შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პანიკური შეტევა (თავი II)


4-04-2020, 04:58
ნანახია 876

აივანზე ვზივარ და ყავას ვსვამ. გუშინდელი წვიმის მერე ჰაერი გაწმენდილია და მსიამოვნებს გარეთ ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ მცივა. დილის 6 საათია, ჯერ კიდევ არ გათენებულა კარგად. ღამემ საშინლად ჩაიარა, პანიკური შეტევის მერე თავს ცუდად ვგრძნობდი და ვერ დავიძინე. თორღვა კი მთელი ეს დრო აქ იყო, თუმცა ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია.
ცხოვრებაში ახალი გეგმა მჭირდება, რომელშიც თორღვასთვისაც იქნება ადგილი. მგონია, რომ გავგიჟდები, გარშემო ყველაფერი იმდენად უკონტროლოა.
აივანზე გამოდის და სიგარეტს მაწვდის. გამეცინა. გამახსენდა, როგორ ვეწეოდით ხოლმე ბავშვობაში ყველასგან მალულად და ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვინატრე იმ დროში დაბრუნება. მოწევისთვის თავის დანებება ჩემი ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომელიც არც ისე წარმატებით ხორციელდებოდა. არა, პროგრესი ნამდვილად მქონდა, ახლა უკვე მასზე დამოკიდებული აღარ ვიყავი...
სხვა ქალაქში გადასვლის კიდევ ერთი მინუსი ისაა, რომ ფსიქოთერაპევტთან განშორება გიწევს. ახლის მოძებნა და მისდამი ნდობის გაჩენა კი სულაც არაა მარტივი საქმე. ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ ჯგუფურ სეანსებზე მევლო. თერაპევტმა პირობა დამადებინა, თუ რამე აშკარად ცუდად წავიდოდა და ვიგრძნობდი, რომ ჩემით ან თუნდაც ჯგუფის დახმარებით ვერ გავუმკლავდებოდი, მისთვის აუცილებლად უნდა დამერეკა.
თორღვას მარცხენა მკლავზე დარჩენილ იარებს დავყურებდი. რა იქნებოდა მაშინ რომ არ შემშინებოდა, რომ არ გამოვქცეულიყავი და რეალობისთვის თვალი გამესწორებინა? ვინ ვიქნებოდით მე და ის ახლა ერთმანეთისთვის? ისევ საუკეთესო მეგობრები? კიდევ რამდენი ხანი შევძლებდი თავის მოკატუნებას, თითქოს თორღვა არ მომწონდა და მისდამი მხოლოდ მეგობრული გრძნობები გამაჩნდა? ამოვიოხრე. რაც არ უნდა იყოს, ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველაფერი წარსულში დარჩა და ვერაფერს შევცვლი. ბევრი ვიწვალე ცხოვრების გაგრძელება რომ შემძლებოდა.
-თავიდან არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, - მან ლაპარაკი დაიწყო, მზერა სივრცისთვის გაეშტერებინა, - მერე ნელ-ნელა ბრაზი გამოიკვეთა. ვბრაზობდი ყველასა და ყველაფერზე, განსაკუთრებით კი - შენზე. საერთოდ არ იფიქრე იმაზე, თუ რას მართევდი ცხოვრებაში? - ბოლოს შემომხედა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, დაღლილი იყო.
-როგორც ჩანს, არა, - წამოდგა და აივანს მიეყრდნო. ახლაღა შევამჩნიე, პერანგი შეხსნილი ჰქონდა. მისი ლავიწები და ყელი რომ დავინახე, გავწითლდი. ჩემ წინ სექსუალური კაცი იდგა და არა ის ბავშვი, რომელსაც 11 წლის ან უფრო დიდი ხნის წინ ვიცნობდი.
-რომ იცოდე, ახლაც გაბრაზებული ვარ, - გაეღიმა, - თუმცა მონატრებამ რაღაც-რაღაცები გადაწონა. გავიგე აქ გადმოსვლას რომ აპირებდი და შენთან შეხვედრის შესაძლებლობა გონებას მიბინდავდა. ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა ეს დღე. - მის თვალებში სითბო გაკრთა - მიხარია, რომ კარგად ხარ.
ცდებოდა. სულაც არ ვიყავი კარგად, განსაკუთრებით კი ახლა. თუმცა იმის გაგებამ, რომ ჩემზე ფიქრობდა და ჩემი აქ გადმოსვლის შესახებ ცნობებიც ჰქონდა, უცნაურად სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა. არ ველოდი, რომ უცებ მაპატიებდა. მეც კი არ მიპატიებია საკუთარი თავისთვის და მისგან რა უნდა მომეთხოვა.
-ძალიან ვწუხვარ, თორღვა, ყველაფრის გამო...
-ჰმ, თორღვა... - სახელით მიმართვაზე ირონიულად ჩაეცინა. არასდროს ვეძახდი ასე და ახლა ორივე ვგრძნობდით გაუცხოებას.
-უნდა წავიდე, ნანი. - სწრაფად ამოძრავდა, დაიხარა, თავზე ტუჩები შემახო და კარს მიღმა გაუჩინარდა.
ცოტა ხანში მისი ნაბიჯების ხმაც მიწყდა და სიჩუმემ დაისადგურა. დილის 6 საათი იყო და ქალაქს ისევ ეძინა.
***
სამსახურის ძებნა აქ გადმოსვლიდან მალევე დავიწყე. ბინის რემონტი დასამთავრებელი მქონდა და ფინანსებში არც ისე მყარად ვიყავი. რამდენიმე კომპანიაში გავგზავნე სივი იურისტის პორზიციაზე, ერთ-ერთ მათგანში გასაუბრებაც გავიარე და ახლა იქ მივდიოდი. მას შემდეგ, რაც კადრების განყოფილების უფროსმა დამირეკა და მაცნობა, რომ ჩემი აყვანა სურდათ, მთხოვა, დეტალების დასაზუსტებლად შემევლო.
ჰოლდინგის შენობა დიდი და დაბურული იყო. დაცვამ პირადობის მოწმობა შეამოწმა და „ეიჩ არის“ კაბინეტი მიმასწავლა.
ყველაფერმა მარტივად ჩაიარა. რამდენიმე საკითხი ზედმიწევნით გავიარეთ, დავაზუსტეთ ჩემი მოვალეობები, ხელფასი, სამუშაო გრაფიკი და შევთანხმდით, რომ ხელშეკრულებას მეორე დღეს მოვაწერდი ხელს, თუკი მათთან მუშაობის დაწყებას გადავწყვეტდი. მერე ტელეფონით ვიღაცას დაურეკა და ჩემთვის შენობის დათვალიერება სთხოვა.
კარისკენ ზურგით ვიჯექი და ვერ დავინახე ვინ შემოვიდა ოთახში. ნაბიჯების ხმა მოახლოვდა. მოსალმების ნიშნად თავი დამიკრა და კარისკენ მანიშნა. ოთახი ერთად დავტოვეთ.
ჩემ გვერდით ახალგაზრდა, 35 წლამდე მამაკაცი იდგა. დერეფანში აღმოვჩნდით თუ არა, მან ფართოდ გამიღიმა და ხელი ჩამომართვა. სამკერდე ნიშანზე ეწერა, რომ მას ნიკოლოზი ერქვა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის თანაშემწე იყო.
-ნიკოლოზი ზედმეტად ოფიციალურია, შეგიძლია ნიკო დამიძახო.
-სასიამოვნოა.
ლიფტისკენ დავიძარით. ნიკოლოზი... ნიკო ჩემ წინ მიდიოდა. მე კი სრულად აღვიქვამდი მის მიმზიდველ ფორმებს. ნაცრისფერი სმოკინგი იდეალურად მიუყვებოდა მხრებთან შედარებით ვიწრო წელს. ტანზე მომდგარი შარვლიდან კი უკანალი მიმზერდა. დიდი სიამოვნებით წამოვარტყამდი ხელს.
საკუთარ თავზე გამეცინა. შევჩერდი და პირზე ხელი ავიფარე, ემოციები რომ დამემალა. ნიკომ გაკვირვებულმა შემომხედა, აინტერესებდა რატომ გავჩერდი.
-ყველაფერი რიგზეა...? - მან ჩემი სახელი არ იცოდა.
-ნანი. შეგიძლიათ ნანი დამიძახოთ, - სიცილის ტალღა ჩაცხრა და დასერიოზულებულმა გზა განვაგრძე.
როგორც იქნა, ლიფტის კარი გაიღო და შიგნით შევედი. გაუაზრებლად დავიკავე ადგილი მართვითი ღილაკების წინ. ნიკოც შემოვიდა და ღილაკზე თითის მისაჭერად მობრუნებული მე შემეჩეხა. უხერხული სიტუცია შეიქმნა. ზედმეტად ახლოს ვიდექით ერთმანეთთან, ის კი წინ გამოშვერილი ხელით ჩემს მხარს ეხებოდა.
არ ვიცი რა დამემართა მის სიახლოვისას. ცხელი ტალღა კუჭის არედან მომწყდა და ფეხის თითებამდე ნაკვალევი დამიტოვა. ძლივს დავიმორჩილე ტანი გვერდზე გასაწევად. უხერხულობის გასაფანტად ჩავახველე და ჩანთის სახელურს ორივე ხელით ჩავებღაუჭე. ფეხები დამძიმებული მქონდა. ვერ გადამეწყვიტა ჩემი უეცარი აღელვება პირდაპირ უკავშირდებოდა მას თუ უბრალოდ მამაკაცის სხეულის სიახლოვით იყო გამოწვეული?!
როგორც მან მოგვიანებით ამიხსნა, კომპანიის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების კაბინეტები შენობის მეათე სართულზე იყო განთავსებული. ამავე სართულზე მდებარეობდა ჩემი, როგორც უფროსი იურისტის, კაბინეტიც.
-აბა, ნანი, - მან საუბარი წამოიწყო და გამამხნევებლად გამიღიმა. - უკვე მოგილოცო ახალი სამსახური?
-არა, ჯერ არა. ხვალამდე უნდა ვიფიქრო. - პასუხოდ მეც გავუღიმე და სახეზე ჩამოშლილი თმა გადავიწიე.
-ესე იგი ჩემზე ყოფილა საბოლოო გასროლა.
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
-თქვენ როგორ გგონიათ, ტყუილად მუშაობს ჩემნაირი დადებითი პიროვნება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში? - ვითომ თავს იწონებდა. ეცინებოდა თავის საქციელზე. - ან ტყუილად დამავალეს მე, რომ შენობა დამეთვალიერებინა თქვენთვის? სინამდვილეში ეს ჰოლდინგის ტაქტიკაა. თუ თქვენ და თქვენნაირ ჭკვიანი ადამიანებს ბოლომდე არ გაქვთ გადაწყვეტილი დაიწყოთ თუ არა „აი ჯი“-ში მუშაობა, საქმეში ვერთვები მე, რათა დაგარწმუნოთ, რომ ეს ნამდვილად გნებავთ.
ორივენი ვიცინოდით. უკვე მეათე სართულზე ვიყავით. ამას არ ველოდი, იდეალურად იყო შეხამებული ავეჯის, კედლებისა და ფარდების ფერი ერთმანეთს. ლიფტიდან მარჯვნივ პატარა კაფეტერია იყო. მარცხნივ კი პირველი ოთხი ოთახი სხვადასხვა დირექტორის კაბინეტებს ეთმობოდა, შემდეგ ორი დიდი საკონფერენციო დარბაზი, ბოლოს კი ფინანსური დირექტორის კაბინეტი მდებარეობდა. მის მოპირდაპირე მხარეს ჩემთვის განკუთვნილი საშუალო ზომის ოთახი იყო.
კედლები რძისფერში შეეღებათ. გამიხარდა, რომ მუქი არ იყო. ჩემი ფსიქოთერაპევტის თქმით, თეთრი ფერი ადამიანს აწყნარებს და ამიტომაც ვღებავდი სახლში ყველა კედელს თეთრად.
-აი, ეს იქნება თქვენი სამფლობელო, თუკი ჩვენთან მუშაობას გადაწყვეტთ. - ნიკომ დემონსტრაციულად გაშალა ხელები და ოთახში დატრიალდა. შემდეგ სამუშაო მაგიდასთან მდგარ ტყავის სავარძელზე მიმითითა, რომ ჩავმჯდარიყავი.
კონდინციონერისა და ჟალუზის პულტები მოიმარჯვა.
-ხედავთ, კონდინციონერი ისეა დამონტაჟებული, რომ არც სიცხის და არც სიცივის ნაკადი არ შეგაწუხებთ. რაც შეეხება ჟალუზებს, მათი მართვა თქვენი სავარძლიდანაც უპრობლემოდ შეგიძლიათ.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე აქაურობის ყიდვას ვაპირბდე, თქვენ კი რეალტორი იყოთ და ძალიან ცდილობდეთ ჩემ დათანხმებას. - ღიმილით შევხედე მას და მაგიდის ზედაპირს ხელი გადავუსვი. მისი მყარი სტრუქტურაც მომწონდა. საერთოდ, ასეთი ნივთები დაცულობის შეგრძნებას მიჩენდა, რაც დღემდე უცნაური იყო ჩემთვის.
-კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, - ნიკო მაგიდის კუთხეს მიეყრდნო და შეთქმულებაში მონაწილესავით აჩურჩულდა, - სინამდვილეში ყოველივე ეს ჩემი მოვალეობა სულაც არაა. თანამშრომლის ნაცვლად ვარ აქ, მაგრამ თქვენ გამოა ასე ძალიან რომ ვინდომებ.
მოულოდნელობის ეფექტი ნამდვილად შექმნა. ასეთ აშკარა ფლირტს არ ველოდი. წარბებაწეულმა შევხედე და ვთხოვე, შენობის დარჩენილი ნაწილიც დაეთვალიერებინა.


ყველაფრით კმაყოფილი ვტოვებდი ჰოლდინგს. ლიფტი პირველი სართულისკენ მიიწევდა. ნიკო კი გულმოდგინედ მიყვებოდა კორპორატიული წვეულების შესახებ, რომელიც ორ კვირაში უნდა გამართულიყო.
ვუსმენდი და ვფიქრობდი, როგორ შეეძლო ამდენი ესაუბრა ჩემთან, როცა არ მიცნობდა და სულაც არ მობეზრებოდა ეს.
გასასვლელში ინსტიქტურად ნიკოს მივბაძე, როცა მან კართან მდგომ პიროვნებას თავი დაუკრა.
რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ერთიანად შემოვბრუნდი გაოცებული. ნახევრად ღია ლიფტიდან თორღვას არანაკლებ გაოცებული თვალები მიყურებდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent