შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |1|


12-04-2020, 17:25
ავტორი Âme
ნანახია 898

ნაცრისფერი, უსახური, ოთხკუთხა შენობა. ქარი მთელი ძალით აყრის მტვერს კედლებს. ხეები გადატეხვამდე ირწევიან და გამხმარ ტოტებს , შიმშილისგან დასუსტებულ ხელებს რომ დამსგავსებიან , აქეთ-იქეთ ახეთქებს. მთვარის შუქი დასავლეთის სარკმელში ანათებს და მკრთალად იშლება იატაკზე. ანარა ფანჯრის რაფაზე ზის, როგორც ყოველთვის . ნიკაპი მუხლებზე უდევს და მკლავებით მაგრად ეხვევა წვივებს . თეთრ, თხელ ღამის პერანგში ფარულად აღწევს ყვითელი ნათება და საწოლის ჟანგშეპარული თავების ჩრდილებს ზემოთ მკაფიოდ მოსჩანს გამხდარი სილუეტი. ნეტავ რა ელის ამ კედლებს მიღმა. ცხოვრება აქამდე ნამდვილად არ ყოფილა მის მიმართ კეთილგანწყობილი. სადაცაა წასვლა მოუწევს და აუცილებლად შეეჩეხება პირისპირ ბევრ, სასიამოვნო თუ უსიამო სიახლეს. ამაზე მხოლოდ ოცნებობდა , თუმცა აქ გატარებულმა წლებმა თავისი გავლენა ნამდვილად იქონია და პირველად გააცნობიერა, არ გადაეწყვიტა რას მოიმოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარში ორმოცზე მეტი ბავშვი ცხოვრობდა და არავინ იცოდა მათი წარმომავლობა, ყველანი ერთ ლაბორატორიაში გამოყვანილ საცდელ ვირთხებს გავდნენ, რომელზეც აღმზრდელის ექსპერიმეტმა წარმატებით ჩაიარა. აქ არასოდეს დაუსვამთ კითხვა, " რა გინდა ?". დილიდან საღამომდე , მხოლოდ ბრძანებები ისმოდა. ყველაგან მუქ ფერებში შემოსილი ბავშვები . მანჟეტები და საყელოებიც კი ლეგა შეეკერათ. კოჭზე მოყვანილი, თასმებით მჭიდროს შეკრული ტყავის ფეხსაცმელები. ბიჭებს დაბალზე შეჭრილი თმა, გოგონებს ნაწნავები. გოგონას მოკლე თმას ორ შემთხვევაში წააწყდებოდით. პირველი, თუ რამე ძალიან დიდ უმსგავსობას ჩაიდენდა (როგორც დასჯის ერთ-ერთი კომპონენტი) ან, მეორე, უფრო მარტივ შემთხვევაში, თუ, მკბენარს აღმოუჩენდნენ. დილის ექვს საათზე პირველი ზარი ირეკებოდა. მესამე ზარზე უკვე ქვემოთ უნდა ყოფილიყავი. ერთგვაროვანი საძინებლები დერეფნული სტილით იყო განლაგებული. სართულებს შორის ფართე ხის კიბე მიუყვებოდა ძველი შპალერით დაფარულ კედელს. დილა იყო მთელი დღის განმავლობაში ყველაზე ხმაურიანი წუთების მფლობელი . შვიდის თხუთმეტ წუთზე ქალბატონი იზოლდა, ჩვენი სახლის წინამძღოლი, ჩამოივლიდა და ვინც ამ დროისთვის რიგში არ იდგა, საუზმის გარეშე რჩებოდა. ამიტომაც , აღსაზრდელები მის გამოჩენამდე ცდილობდნენ საკუთარი ადგილების დაკავებას. ყოველ დილით, ზუსტად ერთსა და იმავე დროს იღებოდა საერთო ოთახში შემოსასვლელი წაბლის კარი და მაღალი სილუეტი იკვეთებოდა. უნდა გენახათ როგორ დადიოდა, თავი ქვეყნის დედოფალი ეგონა. ხელში მუდამ სახრე ეჭირა, თუ რომელიმეს ყოფაქცევას ან ჩაცმულობას დაუწუნებდა, ერთი ნაბიჯით წინ გამოიყვანდა და ყველას წინაშე რამოდენიმეჯერ გადაუჭერდა. ამბობენ ყველა ადამიანში ცხოვრობს კეთილიც და ბოროტიცო , მაგრამ ამ ქალს სითბოს, სიყვარულისა და სიკეთის ნატამალი არ გააჩნდა. დილიდან-დილამდე დასჯით, შეურაცხყოფის მიყენებითა და ცემით იკვებებოდა. შენ ამ სახლის მკვიდრი იყავი, მაშასადამე ვალდებულებაც გმართებდა, საძოვარზე გაყვანილი ცხვრის ფარასავით მწყემსის მითითებულ მიმართულებას გაჰყოლოდი. სხვა შემთხვევაში სასჯელს არავინ დაგამადლებდათ. ეს ერთადერთ იყო, რაც არ ენანებოდათ და უხვად შეეძლოთ თქვენთვის გაემეტებინათ.
-არ მოგცემთ მისი ცემის უფლებას, სანამ ცოცხალი ვარ ნიკოლას თითს ვერ დააკარებ,- თავგანწირული,ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა ანარა ,მთელი ტანით გადაფარებოდა უკან მდგომ პატარა არსებას და დამცველ ფარად ქცეულიყო მასსა და საცემად შემართულ ჯოხს შორის.
-ერთხელ მაინც გაარკვიე ტყუილ-მართალი. მიზეზი გაიგე, როცა რომელიმე ჩვენგანი რამეს აშავებს. ღვთის წყალობით ყურები გვაქვს და სცადე, იქნებ გვესმის ნათქვამიც. ადამიანები ვართ და არა დასაბეგვად გამზადებული ხორცის ნაჭრები. მერამდენად უნდა ვიშუშებდეთ და ჩუმად დავტიროდეთ შენი სადიზმის დასაკმაყოფილებლად დალურჯებულ ხელ-ფეხს,- ირგვლივ შეკრებილთ სახეზე გაურკვევლობა და გაოცება ემჩნეოდათ. ზოგს ხელიც აეფარებინა და ჩუმად იჭვრიტებოდა თითებიდან.იშვიათად ,იზოს წინაშე ვინმეს ხმის აწევა გაებედა, მით უმეტეს, წინ გადაღობებოდა. ქალის აგრესიამ გეზი იცვალა და ბრაზისგან ანთებული თვალები კიდევ უფრო აუელვარდა. ამ წუთას მისი თავმოყვარეობა შელახეს. ვიღაცას თავხედობა ეყო და დირექტორის მრისხანება, ავტორიტეტი რისკის ქვეშ დააყენა. "თუ არ დაგემორჩილება უფრო მეტად დასაჯე"-ეს გახლდათ იზოს დევიზი და ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. ამიტომაც, მსგავს სიტუაციებში გაწაფულმა ეგომ სწრაფად გადახარშა სიტუაცია და თავის გადარჩენის ინსტიქტს გაყოლილი ანარას დაუმორჩილებლობას შეეფეთა.
-როგორ მიბედავ,- ძლივს გამოსცრა კბილებიდან. ჰაერში აღმართული ჯოხით ორად გაიკვეთა ჰაერი და გოგონას მუხლებზე გადაიდრიკა. გამხდარი კვირისტავები აეწვა და კიდურებში წამიერად წაერთვა ძალა . სიამოვნების ღიმილმა გაუპო იზოს ბაგე. თუმცა, სანამ ფეხზე იდგა, უფრო და უფრო ემსგავსებოდა თავისუფლების ფრებშესხმულ ამორძალს. ამიტომ, ძალის უკეთ სადემოსტრაციოდ მეორედ მოიქნია მკლავი. გაუსაძლისმა ტკივილმა გაიელვა მთელს ტანში, სხეული დაეჭიმა და მუხლებზე დაეცა.იატაკზე დაფენილი თხელი მტვრის ფენა მილიმეტრებში გაიფრქვა და ისევ გადაეფარა ქვის ფილაქნებს. ნელა შემობრუნდა ქალბატონი იზოლდა, ზემოდან გადახედა აღსაზრდელებს და გული დაუმშვიდდა , მათ თვალებში გამეფებულ შიშს რომ გადააწყდა. თავს ნამდვილ ტრიუმფატორად თვლიდა იმ წუთებში და ძალა ემატებოდა. ნიკოლას ხელი მოჰკიდა და გასასვლელად მოემზადა ,თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ გახლდათ ეპიზოდის დასასრული.
-არ მოგცემ მისი ცემის უფლებას, -ისევ გაისმა ხმა ზურგს უკან . წარბებს ქვემოდან , თვალებიდან მრისხანებამ იფეთქა. ბოლო ძალები მოიკრიბა და ბორძიკით წამოდგა. ფეხზე ძლივს იდგა , ცალი ხელით კედელს მიყრდნობილი ცდილობდა წონასწორობის დაცვას, მაგრამ ეტყობოდა დანებებას მაინც არ აპირებდა.
-ყველა ზღვარს გადააბიჯე,- ცდილობდა მისკენ მობრუნებული დემონისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ აღმზრდელი მასზე ორჯერ დიდი იყო, მეტად თუ არა. ამაოდ ცდილობდა მკლავზე ჩაფრენილი თითებისგან თავის დახსნას და ინსტიქტურად მიჰყვებოდა სხეულით ხელს, რომელიც ძლიერად ექაჩებოდა.
-ფეხი გამოადგი,- არც იზოლდამ დააკლო ხმამაღალი ტონი, მთელი დერეფანი ფორთხვით გამოატარა, გასაღებების აცმულასგან ერთ-ერთი მოიმარჯვა და ქვის კედლების ბოლოში ოთახის კარიც გაიღო. ეს ყველაზე საშინელი და არასასურველი ადგილი გახლდათ მთელს თავშესაფარში. ჩვენი წინამძღვარი მას მოიხსენიებდა, როგორც "ჭკუის სასწავლებელი ოთახი", ხოლო, რაც იქ რამდენიმე წამში მოხდებოდა, მის ერთადერთ, წმინდა მოვალეობად მიაჩნდა.
-ხვალ ნახავთ შედეგს, თუ რა მოსდით მათ, ვინც ენას არ აჩერებს. უმადურებს, რომლებიც ვერ აფასებენ მათზე გაწეულ ამაგს,- მთელი ხმით იღრიალა და ზღურბლთან მდგომს მთელი ძალით უბიძგა . ისე, რომ გოგონა ოთახის შუაგულში აღმოჩნდა იატაკზე , პირქვე დამხობილი. კმაყოფლების ღიმილმა გადაურბინა სახეზე იზოს და საკლიტური რამოდენიმეჯერ გადაატრიალა.
-ესე იგი უფლებას არ მომცემ , შენ მე რამეს მიკრძალავ ჯიუტო ქალბატონო?-ზიზღნარევი, დამამცირებელი ირონიით გაუკრთა ბაგე და მკლავები დაიკაპიწა.
-დიახ, ნიკოლას ცემის უფლებას არ მოგცემ,- დღეს უკვე მესამედ იმეორებდა ამ ფრაზას . ანარა წამოჯდა, მუხლები მოხარა და შეეცადა კედლისკენ მიცოცებულიყო,- თითს ვერ დააკარებ. შენი ცხოველური საქციელის და ბოროტების, ძალით აღმზრდელობითი მოქმედებების მანქანაში არ ჩაგიგდებ,-პირდაპირ მიახალა გულიდან წამოსული სიტყვები. სახეზე ჩამოშლილი თმა გახშრებული სუნთქვისაგან აქეთ-იქით ეფანტებოდა. იზომ კიდევ ერთხელ წაავლო თმაში ხელი, იატაკიდან რამოდენიმე სანტიმეტრზე აიწია კაფანდარა სხეული, სახე ყურთან ახლოს მიუტანა და გარკვევით გაუმეორა რომ ის იყო უფროსი, საკუთარ ტერიოტორიაზე ყოველთვის იმას გააკეთებდა, რაც მოესურვებოდა. მალე ისევ სახით იატაკისკენ აღმოჩნდა. ცხვირიდან წამოსულმა სისხლის თბილმა ზოლმა წითლად გაიელვა, სწრაფად დასრიალდა ტუჩისკენ, ზედა კიდეს ჩამოეკიდა და უმალ მოსწყდა. წინამძღოლს უკვე შეერჩია სადამსჯელო ინსტუმენტი , "ცერემონიის" დაწყებამდე ყოველთვის ერთსა და იმავე, თავის დაწერილ სარიტუალო სიტყვებს იმეორებდა. ხელები მაღლა შემართა, თვალები ჭერისკენ აღაპყრო და მოემზადა. ანარამ ზედმიწევნით იცოდა რაც მოელოდა. მუშტები მაგრად შეკრა და მის ხმას აჰყვა.
-ჩვენო დიადო, ერთადერთო უფალო. ვინც ხედავ ყოველივე დაფარულსა და დაუფარავს. რადგან ყველანი შენი შვილები ვართ , ჩემი ხელები კი შენი ინსტუმენტია, მიწიერი. შენი სახელით განვწმენ ცოდვილს, რათა მიიღოს საზღაური დაუმორჩილებლობისა. შენ განსჯი ყოველს ამ ქვეყნად და მოუვლინებ დამსახურებულს. ამინ.
-შენ განსჯი ყოველს ამ ქვეყნად და მოუვლინებ დამსახურებულს.ამინ.- კიდევ ერთხელ გაიმეორა ანარამ სიტყვები და პირველი დარტმაც იგემა ბეჭებს შორის. ქამრის ყოველი მოქნევა საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა. ეშხში შესული მანამ არ ჩერდებოდა, სანამ მაჯის ტკივილი არ შეახსენებდა თავს . დრო საოცრად იწელებოდა ქამრის პირველ მოქნევამდე . სამი-ოთხი დარტყმა იყო მტკივნეული, რამოდენიმეჯერ ხმამაღლაც კი დაიყვირა და გაიკლაკნა . შემდეგ სიმღერას იწყებდა, დედა რომ უმღეროდა ძილის წინ და სხეული თითქოს ეყინებოდა, ვეღარაფერს გრძნობდა . ქედმოუხრელობით გაცოფებული უფრო მეტი შემართებით იღერებდა ტყავის სატყელს . ჰაერში შუილი გაჰქონდა და უმოწყალოდ ეშვებოდა დასისხლიანებულ ჭრილობებზე. ანარას გონება კი შორს იყო. მდინარის პირას, გაშლილ მინდორში, ხელში ყვავილი ეჭირა და იქვე მჯდომი ქალისთვის მიარბენინებდა. ყელზე მჭიდროდ ეხვეოდა და თავს გულზე ადებდა. ცხადად გრძნობდა მისი ხელების სიფაფუკეს. ღრუბელივით ნაზი იყო თითოეული შეხება. ასეთი ლამაზი ღიმილი არსად ენახა. თვალებში უყურებდა და პატარა თითებს ქუთუთოებზე უსვამდა. ისე ეცვა, როგორც ფოტოზე. კაბის თეთრ საყელოს ქარი უფრიალებდა. იმ ყვავილებზე ნაზი და ლამაზი იყო, ათასობით რომ ამოსულან ირგვლივ.
-დედა ყოველთვის შენთანაა . ჩემი გული აქაა,- მთელი სიცხადით გრძნობდა მიღმიერ სამყაროს და ცხოვლად განიცდიდა გულზე დადებული თითების სითბოს. ბოლოს,იზოს ქოშინისგან ლამის გული რომ ამოუვარდა, ხელი ჩამოუშვა და უძალო სხეულს მარჯვენა ფეხის წვერი მიჰკრა გვერდში.
-ცოცხალი ხარ? თუმცა, რა მოგკლავდა, კიდევ კარგა ხანს იქნებით ჩემი ნერვების მოსაშლელად,-სიცილით ჩაილაპარაკა , ხელი გაინთავისუფლა. იქნებ ახლა მაინც ისწავლო ჭკუაო მიაძახა და ოთახიდან გავიდა. ახლა მარტო იყო, უფანჯრო ოთახში, სიბნელესა დ სიცივეში. გაწითლებული ტანსაცმელი ნაფლეთებად ეფინა დაკაწრულ სხეულზე. ძლივს-ძლივობით მოიხარა, ათრთოლებული კიდურებით მუხლები მკერდთან მიიზიდა და სუსტად ამოისუნთქა. კედლებს გააყოლა მზერა, ერთმანეთზე დაწყობლი აგურები ნესტისგან დაცვარულიყო. გაულესავი კედლები კიდევ უფრო შემზარავს ხდიდა ჩაკეტილ სივრცეს. კარიდან მარჯვნივ, ბეტონის ლურსმნებზე, ტყავის გაფუჭებული ქამრები შესაკრავებით ეკიდა. ბოლოში კი პლასტმასის მილის საკმაოდ მოზრდილი ნაჭერი იყო მიყუდებული, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა იზოს სიმპათიებს, კანს ნაკლებად უღიზიანებდა. იცოდა კიდევ საათების განმავლობაში მოუწევდა აქ ყოფნა, თავი როგორმე უნდა გაეტანა. უნდა გადარჩენილიყო. თვალები დახუჭა და მისმა სუსტმა ხმამ გაკვეთა აუტანელი სიჩუმე, რომელსაც აქამდე მხოლოდ წყლის ალაგ-ალაგ აწკაპუნებული წვეთები არღვევდნენ. ისევ ფიქრებით დააღწია თავი უსარკმლო ჯურღმულს და გაუბედავად აჩურჩულდა დედის იავნანა.
-"როცა მთვარე დააძინებს ვარსკვლავს შენს მშვიდ სუნთქვას გადავითვლი მკერდზე,
და საკუთარ ანგელოზად ღამით , დედა მოვა , დედა მოვა შენთან...."
ეს გახლდათ მარილისი , ეს იყო ჩემი სამყარო.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

ა-მო-მა-სუნ-თქე!
ჯანდაბა! არ მახსოვს ბოლოს კითხვისას ასეთი დაძაბული, ემოციებით სავსე და გაგიჟებული როდის ვიყავი!
სასწაული ლექსიკა გაქვს. ყველაფერს საკუთარ ტყავზე ვგრძნობდი, როცა ვკითხულობდი. გრამატიკულად მეტ-ნაკლებად გამართული ნაწერია.
რამოდენიმეჯერ არა - რამდენიმეჯერ.
ამაფეთქე.
არ ვკითხულობ ახალდაწყებულ ისტორიებს, მაგრამ მაგნიტურად მიმიზიდე. როგორ გთხოვო და მოვითხოვო, რომ სწრაფად გააგრძელო, როცა თავადაც ვიცი, რომ სურვილისამებრ არ იწერება ნაწარმოები.
ეცადე, რა.
მოგყვები, აუცილებლად მოგყვები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent