მესაათე (სრულად)
ღამის სიჩუმისგან დატყვევებული, ახლადგაღვიძებული, პატარა ქალაქი ნელ-ნელა ითავისუფლებდა თავს მინავლებული, ბნელი წუთებისგან და რიგში ჩამდგარ მორიგ დღეს აღდგენილი ძალებით ეშურებოდა. ტრამვაის გაჩერებაზე სამსახურში მიმავალი მამაკაცი სიცივისგან გათოშილ თითებს მდუღარე ყავით სავსე მუყაოს ერთჯერად ჭიქას ძლიერად უჭერდა, წარამარა შესცქეროდა საათს და დროს აკონტროლებდა, რომ სამსახურში არ დაჰგვიანებოდა. მის გვერდით მდგომ ქალბატონს ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და სქელლანჩიან ფეხსაცმელს ტროტუარზე ჩუმად აბაკუნებდა, თითქოს ჯერ კიდევ თბილ საბნებში გახვეული თანაქალაქელების ძილს უფრთხილდებოდა. ძველი შენობის სადარბაზოდან მოხუცი მამაკაცი გამოჩნდა და ტაატით გაუყვა გაჩერებისკენ მიმავალ გზას. სითბოდან გამოსული გარეთ გამეფებულმა ყინვამ შეაჟრჟოლა და ჰაერში გამჯდარი სუსხი იმდენად ეხამუშა, სახის ნაკვთები უნებურად ნაქსოვ კაშნეში დამალა. გაჩერებას რომ მიუახლოვდა, იქ მდგომებს ჩახლეჩილი ხმით მიესალმა და შორიახლოს ჩამოდგა. ტრამვაის მომლოდინეებმა უხმოდ დაუკრეს თავი და გაუღიმეს. მოხუცმა შუბლზე ჩამოფხატული ქუდი შეისწორა, ელექტრონულ დაფას ახედა, ღილებივით პატარა თვალები უკმაყოფილო სახით მიაშტერა და ჩაიბურტყუნა: -არ დაადგა საშველი დილის ქალაქის ტრანსპორტის მოწესრიგებულ გრაფიკს, -მერე ხელი ჩაიქნია და ჰორიზონტს გახედა. ცარიელ ქუჩებს აქა-იქ ავტომობილების ხმა არღვევდა და მდუმარებით ნაზავ ჰაერს ახმაურებდა. ამასობაში, ასფალტში ჩაჭედებულმა რკინის რელსებმა ყრუ ბგერები გამოსცეს და მგზავრებს აუწყეს, რომ ტრამვაი უახლოვდებოდათ. მოხუცი გაჩერებისკენ რამდენიმე ნაბიჯით წაიწია და ტრანსპორტში ასასვლელად მოემზადა. -მისტერ ბერნს?- საკუთარი გვარი მოესმა და შეცბა. გაკვირვებულმა ხანდაზმულმა თავს წამომდგარი უცნობის დანახვისთანავე შუბლი შეჭმუხნა და შეეცადა, ნაცნობების რიგებიდან ამოეცნო. უცნობ მამაკაცს გამხდარ სახეზე სიხარულის ღიმილი გამოსჭვიოდა. -დიახ,- მისტერ ბერნსმა დასტურის ნიშნად თავი დაუკრა, სწორედ მე ვარო და აგურისფერ პალტოსა და შავ შარვალში გამოწყობილი მაღალი ჯენტლმენი უფრო მეტი ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა. -როგორ გიკითხოთ?-უცნობმა საუბარი გააგრძელა და ხელით ანიშნა, მის გამო არ შეყოვნებულიყო და ტრამვაიში ასვლა არ დაეგვიანებინა. მოხუცი მემანქანის უკან მოკალათდა: -მოკითხვისთვის მადლობას მოგახსენებთ. ისე ვარ, როგორც ჩემს ასაკს შეეფერება. ალბათ, სადმე შევხვედრილვართ, არა? -ასეა,-დაეთანხმა მამაკაცი, ქუდი მოიხადა და ოდნავ შევერცხლილი, წითური თმა შეისწორა,-შესაძლოა ვერც მიცნოთ, რამდენიმე წლის წინ მამაჩემის ნაქონი საათი მოგიტანეთ შესაკეთებლად. ძალიან ძველი იყო, ანტიკვარი. სავარაუდოდ, აღარ გემახსოვრებათ. -მომიტევეთ, ჩემი კლიენტები ხანდახან მავიწყდება კიდეც, მაგრამ შეუძლებელია, განსაკუთრებული საათები დამავიწყდეს. როგორი იყო? შეგიძლიათ, ამიღწეროთ? -შვეიცარიული საათი იყო, მექანიზმი დაზიანებული ჰქონდა, აღარც კი მჯეროდა, რომ ამუშავდებოდა. მირჩიეს, მთავარ მოედანზე რომ მეწაღის გვერდზე საათების შემკეთებელი სახელოსნოა, მისტერ ბერნსი იკითხე, უბადლო ოსტატია და აუცილებლად დაგეხმარებაო. ასე მოვხვდი თქვენთან. ვერცხლისფერი მეტალის იყო, მწვანე ციფერბლატით, რომაული ნუმეროლოგიით და შავი ისრებით. საკმაოდ შელახული გახლდათ, თუმცა უკან მაინც იკითხებოდა გაცვეთილი ასოებით ამოტვიფრული სახელი ბიატრისი. როგორც კი გახსენით და ლუპით დახედეთ, ამომხედეთ და მითხარით: -ეს საათი ისტორიას ინახავს, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ავამუშავებ და დროში ჩაკარგულ ამბავს გავაცოცხლებო. მაშინ ვერ მიგიხვდით, რაზე მესაუბრებოდით, თურმე საათის შიგნით ამოკაწრულ ინიციალებს მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონია. წლების შემდეგ მისი თავდაპირველი მფლობელისგან ბევრი რამ შევიტყე და ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. -თუ ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამითვლით, ასეთი რა მოხდა? წითურმა აქეთ-იქით მიმოიხედა, მგზავრებს თვალი გადაავლო და ჩაახველა: -დიდ საიდუმლოს აეხადა ფარდა. მას შემდეგ თქვენი სიტყვები ხშირად წამომტივტივებია გონების ზედაპირზე. ისევ იქ მუშაობთ? -დიახ,-სიტყვა გაწელა მისტერ ბერნსმა. -თუ წინააღმდეგი არ იქნებით, საღამოს პირს სამსახურში შემოგივლით და დანარჩენზე მერე გიამბობთ. -კი ბატონო, -მხრები სუსტად აიჩეჩა მოხუცმა. -ახლა კი თქვენი ნებართვით, უნდა დაგტოვოთ,- ქუდი სწრაფად დაიხურა, ჯიბეებში ხელთათმანიანი ხელები ჩაიწყო და გაჩერებაზე უკანმიუხედავად ჩავიდა. მისტერ ბერნსმა მზერა გააყოლა და იქამდე არ მოუწყვიტავს თვალი, ვიდრე ტრამვაი არ დაიძრა და ახლადჩასული უცნობი უკან არ ჩამოიტოვა. უდრტვინველად უყურებდა ნაცნობ ქალაქს ფანჯრიდან. მოძრაობისას შენობები მორიგეობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. უჩვეულოდ მძიმედ მოეჩვენა იმ დღეს ქუჩები, თითქოს დანაცრულიყვნენ, თუმცა ყოველთვის ასეთად ეჩვენებოდნენ, როდესაც მატილდასთან მიიჩქაროდა. საცხობში ალუბლის ღვეზელი იყიდა და უზარმაზარ ჭედურ ჭიშკრიან ეზოს მიადგა. ცაში განფენილ ნათელს სევდიანად ახედა. შემდეგ ეზო გადაკვეთა და შენობაში შევიდა. უცნაურ სიწყნარეს დაესადგურებინა. თითქოს ის იყო იქაურობის განმკარგავი... -მისტერ ბერნს,- ექთანმა კეთილგანწყობით გაუღიმა ნაცნობ სტუმარს,- თქვენი მეუღლე დღეს კარგ ხასიათზე ჩანს,-ახარა და რომელიღაც ოთახში მიიკარგა. მოხუცმა რეგისტრაცია გაიარა და პალატისკენ აიღო გეზი. კარი ჩუმად გააღო და ალუბლის ღვეზელი მაგიდაზე დადო. ავადმყოფის საწოლს ფეხაკრეფით მიუახლოვდა და მწუხარე სახე უმალ სადღაც მიჩქმალული და ძნელად მიგნებული ღიმილით შეცვალა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატილდამ ვერ იცნო, თუმცა ახლადმისულის გამომეტყველებით მიხვდა, რომ მისდამი არც თუ ისე ცუდად განწყობილი პიროვნება ესტუმრა. სუსტად გაუღიმა და უძრავად მყოფი ხელის თითები ოდნავ გაამოძრავა. მისტერ ბერნსი მეუღლეს მიუახლოვდა, ლაჟვარდისფერ თვალებში ჩახედა, ბამბასავით თეთრი თმით დაფარულ შუბლზე ხელი გადაუსვა და ხმადაბლა ჰკითხა: -როგორ ხარ, ძვირფასო? -ვინ ხართ?