შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბნელების დაწყებიდან დასრულებამდე (სრულად)


3-03-2020, 10:52
ავტორი guroo
ნანახია 17 880

დღე დაბნელებას იწყებდა, როცა ისნის მეტროდან უკმაყოფილო გამომეტყველების მქონე სახედაღრეჭილი კაცი გამოვიდა.

- აბა, თელავი გავიდა, თელავიიი! - გულგრილად ჩაუარა ენთუზიაზმით აღსავსე, ყვირილისგან სახეშეწითლებულ და მგზავრების მოლოდინით დაღლილ მძღოლს, რომლის დამიზნებულ მზერას ვერსად გაექცა, გვერდი ვერ აურა და, მართალია სულ არაფრად ადარდებდა იგი, მაგრამ წამიერად მაინც ჩაიხედა მის თვალებში, ცარიელსა და არაფრის მთქმელში. გზა გააგრძელა. ქვის ცივი კიბე აიარა - სულ რამდენიმე საფეხური. წარმოუდგენლად ნაგვიანი და ბინძური იყო გარშემო ყველაფერი.

ზებრა გადასასვლელთან დაყოვნდა. დრო უჩვეულოდ გაიწელა, ვიდრე მწვანემ ჩაანაცვლა შუქნიშანზე დიდხანს ანთებული წითელი. გვერდით უცხოები ედგნენ და თვითონაც უცხო იყო მათთვის. ყალბი და სასაცილო ეჩვენა ისინი და მათი მოძრაობები, რომელთაც გაწელილი ლოდინის თავდაჯერებულად ატანა ევალათ. ღიმილი ამის გაფიქრებაზე შეეპარა მის სახეს პირველად და გზის მოპირდაპირე მხარემდეც გაყვა შეუცვლელად.

ნაცრისფერი მოაჯირი უკან მოიტოვა. ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოდგა. ფიქრებში ჩაიკარგა. გაყუჩდა. ქალი გამოჩნდა. მის წინ გაიარა. ხმამაღალი სიცილით ელაპარაკებოდა ვიღაცას. მისი სიცილის გამო ფიქრებიდან უცაბედად და ნაძალადევად გამორკვეულმა ზიზღით სავსე თვალები გააყოლა. ქალმა, როგორც ჩანს, იგრძნო მისი დაჟინებული მზერა და უკან მოიხედა. გაიცინა. მისკენ წამოვიდა და ფართო ღიმილით პირადპირ მიახალა:

- შეგამჩნიეთ, რომ მიყურებდით. რა უცნაური ბატონი ხართ? - საყვედურივით გამოუვიდა. მის ხმაში გაბუტვა იგრძნობოდა. სახე მოეღრიცა. თვალები თითქოს ცრემლების დასაღვრელად მოამზადა, მაგრამ უცებ ყველაფერი წაიშალა მისი სახიდან და კვლავ მხიარულ ქალად გადაიქცა; - იცით, მე ალ პაჩინო ვნახე. ისეთი ბებერი იყო... ვაიმე, თან ისე სასაცილოდ მელაპარაკა, აი აღარ შემიძლია იმდენი ვიცინე. აჰაჰაჰაჰა! ჩაიცვი არ შეგცივდესო.
- ალბათ, თქვენზე ზრუნავდა.
- ეგ არ ვიცი. ბებერი იყო. მეც ბებერი ვარ. ასე მითხრა: "ქლისტინე, მე და სენ, ლოგოლც ბებლები..." აჰაჰაჰა! ისე სასაცილოდ ჩლიფინებდა. აი, ახლაც ვერ ვჩერდები, ისევ ვიცინი. ვაიმე, რანაირი კბილები გაქვთ? მეც არ მივარგა, მაგრამ ჩემები თქვენსაზე უკეთესია.
- ჰმ! ამ კბილების დასწორებას რკინები შეეწირა. იმდენად დეფორმირებულია მათი წყობა, რომ რკინები დავღუნე. ბრეკეტების ჩასმა მჭირდება, მხოლოდ ეგ თუ მიშველის.
- დიახ, ძალიან ცუდად გაქვთ. უშნოდ იღიმით და სახე გიმახინჯდებათ. მე მყავს მეგობარი სტომატოლოგი. ნომერს მოგცემთ და მიაკითხეთ.
- არა, მეთვითონ მივხედავ, მადლობა.
- არ გიხდებათ და უნდა გაისწოროთ, რა.

შეშლილი ქალი ყურადღებით დააკვირდა მის კბილებს, სახე ახლოს მიუტანა და ისე ათვალიერებდა. თვალები მოჭუტა, რომ უკეთ შეემჩნია ყველა დეტალი. მოულოდნელად ისე გაუფართოვდა მზერა და ისე არანორმალური ცეცხლი აბრიალდა მის შავ გუგებში, რომ კაცს შიშისგან შეაჟრჟოლა.

- გამარჯობა თქვენ! - შავგვრემან, ხშირ და ხუჭუჭა თმიან მამაკაცს მიესალმა.

შეშინებამ გადაუარა, როცა მიხვდა, რომ ქალის სახე ნაცნობის დანახვაზე შეიცვალა ასე ელვისებურად და რადიკალურად.

- გამარჯობა; - ხმაში გაკვირვება შეეტყო. იგრძნობოდა, რა გამალებით ცდილობდა მისი გონება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეხსენებინა ვინ იყო ეს ქალი.
- თქვენ ჩემი მეზობელი ხართ, აგერ იმ კორპუსში ცხვრობთ. ფანჯრიდან გხედავთ ხოლმე დილაობით და ახლა რომ გაიარეთ, გიცანით.
- მართალია, მანდ ვცხოვრობ.

კიდევ ერთხელ გაეღიმა ამ დიალოგის შემსწრეს. გადაწყვიტა, რომ ყურადღებით მოესმინა მათი საუბარი.

- შვილები როგორ გყავთ? პატარა ბიჭსაც ვხედავ ხოლმე. ეტყობა მძიმე ჩანთა აქვს, ძლივს მიათრევს ყოველდილით. წიგნები მაინც ამოაცალეთ. დიდი ბიჭი ძალიან მსუქანია. ვხედავ მარტო რომ მიდის სკოლაში და იქიდანაც მარტო ბრუნდება. სიმსუქნის გამო არავის მოეწონება და მაგას კიდევ ცოტა აჭამეთ. მეგობარი მყავს, დიეტოლოგია. ნომერს მოგცემთ და იმასთან მიიყვანეთ თქვენი ბიჭი. თქვენ ქართველი არ ხართ, ხო?
- რავიცი, ქალბატონო, ქართველს არ ვგავარ?
- რა გვარი ხართ? მამა გყავთ უცხოელი, როგორც მახსოვს.
- გელაშვილი ვარ.
- ააა, ანუ დედის გვარზე ხართ და მამათქვენის გვარიც რომ მითხრათ?
- მამაჩემი გელაშვილია, მეც გელაშვილი ვარ და ყველანი ქართველები ვართ ჩემ ოჯახში. უნდა წავიდე, კარგად იყავით.
- დიახ, წადით. შვილები მომიკითხეთ.

მისი მეზობელი უკვე შორს იყო, როცა რაღაც გაახსენდა და ბოლო ხმაზე დაუწყო ყვირილი:

- მოცადეთ, უნდა გაცინოთ. დღეს ალ პაჩინო შემხვდა. უკბილო ბებერი და სასაცილო კაცია. ქლისტინეს მეძახდა ეგ ჩლიფინა ბებრუხანა. მე ვუთხარი მახინჯი კბილები გაქვთ და აუცილებლად უნდა გაიკეთოთ-მეთქი. იცით რა მიპასუხა? ლკინები დავღუნეო. აჰაჰაჰაჰა! აი აქ დგას. თუ არ გჯერათ დაელაპარაკეთ და თქვენც ბევრს იცინებთ მის ჩლიფინს რომ მოისმენთ.
- ამას ჩემზე ამბობთ?
- ვაიმე მაპატიეთ, ხომ არ გეწყინათ? იცით, ძალიან მცივა და სიცივეზე გონება მერევა ხოლმე. შემეშალა ალბათ.ეგ ყველაფერი ჩემმა მეზობელმა მითხრა, მაპატიეთ, რა.
- თუ გცივათ, ჩაიცვით! არ გაცივდეთ.
- აჰაჰაჰაჰაჰა! ალ პაჩინომაც ეგ მითხრა. ვაიმე ახლა მოვკვდები იმდენს ვიცინებ, აჰაჰაჰაჰა!
- ღმერთო, სად არის ჩემი ავტობუსი?!
- ავტობუსს ელოდებით? აგვიანებს თქვენი ავტობუსი? რამდენი ხანია აქ ვდგავართ და არ მოსულა. რა ცოდო ხართ. თან რა ცუდი კბილები გაქვთ.
- კი, თქვენსავით ცუდი კბილები მაქვს; - გაბრაზება დაეტყო, მაგრამ მაინც ძალიან ხიბლავდა ქალის თავხედობა.
- მე და დედაჩემიც ველოდებოდით ავტობუსს. ის მალე მოვიდა. მერე დედაჩემმა გამომამწყვდია. ერთი თვე ვიყავი დამწყვდეული. იცით, რა მითხარით... გარეთ რომ ვარ, ვინმეს ვუშავებ რამეს? იქ წასვლა აღარ მინდა. იცით, რა საშინელებაა ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფნა? თეთრი პური ცხოვრებაში არ მქონდა ნაჭამი და იქ სულ მაგას მაჭმევდნენ. არა, შავ პურსაც არ ვჭამდი ხოლმე, მაგრამ იქ ძალიან თეთრი პური ჰქონდათ და სულ რაღაც წამლებს მალევინებდნენ. კარგად რომ ვიყავი და წამლებს ვიღებდი, მერე ვითიშებოდი ხოლმე. ვაიმეე, იქ რა ვნახე! მიმიყვანეს და გამოკეტეს იმ გიჟებთან. ჭკუაზე არ იყვნენ ისეთ რაღაცებს აეკეთებდნენ. ერთმა ჭიქა აიღო და ცხოველური ღრიალით მოისროლა და მერე ხმამაღლა ხარხარებდა. იცით, რა ბოროტი ხარხარი სჩვევია იმ გიჟს? არა,როგორ გეცოდინებათ. უიიი, ალ პაჩინოც იქ ვნახე, ახლა გამახსენდა. ძალიან სასაცილო კაცი იყო. "ქლისტინე, მე და სენ, ლოგოლც ბებლები..." აჰაჰაჰაჰა! გავიგუდები.
- აი, თურმე სად გაგიცნიათ ალ პაჩინო.
- მომენატრა ეგ ბებრუხანა. დედაჩემს კიდევ უნდოდა, რომ გამოვემწყვდიე, მაგრამ ჩემმა ბიძაშვილმა გაიგო და იმან დამტოვა სახლში.
- თქვენთან ერთი თხოვნა მექნება. როცა დედათქვენი კვლავ დაგიპირებთ ფსიქიატრიულში წაყვანას, ძალიან გთხოვთ, ყველაფერი იღონეთ და თქვენ ბიძაშვილს დაუკავშირდით და უთხარით,რომ გასაჭირში ხართ, დახმარება სთხოვეთ, რომ ისევ გადააფიქრებინოს დედათქვენს, კარგი? ხომ დამპირდებით, რომ ამას აუცილებლად გააკეთებთ?
- არა, დედა იქ აღარ წამიყვანს. მე მოვუყევი რაც ვნახე და რა სიგიჟეები ხდებოდა კლინიკაში და დამპირდა, რომ აღარ წამიყვანს. იცით, ახლა რა მინდა ძალიან? სამუშაოს ვეძებ. გასაუბრებაზე დამიბარეს ორჯერ, მაგრამ არავინ ამიყვანა. ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ ვერ გამუშავებთო - ყველა ასე მეუბნება. არადა, საკუთარი ფული ძალიან მჭირდება. დედაჩემი კი მაძლევს, მაგრამ მე მაინც ჩემი მინდა, რომ მქონდეს.
- ხატვა ან წერა არ გიყვართ? იქნებ ამაში სცადოთ ბედი?
- დიახ, მე ვხატავ, თანაც საკმაოდ კარგად. კლინიკაშიც მახატინებდნენ. დამსვამდნენ ხოლმე და მეუბნებოდნენ დახატეო. მეზიზღებოდა იქ ხატვა, მაგრამ სახლში რომ ვარ, სიამოვნებით ვხატავ ხოლმე. მაგრამ ხატვით ფული როგორ ვიშოვო?
- მთავარი ეგ არ არის. ხომ გინდათ, რომ ცნობილი გახდეთ?
- მაგრამ მე უკვე ძალიან ცნობილი ვარ. ძალიან ბევრი მიცობს.
- მოვიფიქრე, რაც უნდა ქნათ. ის კაცი დახატეთ, თქვენ რომ მიყვებოდით. ალ პაჩინო დახატეთ, ისეთი, როგორადაც დაგამახსოვრდათ. კიდევ ისიც დახატეთ, როგორ დააბრიალა გიჟმა კაცმა თვალები, რგორ იღრიალა და როგორ მოისროლა წყლიანი ჭიქა. წარმოიდგინეთ, რა მაგარი გამოვა. ხალხი გაგიჟდება თქვენ ნახატებზე, იყიდიან კიდეც და თქვენც ძალიან შეგიყვარებენ.
- ვაიმე, რა ჭკვიანი ყოფილხართ. მოიცა, თქვენ რა გქვიათ? მგონი ტელევიზორიდან გიცნობთ. ააა, გამახსენდა. დუტა სხირტლაძე ბრძანდებით. ისე მიხარია თქვენი ახლოდან ნახვა.
- ხომ დამპირდებით, რომ ყველაფერს დახატავთ, რაც ფსიქიატრიულ კლინიკაში ნახეთ?
- კარგი, გპირდებით, ბატონო დუტა. მაგრამ იცით, რა არის? ჯვარი მეკეთა კლინიკაში რომ წამიყვანა დედაჩემმა და მერე დირექტორმა ჩამომხსნა და თავისთან შეინახა. გუშინ ტელეფონზე ველაპარაკე, დედაჩემმა დამარეკინა და მოვთხოვე, რომ დაებრუნებინა ჩემი ჯვარი. ხოდა, ზეგ უნდა შევხვდე და გამოვართვა. მაგას ეგონა შევარჩენდი!
- ანუ დედათქვენმა იცის ამის შესახებ?
- დიახ, რა თქმა უნდა. მან დამარიგა, რომ მკაცრად მომეთხოვა წართმეული ჯვრის დაბრუნება და ისიც, რომ კლინიკის დირექტროს თავად მოეტანა ჩემთვის. ზეგ მე და დედაჩემი ერთად წავალთ დირექტორთან შესახვედრად. ისევ ავტობუსით უდა წავიდეთ, იცით?
- გემუდარებით, არ წახვიდეთ, რა! ეგ სატყუარაა. ისევ კლინიკაში დაგაწვენენ, არ დაუჯეროთ. ძალიან გთხოვთ, არ წახვიდეთ. თქვენ ბიძაშვილს დაურეკეთ და ყველაფერი მოუყევით. რამე მოიფიქრეთ. სატყუარაა ჯვარი, ისევ იქ გამოგკეტავენ. არ წახვიდეთ, არა!
- არა, არა. რას ამბობთ, რა სატყუარა. დედაჩემი მეხმარება. მე მარტო ვერ წავალ და იმიტომ მომყვება. თან ავტობუსი თუ ისევ მალე მოვა, როგორც მაშინ, მე სახლში გავიქცევი და ვეღარ წამიყვანენ ფსიქიატრიულში.
- ბიძაშვილს სთხოვეთ, რომ ისიც წამოვიდეს.
- უიი, თქვენი ავტობუსი მოდის. ნახვამდის.
- კი მაგრამ, საიდან იცით, რომ ამ ავტობუსს ველოდებოდი?
- ჩემმა მეზობელმა მითხრა, წეღან რომ ველაპარაკე მაშინ.

ავტობუსის ლურჯი ფერი გაზაფხულის ჯერ კიდევ შეყინული და გაუმთბარი მიწიდან ამოწვერილი ენძელასგან მოპარულად ეჩვენა, როდესაც ცვირწინ აღმართულ, გრძელ და მასიურ სივრცეზე გადატყორცნილ სილურჯეს აესვეტა, როგორც მუზეუმში შესული ცნობისმოყვარე და ხელოვნების მეხოტბე დამთვალიერებელი, რომელმაც ეს-ესაა სიცოცხლით სავსე ფერი ამოიცნო დანარჩენ მკვდრებს შორის. კარი გაიღო. სწრაფად ავიდა ავტობუსში, თითქოს წამითაც რომ დაეგვიანა, ასვლას ვეღარ მოასწრებდა და კარიც უმოწყალოდ დაიკეტებოდა, როგორც საგიჟეთში გამომწყვდეული და ჭკუიდან შეშლილი ქრისტინესთვის დაბრახუდნდა მკაცრად მიჯახუნებული ჩვეულებრივი ცხოვრების წარმოუდგენლად ბევრი და ოდესღაც ფართოდ გაღებული ყველა ლამაზი და ულამაზო, ლაღი და სტრესული, წარმატებული და წარუმატებელი, სიყვარულით გაჟღენთილი და გაუჟღენთავი, ნამდვილი და ყალბი და უღიმღამო კარი. დარჩა მხოლოდ უზარმაზარი ოთახი, სადაც ფანტაზია, უცერემონიო პირდაპირობა და უხეშობა, უკონტროლო გულწრფელობა, აულაგმავი შთაბეჭდილებები და ემოციები და გულუბრყვილობაა ნებადართული და არ არსებობს ადამინური ყოფის სხვა გამოვლინებები.

სკამზე მოკალათებულმა ვეღარ მოითმინა და ვიდრე ავტობუსი დაიძვრებოდა, ფანჯარას ეცა. ისევ სურდა შეშლილი ქალის დანახვა. ის უკვე გზაზე გადასულიყო და მანქანებს სიცილ-სიცილით უცდიდა როდის გაივლიდნენ, რომ თვითონაც გადაეკვეთა მისი მხიარულებით გაყრუებული გზა. ხმა არ ისმოდა ავტობუსში, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ქრისტინე ძალიან ხმამაღლა იცინოდა. ხედავდა, როგორ ჰქონდა თავი უკან გადაგდებული, როგორ უცახცახებდა სხეული და როგორ შრიალებდა მისი გაშლილი თმა ამ უქარო ამიდში მანქანების სწრაფი მოძრაობისგან მობერილ ნიავზე. სულ ბოლო მტკიცებულებად მისი უშნო, უსწორმასწორო და ნაკლული კბილებიც დალანდა ფანჯარაზე ლამის ცხვირით აკრულმა. მერე მინა გაბუნტდა, ორთქლი გადაიკრა ზედაპირზე და კაციც მიხვდა, რომ ზედმეტად მძიმედ სუნთქავდა მის სიახლოვეს.

დღეს უკვე დასრულებული ჰქონდა დაბნელება, როცა მანამდე უჩვეულო აღტკინებით შეპყრობილი და აღელვებული კაცი ლურჯი ავტობუსიდან ჩამოვიდა, ფეხით რამდენიმე მეტრი გაიარა და მძიმე, ძლივს გამოსაღები რკინის კარს მიღმა გაუჩინარდა.



№1  offline მოდერი guroo

ესეც ასე. სიგიჟე მინდოდა დამეწერა, მაგრამ ვერ შევძელი. მხოლოდ ემოციების სინაზეს მივაღწიე ჩემში და მინდა, რომ თქვენც განაზდეთ სულ ცოტათი მაინც.

 


№2 სტუმარი სტუმარი მზიკო

თავიდან თელავი თელავის რომ გაყვიროდა მძღოლი, მაგ მომენტიდან ვიფიქრე, რომ კითხვა შემეწყვიტა. კიდევ კარგი ბოლომდე ჩამოვსქროლე და რომ ვნახე პატარა ისტორია იყო, ჯანდაბას, როგორმე წავიკითხავ-მეთქი.
ამდენი რომ არ ვილაპარაკო მოკლედ გეტყვით, რომ არეული შთაბეჭდილებები მაქვს. დიალოგები დასახვეწი მეჩვენა, მაგრამ ბოლოში ეს განცდაც გამიქრა, როცა ყველაფერი გაირკვა. აღწერებში ძალიან ძლიერი ხართ. ერთი სიამოვნებაა მათი წაკითხვა. ოღონდ დიქლოგების დროს რაღაცნაირად იკარგება ეს სიამოვნება. არ ვიცი რაშია პრობლემა, ალბათ სხვები გეტყვიან ამას, მაგრამ რაღაც ნამდვილად ვერ არის კარგად.
ძალიან მომეწონა. სხვა ისტორიებსაც გადავავლებ თვალს.

 


№3  offline მოდერი guroo

სტუმარი მზიკო
თავიდან თელავი თელავის რომ გაყვიროდა მძღოლი, მაგ მომენტიდან ვიფიქრე, რომ კითხვა შემეწყვიტა. კიდევ კარგი ბოლომდე ჩამოვსქროლე და რომ ვნახე პატარა ისტორია იყო, ჯანდაბას, როგორმე წავიკითხავ-მეთქი.
ამდენი რომ არ ვილაპარაკო მოკლედ გეტყვით, რომ არეული შთაბეჭდილებები მაქვს. დიალოგები დასახვეწი მეჩვენა, მაგრამ ბოლოში ეს განცდაც გამიქრა, როცა ყველაფერი გაირკვა. აღწერებში ძალიან ძლიერი ხართ. ერთი სიამოვნებაა მათი წაკითხვა. ოღონდ დიქლოგების დროს რაღაცნაირად იკარგება ეს სიამოვნება. არ ვიცი რაშია პრობლემა, ალბათ სხვები გეტყვიან ამას, მაგრამ რაღაც ნამდვილად ვერ არის კარგად.
ძალიან მომეწონა. სხვა ისტორიებსაც გადავავლებ თვალს.

მადლობა,რომ გადაიფიქრეთ და ბოლომდე წაიკითხეთ და შეფასებაც დამიტოვეთ.სხვა ისტორიების ქვეშაც არაერთხელ შეხვდებით კომენტარებს, სადაც დიალოგებთან დაკავშირებით მაძლევენ შენიშვნას. იქვე ჩემ პასუხებსაც ნახავთ, რომ ვერაფრით შევძელი დიალოგების წერაში დაოსტატება და უზომოდ მეზიზღება, როცა ჩემ პერსონაჟებს რაღაცის თქმა სურთ და მე უდა ავალაპარაკო ისინი.
იმედი მაქვს არ მოიწყენთ ჩემი ნაწერების კითხვით. მე კი თქვენს კომენტარებს დაველოდები

 


№4 სტუმარი ekke

au es qristine magari sasacilo tipia. kaci magari briyvia. ar momewona. dedamisi ra gveli qali yofila. dedebis dges aseti cudi dedis personaji ratom sheqmeni? kacs tavi ar unda daenebebina da tu daxmarebaa bolomde unda daxmareboda. qristines isev sagijetshi amoayofineben tavs

 


№5  offline მოდერი guroo

გუშინ ღამით ვწერდი და დღეს დილით ჩავასწორე რაღაცები. ასე რომ, დედების დღეს არ შემიქმნია ეს პერსონაჟი. სხვა ყველაფერში კი - სრულად გეთანხმები.
მადლობა, რომ წამიკითხე❤️

 


№6  offline მოდერი guroo

სალანდერი
მოკლედ ჩემთვის უცნობ ავტორებს, არ ვკითხულობ როგორც წესი, მაგრამ დამაინტერესე და შემოვიხედე.
ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ეს პატარა ჩანახატი, იმ პრიალა ქაღალდით, რომელიც ნაწარმოებს შემოახვიე. თითქოს პრობლემა "დაბლარე" და ძალიან მომეწონა ეს მიდგომა, რადგან "ბლარი" მკვეთრი არ ყოფილა და რაც ჩაიდო ამბავში, ყველაფერი ჩანდა.
თითქმის არ არსებობს ავტორი, რომელიც ნაწარმოების ყველა ნაწილს ერთნაირად ძლიერად წერს, შენც არ ხარ გამონაკლისი. რამდენად ლამაზად და მხატვრულადაც გადმოსცემ და აღწერ გარემოს ან სიტუაციებს, იმდენად მოიკოჭლებ დიალოგებში. თითქოს თვითონაც ერთი სული გაქვს, მალე დაამთავრო ის ნაწილი სადაც პერსონაჟებს საუბარი უწევთ და იმ ნაწილზე გადახვიდე რომელშიც კომფორტულად ხარ. მე შენს ადგილზე პირიქით, ამ ნაწილზე ვიმუშავებდი ბევრს, იმიტომ რომ სხვა მხრივ ნამდვილად მაღალ დონეზე ხარ.
მოხვდი იმ ავტორების სიაში, რომელიც შემეჩეხებიან და გადავხედავ ხოლმე, თვალის არიდების მაგივრად.
დიალოგებზე მეტი იმუშავე, ძალიან მშრალია ხვდები?
ხვდები რა თქმა უნდა, ავტორმა ყველაზე უკეთ იცის სად რა უჭირს ნაწარმოებს.
დაიხვეწები მგონია და წარმატებებს გისურვებ გურამ.


გულწრფელი აღიარება უნდა გამოვაცხო.
ელ პინის ისტორიებს რომ ვკითხულობდი და მერე შენ კომენტარებსაც დესერტივით ვაყოლებდი ხოლმე, სულ იმას ვოცნებობდი, ჩემამდეც მოგეღწია.
რამდენჯერმე მოგთხოვე კიდეც ჩემი წაკითხვა. სულ ორჯერ - მგონი.
ზუსტად შეამჩნიე ჩემი ლტოლვა, რომ რაც შეიძლება მალე გავექცე დიალოგებს და ჩემთვის კომფორტულ, ჩვეულ სტილში განვაგრძო წერა. თუკი, წერის პროცესი უზადო სიამოვნების მომტანია ჩემთვის, დიალოგების მომენტები ნამდვილ ჯოჯოხეთად მექცევა ხოლმე. უფროსწორად, ნამდვილ სიცარიელედ, არარად. გონება მეტანჯება პერსონაჟების ამეტყველებას როცა ვცდილობ.
რჩევას გავითვალისწინებ და დაგიჯერებ. რაც არ გამომდის, ზუსტად იმას დავწერ.
გადაჭარბებას მოვერიდე. არ მინდოდა ზედმედატ დრამატიზება. არადა, ამმხრივ ბადალი არ მყავს “როლებში შეჭრაში” :დ
მადლობა❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

განდგომილის არ იყოს, მეც მაიტერესებს ეს ჩანახატი (და არა ისტორია) იმიტომ დაიწერა, რომ ქრისტინეს ამბავი გაგვეგო, თუ კაცია მთვარი პერსონაჟი და მე რამეს ვერ მივხვდი? კიარადა, თუ უფრო მეტად კაცის შესახებ დაიწერ, მაში სამწუხარო სათქმელი მაქქვს თქვენთვის: არ გამოგივიდათ, ძვირფასო ავტორო!
ყველაზე ბუდოვანი პერსონაჟი და არასრულყოფილიც, მათ შორის, სწორედ რომ კაცია და დიალოგები რა მოსატანია ამასთან შედარებით. აშკარად ვერ შეძელით ბოლომდე მოგეყოლათ მის შესახებ. ან თქვენ მოგვიყევით და ჩვენ ვერ გავიგეთ, რაც ისევ თქვენი ბრალია, რადგან მკითხველამდე სათქმელის მიტანა უნდა შეეძლოს კარგ მწერალს. მე დამაკლდა კაცის შესახებ ბევრი რამ და უფრო მეტის გაგებას ვისურვებდი.
სხვა - სუპერ! ხელები ამიწევია, ოღონდ მართლა.

 


№8 სტუმარი ცირა

როგორც კი შვილებს პრობლემები უჩდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობაში, ეგრევე მარტივ გამოსავალს მოძებნიან ხოლმე. მრცხვენია, რომ ეს ჩანახატი ძალიან რეალურია და საქართველოში ხდება ასეთი შემთხვევები, თანაც რამდენიც გიდათ, იმდენი. მე ფსიქიატრილის არქივში ვმუშაობდი სასაცილო ხელფასის სანაცვლოდ და იმ დროის განმავლობაში ბევრის ისტორიას გავეცანი.
ქრისტინეს ისტორია უნიკალური არ არის. იგი არც ერთადერთია, ვინც უვიცმა მშობლებმა საგიჟეთში გამოამწყვდიეს და ფსიქოტროპული წამლების მიღების გამო მართლა გააფრენინეს.
ტირილი ვერ შევძელი, რადგან ამაზე ბევრად უარესები წამიკითხავს ფსიქიატრიულის არქივში. სხვათაშორის იქ მოხვედრილტა უმრავლესობა მართლა კარგად ხატავდა. მათ ისტორიებში ჩვენი გამოთაყვანებული ფსიქიატრების დასკვნებიც ინახებოდა. ისეთ დებილობებს წერდნენ, გული მერეოდა კითხვისას. უცნაურ ნახატებს ქმნიდნენ. ძირითადად იმას ხატავდნენ, რაც ესიზმრებოდათ.
მადლობა, რომ ჩემთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულ თემას შეეხეთ.
მე კომენტარებს არ ვწერ ხოლმე. ჩუმი მკითხველი ვარ. როცა მცალია თვალს გადავავლებ აქაურობას და კარგი სათაურების მიხედვით ვარჩევ საკითხავს. ხშირად არ მიმართლებს და ბოლომდე წაკითხვას ვერ ვახერხებ, მაგრამ თქვენი ჩანახატი ნამდვილად ძალიან კარგი მწერლის ნახელავია და ამიტომ ბოლომდე წავიკითხე. კომენტარიც თქვენ დაგიწერეთ, გამონაკლისის სახით.
კრიტიკას ყური უგდეთ და ნახავთ, რამდენს მიაღწევთ.
წარმატებას გისურვებთ!

 


№9  offline მოდერი guroo

ცირა
როგორც კი შვილებს პრობლემები უჩდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობაში, ეგრევე მარტივ გამოსავალს მოძებნიან ხოლმე. მრცხვენია, რომ ეს ჩანახატი ძალიან რეალურია და საქართველოში ხდება ასეთი შემთხვევები, თანაც რამდენიც გიდათ, იმდენი. მე ფსიქიატრილის არქივში ვმუშაობდი სასაცილო ხელფასის სანაცვლოდ და იმ დროის განმავლობაში ბევრის ისტორიას გავეცანი.
ქრისტინეს ისტორია უნიკალური არ არის. იგი არც ერთადერთია, ვინც უვიცმა მშობლებმა საგიჟეთში გამოამწყვდიეს და ფსიქოტროპული წამლების მიღების გამო მართლა გააფრენინეს.
ტირილი ვერ შევძელი, რადგან ამაზე ბევრად უარესები წამიკითხავს ფსიქიატრიულის არქივში. სხვათაშორის იქ მოხვედრილტა უმრავლესობა მართლა კარგად ხატავდა. მათ ისტორიებში ჩვენი გამოთაყვანებული ფსიქიატრების დასკვნებიც ინახებოდა. ისეთ დებილობებს წერდნენ, გული მერეოდა კითხვისას. უცნაურ ნახატებს ქმნიდნენ. ძირითადად იმას ხატავდნენ, რაც ესიზმრებოდათ.
მადლობა, რომ ჩემთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულ თემას შეეხეთ.
მე კომენტარებს არ ვწერ ხოლმე. ჩუმი მკითხველი ვარ. როცა მცალია თვალს გადავავლებ აქაურობას და კარგი სათაურების მიხედვით ვარჩევ საკითხავს. ხშირად არ მიმართლებს და ბოლომდე წაკითხვას ვერ ვახერხებ, მაგრამ თქვენი ჩანახატი ნამდვილად ძალიან კარგი მწერლის ნახელავია და ამიტომ ბოლომდე წავიკითხე. კომენტარიც თქვენ დაგიწერეთ, გამონაკლისის სახით.
კრიტიკას ყური უგდეთ და ნახავთ, რამდენს მიაღწევთ.
წარმატებას გისურვებთ!


ტყუილად ვერ დავიბრალებ, თითქოს ამ პრობლემის გაშიშვლება და მწვავედ დაყენება ჩამეფიქრებინოს, მაგრამ ცოტაზე უფრო მეტად შევიფერებ თქვენ კომენტარს.
გული ლამისაა გამისკდეს - ახლა ისე გამალებით მიცემს სიხარულისგან. არ ვიცი, რამდენი და რამხელა მადლობა უნდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩუმი მკითხველის ტყავიდან გამოძვერით და თქვენი პირველი კომენტარი მაინცდამაინც აქ, ჩემ სიახლეზე დაწერეთ.
ძალიან დიდი მადლობა -ცამდე აწვდენილი და უშველებელი!

 


№10 სტუმარი სტუმარი ანუკი

ზოის ბოლო თავები ისეთი საოცარია, რომ ამაზე ნამდვილად ვერ გადავირევი, მაგრამ მაინც ყოჩაღ! უმაგრესად წერ.
ზოის როდის დაასრულებ?

 


№11  offline მოდერი guroo

სტუმარი ანუკი
ზოის ბოლო თავები ისეთი საოცარია, რომ ამაზე ნამდვილად ვერ გადავირევი, მაგრამ მაინც ყოჩაღ! უმაგრესად წერ.
ზოის როდის დაასრულებ?

“ზოის” არცერთ თავზე არ დაგიკომენტარებია. საინტერესოა... ასე ძალიან თუ მოგწონს, ბარემ შთაბეჭდილებები ვრცლად გამიზიარე.
“ზოისთან” დაკავშირებით შესვენება ავიღე. ვერაფერს ვიგონებ ახალს. ეგ ნაწარმოები პირდაპირ ხელებში ჩამაკვდა. გავაგრძელენ, მაგრამ არ ვიცი - როდის.

 


№12 სტუმარი სს

ავტობუსს ელოდებით? აგვიანებს თქვენი ავტობუსი? რამდენი ხანია აქ ვდგავართ და არ მოსულა. რა ცოდო ხართ. თან რა ცუდი კბილები გაქვთ.

ამაზე ჩავბჟირდი:დდდდდდ

 


№13 სტუმარი სტუმარი გვანცა

ერთი სიამოვნებაა ნამდვილად ამ პატარა ნოველის წაკითხვა. ძალიან ემოციური იყო და რაც მთავარია ნამდვილი და გულწრფელად გადმოცემული, ვისურვებდი რომ ეს ჩანახატი ერთ დიდ ნაწარმოებად აქციო????❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი მკითხველი

ალპაჩინო რა საყვარლად აიჩემა ქლისტინემ❤️ დუტა სხირტლაძე რა შუაშია, რატომ ჩააკვეხეთ?

 


№15  offline მოდერი guroo

მკითხველი
ალპაჩინო რა საყვარლად აიჩემა ქლისტინემ❤️ დუტა სხირტლაძე რა შუაშია, რატომ ჩააკვეხეთ?

ქრისტინე რეალური პიროვნებაა. დიალოგებიც რეალურია.

 


№16  offline ახალბედა მწერალი K. I.

ვიცი, გამაღიზიანებელია ერთი და იგივეს მოსმენა, მითუმეტეს, როცა ადრეც მაქვს ამაზე ხაზი გასმული, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ქრისტინეს გამოჩენით შესანიშნავად გადაგიფარავს დიალოგების "არამდიდრულობა".
თავისთავად ცხადია, სულ ასეთი პერსონაჟები არ/ვერ გეყოლებიან და ასე იოლად ვეღარ დაიძვრენ თავს :)))
მომეწონა, მოცულობა. ესეც კარგი გადაწყვეტილებაა. მოუხდა შენი მდიდარი ენა პატარა ნაწარმოებს.
ველოდები უფრო მაღალ დონეს.
ყველაფერი მიიღწევა, რასაც მოვინდომებთ!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამ

განსხვავებულია. სხვებს არ ჰგავს და ამიტომ მომეწონა.

 


№18  offline მოდერი guroo

სტუმარი მარიამ
განსხვავებულია. სხვებს არ ჰგავს და ამიტომ მომეწონა.

❤️ვგიჟდები, როცა მეუბნებიან, რომ სხვას არ ვგავარ ან ჩემი შემოქმედება არ ჰგავს სხვისას

 


№19 სტუმარი maoce

კაი კაცს სახელი რომ არ აქვს, უსახელოა, უსახო, გარშემომყიფთათვის მობეზრებული, ჩამოწერილი, ზედმეტი ადამიანი, და მოდის ისიც თავისი სამყაროსგან შეუმჩნევლობით გაქვავებული, შუბლშეკრული ... და ამ დროს ქრისტინე ამჩნევს ამ ხალხისგან მივიწყებულ კაცს, უბავს დიალოგს ყველაზე გულწრფელს, ათას სისულელეზე, უსწორმასწორო კბილებზე გუდასმით უსვავს ხაზზს და 32 ნაკლის ერთბაშას ბრეკეტით გამოსწორების ურჩევს, თავის კბილების არანაკლებ სიმახინჯესაც ახსენებას აქვე მის გასამხნევებლად, რომ ეს ნაკლი მასაც აქვს რომ ნაკლითაც კი თანასწორნი არიან...
ქრისტინე, ადამიანი რომელიც, განსვავებულობის გამო, დედის თანხმობით და საზოგადოების მოთხივნით ფსიქიატრიულის ბინადარია,ყველაზე შემჩნეველს სწორედაც, რომ ის ამჩნევს და ალ პაჩინოს და დუტა სხირტლაძეს ადარებს ... სხვის სახეს არგებ ყველაზე სახე დაკარგულ ადამიანს... ეს დიალოგი ფასეულია ამ კაცისთვის, ის შემაჩნიეს და მას აჩუქეს ყველაზე გულწფელი “გაუპრანჭავი” დიალოგი....
ქრისტინეს კი ქრისტეს ჯვარით, ისევ და ისევ ღმერთის სახელით შეიტყუებენ, ”გიჟების” სახლში...

 


№20  offline მოდერი guroo

maoce
კაი კაცს სახელი რომ არ აქვს, უსახელოა, უსახო, გარშემომყიფთათვის მობეზრებული, ჩამოწერილი, ზედმეტი ადამიანი, და მოდის ისიც თავისი სამყაროსგან შეუმჩნევლობით გაქვავებული, შუბლშეკრული ... და ამ დროს ქრისტინე ამჩნევს ამ ხალხისგან მივიწყებულ კაცს, უბავს დიალოგს ყველაზე გულწრფელს, ათას სისულელეზე, უსწორმასწორო კბილებზე გუდასმით უსვავს ხაზზს და 32 ნაკლის ერთბაშას ბრეკეტით გამოსწორების ურჩევს, თავის კბილების არანაკლებ სიმახინჯესაც ახსენებას აქვე მის გასამხნევებლად, რომ ეს ნაკლი მასაც აქვს რომ ნაკლითაც კი თანასწორნი არიან...
ქრისტინე, ადამიანი რომელიც, განსვავებულობის გამო, დედის თანხმობით და საზოგადოების მოთხივნით ფსიქიატრიულის ბინადარია,ყველაზე შემჩნეველს სწორედაც, რომ ის ამჩნევს და ალ პაჩინოს და დუტა სხირტლაძეს ადარებს ... სხვის სახეს არგებ ყველაზე სახე დაკარგულ ადამიანს... ეს დიალოგი ფასეულია ამ კაცისთვის, ის შემაჩნიეს და მას აჩუქეს ყველაზე გულწფელი “გაუპრანჭავი” დიალოგი....
ქრისტინეს კი ქრისტეს ჯვარით, ისევ და ისევ ღმერთის სახელით შეიტყუებენ, ”გიჟების” სახლში...

მეც რომ არ ჩამიფიქრებია და არ მიცდია, რომ ასე გამომსვლოდა, ისეთ რამეს მეუბნები შენ
მადლობა ძალია დიდი! ღმერთმანი, ჯვარზე გავგიჟდი. ეგ ასი წელია არ მომივიდოდა აზრად

 


№21 სტუმარი თემუკა

ყოჩაღ. კარგი ბიჭი ხარ

 


№22  offline მოდერი guroo

თემუკა
ყოჩაღ. კარგი ბიჭი ხარ

აი, ასეთ კომენტარებს ვერ ვიტან.
მადლობა❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი რუსუდან

ძალიან საინტერესოდ წერთ. მომეწონა, როგორც დაგვიხატეთ ჩვენი ქალაქის ზიზღისმომგვრელი სახე.
ქრისტინე ძალიან საყვარელი გოგოა.
კაცი არ მომეწონა. ქრისტინეს მსგავს ადამიანებს სხვანაირად უნდა მოეპყრო. ის კი ზიზღით უყურებდა და თავიდან თავსაც არ უყადრებდა.
წარმატებები❤️❤️??????

 


№24  offline მოდერი guroo

სტუმარი რუსუდან
ძალიან საინტერესოდ წერთ. მომეწონა, როგორც დაგვიხატეთ ჩვენი ქალაქის ზიზღისმომგვრელი სახე.
ქრისტინე ძალიან საყვარელი გოგოა.
კაცი არ მომეწონა. ქრისტინეს მსგავს ადამიანებს სხვანაირად უნდა მოეპყრო. ის კი ზიზღით უყურებდა და თავიდან თავსაც არ უყადრებდა.
წარმატებები❤️❤️??????

მეც ვფიქრობ, რომ უფრო სათუთად უნდა მოვეპყროთ ქრისტინეს და მასავით საყვარელ ადამიანებს.
მადლობა კომენტარისთვის❤️

 


№25  offline მოდერი guroo

ელპინი
ანუ, თამაში გიყვარს?
უბრალოდ, ეგ არის, რომ აუცილებელია კარის გახსნა.

რატომ გაერთე? :)))))))))

ლურჯი რომ იყო, იქ - ენძელა და სხვა ბევრი რამ, რაც გიწერია, მაგრამ არ ჩანს, ყველაზე მაგარი იყო, იცოდე.

ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი იყო. არანაირად. ცივ ყავას ხომ არ ჰგავდა? ნუ, ვერც გადაღვრი, ბოლომდე ვერც დალევ. რაც არის, ღირს ერთ გართობად.

ისე კი, ერთი ქრისტინე მეც მყავს - ქუჩებში მოხეტიალე, მაგრამ ბოლოს - ანანასზე გაჩერდა. დგას ისე, როგორც ნაცრისფერი ბოძი.

აბა, შემდეგში მხოლოდ შენ თავზე არ იფიქრო, მანდ პერსონაჟებიც არიან.
:)
♥️


უჰჰ, მაზოხისტივით მესიამოვნა შენი კომენტარის წაკითხვა.
იმიტომ, რომ "ძალიან სიმართლე" წერია.
არაფერი სჯობს იმას, სხვა რომ შენში შემოძვრება და თითს დაგიქნევს - შეწყვიტე ეგ დამპლური ტმაშებიო :დ
მადლობა, პინო!

 


№26 სტუმარი სტუმარი ლილე

კარგი ხარ, საკმაოდ კარგიც კი
რადგან
სიგიჟის ხელოვნების დონემდე აყვანა იშვიათად მოსვლიათ მწერლებს (დიახ მწერლებს) აზრათ და მითუმეტეს უფრო იშვიათად შეუსხამთ ფრთები, ამ არაჩვეულებრივი ანგელოზისთვის.
რადგან სიგიჟის გამოვლენა -როგორც გულუბრყვილობა, ნდობა-სენია ადამიანების, არამარტო თეთრხალათიანებისთვის რადგან ეს უკანასკნელი მარტო გიჟებს არ ამწყვდებს ოთხ კედელში, ხშირად საკუთარ თავშიც კი კეტავს.
რაღაც არანორმალური სრულყოფილებით რომ "ძვრები" ყველა პერსონაჟის ტყავში და იდეალურობამდე აყვანილ ფსიქოემოციურ დატვირთვას ჯანდაბამდე სრულყოფილად გადმოსცემ არაერთხელ მითქვამს და გეტყვი.
კარგი ხარ, საკმაოდ კარგიც კი
მაგრამ
დიალოგებში გათქვამენ ადამიანები მთეკ არსს მათი დამპალი გონების და ილაპარაკე მათ მაგივრად გთხოვ.
თუ მკითხველი მართლა "კითხულობს" მიხვდება სიცილის ტონსაც, ემოციასაც და დატვირთავასაც "აჰაჰაჰას" გარეშეც.
და ბოლოს
ზოი დამიბრუნე!!!

 


№27  offline მოდერი guroo

აქ არაფერი ხდება ახალი?

 


№28  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№29 სტუმარი უჩინარი,

ქრისტინეს გულწრფელობითდა გულღიაობით გინდა შენი გულდახურულობა დაფარო? )
რა მიამიტია( არ სცერა რომ დედა ისევ გამოკეტავს) ჰგონია ჯვრის დასაბრუნებლად მიდის...
იმ უსახელო კაცს რას ერჩი) ცდილობს დაეხმაროს, როგორც შეუძლია. თვითინაც გულჩათხრობილია. უჭირს.

ადამიანებს ერატმანეთი სჭირდებათ. ნეტავ როდის გაიგებენ ამას...

 


№30  offline მოდერი guroo

უჩინარი,
ქრისტინეს გულწრფელობითდა გულღიაობით გინდა შენი გულდახურულობა დაფარო? )
რა მიამიტია( არ სცერა რომ დედა ისევ გამოკეტავს) ჰგონია ჯვრის დასაბრუნებლად მიდის...
იმ უსახელო კაცს რას ერჩი) ცდილობს დაეხმაროს, როგორც შეუძლია. თვითინაც გულჩათხრობილია. უჭირს.

ადამიანებს ერატმანეთი სჭირდებათ. ნეტავ როდის გაიგებენ ამას...

დიახ, სასწორო, ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება ჭრილობათა დაასაამებლად. მეც ქრისტინესავით გულწრფელი ვარ. გეფიცები, უადგილო აღიარებების მთელი კასკადი ამომდის პირიდან. სხვანაირად არ ვლაპარაკობ. ქრისტინე კი ჩემს გულთან ძალიან ახლოს მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი შთაბეჭდილების ზეგავლენით მის მიმართ გულგრილად, ზიზღით ვიყავი განწყობილი. გაკვეული დრო უკვე გავიდა და ახლა ვფიქრობ, რომ არც ქრისტინეზე და არც უცნობ კაცზე არ დამიწერია ეს ჩანახატის მსგავსი რაღაც. იმღამის ტრანსფორმაციაზე დავწერე, მოულოდნელ ცვლილებაზე, რომელიც სხეულში ჩუმად შემომიძვრა, ფრთხილად ჩამისახლდა და დღის სიმძმიმე სიმსუბუქეტი შემიცვალა, თითქოს იმღამით ყველა შეიძლებოდა შემყვარებოდა და თითქოს იმ ღამით მე ვიყავი ყველაზე ნამდვილი ქრისტიანი, ვისაც სხვა ადამიანებისადმი შესასური კეთილგანწყობისა და ემპათიის გამოვლენა შეეძლო. მე მხოლოდ მაშინ მოვიხელთე სიკეთე, ჩემად ვიგულე და თავი დავაჯერე, რომ გულწრფელი ვიყავი ქრისტინეს მიმართ გამოჩენილ თანაგრძნობაში, ამავდროულად ფარულ სიყვარულში, რომელიც უჩვეულო გრძნობათა ერთიანობად მეჩვენებოდა, რადგან მანმდე ამის მსგავსი არ განმეცადა და იმ კონკრეტულ მომენტში, იმ ექსტრემალურ სიტუაციაში, სადაც ახალ-ახალი შეგრძნებები მთლიანად არღვევდა ჩემს ფსიქო-ემოციურ კონსტრუქციებს, ამ ყველაფრისთვის სახელის დარქმევა მიჭირდა და სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ ქრისტინე გულში ჩამივარდა.
კარგია, რომ სიტყვებს შორის მოვაქციე იმ ღამის მოგონებები. ზოგჯერ კარგია იმის გახსენება, რომ ადამიანი ხარ - ადამიანური გამოცდილებებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent