თამ'ბაქო /სრულად/
- ზოგჯერ მგონია, რომ დაბადებისას ორ თითს შორის ერთი ღერი გქონდა მოქცეული. - კორექტული მინიშნებები არ გამოგდის, სარა. - რომანტიკულ მომენტს ყოველთვის მიფუჭებ. - თქვა და საწოლიდან წამოიწია. აივანზე მდგარ ქალს შეხედა და მის სიშიშვლეზე ტანში გასცრა. - თამბაქო და რომანტიკა? - გაეცინა ქალს და ტუჩებით თამბაქოს ღერს წაეთამაშა. ბაგეთა მარწუხებში მოიქცია და გამაბრუებელი კვამლი მოპარა. - მეგონა, შენ თვლიდი ასე. - ჩემი და თამბაქოს ურთიერთობა იმაზე მეტია, ვიდრე რომანტიკა. - მშურს. - ვიცი. - მინდა მქონდეს რამე მსგავსი. - არ გინდა და ნუ ტყუი. - რას ამბობ? - გაოცდა და წამოჯდა. მოზრდილ მკერდს ატლასის გადასაფარებელი ვეღარ უფარავდა. იგი სწრაფად ჩამოცურდა მკერდიდან მუცლისკენ, მუცლიდან კი ბარძაყებისკენ. - შეგცივდება. - ცივსისხლიანი ხარ. - თქვა და თავი ხელისგულებში ჩარგო. ცრემლი წამწამზე ჩამოეკიდა, რამდენიმე ბრუნი გააკეთა და მენჯის ძვალზე დაეცა. - ეგრე ფიქრობ? - რატომ გადახვედი ბოროტების მხარეს, თამ? - სისხლშეპარული თეთრი პლევრა მიანათა ზურგზე და მწვანედ გაიყვანა ხვრელი ქალის გულის გავლით. - იმიტომ, რომ პეჩენიები აქვთ. - უცნაურად ჩაეხრინწა ხმა. მზერას გრძნობდა და ჟრუანტელი უვლიდა, მაგრამ გამომეტყველება? წამითაც ვერ მიხვდებოდით, რომ მასში ოკეანე ბობოქრობდა. საინტერესო ფენომენია სხეულის ენა. ვერბალურ კომუნიკაციისას ნაკვთები, ჟესტები, მიმიკა გვეხმარებიან მოსაუბრის უკეთ გაგებაში. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს უკლებლივ? ახლა თვალებიც კი ტყუიან. ცრემლჩამდგარნი, უმანკოების მღაღადებელნი ვერაგი მატყუარები გამოდგებიან და უტუხად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. მას შეეძლო ეს. იდგა აივანთან სრულიად შიშველი. თეთრ მოაჯირს დაყრდნობოდა იდაყვებით და ღერს ღერზე ცლიდა. მისი თვალები ცარიელი იყო. ისინი რუპორით აცხადებდნენ სრულ არაფერს, როდესაც სადღაც იქ, ღრმად რაღაც გრანდიოზული მზადდებოდა. უამრავი ნაწილაკი იყო ჩაბმული მზადების პროცესში, თავად ის კი კედელთან იჯდა და საკუთარ მუხლებს ეხუტებოდა. ირწეოდა ერთ ადგილზე და ჩურჩულებდა. ლოცულობდა, რომ შეძლებოდა ყოფილიყო ისეთივე ნაცრისფერი, როგორიც იყვნენ სხვები. ასე გამალებით მიელტვიან ისინი, რომ იყვნენ განსხვავებულნი. სულით ხორცამდე ნაცრისფერ ადამიანებს, რომელთაც სურთ - გაფერადდნენ, არაფერი გაეგებათ მათი, ვინც თავიდანვე ფერადი დაიბადა. იყო მძიმე წერტილთა შორის, იყო ცისფერი ლურჯში, გეცვას შარვალი, როცა ყველა ფარფატა კაბით დაჰქრის. იყო ალუდა თემში. თემი ვერასდროს ხვდება, რომ თემია. მხოლოდ მას შემდეგ მიხვდება იგი თავის თემობას, როცა შეწყვეტს ამას. - ოჰ, ეს ცინიზმი რომ არა, ნეტავ, რას შეაფარებდი თავს, თამ? - გულწრფელი იყო სარას კითხვა. რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ერთადერთი ხსნა, რომელიც ცინიზმის თავსაბურავის სახით ჰქონდა ადამიანს, სახეზე ჩამოეფხატებოდა და ძირს დავარდებოდა? ასე ის თავის მცირე, რეალობაში შემთხვევით გამოჟონილ ემოციათა ბინძურ წვეთებს აპკურებდა სამყაროს, მაგრამ როდესაც ესეც აღარ დარჩებოდა… გამოჟონილი წვეთები იმედგაცრუებულნი გაიკრიფებოდნენ ბრძოლის ველიდან და ადგილს სკულპტურას დაუთმობდნენ. იმ სკულპტურას, რომელიც როგორიც გამოძერწეს, ისეთივე დარჩა. მაგრამ საით გაქანდებოდნენ მოძრავი წვეთები? ისინი უფრო მეტად შეისრუტავდნენ სიბინძურეს, მიიღებდნენ თიხის სტრუქტურას და გადაიქცეოდნენ მონსტრად საწოლის ქვეშ. - იცოდი, რომ სანტას ყველა ირემი მდედრია? - ახალ ღერს მოუკიდა და ოთახში დაბრუნდა. მომტირალ სარას თვალი ერთხელ შეავლო და მუსიკის ჩასართავად გაიწია. ემი მღეროდა - Back To Black. - რა პრინციპით? - ამოისრუტუნა ქალმა და ჩალისფერი თმა ყურს უკან გადაიწია. მუჭით ამოიმშრალა უპეები და იდაყვით მუხლს დაეყრდნო. მწვანედ შეანათა მზერა ქალს და ინტერესი მიაფრქვია ჯადოსნური მტვერივით. - ჩრდილოეთის ირემი ირმის ერთადერთი სახეობაა, რომლის მამრსაც და მდედრსაც აქვს რქები. მამრები რქებს დეკემბერში, მდედრები შემოდგომას იცვლიან. - ისეთივე ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა. არც ბუნებრივად ჰქონდა ანგელოზის ხმა, უფრო ბოხი ჰქონდა, საუბრისას ზოგჯერ უწყდებოდა კიდეც. - დეკემბერში რქაგამოცვლილი ვერ ასწრებს გაზრდას, სანტას კი ყველა ირემი რქიანი ჰყავს. - თვალები გაუბრწყინდა სარას. - ჰო. - თავი დაუქნია და მოქაჩა. - თამ, სანტას რას თხოვდი ხოლმე? - წუთის წინ სევდად ქცევის მიზეზი, თითქოს, დაავიწყდა. ანცვიფრებდა ქალს სარას ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ, ამავდროულად, ახსენდებოდა, რომ შორეულ წარსულში თავადაც არ აკლებდა გულუბრყვილო გულმავიწყობას საკუთარ თავს. ადრე ეგონა - ასე უფრო მარტივი იყო. ასე უფრო ნარჩუნდებოდა ურთიერთობები, თუ არ იციკლებოდი იმაზე, რაც სევდად გაქცევდა და ბრაზად გღვრიდა. მაგრამ გულუბრყვილობა იცვითება. იმ ფეხსაცმელს ჰგავს, რომელიც ძალიან, ძალიან გიყვარს და სულ გაცვია, მაგრამ ერთ დღესაც ისე ანაზდად გიბრუნდება ფეხი, რომ გულუბრყვილობა გეხევა. სახლამდე ფეხშიშველი აღწევ და გზად საყვარელ ფეხსაცმელს გლოვობ. ზოგჯერ იმდენად გენატრება, რომ გახეულსაც კი წამოიცმევ ტყავგადამძვრალ ფეხებზე და სახლში ერთი-ორ ნაბიჯს გადადგამ. გახსენდება ის ტკბილი მოგონებები, რომელნიც ამ აწ უკვე უვარგის ნივთში ინახება და ცრემლი გერევა. სევდა ზღვად იქცევა და შენს შიგნით ღელვას იწყებს. და უკვე აღარ იმაზე ფიქრობ, რომ გადაცურავ მას. - არ მახსოვს. - გაეღიმა და ტუჩებდაბერილ სარას მზერით სახეზე მოეფერა. - მე თოჯინები მიყვარდა ძალიან. ფაიფურის თოჯინებს მყიდულობდა "დედა-სანტა" და კოლექციას ვაგროვებდი. ერთი დღემდე შემომრჩა და იცი, რა? - ისე ელოდებოდა საპასუხო "რა-ს", რომ ქალმა ვერ შეძლო მისთვის ამ ბედნიერების წართმევა და პირში წყლის ჩაგუბება. ალბათ, სხვა რომ ყოფილიყო, ცინიზმით გაჟღენთილ დუმილის ტილოს ესვრიდა სახეში, მაგრამ სარას არ. - რა? - ის თოჯინა ძალიან გგავს შენ. - თითქოს, კრძალვით ამოთქვა სიტყვები. წარმოდგენაც არ ჰქონდა - რა რეაქცია ექნებოდა ქალს და ემიც, თითქოს, სპეციალურად გაჩუმდა ახლა. ქალაქი ჩუმად იყო, ისიც ელოდა ქალის პასუხს. - პეჩენიებს. - რა? - დაიბნა სარა. - პეჩენიებს ვთხოვდი, ხოლმე. - ზურგზე გადაწვა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. ვერცხლისფერი საფერფლე უკვე სავსე იყო ნამწვავებით, მაგრამ განა ვინმეს ანაღვლებს შენი მდგომარეობა, როდესაც კიდევ ერთ ნამწვავს გიმატებს? ერთ ნამწვავს ვერ გაუძლებს? რა სისულელეა. - არ გქონდა? - მქონდა, მაგრამ მე სხვადასხვა ფერის და ფორმის პეჩენია მინდოდა. ყველას თავისი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს წარმოსახვაში. - მიიღე პეჩენიები, თამ? - წარბი შეჭმუხნა და ჭერს მიშტერებულ ქალს თვალს ვერ აშორებდა. - სანტა არ არსებობს, სარა. - უცნაურად გაეცინა და თავი გააქნია. - ყველაზე მეტად რომელი გინდოდა? - თამბაქოს პეჩენია. - რატომ? - მამა ეწეოდა უზომოდ ბევრს. მე ყოველთვის მიკრძალავდა და მე სანტას ვთხოვდი, რომ ფერადებში უჩუმრად თამბაქოსიც გამოერია. - მამას ბაძავდი? - გაეღიმა სარას. - არა. - თავი გააქნია ქალმა. - ვფიქრობდი, ბევრ თამბაქოს პეჩენიას შევჭამ და ნელა, მაგრამ სხვებზე მალე მოვკვდები-მეთქი. - თავი მოაბრუნა სარასკენ და მის გაფართოებულ თვალებს შეეჩეხა. რა უცნაური გრძნობაა - არა? რაღაც ძალიან თბილ-ტკბილს ელი, რეალურად კი? იმედგაცრუება. - ახლაც… - ხმა გაუტყდა ქალა. შიშველი მხრები აუკანკალდა და ყელში ხორხი გაეჩხირა. - მერამდენე ღერია დათვალე? - ორმოცდამესამე. - ორმოცდასამი თამბაქოს პეჩენია შევჭამე დღეს. - რა კმაყოფილი ხარ! - გაცეცხლდა სარა. ქალი კი ხვდებოდა, რომ რაც არ უნდა ეთქვა, როგორი ფორმულირებაც არ უნდა მიეცა, სარასთან დიალოგები ყოველთვის დასრულდებოდა მისი ცრემლით, ბრაზით და წყენით. ვერაფერს იზამდა - სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. - იცი, რა ტეხავს? - მრისხანება ბანზე აუგდო და გააგრძელა. - ნუ მაპამპულავებ! - იმ დღეს, როცა შენ მოკვდები, კიდევ 159 635 ადამიანი ჩახედავს სიკვდილს თვალებში. ის დღეც კი არ არის შენი, წარმოგიდგენია? - სახეზე ირონია ეჯდა, ზურგსუკან კი ეშმაკის ჩრდილი ედგა. - რაში მჭირდება მე ეს ინფორმაცია? - გული ეწურებოდა სარას. - არ გჭირდება, მაგრამ იცოდე. - ამიტომაც გინდა? - რა? - გინდა დაისაკუთრო ყველაფერი, რასაც ეხები… - ქვედა ტუჩს კბენდა. თვალები დაეხარა და აქეთ-იქით აცეცებდა. - უეცრად საჭმელი რომ გაქრეს სამყაროდან, ადამიანები კანიბალიზმის ხარჯზე კიდევ სამი წელიწადი იარსებებენ. - ცივად გაიელვა ქალის ხმამ და სარას გული აუჩქარა. - რა? რატომ? - მშრალი ფაქტები, არაფერი მეტი. - მოკლედ მოუჭრა და ნამწვავები ურნაში ამოაპირქვავა. როგორ სჭირდებათ ადამიანებს, რომ გამოჩნდეს მათ ცხოვრებაში ვინმე, ვინც მთაგრეხილივით გადაჭიმულ ნამწვავებს ურნაში გადაყრის. გაათავისუფლებს მათ და გააძლიერებს. - მოდი ჩემთან, თამ… - უეცრად მოსწყდა სარას ბაგეს სიტყვები, ქალის სახეზე კი წარბები აიზიდნენ. ტუჩის კუთხე წამოიწია და სიგარეტს ჩავლებული ორი მარწუხი არ გაუგდია, ისე გაიწია ქალისკენ. თამბაქოს ღერი შეწითლებული ბაგესთან მიუტანა. კრძალვით მოჰხვია ტუჩები სარამ ქალის სიყვარულს და მიხვდა - რას გულისხმობდა იგი, როცა უთხრა ტყუიო. სარა ტყუოდა, როცა თქვა - მეც მინდა ასეთი მყავდესო. სინამდვილეში სარას სურდა თავად ყოფილიყო თამბაქო და ქალს იგი ისევე ყვარებოდა. მოქაჩა და კვამლი ფილტვებში ჩაუშვა. იგი სწრაფად მოედო ფილტვების კედლებს და მსუბუქი ბარიერი შექმნა ჰაერთან საბრძოლველად. სარა მიხვდა, რომ იყო სუიციდური სულაც არ ნიშნავს პირდაპირ თვით'მკვლელობას. მიხვდა, რომ სიკვდილი იმდენად საკრალური რამაა, გაჰყო ის ამ რაოდენობის ადამიანთან, უბრალოდ, ღმერთის დაცინვაა და არაფერი მეტი. გამოუშვა სარამ შეკავებული კვამლი და ბოლოს კვამლმა არასასიამოვნო შეგრძნება დაუტოვა. ის შეგრძნება, რომლის გაქრობაც კიდევ ერთ ნაფაზს შეეძლო. და კიდევ. და კიდევ… ქალის თითებიდან მოწევა იმაზე ბევრად ინტიმური იყო, ვიდრე სექსი. სარა, თითქოს, იმ აკრძალული ტერიტორიის ნაყოფ ეზიარა, სადაც ათასი ნაწილაკი გრანდიოზულ ომს ამზადებდა და წინასწარ ზეიმობდა თავის გამარჯვებას. აუტანელი წვა იგრძნო მენჯის არეში. ზუსტად იქ, სადაც ცრემლი დაეცა და თამბაქოს ალმაც საბოლოოდ ამოიჩურჩულა თავისი სათქმელი. და კიდევ. და კიდევ… - ბოროტებას ძალიან ბევრი თამბაქოს პეჩენია აქვს, სარა. ახლა კი შენც ბოროტი ხარ. ოთახში კი კვლავ გაისმა ემის ღვთაებრივი - Back To Black. პ.ს. პეჩენია - ორცხობილა. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.