- ქალი ცნობისმოყვარეობით აღვსილი მიაცქერდა მამაკაცს. -შენი ჯონი ვარ. მომენატრე. ვერ გავძელი უშენოდ და მოგაკითხე,- დასჯილი ბავშვივით ამოილუღლუღა. -ჩემი ჯონი? მე რომ არავის ვიცნობ მსგავსი სახელით?- გაკვირვებას ვერ მალავდა ქალი. მის მდგომარეობაში ბუნებრივი იყო. ცხოვრებაში მარგალიტებად ნაგროვები სიცოცხლის ლამაზი წუთები ვერაგ დაავადებას უეცრად მოვარდნილი მდინარესავით ჩამოერეცხა და უსასტიკეს სიცარიელეში დაეტოვებინა. ახლა ნებისმიერი მასთან მისული ადამიანი ქუჩაში გამვლელის ტოლფასი იყო, რომელსაც მხოლოდ წამიერი მეხსიერებით იკრობდა და როგორც კი თვალთახედვის არიდან გაქრებოდა, მისი გონებიდანაც საპნის ბუშტივით სკდებოდა და მიუწვდომელ ადგილას უჩინარდებოდა. -ალუბლის ღვეზელი მოგიტანე,- მამაკაცმა სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. -მართლა? საიდან იცით, რომ ალუბლის ღვეზელი მიყვარს? -ვიცი, როგორ არ ვიცი? - ერთი ნაჭერი ჩამოჭრა და პატარა კოვზით მიაწოდა. მატილდამ პირი გაამწლაკუნა და ნერწყვმომდგარმა საყვარელი ნუგბარი გასინჯა. -ყველაზე გემრიელ ალუბლის ღვეზელს აცხობდი. როცა სამსახურიდან ვბრუნდებოდი, მთელ ქუჩაზე საოცარი სურნელი ტრიალებდა,-განგებ წამოიწყო წარსულზე საუბარი, რომ მისთვის გული მოეგო. -მართლა? -გამხიარულდა მოხუცი ქალბატონი და მეორე კოვზის მისაღებადაც მოემზადა. მისტერ ბერნსმა კვერი დაუკრა და მორიგი ლუკმაც მიაწოდა. -გახსოვს როგორ გავიცანით ერთმანეთი? - გინდა თქვათ, რომ მართლა გიცნობთ? -ჩემთან ნაცნობობა სათაკილოდ მიგაჩნია? -არა, ეგ სულაც არ მიგულისხმია. უბრალოდ არ მახსოვხართ და მე ეს ფაქტი უფრო მეთაკილება,- გაბუტული ტუჩებით წარმოთქვა მატილდამ. -ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. დეიდა ჯემაიმას საცხობთან ალუბლის ღვეზელის რიგში ვიდექით. უკანასკნელი მე შემხვდა, შენთვის კი მხოლოდ ვაშლის ღვეზელი დარჩა და გეწყინა. გაბრაზებულმა შემომხედე და ხელცარიელი წახვედი. დაგედევნე და ალუბლის ღვეზელი დაგითმე. -როგორი კეთილი ყოფილხართ,- ღიმილით აღნიშნა მატილდამ. -ეს საათი გახსოვს? - მისტერ ბერნსმა საწოლთან მიბჯენილი ტუმბოს უჯრა გამოსწია და გაცრეცილ პატარა ყუთში ჩადებული წვრილსამაჯურიანი საათი ამოიღო. -ახლავე უკან დააბრუნეთ! როგორ ბედავთ?!- სასწრაფოდ გაჰკვეთეს ჰაერი გულმოსული ქალის სიტყვებმა. -კარგად შეხედე და დააკვირდი!- მშვიდი და მომთმენი ტონით განაგრძობდა მისტერ ბერნსი,- რას გაგონებს? -ეს საათი ჩემი მატიანეა. განა შეიძლება, რომელიმე ნივთმა ისე კარგად ასახოს ცხოვრება, როგორც მან? -რატომ? -ალბათ გავიწყდებათ, რომ დროს ვერავინ ვერაფერს გამოაპარებს,- საჩვენებელი თითი ქანქარასავით გააქნია და პირქუში გამომეტყველება მიიღო. -იქნებ ამ საათის წარმომავლობა გაიხსენო, -მისტერ ბერნსი ქალის გაცვეთილ მეხსიერებას არ ჯერდებოდა. მატილდამ თვალები უაზროდ აახამხამა და გონების ნაპრალებს მიაკითხა, თუმცა მათგან საიმედო ვერაფერი გამოწურა და უფრო მეტად აღელდა:- ახლავე გაუშვით ხელი ჩემს საკუთრებას და თავის ადგილზე დააბრუნეთ! მამაკაცმა საათი ყუთში ჩადო და უჯრა მიხურა, შემდეგ სინანულით მიუბრუნდა და საწოლში მყოფს ჩურჩულით მიმართა: -რამდენჯერ მიოცნებია, ერთხელ მაინც მომესმინა შენგან, რატომ აქვს ამ გაჩერებულ საათს ასეთი დატვირთვა, მაგრამ რაც ეს ილაჯგაწყვეტილი დრო ქვაზე ჩამოჯდა და ხანგრძლივად დასვენება გადაწყვიტა, სამწუხაროდ მონატრებულ პასუხს ვეღარ ვპოულობ. ქალმა საფეთქელთან მიიტანა თითი და მოიქექა, მერე მისტერ ბერნს შეხედა და ბუტბუტით წარმოთქვა: -საათები, ოხ, ეს საათები... -ეს ჩემი საჩუქარია,- უნუგეშოდ ჩაილაპარაკა და მზერა მის წინ მდგარ ყვავილების ქოთანზე უაზროდ შეაჩერა. -შენ მომიძღვენი? - გაოგნებული სახით მიაჩერდა, თითქოს სინდისი ჰქენჯნიდა, რომ ვერაფერს იხსენებდა. -კარგი, მაპატიე, - დანებდა ჯონი, აწყლიანებული თვალები დაუმალა და ხვედრთან შერიგება განაგრძო, თუმცა დიდხანს ვეღარ გაჩერდა, მეუღლეს მიუბრუნდა, ნალოლიავები სახის ნაკვთები ფაქიზად დაუკოცნა, დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. *** სამსახურში კლიენტების ნაკადი ნელ-ნელა მიილია და მწუხრიც ჩამოწვა. მისტერ ბერნსმა ხელსაწყოებს ადგილი მიუჩინა და სახელოსნოს დასაკეტად ემზადებოდა, როდესაც დილით ნანახმა ნაცნობმა უცნობმა ძალზედ პატარა სამუშაო ოთახის კარზე ჯენტლმენური თავაზიანობით დააკაკუნა და მოწიწებული ტონით მიმართა: -პირობას ყოველთვის ვასრულებ. შემთხვევით ხომ არ დაგავიწყდით? მესაათემ სათვალე შეიცვალა და სერიოზული სახით მიუგო: -როგორ გეკადრებათ? მობრძანდით, გელოდებოდით. ახალგაზრდა მამაკაცი პატარა ოთახში ძლივს შეიჭეჭყა და მაგიდასთან მოთავსდა. შემდეგ თაროებზე შემოწყობილ პაწაწინა ბოთლებში არსებული სითხეების ჰაერში დატრიალებული სურნელი მთელი სიმძაფრით იგრძნო და რაღაცნაირად არ ესიამოვნა, თუმცა მისტერ ბერნსთან არ შეიმჩნია. -ჩაის დალევთ?- ფაიფურის ჩაიდანში დაყენებული ჩაისკენ გადაიხარა მოხუცი. -არა, გმადლობთ, არ შეგაწუხებთ. -რა შეწუხებაა? შემიძლია რძითაც შემოგთავაზოთ. უცნობმა კვლავ იუარა, თუმცა შეციებულს ეტყობოდა, მესაათისთვის კარგი ნაცნობი რომ ყოფილიყო, თავს არ შეიკავებდა. -რამდენადაც მახსოვს, სახელი არ გითქვამთ,- მისტერ ბერნსმა ჩაი ფინჯანში დაასხა და რძე დაამატა. -ჰო, მართალი ბრძანდებით. ართურ ბელი გახლავართ. ალბათ, გაინტერესებთ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. ამასაც მოგახსენებთ, ოღონდ თანმიმდევრობით,- ახალგაზრდა მამაკაცმა პალტოს ღილები შეიხსნა და სასაუბროდ შეემზადა: - როგორც ყველა ბავშვს, მეც ღრმად მწამდა, რომ მშობელი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ჭეშმარიტ სიყვარულს უთანაბრდებოდა და რაც კი ამ ქვეყნად გულწრფელი და შეუბღალავი არსებობდა, სწორედ მისგან, თან უანგაროდ აღწევდა ნებისმიერ ჩვენთაგანთან, მაგრამ მწარედ შევცდი. მამაჩემი რამდენადაც საზოგადოებაში წარმოსადეგი და პატივცემული პიროვნება იყო, იმდენად უსასტიკესი მშობელი აღმოჩნდა. -ვინ იყო მამათქვენი?-ნიკაპი მოისრისა მესაათემ. -რობერტ ბელი - ქალაქის ცნობილი ბანკირი და საკმაოდ შეძლებული ადამიანი. ეჭვიც არ მეპარება, ეს სახელი და გვარი გეცოდინებათ. მოხუცმა თავი დაუქნია და ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა. -სანამ მისი საათი თქვენთან შესაკეთებლად არ მოვიტანე, იქამდე მჯეროდა, რომ დედაჩემი ჩემი დედინაცვალი, მისის დეროუ იყო. ჩემს დასასჯელად გამუდმებით მიზეზებს ეძებდა და მამაჩემზე არანაკლები სისასტიკით მისწორდებოდა. ახლა იფიქრებთ, შეიძლება აზვიადებსო, მაგრამ მხოლოდ მე და სხვენში გატარებულმა მწარე ღამეებმა ვიცით, რამდენი შიმშილით და ცემისგან გამოწვეული ტკივილით სავსე წუთი გადავიტანეთ. მათგან არაფერს ვითხოვდი, გარდა წესიერი მოპყრობისა და სიყვარულისა, რომელიც იმ ხანად ასე ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ ამაოდ. ხშირად მაწვალებდნენ ფიქრები, ნუთუ ეს იყო უცოდველი ბავშვის ხვედრი ამ სამყაროში?.. საუბედუროდ, არც პასუხი და არც ხსნა არსად ჩანდა,-მოღუშული სახით აგრძელებდა ართური. -კი, მაგრამ ეს რაში სჭირდებოდათ? -ჩაი გადასცდა მოხუცს და ხველა აუტყდა. -ყველაფერს მოგახსენებთ. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და იმ წელს სასწავლებლად უნივერსიტეტში შევდიოდი, როდესაც ყველასგან მოულოდნელად მამა შეუძლოდ შეიქმნა და საწოლს მიეჯაჭვა. ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს არ იძლეოდნენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე უმძიმდებოდა. მისის დეროუმ იმჟამად თითქმის მის კაბინეტში დაიდო ბინა და იქაურობას აღარ სცილდებოდა. ერთ დღეს საბუთები იღლიაში ამოიჩარა და სახლიდან გავიდა. ეს საქციელი უცნაურად მომეჩვენა. მივხვდი, რაღაც რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო. კაბინეტში შევიხედე, მაგრამ ვერაფერს მივაკვლიე და უკან გამოვბრუნდი. მეორე სართულიდან მამაჩემის ხრინწიანი ხმა მომესმა და ოთახში შევაკითხე. იქაურობა ნამდვილ ლაზარეთს ჰგავდა. ირგვლივ წამლის ბოთლები და სხვა სამედიცინო სახის ნივთები იყო მიმობნეული, მდიდრულ საწოლში დაპატარავებული, ჩია კაცი იწვა და ამაზრზენი შესახედაობა ჰქონდა. გაბმულად ახველებდა, სისხლიანი ნახველი ამოჰქონდა და ჩემკენ იმზირებოდა. ერთი წამითაც არ გამოუწვევია სიბრალული. კაცი, რომელმაც მთელი ბავშვობა დამიმახინჯა და ხან ქამრით, ხან ბლაგვი საგნით უმოწყალოდ მცემდა, ყველაფერი უკან უბრუნდებოდა. კიდევ უფრო შემძულდა და უკან გაბრუნება დავაპირე, როდესაც მისმა ხმამ შემაჩერა. მივბრუნდი და დავინახე გულზე დაკიდებულ გასაღებს ყელიდან როგორ იხსნიდა და მაწვდიდა. -ეს რა არის?- ზიზღით მივუგდე სიტყვები და ოქროსფრად მოელვარე გასაღებს დავხედე. -სამუშაო მაგიდის ქვეშ საიდუმლო უჯრაა. კარგად მოძებნე და ეს გასაღები მოარგე,- ბოროტად გამიღიმა და მეტი არაფერი უთქვამს, ბალიშზე ღონემიხდილი მიესვენა. ზედმეტი კითხვებით არც მე შემიწუხებია, გასაღები ავიღე და კიბეებით კაბინეტისკენ დავეშვი. მაგიდის ქვეშ მართლაც არსებობდა სამალავი, სადაც სწორედ ის საათი დამხვდა, რომელიც თქვენთან მოვიტანე. -თქვენ წარმოიდგინეთ, ის საათი მახსოვს, - მკრთალად გაეღიმა ხანდაზმულს,- თუ ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამითვლით, იქ მხოლოდ ის ნივთი დაგხვდათ? -აუცილებლად მოგახსენებთ. ის ძვირფასი საათი თავად ბიატრისმა უსახსოვრა მამაჩემს და მისი სურვილი იყო, როგორც საგვარეულო რელიქვია შემდეგ ჩემთვის გადმოელოცა. -თავიდანვე ცხადი იყო, ქალბატონის სახელი მამათქვენთან არც თუ ისე არამჭიდრო კავშირში იქნებოდა. -არა, მე სხვა რამეზე ვსაუბრობ. იმაზე მნიშვნელოვანზე, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ,- ხმაში იდუმალება შეეპარა წითურ მამაკაცს და უფრო სერიოზული საუბრისთვის შეემზადა,- მაშინ თქვენმა სიტყვებმა ძალზედ ჩამაფიქრა და გადავწყვიტე, საათზე ამოტვიფრული ქალის სახელის და წერილზე მითითებული გამომგზავნის, ბიატრის შმიდტის ვინაობა დამედგინა. გადავამოწმე. ხელთ არსებული შვეიცარიული მისამართი ციხეს ეკუთვნოდა. ღმერთმა უწყის რამდენი ვიწვალე, რომ ამ ქალბატონს შევხვედროდი. საბედნიეროდ, საათიც და წერილიც მას ეკუთვნოდა და ინიციალები, რომლებიც ანტიკვარული საათის შიგნით იყო დატანილი, დედაჩემის და მამაჩემის ქორწინების ერთი წლის თავს უკავშირდებოდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ბიატრისი დედაჩემი აღმოჩნდა. -ეგ როგორ?- გაოგნებისგან პირი დააღო მოხუცმა. -ქონება, რომელიც დედაჩემს ეკუთვნოდა, მლიქვნელური გზებით მამაჩემმა საყვარელთან ერთად მიისაკუთრა და დედაჩემი ჩემპ-დოლონის ციხეში ოცდაათი წლით გამოკეტა. -რას ნიშნავს გამოკეტა?- იერი შეეცვალა ხანდაზმულს. -ცბიერმა მისის დეროუმ და აწ უკვე გარდაცვლილმა მამაჩემმა ორი ადამიანი მოკლეს და ყველაფერი ისე მოაწყეს, რომ დედაჩემისთვის დაებრალებინათ. ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, რომელსაც მერე მოგიყვებით, თუმცა თუ ეს ფაქტი დაგამშვიდებთ, გეტყვით, ჩემგან დაქირავებული ძლიერი ადვოკატის წყალობით, საქმე ხელმეორედ წავიდა ძიებაში და დღეს დედაჩემი უდანაშაულოდ არის მიჩნეული. -რას მეუბნები?- მესაათე ემოციებს აჰყვა და ცახცახმა აიტანა. -მამაჩემმა გვიან გაიგო, რომ მიუხედავად იმისა, რამდენიმე თვის ჩვილი ვიყავი, დედაჩემს წინასწარ ეზრუნა, როგორც კი სრულწლოვანებას მივაღწევდი, მის კუთვნილებაში არსებული ქონების ნაწილის მფლობელი გავმხდარიყავი. სწორედ ამ მიზეზით განრისხებულმა ბიატრისს დედობის უფლება ჩამოართვა და კიდევ მეტად რომ გაემწარებინა, ინგლისში ჩამომიყვანა და ჩემს თავს არ ანახებდა. -ასეთი რა დანაშაული მიუძღოდა მამაშენთან? -არაფერი. მხოლოდ ის, რომ თაღლითსა და გაიძვერას ენდო და გულწრფელად შეიყვარა. -საიდან გაიგო დედაშენმა მამაშენის ახალი საცხოვრებლის შესახებ? იმას ვგულისხმობ, წერილმა მამაშენამდე როგორ მიაღწია? -არც იცოდა. წერილი მამაჩემის ნათესავთან გაუგზავნია. მას კი საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ უნახავს და ხელში გადაუცია მამაჩემისთვის. -რას იწერებოდა? -ირწმუნებოდა, დამნაშავე არ ვარო, დახმარებას სთხოვდა მამაჩემს, მე მკითხულობდა და ეხვეწებოდა, მასთან ცოტა ხნით მაინც მივეყვანე, რომ ჩემი ნახვით გული ეჯერებინა. მისტერ ბერნსმა თავი უღიმღამოდ გააქნია და გაციებულ ჩაის მიუბრუნდა. -ყველაზე დიდი უბედურება ის არის, დღემდე არ ვიცი, რას მიპირებდა. ჩემი ვარაუდით, დიდ უბედურებას გადავურჩი,-მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ხელის მტევნები ერთმანეთს გადააჭდო. ჯონმა ღრმად ამოიოხრა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ სტუმარს მიუბრუნდა: -ადამიანებისთვის ყველაზე მკაცრი მსაჯული დროა. იგი წითელი მანტიით დაბრძანდება, ყველა ქმედების უხილავი დამკვირვებლის როლს ირგებს და როგორც კი სათანადო მომენტი ჩაუვარდება, ჩადენილი ცოდვებისთვის საშინლად გვისწორდება. მას ვერაფერი აჩერებს. ჩვენ ვინ ვართ დროსთან? უსუსური არსებები, რომლებიც სამართლიანი თუ უსამართლო გზებით მუდამ რაღაცისკენ მივილტვით და ცხოვრების ფერხულში ჩართულებს გვავიწყდება, რომ დადგება ჟამი, როცა დრო თავის სასამართლო დარბაზში ქეჩოში ხელჩავლებულებს მიგვიხმობს და ყველაფრისთვის გაგვასამართლებს. -მესაათევ, თქვენ მართლა გჯერათ, რომ დროს არაფერი ეშლება? -რა შეკითხვაა, მისტერ ბელ? განა შეიძლება, ეს ცდებოდეს? -მესაათემ მაჯის საათს თითი დაჰკრა და ნიშნისმოგებით გადახედა. -ჰო, შეიძლება...-ფიქრმა გაიტაცა ახალგაზრდა. -რა პროფესიის ბრძანდებით?- ხანდაზმული წამოდგა და ცარიელ ფინჯანს წყალი გადაავლო. -ექიმი გახლავართ, უფრო კონკრეტულად- ნევროლოგი,-ფიქრებიდან გამოერკვა ართური. მისტერ ბერნსს ფინჯანი ხელში გაუშეშდა: -რას მეუბნები? -დახმარება ხომ არ გჭირდებათ?-სასხვათაშორისოდ ჰკითხა მისტერ ბელმა. -სამწუხაროდ, დიდად ვერ დამეხმარები, თუმცა რამდენიმე რჩევას სიამოვნებით მივიღებ. -გისმენთ. -ჩემი მეუღლე უკვე რამდენიმე წელია, რაც დემენციის მწვავე ფორმით იტანჯება. ახალგაზრდა ექიმებს შესაძლოა უახლოეს მიგნებებზე მეტ ინფორმაციასთან მიგიწვდებოდეთ ხელი. უარს არ ვიტყვი, თუკი მასწავლი ასეთ ავადმყოფთან როგორი სახის ურთიერთობა დავამყარო, რომ ხშირად არ გამინაწყენდეს,-ხმა გაუტყდა მესაათეს. -სად არის იგი? -სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მსგავსი პაციენტები მკურნალობენ. -შემიძლია სტუმრის სტატუსით თქვენი მეუღლე მოვინახულო? -რა თქმა უნდა, ფრიად მოხარული ვიქნები. -დამიკავშირდით და შეხვედრაზე მოვილაპარაკოთ,-სავიზიტო ბარათი მიაწოდა ართურმა. -არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. -რას ბრძანებთ? მადლობა მე უნდა გადაგიხადოთ. თქვენ რომ ჩემთვის ბიძგი არ მოგეცათ, დიდი ალბათობით ბიატრისი დღემდე გამოცანად დარჩებოდა და საკუთარ თავსაც ბოლომდე ვერ შევიცნობდი. -ჰო, მართლა, ბიატრისს რა ბედი ეწია? -ცხრამეტწლიანი პატიმრობის შემდეგ ჩემპ-დოლონიდან გამოვიდა და თავისუფლების ჰაერს ეზიარა. სწრაფადმავალ ცივილიზაციას ფეხი ვერ აუწყო და ძალზედ გაუჭირდა, თუმცა ჩემი სახით გვერდით ჰყავდა შვილი, რომელიც მასზე ზრუნვას ითავსებდა. პარადოქსულია, არა? წესით, დაკარგული სითბო უნდა ამენაზღაურებინა და მისი თითებიდან გამომავალი მზიური სხივების ქვეშ პატარა ბიჭივით უნდა შემეფარებინა თავი, მაგრამ დრო ვეღარ დავაბრუნეთ. ვცდილობდი, მისთვის დარდები განმექარვებინა, მაგრამ რამდენად მოვახერხე, ამასაც ვერ გეტყვით. მე ხომ ეიდან დავიწყე მისი გაცნობა და ზეტამდე ვერც კი მივაღწიე?.. -რა მოხდა?- ისევ შეეცვალა მესაათეს სახე. -ეს დედაჩემის ლექსების კრებულია, რომელიც სულ რამდენიმე კვირაა გაყიდვაში გამოვიდა. პასუხს აქ იპოვით,-უბიდან მომცრო ზომის წიგნი ამოაძვრინა, მაგიდაზე დაუტოვა, დაემშვიდობა და იქაურობას ელვის სისწრაფით გაეცალა. მოხუცმა წიგნი ხელში აიღო და რამდენიმე გვერდს გადახედა. შემდეგ ოთახის კარი ჩარაზა და შენობიდან გავიდა. საღამოს ქალაქს მძიმე ნაბიჯებით მიუყვებოდა. ახმაურებულ ქუჩებს შორიდან ტრამვაის გუგუნი უერთდებოდა. ამჯერად არც ერთი წუთი აღარ დაუგვიანია. საიდანღაციდან მომავალი და სადღაც მიმავალი მგზავრები თავის დროზე ჩამოარიგა დანიშნულების ადგილებზე. იმ ღამეს ვიღაცას წიგნის ფურცლებზე უროებით სულს უტეხდნენ... დადუმებული იჯდა ცხვირზე სათვალეჩამოკიდებული მესაათე და უკანასკნელ სტრიქონებს ეცნობოდა: აღრიალებულ სიჩუმეში სასეირნოდ გამოსულა წუხელის ვიღაც, ბორიალობდა ამაოების საცავებში გაბეზრებული, აზრთა კონებმა ძველებური სიელვარით ისევ გათელეს, გამოქცეული შეიტყუეს ღრმად მარწუხებში. გადაუბუგეს რაც რამ ჰქონდა შემორჩენილი, აღარც გაზაფხულს შეუსხია სიცოცხლის ფრთები, აქაფებული მაჭარივით გადმოსჩქეფდა დამღი გრძნობები, კვლავინდებურად დაღლილობა შეჰპარვია სიცოცხლის წუთებს. ციფერბლატებზე სუსტად დაძრწის ძველი ისარი, ტყუილად უხმობს მესაათეს გადასარჩენად, აცეკვებულა ბოლო წამი ზღვის სილურჯეში, ახმაურებულ სიჩუმესაც უპოვია ჟამი სიმშვიდის. მოხუცმა წიგნი დახურა, გარეკანს დააცქერდა და სათაური ჩურჩულით ამოიკითხა: - „ქვიშად დაშლილი პანაცეა“,- მერე თვალები მოისრისა, ფანჯარასთან მივიდა და ფარდა ფრთხილად გადაწია. დიდხანს უყურა ლამპიონებით განათებულ ცარიელ ქუჩებს. სახლებიდან კანტიკუნტად გამოდიოდა კვერცხის გულისფრად მოელვარე შუქი. ვიღაცებს მასსავით არ ეძინათ. ვინ იცის, რა კაეშანი სჭამდათ, ან რაზედ დაფრთხობოდათ ძილი?.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.