კლინიკურად მკვდარი /სრულად/
ყოველთვის მელამაზებოდა ისტორიები, სადაც ჩვილის დაბადების დროს ავდარი ემთხვეოდა და პატარა უმწეო არსებაც, თითქოს, მემკვიდრეობით იღებდა ავდრისგან მედგარ ხასიათს. ...მე რომ დავიბადე, იმ ღამეს არ წვიმდა. არც ქარიშხალი ჰქონდა დედამიწას დაგეგმილი და არც გრიგალს ელოდა გაფაციცებით უდაბნო. უკიდეგანო სიცხე შთანთქავდა პატარა ქალაქს, მაგრამ მზე მაინც ემალებოდა ჩემს ნახევრად ცოცხალ სხეულს. დასახიჩრებული გამოვედი დედაჩემის უმწეო, გაძვალტყავებული ორგანიზმიდან და მშობლები დავაშინე. იმ დღეს სიკვდილმა და სიცოცხლემ თამაში ფრედ დაასრულეს. მხოლოდ მარტოობა ჩამომიჯდა სასთუმალთან და არც ერთი წამით მტოვებდა. - ეს ბავშვი თუ არ გადარჩა, ჩვენი ბრალი არ არის! - უემოციოდ მიაძახა ექთანმა დედაჩემს და კარი გაიხურა. შემდეგ იყო… სისხლის შადრევანი და ბორდოსფერი სითხით მოთხვრილი დედაჩემის მკერდი. იყო მიტოვებული საყდარი და მამის პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ღმერთთან. იყო არასასურველი, სინდისის ძახილით ცოცხალი ბავშვი, რომელსაც დაბადება არ უთხოვია და გაჩენისთანავე კლინიკურად გარდაიცვალა. -- საჰარას უდაბნოში ვდევარ გავარვარებულ ქვიშაზე. გაბმული წკმუტუნი მესმის და ეს ხმა გამარჯვების ყიჟინას მაგონებს. მუქი ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ კოპლებიანი არსებები ნელა და მუხანათურად მიახლოვდებიან და ერთი სული აქვთ - როდის გამოკრავენ კბილს ლეშს, რომელიც მზის მწველი სხივების დაჭერის შედეგად აყროლდა და ირგვლივ არსებული გამხმარი ბალახი უარესად დააჭკნო. სამყარო ნეკრო'ფილებითაა სავსე. ძალადობა მოსიარულე მკვდარზე აქ "მოსული პონტია". აფთრებივით ხდიან ისინი ნამუსს მკვდრებს. აღარ მახსოვს ბოლოს ცოცხალი ადამიანი როდის ვიხილე - ვარდისფრად აღაჟღაჟებული ლოყებითა და მოთამაშე ჭიკნებით თვალებში. როდის გაირბინა ბოლოს ანტილოპამ ლომის წინ? არ ვიცი. მე დიდი ხანია ამ სანახაობას არ შევსწრებივარ. აწ უკვე მკვდარი - სიკვდილის სილამაზის "ლომკას" ვგრძნობ. რა ირონიულია. სადაც არ უნდა გაიხედო - ბოღმა, ღვარძლი. და მაინც, განა სიკეთე და გულწრფელობა არ არსებობს ამქვეყნად? თვალის ჩინს მხოლოდ მაშინ დავაფასებთ, როდესაც მხედველობა წაგვერთმევა. დაიხედე ხელებზე. ამოძრავებ? წარმოიდგინე, რომ პარალიზდი. წვალობ? ოცნებობ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე? გვიანია. ზუსტად ნახევარ წუთში შემიძლია განანებინო, რომ სუნთქვის უნარს არ აფასებდი. ინანებ. ცოტა ხნით თვითგვემასაც მიეცემი. მერე? მერე დაგავიწყდება. რა გულმავიწყები ვართ, არა? - რატომ უყურებ სამყაროს ბნელ ფერებში? - იმიტომ, რომ სინათლე უკეთ დავაფასო. - რატომ აკეთებ ამდენ ბოროტებას? - რათა უფრო კეთილი ვიყო. სრულყოფილად ჰარმონიული სამყარო, სადაც ბოროტება არ არსებობს. ე.წ. სამოთხე - ჩიტების ჟღურტული, ადამი, ევა, ბედნიერება. ყველას ვერ ექნება ერთი და იგივე სამოთხე, ისევე, როგორც ჯოჯოხეთი. ედემი გველის გარეშე? ედემი აკრძალული ხილის გარეშე? გწამს? როგორია შენი ჯოჯოხეთი და სამოთხე, გიფიქრია? მუდმივად კარგი ამინდი, სითბო, სიყვარული. ცეცხლი, ფიზიკური ტანჯვა, ცოცხლად მოხრაკვა. ჰმ?! მითხარი - დედამიწაზე დიადი ადგილის წარმოდგენა ძალგიძს? იღმერთე ცოტა ხნით და სცადე ამდენად იდეალური ადგილის შექმნა წარმოსახვაში. ოცნების სიმები დააკავშირე ერთურთთან და ააჟღერე შემოქმედის მელოდიით. შეძელი? გილოცავ! მშურს შენი. შენი ილუზიების, შენი ნეპტუნის მშურს. დედამიწა - ღვთაებრივი ჯოჯოხეთი და ეშმაკისეული სამოთხეა. ჯოჯოხეთური სამოთხეა დედამიწა. შენ ხარ ჩემი დედამიწა. მარტოობა ჩემს ორგანიზმში იზრდება და ზღვის ნაპირისკენ მიმათრევს. ელამუნებიან მდორე ტალღები მოშიშვლებულ კიდურებს. კოჭზე ტანჯვა დახტის ანცად და დინჯ ტალღას ახელებს. ტკივილი კალთაში მიზის და ზღვას მზერით ბურღავს. აზვირთებული ტალღა ბარძაყზე მეხეთქება. იქ, სადაც სიამოვნება ზის და რეცხავს მას. ჭრილობაზე მარილის მოყრას ჰგავს ეს ყველაფერი. ქვეყნიერებას კი ცალ ფეხზე ჰკიდია. ან/და რატომ უნდა ადარდებდეს?! - შეგიმჩნევია ქიმიური რეაქცია დედამიწასა და ადამიანებს შორის? - მხოლოდ იმას ვხედავ, რომ ადამიანების არსებობა დედამიწას აბრაზებს. - ძალიან, ძალიან ვიწროდ ფიქრობ, ჩემო კარგო. - რა არგუმენტის მოყვანა შეგიძლია? - განა რომელიმე არგუმენტს ძალუძს შენი მსოფლმხედველობა შეცვალოს? - ჩვეულებრივ ადამიანებში მრევ? - რატომ? - ისინი ჰომ აბსოლუტურად არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში. კამათი კი ეგოს დასაკმაყოფილებლად სჭირდებათ მხოლოდ. - შენ არა? - რა თქმა უნდა, მეც. მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით, მე ბრმად არ მწამს იმის, რა აზრზეც ვარ. - კარგი, მაშ, მისმინე. დედამიწა ქალია. კეკლუცი ქალი, რომელსაც სურს, რომ მისი სილამაზე აღიარონ. აი, ზუსტად ისე, როგორც ღმერთს სურს - აღიარონ მისი ღმერთობა. მერე და - ვის შეუძლია ეს, თუ არა ადამიანს? მას სურს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს იმ ქმნილებას, რომელიც ამას მიხვდება. ცხოველი კი? მოსიარულე ინსტინქტია მხოლოდ. აზროვნება! აი, რამ შექმნა სილამაზე და ადამიანთა მოდგმა სილამაზეზე არ გაჩერებულა. ათასგვარი ცნება მოიფიქრა და ჭაობში ჩაეფლო. საკუთარ შექმნილ სილამაზეში ვერ გაერკვია და დედამიწის დასახიჩრება დაიწყო. "დრო შეიქმნა საათების გასაყიდად." აისი და დაისი დროს განსზაღვრავენ, განა? მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ უეცრად ეს კანონზომიერება შეწყდა. აი, ასე. არ გათენდა და აღარც დაღამდა. სრული ანარქია დაისადგურებს. მოწყვიტე ადამიანი ჩვეულ გარემოს და შენ იხილავ ფსიქიკურ აშლილობას. აიძულე ადამიანს კომფორტის ზონის დატოვება და დაკარგულ, აფექტის მდგომარეობაში ჩავარდნილ ველურ მხეცს, იძულებით მიაბარებ ნატანჯ სულს. ადამიანთა მოდგმა გულწრფელად მეცოდება მისი სიბრმავის გამო. რა ტრენდული გახდა უბედურებასა და ტანჯვაში ბედნიერების პოვნა, შეამჩნიე? შენ თუ ამაში ბედნიერებას ხედავ და გრძნობ - არასოდეს ყოფილხარ უბედური. უბრალოდ, მორჩი სიტყვებით თამაშს. მაგრამ - რა მნიშვნელობა აქვს, მე როგორ აღვიქვამ, როდესაც შენ ასე ფიქრობ და გრძნობ? მიპასუხე. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემი და კიდევ ბევრი ჩემნაირი უცხო სხეულის ამოფურთხებული აზრი? უბადრუკო არსებავ, მეცოდები. იმდენად მეცოდები, რომ ცინიკურ ჩაცინებას ისტერიული ცრემლთა დენა მოჰყვება და გულისგამაწვრილებელ ხარხარში იზრდება. ვინ ვარ მე, რომ ჩემმა აზრმა წარბი შეგიტოკა? ვინ ხარ შენ, რომ შენმა ნასროლმა სიტყვამ კანზე კაპილარები დამიხეთქოს? "მირბის, მიმაფრენს, უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი!" ამ მერანს ჰქვია დრო. დრო, რომელიც თავისი არარსებობით მსერავს. ნეტავ, არსებობდეს და ცოცხალი იყოს. იცი რა რთულია, მკვდარი დროის ჭენება? მამაჩემის მაჯის საათი თერთმეტის ოცდაშვილ წუთს აჩვენებდა, მაგრამ მას ეს არ უნახავს. დედაჩემი კი უზარმაზარი საათის წინ იწვა და გაშტერებით უმზერდა მას. თითქოს, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყოს იმ წუთის დამახსოვრება, როდესაც იგი საბოლოოდ გაუბედურდა. მე აქ და ახლა არ უნდა ვიყო. არ უნდა ვსუნთქავდე. არ უნდა ვარსებობდე. რა ამაზრზენი სიტყვაა არა - "უნდა"? რა უფლებით მაკისრებ ვალდებულებას? გული მერევა აქაურობაზე. აქაურ წესებსა და შეზღუდვაზე. საკუთარ სხეულს ზეციდან ვუმზერ და ნერვები მეშლება. დედაც მოვტ'ყან ამგვარი ყოფის, გაიგე?! გრძნობდე, რომ სხვის სხეულში ხარ. გრძნობდე, რომ ეს არ არის შენი ცხოვრება. გიჭირდეს პერსონაჟობა, რადგან სხვა წიგნის გმირი ხარ. უყურებდე იმ ცხოვრებას, რომელიც შენი არ არის… ვერ ვგრძნობ, რომ აქაურობა ჩემია. არც ეს ფიქრებია ჩემი, არც გრძნობები, არც ადამიანები. სამყარო ნეკროფილებითაა სავსე და ჩემს მენტალურ სხეულს ერთდროულად რამდენიმე ნაბი'ჭვარი ჟი'მავს. სიამოვნებასაც ვერ გრძნობენ, წარმოგიდგენია? დაპროგრამებულებივით მოძრაობენ და იმეორებენ ტვინში ჩადებულს. ღმერთმანი, ეს ტვინია? როგორ შეიძლება ის ასეთი გლუვი იყოს, მეტყვი? ... აკერპებ, ადიდებ, რადგან იმ სიმაღლემდე აიყვანო, სადაც შენ ვერ ადიხარ და საკუთარ თავს შეუქმნა ილუზია, რომ შენც შეგიძლია იქამდე მიღწევა. ზოგადად, რაღაცას ღირებულად მაშინ თვლი, როცა ეს შენს შინაგან სამყაროს გადაკვეთს. და თუ ეს გადაკვეთა ფართო მასშტაბისაა, მივდივართ ფანატიზმამდე. იდეაში, ვაკერპებთ საკუთარ თავებს. იმდენად შეპყრობილნი ვართ მეებით, რომ სხვა ვერაფერს ვამჩნევთ ირგვლივ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მოდი, რა. შენ მაინც მოდი ჩემთან, მარტოობავ. ახლოს მოიწიე და მარწუხები ძლიერად ჩამავლე, კარგი? შენ მაინც ნუ დამტოვებ და ტკივილსაც უთხარი - მოვიდეს. სიცარიელით დავიღალე, ღმერთს გეფიცები. იმ ღმერთს, რომელიც მე ვარ. პ.ს. ასეთი არაფერი მინახავს :) მანიაკალური ეპიზოდის დროს ადამიანი ამას წერდე?! ალბათ, იმის ბრალია, რომ მხოლოდ ბიპოლარი არ ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.