ზოი III.3
დილით გაღვიძება რომ შეძლო, ე.ი. სიკვდილი არ მოფერებია ღამით მის სხეულს, რომელიც დაუცველი და ძილბურანში გახვეული იწვა ქვასავით მაგარ საწოლზე. სიკვდილზე ფიქრით დაეძინა ნოესგან გავერანებულ და ნოესავე მხურვალე შეხებებით დაშანთულ მიას. ოთახში ჰაერი კვლავაც დიფუზირებული დარჩენილიყო მათი ღრმა და ვნებებით დაღლილი სუთქვისგან შეზავებით. მიას ყურებში კი ჯერაც არ დაოკებულიყო ბგერათა საგრძნობლად მინელებული, მაგრამ მაინც გასაგონი ჟღერა, რომელიც ნოეს მიერ დროის არეულ ინტერვალებში აღმომხდარ ცხოველურ ოხვრებს ახსენებდა. გვერდით შესაშური სიმშვიდით ეძინა ბალიშზე თავმისვენებულ ნოეს, რომელსაც მარავალი წელია, ეს საწოლი რბილად არ მოსჩვენებია, მაგრამ ისიც მართალია, რომ ოდესღაც, ძალიან ადრე, ფუმფულა იყო და მასზე წოლა ისევე სიამოვნებდა, როგორც ახლა ივსება საამური განცდებისგან, როცა დრამატულ, დაძაბულ და სევდიან მუსიკას უსმენს და მის რიტმულ ლივლივში გართული გონებით სითეთრეს ავიწროებს თოვლივით ქათქათა ტილოებზე ფუნჯის ფერადი მოძრაობით. - გაიღვიძე, გთხოვ! - ჯერ ხელები მოუსვა ბიჭის შიშველ ზურგს, მერე მხრებთან ამოწვერილი ჟღალი და მოკლე თმა მობღუჯა და მტკივნეულად ააწიწკნა წვრილ-წვრილი ჭორფლებით აქა-იქ დაფარულ ცხიმიან კანზე. შეიჭმუხნა სახე ნოემ და სიმწრის ცრემლი დაეკიდა მის ცეცხლისფერ წამწამებს. - დილამშვიდობის, ცეკვით შეშლილო; - გაეღიმა დაბნეული და შეწუხებული მიას დანახვაზე და საწოლზე წამოჯდა. - სახლში წასვლა მინდა. ძალიან მრცხვენია და აქ ვეღარ გავჩერდები. - შენ თუ დამელოდები, რომ ავდგე და თავი მოვიწესრიგო, მეთვითონ წაგიყვან, კარგი? დილით რომ რამე არ ვჭამო, არ შემიძლია. დარჩი, რა! - ფეხმორთხმით იჯდა, ხელები იდაყვით დაეყრდნო მუხლებზე და სახე სულმთლად ჩაეფლო წვრილ და გრძელ თითებში; - მაქსიმუმ ერთი საათი დამჭირდება ყველაფერში. დარჩენა სურდა ყველაზე მეტად, მაგრამ აფორიაქებული გონების დაოკება უფრო ეწადა, რომ მერე მშვიდად დამტკბარიყო ნოესთან ყოფნით. ხეში შემძვრალი მწერივით ხრავდა დაძაბულულობა და ისეთი განცდა ჰქონდა, ფეხებისთვის რომ უფლება მიეცა, დაუყოვნებლივ გაიქცეოდნენ. უმისამართო რბენა და შიშისგან გაქცევა კი უკვე გამოეცადა და გული მაინცდამაინც არ მიუწევდა იგივეს გამეორებისკენ. საკუთარ თავს ხედავდა წრეწირისებურ სივრცეში გამომწყვდეულს, რომლის ყველა წერტილიდან უზარმაზარი პროჟექტორის სინათლე არტყამდა და არ რჩებოდა ჩრდილის ადგილი, რომ იქ შემალულიყო, როგორც ღამურა, და სიბნელეში შეყუჟულს რეფლექსია შესძლებოდა. თუკი ერთი მხრიდან მიშვერილი სინათლე ზურგს უკან მისი ფორმის წყვდიადს ხატავდა, არ უნდა დავიწყებოდა, რომ იგივე წყვდიადი 3600-იანი რკალის გარშემო იმავე სიშავით ლაპლაპებდა და თვითონ კი ყოველი მხრიდან სინათლის მიერ შემოფარგლული ცხადი გამოსახულება იყო. ამიტომაც იკითხებოდა, როგორც უნივერსალური წიგნი და თავს ვერავისგან მალავდა. მხოლოდ თვითონ არ უწყოდა, რა ხდებოდა მის გარშემო. უსაფრთხო ადგილი ვერ გამოეძებნა, რომ იქიდან დაკვირვებოდა ადამიანებსა და მოვლენებს, თავისსავე ფიქრებს, გრძნობებს... იჯდა - განათებული და არ სწყალობდა - ბნელი. დიდხანს არ გაგრძელდა მიას ლოდინი. გაღვიძებიდან 36 წუთში ნოეს მანქანაში იჯდა და ფანჯრიდან უმზერდა ზღვის შორეულ ჰორიზონტს. მგზავრობის სასიამოვნო, მაგრამ უტყვი დუმილი ბიჭის ხმამ დაურღვია. - იცი, რა მინდა გთხოვო? ყოველთვის ისე გულახდილები ვიყოთ ერთმანეთთან, როგორც გუშინ. - გპირდები. მეტი ვერაფერი მოიფიქრა, რომ ეპასუხა. ენა ჩაუვარდა იმის გახსენებისას, რა უჩვეულო აღტკინებამ შეიპყრო, როცა გული გადაუშალა ნოეს. სიჩუმეს მისცა კვლავაც გონება და წარსულზე ფიქრები ამოუშრიალდა სიოზე შემფრთხალი ფარდების ჩუმი ხმაურით. მალევე ჩამოილეწა ბებიამისის ოთახში მდგარი სარკე, მერე ჩაქუჩი გაუვარდა ხელიდან და სარკის შედარებით ფართო ნამსხვრევს დაეცა, რომელიც კიდევ დაიშალა პატარ-პატარა ნაწილებად და მათ ანარეკლში არათუ მაკრატელი, არამედ მისი მჭრელი ლითონები გამოჩნდა, რომელთა ერთმანეთზე შეჯახების გამკინავი ხმა ერთიანად მოედო მიას არსებას და მანაც ბოლო ხმაზე ამოიყვირა, მიშველეთო. - რა ხდება, რა გჭირს? - დაბნეულმა მჭიდროდ ჩაიხუტა აცახცახებული მია და შუბლზე ტუჩებით მიეყრდნო, რომ უსასრულოდ არ გაემეორებინა შეშფოთებული ფრაზები. მია მაინც არ აპირებდა პასუხის გაცემას. - გთხოვ, სახლში მივიდეთ და მოგიყვები ყველაფერს; - ნოემ თავი დაუქნნია თანხმობის ნიშნად. ბავშვობის ტკბილ და ბავშვობაშივე ჩარჩენილ მოგონებებზე ყველაფერი უამბო. აუხსნა, რატომ შეიპყრო პანიკამ და კიდევ ერთხელ გაიხსენა ის უცნაური და შემაშფოთებელი ისტორია. მერე ემბრიონის ფორმაში მყოფს ჩაეძინა, როგორც ყვავილები იბუზებიან და მჭიდროვდებიან უმზეო და მთვარიანი ღამის პერიოდში. *** რამდეიმე დღეში მიას ყველა ძველი მეგობრის შესახებ ჰქონდა გარკვეული იფორმაცია. მათესთან დაკავშირებით იმდენი დეტალი გაიხსენა მასზე გულნატკენმა მიამ, რომ წამიერად ეჭვი შეეპარა, ხომ არ უყვარსო. ხშირად საუბრობდნენ. რაც დრო გადიოდა, მეგობრებს მეტად ემსგავსებოდნენ და უფრო და უფრო ნაკლებად რჩებოდნენ თავის დროზე ვნებებს აყოლილი სიყავრულის მაძიებლებად. მისთვის შესამჩნევი იყო ყველა ბზარი, მაგრამ მოსწოდა ეს და მშვიდად უცდიდა ბზარების გაუფსკრულებას, როცა კედლები თავისით დაიწყებდა ნგრევას. მია კი ხშირად ეწუწუნებოდა უინტერესო ცხოვრების გამო. მხოლოდ სექსი და ნოყიერი საუბრები არ კმაროდა მის შეუვსებელ მოთხოვნილებებს. თავგადასავლები და დროის შფოთიანად გატარება ერჩივნა ნოეს გვერდით სიკვდილივით მშვიდ და წყნარ ცხოვრებას. - არ გინდა, რომ ეს მოწყენილი ცხოვრება გაიხალისო? - რას ამბობ? ძალიან მხიარული ვარ ხანდახან. თორემ ისე, ძალიან სენტიმენტალური ვიყავი ყოველთვის. აი, თუნდაც ჩემ თავს ბედნიერი მომენტები დატრიალებულიყო, მაინც სულ მინდოდა, ტკივილი მეგრძნო და დრამა გამომეძებნა ყველა სიტუაციიდან. გუშინ მარშუტკით ვიმგზავრე. ჭადრის ხეებს რომ ჩავუარე, მათი სილამაზის აღქმა ვერ მოვახერხე. აქედან იცი რა დასკვნის გამოტანა შეიძლება? თან დრამაც რომ შევქმნა ისე... - ცოტახანს ჩაფიქრდა. სათქმელი მწყობრად შეკრიბა გონებაში და თვალებგაბრწყინებულმა დაიწყო - ფიქრები გამირბის, როგორც მუჭში მოქცეული წყალი მოთქრიალებს ხელებიდან შეუჩერებლად და მე უძლური ვარ, რომ ამის საწინააღმდეგოდ რამე გავაკეთო; შევაჩერო წყალი - ჩემთან დავიტოვო მისი თუნდაც ერთი წვეთი. ასე მისხლტდება მოუსვენარი და მშფოთვარე ფიქრები გონებიდან ყოველწამს და ვერაფერი გამიწყვია საიმისოდ, რომ გონება ხელს კი აღარ, არამედ ყველაზე იაფფასიან ფინჯანს მაინც განასახიერებდეს, რომ ფიქრები, როგორც მუდმივად დენადი წყალი, მის მყარ და გაუვალ კედლებში მოვაქციო. - და მხიარული როდის ხარ? - ახლავე დაგანხებ მაგას. მოდი გავაგრძელოთ საუბარი. რატომ არ შეიძლება, რომ გონება ხელი იყოს? აი, უკვე ვიგრძენი მხიარულება; - სკამიდან წამოხტა და უფრო მეტი მონდომებით შეეცადა მიას გახალისებას; - ქმედება და ფიქრი ერთმანეთისგან განსხვავებული უნარია, რომლის ფლობა ადამიანს თანაფარდულად არ შეუძლია და, თუკი ამ ანტაგონისტურ წყვილს ერთმანეთში შევაზავებთ, მაშინ მტანჯველი მღელვარება, დაუკმაყოფილებლობა, სრულყოფილების ვერ შეგრძნება და მუდმივი ჭიდილი განმსჭვალავს ადამიანის არსებას, რომლის ცნობიერება უპირველესად იმისკენაა მიმართული, რომ ჰარმონია და სტაბილურობა ეძიოს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ მდგომარეობის ატანა და გაძლება, მაგრამ შინაგანი პროტესტი, შინაგანი წინააღმდეგობები მაინც თვისას იზამენ და გადაშლიან გონებისა და ქმედების ყველა ურთიერთშერწყმის ნიშას. არ გამხიარულდი? ახლა კი თვითონაც მოიწყინა. - საერთოდ არა; - მახვილივით ცივი და მჭრელი იყო მიას სიტყვები. დრო, რომელიც ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა ნოეს, უშედეგო ცდებს მიჰყვებოდა, როგორც ქარისგან აკორიანტებული მტვერი და ვერ ამჩნევდა მია ამხელა მსხვერპლშეწირვას. სწორედაც დრო ენანებოდა ნოეს, მაგრამ მისი ფუჭი ხარჯვა მიას გასამხიარულებლად მაინც უღირდა. - შენ ჯერ ვერ ხვდები რა ხიბლი აქვს ასეთ საუბრებს. ხან ახალი და ლამაზი სიტყვა მოგაფიქრდება, ხან შენთვითონვე გაოცდები, ისეთ დებილობას იტყვი და მერე შეგიძლია, რომ საკუთარ თავს დასცინო. გეხვეწები ამყევი, რა. - მიდი, გისმენ; - უსიცოცხლოდ და ნაძალადევად აყვა. - რაკი წეღან ხელებს შევადარე გონება, ახლაც იგივე პარალელები გამოვიყენოთ და ვნახოთ, სად იმალება მთავარი პრობლემა. - ასე უბრალოდ დავაშენოთ მთელი მსჯელობა გონებისა და ხელის შედარებას? - ჰოო, რატომაც არა? - სიხარულისგან ისევ სკამზე მიესვენა გულაძგერებული - ადამიანის ენას ისეთი რაღაცები შესწევს, იმდენი საიდუმლოს ამოხსნა და გონებისთვის ხელმისაწვდომად გარდაქმნა შეუძლია, რომ მის აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში ეჭვი არც კი უნდა გეპარებოდეს. აი, მაგალითად, როცა ვიღაც ფეხებს გაფშეკს, მასზე ამბობენ გარდაიცვალაო. ანუ სულმა იცვალა ადგილი და წავიდა სხვა სამყაროში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - საიქიოში გარდასვლა მოხდა სულისა. არავის სპეციალურად არ მოუფიქრებია ეს სიტყვა. უბრალოდ ინტუიციურად შეიგრძნობს ენა ჭეშმარიტებას და სხვადასხვა მოვლენასა თუ საგანს, საერთოდაც ყველაფერს, საოცარი სიზუსტით აღწერს და გამოთქვამს. - და შენ მართლა გჯერა იმის, რაც ახლა თქვი? - აი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ვილაპარაკოთ და იქნებ უცაბედად სიბრძნე დაგვცდეს? თუ არადა, დორბლებივით პირიდან გადმოცვენილ ათას სისულელეს არც არავინ დაგვითვლის და არც არავის მოუნდება მათი აწონვა; - ამაზე კი გულიანად გაეცინა მიას; - ენა დავღალოთ, ვიდრე ლოგიკის ძაფი არ გაგვიწყდება ამ ჩვენი გაურკვეველი პარალელებითა და შედარებებით ნაქსოვ მსჯელობებში. ჩვენი რა მიდის? - მართალი ხარ. უბრალოდ დროს ვხარჯავთ მხოლოდ. ცრემლები რომ შეეკავებინა გულდასერილ ნოეს, ხმამაღალი სიცილი მორთო. სახე აუჭარხლდა. ნამიანი ბურთების სველი კვალი კი, რომლის ბილიკი ჭორფლებს შორის იხლართებოდა, გულიან სიცილს გადააბრალა. ჯერ ჩუმად იყო და ჩუმადვე იშუშებდა ცხელ-ცხელ იარას. მერე ისევ განაგრძო: - იცი, რას გეტყვი? მჯერა, რომ ტყუილად არ მომსვლია თავში გონებისა და ხელის შედარება და, შესაბამისად, ახლა თუ საუბარს გავაგძელებთ, დიდ და გემრიელ ჭეშმარიტებას გამოვაცხობთ, რომელიც ჩვენი მიგნებული არ იქნება, მაგრამ დასაწყისშივე ისე უცნაური და უჩვეულო გზებით მივიკვლევთ მისკენ მიმავალ მხიარულ ბილიკებს, რომ, როცა მასთან მივაღწევთ, თავადაც განსხვავებული და მომხიბვლელი შეფუთვით წარმოდგენილი დაგვხვდება. - არა ხარ ნორმლური, ზეცას ვფიცავ! - ახლა არ დაგიჯერე ეგ სიტყვები და აბა კიდევ გაიმეორე, იქნებ მეორედ მაინც გამოგივიდეს რამე. გაუმეორა მიამ და ნაძალადევად გაიღიმა, რადგან მაინც ვერ დადგა მხიარულ განწყობაზე. - მინდა, რომ ის ნოე დამიბრუნო, პირველად ვისაც შევხვდი. გულწრფელობა რომ ჩანჩქერზე დაშვებული წყლის ჭავლივით გამომატანინე გარეთ და მერე მძიმედ დამანარცხებინე შენ ყურებზე. იქ ჩავგუბდი, როგორც მღვდელთან გათქმული საიდუმლო აღსარება. - ჰმმ! შეამჩნიე, როგორ აგიყოლიე სიტყვების თამაშში? რა აღსარება და ჩაგუბება, ეს რაები მოგაფიქრდა? - გთხოვ, დამიბრუნდი, რა! - გული რომ გიჩუყდება და კვლავ გეუფლება იმის განცდა, რომ საყვარელი ხარ, ალბათ, ამის გამო ვეღარ მოშორდი და შეელიე მდუმარე, დამალულ და ინტიმურ ცრემლებს. კარგი, მოგიყვები შენ შესახებ. მია კმაყოფილი მოკალათდა და სმენად იქცა. გარეთ გაწვიმდა. ნელა იჟღინთებოდა თეთრი ფარდა, რომელსაც ნოე ეყუდებოდა. ადგა და ფანჯარა მიხურა. ისე სევდიანად ჩარაზა, საიმედო მყუდროებაშიც იგრძნო რაღაც ძალიან მძიმე, გადაულახავი და სასტიკი ტკივილი. მერე ისევ სკამს მიუბრუნდა და ღრმად ამოისუნთქა. იცოდა, როგორ უნდა დატანჯულიყო ამაო ახსნებით, რადგან რახანია, შემჩნეული ჰქონდა, რა ძლიერ უყვარდა მიას თავის გამოსულელება. - სულიერი კომფორტი გჭირდება. ვიღაც შენში მიძინებული შინაგანი ბავშვის გამოღვიძებაში უნდა დაგეხმაროს, რომლის დარწევა მას მოუწევს დედობრივი სითბოთი და სიყვარულით. მზად არის ის ვიღაც ამისთვის? მაშინ მოვიდეს, მაგრად ჩაგეხუტოს და აღარასდროს გაგიშვას ხელი. ის ვიღაც იმაზე მეტად გჭირდება, ვიდრე შენთვითონ გგონია. ბედნიერი ხარ, როცა შენი ესმით. ეს პირველივე შეხვედრისას შეგატყვე. ჩაკეტილი ხარ. ხანდახან არ გიჭირს ღიაობა, მაგრამ როგორც კი ურთიერთობა ზედაპირულ ზღვარს სცდება და უფრო ღრმა ფაზებში გადადის, მაშინვე იბოჭები. გიჭირს გახსნა. თუმცა... გამოუთქმელი გრძობები და ვერგადმოცემული ემოციები არ ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია მათი სხვებისთვის გაზიარება. არც იმას ნიშნავს, თითქოს ენა გებმოდეს, ან გული სულ არ გქონდეს მათ შესაგრძნობად. ადამიანურ ენაზე შერქმეული სახელით ეს პრობლემაა, რომლის მიზეზი ბევრად ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე იმ ზედაპირული ხედებიდან მოჩანს, საიდან ჭვრეტაზეც ძალიან ბევრია გამიჯნურებული. ზოგადად, სამყარო მრავალფეროვანია, მაგრამ ადამიანი მხოლოდ იმგვარს ხედავს, როგორადაც ოდესღაც მოუწია, რომ აღექვა. შენ კი განაწყენებული ხარ სამყაროზე, რადგან შენთვის ყველაფერი გაცილებით რთული იყო, ვიდრე გარშემომყოფებისთვის და ამის გაცნობიერება გრთქუნავდა - უსამართლობის განცდა გტანჯავდა. და იცი როდის დაისადგურა შენს არსებაში ემოციურმა დუმილმა? როცა ერთხელაც გულწრფელობა ძვირად დაგიჯდა; როცა გამხელილი გრძნობები განანებინეს და გამომჟღავნებული ემოციებით შენი მანიპულირება სცადეს. ჰო! მაშინ მიგახვედრეს, რომ თურმე შინაგანი სამყაროს შიშვლად ჩვენება უსაფრთხოების ჩარჩოებს მიღმა უსუსური ცურვაა და ყოველწამს დახრჩობას უნდა მოელოდე, რადგან არ იცი, ფეხში ხელს როდის ჩაგკიდებს ფსკერამდე დაცემული ვიღაც და როდის დაგქაჩავს ქვემოთ - წყლის უჟანგბადობაში. თავიდანვე მოღალატე და მტრული განწყობით შეგეგება სამყარო და მერეც არაერთხელ გიმუხთლა ბედმა. ამიტომაც ხედავ მის პირქუშ ნაწილს და უბრალოდ არ გსურს აღიარო, რომ სამყარო ლამაზიც არის ყველაფერთან ერთად. შენს გონებაში აგიზგიზებულ მდუმარე ფიქრებს ძალიან იშვიათად, როცა საკმაო ენერგიების აკუმულირებას ახერხებ, ხმაურიანი ქმედებები ცვლიან და ეს ნიღაბია, რადგან მათი მიხედვით ემოციები არ იშიფრება. ჩუმი ემოცია ჩუმ ემოციად რჩება - სადღაც შენს შიგნით და მათ რაობაში გარკვევა შენც კი არ შეგიძლია იმიტომ, რომ ზედმეტად ყრუ და უხმოა ისინი. - მაგრამ სამყარო ლამაზია და მახინჯი არც არასდროს მგონებია. ან როდიდან მჩვევია ხმაურიანი ქედებები? ან შენ რა იცი ჩემში რა ხდება და შენთან შეხვედრამდე თავს რა გადამხდენია? ნუ მაშინებ, ნოე! - ცრემლები წასკდა. სულ ასე ტიროდა, როცა მის სათნო და გულჩვილ შინაგან სამყაროზე ვინმესგან შეფასებებს ისმენდა. - ცდილობ თავი დაირწმუნო, რომ ლამაზია, მაგრამ შენი ქვეცნობიერისთვის სამყარო ნამდვილი ურჩხულია. ვიდრე ერთი-მეორის აცდენით განაგრძობ ცხოვრებას, მანამდე ვერ იგრძნობ სიმშვიდეს. შენი წარსულის შესახებ კი ბევრი დეტალი არ მჭირდება. რაც მომიყევი, ისიც საკმარისია, რომ მივხვდე, შენში რა ხდებოდა როცა ბავშვი იყავი, ან მერე რა მოხდა, როცა მეგობრებისგან გაუცხოება იგრძენი და მათესთან დაკავშირებული ისტორიები კიდევ ხომ ცხადზე ცხადია. ის ბიჭი შეუნიღბავად გეუბნებოდა, რომ შენთვის კარგი არაფერი სურდა და არც მალავდა, რა ბინძური და ბოროტი გონება აქვს. - მათეს ამოცნობა ეგეთი მარტივი არ არის, როგორც შენ გგონია. - ცდები. შენ უბრალოდ არ იცი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი - 2 წელი თუ 80 წელი - მის მიერ ცხოვრების განმავლობაში გავლილი გზა მაინც ძალიან გრძელია და მთლიან სიგრძეზე უამრავი გაკვეთილი ელოდება. თითოეულის ათვისების შემდეგ მწვერვალზე დგას, მზის სხივები დანათის და აბრწყინებს. მათ ბრწყინვალებაში გავლილ გზაზე ათვისებული გაკვეთილები ჩრდილებივით ცხადად იკლაკნება. მათე ზუსტად ამ "გაკვეთილებით" ამოიცნობა. იმდენი აქვს უკვე გავლილი და იმდენი გაკვეთილი ასწავლა სამყარომ, რომ გონება დაეტბორა აუარება გამოცდილებით, რომლის სიმძიმეს მხოლოდ ისე შეუძლია გაუძლოს ადამიანმა, თუკი სპეციალურ სტუქტურას შექმნის აზროვნებაში. ჰოდა, მათემ გაუძლო და სტრუქტურაც შექმნა. ყურადღებით და გულმოდგინედ რომ დააკვირდე მისი აზროვნების პროცესს, მარტივად დალანდავ ამ სტრუქტურას. ყველა ასე ვართ. მათე გამონაკლისი არ არის და არც - ჩვენ ორნი. - ნახატებს არ მაჩვენებ? - არ გაჩვეებ. მაგრამ ეგ საიდან მოიფიქრე? სხვა რამეზე ვსაუბრობთ! - ნოემ მკაცრად უთხრა. უკვე ვეღარ ერეოდა მოწოლილ ბრაზს. მია მოუსვენრად აწრიალდა. ემუდარებოდა, ნახატები მაჩვენეო. ვერ აგებინებდა ნოე, რომ სხვა დროს ნამდვილად დაათვალიერებინედა ყველა ნამუშევარს. - რატომ არ შეგიძლია მოთმენა? დამშვიდდი. - ნახვა მინდა, გესმის? ნახვა მინდა! თუ გინდა, რომ დავმშვიდდე, აუცილებლად უნდა მანახო. ერთი წამით მაინც რომ შევავლო თვალი, საკმარისი იქნება. თითებს კრუნჩხავდა, თითქოს სხეულის შიგნით რაღაც მოსვენებას არ აძლევდა; თითქოს ძარღვებში სისხლი კი არა ცნობისმოყვარეობის შხამი უჩქეფდა. მისი “მოწამლული” სხეული არაადეკვატურად იგრიხებოდა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ ენახა, რა ხდებოდა ნოეს ოსტატობით შეფერადებულ ტილოებზე. - ვიდრე მასქიმალურად არ დავხვეწ ჩემ ნამუშევრებს, იქამდე უცხო თვალს არ გავაკარებ! - მე უცხო ვარ? - არა, მაგ კონტექსტით არ მითქვამს. - ხოდა, მანახე რა გაქვს დახატული. მე ხომ უცხო არა ვარ? თვალები დაბლა დახარა ნოემ და მარჯვენა ხელი ნაცნობის მხარზე მიაყრდნო. მარცხენათი კი ლოყაზე მიეფერა და თმა გადაუწია შუბლიდან ყურს უკან. - ვიცი, უსამართლოდ ვიქცევი. აქამდე უნდა მეჩვენებინა... - საუბრის გაგრძელება არ აცადა მიამ და უცებ მოუჭრა: - თვალს დავხუჭავ ამ უსამართლობაზე, თუკი რამდენიმე წამით მაინც შემავლებინებ თვალს. სახეზე ღიმილი გამოესახა. აი ის ღიმილი, მთელ თავის იმედს რომ აქსოვენ ადამიანები, როცა ფიქრობენ, მიზანთან ახლოს ვართო. მაგრამ ნოეს შეუვალ გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ იქონია მისმა გაბადრულმა სახემ. - კიბატონო, მოვითმენ! მორჩა, აღარ შეგაწუხებ. წავედი. - არ გეწყინოს. იმედგაცრუებული და განაწყენებული მია წვიმაში გავარდა. ბოლო წამამდე ეგონა, რომ ნოეს შეეცოდებოდა და დარჩენას სთხოვდა, მაგრამ ამაშიც იმედგაცრუების მწკლარტე გემო მოედო მის განწყობას. ძალიან უჭირდა იმედგაცრუებას გამკლავებოდა და ტირილ-ტირილით მიუყვებოდა წვიმისგან დანამულ გზას. წყენის ბოლომდე შესრუტვა გადაწყვიტა, რომ მთელი სხეული ამ მტივნეული და მწვალებელი გრძნობისთვის ებოძებინა. ნოემ მშვიდად მშვიდად გაადევნა თვალი ცნობისმოყვარეობითა და წყენით შეზავებულ მიას. აკვირდებოდა. იცოდა, რამხელა სევდას დაატარებდა, რამხელა სიმძიმეს გრძნობდა, რა მტკივნეული ბრძოლა გაემართა საკუთარ თავთან, რომ ოდნავი სიმსუბუქე მაინც ეგრძნო როგორმე. და მაინც კიდევ უფრო ამძიმებდა ცნობისმოყვარეობით, იმედგაცრუებითა და წყენით, რადგან უმოქმედოდ იჯდა და არაფრის შეცვლას აპირებდა. თვითონაც ხომ ნაწყენია და მალულად გულნატკენი? რატომ მისი ტკივილის შემსუბუქებას არ შეეცადა მია? გაიბუტება და არც თვითონ შეეცდება. აი, ასე, სწორედ ასე მოიქცევა! დასველებული თეთრი ფარდა ფანჯრის მინას მიეკრო და მათი განცალკევება ზარებივით ჩამოეკიდა ნოეს სხეულს. გატოკების თავი არ ჰქონდა და ზარებიც არ ხმაურობდა. აბა, სხვანაირად როგორ ატეხდა განგაშს საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო და ფარდა მოეცილებინა მინისთვის. იატკზე დაფენილ ჭრელ ხალიჩაზე გვერდულად დაწვა. თვალები დახუჭა და გაბრაზებულმა ამოიბუტბუტა: - გონება დაუნდობლად მუსრავს ყველა ემოციას. ურთიერთობები დღითიდღე შხამავენ საარსებო გარემოს. ყველგან ჭაობია, ყველა შენს გასაძიძგნად ემზადება. წყალში ხტები თავის დასახრჩობად და იქაც უკვე მოუსწვრიათ მჟავას ჩასხმა. ქაღალდივით იფლითები. ნაკუწ-ნაკუწ ქრები. სრულდები ისე, როგორც სიზმარი - მისტიური ბუნდოვანებით. ყველა თვითმკვლელს მაინც სხვა კლავს, ვიდრე თავად დაასრულებს სიცოცხლეს. ხოდა, აგერ მეც ვერ მოვასწარი ნებაყოფლობითი კვდომა, ისე მომანდომა სიცოცხლის ბნელით შესუდრვა იმ გზააბნეულმა ანგელოზმა. აბა, რა! არაფერი ალამაზებს ამ სამყაროს სიკვდილზე მეტად. დამჭკნარი სულები ჯოჯოხეთის ცეცხლში დამცინავ ალზე იწვიან და სინათლე ბრდღვიალებს ქვესკნელის ჯურღმულებიდან. მზე უკვე აღარ კმარა. სულ ასე ანათებდა და იმიტომ. ჯოჯოხეთის ნათება კი რაღაც ახალი და დამაინტრიგებელია თავისი ბოროტი კონტქესტითა და დამჭკნართა შთანთქმის ფუნქციით. მე მას ვირჩევ - უფრო ლამაზსა და უფრო ახლობელს, თითქოს თავად ვიყო მისი სხივები. უნდა დავიძინო, ხანდახან სხივებსაც სჭირდება ჩაბნელება. დადუმდა და ძილის მოლოდინში გაირინდა. კარგახანს იწვა თავისი საწოლივით მაგარ ზედაპირზე და სულ ვერ გრძნობდა რაიმე განსხვავებას ღამის ჩვეულ ძილსა და სიკვდილის უჩვეულო ნდომით თვალებჩამოფხატებულად ძირს გდებას შორის. ფანჯარაზე წვიმის წკარუნიც შეწყდა და მზემ გამოანათა თავისი მხიარული სხივებით. სველი ფარდის მიღმა ზოლებად იხატებოდა მათი მიმართულება. ნოემ ხელი შეარხია, სინათლის გადასერვას შეეცადა და რომ ვერაფერს გახდა, არაფრის კეთებით გადაღლილი წამოდგა ფეხზე. ბრახუნით მიალაგა ოთახი. ისეთ პერფექციონისტულობას იჩენდა, თვითონაც ნერვი ნერვზე აღარ რჩებოდა და გიტარის სიმებივით აქა-იქ უწყდებოდა. - უინტერესო არა, მომაკვდინებელი კიდევ! ძალიანაც მხიარული ცხოვრება მაქვს. მოვაწესრიგო აქაურობა და რამე კომედიას ჩავრთავ. მერე ნახოს იმ ქალბატონმა, როგორ გაავსებს მთელ სახლს ჩემი გამაყრუებელი სიცილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.