ევა - თავი 4
ისეთი ლამაზი იყო თბილისი იმ საღამოს, თითქოს ბუნებას გადაეწყვიტა, მთელი ენერგია მის მოწყობაში დაეხარჯა. ნაცრისფერი ქუჩებიც კი ოქროსფრად ანათებდნენ და იმ საღამოს ევას სულ არ უფიქრია სამსახურზე ან იმ ყვავილზე, რომლის დაგვიანების გამოც მივიდა კონსტანტინეს კომპანიაში. იმ საღამოს ევასთვის არაფერი არსებობდა საკუთარი თავის გარდა. და როცა ბინის თეთრ კართან მდგარი, გამართული კაცი დაინახა, ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა. წამით ვერც იმას მიხვდა, ვინ იყო ის შავთმიანი მამაკაცი, თეთრი მაისურითა და მუქი, გუშრისფერი თვალებით. სიცხისგან გათანგულს რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ უცნაურად გამოწყობილ ადამიანში კონსტანტინე ამოეცნო. ხმას არ იღებდა კაცი, თუმცა არ მალავდა ინტერესიან მზერას. ევას თითოეულ რეაქციას აკვირდებოდა, მისი კაბის რხევაც კი შეისწავლა, ზაფხულის ცხელ ნიავს რომ გამოეწვია. -რამე მოხდა?-მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა დაბნეულმა გოგომ. ჩათვალა, რომ მხოლოდ დიდი კატასტროფის გამო მიაკითხავდა სახლთან თავად კონსტანტინე ალაზნისპირელი. -დიახ,-მშვიდად, უემოციოდ უპასუხა კაცმა. მერე იყო სიჩუმე რამდენიმე წამით და გოგონას კითხვით სავსე თვალები. თუმცა, ხმა მანამ არ ამოიღო, სანამ ევამ არ იკითხა, რა მოხდაო. საწყალი გოგო იმდენად დააბნია სიტუაციამ, სახლში შესვლაც დაავიწყდა და ცხელი თბილისიც. -თქვენი ნახვა მინდოდა,-უდარდელად განაგრძო კონსტანტინემ. მერე, ალბათ, წასვლას დააპირებდა, ევას გაკვირვებულ სახეს ღიმილი რომ არ გადაფარვოდა. ძლივს შეიკავა გოგომ თავი სიცილისგან. მერე ჩუმად, შეძლებისდაგვარად მშვიდად თქვა: -ჩემზე პატარა მდივანი შენობით მომმართავს და ოცდაცამეტი წლის ბიზნესმენი თქვენობით. ღმერთო, რა სასაცილოა!-თხელი თითებით ხორბლისფერი თმა ყურსუკან გადაიწია და ამის შემხედვარე და გამგონე კონსტანტინეს გაეღიმა. მისთვის რომ გეკითხათ, გაეღიმა. თუმცა ევას მის სახეზე ცვლილება არ შეუნიშნავს. ევამ მხოლოდ ცივი, უცნაურად ჩამთრევი შავი თვალები დაინახა... -ელენე თქვენზე პატარა არ არის, თუმცა ასაკი არაფერ შუაშია. ელენემ თქვენში მხოლოდ კონკურენტი დაინახა. მე კი რამდენიმე დაბნეულ არსებას ვხედავ ერთ სხეულში,-უცნაურად მშვიდი ხმა ჰქონდა... უცნაურად სასიამოვნო. -რას გულისხმობთ?-გაუკვირდა ევას და მისი ემოციურობის ფონზე, სიწითლემ დაუფარა ხორბლისფერი სახე, თხელი თითები კი აუთრთოლდა. -თქვენში ერთი ევდაკია მხოლოდ მარტო ყოფნასა და დასვენებას ნატრობს; მეორეს უკვირს ჩემი აქ ყოფნა და უნდა, მთელი სიბრაზე ჩემზე ანთხიოს, თუმცა ამას მესამე ევდაკია უშლის, რომელიც სხვებთან შედარებით ზრდილობით გამოირჩევა. აი, ის მესამე ევდაკია მხოლოდ წოდების გამო მომმართავს თქვენობით; მეოთხე კი ამ ლამაზი სხეულის ყველაზე ბნელ ადგილას ემალება დანარჩენებს, რადგან ის ვნებამ, წითელმა ღვინომ და ჩემმა შეხებამ შექმნა,-საუბრისას რამდენჯერმე საბოლოოდ შეათვალიერა კონსტანტიმემ დეკანოიძე, დაიმახსოვრა გოგო და მერე იმავე ტონით განაგრძო,-პირველი ევდაკიას გასახარად, ჩემი წასვლის დროა. და კონსტანტინე ალაზნისპირელი თეთრ სადარბაზოში გაუჩინარდა. თუმცა ევა მთელი ღამე ფიქრობდა მასზე. ფიქრობდა მის სიტყვებზე. ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად საშიშია კონსტანტინე... საშიშია, რადგან მან იცის ყველაფერი. მან იცის ყველაფერი... საშიშია ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე აქვს საკუთარი შეხედულება, რადგან ასეთი ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. სახლში რომ მივიდა, მზე უკვე კარგა ხნის ჩასული იყო. ლურჯ ცას თეთრი ვარსკვლავები ანათებდა, მის ვერანდას კი უამრავი პატარა ცისფერი ნათურა. ვერ იტყოდა, რომ მარტო ყოფნა უნდოდა, თუმცა არც საუბრის ხასიათზე იყო. არ უყვარდა ასეთ ხასიათზე ყოფნის დროს ლაპარაკი... გაუკვირდა, სახლში მისულს გიორგი რომ დახვდა ოთახში. უცებ მოუნდა, ახლადჩაძინებული მეგობრის გამოღვიძება და მასთან მშვიდი, ფილოსოფიური საუბარი. მისი იმ აზრების მოსმენა, ბავშვობიდან რომ ისმენდა... თუმცა, მხოლოდ ოთახში შევიდა, კარადიდან შინდისფერი პლედი აიღო და დივანზე მყოფს მიაფარა. გიორგის რეაქცია არ ჰქონია. კონსტანტინე მის გვერდით მდგარ სავარძელში ჩაეშვა, თავი საზურგეზე გადაადო და დაფიქრდა. რაზე დაფიქრდა? ბევრ რამეზე ფიქრობდა კონსტანტინე, თუმცა არაფერს ამბობდა. აღარ ამბობდა, რადგან ვერავინ უგებდა... სულელი ადამიანებისთვის აზრი არ ჰქონდა იმ სიბრძნეს, კონსტანტინე რომ ინახავდა თავის საოცარ გონებაში... აზრი არ ჰქონდა და კაციც არავის აკარებდა თავის ფიქრებს. ინახავდა საგულდაგულოდ და ვინ იცის, რას ფიქრობდა მაშინ, გიორგის მშვიდ ფშვინვას რომ უსმენდა და მუხლებზე მჯდარ სიმბას ეფერებოდა. მერე კატით ხელში სახელოსნოსკენ წავიდა ისე, რომ ყვავილებით სავსე ვერანდაზე არც კი გასულა. უამრავ ტილოს შორის გაიკვლია გზა და მაღალ სკამს მიუახლოვდა, რომელსაც არც ზურგი ჰქონდა, არც ფერი... თუმცა, კონსტანტინესთვს რომ გეკითხათ, როცა მუზამოწვეული საღებავიან ფუნჯს ხელში დაიჭერდა, აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. დაჯდა და ხატავდა. ხატავდა უამრავი, უთვალავი ფერით. ხატავდა იმდენ ყვავილს, რამდენიც, ალბათ, არავის უნახავს. ხატავდა და გულში ეღიმებოდა, როცა საკუთარ შემოამედებას უყურებდა. * -არ მაინტერესებს, ვინ არის! რატომ არ გესმის?-მოთმინებადაკარგულმა ხელები აიქნია და მთელი ძალით მაგიდაზე დაანარცხა. -დაწყნარდი, მე რა დაგიშავე... უბრალოდ, ვცდილობ სიტუაცია სხვა მხრიდან დაგანახო... -არა! მომისმინე, ყველაფერს აქვს უამრავი მხარე, მაგრამ ამას... ამას არა! არავის აქვს უფლება...-და სანამ მონოლოგს დაიწყებდა ევდაკია, აიამ თქვა სიცილით: -რისი უფლება არ აქვთ, ევა?-მერე მეგობრისკენ გადმოიხარა და წარბებაწეულმა დაიძურჩულა,-სახლში შემოგივარდა? -არა,-ჩუმად თქვა ევამაც. -შეგეხო? -არა!-შეიცხადა გოგომ, მერე, როგორც სჩვევია, ჯვარს ჩაავლო მარჯვენა ხელი,-ღმერთო, აია, რას ამბობ! -ნუ გახდები ახლა წმინდანი!-თვალები გადაატრიალა გოგომ,-არაფერი დაუშავებია. არც ლაპარაკი დაუძალებია... ნუ გასცემდი ხმას, პირდაპირ სახლში შესულიყავი! -შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ კონსტანტინემ შემოგაგზავნა?!-შიშით წამოიკივლა ევამ, აიამ კი თავი გააქნია. -შენი მეგობარი ვარ, ევა... უბრალოდ ვიცი, როგორი ადამიანია და არ გირჩევ მასთან დაპირისპირებას... მერე აია წავიდა და ევა მარტო დარჩა. დიდხანს იჯდა მდუმარედ, დიდხანს ფიქრობდა შავ, გიშრისფერ თვალებზე. წარმოიდგენდა მათ და ვერაფერს კითხულობდა მათში. აშინებდა კონსტანტინე. აშინებდა ალაზნისპირელი, რადგან მასში ადამიანური არაფერი იყო. ის ადამიანიც კი არ იყო... ზედმეტმა ფიქრმა მალე გადაღალა და თვალები ისე დაეხუჭა, ვერც მიხვდა. მშვიდად ეძინა ევას. მშვიდად ეძინა კონსტანტინეს. მშვიდად თვლემდა მზეც, მის ოქროსფერ ტახტზე მჯდომი, მთვარე კი ყველაფრის ვერცხლისფერ ზღვაში ჩაძირვას ცდილობდა. მეორე დღეს ევდაკია, როგორც ყოველთვის, სამსახურში წავიდა. არც კი თვლიდა ამას სამსახურად, უყვარდა ყვავილების გაყიდვა. უყვარდა მყიდველების მშვიდი, ზოგჯერ შეწუხებული, ზოგჯერ მომცინარი ან თვალცრემლიანი სახეების ყურება. ფერადი, სურნელოვანი ცოცხალი ყვავილები უამრავი ფერით ყველას აბედნიერებდა. მთელი დღე რაღაცას უგრძნობდა გული. მთელი დღე გრძნობდა, რომ ის დღე განსხვავენული იქნებოდა. ძალიან განსხვავებული... და როცა მაღაზიის საკეტი საბოლოოდ შეამოწმა და დარწმუნდა, რომ კარი დაკეტილი იყო, წასასვლელად მომზადებულმა მოშიშვლებულ, ხორბლისფერ მხარზე პატარა ჩანთა გადაიკიდა და... გულაჩქარებულმა წამოიკივლა. მოგვიანებით, ამაზე რომ დაფიქრდა, ვერ გაიხსენა, მართლა გაიგო საკუთარი ხმა ცარიელი ქუჩიდან თუ მხოლოდ გონებაში გაისმა ეს შეკივლება... -აქ რა გინდათ?-ჯერ კიდევ დაუწყნარებელი გულისცემის გამო ძლივს გადააბა სამი სიტყვა. ხმას არ იღებდა კონსტანტინე. თითქოს სურდა, მდუმარებით გაენადგურებინა გოგო. ევას კი ნელ-ნელა ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ წინ ნამდვილი კონსტანტინე ედგა და არა მისი მოჩვენება. -ყვავილის გამო მოხვედით?-მხოლოდ იმიტომ განაგრძო ევამ, რომ გიშრისფერთმიანის ხმის გაგონება სურდა,-კონტრაქტში ამაზე არაფერი ეწერა. -არა,-მხოლოდ ეს თქვა კონსტანტინემ. ევა კი შიშმა შეიპყრო. სიცივემ აიტანა ზაფხულის სიცხეში, როცა მიხვდა, წინ ედგა ადამიანი არაადამიანური ხმითა და გამოხედვით. -რა?-დაბნეულმა ჩაილაპარაკა გოგომ. -ყვავილის გამო არ მოვსულვარ. უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორ მუშაობდი,-უემოციოდ თქვა კაცმა. მერე შებრუნდა, ზურგი აქცია გაკვირვებულ ევას, რომელიც ჩამავალი მზის მსგავსად ბრწყინავდა. ის იყო ისევ აპირებდა დაბნეული, დამუნჯებული გოგოს დატოვებას, რომ საკუთარი განზრახვა მოაგონდა. დაფიქრდა და მიხვდა, შანსი ჰქონდა უკეთ გაეცნო ევა. არ აინტერესებდა, რომ ამას გოგო სხვანაირად გაიგებდა და იქნებ, მომავალში გულიც კი ტკენოდა დეკანოიძეს. კონსტანტინე იმ აწმყოთი ცხოვრობდა, რომელშიც არ არსებობდა სიყვარული, ტკივილი და სინანული. სწორედ ამიტომ, იმავე წამს მიბრუნდა ევასკენ. ცივი თვალები მიანათა გაძეგლებულს და იმავე, უემოციო ტონით მიმართა: -სახლში წაგიყვან. -არაა საჭირო,-თავი დახარა გოგომ, სახეზე ჩამოყრილი წაბლისფერი თმა ყურსუკან გადაიწია და სცადა, კონსტანტინეს მოშორებოდა, თუმცა... -ალბათ, ვერ ხვდები. შეგიძლია მარტო წახვიდე, მე სახლამდე მაინც გამოგყვები. -თავს როდის დამანებებ?!-ევას მოთმინება ეკარგებოდა და მშვიდად მდგომ კონსტანტინეს რომ უყურებდა, უფრო ღიზიანდებოდა. -როცა აღარ დამაინტერესებ,-დარწმუნებით თქვა კაცმა. იმ მომენტში ევას სახეზე იმდენი ემოცია გამოჩნდა, მიხვდა, რომ იმაზე საინტერესო იყო გოგო, ვიდრე ჩანდა. თავად ევა ჯერ დაიბნა. ალმურმა გადაურბინა ხორბლისფერ სახეზე. მერე გაუკვირდა კონსტანტინეს სიტყვები. მერე კი გაუხარდა. გაახსენდა საკუთარი რუტინული ცხოვრება, უაზრო დღეები და ღამეები, მომაბეზრებელი დიალოგები და ყვავილებით სავსე სახლი. იმედი მიეცა. იმ წამს ევას საკუთარი თავი ყველაზე უინტერესო, უაზრო ადამიანად მოეჩვენა და იფიქრა, რომ კონსტანტინეს ადვილად მოიშორებდა. -როდის მოხდება ეგ?-შედარებით მშვიდად წარმოთქვა გოგომ. -როცა გაგიცნობ. აღიზიანებდა ევას კონსტანტინეს მშრალი ტონი. აღიზიანებდა მისი ცივი, უმეტყველო თვალები. აღიზიანებდა მისი უემოციობა, მისი უცნაურობა... -თავი დამანებე,-ბოლოს ისე ამოიკნავლა, თითქოს შეეშინდა წინ მდგომის. -ის ჩემი მანქანაა,-უემოციოდ თქვა კაცმა,-თუ გინდა ჩაჯექი. სხვა შემთხვევაში, ისევ შენი სახლის კართან დაგხვდები. უბრალოდ, შენზე ადრე მივალ... კონსტანტინე წავიდა. მანქანის კაცი გამოაღო და მშვიდად დაიკავა ადგილი საჭესთან. წამით გაჩერდა. გაჩერდა და დაელოდა ევას. უყურებდა ცივი თვალებით, რომლებშიც სიბნელის უკან იმალებოდა ინტერესი. გოგომ ჯერ თვალი გააყოლა ალაზნისპირელს, მერე გრძელი, ნათალი თითები პატარა ჯვარს შეახო, ღრმად ჩასუნთქვისგან სავსე მკერდი წინ წამოწია, მერე ისევ დაპატარავდა, დასუსტდა და სიარული დაიწყო. უყურებდა კონსტანტინე გოგოს, რომელიც გზაზე იდგა და ტრანსპორტს ელოდა. უყურებდა და გულში გაეღიმა მის პრინციპულობაზე. უცნაური იყო კონსტანტინე. უცნაური იყო ევდაკიაც... და როცა სიცხითა და გრძელი სამუშაო დღით დაღლილი ევდაკია სახლის გარს მიადგა, იქ ისევ დაინახა გიშრისფერთმიანი. არ ელოდა. კონსტანტინეს საქციელმა, თითქოს, დაარწმუნა, რომ ეს კაცი ყველაფერზე იყო წამსვლელი მიზნის მისაღწევად. იმაშიც დარწმუნდა, რომ სიტყვას ასრულებდა. დარწმუნდა და შიშის ჟრუანტელმა დაუარა მის ხორბლისფერ, ნაზ, რბილ კანს. აიამ უთხრა, რომ შეეძლო ყურადღება არ მიექცია, სახლში შესულიყო... და ევამაც ხმის ამოუღებლად ამოიღო გასაღები. კონსტანტინე კარს მოშორდა, ევამაც დრო იხელთა და სწრაფად გააღო. შიგნით შესული აკანკალებული ხელით კარის დაკეტვას აპირებდა, როცა კონსტანტინეს ხმა გაიგო. გონებაში მისი ნათქვამი გაიმეორა და სიტყვებიც გამოირკვა. -სახლში არ შემომიშვებ? -არა,-მტკიცედ თქვა გოგომ და ის იყო კარი უნდა დაეკეტა, რომ კვლავ გაიგო კონსტანტინეს ხმა: -კარგი. ხვალამდე. და მამაკაცი წასვლას აპირებდა, ევამ რომ გააღო ნახევრად დაკეტილი კარი. თაფლისფერი თვალები აუწყლიანდა, სიბრაზისგან აკანკალებულმა ხმა ვეღარ დაიმორჩილა და აყვირდა. -არა, თავი უნდა დამანებო! რატომ არ გესმის?! -არ მიყვარს ერთი და იმავეს გამეორება... ხომ გითხარი, მაინტერესებ. სანამ ეს არ შეიცვლება, თავს არ დაგანებებ,-მშვიდად თქვა გიშრისფერთმიანმა, მერე თავი დაუკრა გოგოს,-ხვალამდე,-გაიმეორა და კვლავ ზურგი აქცია. -შენ ვინმე როგორ უნდა გაინტერესებდეს?! არც კი იღიმი! ყველას აშინებ! -არა, მხოლოდ შენ გაშინებ,-კვლავ ევას მიუბრუნდა ალაზნისპირელი,-ღიმილი აუცილებელია, კეთილგანწყობის გასამჟღავნებლად? -აუცილებელია!-წამოიყვირა გოგომ, მერე წამში დაფიქრდა და, ისე რომ ვერც მოახერხა გააზრება, დაამატა,-და შენი ყველას ეშინია. -არ ვარ საშიში. -არ გეტყობა... -შემომიშვი და გაიგებ, რომ არ ვარ. -რომ შემოგიშვა, თავს დამანებებ?-წარბები აზიდა ევამ. -ვერაფერს დაგპირდები,-კვლავ რობოტივით გაიმეორა კაცმა. -ანუ არ მომშორდები... -მე ეს არ მითქვამს. თუმცა ევას უკვე აღარ აინტერესებდა, რას გააკეთებდა კონსტანტინე. მას დასვენება უნდოდა. და კარზე ჩამოკიდებულმა ძლივს მოახერხა მისი დახურვა ისე, რომ სადარბაზოში მდგარ კონსტანტინეს არც კი დამშვიდობებია. ისევ გაეცინა კონსტანტინეს გულში. თავი გააქნია შეუმჩნეველი ღიმილით. წამით ინატრა, ენახა ვინმე, ვინც მის შეუმჩნეველ ღიმილს შეამჩნევდა. არ შეეძლო იქ დგომა. ვერ დაკარგავდა დროს ამაში. ვერ უყურებდა დახურულ კარს და ვერ წარმოიდგენდა უცნობი სახლის უცნობ კედლებს შორის რას იზამდა უცნობი ქალი. და როცა საძინებელში ნელი ნაბიჯით შესული ევა მიხვდა, რომ აინტერესებდა ალაზნისპირელი რას იზამდა, აინტერესებდა