შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც გინდა ის დამიძახე (4)


4-07-2020, 23:03
ავტორი Tuki
ნანახია 889

„ანასტასის“
- იცი რას ნიშნავს ეს სიტყვა? ალბათ არა. სიტყვა „აღდგომა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ანასტასის, რაც სიტყვასიტყვით „წამოდგომას“, „ადგომას“ ნიშნავს. აღდგომა უსიცოცხლო მდგომარეობიდან წამოდგომას ანუ გაცოცხლებას გულისხმობს; სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, აღდგომის დროს ადამიანი უბრუნდება მდგომარეობას, რომელშიც სიკვდილამდე იყო. მე კი აღარ მახსოვს მაშინ როგორი ვიყავი. ზოგი მოგონება იმდენად ბუნდოვანია ვერ ვიგებ ნამდვილია თუ მე გამოვიგონე.. ჩემს მოგონებათა სკივრში მხოლოდ ერთი ფრაგმენტია შემორჩენილი, ჩემი გარდაცვალების დღე.
- ადამიანი რომ შემოგხედავს იფიქრებს ძლიერი, განსხვავებული გოგოა, რომელსაც სხვისი აზრი არ აინტერესებს და ცხოვრების საკუთარი განმარტება აქვსო. სინამდვილეში სუსტი და მშიშარა ხარ. შენი ცხოვრება მოაკვლევინე ერთ აქტს , რომელიც შენი ბრალი სულ არ ყოფილა, თვითონ შესწირე თავი მსხვერპლად. შენ თვითონ მოგწონს მსხვერპლის კანში გამომწყვდევა და მუდმივი ტანჯვით ცხოვრება. სინამდვილეში იმდენად გიყვარს ცხოვრება, ძალა თვითმკვლელობისთვისაც არ გეყო.
- ერთხელ სიკვდილს ბევრჯერ სიკვდილი სჯობს, უფრო რთული და მტკივნეულია.
- სიკვდილი, სიკვდილი. კარგი რა! როდემდე უნდა მოიტყუო თავი. ცოცხლობ, სუნთქავ, ხედავ, გესმის. გეშინია, მუდმივად გეშინია. მეტი კი არაფერია სიცოცხლე. დანარჩენები მეტს კი არაფერს ვაკეთებთ. ამიტომ, განსხვავებული არაფრით ხარ. შეიცვალე დაჩაგრულის ტყავი, თორემ ისე დალპები ამ საფლავში გაუჩინარებულ ძვლებზე მეტად აყროლდები.
- ვინ ხარ ?
- ვინ ვარ? კარგი არავინ, არც ცუდი. სადღაც მაგათ შუაში ვარ გაჭედილი. ჩემი ნებით არა.
- ვინ ხარ? გინდა მე გითხრა? პირველივე დანახვისას გიცანი. შენს სახეს შევეხე თუ არა, გიცანი. შენზე გავიფიქრე თუ არა, გიცანი. სარკეში მისი სახის გვერდით წარმოგიდგინე თუ არა გიცანი. შენი მორალი ჩემს ცხოვრებაზე კარგი, მაგრამ უსარგებლოა. მაინტერესებდა, როდემდე, სადამდე იშრიაალებდა შენი ფრთები და ჩემი გამოცოცხლების კეთილი სურვილები. რამდენ ხანსაც არ უნდა ტკეპნო მისი გასვრილი გზა, მაინც ვერ გაასუფთავებ.
- პირველად აქ ექვსი თვის წინ დაგინახე, მის დაბადების დღეზე ვიყავით, მოსაცმელი დამრჩა და ამოვბრუნდი. ქვასთან იჯექი, თავიდან საყვარელი მეგონე. ახალგაზრდა, ქარაფშუტა გოგო, რომელიც ჩასაფრებული ელოდა ყველას წასვლას მკვდართან პაემანისთვის, ბინძური ცრემლის ღვრისთვის. მოგიახლოვდი, მაგრამ არც ცრემლი იყო და არც სინანული. თქვენს საერთო ისტორიას უყვებოდი ქვას, ახსენებდი რა ჩაიდინა, მიცვალებულებთან არცხვენდი. მოშორებით საფლავთან მივედი და იქიდან გისმენდი. მაშინ გავიგე, რომ ხსოვნა, რომლისაც იმ დღეს შეისვა არც წმინდა იყო და არც სამოთხეში მისდიოდა შესანდობარი.
- მე არ მინდოდა გაგეგო არც შენ და არც სხვებს. ეს ტვირთი თქვენი არ არის.
- იქნებ სხვების შეცოდებს საკუთარი თავის სიყვარული დაგეწყო.
- იქნებ, იქნებ, იქნებ.. ისევ ეს გაურკვეველი სიტყვა. იქნებ ბევრი რამე ყოფილიყო სხვანაირად, მაგრამ არ არის. იქნებ სიყვარული სიძულვილზე მეტი ყოფილიყო, მაგრამ არ არის. მიყვარდა, ძალიან მიყვარდა. ჩემი ბავშვობის პირველი სიყვარული, პირველი ემოცია იყო. იცი რა მითხრა, როცა ვუთხარი გამაუპატიურეს მეთქი ? არაფერი. ასე ცივად არასდროს შემოუხედავს. არ აღმოჩნდა საყრდენი, ვერ მოერია. არ მინდა ჩემს ლანდად იქცე. არ მინდა სხვის ნანგრევებს შეეკედლო და ბზარების ამოვსებისას თვითონ დაიბზარო. არც ის მინდა გეცოდებოდე.
- მეცოდებოდე? მე შენ? საცოდაობა აბსტრაქტული მცნებაა. ვერ გაიგებ ვის უფრო ერგება, ვისი ზომაა. ვინ უფრო საცოდავია - ლილე იაშვილი თუ დემნა ლაკვეხელიანი?
აღარაფერი მითქვას. რა უნდა მეთქვა?. ჩვენ შორის საფლავის ქვა გადაულახავ უფსკრულად იყო ქცეული. სავსე მთვარე იყო. მის ნათებას გამოვაყოლე თვალი, მხოლოდ შევხედე, მთვარის მკრთალი შუქი სანახევროდ უნათებდა სახეს. წამოვედი, ყველა ნაბიჯისას ვიმეორებდი, რომ აღარასდროს მივიდოდი იქ. სიჩუმეში გაიფანტა მისი ბოლო ფრაზა:
- ლილე, მზის ღვთაებაა სვანურ მითოლოგიაში. შეურიგდი მზეს.
შევურიგდე გავავარებულ ბურთს, რომელიც ყოველ დღე ანათებს სამყაროს? რომელიც მე ნათურის მსგავსად ჩავაქრე ჩემში?.. შერიგება სისუსტეა, ჩემნაირი სუსტი ადამიანისთვისაც კი.
პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და ჩავუჯექი.
- ბენზინი ჩასხმული გაქვთ?
- დიახ. მზერაზე ეტყობოდა გაუკვირდა.
- მაინც შევავსოთ, ფულს დაგიმატებთ.
- კარგი.
ჰაერი არ მყოფნიდა. ყველა ფანჯარა ჩავაწევინე. უსასრულოდ გაიწელა ბენზინის ჩასხმა. თითქოს წვეთ-წვეთად ისვებოდა ბაკი. ფეხებზე ვიჭერდი ხელებს, ფრჩხილებით ვიკაწრავდი სხეულს. თვალებს ძლიერად ვხუჭავდი და ყველა წამს ვიხსეებდი, ვგრძნობდი. დასაწყისიდან-დასარულამდე.
-სად მივდივართ?
ტაქსის მძღოლის ხმამ გამომარკვია.
- ჯიქიას 3 ნომერში.
გზა განაგრძო. აღარაფერი გვითქვამს, ისე მოვედი სახლში. ბოლომდე მეგონა, რომ ან ახლა ჩაკეტავს კარს, ან ახლა, მაგრამ არსად ისმოდა ჩამკეტის ხმა, კარი მარტივად გაიღო. მანქანა ჩემს ძლივს მდგარ სხეულს მოშორდა. არაფერი მომხდარა, მაგრამ სახლში ასული, მაინც აბაზანაში შევვარდი. სისხლის დენამდე ვიხეხდი ტანს. ვტიროდი, წყლის ხმას ვეჯიბრებოდი. თითქოს, მინდოდა, ცრემლთან, ბღავილთან ერთად სულიც ამომყოლოდა..
აივნის მოაჯირზე შემოვდექი, თმიდან იატაკზე დაცემული წყლის წვეთების ხმაც კი მესმოდა. სავსე მთვარე იყო, მთვარის შუქი მკრთლად მინათებდა სახეს... რამდენი ფიქრი აქვს ადამიანს და როგორი მარტივია მთვარეზე გაფრენა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent