ევა - 6
ადამიანი პირველი შთაბეჭდილებით არ უნდა განსაჯოს, იცის ეს. მუდმივად იცვლება ადამიანი, ესეც იცის... ერთი ადამიანი მეორეს ბოლომდე ვერასდროს გაიცნობს, ესეც ზუსტად იცოდა... მაგრამ კონსტანტინე ალაზნისპირელი ასეთი არ წარმოედგინა. ალაზნისპირელი ადამიანს მხოლოდ სხეულით ჰგავდა, ამიტომ სჯეროდა, რომ არანაირი ემოცია არ გააჩნდა და უემოციო ადამიანი ცოცხალს აღარაფრით ჰგავს. ვერ წარმოიდგენდა, თუ მასაც ჰქონდა ცხოვრება, უგრძნობ არსებად ქცევის მიზეზი... ვერ წარმოიდგენდა, თუ ჰყავდა მეგობრები ან ერთგულ კატაზე თუ შესტკიოდა გული... მერე? მერე, იქნებ, ჩაღრმავებოდა ალაზნისპირელს, იქნებ ჩაეხედა მის თვალებში და იქ დაენახა მისი არაადამიანობის მიზეზი, მაგრამ ახლა ევა მხოლოდ გაკვირვებას მალავდა, რადგან წარმოუდგენელი სურათი დაეხატა თვალწინ. -მოგკლავ! ვერ გახვალ აქედან! ჩემი კატა მომიყვანე! ჩქარა! -აქ არის... აქ არის! -არ არის, გიორგი! შენ და შენი გოგო ხართ აქ! -სიმბაც აქ არის, გეფიცები! -რა სახელია სიმბა, არასდროს მესოდა,-ჩაილაპარაკა უცნობმა ლამაზმანმა, რომელიც კიბიდან უყურებდა დერეფანში მორბენალ კონსტანტინესა და გიორგის. წამით დადუმდა სახლი, აღარ ისმოდა სერიოზული მამაკაცების განწირული მუქარა და ვედრება... ევა აკანკალდა, თან ეცინებოდა, თან უკვირდა და თან ეშინოდა. აიას მზერა იგრძნო და მისი ხმაც გაიგო: -მგონი, მოკლა... ძლივს შეიკავა სიცილი, ალბათ, უცხო ქალბატონის მოერიდა. წამში კარის ჯახუნი გაისმა და ხმებიც განახლდა. -გეთქვა, აქ თუ მოდიოდი! სხვაგან წავიყვანდი!-ყვირის გიორგი. -ჩემს სახლში ისე მოდიხარ, არც მეუბნები! -შენ თვითონ მომეცი ნება თხუთმეტი წლის წინ! კიბეებისკენ გამოიქცა გიორგი. ლამაზმანი გვერდით გაიწია, გზა დაუთმო კაცებს. კონსტანტინე გაჩუმდა, დეტალურად გაახსენდა თხუთმეტი წლის წინანდელი დიალოგი... მხოლოდ გაქცეულ გიორგის გაეკიდა, დანებებას არ აპირებდა. -სიმბა!-წამოიყვირა ბოლოს, როცა კიბეზე მდგარმა ევას გვერდით მშვიდად მჯდომი კატა დაინახა. კატამ დაიკნავლა. გიორგი საცოლეს ამოეფარა, კოსტა გაატარა. მერე კი ქალს გადაუჩურჩულა: -ეს ორი რამ გააძეგლა?-და ევასა და აიაზე მიანიშნა. -თქვენ,-მშვიდად უპასუხა ქალმაც. იმ ღამეს აღარაფერი მომხდარა. კონსტანტინეს უყურადღებობით შეურაცხყოფილმა ევამ თავისი ოთახი მოიძია, აიასთან ერთად დაბინავდა იქ და გაღიზიანებულმა დაიწყო საკუთარ საქციელზე ფიქრი. მიხვდა, იქ ჩასვლით და კონსტანტინეს "მორჩილებით" საკუთარი თავი შეარცხვინა და ახლა მეორე მესთან თავს იმით იმართლებდა, რომ კონსტანტინე მანიპულატორია, თან ნატრობდა, აიას ისე ჩაძინებოდა, რომ აღარაფერი ეთქვა. რბილ, გრილ საწოლში იწვა გიორგის საცოლეც, ლიზა ჭანტურიაც, რომელიც საყვარელი მამაკაცის ლოდინში ზღვის ხმის მოსმენით ირთობდა ხმას. ადიდებული ზღვის მოქცევის ხმა ამშვიდებდა კოსტასაც. აივანზე მდგარი ხელებგადაჯვარედინებული გადაჰყურებდა წყვდიადს, რომელსაც ძლივს აბნევდა აივანზე მბჟუტავი ნათურა. -გამოსაცვლელია,-გაისმა გიორგის ხმა. არ განძრეულა ალაზნისპირელი, მიხვდა, მეგობარი ნათურაზე ეუბნებოდა. -არ არის. უხდება ღამეს,-მშვიდად უპასუხა. გიორგის არაფერი უთქვამს. მის გვერდით დადგა და მოაჯირს დაეყრდნო. მერე მეგობარს ახედა. -კოსტა,-ჩუმად ამოილაპარაკა ოქროსფერთმიანმა და როცა იგრძნო, რომ მეგობარი უსმენდა, ჩუმადვე განაგრძო,-ვინ არის ის გოგო? -რომელი? სამი გოგოა ამ სახლში რატომღაც... -იცი, რომელზეც გესაუბრები. კონსტანტინემ მხოლოდ წამით მოაშორა მზერა ჰორიზონტს, გიორგის თაფლისფერ თვალებში ჩაიკარგა და მაშინვე იპოვა გზა ზღვის ხმაურისკენ. -ევდაკია დეკანოიძეა. -მერე? რა დაინახე მასში ისეთი, რომ აქ მოიყვანე..? ისეთი, რომ გვერიდან არ იშორებ? -საინტერესოა. -რა არის საინტერესო? -ის. მთლიანად საინტერესოა. ისეთი ტანი აქვს, მინდა შევეხო, შევიგრძნო და ტილოზე გადავიტანო. ისეთი ხმა აქვს, მინდა მისი ყველა ფიქრი მისივე პირით მოვისმინო... ისეთი თვალები აქვს, მინდა, ყოველი საუბრისას მიყურებდეს... -კოსტა, იცი ეს რა გრძნობაა?-შეპარვით იკითხა ხმაჩაწყვეტილმა ოქროსფერთმიანმა. გიშრისფერმა ბიჭმა კი მხრები აიჩეჩა. -ეს ინტერესია. ცხოვრების ინტერესი. -არა... გიყვარდება, კოსტა. -სიყვარული არ არსებობს. -არსებობს. ხომ იცი, რომ არსებობს?! -სიყვარული რომ არსებობდეს...-ზიზღით ჩაილაპარაკა კონსტანტინემ. თუმცა სათქმელი არ დაუსრულებია. ან დაასრულა უხმოდ, გულში, გონებაში და სულში და იქნებ ის დასასრული გიორგიმაც გაიგო... თუმცა გიორგის აღარაფერი უკთხავს, არ შეწინააღმდეგებია მეგობარს, გიშრისფერი ალაზნისპირელი კი წყვდიადს გამოეყო და ბნელ ოთახებში ჩაიკარგა... * -რას აკეთებდი?-ჩუმი ხმით იკითხა გოგომ, როცა გიორგიმ ოთახის კარი დაკეტა. ბიჭმა ჯერ ქალს შეხედა, მერე ოთახს მოავლო თვალი და მაშინვე თხელი მაისური გაიხადა. ქალს გვერდით მიუწვა და მერე უპასუხა: -ვისვენებდი. -რისგან?-თავი მკერდზე დაადო ქალმა, გიორგიმ კი ხელი ნაზად შემოჰხვია წელზე. -ყველაფრისგან... სიწყნარე იყო და თბილისის ჭუჭყს ვიშორებდი,-ისე თქვა, თითქოს კონსტანტინე არც კი უნახავს. ლიზასაც აღარაფერი უთქვამს. ლიზა განსხვავებული გოგო იყო. ის იყო იდეალური საცოლე, რომელიც კლუბში საქმროსთან ერთად მიდიოდა, ზღვაზე საქმროსთან ერთად ერთობოდა, მთას საქმროსთან ერთად შემოივლიდა... და ამ განსხვავებულ, განსაკუთრებულ საცოლეს, გრძელი გზით დაღლილს მაშინვე საყვარელი მამაკაცის მკერდზე ჩაეძინა. კონსტანტინე? კონსტანტინე იწვა და საწოლზე მჯდარ სიმბას ნაზად უსვამდა რბილ კანზე მარჯვენას. ცისფერ თვალებში უყურებდა და კატაც მშვიდად ითმენდა მარტოსული პატრონის ალერსს. თვალებით თითქოს ეკითხებოდა: "რა ხდება? რა გჭირს?" კოსტა კი ცრემლიან თვალებს ხუჭავდა, გამჭირვალე კრისტალებს უკუაგდებდა და უღიმოდა უმცროს მეგობარს... რა იცოდა, თუ ევაც ასე მარტოდ გრძნობდა თავს... რა იცოდა, თუ მისი პრობლემაც გაქრებოდა... ან არაფერი გაქრებოდა. არაფერი დასრულდებოდა და სამუდამოდ ასე მოუწევდა ცხოვრება... * -გაიღვიძე...-ჩურჩული არღვევს ოთახში დაბუდებულ სიჩუმეს. -გაიღვიძე, რა!.. გაიღვიძე!-ახლა სიჩუმე საბოლოოდ ტოვებს ოთახს. ევდაკია აიას ანჯღრევს, ეს უკანასკნელი კი ძილს მთელი ძალით ებღაუჭება. ბოლოს, როცა ვერაფერს გახდა და გამოფხიზლდა, ევას ახედა. -რა გინდა?!-წამოიყვირა, მერე მიხვდა, რომ უცხო სახლში იყო. დაფიქრდა, წინა საათები გაიხსენა და ზიზღით ამოიხვნეშა,-არ ყოფილა სიზმარი... -ზღვაზე ჩავიდეთ, სანამ კოსტა გააიღვიძებს, რა!-დაიწუწუნა გოგომ და იგრძნო, როგორ დაიძაბა აია,-რა მოხდა..? დაბნეულმა ჰკითხა. -კოსტა?! როდიდან გახდა „კოსტა“?!-შხამიანი ხმა ჰქონდა აიას. ისეთი ცივი და მკაცრი, ევამ ზუსტად იცოდა, დიდხანს ვერ გაუძლებდა მის ასეთ ტონს და გატყდებოდა... -დიდი სახელი აქვს...-თავი იმართლა გოგომ. -ჰო, დიდი სახელი რომ აქვს, მაგიტომ ვერ უთხარი თბილისიდან ბათუმში წაყოლაზე უარი. -არა... ანუ... მანანდე გამომყვა... -გამოგყვა?!-სახე შეეცვალა ახლადწამომჯდარ აიას,-სად გამოგყვა? -ეკლესიაში...-თავდახრილ ევას თვალზე ცრემლი მოადგა, გული აუჩქარდა, ზუსტად იცოდა, არასწორი რომ იყო და მეგობარსაც ატყუებდა. -ეკლესიაში?! რატომ..? -ჩემთან იყო და... -რა?!-სათქმელი აღარ დაასრულებინა აიამ. იყვირა და მაშინვე წამოხტა საწოლიდან,-სად, შენთან?! შენთან, მაღაზიაში..? -არა...-დარცხვენით ჩაილაპარაკა ევამ, მერე უფრო ჩუმად ჩაილაპარაკა,-სახლში. ჩენთან სახლში. აიამ ხმა აღარ ამოიღო. წითური თმა კოსად შეიკრა. პატარა ხელები ვიწრო წელზე შემოირტყა. აწითლებულ მეგობარს გადახედა. მერე უკვე კარგახნის ამოსულ მზეს გახედა. თავის დამშვიდება სცადა. ზღვის ხმა შემოესმა. აჩქარებული გულისცემა დაურეგულირდა. კვლავ ევას შეხედა, ჯერ კიდევ თვალს არიდებდა გოგო. აია დაფიქრდა. რა იცოდა ევამ, აია თუ ფიქრობდა, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, რომ უნდა აყოლოდა და შედეგს დალოდებოდა... ეს გადაწყვიტა აიამ და საკუთარ თავს პირობა ჩამოართვა, რომ ევას არ დატოვებდა ტირანი ალაზნისპირელის წინააღმდეგ მარტო... შეჰპირდა და ნაძალადევი ღიმილი მიანათა ევას, მერე კი მისი მხიარული ხმაც გაისმა: -კარგი. ჩავიდეთ სანაპიროზე!-მერე ევას გაკვირვებული და განათებული სახე დააიგნორა და ოთახის კუთხეში მყოფ ჩემოდნებს მიუახლოვდა. ევას უთხრა მისი ნივთები სად ეწყო, თვითონ თეთრი კაბა აიღო და უცებ გადაიცვა, მერე მეგობარს გახედა. -აბაზანა სად არის?-მხიარული ტონი დაუბრუნდა მუდამ მხიარულს. -აუ, არ ვიცი...-წარბები შეკრა ევამ, თითქოს ეცადა, გაეხსენებინა სად იყო, თუმცა... არც კი უკითხავს წინა ღამეს... აიამ ხელი ჩაიქნია, არაუშავსო, და ოთახიდან გავიდა. ოთახიდან გასული ყველა შემხვედრ კარს აკვირდებოდა. ცდილობდა მათზე აღმოეჩინა რაიმე მინიშნება, თუმცა სააბაზანოსთვის შესაფერის კარს ვერ პოულობდა, ყველა ერთმანეთს ჰგავდა! ბოლოს იმედგაცრუებული ერთ-ერთი კარის წინ გაჩერდა, ეს იქნებაო, და ისე შეაღო, არც დაფიქრებულა. შეაღო და მაშინვე გაშეშდა. ოთახი აბაზანას არ ჰგავდა. წინ საწოლი ედგა. საწოლზე ულამაზესი ქალი იწვა, მის გვერდით იყო კაცი, რომელიც ოდნავ წამოწეულიყო და ქალის ტუჩებსა და თვალებზე ანაცვლებდა მზერას. -ჯანდაბა!-წამოიყვირა აიამ. მამაკაცმა მაშინვე მისკენ გაიხედა და გაკვირვებისგან რომ გაეცინა, სულ გაგიჟდა აია. კარი ჩქარა დაკეტა. ახლა უფრო დაიბნა. თვალწინ საკუთარი თავი ედგა, შერცხვენილი, და ის სცენა, წამის წინ რომ ნახა და ყველა კარი ერთნაირი ეჩვენებოდა. ისიც კი დაავიწყდა, თვითონ რომელ ოთახში იყო. ნაბიჯს აუჩქარა და ისევ გაჩერდა. უკვე ვეღარ გაეგო, სად უნდა წასულიყო. იქნებ, ისევ გიორგის შევარდნოდა? ან უარესი... იქნებ კონსტანტინეს ოთახის კარი გაეღო შემთხვევით? -ევაა!-წამოიყვირა დაბნეულმა, თუმცა საკუთარი ხმა ძლივს გაიგო. სწორედ ამ დროს ორი კარიდან ერთ-ერთი გაიღო და იქიდან გამოსული მზის სინათლეზე მაღალი ფიგურა გამოჩნდა. შოკოლადისფერი სახე, წითელი ტუჩები, გიშრისფერი თვალ-წარბი და თმა რომ დაინახა, აიამ ინატრა, იქვე მომკვდარიყო... -რა გაყვირებს?-იკითხა უცნაური ხმით კონსტანტინემ. აიამ თავი დახარა, მერე გამოფხიზლდა, თვალებში შეხედა კაცს და ხელები გადაიჯვარედინა. -რამხელა სახლი გაქვს?! -პრეტენზიას ველოდი, მაგრამ ასეთს არა...-თვალებში უყურებდა კონსტანტინეც და აიას ეგონა, რომ თუ თვითონ არ მოკვდებოდა, ეს მზერა ამოაცლიდა სულს. იმ წუთში, თითქოს, მიხდვდა, რატომ აყვა ევა კონსტანტინეს, რატომ გაატარა მასთან ღამე და რატომ იყო მის სახლში, თანაც–ბათუმში... -დავიკარგე! ჩემს ოთახს ვეძებდი... -შენი ოთახიდან რატომ გამოხვედი?-ტონი არ ეცვლებოდა ალაზნისპირელს, აია კი ვერ ხვდებოდა, დასცინოდა, უბრაზდებოდა თუ რაიმე სხვა გრძნობას გამოხატავდა... -აბაზანას ვეძებდი!-უფრო მკაცრად წამოიყვირა აიამ, თითქოს ასე მოიშორებდა მასპინძელს. გიშრისფერი წამით დადუმდა, აიას სულის უკანასკნელი წვეთიც შეისუნთქა და გოგოს დერეფნის მეორე ბოლოზე ანიშნა: -ერთი იქ არის, მეორე ქვემოთ. და სწორედ ამ დროს ერთ-ერთი კარი გაიღო. აიამ და კონსტანტინემ იქით გაიხედეს და წითურმა დაიმახა ის, ვისი დანახვაც ყველაზე ნაკლებად სურდა თავისი ცხოვრების მინიმუმ ათი წლის განმავლობაში. -გაიწიე!-წამოიყვირა და ისე აუარა კონსტანტინეს გვერდი წაშლილი სახით, გიორგისკენ აღარც გაუხედავს. კარი ისევ აერია. ვერ გარისკა სხვა ოთახში შესვლა და იქ შევიდა, საიდანაც კონსტანტინე გამოვიდა. საბოლოოდ გაწამებულმა გოგომ მხრები ჩამოყარა, გადათეთრებული სახე უფრო გაუთეთრდა და ძლივს ამოიკნავლა: -ზუსტად ასეთი უნდა იყოს ჯოჯოხეთი... საბედნიეროდ, აიას არ ესმოდა, რა ხდებოდა გარეთ. დერეფანში ოქროსფერთმიანი გიორგი სიცილით მიუახლოვდა უემოციო გიშრისფერს. -როგორმე უთხარი, რომ არაფერს ვაპირებდით,-სიცილითვე ამოილაპარაკა, თან უკან, კარზე ანიშნა. -თვითონ უთხარი,-ისე უპასუხა კონსტანტინემ, თითქოს არც მომხდარს ჰქონდა მნიშვნელობა და არც შედეგს. ან მართლა არაფერს წარმოადგენდა ეს... -ახლა რაღა დაგემართა?-მაშინვე გაჩერდა მომცინარი. სერიოზულად იკითხა, გაუკვირდა, რადგან წინა ღამეს მოაგვარეს ერთ სახლში ზედმეტი ქალების არსებობის პრობლემა. -შენი აზრით?-კითხვა დაუბრუნა გიშრისფერმა. -შენს ოთახში შევიდა, არა?-წამით დადუმების შემდეგ ისე თქვა გიორგიმ, თითქოს ამას ფიქრი არც კი უნდა დასჭირვებოდა. -ჰო. წესით, აქამდე უნდა მიმხვდარიყო, რომ ევდაკია იქ არ არის. -ევდაკია რა არის?-თაფლისფერი თვალები გაუფართოვდა ოქროსფერთმიანს. კონსტანტინემ დააიგნორა მეგობარი. და სწორედ მაშინ, როცა თავისი ოთახის კარისკენ შებრუნდა, მის გვერდით მდებარე ოთახიდან ევა გამოვიდა. -დილა მშვიდობისა,-მორიდებით დაფარა გოგომ უხერხულობა. -სადაცაა დაღამდება,-უემოციოდ უპასუხა კონსტანტინემ. გიორგიმ მიაძახა, მხოლოდ ათი საათიაო, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია გიშრისფერს. კარი გააღო, კედელზე აკრულ აიას ხელი უხეშად ჩაავლო და დერეფანში გამოდგა. -მანდ ევდაკიას ხედავ?-ახლა მკაცრი ჰქონდა ხმა კონსტანტინეს. უყურებდა... თვალებში უყურებდა გოგოს, რომელიც მანამდე არასდროს დანებებულა. აია კონსტანტინეში ხედავდა მხოლოდ იმ თვისებებს, რაც ცუდად იმოქმედებდა ევაზე... ჩაფიქრებული ვერც მიხვდა, რა მოხდა. პასუხის მომლოდინე ალაზნისპირელი ხელს არ აშორებდა გოგოს გამხდარ, სუსტ მხარს. საბედნიეროდ, გიორგი კარგად იცნობდა მეგობარს. ჯერ გაძეგლებულ ევდაკიას შეხედა და მიხვდა, რომ კონსტანტინემ ის ახსენა, მერე აიას შეხედა, რომელსაც რძისფერი კანი უარესად გათეთრებოდა და ამ თეთრ სახეზე უცნაურად იფანტებოდა ჭორფლები. მერე თავად კონსტანტინეს შეხედა და მიხვდა, რამ გააღიზიანა. არასდროს უყვარდა, მის ოთახში რომ შედიოდნენ... არ უყვარდა... ამიტომ მოუწია გიორგის ამოქმედება. და სწორედ მაშინ, როცა დერეფანში გაისმა ევას წამოკივლება, ხელი გაუშვიო, გიორგიმ კონსტანტინეს მაჯაში ჩაავლო ხელი და ოქროსფერ სახეზე ნათელი ღიმილი გადაიკრა. -კოსტა! წამო, საუზმე მოვაგვაროთ და ზღვაზე ჩავიდეთ! კონსტანტინემ მაშინვე გაუშვა ხელი "მსხვერპლს" და შორიდან შეხედა გოგოს. მერე ზურგი აქცია ევასა და აიას. კიბეებზე ჯერ თვითონ ჩავიდა, მერე გიორგი ჩაჰყვა. ამ უკანასკნელმა თბილი ღიმილით გამოხედა ჯერ კიდევ უცხო სტუმრებს და მათ სახეზე რაღაც უცნაური, რაღაც მადლობის მსგავსი ამოიკითხა. მერე მანაც ზურგი აქცია გოგონებს და მეგობარს წამოეწია. როგორც კი თვალს მიეფარნენ ალაზნისპირელი და ესართია, გოგოებმა ერთდროულად დაიწყეს: -გეფიცები, მოვკლავ! რა გაგიკეთა? -სამაგიეროს გადავუხდი! რა ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს?! -მგონი, მართლა აქვს...-ევამ დაეჭვებით თქვა, რადგან გაიხსენა მთელი კვირის მოვლენები და მაშინვე გაჩერდა, როცა აიას შეკრული წარბები დაინახა. -ნუ იქცევი ეგრე! არ ხარ ეგეთი და რას გმართებს ეს ბიჭი?! -საშიში კაცია და არა–ბიჭი...-ისევ უაზროდ სცადა თავის მართლება ევამ. აიას პასუხი აღარ გაუცია. ალბათ, იმიტომ, რომ სათქმელი აღარაფერი იყო... ან გიორგის ოთახიდან გამოსულმა ქალბატონმა დაადუმა. ქალი სერიოზული, მშვიდი გამომეტყველებით მიუახლოვდა გოგონებს. -მე ლიზა ვარ,-ისე თქვა, თითქოს გაცნობა უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გადაწყვიტა, მერე კი, ისე, რომ მათ პასუხს არ დალოდებია, დაამატა,-სხვის ოთახში შესვლამდე ნებართვა ითხოვე ხოლმე, ასეთ სიტუაციაში რომ არ ჩავარდე. აიამ იგრძნო, ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები. მანაც ლიზასავით აზიდა ცეცხლისფერი წარბები, მხრებში გაიმართა, ევას გასაჩუმებლად ხელი ჩაავლო და სანამ გიორგის საცოლე წავიდოდა, ხმა ამოიღო: -შენ და შენმა ბიჭმა ოთახის კარი ჩაკეტეთ ხოლმე, ასეთ სიტუაციაში რომ არ ჩავარდეთ. ლიზა უცნაურად გაეცნო გოგონებს. თუმცა ვერც ერთის თვალში მისი სილამაზე მისმა უხეშმა საქციელმა ვერ გადაფარა. მაღალი იყო ლიზა ჭანტურია, გრძელი, სწორი ფეხები ჰქონდა, შოკოლადისფერი კანი, აშკარად, ახალი გარუჯული იყო. გრძელ სახეს სქელი ბაგეები, სულ ოდნავ კეხიანი ცხვირი და ზემოთ აზიდული წარბები უმშვენებდნენ. თაფლისფერ თვალებში კი მკვეთრად ჩანდა გიორგის სახე, თითქოს ყველას აჩვენებდა, ვინ იყო მისი ცხოვრების აღმოჩენა. * -კოსტა, რატომ იქცევი ასე?-იკითხა გიორგიმ, როგორც კი სამზარეულოში შევიდნენ. კონსტანტინემ მეგობარს გახედა. ხელოვნური ღიმილი გადაეფინა მის უემოციო სახეს. -არ ვიცი, გიო... იქნებ იმიტომ, რომ ვიღაც უცნობი ჩემს ოთახში იყო?! -თუ დააკვირდი, ის "ვიღაც უცნობი" თვითონ მოიყვანე სახლში. მანქანით. ოთახიც შენ მიეცი. -სხვა გზა არ მქონდა. ასე ნუ მელაპარაკები, შენც ჩემს სახლში ხარ!-წამით გაღიზიანება დაეტყო ალაზნისპირელს, თუმცა, ალბათ, მხოლოდ გიორგი შეამჩნევდა ამას. -მე გიორგი ხომ არ ვარ?! ის გიორგი ესართია, დღესაც შენ გვერით რომ არის, შარშანაც რომ იყო, შვიდი წლის წინაც და მანამდეც?!-წარბშეკრულმა გიორგიმ ყველაფერი სცადა, რომ არაფერი შეემჩნია, თუმცა გული ეტკინა. საშინლად ეტკინა. იცოდა კონსტანტინეს უაზრო ხასიათების შესახებ და ისიც იცოდა, როგორ უნდა აეტანა ეს ხასიათები, მაგრამ... ზოგჯერ ისეთი უსამართლო იყო კონსტანტინე, ისეთი ცივი და... ისეთი კონსტანტინესებური, რომ გიორგის ყველა მის მიერ წარმოთქმული ბგერა მახვილივით ესობოდა გულში, ყველა მოგონებას უცოცხლებდა და ყველა ჭრილობას უახლებდა... -ჰო, გიორგი ხარ,-თავი დახარა კონსტანტინემ. თავი დახარა და ცარიელ მაცივარში შეიხედა. გიორგის კი გაეღიმა, რადგან გიშრისფერის მიერ წარმოთქმული "ჰო, გიორგი ხარ" ისე ჟღერდა, როგორც "მაპატიე, დამნაშავე ვარ." ღიმილითვე მოაშორა მზერა მეგობარს და კიბეებისკენ გაიხედა. მერე კი ხმამაღლა გასძახა ზემოთ მყოფებს: -გოგოებო! ჩამოდით, სანაპიროზე გავიდეთ! * აღელვებული ზღვის ტალღები მთელი ძალით ეხეთქებოდა ნაპირს. გაგიჟებული, გაცოფებული წყლის ეს უზარმაზარი მასა არავის დაინდობდა, ალბათ, თვით ღმერთსაც. პოსეიდონის გამოგზავნილ ტალღებს უყურებდა ევდაკია, თავად ევდაკიას კი კონსტანტინე უცქერდა იმ იდუმალი, ფარული აღტაცებით, ვერავინ რომ ვერ შეამჩნევდა, თავად გოგონაც კი. იდგა ბიჭი და უყურებდა რჩეული ქალის მზით დაკოცნილ სხეულს, რომელიც თავად ასხივებდა მზის სიმხურვალეს. უყურებდა და ცდილობდა გაეგო, რამ მიიზიდა, მისმა ხორბლისფერმა სიმხურვალებ, მზის მსგავსმა სინათლემ, ნატიფმა თითებმა, დაუოკებელ ტალღებს რომ აგებებდა, თუ იმ უცნაურმა მშვიდმა ემოციურობამ, რომელიც ყველა სხვა ქალებისგან გამოარჩევდა გოგოს. უყურებდა კონსტანტინე და, ალბათ, პირველად ირეოდა საკუთარ ფიქრებში. ევდაკია კი, ზღვასთან თამაშით ბავშვივით გართული, კონსტანტინეს მწველ მზერას ვერ გრძნობდა. ხან ჰორიზონტს გახედავდა და მზის ყურებით დატკბებოდა, ხანაც აიას შეხედავდა, რომელიც მეგობრის ყურადღების მისაქცევად ყოველ წამს ახალ საოცრებას იგონებდა, მოხდენილად ცურავდა მონატრებულ ზღვაში და მარილიან წყალს მეგობრის ხორბლისფერ კანს ასხავდა, ევა კი სამაგიეროს უხდიდა. გიორგი და ლიზა სხვა სამყაროში იყვნენ. თითქოს ცეკვავდა ქალის ლამაზი სხეული კაცისასთან ზღვაში. ზღვა იცავდა მათ მწველი მზისგანაც, რომელიც, თითქოს მათ გამოფხიზლებას ამაოდ ცდილობდა... ზღვიდან ამოსული ევას სხეული წყლის უამრავი წვეთით იყო დაფარული, მწველი მზე კი თავგამოდებით ებრძოდა მათ. აია ევას არ გამოჰყვა, გადაწყვიტეს, საღამომდე გაჩერებულიყვნენ, შემდეგ კი თბილისში დაბრუნებულიყვნენ, რადგან ევას იქ იმაზე სერიოზული საქმე ჰქონდა, ვიდრე პატარა ყვავილების მაღაზია იყო, ამიტომ ზღვას ჯერ ვერ ელეოდა. ნახევრად შიშველ ევდაკიას ხორბლისფერი კანი ისე უელავდა, კონსტანტინე სხვას ვერაფერს ამჩნევდა. ალბათ, სწორედ მისმა დაჟინებულმა მზერამ გადააწყვეტინა ევას, მის გვერდით დამჯდარიყო ცხელ ქვიშაზე. -ზღვაში რატომ არ ჩადიხარ?-ღიმილით შეხედა კაცს. ალაზნისპირელმაც გაუსწორა მზერა. -უკვე ჩავედი. -არა, ათი და თხუთმეტი წუთით არა. დიდხანს რატომ არ ჩადიხარ? აი, გიორგი როგორ ერთობა... ან აია...