ევა - 5
საქარე მინიდან უყურებდა ქალს. გრძელი, შავი კაბა მოსავდა მის ხორბლისფერ კანს. მოშიშვლებული ლავიწები შორიდანაც გარკვევით ჩანდა. მისი სავსე მკერდი მშვიდად ადი-ჩადიოდა და შავი მატერიის მცდელობის მიუხედავად, ვერ იმალებოდა. წაბლისფერ თმას ყვავილებით მოჭედილი თავსაფარი უფარავდა. სქელ ბაგეებს სულ ოდნავ ამოძრავებდა, ალბათ, ტაძრიდან გამოსვლისას საბოლოოდ ლოცულობდა უფლის სახლის წინ. თხელი თითები შეახო ერთმანეთს, პირჯვარი გადაიწერა და თავდახრილი მოშორდა ეკლესიის დიდ, ხის კარს. მოხდენილად ადგამდა პატარა ნაბიჯებს თხელი, სწორი ფეხებით და კონსტანტინე თვალს ვერ აცილებდა. აფასებდა სილამაზეს. თუმცა ევა სხვა იყო. ევა არ იყო მხოლოდ ლამაზი... კონსტანტინე ევას ხედავდა იმ ანგელოზად, რომლის არსებობაც არ სჯეროდა. კონსტანტინესთვის ევა ის უკიდეგანო ცა იყო, ყოველ დღე განსხვავებულად რომ გამოიყურება. ევა ის გამოუკვლეველი ყვავილი იყო, მის ვერანდაზე ჯერ რომ არ არსებულა. ევა ის უცნაური სილამაზით დაჯილდოებული ქმნილება იყო, დედამიწა რომ არ იმსახურებდა... ევა იყო ის არსება, უსაზღვროებას რომ იტევდა პატარა სხეულში და ეს უსაზღვრობა ყველას დააინტერესებდა, ყველას ყურადღებას მიიქცევდა. მანქანას რომ მიუახლოვდა, გოგომ გაკვირვებით შეხედა შუშას, იქ კონსტანტინეს სახე გაარჩია და მერე ახლოსაც მივიდა. -ვის ელოდები?-ისე იკითხა, თითქოს არ იცოდა რისთვის იყო კონსტანტინე იქ. თითქოს დილასვე არ ეთქვა, მე წამოგიყვან ტაძრიდანო... -შენ,-უემოციოდ მიუგო კაცმა. ევას გაეცინა. მთელი გულით გაეცინა. მაშინ პირველად დაინახა კონსტანტინეს შეცვლილი მიმიკა (თუმცა მოგვიანებით ეს სახე რომ გაიხსენა, დააკვირდა და მიხვდა, არაფერი შეცვლია მაშინ კონსტანტინეს). -უკვე აქ ვარ, არ ღირს მარტო წასვლა,-კაცმა რამდენიმე წამის შემდეგ კვლავ დაარღვია სიჩუმე, რადგან ევა ხმას არ იღებდა. -დროს ნუ დამაკარგვინებ, თუ არ მოდიხარ, წავალ და გაგიღებ მაღაზიას,-კონსტანტინემ გასაღები აჩვენა და დაინახა, როგორ შეეცვალა ევას სახე. -საიდან გაქვს?-ძლივს გააკონტროლა ხმა, როცა კაცის ხელში მაღაზიის გასაღები დაინახა. ზუსტად იცოდა, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. -გუშინ ავიღე, შენ რომ აღსარებისთვის ემზადებოდი საწოლში,-თქვა კაცმა და, როცა ევა მანქანაში მის გვერდით დაჯდა, გულში გაეცინა ქალზე, რადგან მაღაზიისა და სახლის გასაღებს ვერ არჩევდა... შუადღის მზე მანქანის შავ შუშებში ძლივს აღწევდა. ევა ღმერთს მადლობას სწირავდა, კონსტანტინე რომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში, რადგან ახლა ფეხით წასვლა არ უწევდა სამსახურში. უყურებდა ცეცხლისფრად აელვარებულ თბილისს და სახე უნათდებოდა, რადგან ახლა ამ ცეცხლისგან შორს იყო. გული უგრძნობდა, რაღაც ახალი მოხდებოდა და უხაროდა, რადგან ვერ წარმოედგინა სიახლე, რომელიც მის ცხოვრებაში კიდევ მოიტანდა რამე ცუდს... -ევა,-ფიქრებიდან კონსტანტინეს ხმამ გამოარკვია. ეუცნაურა მისგან ასე მომართვა. პირველად დაუძახა ევა და არა–ევდაკია და გაეღიმა გოგოს, კაცს გახედა კითხვით სავსე თვალებით და ალაზნისპირელმაც განაგრძო,-ამ ზაფხულს სადმე დაისვენე? ევას სკოლა გაახსენდა, ზაფხულის არდადეგების შემდეგ ყველა ამ კოთხვას სვამდა. გაახსენდა და ჩაეცინა. მერე თავი გააქნია და მშვიდი, ნაზი ხმით დაამატა: -არსად ვყოფილვარ. შენ? -არც მე. -რატომ? საკმარისი შემოსავალი გაქვს საზღვარგარეთ წასასვლელად, თან კომპანიის დატოვებაც შეგიძლია ცოტა ხნით...-გაიკვირვა გოგომ, ჯერ კონსტანტინეს შეხედა, შემდეგ გარეთ გაიხედა და მაშინვე იგრძნო შავი თვალები, ბნელი მზერა. -სურვილი არ მქონდა,-თქვა კაცმა და ევას არ ესიამოვნა მისი მშრალი, ცივი ტონი. უპასუხოდ დატოვა კაცი. თუმცა კონსტანტინემ მალევე განაახლა საუბარი: -ზღვა გირჩევნია თუ მთა? ევა დაფიქრდა, გაეღიმა. -ახლა ზღვა ყველაზე ლამაზია. აგვისტოს მზე ისეთი კარგია... მთელ სანაპიროს ანათებს, ყველა ადამიანს უნაწილებს სასიამოვნო სითბოს... მთა შემოდგომაზეა კარგი. გვიანი აგვისტოს მთაც ლამაზია. იცი, ამ დროს ერთანად იცვლის ფოთლები ფერს და მთა სულ წითელ-ყვითელია... დილის სუსხი საოცრად სასიამოვმოა მთაში, ნისლიანი და თოვლიანი ჰორიზონტი თავს არასდროს მოგაბეზრებს... თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა ევა. შორს იყურებოდა, აღარც კი ახსოვდა, გვერდით რომ კონსტანტინე ეჯდა. გიშრისფერთმიანი ფრთხილად იჭერდა საჭეს და თან ევას ადევნებდა თვალს. ულამაზესი იყო ევა. ხვდებოდა კონსტანტინე, რაღაც უცნაურად საინტერესოს მალავდა ქალი საკუთარ თავში. რაღაც ისეთს ინახავდა, რაც იზიდავდა კონსტანტინეს. ათეისტისთვის, თითქოს, იმ კერპად უნდა ქცეულიყო ევა, ყველა ადამიანს რომ სჭირდება სწორი გზის ასარჩევად. უყურებდა ალაზნისპირელი დეკანოიძეს და უნდოდა ენახა, როგორ აირეკლავდა მისი თაფლისფერი თვალები აგვისტოს მზეს ზღვის სანაპიროზე. -წავიდეთ ზღვაზე,-მაშინვე თქვა კაცმა, გოგო ლაპარაკს რომ მორჩა. ლოყები აუწითლდა ევას, რადგან გვიან გაახსენდა, ალაზნისპირელს რომ ესაუბრებოდა ისე, თითქოს საკუთარ დღიურს ავსებდა... -რა?-ახლა გულიანად გაეცინა ევას. ვერ წარმოიდგინა საკუთარი თავი, ზღვის ტალღებთან მებრძოლი, კონსტანტინესთან ერთად. -წავიდეთ ზღვაზე,-გაიმეორა გიშრისფერთვალებამ. ახლა გაჩერდა ევაც. ჯერ მოუდუნდა სახე, მერე კვლავ გაეცინა. -შეიძლება,-უცნაურად შეხედა გვერდით მჯდომს დეკანოიძემ, ბოლოს ჩუმად დამატა,-ოდესმე... "ოდესმე", გულში გაიმეორა კონსტანტინემ. გაეღიმა, შეუმჩნევლად გაეღიმა და შავი, გიშრისფერი თვალები გაუნათდა. -ახლაც შეიძლება,-თქვა ბოლოს, თუმცა ევას მისი ხმა აღარ გაუგია. გვიან მიხვდა ფიქრებში გადაშვებული ევდაკია, რომ სახლის გზა თბილისის გასასვლელს არ ჰგავდა. ლიხის ქედამდე ყვიროდა, მანქანა გააჩერეო. ბოლოს, მართლა რომ გააჩერა კონსტანტინემ, ევა არსად წავიდა. -დასაკარგი დრო არ არის, ევა,-მშვიდად თქვა და ევა უფრო გაღიზიანდა ამ სიმშვიდეზე, ერ ეჩვეოდა... -რატომ წამომიყვანე?-წამოიკივლა გოგომ. -გკითხე, შენც დამთანხმდი. -მე ვთქვი, შეიძლება-თქო. ოდესმე შეიძლება-მეთქი! -მე ვთქვი, ახლაც შეიძლება-თქო, შენ კი აღარაფერი გითქვამს,-ხმას სულ არ უწევდა კონსტანტინე, ევასგან განსხვავებით,-თუ გინდა, წადი, ტრანსპორტამდე მიგიყვან. თუ გინდა, წამომყევი, ცოტა ხნით დავისვენოთ. -მაღაზიას ვერ დავტოვებ!-თავის გამართლება სცადა ევამ. -კომპანიას და მაღაზიას ელენეს ჩავაბარებ. -არ ვიცნობ! -მე ვიცნობ. -არც შენ გიცნობ! -კომპანიაში შემომივარდი, ჩემთან იწექი, თან ორჯერ, ეკლესიაში წამაყვანინე თავი, შენი სახლის გასაღები მე მაქვს და არც კი ითხოვ დაბრუნებას და ახლა ამბობ, რომ არ მიცნობ? იმდენად მშვიდად საუბრობდა კონსტანტინე, ევას ეჭვი ეპარებოდა, რომ ის ნამდვილი იყო. იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა კონსტანტინე, რომ ევას არ უნდოდა მისგან წასვლა... -ტანსაცმელი არ მაქვს,-თვალი აარიდა ბოლოს კაცს. -ვიყიდით,-ისე თქვა კონსტანტინემ, თითქოს ეს ყველაზე პატარა პრობლემა იყო ზღვაზე წასვლისთვის ხელის შესაშლელად. -სულ ეს იყო?-რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ გადაწყვიტა დაეზუსტებინა ევას არჩევანი,-წავიდეთ თუ სახლში დაბრუნდები? -წავიდეთ,-თქვა ბოლოს. და ამის შემდეგ, მანქანაში მხოლოდ კლასიკური მუსიკის ხმა ისმოდა. სიწყნარეში ევა მშვიდად ფიქრობდა და ბოლოს, უცნაურად შეხტა. კონსტანტინეს გახედა, მუსიკა გამორთო და მისმა ხმამ დაარღვია სიჩუმე. -ის გასაღები ჩემი სახლისაა?! * -გეფიცები, მოგკლავ! არ გაპატიებ! არაფერი გაიგე ჩემგან?! ვერაფერი გაიაზრე?! -არ არის ჩემი ბრალი! -სულ ამით იმართლებ თავს! -აია, არ იცნობ! მანიპულატორია, თან ძალიან საშიში... -ყველა მანიპულატორი საშიშია! ამას გეუბმებოდი. ამას გეუბნებოდი,-ხმას დაუწია მყვირალმა აიამ. -გთხოვ, არ დამტოვო, რა,-გაისმა ტელეფონში ევას კნავილი. აია გაჩერდა. ევამ წარმოიდგინა, როგორ შეიცურებდა გოგო პატარა თითებს წითელ ხვეულებში, როგორ მოიქცევდა წითელ ტუჩებს კბილებს შორის. -კარგი,-გაისმა ბოლოს გოგოს ხმა ტელეფონში,-მოვიფიქრებ რამეს. ევამ ტელეფონი პატარა ჩანთაში ჩაიდო. მზეს ახედა, უკვე შუადღე იყო... კონსტანტინე ხორბლისფრად ანთებულ გოგოს ელოდა, ის კი ვერ იძვროდა ადგილიდან. ორ ევად გაიყო ერთი გოგო. პირველი თბილისისკენ ექაჩებოდა, ეძახდა, არ გაყვე უცნობს, სიამაყეს ნუ გადააბიჯებო. მეორე ევა პირველს დიდ სიახლეს უმალავდა და გაბრწყინებული თვალებით ანიშნებდა, რომ სიახლე აუცილებელი იყო... საჭირო იყო. და პირველი ევა უყურებდა მეორე ევას თვალებს. უყურებდა და იქ ბუნდოვნად ხედავდა რაღაც ნათელს, რაღაც იმაზე ბრწყინვალეს, ვიდრე აგვისტოს მზე იყო. ერთმა ევამ მეორეს ჩაჰკიდა ხელი. მანქანა დაიძრა. და არ გაჩერდა, სანამ ზღვის სურნელი არ იგრძნო ევამ. ღიმილმა გადაურბინა ხორბლისფერ სახეზე გოგოს. მხრებში გაიმართა და ლავიწები გაითავისუფლა. შეამჩნია კონსტანტინემ ეს და წამით გზას თვალი მოაშორა. გოგოს სხეული კონსტანტინეს გიშრისფერ თვალებში გამოჩნდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა. და კონსტანტინემ იგრძნო რაღაც დიდი, რაღაც ძლიერი... კონსტანტინემ ყველაფერი იცოდა. ისიც იცოდა, რომ ევას ვერასდროს დაივიწყებდა... -ეს რა არის?-წამოიკივლა გოგომ გაკვირვებისგან, როცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მაგივრად, ორსართულიან სახლთან გააჩერა კაცმა მანქანა. -სახლი,-არ დააყოვნა კონსტანტინემ. -სასტუმრო..? სად არის სასტუმრო? -სასრუმრო იქითაა,-თავით ანიშნა კონსანტინემ. -აქ რა გვინდა? წავიდეთ იქ...-გოგო დაიბნა. კონსტანტინემ პირი გააღო. უნდოდა ეთქვა რაღაც... მაგრამ რა, არ იცოდა... რა ეთქვა არ იცოდა ბიჭმა, რომელმაც ყველაფერი იცოდა... -კოსტა,-გაიჟღერა გოგოს დაბალმა ხმამ მანქანაში და კონსტანტინე მიხვდა, გიორგის გარდა ასე არავინ ეძახდა. ესიამოვნა, ევასგან ეს სახელი. ახლა ესიამოვნა, რადგან პირველად, როცა ევამ ასე მიმართა, ვერაფერი იგრძნო. ის უემოციო იყო, ახლა კი... ახლა ევას ეშინოდა, დაბნეული დეკანოიძე გამბედავ ევას ებრძოდა და საბოლოოდ, ემოციებისგან დატვირთულ გოგოს თავისდაუნებურად წამოსცდა ეს სახელი... -გისმენ,-მშვიდად გადახედა კაცმა. -წავიდეთ, რა, სასტუმროში. -რა გინდა სასტუმროში?! რატომ გადავიხადო ფული? -იმიტომ, რომ გაქვს! -ყველას ექნებოდა, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში რომ არ ტოვებდნენ დოლარებს. საჭმელი, საწოლი და აივანი სახლშიც მაქვს. აუზიც არის, ზღვის ხედიც. სასტუმრო არ არის საჭირო,-თქვა თუ არა, კარი გააღი და მანქანიდან გადავიდა. არ დალოდებია ევას, თუმცა ვინ იცის, როგორ უნდოდა მისი დანახვა მანქანიდან გადმოსვლისას... იქნებ, როგორ უნდოდა საკუთარი თავმოყვარეობა დაეძლია და გოგო, რომელიც სხვებისგან გამოარჩია, ცამდე აეყვანა... -ჩემი მეგობარი ჩამოდის...-ამოიკნავლა ევამ, როგორც კი კონსტანტინეს წამოეწია. იმ წამს ზღვის ხმაც აღარ ესმოდა, კაცის რისხვის მომლოდინეს. -ჩამოვიდეს,-მხრები აიჩეჩა გიშრისფერთმიანმა. -ჩამოვიდეს?-სიცილი აუტყდა ევას. ზოგჯერ საკუთარი ემოციურობა აგიჟებდა... -ჰო, ჩამოვიდეს. ხელს არ შემიშლის. სასტუმრო იქითაა,-კვლავ ანიშნა კონსტანტინემ ისე, რომ არც კი გაჩერებულა. -აუ, კოსტა!-დაიწუწუნა გოგომ. შორიდან მოესმა საკუთარ თავში ჩაკეტილი მეორე მეს ხმა. ახლავე წადი მაქედანო, ყვიროდა დატყვევებული ევა, მაგრამ ევას სხეული მიყვებოდა გიშრისფერ კაცს, რომელიც ზედაც არ უყურებდა... -კოსტა,-თქვა საბოლოოდ, როცა სახლში შევიდა, და გაჩერდა. კონსტანტინეც გაჩერდა. ევამ სახლის შესასვლელს მოავლო თვალი და გაუკვირდა... რაღაც მდიდრულს ელოდა. რას? ალბათ, ოქროს კედლებს, ოქროს ავეჯსა და ოქროს ჭურჭელს. სცადა, არ შეემჩნია, თუმცა იმის გაფიქრებაზე, რომ კონსტანტინე ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობდა, გაეღიმა და უფრო დამშვიდებულმა განაგრძო,-აია ჩამოვა და სასტუმროში გადავალთ. მერე შენც გნახავთ...-ბოლო სიტყვები დაამატა, რადგან ისევ შეაშინა კონსტანტინეს უემოციობამ... წამით კაცი იმ მანიაკად წარმოიდგინა, მომავალში სერიულ მკვლელად რომ უნდა იქცეს. -ევდაკია, შენ ხომ ჩემთან ერთად წამოხვედი?-კაცმა ხმა ამოიღო და ევამ, თითქოს, შვება იგრძნო,-ჩემთან ერთად წამოხვედი, არა? -კი, მაგრამ... -წავიდეს შენი მეგობარი, აია, სასტუმროში. მერე, მასაც ვნახავთ... -არ მინდა ეგრე...-თავი დახარა გოგომ. -მაშინ, წადი,-კაცმა დიდი, ლამაზი მტევანი ჯიბეში ჩაიცურა, ევას ზურგი აქცია, სასტუმრო ოთახისკენ წავიდა, გოგოს მიაძახა,-აქ მოდი, დაელოდე აიას,-და ტელეფონი ყურზე მიიდო. ევა თეთრ დივანზე ჩამოჯდა და კონსტანტინე კიბეებს აუყვა. თან ევას გადახედა. უნდა გაეშვა? რა თქმა უნდა, გაუშვებდა... კონსტანტინესთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ევა იქ იქნებოდა თუ არა. ალაზნისპირელს მხოლოდ მისი გაცნობა უნდოდა. -გისმენ,-გაიგო ტელეფონში გიორგის ხმა. -გიო, სახლში ვერ მივალ. სიმბა არ დატოვო, წაიყვანე,-ერთმანეთს მიაყარა ბიჭმა, თუმცა მის სიტყვებში მხოლოდ გიორგი თუ იგრძნობდა ემოციას. -ვერა, ძმაო, მეც მივდივარ... ერთი დღე არაფერი დაემართება, რა. -არა, მთელი კვირა ვერ მივალ. წაიყვანე, გთხოვ. -სად მიდიხარ? -საქმეზე,-თქვა ბოლოს კაცმა. მეგობარმა ამოიხვნეშა და კონსტანტინემაც გაუთიშა. ზუსტად იცოდა, სიმბა საიმედო ხელში იყო, გიორგი მას კარგად მიხედავდა. თუმცა გიორგი მთელი გულით ლანძღავდა ბავშვობის მეგობარს, რადგან იქ, სადაც მიდიოდა, კატა ნამდვილად ხელს შეუშლიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის კატა საშიში მონსტრის როლს თამაშობდა ესართიასთვის. კონსტანტინე ოთახში შევიდა. უახლოეს წარსულზე დაფიქრდა. დაფიქრდა და გაუკვირდა. ბოლო წუთამდე სასრუმროში მოდიოდა. როდის გადაუხვია გზას? როდის აღმოჩნდა სახლთან? ალბათ, მაშინ, როცა უფერული გზის ნაცვლად ევას ხორბლისფერ კანს აკვირდებოდა. ან მაშინ, როცა ფიქრობდა, სანაპიროს მზეს როგორ აირეკლავდა ქალის ნაზი სხეული... იქნებ მაშინ, როცა ევასთან შესაძლო სასაუბრო თემებზე ფიქრობდა, ან მაშინ, როცა წარმოიდგენდა, როგორი იყო ის სინამდვილეში... ზუსტად არ იცოდა სახლში მისვლის მიზეზი, თუმცა მიხვდა, რომ იქ მისულ ევას ვერ გაუშვებდა. ნელა ადგა და აუჩქარებლად ჩავიდა პირველ სართულზე, სადაც ხორბლისფერი გოგონა იჯდა. -სად არის შენი მეგობარი... რა ქვია?-პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი. ევა შეხტა სიჩუმის უეცარი დარღვევის გამო, უცებ გახედა კონსტანტინეს. -გზაშია. აია ჰქვია. -ჰო, აია,-ჩაფიქრებით გაიმეორა კაცმა, მიუხედავად იმისა, რომ აიას სახელი ძალიან კარგად ახსოვდა,-მერე, სად უნდა წავიდეს აია? -სასტუმროში წავალთ... ფულს ჩამომიტანს და წავალთ...-დაიჩურჩულა გოგომ. თავი დახარა და ფანჯრიდან შემოსული ოქროსფერი მზის სხივები მის წამწამებზე ჩამოსხდნენ. კაცმა უცნაურად შეათვალიერა ევა. რაღაც იყო მასში... რაღაც ისეთი იდუმალი, როგორც... ნეტავ, რა ჰქონდა ქალს ისეთი, კონსტანტინეს ასე რომ იზიდავდა... -არ წახვიდეთ. აქ მოვიდეს აია,-თქვა კაცმა მკაცრი, ცივი ტონით. მოგვიანებით შეაქო საკუთარი თავი ასეთი თავდადებისთვის (ან იმით უფრო იამაყა, ემოციებმა რომ არ შემოუტიეს). -არ არის საჭირო. -არის. შენ თუ აქ მოგიყვანე, ესე იგი, შენს მეგობარსაც შეუძლია მოსვლა. -რომ არ გინდოდა?-ისე გაუმეორა გოგომ, აშკარად დაეტყო, თვალწინ დაუდგა ის მომენტი, როცა კონსტანტინემ ეს სიტყვები თქვა. წამით გაღიზიანდა ალაზნისპირელი, არ მოეწონა, სხვასაც ასე რომ ახსოვდა რაღაცები. ფეხზე ადგა. ზემოდან გადახედა ევას. ტანსაცმელი შეისწორა, შუბლზე ჩამოყრილი გიშრისფერი თმა გადაიწია და მხოლოდ შემდეგ თქვა: -ადამიანი ადამიანი არ იქნებოდა, ასე ხშირად რომ არ იცვლიდეს აზრს, ევა. გოგო მარტო დარჩა. და მიხვდა, პირველად პირველად შეხედა კონსტანტინემ ისე ადამიანურად, როგორც იმ წუთებში... იმ წუთებში მიხვდა ევა, რომ ალაზნისპირელი არ იყო საშიში ქმნილება, მასში იყო რაღაც ისეთი, რაც კაცს ადამიანს ხდიდა... იქნებ, უკეთესსაც კი, ვიდრე უბრალოდ ადამიანია.. -ჩამოვიდა, მაგრამ დახვედრა სჭირდება, კოსტა!-შესძახა ძლივსმოშინაურებულმა ევამ ოთახში მყოფს. კაცმა ამოიხვნეშა. არც უფიქრია ადგომა, ისე გასძახა: -მანქანქანის ტარება შეგიძლია? -კი...-გაიკვირვა გოგომ, თან გაბრაზდა, დახურული კარიდან რომ ესაუბრებოდა. -ჰოდა გარეთაა მანქანა. წადი, დახვდი. და ევა არც დაფიქრებულა, ისე გაიქცა. უცებ წარმოიდგინა, როგორ გახსნიდა აიას მიერ ჩამოტანილ ჩემოდანს, ნახავდა შესაბამის სამოსს და თუნდაც დაღამებულზე, სანაპიროზე გავიდოდა. მზე ჩადიოდა, ის კი წამებს ითვლიდა სადგურამდე, თუმცა... მანქანასთან მისულმა კარიც კი ვერ გახსნა. უკან დააპირა შესვლა, თუმცა სახლისკენ შებრუნებული მაღალ სხეულს შეეჩეხა. დაიბნა, ხორბლისფერი ლოყები წამში შეუწითლდა. -რატომ ჩამოხვედი..?-ძლივს ამოიღო ხმა. -იმიტომ, რომ გასაღების გარეშე მანქანას ვერ მართავ,-დარწმუნებით თქვა კაცმა. მერე გვერდით გასწია გოგო და კარი გააღო,-და როგორც ჩანს, არც გასაღებით გამოგივა. მანქანა მიქროდა. მიქროდა და ღია ფანჯრიდან შემოსული ზღვის ცხელი ჰაერი სასიამოვნოდ ეფერებოდა სახეზე ევას. უყურებდა კონსტანტინე მას და ეღიმებოდა. ეღიმებოდა? ნეტავ, ვინმე თუ ამჩნევდა ამ ღიმილს?! ევდაკია წარმოიდგენდა, როგორ მოიქცეოდა აია, როცა მეგობრის გვერდით კონსტანტინეს დაინახავდა. წარმოიდგენდა, როგორ აყვირდებოდა, როგორ დასტაცებდა ევას ხელს და წაიყვანდა "საშიში კონსტანტინესგან" შორს. იქნებ, ამ სიტუაციას დაესრულებინა ევას შინაგანი სამყაროების ბრძოლა? იქნებ, იქ გადაეწყვიტა ევას, რომელი "მეს" ნდობა შეიძლებოდა? იქნებ გაეგო, რა უნდოდა? აიას ხმა არამოუღია. ჩუმად ჩაჯდა მანქანაში და არც მთელი ამ დროის მანძილზე იქ მჯდარი კონსტანტინე შეუმჩნევია. მხოლოდ ცივი "გამარჯობით" შემოიფარგლა. არც კონსტანტინეს დავიწყებია ზრდილობა. თუმცა გზაში მეტი არაფერი უთქვამთ. ევა წარმოიდგენდა, ბათუმში ყოფნის პერიოდში როგორ გაღიზიანდებოდა ალაზნისპირელის უემოციობით. ისიც წარმოიდგინა, როგორ მოიშორებდა კაცს და საბაბად სწორედ მის არაადამიანურ, არაამქვეყნიურ ხასიათებს გამოიყენებდა. და სწორედ მაშინ, როცა ევა ფიქრობდა, კონსტანტინე არასდროს აუწევდა ხმას, არასდროს გაიცინებდა ან იჩხუბებდა, სახლში შესულებმა დაინახეს თაფლისფერთვალება ბიჭი. გაშეშდნენ აია და ევა. კონსტანტინემ თვალი შეავლო წინ მდგარს. -სიმბა სად არის?!-გაყინული ხმით დაიჩურჩულა გიშრისფერთმიანმა. -აქ... სადღაც აქ იყო,-ბიჭმა გარშემო მიმოიხედა, მერე კონსტანტინეს შეხედა და იმ მომენტში მთლად დაპატარავდა მაღალი მამაკაცი. ალბათ, კატის საძებნელად წავიდა, მოშორდა "მასპინძელს", თუმცა, იქნებ, სულ სხვა რამეს გაურბოდა... კიბეზე ასვლა დაიწყო. იქიდან კი კიდევ ერთი ადამიანის მსგავსი არსება გამოჩნდა. ჯერ გრძელი, თხელი ფეხები, რომლებსაც მოკლე შორტი სულ ოდნავ ფარავდა, შემდეგ ვიწრო წელი და ბოლოს ცისფერი თვალები. აიამ ევას შეხედა. ევამ აიას. და თვალებით უთხრეს ერთმანეთ, "რა ლამაზია!" ალბათ, ვერავის გაუგია მათი ხმა... ალბათ, ვერავინ შეამჩნია ისინი, რადგან ქერათმიანი კაცი "კატას ეძებდა", ქერათმიანი ლამაზმანი კი გაკვირვებული შესცქეროდა უცნობებს. კონსტანტინე? სწორედ მას ეკუთვნოდა გახშირებული, მძიმე სუნთქვა. მერე კი მისი ყვირილი გაისმა: -გიორგი, მოგკლავ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.