როგორ გაატარებდნენ ერთად თუნდაც ერთ წუთს, ნაბიჯს აუჩქარა. ბოლოს გაიქცა. და როცა კარი გააღო კონსტანტინე იქ არ დახვდა. გიშრისფერთმიანი მამაკაცი კიბეებზე ჩადიოდა მშვიდად, აუღელვებლად. ნაბიჯების ხმა გაიგო გოგომ. ვერ გაიაზრა, როგორ გაიქცა. გაიქცა და დაიძახა მისი სახელი. ალბათ, მოგვიანებით საკუთარ თავზე გაეცინებოდა, იქნებ გაბრაზებულიყო კიდეც, თუმცა იმ წუთში ამაზე სულ არ უფიქრია. ალაზნისპირელი გაჩერდა. მხარგაშლილს შავი თვალები აუციმციმდა. ნელა, ნელა შემობრუნდა და სულ რამდენიმე საფეხური დასჭირდა, ევამდე მისაღწევად. საუკუნედ მოეჩვენა გოგოს ეს დრო? არა. არც კი უფიქრია იმ წამებზე, რაც კონსტანტინესთან ლაპარაკისას დაკარგა. პირიქით, თოთქოს გათიშეს და მხოლოდ მაშინ ჩართეს, როცა კონსტანტინე წინ დაუდგა. სახლში შეიპატიჟა ევამ სტუმარი. მაშინვე დაიწყო დეტალების აღქმა ალაზნისპირელმა. გაუკვირდა, ასეთი გოგო ასეთ სახლში რომ ცხოვრობდა. არ უყვარდა კონსტანტინეს წარმოსახვაში მდიდრული სურათების შექმნა (ახლაც არ გაუკეთებია ეს), უბრალოდ საკუთარ თავს უფლება მისცა, წარმოედგინა მზისფერი გოგონას შესაფერისი საცხოვრებელი... ბინა პატარა იყო, ერთი საძინებლითა და მისაღებით, რაც ძალიან განსხვავდებოდა კონსტანტინეს ფუფუნებისგან. არც შინაური ცხოველი, არც "ოთახის მეზობელი", არაფერი... მხოლოდ ყვავილები აცოცხლებდა პატარა, მყუდრო ოთახებს. -დალევ რამეს?-გაისმა გოგოს დაღლილი ხმა. კონსტანტინე ნელა შებრუნდა სამზარეულოს მაგიდასთან მდგარისკენ და წამის შემდეგ ამოიღო ხმა. -წითელი ღვინო გაქვს?-უემოციოდ იკითხა კაცმა და დააკვირდა როგორ გადაირბინა გოგოს ხორბლისფერ სახეზე ღიმილმა. არაფერი უპასუხია ევას. დიდ, მაღალ ჭიქაში ჩამოასხა ღვინო. მერე თხელი, ნატიფი თითებით ორივე ჭიქა ხელში აიღო და ფრთხილად მიაწოდა კონსტანტინეს. -ხვალ სამსახურში წაგიყვან,-თქვა კაცმა. გაღიზიანდა ევა. იმ რომანტიზმს ეძებდა კონსტანტინეში, რაც საერთოდ არ არსებობდა ამ ადამიანში და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა გოგო. -არა, სხვაგან მივდივარ დილით,-თქვა და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გვიან მიხვდა, რომ ამის თქმა საჭირო არ იყო. -სად?-მშვიდად იკითხა კაცმა, ჯერ ევას შეხედა, შეამჩნია როგორ შეუხტა წარბები, როგორ აუჩქარდა მკერდი გახშირებული სუნთქვის გამო, მერე ოთახს მოავლო თვალი, თითქოს რამდენიმე დღის წინ ეს ადგილი არ ენახოს, ბოლოს კი ტელეფონი აიღო. წამში გააჟღერა ვივალდის მელოდია. -არსად,-მაშინვე წამოიძახა გოგომ და ჭიქას შეახო სქელი ბაგეები. -სად მიდიხარ?-ახლა გიშრისფერი თვალები გაუსწორა ევას თაფლისფერებს. ევასთვის რომ გეკითხათ, ვერ გეტყოდათ, კონსტანტინეს თვალებმა წაართვა თავი თუ იმ მუსიკამ, თავს რომ ევლებოდა, თუმცა ამ ორიდან ერთ-ერთმა გოგოს ჩუმად ათქმევინა: -ეკლესიაში... ახლა კიდევ უფრო კარგად დააკვირდა კონსტანტინე მის გამომეტყველებას. დაფიქრდა და მიხვდა, შანსი ჰქონდა მის კარგად გასაცნობად. -აღსარება უნდა ჩააბარო?-ცინიკურად იკითხა კაცმა. -ჰო, მერე?!-გაღიზიანდა გოგო, ჭიქას ხელი გაუშვა და ბიჭს შეხედა დაჟინებული მზერით. -შენდობა უნდა სთხოვო ღმერთს იმ ღამისთვის, ჩემთან რომ გაატარე? გაშრა ევა. გაძეგლდა. ვეღარაფერი თქვა. -არაუშავს, შეგინდობს,-კაცმა მუსიკას ააყოლა გრძელი თითები, მაგიდის ზედაპირს შეახო რამდენჯერმე. -ასე ნუ ლაპარაკობ!-წამოიძახა გოგომ და, როგორც ყოველთვის, ჯვარს ჩასჭიდა მარჯვენა. იცებ შენი ღმერთის არსებობას? მხოლოდ იმით, რომ ის დიადი და მიუწვდომელია..? თქვენ, ქრისტიანები ხომ ამბობთ, რომ ღმერთმა ადამიანი მის ხატად შექმნა. თქვენ ამბობთ, რომ ჰგავხართ ღმერთს. ნუთუ უფალმა დაგაკლოთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მის შეცნობაში გჭირდებათ? -უფალს არაფერი დაუკლია ჩვენთვის, კოსტა. უფალმა დაგვიცვა იმ ცოდნისგან, რომელიც ჩვენს გონებას გაანადგურებდა, ააფეთქებდა, ჩვენს ფიქრებს აურევდა და მოგვკლავდა. -ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს ჩემთვის, რომ ღმერთი არ არსებობს და ეს ყველაფერი თქვენი, სუსტი ადამიანების მოგონილია, რადგან თქვენნაირებს სჭირდებათ ვიღაც არარსებული, რომ დაემორჩილონ, სწორი არჩევანი გააკეთონ. და სინამდვილეში ფანატიზმი გაგიჟებთ ისე, რომ ვერც კი ხვდებით. -ასე არ არის!-ფეხზე წამოდგა გოგო. გაღიზიანდა. საკუთარ პოზიციას ვერ თმობდა, თუმცა ვეღარ ამართლებდა თავს. თითქოს კონსტანტინე აკეთებინებდა ამ ყველაფერს... აბნევდა კონსტანტინე, რომელიც მშვიდად უყურებდა აფორიაქებულ გოგოს. ევამ ზურგი აქცია მამაკაცს. ჭიქა ნიჟარაში ჩადგა და ეცადა არ შეეხედა ალაზნისპირელისთვის, სანამ არ დამშვიდდებოდა, იქნებ არგუმენტებიც მომრავლებოდა გონებაში... იგრძნო, როგორ მიუახლოვდა კონსტანტინე. არ შეხებია კაცი. მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრის დაშორებით იდგა მის ზურგს უკან. ჩუმად, ძალიან ჩუმად უთხრა ყურთან ახლოს: -მაპატიე, მაგრამ, ჩემი აზრით, ესაა სიმართლე,-მერე ოდნავ მოშორდა,-როცა სასურველი სტუმარი ვიქნები, კიდევ მოვალ,-თქვა და კიდევ გადადგა უკან ერთი ნაბიჯი, მერე კი ზურგი აქცია გოგოს. შეხედა ევამ კაცს. შეხედა და დაინახა ის სიცარიელე, იგრძნო ის მარტოობა, რასაც კონსტანტინეს წასვლა დატოვებდა. სიჩუმე გოგოს ნაზმა ხმამ დაარღვია. სახლში ექოდ გაისმა მისი სიტყვა... -კოსტა... კონსტანტინე გაჩერდა. იმ საღამოს კედლები ალაპარაკდნენ. იმ საღამოს ვარსკვლავები ჩურჩულებდნენ. იმ საღამოს მთელმა სამყარომ გაიგო მზისა და მთვარის შეხვედრის შესახებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.