-ჯერ ერთზე მიანიშნა ევამ, მერე მეორეზე. კონსტანტინეს არსად გაუხედავს. ევას არ აშორებდა თვალს. -გიორგის ლიზა ჰყავს, აიას-შენ. -შენც ჰყავხარ გიორგის. -გიორგის ლიზა ჰყავს,-მტკიცედ გაუმეორა კაცმა. ევა ჩაფიქრდა. მერე საუბრის გაგრძელება სცადა. -შენც გეყოლება ვინმე ლიზასნაირი. ვინმე, ვინც გეყვარება. -აი, ეგ არ გამოვა. მე ვიცი, რომ სიყვარული არ არსებობს. ლიზა და გიორგი ამას ჯერ ვერ ხვდებიან. -არ ხარ სწორი. სიყვარული ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ყველა ადამიანში არის პატარა წერტილი, რომელიც ფარულად ეტრფის ვიღაცას ან რაღაცას. შენც ასე იქნები... კონსტანტინე დაიძაბა. უემოციო სახე დაეჭიმა, წითელი ტუჩები მთელი ძალით მოკუმა, ზღვას გახედა, გიორგის და ლიზას დააკვირდა და ისევ ევას შეხედა. -სიყვარული რომ არსებობდეს...-დაიწყო, თუმცა სათქმელი ვერ დაამთავრა, პატარა ბავშვის ხმამ გააწყვეტინა. -დეიდა, ეგ "სემიჩკა" მომეცი, რა!-ოთხი-ხუთი წლის ბავშვი, ალბათ, დედას გამოეპარა და მზესუმზირის სურვილმა სძლია მის ბავშვურ სიამაყეს. ევამ იქვე დადებულ კონსტანტინეს ნაყიდ მზესუმზირას შეხედა და გაიცინა. -აი, აიღე,-მუჭაში მოიქცია გოგომ შავი მარცვლები და ბავშვს გაუწოდა. ისეთი ბედნიერი ჩანდა პატარა, ევას მთელი ნავაჭრის მიცემა მოუნდა, თუმცა... -მე მაგაში ფული გადავიხადე!-ცივი, გაყინული ხმა გაიგო. ისევ შეიცვალა კონსტანტინე. ისევ გაბოროტდა. აგვისტოს მწველი მზის გულზეც კი გაიყინა მისი გამომეტყველება, ხმა და აურა. -არაუშავს, ბავშვია!-ჯერ კიდევ მომცინარმა ევამ ახლადგაქცეულ პატარას გააყოლა თვალი. -ყველა ბავშვს ასე უნდა დაურიგო ყველაფერი?! -არა, მხოლოდ იმას, ვისაც ენდომება და იმას, ვინც მომეწონება... თუმცა ყველა ასეთია...-საკუთარ თავზე გაეცინა ევას. -არა! -რა? -არ გაბედო... აღარ გაბედო, ჩემი ნივთები ბავშვებს დაურიგო! -კოსტა, ადამიანი არ ხარ? პატარა იყო, სულ არ იცის იმან ჩემი და შენი! -ჰო. არ იციან. ბავშვებმა არაფერი იციან. და კონსტანტინე ადგა. ადგა და წავიდა. წავიდა ისე, რომ ევასთვის არაფერი უთქვამს. გაკვირვებული ევა სანაპიროზე დარჩა. სახლისკენ მიმავალი კონსტანტინეს დანახვისას გიორგიმ ლიზა დატოვა და ევას მიუახლოვდა. -რა დაემართა?-იკითხა სასხვათაშორისოდ. -ბავშვს მზესუმზირა მივეცი და გაგიჟდა...-მხრები აიჩეჩა გოგომ. გიორგიმ ამოიოხრა. -კარგი. შენ მაგაზე არ ინერვიულო!-დაამშვიდა გოგო, თუმცა, აშკარად არ სჭირდებოდა ეს. -რაზე უნდა ვინერვიულო?!-უცნაურად იკითხა ევამ, მერე თავისთვის ჩაილაპარაკა,-ნეტავ, სულ ასეთი იყო? -არა,-უამრავი ხალხისა და ზღვის ტალღების ერთდროული ხმაურის მიუხედავად, გიორგიმ გაიგო გოგოს სიტყვები,-სულ არ იყო,-მერე კი დანანებით დაამატა,-შვიდი წლის წინ შეიცვალა. -რა მოხდა, რამ შეცვალა?-ისე იკითხა ევამ, თითქოს ასე მარტივად გამოსტყუებდა ბიჭს იმას, რასაც თავგამოდებით იცავდა. თუმცა გიორგიმ დააიგნორა გოგო. ლიზას დაუძახა, შენი დახმარება მჭირდებაო, და სანაპიროს მოშორდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.