შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმადაკარგული-სიტყვებით... (სრულად)


23-12-2019, 00:06
ავტორი ტურაგო
ნანახია 18 368

√ მე ოცდაოთხი წლის ვარ!
ჩემი სახელია გენკა
... განსაკუთრებით მიყვარდა და მიყვარს ახლაც სიმღერა, დაკვრა... ჩემი მელანქოლიური თანდაყოლილი გუნება ყოველი ფეხის ნაბიჯზე მდევდა ყოველთვის თან. მე შემიძლია თამამად ვისაუბრო როგორი ვიყავი, ახლა კი ნამდვილად არ ვიცი რად ვიქეცი, რამდენნაირი გავხდი, რამდენნაირად დავნაწევრდა ჩემი ფიქრები და შეხედულებები.
ოთხი თვის განმავლობაში გათენებულ ყოველ დილას ჩემი თვალები თეთრი ჭერის ყურებით იწყებს,თავს ვაღწევ თუ არა ძილის მკლავებს მაშინათვე სმენამდე აღწევს დაჟინებული საათის ისრის წიკწიკი რომელიც იმ წამებში ჩემთვის ჩაქუჩის ხმას მოჰგავს, ვიცი რომ მარჯვნივ მრგვალ, პატარა მაგიდაზე მდგარი ლარნაკიდან ცოცხალი ყვავილები მიმზერენ. მოპირდაპირე კედლიდან ოჯახის წევრების მიერ მოტანილი ჩემი წარსულის დროინდელი ფოტოები დამყურებენ, რომ იცონდენ ჩემზე როგორ მოქმედებს მათი ცქერა-ვერც ვაგებინებ... ეს დილის წუთებიც იმ სხვა უამრავი წუთების მსგავსია რომლებიც ამ ოთხი თვის განმავლობაში დამიგროვდნენ.

მოწყენილი თვალებით ვუმზერ თუ როგორ იკრებს დღის ნათელი ძალას და მახსენდება რამდენიმე წუთის წინანდელი ჩემი ექიმისა და ახლადაყვანილი დამხმარე ქალის საუბარი, ორთავე ღრმად იყო დარწმუნებული რომ მე მშვიდად მეძინა, ამიტომაც თამამად თუმცა გაფაციცებული ხმით ასაუბრდნენ:
-ჩვენს პაციენტს რა სჭირს-ახლის ხმა შევიცანი
-ინსულტი გადაიტანა
-კი მაგრამ ის ხომ ასეთი ახალგაზრდაა-შეშფოთებით წარმოთქვა
-სამწუხაროდ სამყაროში არსებული ვერაგი შემთხვევები ხშირად ასაკს ივიწყებს, სტრესი ციფრებს ამსხვრევს და ნორჩ სხეულებს დასაჭკნობად იმეტებს.
ამ სიტყვების შემდეგ იყუჩეს, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ორივემ ნაღვლიანად გადამატარეს მზერა ქანდაკებად ქცეულ სხეულზე, მალევე ვიგრძენი როგორ გაიშრიალა კარის გაღების ხმამ და მარტოდ დარჩენილმა თამამად გავკრიფე სიბნელე რომელსაც თვალების ხუჭვა იწვევდა... ექთნის სიტყვები წარმოთქმის დროიდან მიტრიალებს ფიქრად "ასეთი ახალგაზრდა"-ნატკენ სულზე ძლიერ მომხვდა. ტყვიად ქცეული მთელი ჩემი არსება კიდევ უფრო დამიმძიმდა.
ოთხი თვეა ვბრძოლობ, ვცდილობდი სულიერება არ დამეკარგა, ასეთ დროს ძალიან მარტივია დაიკარგო ტკივილიანი საათების ლაბირინთში და ამ ორმა სიტყვამ თითქოს კვლავ დამრთგუნველი ლაბირინთის ტყვედ მაქცია. საკუთარ თავს მე აზრებდატანჯული ადამიანი შევარქვი, ადამიანი რომელსაც საკუთარი ხმის მონატრება ტანჯავს. ყოველ დღეს ცხოვრების მიერ მოყენებული დარტყმის გააზრებით ვიწყებ, დაბნეული, დაკარგული და გაორებული მგონია საკუთარი თავი, თითქოს სიზმარში გავიჭედე და არასწორ ადგილას სხვის სხეულში გამეღვიძა...ფიქრებს თავს როცა ვუყრი, ვუღრმავდები, ვუღრმავდები და ვხვდები რომ სიზმრისთვის ზედმეტად რეალური სცენარია!
ხშირად როცა სულიერ ტკივილს ხორციელიც უერთდება მინდება ვიყვირო, რამე ვთქვა მაგრამ ხმა, ხმა აღარსაიდან არ სჩანს, სიტყვები ბაგეების ზღურბლს ვერ ლახავენ, სხეულს შიგნიდან კედლებს იყენებენ დღიურად და სევდის ფორმებს ატიფრავენ მე კი ამ შეგრძნებების ამოძახება მინდა, იქნებ ხმის ფორმით მაინც დავინახო ტკივილის სახე თუ კი ისე უჩინრად მირტყავს-ვფიქრობ რომ ხანდახან მის სახეს ცინიკური ღიმილი დაჰკრავს ან იქნებ მასაც სტკივა და მეც ამიტომ მტკენს!
საათები საათებს, დღეები დღეებს ეწყობა და ვაცნობიერებ რომ ჩემს შინაგან სამყაროში უსაზღვრო ცვლილებები მიმდინარეობს. მადლიერების გრძნობა რომელიც აქამდე არ გამაჩნდა ვისწავლე. ახლა ისე როგორც არასდროს ვგრძნობ ღმერთთან სიახლოვეს და გულში ამ დროს ფერადი ფრინველების ფრენის ხმა გაისმის. ვისწავლე რომ ადამიანების დუმილის მიღმა იმალება ყველაზე მნიშვნელოვანი, ბრძოლები საკუთარ თავთან, ჭიდილი მწუხარებასთან.

თითქოს აქაოდა შევეჩვიე სიმძიმედ ქცეულ ფეხებს, ცალ მხარეს გაქცეულ ყბას. ახალგაზრდული იერი ერთ დღეში ჭარმაგი მოხუცის პირისახის მსგავსი გამიხდა, ამის გაფიქრებაზე უნებლიედ გონებაში ეწყობა სევდიანი მარწუხების მძივები და გამალებით ჟღარუნებენ. საკუთარი თავის მონატრების საბურველი ხშირად მეხვევა, იქ განვლილ დღეებში დარჩენილი ჩემივე თავის ხატება მენატრება, საუბარი, ღიმილი, დაუღალავი ხეტიალი ქუჩებში-გაქრნენ, სათუთ ჩრდილებად გადამექცნენ.
ხშირად მაგონდება ის პირველი შეგრძნება როცა ფართოდ აღმართულ სარკესთან მიმაგორეს და ნება დამრთეს "დავმტკბარიყავი" საკუთარი თავის ცქერით, იმ წუთებში ასე მეგონა რომ მთელს ჩემს არსებაში თითქოს სისხლი წვიმისაგან ადიდებულ ნიაღვრად იქცა და მასში გამაყრუებელი სიჩქარით მოგუგუნე წყლის ხომალდი მიქროდა გულის მიმართულებით, ეძგერებოდა გულს გასახლეჩად და მე მის მინარცხებას გულის შეხტომებით ვგრძნობდი-ძალის მოკრება შევძელი, გავიფიქრე შეიძლებოდა ვერც გადავრჩენილიყავი, მე ხომ ჯერ კიდევ ვსუნთქავ, კვლავ შემიძლია რაღაც შევცვალო ჩემში, ვისწავლე საკუთარ გარეგნულ მხარესთან შეჩვევა... მარცხენა საჩვენებელ თითს რომელსაც სასწაულებრივად შემორჩა მოძრაობის ფუნქცია ეტლის ღილაკს ვაწვები და სარკის წინ ხშირად მივგორავ, შევყურებ ხოლმე ჩემს ანარეკლს და ხანდახანმგონია რომ იქ მსხვრევად მინაში არეკლილი სილუეტი სხვა სამყაროდან შემომყურებს, პირველ ხანებში ფიქრებით ვუკავშირდებოდი თითქოს ამ უცხოს და ვეძახდი "ვინ ხარ" "რა გინდა" ის დუმდა, უჩუმრად გაქვავებული გამომყურებდა მსხვრევადი მინიდან მწვანე შუშის თვალებით, შევყურებდი ცოცხლად გადარჩენილ ჩემივე მწვანეების ანარეკლს და მალევე დავიჩურჩულებდი გულში მე-შენ ვარ, ჩვენ ერთნი ვართ.
დავყურებ ხოლმე უღონოდ ზეწარივით დაშვებულ ხელებს და ვგრძნობ თუ როგორ მცივა სულში როგორღაც განსხვავებული სიცივით, ვწუხდები არავის რომ არ შეუძლია მისი გათბობა, სურვილი მიჩნდება ხელები მხრებზე შემოვიჭდო ჯვარედინად დასაკუთარ თავს ძლიერი ჩახუტება ვაჩუქო, მინდა ვანუგეშო, ვაგრძნობინო სულს რომ გარედან წარმავალი "ხორცის ხელები" სითბოს იმეტებენ მისთვის... დაკვრა მინდება დასამშვიდებლად, რა ხანია არ უგრძვნია ჩემს თითებს შეხება სიმებთან. რას არ მივცემდი ახლა ოღონდ კი დაკვრა შემეძლოს, დავთმობდი თვით სიცოცხლეს არა ამ დეფორმირებულ არსებობას არამედ ოთხითვის წინანდელ ჩემს მონატრებულ თავს ოღონდ კი ახლა მაგრძნობინა სიმების ჟღერა, არ გავჩერდებოდი მანამ ვიდრე თითებზე ტყავი არ გაიცრიცებოდა...
მე ოცნებები მქონდა, მინდოდა შემეგრძნო როგორი იქნებოდა საყვარელი ადამიანის გვერდით დილის გათენების სიამოვნება, შვილების ყოლის ბედნიერება მსურდა განმეცადა, მინდოდა ჩემი ნაკვალევი დამეტოვებინა აქ ამ ტანჯულ სამყაროში, ახლა კი შევეგუე იმ აზრს რომ ეს აღარასდროს ამიხდება... რატომ ვიწყებთ დაკარგვის შემდეგ დაფასებას, რატომ ვდუმდი მაშინ როცა ყველაზე მეტად მსურდა მესაუბრა, რატომ ვიყავი გაუბედავი, რატომ მეგონა რომ დრო თავზე საყრელად მქონდა, სალი კლდეებივით ხმაურიანად მენგრევა წარსულის დღეები, მომავალს ბინდი ეკვრის და სულ უფროდაუფრო წყვდიადით იმოსება. დავფიქრდი, აი რატომ გადავრჩი არ სურდა უფალს გავცლოდი ამ სამყაროს ისე რომ ვერ შემეგრძნო ჩემი "დანაშაულებები" ახლა როცა ჩემი თვალების ფსკერამდე დავდივარ ვგრძნობ როგორი სევდნარევი აბლაბუდებით არის გასავსებული, როცა სარკეს ზურგს ვაქცევ ვერ ვივიწყებ ჩემივე თვალების დამტვერილ მზერას.

ადრე სიზმრებს ვერასდროს ვხედავდი ან ვხედავდი და არ მამახსოვრდებოდა, ახლა ყოველ ღამით ზმანებები მსტუმრობს. წუხელის წვიმიანი ამინდი მესიზმრა, წვიმდა თავდავიწყებით საცნაური კი ის იყო რომ პირშავ ცაზე ფერადი ცისარტყელა ელავდა, მე მივიწევდი გზისკენ რომელზედაც წარმოდგენა არ მქონდა საით წამიყვანდა, უბრალოდ ვერ ვძღებოდი ნაბიჯების გადადგმით, მივიწევდი წინ და წვიმის უფერულ წვეთებს ვუპობდი გულს, ჩემი სწრაფი სუნთქვის სიმხურვალე ერწყმოდა ყინულად ქცეულ წვიმის წვეთებ, შინაგან ნეტარებას განვიცდიდი თითქოს ღმერთის გზას მივუყვებოდი-უცებ შევჩერდი უკან მივიხედე გზა რომელიც გავიარე აღარსად სჩანდა, წინ შევტრიალდი კვლავ და ისიც გამქრალი იყო, ზეციდან რეკდა შვების ზარები...შუბლზე დაცვარულს გამეღვიძა, თითქოს წვიმის თქეში გამომყვა სიზმრიდან, ისიც კი ვერ შევძელი საკუთარი ხელი გადამესვა შუბლზე...
კარი გაიღო, ფიქრები დაფრთხნენ მის ხმაზე და გონების კუნჭულში შეიყუჟნენ დროებით... ვერ ვხედავ ვინ შემოვიდა, აი მიახლოვდება ჩემი ექიმის კეთილი სახე "ვხედავ გაიღვიძე გენკა, წამლების მიღების დროა, გასადილებთ და შემდეგ ფანჯარასთან მიგიყვანთ"... მათ ალბათ ჰგონიათ რომ ისეთივე უგრძნობი გავხდი ემოციურად როგორადაც სხეულით გამოვიყურები. ჩემი ექიმი როცა წინ მიზის ყოველთვის ხელებზე ვაკვირდები პატარა, თბილი თითები აქვს, ხშირად მეხება შუბლზე და ჩამოყრილ თმებს გვერდით მიყრის, რაღაც ისტორიებ თხზავს და მიყვება, ცდილობს ოჯახის წევრების მსგავსად ყინულიანი დღეების გალღობაში დამეხმაროს. თბილად როცა მიღიმის მინდება საპასუხო ღიმილითვე ვუპასუხო მაგრამ ეს ისეთი რთულია, ღიმილის შეუძლებლობა გულს თავს ატეხს გულისწყვეტის ფიფქებს.
რომ არ მტკიოდეს გამეცინებოდა ისე გადააქვთ ჩემი სხეული საწოლიდან ეტლში. სამოწყალო ხელებს ფანჯრამდე მივყავარ, მშვიდ მელოდიას მირთავენ და მარტო მტოვებენ. მიყვარს დღეების ეს მონაკვეთი. მუსიკის ხმის მიღმა სიჩუმის სმენა ვისწავლე. ნისლჩამოწოლილი ჰაერის მსგავსი მზერით ცას ვუყურებ და მეჩვენება რომ ბუნების მიერ შექმნილი ეს ფერადი ტილო: ყვითელ-წითელი ფოთლებით, მწვანე ხასხასა ბალახებითა და უნაპიროდ გადაჭიმული ცა მოცურავე ღრუბლის ქულებით ჩემთვის სურათია რომელზეც ფერადი ფერების მიღმა მთელი სიცხადით ვკითხულობ ჩაფიქრებულ სევდიან განწყობას. აქ მჯდომარე წვიმიანი, ქარიანი ამინდების მოწმე გავმხდარვარ მათ მსგავსად იცვლებოდა ჩემი ხასიათიც. ისე მხიბლავს ორ ბორბალს შორის გაჭედილს წვიმის მძივების წყდომის ხმა, ასეთ დროს მე ჩემს მოუხეშავ სუნთქვას ვუგდებ ყურს და მხურვალე ზედაპირზე აშიშინებულ წვეთებს ვამსგავსებ მის ჟღერადობას... ახლა გავყურებ ქარიან ჰაერს, აქა იქ ფოთლებს ფრენას ასწავლის ნიავი-როგორი თავისუფლები არიან... მომაგონდა რომ სახლში ზარდახშაში უამრავი ფოთლის ჩონჩხი მაქვს შენახული, ვკრეფდი დაბლა დაფენილებს მაშინ როცა ამის ძალა ჩემს ხელებს შესწევდა და ნელ-ნელა ვაწიწკნიდი ნაწილებს, თითქოს ხორცებს ვგლეჯდი, თითქოს ვგრძნობდი რომ იგივე მინდოდა საკუთარი სხეულისთვისაც გამეკეთებინა, ოღონდ არ ვიცი რატომ. ახლა ფოთლების შემყურეს მგონია ნოსტალგიური და ამავე დროს მხიარული ღიმილით მეხმიანებიან მე მათი დატყვევება აღარ შემიძლია, თავად კი ტყვე ვარ, ტყვე რომელსაც ხორცი სულ მალე შემოეწიწკნება!
ხანდახან მგონია რომ დრო საერთოდ არ გადის, ზოგჯერ კი თითქოს საოცარი სისწრაფით სრულდება ახლად გათენებული დღე. დროის არ გასვლა მინდება როცა სოფიო მსტუმრობს, იშვიათად მოდის, ძირითადად ჩუმად ზის თუმცა ვგრძნობ სულის უცნაური სიცივე როგორ სუსტდება მისი აქ ყოფნის დროს... მე ვერასდროს შევძელი მეთქვა მისთვის რომ მთელი ჩემი მნიშვნელობა მასში იყო, ახლა დანაკარგს ვაცნობიერებ... როცა ჩემს წინ ზის და იღიმის შევყურებ ღრმა თაფლისფერ თვალებში და როგორღაც უსაზღვრო სევდა იკითხება მათში. მინდება მისი წილი მწუხარებაც მე მივითვისო, შემემატოს მე ოღონდ კი იმისი სული ნუ შეშფოთდება... დავიფიცებ რომ ანგელოზს გავს, ისე უჭირს ხოლმე სიტყვების პოვნა, მტრედივით ღუღუნებს "გვენატრები გენკა, არასდროს მოგინდეს რა დანებება"-ცივ თითებს ფერმკთალ ხელებზე მითამაშებს და ნაღვლიანი მზერით აცეცებს ჩემს სახეზე მის უძირო თვალებს, შევყურებთ ერთმანეთს განსხვავებული ფერის ერთნაირი ემოციით აღვსილი თვალებით და სოფის ბაგეების ზღურბლსაც ვერ ლახავენ თანაგრძნობის სიტყვები. მე მისი ცქერა არასდროს მწყინდება, სასაცილოა მაგრამ მზის სხივების მშურს მათ შეუძლიათ ითარეშონ იმის შაქრისფერ მხრებზე, მშურს ნიავის რომელსაც შეუძლია აუბურდოს წაბლისფერი თმები, ასეთ წამებში ჩები სული სხეულის კედლებს უშენს მუშტებს, ვყვიროდი მინდოდა ეაგრძნო რომ მიყვარს, მინდა რომ ეს იცოდეს, ბაგეები კი არ იხსნებოდნებ, არსად არ სჩანდა წყეული ხმა. წასვლის დროს შუბლზე მაკოცა, დამსხვრეული მოძრაობით შეტრიალდა და ავადმყოფისფერ ოთახში დამტოვა. ვფიქრობდი ვნახავ კი, მოასწერბს მომისწროს კვლავ? წავიდა, არ მინდოდა გამეშვა და ვერ შევაჩერე, რომ შემძლებოდა დავედევნებოდი, ძლიერ ჩავჭიდებდი ხელს, გულში ჩავიკრავდი და დავარქმევდი "ჩემს"-მაგრამ ვიცი რომ ვერასდროს შევძლებ მის გვერდით ყოფნას, როგორ არ მიყვარს როცა გადის და მისი ყოფნისგან გამთბარი ჰაერი რომ გაცივებას იწყებს... დრო გავა, რომელიღაც მის ნაკადს რომელიც ალბათ არც თუ ისე შორს არის ჩემგან მე გავყვები... მე იმდენ უსამართლობას ვამჩნევდი აქ ადამიანებისგან გაშავთეთრებულ სამყაროში რომ ბევრჯერაც მიოცნებია აქედან გაქრობაზე ახლა კი როცა მთელი სიცხადით ვგრძნობ ამის გარდაუვლობას შიშის ხმა მესმის!
რას დავტოვებ ნეტავ ჩემს მოსაგონებლად... ნეტავ წელს თუ ჩამოთოვს, ზამთრამდე ერთი თვეღაა დარჩენილი, იქნებ ცამ პირი გახსნას და აჩუქოს სამყაროს სიწმინდის ცივი ფერები ნაცარივით ფიფქების სახით... ალბათ ჩამოათოვს ამ ფანჯრის რაფასაც მე კი აღარ ვიჯდები მასთან, აღარ დაუკრავს შოპენის მელოდია დროის ამ მონაკვეთში, სხვა ყველაფერი კი ისევ ისე იქნება:აწეული ჟალუზები, პატარა მრგვალი მაგიდა ლარნაკით დამშვენებული, ჩარჩოებში ჩასმული რაღაც წარწერები, მოლურჯო განათება, სპეციფიკური სუნი-მე აღარ!
სულ უფროდაუფრო მგონია რომ სამყარომ ლაბირინთში შემიშვა და მეც დაკარგული ჩემი ეტლით უგზოუკვლოდ ვცდილობ თავის დაღწევას. მე მეგონა რომ ძლიერი ვიყავი ახლა ჩემი უსუსურობის შეგრძნება თვალებს ხშირად მიწყლიანებს,მეტავ ცრემლების მოწმენდა მაინც შემეძლოს.

*
შებინდდა. ექთანმა ცოტახნით გარეთ მასეირნა. თბილი ტანსაცმლით სულშეხუთულს მიმაგორებდა მოკირწლულ ბილიკზე რომელსაც ადრე საკუთარი ნაბიჯებით ვფარავდი, არაფერია შეცვლილი გარეთ ქუჩებში ყველაფერი ისეთნაირია როგორიც უწინ, ჩემში კი რამდენი გარდატეხა მოხდა. როცა ჩემი ექთანი ხესთან ჩამოჯდა გავცქეროდი ბილიკზე ქარის მიერ ახვეტილი წითელი ფოთლების სიმრავლეს, ისინი ზღვის წითელ ტალღებს მოჰგავდნენნ, ძალა მოვიკრიბე საჩვენებელ თითში, დავაწექი ღილაკს და გავიჭერი ეტლით ფოთლებს შორის, მივფრინავდით ერთად, მათ აღარ ეშინოდათ ჩემი რომ დავიჭერდი და გავინადგურებდი სხეულს, სანამ ჩემი ექთანი დამეწია და ჩამავლო კვლავ ვიგრძენი სიცოცხლე, წუთიერად ბედნიერებით აღვივსე, ჩემმა მდგომარეობამ ყველაზე მთავარი მასწავლა ყველანაირ მდგომარეობაშია შესაძლებელი თავს აგრძნობინო ბედნიერება,მთავარია ფიქრის სადავეები დაიმორჩილო ... წვიმამ დაიწყო დღევანდელ დღეს ცის ცრემლებით სურს დასრულდეს მე კიგარეთ გაქცევა მომინდა, გავწვებოდი დაბლა ასფალტზე და სახით ცისკენ მომზირალი წვიმის ბადეს დავიკრავდი სხეულზე, ვიყვირებდი რომ სხვებსაც იგივე გაემეორებინათ და ასე ეგრძნოთ რომ ცოცხლები იყვმენ... კვლავ მომეძალა საკუთარი ხმის მონატრება, როგორი იყო ის? მგონი ცოტათი ხრინწიანი-დაკარგულო ჩემო ხმაო ფიქრებს ჩაეღვარე ალბათ...
სხეულზე შემომაცხელა, თვალები მელულება, ძილი მინდა ვიცი იქ ლამაზი სიზმარი მელოდება იქ მე დავრბივარ, დავდივარ, ვიღიმი. ახალი დღე რომ გათენდება ყველაფერი იგივენაირად იქნება ამ ოთახში როგორც ახლა მიწა დანამული წვიმისაგან, მრგვალ მაგიდაზე ლარნაკი სუვენირად, ისევ აინთება მოლურჯო შუქი... და მე კი ალბათ ჯერ ისევ საწოლზე ვიქნები გაშეშებული. ნეტავ თუ ჩამოთოვს წელს, ამ ფანჯრის რაფებს რომ გადაათეთრებს სიწმინდის ფერი მე თუ ვიქნები ნეტავ.



№1  offline წევრი ვიპნი

აუუ,ეს რა იყო,გააგრძელე გთხოვ :(

 


№2  offline წევრი ტურაგო

ვიპნი
აუუ,ეს რა იყო,გააგრძელე გთხოვ :(


მიხარია თუ ისტორიამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გინდა გაგრძელდეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent