არა მე, არამედ არამე /სრულად/
თეთრი. მის სხეულს ვეხებოდი, ადრე რომ მაგიჟებდა და... არაფერი. ის მეხებოდა, მეამბორებოდა, ალერსის მორევში ღრმად მითრევდა და… არაფერი. ჩემს ბრინჯაოსფერ სხეულზე დაატარებდა თხელ ფალანგებს, ლურჯ ნატანჯ ვენებს აყოლებდა საჩვენებელ თითს და მაცდურად მიღიმოდა - არაფერი. მახსოვს - მიყვარდა. მახსოვს - ხანდახან მძულდა კიდეც. არაფერი. ზამთარი შემიყვარდა მაშინ. ვერ ვგრძნობდი, ვიცოდი, რომ მიყვარდა. თოვლის ექვსკუთხა უნიკალური ფიფქების მიმართ საოცარ ლტოლვას განვიცდიდი და როდესაც ისინი კანზე მადნებოდნენ, ოხშივარადენილ ოხვრას ვუშვებდი ყელის სიღრმიდან. წელს ვტეხდი და ფეხშიშველი, ფეხის წვერებზე ვიწეოდი, რომ დამეჩქარებინა პროცესი. გარიჟრაჟშეპარულ ცას ვუმზერდი ზამთარში, მაისურისამარა ვიდექი აივანზე და ფანტელებს ვეკეკლუცებოდი. არაფერი. კვამლისფერ ღრუბელზე ვიჯექი ღრმად ცაში. ვუმზერდი საკუთარ თავს და მეცოდებოდა. სულ ცოტა ხანში ის გაიგებდა, რომ არამე იყო. ირონიული ღიმილი დამთამაშებდა სახეზე და სიამოვნებისგან ტუჩს ვიკვნეტდი. აი, ახლა იგემებდა იმას, რაც დაიმსახურა. დავაკვირდი და ღრუბლებში ცურვა სულაც არ ყოფილა ოცნებასავით ტკბილი. სულ დარდობ, რომ ფეხი დაგიცდება და დედამიწაზე მოადენ ზღართანს. ოცნებისას კი იძირები. არა, ოცნების შედარება არაფერთან შეიძლება. წყალში ხრჩობა, ცაში დაცემა, მიწაში ცოცხლად დამარხვა… ოცნებაში - არაფერი. ვიმზირები სარკეში და სრული არამე სრულ არაფერს სრული არარაობის გამო დასცინის. შენ რომ გგონია, ერბო ქონიაო, აი, ზუსტად ეგრე. ზღვის ქვიშიანი ნაპირი არ მომწონს. უცნაურად ეფლობა ჯერ ქუსლი, ჭყაპუნს იწყებს და როდესაც ფეხის თითებს შორისაც მოექცევა, მხოლოდ შემდეგ გაწყვეტს ამ უცნაურ ხმას. როცა არ უნდა გავიგო, მაჟრჟოლებს, ხოლმე. ჰო, ტალღებიც მაღიზიანებენ. ცდილობენ საკუთარი მონოტონურობა ჩაახშონ და თითქოს, გელაპარაკებიან კიდეც. მაგრამ არ გამოსდით. ასე უბრალოდ, არ გამოსდით და მორჩა. რომანტიკა და მელანქოლია ზღვის პირზე, რომელიც ტალღებში იმალება და ცდილობს გაცდუნოს… არაფერი. მგზავრობა მიყვარს. განსაკუთრებით მეტროთი მგზავრობა. ტალღებისგან განსხვავებით რელსები მესაუბრებიან ვაგონში. ოღონდ ვერ გავაგებინე მათ, რომ რიგ-რიგობით თუ მეტყვიან სათქმელს, უკეთ ავაწყობთ დიალოგს. - მოდი. - ჩაგვეხუტე. - არ დაუჯერო. - გატყუებენ. - ჩვენ არა, სხვები. - ჩვენ გვიყვარხარ. - გატყუებთ, გვეზიზღები. - მოდი, მოგვეფერე. - მოდი, ზღაპარს მოგიყვებით. - ფეხი არ დაგიცდეს. - ფიქრი არ გაგეპაროს. - უკან მოიხედე. - შენ დგახარ იქ… გულგახეთქილი ვბრუნდები და დაბნეული მგზავრი მრჩება ხელში, რომლის სახეზეც კითხვის ნიშნები ტომთა ბელადების შეკრებას აცხადებენ. მეცინება და მინისკენ ვიყურები. ყოველთვის კართან ვდგები ხოლმე, რომ მათ ვუცქირო. ისე სწრაფად ცვლიან ერთურთს, რომ მათი ხანდახან მშურს. მერე ვხვდები, რომ ისინი დგანან, მე ვმოძრაობ და გული მწყდება. ნუთუ არავის და არაფრის შემშურდება? ხანდახან ჩვენზე წინ ვინც გვგონია, სინამდვილეში ჰალოგრამა აღმოჩნდება იმ ადამიანის, რომელიც ჩვენ უკანაა. ამ დროს გავოცდებით, მადლიან ქვაზე ჩამოვჯდებით და სახტად დარჩენილ საკუთარ თავებს დისერტაციას მივაწვდით - რა, რატომ, როდის, რისთვის, როგორ… როგორ გვაინტერესებს არა ყველაფერი დეტალურად? არაფერი. დაპროგრამებულივით ვიცი, რაც უნდა ვიგრძნო. პრაქტიკულად კი სრული სიცარიელეა. ან იმდენად სავსეა, რომ სიცარიელის შეგრძნებას ტოვებს. დედამიწის ატმოსფეროში ჰაერია, ჩვენ ვსუნთქავთ, მაგრამ ჰაერი ჩვენთვის არაფერია, რადგან ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ. ჰაერი ქარის სახით თუ არ მოგვევლინა, დაგვავიწყდება, რომ არსებობს. ჰი, რამდენს ფიქრობს, დამიხედეთ ერთი ამას. რამდენადაც არ უნდა ეცადო პირვანდელი სახის დაბრუნებას, ეს წყეული დრო მხოლოდ წინ მიდის, ძვირფასო. ღამით, როდესაც კედელზე მიჭედებულ უზარმაზარ საათს უსმენ… რამდენჯერ ვეცადეთ, რომ უხმო ყოფილიყო, გახსოვს? ექვსი თუ შვიდი ცალი გამოვცვალეთ, მაგრამ წამების ისარი მაინც გვაწამებს ღამე. რა უცნაური ფენომენია ღამე. ვერსად გაექცევი და თავდაცვის საბურველს ზედ შემოგახევს კიდეც. თავხედი ღამე! თან ეს საათიც. არაფერი, რა. მე ღრუბლებში ვარ, არამე დედამიწაზე და ახლა პლანეტის იმ კუნჭულში შუაღამე იწვის, დნება. სიო სარკმლით მონაქროლი კი ველთა ზღაპარს ნამდვილად არ ეუბნება მას. წიკ-წიკ. ჟანგიანი, ბლაგვი დანის პირივით მესობა გულის კუნთში ეს მშვიდი და აუღელვებელი ხმა. სულ ცოტაც და ავფეთქდები. ავფეთქდები მე და არა არამე. რადგან არამე არაფერში ცურავს. მე იქ არ ვარ, მაგრამ მე ვგრძნობ. არაფერი. ვერაფერს განვიცდი და ეს მღრღნის. სევდა ან მელანქოლია მაინც შემომეპაროს, ენანებათ? რა მნიშვნელოვანია შენთვის ემოციები, იაზრებ? წარმოიდგინე არამეობა. ან წარმოდგენა რას "უშველის", სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოცდი, ვერ მიხვდები. და იცი, რა? შეიძლება ვერც შემდეგ მიხვდე. დააბიჯე ერთსა და იმავე ბომბს ფეხი ორჯერ და კისრიტეხით გაექცევი იმ მდელოს. საერთოდ დაივიწყებ, რომ არსებობს. მაგრამ ვაი, და მესამედ წაგიცდეს? ვეღარ გაჩერდები. და არაფერი შემოგეპარება. ბუხ-ბუხ-ბუხ. ახლა უკვე ყველა მხრიდან დაიწყებენ აფეთქებას. ჩშშშ! გესმის?! ეს შენი ბედია, ის ბედი, რომელიც არ არსებობს. ის წერა, რომელსაც შენ წერ. გაუცნობიერებლად ქმნი და ჰოპ! კოლექტიურ არაცნობიერში საკითხს აყენებ ბედისწერის შესახებ. განა ნაბი'ჭვარი არა ხარ? ხარ, ჰო. იკივლე, იწივლე. მაინც ვერ გამომიყვან წყობილებიდან. იმიტომ, რომ არამე ვარ. მე სადღაც ღრუბლებში დაფარფატებს, მე კი მიწაზე ვდგავარ მყარად. მე ვიაზრებ, მე ვხვდები, მე ვერ ვგრძნობ. არ მაკისრია ვალდებულებები, პასუხისმგებლობები. იტყვი, რომ ჩემს ტვინში დეფექტია? ამიგდალა აჩმახებს? მე კი გეტყვი, რომ მ'კიდია. რატომ უნდა დავიტვირთო ადამიანებთან ახლო ურთიერთობით თავი, როდესაც შემიძლია ამ იდიოტიზმისგან სრულიად თავისუფალი ვიყო, მეტყვი? რა არგუმენტიც არ უნდა მომიყვანო, შენ ვერ გადამარწმუნებ, რადგან შეგიძლია გრძნობდე. არც შემიძლია და არც მსურს. მაგარია, არა? როდესაც სურვილი და შესაძლებლობა ერთმანეთს ემთხვევა? არაფერი. ღრუბლებში ყოფნა მომბეზრდა. ყველა ფერის ღრუბელი ვნახე და ვესაუბრე მათ. მოსაწყენები არიან. გემოც კი გავსინჯე მათი, მაგრამ, რა? სრულყოფილება მოსაწყენია. არამე კი კვლავ ბჭობს? ჰაჰ, ცოტაც მოითმინე, პატარავ, შენი არამეობავე მოგიღებს ბოლოს. ღმერთად ვგრძნობ თავს. დაე, ილაპარაკოს. იმსჯელოს, გამოიტანოს დასკვნები. მე კი გავიცინებ. დრო რომ მოვა, მის წინ დავჯდები შინდისფერ კაბაში და ვეტყვი: შენ არასდროს გყვარებია ზამთარი და სიცივე. ვერ იტან, როდესაც სუსხი გეპარება კანქვეშ და კანკალს გაწყებინებს. არც აივანზე გიყვარს ნახევრადშიშველს გამოჩენა და მითუმეტეს, არც გარიჟრაჟზე დგები დილაობით. ფიფქებზე არაფერს გეტყვი. მხოლოდ შორიდან უმზირე, მათი სიახლოვე დაგწვავს. არც მგზავრობა გიყვარს, მაგრამ, ვაღიარებ, მეტრო განსაკუთრებულია. რელსებიც. ზღვა და ტალღებიც გიყვარს. სევდა და მელანქოლია შენი მეგობრები არიან. ღამეზე კი ჭკუა გეკეტება. მაგრამ, რა? არაფერიო მიპასუხებ და კვლავ კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებ. არა მე, არამედ არამევ, მეტისმეტად გათავხედდი საკუთარი არსებობით. შუქზე გამოსვლამ გაწყინა, ძვირფასო. არა არაფერი, არამედ ყველაფერი. არა მე, არამედ არამეა არაფერი. და არა არამე, არამედ მე ყველაფერია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.