შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Seventeen (ნაწილი 2)


2-08-2020, 23:23
ავტორი Dragonfly
ნანახია 1 177

ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ჩუმად მიუყვებოდა გზას. ტელეფონის ფარნით ანათებდა და ცდილობდა ლიკასთვის განკუთვნილი ორმო ეპოვნა. შეძრწუნებული და დამფრთხალი აცეცებდა თვალებს. გრძნობდა, როგორ თელავდა თითოეული ნაბიჯით ვიღაცის გვამს. თვალებზე ცრემლის ფენა გადაეკრა, ძლივს არჩევდა შვი ქვებიდან მომზირალ სახეებს.ერთ-ერთ ქვაზე ბავშვის სახეც შენიშნა. გულაკანკალებულმა პირზე აიფარა ხელი, რომ მთელ ხმაზე არ ატირებულიყო, არ სურდა “იქაურებისთვის” სიმშვიდე დაეფრთხო. სწრაფად აუარა ბავშვის საფლავს გვერდი და მოულოდნელად ორმოში ჩაიჩეხა. სწორედ იმ საფლავის გვერდით გაემზადებინათ კიდევ ერთი სამარე, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ისტორია უნდა დამარხულიყო. ზურგით გაყინული მიწა იგრძნო, მაშინვე კანკალმა აიტანა. რამდენიმე წამს სუნთქვაც შეწყვიტა, თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, მერე კი ამოისუნთქა. ფრთხილად გაახილა თვალები, მიწიანი თითებით ფრთხილად შეიმშრალა ცრემლები და მზერაც დაიწმინდა. მშვიდი ღიმილით გაუსწორა თვალი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. მერე შიშიც გაქრა, მისი სული სიმშვიდემ მოიცვა, პირველად იგრძნო სულით. დაღლა მოიშორა, მიწის წიაღში მცხოვრებ მატლებს გაატანა. ვარსკვლავებთან თამაში რომ მობეზრდა ხელები გულზე დაიწყო, ღიმილით დახუჭა თვალები და ობლად გადმოგორებულ ცრემლს ყურადღება არ მიაქცია. ფიქრებში ღრმად ჩაეფლო, წარმოიდგინა როგორ დასტიროდნენ მის უსიცოცხლო სხეულს. როგორ განიცდიდა დედამისი, როგორ ეხუტებოდა, სთხოვდა რომ თვალები გაეხილა. თეაც დაინახა, თვალებდახრილი რომ უხდიდა ბოდიშს. მერე კუთხეში აწურულ მამამისსაც მოჰკრა თვალი, ცრემლების დამალვას ტყუილად რომ ცდილობდა. სიამოვნებას ჰგვრიდა თითოეული გადმოგორებული ცრემლი. ბედნიერებით უფრთხიალებდა გულს შავებში გამოწყობილი ადამიანების დანახვა, რომლებიც კატოს გამო იცრემლებოდნენ, იქ მის გამო იყვნენ. მერე მის წინ მჯდომი ძმაც დაინახა და ბედნიერებაც გაქრა. მთელი მისი არსება სინანულის გრძნობამ მოიცვა, მთელი გულით სურდა მასთან მისულიყო, ხელები შემოეხვია და იქამდე ეთხოვა პატიება, სანამ ისიც გულწრფელად არ გაუღიმებდა. გულში მტკივნეულად ჩხვლეტდა მისი ცარიელი და დაღლილი თვალების დანახვა, არ შეეძლო რომ ამის მიზეზი თავად გამხდარიყო. მერე ყველაფერი გაქრა, მთელ სხეულში ძლიერი ვიბრაცია იგრძნო და შეშინებულმა ჭყიტა თვალები. ის ცოცხალი იყო, ზუსტად იმ ადგილზე დაბრუნდა, საიდანაც ოცნებებში გაფრინდა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. დედამისის სახელის წაკითხვამ მაშინვე გაუბრწყინა თვალები. სწრაფად წამოჯდა, თმა გაისწორა და სენსორზე თითი გაასრიალა.
–კატო, სად ხარ?
–ჰაერზე გამოვედი...დე.- თვალები ისევ ცრემლებმა აუწვეს, ნიკაპაკანკალებული ხმას ძლივს იმორჩილებდა.
–ამ შუა ღამით როგორ შეიძლება, სასწრაფოდ სახლში დაბრუნდი!
–მოვალ,მალე მოვალ.- ტელეფონი გათიშა, ცრემლები შეიმშრალა და ფეხზე წამოხტა.
–ვაახ, შენი!- იღრიალა ვიღაცამ და შეშინებული კატოც უკან ჩავარდა.– რა ჯანდაბა ხარ?- ფარნის მჭახე სინათლე მიეფრქვა სახეზე. თვალებდახუჭულმა სახეზე აიფარა ხელები და წარბები შეკრა.
–შეიძლება ჩააქროთ?- იყვირა მობეზრებულმა.
–აქ რას აკეთებ, კატო?- გაოცებული დასცქეროდა თმააბურდულ და ტალახში ამოსვრილ გოგოს.
მთელს სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, გულში უდიდესი სიცივე იგრძნო. რამდენჯერმე მოავლო მზერა მის ადგილსამყოფელს, არ სურდა ზემოთ აეხედა და მისი სახე დაენახა. იცოდა, ახლა მისი სახე რომ დაენახა ზიზღით აევსებოდა გული, ამისთვის კი ძალა აღარ შერჩენოდა.
–თავიდან მომშორდი, აქედან წადი.-ცივად ამოსძახა თავდახრილმა.
–ნუ სულელობ, ხელი მომეცი, ამოგიყვან.- ხელი გაუწოდა დათამ.
–ხელი მოგცე და ამომიყვან, არა?-ცინიკური ღიმილით ახედა და ვარაუდით გაუსწორა მზერა სიბნელეს, ვერ ხედავდა სად იდგა ბიჭი.- ის თუ იცი, აქ შენს გამო რომ ვარ? რამხელა ირონიაა, ეს რამხელა ირონიაა? როცა საკუთარ ოჯახისწევრებს არ ვადარდებ, ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი მიწვდის ხელს და მეხმარება, რომ მიწიდან ამოვძვრე. არა, ბატონო დათა, ასეთი მარტივი არ არის. აქედან ამოვალ, მაგრამ სულს აქ ვტოვებ, იმიტომ რომ ჩემს სულს ეს სასტიკი მიწა ძალიან მოეწონა. იცი როგორი დაღლილია? არა, ეს შენ მომეცი ხელი, შენ ჩამოდი აქ, ერთად დავიმარხოთ, ერთად გადაგვიარონ... განა რა დააშავა ასეთი ლიკამ? როგორ გაიმეტე ამისთვის? ერთხელ მაინც ნახე საავადმყოფოში გამომწყვდეული? როგორ შეგეძლო...
–გაჩუმდი! შენ იქ არ ყოფილხარ, არ იცი რა მოხდა.
–მართლა? რას ლაპარაკობ... და ვინ იცის? მითხარი, შენს გარდა ეს ვინ იცის? ვინ იყო იმ ღამით იქ? ვინ დაინახა რომ მე ლიკასთვის არაფერი დამიშავებია? არავინ! მაგრამ მათ ჩემი არ სჯერათ, მთელი ეს დრო შენს მაგივრად მე მიყურებენ ზიზღით სავსე თვალებით, მათ მე გამრიყეს, მაიძულებენ რომ ყოველი წუთი საკუთარ თავთან ბრძოლაში გავატარო, მაიძულებენ რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო. იცი მაინც რას ნიშნავს როცა იღვიძებ და ტირილი გინდება იმის გამო, რომ ისევ ცოცხალი ხარ? მითხარი, შენ მაინც მითხარი რომ მე არაფერი დამიშავებია! მიდი მათთან და ყველას უთხარი, რომ ეს ყველაფერი შენს გამოა, შენ ხარ ის ნაძირალა, რომელმაც ყველას ცხოვრება დაანგრია.
–შენ რა შუაში ხარ?- გაკვირვებული უყურებდა კატოს.- ამოდი, დროზე ამოდი მაქედან და მერე ვისაუბროთ.- ხელი გაუწოდა გოგოს და წარბების აწევით ანიშნა დიდხანს აღარ მოვიცდიო. ფრთხილად გაუწოდა აკანკალებული ხელი და მიწიდან ამოძვრა.
–იმდენად დანერვოზდი, რომ მოხუცივით გიკანკალებს ხელ-ფეხი.-ამრეზით ათვალიერებდა გოგოს.- ნეტავ რაზე ფიქრობდი აქ რომ მოდიოდი? ვიღაცა რომ მოსულიყო და ცოცხლად დაემარხე, მერე? რამე ცხოველი რომ მოსულიყო და დაეგლიჯე, მერე? ყოველთვის ასეთი დაუფიქრებელი ხარ?
–კი, დაუფიქრებელი ვარ და სწორედ ამიტომ ვარ აქ.
–რას დამსგავსებიხარ, ეს რანაირი თვალებია?!-წარბშეკრული დასცქეროდა გოგოს.- აქ რომ ამიყეფდი, თუ ასეთ დღეში ხარ შენს სიმართლეს რატომ არავის ეუბნები?
–არ იმსახურებენ. თანაც ჩემთვის თითქმის სულერთია, ვხვდები, რომ ახლოსაა სიკვდილი. ყოველ დღე უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობ მის სურნელს.
–ღმერთო, მიშველე!- სახეზე ჩამოისვა ხელები და ამოიხვნეშა.-გამომყევი.- იდაყვში ჩაავლო ხელი და ძალით მოაშორა სასაფლაოს ტერიტორიას.
–ლიკაც ასე წაათრიე იმ ღამით?!- გადიდებული თვალებით ახედა დათას. ბიჭი შედგა, ცივად შეუშვა ხელი და ზიხღნარევი მზერით დახედა კატოს.
–კიდევ ერთხელ გიმეორებ, რაც არ იცი, არ უნდა ილაპარაკო მეთქი!
–მე კი არ მესმის, როცა იცი, რომ შენს გამო ადამიანი სიკვდილის პირასაა, ასეთი მშვიდი როგორ უნდა იყო?
–მე არაფერი ჩამიდენია მეთქი!- იღრიალა მოთმინებადალეულმა.- ფეხებზე მკი*ია რას იფიქრებენ, მე სიმართლე ვიცი, რომელიც ყოველდღე შიგნიდან მჭამს, მაგრამ ეგეც ფეხებზე მკი*ია იმიტომ რომ უდანაშაულო ვარ! იმ ღამის მერე ყველგან გეძებ, მაგრამ არსად არ ხარ! თავადვე იქმნი დამნაშავის პორტრეტს, იკეტები საკუთარ თავში და უმიზეზოდ იცრემლები, არანაირი ძალა აღარ გაქვს შერჩენილი და მითხარი, როგორ აპირებ რომ ვინმეს შენი სიმართლე დაუმტკიცო? ან ჩემგან რას ითხოვ? შუაღამით სასაფლაოზე ამოვიდე და ცარიელი საფლავები ვეძებო, რომ ცოტა ხნით რეალობას გავექცე? ჩემთან რომ დიდგულობ, სხვებს რატომ უხრი თავს? აქამდე გეძებდი, მინდოდა ყველაფერი მომეყოლა მაგრამ ახლა აზრი არ აქვს, მათგან არაფრით განსხვავდები. ახლა მართლა გაქვს მიზეზი იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიტირო, იმიტომ რომ ამ მცირე დროში შეძლეს და დაგიმსგავსეს.
–მცირე დროში? რა მცირე დროში, დათა? არც კი ვიცი რამდენი დღე გავიდა, მაგრამ მგონია რომ უკვე წლებია ასე ვცხოვრობ... და ჰო, ნურც შენ იამაყებ საკუთარი თავით, იმიტომ რომ ჩემს თვალში შენც იგივე ხარ რაც სხვები, არც შენ გესმის ჩემი.
–ადამიანმა შენ როგორ უნდა გაგიგოს?! წადი, ყველგან განაცხადე რომ ეს ყველაფერი ჩემგამო ხდება, შენ დაგეხსნებიან და ცოტას მეც გამართობენ.
–აქ რას აკეთებდი?-ყურადღება არ მიაქცია ბიჭის ნათქვამს.
–თავის დამარხვას ვცდილობდი.
–საერთოდაც არ არის სასაცილო, მაგრამ კარგი, შენი საქმეა და მე არ მეხება... აღარსად გადამეჩეხო, თორემ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში აღმოჩნდე.
–წარმატებები.- თავი დაუქნია ღიმილით და ხეებს შორის ჩაიკარგა.
****
შინ დაბრუნებულს სახლი ჩაბნელებული დახვდა. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ თავისი გულის ხმა არღვევდა. წამით თავი კვლავ სასაფლაოზე იგრძნო და ამჯერად შიგნეულობა ამოეშანთა. როგორც ჩანს დედამისს მის მოსვლამდე ჩასძინებოდა.
–მომინდომა დედობა...-ტუჩები დაბრიცა და ოთახში ხმაურიანი ნაბიჯებით შევიდა, კარი გადაკეტა და ტანსაცმელი მოიშორა. დაკაწრულ სხეულს კმაყოფილი მზერა მოავლო და საწოლის გრილ თეთრეულში გაეხვა.
–არ იმსახურებენ სიმართლის ცოდნას, საერთოდ არ იმსახურებენ... მორჩა, აღარ ვიტირებ, ახლა მათი ჯერია! მე სასირცხვილო არაფერი მაქვს, მან მკრა ხელი, მე არ მიკრავს! დამშვიდდი კატო, ნუღარ ტირი, ცოტა მათაც იტირონ!- სწრაფად იმშრალებდა ცრემლებს და ზეწარს ებღაუჭებოდა.
სრულიად შიშველი გულაღმა იწვა საწოლზე. თვალებმოჭუტული უყურებდა ჭერს, აკანკალებულ სხეულს ძლივს იმორჩილებდა და არაფერზე, საერთოდ არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ყურისწამღები წუილი ჩაესმოდა ყურებში, რომელიც მოდუნებას აიძულებდა და ნელ-ნელა თიშავდა.
ბოლოს ჩაეძინა.
**
საღამოს ექვსი საათი იქნებოდა ძილ-ბურანიდან რომ გამოერკვა. დასიებული ქუთუთოები მტკივნეულად შეზრდოდნენ ერთმანეთს და ახალგაღვიძებულს მაშინვე უფუჭებდნენ განწყობას. რამდენჯერმე მოისრისა და საბოლოოდ ძლივს გაახილა თვალები. მზერა ჯერ კიდევ დაბინდული ჰქონდა, გონს ვერ მოდიოდა. ზლაზვნით მიადგა სააბაზანოს, ხელ-პირი ცოვი წყლით დაიბანა და გამოფხიზლებულმა მაშინვე იგრძნო ძლიერი ტკივილი მთელს სხეულში. სახლში ისევ მარტო იყო, კვლავ სამარისებური სიჩუმე ბატონობდა სახლის თითოეულ წერტილში და გულს უსიამოვნოდ უჩქარებდა. კვლავ ოთახში დაბრუნდა, ფარდები გადასწია, ფანჯარა გამოაღო და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. თითქოს, სხეულის თითოეული უჯრედი თავიდან გაცოცხლდა, ენერგიით დაიმუხტა და რამდენჯერმე შეაჟრჟოლა. ახლაღა გაახსენდა ტელეფონი და სოციალური ქსელი. ტელეფონი დასამუხტად შეაერთა და ყურსასმენების ძებნას შეუდგა. არეულ უჯრაში ერთმანეთში ახლართულ ყურსასმენებს ძლივს მიაგნო, კმაყოფილი დაუბრუნდა საწოლს და ბალიშზე წამომჯდარი სიამოვნებით შეუდგა აბურდული ყურსასმენების დახსნას. მერე ისიც ტელეფონს შეუერთა და “ყვითელი ფოთლების” ტკბილ ჰანგებში ჩაიკარგა. მელოდიის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ ყურადღება აღარ მიუქცევია თუ რა ჩაირთვებოდა, სასიამოვნოდ ედებოდა მის სმენას ნებისმიერი შესსრულებლის ხმაური. როგორც კი ინტერნეტს დაუკავშირდა მაშინვე გაუჩერებლად აბზუილდა მისი ტელეფონი. ოდნავ გაფართოებული თვალებით დასცქეროდა განათებულ ეკრანს და ვერ ბედავდა შეტყობინებების გახსნას.

-“შენგან ამას არ მოველოდი...”
-“აი, ძმაო, მეგობრობა... საღოლ კაწ, მაგრად ჩაატარე.”
-“ჩემი შვილი რატომ არ ხარ, ნახავდი როგორც მიგექცეოდი...”
-“ღმერთმა დასწყევლოს თქვენი ოჯახი, ეს რა გველების ბუდე ყოფილხართ...”
-“ფსიქიატრის ნომერი ხო არ გინდა?”
-“ლიკა მართლა შენ მოკალი?”
-“გოგო, შენზე რეებს ლაპარაკობენ იცი?”
-“ნეტავ მის ადგილას შენ იყო, ნაძირალა ხარ, მკვლელო...”
-“რა ნამუსით აგრძელებ ცხოვრებას?”
-“დაიმალე, დაიმალე... სადაც გნახავ მე თვითონ გამოგჭრი ყელს.”
-“იმედია რაღაცას გაბრალებენ, ასეთ რაღაცას შენგან არ ველოდით, ტო...”
-“ყ*ეზე დაიკიდე ყველა, მე მჯერა შენი და შენს გვერდით ვარ...”
-“ახალი თაობის სახე ხარ ზუსტად, თუ მკვლელი არა, მოღალატე მაინც...”

-საკმარისია!-აკივლებულმა მოისროლა ტელეფონი.- საკმარისია, მე არაფერი ჩამიდენია... გაჩუმდით!- ყურებზე ხელებაფარებული ერთ ადგილზე ნერვულად ირწეოდა.- მან მკრა ხელი, მან მიმატოვა... გეყოფათ.

****
-არაფერია ახალი?- გაცრეცილი მზერით შესცქეროდა ქმარს.
-არა.
-არც ცუდი, არც კარგი?
-ცუდი რად გინდა, თეა?!
-ყველაფრის დასრულება მინდა, მინდა რომ რაღაც დამეცეს და ერთ წამში მოვკვდე, ასე ნელ და მტანჯველ სიკვდილს ვერ ვუძლებ. ძალიან მტკივნეულია სიცოცხლე.
-არ თქვა, ღმერთი არ გაგიწყრეს. შენც რომ რამე დაგემართოს მე როგორღა მოვერიო სიკვდილს, აგერ, გვერდით რომ მიზის და თავისკენ მებღაუჭება?! შეხედე ერთი ამ ნაძირალას, როგორ მიმათრევს თავისკენ, მაგრამ არა ბატონო... მე ჩემს შვილს უნდა დაველოდო.
-ნეტავ სულ უშვილოდ დავრჩენილიყავით მეთქი, გზაში ვფიქრობდი... ვერც კი წარმოიდგენ რა გულისამრევი იყო ამ ფიქრებში საკუთარი თავის გამოჭერა. მაგიჟებს ეს ფიქრები, ერთი მეორეს რომ მიეწყობა და დაუსრულებლად მივყავარ სადღაც ბნელეთში. მერე ამ აპარატის წრიპინი ჩამესმის ყურებში და მახსენებს რომ მე ისევ ცოცხალი ვარ, ჩემი შვილი კი ნახევრად მკვდარი. ნეტავ საერთოდ არ გაეცნო ის სატანის ნაშიერი...
-გაჩუმდი თეა!-ანთებული თვალებით გახედა ცოლს.- ცოდვას ნუ ჩაიდენ, რაც არ იცი ნუ ილაპარაკებ.
-რა ბევრი ცოდნა ამას უნდა?!-ხმას აუწია აფოფრილმა ქალმა.- ცალ-ცალკე არასდროს დადიოდნენ, მაგრამ ყოველთვის ლიკა უფრო მეტად უყვარდათ, ეს ლოგიკურიცაა... ჰოდა ერთ დღესაც ბოღმა ყელში მოაწვა, თავი ვეღარ შეიკავა და ვინ იცის რა დამართა ჩემს შვილს.
-ღმერთმა ქნას ეგრე იყოს და ცოდვაში არ გქონდეს ფეხი ჩადგმული.
-რას დაიჩემე ეს “ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას”, სად არის ამ დროს ღმერთი, როცა ასეთი ახალგაზრდები ემსხვერპლებიან ხოლმე ნაძირლებს?!
-გაჩუმდი ქალო, რა იქნება!-მოთმინება ამოეწურა კაცს.- იცოდე, ისე გაგიკეთებ, აქ ფეხის შემოდგმა ვეღარ გაბედო.
-ერთი შენც რა!- ხელი აიქნია დანებებულმა.
***
-დღეს კატოზე ვფიქრობდი.-ცხვირწინ მჯდომ ცოლს გაუსწორა მზერა.
-მაინც რაზე?-გაუკვირდა.
-არ ვიცი, მგონია რომ მკაცრად ვექცევით. ბოლოს და ბოლოს, მისი მეგობარიცაა. ვერ ვხვდები ასეთი რამ მათ რატომ დაემართათ. ყოველთვის განუყრელები იყვნენ, რაღა იმ ღამით გაიაყარა მათი გზები? ნუთუ რამე არასწორად ვასწავლეთ?
-ნუ სულელობ რა!-წარბები შეკრა ქალმა.- ახალგაზრდაა, რა თქმა უნდა შეცდომებს დაუშვებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შენი ან ჩემი ბრალია. რა თქმა უნდა, ეს პატარა შეცდომა არ არის, წარმოდგენაც არ გვაქვს იმ ღამით რა მოხდა, მაგრამ ერთ დღეს ორივე ალაპარაკდება, გავარკვევთ რა მოხდა და ყველაფერი დასრულდება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ლიკას სიცოცხლეა, დანარჩენს მერე მივხედავთ და თუ საჭირო იქნება, საკადრისადაც დავსჯით.
-მაგრამ მაინც ვერ ვწყნარდები, უცნაურად მიფორიაქდება ხოლმე გული. მგონია რომ რაღაც შეცდომას ვუშვებთ, მგონია რომ სადღაც ვაგვიანებთ...
-ყველანი დასტრესილები ვართ, არაფერია ამაში გასაკვირი. ლიკა გონს მოვა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და შენც გაგიქრება ეგ გრძნობა.
-იმედია...- ამოიხვნეშა დანებებულმა და მაგიდაზე დადგმული თეთრი ფინჯანიდან, შეგრილებული ყავა მოსვა.
-საავადმყოფოში გავუაროთ და მერე სახლსაც მივხედავ ცოტას.
-მეც სამსახურში გასასვლელად მოვემზადები.
-დღეს უნდა წახვიდე? თითქმის დაღამდა.
-ამაღამ რაღა მინდა, ხვალ.
-კარგი, გადაიხადე და წავედით.- ფეხზე წამოდგა, კაბა გაისწორა და ხელჩანთა მოიმარჯვა.
-წავედით.- ოფიციანტთან ანგარიში გაასწორა და ცოლთან ერთად დატოვა კაფე.

****
-მაგარი გამხდარი ხარ...იმენა ჩამომხმარი ხარ. არაფერს ჭამ?- რამდენიმე წუთიანი დუმილი ნიკამ დაარღვია.
-რა ვიცი, რა.-მხრები აიჩეჩა და ერთი წერტილისთვის თვალი არ მოუცილებია.
-კარგი რა, კატ, ამდენი ხანია ასე უაზროდ ვზივართ, არაფერს მეუბნები, არა და შენ მომწერე შევხვდეთო.
-ნიკა, არ შემიძლია ასე ავდგე და დავფქვა ყველაფერი. მე თვითონაც აზრზე არ ვარ რა ხდება ჩემს თავს. საითაც გავიხედები ყველგან ზიზღია. ყველამ თავისი საქმე ფეხებზე დაი*კიდა და ჩემს შესაძულებლად მოიცალეს. წარმოდგენაც არ გაქვს დღეს რაები წავიკთხე.
-ეგ ბუნებრივიცაა, რასაც უყვებიან, იმას იჯერებენ.
-ხოდა რატო?- პირველად ინება მეგობრისთვის თვალის გასწორება.- ვერ ვხვდები, რატომ უსმენენ მათ, ვისაც წარმოდგენაც კი არ აქვს რა მოხდა? ჩემს გაგებას რატომ არავინ ცდილობს? ვიღვიძებ ერთ დილას და ვხვდები, რომ ლიკას ამბავში მე მადანაშაულებენ, ერთი წუთითაც კი არ მაძლევენ ხმის ამოღების საშუალებას.
-ეეე, კაწიკ, შენ თუ მაგათ ელოდე როდის გაანძრევენ ტვინებს და იფიქრებენ, მოდი აბა, კატოსაც მოვუსმინოთო, იქამდე შენ ჭკუიდან შეირყევი... ისედაც არ გავხარ ნორმალურს. რას გავხარ, სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე?
-პროსტა თუ მჯეროდეს, რომ ყველამ ასე დამი*კიდა. ხალხს რა მოვკითხო, ჩემი მშობლებიც კი ზედაც არ მიყურებენ, რომელ მოსმენაზე და გაგებაზეა საუბარი.
-ხოდა ნუ ზიხარ კუთხეში, ადექი და მოყევი ყველაფერი.
-რა აზრი აქვს? ყველას თვალში ისევ დამნაშავე ვიქნები, უბრალოდ ახლა თავის გამართლების უაზრო მცდელობებიც მექნება და მორჩა.
-ხოდა აქ რისთვის ვარ, მომიყევი ყველაფერი, მოგისმენ.
-ძაან ბევრ რამეს ვერ ვიხსენებ, არ მინდა რამე არეულად მოვყვე და უარეს სიტუაციაში ჩავვარდე.
-ვააახ...-თავი გადააქნია ჩაფიქრებულმა.- თუ ვიცოდე რა უნდა გიშველო.
-დაი*იდე რა! უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა და ვსო, ჩათვალე ამაზე არც გვისაუბრია.
-თავს გაუფრთხილდი რა, ძაან ცუდად გამოიყურები.
-ეგეც დაი*იდე, ერთ დღეს ყველაფერს ეშველება.
-დავიშალეთ?-ფეხზე წამოდგა ბიჭი.
-მე ცოტა ხანს კიდევ ვიქნები, შენ წადი.
-თუ გინდა დავრჩები.
-არა, მარტო მინდა.
-კაი, წავედი და თუ რამე შენს გვერდით ვარ.
-ხო, აბა რა...- ცინიკური ღიმილით გააქნია თავი.
-ვერ გავიგე?!
-ტრა*ში გაიკეთე ეგ შენი ტელეფონი, თავის ჩამწერიანად.
-რას სულელობ, გოგო?- დაბნეული უყურებდა თანკლასელს.
-კაი, დებილი მაინც ნუ გამოგყავარ, თავიდანვე ვიცოდი რატომაც მიცხადებდი თანადგომას. სანამ სხვისი უბედურებით გადაწყვეტდე გამდიდრებას ან თუნდაც სახელის მოხვეჭას, იქამდე კარგად დაფიქრდი, გაიგე? ერთ დღეს შეიძლება შენ ჩემზე უარეს სიტუაციაში აღმოჩნდე და ეგ შენი ჩანაწერები ვერაფერს გიშველის.
-რეებს ამბობ, კატო, არ გრცხვენია?
-კაი ნიკა, რა, გათიშე მაინც ეგ დედაატირებული ჩამწერი. უბრალოდ გაქრი აქედან და აღარასდოს გამეჩხირო თვალებში. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დამარწმუნე იმაში, რომ არავის უნდა ვენდო.
აღარც შეუხედავს უსიტყვოდ გაძურწული ბიჭისთვის, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა და ერთი ღერი ტუჩებს შორის მოიქცია. პირველად ჩაუშვა მომწამლავი კვამლი ფილტვებში და ხველაამტყდარს და თვალებაცრემლიანებულს ჩუმი სიცილიც წასკდა. სკვერის სკამზე უკეთესად მოთავსდა და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, სწორად შეიწოვა სიგარეტის კვამლი და სიამოვნებით გაირინდა.
-ასწორებს ხო?
-ჯერ-ჯერობით კი.



№1 სტუმარი სტუმარი სალი

Kargia yvelaferi ise midis rogorc velodi imedia didxans ar gvalodineb warmatebebi moutmenlad veli axal tavs

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მაგრამ კატო ყველასგან რატომ გარიყე...ისე გაქვს გადმოცემული მიც და ალბათ ნებისმიერ სხვასაც გვტკივა მისი მდგომარეობა❤ ბევრი აღარ აწვალო.. წარმატებები შენ და მალე გაგვახარე ახალი თავით ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent