუნდი სამზარეულოში, სწრაფად გამოვაღე კარადა და დანა ამოვიღე. ყველაზე ბასრი მათ შორის, რაც კი მქონდა. ვიწრო დერეფანი გავიარე და საპირფარეშოს კარი ფრთხილად შევაღე. საკუთარი გულისცემა მესმოდა სახლის სიჩუმეში და ისიც კი მაფრთხობდა. საპირფარეშო, რა თქმა უნდა, ცარიელი იყო. შემდეგი გაჩერება მისაღები იყო. ოთახებს მიმდევრობით ვარჩევდი და ყოველი კარის შეღების წინ გულისცემა ისე მიჩქარდებოდა, მუხლებიც კი კანკალს მიწყებდა. ხელისგულები სულ გამეყინა და გამეოფლა. არც მისაღებში იყო ვინმე. დარჩენილი ორი საძინებელიც საგულდაგულოდ შევამოწმე გულისფანცქალით და ყველა მაღალი და განიერი კარადაც. სახლში ერთადერთი გული ცემდა. ისევ სამზარეულოში შევედი. ნერვიულობისგან ენერგიაგამოცლილისთვის შესვლა კი არა, შებობღება უფრო იყო. სკამზე დავეშვი და გონებას მოვუსმინე. არაფერს ამბობდა. ჩუმად იყო. მხოლოდ რაღაც კადრებს ატრიალებდა ბავშობიდან, რომელიც ათეული წლის წინ მოვიტოვე უკან. დედამ გამომიყვანა სკოლიდან. მზიანი დღე იყო, აპრილისებური. აპრილი ჩემი საყვარელი თვე იყო. ყოველთვის ყველაზე ცოცხალ, ლამაზ და სურნელოვან თვედ მესახებოდა. კვირტებშობილ ხეებს რომ ჩავუვლიდი, მინდებოდა არასდროს დავბრუნებულიყავი სახლში და ბუნებას შევზრდოდი შვილად. დედა ჩემგან განსხვავებით პესიმისტი იყო. მაშინ მიმაჩნდა, რომ, როგორც ყველა უფროსი ადამიანი, დედაც შავ-თეთრ ფერებში ხედავდა ყველაფერს და ამიტომ არ უთამაშდებოდა ბედნიერების ღიმილი სახეზე, ბუნების ამ ყვავილობას რომ შეეჩეხებოდა პირისპირ. მერე გავიგე, რომ დედაც და ყველა უფროსიც ისეთივე ფერებში ხედავს სამყაროს, როგორც ბავშვი, მხოლოდ განსხვავებულად აღიქვამს, რადგან სხვა უფრო დიდი საფიქრალი აქვს. ეს აღმოვაჩინე მაშინ, როცა კუბოს კენჭები ეცემოდა ხმაურით. არსებობას ჭუჭყი ფარავდა. ხელებს ხვევდა მიწა უკანასკნელ ნიშანს სიცოცხლის და შთაინთქავდა. დაითვლიდა ათამდე და გათავდებოდა. ყოველგვარი თამაში, ცხოვრებასთან ჭიდილი, ფერადიც და უფეროც, ყველაფერი თანაბარი სიჩქარით აღიგავება მიწისაგან პირისა. და რჩება უსასრულობაში ჩაკარგული არარსებობა, რომელსაც არ აქვს ფერი, სუნი, გემო, მაგრამ აქვს ძალიან, ძალიან მწარე იარაღი, რომელიც ზურგში გცემს და ყველა მალას შორის ატანს. მაშინ, იმ აპრილის მზიან დღეს, სახლში მოშიებულები დავბრუნდით. კარში საკეტი რთულად გადატრიალდა. დედა დაიძაბა, თუმცა ეცადა არაფერი შემემჩნია. შევედით. ფეხსაცმელები შესასვლელშივე გავიხადე, დავყარე და სამზარეულოსკენ გავიქეცი. დედა დარჩა იქვე და დიდხანს არ დაბრუნებულა. მუცელი მიყმუოდა, მთხოვდა - მაჭამეო. დედა არ ჩანდა. მერე მოვიდა. სახე უცნაური გახდომოდა, თითქოს სხვა ქალი შემოსულიყოსო. ბრაზი და შიში ავადმყოფურ სითეთრედ აღბეჭდვოდა ისედაც თეთრ სახეზე. ზუსტად ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც მაშინ, ხიდან რომ ჩამოვვარდი და შუბლზე იმხელა ბზარი გავიჩინე, ვარდებს ჩარგავდით და გაიხარებდა. მშია-მეთქი, დავიწუწუნე. უხმოდ ამომიღო ცივი წვნიანი, წინა საღამოს გაკეთებული და გამხმარი პური მომიტეხა. იმდენად უცნაური იყო დედას გამომეტყველება, ვერაფერი ვუთხარი და ცივ კერძს უგემურად შევექეცი. საღამოს, რომ დამაწვინა და ჯერაც არ გაქრობოდა სახიდან ის გამომეტყველება, და სიტყვაც კი არ ეთქვა ჩემთვის, შუბლზე მაკოცა და ტკბილად იძინეო, მითხრა. ოთახიდან გავიდა და მალევე გავიგე კარზე წყნარი კაკუნი. მერე ჩურჩული. მერე ფეხების თანმიმდევრული მონაცვლეობა და სამზარეულოს კარის ჭრიალი. გული ამიჩქარდა და არ ვიცი, რამ მაიძულა, მაგრამ ავდექი და ფეხაკრეფით მივიპარე სამზარეულოს კართან. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სამზარეულოს, მით უფრო ვარჩევდი სიტყვებს და კაცის ხმას. ხმას, რომელიც ისეთივე უცხო იყო ჩემთვის, როგორც მუნჯი სოსოს ხმა, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. - მასე ადვილი არ არის, - მესმოდა დედას სიტყვები, რომელთაც ადვილად ვარჩევდი. - სხვა გზა არ არის, - ხრიალებდა მამაკაცის ცივი, საშინლად ცივი და უცხო ხმა. დიდი პაუზა მოჰყვა კაცის კომენტარს. მე არაფერი მესმოდა, ვიდექი სამზარეულოს თეთრად შეღებილ კართან, რომელიც სიძველისგან გაცრეცილიყო და აქა-იქ საღებავი აძრობოდა. - ვერ მოვკიდებ მაგ საქმეს ხელს, ვერ გავწირავ ყველაფერს, რასაც ამდენი ხანი ვაშენებდი, - მშვიდი იყო დედას ტონი. მაშინ ვერ ვამჩნევდი, ამ სიმშვიდეში რაოდენ ძლიერი ტალღები ბობოქრობდა ეიფორიის. - თავს იღუპავ და ღუპავ შენ შვილსაც. - იციან? - და ეს ერთი სიტყვა სარკედ იქცა დედას შინაგანი განცდის - შიშის, რომელიც არ იყო ნაცნობი ჩემთვის. შიშის, რომელიც დედას მხრიდან არასდროს დამენახა იმ დღემდე. - ყველაფერი. სკამი იატაკზე ხმაურით გაცურდა. შემეშინდა და ჩემს ოთახში სირბილით დავბრუნდი, გაციებულ საწოლში ჩავხტი და საბანი თავზე გადავიფარე. მთელი სხეულით ვკანკალებდი. უცხო გრძნობა შემომპარვოდა. გრძნობა, რომელიც აქამდე არ ვიცოდი, როგორი იყო. შიში, ოღონდ არა ფიქტიური მონსტრების, რომლებიც საწოლის ქვეშ ბინადრობენ და საბნიდან ფეხი თუ გამოგეპარა, აუცილებლად მოგაჭამენ, არამედ ნამდვილი და ბუნდოვანი. უცხო, როგორც ამერიკა, რომელში გაფრენითაც არაერთხელ დამმუქრებია სხვა ბავშვი მე და მე - სხვა ბავშვს. დედა იმ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში აღარ დაბრუნდა სახლში. მე წამიყვანა დედის დედამ, რომელიც მანამდე ორჯერ მენახა ცხოვრებაში. ანუ გავიზარდე მასთან, ბებიასთან, ჩემი სახლიდან საკმაოდ შორს. წლები რომ გავიდა, მერე გავიგე, რომ დედა მოკლეს. იმ ღამის შიში განმიახლდა და მოუშუშებელ დარდად გადამექცა. ყოველი ღამე ნიშნავდა გაღვიძებას იმ დემონებისას, შიშს რომ აკონტროლებენ და სიმშვიდეს გაკარგვინებენ. ისე მოხდა, რომ ბებიამ ჩემი უძილო ღამეებისგან ჩაცვენილი თვალების ყურებას და პარანოიკულ შემოტევებს ვერ გაუძლო და ექიმთან მიმიყვანა. ექიმი ხმამაღალი ნათქვამია. კაცთან, რომელიც თეთრ ხალათს ატარებდა და თეთრი ბილეთების გაცემაში იღებდა ხელფასს. შემომხედა, რამდენიმე შეკითხვა დამისვა და დაასკვნა, რომ სასწრაფოდ ვსაჭიროებდი ფსიქიატრიულ კლინიკაში მცირე ხნით გამოკეტვას. როცა ფერწასულ ბებიას ეს უთხრა, ძლივს ადგა მრავალჭირგამოვლილი შვილმკვდარი ქალი სკამიდან, გაიმართა წელში და ექიმს უთხრა: - თუ აქ ვინმეს ფსიქიატრიულში დაწვენა სჭირდება, ეს თქვენ ბრძანდებით, ბატონო, თუ ვერ ამჩნევთ, რომ გოგონას დეპრესია აქვსო. ექიმს მიმიკა შეეცვალა. ვერ დაიჯერა, მისი პროფესიონალიზმი ასე ცხადად და უეჭველად რომ დააყენა ბებიამ კითხვის ნიშნის ქვეშ. რამდენიმე წამი დასჭირდა მომხდარის გასააზრებლად და სახეცვლილი წამოდგა ფეხზე. ჯერ ხალათი გაისწორა, შემდეგ სათვალე (რომელიც, უნდა აღვნიშნო, აშკარად სერიოზულობის იერის შესამატებლად ეკეთა მხოლოდ) და უპასუხა ბებიას რეპლიკას: - თუ ამდენი იცოდით, ქალბატონო, - და ამ უკანასკნელ სიტყვას განსაკუთრებული სიმძაფრით გაუსვა ინტონაციაში ხაზი, - რისთვის დაგჭირდათ ჩემი კონსულტაცია. აბსურდის დასადასტურებლად? ბებია არ ჩამორჩა. - თქვენ თუ აბსურდს ჩემს ვარაუდს ეძახით, მაშინ კიდევ უფრო მეტად საჭიროებთ ფსიქიკის შემოწმებას და ამასთან პროფესიული ეთიკის კოდექსის გადამოწმებას. ჩამავლო ხელი და ისე სწრაფად წამომაყენა, მოულოდნელობისგან თავბრუ დამეხვა და გავედით თუ არა, დერეფანშივე ვაღებინე. ჩემი მდგომარეობით ერთდროულად შეშინებულმა და აღშფოთებულმა ბებიამ ჯერ უკან დაიხია, შემდეგ მომიახლოვდა, გახუნებული პალტოს ჯიბიდან ამოღებული ცხვირსახოცით დასვრილი პირი მომწმინდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა: - ძლიერი გოგო ხარ და ერთად ყველაფერს გავუმკლავდებითო. მაშინ, როცა სხვა არავინ მყავდა მანუგეშებელი, ბებიას ეს სიტყვები ჯერ იმედის ნაპერწკლად გადაიქცა და შემდეგ გაღვივდა, ისე გაღვივდა, რომ გაათბო და გაანათა ჩემი მომავალი, რომელიც მანამდე სასტიკად ცივი და ბნელი იყო. იმ დღიდან ბებია ჩემ საუკეთესო მეგობრად იქცა, მერე - მოუშუშებელ ტკივილად. დედას გარდაცვალება ვერ გავიგე. პირდაპირი მნიშვნელობით. მეგონა, წავიდა და დამტოვა. ზედმეტად გვიან მითხრა ბებიამ, რომ მომიკლეს დედა. ზედმეტად გვიან იმისთვის, რომ ტკივილი მეგრძნო. ის იმედგაცრუება და შიში, რაც ბავშვობაში მისმა გაქრობამ გამიჩინა, ვერაფრით გადავაქციე ტკივილად. მხოლოდ სიძულვილი დამერთო, ყელში ბურთად გაჩხერილი, იმ ცივსისხლიანი მკვლელების მიმართ, რომლებმაც მოკლეს დედა, დღისით, სწორედ მაშინ, როცა სიცოცხლე ყველაზე მეტად ჩქეფდა. ბებიას ვკითხე კიდეც ერთხელ, რატომ მოკლეს დედა-მეთქი, მაგრამ არაერთგვაროვანი იყო მისი პასუხი. სულ ბოლოს გამომიტყდა: - ყოველთვის მეშინოდა ამის თქმის, მაგრამ იმსახურებ სიმართლეს. დედაშენი ძალიან ცუდ დროს მუშაობდა ძალიან საშიშ სამსახურში. უდიდესმა ძალამ მოკლა ის. მათ კიდევ აქვთ ძალაუფლება და ეცადე, თვალში ზედმეტად არ მოხვდეო. მალევე გარდაიცვალა. მაშინ, როცა ეს სიტყვები მითხრა, საკმაოდ დიდი ვიყავი, თითქმის სრულწლოვანი, თუმცა შიში, რომელიც ადრე თუ მთვარისოდენა იყო ახლა მზისხელა გახდა, ამ ფაქტორმა ვერ დააბრკოლა. მერე იყო ის ხმაური კუბოს ზედაპირზე, რომელსაც ვერასდროს წავშლი გონებიდან, თუნდაც ალცჰაიმერი მესტუმროს და ყველაფერი გააქროს მეხსიერების ოკეანედან. * ზუსტად ვერ მივხვდი, რატომ გამახსენა გონებამ ეს ფაქტები, ეს მოვლენები და შეგრძნებები. იყო გაოცება, გაასება და თავბრუსხვევა, რომელსაც სტრესული მდგომარეობის ქარიშხალივით დატყდომა იწვევს. გარშემო არავინ მყავდა და მაშინ ყველაზე მეტად ვიგრძენი მარტოობის მტკივნეულობა. იმ სახის მარტოობის, არავინ რომ არსებობს, ვისაც შენს დარდებს გაუმხელ და იმის იმედად, მხოლოდ კალთაში ჩაგადებინებს თავს და არაფერს გეტყვის, იქნები. მარტოობა მძაფრია, ისეთი მძაფრი, ცხვირიდან შემოდის თუ გადის, რომ ვერ გაიგებ, რადგან უცებ გეწვის ცხვირი და თან იმდენად, ცრემლებად აქცევს წვას, შობილს თითქოს არაფრიდან. მაგრამ არაფრიდან არაფერი წარმოიშობა. ნული ნულია, ტკივილი კი გაუტანელი, აუტანელი და წარუშლელი. მარტოობა იმ კუბოს ჰგავს, არსებობას რომ ხმაურით რეცხავს ხანმოკლე ფურცლებიდან. რეცხავს და თან წამიერად; ის კუბოს ხმაური მალევე ჩაიხშობა, მაგრამ რჩება სიცივე და მეხსიერებაში ფესვებგადგმული ხმაური, რომელსაც ვერასდროს ამორეცხავ. ავდექი და საკუთარი ძვლების ტკაცუნმა დამიფრთხო სიმშვიდე. აჩქარებულმა გულმა ხელები ამიკანკალა. ათრთოლებული სხეული კარადასთან მივიტანე და ზედა თარო გამოვხსენი. სიგარეტის გაუხსნელი კოლოფი ამოვიღე, ძლივს დავიმორჩილე თითები გასახსნელად და ერთი ღერი ამოვაძვრინე. ასანთს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერსად ვიპოვნე. გაზქურა დავიხმარე, რომელიც დენს იყენებდა ასანთებად. საუკუნე გასულიყო მას მერე, რაც მოვწიე. მხოლოდ მაშინ მივმართავდი სიგარეტს, როცა სტრესი აუტანელს ხდიდა არსებობას და გაძლებას ეჭვის ქვეშ აყენებდა. სხეული დამიმშვიდა, სითბომ ფილტვებს უჩურჩულა, რომ საფრთხე არსად იყო. თუმცა სული ისევ შფოთის მდგომარეობაში დარჩა. შფოთის, რომელიც ლაბირინთია და, ერთი შეხედვით, მასში არ არსებობს გასასვლელი. სამზარეულოში ერთადერთი საათი მეკიდა. დროის სვლამ მწარედ დაამჩნია დაღი და გაჩერდა. მე არ მახსოვს, როდის გაჩერდა და როდის შევწყვიტე შავ მრგვალ ჩარჩოში ჩასმულ უბრალო საათზე დროის შემოწმება, მაგრამ დიდი ხანია აღარ მაწუხებდა მისი წიკწიკი. და აი იმ დროს, იმ საბედისწერო მომენტში, როცა ჩემს თავს ვერაფრით ვაკონტროლებდი და შიშები დაძრწოდნენ სახლში, და შიში ნამდვილად არ იყო ისეთი ადვილი განსადევნი, კიდევ ერთი რომ დამატებოდა, ამ ყოვლად უბრალო და უკვე ფუნქციადაკარგულმა საათმა კვლავ ამუშავება გადაწყვიტა. გული შემიწუხდა და ლამის გადავტრიალდი, როცა პირველ წიკს მეორე მოჰყვა. სანამ გავაცნობიერებდი, რომ საათი ამუშავდა, ჩემი დამემართა. ადგილს მივეყინე და წამიერად გავქვავდი. სიგარეტი ნახევრად ჩაიწვა და პატარა თეფშზე ჩავაქრე, უფუნქციოდ რომ იდო მაგიდის შუა ნაწილში. სასწრაფოდ უნდა გავსულიყავი სახლიდან, თორემ აუტანელს ხდიდა ამ ოთახებში გაჩერებას შიში. სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი საძინებლისკენ, ყოველი ნაბიჯის გადადგმის მერე შეშლილივით ვიხედებოდი უკან და გვერდზე, ყველაფერს ვკიდებდი მზერას და არაფერი მესმოდა საკუთარი გულისცემის გარდა. ოთახში რომ შევედი, სამშვიდობოდ დავიგულე თავი და ღრმად ამოვისუნთქე. ამოსუნთქვამ, რომელსაც ლამის ფილტვები ამოვაყოლე, სიმშვიდე მოიტანა. კარადა გამოვაღე და იმ კაბას დავტაცე ხელი, რომელიც ყველაზე მეტად მეკომფორტულებოდა, მაშასადამე, ყველაზე ხშირად მეცვა. თეთრი, კოპლებიანი მთლიანი კაბა იყო. მეტად უბრალო, მუხლს კარგად ჩაცელილი. კაბა გადმოვიღე თუ არა, თეთრი მატერია გადმოჰყვა, რომელიც წყნარად დაეცა იატაკს. კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ კონვერტი იყო და ანაზდად ჟრუანტელმა დამიარა. ეს მოხდა წამის მეასედში და არ მახსოვს, როგორ დავიხარე, როგორ ავიღე კონვერტი, გავხსენი და საწოლზე დავჯექი. ინსტინქტებმა თავისი გაიტანეს და თვითგადარჩენის სურვილმა დამსვა საწოლზე, რათა შიშისგან ერთიანად აკანკალებული და ძალაგამოცლილი იატაკზე არ გავრთხმულიყავი. წაქცევა ერთია, მაგრამ როცა უპატრონო ხარ და შიშისგან ძალის გამოცლა გაქცევს - მეორე და ყველაზე საშინელი. კონვერტის შიგნით საშუალო ზომის ფურცელი იდო, ორად გადაკეცილი და ლურჯზონარშემოხვეული. ზონარი გადავაძრე და გავუშვი ხელი, იატაკისკენ გადაფარფატდა. ქაღალდი გავშალე და გაკრული ხელით ნაწერის კითხვა დავიწყე. „მე არ ვიცი, ვინ ხარ და მაპატიე, ცხოვრებას თუ ოდნავ გაგირთულებ, გეგმებს თუ შეგიცვლი და დილემის წინაშე დაგაყენებ. მხოლოდ იცოდე, ფუჭად განვლილ ცხოვრებას გერჩიოს მოკვდე, ახლავე და აქვე. დღეს, 22 საათი და 03 წუთი, აივანი“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.