შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლესთან ჭიდილში


27-03-2020, 12:41
ავტორი NA NO
ნანახია 920

რულ სიბნელეში ჯდომა როდის შეუყვარდა ვეღარ გაეგო, თუმცა ფაქტია ახლა ფართოდ დაჭყეტილი თვალებით შავი, ოდნავ მოციმციმე წრეების დანახვა სიამოვნებასაც კი ანიჭებდა. სიამოვნება, მგონი ეს ერთადერთი რამ არის რისი განცდაც ადექვატურად შეუძლია. სრულ სიბნელეს თან შემაშინებელი სიჩუმე ახლდა, რომელსაც არც თუ ისე შორიდან აფრენილი თვითმფრინავების ხმა პერიოდულად არღვევდა. ვეღარ გაეგო საკუთარი თავისათვის. თითქოს ყველაფერი დავიწყებოდა და მის გონებაშიც შეჭრილიყო ის უკუნეთი, რაც გარს ერტყა.
სიგარეტის ღერს ხელი დასტაცა და სიძველეგადაკრული სკამი გაჭირვებით მიაჩოჩა ფანჯარასთან. რამდენიმე წამი თვალი გაუშტერა ხეებს, რომელთა ლანდებს სიო ნელა არხევდა. ბევრი აღარ უფიქრია, წამში გაუკიდა სიგარეტს და სილურჯეშეპარული ნაცრისფერი კვამლი ფილტვებისკენ გაგზავნა. ნიკოტინისგან მოგვრილი წამიერი სიამოვნების ტალღამ წამში დაუარა მთელს სხეულში მიმოფანტულ უჯრედებს და თვალებიც მილულა.
ყველაფრის მიმართ გაუცხოვდა. თანაც ისე, რომ საკუთარ თავს ვერაფერი შეატყო.
ვერც სხვებმა შენიშნეს მისი გადასხვაფერება. თითქოს მის მდგომარეობაში ასეც უნდა ყოფილიყო. შორიდან რომ შეგეხედათ იდეალური ცხოვრებით ცხოვრობდა. იცავდა ყველა წესს რაც კი მისთვის, საკუთარ თავს და სხვებს დაუწესებიათ. თუმცა, რაღაც შიგნიდან გულს ცხელი დაშნით უსერავდა. რაღაც წესრიგში არ იყო. ერთ დროს საკუთარი თავის მცოდნეს დაევიწყებინა, რაც კი რამ ესწავლა. ემოციები აქა- იქ თითქოს შემორჩენოდნენ. თუმცა, სამწუხაროა, რომ მათ ინტენსივობა და სიმტკიცე დაეკარგათ. დავიწყებოდათ ადგილი და ფორმა, სად და როგორც უნდა ეჩინათ თავი. ზედაპირულმა განცდებმა და თითქმის ყველანაირი აღმაშფოთებელი ინფორმაციის ჩვეულებრივად მიღებამ ირგვლივმყოფებთან დაძაბული ურთიერთობები საგრძნობლად გაუმრავლა. მას, რომელსაც ყოველთვის სტაბილური და სამაგალითო ურთიერთობები გააჩნდა, ახლა ადამიანები შემოძარცვოდა. ამის მიუხედავად ურთიერთობების ფინიშთან თავაწეული, სიამაყეჩამდგარი მზერით იდგა ხოლმე და ვერც ვერავინ გაუბედავდა იმის თქმას, რომ წამის წინ მისივე ბრალით გაანადგურა წლების განმავლობაში გაბმული ყველა ძაფი. ყველა ერთხმად თავისდაუნებურად თანხმდებოდა, რომ სხვაგვარად მას მოქცევა აღარ შეეძლო და დამნაშავეს ყოველთვის ბოლოდაკარგულ ძაფებში ეძებდნენ. საბოლოოდ კი ის კარგავდა ყველას და ყველაფერს. თუმცა რა გასაკვირია? უპირველესად მას ხომ თავისი თავიც სადღაც, მიუვალ ადგილას დარჩა, ან სულაც ნელ-ნელა, მტანჯველი სიკვდილით მოუღო ბოლო…
დიდი ხანი გასულიყო, რაც მოწევისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ახლა სურის ვერაფერს უხერხებდა და მის ნებას ჰყვებოდა. ხშირად მიაჩოჩებდა ამ გალეულ სკამს ფანჯარასთან, დაიკავებდა ჭიქა ღვინოს, გაუკიდებდა სიგარეტს ცეცხლს და შავ წერტილებს უყურებდა, მანამ სანამ მოლურჯო ნათებას სითეთრე არ ჩაანაცვლებდა. შემდეგ კი დაიწყებდა ახალს დღეს, რომელიც არა გუშინდელი დღის ახლებული გაგრძელება არამედ მისი ზუსტი განმეორება იქნებოდა.
მარიტა ჯაყელი ხუთი წლის განმავლობაში ქმრის გლოვას სრულ სიბნელეში გაეხვია. ღამ-ღამობით ბნელ წერტილებს შორის ქმრის სახის ნაკვთებს ჯიუტად აკვირდებოდა ხოლმე. თავს უფლებას არ აძლევდა წამითაც კი დაევიწყებინა ზღვის ტალღებში დაკარგული ქმარი. საფლავიც რომ არ დარჩენია მისი რათა ცრემლებით დაესველებინა მიწა. ერთხელ და სამუდამოდ დაეტირებინა და მშობლიურ ადგილას დარჩენის ერთი მიზეზი მაინც ჰქონოდა. ამიტომ ბათუმისა და ზღვის ახლად დაბადებულ სიძულვილს მარიტა დედაქალაქში წაეყვანა საცხოვრებლად. თითქოს თბილისისკენ მიმავალ თვალებდანისლულ ქალს, ქმრისმკვლელი ტალღები წამოეწივნენ და მასაც მოჰპარეს სიცოცლე. მოჰპარეს და მრავალჯერ მიანარცხეს კლდის პირებზე, დააქუცმაცეს და ბოლოს ერთიანად შთანთქეს. მარიტა კი ინსტიქტებს მინდობილ არსებად აქციეს, რომელსაც მხოლოდ დინების მიმართულებით ცურვა შეეძლო.
თითქმის ყველა ემოციისგან გამოცლილს, ბოლო პერიოდში მხოლოდ ერთი ემოცია - შიში მოსვენებას არ აძლევდა. ძლიერ მიკვროდა და პარაზიტული ცხოვრება განაგრძობდა მასში. განსაკუთრებით ახლა მარიტას ისე არაფრის ეშინოდა ამ ქვეყანაზე, როგორც ქმრის დავიწყების შიშის, რომელიც აქამდე არასოდეს განუცდია და ვერაფრით გაეგო რატომ განჩენოდა მსგავსი აზრები.
თითქოს მისი გარდაცვალების დღიდან თავს პირობა მისცა, რომ არასოდეს გაუნელდებოდა ქმრის სიყვარული. არასოდეს დაივიწყებდა მის სახეს. ვერ შეელეოდა გონებაში სასიამოვნო კადრებად დარჩენილ მის ალერსს. ვერასოდეს გაიკარებდა სხვა მამაკაცს ახლოს და ამ პირობის შესრულება ხუთი წლის განმავლობაში იმაზე მეტ ენერგიას მოითხოვდა მისგან ვიდრე მარიტას გააჩნდა. ისე რომ ვერც კი შენიშნა ენერგია როგორ გამოელია და საბოლოოდ მისი ცხოვრება ისე არ განვითარდა, როგორც მას დასაწყისში წარმოედგინა.
ახლა დარდი აწვებოდა მთელი ძალით ბეჭებზე, რადგან სიბნელეში ყოველთვის კარგად გამოკვეთილი ნიკოს სახე ისევე უფერულდებოდა, როგორც ამ წლების განმავლობაში მარიტას ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება.
ღვინისაგან შემთვრალ ქალს უფრო მეტად დაეჭყიტა თვალები და ჩურჩულით ემუდარებოდა ქმრის ხატს, რომ არ გამქრალიყო, სრულ უკუნეთში არ დაეტოვებინა მარტო. ნიკოს საბოლოო გაქრობა, მარიტას ვერ შესრულებულ პირობას ნიშნავდა. ქალს ამ აზრის დაშვება და შემდეგ გაანლიზება საბოლოოდ უნგრევდა ისედაც განადგურებულ შინაგან სამყაროს. მან ხომ ნიკოს სიკვდილი პირველივე წამიდან უარყო და მთელი თავისი თვისებებით, ლექსიკითა თუ ჩვევებით საკუთარ თავში გამოკეტა. გაიშინაგანა და არსებობა მის ლანდთან ერთად განაგრძო, რომელიც ღამის საყვარელ სტუმრად ქცეულიყო. ახლა კი საკუთარი, გონებაში გამოკეტილი პერსონა ერთ-ერთი ბნელი კუთხიდან შიშველი ხელებით, მოგონებებისგან ცეცხლის ანთებას ლამობდა. საკუთარ თავზე შემორჩენილი მოგონებები იმდენად ძველი და გამომშრალი იყო, რომ მარტივად აალდებოდნენ და მერე, მათი კაშკაშა ცეცხლის ალებით სიბნელეში გამოჩენილ ნიკოს ლანდს ნელ-ნელა შთანთქავდნენ.
საიდანღაც სინდისის ქენჯნა მოეპარებოდა მარიტას და თავის შხამიან ტუჩებს ყურის ბიბილოზე მიაკრავდა. სინდისის ამაზრზენი კოცნა ჟრუანტელს ჰგვრიდა და სხეულს უყინავდა. ნუთუ სადმე არასწორი ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული ამას ვერ ამჩნევდა? თუმცა არა, ის ხომ სამაგალითო ქვრივი იყო, რომელიც უშეცდომოდ ცხოვრობდა. მთელი სანათესაო, სამეგობრო თუ სანაცნობოც მის ერთგულებაზე საუბრობდა. ყველას უკვირდა ოცდაშვიდი წლის ასაკში, საკმაოდ ეშხიან მარიტას ისევ ქმრის გლოვა როგორ შეეძლო. ზოგიერთი კიცხავდა კიდეც, როგორ თუ ახალი ცხოვრება არ დაიწყე, ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება წინ გაქვს, შვილი მაინც გააჩინე მოდუნების უფლებას არ მოგცემსო. მის ირგვლივ ისეთებიც იყვნენ წარბაწეული, ალმაცერად, რომ გამოხედავდნენ გვერდით ჩავლილს და ხან ვის საყვარლობას დასწამებნენ, ხანაც ვისსა. მარიტას კი ეღიმებოდა ხოლმე ასეთი აზროვნების ხალხზე. ორ წამში რომ სხვის ცხოვრებას ააშენებენ, დაანგრევენ და კიდევ ხელახლა, ახლებული ვარიანტის აშენებასაც რომ ასწრებენ.
მის ირგვლივ ადამიანები ყოველთვის მარტივად ჩნდებოდნენ, თუმცა მისი ერთი მზერაც კი კმაროდა მასთან ფლირტის წამოწყებით მოტივირებული მამაკაცების მოტივაციის გასაქრობად. ერთ დროს საკმაოდ კომუნიკაბელური და გულღია იყო. თუმცა ბოლოოდ გულახდილად ადამიანს როდის ესაუბრა აღარც კი ახსოვდა. მისი მსმენელი ყოველთვის ღამის სიბნელეს მოჰყვებოდა თან, მარიტას დარდებს ხელს დაავლება და მათთან ერთად უჩინარდებოდა.
ხანდახან საკუთარ თავს კარჩაკეტილ სოფლის სახლს ამსგავსებდა, რომელსაც უპატრონობისგან მაყვლის ბუჩქები საგულდაგულოდ შემოხვეოდნენ. თუმცა ვერსად გაურბოდა ფაქტს, რომელიც მის გარემოცვაში ნოე გამრეკელის გამოჩენას ახსენებდა. რაც მის ირგვლივ არსებულ ეკლიან ბუჩქებს საბრძოლო მზადყოფნაში გადასვლისკენ მოუწოდებდა. მარიტას საშინელი პროტესტის გრძნობა უჩნდებოდა საკუთარი თავის მიმართ, რადგან მისი გონება ბოლო პერიოდში ამ კაცს დასტრიალებდა და უფლება არ ჰქონდა მისი ფიქრების ობიექტი ვიღაც კაციც გამხდარიყო.
მარიტას თქმით ნოე გამრეკელი ის კაცი იყო, რომელის შესახებაც ინფორმაციის მთელ თუ არა ნაწილს მაინც, მისი გვარი გეტყოდათ. მოულოდნელობებით იყო სავსე და მარიტა ვერასოდეს ვერ ხვდებოდა მის მომდევნო ნაბიჯს. ნოეს ფეთქებადი და ჯიუტი ხასიათი მარიტას ყველაფის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ცხრა მთას იქეთ მოისროდა ხოლმე და ამითი გახალისებული ქალის აღელვებულ სხეულს კმაყოფილს მზერას შეავლებდა ხოლმე.
დაახლოებით ექვსი თვე იყო, რაც ნოე მარიტას განყოფილებაში გადმოიყვანეს და სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული ქალს გონებაში კიდევ ერთი შიში შემოეპარა. ეშინოდა, რომ ერთ დღეს მასში ხუთი წლის განმავლობაში შეკავებულ, უგზოუკვლოდ მიმოფანტულ ენერგიას ვერ შეაჩერებდა და ამ კაცს შიშველი ხელებით გაგუდავდა, ყოველგვარი სინანულის გარეშე. საშინელ აგრესიას გრძნობდა მის მიმართ, რასაც რაციონალურ ახსნას ვერ უძებნიდა. ცდილობდა დამოკიდებულება შეეცვალა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს. ხასიათით ნაკლებ კონფლიქტურ და მიმღებ მარიტას აფეთქებას, მუდამ კონტრარგუმენტით შეიარაღებული ნოე იწვევდა. მისი საპირისპირო აზრების მიუხედავად თამამად და დაუფარავად გამოხატავდა თუ რაოდენ მძაფრად იზიდავდა ქალი.
და ერთ დღეს მარიტას შიში კიდევ უფრო გაძლიერდა. საქმეზე სრულიად კონცენტრირებულს, ერთი სული ჰქონდა პრეზენტაცია დაესრულებინა და თავი საკუთარი კაბინეტისთვის შეეფარებინა. მღელვარება, რაც ბათუმში შესაძლო გამგზავრებას ახლდა თან წამში უკვალოდ გააქრო და გეგმის განხილვაც დაასრულა. უემოციოდ მოავლო თვალი მრგვალი მაგიდის ირგვლივ მსხდომ კოლეგებს და უტეხად მომზირალ ზღვისფერ თვალებს წააწყდა. ნოეს თვალები კიდევ ერთი რამ იყო, რაც მასში არ მოსწონდა მარიტას. კაცის თვალებში თითქოს აზვირთებული ტალღები ბობოქრობდნენ, ქალს მთელი ძალით იზიდავდნენ და მათში ჩაკარგვით ემუქრებოდნენ. სკამზე გასწორებულ ნოეს ხელები გულმკერდზე დაეკრიფა და მონუსხული ათვალიერებდა მარიტას სხეულს. რომელსაც უხერხულობისგან გააჟროლა, გულაჩქარებულმა სწრაფად გადაიტანა მზერა და ჯგუფის სხვა წევრების კითხვებს პასუხი თავმომწონედ გასცა. მას შემდეგ სრულიად შემთხვევით ხვდებოდა ხოლმე კაცი მარიტას ირგვლივ. სრულიად შემთხვევით ეხებოდა და მისი აფორიაქების შანსს ხელიდან არასოდეს უშვებდა. როცა რწმუნდებოდა, რომ ქალზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო, საკუთარი თავით კმაყოფილი დროებით წყვეტდდა მის წვალებას. მასთან კატა-თაგვობანას თამაში უდიდეს ისამოვნებას ანიჭებდა და კიდევ უფრო უმძაფრებდა მისი გულის მოგების სურვილს. ამ ხნის მანძილზე კარგად გაეცნო ქალის ხასიათი, მისი თავშეკავებულობის მიუხედავად და მშვენივრად ხვდებოდა იმ ქალების კატეგორიაში არასოდეს შევიდოდა მარიტა, რომლებთანაც ერთი ღამის სექსი აკავშირებდა.
ნოე გამრეკელი ერთადერთი სულაც არ ყოფილა, რომელსაც მარიტას ხელში ჩაგდება განეზრახა. თუმცა დანარჩენებს მარტივად ბეზრდებოდათ ქალის გულგრილობა. ზოგიერთი მათთგანი საოცრად ართობდა ქალს, მაგრამ მის აღელვებს ვერავინ ახერხებდა ნოეს გარდა. ხშირად ხვდებოდა კაცის გამოგზავნილი ვარდები, რომლებსაც ზიზღით დაავლებდა მარიტა ხელს და თანაშემწის მაგიდაზე მიუჩენდა საპატიო ადგილს. ხალხის აზრი და თავისი იმიჯი, რომ არა სიამოვნებით ჩაუძახებდა წითელ ვარდებს ნაგვის ურნაში, ან ნოეს სახეში შეაყრიდა სათითაოდ, მაგრამ მსგავსი ქცევა მას არ ეკადრებოდა.
წარსულის ლანდებს მასთან სხვადასხვა კადრები მოჰქონდა და ახსენებდა, რომ მას მხოლოდ ნიკოს მორთმეული წითელი ვარდები უყვარდა და ახლა ვიღაც, რიგით ვნებებმოწოლილ კაცს უფლებას ვერ მისცემდა მსგავსი რამ გაემეორებინა ამით კი მისი მომაკვდავი გრძნობებით ეთამაშა და ვერც საკუთარ თავს მისცემდა უფლებას მათი მზერით დამტკბარიყო. ერთი წამითაც არ უშვებდა იმ ფაქტს, რომ ნოეს მხოლოდ ხორციელი ვნება არ ამოძრავებდა.
კვირაში ერთხელ ფიქრის საღამო ჰქონდა. ოღონდ განხილვის საგანი ის ფიქრები ხდებოდნენ, რომლებსაც დღეების განმავლობაში თავს არიდებდა და არაცნობიერის, რომელიღაც კუნჭულში კეტავდა. იმ მიზიდულობაზე გაჩენილი აზრების გვერდით, რასაც ნოეს მიმართ განიცდიდა, მისი ცხოვრების ჯერ კიდევ გაუშუქებელი სცენარები ეწყო, რომელთაც მტვრის სქელი ფენა ფარავდა და მთავარი გმირის გარეშე ვერც ვერასოდეს იხილავდა მათ ეკრანიზაციას მაყურებელი.
===
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად მოუნდა მშობლიურ მხარეში წასვლა და ბევრი ფიქრის გარეშე დათანხმდა კორპორატიულ საღამოზე ბათუმში გამგზავრებას. მთელი გზა მღელვარებას სრულიად მოეცვა მისი სხეული. შორიდან ხედავდა ბათუმიდან გამოქცეულ შავკაბიან გოგონას, რომელსაც მანქანის მართვა ისევე უჭირდა როგორც ახლა. მზე თითქმის ჩასული იყო ბათუმს რომ მიუახლოვდა. ქალაქში შესვლისთანავე კი გული იმაზე მეტად აუჩქარდა ვიდრე მთელი გზის განმავლობაში მოწოლილი ღელვისას. ხელ-ფეხი გაყინვოდა და სირთულის მიუხედავად ცდილობდა ღრმად არ ჩაესუნთქა ზღვიდან მონაბერი მლაშე ჰაერი, რომელიც აუცილებლად აურევდა გულს. სიმხდალით გაჯერებულ სხეულს ეშინოდა ამდენი ხნის შემდეგ იმ ემოციის განცდა, რომელსაც ნაცნობი ქუჩები, ნაცნობი სახლი, უსიტყვოდ მიტოვეული მეგობრები, მშობლების სევდაჩამდგარი თვალები და ქმრის მკვლელი ზღვა გამოიწვევდნენ. თუმცა ყველაზე საშიში მაინც მარიტა იყო საკუთარი თავისათვის.
უსიტყვოდ შევიდა სახლში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. სადაც ნახევარი სიცოცხლე გაატარა და ყოველი კუთხე ისეთ მოგონებებს უღვიძებდა, რომელთა არსებობაც კარგახნის წინ დაევიწყებინა მარიტას.
რამდენიმე საათში კი ისეთ წვეულებაზე აღმოჩნდა, რომლის მსგავსზე ყოფნას წლებია თავს არიდებდა და თუ აქამდე თავს არიდებდა მისთვის საძულველ, ფარისეველ საზოგადოებას ახლა რატომღაც მათთსავით ხელოვნური ღიმილი აკვროდა სახეზე. წესით ფეხებზე უნდა დაეკიდებინა ყველა და ყველაფერი, თუმცა ისე ორგანულად შეზრდილიყო საყოველთაო მასკარადს, რომ თვითონაც ოცდებოდა. ხშირად გაურბოდა თვალი ღია ტერასისკენ, საიდანაც სიბნელის მიუხედავად კარგად მოჩანდა ნაპირზე მოცეკვავე თეთრი ტალღები. რა მოხდებოდა თუ მათ მკლავებში გაეხვეოდა მარიტაც. იქნებ დასრულებულიყო გაურკვევლობა, რომელიც ასე უღღრნიდა გულს. იქნებ ასე მაინც ექცია ნიკოს სიყვარული მარადიულად და განთავისუფლებულიყო შიშისგან, რომელსაც დაკარგული თავი უმძაფრებდა.
მისთვის სანატრელ წყვდიადს მთვარის ვერცხლისფერი ნათება არღვევდა. ფეხარეული გაუყვა ნაპირს და ძალიან ახლოს ზღვის სახესთან შედგა. თბილი ხელები ჰქონდა იმ ღამით ზღვას. აი ისეთი, ნაბიჯს მისკენ დაუფიქრებლად რომ გადაგადგმევინებს და მარიტაც ხელგაწვდენილი მიჰყვებოდა მლაშე წყლით დასველებულ კენჭებს და მასთან სიახლოვის შიში სადღაც გაექრო. ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა ზღვა მასთან დამალობანას თამაშსს, როდის მოხვევდა ძლიერად ტალღას და ჩაკარგავდა მის მკლავებში…
იქვე, ახლოდან კი მონუსხული შეცქეროდა ნოე მთვარეულივით მოსიარულე ქალს, რომელსაც რამდენჯერმე დაუძახა, თუმცა მისი ხმა ვერ გაეგო. ზღვას საკმაოდ შეეტყუებინა მის ხაფანგში მარიტა, რომლის წასაქცევადაც საკმარისი ოდნავ მოზრდილი ტალღა აღმოჩნდა. სწრაფად მოეჭიდა ნოე ქალის მკლავებს და მანამ წამოაყენა სანამ ტალღები გაიზრდებოდნენ. ძნელად მიიწევდა მასზე აკრული ქალით ნაპირისკენ, განრისხებული ზღვა ფეხებზე კბენდა ნოეს და ერთის ნაცვლად ორ შესაწირს ითხოვდა.
გამეტებით ურტყავდა ქალიც ნოეს გულმკერდს მუჭებს და საშინელი სიტყვებით ამკობდა მას, ხანაც კივილით იკლებდა არემარეს. როგორ სძულდა საკუთარი თავი ამ სიმხდალის გამო, ღირსი იყო, რომ არ გადაერჩინა ნოეს. ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებდა ამ უმიზნოდ გაწელილ ცხოვრებას. ნოე კი ამ დროს მისთვის თითქოს მიუწვდომელი, მაგრამ საყვარელი ქალის დაკარგვის შიშს შეეპყრო. ძლიერ ჰყავდა გულზე მიკრული და პატარა ბავშვივით არწევდა მის მთრთოლვარე სხეულს. კარგად ხედავდა ყოველდღიურობისგან დაღლილ ქალს, რომელსაც ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი გამბედაობა არ გააჩნდა და ღრმად სწამდა, რომ დაკარგული სიყვარულის გარეშე ბედნიერად ცხოვრებას ვერასოდეს შეძლებდა. ნოეს კი ახლა ყველაფერზე მეტად სურდა მის გვერდით ყოფნა და მასში ღრმად გამჯდარი აზრების შეცვლა. მთელი გულით სურდა საკუთარი სამყაროს შეთავაზება, რომელიც არც თუ ისე უიმედოდ ეჩვენებოდა მარიტასთვის.
ოდნავ დამშვიდებულს სახეზე დააკვირდა. მის თვალებში ჩაბუდებულმა ცრემლიანმა სიცარიელემ კიდევ ერთხელ ატკინა კაცს და გაუბედავად წაეტანა ქალის ბაგეებს. მარიტა შეკრთა, თითქოს ახლა გამორიყა ზღვამ ნაპირზე და წვრილ კენჭებზე სახით მწარედ დაანარცხა.
დიდი ხანი დასჭირდა საკუთარი თავისა, თუ ყოფილი ქმრის გამოსატირებლად ქალს.
===
თითქმის ვარდობის თვე მიწურულიყო. ღამის სიბნელეში, თბილ ქარს მტვრის პატარა ნაწილაკები აქეთ-იქეთ მიჰქონდა. მარიტას თავისი განუყრელი, გაცვეთილი სავარძელი ისევ ფანჯარასთან მიედგა. რომელსაც ხშირი გაწევ-გამოწევის გამო ცალი ფეხი მორყეოდა და სარწეველას დამსგავსებოდა. ცალ ხელში ისევ სიგარეტი ეჭირა, მეორეში კი ღვინის ჭიქა. ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოეწყო. თვალები კი ისევ უმისამართო სიბნელეში გაქცეოდა, ბურუსსში გახვეულიყო მისი სათაყვანებელი ქმრის სახე. მარიტას მთელი გულით უნდოდა წარსულის ბედნიერ წლებზე ფიქრი, თუმცა მის ნაცვლად ჰორიზონტზე ახალგაზრდა კაცი მოსჩანდა, რომელიც ხან ვნებიანად კოცნიდა ქალს, ხან კი მთელი ძალით იკრავდა ატირებულს გულში. მარიტას ყელში მწარე გორგალი გაეჩხირა და მის მზერას ცრემლები გადაეფარა, როცა სიბნელეში ასახულ გამოსახულებაში საკუთარი თავი და ნოე ამოიცნო. თვალები ერთმანეთს ძლიერ დააჭირა, მაგრამ მკვდრეთით აღმდგარი ემოციების ენერგიას და ნოეს გვედით განცდილ სიამოვნებას ვერაფერი მოუხერხა. მომავლის იმედით გახარებულს თან დანაშაულის გრძნობაც სდევდა და ქალს არწმუნებდა, რომ ყველაზე მეტი ტკივილი საკუთარი თავისაგან შეიძლება შეიგრძნოს ადამიანმა, როდესაც იმ გზას გადაუხვევს, რაც აქამდე სწორი ეგონა და მაშინ, საკუთარი მე-ხატისგან გამოწვეული იმდეგაცურების დიდი ტალღა იმაზე უფრო მძლავრი აღმოჩნდება ვიდრე ყველა ზღვის ტალღების გაერთიანება და წაქცეულ სხეულს მძლავრად მოხვევს მის მკლავებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent