"აღდგომა საიქიოში"(სრულად)
-ალალე?!-ხის კარზე ფრთხილად მომიკაკუნა ზაქრო ძიამ. -ჰოუ,-გავაგონე და გადაბრუნება ვცადე, გამიჭირდა.ვიწროდ ვწევარ.დაენანათ განიერი საწოლი?გავბრაზდი ჩემებზე და რის ვაი-ვაგლახით ვიცვალე გვერდი. -გამოდი,ერთი კარგად გაგასილაქო,-მითხრა და ხის რგოლებიანი საანგარიშო გააჩხრიალა.დომინოს სათამაშოდ მიწვევდა,გასილაქება კი მოგებას ნიშნავდა თავის სასარგებლოდ. -წავიდნენ?-ვკითხე და ქოხიდან ფეხი გავყავი. -ხო,ხო,წავიდნენ,ან რას დადიან ყოველ დღე,აქ მაინც დაგვასვენონ,-ჩაიბურტყუნა და დომინოს ქვები ყუთიდან წამოაპირქვავა. -რა ქნან,ენატრებათ თავისიანები,-გავამართლე მათი საქციელი. -ენატრებათ არა..-ხელი ჩაიქნია.ეული კაცია ზაქრო ძია,ამ ერთი დომინოს და საანგარიშოს გარდა,სხვა არაფერი აბადია.ჩვენს სამეზობლოს გარდა,მომკითხავი არ ჰყავს. ერთ დიდ ქალაქის პატარა ქალაქში ვცხოვრობთ.ჩვენნაირი ქალაქები ბევრია.სამეზობლოს სახლები ორი მეტრის დაშორებით დგას. ზოგ ეზოს ლამაზი გალავანი აქვს,ზოგს ხრიოკი მიწა,ზოგს სარეველა ბალახით მოდებული.ამ ქალაქში ყველა პროფესიის და არაპროფესიის ადამიანი ცხოვრობს.მსახიობი,პოეტი,მასწავლებელი,მხატვარი,ბუღალტერი,ვექილი,ექიმი,ვინ აღარ..ღამით,როდესაც დიდი ქალაქი იძინებს,ჩვენი პატარა ქალაქი მაშინ იღვიძებს.მე ხუთი წელია რაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად,ზაქრო ძია დიდი ხნის მაცხოვრებელია. კარგად გავუგეთ ერთმანეთს,დავმეგობრდით. -მოდი,მოდი,დღეს მაზიანზე ვთამაშობთ,-ხელების ფშვნეტით მითხრა.ჩემს ეზოში უყვარს მოსვლა,ჩაბეტონებული მაგიდაც დგას და სკამებიც,კაი გალესილი გალავანიც,ზედ რკინის ორნამენტებიანი ღობით.უფრო მოხერხებულად ვსხდებით.მის ეზოში კისრამდე ბალახია,ვერ გაივლი წესიერად. -მაზიანზე რატომ?-გამიკვირდა.ამ უქონელ კაცს ,საიდან რა უნდა ჩამებარებინა?ერთი ვიოლინო მაქვს მარტო,ამას ცოცხალი თავით არ დავთმობ,ან რად უნდა,მაინც არ იცის დაკვრა. ან თვითონ რისი იმედი აქვს ,იქნებ მე ვიგებ?როგორი დარწმუნებულია.მაიცა,შენ გიჩვენებ სეირს! დავემუქრე გულში და ღამის წყვდიადი დომინოს ქვებს გავარღვევინე. -კარგად მოურიე!-საჩვენებელი თითი დაატრიალა. -ვურევ,ვურევ,-ვუთხარი და გულმოდგინედ მოვუსვი ხელები.-რაზე ვთამაშობთ?-ვკითხე და შვიდი ქვა ავარჩიე. -წითელ კვერცხებზე,აღდგომა მოდის,ვერან!-თვალი ჩამიკრა. -კვერცხებს ხომ ისედაც გაძლევ,პასკებსაც?!-გამიკვირდა.ჩემები ყოველ აღდგომას ხელდამშვენებულნი მსტუმრობდნენ.რაც მოჰქონდათ,შუაზე ვუყოფდი ზაქროს,ეხლა საიდან მოიტანა ეს მაზიანი?! -ალალე ბიჭო, მუქთა მომბეზრდა,სულ შენ გიყურებ ხელებში,მოგებული მინდა!-თქვა დარდიანად და თვითონაც აარჩია ქვები. -შენ რომ წააგო,საიდან უნდა ჩამაბარო თავანი?-ცალი თვალი მოვჭუტე. -რისი მომგები ხარ,შე ცინგლიანო,-დამცინა და ამაყად დადო დუ შაში მაგიდაზე."სტავშიკი" ვარ,მახარა. -ესეც თხუთმეტიი,-შაში სე მივუდე და ხის ორი რგოლი ჩამოვკარი. -მაგ თხუთმეტზე დარჩები,-ჩაიცინა ულვაშებში და მეორე მხრიდან შაში დუ მიუდო.ხუთი დაიწერა.მივხვდი,სამიანი არ ჰყავდა,თორემ არ გამიხსნიდა. -ესეც ასეე,-ვთქვი კმაყოფილმა და იმის გამოშვებულ ორიანს სე ბაი დუ მივუსვი. -წინასწარ ნუ იკრიჭები ,დაცურებულ ზაურასავით,-ცოტა ხმადაბლა მითხრა,იქვე ცხოვრობს ზაურა.სტავკას უკმაყოფილოდ მიუდო შაში იაქი. -ეე,ზაქრო ძია,ჭაკად არის შენი საქმე,-ვუთხარი და ის იაქიც ჩავუკალი ,გავასამე. -დღეს რა ფეხზე ადექი,შე ღორჯო,-წარბი ასწია და შაში ბეში დადო.ყველაზე უშნო და იაფ თევზს შემადარა,არ მწყენია. -ეხლა ნახე რა გიყოს ამ ღორჯომ,-ის ხუთიანიც გავასამე.-ჰაა,წადი "ბაზარში"!-სიცილით ვუთხარი. -ბაზარში შენც ეხლა ლოქოზე არ მაგზავნიდე რა?!-უხალისოდ წაიღო ხელი "ბაზრისკენ".-ალალე,ნეტა ეხლა ლოქო მოგვცა ქინძმარში,აუჰ,-დიდი ნერწყვი ისე გადაყლაპა.მეც მადაზე მომიყვანა.მალევე იპოვა ჯუდ სე და ჩემს არტილერიასავით განლაგებულ სამიანებს ტკაცუნით მიუდო.-ესეც თხუთმეტიი,-გამაჯავრა.ბაზრისკენ ხელი,რომ გავაჩოჩე,სიცილი დამაყარა. -ჰაა,ცოტა ცოცხლად,შე გუბის ბაყაყო,-თან შემამკო. მთელი ბაზარი წამოვიღე,ვერ ვიპოვნე სამიანი.ჩაიკეტა და კაი მსუყე ქულაც დაიწერა ზაქრომ. -სად გაგიმართლა?!-ვითომ ძალიან გავბრაზდი,არა და წაგება უფრო მინდოდა,ვიცოდი,თავანს ვერ ჩამაბარებდა,არავინ ჰყავდა არც კვერცხის შემღებავი,არც მომტანი. -ბიჭო,ვსე საიუზნი შეჯიბრი მაქვს მოგებული დომინოში,გძე ტა ტისიჩი დევიატსოტ სემდისატ ვტარომ გადუ, დიდი მაყუთი მოვიგე მაშინ,ეჰ..-დანანებით თქვა. -მერე რა უყავი ის მაყუთი?-დამაინტერესა. -გეტყვი,შენ თან მოზილე,-შემახსენა.-იმხელა მაყუთი მოვიგე,შარვლის ჯიბეში რაც არ ჩამეტია,ნასკებში ჩავიტენე.-მოშვებულ წვერზე ხელი ჩამოისვა.მე სიცილი ამიტყდა.-მერე? -ჰა,ქვებს ნუ არჩევ!-თვალები დამიბრიალა, თვითონაც აიღო შვიდი ქვა და განაგრძო.-გახარებული წამოვედი,გზად რკინიგზის სადგური უნდა გამევლო.იქვე ვცხოვრობდი.შორიდანვე დავინახე შუა ლიანდაგებზე ვიღაც იჯდა.კარგად დავაკვირდი,ვაჰ,ქალსა ჰგამს.მეთქი,სხვა ადგილი ვერ მონახა ამ ანა კარენინამ,მისკენ წავედი.რომ მივუახლოვდი,ვაჰ,რასა ვხედამ,მუცელი აქვს დოლივით,თურმე ფეხმძიმედაა.სახეზე ისეთი ტანჯვა ეწერა,მეთქი ვერ არის აქ საქმე კარგად.აქ რათა ზიხარ მეთქი,შვილო?! ვკითხე და ხელი წავავლე.ხელი გამიშვი,მატარებელს ველოდებიო,დამიყვირა.თურმე ,თავს არ იკლავს ეს სულელი? ვუყურებ, პატარა გოგოა,მთლად ბავშვი.გავიხედე მატარებელიც მოდის წიოკით.უფრო მაგრად ჩავავლე ხელი,მეთქი ოღონდ აქედან გადავათრიო.გამიძალიანდა,ლამის მეც დამაგდო ძირსა.შენ ეგრე არ გინდა მეთქი,ფეხებში ჩავავლე ხელი და როგორც ფქვილის მეშოკი,ისე გადავისროლე ლიანდაგებს იქით.მეც გადავხტი,თუ არა,ვაგონებმაც ჩაიქროლეს. -ვაა,მერე?!-აქამდე პირღიამ ძლივს ამოვიდგი ენა. -ვყვები,შე ბოსტნის ჭიავ,თან ითამაშე,-მითხრა და პუსტა-პუსტა დადო სტავკად.მორჩილად მივუდე პუსტა ოთხი.-მერე?-კიდევ შევახსენე. -მერე,როგორც გაავებული ვეფხვი ისე მეცა და სახე ჩამომაკაწრა,რად გადამარჩინეო,გაიგე შენა?-თან ჩემი ოთხიანი გაახუთა. -საწყალი,რატომ იკლავდა თავს?-ისე შემეცოდა,აღარც დომინო მინდოდა,აღარც ლოქო ქინძმარში. -მეც ეგ არა ვკითხე? ხან საიდან მივუდექი,ხან საიდან,ძლივს დავაწყნარე და ვათქმევინე.ვიღაცას შეუცდენია და მიუტოვებია.კარგა ხანს ვმალე მუცელი და როცა ჩემებმა გაიგეს,სახლიდან გამომაგდესო,გაიგე ბიჭო? ეს მთლად ბავშვი,ღვთის ანაბარად გაუშვეს იმ პირქვე დასამარხებმა!-ქალივით დაიწყევლა. -მერე ღმერთი სად იყო იმ დროს,თავს რომ იკლავდა?-სიბრაზემ დამიარა. -აბა,მე ვინ ვიყავი,შე მართლა უღმერთო! -ხელი აიქნია.უცებ შემრცხვა,ჩემს გაუაზრებელ კითხვაზე. -ნასკებიდან ფულები,რომ ამოვჩეჩე,თვალები ჭყიტა.მერე ჯიბეებიც ამოვიტრიალე და რაც მაყუთი მქონდა მოგებული,სულ იმას ჩავუკუჭე ხელებში.აიღე,შვილო ესა და თავს მიხედე,ეგ ბავშვი გაზარდე და მეორედ არ იფიქრო სიკვდილზე,იმან თვითონ იცის,როდის უნდა მოვიდეს მეთქი. -მერე?-კიდევ ვკითხე,ვერ ვითმენდი,ისე მინდოდა გამეგო ბოლომდე. -ვაა,ეს რა სულსწრაფია,მერე და მერე,თან ითამაშე შე მანუშ ვართანიანო,-მეორე მეზობელ,ზედმეტ ცნობისმოყვარეობით გამორჩეულ დეიდა მანუშას შემადარა.ამ გახსენებაზე ,მის სახლისკენ გავიხედე,გამიკვირდა,როგორ არ დაგვადგა თავზე აქამდე,ახალი ამბებით.ზაქროს დადებულ ხუთიანს,ფანჯი სე მივუდე. -მერე ,ფულს არ მართმევდა..უკან დაიხია.სესხად კი არ გაძლევ შვილო,გჩუქნი მეთქი,ვუთხარი.არ დაიჯერა,თვალები ამოუტრიალდა,ამოტოლა თანხას რანაირად მჩუქნი ვიღაც უცხოვო.უცხო არა ვარ,ღმერთმა გამომაგაზვნა პირადად შენთან მეთქი ვუთხარი და გამოვბრუნდი.კარგა ხანს იდგა გაშეშებეული,საკმაო მანძილით,რომ დავშორდი,დამიყვირა,რა გქვიაო? ზაქრო მეთქი.სად გნახოვო? არ ვუპასუხე,თვალს მივეფარე და დავუყარაულდი,კიდევ რამე არ მიჰქაროს მეთქი.მუხლებზე დადგა, სამჯერ გადაიწერა პირჯვარი,წამოდგა და ბარბაცით გაუყვა გზასა.სანამ სამშვიდობოს არ დავიგულე,იქამდე ვუთვალთვალე,-დაამთავრა მოყოლა და ფიქრებში წავიდა. -ზაქრო ძია?!-ჩუმად დავუძახე.-მის შემდეგ აღარ გინახავს ის გოგო? -აღარ,არც სახელი მიკითხავს,არც გვარი,არსად შემხვედრია,-ამოიოხრა.-დიდი დროა გასული,დაბერებული იქნება უკვე,-ოდნავ ჩაიღიმა და თვალით ისევ დომინოს ქვებზე მანიშნა.ისეთი ქვები მომდიოდა,ძალით რომც მდომოდა წაგება,ვერ წავაგებდი.სამოცი ქულით ვუსწრებდი,მანუშა ზაურასთან ერთად ,რომ გამოჩნდა .ზაქროს სახე შეეცვალა,ასე იცის,ვერ იტანს ვინმე ხელს,რომ გვიშლის. -მოკლედ,თქვენ და თქვენმა დომინომ!-უკმაყოფილოდ თქვა დეიდა მანუშამ და გვერდით ჩამომიჯდა.ზაურა ზაქროს დაადგა თავზე. -რა მესაფლავესავით დამადექი კაცო თავზე,დაჯე რაღა!-გაუბრაზდა ზაქრო. -აქედან სადღა წაგიყვანენ შე საცოდავო?!-გაიცინა მანუშამ და ისე მოხერხებულად გასწი-გამოსწია მენჯები და მოკალათდა,მივხვდი,ახალი ამბების მოსაყოლად ემზადებოდა. -დაიცა მანუშ,მოვუგო ეს ხელი,მერე დაიწყე,-ზაქროც მიხვდა. -ვის უნდა მოუგო? ვერ ხედავ გიგებ?!-წამოვიყინჩე უცებ. -გიგებს!-მანუშამ მხარი ამიბა. -ზაურ,შენ რას ფიქრობ?-ხელი წაჰკრა მეზობელს. -გიგებს!-არც იმან დააკლო და ზაქროც მოიღუშა.თამაში დაიძაბა,ჩემს მეტოქეს ვატყობდი როგორ ედებოდა წაგების ფერი.წარა-მარა ისვამდა წვერზე ხელს და ხვნეშოდა.ბოლოს,ხელში მსხვილ-მსხვილი ქვები,რომ დარჩა,დანებების ნიშნად ხელები ასწია და ნირწამხდარმა თქვა-პრაიგრალ! ხუთი წლის მანძილზე,პირველად მოვუგე ზაქროს,თან მაზიანი. -ხვალ ახალგაზრდა გოგო მოდის აქ საცხოვრებლად,არტურას მეზობლად აუღეს ბინა!-მანუშამ სასწრაფოდ მოგვახსენა ახალი ამბავი. -ვაა,რა ეჩქარებოდა?-ზაქროს არ უყვარს ახალგაზრდების მოსვლა ჩვენს ქალაქში.თავიდან მეც,რომ მოვედი, ისე გაბრაზდა,გამაგდო,აქ შენი ადგილი არ არის,წადიო.რამდენჯერაც გამაგდო,იმდენჯერ შევბრუნდი.ძალს ის იყო,ძალს მე. -ეჰ,წყალში დამხრჩვალა ის საცოდავი,-თავი დანანებით გადააქნია მანუშამ. -შენ საიდან გაიგე?-ზაქრომ ისე შეხედა,ვითომ პირველად ვიგებდით ახალ ამბებს მისგან. -იქიდან!-ოქროს ბეჭდიანი თითით მესაფლავეებისკენ გვანიშნა.ჩვენც თვალი გავაყოლეთ,ინსტიქტურად.ერთ დროს, მდიდარი ყოფილა მანუშა,ოქროს კბილებიც ჰქონია და ოქროს ბევრი სამკაულიც.ქურდებს ერთ ღამეში დაუძვრიათ მისთვის კბილებიც და სამკაულებიც.ეს ერთი ბეჭედი შერჩა,ვერაფრით მოხსნეს და მიუნებებიათ თავი.ჩვენ არაფერი გაგვიგიაო ზაქრომ.მეორე ღამეს უკბილოდ,რომ გამოგვეცხადა,მაშინ ვუთხარი ,ამოდენა ძვირფასეულობა აქ რად გამოგატანეს,გეგონება რამეში გამოიყენებდიო.მართალია ზაქრო,აქ სადაც ვართ,სიმდიდრე არაფერში გვარგია. -ცოტა ხანში ჩვენი ადგილი აღარ დარჩება,-თქვა ზაურამ და სანამ ვიფიქრებდი,რომ ძლივს რაღაც სერიოზულად თქვა,უცებ ისეთი სიცილი დასცხო,მანუშამ საწყლად შეხედა. -ადე,წამოდი,წამოდი,მიგიყვანო სახლში,-წამოდგა და ზაურას ხელი წაავლო.ისევ მარტო დავრჩით მე და ზაქრო.მდუმარედ ვისხედით კაი ხანს.მგონი,ორივე ახალ მოსახლეზე ვფიქრობით. -ალალე ბიჭო,-დუმილი დაარღვია.-სჯობია ამაღამ დავიძინოთ და ხვალ დავხვდეთ იმ გოგოს,უცხოდ არ იგრძნოს თავი,ჩვენებურად მივხედოთ,-ისე თქვა,რაღაც ჩამწყდა. ჩემი თავი გამახსენდა,მაშინ რომ მოვედი,მთელ ქალაქს ეღვიძა,ყველა მოსახლე ჩემს დასახვედრად იყო გამოსული.ცრემლიანი თვალებით შემხვდნენ.მაინც შენი გაიტანეო, მითხრა ზაქრომ და გადამეხვია.მანუშამ გულში ჩამიკრა,შენ მოგიკვდი,ჯერ ადრე იყო შენი აქ მოსვლაო.ზაქრომ გვერდულად გადახედა,მანუშ,შენი ოპტიმიზმისა გამკვირვებია,თავი ცოცხალი რომ გგონიაო.შენსავით სტაჟიანი მკვდარი მაინც არა ვარო,არც მანუშამ დააკლო.ეე,მე რომ მოვედი,თითზე ჩამოსათვლელი მოსახლე ვიყავით,ბურთი და მოედანი ჩვენი იყო,მოხვედით და შეგვავიწროვეთო.ზაქრომ ისე დაგვადანაშაულა,გეგონება გვიხაროდა აქ ყოფნა.ექიმ კაცს გულმა მიმტყუნა,თორემ მე აქ რა მინდაო? ზურაბაც ჩაერთო პაექრობაში.ფინაჩი ჰყოფილხარო,პოეტმა სესემ ექიმს ბრალი დასდო არაპროფესიონალიზმში.ფინაჩი შენა ხარ,ერთი წიგნი ძლივს დაბეჭდე,იმასაც არავინ კითხულობს,აი,მე ბევრი არ გადამერჩინა და მერე გენახათ აქ უადგილობაო,ეწყინა ზურაბას.ამაზე სესეს გაეცინა,რაღა მე ვერ გადამარჩინეო? ინფარქტი ორჯერ გადაიტანა,მესამედ ვეღარ.ეგ შენი ბრალია,ისეთებსა სწერდი,შენმა გულმაც ვერ გაუძლო იმდენ აბდა-უბდასო.არ მოეშვა ზურაბა.რაც მე წამალში ფული მაქვს გადაყრილი,აქ კაი დვარეცს ვიყიდიდიო, თავი წამოყო ნარკომანმა არტურამ..აქ რა ჭირად გინდა დვარეცი,იქ გეყიდა შე ტუპიაკო,მთელი ფული ვენებში,რომ გაუშვიო,მანუშამ ვერ მოითმინა და მუჯლუგუნი წაჰკრა.ამაზე ყველას გაგვეცინა.ასე სიცილ-ტირილით მიმიღეს პატარა ქალაქის დიდ სამეზობლოში. ზაქრო ძიას უხმოდ დავეთანხმე, წამოვდექი და ჩემს ქოხისკენ ფეხი ჩავდგი. -ალალე,-ხმადაბლა დამიძახა. -ჰო,ზაქრო ძია?-მოვტრიალდი. -პერვი რაზ,კაგდა ია პრაიგრალ,ეტა პრიზნაკ ჩევოტა,-მრავალმნიშვნელოვნად თქვა და ბალახით სავსე ეზოში ჩაიკარგა. ჩაფიქრებული ჩავწექი ჩემს ვიწრო საწოლში,ვერ მოვისვენე, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,ხან ახალ მოსახლეზე მეფიქრებოდა,ხან ზაქროზე,საიდან ჩამაბარებდა თავანს.დილისკენ ისე ღრმად ჩამძინებია,კაკუნი ძლივს გავიგე. -ადექი ბიჭო,რა მკვდარივით გძინავს,მოდიან უკვე!-მანუშა იყო. -მაგას ცოცხალს ეუბნებიან, დეიდა მანუშ,-გავძახე და გამეცინა. -სკრიპკა წამოიღე!-მიბრძანა. -ჰო,დაიცა,გავემზადები,-ისე ვუთხარი,თითქოს გარდერობში ასარჩევად მქონდა ტანსაცმელი. -რაღა გამზადება გინდა,შე საკუბოვედ გამოწყობილო,ადე დროზე!-ზაქრო ძიაც აქ ყოფილა.ტანზე დავიხედე და ხელით ჩამოვისწორე ლურჯი კოსტიუმი.როგორ მახსოვს,პირველ კონცერტისთვის ვიყიდე,რომ ჩავიცვი,დედამ მითხრა,გხატავსო.ასე დახატული დავდივარ,უკვე ხუთი წელია.ეჰ,ხელი ჩავიქნიე და ქოხიდან ჩემი სკრიპკიანად გამოვძვერი.მთელი ქალაქი გარეთ დამხვდა.მდუმარედ იდგნენ.არც ზაურა იცინოდა. მოიყვანეს! რომ დავინახე,მეგონა ჩემი გულის ბრაგა-ბრუგი ყველამ გაიგო.მე ასეთი სილამაზე იშვიათად მქონდა ნანახი.თეთრი კაბა ეცვია ,საქორწინო. გრძელი შავი თმა ,გაშლილი და დატალღული მხრებზე ეფინა.დიდი მწვანე თვალები ,ღრმად ჩამჯდარი ფოსოებში,ზურმუხტებივით.ენა ჩამივარდა.ყველა გაშეშებული შევცქეროდით.მომღიმარი სახით, მორიდებულად და ისე ლამაზად წამოვიდა ჩვენსკენ,თითქოს ნიავს ჰაერში ჰყავს ატაცებული და მოანარნარებდა. -ვაი ,შენს დედას,-მანუშამ ჩუმად თქვა,მე გავიგონე და ცრემლი წამსკდა.ზაქრო ძიას გავხედე,ტიროდა. -ალალე ბიჭო,აამღერე,ანგელოზს შევხვდეთ,-ზაქრომ ვიოლინოზე მანიშნა.ძლივს დავიდე მხარზე საკრავი,ისე მიკანკალებდა ხელები. მუსიკის ნოტებს სევდიანი სიმღერით აჰყვა ქალაქი. მოფარფატდა და ჩვენს წინ გაჩერდა. ღიმილით მოგვატარა თვალი .ჩვენს შორის,როგორც ანგელოზმა ისე გაიშრიალა და სათითაოდ შეგვეხო..სუნთქვა შევკარი,როდესაც მისი ხელი შევიგრძენი. ნაზად რომ დამისვა სახეზე,ფეხები მომეკვეთა. -ანინე მქვია,-წკრიალა ხმით გაგვეცნო. და მე შემიყვარდა ანინე! მისი მოსვლის დღიდან მოსვენება დავკარგე. ზაქროს და ანუშას რა გამოეპარებოდათ,უცებ მიმიხვდნენ,ან რა რთული მისახვედრი იყო,მთელი ღამე მოწყენილი ვიჯექი სამეზობლოში და მათ კითხვებზე უაზროდ ვპასუხობდი. -ეს ბიჭი მალე გამოთაყვანდება,რამე ვიღონოთ,-ერთ ღამესაც ვერ მოითმინა ანუშამ და ზაქროს შესჩივლა ჩემს თვალწინ. -რას მერჩით?-შემრცხვა. -სანამ არტურა არ დაგასწრებს,იჯექი მასე ბაღში გოგრასავით!-ზაქრომ შემიფითილა. -რა უნდა დამასწროს?-ვითომ ვერ მივხვდი,ფიქრით კი არტურა მეორედ გავისტუმრე პატარა ქალაქში. -ხაშლამის ნაჭერი,შე წყალ-წყალა სუპზე გაზრდილო! ადე,მიდექ-მოდექ!-ზაქრომ ხელი ისე წამკრა,ლამის გადამაგდო სკამიდან. -მოიცა,ტვინი არ დაასხმევინო,-სიცილით უთხრა ანუშამ. -რომელი ტვინი? ამას ტვინი,რომ ჰქონოდა,იმ მაშინას ბღუილით კი არ ატარებდა,ივლიდა წყნარად და იჯდებოდა "იქა"!-ჩემი ამ ქალაქში მოსვლის მიზეზი შემახსენა.სიჩქარე მიყვარდა,არ ვერიდებოდი ცუდ ამინდსაც კი,გიჟივით დავქროდი და აჰა,ეხლა ვზივარ და მანუშას და ზაქროს ლექციებს ვისმენ,აბა,მე ჭკუა მაქვს?! -არ გინდა დომინო გეთამაშო?-ოღონდ შემშვებოდა,თანახმა ვიყავი მთელი ღამე მეთამაშა. -არ მინდა,-უარი მტკიცა. -მიდი ბიჭო,ქორწილი ვჭამოთ,-ეხლა ანუშამ წამკრა ხელი. მძიმედ წამოვდექი და ანინეს სახლისკენ წავედი,ფეხები კი მრჩებოდა უკან,მაგრამ ტვინში ჩემი მეტოქე არტურა მიტრიალებდა.ზურგსუკან ზაქროს და ანუშას ჩუმი სიცილი გავიგე და წარბშეკრული მოვტრიალდი. -მიდი,მიდი ჯეელო!-შემაგულიანა ზაქრომ სიცილით. არტურა გარეთ იჯდა,მარტო ,რომ დავინახე,ცოტა გული დამიმშვიდდა. -რაო ალალე,მოგენატრე?-ირონიულად მითხრა და თვალი ანინეს სახლისკენ წაიღო.მიხვდა რაღაცას. -რაღაც ჩვემსკენ აღარ გადმოდიხარ და ვიფიქრე,რამე ხომ არ უჭირს მეთქი?-თავი ხელში ავიყვანე,სიბრაზე არ შემტყობოდა. -მოდი აქ,დაჯექი,-ხელი სკამზე დაატყაპუნა.მეც დავემორჩილე.-ანინე სახლში არ არის,-არ შემოუხედავს ისე მითხრა. -ეგ არ მიკითხავს,-კი შევცბი. -ე,ალალე,ალალე,ბავშვი ხარ,ბავშვი!-მხრით მომეყუდა.-წეღან წავიდა თავისებთან,ხომ იცი,ორმოცი დღე ჯერ არ გასულა,მოისიყვარულებს და მოვა,დაელოდე ,-მითხრა თუ არა,ეგრევე გადავიფიქრე არტურას მოკვლა.უხმოდ ავდექი და რაღაც მსუბუქად წამოვედი.მანუშა და ზაქრო ისევ ჩემს ეზოში დამხვდნენ,შეხმატკბილებულად ჭუკჭუკებდნენ. -რაო ბიჭო?-შეშინებულმა მკითხა ზაქრომ. -სახლში არ არის,თავისიანებთან წასულა,-გულდაწყვეტით ვთქვი და ჩამოვჯექი. -აბა,მოგვიტანს ახალ ამბებს,- ანუშამ კმაყოფილებით ჩაიღიმა. -შენ,თუ ახალი ამბები გაკლია და,-გაეცინა ზაქროს. გათენებამდე ველოდე ქალაქის კართან ანინეს,ის იყო რიჟრაჟი შემოიპარა,ისიც გამოჩნდა.როგორ უხდება ეს კაბა,გავიფიქრე და მის წინ ავისვეტე.თითქოს მელოდა,ისე გამიღიმა. -გელოდებოდი,-ჩუმად ვუთხარი. -ვიცი,-მითხრა წკრიალა ხმით და ამოწვერილს მზეს სახე მიუშვირა. -ძალიან ლამაზი ხარ,ანინე,-ვერ დავმალე აღფრთოვანება. -თენდება,-ხმადაბლა თქვა და თითები სახეზე დამისვა,როგორც მაშინ,მისი მოსვლის პირველ დღეს.ხელმეორედ მომეკვეთა ფეხები.-იცი?-ჩურჩულით დაიწყო.-დედას სიზმარში ვუნახივარ,რაც ანინე წავიდა,პირველად ვნახეო,ტირილით ეუბნებოდა მამას.იქვე ვიჯექი და თავზე ვეფერებოდი,ვერ იგრძნო,-ცრემლები დაეშვა ზურმუხტებიდან. -ანინე,-გული ყელში მომებჯინა,ხელი მოვკიდე და მკერდზე მივიხუტე.ჩემი თავისუფლების ორმოცი დღე გამახსენდა.ყოველ დღე მივდიოდი დედასთან და ვეფერებოდი.ალალე აქ ტრიალებსო,ერთხელ თქვა მხოლოდ,ალბათ მაშინ მიგრძნო.. გული მომეწურა და ანინე უფრო ძლიერად მივიხუტე. ამ დღის შემდეგ ყოველ ღამეს ერთად ვათენებდით,ხან ჩემს ეზოში,ხან ანინეს ეზოში.ზაქრო ძია დაგვინახავდა და ეშმაკურად ჩაიცინებდა ხოლმე.დომინოს თამაშით აღარ შევუწუხებივარ.ერთ დილას,ანინე,რომ მივაცილე სახლამდე და გამოვბრუნდი,ანუშა დამხვდა საქმიანი იერით. -ალალე,მოდი აქა, აბა,-ხელი დამიქნია.ნეტა რა დაემართა მეთქი,უცებ მივედი. -აი,ეს გამომართვი,მიხვდები რისთვისაც გაძლევ,-ქურდებს გადარჩენილი ოქროს ბეჭედი ხელში ჩამიდო. -მანუშა დეიდა?! -სუ,ალალე,სუ!-გამაჩუმა და გატრიალდა. *** ერთ თვეში აღდგომის კვირა დადგა. ჩემები მოვიდნენ ეზოს დასალაგებლად.გადააწკრიალეს ყველაფერი და ზაქრო ძიას ეზოც არ დატოვეს უყურადღებოდ.ისეთი გახარებული იყო ზაქრო,ძლივს გასუფთავდა,ეს რამოტოლა ადგილი მქონია,ბალახებში არ ჩანდაო.მამაჩემს ღვინოც მოეტანა,პატარა სამარხვო ზაკუსკით.სხვებთანაც ხელცარიელი არავინ მოსულა.იმ ღამეს სამეზობლომ მოვულხინეთ და ანუშას ნაჩუქარი ბეჭედიც წამოვაცვი თითზე ანინეს. *** აღდგომის დღე წვიმიანი გათენდა.მთელი ქალაქი გარეთ ვიდექით და ჩვენიანების მოსვლას ველოდით.არავინ ჩანდა.შევფქირიანდი,დედა ყოველთვის ადრე მოდიოდა,გულში ცუდად გამკრა,ნეტა რამე ხომ არ დაემართათ მეთქი.ზაქროც გამოძვრა ქოხიდან და გვერდში მომიჯდა. -მოვლენ,ნუ ჩამოგიყრია ყურები,-მანუგეშა. -არავისთან მოსულან,აბა,გახედე,-ყველა მომლოდინე თვალებით ისხდა. -წვიმის გადაღებას ელოდებიან,ალბათ,ვერა ხედამ წარღვნაა,-ცოტა გული დამიმშვიდა და ხასიათზეც მოვედი. -მოგებული არ დამვიწყებია,-გვერდულად გადავხედე. -შე ღორჯო,შენა,მახსომს!-დამიღრინა და წამითაქა. -მერე?-გამეცინა. -დაიცა,ჯერ ეხლა გათენდა,შე ..-სიტყვა ვერ დაამთავრა,მანუშა მოვარდა აქოშინებული. -არავინ მოვა,ტყუილად ელოდებით!-თქვა და ძლივს ამოისუნთქა. -საიდან მოიტანე?-შემეშინდა. -საიდან,საიდან? "იქიდან"! -რატომ ვითომ,კარანტინია?-გაეცინა ზაქროს. -იცინე და მასეა!-ხელი ხელს დაჰკრა. -ვაა,წესიერად მოყევი ქალო,რა ხდება?-ეხლა ზაქრო ჩავარდა საგონებელში. -დიდ ქალაქში რაღაც ავადმყოფობა დადისო და ნაჩალნიკს ყველა პატარა ქალაქი ჩაუკეტამს,კაციშვილი ფეხს ვერ შემოდგამს,ის კი არა და,ხალხიც სახლშია გამოკეტილი,მაშ!-ამის თქმა იყო და დავრეტიანდი.წესიერად ვერაფერი გავიგე,იმას კი მივხდი,რაღაც ცუდი ხდებოდა. -რა ავადმყოფობაო?-ძლივს ამოვღერღე. -შავი ჭირივით,თუ უარესიო,რა ვიცი,აბა?! -ანუშ,რაღაცას ურევ,-თითი დაუქნია ზაქრომ. -მე კი არა,მთავრობა ურევს!-გაბრაზდა ანუშა. -მაიცა,სულ არავინ მოვაო?-ყურებს არ უჯერებდა ზაქრო. -არაო,არაო,ვაა,ვინ არის ესა?! პირველად გათენდა აღდგომა ასე უარავისოდ და უარაფროდ.ეხლა მივხვდი ზაქრო ძია ამდენი წლის მანძილზე რასაც განიცდიდა და ბავშვივით ავტირდი. დაზაფრული სამეზობლო კუთვნილ ქოხებში შევიკეტეთ.თითქოს ერთმანეთს გავებუტეთ.ანინესთანაც აღარ გადავსულვარ,მარტო მინდოდა ყოფნა,არც თვითონ მოსულა,ალბათ იმასაც სიმარტოვე ერჩივნა.უცებ დადუმდა და დაბნელდა ჩვენი ქალაქი. -ალალე,-ხის კარზე ფრთხილად მომიკაკუნა ზაქრომ.არ გავაგონე,არავის დანახვა არ მინდოდა.-ალალე ბიჭო,-არ მომეშვა. -ჰოუ,-გავაგონე და საწოლის სივიწროვეც ვერ ვიგრძენი ისე გავყავი ფეხი. -სკრიპკა წამოიღე და გამოდი!-რაღაც სიხარული შევატყვე ხმაში. -რა მესკრიპკება,-გავუბრაზდი. -მიდი,რასაც გეუბნები,გააკეთე!-ეხლა ის გამიბრაზდა.რაღა მექნა,გავძვერი ჩემი ინსტრუმენტიანად. კმაყოფილი ღიმილით იდგა ზაქრო. -წამოდი აქეთ,-ხელით თავის ეზოსკენ მიბიძგა.ნაძალადევად რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და გავშეშდი.ზაქრო ძიას ეზო წითელი კვერცხებით იყო მოფენილი. -საიდან?!-თვალები დავქაჩე გაკვირვებისგან. -დაუკარი!-საპასუხოდ მითხრა. ნელ-ნელა სახე გამინათდა და ვიოლინო მოვიმარჯვე.ასე გულიანად ჩემს პირველ კონცერტზეც არ დამიკრავს.დავინახე როგორ გამოძვრა ქოხიდან ანინე და მოჰყვა მთელი სამეზობლოც.იქამდე ვუკრავდი,სანამ მთელი ქალაქი არ მოვგროვდით.გადაწითლებულ ეზოს დანახვაზე,ყველა ატირდა.მათ შორის მეც. -ალალე ,ქრისტე აღსდგა! -ჭეშმარიტად! ზაქრო ძია! დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.