ევა - 11
თავი 11 -გავასეირნოთ! -რანაირად უნდა გავასეირნოთ? -აი, ხელში ავიყვანოთ. არა, თოკი მოვაბათ... -სიმბას დაბმას არ ვაპირებ! -აბა, ცოდოა სულ სახლში... -ვერანდა გვაქვს, სადაც გასვლა შეუძლია. -კოსტა, კარგი, რა! გასწორდი, ვერ გხატავ!-ყველაფერზე ერთად დაიწუწუნა გოგომ. კონსტანტინეს მაღალ სკამზე მჯდარმა გრძელი ფუნჯი მოხერხებულად დაიჭირა და სცადა, სწორად დაეხატა უზარმაზარ ტილოზე, თან ჩუმად წუწუნებდა, რადგან ისე არ გამოსდიოდა ხატვა, როგორც კონსტანტინეს. -გავაღებ!-ბედნიერმა წამოიძახა ევამ, როცა სახელოსნოში გაჟღერებულ კლასიკურ მუსიკას ზარის ხმა შეერია. კონსტანტინე მსუბუქი ღიმილით დაეთანხმა უკვე კარისკენ მიმავალს. -იფიქრე, სიმბაზე!-მიაძახა ოთახიდან გასულმა კაცს და მხიარული ნაბიჯებით მივიდა კარამდე. ისე გამოაღო, არც კი გაუხედავს ჭუჭრუტანაში. ალბათ, გიორგის, აიას ან ლიზას ელოდა. თუმცა, კარი რომ გააღო, სულ სხვა სურათი დახვდა. -გამარჯობა..?-თითქოს მისალმებით იკითხა ევამ, ვინ ბრძანდებითო. -კონსტანტინე...-დაიწყო ვერცხლისფერთმიანმა ქალბატონმა, მერე დაკუჭული ფურცელი თავისუფალი ხელით გახსნა, დააკვირდა და წარბშეჭმუხნილმა ამოიკითხა,-კონსტანტინე ალაზნისპირელი აქ ცხოვრობს? ეს რომ იკითხა ევამ ჯერ ქალს შეავლო თვალი, მერე ბავშვს, რომელიც ჭაღარა ქალბატონის ხელს ეჭიდებოდა პაწია თითებით. -ერთი წუთით,-გაკვირვებულმა გოგომ ვერ მოიფიქრა, რა გაეკეთებინა. კარი ღია დატოვა და სახელოსნოსკენ გასწია, თუმცა შუა გზაში დაფიქრდა, რომ არ იქნებოდა სწორი პატარა გოგონას გარეთ დატოვება და კართან მიბრუნდა. მოხუცი და ბავშვი სახლში შემოიპატიჟა, დივანზე დასხა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახა კონსტანტინეს. არ იცოდა რატომ, თუმცა გული ცუდს უგრძნობდა ევას და იმდენად აწუხებდა ეს, რომ მხიარული ხასიათი სწრაფად წაუხდა. -აი!-წამოიძახა კონსტანტინეს დანახვისას ბავშვმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ლაპარაკი ახლახანს დაეწყო და ხელით ცდილობდა მოხუცის ყურადღება დაემსახურებინა. პატარას დანახვისას კონსტანტინე მთლად დაიძაბა, ყველა კუნთი დაეჭიმა, სახე შეეცვალა. -ვინ ბრძანდებით?-უემოციობა დაუბრუნდა კონსტანტინე ალაზნისპირელს. გიშრისფერი კაცის ხმა ისევ ბნელი, ცივი და საშიში გახდა. -კოსტა...-სინანულით ამოილაპარაკა ევამ და ეცადა, წელზე შემოხვევით დაემშვიდებინა, მერე დაჯდომაც აიძულა, თუმცა დაძაბულობა არსად ქრებოდა. -ბატონო კონსტანტინე... შვილო...-დაიწყო ქალმა. ალაზნისპირელმა რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა ევამ გააჩერა და ქალმაც ლაპარაკი განაგრძო,-ეს ბავშვი ლინაა. ლინა ალაზნისპირელი უნდა იყოს... -საინტერესოა,-ფეხზე წამოდგა კონსტანტინე ისე, რომ არც კი აცადა მოხუცს საუბრის დამთავრება. -კოსტა, დაიცადე,-ამაოდ ჩაერია ევა. ქალი კი აგრძელებდა: -მეტჯერ აქ მოსვლას ვერ გავბედავ, ვერ ვიკადრებ. თქვენი შვილია ეს ბავშვი, კონსტანტინე. -ჩემი სახლიდან გადით,-ჩუმად, თუმცა იმდენად მკაცრად თქვა, მოხუცი შეკრთა. -მესმის...-ფეხზე წამოდგა ქალი, ბავშვი ხელში გაჭირვებით აიყვანა, ევას შეხედა და მაგიდაზე ანიშნა, სადაც პატარა ფურცელი დადო, მერე კი სახლიდან გავიდა. გასვლამდე თავისთვის ჩაილაპარაკა,-დაობლდა... დაობლდა და დედამისს მხოლოდ ეს თხოვდა ჰქონდა...-ჩუმად თქვა, თუმცა გაიგო მისი ხმა ახალგაზრდა წყვილმა. ევა არ გაჰყოლია ქალს. კონსტანტინესთან დარჩა. -რას აპირებ?-იკითხა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ. -რა უნდა ვქნა?-უემოციოდ უპასუხა კონსტანტინემ. -შენი შვილი თუა... -მომისმინე, ჩემი შვილი არ არის. მილიონი ალაზნისპირელი ივლის ქვეყანაზე და სულ რომ არ იყოს ალაზნისპირელი, ჩემი ქონების გამო მიიღებს ამ გვარს. -იქნებ, მართალია... დახმარება სჭირდებოდათ, აშკარად... -ევა! მე ერთი შვილი მყავდა! ერთადერთი ქალიშვილი, რომელის კუბოსაც მიწა ჩემი ხელით დავაყარე! მე ერთი შვილი მყავდა, რომელიც აღარ არის. იმედია შენმა ღმერთმა წაიყვანა და კარგად აცხოვრებს, რადგან მე აღარ მყავს. და ის ბავშვი ჩემი შვილი არ არის, გასაგებია? ჩემთან საერთო არაფერი აქვს!-ყვიროდა კონსტანტინე. პირველად ყვიროდა, თან თვალზე ცრემლმომდგარი მთელი ძალით ცდილობდა ხმის გაკონტროლებას, თუმცა არ გამოსდიოდა... ევა კი ვერ ეწინააღმდეგებოდა. დრო სჭირდებოდა გოგოს დასაფიქრებლად. კონსტანტინე წავიდა. ოთახში შევიდა და იმ ოთახის კარი დიდხანს არ გაღებულა. ევა კი მარტო დარჩა. ახლა დრო ჰქონდა... ფიქრობდა ევა. ფიქრობდა და თან ხელში მოხუცის მიერ დატოვებულ ფურცელს ათამაშებდა. დივანზე ახტა სიმბა, დიდი ცისფერი თვალებით შეხედა ევას და მის კალთაში მოკალათდა. ევა კატას ეფერებოდა და წარმოიდგენდა, რა იქნებოდა კონსტანტინეს ცხოვრება სხვანაირი რომ ყოფილიყო? რა იქნებოდა, შვილი ცოცხალი რომ ჰყოლოდა, მართას არ მიეტოვებინა, მოგზაურობა გაეგრძელებინა... ალბათ, ეს აღარ იქნებოდა ის კონსტანტინე ალაზნისპირელი, რომელიც ევას შეუყვარდა, თუმცა... ის ძველი კონსტანტინე ბედნიერი იყო... "იქნებ, მართლა მისი შვილია?" შორიდან შემოესმა გოგოს საკუთარი ხმა გონებაში. ამაზე ფიქრი კი ვერ მოასწრო, რადგან კონსტანტინეს მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგო. სიმბამ თავი წამოყო. ზედ არ შეუხედავს კაცს ევასთვის. გული დასწყდა გოგოს... -საით?-იმ იმედით იკითხა ევამ, რომ პასუხს გაიგებდა, თუმცა... სიჩუმეში ისევ დეკანოიძემ ამოილაპარაკა,-კოსტა... ახლა კი შედგა კონსტანტინე. ცივი მზერა მიაპყრო ქალს. -არ გაბედო... არ გაბედო, რამე მითხრა! -მე რა დავაშავე, კოსტა?-თვითონაც გაღიზიანდა ევა. -შენ შემოიყვანე სახლში არაადამიანი პატარა არსებით, რომელსაც სურს, ჩემი შვილის ადგილი დაიკავოს. -ბავშვს არაფერი დაუშავებია!-წამოიძახა გოგომ, თუმცა კონსტანტინე უკვე გასულიყო სახლიდან. თითქოს პატრონს მიბაძა და გვერდში დგომის ღირსად არ ჩათვალაო, სიმბამაც ზურგი აქცია ევას. თავაწეული მოშორდა ხორბლისფერკანიანს და ოთახში მარტო დატოვა. და ახლა მხოლოდ ევა დარჩა. მხოლოდ ევას უნდა გადაეწყვიტა, რა ექნა. ევას, რომელიც უსაფუძვლოდ დაადანაშაულა კონსტანტინემ. ევას, რომელსაც ბავშვი ეცოდებოდა. ევას, რომელიც ვერ ხვდებოდა, უნდა ეთქვა თუ არა აიასთვის მომხდარზე. ბოლოს აიას მხოლოდ პატარა შეტყობინება გაუგზავნა, სადაც სთხოვდა, სადმე წასულიყვნენ სასაუბროდ. თუმცა, ალბათ, უკვე გვიანი იყო და აია ილიასთან ერთად ოჯახურ საღამოს ატარებდა, ამიტომ ევამ დაცარიელებულ სახლს თვალი მოავლო და დივანზე გადაწვა. კონსტანტინეს მოლოდინში ისე ჩაეძინა, ვერც კი გაიაზრა, ბოლოს მომხდარზე ფიქრობდა თუ გიშრისფერ კაცზე. კარგი სიზმარი ნახა ევამ. ნახა, როგორ ცეკვავდნენ ის და კონსტანტინე შოპენის ფონზე, როგორ არჩევდნენ "იესოს სახარებას" და ეფერებოდნენ სიმბას, როგორ ხატავდა ევა და როგორ იღიმოდა კონსტანტინე იმ საოცარი, განსხვავებული და განსაკუთრებული ღიმილით... წვიმის ხმა ძილშიც ესმოდა. საბოლოოდ, გამოფხიზლდა, თვალი ზანტად გაახილა და დივანზე წამოჯდა. ფანჯარა ღია იყო და შემოდგომის თბილი წვიმა ასველებდა ქალაქს. სახლში გრილოდა, ევას კი პლედი ეფარა. გაეღიმა. მიხვდა, კონსტანტინე დაბრუნდა. პლედის დაფარება კი იმდენად სასიამოვნო ჟესტი იყო, ევას მოუნდა იმ წუთშივე ენახა კაცი. ფეხზე წამოდგა. ჯერ კიდევ არ ეფიქრა მომხდარზე, არ იცოდა რა ერჩიე კონსტანტინესთვის ან როგორ დაემშვიდებინა, თუმცა ეგონა, თვითონ მოახერხა მუდამ მშვიდმა ალაზნისპირელმა თავის მოთოკვა და ამიტომ ფიქრობდა, რომ ყველაფერი მარტივად დალაგდა. თუმცა, კონსტანტინეს ოთახს რომ მიუახლოვდა, თითქოს მისი მისვლა იგრძნოო, გიშრისფერი თვალები შეეჩეხა გოგოს. ოთახში არ შეუშვა. -სად იყავი წუხელ?-უცნაური სიმშვიდით იკითხა ევამ, აშკარა იყო, იმედი ჰქონდა... -იქ, სადაც არ იყო სიცრუე,-უემოციოდ უპასუხა კონსტანტინემ და ევამ იგრძნო, როგორ დააწვა გულზე უზარმაზარი ლოდი. ძველი კონსტანტინე დაბრუნდა. -გიორგისთან იყავი? -ევდაკია, რა გინდა?! რა მნიშვნელობა აქვს?!-ისევ ეს სიცივე... ახლა ევამ კაცის გიშრისფერ თვალებში გიორგის უკან დამალული ათასი შიშველი ქალის ფიგურა დაინახა. -მე რაზე მიბრაზდები, კოსტა?-წყენა სიბრაზით დამალა ევდაკიამ. ჯერ ხელები გადაიჯვარედინა. მერე მარჯვენა ხელით მოღებულ გულზე დაკიდებულ ჯვარს ჩაეჭიდა. -რატომ შემოიყვანე ჩემს სახლში უცხო ქალი და ბავშვი?-არც კონსტანტინე ჩამორჩა. -ალბათ, იმიტომ, კოსტა, რომ მეგონა შენს ცხოვრებაში ის ერთადერთი ქალი ვიყავი, ვინც თავისი ცხოვრების ნახევარს შენს სახლში ატარებდა და ვისაც უფლება ჰქონდა, სტუმარი მიეღო. -სტუმარი არ არის ორი წლის არსება და უცხო ქალი. -რა დაგიშავეს, კოსტა?! რა დაგაკლეს, რა წაგართვეს?! -მათ არაფერი, ევა. შენ დამაკელი. შენ გამახსენე შვილი. შენ შემოიყვანე ის სახლში. -მე არ ვიცოდი რა უნდოდა და თან ბავშვია, რომელიც შეიძლება შენი შვილი იყოს! -არ მჭირდება შვილი, ევდაკია!-იყვირა კონსტანტინემ, გიშრისფერი თვალები უკუნეთად ექცა. იქიდან გაქრა გიორგის ორქოსფერი ღიმილი, გამოყენებული ქალბატონები, ევას ინტერესმაც უკან დაიხია და ადგილი ბაბის საფლავის ქვას დაუთმო. -შვილი არ გჭირდება, კოსტა?-უფრო ხმადაბლა გაიმეორა ახლა ევამ. კონსტანტინე გაჩერდა. ქალს თვალი აარიდა, გრძელი თითები გიშრისფერ თმაში შეიცურა. -კონსტანტინე, შვილი არ გჭირდება?!-ისევ იკითხა ევამ,-შემომხედე და მითხარი! კონსტანტინემ ახლა თვალებში ჩახედა ევას. პასუხი საჭირო აღარ იყო. -ანუ მე შენთვის მხოლოდ ბაბის დაბადებამდე არსებული მართას შემცვლელად გყავარ? ანუ ჩემგან არასდროს გენდომება შვილი? არ გენდომება მომავალი? კონსტანტინე ხმას არ იღებდა. არც თვალს აშორებდა ევას. -კარგი,-გაიღიმა ევამ. -სად მიდიხარ?-ახლა სიწითლე შეერია გიშრისფერ თვალებს, ცრემლიანი სიწითლე. ევამ ხმა არ გასცა. დივანთან მივიდა. პლედის დაკეცვა დაიწყო. -ევა, რას აკეთებ?-კონსტანტინემ იგრძნო, სუნთქვა უძნელდებოდა. -მივდივარ,-გაიღიმა ცრემლიანი თვალებით ევამ. თუმცა კონსტანტინემ, რომელსაც ევას თუთოეული ჟესტი ჰქონდა შესწავლილი, ვერ ამოიცნო ეს მზერა და ღიმილი. გულაჩქარებულმა ღრმად სუნთქვა დაიწყო. -ევა, ხომ შემპირდი, რომ არასდროს დამტოვებდი...-ძლივს ამოილაპარაკა კაცმა. -არა,-ქალს ჩაეცინა,-მე გითხარი, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. მე შეგპირდი, რომ არ წავიდოდი, თუ ჩვენ არ გადავწყვეტდით ასე. ჩვენ კი ეს უკვე გადავწყვიტეთ. ისევ თმაში შეიცურა თითები ალაზნისპირელმა. იგრძნო საკუთარი დაცემა. ახლა ქვემოთ იყო, სადღაც ძალიან ღრმა უფსკრულში... ზემოდან კი ევა უყურებდა. იცოდა კონსტანტინემ, ევა თუ წავიდოდა, სინათლე გაქრებოდა, სითბოსაც თან წაიღებდა ქალის ხორბლისფერი კანი და წაბლისფერი თმა... იცოდა, რომ არ უნდა გაეშვა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. კართან მიდოდა ევა და კონსტანტინეც მიყვებოდა იმის იმედით, რომ გააჩერებდა, თუმცა ძალა არ ჰქონდა... კარი რომ გამოაღო ევამ კონსტანტინეს შეხედა და იმ ამოუცნობი გამომეტყველებითა და ხმით უთხრა: -შენში წმინდა არაფერია. -წმინდა მხოლოდ შენი სიყვარულია...-თავისდაუნებურად ამოილაპარაკა კონსტანტინემ. ევამ კი თავი გააქნია: -მომავალი არ ჰქონია მაგ სიყვარულს, კონსტანტინე. კარი ღია დატოვა ევამ. თითქოს განგებ, კონსტანტინეს მიმავლისთვის თვალი რომ არ მოეშორებინა. უყურებდა კონსტანტინეც. მუხლებმოკვეთილი უყურებდა. სუნთქვა ეკვროდა. გონება ერეოდა. მიხვდა, მთვარით განათებულ ბილიკზე გზა აერია. იცოდა, იდეალური ცხოვრება საკუთარი ხელით დაანგრია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.