პანიკური შეტევა (თავი III)
ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე. სამუშაო თავზე მეყარა, მე კიდევ ბოლომდე არ ვიყავი გარკვეული კომპანიის საქმეებში. თითქმის მთელმა დღემ ისე გაიარა, კაბინეტიდან არ გამოვსულვარ. სატენდერო დოკუმენტებს ვამოწმებდი, რომელიც ორ დღეში დირექტორებისთვის უნდა წარმედგინა. მხოლოდ მაშინ ავწიე ქაღალდებიდან თავი, კარზე კაკუნის ხმა რომ გავიგე. ოთახში ნიკო შემოვიდა. ორივე ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა, შოკოლადების შეკვრა კი იღლიაში ამოედო. -კაკ-კუკ. შეიძლება? სკამი გავწიე რომ დამჯდარიყო, ფინჯანი გამოვართვი და მოვსვი. პირველივე ყლუპმა ისე სასიამოვნოდ დამიარა სხეულში, თითქოს დაღლილობაც ერთბაშად მომეხსნა. -დიდი მადლობა. ამაზე კარგი ახლა ვერაფერი მოხდებოდა, - შოკოლადის ბურთულა მოვკბიჩე და ოთახში გავიარ-გამოვიარე. თვალებში მიბნელდებოდა, ახლაღა გამახსენდა, რომ აქამდე ლუკმაც კი არ მქონდა ნაჭამი. - შემიძლია მასაჟის გაკეთება შემოგთავაზო, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს ცოტა ზედმეტი იქნება. უბრალოდ იცოდე, მაგ სფეროში საუკეთესო ვარ. იღიმოდა. ნამდვილად სასიამოვნო ღიმილი ჰქონდა, თუმცა ხელოვნურადაც კი მეჩვენებოდა. ჟალუზები გადავწიე, მზის შუქმა თვალები მომჭრა. საათი ხუთს აჩვენებდა. -ამჯერად რა მისია გაკისრიათ, ჩემი თვალთვალი? - თვალი თვალში გავუყარე. -გასაგებია, რომ ჩემი საქციელი რაღაც მხრივ არაპროფესიონალურია, მაგრამ ცუდი განზრახვა არ მამოძრავებს. ვცდილობ, მხარი დაგიჭიროთ. -მადლობა, მაგრამ აქ მეგობრების შესაძენად არ მოვსულარ. -შესაძლოა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც შეიძენთ, - კართან მყოფმა თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. აი, განტვირთვა მესმის. საქმეს რომ მოცდები, ამაზე ნაკლები დიალოგი არ უნდა გქონდეს ადამიანს. მეცინებოდა. საკუთარ თავს პირველივე დღეს გამოვუტყდი, რომ ნიკოს სხეულის ახლოს გაცნობაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. მიუხედავად ამისა, არ მინდოდა ასე დამეწყო. მაქსიმალურად უნდა გადავრთულიყავი სამსახურზე. *** მე და თორღვას ბოლო შეხვედრის შემდეგ კონტაქტი არ გვქონია. ლიფტის კარმა დახურვა მოასწრო, სანამ ერთმანეთს დაველაპარაკებოდით, მე კი არ დავლოდებივარ. არ ვიცი დაბრუნდა თუ არა. ჯგუფური თერაპიის წევრები თვლიდნენ, რომ დრო იყო წარსული დამევიწყებინა. ამისთვის კი თორღვასთან დაწყებული დიალოგის დასრულება იყო საჭირო, რისთვისაც ჯერ მზად არ ვიყავი და არც ვიცოდი კიდევ რამდენი დრო დამჭირდებოდა. იმ კაფეში შესვლასაც კი ვერიდებოდი, სადაც ის ვნახე, კიდევ ერთი მოულოდნელი შეხვედრის თავიდან ასაცილებად. ცხოვრება არც თუ ისე ერთფეროვნად მიდიოდა. ნიკოს ინიციატივებმა შედეგი გამოიღო და თავი მომაწონა. თუმცა სეროზული არაფერი ყოფილა, ძირითადად ფლირტით ვიფარგლებოდით. რვა საათი სრულდებოდა. სამსახურში გვიანობამდე შემოვრჩი. ბოლო საქაღალდეს გადავავლე თვალი, ყველაფერი ჩასწორებული მქონდა. მაგიდა მოვაწესრიგე და კარისკენ დავიძარი. ის იყო შუქი ჩავაქრე, რომ კარი უცებ გაიღო და წელზე ნიკოს ხელი ვიგრძენი. -უკვე დიდი ხანია გელოდები, - ვნებიანი ხმა ჰქონდა. ჩანთა იატაკზე დამაგდებინა, ორივე ხელი ძლიერად მომხვია წელზე. ოთახში მხოლოდ ქუჩის განათების შუქი აღწევდა. ვერ ვხედავდი მის სახეს, თუმცა ვგრძნობდი მწველ მზერას. ხელი ჯერ პერანგის ქვეშ შემიცურა, შემდეგ კი მუცელს ჩააყოლა. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, ფეხის წვერებზე ავიწიე, პერანგის საყელო ჩემკენ მოვქაჩე და ვაკოცე. ორივე გახშირებულად ვსუნთქავდით. რომ მივხვდი, ჰაერი აღარ მყოფნიდა, ხელისკვრით მოვიშორე. -არაპროფესიონალიზმზე აღარ მელაპარაკო, - მის ხმაში კმაყოფილება იგრძნობოდა. არც მე ვიყავი რამით უკმაყოფილო. პერანგს ვისწორებდი, უკნიდან რომ მომიახლოვდა და თმა ცალ მხარეს გადამიწია. ამჯერად კისერში მაკოცა. -ბოლოს კომპანიის შინაგანაწესი როდის გადაიკითხე? - გამომწვევი ხმა მქონდა, მისკენ შევბრუნდი, თმაში ხელი შევუცურე. -არ ვიცი, არ მახსოვს. -მე კიდევ მახსოვს და იცი იქ რა წერია? - ხელები კისერზე შემოვხვიე. -რა? - საკოცნელად დაიხარა. -ის, რომ თანამშრომლებს შორის რომანი დასაშვები არაა. - ამჯერად მსუბუქად ვაკოცე და ოთახი უკანმოუხედავად დავტოვე. *** დირექტორთა კრება რამდენიმე წუთში იწყებოდა.საკონფერენციო დარბაზში სანამ შევიდოდი, დავინახე, რომ ჩემი კაბინეტის მოპირდაპირე ოთახის კარზე წარწერას ცვლიდნენ. როგორც ჩანს, სიახლეები გველოდა. თითქმის ყველა მოსული იყო, მხოლოდ ფინანსური და გენერალური დირექტორები არ ჩანდნენ. მაგიდასთან ჩემი ადგილი დავიკავე. ლეპტოპში რამდენიმეგვერდიან ხელშეკრულებას ვსქროლავდი, დარბაზში გენერალური დირექტორი რომ შემოვიდა. -მოგესალმებით. ალბათ ყველამ იცით ჩვენი ახალი ფინანსური დირექტორის შესახებ. ის რამდენიმე წუთში შემოგიერთდება, მანამდე კი შეგვიძლია საქმეზე გადავიდეთ. პირადად მე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ დიდად არ მაინტერესებდა. ორი კვირაც არ იყო გასული, რაც აქ დავიწყე მუშაობა და ნიკოს გარდა თითქმის არავის ვიცნობდი ისეთს, ვისთანაც უშუალოდ საქმიანი შეხვედრები არ მქონდა. დღის წესრიგში პირველი საკითხი ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა იყო, მათთან დასადები ხელშეკრულების მომზადება მე მევალებოდა. პუნქტების იხედვით მივყევი და ყველაფერს ზედმიწევნით ვაცნობდი დირექტორებს. არ ვიცი რა დროს შემოვიდა დარბაზში ვიღაც. დავინახე, რომ დირექტორები ფეხზე წამოდგნენ, ხელს ართმევდნენ და ულოცავდნენ შემოსულს. ბოლოს ჩემკენ რომ შემობრუნდა და მისი დანახვის საშუალება მომეცა, გაოცებისგან ადგილზე გავშეშდი. აი, თურმე რატომ იყო იმ დღეს ჰოლდინგში. ჩემ წინ თორღვა იდგა. მიღიმოდა და მეუბნებოდა, რომ მოხარული იყო ჩემთან მუშაობის შესაძლებლობით. ამ ბიჭს ძალიან უყვარდა სიურპრიზები. ხელის ჩამორთმევისას საკმარისზე ძლიერად მოვუჭირე და წარბებშეკრულმა შევხედე. თითქოს ამით ვსაყვედურობდი წინასწარ რომ არაფერი მითხრა. მაგრამ ის ახლა „აი ჯის“ ფინანსური დირექტორი იყო და ეს ფაქტი არ იცვლებოდა. -როგორც ჩანს, ჩვენი უფროსი იურისტი უკვე გაიცანით, - გენერალური დირექტორი საუბრით მოგვიახლოვდა, - ქალბატონი ნანიც რამდენიმე დღის წინ შემოგვიერთდა. იმედი მაქვს, რომ ორივე სწრაფად გაივლით ადაპტაციას და ერთმანეთსაც კარგად გაუგებთ. შეთქმულებივით ერთდროულად გავუღიმეთ. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და ხელშეკრულების თავიდან გავლა მომიწია თორღვას ინტერესის გამო. არაერთი შეკითხვა დამისვეს და ორი საათის შემდეგ საკონფერენციო დარბაზი დავტოვეთ. სხვა საქმე ჯერჯერობით არ მქონდა და კაფეტერიაში შევედი. ყავის აპარატს ფოლდერი მოვარგე და ჩამოწურვას დაველოდე. -იმედი მქონდა, რომ აქ გნახავდი, - ვერ შევამჩნიო ნიკო რა დროს მომიახლოვდა. -ჩემს მომზადებულ ლატეს ხომ არ მიირთმევდი? - თვალი ჩავუკარი და მკერდზე ხელი მივადე, ახლოს რომ არ მოსულიყო. - სამსახურში ვართ, თუ შეხსენება გჭირდება. უკან დაიხია, მაგიდას მიეყრდნო და გულზე ხელები დაიკრიფა. მისი სიახლოვე ყოველთვის მაფორიაქებდა. გრძნობები ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ძალიან მიზიდავდა. წლების წინ ბარისტად ვმუშაობდი, მაშინ ვისწავლე კარგი ყავის კეთებაც. ნიკოს უფროსმა დაურეკა და სანამ მოვბრუნდებოდი, წავიდა კიდეც. ასე შემრჩა ორი მოხატული ლატე ხელში. -როგორც ჩანს, ადაპტაციაში გეხმარებიან, - კაფეტერიის კართან თორღვა იდგა, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ვითომ არ ვიცოდი რა იგულისხმა, გაკვირვებულმა შევხედე. -ადამიანური რესურსების დეპარტამენტი კარგად ზრუნავს თანამშრომლებზე, - მრავლისმეტყველად აწკიპა წარბები და ისე რომ არც უკითხავს, ყავა აიღო. საპასუხოდ დამცინავი ღიმილი გავიმეტე, თითქოს აქაოდა ეს როგორ მაკადრა. დივანზე კომფორტულად მოვეწყვე და ფინჯანს დავხედე. ერთ-ერთზე გული მქონდა მოხატული, აღმოჩნდა, რომ თორღვას ზუსტად ის აეღო. -ვერ ვიტყოდი, რომ თანამშრომლებზე ზრუნვა მათი კომპეტენცია არაა. -ასრულებენ კიდეც. გვერდით მომიჯდა. რაღაც სასწაული სუნამო ესხა, სუნმა სასიამოვნოდ გამაბრუა. შავი პიჯაკი და შინდისფერი პერანგი ძალიან უხდებოდა, კარგი გემოვნება ყოველთვის იყო მისი პლუსი. -არ გიფიქრია, რომ აქ მუშაობის დაწყებაზე წინასწარ გეთქვა? - უკმაყოფილო სახით გავხედე. მიყურებდა. -არ მეგონა ისევ თუ ვმეგობრონდით, ნანია. დეგენერატი. ნანიას მაშინ მეძახდა, ჩემი გამოწვევა რომ უნდოდა და უნდა ვაღიარო, ყოველთვის ახერხებდა ამას. -არც უნდა გგონებოდათ, ბატონო თორღვა. ახლა კი, თუ შეიძლება, დასვენების საშუალება მომეცით, - სათნო გამომეტყველება მივიღე და თვალები დავხუჭე, ვითომ მართლა დასვენებას ვაპირებდი, - უი, სულ დამავიწყდა. ახალ სამსახურს გილოცავთ. არაფერი უთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, ვიცოდი, ნასიამოვნები ნამდვილად არ იქნებოდა. მტრობა უნდოდა? მიიღებდა კიდეც. რამდენიმე წუთი სიჩუმეში გაილია. თვალებს სპეციალურად არ ვახელდი. როგორღაც მოვახერხე ყავის ისე დალევა, ზედ რომ არ გადამესხა. ერთხელ გადამცდა კიდეც, ლამის დავიხრჩვე, თუმცა იხტიბარს არ ვიტეხდი. თორღვას მოგუდული სიცილი კი გვერდიდან მესმოდა. ეს იყო ჩემი სტრატეგია? ასე ვაპირებდი თორღვასთან დაწყებული საუბრის დასრულებას და წარსულის დავიწყებას? მის გვერდით ისევ ბავშვობაში ვბრუნდებოდი და ბავშვურადაც ვიქცეოდი, ასეთ შემთხვევაში ასაკი ცარიელ ციფრებს წარმოადგენდა. არადა თითქმის 29 წელი შემსრულებოდა. ხელი სასწრაფოდ გამოვწიე, მისი შეხება რომ ვიგრძენი. იცოდა, თუ თითებს ნელა ააყოლებდა მკლავს მტევნებიდან იდაყვამდე, სიცილს ვერ შევიკავებდი. სუსტ წერტილში დარტყმა დიდი ვერაფერი სახარბიელო ტაქტიკაა, ჩემო თორღვა. -ასე უნდა იჯდე და არ მელაპარაკო? -მე ვისვენებ, შენ კი სავარაუდოდ ბევრი საქმე უნდა გქონდეს, თუ, რა თქმა უნდა, გადარდებს. -ლანჩის შესვენებაა ახლა, სხვა შემთხვევაში კი არა მარტო მე, შენც კაბინეტში უნა იყო. თუ, რა თქმა უნდა, გადარდებს. თვალები გავახილე თუ არა, მისას შევეფეთე. სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. თორღვა სხვანაირი ვერც იქნებოდა. -კარგი, ვილაპარაკოთ. -ხვალ ვახშამზე რას იტყვი? -არ გამოვა, კორპორატიული წვეულებაა. სხვათა შორის, ეგ შენც გეხება. -მაშინ კორპორატიულზე ჩემთან ერთად წამოსვლაზე რას იტყვი? თავი გვერდზე გადავწიე და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიექციე, ვითომ მის შემოთავაზებაზე ვფიქრობდი. მერე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. -ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი თანამშრომლებზე ხვალაც იზრუნებს, - თვალი ჩავუკარი. უკმაყოფილომ თვალები გადაატრიალა და დამცინავი ღიმილით კარისკენ გაიხედა, თითქოს ნიკო იქ იდგა. -არაუშავს. სხვა დროსაც მოხერხდება. ადგა და წავიდა. ამოვიოხრე. საერთოდ რა ჯანდაბას ვაკეთებ? *** კორპორატიული წვეულება ჰოლდინგის დაარსებიდან 10 წლის თავს უკავშირდებოდა. რამდენიმე ასეული ადამიანი შეკრებილიყო, ათასი თუ არა. ამ დღისთვის საგანგენოდ ვიყიდე შავი გრძელი კაბა, საკმაოდ ღრმა დეკოლტითა და მარცხენა ფეხთან ჩახსნილი. ნიკო „მოეტი და შანდონს“ სვამდა, მე - „მერლოს“, რაღაც სასაცილო ისტორიას მიყვებოდა და ვიცინოდით. მესამე ჭიქა ღვინოს ვცლიდი საღამოს განმავლობაში და საკმაოდ მომეკიდა კიდეც. ის იყო, მისთვის უნდა მეთხოვდა ჰაერზე გავიდეთ-თქო, თანამშრომლები მოგვიახლოვდნენ და საუბარი გაუბეს. მოვუბოდიშე. ცარიელი ბოკალი მაგიდაზე დავდე და რამდენიმე წუთი განმავლობაში გასასვლელის ძებნის შემდეგ, გარეთ აღმოვჩნდი. დაღამებულიყო. ნიავი სასიამოვნოდ მომელამუნა სახეზე. თავი უკან გადავწიე და ნება მივეცი მომდებოდა ყელზე, მკლავებზე. მომენტალურად გავიაზრე, რომ წლების განმავლობაში თავი ასე კარგად არ მიგრძვნია და შემეშინდა. შემეშინდა, რომ რაღაც მოხდებოდა, რასაც მე ვერ გავაკონტროლებდი, რომ კარგად ყოფნის მიზეზი არ მქონდ და ყელში წამიჭირა. მეორდებოდა. მომატებული გულისცემა, კიდურების დაბუჟება, ტკივილი გულის არეში, გაძნელებული სუნთქვა, გამძაფრებული შიში. ძლივს მივაღწიე ეზოს სკამამდე და დავეყრდენი. გული ყელში მქონდა მობჯენილი. ყოველ წამს ველოდი სიკვდილს. მთელი ტანით ვცახცახებდი და ეზოში გამოსულ თორღვას თვალი რომ მოვკარი, ტირილი ამივარდა. მკლავებში სისუსტეს ვგრძნობდი, ვერ ვიმორჩილებდი ხელებს ჩანთაში წამლის მოსაძებნად. ვიგუდებოდი და ვერაფერს ვაკეთებდი. ნანი, მაფინი, დათვი, მზე. ნანი, მაფინი, დათვი, მზე. ნანი, მაფინი, დათვი, მზე. ფეხები ამვამოძრავე. როგორღაც მოვახერხე ფეხსაცმლის გახდა და რაც ძალი და ღონე მქონდა, ძლიერად დავაჭირე ტერფები მიწას. უნდა შემეგრძნო, რომ მასზე ვიდექი და არსად გამქრალა. აქ ვართ მეც, ძაღლიც, მცენარეც. აქაა მიწაც. ცივი და უძრავი. ნანი, მაფინი, დათვი, მზე. გამახსენდა ჩემი ფსიქოთერაპევტის სიტყვები, რომელსაც ხშირად მიმეორებდა ხოლმე: მომატებული გულისცემა არ ნიშნავს გულის შეტევას, სუნთქვის სიძნელე არ ნიშნავს დახრჩობას, პანიკური შეტევა არ ნიშნავს სიკვდილს. პანიკურმა შეტევამ შედარებით რომ გადამიარა, რამდენიმე ნაბიჯი გავიარე ეზოში. ღრმად და თანაბრად ვსუნთქავი. საკუთარი სუნთქვის მოსმენა ერთადერთი იყო, რაც ამ წლების განმავლობაში ვისწავლე, თუმცა შეტევის დროს ვერ ვახერხებდი მასზე კონცენტრირებას. -კარგად ხარ? -თორღვას შეშინებული სახის აღსაქმელად ცოტა დრო დამჭირდა. ჯერ კიდევ მეხვეოდა თავბრუ და თვალები მებინდებოდა. - ნანი! - მხრებში ჩამავლო ხელი და ოდნავ შემანჯღრია. -კარგად ვარ, ახლა კარგად ვარ...- ვბუტბუტებდი უფრო ჩემთვის, ვიდრე მის გასაგონად. - სახლში წასვლა მინდა. ტაქსი უნდა გამოვიძახო. სახეზე თითები ჩამომისვა. -ფერი არ გადევს. -კარგად ვარ, ტატია, კარგად ვარ... -ხვალ ინანებ, რომ ტატია დამიძახე, - გაეცინა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და მიმიხუტა. მის გულისცემას ლოყაზე ვგრძნობდი. ხელები წელზე მოვხვიე და ისევ ავტირდი. ცივი ნიავი სასიამოვნოდ მიბერავზე კოჭებზე. ცივი მიწიდან კი სიცოცხლეს ვგრძნობდი. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე. ეჰ, ტატია, ჩემო ტატია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.