შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Moonly - თინი


18-04-2020, 05:24
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 1 006

#1
თინი

24 იანვარი იყო მაშინ... მეტისმეტად ზუსტად მახსოვს ეს თარიღი, რადგან პირველმა მე გითხარი, რომ მიყვარხარ.
გაცნობისთანავე გიგრძენი, თინი. უცნაურად ამაფორიაქე და თვითკმაყოფილ იდიოტად დამხატე.
დიდხანს დამთამაშებდა გამშრალ ბაგეზე გემრიელი ღიმილი და შეხტომისას ჰაერში ერთი-ორჯერ ტაში შემოვკარი კიდეც.

გიკვირს თინათინობა არა ? დედა ძალიან ლამაზად გეძახის თინის.

მივდიოდი გაუვალ, უსიერ ტყეში, სადაც სუნიც კი მუქი მწვანე იყო. ყბები წამლის გემოდ მიმჟავდებოდა და გულისრევის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებდი. მოულოდნელად კი მოშიშვლებულ მდელოზე აღმოვჩნდი, რომლის შუაგულშიც მარჯნისფერი კარი იდგა.

ასე ხდება ხოლმე. ცხოვრების საცალფეხო ბილიკით დაღლილები, გარკვეულ მომენტში აღმოვჩნდებით ცარიელ მდელოზე. გვიკვირს, რომ დაბრკოლება წინ არ გვეღობება და ეკლიანი სუროსავით არ გვეხვევა სხეულზე. ჩვენს ყურადღებას იპყრობს დახურული კარი, რომელიც გვეძახის და ერთი სული აქვს - როდის ჩავჭიდებთ სახელურს აკანკალებულ ხელს და შევაღებთ მას. შორიდან, თითქოს, მზერით გვეალერსება და გვაჰიპნოზებს.
ჩვენც წამითაც არ ვივლებთ აზრად - რა ესაქმება კარს შუაგულ ბრძოლის ველზე. რატომ დგას იგი ასე ამაყად და რაც მთავარია, რატომ გვსურს გავაღოთ იგი.

ასე გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში, თინი.

დაზომბებული ვიყავი, როდესაც ეს ჰაეროვნად მძიმე მარჯნისფერი შევისისხლხორცე.
უცხო სხეული იყავი, ხარ და იქნები ჩემთვის. იმდენად ჩემი, ჩემებური უცხო სხეული, რომ ჭკუიდან მშლი.
ჩემი სხეული შენს წინააღმდეგ ანტისხეულებს ვერ გამოიმუშავებს, დაავადებული ვარ შენით.
ის შხამ-ქიმიკატი ხარ, რომელიც ნელა და მტანჯველად ასრულებს თავის საქმეს. ნელა, მტანჯველად და სიამოვნებით.
ცნება - სულელი ვირუსი გაგიგია? აი, ის ვირუსი, რომელიც თავის სახლს ძალიან სწრაფად კლავს. ამართლებს თავის სახელს, არა?
შენ ჭკვიანი ხარ, თინი.

ადამიანები სულელი ვირუსები არიან. ისინი ძალიან სწრაფად აჭკნობენ საკუთარ თავს და შემდეგ ფიტულებად აგრძელებენ ცხოვრებას. იმდენად ბრიყვდებიან, რომ საკუთარ სიკვდილსაც ვერ აფიქსირებენ.
ძალიან სასაცილოები არიან, თინი.

მოდი ერთად დავცინოთ და აღვფრთოვანდეთ ადამიანთა მოდგმით.

კონტრასტიზაცია შენი ჰობია, თინი.
კონტრასტიზაცია ჩვენი ჰობია.
მაგრამ მე შავ-თეთრი მაქვს, შენ კი მრავალ ფერს ეფერები ერთდროულად. შენ ვერასოდეს იქნები შავ-თეთრი, მე კი მრავალფეროვნებას ვერ შევიფერებ.
კონტრასტისთვის ერთურთი გვჭირდება, ხვდები?

თუ ადამიანი მუდმივად ორ ფერს შორის დაძრწის, განა ეს მისთვის რუტინული არ ხდება? რამდენად ფერადიც არ უნდა იყო, ფერადოვნება გაგიხუნდება და ინატრებ, ნეტავ შავ-თეთრს შევეხოო.

- თინი, რატომ არის ჩვენი ჩატი "მარკოვისფერი"?
- იმიტომ, რომ აქ ბევრი ვიტამინია.

შენ ჩემი ვიტამინი ხარ. ის ვიტამინი, რომელიც არ აღმოუჩენიათ, მაგრამ მე სასიცოცხლოდ მჭირდება მისი მიღება.

რა ამოუხსნელია ჩვენი ურთიერთობა
როგორ გითხარი? შენ ხარ ჩემი ორუცნობიანი განტოლების ამონახსნი, რომლიდანაც ფესვი არ ამოდის.
არც პერიოდული ათწილადი ხარ, დამეფიცება! ერთსა და იმავე რიცხვს მუდმივად შენ არ გაიმეორებ.

შენ ენ რაოდენობის აბსტრაქტულად რეალური მნიშვნელობა ხარ.

უცნაური შიშის განცდას მიტოვებ, იცი? შენი არსებობა მაღიზიანებს.

ეს უჩვეულო შეხამება ორი პოლუსისა - მაგიჟებს.

"არასდროს არაფერი ესმოდა."


"ვცხოვრობ, ვარსებობ ორი სამყაროთი.
გამოტყდი, რა იფიქრე? არაფერი განსაკუთრებული.
უბრალოდ "კონტრასტიზაცია" ჩემი ჰობია. ყოველდღე ყველაზე მიწიერი არსებიდან ღვთიურ შვებასთან მიახლოებულ არაამქვეყნიურ პაცანად ვტრანსფორმირდები. როგორ ჟღერს ერთ წინადადებაში "ღვთიური" და "პაცანი"?
მომწონს.
თუ გინდა მიუახლოვდე სრულყოფილებას, ერთმანეთს შეუხამე უხამსობა და გრაცია.
ჭკუიდან გადახვალ, გპირდები."

მე და შენ ვართ უხამსობაცა და გრაციაც.
დაპირებისამებრ გადავდივართ ჭკუიდან.

მთვარეების ოპოზიცია და მე შენ მიყვარხარ, თინი.
მზეების ტრინი და მე შენ მეზიზღები.

რომ არა პლანეტები - ნეტავ, შევხვდებოდით? სატურნს რომ არ დაეგეგმა ჩვენი გზაჯვარედინი, რა იქნებოდა?
მეღიმება საკუთარ კითხვებზე.
არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ.
წარმოდგენაც არა მაქვს, მაგრამ ვიცი.

საკუთარ მოსაზრებაში დარწმუნებულობა - მოკლე ჭკუის ნიშანია. ჩვენ ის არ ვიცით, სხვები რას გულისხმობენ წარმოთქმულ სიტყვებში, რა მოსაზრებაზეა საუბარი? ფაქტებიც კი იდღაბნება. ჩვენ ჰომ გაფუჭებულ ტელეფონს ვთამაშობთ.

მოკლე ჭკუის ვარ, ალბათ. ვიცი, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყავი - აუცილებლად გიპოვიდი, თინი.

...
იმ დღეს წამომცდი.
აი, ასე მარტივად - წამომცდი და ძალიან გამაბრაზე. დაუკითხავად მოსწყდა ჩემს ტუჩებს შენი სახელი და ენაზე ვიკბინე.
საოცრად შემზიზღდა საკუთარი თავი და მასთან ერთად შენც.

მე ვიცვლებოდი, თინი. ვდეფორმირდებოდი და რაც არ მსურდა იყო ის, რომ შენ მიმართ გავყინულიყავი.

დავკარგე და დავასახიჩრე ჩემი "მე", მაგრამ მე საკუთარ თავში შენი დაკარგვა არ მსურდა. იმიტომ, რომ შენ არასდროს ყოფილხარ ჩვეულებრივი.

ბევრჯერ დამისვამს კითხვა - ნუთუ, ადამიანია? ნუთუ, რეალურია?
ჩემი საძულველი და საყვარელი პლანეტების შვილი ხარ, თინი.

ქარაფშუტა, სიყვარულზე შეყვარებული, ჰაეროვანი ვენერა და ჯმუხი, ნგრევასა და ფენიქსობას მოწყურებული პლუტონი.
არ მინდოდა დამეკარგა ეს ამბივალენტური არსება, რომელიც ირეალური იყო, ამიტომაც უარი ვთქვი მასზე. სასაცილოა, არა? მეტყვი, რომ აბსურდია და ასე არ ხდება? ეს ჩემი გრძნობის უმაღლესი გამოვლინება იყო, ღმერთს გეფიცები.
აი, იმ ღმერთს, რომელიც შენ გძულდა, ახლა კი ნაწილობრივ გაინტერესებს.

შემდეგ იყო "ტეკ" და უკიდეგანობა.

შენთან მსურს გავშიშვლდე და ამავდროულად, ბოლომდე ჩავიკეტო იმ კიბორჩხალას ბაკანში, რომელიც გარშემომყოფებისგან მიცავს.

მსურს მოვეფერო შენი მარიანის ღრმულს და მზად ვარ გული ამერიოს წყლის მოლურჯო-მომწვანო ზედაპირზე.

წკაპ-წკაპ-წკაპ. სიჩუმეში გულისგამაწვრილებლად ისმის წვეთების ხმა, რომელნიც ხმაურით ეხეთქებიან ბრტყელ ზედაპირს. თითქოს, წყლის სახეზე ცინიკურ ღიმილსაც კი ვლანდავ, რომელიც ღვარძლიანად აგრძელებს ნერვებზე მთვარის სონატის დაკვრას.
ტვინის ორ ნახევარსფეროზე ეშხეფებიან ისინი და ცდილობენ ზედაპირი გლუვი გახადონ. ნუ მეცინიკურები.

მესიძულვილები და მესიყვარულები.
ყოველთვის გხედავდნენ სხვები, მაგრამ ვერ ხედავდნენ იმ ოცდაერთ გრამს შენში. იმდენად ვგრძნობ შენს არსებობას კანზე, რომ საკუთარი აურა მგონიხარ. ჩემ ირგვლივ ხარ და მავიწროებ.

"მაშასადამე", "მოიისფრო" და "გავძეხი"...
შენ მეტყვი - "ჭუპრი"; მე კი გეტყვი, რომ "განზომილება"...

ეს სიტყვა დროისა და სივრცის შეგრძნებას მიკარგავს და თითქოს, დედამიწას შორიდან ვუმზერდე, ისე მიჭირს სუნთქვა ვაკუუმში. ფილტვები მეკუმშება და შენს სუნთქვას ვიწყებ. საოცრად ტკბილად გრილი სურნელი გაქვს.

გალაქტიკას არ ვცდებით, თინი. ეს ჩვენი სახლია. ჩემი სახლი - ჩემი ციხესიმაგრე. მაგრამ გალაქტიკა არ იქნება გალაქტიკა უშენოდ. შენ კი მაშინაც იქნები სახლში, როცა ჩვენი სხეულები დაშორდება ერთმანეთს.

ბრწყინავ, თინი. შენი ბრწყინვალება სექსია. აი, ის სექსი, რომელიც აღსაწერად აღსატაცებელია, საქმეზე კი იმედების გამცრუებელი.
ამიტომაც გხდი თვალებით. ამიტომაც დავძრწივარ შენს სიფრიფანა სხეულზე ისე, რომ არ გეხები და გეამბორები ისე, თითქოს, აღწერილის გარეალურება მსურდეს.

შენ მე შემპირდი, რომ ოდესმე ორგაზმისას ყელს გამომჭრიდი და ბოლო, რაც დამამახსოვრდებოდა, იქნებოდა შენი თვალები. კმაყოფილებისგან აელვარებული თვალები, რომელნიც ხუთი ლიტრი სისხლის შემდეგ ჩაქრებოდა და თმების გლეჯას მოყვებოდა.
შენ დაგტოვებდა შენი 21 გრამი და შემოჯდებოდა მთვარეზე. რადგან შენ მას შვილი მოუკალი.

მე შენი საყვარელი ვარ, შენი გრიფით დაცული საიდუმლო და ოდესმე აუცილებლად უნდა მომკლა, თინი.
აუცილებლად.



№1 სტუმარი სტუმარი ანნა

ყველაზე საშინელი ნაწერი იყო, რაც კი ოდესმე დაგიწერია. არ მიწყიო მაგრამ ეს ნაწერი შენი არ იყო!

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი ანნა
ყველაზე საშინელი ნაწერი იყო, რაც კი ოდესმე დაგიწერია. არ მიწყიო მაგრამ ეს ნაწერი შენი არ იყო!

როგორ გეკადრება, არ მწყენია. უბრალოდ, მე მომწონს. იმიტომ, რომ სხვა დატვირთვას ატარებს. ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent