პაზლების ქურდი II
თავი მეექვსე - აქ ცხოვრობ? - ეკემ ინტერესით ახედა კორპუსს. - ჰო, რა იყო? - არაფერი, ახლოს ყოფილხარ. ოთხი კვარტალის მოშორებითაც მე ვცხოვრობ, ბარნოვზე. - მყუდრო უბანია, აქაურობა მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე გადმოსვლა. - მარტო რატომ ცხოვრობ? მთელი დღე ველოდებოდი ამას როდის მკითხავდა და ბოლოს თავი მაინც ვერ შეიკავა. ყურადღებით მაკვირდებოდა სახეზე, თვალებში ფარული სევდა და ინტერესი მოუჩანდა. - საკმაოდ გრძელი ისტორიაა, - ვუპასუხე ღიმილით და ჩაფხუტი დავუბრუნე. - დრო ბევრი მაქვს. გავჩუმდი. ჩემს ოჯახზე საუბარი არ მინდოდა… - კარგი, - ეკეს ჩაეღიმა და მომიახლოვდა - ნუ გაქვს ასეთი სახე. აღარაფერს გკითხავ. მაპატიე, ზედმეტი მომივიდა. უბრალოდ შენზე ყველაფერი მაინტერესებს. - ერთ დღეს შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, ოღონდ დღეს არა, დღეს კარგი დრო გავატარე. - ანუ ყავა მოგეწონა. - ჩაიცინა ეშმაკურად და ნათელ თვალებში სითბო ჩაუდგა. - სხვა დროს ასე იოლად ვერ გაიმარჯვებ... - ეკეს სიცილი აუტყდა. - პატარა გოგონების არ მეშინია, - თვალი ჩამიკრა და თავზე ჩაფხუტი ჩამოიცვა - თუმცა, შეგიძლია მაინც სცადო. სახალისო იქნება. - ნუ ჩქარობ, შეიძლება გაგაოცო კიდეც. - მოუთმენლად ველი, - სიცილით გადაევლო მოტოციკლეტს და ძრავა ჩართო. მანქანა დამშეული მხეცივით აღმუვლდა. - ფრთხილად იარე. - მოიცა! - დამიძახა როცა სადარბაზოსკენ შევბრუნდი - შენი ნომერი დამიტოვე, ყველაფერზე შენს დაქალს ხომ არ მივაკითხავ? მანიაკი ვეგონები. გამეცინა. ჩანთიდან კალამი ამოვიღე და კონუსზე მიწებებულ ხელის ზურგზე ნომერი წავაწერე. ღიმილით დაიხედა ხელს. - კარგი, დღეის ანგარიში ოფიციალურად ერთით ნოლია, ჩემს სასარგებლოდ. - თვალი ჩამიკრა და ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილიდან. - ჯერ-ჯერობით... სადარბაზოში შევედი და კიბეებს ნელი ნაბიჯით ავუყევი. ჩემს სართულს ვუახლოვდებოდი, როცა საშინელი ბრახუნი შემომესმა. ფეხი კიბეზე გამიშეშდა, მაშინვე დავიძაბე. - ვიცი რომ სახლში ხარ, გააღე! - ზვიად?! - ტანში ცეცხლივით დამიარა სიბრაზემ, მრისხანებამ და ტკივილმა. - სია, კარი გამიღე, სალაპარაკო მაქვს! ეგრევე მოვტრიალდი და კიბეებზე დავეშვი. მთელი ტანი მიკანკალებდა. სადარბაზოდან აქოშინებული გამოვვარდი და გაუცნობიერებლად გავუყევი ქუჩას. გონებაში საკუთარ თავს ვწყევლიდი მისი მანქანა როგორ ვერ შევამჩნიე-თქო. უკან აღარ მიმიხედავს, გზა გადავკვეთე და გაჩერებასთან ჩამოვჯექი. ჭავჭავაძისკენ მიმავალი ავტობუსი ჩემს წინ შეჩერდა. გადაწყვეტილბა სწრაფად მივიღე, წამოვდექი, ავტობუსში ავედი და ყველაზე ბოლო ადგილი დავიკავე. ტრანსპორტი ნელა დაიძრა. თავი მინას მივადე და თვლები დავხუჭე. მაინცდამაინც დღეს უნდა გამოჩენილიყო?! ამდენი ხნის შემდეგ, მაინცდამაინც დღეს?! - უკაცრავად, გოგონა! - თვალები გავახილე და გვერდით მივიხედე, ასაკოვანი ქალი აღელვებული მომჩერებოდა - რატომ ტირი? კარგად ხარ? - რა? - სახეზე ხელი მოვისვი, თითები დამისველდა - უი. - შვილო, ცუდად გამოიყურები, ავად ხომ არ ხარ? - არაა, კარგად ვარ, გმადლობთ. - მაშინ ასე რამ აგაღელვა? მაპატიე, რომ ჩაგეკითხე, უბრალოდ სახეზე გეტყობა რომ რაღაცას განიცდი. - ალბათ, ყველას ასეთი რეაქცია არ აქვს საკუთარი მამის დანახვისას. - ირონიულად ჩამეცინა და სახე მოვიწმინდე. - ოჯახში პრობლემები გაქვს? სხვა დროს ალბათ გავბრაზდებოდი კიდეც ასე თავხედურად რომ ჰყოფდნენ ცხვირს იქ სადაც არავინ ეკითხებოდათ, მაგრამ ამ ქალს გულწრფელი სინანული ეხატა სახეზე, იქნებ ამიტომაც ვუპასუხე დასმულ კითხვაზე. - ხუთი წელია მამაჩემი არ მინახავს, ახლა კი ისე სწრაფად გამომეცხადა, რომ... არ ვიცი, დავიბენი. - გასაგებია, - ჩაეღიმა და მკლავზე ხელი ნაზად მომითათუნა - არ ვიცი თქვენ შორის რა ხდება, მაგრამ როგორც მშობელი ისე გეტყვი, შეიძლება ჩვენ ბევრ რამეში არასწორები ვიყოთ შვილებთან მიმართებაში. შეიძლება ზედმეტად მკაცრებიც და უსამართლოებიც გეჩვენოთ, მაგრამ არ არსებობს მშობელი რომელსაც საკუთარი შვილი არ უყვარს. ყველას აქვს მიზეზი იმისთვის რასაც აკეთებს. უბრალოდ ხანდახან ეს მიზეზი გაუგებარი, უმნიშვნელო და ზედმეტად უსუსურიც კია სხვების თვალში. აღარაფერი მითქვამს. საერთოდ არ ვეთანხმებოდი. უამრავი „ცხოველი“ ყრიდა თავის შვილს სანაგვეში. რა თქმა უნდა, მათაც ჰქონდათ საამისო მიზეზები - შიში, სასოწარკვეთა, სირცხვილიც კი, მაგრამ გასამართლებელი იყო კი მათი ასეთ ქმედება? საკუთარი ახალშობილის ნაგავში მოსროლა, მხოლოდ იმიტომ რომ პასუხისმგებლობის ტვირთის შეგეშინდა?! გასამართლებელი კი არა კოცონზეც დიდი სიამოვნებით დავწვავდი მსგავს ურჩხულებს. სიტყვები „ზედმეტად უმნიშვნელო და უსუსური“ უცებ ძალიან შემზიზღდა. ავტობუსი „მიდნაითის“ მოპირდაპირე გაჩერებაზე შეჩერდა. გამიხარდა, რომ ამ უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევის საბაბი გამომიჩნდა. ქალბატონს სწრაფად დავემშვიდობე და ავტობუსიდან ჩამოვხტი. ღრმად ჩავისუნთქე და კაფეტერიაში შევაბიჯე. ჩემი საყვარელი მოხუცი მხიარულად დაფუსფუსებდა მაგიდებს შორის და ზედაპირიდან ნარჩენებს წმენდდა. კარის ხმაზე თავი ასწია და როგორც კი დამინახა თვალები გაუბრწყინდა. - არჩილ! - სიხარულით მივეგებე, - როგორ მომენატრე, მოხუცო! - სია! - გაიხარა მასპინძელმა, მკლავები მომხვია და თმაზე ხელი ნაზად გადამისვა - ჩემო პატარა გოგონავ, რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ, ასე დავიწყება როგორ შეიძლება?! - მაპატიე, ხომ იცი ეს საქმეები, უნივერსიტეტი... დრო ვეღარ გამოვნახე, სამაგიეროდ ახლა აქ ვარ და შენს საფირმო კერძზე სული მიმდის, ისე მინდა. - ახლავე, ჩემო გოგო. მოხუცი ღიღინით და ღიმილით წავიდა ბარისკენ. უცებ სულში დაბუდებული ბნელეთი გულიდან გადამეყარა და გავმხიარულდი. არჩილი ბაბუსავით მყავდა, მართალია სულ რაღაც 60 წლის იყო, მაგრამ ეგეც არ ემჩნეოდა დიდად. ამ კაცისგან უშტრეტი ენერგია და სითბო იღვრებოდა. თუ მის თბილ აურაში ერთხელ მაინც მოჰყვებოდით, ვეღარასდროს დაივიწყებდით. გახალისებულმა ფანჯარასთან დავიკავე ადგილი, მოსაცმელი გავიხადე და სკამზე გადავკიდე, მოზრდილი ჩანთა კი მაგიდის ქვეშ შევუძახე. სანამ არჩილი თავის საფირმო კერძს მომიტანდა ფანჯარაში გავიხედე, გარეთ უკვე ბნელდებოდა „ციცინათელებიც“ ნელ-ნელა იღვიძებდნენ და ქუჩებს ოქროსფერ ნათელში ხვევდნენ. - ესეც შენი სოკოს რავიოლი, საყვარელო. - არჩილი უგემრიელესი კერძით ხელში მაგიდასთან მოფუსფუსდა. - შეუცვლელი ხარ! - გავუღიმე თბილად და მაშინვე დავიწყე ჭამა. - ეს რას დამგვანებიხარ, სულ ჩამოტყავებულხარ, ლანდი გაგდის! - ამრეზილმა კრიტიკულად შემათვალიერა. - ფიგურას ვუფრთხილდები. - მოიგონა ახლა. ოჰ, ეს ახალგაზრდები - გაიცინა ლაღად და გვერდით მომიჯდა - ეჰ, სია, მეც ვიყავი ახალგაზრდა, მეც მიხაროდა ცხოვრება. უჰ, გაცოდინა რა ბიჭი ვიყავი. ტუჩებზე ღიმილი გადამეფინა. ახლა მარჯვენა ულვაშს აიპრეხდა, ფიქრიან მზერას ფითრს გაუშტერებდა და მოჰყვებოდა ძველ ისოტირებს, რომელიც მის მახსოვრობას ფრაგმენტულად, თუმცა ახალი დეტალებით შევსებული, ჯერ კიდევ შერჩენოდა. ძალიან მიყვარდა მისი მოსმენა. ისეთი გულით მიყვებოდა თავის წარსულზე, რომ მეც მასთან ერთად ვტოვებდი აქაურობას და სამოციან წლებში ვბრუნდებოდი. - აჰ, ერთხელ მახსოვს მე და ჩემმა მეგობრებმა (ძალიან ცელქი ბიჭები ვიყავით, მთელი სკოლა მარტო ჩვენ სამზე საუბრობდა) სკოლის ტუალეტი გავანადგურეთ. - ქართულის მასწავლებელს ვერ ვიტანდით და ათასი სიბინძურე დავუწერეთ კედლებზე (ქალების ტუალეტში ვიყავით შეპარულები... ეგრე ნუ მიყურებ, მაშინ თავში ჭკუა არ მქონდა). უჰ, უნდა გენახა დირექტორი როგორ გაცოფდა, პირდაპირ ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. - მოგონებებში წასულს ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე - სამივე კაკლისაბერტყი ჯოხით გვცემეს და ტუალეტი გადაგვაღებინეს. თან გვეცინებოდა თან გვეტირებოდა, ის ჯოხი გვარიანად მწარე იყო. - არჩილ, როგორი მოუსვენარი ბიჭი ყოფილხარ! - შენ მაშინ უნდა გენახე, ძალიან თავხედი და თავმოყვარე ვიყავი. ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, მსიამოვნებდა ყურადღება. მიყვარდა გოგონები ჩუმჩუმად როგორ მაყოლებდნენ თვალს. ისე, ცისნამის ნუ ეტყვი... ერთი ჩემი კლასელი გოგო იყო, თამილა ერქვა, ქერა თმები და ზღვასავით ლურჯი თვალები ჰქონდა, ნამდვილი ანგელოზი იყო, დალოცვილი. ჩემს წინ იჯდა და იმ ქერა თმას უკან რომ გადმოიყრიდა ხოლმე სულ სახეში მარტყამდა და მაფხიზლებდა, მოსაწყენ გაკვეთილებზე რომ არ ჩამძინებოდა. მარტო მაგ ამორძალისთვის დავდიოდი სკოლაში, - თეფშში თავჩაყოფილს ჩუმად მეცინებოდა - მერე კი ნაბიჭვარმა ნოდარიმ მომტაცა და დამტოვა ასე განადგურებული. უნდა გენახა რა დღეში გავედი, დასაბმელი გავხდი, მაგრამ რაღას ვიზამდი გოგოს პატივს ვერ ავყრიდი. უკან რომ წამომეყვანა სახელი გაუტყდებოდა. ახლა, შვილო, ყველას ფეხებზე ჰკიდია გათხოვება-გამოთხოვება, უკვე მოდაშიც კია, მაგრამ ადრე ნამუსი შეგირცხვებოდა და მთელი ცხოვრება თავლაფდასხმული ივლიდი. ამიტომ შევეშვი. ჩემი პირველი სიყვარული ისე გამიფრინდა ხელიდან, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. - მერე კი ცისნამის შეხვდი. - თვალი ეშმაკურად ჩავუკარი. - არა, მერე ელისო მომეწონა, სასწავლებელში გავიცანი, ისიც კარგი გოგო იყო, მაგრამ თამილას ვერცერთი შეედრებოდა. სადაც არ უნდა გამეხედა, ვისთვისაც არ უნდა შემეხედა, ყველგან ის მელანდებოდა, ყველგან მას ვეძებდი. ყოველ ახალ გაცნობილ გოგოში მის დანახვას ვცდილობდი. წლები გაგრძელდა ჩემი ტანჯვა, სანამ ცისნამის არ გადავეყარე. მართალი გითხრა, თავიდან ნამდვილი ვირივით ვექცეოდი. სათანადოდ არ ვაფასებდი, სხვა ქალებისკენ თვალი გამირბოდა, უხეშად ველაპარაკებოდი, იქამდე ვერ მოვედი გონს სანამ ჩემი ხუშტურები ყელში არ ამოუვიდა და მიმატოვა. მერე მივხვდი, რომ ნამდვილი იდიოტივით ვექცეოდი. ყველანაირად ვცადე მისი უკან დაბრუნება, მუხლებზეც კი დავუდექი არ მიმატოვო-თქო, მაგრამ მაინც წავიდა. წავიდა და მარტო დამტოვა. - მერე რა მოხდა? სოკო უკვე აღარც მახსოვდა, ინტერესით შევცქეროდი არჩილს, რომელიც თითქოს ისევ ოცდახუთი წლის ყმაწვილად ქცეულიყო, თვალებში სევდა ჩასდგომოდა. - მერე ვიდარდე, ძალიან ვიდარდე. აღარც ჭამა მინდოდა, აღარც სმა. აღარც სახლიდან გავდიოდი, აღარც მეგობრებს ვნახულობდი. ბოლოს ისევ ძმაკაცებს შევეცოდე და ცისნამისთან მივიდნენ, გეხვეწებით დაუბრუნდი სანამ ხელებში ჩაგვაკვდაო. მისი კეთილი გულის ამბავი ყველამ იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დავამცირე და ბევრჯერ უარვყავი, ჩემი ერთგული ქალი უკან დამიბრუნდა. მხოლოდ მაშინ მივხვდი რამდენს ნიშნავდა ჩემთვის და მას შემდეგ მისთვის ხელი აღარ გამიშვია. - სიყვარულით გახედა ცოლს, რომელიც კლიენტებს თბილი ღიმილით ემსახურებოდა - ეჰ, სია, ადამიანი მანამ ვერ ხვდება იმ ადამიანის ფასს, ვიდრე მას არ დაკარგავს. სამწუხაროა, მაგრამ ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი. - გეთანხმები, მეგობარო... - ახლა კი კერძი დაამთავრე. ჩემი ბრალია, ჭორაობაში გაგართე და ჭამა არ შეგარგე. უბრალოდ ისე მიხარია ხოლმე შენი გამოჩენა გაჩუმება მიჭირს. - რას ამბობ, ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ისტორიები, პირიქით, მიხარია რომ შენს გამოცდილებას მიზიარებ, იქნებ რამეში მაინც გამოვიყენო. - საყვარელო, ადამიანები სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ, ეგ მხოლოდ მითია. თუ თავად არ იგრძნობ შეცდომის სიმწარეს, იქამდე ვერ მიხვდები რატომ იყო შენი საქციელი არასწორი. - ეგეც მართალია. - ამოვიოხრე გულდამძიმებულმა. აქ შემოსულს, წამით გადამავიწყდა კიდეც ჩემი ცხოვრება ამ კარს მიღმა. ახლა კი მწველი ფიქრები ისევ გარს შემომეხვივნენ და თავიანთ ტყვეობაში მომაქციეს. აღარ ვიცოდი რაზე მედარდა უცნობ თავდამსხმელზე, სანდროს უსაფრთხოებაზე, მამაჩემის მოულოდნელ გამოჩენაზე, თუ დუჩეს აუტანელ საქციელებზე. - კარგი, როცა აქ შემოხვედი ისეთი ცუდი სახე გქონდა არ მინდოდა უარესი დამემატებინა, ახლა კი ცოტა ხასიათზე მოხვედი, იქნებ მითხრა რა მოხდა? თავი ავწიე და არჩილს კეთილ თვალებში შევხედე. რა თქმა უნდა, შეამჩნია. მის მახვილ მზერას იშვიათად თუ გამოეპარებოდა რამე. - დღეს ზვიადი მომადგა სახლში - ვუპასუხე ჩაწყვეტილი ხმით. ისე, მამაჩემი ბოლოს მამად როდის მოვიხსენიე აღარც კი მახსოვს. - მამაშენი? - არჩილს სახეზე გაოცება აღებეჭდა - კი მაგრამ, მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, ან როგორ მოგაგნო, ან რატომ მოვიდა, რა უნდოდა? - არ ვიცი, სახლში ვბრუნდებოდი, როცა ჩემს კართან დავინახე. აბრახუნებდა და მიყვიროდა კარი გამიღე სალაპარაკო მაქვსო. - შენ კი გამოიქეცი. - ჰო. - იქნებ რაზე უნდოდა საუბარი? - არჩილ, ხუთი წელია არ გავხსენებივარ, თავი ისე ეჭირა თითქოს არც ვარსებობდი მისთვის. ახლა ნაკლებად მაინტერესებს რას ფიქრობს. - არ ვიცი საყვარელო, უბრალოდ მისი მოულოდნელი გამოჩენა მეუცნაურა, იქნებ მოსმენა ღირდეს. - არ მინდა, ისევ მე მეტკინება გული. მისი დანახვაც არ მინდა, მის გარეშეც კარგად ვართმევ თავს ყველაფერს. არაფერში მჭირდება, როცა ყველაზე ცუდი პერიოდი მედგა მარტომ გადავლახე ყველა დაბრკოლება, არც ახლა დავიკარგები. - ვიცი, ყველაფერი ვიცი, სია. მე ვერც გეტყვი ყველაფერი აპატიე-თქო, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ასე უეცრად სახლში მოვარდნა... არამგონია უმიზეზოდ მოსულიყო, იქნებ რამე მოხდა? - უმჯობესია ამაზე თუ არ ვიფიქრებ, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს. - რამით შემიძლია დახმარება? - მკითხა შეწუხებულმა. - აჰ, არჩილ, სულ იმას ვფიქრობდი, რომ კაცის მახეში არ გავებმები და არც თავს მოვატყუებინებ-თქო, ახლა კი ვიაზრებ, რომ ასეთ რამეს თავიდან ვერ აიცილებ. ვერსად გაექცევი, თუ შენდაუნებურად გულთან მოუშვებ. - ასე, ასე, ასეე... - არჩილს სახიდან ღრუბელი გადაეყარა და მხიარულად გაიცინა - რამდენი ხანი ველოდი მსგავს წინადადებას, როცა ჩემი პატარა სია მეტყოდა, რომ ვიღაც მოსწონს. - სასაცილოდ არ მაქვს საქმე... - შევუბღვირე ნაწყენმა. - ყველაფერი მომიყევი! - თვალებანთებული მოხერხებულად მოეწყო სკამზე და მომლოდინედ მომაჩერდა, გამეცინა. რაც კი გამახსენდა ყველაფერი ვუამბე, უნივერსიტეტის ამბებით დაწყებული პირადი ხათაბალებით დამთავრებული. ის კი აღფრთოვანებული მისმენდა და შიგადაშიგ გაოცებისგან, ან აღშფოთებისგან წამოიძახებდა ხოლმე. ეკეზეც ყველაფერი მოვუყევი და ყელგამშრალი უკმაყოფილოდ მივაჩერდი. - ბოლოს ამდენი ისტორიის ზეპირ გამოცდაზე ვილაპარაკე, ყელი აღარ მივარგა - წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ. - შენ რამხელა ამბებში ყოფილხარ, მე კი არაფერი ვიცოდი, ასე როგორ შეიძლება! კარგი, კენკრის შეიკს ხომ დალევ? ახლავე მოვიტან და საუბარი გავაგრძელოთ. ხელების ფშვნეტით წამოდგა და ბარისკენ წატუსტუსდა. ისეთი ცნობისმოყვარე, ხალისიანი და კარგი მსმენელი იყო, რომ მასთან ჭორაობისას საერთოდ ვერ აღვიქვავდი, რომ ჩემზე 38 წლით უფროს მამაკაცს ვესაუბრებოდი. მიყვარდა მასთან ერთად სხვადასხვა ისტორიებში მოგზაურობა. სამოციანი წლების კიდეგაცვეთილ, ტკბილ და ხანდახან მწარე მოგონებებში დავეხეტებოდით, ხან კი გიჟურ 21-ე საუკუნის ბინძურ ქუჩებში ვბოდიალობდით. არჩილი მალე დაბრუნდა უკან, კენკრის შეიკით ხელდამშვენებული. - ესეც შენი საყვარელი, მიირთვი მე კი ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებ. მოხუცის რჩევები ახლა ცოტას კი აინტერესებს, მაგრამ იმედი მაქვს შენ გულისყურით მომისმენ. - არჩილ, ხომ იცი რომ შენს რჩევებს ყოველთვის ვუსმენ. - გავუღიმე და შეიკი მოვწრუპე, ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, როგორც ყოვეთვის. - ვიცი, ჩემო გოგო. ჰოდა, ახლა კარგად მომისმინე. რაც მომიყევი ყველაფერი კარგად გავიგე. მართალია არ დაგიკონკრეტებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ბიჭი, რა ჰქვია, დუჩე, მოგწონს. - პირდაპირ მაგით უნდა დაგეწყო? - სახეალეწილმა თვალი ავარიდე. - კი, იმიტომ რომ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ თემაა. უარყოფას აზრი არ აქვს. - დაამატა ღიმილით. - განაგრძე. - დარწმუნებული ვარ, რომ მას რაღაც გრძნობები აქვს შენს მიმართ, მაგრამ ამის გამოხატვას ერიდება. მიზეზს ვერ გეტყვი, რადგან არ ვიცნობ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მისი ცივი და უხეში დამოკიდებულება მიზეზგარეშე არ არის. შენ რომ მისთვის სულერთი ყოფილიყავი აუდიტორიაში არ შემოგივარდებოდა და იმ ბიჭს ასე გამეტებით არ სცემდა, კაცი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ. - არჩილ, - თვალები გადავატრიალე - შენ რომ მართლაც კარგად იცნობდე ამ ორს, ალბათ ამას აღარ მეტყოდი. - შესაძლოა, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები, დაუჯერე ჩემს ჭაღარას, სია. თუმცა, საქმე იმაში არ არის ის ბიჭი შენს მიმართ რას გრძნობს. - აბა? - მთავარი ისაა, მას რისი მოცემა შეუძლია შენთვის. საკუთარი შვილივით მიყვარხარ, ჩემო გოგონავ, მე მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა, როგორც ყველა მამას - მზერა ავარიდე, თვალზე ცრემლი მომადგა, - ვფიქრობ, რომ ეს ბიჭი რაღაც დიდს ატარებს გულით. როგორც შენ აღმიწერე მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე. ჩვენ კი კაცები, როცა გულით რაღაც დიდი სევდა ან ტკივილი დაგვაქვს, ირაციონალურები და გაუწონასწორებლები ვხდებით. ხშირად ისეთ რამეებსაც ჩავდივართ, რაც გასამართლებელი არც არის. მინდა, რომ კარგად დაფიქრდე, სანამ ასეთ ადამიანს ცხოვრებას დაუკავშირებ. მან შესაძლოა დიდი ტკივილი მოგაყენოს. სანამ ყველაფერი ისე არ გართულებულა, რომ თავის დახსნა ვეღარ მოახერხო და თუ ამისთვის მზად არ ხარ, მისგან თავი შორს დაიჭირე. მისგან და მეორე ბიჭისგანაც. მათნაირი ხალხი სხვანაირად ცხოვრობს, სხვა ფასეულობები აქვთ, ეს ფულის გამო არაა, ეს არ იფიქრო. უბრალოდ გარემო აქვთ სხვაგვარი, მიჩვეულები არიან, რომ მუდამ ყველაფერი აქვთ რაც უნდათ, მიჩვეულები არიან უზრუნველ ყოფას და ხალხის გამუდმებულ ყურადღებას. ასეთ დროს ან მეტისმეტად მარტოსულები ხდებიან, ან მეტისმეტად უვარდებათ თავში. ერთის შემთხვევაში განსაცდელი გელის, მეორე შემთხვევაში კიდევ უარესი, ასეთი ადამიანისთვის სხვისი გულის გატეხა დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს. - შენ ხომ იცი ვინც ვარ, - თავი მოვაბრუნე და მზერა გავუსწორე - არჩილ, ხომ იცი რასაც ვაკეთებ? - ვიცი საყვარელო, ვიცი როგორი ცხოვრებაც გაქვს. ამიტომ გეუბნები ამას, არ მინდა რომ შენი ისედაც რთული ყოფა უარესად დამძიმდეს, არ მინდა შენს პატარა მხრებს უარესი ტვირთი დააწვეს. რაც შეეხება იმ ბიჭს, როგორ მითხარი რა ჰქვია? - ეკეზე ამბობ? - ჰო, ეკე. ახლა ისეთი სახელები ჰქვიათ ახალგაზრდებს რას დაიხსომებ კაცი. - ჩაიცინა თავისთვის - ვფიქრობ, რომ კარგი ბიჭია და მასთან უნდა იმეგობრო. საკმარისია ჩრდილში ყოფნა, საკმარისია მოჩვენებად ცხოვრება, სია. ასე არ შეიძლება! ყოველთვის გული შემტკიოდა იმაზე, რომ შენს სამსახურს თავს აკლავდი, რამდენჯერ მინახიხარ გასაცოდავებული და გადაღლილი. მარტო შრომობ, მარტო წვალობ, არავის აძლევ დახმარების უფლებას. ასე მგონია, რომ საკუთარ თავს უმტკიცებ, თითქოს მარტოს ყველაფრის მოგვარების ძალა შეგწევს, მაგრამ ასე არაა, საყვარელო. გვერდით აუცილებლად გჭირდება მეგობარი, ადამიანი, ვისაც ხანდახან დაეყრდნობი ცხოვრებისგან გადაღლილი. - როგორი ჭკვიანი და კეთილი მყავხარ, მეგობარო. - წამოვდექი და არჩილს მოვეხვიე - ძალიან, ძალიან მიყვარხარ. მადლობელი ვარ იმ სითბოსთვის რასაც ჩემდამი იჩენ. მადლობა, რომ იმას მაძლევ რაც ოჯახისგან არასოდეს მიმიღია, მშობლიურ სიყვარულს. - კარგი, გაჩერდი ახლა, თორემ ამატირებ ამ ბებრუხანას - ნაზად მომითათუნა ხელი მკლავზე და ჩაიღიმა - იფიქრე იმაზე რაც გითხარი, იმ საშიში ბიჭებისგან თავი შორს დაიჭირე. არ მინდა ვინმემ გული გატკინოს, შენს გულს იარები ისედაც საკმარისად აქვს... თავი მეშვიდე მთელი უიქენდი სახლში გამოკეტილმა გავატარე. ეკემ რამდენჯერმე დამირეკა, გამოდი გავისეირნოთ სადმეო, მოტოციკლით რბოლა გავიმეოროთო. იმდენად მომხიბვლელი წინადადება იყო, რომ თავი ძლივს შევიკავე დათანხმებისგან. მამაჩემმა კი იმდენჯერ დამირეკა, ლამის ტელეფონი ამიფეთქდა. ყოველ მის ზარზე ნერვები მეშლებოდა, მინდოდა მეპასუხა და მთელი ხმით მეღრიალა თავიდან მომწყდი-თქო, მაგრამ ვერ შევძელი. ღამურასავით ბნელ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და არჩილის სიტყვებზე გამალებული ვფიქრობდი. რა მომეხერხებინა დუჩესთვის? ეს ბიჭი უცნაურად მიზიდავდა, საკმარისი იყო ახლოს გამოჩენილიყო, რომ სისხლი მიდუღდებოდა, მისი მზერა კი მოსვენებას მიკარგავდა. ვფიქრობდი მის საქციელებზე და ვრწმუნდებოდი, რომ არჩილი მართალი იყო, ეს ბიჭი ადრე თუ გვიან გულს გამიტეხდა. ამ ყველაფერს მის თვალებში ვხედავდი. მისი ცივი, უგულო და მაინც არაადამიანურად მიმზიდველი მზერა ყველაფერზე მეტყველებდა. ქალები, ან ძალიან სულელები ვართ, ან ძალიან ძლიერები, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი იმ მამაკაცზე ვფიქრობთ, რომელიც ადრე თუ გვიან ბოლოს მოგვიღებს. ჩემითაც ვიცოდი დუჩესთან და კალანდიასთან ურთიერთბა რასაც მომიტანდა, მაგრამ არჩილის დადასტურებამ გული საბოლოოდ მომიკლა. რამდენიც არ უნდა ვუმტკიცოთ საკუთარ თავებს, რომ სხვისი აზრი და სიტყვები ჩვენთვის სულერთია, გულის სიღრმეში მშვენივრად ვიცით, როგორ მტკივნეულად გვხვდება თითოეული მათი გადაბრუნებული ნათქვამი. მითუმეტეს, თუ ის ჩვენს მოსაზრებებს და შიშებს ემთხვევა. ბევრი ფიქრის და განსჯის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამ ბიჭებისგან თავი შორს დამეჭირა. ორშაბათს, დილას, იმ ფიქრით დავტოვე სახლი, რომ ცხოვრებას გავაგრძელებდი და ისედაც რთულ მდგომარეობას ახალი ინტრიგებით აღარ ჩავხლართავდი. დუჩე ქავანა და ალექსი კალანდია სამუდამოდ უნდა წამეშალა ჩემი ცნობიერებიდან! უნივერსიტეტი როგორც ყოველთვის ხმაურიანი და გადაჭედილი დამხვდა. აყაყანებულ სტუდენტებში გზა ძლივს გავიკვალე და კიბეებს ავუყევი მეოთხე სართულისკენ. პირველი ლექცია კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი მქონდა, ყველაზე მოსაწყენი საგანი პლანეტაზე! შემდეგ კი 2 საათზე შეხვედრა გვქონდა დანიშნული სისხლის სამართლის პროფესორებთან. ლექციაზე კალანდია და ქავანაც იქნებოდნენ, თავი შევამზადე რაც არ უნდა მოხდეს ყურადღება არცერთს არ მიაქციო-თქო და აუდიტორიაში შევედი. სისი მერხთან დამხვდა, კონსპექტს შუბლშეკრული კითხულობდა. - რას აკეთებ? - ცხვირი ინტერესით ჩავყე წიგნში. ყველა უცხო განმარტება მოენიშნა. შედეგად კი ნახევარი კონსპექტი წითლად იყო გადაჭრელებული - შენ რა სიტყვებს ებრძვი? ეს რა უბედურებაა? - გავიტანჯე, განმარტებებს ვერ ვხვდები. ეს დეგენერატი ქალიც ნორმალურად არ ხსნის! - ისეთ საშინელ ხასიათზე იყო, ტირილს ძლივს იკავებდა. - კარგი, დამშვიდდი, შესვენებაზე გამეცადინებ. ასე თუ ისე ვერკვევი ამ იდიოტობაში. - მართლა? - აწყლიანებული თვალებით საცოდავად შემომხედა. - მართლა, ახლა მორჩი ტირილს, ეგეთი რთულიც არ არის, უბრალოდ კომენტარები ყურადღებით უნდა წაიკითხო. გვერდებს მოგინიშნავ და ისინი ისწავლე. - სია! - ყელზე მომეხვია და კოცნა დამიწყო - ჩემი ანგელოზი ხარ! - თუ ღმერთი გწამს, მორჩი, ვინმეს რამე არ ეგონოს - ვუპასუხე სიცილით. - აჰააა! - დაიყვირა ვიღაცამ - აი, თურმე რატომ არ გვაგდებს არავის არაფრად ეს ქალბატონი! თურმე, ბიჭები კი არა გოგოები იზიდავს! არსაიდან გამოჩენილი გაგა გაკრეჭილი სახით ჩემს მერხზე შემოჯდა და აციმციმებული თვალებით მოგვაჩერდა. - ნეტავ, არ გაკლდეს, ლიფონავა! - შეუბღვირა სისიმ და ჩამომეხსნა. - აბა, რაზე ჭორაობდით სანამ შეგაწყვეტინებდით? ტაისიას ასე რა გაუხარდა? ცოლობაზე ხომ არ დასთანხმდი? - ნუ მეძახი ტაისიას! - შეუტია სისიმ და გაბრაზებულმა კალამი ესროლა. გაგამ მოხერხებულად აიცდინა და ის იყო მოპირდაპირედ მჯდომ სახოკიას პირდაპირ სიფათში უნდა დაძგერებოდა, რომ დუჩემ ჰაერში დაიჭირა და ზუსტად ბეწვზე მიუსწრო. სისი შეკრთა და დუჩეს ფრთხილად შეხედა. ვიგრძენი როგორ დამეძაბა მთელი სხეული, დუჩემ კალამი თითებში შეათამაშა და მკაცრი მზერა ნელა გადმოიტანა ჩვენზე. - ჩხეიძე! - სისის ქვემოდან გამოხედა - ცოტა ფრთხილად უნდა იყო, შეიძლება ასე ვინმეს თვალები გამოსთხარო. სისის კალამი გადმოუგდო და აუჩქარებლად გაემართა თავისი ადგილისკენ. როგორც ყოველთვის არანორმალურად სიმპათიური იყო, გულში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი. გაგამ თვალი გააყოლა და ჩუმად დაუსტვინა. - არა, ამ ბიჭს სუპერმენის რეფლექსები აქვს! ჩხეიძე, დაინახე როგორი თვალებით შემოგხედა? შენს მაგივრად მე შემეშინდა. - ლიფონავა, მოშორდი აქედან! - შევუღრინე გაღიზიანებულმა. სისის ხელები უკანკალებდა, დუჩეს უხეშობამ მეტისმეტად გაანერვიულა. - რა ხდება აქ? ნაცნობმა ხმამ გვერდით მიმახედა. ეკეც მოსულიყო, თავზე მუქი კრემისფერი ქუდი დაეფარებინა, რომელიც იდეალურად ეხამებოდა მისი თმის ფერს. ბრინჯაოსფერი ქოჩორი შუბლზე ჩამოჰყროდა და ტოპაზისფერ თვალებს სანახევროდ უფარავდა. სპილოსძვლისფერი ზედა და შავი შარვალი იდეალურად უკვეთავდა დაკუნთულ სხეულს, უნდა ვაღიარო ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა. - ლიფონავა! - შეუბღვირა გაგას და თავში წაუთაქა - ჩამოეთრიე მაგიდიდან. ქეჩოში ხელი წაავლო და ძალით გადაათრია მერხიდან. გაგა ხუმრობით დაეტაკა და ეკეს წაქცევა სცადა. ხუთწუთიანმა ჭიდილმა გამარჯვებული მალევე გამოავლინა, აფართხალებულ გაგას ეკემ ხელი უშვა და მეგობრულად გაჰკრა იდაყვი გვერდში. - გოგოებთან არ გაგაბანძებ, ხომ იცი არ მიყვარს კაი ტიპად თავის გამოჩენა. კისრის ზელით ჩაილაპარაკა და სანამ ეკე ისევ მისწვდებოდა, ახარხარებული გავარდა აუდიტორიიდან. - ! - ჩაიცინა თავისთვის და ჩვენს წინ, მერხზე დაიკავა ადგილი. - გამარჯობა. - ეფექტური შემოსვლა იყო, - წარბები ირონიულად ამეპრიხა. - სისი, რა გჭირს? - ეკემ მზერა სისისზე გადაიტანა. - არაფერი, - თავი უხერხულად აგვარიდა და ცხვირი ისევ წიგნში ჩაჰყო. ცოტათი გამიკვირდა, მაგრამ ეკეს წინ აღარფერი ვკითხე. - გაგამ რამე ისე ხომ არ გითხრათ? - შუბლშეკრულმა მზერა ჩემზე გადმოიტანა. - არა, გაგა არაფერ შუაშია, - სწრაფად უპასუხა სისიმ - უბრალოდ მეცადინეობა მიჭირს. არაუშავს, უკეთ უნდა მოვინდომო და ყველაფერი გამომივა. - კარგი. ეკემ ეჭვნარევი მზერით შემომხედა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. სწორედ ამ დროს აუდიტორიაში ლექტორი შემოვიდა და ბავშვებმა ხმაური შეწყვიტეს. სისის ფარულად გავხედე. არაფერსაც არ კითხულობდა, წიგნისთვის თვალი გაეშტერებინა და რაღაცაზე დაღვრემილი ფიქრობდა. ვითომ, დუჩეს უხეშობამ ასე იმოქმედა? ის სულ ასეთი იყო, რამე განსაკუთრებული არ მომხდარა, ან იქნებ მოხდა კიდეც... მთელი სალექციო საათის განმავლობაში სისის არ დავლაპარაკებივარ, ველოდებოდი თვითონ როდის გადაწყვეტდა ჩემთან საუბარს. საათის ისრები ნელა მიზოზინებდნენ წინ, ლამის მერხზე ჩამომეძინა. ერთადერთი რაც ამის საშუალებას არ მაძლევდა ეს ვარდიძის საშინელი, მჭახე ხმა იყო. ბოლოს მოთენთილობას ვერ გავუძელი და მაგიდაზე თავი ჩამოვდე. სწორედ ამ დროს ჩემს წინ ფურცელი დაეცა. გაკვირვებულმა თვალები ვჭყიტე და თავი ავწიე. - ეს აქ როგორ მოხვდა? - ვკითხე სისის, მაგრამ ისეთი გაბრუებული მზერით შემომხედა თავი ვანებე და წერილი გავხსენი. „გარეთ გამოდი, სალაპარაკო მაქვს!“ გაკვირვებულმა აუდიტორიას თვალი მოვავლე და დუჩეს მზერას წავაწყდი. მომლოდინე მზერით მომჩერებოდა. ხელები ამიკანკალდა, თავი ნელა გავაქნიე და წერილი შუაზე გადავხიე. დუჩეს ყბაზე კუნთი დაეჭიმა, უცებ წამოდგა და ჯიქურ ჩემკენ გამოემართა. - ქავანა! - შეუყვირა ლექტორმა - ახლავე ადგილს დაუბრუნდი! დუჩეს ვითომ არც გაუგონია, მოხერხებულად გამოძვრა მერხებს შორის და თავზე წამადგა. ყველა ჩვენ მოგვაშტერდა, აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე გამეფდა, სისი მაშინვე გამოფხიზლდა, ეკე კი დაიძაბა. - წამოდი, სალაპარაკო მაქვს. - მითხრა ხმადაბლა. - რა ჯანდაბას აკეთებ?! - წავისისინე გაღიზიანებულმა - ადგილზე დაჯექი! - არა, ან გამომყვები, ან ძალით გაგიყვან! - ქავანა! - ეკე ფეხზე წამოდგა - ზედმეტები ხომ არ მოგდის? - თოიძე, შენთან პრეტენზია არასოდეს მქონია და მოდი ყველაფერი ასე დავტოვოთ. არ ჩაერიო! - თქვენ ხომ არ გასულელდით? - გაცოფებული ლექტორი თავს წაგვადგა - მე აქ ვერ მხედავთ? - ნუ მაიძულებთ შეურაცხყოფა მოგაყენოთ! - შეუღრინა დუჩემ ქალს და ისევ მე შემომხედა - ყველაფერს ნუ გაართულებ, გამომყევი! - გარეთ გამოდი! - ეკემ ფეხი ჰკრა მაგიდას და დუჩეს გვერდით ამოუდგა. - საკმარისია! - ფეხზე წამოვდექი და დუჩეს შევუბღვირე - წამოდი. - სია! - ეკე შუბლშეკრული მომაჩერდა. - არა, არავინ ჩაერიოს. აჩურჩულებულ სტუდენტებს ზურგი ვაქციე და გარეთ გამოვედი. დუჩეც ფეხდაფეხ მომყვა, ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ხელები ერთიანად მიკანკალებდა. - აქ არა, წამომყევი! მაჯაში ხელი წამავლო და ცარიელ დერეფანში გამიყოლა, წინააღმდეგობა არ გამიწევია, მორჩილად მივყევი უკან. ერთ-ერთ კარს ხელი ჰკრა და ცარიელ აუდიტორიაში შემიყვანა, კარი მიიხურა და დაბღვერილი მომიბრუნდა. - რა გინდა? - ვკითხე გაღიზიანებულმა. - რატომ არ გამომყევი, როცა გთხოვე? - მკითხა მკაცრად და წინ ამესვეტა. - და რატომ უნდა გამოგყოლოდი? რატომ უნდა ვიარო შენს ხუშტურებზე? - სია! უცებ ისე ახლოს მოვიდა, რომ შიშისგან გული გადამიქანდა და კედელს ავეკარი. ჩემკენ ნელა დაიხარა და თავისი მკლავების ტყვეობაში მომაქცია, ისეთი მზერა ჰქონდა ლამის მუხლი მომეკვეთა. - რა გინდა ჩემგან? - ვკითხე ხმადაბლა და მომწვანო-მონაცისფრო თვალებში ჩავხედე - რის მიღწევას ცდილობ? - არ ვიცი, - ჩაიჩურჩულა აღგზნებულმა და თვალებში ჩამაკვდა - არ ვიცი და გარკვევას ვცდილობ. - უხეშობით? იდიოტური გამოხტომებით? - ჰო, ჰო! იმიტომ რომ არ ვიცი შენთან როგორ მოვიქცე. მაბნევ, მაღიზიანებ, საშინლად მაღიზიანებ. კიდევ უფრო ახლოს დაიხარა და ამღვრეული მზერა მომაპყრო, მის სუნთქვას ტუჩებზე ვგრძნობდი. - ჰოდა შემეშვი! - ტუჩები ამიკანკალდა, გულში ვნატრობდი ახლა არ ამეტიროს-თქო - შემეშვი, ჩემგან თავი შორს დაიჭირე, ვითომ არც ვარსებობ. ეს ილეთი კარგად გამოგდის. - ნერვებს მიშლი! ისევ! - დაიღრინა გაღიზიანებულმა და მუშტი მთელი ძალით დაატაკა კედელს. მიუხედავად იმისა, რომ შიშისგან ლამის გული გამისკდა, წარბი არ შემიხრია. დავინახე როგორ წამოუვიდა სისხლი ხელიდან, კედელი კი, სადაც წამის წინ დუჩეს მუშტი დაეძგერა, შეჭეჭყილიყო და ნაფხვენები ცვიოდა. - გულზე მოგეშვა? - ჩავიჩურჩულე და გულმოკლულმა ხელზე დავხედე. - არა, რაც არ უნდა დავლეწო, რაც არ უნდა დავანგრიო, ეს არ ჩერდება! - რა? რა არ ჩერდება?! აკანკალებულმა უკან დაიხია და თვალი ამარიდა. ვერ ვხვდებოდი რის მიღწევას ცდილობდა. მინდოდა ახლოს მივსულიყავი და ხელზე შემეხედა, ისეთი ძალით დასცხო კედელს, რომ შეიძლება ძვლებიც მიიმსხვრია, მაგრამ გატოკებას ვერ ვბედავდი. მასთან მუდამ ვიბნეოდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი რა მეთქვა, უბრალოდ გაქვავებული ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას, ის კი არ ჩქარობდა, ღრმად სუნთქავდა და დამშვიდებას ცდილობდა. - დუჩე... - ამას ნუ აკეთებ! - დაიღრინა გაღიზიანებულმა. - რას? - ასე ნუ მეძახი, თორემ თავს ვეღარ მოვთოკავ, სია! - კარგი, მეყოფა, მე მივდივარ! თვალი ავარიდე და კარისკენ წავედი. დუჩე ერთი ნაბიჯით გაჩნდა ჩემთან და გზა მომიჭრა. ასეთი არასოდეს მენახა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავს ებრძოდა, რაღაცის გადაწყვეტას ცდილობდა და არ გამოსდიოდა. - არ წახვიდე. - გამატარე. - სია... - არა, დუჩე, საკმარისია. არ ვიცი რა თამაშს თამაშობ და არც მაინტერესებს. მე ამაში მონაწილეობას არ ვაპირებ, სხვა გასართობი იპოვე. - რა? - სახე გაუმკაცრდა. - რაც გაიგე! - ეგ სიტყვები სერიოზულად მითხარი? - ხუმრობის რამე მეტყობა? - არასწორი ხარ! - და შენ სწორი ხარ? - მე ეგ არ მითქვამს. - რაღაცაზე მაინც შევთანხმდით! - გაბრაზებულები ერთმანეთს ვუბღვერდით. სწორედ ამ დროს აუდიტორიის კარი გაიღო და ზღურბლზე ეკე გამოჩნდა. სახეზე საშინელი უკმაყოფილება ეხატა. შუბლშეკრულმა ორივე შეგვათვალიერა. - სია, კარგად ხარ? - კი. - თოიძე! - დუჩემ ბოროტი მზერით გახედა ეკეს - ხომ გითხარი ამაში არ ჩაერიო-თქო?! - ჰო? - ჩაიცინა გესლიანად და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა - შენ და კალანდიას თავზე გაქვთ გადაჯმული! გგონიათ ყველა და ყველაფერი თქვენ ორს გემორჩილებათ? გგონიათ ადამიანები თქვენი სათამაშოები არიან? სიას თავი დაანებე! - თოიძე! სიტყვებს დაუკვირდი, არ მინდა შენზე ხელის აწევა. - გეყოფათ! - ჩავერიე გაღიზიანებული. დუჩეს მხარი ავუქციე, სანამ რამეს იტყოდა ეკეს მაჯაში მოვკიდე ხელი და ოთახიდან ძალით წამოვათრიე. - სია... - არა, გაჩუმდი, გეყოფათ ამდენი ჩხუბი და თავპირის მტვრევა! საკმარისია, ამ დამპალ უნივერსიტეტში, თავგადასავლების გარეშე ფეხი ვეღარ შემომიდგამს! - თავგადასავლებს რას უწუნებ? - მკითხა გამხიარულებულმა და მორჩილად გამომყვა. - თავს მატკიებენ. - გამაყუჩებელი გინდა? - ნუ დამცინი! - გავჩერდი და ხელი გავუშვი. ეკეს სახიდან ღიმილი გაუქრა და სერიოზული თვალებით შემომხედა. - კარგად ხარ? - კი. - მატყუებ. - არა. - კი, სახეზე ყველაფერი გაწერია, ტყუილი შენი ძლიერი მხარე არ არის. - უბრალოდ... აქედან წასვლა მინდა, - ამოვიჩურჩულე უღონოდ და კედელს მივეყრდენი. - წამო, მოტოციკლით ვარ. - არა, შეხვედრას უნდა დავესწროთ, სავალდებულოა. - ჯანდაბას ეგ მითინგი, გამომყევი. - შუბლშეკრულმა ხელი გამომიწოდა. წამით სახეზე დავაკვირდი, შემდეგ კი გაუცნობიერებლად ხელი ჩავჭიდე. - გავქრეთ? - სახიდან ღრუბელი გადაეყარა და თვალებში ღიმილმა გამოანათა. - გავქრეთ. თბილისი ისეთი ლამაზი იყო, რომ სუნთქვა შეგეკვრებოდათ. ზაჰესის გორაკიდან მთელი ქალაქი ხელის გულივით მოჩანდა. უცებ წარმოვიდგინე ღამით აქაურობა როგორი მომხიბვლელი იქნებოდა - როგორც დაბადების დღის ტორტზე სანთლები, ისე აინთებოდნენ ლამპიონები და თბილისიც პატარა, ლამაზად მოციმციმე ფერიების სამეფოს დაემსგავსებოდა… - რაზე ფიქრობ? - მყუდროება ეკემ დამირღვია. - ახალწელზე, - მოტოციკლს მიყრდნობილმა ცას ავხედე - რა მოხდება ახლა უცებ რომ დაღამდეს და ფეიერვერკის წვიმა წამოვიდეს? - გიყვარს ფეირვერკი? - გამომხედა ღიმილით. - ჰო, ძალიან. - მე კიდე ვერ ვიტან ახალწელს, უამრავი სტუმარი მოდის და სახლი ბომჟების ბანაკს ემსგავსება. საერთოდ დამავიწყდა რაზე ვფიქრობდი და გამხიარულებულს გულიანად გამეცინა. უცებ წარმოვიდგინე ეკეს რა სახე ექნებოდა უამრავი ნათესავ-მეზობელ-მეგობრის კომპანიაში გამომწყვდეულს და ავხარხარდი. - სულაც არაა სასაცილო! - შემიბღვირა ბრაზნარევიმხიარულებით - სახლში ისე ვერ შეხვალ, ან კარს ისე ვერავის გაუღებ, სახეში იაფფასიანი კამფეტი, რომ არ მოგხვდეს. ჩემი აზრით ასეთი ძალადობა დაუშვებელია და დაუყონებლივ უნდა წაიშალოს ტრადიციის ფურცლებიდან. გასულ წელს ისე ჩამაფინგალეს, ვერავის ვაჯერებდი რომ არავის ვუცემივარ. შოკოლადი პირდაპირ გახელილ თვალში გამარტყა მეზობელმა. - გეყო! - სიცილისგან ფერდები ამტკივდა. - მე გიყვები ჩემს ტრაგიკულ ისტორიას, სადაც ისე გამლახეს, რომ ხელის შებრუნება ვერ მოვახერხე, შენ კი დგახარ და სიცილით კვდები, იმის ნაცვლად, რომ მოჩვენებით მაინც მითანაგრძნო. არა ეს პლანეტა უსამართლობითაა გაჟღენთილი! - სანტაზე ისეთი გულდაწყვეტილი ხმა გქონდა, მგონი ბავშვობაში იმედი მაგრად გაგიცრუვდა. - ჰო, პატარა რომ ვიყავი, ახალი წელი მარტო მაგისთვის მიხაროდა. ვიღაც გაბერილი უცნობი ბაბუა ჩემი ბუხრიდან ჩამოძვრება და ზუსტად იმ საჩუქრებს დამიტოვებს რაზეც მთელი წელი ვოცნებობდი-მეთქი. - იმედი როდის გაგიცრუვდა? - ვკითხე სიცილით. - მაშინ, როცა გადავწყვიტე ეს საკაიფო ბაბუ პირადად გამეცნო და ღამით დავუდარაჯდი. შედეგად კი მამაჩემი მივიღე ღამის ტრუსებში და მუხლებამდე ნასკებში. ნამდვილად არ იყო ის სურათი, როგორიც ჩემს ფანტაზიაში წარმომედგინა. ისეთი სევდიანი სახით იხსენებდა წარსულს, რომ ისევ სიცილი ამიტყდა და სახეზე ხელები ავიფარე. - მერე რა ქენი? - ვიტირე! - აღარ შემიძლია, მოვრჩეთ, მეტი აღარ შემიძლია! მიწაზე დავჯექი და თავი მუხლებზე დავიდე. სიცილისგან უკვე სუნთქვაც კი მეკვროდა. ეკე გვერდით მომიჯდა და თმა მხიარულად ამიჩეჩა. - აბა, შენ რა რეაქცია გექნებოდა, სანტას ნაცვლად ბანჯგვლიანი მამაშენი, რომ აღმოგეჩინა ბუხართან? ვერც კი მივხვდი სიცილი ტირილში როდის გადამეზარდა. ვიგრძენი გულში რაღაცამ მტკივნეულად, როგორ გამკრა. უცებ იგივე სურათი წარმოვიდგინე, ამჯერად ეკეს ნაცვლად საკუთარ თავს ვხედავდი. ალბათ ასეთი რამ ოდესმე რომ მომხდარიყო, ოდესმე რომ მენახა მამაჩემი როგორ მიტოვებდა ღამით საჩუქრებს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებდა. მამაჩემისთვის მხოლოდ საქმე, ქეისები, სამსახური და საყვარლები არსებობდა. იქნებ დედაჩემი ამიტომაც იყო ასეთი გულცივი? - სია... - ეკემ თავი ამაწევინა და როგორც კი სახეზე შემომხედა, ღიმილი მაშინვე გაუქრა - შენ რა, ტირი? - ალბათ ასეთ სიტუაციაში მამაჩემი, რომ მენახა ჩემზე ბედნიერი იმ წამს არავინ იქნებოდა. სამწუხაროა, რომ ამ სურათის ნაცვლად გამუდმებით სხვას ვხედავდი. - დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე, ყელში ძვალივით გაჩხერილი უსიამოვნო სიმართლე. - მაპატიე, არ მინდოდა... - შენი ბრალი არაა, მე მაპატიე, რომ ყველაფერი გავაფუჭე. - ცრემლები სასწრაფოდ შევიმშრალე და ეკეს გავუღიმე. - ნუ სულელობ! - უფრო ახლოს მოჩოჩდა და თვალის კუთხიდან ცრემლი შემიმშრალა - მინდა მოსმენა, შენ თუ ამის სურვილი გექნება. თავი მუხლებზე დავიდე და ეკეს ტოპაზისფერ თვალებში ჩავხედე, მზის შუქზე ისეთი უცნაური ფერის მოუჩანდა, რომ სუნთქვა შეგეკვრებოდათ. ხასხასა ყვითელი, შავი ჭრილებით. წესით არაბუნებრივი და ცივი მზერა უნდა ჰქონოდა, მაგრამ პირიქით, თვალებში სითბო გამდნარი ოქროსავით ეღვრებოდა. გული გამითბა და ჩემდაუნებურად ყველაფერი ვუამბე (რა თქმა უნდა, იმის გარდა რასაც ვსაქმიანობდი). ყურადღებით მისმენდა, არცერთხელ არ შეუწყვეტინებია. თხრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს შხამისგან ნელ-ნელა ვიცლებოდი. ჩემი მოხუცი აქაც მართალი გამოდგა, ცხოვრებაში ყველას გვჭირდება ისეთი ადამიანი ვისაც გულს გადავუშლით. შეიძლება მათ ჩვენი პრობლემების გამოსწორება ვერ შეძლონ, მაგრამ ხანდახან მოსმენაც კმარა. - გასაგებია, - მზერა ჰორიზონტს გაუშტერა - ახლა მესმის. - რას გულისხმობ? - ასე რატომ შრომობ... რამდენჯერ შემიმჩნევია ბიბლიოთეკაში წიგნებზე როგორ ჩაგძინებია, ყოველთვის ყველაზე მეტს წვალობდი. ახლა გასაგებია ასე რატომაც იქცევი. - როცა საკუთარი თავის გარდა არავის და არაფრის იმედი არ გაქვს, ცხოვრებაც შენი ასაწყობია. - გეთანხმები, - თვალებმოჭუტულმა გამომხედა და სქელ ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა - აწი ხშირად გაგიტაცებ ხოლმე. ეს ერთადერთი გზა ყოფილა შენს უკეთ გასაცნობად... **** ეკეს ბეჭებს მიკრობილი, თვალდახუჭული მივქროდი უსასრულობაში, უნივერსიტეტში ვბრუნდებოდით. თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე, როცა ეკემ უნისის შენობის წინ მოტოციკლი შეაჩერა. - ახლა რაღა ჯანდაბა ხდება? - იკითხა შუბლშეკრულმა. მაშინვე გამოვფხიზლდი და თავი მოვაბრუნე. უნივერსიტეტის ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო და იყო ერთი წიოკი და გაწევ-გამოწევა. დაცვა რაღაცას ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ბავშვებს ხელით უბიძგებდა უკან დაიხიეთო. - ნუთუ ისევ ჩხუბებენ? ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ და მოტოციკლიდან გადმოვხტი, მაგრამ სტუდენტებს შორის აცრემლებულ ბავშვებს მოვკარი თვალი და შემეშინდა. ჩაფხუტი ხელიდან გამივარდა და არეული ნაბიჯით წავედი ბრბოსკენ. - ეკე! რაღაც მოხდა! უნებურად ტანში შიშის ჟრუანტელმა დამიარა და მაშინვე ეზოსკენ გავიქეცი. ხალხის მასას შევერიე, გული შიშით მიკანკალებდა, მთელი სხეულით ვგრძნობდი რაღაც ცუდი მოხდა! როგორც იქნა, ბავშვები მივყარ-მოვყარე და ინციდენტის შუაგულში ამოვყავი თავი... გავშეშდი! ვიგრძენი როგორ გამეთიშა ორგანიზმი, თითქოს დამბლა დამეცა, ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. კალანდია, დასისხლიანებული დუჩესკენ დახრილიყო და ველური შიშისგან სახე გადაფითრებოდა. - დუჩე... - ბუტბუტებდა უაზროდ - რა გჭირს, ბიჭო?! დუჩე! - უსამართლობაა... - დუჩეს გაეცინა და სისხლი ამოახველა. მიტკალივით გადაფითრებულს ფერი უფრო და უფრო ეკარგებოდა. მისი სხეულის ქვეშ სისხლის მოზრდილი გუბე სწრაფად დგებოდა. - შენთვის სიფათში ტაკებაც კი ვერ მოვასწარი. - დუჩე, ბიჭო... - კალანდიას ხელები შეშლილივით უკანკალებდა - რას დაყუდებულხართ ....ებივით, დარეკეთ სასწრაფოში! უცებ ისე იღრიალა, რომ რამდენიმე სტუდენტი გვარიანად დაფრთხა. ახლოს მისვლა მინდოდა, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვროდი არა, ნამდვილად დამბლა დამეცა! - რა იყო, , ხომ არ შეგეშინდა? დუჩემ ამ სიტყვების თქმას უკანასკნელი ძალები მოახმარა, თვალები მიელულა და გაირინდა. გულში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, ვეღარ ამოვისუნთქე, მუხლი მომეკვეთა და ასფალტზე ჩავიკეცე. - ქავანა!!! შე , თვალი გაახილე! თვალი გაახილე-მეთქი, ასე არ მომექცე! სიკვდილი არც კი გაბედო! თუ ვინმე მიგაბრიდავს ეს მე ვიქნები! გესმის? თვალი გაახილე-მეთქი, ბიჭო! - სასწრაფო რატომ არ მოდის?! - კიოდა ვიღაც. - ღმერთო ჩემო, ეს რა მოხდა? რა მოუვიდა? - არ ვიცი, ვიღაცამ ისროლა. დუჩე კი კალანდიას გადაეფარა, ტყვია მას მოხვდა. - მკვდარია? - არ სუნთქავს. - სად გდია ეს დედამოტყნული სასწრაფო?! - იღრიალა კალანდიამ. სირენების ხმა შორიდან მომესმა. ვერც კი ვიაზრებდი, რომ ქვაფენილზე ჩაკეცილი ფრჩხილებით ასფალტს ვხოკავდი. - გაგვეცალეთ, გაგვატარეთ! ექთნები დაჭრილს მისცივდნენ, კალანდია ჩამოიშორეს და დასისხლიანებული დუჩე საკაცეზე დააწვინეს. ქვაფენილი ერთიანად სისხლით იყო მორწყული. აკანკალებულმა თავი ძლივს ავწიე და ექიმებს თვალი გავაყოლე, დაჭრილი მანქანისკენ გააქანეს. კალანდია უკან მიჰყვა. - ვინ ხართ დაჭრილის? - ჰკითხა ექიმმა. - ჩემი ძმაა! გამიშვით, მეც მოვდივარ, ერთი სისხლის ჯგუფი გვაქვს, დაგჭირდებით. - კარგი, მანქანაში დაჯექი. სასწრაფოს მანქანის კარი დაიხურა და აკივლებული მაშინვე გაეცალა უნივერსიტეტს. ხალხი აჩოჩქოლდა. ზოგი ისევ იქით იყურებოდა, ზოგი ტირილს აგრძელებდა, ზოგი კი საერთოდ გავიდა ეზოდან. - სია! - ეკემ ჩემთან მოირბინა - ჯანდაბა! ძლივს გიპოვე, ისე გაიქეცი ვერც კი დაგინახე. - დუჩე... - აკანკალებულმა ეკეს ავხედე - დუჩე... - სასწრაფომ წაიყვანა... კი მაგრამ, რა მოხდა?! კარგად ხარ? სია! შემომხედე! - წამიყვანე. - რა? - საავადმყოფოში წამიყვანე. - სია... - ახლავე! გაჭირვებით წამოვდექი და გასასვლელისკენ გავიქეცი. სასწრაფოს მანქანას გზაში დავეწიეთ და ზუსტად ერთდროულად მივედით რესპუბლიკურში. დუჩე მანქანიდან გადმოიყვანეს და შენობაში შეარბენინეს. მოტოციკლიდან ჩამოვხტი და კალანდიას უკან დავედევნე. - აქ მოიცადეთ, თქვენი შემოსვლა არ შეიძლება! - ექიმმა კალანდია შეაჩერა და დაბურული მინის კარს უკან გაუჩინარდა. კალანდიას გააკანკალა და მოწყვეტით დაეშვა მოსაცდელში სკამზე. ერთიანად სისხლში იყო ამოთხვრილი, სახეზე კი ფერი არ ედო. ასეთი შეშინებული არასოდეს მინახავს. არეული ნაბიჯით მივუახლოვდი. - ალექს... - დავიჩურჩულე აცახცახებულმა - ალექს! - სია?! - კალანდიამ თავი ასწია. სახეზე არეული ემოციები დასთამაშებდა, თითქოს ვერც იაზრებდა რომ მელაპარაკებოდა - აქ რას აკეთებ? - მე... მე... - აზრი გამეფანტა, გონების მოკრება მიჭრდა - დუჩე როგორ არის? - არ ვიცი, - კანკალით აიფარა სახეზე ხელები, ფეხს ნერვიულად ათამაშებდა - უნდა გადარჩეს, იქიდან ცოცხალი უნდა გამოვიდეს! თავს ნაბიჯის გადადგმა ვაიძულე და კალანდიას გვერდით მივუჯექი. იმდენად ცახცახებდა, რომ კედელს მილურსმული სკამი შესამჩნევად ირყეოდა. - ჰო... გადარჩება, უნდა გადარჩეს! - სხვა რამეზე ფიქრი არც კი შემეძლო. - ასე არ შეიძლება! - დაიღრინა გააფთრებულმა - ასე არ შეიძლება! სიკვდილის უფლება არ აქვს, ყველაფერს ვაპატიებ და ამას არა, ეგ ახვარი ეგ! გაცეცხლებულმა მთელი ძალით დასცხო მუშტი სკამს. ლითონი ისე იოლად გაიღუნა თითქოს პლასტელინის ყოფილიყო. - ალექს კალანდია?! - თავზე ექიმი წაგვადგა - თქვენ ხართ? - დიახ! - მაშინვე ფეხზე წამოიჭრა. - გამომყევით, ანალიზები უნდა აგიღოთ, თუ თქვენი სისხლის ჯგუფი ერთმანეთს დაემთხვევა დაგვჭირდებით. - თუ არა, დაემთხვევა! ერთი სისხლის ჯგუფი გვაქვს, სისხლის ჩაბარება მინდა! - ოჯახის წევრი ხართ? - ჩემი ერთადერთი მეგობარია! - თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა. - გამომყევით. სხვა სიტუაციაში კალანდიას სიტყვები ჩემზე უზარმაზარ შთაბეჭდილებას მოახდენდნენ, მაგრამ ახლა... ახლა, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. მარტო დავრჩი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უსასრულობაში გავიჭედე. თავი ირეალურ სამყაროში ამოვყავი, სადაც დუჩე სიკვდილს ებრძოდა. გამახსენდა ჩვენი ბოლო შეხვედრა, მისი თვალები, მისი მზერა... ვეღარ გავუძელი, სახეზე ხელები ავიფარე და ჩუმად ავტირდი. ასეთი შეშინებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. - დამშვიდდი! - მომესმა ეკეს ხმა, მე კი მეგონა რომ წავიდა. ვიგრძენი ჩემს გვერდით როგორ დაიკავეს ადგილი. ეკემ მკლავები მომხვია და მკერდზე მიმიკრა. თმაზე მეფერებოდა, ყურში კი ხმადაბლა ჩამჩურჩულებდა ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად გადარჩება და კიდევ ბევრჯერ მოვასწრებთ ჩხუბსო. გული ამომიჯდა და სვიტერი ერთიანად დავუსველე. დროის შეგრძნება დავკარგე, არ ვიცი რამდენ ხანს ვტიროდი გაუჩერებლად. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როდესაც დერეფანში აჩქარებული ნაბიჯების ხმა შემომესმა. - სად არის? - იყვირა ვიღაცამ - სად არის-მეთქი, სადაა ჩემი შვილი? თავი წამოვწიე და ახალმოსულს გავხედე. ეს ალბათ დუჩეს მამა იყო, ასეთი დათრგუნული, რომ არ ვყოფილიყავი ალბათ გაოცებისგან ყბაც კი ჩამომივარდებოდა, მამა-შვილი ასე როგორ ჰგვანან ერთმანეთს-მეთქი. დუჩე მამის ასლი იყო, მხოლოდ უმნიშნველო განსხვავებებით. ბატონ ქავანას ბრინჯაოსფერი თმა ჰქონდა და ასაკიც ეტყობოდა. სხვა მხრივ კი ძალიან სიმპათიური მამაკაცი ბრძანდებოდა. მაღალს დუჩესავით ფართო მხარბეჭი ამშვენებდა. ნავარჯიშები სხეული კლასიკურ სამოსშიც კი კარგად ეკვეთებოდა. ალბათ, მასაც ხორბლისფერი კანი ჰქონდა, მაგრამ ახლა სახე შიშისგან ერთიანად გასთეთრებოდა, მსხვილი ტუჩები კი გალურჯებოდა. უკან რამდენიმე სახეგაქვავებული მამაკაცი მოჰყვებოდა. ისე იყვნენ ჩაცმულები, რომ აშკარად დაცვის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს, ბატონი ქავანა ხომ „ქეი კორპორეიშენის“ პრეზიდენტი ბრძანდებოდა, ქვეყნის უმსხვილესი კომპანიის, რომელიც სხვადასხვა ბიზნესქსელს აკონტროლებდა, როგორც მთელს საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. - სად არის-თქო, ჩემი შვილი? - იყვირა გაცეცხლებულმა. - ბატონო ქავანა! - ექიმები მაშინვე გამოეგებნენ - თქვენს შვილს მძიმე ოპერაცია უტარდება, ტყვიამ გულთან ახლოს გაიარა. მადლობა ღმერთს, რომ სასწაულებრივად გადარჩა, ახლა ექიმებს უნდა დაველოდოთ. - ჩემი შვილი! - ნოვა ქავანა ერთიანად ცახცახებდა - ჩემი შვილი, უნდა გადაარჩინოთ, გასაგებია? ჩემს შვილს რამე თუ მოუვა ყველას დაგხოცავთ! - დამშვიდდით, ვიცით რომ ძალიან ღელავთ, - მთავარი ექიმი სიტუაციის დაშოშმინებას ეცადა, ნოვას სიტყვებმა გვარიანად დააფრთხეს - ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ოპერაციას საუკეთესო ექიმები აკეთებენ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მათ ვენდოთ და ოპერაციის დასრულებას დაველოდოთ. - რამდენი ხანი დასჭირდება ოპერაციას? - რვა ან ცხრა საათი, შეიძლება მეტიც. ნოვამ თვალები დახუჭა და სახეზე ხელები აიფარა. ძალიან შემეცოდა, აბა როგორი მოსასმენია როცა გეუბნებიან შვილი ან გადაგირჩება, ან არაო. ექიმები პრეზიდენტს ჩამოეცალნენ ემანდ არ იფეთქოს და თავები არ წაგვაცალოსო. აღელვებულმა ეკეს შევხედე. - სია, მგონი ჯობია ჩვენ წავიდეთ. - არა, სანამ არ გავიგებ რომ გადარჩება, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. - ნოვა?! - კალანდია მოპირდაპირე ოთახიდან გამოვიდა და მაშინვე პრეზიდენტისკენ გაემართა. - ალექს! - ნოვა აღელვებული ესცა და შეშფოთებულმა შეათვალიერა - ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავდა? მამაშენი გადარეულია, უკვე მოემგზავრება საფრანგეთიდან. - მე არაფერი მიჭირს, მაგრამ... - ვეღარ გააგრძელა. კალანდიას ასეთს პირველად ვხედავდი. მუდამ ხალისიანი და უდარდელი ბიჭი სადღაც გამქრალიყო. ჩემს წინ ახლა საშინლად ანერვიულებული მამაკაცი იდგა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა, ცრემლებს იმ ბიჭის მიმართ, რომელსაც გამუდმებით ეჩხუბებოდა. გამუდმებით თავპირს ალეწავდნენ ერთმანეთს და ყველას უმტკიცებდნენ რომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ. მაშინ რას ნიშნავდა ეს? რატომ აეფარა დუჩე ალექსს? რატომ გაწირა მის გამო სიცოცხლე, როცა საკუთარი ხელით რამდენჯერმე კინაღამ გაგუდა? როგორც ყოველთვის, ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ ორს შორის რაღაც მოხდა… - წამოდი, აქ ვერ ვილაპარაკებთ, ბევრი ხალხია. ნოვამ კალანდიას ხელი მოხვია და გარეთ გაიყვანა. რამდენიმე დაცვის წევრი ადგილზე დარჩა, დანარჩენები კი უკან მიჰყვნენ პრეზიდენტს. დრო უსასრულოდ გაიწელა. ჯდომა აღარ შემეძლო, აღარც დგომა, აღარც ლოდინი, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. ეკე სკამზე იჯდა გაშეშებული და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა, მე კი უაზროდ დავბოდიალობდი დერეფანში და თითებს ვიმტვრევდი. თავს ვაჯერებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ დუჩე გადარჩებოდა, ასე წასვლა არ შეეძლო, ამას ვერ გამიკეთებდა! ასე ვერ მომექცეოდა! კალანდია ერთი საათის განმავლობაში უკან აღარ დაბრუნებულა, ალბათ ნოვამ ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. იმაზე ფიქრისთვისაც კი ვერ მოვიცალე ვინ რას ერჩოდა ბიჭებს, ან ერთს და ან მეორეს. თუმცა, ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ ეს მირიანის სიკვდილთან კავშირში უნდა ყოფილიყო. ვიღაც „ქეი კორპორეიშენის“ აქციონერებზე და მათ მემკვიდრეებზე ნადირობდა. დერეფანში აჩქარებული ნაბიჯების ხმა შემომესმა, უკან მივიხედე და კალანდია დავინახე. თვალებდაწითლებული და უპეებჩაშავებული ჩვენკენ მოდიოდა. - რამე ახალი ხომ არ არის? - მკითხა ხმაჩახლეჩილმა. - არა, ჯერ კიდევ ველოდებით. შეიძლება დილამდე ვერაფერი გავიგოთ. - ეს დედამოტყნული ხალხიც ახლა მოაწყდა აქაურობას, გარეთ ვერ გახვალ! ნოვას ხალხი არავის უშვებს აქ. - დახმარება გჭირდება? - ეკე ნელა წამოდგა. - არა, მაგრამ გმადლობ შემოთავაზებისთვის. ორივეს მადლობა აქ რომ ხართ. - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! - თვალები ამეწვა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. - რა მოხდა, ალექს? ვერაფერი გავიგე, შენ გესროლეს, თუ დუჩეს? ან ამათი აქ ყოფნა აუცილებელია? ეკემ შუბლშეკრულმა გახედა მცველებს. ეს უტყვი, სახეგაყინული ხალხი გვარიანად აღიზიანებდა და არა მარტო მას... - არ ვიცი, - კალანდია მოწყვეტით დაეშვა სკამზე - გარეთ ვიყავით, მე და დუჩეს ისევ შელაპარაკება მოგვივიდა. ისევ დავცხებდით ერთმანეთს, მაგრამ დუჩემ ჩემს უკან ვიღაც დედამოტყნული დალანდა და ყველაფერი სწრაფად მოხდა, - სახეზე ხელები აიფარა - ვერ დავინახე რა გააკეთა, მეგონა მირტყამდა და ხელი შევუბრუნე, მაგრამ ხელი მკრა და წინ ამეფარა. სანამ ძირს არ დაეცა და სისხლმა არ იფეთქა მკერდიდან, ვერც მივხვდი რა ხდებოდა. გასროლის ხმა არავის გაუგია. - პროფესიონალის ნამოქმედარს ჰგავს, მაყუჩიანი იარაღი? რა შარში გაყავით თავი? ეკე გვერდით მიუჯდა. უცნაური სურათი იყო, მოსისხლე მტრებმა ერთმანეთს ზავი გამოუცხადეს. ცუდი ამბები არა მარტო გვაშორებს, არამედ გვაახლოებს კიდეც ერთმანეთს. ეს ორი ამის ნათელი მაგალითი იყო. კედელს მიყრდნობილი კალანდიას ყურადღებით ვუსმენდი. - არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს - ალექსმა სახიდან ხელები მოიშორა და ეკეს ამღვრეული მზერით გახედა - იქ რა მოხდა მეც არ ვიცი. მე და დუჩეს ბევრთან მოგვსვლია კონფლიქტი, მაგრამ მკვლელობა?! ეს მეტისმეტია. ამაზე არავინ წავიდოდა, თან პირდაპირ უნივერსიტეტში, რაღაც ....ობაა. უცებ ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა. ბიჭებს ცალი თვალით გავხედე, ლაპარაკში იმდენად იყვნენ გართულები, რომ ყურადღებას არ მაქცევდნენ. ფრთხილად გამოვიპარე დერეფნიდან და საავადმყოფოს საპირფარეშოში შევირბინე. - სია! - მომესმა სანდროს აღელვებული ხმა, როგორც კი ვუპასუხე - ახლახანს გავიგე, რომ ქავანა დაჭრეს. - ჰო, საავადმყოფოში ვარ, ოპერაციას უკეთებენ. - რა ჯანდაბა ხდება საერთოდ? ჯერ ჩვენ დაგვარბიეს, ახლა მემკვიდრეებს მისწვდნენ?! - არ ვიცი, სანდრო, ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია, ახლა საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობ. - მოგიწევს! იმიტომ რომ რაღაც მაქვს. - რას გულისხმობ? - მართალია, შენ თქვი გელოვანის საქმეში არ ჩავერევითო, მაგრამ რაც სტუდია დაგვილეწეს რაღაცეები მოვჩხრიკე. ტელეფონით ვერაფერს გეტყვი, სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ, ეს მნიშვნელოვანია. - ახლა არ შემიძლია. დაველოდები ექიმები რას იტყვიან და მაშინვე შენთან მოვალ. - სია, შეიძლება საფრთხეში იყო. - სანდრექს, არ მაინტერესებს, ახლა ვერ გამოვალ-თქო. აქაურობა ქავანას მცველებითაა სავსე, არაფერი მოხდება. - როგორც კი მაგედან წამოხვალ მაშინვე ჩემთან მოდი, გაიგე? - კარგი. ტელეფონი გავთიშე და საპირფარეშოდან გამოვედი. უკან დაბრუნებულს სურათი შეცვლილი დამხვდა. ამჯერად სკამზე ეკეს ნაცვლად ნოვა ქავანა იჯდა, თავი ჩაეხარა და ფიქრიანი მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. კალანდიას კი სახე ხელებში ჩაერგო. ეკე არსად ჩანდა. - ალექს! კალანდიას მორიდებით მივუხლოვდი, ჩემს ხმაზე ბატონმა ქავანამ თავი წამოსწია და დაბინდული მზერა მომაპყრო. გულში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი. ეს მომწვანო-მონაცრისფრო თვალები, ეს მზერა, თვალების ჭრილიც კი... - ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს დუჩეს ასაკი მომატებოდა და ნაღვლიანი და დარდით სავსე თვალებით შემომყურებდა. - გამარჯობა - უხერხულად მივესალმე პრეზიდენტს. - გამარჯობა, დუჩეს მეგობარი ხართ? მკითხა დაბალი მელოდიური ხმით, შეიძლებოდა რომ ხმის ტემბრიც კი ერთნაირი ჰქონოდათ?! ყელში ბურთი გამეჩხირა და ხმა ვერ ამოვიღე. - ჰო, კურსელები ვართ - ჩემს მაგივრად უპასუხა კალანდიამ - თოიძეს, თუ ეძებ შენს მოსაძებნად წამოვიდა, სად იყავი? - საპირფარეშოში გავედი ორი წუთით. ახალი არაფერია? - არა, ჯერ პასუხს არც გვეტყვიან. - კარგი, მე ეკეს მოვძებნი, თუ რამე სიახლე იქნება გამაგებინე, გთხოვ. - კარგი. - გმადლობ. ორივეს ზურგი ვაქციე და დერეფანს არეული ნაბიჯით გავუყევი. გონებადახშული გაუცნობიერებლად ვათვალიერებდი ოთახებს, ეკე არსად ჩანდა. გასასვლელს მივუახლოვდი და ახლაღა მივხვდი რა იგულისხმა კალანდიამ - ეზო ხალხით იყო გადაჭედილი. სტუდენტები, უბრალო გამვლელები, დიდი, პატარა - ყველა აქ იყო. ნუთუ მართლა ამდენს ადარდებდა დუჩეს სიცოცხლე? თუ ესეც მორიგი სვავების შეკრება იყო, რომლებმაც მოახლოებული სიკვდილის სუნი იკრეს და მაშინვე მოფრინდნენ სიტუაციაში გასარკვევად - იცოცხლებდა თუ არა დუჩე ქავანა? ბიჭი რომელიც მათთვის ძვირადღირებული სათამაშო უფრო იყო ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ერთია როცა ისე კვდები, რომ შენთან კაციშვილი არავინ მოდის, რომ არავის ახსენდები და საფლავზე ყვავილის მომტანიც კი არ გყავს და მეორეა, რომ სენსაციური ამბის ობიექტად იქცე, ამხელა ბრბო ყვავივით თავს დაგჩხაოდეს და ხარბად ელოდებოდეს შენი ფეხების გაფშეკის ცნობას! - ლეშისმჭამელები! - ჩავისისინე განრისხებულმა - ნეტავ მაგედან რომელიმეს მართლა თუ გადარდებთ იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ახლა საოპერაციო მაგიდაზე სიკვდილს ებრძვის?! ჟურნალისტები ერთმანეთს აწყდებოდნენ. ერთი სული ჰქონდათ რაიმე მნიშვნელოვანისთვის ყური მოეკრათ ან ფოტო გადაეღოთ. მოშორებით რამდენიმე რეპორტიორი ცხელ-ცხელ რეპორტაჟს ამზადებდა ლაივისთვის. გულისამრევი სანახაობა იყო. ხალხს ისე არაფერი აღაგზნებს, როგორც კარგი სანახაობა. თუ ტრაგიკული ელემენტებით იქნება გაჯერებული - მთლად უკეთესი! ამის ყურება აღარ შემეძლო. ის იყო უნდა შევბრუნებულიყავი, რომ ბრბოში შემთხვევით ვიღაც შევამჩნიე. თვალები მოვწკურე და ფანჯარასთან ახლოს მივედი. ყველა ყაყანებდა, ყველა ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ერთი ადამიანის გარდა. უცნობს თავზე კაპიშონი ჩამოეფარებინა, ისე რომ სახეს სანახევროდ უფარავდა, ცივი მზერა კი საავადმყოფოსთვის გაეშტერებინა. - ნუთუ... გარეთ გასვლა დავაპირე, რომ უცნობმა კაპიშონი ნიკაპისკენ დაქაჩა, ბოლომდე ჩამოიფხატა სახეზე და გაუჩინარდა. ხელის აწევისას მაჯაზე ტატუს მოვკარი თვალი, რაღაც არსების კუდს წააგავდა, ბეწვიანი და სანახევროდ ეკლიანი. - სია! - ეკეს მოულოდნელმა გამოჩენამ შემაკრთო - ყველგან გეძებდი, აქ რას აკეთებ? დაბღვერილმა აღელვებულ ბრბოს გახედა. მე ჯერ კიდევ იმ უცნობს ვეძებდი ხალხში, მაგრამ ვეღარსად დავლანდე. - კალანდიამ მითხრა რომ ჩემს მოსაძებნად წამოხვედი და იქ ვერ გავჩერდი. - სახლში წაგიყვან, არ გინდა? მე კი დავბრუნდები და გაგაგებინებ თუ რამე სიახლე იქნება. - არ მინდა, აქ დავრჩები. - წამოდი, რამე მაინც ჭამე, ან ყავა დავლიოთ, უკვე საღამოვდება. - არ მინდა, ახლა ყელში არაფერი გადამივა. ეკემ ყურადღებით შემათვალიერა, შემდეგ იქვე სკამზე დაეშვა და სახეზე ხელი მოისვა. გვერდით მივუჯექი და მხარზე თავი ჩამოვადე. - გიყვარს? - მკითხა ხმადაბლა. - რა? - თავი წამოვწიე და გაოცებული მივაჩერდი. - დუჩე... გიყვარს? - გაიმეორა მშვიდად და გამჭოლი მზერა მომაპყრო. - საიდან მოიტანე? - ვიგრძენი როგორ ამელეწა სახე. - ადამიანს არ ჰგავხარ, სახეზე ფერი არ გადევს, არ ჭამ, არ სვავ, წასვლაზე სიტყვის გაგონებაც არ გინდა. როცა შენთან ახლოს ტრიალებს მუდამ თავგზა გებნევა, როცა გიახლოვდება სულ წითლდები, ცოტა მიზეზია? გავჩუმდი და მის მზერას თვალი ავარიდე. მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარეთ, არცერთს ფეხი არ მოგვიცვლია. კალანდია ნერვიულად სცემდა ბოლთას მოსაცდელში, ნოვა ქავანა გაშეშებული იჯდა სკამზე და ფეხს არ იცვლიდა, გადაწყვეტილი ჰქონდა იქამდე მჯდარიყო ქანდაკებასავით, სანამ ვინმე ახალ ამბავს არ აცნობებდა. მე და ეკე კი, ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს თვალს ვარიდებდით. თითქოს მთელი უსასრულობა გაიწელა, რაც საოპერაციოს კარი გაიღო და იქიდან დაქანცული ექიმი გამოვიდა. ისეთი სახე ჰქონდა ვერ გაიგებდით, კარგი ამბავი ჰქონდა სათმქელი, თუ ცუდი. - ექიმო! - ყველა ფეხზე წამოვცვივდით - როგორაა ჩემი შვილი? - ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ დაკვირვებას საჭიროებს. რთული საათების გადატანა მოუხდა, მაგრამ ძლიერი ბიჭია, ბოლომდე იბრძოლა. - ღმერთო! ეკეს რომ არ დავეჭირე, ნამდვილად ძირს დავეცემოდი. ამდენი საათის დაძაბულობა წამში მომეხსნა და ფეხზე დგომაც ვეღარ შევძელი. - მადლობა ღმერთს! - ნოვამ სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა, გამომეტყველება ოდნავ დაუწყნარდა - მის ნახვას როდის შევძლებ? - ჯერ ვერა, ხვალ პალატაში გადავიყვანთ და შეგიძლიათ ინახულოთ, მხოლოდ ერთი ადამიანის შეშვება შემიძლია. მნახველები მისთვის საზიანოა, ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას, ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევა თავიდან რომ ავირიდოთ. პაციენტს სიმშვიდე სჭირდება. - გასაგებია, კარგი. გმადლობთ. ექიმმა თავი დაუქნია და გაგვეცალა. ეკეს მხარზე დაყრდნობილი ჯერ კიდევ მოსმენილის გადახარშვას ვცდილობდი. „დუჩე კარგად არის, ნუ გეშინია იცოცხლებს, ყველაფერი რიგზეა!“ ჩამჩურჩულა ქვეცნობიერმა. თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა. - ყველაფერი რიგზეა, - ეკე მომეხვია და გულში ჩამიკრა - წყნარად, ყველაფერი კარგადაა. - ბავშვებო, შეგიძლიათ დაიშალოთ. ჩემი ბიჭები დუჩეს თვალყურს ადევნებენ, უკვე ძალიან გვიანია, დასვენება გჭირდებათ. გმადლობთ, რომ ასეთ რთულ წუთებში ჩემს შვილს გვერდით ედექით. კალანდიამ ცალი თვალით გამოგვხედა და ისე გაგვეცალა სიტყვაც არ უთქვამს. მას შემდეგ, რაც დუჩეს გადარჩენის ამბავი შეიტყო თვალებში სხივი დაუბრუნდა, სახეც დაუმშვიდდა და წელშიც გასწორდა. ეკემ ხელი მომხვია და საავადმყოფოდან წამომიყვანა, წამოსვლისას ბოლოჯერ შევავლე თვალი საოპერაციოს მოსაცდელს. ნოვა სკამზე ჩამომჯდარიყო და სახე ხელებში ჩაერგო, გარს კი მცველები შემოხვეოდნენ. მარტო იყო, სულ მარტო. ნეტავ ცოლი სად ჰყავდა? უცნაურია, მაგრამ დუჩეს ოჯახის შესახებ არაფერი ვიცოდი, იმის გარდა, რომ მამამისი „ქეი კორპორეიშენის“ პრეზიდენტი იყო. ასეთ რთულ მომენტში მას ოჯახის წევრები სჭირდებოდა გვერდით და არა დაქირავებული მცველები, რომლებსაც სულ ერთ ადგილზე ეკიდათ მამის მწუხარება, მაგრამ რატომღაც ის მარტო იყო, ისევე როგორც დუჩე... ეზოში გამოსვლისას ხალხი აჩოჩქოლებული მოგვაწყდა, ზოგი რას გვეკითხებოდა, ზოგი რას. ეკემ უხეშად ჩამოიშორა ყველა, აყაყანებული ბრბო ძლივს გავარღვიეთ. იქიდან ჟურნალისტები მოქანდნენ მიკროფონებით და კამერებით ხელში. - თქვენ ქავანას მეგობრები ხართ? რა კომენტარს გააკეთებთ მომხდართან დაკავშირებით? ქავანა თავს როგორ გრძნობს? - აქედან მოშორდით სანამ ეგ კამერები თავზე დაგალეწეთ! - უყვირა გაცოფებულმა, მაჯაში ხელი ჩამავლო და მოტოციკლისკენ წამიყვანა. მისი მკაცრი გაფრთხილება ყურად იღეს და ახლოს აღარავინ გაგვკარებია. ეკემ ჩაფხუტი ჩამომაცვა თავზე და იქაურობას სწრაფად გავეცალეთ. ამჯერად ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ატარებდა, მოტოციკლი კიარ მიჰავდა, მიაქროლებდა. საბოლოოდ სახლამდე მივაღწიეთ. ეკემ მოტოციკლი სადარბაზოს წინ შეაჩერა და ძრავა გამორთო. ფეხები ერთინად დამბუჟებოდა და სიარულიც შესამჩნევად მიჭირდა. - როგორ ხარ? - მკითხა ფრთხილად და სახე მომითვალიერა. - გადავიღალე, ცოტა უნდა დავისვენო. - სახლში მარტო ყოფნას შეძლებ? ცუდად ხომ არ ხარ? - ყველაფერი რიგზეა, გმადლობ ყველაფრისთვის. გმადლობ, რომ ჩემს გვერდით იყავი და მარტო არ დამტოვე. - მეგობრები ასე იქცევიან, სია, - ამჯერად არ გაუღიმია - თანაც, დუჩე ჩემი კურსელიცაა. შეიძლება ერთმანეთს ვერ ვუგებთ, მაგრამ სასიკვდილოდ ნამდვილად არ მემეტება. - ჰო. ისევ თვალწინ დამიდგა სისხლში ამოსვრილი და ერთიანად გადათეთრებული დუჩე და კინაღამ ცუდად გავხდი. ეკეს ჩაფხუტი დავუბრუნე და სადარბაზოსკენ შევბრუნდი, უცებ მაჯაში ხელი წამავლო და თავისკენ შემაბრუნა. სახეზე უცნაური გამომეტყველება დასთამაშებდა. - რა იყო? - შენზე ვნერვიულობ. - რატომ? - მარტო ხარ, სრულიად მარტო, ვინმეს დაურეკე შენთან დარჩეს. სისის უთხარი, მე მოგიყვან, ოღონდ მარტო ნუ დარჩები. - ეკე, - მტანჯველი დღის შემდეგ პირველად გადამეფინა ტუჩებზე ღიმილი - მიჩვეული ვარ მარტო ყოფნას. არავინ მჭირდება ცხელი აბაზანის და ჩემი ფუმფულა ბალიშის გარდა. - დამირეკავ? რამე თუ დაგჭირდება დამირეკავ? - კარგი. - არა, პონტის გამო ნუ მეუბნები, დამირეკავ? - სახეზე ყურადღებით დამაკვირდა. ოქროსფერ თვალებში ჩავხედე და გულწრფელად ვუპასუხე. - დაგირეკავ, ახლა კი წადი, უკვე გვიანია. - კარგი. თვალებიდან თმა გადაიყარა და ღიმილით მომიახლოვდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ რაღაც განსაკუთრებული სუნამო ესხა, თან ნაზი, თან ტკბილი და ძალიან სასიამოვნო. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა. - ძილინებისა, სია, - დაიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა. შემდეგ კი ისე შებრუნდა, რომ არც შემოუხედავს, მოტოციკლს გადაევლო და მოჩვენებასავით აორთქლდა. მე კი ჯერ კიდევ გაშტერებული ქუჩის კუთხეს გავყურებდი, სადაც ეკე გაუჩინარდა. მისი სუნამოს სურნელს ჯერ კიდევ ვგრძნობდი და სითბოს, რომელიც წასვლამდე დამიტოვა. გაბრუებულმა თავი გავაქნიე და სადარბაზოში უკვე მეორედ დავაპირე შესვლა, როცა უკნიდან სუსტი ფაჩუნი შემომესმა, თითქოს ვიღაც ხმელ ფოთლებზე ფრთხილად დააბიჯებდა. სწრაფად მოვბრუნდი და ეზო მოვათვალიერე, ვერავინ დავლანდე. არადა მზად ვიყავი დამეფიცა, რომ ფეხის ხმა ნამდვილად გავიგონე. რამდენიმე წუთს იქაურობას თვალებით ვჩხრეკდი და სიბნელეში საიმედოდ მიმალული ლანდების გარჩევას ვცდილობდი, მაგრამ ვერაფერი შევნიშნე. ვინც არ უნდა ყოფილიყო, კატასავით სწრაფი და მოქნილი იყო, რახან ასე მალე მოასწრო გაუჩინარება. აღელვებული შემოვბრუნდი და კიბეებზე ასვლის ნაცვლად ლიფტში შევედი. თავი მერვე - ესე იგი, გადარჩება? ხელებში სახეჩარგული დივანზე ვიჯექი. არც მიძინია, სახლში ავედი თუ არა გამოვიცვალე და ახალ „თავშესაფარს“ მოვაშურე. ახლა კი ისეთი გამოთაყვანებული ვიჯექი, სანდროს ჩემთვის სული, რომ შეებერა წავიქცეოდი კიდეც. - ჰო, სასწაულია, რომ ტყვია გულში არ მოხვდა, - სახე მოვისრისე და სანდროს დაბინდული მზერით შევხედე - დღისით, მზისით, პირდაპირ უნივერსიტეტში. ეს რაღაც სიგიჟეა, მკვლელი ან ძალიან თავზეხელაღებულია ან კიდევ აქციონერების დაშინება უნდა. - აპარატურის გარეშე თავს ისე ვგრძნობ, როგორც ადამიანი მხედველობის დაკარგვის შემდეგ, ან თევზი წყლის გარეშე. - ყველაფერი დაიმტვრა? - აფსოლუტურად ყველაფერი. ამ დაცხავებულ ბინაში მხოლოდ ლეპტოპი მიგდია, ამით კი შორს ვერ წავალთ. გადაღლილს თვალები ჩასწითლებოდა და მანიაკივით ისევ ყავას წრუპავდა, ნეტავ რამდენი ღამე გაათენა თეთრად დარდში და ნერვიულობაში?! წამოვდექი და ორთქლავარდნილი ჭიქა ხელიდან გამოვსტაცე. - გეყოფა ამდენი ყავის სმა, სახე უკვე გიორდება. ჯობია ცოტა დაიძინო, მანამდე კი ფაილები მომეცი და ფლეშიც, რაც გაქვს, გადავხედავ ყველაფერს. - არა, ახლა დაძინება არ შემიძლია. ერთ საათში უნდა გავიდე, ლოუდინგი შემპირდა აპარატურის ნაწილს მოგცემო. ახლა ბრმებივით ჯდომა არ გვაწყობს. - ლოუდინგი? მეგონა კარგი ურთიერთობა არ გქონდათ. ვიკითხე შუბლშეკრულმა და ყავა მოვსვი, დავიჯღანე. სულ დამავიწყდა, რომ ის ორმაგ ამერიკანოს სვამდა, თან უშაქროდ, თვითმკვლელი ნუ! - ახლა ვზგლიადების კერვის დრო არაა, შეიძლება ჩვენკენაც გამოვარდეს ტყვია არსაიდან. - ფული გჭირდება? რაღაც დანაზოგი გადადებული მაქვს. - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, - შემიბღვირა უკმაყოფილოდ და შავი ჩანთა გახსნა - ფული მეც საკმარისად მაქვს. - ბიჭო, ისე და ეს სორო სად ნახე? კედლებს მგონი უკვე ობი ეკიდება. - ცხვირი უკმაყოფილოდ შევჭმუხნე, ოთახში გულისამრევი შმორის სუნი იდგა. - კაი ერთი, - ფაილები მაგიდაზე დამიყარა და გაბრაზებულმა შემიბღვირა - დვარეცი ხომ არ დავიქირავო და აბრაც გამოვაკრა Черный список-მა ადგილმდებარეობა შეიცვალა. სამუშაო საათები, შაბათ-კვირის გარდა, დილის 9-დან საღამოს 12-მდე-თქო? - რა დღეში გაქვს ნერვები! შევუბღვირე უკმაყოფილოდ და ერთადერთ ოთახში, მოცუცქნული მაცივარი გამოვაღე. მაგრამ ჯობდა ეგ არ მექნა, ამ ჯართის გროვიდან ისეთი სუნი გამოვარდა ლამის ძირს დამცა. ალბათ დიდი ხანია არავის ჩაურთავს და ერთიანად აქოთდა, თან რაღაც პროდუქტებიც მოჩანდა ბნელ კუთხეში მიჩურთული. შეიძლება ჩემი უძილობის ბრალი იყო, ან მძაფრი ფანტაზიის, რომელიც მაშინვე ამეშალა გონებაში როგორც კი ეს გადაობებული შიგნეულობა დავინახე, მაგრამ მზად ვიყავი დამეფიცა, რომ ბნელ კუთხეში რაღაც ინძრეოდა. - ჯანდაბა! - კარი სწრაფად მივხურე და შიშით დავიხიე უკან - რატომ არ მითხარი რომ მაცივრის კარი არ გამეღო? როგორ ფიქრობ საშინელი მოგონებები საკმარისად არ მაქვს?! მაცივარში რომ მეზობელს მალავ ეგეც გეზიარება ბინის ქირაში? - ამას შეხედე! - საერთოდ არ მისმენდა, ყვითელი შეფუთვიდან ფოტოები ამოაძვრინა და გამომიწოდა - ეს კამერის ჩანაწერებია, როცა მირიანი „მაჭახელას“ რესტორანს უკანასკნელად ეწვია. ყავის ჭიქა მაცივარზე შემოვდე და შუბლშეკრული მაგიდას მივუჯექი. ფოტოსურათები გავშალე და ყურადღებით დავაკვირდი. ფოტოებზე მირიანი მარტო შედიოდა რესტორანში, უკან მხოლოდ მისი მძღოლი მიჰყვებოდა. მომდევნო სურათებზე კი აღბეჭდილი იყო, როგორ ატარებდა დროს მეგობრებთან ერთად. - მოიცადე, რესტორანში მარტო არ შევიდა? - ჰო, მაგრამ იქ მეგობრები შეხვდნენ, ჯერ ჩანაწერს უყურე. ლეპტოპი გახსნა და ფლეში შეუერთა. სულ მალე ეკრანზე 1 ოქტომბრის ჩანაწერი გამოისახა. მირიანი თავის მძღოლთან ერთად შევიდა რესოტრანში და მაგიდას მიუჯდა. სულ რაღაც 10 წუთში მას სამი უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა. მირიანს მათი დანახვა გაუხარდა და მაგიდასთან მიიპატიჟა. ჩანაწერზე უცნაური არაფერი შემიმჩნევია. მამაკაცები მხიარულად ატარებდნენ დროს, იცინოდნენ, სვამდნენ და ისტორიებს ჰყვებოდნენ. მოწყენილობისგან ლამის ჩამომეძინა, მაგრამ მაინც ყურადღებით ვადევნებდი თვალს თითოეულის მოძრაობას. არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, არცერთი მათგანი საეჭვოდ არ იქცეოდა. ერთადერთი მძღოლი იჯდა ოდნავ შებოჭილად. არ სვავდა (რა თქმა უნდა, საჭესთან იჯდა და არც დალევდა), არც ლაპარაკობდა, მხოლოდ შეკრებილების უაზრო ხუმრობებზე ზრდილობიანად იღიმოდა. ჭამითაც კი არაფერი უჭამია, თეფზე გადაღებული მწვადის მოზრდილი ნაჭერი ხელუხლებლად იდო. თითქმის 40 წუთი ვიჯექი და ფირს მივჩერებოდი. უკვე წუწუნი უნდა დამეწყო, რომ კადრში უცნობი პიროვნება გამოჩნდა. - აი, მთავარი მომენტიც, - სანდრომ ნერვიულად მოისრისა შუბლი და ლეპტოპის ეკრანისკენ დაიხარა - ახლა კარგად დააკვირდი ამ ტიპს. - მთვრალია? ასე რატომ ბარბაცებს? უცნობი არეული ნაბიჯით წამოვიდა მირიანის მაგიდისკენ. თავზე კაპიშონი წამოეფარებინა და სახე არ უჩანდა. ისე მოძრაობდა, თითქოს გალეწილი მთვრალი იყო და კოორდინაციის უნარი დაჰკარგვოდა. შეკრებილებს გვერდით ჩაუარა და წაბორძიკდა. მირიანს რომ არ დაეჭირა, ალბათ თავზეც დაემფხობოდა. მეგონა მაგიდასთან ერთი ამბები ატყდებოდა, მაგრამ მირიანმა მხოლოდ ღიმილით წამოაყენა უცნობი, რომელიც ხელებს უაზროდ იქნევდა, ალბათ ბოდიშს იხდიდა შეწუხებისთვის. ჩემდაუნებურად მირიანი მომეწონა. სხვა ბობოლა მის ადგილას რომ მჯდარიყო, ალბათ უცნობს თავ-პირსაც დაალეწავდა. კაპიშონიანი მალე გაეცალა შეკრებილებს და მამაკაცებმაც ისევ გააგრძელეს სმა-ჭამა და ქეიფი. - მოიცა, ახლა მოიცა, - სკამზე შევსწორდი და ჩანაწერი ოდნავ უკან გადავახვიე, სანამ უცნობი მირიანს დაეჯახებოდა - ამ მომენტს დააკვირდი, დაჯახებისას ყველა შეკრთა და სკამიდან წამოიწიეს, მძღოლის გარდა! თითქოს ამას ელოდებოდა. - ჯეკპოტი! - სანდრომ თითები გაატკაცუნა - ვიცოდი რომ შეამჩნევდი! მართალი ხარ, მაგრამ ამას ლოგიკური გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა. მძღოლს რამე უნდა მოემოქმედა ან იმ მთვრალს, მაგრამ არაფერი მომხდარა. მძღოლი გაშეშებული იჯდა მაგიდასთან, არც კი განძრეულა. - მოიცა, ჩანაწერი ბოლომდე ვნახოთ. ნახევარი საათის განმავლობაში არაფერი მომხდარა, არადა დაძაბული ველოდებოდი სიტუაციის ცვლილებას. მძღოლი ლამის თვალებით შევჭამე, მაგრამ უცნაური არაფერი გაუკეთებია. არც მირიანის ჭიქაში ჩაუყრია რამე მალულად, არაფერი, უბრალოდ იჯდა და შეკრებილების ყაყანს მოთმინებით იტანდა. იმედგაცრუებულს ტუჩები უკმაყოფილოდ მომეღრიცა. უცებ მირიანს ღიმილი სახეზე შეეყინა, თითქოს ფერიც დაკარგა და წარბშეკრულმა ჰალსტუხი ნერვიულად დაქაჩა. - აი, აი ეს მომენტი... - ჩუ! სკამზე შევსწორდი და მირიანს ყურადღებით დავაკვირდი. შუბლზე ოფლმა დაასხა. ჰალსტუხს აკანკალებული ხელით ეჯაჯგურებოდა, ალბათ სუნთქვა ეკვროდა. დანარჩენები მასში მომხდარ ცვლილებას ვერ ამჩნევდნენ და ისევ მხიარულად განაგრძნობდნენ ქაქანს, მძღოლის გარდა, რომელიც თითქოს განგებ არიდებდა თვალს მის უფროსს. მირიანი სწრაფად წამოდგა, მამაკაცებს რაღაც გადაულაპაკა და რესტორნის საპირფარეშოსკენ გაემართა. მძღოლმა თვალი გააყოლა, სახეზე არაფერი ეწერა, დანარჩენებმა კი ისევ გააგრძელეს ღრეობა. ჩანაწერი შეწყდა, დრო - 23:30 წუთი. - ამის შემდეგ მირიანი უკვე მკვდარი იპოვეს გზატკეცილზე. - სანდრო ჩემ გვერდით დაეხეთქა სკამზე. - ეს ჩანაწერი პოლიციამ არ ნახა? - ნახეს კიდეც და ყველაც დაკითხეს, თითოეულის ჩვენება მანდვე დევს, შეგიძლია წაიკითხო. არაფერია, საერთოდ არაფერი. მეგობრებმა თქვეს დროს კარგად ვატარებდითო, მირიანი დიდი ხანია არ გვენახა, იტალიიდან ახალი დაბრუნებული იყოო. იმ ღამეს უცნაური არაფერი მომხდარა, უცებ წამოდგა და გვითხრა საპირფარეშოში გავალ და მალე დავბრუნდებიო. ამის შემდეგ არცერთს აღარ გვინახავსო. - მძღოლის ჩვენება? - სანდრომ საქაღალდიდან ფურცელი გამოაძრო და გამომიწოდა. - ყველაფერი, მანდაა შეგიძლია წაიკითხო - დაკითხვის ოქმი გამოვართვი და ინტერესით დავიწყე კითხვა: მოწმის დაკითხვის ოქმი 2 ოქტომბერი 2017 წელი ქ.თბილისი დაწყების დრო: 15 საათი და 30 წუთი დამთავრების დრო: 19 საათი და 45 წუთი ოქმის შემდგენი პირი: საქართველოს მთავარი პროკურატურის, საგამოძიებო ნაწილის ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულზე სისხლისამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, შოთა ამაშუკელი. ქვემოთ ჩამოთვლილი იყო მთელი რიგი ფორმალური მხარეები, მოწმის დეტალური მონაცემები - დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ეროვნება, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა და ა.შ. კიდევ ქვემოთ, მოწმის უფლებები დაკითხვისას და გამომძიებლის უფლებები დაკითხვის მიმდინარეობისას. ამ ყველაფერს უბრალოდ თვალი გადავავლე და მთავარ ნაწილზე გადავედი, სადაც გამომძიებელმა მოწმის დაკითხვა დაიწყო: შეკითხვა: ბატონო მალხაზ, რა ურთიერთობა გქონდათ გარდაცვლილთან? მოწმის პასუხი: „ქეი კორპორეიშენის“, ერთ-ერთი აქციონერის, მირიან გელოვანის, პირად მძღოლად ვმუშაობ, უფრო სწორად ვმუშაობდი. შეკითხვა: როგორი ურთიერთობა გქონდათ გარდაცვლილთან? მოწმის პასუხი: მე და ბატონ მირიანს კარგი ურთიერთობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მძღოლი ვიყავი ყოველთვის მეგობრულად მექცეოდა.რესტორანში სადილობისას არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ მანქანაში დავლოდებოდი. შეკითხვა: რატომ? ჰქონდა რაიმე კონკრეტული მიზეზი? მოწმის პასუხი: კეთილშობილი პიროვნება გახლდათ, არასოდეს უყურებდა ზემოდან თავის ქვეშევრდომებს, ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მარტო ესეც არ არის… მირიანი ყოველ თვე აკითხავდა უპატრონო ბავშვთა სახლს და მათთვის ტანსაცმელები, საკვები, საკანცელარიო ნივთები და უამრავი საჩუქარი აჰქონდა. ვერც კი ვიჯერებ რომ ჩვენთან აღარ არის. შეკითხვა: ქველმოქმედება გასაგებია, მაგრამ არსებობდა ამის რამე კონკრეტული მიზეზი? მოწმის პასუხი : მირიანს შვილი არასოდეს ჰყოლია, თუმცა ძალიან უნდოდა. მონიკა, მისი მეუღლე, უშვილო აღმოჩნდა, არც ბავშვის აყვანა უნდოდა, მირიანს ეუბნეოდა სხვის შვილს ნამდვილად ვერ გავზრდიო. ამიტომ მირიანი ზრუნვამოკლებულ ბავშვებს უნაწილებდა იმ სიყვარულს, რომლის მიცემაც საკუთარი შვილისთვის არ შეეძლო. შეკითხვა: გასაგებია, როგორც ჩანს მირიანთან მართლაც ახლო ურთიერთობა გქონიათ, რახან მისი ოჯახური დეტალების შესახებ ასე კარგად იცით ყველაფერი. მოწმის პასუხი: შესაძლოა მირიანთან მართლაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ საკუთარი ადგილი არასოდეს მავიწყდებოდა. შეკითხვა: მირიანის სიკვდილის ღამეზე მიამბეთ. სად წახვედით და რას აკეთებდით იმ საღამოს? მოწმის პასუხი: იმ საღამოს, ბატონი მირიანი, გვიან გამოვიდა კომპანიიდან. მითხრა, დღეს რთული დღე მქონდა და სახლში წასვლა არ მინდა, სადმე რესტორანში წამიყვანეო. სამსახურში ძალიან იღლებოდა ხოლმე, ამიტომ მუშაობის შემდეგ ხშირად დამყავდა რესტორნებში, მშვიდ გარემოში ვახშმობა უყვარდა. რესტორანში მარტოები მივედით, როგორც უკვე გითხარით მირიანმა მანქანაში დარჩენის უფელბა არ მომცა და თან გამიყოლა. მაგიდასთან დავსხედით და შეკვეთა გავაკეთეთ. ცოტახანში მირიანის მეგობრებს წავაწყიდთ, შორიდან დაგვინახეს და მირიანთან მოვიდნენ მოსასალმებლად შეკითხვა: ვინ იყვნენ სტუმრები? მოწმის პასუხი: თანამშრომლები, მირიანი ორი თვით იტალიაში იყო წასული საქმეებზე და საქართველოში ახალი დაბრუნებული იყო, ორი დღის, დავაკონკრეტებ. ამიტომ დიდი ხანი იყო ერთმანეთი არ ენახათ. მირიანს მათი დანახვა გაუხარდა და მაგიდასთან მიიპატიჟა. ვახშამი ერთად მიირთვეს. შეკითხვა: ვახშმობის დროს რაიმე ინციდენტს ხომ არ ჰქონია ადგილი? ან რაიმე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ? მოწმის პასუხი: არა, ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა. შეკრებილები კარგად ერთობოდნენ, მირიანს დაღლა გადაავიწყდა და სიამოვნებით შეჰყვა საუბარს. ზუსტად არ მახსოვს რა დრო გავატარეთ რესტორანში. მირიანს გადავულაპარაკე უკვე გვიანია სახლში მიგიყვანთ-მეთქი, მან კი ხელი ამიქნია ცოტახანიც მალხაზ, ყოველდღე ასე ვერ გავერთობიო. მართალი გითხრათ იქ ჯდომა და მათი ყაყანის მოსმენა ძალიან მღლიდა, მაგრამ სხვა გზაც არ მქონდა, ვიღაც მთვრალიც კი დაეჯახა შემთხვევით ჩემს უფროსს, მაგრამ ამას რაიმე ინციდენტი არ მოჰყოლია. მირიანი არც კი გაბრაზებულა ღიმილით უთხრა არაუშავს ფრთხილად იარე მეგობაროო. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უკვე ძალიან გვიანდებოდა, როცა მირიანმა თქვა მგონი დალევა ზედმეტი მომივიდაო, საპირფარეშოში გავალ და მალე დავბრუნდებიო. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო, მას შემდეგ ის მკვდარი ვიპოვე გზატკეცილზე. დანარჩენით აღარ დავინტერესებულვარ, უაზრო შეკითხვები და მთელი რიგი ფორმალობები მოჰყვებოდა. ფურცელი მაგიდაზე მივაგდე და თვალები მოვისრისე. საშინლად მეძინებოდა, მაგრამ აღგზნებული გონება მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. - უაზრობაა, ამ ჩვენებაში არაფერია. დარწმუნებული ვარ ეს ტიპი სიმართლეს არ ამბობს. მარტო ესეც არაა, მირიანის ცოლის დაკითხვაც გვჭირდება. - ცოლის ჩვენებაც დევს მანდ, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვნახე. პირადად კითხვებს კი ვერ დაუსვამ. - რატო ვითომ? - მირიანის დაკრძალვის შემდეგ, მაშინვე გაემგზავრა. - ოჰო, - სულ გადამავიწყდა დაღლილობა და მაშინვე ყურები ვცქვიტე - ასე მალე რა მიარბენინებდა? - დიდად ნუ გაგიკვირდება, ცოლი იტალიელი ჰყავდა. აქაურობას მარტო ქმარი აკავშირებდა, ჰოდა როცა მეუღლე დაკარგა ადგა და წავიდა. - რავიცი, ეგ ქალი ან საეჭვოა, ან მაგარი უგულო. ცხედრის გაციებას არც დაელოდა ისე მოუსვა სამშობლოში. - ყოველშემთხვევაში მაგას აზრი არც აქვს. ახლა სულ სხვა რამ მადარდებს, ამ ფაილებით ჩვენ უკვე საქმე ხელში გვაქვს. ვიცით საიდან უნდა დავიწყოთ თხრა, საკითხავი ისაა ამაში ვერევით თუ არა. - სირაქლემებივით თავის ქვიშაში ჩაყოფა შეიძლება კომფორტულია, მაგრამ რომ გიჩანს იოლი სამიზნე ხარ. გავყუჩდებით და დაველოდებით როდის დაგვესმხებიან თავს, ან მოქმედებაზე გადავალთ და იმაზე ადრე მივალ მკვლელთან სანამ ის მოვა ჩემამადე. დუჩეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, ალბათ ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ საქმე რთულდება, ახლა ტრაკში თავის წაღება უკვე გვიანია. - მართალი ხარ, - ამოიოხრა გადაღლილმა და თვალები მოისრისა - ესე იგი, Черный список-ი სამქეშია? - ჰო, ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებ. - კარგი... მირიანი რომ მოკლეს, მგონი ამაზე ორივე ვთანხმდებით, მაგრამ საინტერესოა როგორ? თვალები ლამის ეკრანს მივაწებე, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ დამინახავს, რასაც შეიძლებოდა ეჭვი გამოეწვია. - ჰო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მაინც გამოგვრჩა. არ მომწონს ეს უცნობი და არ მომწონს მძღოლის რეაქცი მომხდარ ინციდენტზე. როცა შენს უფროს ვიღაც არეული ნაბიჯით უახლოვდება ინსტიქტი გკარნახობს, რომ დაიცვა, ამას გააზრებულად არც აკეთებ, ის კი არც განძრეულა. თითქოს ყველაფერი დაგეგმილი იყო, თითქოს ამას ელოდა კიდეც. თხრა აქედან უნდა დავიწყოთ. ჯერ დარწმუნებით არ ვიცი, მაგრამ გილიოტინაზე ჩემი ფეხით ავალ ამ ბინძურ საქმეში საწამლავი, რომ არ იყოს გარეული. - შხამი? კი მაგრამ როგორ? რანაირად? ჭიქაში მაინც ხომ უნდა ჩაეყარა ვინმეს რამე? როგორ უნდა მიეღწია საწამლავს მირიანამდე? თან ექსპერტიზის დასკვნაც კი ჩავიგდე ხელში, იქ არაფერია, საერთოდ არაფერი. - ჰო, მაგრამ ნუ გავიწყდება მირიანის სიკვდილის საქმე უბედური შემთხვევით რომ დახურეს. გვამის გაკვეთას არავინ მოითხოვდა. ყველაფერი ისე იდეალურად მოაწყეს, რომ არამგონია დარიშხანთან გვქონდეს საქმე. ეს საწამლავი „ჰაი კლასისაა“, გარეგნულ კვალს არ ტოვებს. - ესე იგი, მაინც საწამლავი? - ჰო და ეს ძალიან, ძალიან დიდი პრობლემაა. სანამ არ ვიცით რასთან და ვისთან გვაქვს საქმე, ეს ყველაფერი ბნელეთში უაზრო ბოდიალს ემსგავსება, სადაც სრულებით დაუცველი ხარ. გუშინ დუჩეს მოურიდებლად ესროლეს, რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩვენი მკვლელი ასე არ მოქმედებს, ეს უფრო დაშინების, ან გაფრთხილების მანევრს ჰგავს. დიდი ალბათობით მომდევნო მსხვერპლი მალე გამოჩნდება ასპარაზზე. ჩვენ კი მანამდე რამე უნდა გვეკავოს ხელში, თორემ ამ ხოცვა-ჟლეტას დიდი მსხვერპლი მოჰყვება. - პირველ რიგში მძღოლზე და ამ უცნობზე გვაქვს სამუშაო. თუ შენი ჰიპოთეზა მართალია და ეს მძღოლი საქმეშია, მაშინ მას ეცოდინება ვინ იყო ის კაპიშონიანი, ესეც შენი პირველი ძაფის წვერი. ისღა დაგრჩენია გამოქაჩო და კვალს გაჰყვე. - ჰო, მართალია, მძღოლით დავიწყებ. ახლა რა ჯანდაბა ვქნა, ა? ხმის შემცვლელი აპარატურა, მოსასმენები, კამერები ყველაფერი გაქრა! როგორ ვიმუშაო ცარიელი ხელებით?! - წავალ, იქნებ აპარატურის რაღაც ნაწილი ვიშოვო, თორემ თავი ყრუ და ბრუციანი მგონია. ვეცდები საწყისი წვრილმანებით მალევე მოგამარაგო. შენ კი, ფოტოსურათებს გადახედე, ისე ვარ დაღლილი სათვალითაც ვერ ვარჩევ ვერაფერს. თვალების სრესით წამოდგა და აბარგებას შეუდგა წასასვლელად, მე კი ფოტოებს მივუბრუნდი. ზოგი ეზოს კამერით იყო გადაღებული, როგორ შედიოდა მირიანი რესტორანში, ზოგი კი დარბაზის ფოტოები იყო. - მოიცა! - ერთ-ერთ ფოტოს ხელი ვტაცე - ეს რა ჯანდაბაა? - ჰა? - სანდრო მაშინვე ჩემთან გაჩნდა. - ამას შეხედე, ვერ ამჩნევ? ბოძთან ვიღაც დგას ზურგშექცევით. - ოჰ, კაი ერთი, რესტორანი ქუჩის პირასაა, ქვეყანა ხალხი მოძრაობს... - ხელს დააკვირდი, რეგვენო! ტატუ აქვს... და ისევ ეს უცნაური კუდი. - მოიცა, შენ რა ამ ტიპს იცნობ? - შემომხედა თვალებგაფართოებულმა. - ეს ტიპი საავადმყოფოსთან დავინახე, ბრბოში გაკვეხებულიყო და რაღაცას უცდიდა. სახეზე ვერ გავარჩიე, კაპიშონი ჰქონდა ჩამოფარებული, მაგრამ მგონი თვითონ შემამჩნია. რა წამსაც გარეთ გასვლა დავაპირე, კაპიშონი ჩამოიფხატა და მაშინვე აორთქლდა. ზუსტად მაგ დროს დავუნახე ტატუ, სახელო სანახევროდ ჩამოეწია და მხოლოდ კუდს მოვკარი თვალი, ზუსტად ასეთი იყო. ეს დამთხვევა ვერ იქნება. - ანუ ფიქრობ, რომ ეს ტიპი მკვლელია? - მირიანის მკვლელობის ღამეს იქ იყო! დუჩეს დაჭრის დღესაც იქ იყო, ასეთი დამთხვევები არ არსებობს. ეს ტიპი ყოველთვის სვავივით ახლოს ტრიალებს სადაც მკვდრები და დაჭრილები არიან. ახლა ჩანაწერს გადავახვევ და ყველაფერს დეტალურად შევისწავლი, კამერაში რაღაც მაინც უნდა გამოჩენილიყო... მიუხედავად დიდი მონდომებისა მაინც ვერაფერი ვიპოვე. ჩანაწერს ერთი ასჯერ მაინც ვუყურე, მაგრამ კამერას არაფერი დაუფიქსირებია. უცნობი მთვრალი ისე კარგად იყო შეფუთული, რომ კანის ფერიც კი არ მოუჩანდა კამერაში. სურათებიც გადავქექე, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დამშეულს ცხვირწინ გემრიელი კერძი დამიდეს, მაგრამ ასაღებად ვერ ვწვდებოდი. ნერვებმოშლილმა საქაღალდე კედელს მივანარცხე. - ჯანდაბა, ისევ ცარიელი ხელები! - ვიყვირე გაცოფებულმა. მაჯის საათზე დავიხედე. გაოცებულს თვალები დამიმრგვალდა და საათი თვალებთან ახლოს მივიტანე - არაფერი შეცვლილა, ისრები დილის ათ საათს აჩვენებდა. ჯიბეში ტელეფონი ამიწკრიალდა. მოლოდინი გამიმართლა. - სია, - მომესმა ეკეს ხმა - უნივერსიტეტში რატომ არ მოხვედი? ცუდად ხომ არ ხარ? - არა, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ გადავიღალე და ჩამეძინა. - დღეს მოხვალ? - არ ვიცი, შესაძლოა. - სისი აქვეა და გემუქრება, ტელეფონზე რომ ვურეკავ ურჩევნია მიპასუხოსო. თუ ტრანსპორტით მგზავრობა გეზარება მოგაკითხავ და წამოგიყვან. - არა, - ვუპასუხე საჩქაროდ - არაა საჭირო, თავად მოვალ. - ანუ მოხვალ? - ჰო, მომდევნო ლექცია 3 საათზე მაქვს, მოვწესრიგდები და მოვალ. - კარგი, გელოდებით. ტელეფონი გავთიშე და მაგიდაზე მივაგდე. უცებ გულში რაღაცამ მტკივნეულად შემახსენა თავი - „დუჩე!“ წაიჩურჩულა ქვეცნობიერმა. იმდენად გადავერთე საქმეზე, რომ წამით ჩემი ყველაზე ღრმა და მტკივნეული სადარდებელი გადამავიწყდა, ახლა კი გაორმაგებული ძალით მეტაკა გულზე და სუნთქვა შემიკრა. საშინლად მომინდა მისი ნახვა, მინდოდა საავადმყოფოში მივსულიყავი და იქამდე ვმჯდარიყავი მის საწოლთან თავჩაღუნული, სანამ არ გაიღვიძებდა და უხეშად არ მკითხავდა აქ რა ჯანდაბას აკეთებო. უნებურად გამეღიმა და ცრემლებმა ჯებირი გამოანგრიეს - თავი ჩავხარე და უხმოდ ავტირდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.