შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ გყვარებოდი (სრულად)


9-03-2020, 18:01
ავტორი ლიზელი
ნანახია 11 918

ახალი სახლი ყველაზე დიდი ცვლილება იყო ჩემს ცხოვრებაში. ახალი გარემო. ახალი ხალხი. ყველაფერთან ერთად შეცვლილი გუნება. გაუფერულებული ურთიერთობები. წაშლილი სიყვარული. სახეზე აწებებული ღიმილი და გამომეტყველება. არაფრის მომცემი გამომეტყველება.

სახლში ორი დიდი ყუთით შემოვდივარ. ზედმეტი ხარჯების ასაცილებლად, ყველაფრის ჩვენით გადმოტანა მოვინდომეთ. მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ ჩემი უფროსი დის, კეროლაინის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენს სახლში აღარაფერი დაგვედგომებოდა და შედარებით პატარა, მყუდრო და ცოტა არ იყოს შემაშფოთებელ სახლში გადმოვედით. ეზო დიდია. ხალხი ცოტა. ეს კი ნამდვილი კატასტროფაა. მე რა ხანია ამ სახით დავდივარ. ცოტა არ იყოს გაცვდა. თოთხმეტი წლის ვარ და ზედმეტად ბევრი უიმედობა შემომეჩვია. კეროლაინმა სიკვდილთან ერთად ჩემი სამყაროც წაიღო და დამტოვა მომლოდინე. ყოველთვის ველი რაღაცას, რაც შემავსებს. ამ ყველაფერს დამავიწყებს. რთულია მუდამ რაღაცის ლოდინი, მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი. ან რაღაცას ელი, ან რაღაცას იშორებ. არ ვიცი, ალბათ ჩემს დას ველი. მასთან ყოფნას. ცუდადაც ვყოფილვარ, მაგრამ კეროლაინზე ფიქრმა ჭკუიდან შემშალა.

თუ ფიქრობთ, რომ ოჯახის წევრებს ვუყვარვარ, ცდებით. ყველა მოზარდის ცხოვრებაშია ეს პერიოდი, ასაკი, როცა ისინი ფიქრობენ, რომ ამ სამყაროში სრულიად მარტონი არიან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სწორედ ასეა და ეს პერიოდი არასდროს გავა.

კეროლაინი უცნაური გოგონაა. არ მიყვარს როცა მას წარსულში მოვიხსენიებ. იგი ყოველთვის სადღაც ახლოსაა. ჩემ გვერდით, ზოგჯერ ჩემ წინ. არასდროს მეჩვენება, თუმცა მისი ხმა ჩამესმის ხოლმე. კეროლაინმა ძალიან დამღალა. დამღალა მისი სახელის ყვირილმაც. ზოგჯერ ძლიერ მინდა დრო დავაბრუნო, მივიდე მასთან, ვუყვირო, გავულაწუნო. ისე ვუყვირო, როგორც თვითონ ჩამყვირის ხოლმე. ბევრჯერ დავიძახო მისი სახელი, ის რომ არ წასულიყო, შეიძლებოდა მეც ვყვარებოდი სხვებს.

სახლი ზედმეტად ბნელია ჩემთვის. არ მიყვარს სიბნელე. სიბნელეში ცუდად ისმის ხოლმე კეროლაინის ხმა. ჩემი ოთახი ყველაზე განათებული უნდა იყოს. ამიტომ ნელ-ნელა სახურავისკენ მივიწევ. ყუთებს ძირში ვყრი ფეხსაცმელებსაც უმისამართოდ ვისვრი. მაღლა ფოსფორის ვარსკვლავებს ვაკრავ. საწოლის ირგვლივ კი საკუთარ ნივთებს ვაბნევ. დალაგებაზე დროს თითქმის არასდროს ვკარგავ.
კვლავ კიბესთან მივდივარ კიბის ბოლოს მამაჩემი დგას, უცხო კაცთან ერთად. უცხოს სახეს ვერ ვარჩევ. მალევე მიდის. მე ხმისამოუღებლად მივიწევ კიბის ბოლოსკენ და მორიდებით ვუვლი გვერდს მამაჩემს, რომელიც არც კი მიყურებს. მამაჩემის შეუმჩნევლობა წყევლასავითაა ჩემთვის.
- მელოდი, - ეს ხმა...- არაფერი, წადი.
ვჩერდები. არაფერს ვამბობ. ის კი მიდის.

***
მთელ საღამოს ოთახში ვატარებ. ძალიან მომწონს. ასე მგონია ამ ოთახთან სულიერად ვარ დაკავშირებული და ჩემი სულიც მანამდე სულ აქ ყოფილა. სხვადასხვა ფერის წინდები მაცვია. თითქმის ყოველთვის. ხელზე კი კეროლაინის სამაჯური მიკეთია. კეროლაინი ორ თვეზე მეტია გარდაიცვალა და მისი სული თავს არ მანებებს. დამყვება! სულ დამყვება! რა იქნება ერთხელ მაინც მამაჩემთან რომ მივიდეს! ეს არასდროს მოხდება.

უცნობი კაცი მეორე დღესაც მხვდება ჩვენი სახლის წინ. მაგრამ მის სახეს კვლავაც ვერ ვარჩევ, რადგან სათვალე არ მიკეთია და სათვალის გარეშე თითქმის ვერ ვხედავ. ეს კიდევ ერთი პრობლემათაგანია. მამაჩემი კვლავაც მარიდებს მზერას. არ მესმის ამდენად როგორ ვეზიზღები.

სამზარეულოში პატარა მაგიდაა. ჩაის ვიმზადებ. აქაც არეულობაა და ჭიქებს ვერ ვპოულობ, ამიტომ იმით ვსვამ, რაც პირველი მხვდება ხელში. წარმოდგენა არ მაქვს რას მიირთმევს მამაჩემი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ სახლში რამე მაინც დავახვედრო. ყველა მეუბნება, რომ საშინლად გამხადარი ვარ. მიზეზი ისედაც ვიცი. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ. სახლში ყოველთვის მოდის დამხმარე, დედაჩემის ძველი მეგობარია და თვლის, რომ რატომღაც მასაც აქვს ჩემზე პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, მამაჩემი უყვარს. ეს არ მანაღვლებს.

ჩემი ოთახის ფანჯრიდან კარგად ჩანს ხეები. აქ ყველაფერი განსაკუთრებულია. ჰაერიც კი. ძველი სახლი არასდროს მომენატრება. იგი კეროლაინს ეკუთვნის. მხოლოდ მისი სულისთვის არსებობს. არსებობდა.
ორი დღეა უკვე რაც აქ ვცხოვრობ და აქაურებზე არაფერი ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან.

- მელოდი! სად ხარ? - მამაჩემი მეძახის, - აქ მოდი!
- მეძახდი?
- დღეს ჩვენთან სტუმრად ჯონსონების ოჯახი მოვა. შესაფერისად უნდა დავხვდეთ. მერის დაუკავშირდი და სთხოვე მოვიდეს.
- მერი, თავისითაც მოაგნებს ჩვენს სახლს.
- გააკეთე ის, რასაც გეუბნები. თუ არადა სხვანაირად დავილაპარაკებთ. გასაგებია?!
არაფერს ვამბობ. ან რა უნდა ვთქვა. მერის წერილს ვწერ. ვთხოვ, რომ ვახშმის მოსამზადებლად მოვიდეს. მე კი ვცდილობ მოვწესრიგდე.

საღამო შეუმჩნევლად გარბის. რვა საათია. კარზეც კაკუნი ისმის. მერი აღელვებული იხსნის წინსაფარს და კარისკენ მიდის. ჯონსონების ხმა მესმის. კიბეზე ვზივარ. მობეზრებული ვდგები და მერისკენ მივემართები. კაცი უკვე მისაღებ ოთახშია. ქალი კი თავის დაკვრით მესალმება. მეც იგივე მოქმედებას ვასრულებ და მერის გაფართოვებულ თვალებს ვაწყდები.
- მის უილსონ, სად არის თქვენი კაბა?
- მე თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ, მერი.
- ახლავე მიბრძანდით, და მოიცილეთ ეს სამარცხვინო ნაჭრები თქვენი ფეხებიდან.
აშკარად ხვდება რომ ჩემი ნებით არაფერს გავაკეთებ და ოთახისკენ მიმათრევს.
- ნამდვილი სანაგვეა! რაც არ შეგეფერებათ მის. - კაბას ეძებს, მერე კი თავზე მაცვამს.
- ძალიან გახდით, მელი. ასე არ შეიძლება.
- ნუ ნაღვლობ. მე ეს არ მაწუხებს.
- ჩქარა ჩაიცვით და ქვევით ჩამობრძანდით. დიდად დამავალებთ თუ თმასაც დაივარცხნით.

სუფრასთან მივდივარ. იქაურებს თავს ვუკრავ. მისის ჯონსონი ულამაზესი ქალია. მისი მსგავსი არავინ მინახავს, მაგრამ ჩემს მთელ ყურადღებას მისტერ ჯონსონი იპყრობს. ის.. ის.. ის ნამდვილი მშვენიერებაა. თითქოს მისი სახე ნახატია. იგი ღვთის რჩეულია. ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვახერხებ. მამაჩემის მკაცრი მზერა კი პირდაპირ გულს მისერავს. სკამზე ვჯდები და ვახშამიც გრძელდება. ისინი ზოგადსაკაცობრიობო თემებზე საუბრობენ. ჩემთვის არავის სცალია, ამიტომ მეც დაუკითხავად ვაპარებ თვალებს მისტერ ჯონსონისკენ. თითქოს სამუზეუმო ექსპონატია. ყველაზე მეტად იპყრობს ყურადღებას დიდი და განსაკუთრებული, გასხივოსნებული, გამორჩეული რამ. მისი სახე ყველაზე ლამაზი რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს.

საკუთარ ფიქრებში ჩაძირულს მერის ხმა მაღვიძებს. წასვლის დრო მოსულა. სტუმრები მასპინძლებს ემშვიდობებიან. ფეხზე ვდგები. თმებს ვიწევ და წელში ვიმართები. მისტერ ჯონსონი ჩემკენ ტრიალდება.
- მოხარული ვარ, რომ გაგიცანით მის უილსონ, - ჩემს ხელს იღებს და ნაზად მკოცნის, მგონი ვკვდები! - იმედია ხშირად გაგვხდით თქვენი სტუმრობის ღირსს.
- რა თქმა უნდა, აუცილებლად, - უფრო ჩემთვლის ვლუღლუღებ და მისის ჯონსონსაც ვემშვიდობები.

ეს ღამე ზედმეტად იწელება.

***
- მერი, გთხოვ! მომიყევი რამე მისტერ ჯონსონსა და მის ცოლზე.
- ჭორაობა ცოდვაა მის.
- ჩვენ ხომ უბრალოდ ვსაუბრობთ.
- მაშინ იცოდეთ, ეს უბრალოდ საუბარია!
- რა თქმა უნდა.
- კარგი. მისტერ და მისის ჯონსონები დიდი ხანია რაც ერთად არიან. მაგრამ შვილი არ ჰყავთ. ეს დიდი უბედურებაა. მათ ყველანაირი იმედი გადაწურული აქვთ. ექიმები ამბობენ, რომ პრობლემა მისის ჯონსონშია. მისტერ ჯონსონს კი მთელი არსებიტ უნდა შვილის ყოლა. სამწუხაროა რომ ეს არასდროს მოხდება.
- რატომ, მერი?
- ეს.. ეს ასეა, არ ვიცი რატომ. ბუნებრივი მოვლენაა.
- შვილები არც მე მეყოლება?
- თქვენ გეყოლებათ, მელი.
- მერი, იცით ძალიან კარგი იქნება თუ სამუდამოდ ჩვენთან გადმოხვალთ საცხოვრებლად, - მერი აშკარად არ ელოდებოდა ჩემგან ამ სიტყვებს.
- იცით, მე, მე უნდა დავფიქრდე. ყველაფერზე.
- რამდენი წლის არის მისტერ ჯონსონი?
- ოცდათხუთმეტის.
- ოჰ, ის საკმაოდ დიდი ყოფილა.
- დიახ. მამათქვენის ხელაა.
- მასზე ყველაფერი მაინტერესებს. აქ როდის გადმოვიდა საცხოვრებლად? ან რატომ? ცოლი როდის შეირთო? იქნებ არის შანსი რომ შვილები იყოლიონ? მისი მშობლებიც მაინტერესებს ვინ არიან?
- ოჰ, მელოდი! საკმარისია ამდენი შეკითხვა, სჯობს თქვენს ოთახს დაუბრუნდეთ და საქმის დასრულება მაცადოთ.
- მე, ჩემს ოთახში ავალ, - ჩქარა წამოვდექი.
- და რამდენჯერ უნდა გითხრათ, მოიშორეთ ეს სამარცხვინო ნაჭრები თქვენი.. - მისი ხმა უკვე აღარ მესმოდა მაგრამ ვიცი როგორც დაასრულებდა ამ წინადადებას. მერი და შარვლები შეუთავსებლები არიან. ერთმანეთს ვერ უგებენ.

***
ჩემს ოთახში საწოლზე ვწვები. მისტერ ჯონსონის გარდა აღარაფერი მიტრიალებს თავში. მისი ხმა. მისი თვალები. მისი ტუჩები..
- შეყვარებული ხარ, მელოდი?
- ახლა არა, კერი, გთხოვ! ახლა არა.
- მიდი როგორც გჩვევია. ყველაფერი გააფუჭე!
- მომშორდი!
- მისტერ ჯონსონზე ფიქრს შეეშვი, ნამდვილი საცოდავი ხარ. რომ გიყურებ გული მერევა.
- კერი შენ მკვდარი ხარ!
- მე შენში ვცოცხლობ, დაიკო!
მეტი ხმა აღარც მომისმენია.

ჩემს ყველაზე საუკეთესო კაბას ვიცვამ და იმ სახლისკენ მივიწევ, სადაც ყველაზე მეტად მინდა წასვლა. თავზე ქუდი მახურავს. მაქმანებით გაფორმებული. ფეხსაცმელი არც ისე ძველია. თმა ჩვეულებისამებრ ორ ნაწნავად მაქვს მხრებზე დაყრილი. კალათით მერის გამზადებულ ნამცხვარს მივათრევ.როგორც თვითონ ამბობს ეს კარგი მეგობრობის ნიშანია.
კარზე მოურიდებლად ვაკაკუნებ. სათვალეს ვისწორებ და ღიმილით ვხვდები მათ შინამოსამსახურეს.
- გამარჯობა, მე მელოდი უილსონი ვარ, უილიამ უილსონის შვილი.
- შემობრძანდით მის.

სახლი საკმაოდ დიდია. ყველაფერი ზედმეტად ლამაზია. დიდი სახლი ალბათ იმიტომ იყიდეს, რომ აქ ბევრ ბავშვს უნდა ერბინა. ოთახიდან მისის ჯონსონის ხმა მესმის, რომელიც თავისთან მიხმობს.
- მელი, შეიძლება ასე მოგმართოთ? თქვენი სახელი ძალიან მომწონს მის.
- რა თქმა უნდა შეგიძლიათ მისის ჯონსონ
- ბედნიერი ვიქნები, თუ უბრალოდ მარტას დამიძახებთ, მელი.
- კარგი, მარტა.
- მოდი ყველაფერს დაგათვალიერებინებ. მისტერ ჯონსონი საღამოს დაბრუნდება.

მათი სახლი ნამდვილი საოცრებაა. ყველაფერი არაჩვეულებრივადაა შეთავსებული ერთმანეთთან.
- ეს ნოას კაბინეტია. არ უყვარს როცა ვინმე შიგნით შედის, ამიტომ ჯობს არ შევაწუხოთ. ეს კი ჩვენი საძინებელია.ბიბლიოთეკა აქეთ არის.
- საოცარია, მარტა! ამდენი წიგნი ერთად არასდროს მინახავს! კეროლაინს უყვარდა კითხვა და უფლებას არასდროს მაძლევდა მეც წამეკითხა მისი წიგნები.
- კეროლაინი?
- ის ჩემი უფროსი დაა. რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ჩემთვის არასდროს გარდაცვლილა.
- ვიზიარებ შენს მწუხარებას, მელოდი.
- გმადლობთ.
დრო შეუმჩნევლად გავიდა.
- ვფიქრობ, ნოა დაბრუნდა. სავახშმოდ ხომ დარჩებით, მელი?
- ალბათ არა. მერი ინერვიულებს. გმადლობთ ყველაფრისთვის. თქვენ არაჩვეულებრივი ხართ.
- რას ამბობ, - მორიდებით იცინის მარტა, - მადლობა კომპლიმენტისთვის. შენც საოცარი გოგონა ხარ.
- მადლობა.
- ვფიქრობ, ნოა შეძლებს, შენს გაცილებას, ასე არ არის, ნოა?
- გამარჯობა, ქალბატონებო. - ისევ ხელზე მკოცნის ნოა.
- გამარჯობა, - ჩუმად ვამბობ.
- ვახშმად არ დაგვეწვევით, მის?
- არა გმადლობთ, მერი ინერვიულებს.
- როგორც ინებებთ... შემიძლია სახლამდე მიგაცილოთ.

მარტას ვემშვიდობები. ის ხელს მიქნევს, სანამ ეზოს გავცდებით. არ ვიცი როგორ დავიმსახურე მათი სიმპათია. ალბათ მამაჩემის მეგობრები რომ არიან ამიტომ.
ნოა ხელკავს მიკეთებს. მის გვერდით დგომაც კი სუნთქვისშემკვრელია.
- რას აკეთებს, პატარა ქალბატონი მთელი დღე? - კითხვას მოულოდნელად სვამს ნოა.
- მე, მე.. იცით,
- მოდით დავივიწყოთ ფორმალურობა. მე ნოა ვარ. ხელს მიწვდის.
- გამარჯობა ნოა.
- გამარჯობა მელოდი. ასე უკეთესია. კვლავ ხელკავს მიყრის და ასე ვაგრძელებთ გზას.
- მე მერის ვეხმარები ხოლმე, ხატვაც მიყვარს.
- ხატავთ? ეს მშვენიერია. სიამოვნებით შევმატებდი ჩემს სახლს თქვენს ნახატებს, მელოდი.
- ო, ეს ძალიან, ძალიან კარგი იქნებოდა.
- მაშინ დახატეთ ჩვენთვის, მელოდი. მარტას ძალიან გაუხარდება.
- ვეცდები.
- აუცილებლად უნდა ცადოთ.
- ნოა, მამაჩემს საიდან იცნობთ?
- მე და უილიამმა ერთმანეთი ბავშვობაში გავიცანით. დაახლოებით ცამეტი წლისანი ვიქნებოდით, როცა სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდით ერთსადაიმავე გემზე. ერთმანეთის მისამართებიც კი გავცვალეთ, მაგრამ დრომ ერთმანეთი დაგვაკარგინა. ახლა მაინც შევხვდით ერთმანეთს. ამხელა ტრაგედიის შემდეგ, სწორედ მე ვურჩიე ჩვენს მხარეში გადმოსვლა საცხოვრებლად.
- ვფიქრობ, მშვენიერია, როცა ძალიან ახლო ადამიანი გყავს. მე ასეთი არავინ გამაჩნია, ამიტომ მშურს თქვენი, ნოა.
- ადამიანს ყოველთვის იპოვით, მელი. მთავარია ადამიანში იპოვოთ ის რაც მას მეგობრად აქცევს.
- რა ლამაზად საუბრობთ.
- გმადლობთ, - ისიც მარტას მსგავსად მორიდებით იცინის.
- აი მოვედით, - ყველაზე საშინელი მომენტია, მაგრამ რას ვიზამ. ვემშვიდობები. ისევ მკოცნის ხელზე და მიდის.
- შეხვედრამდე მელოდი.
- შეხვედრამდე.

***
ეს საოცარი ღამე იყო. თვალი არ მომიხუჭავს. მუდმივად ჩამესმოდა მისი საუბარი. მისი საოცარი ხელები მეჩვენებოდა. მისი საოცარი ტუჩების შეხება ჩემს ხელზე განკურნებასავით იყო. მარტა ისე მივიღე, როგორც უფროსი და, მაგრამ რა მინდოდა მისტერ ჯონსონისაგან? მეგობრობა? მამობა? მისტერ ჯონსონი საოცარი მამა იქნებოდა.
გულდასაწყვეტიც კია ამას რომ ვერასდროს შეძლებს.

დღეები ძალიან სწრაფად გადის. ზაფხულის ორი თვე თვალისდახამხამებაში მიიწურა. აგვისტო ძალიან ცხელი აღმოჩნდა. მე ყველაზე ხშირი სტუმარი გავხდი ჯონსონებთან. მარტამ საკუთარი ნებით შემომთავაზა ერთად წავსულიყავით საბანაოდ. მეც მეტი რა მინდოდა. მათ ერთ დაძახებაზე გავრბოდი და იქ ვჩნდებოდი სადაც ისინი იყვნენ. ნოაზე ფიქრებში ღამეებს ვათენებდი. იგი ღამის საშინელი კოშმარიც იყო და ტკბილი სიზმარიც. რაც უფრო მეტად ვხვდებოდი მათ, მით უფრო ვერ ვიცილებდი მის ხელებზე ფიქრს თავიდან. არ მომწონდა როცა მარტას ეხებოდა ჩემს თვალწინ. როცა ტუჩებში კოცნიდა ჩემგან მოურიდებლად. ვხვდებოდი, რომ ჩემში მხოლოდ შვილს ხედავდნენ. შვილს, რომლისთვისაც ყველაფრის გაღება შეეძლოთ.

ერთ ღამეს მე და მამაჩემმა ძლიერ ვიჩხუბეთ. მიზეზი ბევრი იყო. მამაჩემს ყველაფერი მივახალე რასაც ვფიქრობდი.
- შენ ყველაზე სასტიკი მამა ხარ მთელ მსოფლიოში! შენ მხოლოდ კეროლაინი გიყვარდა, მე კი არასდროს გყვარებივარ! რაც დედა წავიდა ჩემში მხოლოდ ზიზღს ხედავ იმიტომ რომ მას ვგავარ! აღიარე რომ ვერ მიტან! მამა! აღიარე!
მან მე სახეში გამარტყა. მე კი გავიქეცი. ნოასთან გავიქეცი. ყველაზე მეტად მისი კოცნა მჭირდებოდა. ის ღამე მარტასთან და ნოასთან გავატარე. ისინი არაჩვეულებრივები არიან. არაფერი მკითხეს. უბრალოდ მომცეს ნება მათთან დავრჩენილიყავი და ჩემი ტირილისთვის დილამდე ესმინათ.

- იცი, მელოდი ამ ყველაფერს რა მოყვება? სულელო გოგო!
- გაეთრიე, კეროლაინ! ჩემი ცხოვრებიდან გაეთრიე. მოკვდი. იქ დარჩი სადაც ხარ! ცხოვრებას ნუღარ მიმწარებ. შემეშვი!
- არასდროს შეგეშვები საბრალო მელ. არადროს მოგცემ ბედნიერების უფლებას. შენ მე დედა წამართვი. შენ გამო წავიდა დედაჩემი! ამას არასდროს გაპატიებ.
- მე მიშველის! ნოა მიშველის! შენ ვერაფერს დამიშავებ!
- ნოას არ უყვარხარ, ისე როგორც შენ გიყვარს! სულელო გოგო!
- არ გისმენ!
- გგონია მარტას მიატოვებს? როგორ არ გრცხვენია მაინც შენი ფიქრების?!
- ნოა შემიყვარებს! აუცილებლად! აუცილებლად შემიყვარებს!
მისი სიცილი წყვეტილად მესმის. ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ბოლოს კი საერთოდ ქრება.

***
სიმღერით ვხვდები ახალ დილას. ფანჯრებს ვაღებ და შემოდგომის ნიავს უფლებას ვაძლევ მთელ ოთახს მოედოს. ოთახში ბევრჯერ ვტრიალებ. მანამ ვტრიალებ სანამ ძირს არ ვეცემი. მერე ვიცინი. ძალიან ბევრს ვიცინი. მგონია რომ სამყარო ჩემი ხელის გულზეა. "ნოა, ნოა... ვფიქრობ. მთელი დღე მხოლოდ შენზე ვფუქრობ, ნოა."
დღე კიდევ უფრო ფერადდება, როცა ფანჯრიდან ჩვენი სახლისკენ მომავალ ნოას ვამჩნევ. სასწრაფოდ ვიცვამ და კიბეზე ჩავრბივარ. მამაჩემი როგორც ჩანს სახლში არ არის. არ ვიცი როდის წავიდა, ან როდის დაბრუნდება.
- ნოაა... - ვყვირი და ვეხვევი. არ ვიცი საიდან მაქვს ამდენი გამბედაობა. მაგრამ ის ყველაფრის ნებას მრთავს, მე კი ყველაზე მეტად მისი სიახლოვე მინდა, - მოდი. მამა სახლში არ არის. ჩვენ ჩაი დავლიოთ.
- ჰო, სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი. უილიამი და მარტა ქალაქში წავიდნენ ერთად. მამაშენი საჩუქარს არჩევს და ქალის დახმარება სჭირდება. მე კი შენთან დავრჩები, მერი მოსვლას ვერ შეძლებს.
- ძალიან კარგია! - დაუფიქრებლად ვყვირი. ამაზე კარგი რა იქნებოდა. მხოლოდ მე და ნოა! მე და ნოა.
- ჰო, კარგია. ბევრ რამეს გავაკეთებთ ერთად, - ლოყაზე მჩქმეტს და მაგიდასთან ჯდება.
- აბა, რას მიირთმევ?

გადავწყვიტეთ კარტი ვითამაშოთ. ის თამაშები რასაც ხშირად ვთამაშობთ და სადაც ყოველთვის ვიგებ. ან ნოა მაგებინებს ხოლმე.
- ნოა ეს უსამართლობაა! - ვყვირი, - ჩემს კარტში ჩაიხედე!
- რა? მე? როგორ გეკადრებათ.
იგი ხშირად თაღლითობს. მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული მაინც მე ვრჩები.
- წავალ, საწოლებს გავამზადებ.
- კარგი. მარტა აღარ მგონია დილამდე დაბრუნდეს.
მე ეს სულ არ მანაღვლებს.

სანამ ზევით საწოლებს ვამზადებდი ნოას ტახტზე ჩაეძინა. მისი სახე ყველაზე მშვიდი და ყველაზე მშვენიერი რამ იყო. რამდენიმე წუთი ვუყურებდი ღამის პერანგში გამოწყობილი. ვიდექი მის წინ და ვუყურებდი. ვუსმენდი მის თანაბარ სუნთქვას. შემდეგ მის წინ ჩავიმუხლე და ხელი გადავუსვი თმებზე. ნოას მშვენიერებას ასაკი ვერაფერს აკლებს. ჯერ კიდევ ნახშირივით შავი თმა აქვს. მისი ტუჩები კი გაშლილ ვარდს ჰგავს. ვარდისფერ ვარდს. მაისის ვარდს. ყველაზე ნაზს. თავი ვეღარ შევიკავე და ნოას ვაკოცე. მას არ გაუღვიძია. უცნაურმა გრძნობამ დამიარა თმის ღერებიდან ფეხის თითებამდე და ტანში სასიამოვნოდ გამცრა. ახლა მივხვდი რას გრძნობდა მარტა როცა ნოა იგივეს აკეთებდა მასთან.
ნოა გავაღვიძე. შემდეგ ორივენი დასაძინებლად გავემართეთ. კიბეზე ავდიოდით როცა ნოა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ჩემს მოშიშვლებულ მხრებს დაეყრდნო. მის ყოველ შეხებაზე მცრიდა ტანში. ნოა საწოლამდე მივაცილე. მან ტრადიციულად მაკოცა ხელზე და ტკბილიძილი მისურვა. მე მეძინა. ძალიან დიდხანს მეძინა. მშვიდად, ბედნიერად და სიყვარულით.

***
- მერი, ო, მერი მე არაამქვეყნიურად ბედნიერი ვარ. მე სამყაროში ყველაზე ბედნიერი გოგონა ვარ, - მერის დილიდან ვტანჯავდი ჩემი საუბრით., - არ მეგულება არავინ, ჩემზე ბედნიერი!
- მის უილსონ! გთხოვთ თავი შეიკავოთ მსგავსი საქციელისგან. ეს ქცევა ნამდვილ ლედის არ შეეფერება!
- არ მაინტერესებს როგორ იქცევა ნამდვილი ლედი! ყველამ უნდა გამოხატოს თავისი ბედნიერება! შენ რა არასდროს ხარ ბედნიერი, მერი?
- ვარ! და ეს მაშინ ხდება როდესაც ჩუმად ხართ.
- კარგი. ხმას აღარ ამოვიღებ.
სამზარეულოდან გამოვდივარ და კვლავ სიმღერით მივემართები ჩემი სახატავი დაზგისკენ. ისე ვხატავ, ვერაფერს ვაცნობიერებ.
- ამ ნახატს ნოას ვაჩუქებ!
ხატვას ბედნიერი ვაგრძელებ. იმდენად ვარ აღტაცებული, რომ საღამომდე აღარც ვჩერდები და ის უკვე დასრულებულია.
- ნოასთან მივდივარ! ვყვირი ბოლო ხმაზე
- არ მომწონს თქვენი სიახლოვე მისტერ ჯონსონთან, მის უილსონ!
- ნოას მოსწონს როგორც ვეძახი.
- მისტერ ჯონსონს! საქციელები დასახვეწი გაქვთ მის.
- მერი შენ რატომ ღელავ ჩემს ქცევაზე? ორ კვირაში თხუთმეტი წლის გავხდები და ყველაფერი თავისიტ გამოსწორდება! ხომ გჯერა ჩემი?
- მინდა მჯეროდეს, - მერი თავის საქმეს აგრძელებს. საქმეს რომელიც არასდროს სრულდება.
- მერი რა გაკავებს აქ? - მოულოდნელად ვეკითხები, - რატომ არ თხოვდები? შენ ხომ მშვენიერი ხარ? აქ რა დაგრჩენია?
- მე თქვენ მყავხართ აქ მის. თქვენ და მამათქვენი. ეს არის მიზეზი.
კიდევ რაღაცის თქმა რომ დავაპირე მერიმ ესღა მითხრა:
- ახლა გაიქეცით, ნოა გელოდებათ!

უკანმოუხედავად გავრბივარ. ნოასთან გავრბივარ. თან ნახატს მოვათრევ. ეს ნახატი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე დამიხატავს. თანაც ხატვა საუკეთესოდ გამომდის. შეიძლება ერთადერთი რამ არის რაც მართლა გამომდის, და როგორც კეროლაინი იტყოდა "რასაც არ ვაფუჭებ"

- ნოა, ნახე! - სახლში შევდივარ და ვყვირი, - ნოა!
- მელოდი, როგორ ხარ? ახლა არ მცალია. მარტასთან წადი.
- მაგრამ, ნოა..
- საყვარელო, მომისმინე..
- რა?
- მელოდი. მელოდი მომისმინე ახლა არ მცალია, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. ქალაქში მივდივარ. ცოტახანში გნახავ.
იგი სასწრაფოდ გაიქცა. მე მარტასთან არ მოვსულვარ. ნახატი მხოლოდ ნოას ეკუთვნის. ამიტომ როცა დაბრუნდება მეც მაშინ მოვალ. სახლში მოწყენილი გამოვბრუნდი.
ნოა რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა. მე ყოველდღე ვუთვალთვალებდი მათ სახლს, მაგრამ იქ არავინ ჩანდა. ნოაზე ფიქრები თავს მტკენდა. მუდმივად ჩამოშვებული სახით დავდიოდი. ყველა ადგილას, ხეებსა თუ ქვებზე ვჩხაპნიდი ორ ასოს მ&ნ -ს კეროლაინიც კი აღარ მოდიოდა ჩემს გასართობად. ვერ გამეგო რა ხდებოდა. მამაჩემიც არ ჩანდა. მერი რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ რჩებოდა ჩემთან. მანაც არაფერი იცოდა.
3 დღის შემდეგ უილი სახლში დაბრუნდა. მერიმ ყველაფერი გამოჰკითხა მას, უილმა კი თქვა რომ ნოას დედა გარდაეცვალა და იგი კიდევ დიდი ხანი არ აპირებდა დაბრუნებას.
სასოწარკვეთას მივეცი. ჯერ იმის გამო, რომ ნოას რამდენიმე დღე კიდევ ვერ ვნახავდი და შემდეგ იმის გამო, რომ ნოა ახლა ძალიან სევდიანი იქნებოდა. მას კი მარტა გაამხნევებდა და ანუგეშებდა. მას მე ვჭირდებოდი.

დღეები ისე გავიდა ოთახიდან საჭმელადაც კიარ გამოვსულვარ. მერი შეშინებული იყო, მაგრამ მე არაფერი მანაღვლებდა და არაფერზე ვფიქრობდი. ჩემი დაბადების დღე ძალიან უბრალოდ აღვნიშნე. თხუთმეტი წელი ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. საკუთარ თავს ნოას პორტრეტი ვაჩუქე. სწორედ ისეთი ნოას, რომელიც ბოლოს ვნახე. მშვიდი, ჩაძინებული, ყველაფრისგან მოშორებული და მხოლოდ ჩემთან მყოფი. რამდენიმეჯერ თავიდანაც გადავხატე. კეროლაინი მუდმივად დამცინოდა, მისი სიცილი კი სულ უფროდაუფრო აუტანელი ხდებოდა ჩემთვის.

- არ მეზიზღები! არ მძულხარ მელოდი. შენი ბრალი არ არის რომ ერთმა დედამ გვშობა ორივე. შენი ბრალი არ არის რომ მოვკვდი. ეს ჩემი არჩევანი იყო.
- შეუძლებელია. ეს შენ არ ხარ, კეროლაინ! ამჯერად რა ჩაიფიქრე!
- მივდივარ, მელი. დავიღალე შენთან თამაშით. მე სიყვარული მინდოდა. იმედია შენ მაინც მიიღებ იმას რაც გსურს. მაგრამ მელი...
- კეროლაინ?
- შეეშვი ნოას. მას არ სჭირდები.
- გთხოვ, კეროლაინ, გთხოვ! მე ის მიყვარს. მე მას ვეტყვი რომ მიყვარს!
- ამას გააკეთებ და ყველაფერს დაკარგავ რაც გაგაჩნია.
- მე მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია.
- შეძლებ. ახლა კი. მშვიდობით მელი. ჩვენ შევხვდებით. მაგრამ არა მალე. არა ამ დროში. მე აღარ დავბრუნდები. მამასაც უთხარი, რომ დამივიწყოს.
- მე..

კეროლაინი აღარ დაბრუნებულა.

ადამიანები იმას ვეძებთ და ვითხოვთ ხოლმე, რასაც გაუაზრებლად ვკარგავთ. ვნანობთ ჩვენს სიტყვებს. ვნანობთ ჩვენს ქმედებებს. შეიძლება მე არ ვიყავი მართალი კეროლაინთან. მაგრამ ცოცხალი რომ იყოს, შევეცდებოდი მასთან ყველაფრის დალაგებას. კეროლაინი მართლაც აღარასდროს დაბრუნებულა. მისი ხმა კი ჰაერივით მჭირდებოდა და მენატრებოდა კიდეც.

ნოას წასვლიდან თვეზე მეტი გავიდა. მერის თქმით გიჟს ვგავარ. ისევ არაფერი მანაღვლებს. ნოა. ნოა. ნოა. მთელი დღე ამას გავიძახი. ყველა ნახატი დავხიე ორის გარდა. ნახატი, რომელიც ნოას მივუძღვენი და ნახატი, რომელიც საკუთარ თავს ვაჩუქე.
კვლავაც მერის წყალობით სკოლაში არ დავდივარ. ძალით ვსწავლობ ხოლმე იმ ყველაფერს, რასაც სხვები ახალ სკოლაში. მერი დედასავითაა.

ნოა ოქტრომბრის ყველაზე სუსხიან დღეს ბრუნდებოდა. მერიმ არაფრის დიდებით გამიშვა მათთან. მეც დავუჯერე და სახლში დავრჩი. მთელი დღე საკუთარ ოთახში გავატარე. ძველ სიმღერებს ვიხსენებდი და გულში გამეფებულ უიმედობას ვუმღეროდი. "თუ მარტო დარჩი, ნუ იფიქრებ და ნურც იტირებ..." ხმა ჩამესმა
- კეროლაინ?
- მე კეროლაინი არ ვარ საყვარელო.
ხმა ვეღარ ამოვიღე. ყელში ძალიან დიდი ბურთი გამეჩხირა.
- მოხვედი? ახლა?
- მალე უნდა წავიდე საყვარელო.
- დედა.
- მომისმინე, პატარავ. გთხოვ არ შემიძულო.. გთხოვ მაპატიე, რომ ვერ მოგეცი საკმარისი სიყვარული.
- დედა შენ მოკვდი? მე მხოლოდ მკვდრების ხმა ჩამესმის. შენ ხომ უბრალოდ ჩვენგან წახვედი..
- მე თქვენს გარეშე რახანია მკვდარი ვარ, მელოდი... გთხოვ, მაპატიე, ნუ ჩაიდებ გულში წყენას. აპატიე...
- დედა! არ წახვიდე გთხოვ! ერთხელ მაინც! არ დამტოვო, გთხოვ! - ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა ჩემს ღაწვებზე.

***

დიდი ხანი მეძინა. ძალიან დიდი ხანი. რომ გავიღვიძე პირველი მერი დავინახე. ჩემს თავთან იჯდა და ტიროდა. ამბობდა რომ სათანადო ყურადღება ვერ მომაქცია. მამაჩემიც იქვე იყო. მამაჩემი. კარზე დააკაკუნეს და თვალები მაშინვე დავხუჭე. ეს ნოა იყო. მარტასთან ერთად. ჩემთან მოვიდნენ. ჩემს სანახავად.
- როგორ არის პატარა ქალბატონი?
- სუსტად. ისევ ისე. არმგონია ხვალამდე გაიღვიძოს.
ნოა მერის ადგილას დაჯდა და ჩემთან დაიხარა.
- მალე გაიღვიძე, მშვენიერო. შენთვის საჩუქარი მაქვს. ხომ არ იფიქრე, რომ შენი დაბადების დღე დამავიწყდა?
ვიფიქრე. ამ მიზეზითაც ვიყავი გულნატკენი. მათ დამივიწყეს.
მარტაც მოვიდა. მანაც იგივე მითხრა. მერე მივხვდი, რომ წავიდნენ. ისევ გადმომივარდა თვალიდან ერთადერთი, პაწაწინა ცრემლი. არადა, ვაპირებდი მტკიცედ დამეჭირა თავი.

***
- მშვენიერი დილაა, არა, მერი?
- მართლაც, მელი. ოქტომბრის კვალობაზე საგრძნობლად თბილა.
- მიყვარს ასეთი ამინდი. არც ცივა. არც ცხელა. შემოდგომა ჩემი დროა.
- სანამ გეძინა ნოა იყო მოსული. და აი ეს დაგიტოვა, - რაღაც შეფუთული ყუთი გადმომცა.
- რა არის?
- გახსენი და ნახავ.
- ჯანდაბა, მერი!
- სიტყვები აკონტროლე ქალბატონო!
- მერი, ეს! ეს არაჩვეულებრივია! მე ისე ძალიან მინდოდა ფერების ახალი პალიტრა. თანაც რამდენი ფერია!
- ეს კი მარტასგანაა.
- ღმერთო, რით დავიმსახურე შენგან ამხელა სიყვარული, მათი სახით? - მარტამ ულამაზესი ყელსაბამი და თმის ვერცხლისფერი სამაგრი მაჩუქა, რომელიც მაშინვე შევიბნიე თმებზე.
- ვფიქრობ, გიხდებათ.
- მადლობა. მათაც უნდა გადავუხადო მადლობა ეს ყველაზე კარგი საჩუქრებია, რაც კი ოდესმე მიმიღია. შენი ტორტების შემდეგ, რა თქმა უნდა, მერი. - მერის ვაკოცე და გამოსაცვლელად გავიქეცი.


- ნოა და მარტა ძალიან დიდი მადლობა ასეთი საჩუქრებისთვის!
- რას ამბობ ქალბატონო..
- თქვენ საუკეთესოები ხართ! - ორივემ მაკოცა, როგორ მაკლდა მათი სიახლოვე...

სკოლაში ვბრუნდები ყველაფერი თავის ადგილას დგება. მამაჩემი ძველებურად აღარ მარიდებს თვალს. ნოას ნახატი ვაჩუქე. ძალიან მოსწონს. იმდენად, რომ გადაწყვიტა საკუთარ კაბინეტში დაკიდოს. მარტასაც მოსწონს. მე ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ.

***
- ვშიშობ, ჩვენ ისევ მოგვიწევს ერთად დარჩენა.
- უკვე თხუთმეტი წლის ვარ, შემიძლია მარტოც დავრჩე.
- ჰო მაგრამ მე მეშინია მარტო ყოფნა.
- მართლა?
- რა თქმა უნდა არა.
- ნოაა.
- დიდიხანია აღარაფერი გვითამაშია, ისევ კარგად თამაშობ თოლტვის?
- დიახ!
- მე კი ასე არ ვფიქრობ.
- დაგიმტკიცებ, რომ ცდები!
- საინტერესო თამაში იქნება.
- მეც ასე მგონია.

კონკურენტი რამდენჯერმე დავამარცხე თოლტვისში, შემდეგ ლურენშიც და შემდეგ ბიკალშიც.

- კარგი! ვაღიარებ! შენ მე გამანადგურე. ო, რა დრო გასულა. უკვე შენი ძილის დროა!
- მე უკვე დიდი ვარ.
- დიდებიც შესაფერის დროს უნდა იძინებდნენ.წადი დაწექი და მეც ცოტახანში დავწვები.
- კარგი.
დავწექი, დაძინებაც ვცადე, მაგრამ ნოას ფეხის ხმა ვერ გავიგე. ამიტომ შესამოწმებლად ავდექი.
კიბეებზე ფრთხილად ჩამოვიარე. ნოა ისევ იქ დამხვდა. ტახტზე. როგორც ადრე. ისევ ისე ეძინა. მშვიდად. აუღელვებლად. ყველასაგან შორს და ჩემთან ახლოს.
- ნოა, მაპატიე, რომ არასდროს მიკითხავს დედაშენზე, მაპატიე, რომ გაგიბრაზდი როცა მეგონა, რომ დამივიწყე. მაპატიე რომ ადამიანებს ვერაფერს ვპატიობ ადვილად. გთხოვ, მაპატიე, - ამოვიჩურჩულე მის ტუჩებთან. შემდეგ კი... - ესეც მაპატიე, ნოა.

არ გამიღვიძებია. ისე დავტოვე როგორც იყო. დავტოვე. მინდოდა ჩემი გრძნობაც მასთან დარჩენილიყო და მე მომშორებოდა. მე მისით ვიყავი შეპყრობილი.

***
- მერის ცოლად შერთვას ვაპირებ, ნოა.
- ღმერთო, ეს მშვენიერია უილ. საუკეთესო გადაწყვეტილებაა რაც კი ოდესმე მიგიღია. მერი დიდებული ქალბატონია.
- გეთანხმები. იგი მართლაც დიდებულია. მელოდისთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და ვფიქრობ ყველასთვის ასე აჯობებს. დღეს საღამოს შენ და მარტას ჩვენთან გელოდებით. მერიმ არაფერი იცის.
- რა თქმა უნდა! აუცილებლად მოვალთ!
- ზუსტად რვა საათზე გელოდებით.
- როგორც შენ იტყვი, უილიამ.

***
- მერი, შენ ყველაზე საოცარი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენ გვერდით გავატარო და გთხოვო... მერი, გახდი ჩემი ცოლი. მისის უილსონი!.. თანახმა ხარ?
- რა თქმა უნდა, თანახმა ვარ!

***
მერი ჩვენთან გადმოვა საცხოვრებლად. ასეც ვიცოდი. ახლა ის ჩემი დედინაცვალია. ჩემზე აქვს პასუხისმგებლობა. ბედნიერი ვარ.
ქორწილს ვიწრო წრეში იხდიან. მხოლოდ ახლო მეგობრები და მეზობლები იქნებიან. მერი ულამაზესია სადედოფლო კაბაში. მას ცრემლები სდის და მასთან ერთად მეც. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის. სტუმრები ჩვენს დიდ და საგანგებოდ მორთულ ბაღში არიან. ერთობიან. ნოამ თავისი ფირფიტები მოიტანა მოსასმენად. მე მისით აღფრთოვანებული ვარ. მერიმ მაიძულა მეც თეთრი კაბა ჩამეცვა, რომელიც გაზრდილს მართლაც მომიხდა. აქამდე არ მიხდებოდა, რადგან საკმაოდ პატარა და სუსტი ვიყავი.

მსგავს ტრადიციაზე არასდროს მსმენოდა, მაგრამ მამამ და მერიმ გადაწყვიტეს ქალაქში წასულიყვნენ ერთი კვირით და არდადეგები მოეწყოთ. ბევრი ვეხვეწე მერის მეც წავეყვანე, მაგრამ მან მითხრა, რომ მათ განმარტოვება სურდათ. კიდევ ახსენა რაღაც სიტყვები. ცოტათი აღელვებულიც იყო, მაგრამ აღარ შევეწინააღმდეგე, ბოლოსდაბოლოს ნოა და მარტა ჩემთან დარჩებოდნენ, მარტო რომ არ ვყოფილიყავი.

ისინი მართლაც წავიდნენ. ჩვენ კი ერთად დავრჩით. დრო ძალიან სწრაფად გავიდა, მაგრამ ყველა დღე განსხვავებული იყო ერთმანეთისგან. მარტა არაჩვეულევრივი მზარეული აღმოჩნდა. მერის ვერ ჯობნიდა, მაგრამ არანაკლებ კარგად ამზადებდა.

მშობლების დაბრუნების წინა ღამეს გადავწყვიტე ნოასთვის ყველაფერი მეთქვა ჩემს გრძნობებზე. მარტა ყოველთვის ადრე იძინებდა, ნოას კი დაძინებას არ ვაცლიდი.
იმ ღამესაც რა თქმა უნდა ასე მოვიქეცი. ნოას ვთხოვე ყველაფრისთვის დაენებებინა თავი და ოთახში გამომყოლოდა.

- ნოა, რაღაც მინდა გაჩვენო და გითხრა... მე ის.. უნდა მოგიყვე..
- რა? მელი ვერაფერი გავიგე.
- მოკლედ რაღაცის თქმა მინდა, ამისთვიდ კი ჩემს ოთახში უნდა გამომყვე.
- კარგი.

იგი უყოყმანოდ დამთანხმდა.

- ნოა, იცი, მე... რაღაც დავხატე... შენთვის, - ენა ორი წლის ბავშვივით მებმოდა.
- შეგიძლია მაჩვენო.
- ჰო, რა თქმა უნდა. აქ დამელოდე.

საგანგებოდ გადანახული მისი პორტრეტი კარადიდან გადმოვიღე. მოლბერტზე დავდე.

- ეს რა არის?
- შენ ხარ.
- მე? მე დამხატე?
- თავად ნახე, - თითებს ვიმტვრევდი და ფეხები მიკანკალებდა. გული ისე მიცემდა თითქოს ასი კილომეტრი შეუსვენებლად გამერბინა. ასეთი რამ არასდროს დამმართნია.
- მელი! ეს... ეს მშვენიერია. შენ არაჩვეულებრივი მხატვარი ხარ.
- ნოა, მე რაღაცის თქმა მინდ...-ხმა საშინლად მიკანკალებდა.
- მითხარი.

მე მისი ხელები ჩემსაში მოვაქციე, როგორც შემეძლო.

- ნოა, ვიცი, რომ შენ მარტა გიყვარს, - მილიონჯერ მომზადებული ტექსტიდან და დადგმული სცენებიდან არც ერთი სიტყვა აღარ მახსოვდა,- ვიცი რომ ყველაფერზე მეტად გიყვარს. მაგრამ მეც მიყვარხარ, ნოა.
- მეც მიყვარხარ მელი, რა თქმა უნდა.
- არა, ნოა. მე სხვანაირად მიყვარხარ... მე ისე მიყვარხარ, როგორც შენ გიყვარს მარტა, ისე მიყვარხარ როგორც მამას უყვარს მერი. ისე როგორც ქალს უყვარს მამაკაცი. შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ, ნოა! - არც კი ვიცი საიდან ვიპოვე ამხელა გამბედაოვა მისთვის ამ ყოველივეს სათქმელად. პასუხის მოლოდინმა კი სული ამომაცალა. ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახე ჩემს ყოველ სიტყვაზე და როგორ უვლიდა ათასი ფერი.
- მელოდი, არც კი ვიცი. შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ. შენ...- სახეზე ხელებს იფარებს.
- ნოა, - ვცდილობ ხელები სახიდან მოვაშორო.
- არა! მელოდი. არა.
მე კი მაინც ვაშორებ ხელებს.
- ნოა, ნურაფერს მეტყვი. მე მაინც მეყვარები...
- მელოდი, შენ ვერც კი ხვდები სიყვარული რა არის. ეს ალბათ მადლიერების გრძნობაა. მალე გადაგივლის დამიჯერე.
- ნოა! - მე მას მოულოდნელად ვკოცნი.
- მელოდი! რა ჯანდაბას აკეთებ!
- მე არასოდეს გამივლის შენი სიყვარული... ნოა! არ წახვიდე, ნოა!

ის მიდის. უკან საერთოდ არ მოუხედავს. სახლიდან გავარდა და აღარც მინახავს. უკვალოდ გაქრა. მე დიდხანს ვიჯექი იატაკზე. ვტიროდი. ვტიროდი და მაინც ჩემი ცრემლები არავის სჭირდებოდა.

***
წლები გავიდა.იმ დღის შემდეგ ნოა აღარ მინახავს. კეროლაინი მართალი იყო, ყველაფერი დავკარგე რაც გამაჩნდა.ან კი რას ველოდებოდი ნეტავ?! ნოასადმი სიყვარული არასდროს გამნელებია. სკოლა დავამთავრე. კოლეჯში ჩავირიცხე. მერი ამბობს ძალიან დაიხვეწე და ამდენი თაყვანისმცემელი ამიტომ გახვევიაო. ჰო, დავიხვეწე. თავის მოვლა დავიწყე. გარეგნულად ვილამაზებ თავს და სულიერ მხარეს მაქსიმალურად ვმალავ. ეს სულის შეკოწიწებაზე ბევრად მარტივია. რთული დღეებიც იყო. ვგიჟდებოდი. დღემდე არ ვიცი რა უთხრა ნოამ მამაჩემსა და მერის. არაფერი უკითხავთ და ჩემს შეტევებსაც მშვიდად ხვდებოდნენ წლების განმავლობაში.

***
ბილი რეი ერთ-ერთი იმ ყმაწვილთაგანია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ გაჩნდა რაც კოლეჯში ჩავირიცხე და ლივთაუნში გადმოვედი საცხოვრებლად. ისიც სხვების მსგავსად სულელური მეთოდებით ცდილობს ჩემი გულის მოგებას, მაგრამ ჩემს გულს დიდი ხანია აღარავინ სურს.
მაინც, ბილი ის ერთადერთი აღმოჩნდა ვინც შედარებით ახლოს შეძლო მოსვლა. იგი ყოველდღე მაკითხავს. ჩემთვის ყვავილები მოაქვს. ლოყაზე მკოცნის ხოლმე. ვფიქრობ, რომ იგი საუკეთესოს იმსახურებს. მას მაინც აქვს იმედი რომ ოდესმე შევიყვარებ და არ ნებდება. არასდროს ნებდება, მიუხედავად ჩემი მძიმე ხასიათისა. ბილი დილით იმისთვის დგება ადრე, რომ მე გამაცილოს. ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქვებით აწყობილი სამკაულები მოაქვს ხოლმე. მან მე სიყვარული შემომფიცა.
- მელოდი უილსონ, მე არ დავნებდები, მანამ ვიბრძოლებ სანამ თქვენც იგივეს არ იგრძნობთ ჩემს მიმართ. მე თქვენ მიყვარხართ მელი და არც ერთი წუთი არ მინდა თქვენ გარეშე გატარებული. თქვენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მელი! გთხოვთ უარს ნუ მეტყვით! გთხოვთ!
- ბილი, მე, მე არ ვიცი... მე მეტი დრო მჭირდება დასაფიქრებლად. გთხოვთ დრო მომეცით.
ისიც მაძლევს დროს განუსაზღვრელად. მელოდება მთელი არსებით. მაინც ვხვდები რომ ბილი სხვებს არ ჰგავს.
მე ბილის რამდენჯერმე მივეცი კოცნის ნება. რაც არ უნდა იყოს იგი მე ყველაფერს მავიწყებს ხოლმე. არ მინდა სათამაშოდ გავიხადო, რადგან ვერასდროს შევიყვარებ, მაგრამ მე მასთან თავს კომფურტულად ვგრძნობ, ვმშვიდდები და როცა ვკოცნი არაფერი მინდა მის გარდა. ბილი კარგი ბიჭია.

***
უკვე სამი წელია რაც მარტო ვცხოვრობ. ჩემს სახლშიც რა თქმა უნდა ხშირად მივდივარ და მერი უხვად მასაჩუქრებს ხოლმე, მაგრამ უმეტესად მარტო ვარ. მარტოობიდან გამომდინარე გარეთ სიარულს მოვუხშირე. გასართობადაც ბევრგან დავდიოდი. ბილიც ხშირად იყო ჩემ გვერდით. ხშირად არა, ყოველთვის. საღამოობით განსაკუთრებით გვიყვარდა გავლა. ბარებსა და ახალგაზრდების მიერ შექმნილ კლუბებს თავს არასდროს ვარიდებდით.
იმ დღესაც ასე მოხდა. ბილიმ ექვს საათზე გამომიარა და ერთად წავედით. ცხრა საათამდე ვსეირნობდით გარეთ. ზოგჯერ მკოცნიდა კიდეც. შემდეგ კი კლუბშიც შევედით საიდანაც სასიამოვნო მელოდიის ხმა გამოდიოდა.
- გინდა დავლიოთ?
- უარს არ ვიტყოდი.
ვსვამთ. საკმაოდ ბევრს ვსვამთ. მერე ვცეკვავთ. მერე ისევ ვსვამთ.
- მგონი გვეყოფა, - ამბობს ბილი, მას ადვილად არ ეტყობა სიმთვრალე, მე კი თითქმის უკვე მთვრალი ვარ.
- შენ რატომ არ თვრე..ბი?
- მელოდი, საუბარი მინდა შენთან.
- ახლა არა.
- რა?
- უკაცრავად, ბილი. ბილი, გული მერევა.
- უნდა ვისაუბროთ მელოდი, გთხოვ.
- კარგი, - წელში ვსწორდები და ალკოჰოლით სავსე შემდეგ ჭიქას ვიღებ, - ვისაუბროთ.
- მინდა ჩემთან გადმოხვიდე,- პირდაპირ მახლის, მე კი პირიდან სასმელს ვასხამ.
- რა?
- ჰო, ჩემთან გადმოდი მელოდი. ეს დაგვეხმარება ურთიერთობის გამყარებაში.
- ბილი, მე ხომ იცი, - ჭიქას ვდებ, - ხომ იცი ხშირად მივდივარ ჩემს სახლში.
- არაუშავს, მთავარია ჩემთან იქნები როცა ჩამოხვალ. ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. ნუთუ ოდნავ მაინც არ გიყვარვარ მელოდი? ნუთუ პატარა გრძნობაც არ გაგაჩნია ჩემს მიმართ?
- გამაჩნია. გამაჩნია და ამიტომ გთხოვ დროს.
- რამდენ ხანს, მელოდი! კიდევ რამდენხან დაგელოდო?! - ზედმეტად უწევს ხმას.
- ტონს დაუწიე, ბილი!
- შენ კი ნორმალური პასუხი გამეცი! ან დრო მაინც დამისახელე...
- იცი რა?! მე გარეთ გავალ!
- როგორც გინდა ისე მოიქეცი!

წავალ! მართლაც ვდგები და კლუბიდან გამოვდივარ. ქუჩას მოვუყვები და კუთხეში ვუხვევ.
- გამარჯობა, ფისო! - ვუყვირი კუთხეში მიწოლილ კატას. საპასუხოდ კი განწირული კნავის. არ ვიცი რატომ.
- ჯანდაბა! - გული ისევ მერევა. მადლობა ღმერთს იქ არავინაა. მთელი საღამოს ჩასხმული ალკოჰოლი იქვე ამოვიღე. ცივმა ჰაერმა გამომაფხიზლა კიდეც. საათს ვუყურებ მაგრამ ვერ ვარჩევ. ისევ კუთხესთან ვარ დახრილი როცა სრულიად მოულოდნელად მხარზე ვგრძნობ შეხებას.
- ბილი თავი დამანებე! - უკან არც კი ვიხედები.
- მის?! - ეს ხმაა... ეს ხმა, ამდენი ხნის შემდეგ ეს ხმა ისევ ჩამესმა. უკან არც ამჯერად ვიხედები. ქუდს თვალებამდე ვექაჩები და ხმას ვიბოხებ, - კარგად ხართ?
- მე... მე... დიახ კარგად.. გმადლობთ,-ფეხზე ვდგები და არ ვუყურებ. - მე წავალ.
- ერთი წუთით. თუ შეიძლება...
- უნდა წავიდე. უკაცრავად, - ხელს მკიდებს. ჯანდაბა! ის არის, ხელს ვაშვებინებ.
- შეჩერდით! მის.. თუ შეიძლება.
- არ შეიძლება... - ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი. უკვე ძალიან მიკანკალებდა.
- მელოდი! - მთელი ძალით მქაჩავს და მისკენ მატრიალებს.


***
- აქ რას აკეთებდი?
- მეგობართან ერთად ვერთობოდი.
- ერთობოდი თუ ალკოჰოლს ეტანებოდი?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- მელოდი, მამაშენმა სასწავლებლად გამოგზავნა აქ და არა იმისთვის რომ ალკოჰოლიკი გამხდარიყავი.
- შენ არავინ გეკითხება.
- ასე რატომ იქცევი?!
- რას ელი ნოა? ჩემგან რა გინდა?
იგი ახველებს. არ იცის რა უნდა. ან რატომ ვზივართ ამ ბარში. რატომ ვსვამთ წყალს და საერთოდ რა დროა ახლა.
- მე მინდა რომ ბედნიერი იყო.
- ბედნიერი ვარ. გავიზარდე. ხომ ხედავ ყველაფერი კარგად მაქვს. მარტო ვცხობრობ. კოლეჯსაც მალე დავამთავრებ. ყველაფერი კარგადაა.
- კარგი მაშინ. ნებას მომცემ სახლამდე რომ გაგაცილო?
- არა, - ფეხზე ვდგები და ბარიდან გამოვდივარ.
თორმეტის ნახევარია. სახლისკენ მივდივარ. ნაბიჯებს საგრძნობლად ვუჩქარებ, მაგრამ იგი მაინც მომდევს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე სხვადასხვანაირად წარმოვიდგენდი მასთან შეხვედრას. ახლა კი ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. საიდან გაჩნდა? სწორედ ახლა საიდან მოვიდა?
- მელოდი! მადლობა ღმერთს კარგად ხარ? შენზე ძალიან ვნერვიულობდი. ხომ არაფერი შეგემთხვა? - ბილი ჩემი სახლის კიბესთან მხვდება და მოულოდნელად მკოცნის.
- ბილი! არაფერი. კარგად ვარ. უბრალოდ ჰაერზე გავლა ძალიან მჭირდებოდა.
- კარგი საყვარელო. წამოდი სახლში ავიდეთ.
- უკაცრავად! - უკნიდან გვესმის ხმა.
- დიახ? - სწრაფად პასუხობს ბილიც.
- ვინ ბრძანდებით? მელოდისთან რა გესაქმებათ?
- თავად ვინ ბრძანდებით? ან მელის საიდან იცნობთ? საყვარელო ამ შეშლილმა ხომ არ შეგაშინა? - ხელებს გაუაზრებლად მხვევს ბილი.
- ხელები მოაშორეთ, ახალგაზრდავ! მელოდი სახლში ადი!
- ნოა აქედან წადი. დაგვტოვე! ნოა!
- მელოდი სახლში ადი მეთქი!
- ნოა, შენ ვერ მიბრძანებ რა გავაკეთო! ბილი წავიდეთ, - ბილის ხელს ვკიდებ და სახლში მიმყავს. ნოა აღარაფერს ამბობს. სახლში ავდივართ. მანამ ვუყურებ სანამ წავა.

***
ბილის გვერდით ვწევარ. მას უკვე სძინავს. მისი სუნთქვა მესმის და ცოტა არ იყოს მაღიზიანებს კიდეც.
რატომ გამოჩნდა ნოა მაშინ, როცა თითქმის დავივიწყე, ან უფრო ყურადღება გადავიტანე. რატომ გადაწყვიტა კვლავ ჩემს ცხოვრებაში დაუპატიჟებლად შემოსვლა. რატომ ახლა? ფიქრებისგან თავიც კი მტკივა. ის თხუთმეტი წლის გოგო ხომ აღარ ვარ მის ყოველ შემოხედვაზე რომ დნებოდა? მე ხომ გავიზარდე? გავიზარდე?! დავივიწყე ის და მარტა?

გადავწყვიტე გათენდებოდა თუ არა ჩემი სახლისკენ დავძრულიყავი. არ მინდოდა კიდევ სადმე შემხვედროდა ნოა, ან მისი ჩრდილიც კი.

ბილი გავაღვიძე. ვაკოცე და დავემშვიდობე. ვუთხარი ორი დღე აღარ მელოდო მეთქი და გავაცილე. მე მაშინვე ჩავალაგე საჭირო ნივთები და გზას გავუდექი. უკვე მატარებელის ბაქანზე ვიდექი ოდნავ მოშორებით მდგარი ნოა რომ შევნიშნე, რომელიც დროს უყურებდა. სასწრაფოდ გამოვბრუნდი და ვაგონში ავედი. ყველაზე ბოლო ადგილას ზურგით დავჯექი და დაძინება ვცადე.

- სასიამოვნოა თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა, მის უილსონ, - ვკრთები, მაინც არ ველოდი მის მოსვლას, - აქ დავჯდები თუ ნებას დამრთავთ.
- მე დარწმუნებული არ...
- მადლობთ.
მაინც ჯდება.
- ვფიქრობ სასიამოვნო სამი საათი გველის წინ.
- მე ასე არ ვფიქრობ.
- დაძინებას აპირებთ?
- დიახ! - თვალებს კვლავ ვხუჭავ. თავს ფანჯარას ვადებ და დაძინებას ვცდილობ.

- გახსოვს ერთად რომ ვთამაშობდით თოლტვისს?
- არ მახსოვს. თხუთმეტი წელი ჩემი გონებიდან ამოვშალე.
- მარტას ძალიან მოენატრე მელი.
- ყველაფერი მოუყევი არა? მასაც. მამასაც და მერისაც. ყველაფერი თქვი...
- არაფერი მომიყოლია მათთვის. მელოდი რატომ გძულვარ?
- ძალიან კარგად იცი რომ არ მძულხარ, ნოა! მშვენივრად იცი რომ ის სიტყვები უბრალოდ არ მისროლია, გგონია ადვილი იყო ამხელა ტვირთვის ტარება?! გგონია დავივიწყე რამე? ყოველი დღე, ყოველი წამი მახსოვს. შენ წახვედი. წახვედი და დამტოვე. შენ თვითონ გძულდი, ნოა.
- ნუთუ ფიქრობ, რომ მძულხარ? ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი. ახლა უკვე დიდი ხარ. ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალი ხარ. რამდენი წლის გახდი?
- ოცდაორის.
- ჰო, ოცდაორის. სხვანაირად ფიქრობ. სხვანაირად აზროვნებ და ალბათ ხვდები რა რთულ მდგომარეობაში ჩამაყენე. მელოდი მე შენ საკუთარი შვილივით მიგიღე. შვილივით, რომელიც არასდროს მყოლია. მინდოდა ერთად გავზრდილიყავით. შენთან ერთად ბევრი დრო გამეტარებინა, მაგრამ იმ საღამოს ყველაფერი დაანგრიე.
თავი დასჯილი ბავშვივით დავხარე.
- არაფრის მოსმენა აღარ მინდა.

მატარებელს ველოდები სანამ გაჩერდება. ბოლო წუთამდე. შემდეგ კი უკანმოუხედავად გავრბივარ.

- მელოდი! - ხმა უკან რჩება.

პირდაპირ ბილის სახლში მივდივარ. დაუკაკუნებლად შევდივარ შიგნით და ბილის ვეხვევი.

- თანახმა ვარ, ბილი! ყველაფერზე თანახმა ვარ!
- მელოდი! მე, მე ისეთი ბედნიერი ვარ ახლა! ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია!

***
- გაიცანით. ეს ბილია.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მისის უილსონ, - იგი მერის თავს უხრის და ხელზე ჰკოცნის.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, მისტერ?
- რეი.
- მისტერ რეი.
- შეგიძლიათ ბილი დამიძახოთ.

- მამა! გაიცანი, ეს... ეს ბილია..
- დიახ მე ბილი რეი ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მისტერ უილსონ. თქვენთან შეხვედრას დიდი ხანი ველოდებოდი.
- მელი, წადი მერის მიეხმარე.
- კარგი, მამა.

- სასიამოვნოა, ჩემი შვილის შეყვარებულის გაცნობა, ვფიქრობ ცუდი მიზნები არ გაწუხებს.
- ო, არა რას ბრძანებთ! მელოდი ისე მიყვარს როგორც თქვენ... მე მასთან სერიოზული ურთიერთობა მინდა... მე ამაზე.. ამაზე თქვენი თანხმობა მჭირდება..
- თუ ჩემი შვილი ბედნიერია, თანახმა ვარ. მაგრამ თუ შევნიშნავ, რომ მელოდის აწყენინე, იცოდე, კარგად არ დასრულდება.
- რა თქმა უნდა მისტერ უილსონ. რა თქმა უნდა!
- კარგი. შეგიძლია მელის დაუბრუნდე.
- გმადლობთ!

- რა გითხრა? მოეწონე?
- მგონი მოვეწონე...
- როგორ მიხარია! - ბილის კიდევ ერთხელ ვკოცნი და ვეხვევი.

- მელოდი, ასეთი კარგი ბიჭი როგორ იპოვე?! რა ზრდილობიანი და განათლებული ახალგაზრდაა. სწორედ ასეთი შეგეფერება, - აღტაცებით საუბრობდა მერი, - რამდენი წლის არის?
- ოცდაოთხის.
- მშვენიერია! მშვენიერი ასაკია ქორწინებისთვის!
- ო, მერი, ქორწილზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
- მის მშობლებზე რას იტყვი?
- მშობლები არ ჰყავს... დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა, მამას არც იცნობდა, ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს მიატოვა ისინი მამამ...
- რა სამწუხაროა, მაგრამ კარგია, რომ ბილიმ საკუთარი თავი არ დაკარგა, ყველა ვერ უძლებს ასეთ ტრაგედიას.
- ჰო, ბილი ძლიერია.
- მელოდი... მინდა გკითხო..
- მკითხე, მერი!
- მელოდი მართლა გიყვარს?
- მე... კი! მე იგი მიყვარს! მის გვერდით ბედნიერი ვარ. თავს დაცულად ვგრძნობ.
- მეც სწორედ ეს მინდა. ბედნიერი რომ იყო.

***
მე და ბილი ერთად გადავედით საცხოვრებლად. ყველაფერი ძალიან კარგად აგვეწყო. მასთან ცხოვრება სასიამოვნო რამ იყო. ძალიან სასიამოვნო. მიყვარდა დილით მისი ყურება, როგორ ემზადებოდა სამუშაოსთვის. როგორ მიმზადებდა ჩაის და მკოცნიდა სახლიდან გასვლის წინ. ბილი ყველაზე კარგი რამ იყო, რაც ცხოვრებაში დამმართნია.

მის მკლავებში გაღვიძება მთელი დღის ენერგიას მმატებდა. იგი ნაზად მეფერებოდა თმებზე, მიკოცნიდა თვალებს და ბედნიერი იყო ჩემი ბედნიერებითაც.

საკუთარ თავს კარგად დავაჯერე, რომ ბილი მიყვარდა. მართლაც მიყვარდა. მაგრამ ალბათ ეს უფრო სხვა სიყვარული იყო. სიყვარული, რომლითაც გიყვარდება ადამიანის ქცევები, მისი საუბარი, მანერები, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ხვდები გიყვარს იგი? თუ უბრალოდ სითბოს მოელი მისგან.

ქორწილი შემოდგომისთვის დავგეგმეთ. იქ მინდოდა გადახდა, სადაც მერიმ და უილმა იქორწინეს. ჩვენს დიდ ბაღში. ბაღში, რომელიც შემოდგომის სურნელით იყო გაჯერებული, რომელიც გამხმარი ფოთლების სიწმინდით ყვაოდა. ბაღში, რომელიც მთელი ჩემი არსების მნახველი იყო. ბილის თავიდან არ მოსწონდა ჩემი იდეა, მაგრამ მაინც დამთანხმდა.

ბევრი ხალხი მოვიდა. ჩვენი მეგობრები და მეზობლებიც. კოლეჯში გაცნობილი გოგონებიც და ბიჭებიც.

მე ჩემს კაბაში გამოვეწყვე. თმა სადად და ნაზად გამიკეთეს. მამაჩემის თანმხლებით მივედი "საკურთხეველთან". მან შუბლზე მაკოცა და მითხრა, რომ მეპატიებინა ყოველი დღე, მის გარეშე გატარებული. მე მას გავუღიმე. ვაკოცე და ბილის გვერდით დავდექი. მამა მიხვდა, რომ ყველაფერს ვპატიობდი. ახლაც და ადრეც. წარსულში.

ცერემონიამ მშვიდად ჩაიარა. ვცეკვავდი მამასთან. ბილისთან. ჩემს მეგობრებთან. მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა. ცოტახანში ბილი სხვებთან გავიდა. არ ვიცი რას აკეთებდნენ მაგრამ შევეშვი. მე სასმლით სავსე ბოთლი ავიღე და ჩუმად გამოვედი ბაღიდან.
სახლის წინ ჩემს ხესთან, ჩემს სკამზე ჩამოვჯექი, რომელზეც დანით ამომეკაწრა მ და ნ. გამეცინა ამ სულელურ საქციელზე. ბოთლს თავსახური მოვაძრე და პირდაპირ ჩავისხი ორგანიზმში დამანგრეველი სითხე. კიდევ რამდენჯერმე გავიმეორე იგივე მოქმედება და მივხვდი, რომ უკვე საკმაოდ შორს შემეტოპა.
- აქ დათრობას აპირებ? - ხმა მოულოდნელად მაკრთობს.
- ვაპირებ ამ სასმლით მოვკვდე.
- საკუთარ ქორწილში?
- დიახ. საკუთარ ქორწილში.
- გეყოფა, - ბოთლს ხელიდან მგლეჯს.
- დამიბრუნე! - ხელზე ვწვდები და სრულიად გაუაზრებლად ვხვდები მის ცხვირ წინ.
იგი ახველებს.
- დამიბრუნე ჩემი ბოთლი!
- დაბრუნებას არ ვაპირებ.
- მარტა სად არის?
- მარტა დიდი ხანი არ დაბრუნდება. მაგრამ მივწერე, რომ გათხოვდი და ძალიან ბედნიერია შენ გამო.
- მეზიზღები, ნოა.
- ვიცი.
- მეზიზღები!
- ჰო, გეზიზღები.
- მძულხარ ნოა! - მუშტად შეკრულ ხელებს გულ-მკერდზე ვურტყამ და საკუთარი ცრემლებით ვუსველებ პერანგს.
- მელოდი.
- არა! ნუ ამბობ! ჩემს სახელსაც ნუ ახსენებ! აღარ მოგცემ ყველაფრის თავიდან დაწყების უფლებას! მე შენ დაგივიწყე.
- დამივიწყე, საყვარელო... დამივიწყე...- გულზე მიხუტებს და ხელს წელზე მისვამს. შემდეგ კი მოურიდებლად მკოცნის შუბლზე.
- შემეშვი, ნოა. შემეშვი! - ფეხზე ვდგები და ცრემლებს მუჭით ვიწმენდ, - აქედან წადი!
- მივდივარ... წავალ...

სახლში ვბრუნდები. ჩემს ოთახში ავრბივარ და კარადიდან ვიღებ ჩემ დახატულ ნოას პორტრეტს. შემდეგ ბოთლში ჩარჩენილ სასმელს ვასხამ და ცეცხლს ვუკიდებ.
- გათავისუფლდი! გათავისუფლდი! - ვუყვირი საკუთარ თავს, - მორჩა!
თავის მოწესრიგებას ვცდილობ. სახეს წყლით ვიბან და ჩემს ქმართან ვბრუნდები.
- კარგად ხარ, საყვარელო? ხომ ყველაფერი რიგზეა?
- ყველაფერი კარგადაა. მიყვარხარ! - ბილის ვკოცნი და ცეკვას ვიწყებ სხვებთან ერთად.

***
თორმეტი წლის შემდეგ ცნობა მომივიდა ნოას გარდაცვალებაზე. ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ბილი და ბავშვები ლივთაუნში დავტოვე, მე კი ჩემს სახლში წავედი. მარტა არ მინახავს. აღარასდროს მინახავს. ყველა რომ წავიდა მარტო დავრჩი ნოას საფლავთან. არ მიტირია. უბრალოდ ვიდექი მასთან და ვგრძნობდი, რომ სადღაც იქვე იყო. სადღაც ახლოს და მხედავდა. იქვე ჩამოვჯექი.
- რომ გყვარებოდი... რომ გყვარებოდი...შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესად ყოფილიყო. რატომ მოკვდი, რატომ მოკვდი, ნოა?
- შენ მოხვედი... მაინც მოხვედი,- ხმა ჩამესმის.
- აქ ხარ?
- რა თქმა უნდა აქ ვარ.
- არ დამტოვე?
- არასდროს...
- ოცი წელი გავიდა... ან უფრო მეტიც, რაც პირველად გნახე. ხომ იცი, რომ ყოველთვის მეყვარები?
- ვიცი.
- ხომ იცი რომ არასდროს გამინელდება შენი სიყვარული?!
- ვიცი. ყველაფერი ვიცი.
- ჩემს შვილს ნოას დავარქმევ, - ხელს მუცელზე ვისვამ.
- გმადლობ.
- მადლობა, რომ გიყვარდი და მამობასაც მიწევდი. მადლობა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გახსოვდი. მადლობა და მაპატიე, რომ ქორწილის ღამეს გიყვირე. მაპატიე! ჯანდაბა! ღმერთო... გთხოვ ყველაფერი მაპატიე!
- ნუ იტირებ ჩემ გამო. ნუ დასევდიანდები. ახლა კი წადი. არასდროს დაბრუნდე. არასდროს იფიქრო წარსულზე. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქვს.
- ჰო, წავალ... წავალ, - ვგრძნობ მის ტუჩებს ჩემს ხელზე. ვგრძნობ მის სიყვარულს ჩემს გულში. განა ეს ის არ არის, რაც მთელი ცხოვრება მსურდა?

***
სასაფლაოზე მარტოს ვტოვებ. მარტოს ვტოვებ ნოასა და ჩემს სიყვარულს.


დასასრული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent