პაზლების ქურდი V (პირველი ნაწილის დასასრული)
თავი მეცხრამეტე - სად ჯანდაბაში წახვედით გუშინ? შიშისგან ლამის გული გამისკდა! - სისიმ ლურჯი თვალები ბრაზით შემომანათა. უნივერსიტეტის კაფეტერიაში ვისხედით და ვსაუზმობდით. ბიჭები კი, მზარეულთან იდგნენ და კერძებს არჩევდნენ. - მაგას მერე მოგიყვები. მაპატიე, რომ განერვიულე. გიორგი ხომ შენთან დარჩა? - მე... მე... - მოიცა... - სისის შეფაკლული ლოყები მოვუთვალიერე და სიცილი ამიტყდა - რა გამოვტოვე? - გუშინ ყველამ ცოტა დავლიეთ და გულახდილობის საათები გვქონდა. - უკაცრავად? - თქვენ რომ წახვედით, კალანდიამ კიდევ ორი ბოთლი არაყი გაახსნევინა ბარმენს. ყველანი ისე დავთვერით, რომ ვერავინ მიხვდა ნუცა როგორ აღმოჩნდა ჭანტურიას კალთაში. - რაო??? - ჰო... კალანდია ისე გაითიშა სამი გოგო ეჯინა ერთ მუხლზე. - ეგ მაგის სტილია, არ მიკვირს, მაგრამ მე შენზე მაინტერესებს, თავს ნუ მარიდებ. - ჰო, კარგი, - სახეზე ალმური მოედო - თავი ვერ შევიკავე და გიორგის ვკითხე ასე რამ შეგცვალა-თქო. - მერე? - შეიძლება მთვრალი, რომ არ ყოფილიყო ჩემთვის სიმართლე არც ეთქვა, მაგრამ... - სისი, ამოღერღე! - მართალი ვიყავი, მის გამბედაობას დუჩეს უნდა ვუმადლოდეთ. ასე თქვა დუჩეს რომ არ შემოელაწუნებინა ჩემთვის, კიდევ კარგახანს ვერ შევძლებდი შენთან მოახლოებასო. ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებ, თორემ მერე გვიანი იქნებაო. - შეცდომასო? რა შეცდომასო? - უცებ დუჩეს წუხანდელი აღიარება გამახსენდა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. - არ დაუკონკრეტებია, მხოლოდ ეგ მითხრა. - და მერე? რა ხდება ახლა თქვენ შორის? - არაფერი. გიორგი კარგი ბიჭია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა მინდა. ადამიანის რომელსაც სხვისი შემოლაწუნება სჭირდება, რომ ცხოვრებაში ნაბიჯი გადადგას. - თვალები დახარა და ხელსახოცს დაუწყო წვალება. - სისი, ასეთი მომენტი ცხოვრებაში ყველას გვიდგება, მაშინ როცა აუცილებელია ვიღაცამ სიფათში შემოგარტყას, რომ დაინახო ის რისი დანახვაც არ გინდა. მოგწონს გიორგი? - ამაზე არ ვფიქრობ. - ნეტავ ვის ასულელებ! - შევუბღვირე უკმაყოფილოდ - სიმართლე მითხარი. - ალბათ. - თმა უკან გადაიწია და ყავას ცარიელი მზერა გაუშტერა. - მეგობარო, შენ თუ ეგ ბიჭი მოგწონს მხოლოდ ამის გამო თავიდან ნუ მოიშორებ. სულაც არ ვფიქრობ რომ მშიშარაა ან მუდო. შანსი მიეცი, იქნებ აღგაფრთვანოს. შეიძლება ერთი შემორტყმა დასჭირდა, მაგრამ დუჩეს დაკვეთებით არ გაკითხავს და არც დუჩეს მუჯლუგუნებით გელაპარაკება. ავტობუსში, რომ ვიყავით ჩემი ყურით გავიგონე დუჩეს როგორ უთხრა, ამ ექსკურსიაზე შენი როჟის საყურებლად არ წამოვსულვარო. - და ყველაფერი ისე რომ არ წავიდეს? იმედი რომ გამიცრუვდეს? - სისი, დაზღვეული არავინ ვართ. შემომხედე, ცოცხალი მაგალითი ვარ იმ ადამიანის ვინც ბეწვის ხიდზე დადის. არაფერში მაქვს გარანტია, პირიქით, იმის ალბათობა რომ ის ჩემი ცხოვრებიდან სწრაფად გაქრება, უფრო დიდია, ვიდრე ის რომ ჩვენ ერთად ვიქნებით - სევდიანად გავხედე დუჩეს, რომელიც ჩემთვის შოკოლადის ყავას უკვეთავდა - მაგრამ, ვფიქრობ, რომ იმ მომავალზე დარდი არ ღირს, რომლის შინაარსიც არ ვიცით. იცხოვრე დღევანდელი დღით. ხანდახან შედეგი უფრო სასიამოვნოა, როცა მისი მიზეზი არ იცი. - ზედმეტად დამაჯერებელი ხარ, არც მიკვირს, იურისტო! - გაეცინა გახალისებულს. - მე ახლა, როგორც ჩემს პოტენციურ კლიენტს ისე არ გელაპარაკები, როგორც მეგობარს ისე გირჩევ. ცხოვრებაში ბევრი სიბინძურე მინახავს, ბევრი არაკაცი და , ისეთები, რომლებიც უამრავ ნიღაბს ატარებენ. შეიძლება გიორგის კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ინსტიქტები მკარნახობენ, რომ ის მათ რიგებში არ შედის. მოიშორე შიშები და უაზრო კომპლექსები, ხანდახან ცხოვრებას უბრალოდ უნდა მიენდო. სისი დადუმდა. ვიცოდი რომ ჩემს სიტყვებზე ფიქრობდა, უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მისი არც მიკვირდა, ოჯახში რთული სიტუაციის გადამკიდე, აღარ სურდა მორიგი იმედგაცრუება გამოეცადა. მაგრამ ამისგან დაზღვეული არის კი ვინმე? - ესეც თქვენი ყავა. დუჩემ შოკოლადის კაპუჩინო წინ დამიდგა, სისის რძიანი ამერიკანო მიაწოდა. გიორგიმ კი ხილის ნამცხვარი და მარწყვის ტარტებით სავსე თეფში ჩადგა შუაში. - ვაუ, მზარეულს დარჩა რამე? - მარწყვის ტარტებზე ნამეტანი გული დაწყდა, ალბათ ძალიან უყვარს. - გაეცინა გიორგის. - შევეშვათ მზარეულის კუჭს, არ გინდათ ექსკურსია გავმაზოთ და რამე გაცილებით საინტერესო ვაკეთოთ? - დუჩემ ფარულად გამომხედა, ღიმილის დასაფარად ყავა მოვსვი. - მაგალითად? - სისიმ ინტერესით ასწია თავი. - აქ ერთი საკაიფო ქალი ცხოვრობს. ასე ამბობენ რასაც ეგ კუდიანი გეტყვის ყველაფერი აგიხდებაო. - წამოაყენა იდეა გიომ. - რაო? - სისის გაეცინა - შენ რა მკითხავების და შამანების გჯერა? - არაა, ეგ არც მიგულისხმია, შევუაროთ და ვეკაიფოთ რა. - ბიჭო, რა უნიათო ხარ, რამე საინტერესო ვაკეთოთ-მეთქი და შენ მოხუცი ბებრუხანას წვალების გარდა, სხვა იდეა არ მოგაფიქრდა? - ტაროს კარტზე მკითხაობს, ! ჩემი ბიძაშვილი იყო მისული და რაც უთხრა, იმ დედაბერმა, ყველაფერი აუხდა. წამო, ჩვენგან რა მიდის. იქნებ ისეთი რამეც გავიგოთ რაც სამომავლოდ გამოგვადგება. - შეხედე რას აკეთებს! - უცებ დუჩე ახარხარდა. მე და სისიმ კი ვერაფერი გავიგეთ და დაბნეულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, აი გიორგის კი სახე წამოუჭარხლდა. - რა გაცინებს? - იკითხა სისიმ. - ვერ მიხვდი? - დუჩემ ეშმაკურად გამოხედა და ისევ ახარხარდა. უცებ მეც გავიაზრე და მეც ამიტყდა სიცილი. გიორგი კიდევ უფრო აწითლდა. - ხმას თუ არ ჩაიკმენდ ამ ტორტს სახეზე აგაფარებ! - დაემუქრა ძმაკაცს. - იქნებ ვინმემ ამიხსნას, რა ხდება, თორემ თავს იდიოტად ვგრძნობ. ჩემს გარდა ყველა ყველაფერს მიხვდა. - ამ გენიოსმა, დიდი ალბათობით, იმ კუდიანს ბლომად სტავკა ჩაუჯიბა, რომ ზუსტად ის თქვას რაც მას აწყობს, რას ვერ მიხვდი. აქ კი ემოციურ შესავალს გვიკეთებს, რომ იმ ბებრუხანას სიტყვებში ყველა დაგვარწმუნოს. - დუჩე ისევ ახარხარდა. სისი მაშინვე მიხვდა ყველაფერს და სახეზე ისევ ალმური მოედო. - არ მეგონა ეგეთი ჩამწნილებულიც თუ იყავი! - გიორგის მწარედ გაეცინა. - კარგი, ვხუმრობ, - დუჩე ფართო ღიმილით გადაწვა სკამზე და თბილი მზერით შემომხედა - კარგი, წავიდეთ იმ შამანთან. რა იცი, იქნებ მართლა ისეთი რამ გვითხრას, რისი მოსმენაც ასე ძალიან მინდა... ჩემდა გასაკვირად ბიჭებმა მართლა გამოგვაპარეს ექსკურსიიდან და მკითხავთან წაგვიყვანეს. დუჩეს გზაში ისევ ეცინეობდა, გიორგი კი შუბლშეკრული გადახედავდა ხოლმე, თან ტუჩის კუთხეები უთრთოდა. - დარწმუნებული ხარ რომ ადგილზე ვართ? - დუჩემ ეჭვით შეათვალიერა პატარა დაცხავებული შენობა, რომელიც ბინძურ საკუჭნაოს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს. - ჰო, აქ ცხოვრობს. - ან მართლა კუდიანია, ან ეფექტურად ინიღბება. - კარგი, წამოდით. პირველი ავიდა კიბეებზე და ჭუჭყისგან დალაქავებულ და გამურულ მინაზე ფრთხილად დააკაკუნა. ხმა არავის გაუცია. - არ მომწონს აქაურობა! - სისიმ შიშით ახედა გამოღამებულ შენობას. - საინტერესო ჩანს, რას ერჩი. - ეშმაკურად გადავხედე მეგობარს. - არის მანდ ვინმე? - გიორგიმ ისევ დააკაკუნა ფანჯარაზე. - დიდი-დიდი კა გამოგხედოს , აქ სად მოგვიყვანე? დუჩეს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ დაბურული მინის მიღმა ლანდი შევნიშნე. სულ მალე კარი საშინელი ჭრიალით გაიღო და პარმაღზე შუახნის, თვალებჩაცვენილი და სახედანაოჭებული მამაკაცი გამოჩნდა. - ვინ გნებავთ? - იკითხა ხრინწიანი ხმით და შუბლშეკრულმა ყველა მოგვათვალიერა. - უკაცრავად, ქალბატონი მარეხი აქ ცხოვრობს? - და მერე? - ჰკითხა უხეშად. - მასთან გასაუბრება გვინდა, თუ შეიძლება. - მარეხი! - გაჰყვირა ქალს - გამაეთრიე ქალო, მოგაკითხეს! დუჩემ სახე ჩემს თმაში ჩარგო, რომ სიცილი დაემალა, მის სახეზე კი მე მეცინებოდა. აი გიორგი კი ისეთი სერიოზული გამომეტყველებით იდგა, რომ მისი შემშურდა კიდეც, ასე ოსტატურად რომ მართავდა თავის მიმიკებს. - რა გაყვირებს შე დასამიწებელო! - სახლიდან თმაგაჭაღარავებული ქალი გამოქოთქოთდა და კაცს, რომელიც ალბათ მისი მეუღლე იყო, ჩასისხლიანებული თვალები დაუბრიალა - ისე ვერ დამიძახებ, რომ არ აყეფდე? გეგონება ძაღლს ძვალი გადასცდა და იხრჩობაო! რა ნახეი, რა?! - შენა ქალო, რამდენჯერ გითხარი ნუ მასხრობ თქვა, ა?! ვინები არიან აი ბოვშები?! კიდე მომავლი უნდა უმკითხაო? კითხვა არ იცი შე ჩემის ლიწინა, შენა! დუჩემ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი წასკდა. მე და სისი კი თავს ძლივს ვიკავებდით. - შაეთრიე სახლში და ჩაცეცხლე ის შენი ჩაი, თორე გაგიცივდება კიდე. მე მესამედ აღარ გაგიკეთებ. ა ეგ მათხოჯი კიდე, მანდა, სიცილით რო კვდება, მაგას არ ვუმკითხავებ! ბრაზით გამოხედა დუჩეს. - ქალბატონო მარეხი, შეიძლება რომ შიგნით შემოვიდეთ? ეს ბიჭი ჩემი მეგობარია, ძალიან ავადაა, ფსიქიკური პრობლემები აქვს, იქნებ დაგვეხმაროთ და გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ. დუჩეს სიცილი სახეზე შეახმა და გიორგის შეუბღვირა. აი მე და სისი კი მოსაბრუნებლები გავხდით. - უი, რას ამბობ. - მოხუცი მოეშვა და შეწუხებული სახე მიიღო - კარგი, შვილო კარგი. შაეთრიეი სახლში, შე უპატრონო შენა, ვის ვუთხარი მე! გაცეცხლებულმა ქმარი ძალით შეტენა სახლში. შემდეგ კი ჩვენ გვანიშნა უკან მომყევითო. აქ რომ მოვდიოდი ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი სიტუაცია დაგვხვდებოდა. ეს ვითომ მკითხავები ყოველთვის მაღიზიანებდნენ, თავიანთი გატყლარჭული საუბრებით. ძალიან ცდილობდნენ თავიანთი ხრინწიანი ხმა იმქვეყნიური ექოსთვის მიემსგავსებინათ, რომელიც სასაცილოდ უფრო ჟღერდა ვიდრე შემაძრწუნებლად. მაგრამ ეს დაბალი ჯუჯღუნა მოხუცი ძალიან მომეწონა. სახლი შიგნიდან კიდევ უფრო ღარიბული აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ორი მიკროსკოპული საძინებელი, ერთი მომცრო სამზარეულო და პატარა მისაღები ოთახი მთელ მის ავლადიდებას წარმოადგენდა. მოხუც ქალს ალბათ სახლის მოვლა უჭირდა, რადგან ძველის ძველ ნივთებს მტვერი და ჭუჭყი გვარიანად მოსდებოდათ. ჭერის კუთხეებში კი გაბერილუკანალიანი ობობები იწონებდნენ თავს. ტანში შიშის ჟრუანტელმა დამიარა, ვერ ვიტან ობობებს! არ ვიცი სახლში შემოსვლისას რას ველოდი, მაგრამ აქ არსად არ იყო ის ბროლის ბურთები ან რაიმე მსგავსი ნივთები როგორი აღჭურვილობითაც „შამანები“ აფორმებდნენ ხოლმე თავიანთ აპარტამენტებს. აქ ვერც საიდუმლო ღილაკებს შენიშნავდით, რომლის დახმარებითაც წარსული სულების ხმას გაიგონებდით, ან უეცრად აფრიალებული ფარდა გულს გადაგიქანებდათ. მისტიური ჯადოქრის ბუნაგის ნაცვლად ერთი, უსაშველოდ ღარიბული, ოჯახის ერთადერთ თავშესაფარში ამოვყეთ თავი. ძველისძველი ავეჯი ჩრჩილს გაენადგურებინა. ერთადერთი წარსულის გადმონაშთი ტელევიზორი კი პატარა მაცივრის თავზე შემოედგათ სამზარეულოში. მოხუცი ქალბატონის მეუღლე თან ჩაის წრუპავდა და თან რაღაც გადაცემას უყურებდა. ტელევიზორისთვის ბოლო ხმაზე აეწია, ალბათ ყურში აკლდა და კარგად არ ესმოდა. ახლა მივხვდი რატომ ვერ გაიგეს კარზე კაკუნი. - ჩაუწიე მაგ უპატრონოსა, ხალხს რუპორით ხო არ ველაპარაკო, შე სამგლე შენა! - ოხ, შენი ჯიში კი მოვტყან მე შენი, ა! - მოტყანი და იყავი ჰაა, რამის თავი მაინც გქონდეს. ტუალეტში დაუხმარებლად ვერ ფსამ, შე გამხმარო ცოცხო შენა! - მოხუცი ქალი გულიანად ახითხითდა. თავი ვეღარ შევიკავეთ და ჩვენც გაგვეცინა, თან მორიდებით ვუცქეროდით მასპინძელს, რომ კიდე არ გაგვენაწყენებინა. მარეხიმ თბილად გადმოგვხედა. - ასე კი ვჩხუბობთ სულა, მარა ამ მყრალი ბებერის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეეჰ, დასხედით, დასხედით. მომცრო მრგვალ მაგიდას მიუჯდა, ჩვენც სკამები ახლოს მივწიეთ და ჩამოვჯექით. შევამჩნიე, რომ სიტუაცია სრულებით შეცვლილიყო, ბავშვების სახეებზე ვეღარ შენიშნავდით, ვერც დამცინავ და ვეღარც სკეპტიკურ გამომეტყველებას. მოხუცმა კაცმა ტელევიზორი გათიშა და ჩუმი ჯუჯღუნით წაფრატუნდა საძინებელში. - აბა, ახლა მითხარით ჩემთან რა მოგიყვანათ. - მარეხიმ ინტერესით შეგვათვალიერა. - მაპატიეთ, - გიორგიმ დარცხვენილმა შეხედა მოხუცს - წეღან მოგატყუეთ. - ვიცი შვილო, ბებერი ვარ ჩერჩეტი კი არა, - გაიცინა მხიარულად - უბრალოდ გავბრაზდი რომ გაეცინა. ამ ბიჭს შეშლილობის არაფერი ეტყობა, პირიქით. დუჩეს ყურადღებით ჩააცქერდა თვალებში. ყველანი დავიძაბეთ, დუჩეს გარდა. ის უდარდელად მიყრდნობოდა სკამს და მოხუცს მომხიბვლელად უღიმოდა. აგდებული მზერა არ ჰქონია, უბრალოდ ზრდილობიანად გამოხატავდა თავის ეჭვს, რომ მკითხავის ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა. - მინდა, რომ ამ ორს ცალკე გავესაუბრო, - ჩემზე და დუჩეზე გამოიშვირა თითი - მერე კი თქვენ ორს გიმკითხავებთ. აბა, წამოდით მეორე ოთახში. წამოდგა და ერთ-ერთ საძინებელს მიაშურა. ყოყმანით ავდექი და დუჩეს გავხედე. ერთი ჩაიცინა, წამოდგა, ხელი ჩამჭიდა და თან გამიყოლა. ოთახი, რომელიც საძინებელი მეგონა, ერთი პატარა სათავსო აღმოჩნდა. ცენტრში მომცრო მაგიდა იდგა, ერთი ფეხი გვარიანად მორყეოდა და შეხებისას აქეთ-იქით იზნიქებოდა. გარშემო რამდენიმე სკამი შემოელაგებინათ. ოთახის კუთხეებში კი ძველი და მტვრიანი ყუთები ერთმანეთზე შემოეწყოთ. - აქ დიდი ხანია აღარავინ მოსულა, - მოხუცმა ფანჯარა გამოაღო და ზამთრის გრილი და სუფთა ჰაერი შემოუშვა - ყველაფერი ნესტის სუნად ყარს, ასე ხდება როცა ბერდები და პატრონი არავინ გყავს. ჩემს ჯაგლაგს ოთახიდან ოთახში ბოდიალი უჭირს, ჩემსავით. ამიტომ სახლის დალაგებას იშვიათად ვახერხებ, ჩამოჯექით. - შვილები არ გყავთ? - ვკითხე გულმოკულმა და მაგიდას მივუჯექი, დუჩე გვერდით მომიჯდა. - არა შვილო, სანამ არ გავთხოვდი ვერც გავიგე, რომ შვილის გაჩენა არ შემეძლო. ბერწი დედაკაცი აღმოვჩნდი, ცარიელი და უნაყოფო. მაგრამ ჩემმა ქმარმა მაინც არ მაქცია ზურგი, როცა მე ტირილით თვალებს ვითხრიდი ის გულიანად დამცინოდა, დიდი ამბავი ბავშვის დღნავილი თუ არ დამირღვევს ღამით მშვიდ ძილსო. ეჰ, კი ვიცოდი როგორ გულით უნდოდა შვილი, ვის არ უნდა, მაგრამ ეს ჩემთვის არასოდეს უგრძნობინებია. - იმიტომ რომ უყვარხართ, - დუჩემ ქალს გაუღიმა - მისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ ხართ და რისი მიცემა შეგიძლიათ მისთვის, ისეთი უყვარხართ როგორიც ხართ. - შენ ჩემს ქმარზე საუბრობ, თუ საკუთარ თავზე? - თვალი ეშმაკურად ჩაუკრა - თქვენ ერთმანეთი გიყვართ, ამას თქვენს თვალებში ვხედავ. - ეს იოლი შესამჩნევია, ბებო, არ გეთვლება ეგ. - მარეხის გაეცინა. - კარგი, ვნახოთ კარტი რას გვეტყვის. თქვენმა წყვილმა იმდენად დამაინტერესა, რომ მეც მსურს თქვენ შესახებ მეტი გავიგო. ერთ-ერთი ყუთიდან ძველისძველი კიდეებგაცვეთილი ტაროს კარტის დასტა ამოაძვრინა და სული შეუბერა. მტვრის ბუღი კვამლივით გაიფანტა ჰაერში. მოხუცს ხველა აუტყდა. - ოხ, ეს მუდრეგი! ერთი ეს ვერ შემიჭამეს თაგვებმა, დანარჩენი ყველაფერი გადაღრნეს და გაანადგურეს იმ მოსასპობებმა. კარგი, პირველი მას ვუმკითხავებ - შემპარავად გამომხედა და მაგიდაზე სანთელი შემოდო - ძალიან მაინტერესებს რას მალავს ეს გოგონა ასე მონდომებით. დავიძაბე, დუჩემ კი ეშმაკურად გამომხედა და ცნობისმოყვარე მზერა მარეხიზე გადაიტანა. მართალია ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა მის ტალანტში, მაგრამ მისმა სიტყვებმა ცნობიმოყვარეობა გაუღვივეს. მოხუცმა სანთელი აანთო და თითოეული კარტი მის ალში გაატარა. პირდაღებული ვუყურებდი უცნაურ სანახაობას. მაინტერესებდა რას აკეთებდა, მაგრამ კითხვის მომერიდა. - ასე ჩემს კარტებს მეხსიერებას ვუშლი - გამოგვხედა ღიმილით - მათ ყველაფერი ახსოვთ იმ ადამიანებზე ვისი ბედიც ბოლოს წაიკითხეს. ამიტომ აუცილებელია მათი მეხსიერების „გასუფთავება“, რომ შემდეგ თქვენი მომავალი ამოიკითხონ. თქვენთვის ესენი ქაღალდის ნაგლეჯებია, ჩემთვის კი ძველი და კარგი მეგობარი. „განწმენდის რიტუალს“ მალე მორჩა და კარტი ენერგიულად აურია. დუჩე გასუსული ადევნებდა თვალს მოხუცის მოძრაობებს. მარეხიმ კარგად აჭრილი დასტა გამომიწოდა და ღიმილით მითხრა: - დასტიდან ერთი კარტი ამოარჩიე, საყვარელო. არ აქვს მნიშვნელობა, ბევრს ნუ იფიქრებ, ეს შენს ბედს ვერ შეცვლის, განგება მაინც იქ მიგიყვანს სადაც შენი ადგილია. - აღელვებულმა დასტის შუიდან ერთი კარტი გამოვაძვრინე. მოხუცმა ბანქო გამომართვა და მაგიდაზე დადო. შემდეგ კიდევ ექვსი კარტი გამოაძვრინა შეკვრიდან და გარშემო შემოუწყო, ყურადღებით გადაავლო თვალი და ინტერესით ამომხედა. - ნამდვილად გსურს იმის გაგება რასაც ისინი გეტყვიან? ეს თამაში არ გეგონოთ, არც მოხუცი ქალის იაფფასიანი ინტრიგები. შენს თვალებში შიშს ვხედავ, გეშინია იმის რაც შეიძლება მოისმინო. მაგრამ სანამ გეტყვი მათ სიღრმეში რა იმალება, მინდა იცოდე, რომ ისინი შენს მომავალს არ ცვლიან, უბრალოდ განახებენ წინ რა გელოდება. - ამოაბრუნეთ! - ვუპასუხე დაძაბულმა. მოხუცს გაეღიმა და ის კარტი რომელიც თვითონ ამოვარჩიე პირველი ამობრუნდა. - და აი ისიც! შენს გულში ღრმად დაბუდებული გრძნობა, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს. - ხელები ერთმანეთს გადავაჭდე, დუჩეს აღარ ეღიმებოდა - ეს შიშია. შენ გეშინია შენი მომავლის, შენ იმ მამაკაცის გეშინია ვის გვერდითაც ახლა ზიხარ! დუჩემ ცერად გამომხედა. მისკენ არ გამიხედავს, არ მინდოდა თვალებში ჩამეხედა და უცნაური მოხუცის სიტყვები უთმქელად დამედასტურებინა. მარეხიმ ყველა კარტი ამოაბრუნა და თვალებგაფართოებულმა დახედა მაგიდას. - ასეთი საშინელი დასტა არასოდეს მინახავს! - სხივდაკარგული თვალები გაოცებით შემომანათა - შენი მომავალი ბნელით არის მოცული, მასში ბევრ სისხლს ვხედავ შვილო, ღალატს, იმედგაცრუებას, ტკივილს, ბოროტებას და სიკვდილს. - საკმარისია! - დუჩეს ნერვებმა უმტყუნა - ეს აღარ არის სასაცილო. - სასაცილო? - მოხუცმა შიშნარევი მზერით გადახედა დუჩეს - სასაცილოდ არ გაქვთ საქმე. ეს გოგონა დაწყევლილია თავისი ორმაგი სახით, მისი ბოლო კი სიკვდილია. - მოკეტე! - დაუცაცხანა დუჩემ და ფეხზე წამოიჭრა - სიკვდილი ყველა ჩვენგანის ბოლოა, სამუდამოდ ვერავინ ვიცოცხლებთ. ასე ცდილობთ ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენას? მართალი ბრძანდებით, ეს მოხუცის იაფფასიანი ხრიკებია. სია, წავედით! მაჯაში ხელი წამავლო და წამომაყენა. მოხუცი კი ისევ შეშინებული თვალებით შემომცქეროდა. მისი გუგების სიღრმეში საკუთარ განაჩენს ვკითხულობდი. - ფრთხილად იყავი! უფრთხილდი მას ვისაც გულს უხსნი, თუ ბრმად მიენდობი მის თვალისმომჭრელ გარეგნობას ის დაგღუპავს. შენი სიკვდილი სწორედ მისი დამსახურება იქნება, უფრთხილდი შვილო! ეშმაკი მუდამ ტკბილი ენით საუბრობს, სხვანაირად ის შენს შეცდენას ვერ მოახერხებს. - სია, წამოდი, სანამ მისთვის რამე დამიშავებია! შემიღრინა გაცეცხლებულმა, ოთახის კარი გამოგლიჯა და ძალით გამომიყვანა იქიდან. გადაფითრებულ მოხუცს ბოლოჯერ შევავლე თვალი და დუჩეს უკან მივყევი. - რა მოხდა? - გიორგი მაშინვე ფეხზე წამოიჭრა. - ეს სად მომიყვანე, ბიჭო! შეგიძლია ამ შეშლილით თავად დატკბე, მე კი სია აქედან მიმყავს. - დუჩე, რა მოხდა? - გიჟია ეს ბებერი! უნისში გნახავთ, შენ და სისი დარჩენა თუ გინდათ დარჩით, ჩვენ მივდივართ. დუჩემ ქურთუკი მხრებზე მომაცვა და სახლიდან გამომიყვანა. ისეთი გაბრაზებული იყო, რომ პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. ქუჩის კუთხეში მდგომ ტაქს ჩაუსტვინა და ხელი დაუქნია აქ მოდიო, მძღოლი მაშინვე გამოფხიზლდა და მანქანა ფეხებთან შეგვიჩერა. მანქანაში ჩავსხედით და უნივერსიტეტისკენ გავემართეთ. - დაივიწყე, რაც იმ შეშლილმა გითხრა! - ხელები წელზე შემომხვია და მკერდზე მიმიკრა - ვერვინ ვერაფერს დაგიშავებს, ამის პირობას მე გაძლევ! - მარეხისთან იყავით? - იკითხა მძღოლმა. - შენ ფულს მანქანის მართვაში გიხდიან და არა ჭორაობაში, გზას უყურე! - შეუღრინა გაღიზიანებულმა. მძღოლმა შუბლშეკრულმა გამოხედა დუჩეს, თუმცა აღარაფერი უთქვამს. უნივერსიტეტი ცარიელი დაგვხვდა, ბავშვები ექსკურსიიდან ალბათ საღამომდე არ დაბრუნდებოდნენ. გამიხარდა კიდეც, რომ მარტონი ვიყავით. ახლა არავის თავი არ მქონდა. მოხუცის სიტყვები გონებაში მოწამლული ისრებივით მერჭობოდა. ქურთუკი გავიხადე და ჩემს ლოგინზე გაუხდელად მივწექი. - მიიწიე. - დუჩე გვერდით მომიწვა და თმაზე ნაზად გადამისვა ხელი. - შეგეშინდა? - ვკითხე ხმადაბლა. - არა, ნერვები მომეშალა. კინაღამ კბილები დავამტვრიე მოხუც ქალს. ეს ფაქტი ჩემი გმირობების სიაში ნამდვილად ვერ ჩაეწერებოდა. - არსებობს რაღაცეები რასაც ვერ შეცვლი, დუჩე, იმ ქალმა ბევრი სიმართლე თქვა. - წყობილებიდან არ გამომიყვანო! - შემიღრინა გაბრაზებულმა - ეგეთი სისულელეების არ მჯერა, არავის შეუძლია მომავლის დანახვა. ეგ მოკვდავთა ხვედრი არ არის! - მისი იმიტომ არ გჯერა, რომ მისი ნათქვამის მიღება არ შეგიძლია, თუ მართლა ასე ფიქრობ? - თვალებში ყურადღებით ჩავაცქერდი. - მართლა ასე ვფიქრობ, შენი მომავალი მხოლოდ შენ გეკუთვნის და არავის სხვას. არა, ახლა ნამდვილად გატყუებ, შენი მომავალი მხოლოდ მე მეკუთვნის და არავის სხვას. გამიღიმა ეშმაკურად და ტუჩებში ვნებიანად მაკოცა. რას ნიშნავდა მოხუცის სიტყვები, რომ ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობოდი, ჩემი სიკვდილის მიზეზი გახდებოდა? ვინ იყო ეს ადამიანი? იქნებ, დუჩე მართალი იყო და ერთი მოხუცი ქალის სიტყვები მეტისმეტად მძაფრად აღვიქვი? მაგრამ მან სიმართლე მითხრა, მე მართლაც მეშინოდა დუჩესი, მისი რეაქციის როცა სიმართლეს გაიგებდა ჩემ შესახებ. ნუთუ ეს ადამიანი გახდებოდა ჩემი სიკვდილის მიზეზი, რომელიც ახლა სიყვარულით მიკრავდა გულში და ვნებიანად მეალერსებოდა? მისი ხელით მეწერა სიკვდილი? სულ თუ არაფერი რომანტიკულად მაინც ჟღერს, არა? საყვარელ მამაკაცს კისერზე ხელები მოვხვიე და ვნებიანად ვაკოცე, სულ რომ სიმართლე ყოფილიყო, მაშინ ბოლომდე დავტკბებოდი ამ წუთებით, იქამდე მაინც, სანამ მის გვერდით ყოფნა შემეძლო. თავი მეოცე სისი და გიორგი მოგვიანებით დაბრუნდნენ უკან. სისის ისეთი სახე ჰქონდა, ვერ მივხვდი მოხუცისგან კარგი ამბები მოისმინა თუ ცუდი, გიორგის კი აშკარა უკმაყოფილება ეხატა სიფათზე. დუჩეს მათ დაბრუნებამდე გუნება გამოუკეთდა და ახლა მათი უხერხული სახეების დანახვაზე სიცილი აუტყდა. - რაო, რა გითხრათ შამანმა, ბაყაყების წვიმას ელოდეთო? თუ ჭანტურია ვაჟიშვილი არ მოკვდებაო? პირველს უფრო დავიჯერებ, ვიდრე მეორეს. - იქ წასვლა ცუდი აზრი იყო, დავივიწყოთ. წამო, კაფეში ჩავიდეთ და რამე შევჭამოთ. - რა იყო , რა სახე გაქვს, ერთმა კუდიანმა ასე იოლად მოგტეხა? - მე ქვემოთ მივდივარ. - კარი გაიხურა და წავიდა, მე და დუჩემ სისის გადავხედეთ. - რა მოხდა? - ვკითხე შუბლშეკრულმა. - გიორგის უთხრა შენსა და ამ გოგოს შორის არაფერი გამოვაო, შენ არ ხარ ის მამაკაცი ვინც მას სჭირდებაო. - და იმ შტერმაც დაუჯერა? - დუჩეს ბრაზი მოერია. სისის ხმა აღარ ამოუღია, თუმცა, პასუხი ისედაც ცხადი იყო. - ბიჭო, რატო გჯერათ ასეთი სისულელეების არ მესმის რაა! კაი ჩავაკითხავ მე იმ ქლიავს და ჩამოდით თქვენც. - რა მოხდა? - ვკითხე სისის, როგორც კი დუჩემ კარი გაიხურა - რა გითხრა იმ ქალმა? - შენს ცხოვრებაში მალე დიდი ცვლილებები დაიწყებაო, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ თუ ამ გამოცდას გაუძლებ, მიიღებ იმას რასაც ასე გულით ნატრობო. შენ და ამ ადამიანს საერთო არაფერი გაქვთო, შენი რჩეული თავად მოგძებნისო. - აუჰ, მერედა დაუჯერე? - ლოგინზე ჩამოვჯექი და სისის ავხედე, რომელიც დანისლული თვალებით ფანჯრიდან ჰორიზონტს გასცქეროდა. - საქმე იმაში არაა მე მას დავუჯერე თუ არა, საქმე იმაშია, რომ გიორგის მიმართ ვერ ვგრძნობ იმას რასაც უნდა ვგრძნობდე. თვალები ისე არ მინათდება, როგორც შენ დუჩეს დანახვისას. ეს ის არ არის რაც მინდა, აქ ის მოხუცი არაფერ შუაშია, უბრალოდ დღეს მან ის დამიდასტურა რაც ქვეცნობიერად ისედაც ვიცოდი. - ესე იგი, მაინც ასე? - ჰო, დღეს შენ ერთ რამეში მართალი იყავი, - მზერა ჩემზე გადმოიტანა და თბილად გამიღიმა - არავინ ვიცით მომავალში რა გველის, არ ღირს იმაზე დარდი რაზეც წარმოდგენაც არ გვაქვს. - მეც რომ მჯეროდეს საკუთარი სიტყვების ბედნიერი ვიქნებოდი. - დუჩე ასე რატომ გაბრაზდა? რა გითხრა იმ ქალმა? - სიმართლე, - წამოვდექი და თბილი მოსაცმელი ბეჭებზე მოვისხი - მითხრა რომ ჩემი ორმაგი ცხოვრებით დაწყევლილი ვარ, რომ ჩემი ბოლო სიკვდილი იქნება. - რა? - სისის თვალებში შიში ჩაუდგა. - მითხრა, რომ ადამიანი ვისაც ყველაზე მეტად ვენდობი ჩემი სიკვდილის მიზეზი გახდება. - ხომ არ შეიშალა?! - შენთვის რაღაცეები არ მითქვამს, დამიჯერე არის მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი. - სია, ნუ მაშინებ! - როცა თბილისში დავბრუნდებით ყველაფერს გიამბობ, ახლა კი ბიჭებთან ჩავიდეთ და დღევანდელი დილა დავივიწყოთ. - არც ისეთი მხიარული გართობა გამოგვივიდა. - ჩაილაპარაკა დანანებით და კარი გამოაღო. - რატომ, მე მოხუც წყვილზე მაგრად ვიკაიფე! მიუხედავად დღის ცუდი დასაწყისისა, კარგი განწყობის შენარჩუნებას მაინც ვცდილობდით. ბავშვები ექსკურსიიდან დაღლილები დაბრუნდნენ. ჭანტურია უკმაყოფილო მზერას არ გვაშორებდა. ნერვები ეშლებოდა, რომ ჩვენს ჭკუაზე დავდიოდით და დუჩესაც ვერაფერს უბედავდა. საღამოს ყველანი სააქტო დარბაზში შევიკრიბეთ, წვენები და ლუდები მოვიმარაგეთ და შთაბეჭდილებების განხილვას შევუდექით, უფრო სწორად სტუდენტები განილიხავდნენ იმ დღევანდელ ამბებს. მე და დუჩე კი კუთხეში ვისხედით და ლუდს ვწრუპავდით. - გიორგი კიდევ არ მოვიდა გონს? - ვკითხე დუჩეს. - ცდლობს არაფერი შეიმჩნიოს, მაგრამ ნერვები ეშლება. - თავი მის მკერდზე მედო, ის კი თითებით ჩემს კულულებს ეთამაშებოდა. - საღამოს რამით გავერთოთ, იქნებ ყურადღება გადაიტანოს. - შენ მასზე უარესი რამეები გითხრა და მაინც გიორგიზე ღელავ? - შემომხედა ღიმილით. თბილი ხელი თითებში შემიცურა და მაგრად გადამაჭდო. - ჩემგან განსხვავებით ის ამას განიცდის. - საღამოს სასმელი ავიტანოთ ოთახში და ცოტა გავერთოთ, მალე დაავიწყდება. - საქმე იმ ქალის სიტყვებში არაა. - სისის გიორგი არ მოსწონს? - მიმიხვდა. - ისე არა, როგორც საჭიროა. - ჰო, ეგ კი პრობლემაა. თუმცა, არა მოუგვარებელი. თუ ბიჭი მოინდომებს გოგოს დაითრევს კიდეც. - ასე ნუ ლაპარაკობ, ნერვები მეშლება. - რატომ, საკუთარ თავზე მიგაქვს? - გაეცინა ეშმაკურად. - შეიძლება. - ჩვენი შემთხვევა სხვაა, მათ ერთმანეთი არ უყვართ, ჩვენგან განსხვავებით და მარტო ამაშიც არაა საქმე. - აბა რაშია? - ეს უფრო მეტია, ჯერ ვერ ვხვდები ეს რა არის, მაგრამ ვგრძნობ. ჩვენ შორის ბევრად მეტია, როცა თვალებში გიყურებ ჩემს სამყაროს ვხედავ - ბოთლი მოიყუდა და ლუდი მოსვა - სამყაროს, რომელში ცხოვრებაც მინდა. თვალები დავხუჭე და სახე მის მკერდში ჩავმალე, ზუსტად იმას მეუბნებოდა რასაც მე ვხედავდი მის თვალებში, ნუთუ ეს დამთხვევა იყო? იქნებ ბედისწერა, რომელიც ასე ურცხვად დამცინოდა? შეიძლება. უცებ ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა. შევკრთი, წამოვჯექი და ეკრანს დავხედე, ეკე რეკავდა. - მალე დავბრუნდები - გადავულაპარაკე დუჩეს და წამოვდექი. - ვინ გირეკავს? - მკითხა ეჭვით. - მეგობარი. - ზურგი შევაქციე და დარბაზიდან გამოვედი. - სია, როგორ ხარ? მისი ტკბილი ხმა, თბილ ტალღებად მოედო ორგანიზმს. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მომნატრებია ჩემი მეგობარი. - კარგად, შენ როგორ ხარ? - სკვერში გავედი და სკამზე ჩამოვჯექი. - არამიშავს, გუშინ დარეკვა ვერ მოვახერხე, არ მეცალა, ბოდიში. - არაუშავს, მივხვდი. რამდენიმე დღეა არ მინახიხარ და უკვე ძალიან მომენატრე. - მერე არ გინდა მნახო? - დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს ერთმანეთს. - იქნებ რამდენიმე მეტრი? გვერდით გამოიხედე! გაოცებულს თვალები გამიფართოვდა და გვერდით გავიხედე. სკვერთან ახლოს, ეკე თავის შავ მოტოციკლს მიყრდნობოდა და მომხიბვლელი ღიმილით მომჩერებოდა. სიხარულის და აღფრთოვანების მძლავრმა ტალღამ მომიცვა. წამოვდექი და მისკენ გავიქეცი. გახარებული მივვარდი და გადავეხვიე. - რატომ ვერასდროს მამჩნევ, ა? მერამდენე შემთხვევაა ეს უკვე, ცოტათი მწყინს კიდეც. სიცილით მომხვია მკლავები და გულში ჩამიკრა. მისი ტკბილი სურნელი ღრმად შევისუნთქე. გულზე დარდი ერთიანად მომეშვა. ეჭვები, შიშები და მთელი დღეების სიმძიმე სადღაც გაქრა, სულში სიმშვიდემ დაისადგურა, როგორც ყოველთვის, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს შინ ვიყავი. - ვერც კი ვიჯერებ რომ აქ ხარ, - კიდევ უფრო მაგრად მივეკარი მკერდზე და უნებართვოდ ჩამოგორებული რამდენიმე ცრემლი სწრაფად შევიწმინდე. - კიდევ ორი დღე რა დაგიცდიდა, მითუმეტეს მაშინ როცა დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი. - მიხარია, რომ ეგ თვისება არ გაქვს. მიხარია რომ აქ ხარ, იმიტომ რომ ძალიან მჭირდებოდი. როგორც იქნა, ჩამოვეხსენი და ჩემს საყვარელ ტოპაზისფერ თვალებს მზერა გავუსწორე. ისინიც ისევე ხარობდნენ ჩემთან შეხვედრით, როგორც მე მაბედნიერებდა მათი ისევ ხილვა. - ჩვენ რაზე შევთანხმდით? ხომ გაგაფრთხილე, როცა დაგჭირდები მაშინვე მირეკავ, მე კი შენთან ვჩნდები, სადაც არ უნდა იყო! - მგზავრობას 5 საათი სჭირდება, მეგობარო. - მე კი 3 საათში ჩამოვედი. მოტოციკლის ერთ-ერთი ედვენთიჯია, სისწრაფე და კომფორტულობა. - გიჟი ხარ! - ვიცი, სისი როგორაა? - კარგად, გაუხარდება შენი ნახვა. - არა, ვერ დავრჩები, უნდა წავიდე. - აბა, შენს სანახავად ჩამოვედიო? - შევუბღვირე უკმაყოფილოდ. - ასეცაა, რაღაც გაგებით... რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გნახე და დავრწმუნდი, რომ კარგად ხარ. ახლა უნდა წავიდე, საქმეები მაქვს, ვეცდები საღამოს ისევ გინახულო. - თოიძე! მომესმა სუსხიანი ხმა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, შემოვბრუნდი და გაცეცხლებულ დუჩეს მზერა გავუსწორე. თვალები ბრაზით წამონთებოდა და ეკეს ზიზღით შესცქეროდა. - რა თქმა უნდა, ისევ ქავანა! - ეკეს ცივად ჩაეცინა - მუდამ სიას ახლოს ტრიალებ, აჩრდილივით. - ალბათ იმიტომ, რომ მისი ადგილი ჩემს გვერდით არის! ცინიკური ღიმილით მოგვიახლოვდა, მაჯაში ხელი წამავლო და თავისკენ დამქაჩა. ეკეს სახე სიბრაზიზგან წამოენთო. - ის ნივთი არ არის, როგორც მოგესურვება ისე აპრონწიალო. ახლავე ხელი უშვი, თორემ ამჯერად უკან აღარ დავიხევ! - შეწყვიტეთ! - გულგახეთქილი აქოჩრილი ბიჭების შუაში ჩავდექი - არც კი გაბედოთ ჩხუბი, გასაგებია! - სია, ჩამომეცალე, - დუჩემ ჩემი ჩამოშორება სცადა. გამძვინვარებული ეკეს თვალებით ბურღავდა - დროა ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ურთიერთობა! - არა, ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ! - დუჩეს ხელი ავუკარი - ეკე ჩემი მეგობარია, მეტისმეტად ძვირფასი მეგობარი, რომელსაც არავის და არაფერს შევწირავ, გასაგებია? სახე სიბრაზიზგან მოექცა, შევამჩნიე როგორ გააღიზიანა ჩემმა სიტყვებმა, მაგრამ არ მადარდებდა, ერთმანეთის დახოცვის უფლებას არ მივცემდი. შუბლშეკრული ახლა ეკეს მივუბრუნდი. - გაჩერდი, ჩხუბი საჭირო არაა. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ისიც მიყვარს, - ეს სიტყვები პირველად წარმოვთქვი ხმამაღლა, შევამჩნიე ეკეს თვალებში ტკივილი როგორ აერეკლა - როცა საავადმყოფოში ის კითხვა დამისვი, მაშინ სიმართლე თავადაც არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ვიცი. მიყვარს და ორივეს გთხოვთ, რომ ეს შეწყვიტოთ. ასე ერთმანეთს კი არა მე მაზიანებთ, საკმარისია. ეკეს სახე შეეცვალა. ისე შემომხედა თითქოს პირველად მხედავდა. გული შემეკუმშა. ბოლოს თავს მოერია და გაიღიმა. თუმცა, ეს არ იყო ჩემი ღიმილი, მისი თვალები გამდნარ ოქროდ არ ქცეულან, მიღიმოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მწყენოდა, ამან კიდევ უფრო მომიჭირა გულზე შემოჭდობილი მარწუხები. - გასაგებია, მაშინ მე ვერ ჩავერევი. შენს არჩევანს პატივს ვცემ, თუნდაც მას სრულებით არ ვეთანხმებოდე. ახლა ჩემი წასვლის დროა. გამიხარდა შენი ნახვა, სია. თავზე ჩაფხუტი ჩამოიცვა და მოტოციკლს გადაევლო. გული მომიკვდა, იმ წამს ძალიან მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ ერთ ადგილზე გაშეშებული განძრევას ვერ ვბედავდი. ეკემ მოტოციკლი დაქოქა და ბოლოჯერ გამოხედა დუჩეს. - გირჩევნია გაუფრთხილდე. გაფრთხილებ, სიას თმის ღერიც თუ შეერხევა, არ დავინტერესდები ეს შენი ბრალი იქნება, თუ ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლის, ამას მწარედ გაზღვევინებ, ქავანა! მოტოციკლი მოაბრუნა და ელვის სისწრაფით მიეფარა თვალს. ჯერ კიდევ გახევებული ისევ იმ ადგილს გავცქეროდი, სადაც ეკეს ფართო მხრები გაუჩინარდა და ყელში მოწოლილ ცრემლებს, რომლებიც ჩემს დახრჩობას ლამობდნენ, მთელი ძალით ვებრძოდი. - მაპატიე, - დუჩემ წელზე ხელი შემომხვია და გულში ჩამიკრა - ვიცი რომ გიყვარს. ვიცი როგორ გაგიჭირდა მისთვის სიმართლის თქმა, ვიცი და არ ვბრაზობ. მხოლოდ საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, რომ ისევ გაგანაწყენე. - ვეზიზღები. - ამოვიჩურჩულე მის მკერდს მიკრულმა, ცრემლებს გაჭირვებით ვიკავებდი. - შენ არა, მე ვეზიზღები და საკმაოდ სამართლიანადაც. მას ხომ ის ქალი წავართვი, რომელიც ასე ძალიან უყვარს. **** ეკეს ჩემთვის აღარ დაურეკავს. გულზე ისე მწარედ მხვდებოდა მისი დუმილი, რომ ხასიათი ვერა და ვერ გამოვისწორე. დუჩე ჩემი უგუნებობის მიზეზს ხვდებოდა და ცდილობდა როგორმე გავემხიარულებინე, ხან სად დავყავდი და ხან სად. მასთან ერთად ვერთობოდი, მეცინებოდა კიდეც, თავს ბედნიერადაც კი ვგრძნობდი, მაგრამ ეკე გულში ყრუ ტკივილად დამყვებოდა. დღეები გვეწურებოდა, უკვე თბილისში დაბრუნების დრო იყო. მე და სისი ოთახში ბარგს ვალაგებდით, საღამოს უკან გამგზავრებას ვაპირებდით. - წუხელ მაგრად გავერთეთ, - სისი ტანისამოსს ჩემოდანში კეცავდა - მგონი გიორგი ახლაც სანაძეს დასდევს კუდში, რომ გამწმენდი ლოსიონი მისცეს. - მაკიაჟი ჯერ კიდევ სახეზე აქვს? - ვკითხე სიცილით. - დუჩემ წყალგამძლე მაკიაჟი გამაკეთებინა, რა თქმა უნდა, სახეზე აქვს. იმას ლოსიონის გარეშე ვერ მოიშორებს. გამეცინა. წინა ღამით კურსელებმა პოკერი ითამაშეს, წესების თანახმად, წაგებული მოგებულის სურვილს ასრულებდა. ეს სურვილები კი, როგორც უკვე შენიშნეთ, არც თუ ისე უწყინარი იყო ხოლმე. ჰოდა წინა ღამით გიორგის იღბალმა ზურგი აქცია, ფულჰაუსში კარემ არაადამიანურად მოუგო. კარტებს რომ დავხედე, უიღბლობაც ასეთი უნდა-თქო, გავიფიქრე ტუჩებაპრეხილმა. კალანდიამაც მაშინვე გასაქანი მისცა ფანტაზიას და წაგებულის გვარიანად „მობათქაშება“ ბრძანა. დუჩემ კი წყალგამძლე მაკიაჟის იდეა მიახმარა, რაც სისრულეში სისიმ მოიყვანა და ახლა გიორგი ისევ გამწარებული დარბოდა ლოსიონის პოვნის იმედით. - ეკეს აღარ დაურეკავს? - მკითხა პაუზის შემდეგ და ფრხილად გამომხედა. - არა, - ბოლო სვიტერიც ჩავდე ჩემოდანში და საიმედოდ დავკეტე - რატომ უნდა დამირეკოს, ცოტა დამიშავე და მოდი კიდევ გამამწარეო? - ასე ნუ ამბობ. - აბა როგორ ვთქვა? თავს ვისულელებდი, რომ ჩვენ შორის მხოლოდ მეგობრობა იყო. მე ასე მიყვარს კიდეც, მაგრამ მისი გრძნობები დავიკიდე და ფეხქვეშ გავთელე. ის ისე ვერც კი შემიძულებს, როგორც მე მძულს საკუთარი თავი. - არც კი ვიცი რა გითხრა. - არცაა საჭირო, სიტყვები ვერაფერს შეცვლის. ვერც ეკეს გაუმთელებს გულს და ვერც მე მომწმენდს ნამუსს. წამოდი, ბარგი ჩავიტანოთ, სანამ ჭანტურია ისევ აყეფებულა, ეგ ბიჭი საშინლად მიშლის ნერვებს. - მეგონა აბაშიძე მაინც დააშოშმინებდა, მაგრამ რაღაც დაკმაყოფილებულს არ ჰგავს. ორივე სიცილით გამოვედით ოთახიდან და ჩემოდნები გამოვაგორეთ. ამ დროს დუჩეს და ნუცას მოვკარი თვალი, დერეფნის ბოლოში იდგნენ და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ. დუჩემ ნუცას გაწვდილი ხელი უხეშად აუკრა და შუბლშეკრულმა რაღაც გადაულაპარაკა. - აბაშიძე ფარხმალს არ ყრის? - როგორც ჩანს, არა! - ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და კიბეებისკენ წავედი. დუჩემ თვალი მომკრა თუ არა, ნუცას გვერდი აუქცია და ჩემკენ გამოემართა უკმაყოფილო სახით. - ხომ გითხარი დამელოდე-თქო, ამ ჩემოდნებს თქვენ რატომ ათრევთ? გიორგი სად გდია?! - გაბრაზებულმა ჩემოდნებს ხელი ჩაავლო და კიბეებზე დაეშვა. - რა უნდოდა? - ვკითხე ხმადაბლა. - არაფერი, დაიკიდე. აღარაფერი მიკითხავს. ეჭვიანობის მწარე გესლმა შიგნეულობა მომიწამლა. ძალიან მომინდა, ნუცას ქერა თავი სანთებელით შემეტრუსა. როგორც იქნა, ყველანი ჩავბარგდით. მე და სისიმ ისევ უკან დავიკავეთ ადგილები. ავტობუსში ბავშვები ამოლაგდნენ. დუჩემ გზა ჩემკენ გამოიკვლია და თავს წამადგა. - მანდ რას აკეთებ? ჩემთან გადმოდი წინ. - აქაც მშვენივრად ვზივარ! - დუჩეს ჩაეღიმა. - სისი, ბოდიში რომ გაწუხებ, მაგრამ ადგილს ხომ ვერ გამიცვლი? - კარგი. - გმადლობ, - სისი წინ გადაჯდა გიორგისთან, დუჩე კი გვერდით მომიჯდა - ნუცაზე გაბრაზდი, ხომ? - მკითხა ღიმილით და თვალებში მომაცქერდა. - არა. აბა, ჩემი მეორე მესთვის მოგესმინათ, მონდომებით რომ მინგრევდა შიგნეულობას! ჩემი ბნელი მხარე ნამდვილად შეგაშფოთებდათ. - მეტენება, ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ ჩემნაირს შეიძლება ვიღაც მართლა შეუყვარდეს. გასაგებად ავუხსენი, რომ მასთან საერთო არაფერი მაქვს, რომ ერთადერთი ვისთანაც ყოფნა მსურს შენ ხარ. - დაიკიდეზე, გაცილებით გრძელი სიტყვა გამოგივიდა. საკუთარ პასუხებზე ნერვები მეშლებოდა. წყენას ვერ ვმალავდი და პატარა ბუტია ბავშვს ვგავდი, რაც უარესად მაღიზიანებდა. - აი, თურმე რა სწყენია! - სიცილით მომეხვია და მკლავებში მომიქცია - ქალებს არასოდეს გაკმაყოფილებთ მოკლე პასუხები. რატომ არ შეგიძლია, რომ უბრალოდ მენდო? - ნდობას დამსახურება უნდა, ჰაერზე არ მოდის! - შევუბღვრე გაბრაზებულმა. - მეგონა მაგ თემას გავცდით უკვე. - გამიღიმა ეშმაკურად და ცხვირზე მაკოცა. - ჰოდა, ძალიანაც ცდები! - კარგი, ეგრე იყოს, ნაწილობრივ ვიმსახურებ ასეთ მოპყრობას. არაუშავს, მოვიპოვებ შენს ნდობას. ისე, ეჭვიანობა ძალიან გიხდება, საშინლად ბრაზდები და ცდილობ არ შეიმჩნიო, მესექსუალურება. - ბრაზის მიუხედავად მაინც გამეცინა. დუჩეს ტუჩებზე ღიმილი გადაეფინა. - ძალიან სულელი მყავხარ. საეჭვიანო არაფერი გაქვს, ახლა რომ ჩაგახედა ჩემს გულში რა ხდება მიხვდებოდი, რომ შენზე იმდენად ვარ მოჯაჭვული, ამირანს შეშურდებოდა. - იცი გოგო როგორც უნდა შეკერო. - გამეცინა ირონიულად. - ნწ, მე უფრო სხვა რამ გამომდის კარგად. - მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა. - გარყვნილო! - აღშფოთებულმა გვერდში მუჯლუგუნი გავკარი. - თორემ არ გინდოდეს! - ხელი დამიჭირა და სახე ახლოს მომიტანა, აღგზნებული მზერით მომაჩერდა თვალებში და ტუჩებზე თითი გადამისვა. - ზედმეტი თავდაჯერებულობა დაგღუპავს. - ნუ სარგებლობ იმით, რომ ავტობუსში ვართ. - რატომ, შემიძლია მომენტით ვისარგებლო, წყობილებიდან გამოგიყვანო, ჭკუა დაგაკარგვინო, შენ კი საპასუხოდ თითსაც ვერ დამაკარებ, აი ეს არის ხელოვნება! ვუჩურჩულე ყურში და ყელზე დაჭიმულ ძარღვზე ნაზად შევეხე ტუჩებით, მთელი ორგანიზმი დაეჭიმა, კანი აებურძგნა, სუნთქვა გაუხშირდა და ბასრი მზერით გამომხედა. - აბა, ახლა ვინ არის უსუსური? - ჰო, აშკარად ვერ შეგაფასე სათანადოდ, - ამოიჩურჩულა გრძნობამორეულმა - მაგრამ გაფრთხილებ, კარგი მეხსიერება მაქვს და კიდევ... სულ ავტობუსში არ ვისხდებით. აი მერე კი ხელიდან ვერ დამისხლტები და ყველაფერზე ერთად მოგთხოვ პასუხს! - ნელა ქენი! - ერთი შეხედვით უწყინარი პატარა გოგო ჩანს, სინამდვილეში კი... - სიცილით გაქნია თავი და სახეზე ხელი მოისვა. ავტობუსი ბავშვებით გაივსო. ჭანტურიამ სტუდენტები გადათვალა ყველა ხომ ადგილზე ხართო და მძღოლს გადაულაპარაკა წავედითო. უკვე ბნელდებოდა, ჩამოღამებულ ქუჩებში ლამპიონები იღვიძებდნენ. ისევ გათოვდა. ამჯერად ციდან სქელი, თეთრი და ლამაზი ფიფქები ცვიოდა. პირველი ნაკადის შემდეგ აშკარად მოძლიერებულიყვნენ და ახლა გაცილებით თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ. მათი ყურება მუდამ, დუჩესთან ბაღში გატარებულ, ღამეს მახსენებდა. დამპირდა, რომ ის ღამე არასოდეს დამავიწყდებოდა და გამოუვიდა კიდეც. აწი რამდენჯერაც ამ პაწაწინა, თეთრ, ბამბის ქულებს თვალს შევავლებდი, ყველთვის გამახსენდებოდა, ადამიანი რომელმაც პირველი სიყვარული მაჩუქა. - ისევ გათოვდა - დუჩე ჩემკენ გადმოიხარა და ფანჯარაში გაიხედა - აქ გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება. აღმოვაჩინე, რომ ლეგენდა სულაც არ ყოფილა მითი. პირველმა თოვლმა პირველი სიყვარული მაპოვნინა. ზოგჯერ, შეიძლება ლამაზი ზღაპარი რეალობად იქცეს, არა? თავი ოცდამეერთე თბილისში დავბრუნდი და პრობლემებიც უკან დამიბრუნდნენ. როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვედი დუჩეს თავი გაჭირვებით დავაღწიე და მაშინვე სანდროსთან წავედი. სანამ ახალ თავშესაფრამდე მივაღწევდი ჩემი ლამაზი მოგონებებით ვტკბებოდი. მგზავრობისას დუჩეს ისევ ჩემს მკერდზე ედო თავი და ათას რამეზე მესაუბრებოდა. აქამდე თუ მეგონა, რომ უნივერსიტეტში არაფერს კითხულობდა, ძალიან ვცდებოდი. აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში საკმაოდ ბევრი წიგნი ჰქონია წაკითხული, სხვადასხვა ჟანრის და თემატიკის. როცა ვკითხე რატომ კითხულობ ყველაფერს რაც ხელში მოგხვდება-თქო, მიპასუხა, ასე სამყაროს შეცნობას ვცდილობ, ყველა წიგნისგან რაღაც ახალს ვითვისებ, რაც ძალიან მომწონსო. ნირწამხდარმა ვცადე სისხლის სამართლის ცოდნით მაინც დამეჩრდილა მისი ინტელექტი, მაგრამ აქაც გამაბანძა. თურმე, ეს ქვიზებს არ წერდა, თორემ ყველაფერს მშვენივრად სწავლობდა და გამოცდებიდანაც უმაღლესი შეფასებებით გამოდიოდა. როგორც იქნა, საიდუმლოს ფარდა აეხადა, აი თურმე რატომ არ სცემდნენ ხმას ლექტორები! ტაქსის ფანჯრებიდან მძინარე თბილისს ვათვალიერებდი და ტუჩებიდან ღიმილი არ მშორდებოდა. ამ რამდენიმე დღეში აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში დუჩეს შესახებ არაფერი მცოდნია. ზუგდიდიდან გამოყოლილი ტკბილი მოგონებები სხვისი დღიურიდან მოპარულ ფურცლებს მაგონებდნენ. - გოგონა, მოვედით! - მძღოლის ხმამ შემაკრთო და გაოცებულმა ავხედე ჩაბნელებულ კორპუსს. საკუთარი ავტომობილი აუცილებლად მჭირდება-თქო, გავიფიქრე გაღიზიანებულმა როცა უკანასკნელი ათლარიანი მძღოლს მივაჩეჩე. ხვალ ისევ მომიწევდა ბანკში მისვლა და თანხის გამოტანა, თორემ მთელი კაპიტალი ექსკურსიაზე შემომეხარჯა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერს დუჩე იხდიდა. დაღლილი შევედი სადარბაზოში და კიბეებს ავუყევი. მესამე სართულამდე ძლივს ავბობღდი და კარზე დავაკაკუნე. სულ მალე ზღურბლზე სანდროს ნამძინარევი სიფათი და ერთიანად გადაჩეჩილი თავი გამოჩნდა. - მოხვედი, როგორც იქნა! - წაიბუზღუნა უკმაყოფილოდ და შიგნით შემიშვა. სახლში საშინლად ბნელოდა, ერთადერთი სანთელი ოთახს სუსტად ანათებდა. (წყეული სარემონტო სამუშაოები!) - ერთი გასაღები მომეცი, სულ შენ რომ არ შეგაწუხო კარის გაღებაზე. - დინამიკთან დევს და აიღე - დაამთქნარა გაბრუებულმა - ახლა ჩამოხვედი? - სახეზე არ მეტყობა? - თუ ღმერთი გწამს, თვალებში საერთოდ ვერ ვიხედები. - ისევ დაამთქნარა და თვალების ფშვნეტით სკამზე ჩამოჯდა. - მოგროვებული მასალა მომეცი და შენ შეგიძლია ისევ დაიძინო, ლოტუსის საფრთხობელას ჰგავხარ. - რასო? - რა მნიშვნელობა აქვს, - სამგზავრო ჩემოდანი კუთხეში მივაგორე და ჩრჩილნაჭამ დივანზე მოწყვეტით დავეზღნერთე - მითხარი, რომ ამხელა გზა ტყუილად არ გამომივლია და ჩემთვის რამე გაქვს. - ინფორმაცია საკმაოდ ბევრი დაგროვდა, რაც მამაშენს ყური მივადე. - განაგრძე. - ზოიძე იმაზე იშვიათი აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდით, საეჭვოდ დაიძურწება აქეთ-იქით. თან ძალიან ფრთხილობს, გამწარებული დაგეძებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერია სიახლე. ვერც მამაშენი ეტევა კანში, მოკლედ ყველამ ომი გამოგვიცხადა. გადადება აღარ ივარგებს, ზოიძე უნდა ავალაპარაკოთ. - ეგრე ცუდადაა საქმე, რომ პირდაპირ რქებით გვიწევს მისვლა? - ჰო, ისე არაფერი გამოდის. „კოლიბრზე“ სიტყვა არ დასცდენია, არავისთან არ ლაპარაკობს ამ თემაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი იცის და რაც იცის მხოლოდ პირადში დაფქვავს. - ნუ, რა აზრი აქვს, ისედაც იცის რომ გოგო ვარ, დასაკარგი აღარაფერია, მივაკითხავ. - არა, არ მიაკითხავ, ერთად წავალთ. - სანდრექს, მათ მხოლოდ ჩემზე იციან და არა შენზე, უკანასკნელ კოზირს დროზე ადრე ნუ გამოაჩენ, ძალიან გთხოვ. - არა, დამალობანა დასრულდა! აღარაა მაგის დრო, მარტოს აღარსად გაგიშვებ, საკმარისია. დღეს გამოვიძინოთ და ხვალ ზოიძეს უნდა დავადგეთ. - აუჰ, ეგრე პირდაპირ სახლში მივადგეთ? როგორ ფიქრობ ყავაზე დაგვპატიჟებს? - რა პათეტიკური ხარ, - სანდროს გაეცინა - არა, მაგ სირს საყვარელი ჰყავს. იმ ქალბატონის მისამართიც ვიცი, იმასთან დაწანწალებს ხოლმე ყოველ კვირას. მაგ ქალთან დადის არავის იკარებს, არც მისი ბულდოგი დაცვა ტრიალებს ახლოს. იდეალური შანსია, საბარგულში ჩასატენად. - მაგას ვერ მოვაშლევინე საყვარლები, ხო? საინტერესოა ისევ ძველი სათამაშოებით ერთობა, თუ რამე ახალი შეიტანა მენიუში? - მაგას ხვალ გავარკვევთ. - კარგი, გამოვიძინოთ და ხვალ თავზე დავეცეთ. ახლა ჩემი წასვლა გამორიცხულია. არც ფული მაქვს, თან მაგრადაც დავიღალე, დღეს შენთან ვრჩები. - ფული გაგითავდა? შემიძლია მოგცე. - ნუ სულელობ, ბანკში ვინახავ მთელ თანხას, ხვალ გამოვიტან. სხვა სიახლე ხომ არ გაქვს? - კი, ერთი საინტერესო რამ გავარკვიე. - რა? - ეს დღეებია ზოიძეს კუდზე ვაზივარ, ხოდა ვიღაცას ხვდება ხოლმე, მართალია ტატუსთვის თვალი არ მომიკრავს, მაგრამ მგონი სწორედ ის ტიპია, ვინც მორგში დაგხვდა. აღწერილობა ემთხვევა, მაღალია დაკუნთული და სულ შავებშია გამოწყობილი, თავზე გამუდმებით კაპიშონი აქვს წამოფარებული და სახეს ნიღაბში მალავს. - სად ხვდება ხოლმე? - რა თქმა უნდა, კაზინოში. ბარ-რესტორნებში არ მიიწვევს იმ „შავ მუშას“, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე. - მაგალითად? - თუ ეგ ნაკოლკიანი ტიპი შემსრულებელია, მაშინ ზოიძე ვის აძლევს ხოლმე დავალებებს ტელეფონით. - რა დავალებებს, ვერ გავიგე. - წელში გავსწორდი და სანდროს ყურადღებით შევხედე. - ზოიძეს ორივე ტელეფონს ვუსმენ, ერთს ჩვეულებრივ იყენებს, მეორეს კი თავისი ბინძური საქმეების მოსაგვარებლად. როცა ეგ ნაკოლკიანი ტიპი კაზინოში შევიდა, ზოიძემ ვიღაცას გადაურეკა ტელეფონით და დავალება მისცა. - რა დავალება? - Убеите птицу и разрушите её гнезду! - რაო? - უცებ სიცილი ამიტყდა - მოკალი ჩიტი და დაანგრიე ბუდეო? - ვიცი რომ ....ობაა, მაგრამ მთავარი ეგ არაა. საქმე ისაა, რომ ორი დღის წინ ზოიძემ ვიღაცის განადგურების ბრძანება გასცა და ალბათ სისრულეში მოიყვანეს კიდეც. - ეგრე ვერაფერს გავიგებთ, შეიძლება სულაც ლენჩების არმია ჰყავდეს დაქირავებული და იმათ აძლევდეს მითითებებს. - არა, არამგონია. ზოიძე ეგეთი გაქანების ტიპი არაა, არც ხმაურიანი „წვეულებები“ იზიდავს, თავისთვის ჩუმად აფუჭებს. აი ეგეთი ვირთხები არიან ზუსტად საშიშები. - არა, ეს ზოიძე ძაან თავის ტკივილია, სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე. ახლა კი მეტი სათქმელი თუ არ გაქვს დავიძინოთ, ხვალ რთული დღე გველის. დივანზე მივწექი და ნაკუწებისგან შეკერილი ბალიში თავქვეშ ამოვიდე, უცებ ძალიან მომინდა საკუთარ რბილ და კომფორტულ ლოგინში მოთავსება, მაგრამ ეს ოცნება ოცნებად დამრჩა. იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ წამოწოლა და დაძინება შემეძლო. სანდრო სავარძელში ჩაეხეთქა და ფეხები სკამზე შემოაწყო. თვალები დავხუჭე, ძილი მაშინვე მომერია. - სია... - მმმ.. - როგორი იყო ექსკურსია? - ექსტრავაგანტული. - ანუ? - საკაიფო ბებოს შევხვდი, თავის ქმარს მაგრად ეკაიფებოდა. ნეტავ მე თუ მივაღწევ მაგ ასაკამდე, რომ ჩემს ქმარს დავცინო, ტუალეტში დახმარების გარეშე ვერ მოგიფსამს შენ ვინ უნდა მოტყნა-თქო. - რაო? - სანდრო ახარხარდა. - კარგის კვრაო, დამაძინე ახლა! - რა ბინძური ენა გაქვს! - ღამე მშვიდობის... მეორე დილას ადრე გამეღვიძა. ზმორებით წამოვდექი და გაბრუებულმა ოთახი მოვათვალიერე. სანდროს მხარზე ჩამოედო თავი და მშვიდად თვლემდა, ისე უხერხულად მოთავსებულიყო სავარძელში, რომ შემეცოდა კიდეც ღამე ასე როგორ გაათენა-თქო. აუტანელმა სუნმა ნესტოები ამიწვა. წარბშეკრულმა ზედა დავყნოსე და ზიზღისგან ტანში გამცრა. ჩემი საყვარელი სვიტერი შმორის და ნესტის სუნად ყარდა! ისეთი მოსაწერიგებელი ვიყავი, რომ ალბათ უკანასკნელი ბოგანო ჩემზე უკეთ გამოიყურებოდა. სწრაფად წამოვდექი დივანიდან და სანდროს ხელი წავარტყი. - სანდრო, გაიღვიძე. მიდი დივანზე გადაწექი, თორე კისერი მგელივით გაგიშეშდება. - იყოს, ცოტახანში ისედაც უნდა ავდგე. - დაამთქნარა და გვერდი იცვალა. - მე გაგაფრთხილე. მთქნარებით წავედი სააბაზანოსკენ, თუ რა თქმა უნდა, ამ სიბინძურისთვის სააბაზანო შეიძლებოდა გეწოდებინათ. დაჟანგებული და ჭუჭყისგან გაზეპილი ონკანი გაჭირვებით მოვუშვი. საერთოდ არ მქონდა იმის ამბიცია რომ ამ ობიანი მილიდან თუნდაც წვეთი გადმოვარდებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლდა, ყვითელი ჟანგიანი წყალი ნაპორით დაეშვა ნიჟარაში და ნახევარი სიბინძურე სვიტერზე შემომაშხეფა. - ფუ შენი!... ჯიგარი ხარ! პირის დაბანაზე აღარ მაწვალე, გაიხარე! გაბრაზებას აზრი აღარ ჰქონდა. სახის დაბანა მქონდა გადაწვეტილი, ახლა კი სულ სველი ვიყავი. ასე თუ ისე მიზანი მაინც მიღწეული იყო, არა დაგეგმილი რაკურსით, მაგრამ მაინც. გამწარებულმა როგორღაც ბევრი ჯაჯგურის შემდეგ ონკანი მოვკეტე და გაწბილებული და გინების მუღამზე მოსული ისევ მისაღებში დავბრუნდი, ჩემოდანი გავხსენი და თბილი ზედის ძებნაში მთელი ტანსაცმელი გადავქექე. უცებ ხელში უცხო რუხი სვიტერი მომხვდა. კარგად დავაკვირდი და ვიცანი, ეს დუჩესი იყო, ქსოვილი მისი ტკბილი სურნელით იყო გაჟღენთილი. კი მაგრამ, მე როდისღა გამომყვა? ისეთი რბილი და ნაზი ქსოვილისგან იყო შეკერილი, რომ შეხებაც კი მსიამოვნებდა. ჩემთვის ჩამეღიმა და ახლად აღმოჩენილი განძი ჩემს ძონძებში ღრმად ჩავმალე. ერთი უბრალო სვიტერი ამოვარჩიე და ჩემოდანი დავკეტე. - რას აკეთებ? - სანდრო მთქნარებით გასწორდა წელში, მისი ძვლების ტკაცატკუცი მკვეთრად გავიგონე. - იმედი მაქვს, ხერხემლის დეფექტი არ მიიღე, შე უბედურო. რატომ არ გამაფრთხილე შენი ონკანის ნიჭის შესახებ? შევედი და პირი თავისით დამბანა. - ეტყობა ძალიან დაევასე, არ იცის ხოლმე ეგრე - ამომხედა სიცილით, გაბრაზებულმა შევუბღივრე და აბაზანაში გავედი გამოსაცვლელად. - ეხლა სახლში უნდა გახვიდე? - ჰო, - გავძახე აბაზანიდან. სველი სვიტერი გავიძრე და ახალი გადავიცვი. ახლაღა შევამჩნიე, რომ შარვალიც დამსველებოდა, ჯუჯღუნით გამოვედი აბაზანიდან და მეორედ გადავქექე ჩემოდანი. უცებ რაღაც წკარუნით დაეცა იატაკზე და მაგიდის ძირში გაგორდა. გაკვირვებულმა შარვლას შევხედე, აშკარად მისი ჯიბიდან გადმოხტა რაღაც შავი. - რას აკეთებ? - მკითხა სანდრომ. ელდამ ცეცხლივით დამიარა ტანში და შეშინებულმა ტუჩებზე თითი მივიდე. სანდრო გახევდა და დაბნეულმა გამომხედა. ვანიშნე ხმა არ ამოიღო-მეთქი, მაგიდის ქვეშ ხელი შევყე, თითები მოვაფათურე და ზუსტად იმას შევეხე რისიც მეშინოდა. ჩემი პაწაწინების მსგავსი „ხოჭო“ ხელის გულზე გამიგორდა. - მისმინე, ჯერ ხომ არ გვეჭამა ცოტა და მერე გავიდოდი სახლში, მგელივით მშია! სანდრო თვალებგაფართოებული დასჩერებოდა ჩემს ხელის გულზე მოთავსებულ მოსასმენს და ენას პირში ვერ ატრიალებდა. მუჯლუგუნი წავკარი და თვალები დავუბრიალე ამყევი-მეთქი. - კარგი, ჰო, ვნახავ რამე თუ მაქვს მაცივარში. მოსასმენი მაგიდაზე დავტოვე და სანდროს ლეპტოპი გავხსენი, ვორდის ფაილი ამოვაგდე და კლავიატურაზე თითები სწრაფად ავაკაკუნე. სანდრო გვერდით მომიჯდა და კითხვას შეუდგა: „ - ეს მოსასმენი ჩემი არ არის, წარმოდგენა არ მაქვს ჩემი შარვლის ჯიბეში საიდან გაჩნდა. ვიღაცამ ჩამიდო, მაგრამ ვინ? კურსელების გარდა ახლოს არავის გავკარებივარ, ვის შეეძლო ამის გაკეთება?! არაფერი შეიმჩნიო, ჩვეულებრივად ილაპარაკე, კარგია რომ აღმოვაჩინე, ის ვინც ახლა მისმენს ჩემი ვინაობა ათიანზე იცის, ახლა ეს ჩემი შანსია, რომ მე გავიგო ვინ მითვალთვალებს!“ „ - სია, არ მომწონს ეს ყველაფერი. მან თუ შენი ვინაობა იცის საფრთხეში ხარ, სახლში ვერ დაბრუნდები, შენი მისამართი ეცოდინება, აქ მოგიწევს დარჩენა.“ „ - არა, უნდა დავბრუნდე. თუ საეჭვოდ მოვიქცევი შეიძლება მიხვდეს, რომ აღმოვაჩინეთ. რა სულელურად მოიქცა, მოსასმენი ჯიბეში რამ ჩაადებინა! არც ისე დახელოვნებული ჩანს ამ საკითხში, ან მეტისმეტად ეჩქარებოდა. მეორე ვარიანტი უფრო ლოგიკურად მიმაჩნია.“ „ - სია, ცეცხლს ეთამაშები! შეიძლება დაიღუპო!“ „ - მან ჩემი ვინაობა იცის, ისედაც დაღუპული ვარ, ისღა დამრჩენია გავარკვიო, ვინ არის და დამერწმუნე მახეში აუცილებლად გავაბამ. სულ ტყუილად ფიქრობს, რომ ასე იოლად მომიგვარებს!“ „ - ჩვენი საუბარიდან არცერთი სიტყვა არ გამორჩენია, მან უკვე ყველაფერი იცის. იცის რომ ზოიძის აგდებას ვაპირებთ, გეგმის მიხედვით ვეღარ ვიმოქმედებთ.“ „ - ჩვენ არ ვიცით ვინ გვისმენს, ისიც კი არ ვიცით ვისი კაცია. ამ ბინძურ საქმეში მეტისმეტად ბევრი უცნობი ფიგურაა გარეული, მარტო ზოიძეთი არ წყდება ყველაფერი. პირველ რიგში უნდა გავიგოთ, ამ „ხოჭოს“ მაგ ბარიგასთან აქვს რაიმე კავშირი, თუ მარტო მოქმედებს. გეგმას უნდა მივყვეთ, ზოიძეს დღეს დავადგებით თავზე და თუ ის თავის საყვარელთან არ მოვა, უკვე მივხვდებით რომ გავიშიფრეთ. აი მერე კი მართლა მოგვიწევს დამალვაზე ჩალიჩი!“ ლეპტოპი დავხურე და სანდროს მრავალმნიშვნელოვნად შევხედე. აღელვებული მიყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა, ბოლოს თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მაინც როგორ ცხვარივით გავებით, ა? რას ვიფიქრებდი, რომ ვინმე მოსასმენს ჯიბეში ჩამიდებდა?! ჯერ ასეთ სულელურ ნაბიჯს ყველაზე შტერი მოწინააღმდეგისგანაც არ ველოდი, მაგრამ ახლა სიმწრით ვიაზრებდი, რომ რაც შეიძლება ყველაზე სულელურად და აბსურდულად მოგეჩვენოს, შეიძლება ეგ იდეა აღმოჩნდეს გენიალური. ფაქტი სახეზეა! ვიღაცამ ძალიან იოლად მოახერხა ჩემი გაბანძება და ამაზე ნერვებიც კი მეშლებოდა. სულელი? მწარედ გამეცინა. სულელი კი არა ძალიან ჭკვიანი და სახიფათო პიროვნება იდგა ამ ყველაფრის უკან. თავი გავანებოთ ჩემი სიამაყის ფეხქვეშ გათელვას, ვის უნდა გაკეთებინა ეს? ჩემდა სამწუხაროდ თავში მხოლოდ ერთი სახელი მომდიოდა და ამის გაფიქრების გამო საკუთარი თავი ორაზროვნად მძულდა. ერთი იმის გამო, რომ იმდენად არ ვენდობოდი მას რომ ასეთი რამის გაფიქრებაც კი მოვახერხე და მეორე, პირიქით, იმდენად ვენდობოდი, რომ მან ჩემამდე ასე იოლად შეძლო მოღწევა, ისე რომ ვერც ვერაფერი გავიგე. შემომიძვრა თავბრუდამახვია, თავგზაამიბნია და მაინც მახეში გამაბა. ნუთუ ამას გულისხმობდა ის კუდიანი, როცა მითხრა საყვარელი ადამიანი დაგღუპავსო? ნუთუ ახლა ამ პატარა მოსასმენით ჩვენს საუბარს დუჩე ისმენდა? შეეძლო კი ასეთი შეუდარებელი მსახიობი ყოფილიყო? როგორ შემეძლო მისი გულწრფელი სიტყვები პირველივე გაუგებრობის შემთხვევაში ეჭვქვეშ დამეყენებინა? ახლა რომელი უფრო ვიმსახურებდით უნდობლობას მე თუ ის? გასაოცარია ადამიანის მანკიერი ბუნება, როცა ადამიანის მიმართ ნდობა არ გაქვს, მის თითოეულ სიტყვაში ეჭვს შეიტან, თან ძალიან იოლად. მშვენივრად მომეხსენებოდა პირველი ვისი სახელი მომივიდა თავში აზრად, როცა მოსასმენი აღმოვაჩინე. არადა როცა თვალებში ვუცქერდი იმ წამს მისი თითოეული სიტყვის მჯეროდა. იქნებ ეს უფრო შიშის ბრალი იყო, რომელიც ყრუ ტკივილად დამყვებოდა უკან? გული მისკდებოდა დუჩე ან ახლა გამომააშკარავებს, ან ახლა-თქო! საკუთარი თავის წამებას შევეშვი და ფეხზე წამოვდექი. აზრი არ ჰქონდა მარჩიელობას ვინ რა შეიტყო, ნაწილობრივ ყველაფერი დღეს საღამოს გაირკვეოდა. გულში ვნატრობდი, რომ როცა ზოიძის ასაყვანად მივიდოდი არ გამოჩენილიყო, ჯობდა ჩემი ვინაობის შესახებ გაეგო და მოსაკლავად გამომკიდებოდა, ვიდრე აღმომეჩინა, რომ ის სიტყვები რაც დუჩემ მითხრა, ის დღეები როცა ჩვენ ერთად გავატარეთ, სინამდვილეშ კარგად დადგმული სპექტაკლი იყო, შეუდარებელი ტყუილი, რომელმაც თვით Черный список-ი, ცოცხალი სიცრუის დეტექტორი, ასე იოლად შეიყვანა შეცდომაში და გაასულელა. არ მინდოდა იმ პათეტიკური სიტვების დაჯერება, რომ სიყვარული მართლაც აბრმავებს, აყრუებს და ასულელებს ადამიანს! აღელვებული და ათასი ფიქრით თავგამოტენილი სახლში დავბრუნდი. გასაღები ამოვიღე და საკეტს მოვარგე. კარის გაღება აშკარად გამიჭირდა, თითქოს ვიღაცას საკეტი კარგად ეწვალებინა. ხელები ამიკანკალდა, მაგრამ სახლში მაინც შევედი. ჩემოდანი იქვე მივაგდე და სახლი ფრთხილად მოვათვალიერე. შიგნით არავინ იყო. კარი ურდულით გადავკეტე და ოთახებს დავუარე. თითოეულ ნივთს ინტერესით ვამოწმებდი. ყოველთვის ვიცოდი სახლში რას როგორ ვტოვებდი. თითოეული ნივთის ადგილმდებარეობა ზუსტად მახსოვდა. ეს ერთგვარ ახირებად ჩათვალეთ, მაგრამ როცა ასეთ დეტალებს იმახსოვრებთ იოლად მიხვდებით, იქექებოდა თუ არა ვინმე თქვენს ნივთებში. ეს ჩვევა პატარაობიდანვე გამოვიმუშავე, როცა დედაჩემი, ფარული თაყვანისმცემლების კვალის მიგნების იმედით, ოთახს მიჩხრეკდა. ყოველთვის მიყვარდა დღიურის წერა. ბავშვობაში კომუნიკაბელური არასოდეს ვყოფილვარ და არც ისეთი მეგობარი მყავდა ვისაც ჩემს ფიქრებს ან საიდუმლოებებს გავუზიარებდი, ამიტომ რაც გულში მქონდა ფურცელზე გადმომქონდა ხოლმე. დედაჩემს კი ჩემი „საიდუმლო მეგობარი“ რომ არ აღმოეჩინა კარგად ვმალავდი და ყველა ნივთის ადგილმდებარეობას ვიმახსოვრებდი. ასე იოლად ვხვდებოდი სად იჩხრიკებოდა და იმ ადგილებს სათოფეზე აღარ ვეკარებოდი. სახლი გადავაბრუნე, მაგრამ თითქოს საეჭვო ვერაფერი შევნიშნე. არცერთ ნივთს არ ჰქონდა ადგილი შეცვლილი და ცოტა დავწყნარდი, გამეცინა კიდეც მეტისმეტად პარანოიკი გავხდი-თქო, გავიფიქრე და გულდამშვიდებული ჩემს ოთახში გავედი. ტანსაცმელი გავიხადე და ისევე მივყარე. ტუმბოსთან მივედი, რომ ტელეფონი დასატენად შემეერთებინა და შევამჩნიე, ჩემი ყულაბა ციყვი გვერდულად იყო მოტრიალებული. შიშმა და ელდამ შხამივით დამიარა ტანში. ციყვი ფრთხილად ავიღე ხელში და ყურადღებით შევათვალიერე. არაფერი ეტყობოდა, ოდნავ ამოვაბრუნე და თვალები დავხუჭე, პატარა მოსასმენი, ხურდების გადმოსაყრელ ადგილას, შეზნექილ კუთხეში მიემაგრებინათ. ზუსტად ის ნივთი შეურჩევიათ მოსასმენის დასამალად, რომელსაც საერთოდ არ ვიყენებდი, ხურდაც კი არ მქონდა ჩაგდებული, უბრალოდ სათამაშო ძალიან მომწონდა და სუვენირად მედგა ტუმბოზე. ნივთი, რომელსაც არ იყენებ, მაგრამ ახლოს გიდგას, ჭკვიანურია! ციყვი ადგილზე დავაბრუნე და ჩემი ოთახი ისევ მოვათვალიერე. სხვა არაფერი გამოიყურებოდა საეჭვოდ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა, მოსასმენი ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა შეეტენათ. ამას ძალიან იოლად გავიგებდი სანდროს „გამოგიჭირე“ მოწყობილობით, მაგრამ ასე ის ტიპიც მიხვდებოდა რომ აღმოაჩინეს, რადგან მოწყობილობა ისეთ ვიბრირებულ ტალღებს ავრცელებდა ჰაერში, რომ მოსასმენი შიშინს იწყებდა. საწოლზე ჩამოვჯექი და ღრმად ჩავისუნთქე. პანიკის შეტევამ გონება დამიბნელა. ახლა ნერვიულობა არ შეიძლებოდა, ყველაფერი კარგად უნდა გამეთვალა, სანამ ორივე ფეხით გავებმებოდი მახეში. სახე მოვისრისე და აბაზანაში გავედი წყლის გადასავლებად, პირველ რიგში ეს შმორის სუნი უნდა მომეშორებინა, რომელიც გულს მირევდა და აზროვნებაში ხელს მიშლიდა. **** - ესე იგი, სახლშიც შემოგეჭრნენ? - სანდრო გადაფითრდა. - ჰო, თან ყველაფერი ისე იდეალურად გააკეთეს, რომ არა ჩემი უაზრო ახირებები და ზედმეტი დაკვირვებულობა ვერაფერს შევამჩნევდი. - სია, უკან ვერ დაბრუნდები, საფრთხეში ხარ! არავინ იცის თავს როდის დაგესხმებიან. - უბრალოდ ძალიან დავიბენი, რატომ მითვალთვალებს? თუ ჩემი ვინაობა უკვე იცის რატომ არ ჩქარობს თავდასხმას? რას ელოდება? - მართლაც და რას ელოდება? ორივე გავისუსეთ და წითელი აგურის კერძო სახლს გავხედეთ. ზოიძის საყვარლის ბინას უკვე ერთი საათი იყო რაც ვდარაჯობდით. სახლიდან გამოსული ან შესული არავინ დაგვინახავს. მანქანის სავარძელზე გადავწექი და უბანი ფრთხილად მოვათვალიერე. დეკემბრის სუსხიანი ღამე იდგა, გარეთ კაცი-შვილი არ ჭაჭანებდა. მანქანებიც კი კანტიკუნტად მოძრაობდნენ. იდეალური ადგილი და დრო იყო ბარიგის ყურებიდან დასათრევად, საკითხავი ის იყო, მოვიდოდა თუ არა ის. - რამდენ ხანში უნდა გამოჩნდეს? - შუბლშეკრულმა დახედა მაჯის საათს. - წესით ათ წუთში. - ვეღარ ვითმენ! - ვნახოთ რას იზამს ეგ . წუთები საუკუნეებად მეჩვენებოდა. დრო ისე ნელა მიიზლაზნებოდა, რომ ნერვები მაწყდებოდა. ყოველ ჩავლილ მანქანაზე გული მიქანდებოდა, მაგრამ ზოიძე არა და არ ჩანდა. როცა უკვე საათის ისრები ნახევარი საათით გადაცდა დათქმულ დროს, სანდრომ სევდიანად გამომხედა. - დავიწვით, სია... ჩემში მოწოლილმა არეულმა და გაუგებარმა გრძნობებმა თავბრუდამახვიეს, შიშთან ერთად სიხარულსაც ვგრნობდი, თან დანაშაულის გრძნობაც მიწვავდა გულ-მუცელს. დუჩეზე ეჭვი არ უნდა მიმეტანა, მისდამი ზედმეტ უნდობლობას ვიჩენდი და ის ამას არ იმსახურებდა. - ესე იგი, დავიწვით. ზოიძე აქ მომსვლელი არაა, მგონი იდიოტებივით ვდგავართ და სახლს ტყუილად ვყარაულობთ, შეიძლება შიგნით არც არავინაა. - ზოიძემ თუ იცოდა, რომ ჩვენ აქ მოვიდოდით, თავის საყვარელს მოაშორებდა იქიდან. დიდი ალბათობით შეიძლება მისი მკვლელები ახლო-მახლო გვსატკაობენ, როდის გამოვჩნდებით. - სანდრომ ფრთხილად მოათვალიერა ჩაბნელებული ქუჩა. - ან არის ეგრე და ან არა, უნდა შევამოწმო. - რაო? - თვალები შუბლზე აუცვივდა - სულ შეიშალე?! - მომისმინე, მე ერთ მოსასმენს თან გავიყოლებ, შენ კი თითოეული სიტყვა ჩაიწერე, თუ, რა თქმა უნდა, სახლში ვინმე დამხვდება. მათ უკვე იციან ჩემი ვინაობის შესახებ და დამალვას აზრი აღარ აქვს. მე მისი საყვარელი მჭირდება, ის ერთადერთი ხელჩასაჭიდია და რადაც არ უნდა დამიჯდეს იმ ძუკნას იქიდან თმით გამოვათრევ. არამგონია ზოიძეს მხოლოდ ფეხებს უშლიდეს, ინსტიქტი მკარნახობს, რომ ძაღლის თავი შეიძლება ბევრად ღრმად იყოს ჩამარხული. იქნებ იმაზე მეტი იცის ვიდრე ვფიქრობთ? მოსინჯვების და სიფრთხილის დრო აღარ არის. - სია, ეს სიგიჟეა, შეიძლება ცოცხლებმა თავი ვერც დავაღწიოთ, მართლა რომ ვიღაც დაგხვდეს შიგნით?! - სანდრო, ჩემთვის ისედაც გამოტანილი აქვთ განაჩენი, დამალვას აზრი არ აქვს. მე გაქცევას არ ვაპირებ, ჩემი მეგობრები საფრთხეში არიან, დუჩე საფრთხეშია. თუ ამ შხამიან გველებს ჩვენი ხელით არ ამოვძირკვავთ, ეს შხამი ყველაფერს მისწვდება და გაანადგურებს. თან ძალიან არ მომწონს ის გაურკვეველი სიტუაცია, რომ ჩემს შესახებ ყველაფერი გაიგეს, მაგრამ თითს არ მაკარებენ. თავს ლაბორატორიის ვირთხად ვგრძნობ. როგორც ჩანს, ჩემგან რაღაცას ელიან, ჰოდა იმას გავაკეთებ რასაც არ ელიან! - კარგი, მაშინ მეც მოვდივარ! - არა, არსად არ მოდიხარ! შენ მანქანაში დარჩები და დაელოდები როდის გამოვალ სახლიდან. ძრავა ჩართული გქონდეს, დიდი ალბათობით წინ ექშენი გველის. ცოტა გავანძრიოთ მოდუნებული კუნთები, დიდი ხანია ადრენალინის მოზღვავება არ მიგრძვნია. - შეშლილი ხარ! - სანდროს თვალები შიშით გაფართოებოდა. - აბა, რომელი ჭკვიანი გააკეთებს იმას რასაც მე წლებია ვაკეთებ? სხვისი შიშის სამართავად ჯერ საკუთარი უნდა დაიმორჩილოო, არ გაგიგია? ხოდა მოდი ვაჩვენოთ რა შეგვიძლია, პარტნიორო! გავუღიმე, იარაღი გადავტენე და მანქანიდან გადმოვედი. გულისამაჩუყებელი სიტყვა გამომივიდა, ლამის თავადაც დამბურძგლა ტანში. მხოლოდ მე ვიცოდი როგორ მიკანკალებდა გული შიშისგან. თუმცა, სანდროსთვის ბოლომდე ტყუილი არ მითქვამს. ალოგიკური ქმედების ჩადენის გარდა, თავში სხვა აზრი არ მომდიოდა. ეს საყვარელი ჩემი ბოლო იმედი იყო ზოიძის კუდიდან დასათრევად. იარაღი ზურგს უკან ქამარში ჩავიჩურთე და ქურთუკი გადმოვიწიე, თავზე კაპიშონი წამოვიფარე და მშვიდად გავუყევი ქუჩას. სახლს რომ მივუახლოვდი ფარულად მოვათვალიერე მიდამო, საეჭვო არაფერი შემინიშნავს. მივიხედ-მოვიხედე და სახლს უკანა მხრიდან მოვუარე. საძინებლის ფანჯრები პატარა ბაღს გადმოჰყურებდნენ. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ბინაში არავინ იყო. ფანჯრებიდან მრუმე სიბნელე იღვრებოდა. ბევრი აღარ მიფიქრია, ფანჯრის რაფაზე მოხერხებულად ავძვერი და შუშა იდაყვით შევტეხე. სიგნალიზაციის ჩართვის მოლოდინში თაგვივით გავისუსე, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არაფერი მომხდარა. არც მინის მსხვრევის ხმას მიუქცევია ვინმეს ყურადღება. ღამის სამი საათი იყო, ყველას ეძინა. ხელთათმანები შევისწორე და ჩამტვრეულ ფანჯარაში სწრაფად შევძვერი. იატაკზე ჩუმად დავხტი და ჩაბნელებული ოთახი მოვათვალიერე. საძინებელში ვარდის ნაზი სურნელი ტრიალებდა. ჩემდაუნებურად ნოსტალგია მომაწვა, ეს სურნელი რაღაცას მაგონებდა, მაგრამ რას თვითონაც ვერ ვხვდებოდი. ის იყო სახლის მოჩხრეკვა გადავწვიტე, რომ ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა: - რა მოხდა? - ვუპასუხე აღელვებულმა. - ვიღაც მოვიდა, მანქანა სახლის წინ გაჩერდა, სწრაფად წამოდი მაგედან! - არა, ჩუმად იყავი და არაფერი მოიმოქმედო, ვნახოთ ვინ გვესტუმრა. - სია! ტელეფონი გავთიშე, ქამრიდან იარაღი ამოვაძვრინე და საძინებლიდან სწრაფი ნაბიჯით გავედი. ჩემდა გასაოცრად თავი ეგზოტიკურ ადგილას ამოვყავი. ოთახი მდიდრულად მოეწყოთ. იქაურობა საუკეთესო ავეჯით და ხალიჩებით იყო გაწყობილი. სადაც არ უნდა გაგეხედათ ყველგან ლამაზ-ლამაზ ვარდებს მოჰკრავდით თვალს, ზოგი ქოთნებში ჩაერგო პატრონს, ზოგი კი ლარნაკიდან იწონებდა თავს. ზოგი ისეთი უცნაური ყვავილი იყო, რომ მსგავსი სილამაზე ჩემს დღეში არ მენახა. ოთახს მზერა მოვატარე, ირონიულად ჩამეცინა, ზოიძეს ბოტანიკოსები იზიდავდა? თავი გავაქნიე და რბილ დივანზე ჩამოვჯექი. ისეთი ფუმფულა იყო, რომ მთლიანად მასში ჩავიძირე. კარის გაჯახუნების ხმა მომესმა, ვიღაცამ დერეფანში შუქი აანთო, დავიძაბე. იარაღს დამცველი მოვხსენი და სახეზე კაპიშონი ჩამოვიფხატე. უცნობის სილუეტი უფრო და უფრო ახლოვდებოდა. სახელური ნელა გადატრიალდა, კარი შემოაღეს და ბნელ ოთახში მაღალი ქალი გამოჩნდა. სინათლის ჩამრთველს ხელი აჰკრა და ჩემკენ შემობრუნდა. როგორც კი თვალი მომკრა, შიშისა და გაოცებისგან წამოიკივლა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მე მასზე შოკირებული ერთ ადგილზე გავქვავებულიყავი და გონს მოსვლა მიჭირდა. ეს თვალები, ეს ტუჩები, სახის დახვეწილი ნაკვთები, ქანდაკებასავით ჩამოსხმული ტანი - დიდი არაფერი შეცვლილიყო. წლებს ვერაფერი დაეკლოთ მისი მშვენიერი სახისთვის, პირიქით, უფრო გაახალგაზრდავებულიც კი მეჩვენა დედაჩემი, რომელიც უკვე ხუთი წელი იყო თვალით არ მენახა. - კატერინა! - ამოვიჩურჩულე გულმოკულმა და გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე. დედაჩემი საკუთარი სახელის გაგონებამ შეაკრთო. ადგილზე გახევდა, კარისკენ გაწვდილი ხელი გაუშეშდა და შეშინებული უკან შემობრუნდა. - სსია?! - ენა დაება და თვალებგაფართოებულმა ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა - შშენ... მისი ხმა გაქვს. აცრემლებულმა კაპიშონი გადავიძრე და დედაჩემს თვალი გავუსწორე. როგორც კი შემომხედა, შიშისა და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, საეჭვოდ შექანდა, გულზე ხელი მიიდო და მოწყვეტით ჩაეხეთქა სავარძელში. - შენ... შენ.. - აზრებს თავს ვერ უყრიდა - აქ რას აკეთებ? ეს იარაღია? ნამდვილი იარაღია? - შენ რას აკეთებ აქ?! - სიტყვები ძვალივით მეჩხირებოდნენ ყელში. - ეს ჩემი სახლია. - არა, არა, ეს შეუძლებელია, არა! - ისტერიკული სიცილი ამიტყდა და ოთახში ბლოთის ცემას მოვყევი - არა, არა, ახლა გამეღვიძება და აღმოვაჩენ, რომ საერთოდ არ დავბრუნებულვარ იმ წყეული ექსკურსიიდან. - რეებს ბოდიალობ? აქ რას აკეთებ? საიდან გაიგე სად ვცხოვრობდი? ან ეგ იარაღი საიდან გაქვს? - ამის დედაც! - ვიყვირე გაცოფებულმა, მაგიდაზე მდგომ ლარნაკს ხელი დავავლე და კედელს მივანარცხე - შენ რა სულ დაკარგე ჭკუა?! - რა ჯანდაბას აკეთებ? - წამოიკივლა შეშინებულმა. - მე? მეე? - ალბათ იმ წამს შეშლილს ვგავდი, წონასწორობა დავკარგე, დედაჩემი ბარიგის ნაშა იყო! იმ ბარიგის, რომელიც მოსაკლავად დამსევდა! რა ჭკუაზე უნდა დავმდგარიყავი?! შევიშალე!!!... - რას აკეთებ, ქალო?! რა გესაქმება ზოიძის მსგავს ნაბოზართან? ხმა ამოიღე! ვიკივლე გაკაპასებულმა. დედაჩემს ხმა ჩაუვარდა, ენას პირში ვერ ატრიაელბდა. ამას აშკარად არ მოელოდა და აღარ იცოდა რა ექნა, სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა. მოთმინების ფიალა ამომეწურა, გაშმაგებული მივეჭერი და ზიზღით ჩავაცქერდი თვალებში. - კარგად შემომხედე, კატერინა, შემომხედე! იცი აქ რისთვის ვარ? იცი?! - არა, ვერაფერი გამიგია... - აი, ამ კარიდან შემოსულისთვის, შუბლში ტყვია უნდა დამეხლია, აი ამისთვის ვარ აქ! და ახლა გეკითხები, აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! რა გესაქმება ზოიძესთან, ამისთვის გაიქეცი სახლიდან, რომ ვიღაც ნაბოზარ ბარიგას კისერზე ჩამოჰკიდებოდი?! ამისთვის? ხმა ამოიღე სანამ მოთმინება არ დამიკარგავს! - ვიკივლე სახეშეშლილმა. - რეებს ბოდავ? როგორ მიბედავ? - როგორ გიბედავ? - ისევ სიცილი ამიტყდა, ნერვებმა მიმტყუნეს იარაღი შევმართე და პირდაპირ გულში დავუმიზნე - გულისამრევებო, სანამ შენი ქმარი შენს საყვარელს ტრაკს უწმენდს, მისი ბოსი მის ყოფილ ცოლს ხმარობს?! რა საინტერესო სცენარია, შოკში ვარ! პროკურორიდან პირდაპირ ბარიგაზე, ლეველებს აუმჯობესებ, ქების ღირსი ხარ! - რას აკეთებ?! - შიშისგან თვალები გაუფართვდა და დაძაბული მზერა იარაღის ლულას გაუშტერა. - სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ მივიღებ, აქედან ფეხს არ გავადგამ და თუ არ მიპასუხებ, არც დავფიქრდები ისე დაგახლი ცხელ ტყვიას გულში, საერთოდ თუ გაგაჩნიაეგ ორგანო! გაიგე?! - საკუთარ დედას მოკლავ? - დედას? - ხმა ამიკანკალდა - შენ დედა ხარ? საკუთარი შვილი ჯანდაბაში მოისროლე ისე, რომ არც გიკითხავს კვდებოდა თუ რჩებოდა და ახლა გაგახსენდა, რომ დედა ხარ? როცა იარაღს გიმიზნებ, რომ შენი უგულუ მკერდი შუაზე გავგლიჯო, ახლა გაგახსენდა დედობრივი ინსტიქტები? - სია, დამშვიდდი, მოდი ვილაპარაკოთ. - არა არ ვილაპარაკებთ! შენ ილაპარაკებ, მე კი მოგისმენ. რა საერთო გაქვს ზოიძესთან? - იარაღი დაუშვი! - კითხვას კიდევ ერთხელ თუ გამამეორებინებ, ღმერთს გეფიცები გესვრი! ზიზღი, სიძულვილი და მრისხანება, ყველაფერი ერთიანად მომაწვა ყელში და ლამის დამახრჩო. მძვინვარე, სისხლსმოწყურებული დემონები ჩემში ერთხმად აშლილიყვნენ და შიგნეულობას მონდომებით მინგრევდნენ. გონებაში ავი აზრები დაფარფატებდნენ - „მოკალი“, „ესროლე“, „დაასრულე მისი უბადრუკი სიცოცხლე“! - მიყვარს. - მიპასუხა ხმადაბლა და თვალები დახარა. - რა თქვი? - ხმა ჩამიწყდა. - მე ის მიყვარს, სია - თავი ასწია და მზერა გამისწორა - ძალიან მიყვარს და მასთან ყოფნა მინდა. პასუხით იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ უცებ ვერც გადავხარშე მისი ნათქვამი. ხელი უნებურად დავუშვი და აკანკალებული ჩამოვჯექი მინის მაგიდაზე. ამ უბრალო პასუხმა ძალა ერთიანად გამომაცალა. - რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? - სამი წელია. - მას შემდეგ რაც არჩილის ამბები მოხდა... - ჩავილაპარაკე ჩემთვის. - რა? - იცი ვინც არის? - ვიცი. - იცი რასაც საქმიანობს? - გამოვცერი კბილებში. - კაზინოს მეპატრონეა. - მხოლოდ ეს იცი? - გამეცინა ცივად. აუტანელი ზიზღი ისევ მომაწვა ყელში, ლამის გული ამერია. - კიდევ რა უნდა ვიცოდე? - ცივსისხლიანი მკვლელი, ნარკობარიგა და ავადმყოფური გადახრების მქონე მანიაკია! ეს დეტალები გამორჩა და იმიტომ არ გითხრა, თუ სკლეროზი ნაადრევად დაეწყო და უბრალოდ დაავიწყდა?! - ვკითხე ირონიულად. კატერინას სახეზე ცვლილება არ მომხდარა, არც გაჰკვირვებია, არც შეშინებია, არც შეუცხადებია, მის შავ თვალებში მხოლოდ ეჭვს და უნდობლობას ვხედავდი. სულში ბოღმის საცეცები ამიფუთფუთდნენ, უცებ ძალიან მომინდა მისთვის გემრიელად შემომელაწუნებინა, ამ მზერისთვის. - ეს სისულელე საიდან მოიტანე?! - გიყურებ და ვხვდები რომ ყველაფერში მამაჩემი ვერ იქნებოდა დამნაშავე. შენც ლომის წილი მიგიძღვის ჩვენი ვითომ ოჯახის დანგრევაში. - გადავაფურთხე - თვალებში შემომხედე კატერინა, ოდესმე ვიყავით ოჯახი? ოდესმე როგორც შვილისთვის ისე შემოგიხედავს ჩემთვის? ოდესმე გაგიფიქრია, რომ შენთვის უსაშველო ტვირთის გარდა, ღვიძლი შვილიც ვიყავი? გულწრფელად მიპასუხე, როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, მისი მოსმენა მინდა. - ამას ახლა რატომ მეკითხები? - მკითხა შეცბუნებულმა. - იმიტომ რომ, ახლა სასწორზე ჩემი წარსული და მომავალი დევს. ჩემს გარშემო ყველა შეიშალა და სანამ მეც საბოლოოდ დამიკარგავს ჭკუა მინდა სიმართლე გავიგო. მიპასუხე, რატომ გძულვარ? - არ მძულხარ. - მე სიმართლე გთხოვე! გული სიბრაზიზგან უფრო და უფრო სივდებოდა. ცოტაც და ალბათ ამდენს ვეღარ გავუძლებდი. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა, ალაპარაკდა. - ძალიან ახალგაზრდა ვიყავი როცა დავორსულდი. გამოსაშვებ საღამოს ბევრი დავლიეთ, წამიერად ვნებამ გონება დამიბინდა და სისულელე გავაკეთე. ახალგაზრდა გოგოს ოცნებები მქონდა, მინდოდა გამოჩენილი მკვლევარი გავმხდარიყავი, სამყაროს გარშემო მემოგზაურა და ცხოვრებით დავმტკბარიყავი. არ მინდოდა გათხოვება, არ მინდოდა ოჯახი და მითუმეტეს არ მინდოდა შვილი! - გულში რაღაც ჩამწყდა, უძირო უფსკრულში გაუჩინარდა და სამუდამოდ დაიკარგა. - მერე ზვიადს პრეზერვატივი არ აღმოაჩნდა ჯიბეში? ასე რატომ გარისკე საკუთარი ნათელი მომავლით? - ვკითხე ღიმილით. ჩემს ხმაში ასეთი მწარე ირონია მანამდე არასოდეს შემიმჩნევია. - ჩემი მშობლები გაგიჟდნენ. ნამუსახდილს სახლში არ შემოგიშვებთო, ვისაც აუწიე ფეხები იმასთან წაეთრიეო და სახლიდან გამომაგდეს. წასასვლელი არსად მქონდა, ზვიადმა კი ზურგი არ მაქცია და ასე დავქორწინდით. შემდეგ შენ გაჩნდი, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ვცხოვრობდი იქ სადაც არ მინდოდა, ვაკეთებდი იმას რაც არ მინდოდა, იმ კაცის გვერდით მეძინა ყოველ ღამით, რომელიც არ მიყვარდა. იმის ნავლად რომ უნივერსიტეტში სწავლა გამეგრძელებინა, ყოველ ღამით აჩხავლებული ბავშვის დაძინება მიწევდა. ჩემი ცხოვრებისგან აღარაფერი დარჩა. ერთმა ჭიქა სასმელმა და წამიერმა ვნებამ მთელი ცხოვრება თავზე ჩამომაქციეს. რამდენჯერაც შემოგხედავდი, შენს თვალებში საკუთარ შეცდომას ვხედავდი, შეცდომას, რომელიც დღე არ გასულა, რომ მწარედ არ მენანოს. შენ იმ შეცდომის ნაყოფი იყავი, რომელიც ასე ძლიერად მძულდა. ალბათ, ამიტომ ვერ შევძელი შენზე გულის მობრუნება, ამიტომ ვერ გაგიწიე დედობა და ვერ მოგეცი ის სითბო, რასაც დედა შვილს უნდა აძლევდეს, მაპატიე. კატერინას თვალები აუწყლიანდა და მზერა ამარიდა. უცებ ყველაფერი დამშვიდდა, დაწყნარდა და გაირინდა, როგორც მიყრუებულ სასაფლაოზე. ჩემში აბობოქრებული დემონები ერთბაშად ჩაყუჩდნენ და ისევ მიიმალნენ ჩემი სულის ბნელ კუთხეებში. შიგნიდან გამომრთეს. ვუყურებდი ქალს, რომელსაც ამ წამამდე დედად ვთვლიდი და ვიაზრებდი, რომ მის მიმართ ყველა გრძნობა მომიკვდა. ალბათ ამიტომაც ვეღარ ვგრძნობდი ვერანაირ ემოციას. მთელი ეს წლები ილუზიებში ვცხოვრობდი, ქალს, რომელიც ჩემს წინ იჯდა, ჩემთან საერთო არაფერი ჰქონდა. თურმე, ერთი ღამის შეცდომა ვყოფილვარ. შეცდომა, რომელმაც ორ ადამიანს ცხოვრება დაუნგრია... კატერინას თვალებში შევყურებდი და მეღიმებოდა, ცხოვრება მართლა მაგრად დამცინოდა. იმდენად სარკასტრული იუმორით, რომ ხანდახან ატანაც კი მიჭირდა. პარადოქსია მაგრამ სიმართლეა, საკუთარი დედა ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, ისევე როგორც მისთვის მე ვიყავი სულერთი და ერთი პატარა კაფის მეპატრონე, რომელიც სამი წლის წინ გავიცანი, ჩემთვის მშობლის როლს ასრულებდა, მშობლის, რომელიც ამ ქაჯების გადამკიდე არასოდეს მღირსებია. ბავშვი არ უნდა გააჩინო თუ ის არ გინდა, არ უნდა მისცე სიცოცხლე, თუ მერე მის მიგდებას აპირებ! - გასაგებია, - ჩავილაპარაკე ღიმილით და იარაღი ისევ ზურგს უკან შევინახე - ჯობდა ეს თავიდანვე მცოდნოდა, მაგრამ არაუშავს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო ნათქვამია. - მაპატიე. - გაიმეორა აკანკალებულმა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. - ნუ მებოდიშები, სიმართლისთვის ბოდიშს ნუ მოიხდი. მე ის არაფერში მჭირდება. არც ვბრაზობ, უკვე აღარ. ისე, ამდენ ტანჯვას, აბორტი გაგეკეთებინა ჯობდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა დაბადებამდე მომკლავდი, თუ ოცდაერთი წლის შემდეგ? აღარც შენ იწვალებდი და აღარც მე. იცი, კატერინა, ჯობია მთელმა სამყარომ გაქციოს ზურგი ვიდრე საკუთარმა დედამ, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ მე ის არც არასდროს მყოლია. ცოტათი შვებაც კი ვიგრძენი. ამისთვის მადლობელი ვარ. - მაპატიე! - სახეზე ხელები აიფარა და ჩუმად ატირდა. - მთელი ეს პერიოდი გულში დანაშაულის გრძნობა შიგნიდან მჭამდა, რომ მიუხედავად თქვენი ამაზრზენი ქცევებისა, უსინდისოდ მოგექეცით, როცა მიგატოვეთ, კარი გამოვიხურე და სამუდამოდ დაგივიწყეთ. ახლა კი სინდისი დამიმშვიდდა. ვხვდები, რომ შეიძლება ჩემი მთელი არსებობის განმავლობაში ეს ერთადერთი სწორი არჩევანი იყო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. გმადლობ, რომ ეს ტვირთი მხრებიდან მომაშორე. არ გადანაშაულებ რომ არ იცი რას ნიშნავს დედაშვილური სიყვარული, დედაშენს ეს შენთვის არ უსწავლებია ალბათ. მაგრამ ახლა დავფიქრდი და გავიაზრე, რომ ყველაფერი ასეც არ არის. არც შენ გისწავლებია ჩემთვის ეს, თუმცა თუ ოდესმე შვილი მეყოლება, ის აუცილებლად მეყვარება. კარგი, საკმარისია, ახლა კი იმ თემას მივუბრუნდეთ, რისთვისაც სახლში შემოგეჭერი. თავი ასწია და ცრემლებით დანამული სახე გამოაჩინა. თვალებში შიში ედგა, პანიკური შიში. საოცარია, მართლაც რომ საოცარია, ამ გულქვა ქალს ერთადერთი ვინც ადარდებდა, სწორედ ის იყო, რომელიც მოსაკლავად დამსდევდა. ეს ყველაფერი ბოროტ ანეგდოტს ჰგავდა. - მე არ ვინტერესდები თქვენი ლავსთორით, არ მაინტერესებს რა გრძნობები გაქვს მის მიმართ. შეიძლება ჩემთვის სულერთი ხარ, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, შენ მე სიცოცხლე მაჩუქე. სამაგიეროს კი ასე გადაგიხდი, ამჯერად მე გაჩუქებ სიცოცხლეს, ზოიძისგან დაგიცავ. შემდეგ კი, როცა ყველაფერი დასრულდება, შენ შენს გზას დაადგები და უკან აღარ მოიხედავ. ახლა ჩემთან ერთად მოგიწევს წამოსვლა, ზოიძეს შენი შუბლის გახვრეტის საშუალებას ვერ მივცემ. - ვერ გავიგე რაზე მელაპარაკები, ის მე არაფერს დამიშავებს, სია. რა სისულელეებს მეუბნები! - როცა გაიგებს ვინ ხარ, აუცილებლად მოგაკითხავს, - ჩავიცინე ირონიულად - ახლა კი მშვიდად წამომყევი. შენი ძალით წათრევაც რომ დამჭირდეს ამას გავაკეთებ! სიტუაციას ნუ გაამწვავებ, ფეხი გამოადგი, ნუ ნერვიულობ არაფერს დაგიშავებ. - კარგი, კარგი. ცახცახით წამოდგა, ხელები საშინლად უკანკალებდა. თვალი ავარიდე და კარისკენ წავედი. მოულოდნელად რაღაც მძიმე მთელი ძალით შემომკრეს სახეში. ლარნაკის ნამსხვრევებმა სახე ერთიანად დამისერეს. წონასწორობა დავკარგე და ძირს დავეცი, წამით თვალთ დამიბნელდა. ბუნდოვნად დავლანდე, როგორ ჩამირბინეს მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელებმა, დედაჩემი სახლიდან გაიქცა. - გაჩერდი! - ამოვიხავლე სასოწარკვეთილმა და წამოდგომა ვცადე, მაგრამ თავბრუდამეხვა და ისევ ჩავიკეცე - სულელო, მოგკლავენ... უკვე გონს ვკარგავდი, ვიგრძენი რაღაც თბილი და ბლანტი სითხე როგორ ჩამომეღვარა სახეზე, ღრმა ჭრილობებიდან სისხლი მდორედ მოჟონავდა. - სია! - შორიდან ჩამესმა სანდროს შეშფოთებული ხმა. სწრაფად მწვდა მკლავებში, ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ გაქანდა, ვერ მივხვდი კარიდან რატომ არ გავყავდი. - გაჩერდი... - გული საშინლად მერეოდა, ყველაფერი ირყეოდა, თითქოს საქანელაზე დამსვეს და შეუჩერებლად მაბზრიალებდნენ - დედაჩემი... - არა, ახლა აქედან უნდა გავიქცეთ! ჩამსხვრეულ ფანჯარაზე შემომსვა და ხელით მიბიძგა, ძალაგამოცლილი ფანჯრიდან გადავვარდი და მთელი ძალით დავენარცხე ცივ მიწას. სანდრო ჩემს გვერდით დახტა, ხელში ამიტაცა და მთელი ძალით გაიქცა. - დედაჩემი... სანდრო... - გვიანია, სია... უკვე ძალიან გვიანია. ეს იყო ბოლო სიტყვები რაც ყურში ჩამესმა, ძლიერმა ბურუსმა თვალთ დამიბნელა, შავი კვამლი მძლავრად მოედო ცნობიერებას და მოციმციმე სხივები სადღაც გაქრნენ, თითქოს სიკვდილის ანგელოზმა თვალებზე ხელი ამაფარა და კმაყოფილი გაყუჩდა, უცდიდა, რაღაცას უცდიდა. ვგრძნობდი მის აღელვებას, გული აღფრთოვანებისგან ეკუმშებოდა და უცებ... ბახ! იარაღის ლულას ცხელი ტყვია მოსწყდა და ვიღაცის თბილ სხეულს მოწყვეტით ეკვეთა. ჩუმი კვნესა ჩემს ცნობიერებას მისწვდა. ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ მომიცვა, ნეტავ ამჯერად ვისი მკერდი გაანგრია ცხელმა ლითონმა? ამჯერად ვისი სისხლით შეიღება თბილისის ბნელი ქუჩა? მაგრამ რა იყო ეს... ეს გრძნობა, თითქოს ეს ტყვია მე მომარტყეს სულში... სიკვდილის ანგელოზი მხიარულად ახითხითდა და ამჯერად ლპობაშეპარული, გახრწნილი ხელი მთლიანად ამაფარა სახეზე, შავ კუპრში მძიმედ ჩავიძირე და გონება დავკარგე. თავი ოცდამეორე თვალები ძლივს გავახილე, თავი საშინლად მტკიოდა. ნათლად ვერაფერს ვხედავდი, ფიგურები გადღაბნილ ლაქებად მოჩანდნენ, ქუთუთოები ავახამხამე, რომ ყველაფერი გარკვევით დამენახა. ნელ-ნელა მხედველობა დამეწმინდა და პირველი რაც თვალში მომხვდა სუსტად მბჟუტავი სანთლის, მოციალე ალი იყო. თავიდან ვერ გავიაზრე როგორ ამოვყე თავი ისევ სანდროს დაობებულ ბინაში. წამოვჯექი და ნახევრად ჩაბნელებული ოთახი გაჭირვებით მოვათვალიერე, ყურები საშინლად მიზუზუნებდა. სანდრო არსად ჩანდა. სახეზე ხელი მოვისვი და ხელში სახვევი შემრჩა. უცებ მოგონებები ქარბორბალასავით დამატყდა თავს. დედაჩემის აცრემლებული თვალები, სახეში მწარედ დაძგერებული ლარნაკი და ბოლოს გასროლის ხმა... სწრაფად წამოვდექი, მაგრამ მაშინვე თავბრუდამეხვა და მოწყვეტით დავენარცხე ძირგავარდნილ დივანს. ხმაურზე, ოთახში სანდრო შემოვარდა. - სია, გაიღვიძე? - სწრაფად მომიახლოვდა და თავი ამაწევინა - როგორ ხარ? - თავბრუმეხვევა და გული მერევა. - მგონი ტვინის შერყევა გაქვს. - რა დროს ესაა, რა მოხდა? დაელმებულმა მზერა დავძაბე, რომ სანდროს სახე ნორმალურად გამერჩია, არაფერი გამომივიდა, ყველაფერი უფრო გაიდღაბნა. თვალები სასწრაფოდ დავხუჭე, რომ უეცრად მოწოლილი გულისრევა როგორმე შემეკავებინა. - კიდევ კარგი დროზე მოგისწარი, ბეწვზე გამოვასწარით თორემ ჩვენც დაგვხოცავდნენ. - ჩვენც? – „ც“ ნაწილაკმა მწარედ გამკრა გულზე. - დედაშენი... - ხმა ჩაუწყდა - როცა ტელეფონზე არ მიპასუხე მაშინვე შენთან წამოვედი და დავინახე დედაშენი როგორ გამოვარდა სახლიდან. მასთან უნდა მიმერბინა, როცა უცებ ყრუ ხმა გაისმა და დედაშენი მოწყვეტით ჩაიკეცა კართან. - მკვდარია? - საკუთარი ხმა არ მეცნო. - ჰო... მაპატიე, ვერ მივუსწარი. ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი... - შეწყვიტე, ეს შენი ბრალი არ ყოფილა, - დივანზე მივწექი და სახე ბალიშებში ჩავმალე - ეს მისი არჩევანი იყო. არ დამიჯერა, სახეში ლარნაკი შემომცხო და გამექცა. - სია... მე... - სანდრო, ყველაფერი რიგზეა. - ამას როგორ ამბობ, ის დედაშენი იყო... - არა არ ყოფილა, - სანდროს ზურგი ვაქციე და კედლისკენ გადავბრუნდი - შეგიძლია რამე გამაყუჩებელი მომიტანო? თავი მისკდება. - სია, მგონი ტვინის შერყევა გაქვს, საავადმყოფოში უნდა წაგიყვანო. - გამორიცხულია, ჩემზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, ასე ცხვარივით ვერ ჩავუვარდები ხელში. - კი მაგრამ, ექიმი გჭირდება. - სისი... - რა? - მე სისი მჭირდება. ძალიან გთხოვ, დაურეკე და აქ მომიყვანე. - რაო? შენ რა მართლა შეგერყა ტვინი? გაგიჟდი? წარმოდგენა მაინც გაქვს რას მეუბნები? - ყველაფერი იცის, ამაზე ნუ დარდობ. - ახლა მითხარი, რომ მხოლოდ გაბოდებს! გთხოვ, მითხარი რომ სისულელე არ ჩაგიდენია! - სანდრო, მოკეტე და ჩემს მეგობარს დაურეკე. აქ მომიყვანე, მხოლოდ ის მჭირდება, გთხოვ... - შენ მე ჭკუიდან გადამიყვან! რამე რომ დაემართოს? ისიც რომ შარში გავხვიოთ? - ჰოდა იზრუნე რო არაფერი დაემართოს! - ვუყვირე აცრემლებულმა - ჩემი მეგობარი მინდა! დაურეკე, თორემ ამას თავად გავაკეთებ! - კარგი - მიპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - მოგიყვან... ისევ მივწექი და თვალები დავხუჭე. ვგრძნობდი გული როგორ მეხლიჩებოდა შუაზე. დღეს მე ორჯერ დავკარგე დედა, დედა რომელსაც მუდამ ვნატრობდი, მას კი არაფერში ვჭირდებოდი. სიკვდილის წინაც ზურგი მაქცია, არც დაფიქრებულა ისე გაიქცა. ჩემგან გაიქცა კაცთან, რომელმაც საბოლოოდ, სიცოცხლეს გამოასალმა. კბილი კბილს დავაჭირე, რომ ყელში მოწოლილი ღრიალი როგორმე შემეკავებინა. ლოყებზე უხმოდ ჩამომდიოდა ცრემლები და აშმორებულ ბალიშს ერთიანად ალპობდა. თავი ასე უსუსურად და ასე მარტოდ ცხოვრებაში არ მიგვრძნია... - როგორ არის? თავი სტკივა? რა სიმპტომები აქვს? - თავი სტკივა და გული ერევა, არ ვიცი სხვა არაფერი უთქვამს. - დიდი ხანია სძინავს? - სამი საათია. ხმადაბალი ჩურჩული ჩემს ყურთასმენას მისწვდა. ხუთი წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად თუ რა ხდებოდა. - სისი... - წავიჩურჩულე გაბრუებულმა. - სია! - მომესმა მისი აღელვებული ხმა. ვიგრძენი სახეზე როგორ შემეხო პატარა, თბილი ხელი - ღმერთო ჩემო, სულ იწვი. - მიხარია, რომ მოხვედი, - ამოვიხავლე ხმაჩახლეჩილმა და მისი პატარა ხელი ხელებში მოვიმწვიდე - მჭირდებოდი. - რა თქმა უნდა, მოვედი, აბა რას ვიზამდი! სია, მგონი ტვინის შერყევა გაქვს, დახმარება გჭირდება. - ვერა, არ შეიძლება... სანდრომ... - დავიღალე, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ათი კილომეტრი შეუჩერებლივ ვირბინე. - ლაპარაკის თავიც არ აქვს. სანდრო, ასე არაფერი გამოვა, ცუდად არის. ჭრილობა ვნახე, საფეთქელს ბეწვზე ასცდა, ცოტა ზემოთ რომ მოხვედროდა ადგილზე მოკლავდა. მძიმედ არის, მისი ასე გაჩერება არ ივარგებს. სასწრაფოდ ექიმი სჭირდება. - სიას ვინაობის შესახებ ყველაფერი გაიგეს, ახლა მასზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული, სახლიდან ფეხს თუ გაადგამს მოკლავენ. - ასე თუ დავტოვებთ შეიძლება მართლა ვერ გადარჩეს. არა, ასე არ იზავს, დუჩეს ვურეკავ. - არა! არა, არავითარ შემთხვევაში! დუჩე, არა... მაშინვე ავფართახლდი, გული შიშით შემეკუმშა, მაგრამ მკვეთრმა მოძრაობამ უარესი მიქნა. თავი ვერ შევიკავე, გადმოყუდება ძლივს მოვასწარი, გული ამერია. - ჯანდაბა! - სისიმ თმა უკან გადამიწია და შუბლზე ხელი მომადო. - არა, სისი... დუჩე არა... - გაგიჟებული მირეკავს, ტელეფონი ამიფეთქა, ყველგან გეძებს, სია. თან ასეთ სიტუაციაში ის ერთადერთია ვინც შენს დახმარებას შეძლებს! - არა, მან არ უნდა გაიგოს... არ გესმის... გონება დამებინდა, ენას ვეღარ ვიმორჩილებდი. მოგონებები და კადრები ერთმანეთში აირია - ეკატერინეს ბაღში ვიყავით, დუჩე მაგრად მიკრავდა გულში და სახეზე თბილად მეალერსებოდა. თოვდა, ციდან პაწაწინა ფანტელები ნარნარით ეშვებოდნენ და ტუჩებზე მაკვდებოდნენ. დუჩე თითოეულ დაცემულ ფიფქს ენით მილოკავდა და მომხიბვლელად მიღიმოდა. რა მშვენიერი იყო... მისი ღიმილი... თეთრი, ქათქათა ღიმილი. თვალები, ჭაობისფერი თვალები... ჩემს სამოთხეს ამ თვალების ფსკერზე ვხედავდი, მისი მზერა, თბილი... არა... მხურვალე, იმდენად მხურვალე, რომ გაყინულ სულზე მეხებოდა, ყინულის ზოდებს დაუნდობლად ამსხვრევდა და თავისკენ მიზიდავდა. - აქ ვარ... შენთან ვარ... საფრთხე აღარ გემუქრება, ჩემთან ხარ და ხელიდან ვეღარ დამიძვრები, წასვლის უფლებას არ მოგცემ! - ჩამჩურჩულა ხმამ. - სულ ასე ამბობს... - გამეცინა - რა სულელია... ნეტავ იცოდეს... ნეტავ იცოდეს... - ბოდავს? - ჰო, მაგრამ ეს ბუნებრივია, ნუ ინერვიულებთ, მძიმე ტვინის შერყევა აქვს. პაციენტს ახლა მხოლოდ სიმშვიდე სჭირდება, მასზე ჩვენ ვიზრუნებთ, შეგიძლიათ გვენდოთ. - არა, წასვლას არ ვაპირებ, მასთან დავრჩები. - აზრი არ აქვს, მას თქვენი არ ესმის, ახლა ცნობიერება არეული აქვს. - მასთან ვრჩები-მეთქი. თუ ყველაფერი გაუკეთეთ რაც საჭირო იყო, მარტო დამტოვეთ. - როგორც ინებებთ. ეს კარის ჯახუნის ხმა იყო? ნუთუ ამხელა ხმა ჰქონდა? მეხის ჩამოვარდნას ჰგავდა. მაგრამ ეს ხმა... ეს ხმა აქ რას აკეთებდა? რატომ ჩამესმოდა მისი ხმა ასე ახლოდან? სად ვიყავი? უსასრულობაში დავიკარგე, თუ მოვკვდი? - მკვდარსაც არ მასვენებს? მართლა ჯიუტია... აქაც მომწვდა... სულელი... - ნეტავ გამაგებინა რას ბოდავ, იმედი მაქვს ჩემზე ბოდავ. ხომ გახსოვს რა გაგაფრთხილე? თუ სხვას გაეკარები გულს გაგიხვრეტ-მეთქი! უსასრულობაში დავიკარგე, მაგრამ მისი ხმა ისეთი რეალური იყო... ისევ მემუქრებოდა, ნეტავ ახლა რაღა დავუშავე. ხელზე რაღაც მეწვეთებოდა, მაღლა ახედვა ვცადე... აქაც წვიმდა? ნუთუ შეიძლება ასეთ ადგილას წვიმდეს? თბილი წვიმა იყო, წვეთ წვეთობით მეცემოდა მაჯაზე. როგორი სასიამოვნოა... მსიამოვნებს ამ პატარა წვეთების შეხება, რაღაცას მახსენებენ... არა, რაღაცას არა, ვიღაცას... - ყველაფერი კარგად იქნება სია, გვერდიდან არ მოგშორდები სანამ არ გაიღვიძებ, მშვიდად იძინე... ტუჩები ამეწვა, რაღაც თბილი შემეხო. ტკბილი იყო, მესიამოვნა... კიდევ მომინდა, მომეწონა... მისმა შეხებამ თითქოს გამომაცოცხლა... კი მაგრამ, როგორ მეთქვა რომ კიდევ მინდოდა? აქ მგონი ვერავის ვერაფერს ვაგებინებდი. ჩემი ხმა არავის ესმოდა. რა უცნაური ყოფილა სიკვდილი. მეგონა სამოთხე და ჯოჯოხეთი არსებობდა, აბა ეს რა იყო?! გაურკვეველი ხმები ჩამესმოდა და უცნაური შეგრძნებები მქონდა, სიკვდილის შემდეგ კი წესით ვერაფერი უნდა იგრძნო, არა? - თბილია... მინდა... უთხარით ვინმემ... კიდევ მინდა... - ჩუმი სიცილი მომესმა. ზემოდან ვიღაც დამცინოდა. გავბრაზდი. - კიდევ გაკოცო? მგონი თავს მაჩვენებ და გონზე ხარ. ტყუილი რაში გჭირდება, მითხარი და გაკოცებ, არ მეზარება. რაო? სიტყვები აბდაუბდა ჩამესმა გონებაში. გრძელი წინადადება იყო, აზრი ვერ გამოვიტანე. კოცნა... ეს კოცნა იყო?... თბილი და ტკბილი... არა, კოცნა ვერ იქნებოდა. მას არ შეუძლია ასეთი ემოციების გამოწვევა... ეს გაცილებით მეტი იყო... რაღაც სიცოცხლის ელექვით, აი ჰარი პოტერში, რომ იყო, ქვა... მოიცა, რას შვებოდა ის ქვა? დამავიწყდა. - ანუ არ გჯერა? მოდი ისევ ვცადოთ... ტუჩებზე რაღაც შემეხო, ეს აღარ იყო თბილი... არა... მწვავდა, მთელს ორგანიზმს მიწვავდა, ძარღვებში ადრენალინივით დამიარა ცხელმა ტალღამ და მთელი ტანი დამიჭიმა. თითქოს უსასრულობაში დაკარგულმა ზედაპირზე ამოყვინთვა დავიწყე, შავი ბურუსი ნელ-ნელა იფანტებოდა, კანის ტემპერატურა მატულობდა... დამცხა, საშინლად დამცხა. ორგანიზმს ისევ უვლიდნენ ცხელი, მწველი და ვნებიანი ტალღები... ტუჩები გამითბა, გამიხურდა. ნეტავ არ გაჩერებულიყო, არ შეეწყივტა ამის კეთება... ბნელი ბურუსი საბოლოოდ დამნებდა, თვალებიდან ბინდი გადამეყარა და გონს მოვედი. დუჩე ჩემს ტუჩებზე დახრილიყო და ვნებიანად მკოცნიდა. - როგორც იქნა, - ამღვრეული მზერით მომწყდა და მომხიბვლელად გამიღიმა - დამიბრუნდი. არადა მეგონა ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდებოდა, მაგრამ ამ წამს კოცნით მოგიყვანე გონს. - დუჩე... - მისმა დანახვამ შვება მომგვარა, თვალის კუთხეებიდან კი ცრემლებმა გამოჟონეს, გული ამიჩუყდა. - შენთან ვარ, ყველაფერი რიგზეა, ნუ ტირი - ცრემლები ტუჩებით შემიმშრალა და სახეზე ნაზად მომეალერსა - ვიცი რომ ჩემი დანახვა შენში ენით აუწერელ ემოციებს იწვევს, მაგრამ ნუ ტირი, ვერ ვიტან ამას... - სულელო, - გამეცინა და მისუსტებულმა მიმოვიხედე - სად ვარ? - საავადმყოფოში. აქ კარგი ექიმები არიან, სულ მალე გამოკეთდები. მაშინ არ უნდა გამეშვი, ტყუილად დაგიჯერე, ისევ ხათაბალაში გაყავი თავი, ამჯერად სერიოზული დაზიანება მიიღე! ახლა კითხვებს მხოლოდ იმ მიზეზით არ გაყრი, რომ შენი გადაღლა არ შეიძლება. როცა მომჯობინდები ამაზე მერე ვისაუბრებთ. - სისი და სანდრო... - ტუჩზე ვიკბინე, წარმოდგენა არ მქონდა აქ როგორ ამოვყავი თავი. - ორივე სახლში გავუშვი, მათ აქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. პალატში არავის უშვებენ. - შენ ხომ აქ ხარ? - მე ყველგან მწვანე მაქვს, - ჩაიცინა ალმაცერად - შენსავით კი არ დავიპარები პალატებში წრუწუნასავით. გაბრაზებულმა შევუბღვირე, ჩემი სახის გამომეტყველებაზე გაეცინა, დაიხარა და ისევ მაკოცა. - მიყვარს რომ ბრაზდები, ტუჩები საყვარლად გებურცება. - უნდა წახვიდე? - გინდა რომ წავიდე? - გამომხედა ეშმაკურად. - თუ გინდა წადი. - ხანდახან როგორი ბავშვი ხარ! მიიწიე, დღეს შენთან ვიძინებ! ლოგინში შემომიწვა და მკერდზე ფრთხილად მიმიკრა. კმაყოფილმა ამოვიხვნეშე და გულზე თავი დავადე. ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, რომ უარესად გამაბრუა. - თავი ხომ არ გტკივა? - მკითხა მზრუნველად და თმაზე ხელი გადამისვა. - ცოტათი, უფრო გაბრუებული ვარ და ყურები მიწუის. კეფაც მტკივა, მგონი ყველა სიკეთესთან ერთად წნევაც მაქვს. - რაო? - გამხიარულებულს სიცილი აუტყდა, ნიკაპქვეშ თითი ამომდო და თავი ამაწევინა - რა დროს შენი წნევაა, მართლა რა მაგრად დაგირტყამს ეგ ბატი თავი. - არ ვარ ბატი. არ მიყვარს ბატები, ბავშვობიდან მეშინია ბატების. - დუჩემ ტუჩზე იკბინა რომ სიცილი შეეკავებინა. - რატომ, ხომ არ გიკბინეს შემთხვევით? - ჰო, ერთხელ. - შევუბღვირე გაგულისებულმა. - სად? - არ გეტყვი! თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი წასკდა. ისე გულიანად ახარხარდა, რომ მეც გამეცინა, არადა სულაც არ მეცინებოდა, საჯდომი ორი დღის განმავლობაში მწარედ მტკიოდა. - მეტყვი, თუ ჩემით მოვძებნო? - მკითხა ეშმაკურად, როცა სიცილისგან გული იჯერა. - ჩემთვის გადაღლა არ შეიძლება, ნუ ფართხალებ! - სიტუაციებით მანიპულირება კარგად გამოგდის, - ჩეღიმა და ტუჩებზე თითი გადამისვა - ავტობუსში რას დაგპირდი გახსოვს? - გამომხედა წამონთებული მზერით. - რა?! - ვხუმრობ, რა გჭირს, ფერი ნუ გეცვალა. მედიკამენტებით აყროლებულ პალატაში არ ვაპირებ ამის გაკეთებას, - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა - ახლა კი, მოდი ჩემთან. თვალები დახუჭე და დავიძინოთ. გულში ჩამიკრა და ხელები წელზე შემომხვია. მის მკლავებში მყუდროდ მოვკალათდი და თვალები დავხუჭე. დაძინება და დასვენება მინდოდა, მაგრამ უცნაური გრძნობა თავს არ მანებებდა, თითქოს რაღაც დამავიწყდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც კი ამაზე ფიქრს ვიწყებდი გული სევდით მევსებოდა. მისი თავიდან მოშორება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. - დუჩე... - ჰო, - თავი წამოსწია და ინტერესით შემომხედა - რა იყო? - კოცნით მარტო გამოღვიძება შეიძლება? - ვკითხე მორცხვად. ვიგრძენი ლოყები როგორ შემეფაკლა. წამით დაიბნა, ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი, შემდეგ კი წითელ ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი გადაეფინა. გვერდულად ჩაეცინა, დაიხარა და მისი ტკბილი ბაგეები ისევ შეერწყა ჩემსას. გამოვიდა, უცნაურმა გრძნობამ თავი მანება და სადღაც ბნელ კუნჭულში მიიმალა. მართალია, შინაგანი აღელვება არსად გამქრალა, არც სიმშვიდეს დაუსადგურებია ჩემში, როგორც ეკესთან მემართებოდა ხოლმე, მაგრამ სული გამითბა, გულში კი ძლიერი გრძნობა ამითუხთუხდა, გრძნობა რომელიც მწამდა, რომ ყველაფერს დამაძლევინებდა, მათ შორის სიკვდილსაც... **** ალბათ კვირაზე მეტი გავიდა, რაც საავადმყოფოს პალატაში გამომამწყვდიეს და წასვლის საშუალებას არ მაძლევდნენ. დუჩემ კართან თავისი მცველები დამიყენა, რომ ჩუმად გაპარვა ვერ მომეხერხებინა, სანამ თვითონ ცოტახნით იყო ხოლმე გასული. ნელ-ნელა უკეთ ვხდებოდი, აღარც თავბრუმესხმოდა და აღარც გულისრევის შეგრძნება მიწვავდა გულ-მუცელს. ერთ საღამოსაც, როცა ექიმმა რაღაც საზიზღარი წამლის დალევა მაიძულა, კართან ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაც პალატაში შემოსვლას ლამობდა და მცველები არ უშვებდნენ. - კი მაგრამ, რა ხდება? ექიმი შუბლშეკრული გაემართა დერეფნისკენ. მე კი მაშინვე დანას ვტაცე ხელი, რომელიც იქვე ტუმბოსთან იდო და საბნის ქვეშ დავმალე. ნერვები ისედაც დაჭიმული მქონდა, ყოველდღე ველოდი ტატუებიანი მკვლელის გამოჩენას. - აქ რა ხდება?! ექიმის კარის გაღებისას შევამჩნიე ვინ ცდილობდა ჩემთან შემოღწევას. შიში და აღელვება გაქრა, ადგილი კი სიბრაზემ და სევდამ დაიკავა. - ახლავე გამატარეთ! იქ ჩემი შვილი წევს, გესმით?! ხელები მომაშორეთ! - ასე როგორ შეიძება? ეს საავადმყოფოა, პაციენტებს აწუხებთ! მოვითხოვ დაუყონებლივ დატოვოთ შენობა! - მკაცრად უბრძანა ექიმმა. - შემოუშვით! - ბატონმა ქავანამ, თქვენი ორი მეგობრის გარდა, ყველას შემოშვება ამიკრძალა. - ყველაფერი რიგზეა, შემოუშვით! - წამით შეყოყმანდა, ბოლოს ამოიოხრა. - კარგი, მხოლოდ ცოტახნით. პაციენტი ჯერ კიდევ სუსტადაა, ნუ გადაღლით! - შუბლშეკრულმა შეხედა მამაჩემს და წავიდა. მცველები ჩამოეცალნენ და მამაჩემი პალატაში შემოუშვეს. ზვიადმა კარი მიხურა და შეშფოთებული სწრაფად მომიახლოვდა. - სია, როგორ ხარ? - აღელვებულმა ყურადღებით შემათვალიერა, მზერა კი ჩემს სახეზე გაუშტერდა. ღრმა ნაიარევები ჯერ კიდევ მეტყობოდა ლოყაზე. - რისთვის მოხვედი? - ვკითხე ცივად. - როგორ თუ რისთვის? ჩემი შვილის სანახავად! რა დაგემართა? თავს ვინ დაგესხა? მითხარი, ყველაფერი მომიყევი, გაჩენის დღეს ვაწყევლინებ! ზვიადს ყურადღებით დავაკვირდი. გულწრფელად მიყურებდა. ესე იგი, ზოიძეს მისთვის არაფერი უთქვამს. ან რას ეტყოდა, იმ ძუკნას, ვისაც მოსაკლავად დავდევ შენი შვილიაო?! ისიც საფრთხეში იყო. რახან ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ეს იმას ნიშნავდა რომ ზოიძეს ის ჯერ კიდევ სჭირდებოდა, მაგრამ როგორც კი ჩემთან დაამთავრებდა, მასაც გაუსწორდებოდა. - კარი შიგნიდან გადაკეტე! - რა? - ჩემმა პასუხსმა დააბნია. - კარი შიგნიდან გადაკეტე-მეთქი, სალაპარაკო მაქვს შენთან. წამით შეყოვნდა, შემდეგ კი დამემორჩილა, კარი გადაკეტა და წარბშეკრული მომიახლოდა. - რა ხდება, სია? - რაღაცას გკითხავ და ტყუილი არ გაბედო. - ვერ გავიგე? - რა გაკავშირებს ზოიძესთან? - ბარიგის სახელის ხსენებაზე გადაფითრდა. - შენ... შენ, როგორ... - კითხვა დაგისვი და მიპასუხე, მხოლოდ სიმართლე! - წავისისინე გამძვინვარებულმა - რა გაკავშირებს ზოიძესთან-თქო?! - ჩემი კლიენტია, კაზინოს საქმეში რამდენჯერმე დავეხმარე. შენ საიდან იცნობ? - კაზინოს საქმეში კონკრეტულად რას გულისხმობ? - სია, ვერ ვხვდები რაზე მიმანიშნებ. - მშვენივრად ხვდები! - შევუღრინე ნერვებმოშლილმა - რამდენი ხანია რაც „შავ იატაკს“ აპრავებ? მაგის გარდა კიდევ რამდენ სიბინძურეში გირევია ხელი? რამდენად შორს გაქ შეტოპილი, მამა?! სახე შეეცვალა, ტუჩები გაულურჯდა და დაბნეული დაეშვა სკამზე. მის სახეზე ყველაფერს ვკითხულობდი, ის კი არ აშინებდა, რომ მე მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, არა, ის აშინებდა თუ საიდან ვიცოდი ამის შესახებ. - შენ... საიდან... - ყელი გაუშრა და აღელვებული ჰალსტუხს დაეჯაჯგურა. - მე ხომ გაგაფრთხილე, არა? გაგაფრთხილე თავი მათგან შორს დაიჭირე-მეთქი, გითხარი კიდეც რასთან გქონდა საქმე, მაგრამ არ მომისმინე. რატომ არასდროს მისმენთ, არც შენ და არც შენი ცოლი! - სიბრაზიზგან ხელები მიკანკალებდა. - Черный список-ი... ის... ენას პირში ვერ ატრიალებდა, ვერ წარმოთქვა სიტყვები Черный список-ი შენ ხარო. სახეზე ფერი უფრო და უფრო ეკარგებოდა. - გაინტერესებს აქ როგორ მოვხვდი? ზოიძის აყვანას ვაპირებდი, საყვარელთან მივაკითხე და იცი იქ ვინ დამხვდა? იცი?! - ვიყვირე თვალზეცრემლმომდგარმა - შენი ყოფილი ცოლი, ჰო! იცოდი? დედაჩემი და შენი ბოსი საყვარლები იყვნენ! როცა ვცადე ამხესნა, რომ საფრთხეში იყო და მისი წამოყვანა დავაპირე, სახეში ლარნაკი შემომაფშვნა, სასიკვდილოდ გამიმეტა და იმ ახვართან გაიქცა. შედეგად კი კარის ზღურბლს ვერ გასცდა. ზოიძის ქილერმა შუბლი შეუნგრია. გვამი კი ალბათ ისე გააქრეს რომ კარგა ხანს ვერვინ იპოვის. შემომხედე, ზვიად, შემომხედე! ვიცი რომ დედაჩემი არასოდეს ყოფილა კარგი დედა ან კარგი ცოლი, მაგრამ ჩვენი საქმე ასე უნდა წასულიყო? შენ ვიღაც ბარიგას პირად დამლაგებელად უნდა ქცეულიყავი და დედაჩემი მის ნაშად? მთელი ეს დრო, უცნობ აჩრდილებს დავსდევდი და რამდენი ნიღაბიც ჩამოვგლიჯე სახიდან, მათ ადგილას საყვარელი ადამიანები აღმოვაჩინე. მითხარი, როგორ არ უნდა მძულდეთ ყველანი?! როგორ არ უნდა გაგანადგუროთ ყველა იმ ბინძურ ქვეწარმავლებთან ერთად? როგორ არ უნდა მეზიზღებოდე, მითხარი!!! - დედაშენი... - თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა - მკვდარია? - და ზოიძე მალე შენთვისაც მოიცლის. მის შავ სიაში პირველი თუ არა, ბოლო ნამდვილად არ წერიხარ! უკანასკნელად გაფრთხილებ, ჩამოშორდი მაგ ნაბოზარს, თორემ აქედან რომ წამოვდგები და მას მივწვდები, ის ერთადერთი არ იქნება ვისაც გავსრეს! - კატერინა... - თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა - ჩემი კატერინა... სახტად დავრჩი და ზვიადს მივაჩერდი. თვალებს ვერ ვუჯერებდი, მაგრამ რაც დედაჩემის სიკვდილი ვუხსენე, მგონი მას შემდეგ არცერთი სიტყვა აღარ შესვლია თავში. იჯდა თვალებგაფართოებული, სახეწაშლილი და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა ლოყებზე. - შენი? - სიმწრით გამეცინა - ის შენი არასოდეს ყოფილა, ზვიად. იმიტომ კი არა, რომ არ უყვარდი, არა, შენ არასდროს ჩაგითვლია ის შენს საკუთრებად. რაც თავი მახსოვს დროს მუდამ საყვარლებთან ატარებდი. წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ ეს ყველაფერი გულს მირევს. თქვენ ორნი სიყვარულის ყველაზე მახინჯი გამოვლინება ხართ. საკუთარმა სიბილწემ ორივე დაგალპოთ და ეგ ობი ნელ-ნელა ჩემზეც გადმოდიოდა, ალბათ ამიტომაც გაგექეცით. - სია, - აცრემლებულმა შემომხედა - ასე ნუ ამბობ. - ყველაფერი შენი ბრალია. არასოდეს ყოფილხარ მამა! არასოდეს ყოფილხარ მზრუნველი მშობელი! ყველა კაცსში შენს მახინჯ სახეს ვხედავ, შენს გახრწნილ, მოღალატე ბუნებას და ამის გამო მძულხარ. მძულხარ იმ შიშების გამო, რაც შენს გამო სულში ასე ღრმად მაქვს აღბეჭდილი. ჩემი დამახინჯებული ცხოვრება მხოლოდ შენი ბრალია და ყველაზე უარესი იცი რა არის? მიუხედავად ამხელა სიძულვილისა მიყვარხარ და შენ ამ სიყვარულის ღირსი არ ხარ! არ ვიცი რა უფრო მტკენს და მანაწევრებს, შენს მიმართ ზიზღი თუ სიყვარული. თვალებში გიყურებ და მრცხვენია რომ მამაჩემი ხარ. საკუთარი თავი მძულს, რომ ამ სიტყვებს იმ კაცს ვეუბნები, რომელიც ჩემთვის სამაგალით უნდა ყოფილიყო, ჩემთვის სუპერმენივით უნდა ყოფილიყო ბავშვობაში. ძლიერი საყრდენი უნდა ყოფილიყავი, შენ კი არცერთი მათგანი არ ყოფილხარ და ალბათ თავს დამნაშავედ არც უნდა ვგრძნობდე, მაგრამ ვგრძნობ და ამის გამო კიდევ უფრო ვერ გიტან! მთელი ამდენი წლის ნაგროვები ბოღმა ერთდროულად ამოვუშვი. გული სიბრაზიზგან ისე გამსიებოდა, რომ მეგონა ნებისმიერ წამს შეძლებდა შუაზე გასკდომას. ყველაფერი სახეში მივახალე რასაც ვფიქრობდი, მაგრამ ამან შვება ვერ მომგვარა, პირიქით, თითქოს სული უფრო დამიმძიმდა. დანაშაულის გრძნობის გირები მძიმედ დამეკიდა სინდისზე და სუნთქვა გამიჭირდა. მიუხედავად ამხელა მრისხანებისა და იმ მწარე გრძნობებისა, რომლებიც ჩემში ბობოქრობდნენ, მაინც გულს მტკენდა მისი ასეთი სახის დანახვა. როგორი სახის? - ტანჯულის. - მართალი ხარ, - დაილაპარაკა ხმაჩახრინწულმა და აცრემლებულმა ამომხედა - მაპატიე. - ჩამოშორდი ზოიძეს, თავი ისე დაიჭირე ვითომ არაფერი იცი. მან ჩემი ვინაობის შესახებ ყველაფერი გაიგო, მაგრამ შენთვის არაფერი უთქვამს, არც გეტყვის. ჩემი მოკვლის შემდეგ კი შენ მოგაკითხავს. - ამის უფლებას არ მივცემ! - წაისისინა ერთიანად აკანკალებულმა. - მორჩი! მე ეს ყველაფერი იმისთვის არ მითქვამს, რომ სისულელე გააკეთო და მის მახეში საკუთარი ნებით გაება. ჩუმად იჯექი და ყურადღება არ მოადუნო, საკუთარ თავს თავად მივხედავ. - არა! ვერ დავუშვებ რამე დაგიშავდეს! - გეყოფა! მე ეს წლები დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, ვიცი როგორ უნდა გადავრჩე სასტიკ სამყაროში. შენი დახმარება არაფერში მჭირდება. მომიყევი რა იცი „კოლიბრის“ შესახებ, ვინ არის მომწოდებელი? როგორ გამოჩნდა ბაზარზე? - გიყურებ და ვერ აღვიქვავ, რომ ჩემი შვილი სწორედ ის Черный список-ია ვისზეც კრიმინალური სამყარო გააფთრებული ნადირობს. ახლა ვხვდები, მაშინ უნივერსიტეტში, ასე რატომ გაბრაზდი, როცა მას გარეშე კრიმინალი ვუწოდე, უფრო სწორად გიწოდე. - მომწოდებლის შესახებ რამე ხომ არ გაგირკვევია? არ იცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? - წავუყრუე. - არა, წარმოდგენა არ მაქვს, პოლიციას არანაირი ცნობები არ მოეპოვება ამის შესახებ. - იცი რას უკეთებს ნარკოტიკი ხალხს? - ვიცი რომ სხვადასხვა გამოვლინება აქვს. შემადგენლობას აშკარად უცვლიან, ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობენ. - ზოიძემ ყველაფერი იცის, ამაში დარწმუნებული ვარ. ის თავისი „შავი იატაკით“ ავრცელებს ამ საზიზღრობას. შიგნით შეღწევა ვერ მოვახერხე, იქ მოსახვედრად ბევრი ფულია საჭირო, ამიტომ ვცადე მისი აყვანა, მაგრამ დამასწრეს. - რისთვის გადაგეკიდა, რა უნდა შენგან? აქამდე ხომ ასეთ საქმეებში არ ერეოდი? როგორ ამოყავი თავი ამ სიბინძურეში? - გრძელი ამბავია, ამას არც აქვს მნიშვნელობა. ახლა კი შენი წასვლის დროა, მალე აქ დუჩე მოვა. სანდროც და სისიც მალე დაბრუნდებიან. - მათ იციან? - გამომხედა მრავალმნიშვნელოვნად. - დუჩემ არა, დანარჩენებმა კი. - ეს ის ბიჭია? ნოვა ქავანას შვილია? - ჰო. - მასთან სიფრთხილე გმართებს, შენ მასზე ბევრი რამ არ იცი. - როგორც მან ჩემზე, - გამეცინა ირონიულად - ეს არაფერს ცვლის, რომც გავიგო რომ რამე ბინძურში ურევია ხელები, ჩემთვის არაფერს შეცვლის. - მე ბინძური არ მიგულისხმია. ის სახიფათო და უკონტროლოა, სია. საკუთარი მამაც კი ვერ მოსდის თავს. - მაშინ კიდევ უფრო მომწონს! ეს იმის გარანტიაა, რომ დამოუკიდებლად აზროვნება და ცხოვრება შეუძლია. ეს ნაკლი არაა, ეს ღირსებაა. რამდენიმე ხანს მიყურა, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. თვალებში გაურკვეველი ემოციები დასთამაშებდნენ. - მითხარი, რატომ ამოეფარე Черный список-ის ნიღაბს? რატომ აკეთებდი ამ ყველაფერს? - ვიაზრებ რომ ქვეცნობიერად მე ისევ ჩემს ოჯახს ვებრძოდი. ახლა ვხვდები რომ ეს სისულელე იყო. ღალატი ვერ იქნება იქ, სადაც სიყვარული არ არის, ჩემს ოჯახს კი ეს გრძნობა არასოდეს აკავშირებდა. ალბათ, ამიტომ წავედით ყველა ჩვენ ჩვენს გზაზე... - ოდესმე შეძლებ ჩვენს პატიებას? - ვერა... ჩემში ამდენი ძალა აღარ დარჩა, ზვიად! სევდიანად შემომხედა, შემდეგ ნელა დამიქნია თავი და კართან მივიდა, საკეტი გადაატრიალა და ბოლოჯერ გამომხედა. - თავს გაუფრთხილდი სია, შენ მე მართლაც არაფერში გჭირდები. - ზოიძეს ჩამოშორდი, საერთოდ გაერიდე აქაურობას, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. მუქარას აგისრულებ იცოდე, მასთან ერთად შენც ჩაგძირავ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ასე არ წერია თქვენს მაიმუნების კოდექსში, რომელიც შენ სამართალდამცავად გაქცევს მე კი გარეშე კრიმინალად? - ზვიადს ჩაეცინა, თვალებში სითბო ჩაუდგა. - თურმე ცხოვრებაზე არაფერი მცოდნია, გიყურებ და ამას ნათლად ვიაზრებ. გაგერიდები, ეცადე ამ ომში არ დამარცხდე. მე კიდევ მსურს შვილის ნახვა, იქნებ ერთ დღესაც შეძლოს და მაპატიოს ყველაფერი. შენს მზერაში ჩემს გოგოს ვერ ვხედავ, სხვა ხარ, სრულიად სხვა პიროვნება... კარი გაიხურა და წავიდა. მარტო დავრჩი. გაბრუებული ბალიშებს მივესვენე და თვალები დავხუჭე. გაინტერესებს რას ვგრძნობდი? ვერაფერს. რატომ? - არ ვიცი. **** უკვე ღამდებოდა, როცა ექიმი კიდევ ერთხელ შემოვიდა პალატაში. კარის გაღებაზე თავი ავწიე, მეგონა დუჩე იქნებოდა, ან სანდრო ან სისი, მაგრამ მოლოდინი გამიცრუვდა, როდესაც ჭაღარათმიანი მამაკაცი საქმიანი იერით მომიახლოვდა. - ხვალ უკვე გაწერაზეც შევძლებთ საუბარს, მაგრამ სახლში რომ დაბრუნდებით ეცადეთ თავს მოუფრთხილდეთ. თუ თავბრუსხვევებს ისევ იგრძნობთ სასწრაფოდ უკან დაბრუნდით. - გასაგებია, თავს კარგად ვგრძნობ. არაფერი მტკივა და წოლითაც დავიღალე. - ხვალ, ჩვენგან დაისვენებთ. იმედი მაქვს ერთმნეთს აღარ შევხვდებით. - გამიღიმა თავაზიანად. - მეც იმედი მაქვს... ექიმო! - დავუძახე როცა წასვლა დააპირა, შეჩერდა და შემობრუნდა - დუჩე ხომ არ იყო მოსული, თუ იცით? - დიახ, იყო. მკურნალობის ხარჯები აანაზღაურა, შემდეგ კი თქვენი პალატისკენ წამოვიდა. რა, არ გინახავთ? ველურმა შიშმა ორგანიზმში გველის შხამივით დამიარა. გაიგო! ყველაფერი მოისმინა, ამიტომაც არ შემოვიდა. მამაჩემთან საუბარს ყური მოჰკრა... რა სულელურად მოვიქეცი! - სია, რა მოხდა? - არაფერი, ყველაფერი რიგზეა. დაცვა კიდევ მანდ დგას? - არა, 5 წუთით გავიდნენ ბუფეტში, მაგრამ მალევე დაბრუნდებიან. ვუთხარი მე ვიქნები პალატაში, სანამ თქვენ ყავას იყიდით-თქო, დავუძახო? - არა, არა - ვუთხარი საჩქაროდ - აქ არავინ შემომივარდება. ცოტა მოსულიერდნენ ისინიც ადამიანები არიან. - კარგი მაშინ, დროებით. ძილის წინ ისევ დაგხედავთ. - გმადლობთ, ექიმო. დაველოდე და როგორც კი კარი გაიხურა მაშინვე წამოვხტი. პატარა გარდერობს ვესცი და ჩემი ტანსაცმელი გამოვყარე. სწრაფად ჩავიცვი, ფეხსაცმელებიც ამოვიცვი და პალატის კარი ჩუმად გამოვაღე. დერეფანში მხოლოდ მედდები მიმოდიოდნენ. დრო ვიხელთე და გამოვიქეცი. სული მხოლოდ მაშინ მოვითქვი როცა უკვე ტაქსში ვჯდებოდი. ტელეფონი ამოვიღე და სანდროსთან გადავრეკე. - სია? - მიპასუხა გაკვირვებულმა. - სად ხარ? - შენთან მოვდივართ მე და სისი. ბოდიში, ცოტა შემაგვიანდა, საქმეები გამოჩნდა. - ახლავე უკან მიბრუნდით, ბინაში გნახავთ. - რატომ? მოხდა რამე? - მაშინვე ანერვიულდა. - ყველაფერს სახლში გეტყვი. ტაქსიში ვზივარ, უკვე იქ მივდივარ. - თუ მიმასწრებ გასაღები კედლის ღრიჭოში მაქვს შეტენილი და კარი გააღე. - კარგი. ტელეფონი გავთიშე და აკანკალებული ხელები სახეზე ავიფარე. არ მინდოდა ასე გაეგო, ასე არ უნდა გაეგო, არაფრის ახსნის საშუალება არ მომცემია. არც კი დამელაპარაკა. იქნებ ზედმეტად გავნერვიულდი, იქნებ მე მომეჩვენა ყველაფერი და არც არაფერი იცის? ვის ატყუებ სია, ვის ატყუებ?! ტაქსმა სანდროს კორპუსთან შემიჩერა, მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოში შევედი. სანდროს და სისის მოსვლა დავასწარი. კარი გავაღე და შიგნიდან ურდულით გადავკეტე. ის იყო ტელეფონი ამოვიღე, რომ უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა. გული უსიამოვნოდ შემიტოკდა, მაგრამ მაინც ვუპასუხე. - გისმენთ? - Черный список! აი თურმე როგორი ხმა გაქვს სინამდვილეში. ყურმილში ღრჭიალა ხმამ გაიჟღერა. თვალები დავხუჭე, ველოდი რომ ადრე თუ გვიან მოსაკითხად დამირეკავდნენ, ან უარესი, მომაკითხავდნენ. - აი შენ კი ვერ დაიკვეხნი, ხმის ლამაზი ტემბრით. მოსაკითხად რეკავ? ცოტათი დაკავებული ვარ, მოგვიანებით ხომ არ გვეჭორავა? - გოგონას კვალობაზე საკმაოდ გაბედული ხარ. გამიკვირდა კიდეც, იცი? მორგში არც ისეთი რომანტიკული შეხვედრა გამოგვივიდა, ამისთვის ბოდიში. - ძაანაც ნუ წაიტრაბახებ, გოგოს დარტყმები გაქვს! - დივანზე ჩამოვჯექი და სახეზე ხელი მოვისვი, გული საშინლად მიცემდა. უცნობი ახითხითდა. - როგორც ჩანს, კარგად გავერთობით. მისამართს ჩაიწერ თუ მოგწერო? - მორიგ პაემანს მინიშნავ? - ახლა მე გამეცინა - არ გეწყინოს მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები. - ჰო, ასეც შეიძლება ითქვას, მაგრამ მარტო ჩვენ ორნი არ ვიქნებით, სამწუხაროდ. - ვაუ, რამდენი მოგროვებულხართ. ერთ გოგოზე რამდენი ვაჟკაცი მოდიხართ მითხარი, დავინტერესდი. - მიყვარს როცა მსხვერპლი სიკვდილის წინ ბღავილის ნაცვლად კარგად ხუმრობს, გაცილებით სახალისოა. ნუ ეს პირველი შემთხვევაა ასეთი, მაგრამ მაინც. ბოლოს და ბოლოს, ცნობილი პიროვნება ხარ, სამარცხვინოდ ხომ არ მოკვდები?! - ნუ მიედ-მოედები, მითხარი რისთვის რეკავ! - მამაშენმა შემოგვირბინა მოსაკითხად და შენ რომ შეკრებაზე არ დაგპატიჟოთ მაგრად ტეხავს. რას იტყვი, დაესწრები წვეულებას? როგორც ვიცი, დიდად გულზე არ გეხატება ეს ტიპი და მაგიტო გეკითხები. ტანში სიცივემ დამიარა. გული შიშით ამევსო. უცებ თვალწინ დამიდგა ზვიადის ბოლო თბილი გამოხედვა და ცუდად გავხდი. მაინც მისწვდნენ! - მისამართ მომწერე - ვუპასუხე ყრუდ. თავი ოცდამეორე მიტოვებული ქარხანის წინ ვიდექი. ვიაზრებდი, რომ ჩემს დასასრულს მივუახლოვდი. აქედან ცოცხლად დაღწევის შანსი არ მქონდა. სიმართლე ვთქვა, ეს დიდად არც მანაღვლებდა. ერთადერთი ის მწყინდა, რომ დუჩეთვის ვერაფრის ახსნა ვერ მოვასწარი. ვერ მოვასწარი გამერკვია რატომ ვერ მიტანდა. სიკვდილის მიჯნაზე გავაცნობიერე, თუ რამდენი რამის თქმა ვერ შევძელი მისთვის. გამბედაობა არ მეყო მეღიარებინა, რომ მიყვარდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა სხვა დანარჩენს, უბრალოდ უნდა მეთქვა ეს, მინდოდა, რომ სცოდნოდა, მაგრამ მხდალი აღმოვჩნდი და ახლა უკვე ძალიან გვიანი იყო სინანული. სიმწრით გამეცინა, სინანული ყველაზე მწარე რამ არის, რაც შეძილება სიკვდილის წინ იგრძნო ადამიანმა... სანდრო და სისი ალბათ გაგიჟდებოდნენ სახლში რომ არ დავხვდებოდი, მერე ალბათ ან ტელევიზიით გაიგებდნენ ჩემი სიკვდილის ამბავს, ან ისედაც მიხვდებოდნენ, რომ აღარ გამოვჩნდებოდი. ნეტავ წერილს თუ იპოვიდნენ, რომელიც დავუტოვე?... სასაცილოა, ამ ზღურბლს გადავაბიჯებდი და უკან დასახევი გზა აღარც მექნებოდა, მე კი ათას სისულელეზე ვფიქრობდი. ადამიანები ალბათ ასე ვართ მოწყობილები, როცა ყველაზე მეტად გვეშინია, საყვარელ ადამიანებზე ვიწყებთ ფიქრს. იქნებ მათმა სიყვრულმა და მოგონებამ ეს ველური შიში დაგვაძლევინოს, მაგრამ, დამიჯერეთ - ილუზიაა! სინამდვილეში ის არსად ქრება, უბრალოდ ამაზე არ ფიქრობ, შიშს და სასოწარკვეთას მათი სახეები ფარავს, როგორც დამპალ იატაკს ძვირფასი ხალიჩა. იმის გაფიქრება, რომ სულ მალე ამ სამყაროს მიატოვებ, ყველაფერი, რაც კი აქამდე გიკეთებია, ამაო და სულელური ხდება. თითქოს მთელი ცხოვრება აბსურდულად გაატარე, მოიხედავ უკან და რა? რა შეგრჩა, შენ ადამიანო, რომელმაც მთელი შენი ცხოვრება მატერიალურ კეთილდღეობაზე ფიქრში გაატარე, დღეებს ათენებდი და აღამებდი ერთი ფიქრით - გადასახადები, სამსახური, ოჯახი, მოვალეობები, ხელოვნურად შექმნილი ურთიერთბები, ყალბი გრძნობები და ყველაზე დიდი იმედგაცრუება - მოტყუებული საკუთარი თავი. რა, რა მიიღე ცხოვრებისგან? არც არაფერი! რაც გინდოდა იმას არასდროს აკეთებდი რადგან, მინდას ყოველთვის „საჭიროება“ ენაცვლებოდა მოხერხებულად, შენი სურვილები კი ავტომატურად ინაცვლებდნენ მეორე პლანზე. გინდოდა გეტირა, მაგრამ იღმოდი, რადგან ასე იყო საჭირო. გინდოდა გეკივლა, მაგრამ იცინოდი, რადგან სხვას სუსტად არ ჩაეთვალე, გინდოდა ხელი გეკრა, მაგრამ მარტოობის შეგეშინდა, გინდოდა გეთქვა მიყვარხარ და იმედგაცრუების შიშმა გაგაზომბა, გინდოდა ზურგი გექცია ათასი მიზეზისთვის, რომელიც ხერგილად გაკვეხებულიყო შენსა და ბედნიერებას შორის, მაგრამ ისევ შიშებმა გაიძულეს მასთან მიწებება. იმდენად შეესისხლხორცე ამ შენს შიშებს და წინააღმდეგობებს, რომ ყველაზე მთავარი გამოტოვე ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ამქვეყნად ფასი აქვს, რაც ერთადერთია, რის გამოც სიცოცხლე ღირს - სიყვარული. უამრავმა სტერეოტიპმა, შიშმა, სიამაყემ, ეჭვებმა და გაუბედაობამ სულში ჩაგაფურთხეს და ცარიელი დაგტოვეს. სრულიად ცარიელი და გამოუსადეგარი. საკუთარი ხელითვე მოისპე სიცოცხლე და დაანგრიე ის რისი აშენებაც შეგეძლო, მაგრამ ძალა არ გეყო. გეცნო პაზლების ქურდი? გეცნო?! ეს შენ იყავი და არავინ სხვა, შენ და მხოლოდ შენ... ნუ დააბრალებ გარემო პირობებს, ნუ დააბრალებ წინააღმდეგობებს, ნუ დააბრალებ შენ სისუსტეს ვინმე სხვას. გაინტერესებს ვინ არის ქურდი, რომელმაც ცხოვრება მოგპარა? რომელმაც მნიშვნელოვანი პაზლები ამოგაცალა და სურათის დამთავრების საშუალება არ მოგცა? ისე დაუნდობლად წაგართვა ყველა შესაძებლობა, რომ მთელი წვალება წყალში ჩაგეყარა?! - მაშინ სარკეში ჩაიხედე და თვალი გაუსწორე პაზლების ქურდს, რომელმაც ცხოვრება მოგპარა. უაზროდ დაბორიალობდი, აბსტრაქტულ სივრცეში ხელებს აფათურებდი, გაურკვეველ პაზლებს ერთმანეთს აწებებდი და ბოლოს აღმოაჩინე, რომ სინამდვილეში ნახატს კი არ აწყობდი, იმ ბილიკს საკუთარი ხელით ხერგავდი, რომელიც ლაბირინთიდან მშვიდობიანად გამოგიყვანდა! აღრენილმა ქვეცნობიერმა მთელი სიმართლე დაუნდობლად მომახალა სახეში, თითქოს უკანასკნელად მკიცხავდა ჩემი შეცდომებისთვის, უკანასკნელად შემახსენა, რომ სუსტი ვიყავი და ახლა, როცა ამ დაჟანგებულ და დაცხავებულ კარს უიმედოდ შევცქეროდი ესეც ჩემი ბრალი იყო. გულში კიდევ ერთმა სახელმა გამკრა მტკივნეულად - ეკე, ჩემი საყვარელი მეგობარი. მისთვის მადლობის თქმაც კი ვერ შევძელი იმ სიყვარულისთვის, რომელსაც უანგაროდ მაძლევდა. ალბათ ახლა აქ რომ ყოფილიყო ისევ სიმშვიდის გრძნობა დამეუფლებოდა. გჯერა? სიკვდილის აღარ შემეშინდებოდა, ასე ძალიან აღარ. ის კუდიანი მართალი აღმოჩნდა, მისი წინასწარმეტყველება ამიხდა, მე მალე შევხვდებოდი ჩემს დასასრულს. გული კი იმაზე მწყდებოდა, რომ ეს არ იყო ის დასასრული რომელიც ხშირად წარმომედგინა ძილის წინ. წარმოგიდგენია როგორი ეგოისტი ვარ? გული მწყდებოდა, რომ დუჩეს ტყვია არ მიხვრეტდა გულს, როგორც სულ მემუქრებოდა ხოლმე... ზოზინს და ფეხისთრევას აზრი არ ჰქონდა, სახელურს მორჩილად მოვკიდე ხელი და კარი შევაღე. უზარმაზარი ქარხანა, რკინა-ბეტონით და ათასი ხარახურით იყო სავსე, სადაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან დაჟანგებული რკინები და არმატურები ეყარა. აი ცენტრში კი ხალხი შეკრებილიყო. მამაჩემი სკამზე დაეკოჭათ და პირი აეკრათ. ერთი ნიღბიანი თავს ადგა, ქურთუკის სახელოები მაღლა აეწია, მარცხენა მკლავზე ტატუ მოუჩანდა. ამჯერად მისი სრული სახე დავინახე, რაღაც ურჩხული იყო, ქიმერას ჰგავდა, მთლიან მკლავზე ატოტილიყო, ხახადაფჩენილი ბოროტი თვალებით იცქირებოდა, ბანჯგვლიანი და ეკლიანი კუდი კი ავად ეკლაკნებოდა. გამეცინა, რა უფანტაზიობაა! ნიღბიანი ტიპის გვერდით, სკამზე კი თვით დავით ზოიძე წამოტრანცულიყო. შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი ისეთი სახით იჯდა, თითქოს რაიმე მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფებოდა და მენტალურად ემზადებოდა, რომ თავისი ბანძი პროდუქტი ინვენსოტრებისთვის კარგ ფასად შეესაღებინა. მგონი თვითგადარჩენის ინსტიქტი საერთოდ დამიქვეითდა. ღიმილით გავაბიჯე შეკრებილებისკენ. - სხვა თუ არაფერი საბრინა თავისი სოროდან გამომძვრალა. წინგადადგმული ნაბიჯია, დავით, ყოჩაღ! მივუახლოვდი და საძულველ მტერს აგდებით შევხედე თვალებში. მერე რა რომ მეშინოდა, მერე რა რომ მამაჩემის სასოწარკვეთილი მზერა გულ-მუცელს მიყინავდა, ამ ბოზბანდის თანდასწრებით წამითაც არ გამოვავლენდი შიშს! ზოიძეს სახე სიბრაზიზგან მოეღრიცა და ფეხზე წამოიჭრა. - ესე იგი, შენ ხარ ის ძუკნა, ვინც ამდენ ხანს, სირულ ნიღაბს ამოფარებული, მაშანტაჟებდა? - ხელი მოიქნია და მთელი ძალით გამცხო სახეში. მამაჩემმა დაიღმუვლა და აფართხალდა. ტვინშერყეულზე ამ საცოდავმა დარტყმამაც კი შესამჩნევად დამაზიანა. თავბრუდამეხვა და ოდნავ წავბარბაცდი. - შენ და შენს შნირს დარტყმა არ გივარგათ. სხვა დროს ბიტა სცადეთ, ან ძალაყინი. არ შერცხვები მაინც, ქათამო! - ცივად ჩავიცინე და გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოვიწმინდე. - ვერ ვხვდები, ამხელა თავდაჯერებულობა საიდან გაქვს?! - ზოიძე წამონთებული მზერით ამესვეტა წინ - დღეს შენ მოკვდები და ამ ნაბიჭვარსაც ზედ დაგაყოლებ. - გველური მზერით მამაჩემზე მანიშნა. - აი ეგ, მოკვდება თუ არა მაგრად , მართალი გითხრა. მაგის გამო არ მოვსულვარ აქ, - გვერდი ავუქციე და სკამზე ჩამოვჯექი. ზოიძე გაოცებული შემობრუნდა და ეჭვით ჩამაკვდა თვალებში - წვეულებაზე მომიპატიჟეს და მეც მოვედი. ბავშვები ხომ არ ვართ დამალობანა რომ ვითამაშოთ, არა? სად არის შამპანიური? - რას ხლართავ? ზოიძეს თვალები გველურად მოეწკურა, ნიღბიანი კი მამაჩემს მოშორდა და მე ამომიდგა უკნიდან. მისი ჩუმი ხითხითი საზარლად ჩამესმოდა ყურში. - კარგი რა, დავით, ცნობისმოყვარეობა მკლავს ისე მინდა რაღაცეების გაგება. ისე არ წავალ ამქვეყნიდან, სანამ რაღაცეებს არ დავაზუსტებ. - გაჩხრიკე! რამე არ ჰქონდეს თან მოთრეული, რაღაც უცნაურად ჭიკჭიკებს! ნიღბიანი მაშინვე მაჯაში მწვდა, წამომაყენა და ჩხრეკა დამიწყო. სახე საერთოდ არ უჩანდა, შავი ნაჭრის მიღმა მხოლოდ ორი შავი ხვრელი მოუჩანდა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ადამიანის თვალებთან. მათში არანაირი ემოცია არ იკითხებოდა. პირდაღებულ უფსკრულებს ჰგავდნენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია ადამიანურმა განცდებმა მიატოვეს. - სუფთაა. - წაიხიხინა ხმადაბლა. საშინელი ხმა ჰქონდა, გულს მირევდა მისი ხმის ტემბრი. თან უცნაური აქცენტი დაჰკრავდა, რაღაც უცხო, ვერცერთ ენას ვერ მივამსგავსე. - შენს ბოსს უთხარი, ხანდახან თაფლიანი წყალი დაგალევინოს, რა დღეში გაქვს ხმის იოგები! ტატუებიანს გაეცინა, ზოიძეს კი სახე წამოუჭარხლდა. ისევ ჩამოვჯექი სკამზე და მამაჩემს ცერად გავხედე. ძალიან იყო შეშინებული, თვალებს გაველურებული აცეცებდა აქეთ-იქით, სხვა მხრივ უვნებლად გამოიყურებოდა. - შენთან ლაყაფს არ ვაპირებ. სულ მალე ჩემი მთავარი სტუმარი შემოგვიერთდება. შენთან შეხვედრა ალბათ ძალიან გაუხარდება. მე არ ვაპირებ შენზე ხელის გასვრას, ამას თვითონ მოაგვარებს. - ისევ მოჩვარე?! რა იყო კაცის მოკვლა არ შეგიძლია? - ისტერიკული სიცილი ამიტყდა - სანამ გედის სიმღერას შევასრულებ, იქნებ გავისაუბროთ ცოტა? - რაზე გინდა საუბარი? სიკვდილის წინ თხოვნას შეგისრულებ, შენსავით დაუნდობელი არ ვარ. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი წინ დამიდგა და ინტერესით შემომხედა. ახლა რაც შეიძლებოდა მეტი უნდა დამეცდენინებინა მისთვის. - „კოლიბრი“, ეს თავსატეხი ვერ ამოვხსენი. პირად შეურაცხყობად მიმაქვს. მიამბე მის შესახებ. - საიდან გაგიჩნდა იდეა, რომ მის შესახებ რამე ვიცი? - მორჩი ახლა ს თამაშს! ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი იცი. მიდი, ამოღერღე. - და როგორ ფიქრობ, სულ რომ მართლაც რამე ვიცოდე შენ გეტყოდი რამეს? - შემომხედა აგდებით. - დედაშენი კარგი საყვარელი იყო, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ყველაზე დიდი სტკივილი მან შობა.მაშინვე ვუბრძანე მისი მოკვლა! - ნწ, ნწ არაა! მართლა უსარგებლო ყოფილხარ! როგორ ვიფიქრე რომ შენნაირ ტარაკანას ვინმე სერიოზულ საქმეში ჩააყოფინებდა ცხვირს?! დიდი დიდი უბნის პაცნებზე ნარკოტიკი ასაღო, მაგის მეტს ვინ რას მოგანდობს?! - ეგრე ფიქრობ? - აღგზნებულს მზერა წამოენთო. კმაყოფილი ღიმილისგან თავი ძლივს შევიკავე. საკმარისია ადამიანის ეგოს უდიერად შეეხო, რომ ის მაშინვე თავდცვაზე გადადის. - არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ. მთელი ჩემი საქმიანობის ყველაზე სამარცხვინო ლაქა შენ ხარ. ერთი უსუსური პარაზიტი, რომელიც დაგეშილი ძაღლების გარეშე არაფერს წარმოადგენს. ცოლის ფულების გარდა რამე გაგაჩნია? სიმამრს უსაპნოდ უძვრები ტრაკში, რომ არ ამოგაპანღუროს. შენ ვინ რას მოგანდობს, ახვარო?! - მივუგდე დაცინვით და მოსალოდნელ ეფექტს გულისფანცქალით დაველოდე. დავინახე საფეთქელზე ძარღვი როგორ ამოებურცა, გაავებული ენას ღეჭავდა და თავს აიძულებდა ნერვები მოეთოკა, თუმცა ვერ შეძლო, ამპარტავნებამ და ეგოიზმმა სძლია და აყვირდა. - შენნაირი ს დასაცინი რა მჭირს, წარმოდგენა მაინც გაქვს რას ვაკეთებ ქალაქში? მე რომ არა „კოლიბრს“ ვერ გაასაღებდნენ... უცებ იარაღმა იგრიალა და ზოიძე შუბლგახვრეტილი ძირს დაეცა. ნატყვიარიდან კი სისხლი გადმოეწუწა. შეშინებული ადგილზე გავხევდი, ვერც კი გავიაზრე რა მოხდა. - ყეყეჩი! - წაისისინა ტატუებიანმა და იარაღი დაუშვა - წარმოუდგენელია, რომ ამ იაფფასიან ტრიუკს წამოეგო და ყველაფრის დაფქვა გადაწყვიტა. კარგია, უკვე დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა. - შენ ახლახანს საკუთარი ბოსი მოკალი? - ავხედე თვალებგაფართოებულმა. - მისნაირი წურბელა ჩემი ბოსი ვერასოდეს იქნება! - ჩაიხიხინა გესლიანად - ყოჩაღ, მანიპულირება კარგად გამოგივიდა, ეს ც კი დაგოიმდა. ახლა კი მითხარი სად მალავ. - რა? - სად მალავ-მეთქი, მოსასმენს?! - წაიღრინა გაცოფებულმა. - თვითონ არ გამჩხრიკე? - აშკარად რაღაც გამომეპარა, მომაკვდავს რაში უნდა გაინტერესებდეს „კოლიბრის“ ამბავი?! ააა, თუმცა... კმაყოფილმა ჩაიხითხითა და თმაში მწვდა, მაღლა აწეული კოსა უხეშად დამიშალა და ძირს გადმოვარდნილი პაწაწინა ხოჭო ქუსლით გასრისა. - კარგი მცდელობა იყო, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ! სახეზე ჩამოყრილი თმა ბრაზით გადავიყარე უკან და ზიზღით ავხედე უცნობს. უკანასკნელი გეგმაც ჩამივარდა. ვერაფერიც ვერ გავიგე, ისე მოვკვდებოდი, რომ სანდროს ვერანაირ ხელჩასაჭიდს ვერ დავუტოვებდი. სასოწარკვეთილებამ მომიცვა და სიმწრისგან თვალზე ცრემლი მომადგა. - როგორც იქნა! - წაისისინა კმაყოფილმა და ჩემს უკან ვიღაცას გახედა - ასე რატომ შეგაგვიანდა? შენს არ ყოფნაში თავი ვერ გავაკონტროლე და ზოიძე შემომებრიდა, იმედია ბოსი არ გაბრაზდება, დიდად მაინც არ ევასებოდა. უკან მივიხედე. შავებში გამოწყობილი ფიგურა ბნელს გამოეყო, სახეზე კაპიშონი ჰქონდა ჩამოფარებული. მაღალს და ახოვანს ხელები ჯიბეში ჩაეწყო და ნელი ნაბიჯით მიახლოვდებოდა. ბოლოს შეჩერდა და თავი ასწია. სახეს ნიღაბი უფარავდა, მაგრამ სახის დანახვა არც მჭირდებოდა მაშინვე ვიცანი მისი თვალები. თავი გავაქნიე და უკან-უკან დავიხიე, შოკირებულს მუხლი მომეკვეთა და ჩავიკეცე. ყველაფერს გადავიტანდი ოღონდ ამას ვერა, ნებისმიერი ყოფილიყო ოღონდ ის არა. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა და არეულმა გონებამ მაშინვე წამომიტივტივა მოხუცი ქალის სიტყვები: „ ფრთხილად იყავი! უფრთხილდი მას ვისაც გულს უხსნი, თუ ბრმად მიენდობი მის თვალისმომჭრელ გარეგნობას ის დაგღუპავს. შენი სიკვდილი სწორედ მისი დამსახურება იქნება, უფრთხილდი შვილო! ეშმაკი მუდამ ტკბილი ენით საუბრობს, სხვანაირად ის შენს შეცდენას ვერ მოახერხებს.“ მისი თვალები კრისტალებს დამსგავსებოდნენ, ეს არ იყო ჩემი საყვარელი მზერა. მათში სითბო არ იდგა, არ ჰგავდნენ გამდნარ ოქროს, რომელიც ასე მიყვარდა. ტოპაზისფერი თვალები ყვითელი ყინულის კრისტალებად ქცეულიყვნენ... ეკე?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.