ჩიხი III
****** - მილენა, აქ რას ვაკეთებთ? ავალიანი დაბნეული ჩანდა. რედაქტორმა ჯერ თავისთან იხმო. შემდეგ კი, გარდაცვლილი ჟურნალისტის სახლში წაყვანა სთხოვა. - წინაზე აქ ბევრი ხალხი იყო, - ოთახში შუქი აანთო - ხმაურში ვერ ვმუშაობ. ხელთათმანები მოირგო და არეული მისაღები ყურადღებით მოათვალიერა, თითქმის ყველაფერს სისხლი შეხმობოდა. კედლებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ, ხრწნაშეპარული ლეშისა და უჩუმრად მოხეტიალე სიკვდილის მძაღე სუნი. - კარგი, კიდევ დავათვალიეროთ, მაგრამ რას ეძებ? საწერი მაგიდის უჯრები გამოსწია და ინტერესით ჩაიჭყიტა. - ნებისმიერ დეტალს, რომელიც სხვაობას მომცემს! კარადა გამოაღო და შიგთავსი წარშეკრულმა მოათვალიერა. საინტერესო ვერაფერი იპოვა და იმედგაცრუებულმა ისევ მიხურა. - რას გულისხმობ? მილენას პასუხი არ დაუბრუნებია. ზურგი აქცია დეტექტივს და საძინებელში შეაბიჯა. ფეხქვეშ რაღაც ახრაშუნდა. ძირს დაიხედა. ბორდოსფერი ხალიჩა მინის ნამტვრევებით იყო მოფენილი. - მოსე! - ბატონო... - ეს თქვენი ნამოქმედარია? - რა? საძინებელში შეაბიჯა, რომ ენახა რაზე უთითებდნენ. სარკისგან მხოლოდ მოჩუქურთმებული ჩარჩო დარჩენილიყო, შუშის ნაფხვენები ძირს ეყარა. - რომ მოვედით ასე დაგხვდა, - მხრები აიჩეჩა - ვიფიქრე, რომ გეწაძეს გაუტყდა. - გატეხილს არ ჰგავს. ვიღაცამ განზრახ ჩალეწა! სისეს რატომ უნდა ჩაემსხვრია საკუთარი ანარეკლი? - მისი სიფათი, რომ მქონოდა, არც მე დავინანებდი ერთ გაქნევას... ბოდიში! რედაქტორის „სერიოზულად?!“ გამომეტყველებას თვალი აარიდა და ნატეხებისკენ დაიხარა. თითით მიყარ-მოყარა ნარჩენები. მუხლს იდაყვით დაეყრდნო და ცარიელ ჩარჩოს ახედა. - როცა საკუთარ თავზე ბრაზობ, სარკის ჩამსხვრევა კლასიკური მანევრია, - წამოიწყო დასერიოზულებულმა - და მაინც... შენც, თუ იმას ფიქრობ, რასაც მე... - „მონარქი“ ამას არ იზამდა! - გამოუთქმელი ეჭვი დაუდასტურეს. - მაშინ, ისმის კითხვა... - წელში გაიმართა და ქალს მზერა გაუსწორა - თუ „მონარქი“, არა, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? - მკვლელის ხელწერის დეტალები არავინ იცის, „მონარქისა“ და პოლიციის გარდა! შეშფოთებულმა, ოთახს თვალი მოავლო. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამორჩათ!... ****** მილენამ, კერძო სახლთან შეაჩერა მანქანა. გეწაძის ბინის დათვალიერებამ ახალი თავსატეხი გაუჩინა! რა უნდა ექნა, თუ გაირკვეოდა, რომ სისე „მონარქს“ არ მოუკლავს?! ავალიანისთვის დღიურის შესახებ არაფერი უთქვამს. თუ, მისი ეჭვები გამართლდებოდა - პოლიციის ყველა თანამშრომელი, პოტენციურ ეჭვმიტანილად ჩაითვლებოდა! დეტექტივთან დიდი ხნის ნაცნობობის მიუხედავად, ხანგრძლივმა პრაქტიკამ და გამოცდილებამ, ერთი რამ ასწავლა - „ენდე, მაგრამ შეამოწმე!“ მანქანის კარი გააღო და გადავიდა. ჟინჟლავდა. „ცრემლიანი შემოდგომა“, უკვე გვარიანად აღიზიანებდა! კერძო სახლის კიბე აიარა და კარზე დააკაკუნა. თვალის კუთხით შენიშნა, მაქმანიანი ფარდის მიღმა მომზირალი კენტი თვალი, უჩუმრად, რომ ზვერავდა დაუპატიჟებელ სტუმარს. ჩაეღიმა - ძველი ჩვევები, მოხუცო?! შეგიძლია სამსახური მიატოვო, მაგრამ მისგან გამომუშავებული ჩვევები, ვერა... პარმაღზე ბაკებშევერცხლილი მამაკაცი გამოჩნდა. ოდნავ გაოცებული და მეტად ნასიამოვნები გამომეტყველებით. სიბერისკენ გარდამავალი წლები დასტყობოდა ჭაღარას. აკაციის თაფლივით ბაცი ფერის თვალები, ცივ იერს სძენდა დამხვდურს. თუმცა, მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ, როგორი კეთილი გულის პატრონი ბრძანდებოდა გივი ჭკადუა, ყოფილი გამომძიებელი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა განყოფილებიდან! - მილენა? - გაიბადრა მასპინძელი - ნუთუ, მართლა შენ ხარ?! - გამარჯობა, გივი. - შემოდი, ძვირფასო... გვერდით გადგა და ყოფილი მეწყვილე ღიმილით გაატარა. - როგორ ხარ, გივი? საქმეები, როგორ მიგდის? ლაბადა გაიხადა და სავარძელზე მსუბუქად დაეშვა. ნოსტალგია იგრძნო, როცა ჭკადუა, სამზარეულოდან, ლანგრით ხელში გამოფუსფუსდა. - ძველებურად. შენს ნახვას არ მოველოდი. სასიამოვნო სიურპრიზია! ჩაის ფინჯნები, ნამცხვრიანი თეფში, მაგიდაზე დაალაგა და ხვნეშით ჩაეშვა ფუმფულა სავარძელში. - ანდროს და მანანას ვერ ვხედავ... მომლოდინედ მიმოიხედა. ჭკადუას ცოლ-შვილის ხსენებაზე სახე მოექუფრა. მილენამ ამოიოხრა და ცხელი ფინჯანი, ყავის თეფშით მუხლზე დაიდო. - ისევ იკამათეთ? - წლებთან ერთად ურთიერთობები უფერულდება, მილს, - ძველისძველი ჩიბუხი კბილებში გაირჭო და მოუკიდა - მითუმეტეს, მაშინ, როცა ოჯახის მაკავშირებელი სიყვარული სულაც არ არის... უნებურად ანჯაფარიძე მოაგონდა და უხერხულად შეიშმუშნა. ჭკადუას ჩაეღიმა. - არც შენთან შეცვლილა რამე, როგორც გატყობ. - თვალი ეშმაკურად ჩაუკრა. - საქმეზე მოვედი შენთან. - ვიცი... - თავი დაუქნია და ჩიბუხს მოქაჩა - ენაჭარტალა ჟურნალისტებს სიკვდილიც ვერ დაასრწრებს! - დაგირეკეს? - ყოველდღე რეკავენ! - წარბი შეიკრა გაღიზიანებულმა - წარსულის დეტალები აინტერესებთ. იქექებიან და იქექებიან! ფეხებზე ჰკიდიათ შენი ეთიკაც და გრძნობებიც! - ყველა თავის საქმეს აკეთებს, გივი. იწყინასავით. მოსაუბრეს გაეცინა. - დამავიწყდა, რომ ახლა ჟურნალისტი ხარ! - შენთვის რაღაცის კითხვა მინდოდა. - მაინც? - გვარი მენაბდე, გეცნობა? - ფინჯნის ზედაპირს თითი გადაუსვა და ქვემოდან გახედა მოსაუბრეს. - მენაბდე? - ფიქრიანად მოისრისა ნიკაპი. - ჰო. ერთ ისტორიას ვიკვლევ. იქ შემხვდა ეს გვარი. დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც მოვისმინე, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ. ჟოლოს ჩაი მოსვა. ესიამოვნა. ცივი თითები ოდნავ გაუთბა. ჭკადუას, ყავის ვერა და ჩაის კეთება ეხერხებოდა. - ლეილა პეტრიაშვილის საქმე, გახსოვს? - მოაგონდა უცებ - შვილიშვილმა, მოხუცის დაყაჩაღება სცადა, მაგრამ შეგულებული ფული ვერ იპოვა და ბებიამისს, რომ არ ეჩივლა, მისი მოკვლა სცადა! გონებაში დაჰკრა წლების წინანდელმა მომხდარმა. განყოფილებაში ბევრი იცინეს - მოხუცი ქალი იმდენად გაიძვერა და საზრიანი აღმოჩნდა, დაკოჭილმა და გვარიანად ნაცემმა, გადასარჩენად თავი მოიმკვდარუნა. ბიჭმა იფიქრა, რომ ბებიამ სული განუტევა და თავი ანება. მოგვიანებით, „გაცოცხლებულმა“ მოხუცმა, ყაჩაღ შვილიშვილის სასამართლოში უჩივლა. ექვსი თვის შემდეგ კი, თავადვე გამოაშვებინა - სიბრაზემ გადაუარა. - შვილიშვილი იყო, გვარად მენაბდე. - ფიქრებიდან გამოარკვია ჭკადუამ. - იმ ბიჭის მონაცემები მჭირდება. - რად გინდა? - გაუკვირდა - მასთან რა საქმე გაქვს? - მას შეუძლია ერთ პიროვნებასთან დამაკავშიროს. - მილენა, - გივის სახე მოეღრუბლა. ეცნო მზერა, რომელიც ქალს ხშირად უსიამოვნებებში ხვევდა - გამოძიებას ორივე ჩამოვშორდით. საკმარისი გამოვიარეთ. არ ვიცი რაში ერევი, მაგრამ უნდა შეჩერდე! დაძაბულ სიჩუმეში, უსიტყვოდ გაიჟღერა ჯანდიერის სახელმა. სამი წელი გასულიყო, რაც მეწყვილის დასაფლავებაზე ბოლოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ, როცა გივიმ, ბოლოს და ბოლოს, თავი დააჯერა, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო, წინა ცხოვრებიდან - სარანგიძე გამოეცხადა, ანთებული თვალებით, რაც კარგს არაფერს მოასწავებდა. ჭკადუა ღელავდა - ბოლოს, მსგავსმა გამომეტყველებამ, სამეული „მონარქის“ საქმეში ჩართო. - ჩაისთვის და ინფორმაციისთვის, გმადლობ. ძალიან დამეხმარე. წამოდგა და ლაბადა მხერბზე მოისხა. ჭაღარამ ამოიოხრა. არაფრით ეპიტნავა ყოფილი პარტნიორივით ჯიუტი ფაქტი, რომ წლებმა მის ხასიათს ვერაფერი დააკლეს. ისევ ისეთი თავნება და გაუგონარი იყო - სიტყვას ვერ შეასმენდა კაცი! - ლესელიძეს დაურეკე. - დანებდა - ჯერ კიდევ განყოფილებაში მუშაობს. ყველა საჭირო ფაილს მეილზე გადმოგიგზავნის. - კარგი. შეხვედრამდე, გივი. მეწყვილეს თავი არ გააცილებინა, ისე დაემშვიდობა. კარი გამოიხურა და ფიქრიანად მოათვალიერა ნაცრისფერი ქუჩა. წვიმის წვეთები შერჩენოდათ გაყვითლებულ ფოთლებს. ციოდა. რატომ იგრძნო თავი ასე ცუდად, პარტნიორის თვალებში ჩახედვისას? თითქოს ჭკადუა მას ადანაშაულებდა მომხდარში. ნაწილობრივ ასეც იყო. „მონარქის“ საქმის აღება არავის უნდოდა განყოფილებაში. თავად დაიჟინა - გავუმკლავდებითო! ჯანდიერს მეტი რა უნდოდა? ენთუზიასტი, უშიშარი ახალგაზრდა იყო. ჯგუფის ახალ წევრს, ერთი სული ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობები ყველასთვის დაემტკიცებინა. მაშინვე მოინუსხა გამოწვევით და გივის ბუზღუნის მიუხედავად - სამუშაო მაგიდას, საზიზღარი ფოტომასალით სავსე საქაღალდე დაენარცხა. გული მოეწურა. მას, რომ უარი ეთქვა... გუნდი „მონარქის“ საქმეში, რომ არ ჩაეთრია, იქნებ ნიკო ახლაც ცოცხალი ყოფილიყო? ტუჩი მოიკვნიტა. აწყლიანებული თვალები აახამხამა და კიბე ჩაიარა. მანქანისკენ მიმავალს ჯიბეში ტელეფონი აუზუზუნდა. ეკრანს, რომ დახედა შვება იგრძნო. უპასუხა: - მოიცალე? - ღიმილით გამოაღო მანქანის კარი. - მაპატიე, აქამდე ვერ მოვახერხე დაკავშირება. ორი გადაუდებელი ოპერაცია მქონდა, - დანის დაღლილი ხმა ჰქონდა - ორი დღე-ღამეა არ მიძინია. ვითიშები! - თვითმკვლელი ხარ? - წაიბუზღუნა - სახლში წადი და დაისვენე! - შენ რას შვრები? ჯუნამ მითხრა, რომ რეკავდი. - ახალი ამბები არ გინახავს? - არა, ამ წამს გამოვედი ბლოკიდან. რამე მოხდა? - ხმაში შეშფოთება გაერია. - გცალია? ცოტახნით გამოგივლი. შენთან საუბარი მჭირდება. - ნახევარ საათში ცვლას ვასრულებ. ყავა დავლიოთ. - კარგი. - დროებით... ///ვერცხლისფერი/// გივი ჭკადუას ბინა, 18:25 წთ, მთვარის მე-13 დღე - მეორე ფაზა... ფრთხილი ნაბიჯით გამოვიდა საძინებლიდან. კარს არ შეხებია, რომ ანჯამები არ აჭრიალებულიყო. მახვილი სმენა ჰქონდა ბებერს! მაშინვე იეჭვებდა რამეს. ფეხაკრეფით გაიარა ჰოლი. კედელს ამოეფარა და მისაღები ოთახიდან გამომავალ ხმებს ყური მიუგდო. - ანდრო! დაიცადე. საქმე მაქვს. - რა გინდა?! - იკითხა უხეშად. - სად მიდიხარ? - ანგარიშს როდის მერე იბარებ?! - ტონზე შეეტყო, ირონიულად იღიმოდა. - რატომ უთვალთვალებ გაბრიჩიძეების უტვინო გოგოს?! ის წყეული ტელესკოპი მაგისთვის მაყიდინე?! გინდა, რომ ისევ შარში გაეხვე?! - ჩემს ოთახში ისევ დაუკითხავად შეხვედი?! - გამოსცრა კბილებში. - მილიონჯერ გაგაფრთხილე! - ხმას აუწია მამამ - მოეშვი იმ ბოზს და შენს საქმეს მიხედე-მეთქი! მეორედ, რომ დაგიჭიროს მამამისმა, თუ როგორ დასდევ კუდში და ფოტოებს უღებ, გიჩივლებს! ჩემი ყოფილი დეტექტივის სტატუსი, ვერაფერში დაგეხმარება და ციხეში ჩაგსვამენ! გესმის ჩემი?! - ჩემს საქმეში, ცხვირს ნუ ჰყოფ! - შეუღრინა - მანანას მიხედე, გირჩევნია! სანამ შენი შემცვლელი უპოვია! ცინიკურად გაიჟღერეს სიტყვებმა, რასაც ყრუ დარტყმის ხმა მოჰყვა. კაპიუშონიანმა ვეღარ მოითმინა და ფრთხილად შეიჭყიტა ოთახში. ახალგაზრდა ბიჭი ღვარძლიანი ღიმილით ყბაზე ხელს ისვამდა და ბოროტი მზერით ხვრეტდა, არანაკლებ გაბოროტებულ მამას. ოცდასამ წლამდე, საშუალო სიმაღლის ალბინოსს, გრძელი, ვერცხლისფერი თმა თვალებზე ჩამოჰყროდა. ძალიან ღია, ღრმად ჩამჯდარი, ნაცრისფერი თვალები მტრულად უელავდა. მკვეთრად გამოკვეთილ ყბებზე თეთრი, დაბალი წვერი მოსდებოდა. მარჯვენა მკლავი მთლიანად ტატუებით ჰქონდა მოხატული. თითებზე იაპონური იეროგლიფები ამოესვირინგებინა. კაპიუშონიანს ინტერესი დაეტყო - შვილი საერთოდ არ ჰგავდა მამას. - ნუ სარგებლობ, იმით, რომ ბებერი ხარ! - გახეთქილი ტუჩი ხელის ზურგით შეიწმინდა - გაფრთხილებ, თუ კიდევ ერთხელ დამარტყამ... - თვალები დაქაჩა - მარჯვენას ძირში მოგამტვრევ! ოჯახური იდილიაც ასეთი უნდაო, - ქვედა ტუჩის კუთხეზე ცერი მოისვა. ნოსტალგია იგრძნო და დამცინავად ჩაეღიმა. - უმადურო, დაუნახავო, ლაწირაკო! - აიფოფრა მამაკაცი - როგორ მიბედავ ასე საუბარს?! მე, მამაშენი ვარ! პატივისცემა გმართებს! - აი, შენი პატივისცემა! - საჩვენებელსა და შუა თითს შორის, ცერი მოიქცია - ჩემს ოთახს გაკარებული არ გნახო! არ გამაღიზიანო, გივი! გამიფრთხილებიხარ! მიტკალივით გაფითრებულ მოხუცს ზურგი აქცია და ფართო ნაბიჯით, გასასვლელს მიაშურა. კაპიუშონიანი მაშინვე მოსწყდა ადგილს და სამზარეულოში შესხლტა. დაძაბულმა მიაყურადა. გასასვლელი კარი გაჯახუნდა და ფეხის ხმაც მიწყდა. ნიკაპი ნერვიულად მოისრისა. ალბინოსის ენით აუწერელმა ზიზღმა და აგრესიამ გააკვირვა. განა, რა დააშავა ყოფილმა დეტექტივმა ასეთი, რომ შვილი შეურაცხყოფას არ ერიდებოდა? შეფიქრიანებული ფანჯარას მიუახლოვდა. ფარდა ოდნავ გადასწია და ქუჩას გახედა. ალბინოსმა გზატკეცილი გადაირბინა. ნარინჯისფერ „აუდს“ ჩაუჯდა და საბურავების წივილით, იქაურობას გაეცალა. ფანჯარა გამოაღო და გადახტომა დააპირა, რომ მისაღები ოთახიდან ჭკადუას განერვიულებული ხმა შემოესმა და რაფაზე აწეული ფეხი, ჰაერში გაუშეშდა. ზუსტად იცოდა, რომ სახლში მათ გარდა არავინ იყო. ვის ელაპარაკებოდა?! - რა გინდა, რომ გავაკეთო?! - ბგერებს პანიკა გამოერიათ - ბიჭს შეეშვი! ის, არაფერ შუაშია! კარგი... კარგი, როგორც იტყვი... ყრუ ოხვრას, ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა. ალბათ, ტელეფონზე საუბრობდა და გათიშა. დაეჭვებულმა თავი გვერდით გადახარა. თვალები მოეწკურა და წამში შეცვალა გადაწყვეტილება. უკან მობრუნდა. ზურგსუკან მიმალული პისტოლეტი ამოიღო. გადატენა, ჯიქურ გამოაღო სამზარეულოს კარი და ჭკადუას მისაღებში შეეჭრა. - გამარჯობა, გივი! გესიალანად გაუღიმა და იარაღის ლულა გულში დაუმიზნა. მასპინძელს დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. თვალებგაფართოებულმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და რომ არ წაქცეულიყო, სავარძელს ჩაეჭიდა. - შ-შ-შენ??? - ხმა ჩაეხლიჩა. - რა ფერი გაქვს? ხომ არ შეგეშინდა?! სიცილისგან მხრები აუთამაშდა. მისაღები ოთახის კარი ჭრიალით მიიხურა... მთვარის მეოთხე სიმფონია ///ღვინისფერი/// ****** დერეფანში მიაბიჯებდა და თვალებით ლოლაძეს ეძებდა. დანტემ თხუთმეტი წუთის უკან დაურეკა და უთხრა, რომ ცოტა ხნით შეყოვნდებოდა. უცნაური ხმა ჰქონდა ექიმს. მანქანაში ვეღარ გაჩერდა და კლინიკაში მოაკითხა. მედიკამენტების მძაფრმა სუნმა, ტუჩები ზიზღით მოუღრიცა - ვერ იტანდა საავადმყოფოებს! ნეტავ, მისი კაბინეტი რომელ სართულზე იყო? მესამეზე, თუ მეოთხეზე? გაღიზიანებულმა ლაბადა გაიხადა და პერანგის რამდენიმე ღილი შეიხსნა. დასცხა! მუდამ ასე ემართებოდა ნერვიულობისას. საორდინატოროში, მორიგეს თავს წაადგა. ახალგაზრდა გოგომ ისეთი ამჟავებული გამომეტყველებით ამოხედა, გუნება უფრო წაუხდა - მთელი დღე, ასეთ სიფათებს, ჩემმა მტერმა უყურაო! რა გასაკვირი იყო, თეთრხალათიანი მუდამ გამოფიტული, რომ ბრუნდებოდა ხოლმე სამსახურიდან! სტრესულ გარემოს, პლუს უჟმური კოლეგები! - მთავარი ქირურგის, ლოლაძის კაბინეტი, რომელ სართულზეა? მიმღებმა ინტერესით შეათვალიერა ქალი და მზერა დეკოლტეზე შეაჩერა. - ჩემი მკერდის ადგილმდებარეობა არ მიკითხავს! - წარბი ატეხა გაღიზიანებულმა - გეკითხები, ლოლაძე რომელ კაბინეტში მოვძებნო-მეთქი?! - მილენა? მოესმა გაკვირვებული შეძახილი. შებრუნდა. დერეფანში, თეთრი ხალათის ფრიალით, დანტე მოაბიჯებდა. ღიმილით მიუახლოვდა მეგობარს. თვალებზე ჩამოყრილი ჩალისფერი თმა უკან გადაიყარა და ქალს ლოყაზე აკოცა. - რატომ არ დამელოდე? - ისეთი ხმა გქონდა, მოცდა გადავიფიქრე. მშვიდობა გაქვს? - სახე ყურადღებით მოუთვალიერა. დაბნეული ეჩვენა. - კაცი ვერაფერს გამოგაპარებს! გაეცინა და მორიგეს მიუბრუნდა, რომელიც ახლა მტრულად მისჩერებოდა რედაქტორს. წყვილს შორის, უშუალო დამოკიდებულება დიდად არ ეპიტნავა. - ჯუნა, ცვლას ვასრულებ. ზარიძის დედას გადაეცი, რომ გაწერას არ ვაპირებ, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება! ნაკლებად მაინტერესებს, მის შვილს კაპრიზები! გასაგებია?! - დიახ. - სირაძე მოვიდა? - მე... ამ... კი, ორი წუთის წინ. არეულად უპასუხა და ღაწვები შეეფაკლა. მილენამ თვალები გადაატრიალა - მორიგი გაშტერებული გედი, ლოლაძის ფანკლუბიდან! - კარგი, გადაეცი, რომ ყველა საჭირო საბუთი კაბინეტში დავუტოვე. დროებით! დაემშვიდობა. მილენას ლაბადა გამოართვა. მკლავზე გადაიკიდა. ხელი ჩასჭირდა და თან გაიყოლა. მორიგეს მზერა, წყვილის გადაჭდობილ თითებს მიეჯაჭვა. - შენმა ასისტენტმა იცის, რომ უიმედოა, თუ მე ვახარო? - როგორი სასტიკი ხარ! - გაუცინა. ხელი გადახვია და საფეთქელზე აკოცა - შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, ბი. - ეს ტონი არ მომწონს... ამოიოხრა გულდამძიმებულმა და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა. ****** დანტეს კერძო სახლში, ვერანდაზე ისხდნენ. მილენას თბილი პლედი მოეხურა ბეჭებზე და გონებაგაფანტული „ორეოს“ ორცხობილას თეთრ კრემს აფხეკდა. ლოლაძეს ნიკაპი ხელისგულზე ჩამოედო და მოთმინებით იცდიდა, გაბუტული როდის ამოიღებდა ხმას, თან ცდილობდა, მეგობრის ახირებაზე, არ გასცინებოდა. - გელოდები, როდის მეტყვი, ვიხუმრეო! - როგორც იქნა, მილენამ თავი ასწია. - ბი... - ამოიოხრა. - მართლა აპირებ გდანსკში გადასვლას? - ეგოისტურად ნაწყენს, თვალები აუწყლიანდა - თან სამი წლით?! დანი... სერიოზულად?! - ფუტკარო... - წვერზე ხელი ჩამოისვა - წამოდი ჩემთან ერთად. - რა? - ხო, რა იყო? - მხრები აიჩეჩა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს - ცოტა ხნით, მოშორდები აქაურობას. ეს ორივეს გვჭირდება. - გადაირიე, ხომ?! - შეუღრინა - სამსახური? მეგობრები? ყველაფერი აქ მაქვს! - ანჯაფარიძე გამოგრჩა! - კბილი გაჰკრა. - ამჯერად, ის არაფერ შუაშია! - გაღიზიანდა - ჩემი ცხოვრება აქ არის. ასე უბრალოდ ვერ მივატოვებ. ერთხელ უკვე გადავიხვეწე ქვეყნიდან და ძალიან გამიჭირდა. ამას მეორედ აღარ ვიზამ. არ შემიძლია. არ მინდა! - მილენა, - ქვემოდან გამოხედა ექიმმა - აქ ბედნიერი ხარ? - დანი, - პლედი მჭიდროდ მოიხვია მხრებზე - რაც არ უნდა იყოს, მე, სახლში ვარ! ეს კი, თავს დაცულად მაგრძნობინებს. მშვიდად ვარ. - სამაგიეროდ, მე არ ვარ მშვიდად! - მზერა გაუმკაცრდა - რეპორტაჟს ვუყურე. მთელი სოცქსელი, შენი ჟურნალისტის მკვლელობაზე საუბრობს! ათასი სისულელეს წერენ! როდის აპირებდი ჩემთვის თქმას?! ის არის, ხომ ასეა? დაბრუნდა და ახლა შენც საფრთხე გემუქრება! - „მონარქი“, ჩემი წარსული და უკვე აწმყოა. იქნება მომავალიც, თუ ამას დროულად არ მოვაგვარებ! გაქცევას არ ვაპირებ! ისეთი კატეგორიული ტონით დაასრულა, ექიმი მიხვდა, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა და ოხვრით მოისრისა თვალები. მილენა, მეორე ორცხობილას დასწვდა და შუაზე გახლიჩა. შავ ზედაპირს თეთრ კრემს აცლიდა და გულდამძიმებული თეთრხალათიანის სიტყვებზე ფიქრობდა - რა ეშველებოდა, ლოლაძე, თუ მართლა წავიდოდა? სიგიჟემდე მოენატრებოდა! ვინ დაიცავდა?! ვინ იზრუნებდა მის ჯანმრთელობაზე?! ვისთან გაქცეულიყო, ანჯაფარიძისგან დალეწილი?! ვინ იწუწუნებდა, რომ საშინელი მზარეულია და კერძების კეთება საერთოდ არ გამოსდის?! ვინ დასცინებდა წყალწყალა ყავაზე, ფხუკუნითა და საფირმო გამონათქვამით - „ნამდვილი ოჯახის ქალი ხარ, ბი“?! თითქოს ფეხქვეშ მიწას აცლიდნენ. თავი დაუცველად იგრძნო. როგორ ეცხოვრა, პირადი სუპერგმირის გარეშე, რომელიც მის „სახლად“ ქცეულიყო? მოშხამულმა ტუჩი მოიკვნიტა. - ბი... - მიმართა რბილად. ექიმის შერქმეულ მეტსახელზე, გული აუჩუყდა - რა გატირებს? - არაფერი! ბუტია ბავშვივით, ცრემლები ხელის ზურგით შეიმშრალა. ლოლაძეს გაეცინა და თავი ჩაქინდრა. - გახსოვს ერთმანეთი როგორ გავიცანით? დაილაპარაკა ხმადაბლა და მზესუმზირის თვალები სევდიანად შეანათა. სხეულს სიცივე შეეპარა და პლედში მოიბუზა. რა დაავიწყებდა? გუშინდელი დღესავით ახსოვდა! ცა იქცეოდა. კოკისპირულად წვიმდა: 23 ივნისი, 15:25 წთ, სადღაც თბილისის გარეუბანში... - ყველაფერი მორჩა?... - ეჭვი გეპარება? - ცივად გაეღიმა. ანჯაფარიძემ ოხვრით მოისრისა თვალები. მილენას მზერა საქარე მინისთვის გაეშტერებინა. ტუჩს უაზროდ იკვნეტდა. მომღიმარი კატერინა, ვერაფრით მოიშორა გონებიდან. - ეს არ დამიგეგმავს... შეგიძლია, რომ დამიჯერო? - დაილაპარაკა ხმადაბლა. - შენით რომ გეთქვა, იქნებ დამეჯერებინა კიდეც... ერთიანად გაცივდა. ფერად სამყაროს, რომელიც ანჯაფარიძემ ხელის გულით აჩუქა, შემოდგომის ხის მსგავსად, შემოძარცვოდა ფერები. კარი უმოწყალოდ გაიხურეს და შავ-თეთრ პრინტებს შეატოვეს ქალი. შემაძრწუნებელი იყო რეალობა, რომლის დაჯერებაც არაფრით სურდა ქვეცნობიერს. თვალის კუთხიდან ცრემლმა გამოჟონა. - ეს არ გამიკეთო... - თვალდახუჭული სავარძელზე გადაწვა - ასე არ მომექცე... ხმა მშვიდი ჰქონდა. ჩვეულზე მშვიდი. იცოდა ეს ტონი. ტანჯული კაცის, რომელსაც ცხოვრებამ არჩევანი არ დაუტოვა - უტიფარი! - შენით რატომ არ მითხარი სიმართლე? - ვერ გითხარი! შეგიძლია ამის გაგება?! ვერ გითხარი! - ლამის იყვირა. ნერვები ღალატობდა გაჯავრებულს. - თვალებში ნაცარს მაყრიდა და კიდევ აქეთ მთხოვს გაგებას. - ჩაილაპარაკა ცინიკურად - საკუთარი თვალით, რომ არ მენახა ცოლის დაბადების დღეზე რესტორანში, კიდევ კარგა ხანს მაცხოვრებდა ტყუილში! მოაგონდა მომღიმარი ანჯაფარიძე, კატერინას მხარზე გადახვეული ხელით და თითზე აბრჭყვიალებული ქორწინების ბეჭედით და კინაღამ გული აერია. სვანის ნაჩუქარი, შავი სარაფანი კანს უწვავდა. გაიაზრა, რომ ქსოვილიდან კი არა, ტყავიდან უნდოდა ამოხტომა და უმწეობისგან ცრემლები გადმოსცვივდა. - ისე, ნუ საუბრობ, თითქოს შენს გვერდით არ ვიჯდე. - ერთ კითხვაზე მიპასუხე მხოლოდ... - რომელ კითხვაზე, მილენა? - რას გეგმავდი? - უემოციოდ გახედა - დროებით გაერთობოდი, შენსას გაისწორებდი, მერე გამარჯვებული კაცის ღიმილით შინ დაბრუნდებოდი და შვილს შუბლზე აკოცებდი? სიმართლე მითხარი! ტყუილი ვეღარაფერს შეცვლის! - აი, ეგ, სისულელე, ჯერ რამ გაფიქრებინა და მერე რამ გათქმევინა?! - დაბინდული მზერით გახედა საყვარელ ქალს - გრძნობა გამიჩნდა! ნამდვილი, ძლიერი გრძნობა, რომელიც არავის მიმართ განმიცდია! ახსნას აზრიც არ აქვს, ჩემი არ გჯერა... - შენი ქმედებები, შენივე სიტყვების საპირისპიროა! - ყელში ბურთი გაეჩხირა - უკან მიბრუნდი! რატომ? - იცი რატომაც... - ძალიან გთხოვ, ალექს, ამაში ნუ ჩარევ! შესაძლოა საშინელი ადამიანი ხარ, მაგრამ კიდევ უარესი მამა, ნუ იქნები! - ერთადერთი მიზეზი, ალექსი იყო... მზერა მოარიდეს ერთმანეთს. საუბარს აზრი არ ჰქონდა. ნდობა, დამსხვრეულ ჭიქას ჰგავს, რომელიც აღარ გამთელდება! შეიძლება თავი მოიტყუო - ყველაფერს გადავლახავთო, მაგრამ მის სიმართლეში ყოველთვის შეგეპარება ეჭვი და თავს ვერაფერს მოუხერხებ. მერე? - გული გეტკინება. - კაცი, რომელიც შემიყვარდა, რუსეთში დაიღუპა! ამის გადახარშვა მომიწევს... - ამას ნუ მეუბნები... - ყბაზე კუნთი სახიფათოდ აუთამაშდა - არ მოვმკვდარვარ! შენი კი, ჩემი საკუთრება ხარ, სანამ ცოცხალი ვარ! სხვანაირად არ გამოვა! ვერ გამოვა! - გაუსაძლისად ცინიკოსი ხარ! - მილენა! მანქანიდან გადასვლა დააპირა, რომ მაჯაში ხელი ჩაავლეს. ეს, სურნელი... გამოხედვა... ის ვერავისში განმეორდება, ვერასდროს! ცუდად გახდა. დაეჯაჯგურა, რომ თავი დაეხსნა, მაგრამ განძრევის საშუალება არ მისცეს. - კარს, თუ გააღებ და გადახვალ... - ყბაზე კუნთი დაეჭიმა - საბოლოოდ მომიღებ ბოლოს, გესმის?! მშვენივრად იცი, რომ მარტო შენ მჭირდები! ზუსტად ამის მეშინოდა! ამიტომ, ვერ გითხარი სიმართლე! - საკუთარ თავს უსმენ? - ტუჩები ზიზღით მოეღრიცა - შენი „B“ გეგმა არასოდეს ვიქნები, ანჯაფარიძე! ასე არ დაგამცირებინებ თავს! რაც დამიშავე, ისიც საკმარისია. შენს ცხოვრებას მიხედე და მე, შემეშვი! მკლავი უხეშად გამოგლიჯა და კარი გააღო. მამაკაცის ჩამქრალმა სიტყვებმა ადგილზე გააშეშეს: - მიყვარხარ და ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები! მაპატიე, თუ შეგიძლია. - შენი სიტყვები ტკბილი შხამივითაა! გაცდუნებს და მერე დაგღუპავს! - თვალზე რისხვით მომდგარი ცრემლი უხეშად შეიწმინდა. - მანქანაში დაბრუნდი. აქ მარტოს არ დაგტოვებ! - თავიდან მომწყდი! - ნუ ჯიუტობ! ჩაჯექი-მეთქი! წაუყრუა. კარი მიუჯახუნა და თავსხმა წვიმაში, გზატკეცილს გაუყვა. თითქოს სული სხეულს გამოეყოო, ორგანიზმს ვერ გრძნობდა. ყველაფერი არარეალურად ეჩვენებოდა, მათ შორის საკუთარი თავიც! - მილენა! ვერცხლისფერი „კია“ გვერდით აედევნა. - ქალაქგარეთ ვართ. სახლში ფეხით ვერ დაბრუნდები. მითუმეტეს ამ ფორმაში! ვინმე არ მომაკვლევინო! სახლამდე მიგიყვან და აღარ დაგენახები! გამომყევი! შედგა. ირონიულია - ფეხებს ვერ გრძნობდა და სიარული მაინც შეეძლო. გრძნობები აღარ გააჩნდა და თვალები მაინც იცრემლებოდნენ. ორგანიზმი დამოუკიდებლად აგრძელებდა არსებობას სამყაროში, რომელიც მისთვის სრულიად უცხო გამხდარიყო. - ყოველ ღამით, დაძინებისას ერთი ფიქრი მოგიღებს ბოლოს... - საკუთარი ხმა არ ეცნო - ფიქრი, მომავალზე, რომელიც შეიძლებოდა გვქონოდა, მაგრამ აღარ გვექნება! - „მაზოლზე“ წიხლს მაჭერ? - ღიმილში ტკივილი გამოერია მამაკაცს. - თუ ოდესმე... შენთვის... მართლა ვნიშნავდი რამეს... წადი... არასოდეს ყოფილა წინადადება ასეთი დამღლელი. გამოიფიტა. ანჯაფარიძეს თვალებში სხივი ჩაუქრა. სავარძელზე გასწორდა. გაყინული მზერა საჭეს გაუშტერა. ყბაზე დაჭიმული კუნთი სახიფათოდ უთამაშებდა სვანს. - აწი, ყველაფერი ფეხზე ! - ჩაილაპარაკა ღვარძლიანად - ასე გადაწყვიტე? კარგი!... ქალისთვის აღარ შეუხედავს. საჭეს ხელი სტაცა და საბურავების წივილით მოსწყდა. „კიამ“ ატალახებული ზვირთები გაიყოლა. რა წამსაც თვალს მიეფარა, ჩაიკეცა და ჩუმად ატირდა. თითქოს შიგნეულობა ამოაცალესო. დაცარიელდა. გზატკეცილზე ღვარცოფი მოედინებოდა. ბინძური წყალი გამეტებით ეხლებოდა გათოშილ სხეულს. კოხტა შავი კაბა, სრულად ჩამოეძონძა... ტირილით გული, რომ იჯერა, შუა გზატკეცილზე პირაღმა გაწვა. მშვიდად იცდიდა, როდის გადათელავდა ვინმე „ღვთისნიერი“! ერთადერთი რაც აწუხებდა, ფილტვები იყო, რომელიც მკვდარ სხეულს სუნთქვას აიძულებდნენ. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, მოსახვევში დიდი სიჩქარით მომავალი ლურჯი „სუბარუ“ გამოჩნდა. წვიმის გამო, ხილვადობა ჭირდა. მძღოლმა მხოლოდ მოახლოებისას შენიშნა შავი ლაქა. საჭის დამორჩილება ძლივს მოახერხა და ბეწვზე ასცდა წყალში მოტივტივე ქალს. მანქანამ სახიფათოდ გაიქნია კუდი და საშინელი ღრჭიალით, ზედ ხრამის პირთან დაამუხრუჭა! ლოლაძეს გული ფეთიანივით უცემდა. მოვკლავ, იმ არანორმალურსო! - წაიღრინა განრისხებულმა და წვიმაში გადმოალაჯა, მაგრამ უცნაურ სურათს თვალი, რომ მოჰკრა ბრაზი დაბნეულობამ შეცვალა - რა ჯანდაბას აკეთებსო?! გაწუწულისკენ, მძიმედ გადადგა ერთი ნაბიჯი... - მილენა... დანი ფრთხილად შეეხო თითებზე. გამოფხიზლებულმა მზერა ექიმზე გადაიტანა. მაშინ პირველად გადაარჩინა თეთრხალათიანმა და იმ დღიდან ტრადიციად ექცა ეს. ნუთუ, მზესუმზირებს უნდა დამშვიდობებოდა? თითქოს ისევ იმ ღვარცოფში იწვა და „სუბარუს“ სულაც არ დაუმუხრუჭებია. გვერდი აუქცია და გზა გააგრძელა. თვალის კუთხიდან ცრემლებმა გამოჟონეს. არაფერია იმაზე მომაკვდინებელი, როცა ადამიანი თავს შეგაჩვევს, მერე კი, უბრალოდ გტოვებს. თუმცა, ხანდახან მსხვერპლის გაღება გვიწევს. ზოგჯერ, თუ მართლა გიყვარს, უნდა გაუშვა... - მაპატიე, ეგოიზმისთვის. უნდა წახვიდე, დანი. - სიტყვები ყელში ეჩხირებოდა და მაინც მშვიდად განაგრძობდა საუბარს - კარიერას მიხედე და ცხოვრება მოიწესრიგე. აქ, წარსულს თავს ვერ დააღწევ. პირადი გამოცდილებით გეუბნები. უბრალოდ, სანამ წახვალ დამემშვიდობე... ღვინისფერი ბაგეები გულისხმიერმა ღიმილმა გაუპო. მხრებზე მოსხმულ პლედს ხელი უშვა. წამოდგა. ოქროსფერ ქოჩორში თითები შეუცურა. შუბლზე თბილად ეამბორა და სახეგაქვავებული ექიმი მარტო დატოვა. ორის გულში, ერთდროულად და ცალკ-ცალკე, რაღაც მტკივნეულად გაიბზარა... ****** ოხვრას ლამის გულიც თან ამოაყოლა. გრძელი თმა უკმაყოფილოდ აიჩეჩა და ბარმენს თითები გაუტკაცუნა კიდევ დამისხიო. რიჟამ ღიმილით გამოხედა და „ჩივას რეგალი“ მეოთხედ მოაპირქვავა ჭიქაში. - არ მეტყვი, ასე რა გაწუხებს? ნახევარსაათიანი ყოყმანის შემდეგ, დაინტერესებული ბარმენი მაინც გამოელაპარაკა. მილენას წარბი მაღლა გაექცა. - აღსარებებსაც იბარებ? ვისკის მოზრდილი ყლუპი მოსვა. ცეცხლივით სასმელი წყალივით წავიდა. ვეღარც თრობას გრძნობდა და ვეღარც ჩამწვარ ყელს. - მხოლოდ, სევდიან მანდილოსნებს ვუსმენ. - გათამამდა და თვალი ჩაუკრა. - კაიი. - ჩაეცინა - ოცი წლის სტუდენტი მაბამს? ჯერ არ დაბერებულხარ, მილენა! - რა იცი, რომ სტუდენტი ვარ? - შეიშმუშნა. თავისი ასაკი აშკარად ეთაკილა მასზე უფროს ქალთან. - ბარი მაგიდის ქვეშ წიგნს მალავ. - ისეთი გამომეტყველებით უპასუხა, თითქოს გონებაშეზღუდულ ბავშვს უხსნიდა ორჯერ ორი, ოთხიაო. - ღამით კითხვას ახერხებ. ყდაზე უნივერსისტეტის ლოგო ვიცანი. „ალასანიელი“ ხარ? - დაკვირვებული ყოფილხარ. - უხერხულად გაეღიმა. - ცოლმა იცის, სწავლა-მუშაობას, პარალელურად ქალებსაც, რომ უთავსებ? - ცარიელი ჭიქა ბარის მაგიდაზე დადგა და გამომცდელად გახედა ქვემოდან. - არ მყავს ცოლი! უნებურად შარვლის ჯიბეზე გაივლო ხელი. გამხიარულებულს სიცილი აუტყდა - ბავშვი, ეგ ცხოვრებისეული კურსი უკვე დამთავრებული მაქვს, თან წითელ დიპლომზე, შენ ვინ უნდა მოატყუოო! ჭიქა გვერდით გასწია და დასერიოზულებულმა სამწუთიანი დაკვირვების შედეგი დამცინავად ჩამოურაკრაკა, უხერხულობისგან თავგზაარეულ ბარმენს: - თითზე ბეჭდის კვალი გეტყობა. ალბათ, სამსახურში იხსნი ხოლმე. ცოლი გიყვარს. უარყოფისას, მიმიკებმა გაგცეს - თავი დამნაშავედ იგრძენი. თუმცა, მაინც ღალატობ. ნაადრევი ქორწინების ბრალია, გართობა ვერ მოასწარი. რთული პერიოდი გაქვს. სწავლა, სამსახური, პლუს ოჯახი და თეთრად გათენებული ღამეები... - წამით გაჩუმდა და შეწუხებული სახე მიიღო - ისე, შენც ხომ არ გინდა დალევა? ენაჩავარდნილი ბიჭი სანამ რამის თქმას მოისაზრებდა, ქალის ზურგუსკნიდან ჩუმი სიცილი მოისმა. - ეფექტური იყო. ახალმოსული ტყავის სკამზე დინჯად ჩამოჯდა და მზერა სახეალეწილ ბარმენზე გადაიტანა. - მას ვერ გაუქაჩავ. ჭკვიანი ქალია. სანტიმეტრში მილიმეტრს ვერ გამოაპარებ. საქმეს მიხედე! - მეგობრული ღიმილის მიუხედავად, სიტყვები მუქარით ჟღერდნენ. - სეგი, აქ რას აკეთებ? გაბრუებულმა, უკმაყოფილოდ გახედა გვერდით დასკუპებულ თანაშემწეს. როგორც ყოველთვის, გალანტურად გამოიყურებოდა. რძისფერი პერნაგის, ზედა სამი ღილი შეეხსნა და სახელოები იდაყვებამდე აეკეცა. მუქი ჯინსის შარვალი და თეთრი კედები, იდეალურად მოიხდინა კლასიკურმა ზედამ. სახეზე ჩამოყრილი სწორი თმა უკან გადაიწია და უფროსი კრიტიკულად შეათვალიერა. - ორი დღეა, სამსახურში არ გამოჩენილხარ. ზარებს არ პასუხობ. სახლშიც მოგაკითხე და არ დამხვდი. ვინერვიულე! - ჰო. გრძელი ამბავია. ასე გვიან აქ რას აკეთებ? დატუქსული ბავშვივით ტუჩი აბზიკა და კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გამოცალა. თავი დამნაშავედ იგრძნო. - სავახშმოდ შემოვიარე და შეგამჩნიე. დარბაზის კუთხისკენ თავით ანიშნა. მესამე მაგიდის ფანჯარასთან, ახალგაზრდა ქალი იჯდა და მენიუში კერძს არჩევდა შესაკვეთად. ვახშამი, ასე გვიან? უფრო ადრე უნდა გავუშვა ხოლმე სახლშიო - სინდისი კიდევ უფრო დაუმძიმდა. - მერედა, აქ რას აკეთებ? - დაბინდული მზერა დევდარიანზე გადაიტანა - მეგობარს მიხედე! - შემოგვიერთდი. - სეგი, ორთან მესამე ზედმეტია. - ამოიოხრა. დევდარიანი რომანტიკაში ოროსან მოსწავლეს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ერთხელ პაემანზე ქალს მიხაკები მიართვა და სანამ მილენამ ხარხარით გული არ იჯერა და არ უთხრა - ბარემ ვენოკი მიგეტანაო! - თუ, რატომ გაექცა ნახევარი წლის ნაწვალები წუთები უკანმოუხედავად, სვანი მანამდე ვერაფრით მიხვდა. - ეგ რა შუაშია? - გაიკვირვა - აქ, მარტო ხომ არ იჯდები? - შენ რა პრობლემები გინდა? რას იფიქრებს? - დეიდაშვილია, მილენა. - ყურადღებით დააკვირდა ქალს - შენ რა იფიქრე? უცებ თავი უცნაურად იგრძნო - აქამდე თუ თვლიდა, რომ მხოლოდ სვანის „ოჯახისთვის“ იყო საბედისწერო კენჭი, რომელსაც ურთიერთობის დანგრევა შეეძლო. თანაშემწესთან იმავეს განცდამ, მიახვედრა, რომ ეს, უსიამოვნო შეგრძნება კომპლექსად ქცეულიყო. - ჩემი წასვლის დროა. - საფულედან ბარათი ამოიღო - მადლობა, მიწვევისთვის, მაგრამ ახლა მარტო მინდა ყოფნა. - მე ვიხდი. - სეგი! უკმაყოფილოდ შეუბღვირა, როცა თანაშემწემ, პლასტიკური ბარათი დაუბრუნდა და თავისი გაუწოდა ბარმენს. - წამოდი, ტაქსს გაგიჩერებ. ქალის ლაბადას მკლავზე გადაიკიდა. ხელი მოჰკიდა და წამოდგომაში დაეხმარა. მილენას ფეხზე დგომა უჭირდა. სასმელი ბევრი მოუვიდა. სვანი ჯენტლმენურად არ იმჩნევდა, ქალის უხერხულობისგან ალეწილ სახეს. წელზე მკლავი შემოჰხვია, რომ არ დაცემულიყო. - დარწმუნებული ხარ, რომ სახლამდე მარტო მიხვალ? - იკითხა აღელვებულმა, როცა ჰაერზე გამოვიდნენ - ცუდად გამოიყურები. არა, ჯობია მე წაგიყვანო! - არავითარ შემთხვევაში! - ლაბადა მხრებზე მოიცვა და დანანებით გახედა თავის „ფორდს“. საჭესთან ვერ დაჯდებოდა - უკან დაბრუნდი, სეგი. თავს მივხედავ. გმადლობ. ამ სიტყვებს, რომ ამბობდა, თან ბარბაცებდა. დევდარიანმა დოინჯი შემოირტყა და ამოიოხრა. ორი წუთით დამელოდეო - უთხრა და ბარში შებრუნდა. ქუჩა მოათვალიერა. ჯინაზე ერთი ტაქსის მანქანაც არ ჭაჭანებდა. როცა არ გჭირდება, ფეხებში გებლანდებიან და როცა გჭირდება თვალს ვერ მოჰკრავო! - ასისინდა გაღიზიანებული. თავის „ფორდს“ მიაშურა, რომ მკლავზე მოეჭიდნენ და გასაღები თითებიდან გამოსტაცეს. გაოცებულმა თანაშემწეს ახედა. მხრებზე ქურთუკი მოეცვა. - რას აკეთებ?! - შეუბღვირა. - სახლში მიმყავხარ! ვიღაც ტაქსისტს შენს თავს ვერ ვანდობ. მგზავრის მხარეს კარი გამოუღო და ანიშნა - დაჯექიო. ქალის ჯიუტ გამომეტყველებას, რომ წააწყდა, ლამის ძალით შესვა და კარი მიუჯახუნა. უფროსის მანქანას შემოუარა და საჭეს მიუჯდა. - სეგი, უხერხულია. თვითონ წავიდოდი. - ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ გაგიშვებ. - ძრავი აამუშავა - მიგიყვან და უკან ტაქსით დავბრუნდები. სალონში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. შავი „ფორდი“ რბილად მიუყვებოდა გზატკეცილს. მამაკაცი მარჯვენა ხელით საჭეს მართავდა. მარცხენა მკლავი კი, ფანჯარაზე ჩამოედო და ფიქრიანად იტარებდა თითებს ტუჩებზე. - სამსახურში მშვიდობაა? მილენას სავარძელზე თავი მიედო. თვალებში უორდებოდა. გულისრევა იგრძნო და საუბარი წამოიწყო, რომ ყურდღება გადაეტანა. - „ვაითპრესის“ ჟურნალისტები კრაზანებივით უტრიალებენ რედაქციას. - კისერზე ხელი მოისვა - ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ. გეწაძის ამბავმა, მთელი მედია ფეხზე დააყენა. იძულებული გავხდი, თარგამაძესთან დამერეკა. გავაფრთხილე, შენი ავჩარკები მომაშორე, სანამ ზომებს მივმართე-მეთქი. - მერე? - დაიძაბა. - მაჩაბელმა, ქვეშევრდომების თანხლებით, მთელი აღჭურვილობა აკრიფა და რედაქციის ეზო გაგვითავისუფლა. - ჩაეცინა - ხვალ, ოფისამდე მოსაღწევად, არავის გადათელვა არ მოგიწევს. - ეს მხოლოდ დასაწყისია! - თვალები მოისრისა - როცა ექსპერტიზის პასუხებს მიიღებენ და დადასტურდება, რომ მკვლელობა „მონარქის“ ჩადენილია, ნამდვილ კატასტროფას მერე უნდა ველოდოთ. შეიძლება ცოცხლად შეგვჭამონ. ორ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა, პოლიცია და ჟურნალისტები გადაგვივლიან! - გავუმკლავდებით! - თავდაჯერებით უპასუხა - აქამდეც გავხვეულვართ შარში. სამუშაოს ნაწილია, რას იზამ. არ ინერვიულო. მოვიფიქრებთ რამეს. მე, სხვა მადარდებს. - რა? - შენი მდგომარეობა, - ცერად გახედა ქალს - რა მოხდა? უცნაური აურა ჰქონდა სვანს - საიმედო, სუფთა და მყუდრო. მისი დინჯი, გაწონასწორებული და მოზომილი სიტყვა-პასუხი, მუდამ კომფორტულად აგრძნობინებდა თავს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მასთან საუბარს არ ერიდებოდა. მამაკაცი გულისყურით უსმენდა ხოლმე და გონივრულ რჩევებსაც აძლევდა. ასე იქცა დევდარიანი ფასდაუდებელი თანამშრომელიდან, ერთგულ მეგობრად, რომლის წართმევაც არაერთხელ სცადეს სხვა რედაქციებმა. თუმცა, სვანი, გაცილებით მაღალი ანაზღაურების შეთავაზების მიუხედავად, ყველას უარით ისტუმრებდა. - ყველაფერი ერთად ხდება, სეგი. „მონარქის“ დაბრუნება. ამას დამატებული პირადი პრობლემები. პლუს, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა გამომიცხადა, რომ პოლონეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიიწვიეს სამუშაოდ და წასვლას აპირებს. აუხსნელი შიში და გამუდმებული გაურკვევლობა თან მდევს. რისი, ან ვისი თავადაც არ ვიცი. ახსნას ვეღარაფერს ვუძებნი და საკუთარ თავს ვასკდები. მოსვენება დავკარგე. მგონი, ვგიჟდები! სახეზე ხელი მოისვა. ლამის მთელი ბოთლი ვისკი გამოცალა და ტკივილი მაინც ვერ ჩააცხრო, თუმცა ახლა თანაშემწის გვერდით, თითქოს ინფექციის ბუდეს პირი მოეხსნაო, ნაგროვები შხამი ნიაღვარივით გადმოანთხია. - მაპატიე, - ყრუდ ჩაილაპარაკა - არ მინდოდა ჩემი პრობელმები თავს მომეხვია. მთელი საღამო ჩაგაშხამე. - მეგონა, მეგობრები ვიყავით. - ვართ კიდეც. - მაშინ, რისთვის მებოდიშები? - ახლა აქ არ უნდა იჯდე... - ცრემლები სწრაფად შეიმშრალა. - ყოველთვის იქ ვარ, სადაც საჭიროა. - ცერად გახედა ქალს - შეურაცხყოფას მაყენებ, რომ ფიქრობ, თითქოს ფრიტატა შენზე მნიშვნელოვანია. - თვის ბოლოს პრემიას გამოგიწერ, ახირებული უფროსის მოთმინებით ატანისთვის! - გინდა დამატებითი მიზეზი მისცე თანამშრომლებს, რომ კიდევ უფრო შემიძულონ? არ მინდა, გმადლობ! - სათვალე შუა თითით შეისწორა და ქალს თმის სამაგრი გაუწოდა. - არ სძულხარ! - გამოართვა და თმა მაღლა აიკეცა - ნუ... ცოტა აშინებ. დაამატა ყოყმანით. დევდარიანს სიცილისგან მხრები აუთამაშდა. მილენას თბილად გახედა და სიჩქარეს მოუმატა... <<<< ფრიტატა - იტალიური ომლეტი. >>> ****** დილაუთენია ლესელიძისგან შეტყობინება მიიღო. მენაბდის მისამართს იწერებოდა. დაამთქნარა და წამოჯდა. ექვსი ჭიქა ცოფივით სასმელის მიუხედავად თავს მხნედ გრძნობდა. კარგი ვისკის დადებითი მხარე - არანაირი თავის ტკივილი, სახის სიწითლე და შინაურ-გარეულის გარჩევის უუნარობა (დროებითი, მაგრამ მაინც მძიმე მოვლენა)! დევდარიანს მისწერა - მოგვიანებით მოვალ, მანამდე შენ მიხედე საქმესო და იმ ერთადერთი ხელჩასაჭიდისკენ გაემართა, რომელსაც ლილი მენაბდესთან დაკავშირება შეეძლო. სადარბაზოში ბნელოდა. გრაფიტით მოხატული კედლებიდან ჩონჩხის თავები და უწმაწური სიტყვები იმზირებოდნენ. მონაცრისფრო, დამთრგუნეველი აურა დაიძურწებოდა გამოღამებულ დერეფნებში. უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. ბოლო საფეხური აათავა და ნაცრისფერ კარზე მიაკაკუნა. არავინ, რომ არ გამოხედა, დააბრახუნა. იმედგაცრუებულმა გაიფიქრა - ალბათ, სახლში არაო, რომ საკეტი გაჩხაკუნდა. ბნელ ღრიჭოში მამაკაცის წვერიანი სახე გაილანდა. - ვინა ხარ?! - ჰკითხა უხეშად. - ორიოდე კითხვა... დასრულება არ დააცადა. კარს წიხლი ჰკრა და თავქუდმოგლეჯილი უკან გავარდა. ელდანაცემიი, სწრაფად მოეგო გონს და გაქცეულს გამოუდგა. - მოიცა! - დაუყვირა - უბრალოდ საუბარი მინდა! მისი სიტყვები ყურად არავის უღია. ჯმუხმა ფიგურამ, სწრაფად გაირბინა ოთახები, საძინებლის ფანჯარას ეცა და გამოაღო. მეხუთედან აპირებდა გადახტომას?! - არანორმალური! მილენას გული გადაუცივდა, დროულად სწვდა კისერში. - შეიშალე?! სუსტი აღნაგობის მიუხედავად, ძლიერად დაქაჩა თავისკენ და თევზივით აფართხალებული იოლად ჩამოაგდო ძირს. - გოდეს უთხარი, რო დავაბრუნებ! - შეშინებული უკან გაფორთხდა და კედელს ბეჭებით აეკრა. - კარგი? ორი კვირა კიდო მომეცი და... კუთხურად უქცევდა ტანმორჩილი და ტარაკანივით შავი მამაკაცი. სახეზე წვერი მოსდებოდა. ჩახვეული თმები უწესრიგოდ ასწეწოდა. დაკოჟრილი ხელები ციებიანივით უკანკალებდა და კუპრივით შავ თვალებს მოუსვენრად აცეცებდა. გასაქცევს ეძებდა. - დაწყნარდი! - წელში მოიხარა აქოშინებული - ლილი მენაბდეს გამო ვარ მოსული. შავტუხამ თვალების ცეცებას თავი ანება და ახალმოსულს გაკვირვებული მიაჩერდა. - დეიდაჩემთან რა საქმე გაქვს? დისშვილი ყოფილა! კი მაგრამ, ნინას ერთი შვილი არ ჰყავდა? - შორენა. მაშინ ეს ვინ იყო?! დაბნეულმა თვალები აახამხამა. - დეიდაშენია? - ეჭვით იკითხა და გასწორდა - შენ... ნინას შვილი ხარ? - ნინასი არა კიდო!... გულზე მოეშვა. ქალი მევალის მოგზავნილი არ აღმოჩნდა! კიდევ კარგი! არადა, ერთი შეხედვით არ ეტყობა, ასეთ ჯანზე რომააო... - გაიფიქრა ცოტათი დარცხვენილმა და წამოდგა. - ვინა ხარ? რა გესაქმება დეიდაჩემთან? - კითხვაზე მიპასუხე! - მარგოს შვილი ვარ. ლილიას მეორე დის! რა გინდა-მეთქი?! - ლილის მისამართი. - ლილია, სტუმრად არავის იღებს! მოკლედ მოუჭრა და მისაღებში გაალაჯა. რედაქტორი უკან მიჰყვა. მამაკაცმა ოთახი გაიარა. არყის ჭიქას ხელი წამოავლო და გადაჰკრა. - დარწმუნებული ვარ, უარს არ მეტყვის! - გაჯიუტდა - მისამართი მომეცი. დანარჩენს თავად მივხედავ. - საიდანღაც მეცნობი... - დაელმებულმა ეჭვით შეათვალიერა. ალბათ, განყოფილებაში მომკრა თვალიო, - ტუჩი მოიკვნიტა. სიმართლის გამხელა არ ივარგებდა. ისევ დაფრთხებოდა და სიტყვას ვერ დააცდენინებდა. - გურანდას ძველი მეგობარი ვარ. დიდი ხანია, მის შესახებ არაფერი მსმენია. - გურანდასი არა კიდო! - წამოაყვირა ისევ - მისდღემჩი არ ყოლია გურანდას მეგობრები! რას იტყუები?! - უკაცრავად?! - ჰო, რა იყო?! ისეთი დამპალი და ეჭვიანი ქმარი ყამდა, კაციშვილს ვერ შეხედამდა ზედ! მეგობარიო... ჩაიფრუტუნა აგდებით და სავარძელში მოწყვეტით ჩაენარცხა. - აქ, რას მეეხეტე? ჩემი მისამართი სიდან გეიგე? გურანდას მეგობარი, თუ ხარ იმას მიაკითხე, მე რა შუაში ვარ! გურანდა ცოცხალი იყო?! - გაოცებულს თვალები გაუფართოვდა. - გურანდას მისამართი მომეცი, ან ლილის. არ აქვს მნიშვნელობა და გაგეცლები. - კიდო, თავისას იმეორებს. აბა უყურე! - შემთვრალმა არყის ბოთლი ჭიქაში მოაპირქვავა. - გამეშვი-თქვა, ვერ გეიგე?! - პოლიციამ იცის მოსაწევს, რომ ყიდი უბნის ბიჭებზე? იკითხა მშვიდად და ვითომც აქ არაფერიო, სასხვათაშორისოდ შეავლო თვალი ძველი წიგნების კარადას. ისეთი სქელი მტვრის ფენა მოსდებოდა თაროებს, ეჭვი არ იყო მათთვის თითი ერთხელაც არ დაუკარებიათ. ბინა სოროს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს. - ძაღლი ხარ?! - დაიძაბა. უნებურად მზერა სამალავისკენ გაექცა. მილენამ შეფარვით გააყოლა თვალი - ფანჯრის რაფაზე, მიწით სავსე ყვავილების ქოთანი შემოსკუპებულიყო. ბინაში, ორი მთელი ფინჯანიც არ ჰქონდა პატრონს. მცენარეზე იზრუნებდა?! პაკეტში შეფუთული მოსაწევი, მიწაში ექნებოდა ჩამარხული. ჩაეღიმა. როგორი მარტივია ადამიანის ფსიქოლოგია - აგრძნობინე, რომ გამოიჭირე და ლაბირინთიდან გასასვლელს თავადვე გაპოვნინებს! - კუდიც მექნება, თუ მისამართს არ მივიღებ! - დაემუქრა - გითხარი შენთან საქმე არ მაქვს-მეთქი! დროს ნუ მაკარგვინებ! - ალა, ალა! გაბრაზებულმა, მაგიდაზე მიგდებულ, გადაუხდელ, გაზის ქვითარს ხელი წამოავლო და მისამართი სწრაფად წააჯღაბნა. - ჰა, ლილიასია. გურანდა არ ვიცი სადაა! მემეშვი ახლა! რედაქტორმა ფურცელს დახედა. წყნეთში მოუწევდა წასვლა. ქაღალდი ორად დაკეცა და ლაბადის ჯიბეში ჩაიცურა. - გმადლობ. - წასასვლელად შებრუნდა. - პოლიციას რამეს ხო არ ეტყვი? - დაადევნა უხალისოდ - რამით ხო უნდა ვირჩინო თავი?! ნასამართლებს, არსად მამუშაებენ. დამლაგებელიც არ უნდათ ნასამართლები... არც ოჯახს უნდივარ ნასამარლები... თავი ჩაღუნა საწყლად. მილენა შედგა და უკან მოხედა. საცოდავად აბუზულიყო წვერებიანი. ზრდასრული მამაკაცი პატარა ბიჭს ჰგავდა, რომელიც, ოჯახისგან მოძულებული, თავშესაფრის კართან უპატრონოდ მიაგდეს. სიბრალული იგრძნო. - ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგრჩა, ვისაც ნამდვილად სჭირდები. - ვინ? - თავი ასწია. - საკუთარი თავი. - გაუღიმა - შენ მაინც, ნუ მიატოვებ. ის უკვე მიატოვა სხვამ... აცრემლებულს ბოლოჯერ შეავლო თვალი და კარი გაიხურა. ყველამ უნდა ითამაშოს კუთვნილი პარტია და გული არ უნდა დასწყდეს, წესებზე, რომელიც მას საერთოდ არ აქვს. არავინაა დამნაშავე თუ ბანქოში ცუდი კომბინაცია ამოგივიდა. შესაძლოა ასეთი ცხოვრება არ აგირჩევია, არ აგირჩევია უგულო ოჯახი, რომელმაც ზურგი გაქცია; არ აგირჩევია გახვრეტილი ჯიბე, რომელმაც სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანა, მაგრამ შენი ასარჩევია როგორ იცხოვრო ამ ტვირთით. „ნამდვილი თამაშის არსი არის სწორედ ის არჩევანი, რომელსაც ჩვენს ხელთ არსებული კარტით ვაკეთებთ. ის რისკები, რომელთა გაწევასაც ვბედავთ და შედეგები, რომელიც მზად ვართ მივიღოთ. ადამიანები, რომლებიც თანმიმდევრულად აკეთებენ უკეთეს არჩევანს სხვადასხვა სიტუაციაში, გამუდმებით იმარჯვებენ.“ - მარკ მენსონი. ///ვერცხლისფერი/// თბილისი, თხუთმეტსართულიანი შენობის სახურავზე, 02:13 წთ, მთვარის მე-17 დღე - მესამე ფაზა... - შარში ვართ! - აღელვებულმა თავზე ხელი გადაისვა. - ვნახე... შავებში გამოწყობილი კაპიუშონიანი, მოაჯირს გულხელდაკრეფილი მიყრდნობოდა. ჩაფიქრებულს მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. - გვიჩალიჩებს, მაგრად გვიჩალიჩებს! - რას გულისხმობ? - წარბშეკრულმა მოსაუბრეს გახედა. - შენით ვერ ხვდები?! როგორ ფიქრობ, გეწაძის შესახებ, სიმართლე რომ გასკდეს თითს ვისკენ გაიშვერენ?! - ჩემს შესახებ არაფერი იცის! რომც იცოდეს, რაში სჭირდება?! - დაგვცინის! ავადმყოფი, ! - უნდა დაწყნარდე! ჯერ არ ვიცით, ნამდვილად ის არის, თუ არა. - არ ვენდობი! ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდი?! - თვალები გადაუბრიალა შავოსანს. გაღიზიანებულ მეწყვილეს ზურგი აქცია. მოაჯირს ჩამოეყრდნო და თავი ჩახარა. შენობის სახურავიდან თბილისი ხელის გულივით მოჩანდა. ეჭვები შიგნიდან ჭამდნენ. ვერ იჯერებდა... არ შეეძლო... - ჯერჯერობით, სიტუაციას თვალი ადევნე... - დაილაპარაკა ხმადაბლა - დრო მჭირდება მოსაფიქრებლად. არ მინდა საკუთარ მახეში თავადვე გავება... გრილი ნიავი ახურებულ სახეზე მიელამუნა. შემოდგომის სურნელით გაჟღენთილიყო ჰაერი. - ფუ, ამის დედაც! მაგრად გაგვედო! შეიგინა გაცეცხლებულმა და თავზე ბრაზით გაისვა ხელი. შავოსანი, მეწყვილისგან განსხვავებით, მშვიდად გასცქეროდა ქალაქს. მძინარე თბილისის, ღრმა სუნთქვას უსმენდა გასუსული. მთვარის მეხუთე სიმფონია ///ღვინისფერი/// ****** 11:15 p.m - „ბი... მიპასუხე, რა...“ 12:30 p.m - „ბი, ბავშვივით იქცევი!“ 01:25 a.m - „ფუტკარო, მაბრაზებ! ესემესი მაინც მომწერე, რომ გეზიზღები და ჩემი დანახვა არ გინდა.“ 02:35 a.m - „ბი, მართლა ასე ბრაზობ?“ 02:40 a.m - „ბი, უკვე ვღელავ. ნუ ხარ ჩუმად, ხმა ამოიღე!“ 09:17 a.m - „მილენა სარანგიძე, დღეს საღამოს სახლში დამხვდი!“ 09:18 a.m - „დამავიწყდა დამეზუსტებინა, რომ კარს ჩამოგიღებ, თუ არ გამიღებ! - თეთრხალათიანი სუპერმენი.“ ლოლაძის შეტყობინებებს თვალი გადაავლო და სიცილი აუტყდა - იდიოტი! ძალიანაც კარგი, იწვნიოს როგორ უნდა მეგობრის გარეშე ცხოვრება! დამპალი არამზადა! გაგულისებულმა ტელეფონი ჯიბეში შეინახა და მოუთმენლად დააცქერდა მაჯის საათს. დევდარიანი აგვიანებდა. არადა, გააფრთხილა - მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო. ნეტავ, რამე ხომ არ მოხდა? ხომ არ დავურეკოო? - გაიფიქრა, რომ უცებ მანქანის შუშაზე მიუკაკუნეს. გაკვირვებულს თვალები გაუფართოვდა - სახენაიარევი ტაქსისტი?! მინას ჩაუწია. - დილა მშვიდობის! - თვალი მეგობრულად ჩაუკრა და მომხიბვლელად გაიღიმა. - აქ რას აკეთებ? - გეძებდი! - ვერ მიგიხვდი... - რამდენიმე კითხვა მაქვს, ჟურნალისტო. სადმე დავსხდეთ, თუ განყოფილების ცივი კედლები გირჩევნია? დაბნეულმა თვალები აახამხამა. მოსაუბრის ნათქვამს ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო. „ტაქსისტს“ ლაღად გაეცინა. - როგორი უხეში ვარ! თავის წარდგენა დამავიწყდა. - ფანჯარას იდაყვებით დაეყრდნო - კიტა შუკვანი. მკვლელობათა განყოფილების ახლადპორტირებული გამომძიებელი, ნარკოდანაშაულთა კლუბიდან! - თავი რამეს ხომ არ მიარტყი? - დაინტერესდა. დარწმუნებული იყო, რომ უკბილოდ ეხუმრებოდნენ და ცოტა გაღიზიანდა. მნიშვნელობან საქმეზე მიეჩქარებოდა - სისულელეებისთვის სცხელოდა?! - არაერთხელ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას! - ხალისით დაუდასტურა - თემას დავუბრუნდეთ. სად გავისაუბროთ? - საბუთი მაჩვენე! ახალმა სვანმა საფულე გულის ჯიბიდან ამოიღო და მოწმობა სახეზე ააფარა ქალს. მილენამ თვალები მოწკურა - არ ტყუოდა! სერიოზულად?! - მოვგვარდით? - ხელფასი არ გყოფნის, თუ რატომ ტაქსაობ? - ჯერ კიდევ ყოყმანებდა. - განყოფილების ხელმძღვანელს ტვინის გადანერგვა ესაჭიროება და თანამშრომლები ფულს ვუგროვებთ. სერიოზული გამომეტყველებით ჩააბრუნა საფულე ჯიბეში და ისევ ფანჯარას ჩამოეყრდნო. - თვითონ იცის? - ფულს რომ ვუგროვებთ, თუ ტვინი რომ არ აქვს? - დააზუსტა. - პირველი. მეორეში გარკვეული იქნება. სხვა შემთხვევაში სამსახურში მასხარას არ აგიყვანდა! შუკვანს ჩაეღიმა. სანამ პირს გააღებდა, რედაქტორის მანქანის კარი გაიღო და დევდარიანი მილენას გვერდით მიუჯდა. - მაპატიე, მილენა. დამაგვიანდა. - „პოტერას“, გაუმარჯოს, - ხელი აუწია „თანამემამულეს“. - ეს ვინა? - მიმართვა იუკადრისა სვანმა. - კლოუნი, მკვლელობათა განყოფილებიდან. - კიტა დამიძახე. - თავი ოდნავ დაუკრა. დევდარიანს წარბი აეპრიხა. - ბევრი საქმე მაქვს. ასე რომ დაგემშვიდობები. - ტკბილად გაუღიმა და ძრავი აამუშავა. - ანუ მაინც განყოფილების კედლები გირჩევნია? - იკითხა მობეზრებულმა. აშკარად სხვა ვარიანტის იმედი ჰქონდა - კი ბატონო, დაგიკავშირდებიან. ჩამოეხსნა და უდარდელი სტვენით გააბიჯა წითელი „აუდისკენ“. გაღიზიანებულმა დევდარიანმა მზერა რედაქტორზე გადაიტანა. - რა მითხარი, ვინ არისო?! - ახალი თავის ტკივილი! - საჭე მოაბრუნა და „ფორდი“ ნელა გააგორა გზატკეცილისკენ. - და ავალიანი? - კარგი კითხვაა. მოგვიანებით დავურეკავ და გავარკვევ, ბატონი „ტაქსისტი“, რატომ ეკვეტება საქმეში?! - კარგი. ტელეფონში მითხარი, რომ მნიშვნელოვანი საქმე გქონდა. რა ხდება, სად მივდივართ? პასუხად ჩანთიდან დღიური ამოიღო და დევდარიანს კალთაში ჩაუგდო. - შენი დახმარება მჭირდება. გადაიკითხე, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივალთ... ****** მტრედისფერ ცაზე, ავად დაიძურწებოდნენ ფერფლისფერი ღრუბლები. მოღუშულმა შემოდგომამ ვერაფრით გამოიკეთა ხასიათი. წითელი აგურისგან ნაშენები, სახლის საკვამური ზანტად ბოლავდა. რძისფერი ფარდების მიღმა, ოქროსფერი შუქი იღვრებოდა. წესით, მასპინძელი შინ უნდა ყოფილიყო. - აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ არ გამომხედავს! ხმადაბლა დაიქადნა მილენამ და უფრო ძლიერად დააკაკუნა. ფიქრებში ჩაძირულ დევდარიანს, ამოუცნობი ემოციები დასთამაშებდა სახეზე. დღიურის შიგთავსის გაცნობის შემდეგ, უცნაურად იყუჩა. - ქალბატონო ლილი! - ტაქტიკა შეცვალა და ხმამაღლა დაიძახა - გესმით, ჩემი? საქმე, თქვენს შვილიშვილს ეხება! უნდა ვისაუბროთ! ისევ არავინ უპასუხა. გაღიზიანებულმა თმა უკან გადაიყარა და დოინჯშემორტყმული თანაშემწეს მიუბრუნდა. - კარი რომ შევანგრიოთ?... სეგი, რა გჭირს? სახეგაქვავებული მეგობრის გამომეტყველებაზე სიტყვა გაუწყდა, მაგრამ სანამ პასუხს მიიღებდა ბებრულმა მჭახე ხმამ ყურადღება გაუფანტა. - რა უფლებით მივარდებით სახლში?! ვინ ხართ?! უკან შებრუნდა. მოხუცს ხელში მცენარეები ეკავა და მიწით იყო მოსვრილი. ალბათ, ბაღში საქმიანობდა, ძახილი რომ შემოესმა. კოპებშეკრულმა დაუპატიჟებელი სტუმრები მტრულად შეათვალიერა. - გამარჯობა... ესე იგი, ეს არის ლილი? - გაუელვა გონებაში. ფუმფულა, სანდომიან, ქალს ჭაღარა თმა მოკლედ შეეკრიჭა. სიბერისკენ გარდასულს სახეზე, ნაოჭებს კანი მომემჩვარათ. ავად მომზირალი, შავი თვალები სახიფათოდ უელავდა. სიარულისას კოჭლობდა. - შეიძლება ვისაუბროთ? მოხუცმა ჯერ მილენას ახედ-დახედა, შემდეგ მის მეწყვილეს. სეგის თვალებთან, მისი მზერა, წუთზე მეტ ხანს შეყოვნდა. - ქალბატონო ლილი... - თავი შეახსენა მასპინძელს - მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ. გთხოვთ, მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. - კარგი. - ჩაილაპარაკა ბოლოს და სტუმრებს წინ გაუძღვა. სვანი მოცხარის ჩაის მიირთმევდა, თან მალულად ზვერავდა სახლს. ბუხართან შეშის მოზრდილი ნაჭრები მოჩანდა. ოთახები ზედმეტად სუფთად და კოპწიად გამოიყურებოდნენ. ქალს, რომელსაც სიარული უჭირს, ამდენს როგორ ახერხებსო? - ეჭვით გახედა ლილის, რომელიც დღიურს თვალცრემლიანი ფურცლავდა. - ვერ ვიჯერებ... - ჩაილაპარაკა ჩახლეჩილი ხმით - მისი ჩანაწერები, საიდან გაქვთ? - მეგონა ამ კითხვაზე თავად მიპასუხებდით. - ვერ მიგიხვდით? - წიგნაკი სახლის კართან დამიტოვეს. არ ვიცი ვინ გამომიგზავნა. - ჩემი გოგონა ვერ იქნებოდა. - ხმა ჩაუწყდა. მილენას გულმა ცუდი უგრძნო. მოხუცის თვალებში ტკივილი ამოიკითხა. დევდარიანმა სახლის თვალებით ჩხრეკას თავი ანება და მზერა ქალზე გადაიტანა. - რას გულისხმობთ? - წლებია ის არავის უნახავს. - ჩამქრალი ხმით უპასუხა - დედამისის დაჭრის შემდეგ, უკვალოდ გაუჩინარდა. წყვილმა ერთმანეთს გადახედა. - ქალბატონო ლილი, - მიმართა რბილად - შეგიძლიათ ყველაფერი დაწვრილებით მიამბოთ? მოხუცმა დაწითლებული თვალები ფართოდ გაახილა და დღიურს ისე მოეფერა, თითქოს შვილიშვილის ხელი ედო მომჭკნარ თითებში. - საკუთარ თავს ელი უწოდა?... - ცრემლებში ღიმილმა გამოანათა - იყოს ელი... მილენა ნათქვამმა დააბნია, მაგრამ არაფერი უკითხავს. მოთმინებით იცდიდა, როდის დაიწყებდა ქალი საუბარს. - ერთ საღამოს, გურანდამ დამირეკა. მთხოვა, საიმონი ჩემთან წამომეყვანა. მარკეტს მინდა მივხედო და ბავშვისთვის ვერ ვიცლიო... - მარკეტს? - შეაწყვეტინა. - ცოლ-ქმარს პატარა ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ჩემი სიძის დაყაჩაღების შემდეგ, ყველაფერი აირია. გალოთდა. ბიზნესსა და ოჯახზე ხელი აიღო. - განაგრძეთ. - თითები ერთმანეთს გადააჭდო და გაირინდა. - სახლში მისული, კამათს შევესწარი. რომ დამინახეს ჩხუბი შეწყვიტეს. ელმა სახლის კარი გაიჯახუნა. გურანდამ არაფერი მკითხოო. - რაზე კამათობდნენ? - სულაზე, რა თქმა უნდა! ეუბნებოდა - დასასრულამდე მიგიყვანს, გონს მოდიო. გურანდას კი, დაჩემებული ჰქონდა, რომ გავეცალო, დაგხოცავთო! სიტუაციის გამწვავება აღარ მინდოდა. აღარ ჩავერიე. ბოლოს, შვილთან ისედაც არ მქონდა კარგი ურთიერთობა. - სულას ციხიდან დახსნის გამო? - დააზუსტა. ქალმა თავი დაუქნია. ისეთი სახე ჰქონდა, მილენა მიხვდა - დედას შვილისთვის ჯერ კიდევ ვერ ეპატიებინა, წლების უკან გადადგმული სულელური ნაბიჯი. - საიმონი წამოვიყვანე. მეორე დღეს ელიც ჩამოვიდა. ნამტირალევი მეჩვენა. არაფერი მითხრა. ოთახში შეიკეტა. მეორე საღამოს, მაზლმა მომაკითხა. გაფითრებულმა ძლივს ამოღერღა - სულამ გურანდა დაჭრაო! ქალს თხრობა უჭირდა. ხშირად ჩერდებოდა, სულის მოსათქმელად. შეეცოდა. მოხუცი გამოვლილ უბედურებას ხელთავიდან განიცდიდა. - წყალი ხომ არ გნებავთ? - ყველაფერი რიგზეა! - ცხვირი ხმაურით მოიხოცა და თხრობა განაგრძო - საავადმყოფოში სულას მამიდა დამხვდა. წონასწორობა დავკარგე. ნუკრის რომ არ დავეკავებინე, მოვკლავდი! გურანდას ტვინს ურეცხავდნენ, რომ მათი მანიაკი გამოსწორდებოდა. არამზადები! არაკაცი, რომელიც ქალზე ერთხელ ასწევს ხელს, ამას აუცილებლად გაიმეორებს! გურანდას მდგომარეობა კრიტიკული იყო. დაჭრილი, კლინიკაში მხოლოდ მეორე დღეს მიიყვანეს. - მეორე დღეს?! ხომ არ მომეყურაო. რა სიგიჟეა! რატომ მიიყვანეს კლინიკაში, მომაკვდავი ქალი მეორე დღეს?! - გურანდა ღამით დაჭრა. გონს რომ მოეგო, მიხვდა რაც ჩაიდინა და შეეშინდა. კლინიკაში მისვლა ვერ გაბედა. დაჭრილი ცოლი მამიდამისს წაუყვანა. თვითონ კი, გაიქცა. - ღვარძლით გამოსცრა კბილებში. გაფითრებულმა ტუჩი მოიკვნიტა. სიტყვა ვერ დაძრა, უხმოდ ანიშნა მოხუცს - განაგრძეთო. - გურანდას იშვიათი ჯგუფის სისხლი აქვს. დონორი ძლივს ვიშოვეთ, მაგრამ ექიმები ოპერაციას არ უკეთებდნენ. მაგიდაზე დაგვრჩება, ვერ გაუძლებსო. როგორი შეგრძნებაა, როცა გეუბნებიან დედაშენს აღარაფერი ეშველებაო? წარმოიდგინა ელი რა დღეში იქნებოდა და ყელში ბურთი გაეჩხირა. - ნუკრი დასაბმელი გახდა. დაგხოცავთ, და გადამირჩინეთო! ექიმს შეეტყო, რომ ბავშვები შეეცოდა. დაგვთანხმდა. ვცადოთო. ხელი მოგვაწერინეს, რომ ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებდით. დევდარიანს ყბაზე დაჭიმული კუნთი აუთამაშდა. პარაიბას თვალები ყინულის ნატეხებად ექცა. პირველად დაეტყო სახეზე ენით აუწერელი მრისხანება. - გურანდას ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული... - დანისლული თვალებით აგრძელებდა ლილი - პირველი გადასხმა ოპერაციის დასაწყებად ეყოთ. მეტი გვჭირდებოდა. სამხედრო ნაწილიდან ჯარისკაცები მოვიდნენ. დერეფანში ფორმიანების ტევა არ იყო! მაშინ გავიაზრე, ქართველი ერის ერთად დგომის მადლი! შვილი უცხო ხალხმა გადამირჩინა. მათ ამაგს სიცოცხლის ბოლომდე ვერ გადავიხდი. გურანდა იმქვეყნიდან მოაბრუნეს! მოგვიანებით ნახვის უფლებაც მოგვცეს. არ მინდოდა ელს დედამისი ასეთი ენახა... დასახიჩრებული და მილებზე შეერთებული... დასამშვიდებლად წყალი მოსვა. ხმასთან ერთად ხელებიც უკანკალებდა. შეწუხებულმა ისიც კი გაიფიქრა, დაკითხვა შეეწყვიტა, მაგრამ სამსახურეობრივმა გამოცდილებამ მიაჩვია - დაზარალებულთან საუბარი მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელია! - ელი როდის გაუჩინარდა? - ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ. ჩემთან მოვიდა. მითხრა - ცოტა ხნით მივდივარ, აზრზე მოსვლა მჭირდება, სახლში ვერ გავჩერდებიო. ლამის დედა მოუკლეს. იმ სახლის კედლები მეც მგუდავდა! - სად აპირებდა წასვლას? - მის მეგობართან, ლიზასთან, თქვა - არ შემაწუხოთ, მე თვითონ მოგაკითხავთო. სამი დღე რომ არ გამოჩნდა ავნერვიულდი. მოსაკითხად დავურეკე. ლიზას გაუკვირდა - ელი ჩემთან არ გამოჩენილაო! შიშმა ამიტანა და მაშინვე ძებნა დავუწყეთ, მაგრამ კვალს ვერსად მივაგენით. ბავშვი გაუჩინარდა. პოლიციასაც მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. - გურანდამ როდის შეიტყო? - თავიდან ვუმალავდით. მისი ნერვიულობა არ შეიძლებოდა. სახლში, რომ გამოწერეს თქმა მომიწია. ისტერიკაში ჩავარდა. კიოდა - ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემ გამო გაიქცაო! კარდაკარ დადიოდა - ჩემი გოგონა თქვენთან ხომ არ არისო?! საიმონი დას კითხულობდა, ტიროდა, ჭირვეულობდა და ღამით ვერ იძინებდა. ყოველ მომსვლელში ელს ეძებდა. მილენამ იგრძნო, რომ მოსმენა აღარ შეეძლო. თავადაც ვერ ხვდებოდა ასე რატომ განიცდიდა, მაგრამ სული შეეხუთა. - სულას რა ბედი ეწია? ჩაერთო დევდარიანი. უფროსის აღელვება იგძნო და დრო მისცა დასამშვიდებლად. - დაიჭირეს! - მოხუცმა ავად გააკვესა შავი თვალები - და კიდევ კარგი, რომ დაიჭირეს! თორემ, ცოცხლად გავხდიდით ტყავს! შვიდი წლის შემდეგ, როცა უკვე გამოსვლა უწევდა, მისი სიკვდილის ცნობა მოგვივიდა! - ერთი წუთით... - მილენამ თავი ასწია - ელის გაუჩინარებიდან, რა დრო გავიდა? - ცხრა წელი, - წარმოთქვა ჩამქრალი ხმით - იმედი დავკარგე, რომ ცოცხალია... დღიურში მითითებული თვე და რიცხვი, პირველ მკვლელობას კი ემთხვეოდა, მაგრამ წელი მითითებული არ იყო! რა გამოდის? „მონარქის“ დანაშაულის სერია გაცილებით ადრე დაიწყო?! შეშფოთებულმა ფარულად გახედა მეწყვილეს. - ლილი... - დევდარიანმა სათვალე ცხვირზე შეისწორა - ელი დღიურში მკვლელობების სერიაზე წერდა. რამე ხომ არ გახსოვთ მომხდარზე? - მკვლელობები? - წარბი შეიკრა - რა ვიცი?! რა მახსოვს?! ცუდი პერიოდი იყო. ღამით, ქუჩებში ათასი საშინელება ხდებოდა. მილენა ანერვიულდა - არქივში მსგავსი „ქეისი“ არ უნახავს! წინააღმდეგ შემთხვევაში ეცოდინებოდა, რომ ეს სულაც არ იყო „მონარქის“ დებიუტი! სად გაქრა ძველი ფაილები? - ახლა სად არის თქვენი შვილი? - სვანი გამოკითხვას აგრძელებდა. - იმ სახლიდან არსად წასულა. დღემდე იმედი აქვს, რომ ელი დაბრუნდება. მისი გაუჩინარება თავს ვერაფრით აპატია. ყველა დედა ელოდება სახლიდან გასულ შვილს. იქამდე, სანამ ბოლოჯერ ამოისუნთქავენ ფილტვები. დაწითლებული თვალები სწრაფად შეიწმინდა. მილენა გამალებული ფიქრობდა მოსმენილზე. უცებ საინტერესო დეტალი გაახსენდა, რომელიც წიგნაკში მოინიშნა, რომ არ დავიწყებოდა. - ლილი, - ცერად გახედა ქალს - თქვენს დაზე რას მეტყვით? - ჭირს წაუღია მათი თავი! - დენთის კასრივით იფეთქა მენაბდემ. წყვილი მოულოდნელობისგან შეკრთა. - ჩემი ოჯახი მის გამო სიცოცხლეს რისკავდა და მაინც ჩვენ დაგვდეს ბრალი უსირცხვილოდ! - ნინას სიძეს რა ბედი ეწია? - ახალი ოჯახი ჰყავს! ეშმაკსაც დაუფლეთია მისი სული, ნაძირალა! - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ელს ნინას ისტორიის გამომზეურება უნდოდა. რა აზრი ხართ ამაზე? - შეაპარა ჟურნალისტმა. - განა, ახლა რამე აზრი აქვს მომხდარზე საუბარს? - წარბები აზიდა ქალმა - ადრე მინდოდა ყველას გაეგო, თუ რა გაუკეთეს ჩემს ოჯახს, მაგრამ გურანდამ დამიშალა. შვილებს დამიხოცავენო! მეც შემეშინდა. - ელი აშკარად არ გეთანხმებათ... - ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე, მისი თამამი ნაბიჯი არც მიკვირს. ყოველთვის ასეთი იყო, უსამართლობას ვერ იტანდა! ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანივით იქცეოდა. თავს ისე იჭერდა, ხანდახან ჩემი შვილი უფრო მეგონა მისი ასაკის. მილენას მოხუცის ტონი არ გამოჰპარვია - ამაყობდა შვილიშვილით. დევდარიანს ტუჩის კუთხეები შეერხა. თითქოს ღიმილს ძლივს იკავებსო. უცნაურად აუპრიალდა პარაიბას სფეროები. - როგორ ფიქრობთ, შეიძლება ელის გაუჩინარება მის დღიურში მოთხრობილ, თქვენი დის ისტორიასთან, რაიმე კავშირში იყოს? თქვენ აღნიშნეთ, რომ ამაზე საუბარი სახიფათო იყო თქვენი ოჯახისთვის. - დღიურის შესახებ მეც კი არ მქონდა წარმოდგენა, ვის უნდა წაეკითხა ის? ელი დაუფიქრებლად არ მოიქცეოდა, თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდა. თუმცა, რა ვიცი, მე ხომ გამომძიებელი არ ვარ... წლების განმავლობაში უამრავი ვერსია მიტრიალებს თავში, მაგრამ სიმართლე დღემდე არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს რა დაემართა ჩემს გოგოს, ან რის გამო... ცხელი კურცხალი გადმოუვარდა გულაჩუყებულს. ერთია იცოდე, რომ საყვარელი ადამიანი დაკარგე და მეორეა პასუხგაუცემელი კითხვებით იტანჯებოდე მთელი ცხოვრება. წარმოდგენა არ გქონდეს სინამდვილეში რა მოხდა. არ იცოდა, ვინმეზე უნდა ბრაზობდე, თუ საკუთარ თავზე, რომ დროულად ვერ შენიშნე რაღაც. რომ საყვარელი ადამიანის თვალებში, რაღაც გამოგრჩა. მილენა შეყოყმანდა, სანამ თავის სათქმელს ხმამაღლა იტყოდა. - თუ დამთანხმდებით... ელს სურვილს შევუსრულებ. თქვენს ისტორიას მოვყვები, ქალბატონო ლილი. - ახლა აღარაფერს აქვს აზრი. მოსახდენი მოხდა! - განაჩენივით ისროლა ქალმა. - ხელი ჩაიქნიეთ? - იმედგაცრუება იგრძნო. - სიმართლე, ელს დამიბრუნებს? - შეუღრინა გაგულისებულმა - გურანდას იარებს გაუქრობს? ჩემი შვილი, მკერდის ღარიდან ჭიპამდეა გაფატრული!!! გულთან ნაკერები აქვს! მზარავს მისი ყურება, როცა ტანზე იხდის! ჭირს წაუღია თქვენი სიმართლე! ის ვეღარაფერს გამოასწორებს! მოხუცმა ისეთ ნოტზე დაასრულა საუბარი, მიხვდა - შეპასუხებას აზრი არ აქვსო. მასპინძელმა აგრძნობინა, რომ დიალოგი დასრულდა და წასასვლელად წამოდგა. დევდარიანი არ განძრეულა. - ელის ნამდვილ სახელს არ გვეტყვით? მილენამ ტუჩზე იკბინა და სწრაფად გახედა ქალს. მორიგი აფეთქების მოლოდინში დაიძაბა. - პატივცემულო... - მისკენ გადაიხარა და გამჭოლი მზერით თვალებში ჩააკვდა სვანს. დანახვის წამიდან თვალში არ მოუვიდა სათვალიანი - განა, მოსმენილის შემდეგ, სახელს და გვარს მნიშვნელობა აქვს??? თანაშემწეს ცივი ღიმილი მოეფინა ტუჩებზე, ლილისაც. მილენა გაოცებული დარჩა ორის ფარული პაექრობით. - ასეც ვიფიქრე... - კმაყოფილი მენაბდე სკამზე შესწორდა - თქვენი წასვლის დროა! - გურანდას მისამართს ხომ არ მომცემდით? - სწრაფად ჩაურთო ჟურნალისტმა, სანამ უცერემონიოდ გამოაპანღურებდნენ. - არამგონია, საუბარი მოისურვოს. - მაინც ვცდი. - თქვენი ნებაა... რედაქტორმა, მისამართი გამოართვა, მადლობა გადაუხდა და მეგობარს ანიშნა - წავედითო! ლილიმ სტუმრები გააცილა და კარი მიხურა. - მაინც რაზე ფიქრობდი?! - გამოსცრა კბილებში და უკან შებრუნდა. კედელს მიყრდნობილი კაპიუშონიანი ფიქრიანად დასცქეროდა ხელთათმანიან თითებს. მთელი ეს დრო, ჩუმად აყურადებდა საუბარს. - რატომ მიუტანე ჟურნალისტს დღიური?! - შეუტია ქალმა. - გაგიჟდი? - მაინტერესებს, სადამდე წავა ყოფილი დეტექტივი! - ალმაცერად ჩაიღიმა - დაელოდე, ლილი; დაელოდე სიახლეებს... ხმადაბალი სტვენით ხელები ჯიბეებში ჩაილაგა. ქუსლებზე შებზრიალდა და საძინებლის კარი მიიხურა. მოხუცმა შეშფოთებული მზერა გააყოლა შავოსანს. თვალები დახარა და ცერად გახედა კარს. არ მომწონს ეს ამბავიო - მუჭით მოისრისა მკერდი. ყრუდ სტკიოდა სულში ჩაბუდებული გაურკვევლობა... ****** უჟმურ ამინდს ხასიათი გაუღიზიანდა. საშინლად ელავდა და ქუხდა. ასეთი აგრესიული შემოდგომა წლები იყო, თბილის არ ახსოვდა. თითქოს ბუნება გრძნობდა ქალაქის ქუჩებში დატრიალებულ საშინელებას და ადამიანთა მოდგმაზე ბრაზობდა. - მკვლელობების სერია უფრო ადრე იღებს სათავეს! მანქანის სავარძელს მიყრდნობილს, თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა. ახალმა ამბავმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა! დევდარიანი კი, ჯერ კიდევ სახლს გასცქეროდა და თითებს გაუცნობიერებლად იტარებდა ტუჩებზე. იდუმალ ფიქრებს მოეტაცათ სვანის გონება. - თუ არქივში ვერაფერი იპოვე, გამოდის რომ ჩანაწერები გააქრეს! - მზერა მილენაზე გადაიტანა. - უცნობი შეუმჩნევლად ვერ მოხვდებოდა შიგნით. - იქნებ, უცხო არც ყოფილა? - შუა თითით შეისწორა სათვალე - „მონარქი“ იდიოტი არ არის! დეტექტივს ასე უბრალოდ არ შეეხებოდა! არაფერზე მიგანიშნებს?! - ჯანდიერი ფიქრობდა, რომ „მონარქი“ ახლოს იყო. - იქნებ, ისეთი რამ გაიგო, რაც მის ცოცხლად დატოვებას სარისკოს ხდიდა? ერთმანეთს გადახედეს. სვანს მართკუთხამინებიანი სათვალე დაებურა. - „მონარქი“ განყოფილებაშია?! - მილენას თვალები გაუფართოვდა. - ან აღარც, - დაამატა ორჭოფულად და მზერა ისევ სახლზე გადაიტანა - დიდი ხანია გაუჩინარდა. - კი მაგრამ, სამი წლის შემდეგ რატომ დაბრუნდა? - ჯერ არ ვიცით, ნამდვილად ის არის, თუ არა. - საქმე იმაზე სერიოზულად, ვიდრე ვიფიქრებდით! - მარტო ვერ გავუმკლავდებით! - ქალს ცერად გამოხედა - როგორ ფიქრობ, ავალიანის ნდობა შეიძლება? - ჩემი წამოსვლის შემდეგ მივიდა განყოფილებაში. დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ. არ ვიცი, სეგი! ახლა, ყველა საეჭვოდ მეჩვენება! ტელეფონზე ზარმა წყვილს საუბარი შეაწყვეტინა. მილენამ ეკრანს დახედა. ძაღლი ახსენეო - ავალიანი რეკავდა: - გისმენ, მოსე? - ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა... - სიტყვებს ბგერები დაუმძიმდათ - სისე გეწაძის ჭრილობები, არ ემთხვევა წარსულში მომხდარი მკვლელობების ხელწერას! ეს „მონარქი“ არაა, მილენა!... თვალებგაფართოებულმა მეწყვილეს გადახედა. დევდარიანმა მდუმარედ გააქნია თავი - რა გითხრაო?... ****** საჭეზე მოუთმენლად აკაკუნებდა თითებს. სად იყო აქამდე? ეკლებზე იჯდა. ერთი სული ჰქონდა, ყველაფერი გაერკვია. დარეკვას აპირებდა, რომ განყოფილების კარიდან ავალიანი გამოვიდა. შავ „ფორდს“ თვალი მოჰკრა და მისკენ წამოვიდა. გაღიზიანებული ჩანდა. - მოსვლა საჭირო არ იყო! კარი მოიჯახუნა და თვალდახუჭული სავარძელს მიესვენა. ფაიფურივით თეთრს, მარჯვენა ლოყა შესამჩნევად ასწითლებოდა. გააფთრებული მძიმედ სუნთქავდა. - რა გჭირს? - გამოძიებას ჩამომაშორეს... - წაიბურტყუნა გაჯავრებულმა. - რაო?! - თვალები დაუმრგვალდა. - ახალი გადმოიყვანეს, ნარკოდანაშაულის განყოფილებიდან. შელაპარაკება მოგვივიდა. თავი ვერ შევიკავე და ვიჩხუბეთ. ხელმძღვანელმა საქმე მას გადააბარა. - ესკობარზე ამბობ? - მოაგონდა დილის უსიამოვნო სიურპრიზი. - ვისზე? - წარბი შეიკრა. - კიტა შუკვანი. - იცნობ??? - წამოენთო გაცეცხლებული. - ეგრეც შეიძლება ითქვას. - ტუჩი მოიკვნიტა - რაზე მოგივიდათ შელაპარაკება? - თავხედი ა! - გაცოფებულმა კბილები გააღრჭიალა. - არ შემიძლია, არ დაგეთანხმო! - ამოიოხრა და საზურგეზე გადაწვა - განყოფილებაში დამიბარეს! შუკვანის მუქარამ, ერთი საათის უკან, ტელეფონზე ზარით შეახსენა თავი. ხვალ, ხუთი საათისთვის განყოფილებაში გელოდები, პაემანზე არ დაიგვიანოო! - უთხრა დეტექტივმა და პასუხს არც დალოდებია, თავხედურად გაუთიშა. - მილენა... - ავალიანი სავარძელზე შესწორდა - არის რამე, რაც არ მითხარი? აქ, რაღაც ძალიან უცნაური ხდება და არ მომწონს! - მოსე, - ცერად გახედა მამაკაცს - გულწრფელი ვიქნები და ახლა ვერავის ვენდობი! - ვერც გაგამტყუნებ, მაგრამ მოგიწევს, რომ სცადო! - არ შეეპუა - არ მინდა, შემდეგ ჯერზე შენი გვამის აუტოფსიის დასკვნა დამიდონ მაგიდაზე. - სიმართლე მითხარი. - ყურადღებით ჩააკვირდა თვალებში - რატომ ინტერესდები ამ საქმით? გამოძიებას ჩამოგაშორეს და მაინც იქექები, რატომ? შემოდგომის გრილმა სიომ ფოთლები ააშრიალა. დეტექტივს, თვალებში უცნაური ჩრდილები აუთამაშდა. ამ კითხვისთვის მზად არ იყო და მილენა ამას მიხვდა. დარწმუნებული იყო, რომ ავალიანს პირადი ინტერესი ამოძრავებდა, მაგრამ რა? რა აკავშირებდა „მონარქთან“?! - დაუმთავრებელი საქმე პირად შეურაცხყოფად მიმაქვს! - უპასუხა წყნარად - გაუხსნელი კვანძები ღამით ძილს მიფრთხობენ! სარანგიძემ თვალი აარიდა. მისი ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა! ავალიანი რაღაცას მონდომებით მალავდა და ზუსტად ამიტომ არ შეეძლო მისი ნდობა, სურვილის მიუხედავად! განყოფილებასთან, ათ მეტრში, წითელი „აუდი“ გაჩერებულიყო. შუკვანი მშვიდად აბოლებდა სიგარეტს და წყვილს დაჟინებით აკვირდებოდა. უცნაური ღიმილი დასთამაშებდათ ალისფერ ბაგეებს... ///ვერცხლისფერი/// გოგი რეხვაძის ბინა, 02:15 წთ, მთვარის 21-ე დღე - მეოთხე ფაზა... მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა და განერვიულებული ფიქრებს მიეცა. ბოლო დროს, კოშმარები დასჩემდა - ხულოს ტყესთან არიან. ლოდს უღერებს, რომ იმ ამპარტავან ნაძირალას თავი გაუჭეჭყოს, მაგრამ კახაძე ხელს უშლის. უკანასკნელი სურვილი გაქვს, გოგი?! - ხიხინებს ხმა. დაბნეული კახაძისკენ ბრუნდება, მაგრამ ეს სიტყვები სხვის ბაგეებს სცდებათ. კაპიუშონში ჩამალულ სახეს ვერ სცნობს. თვალები... მომაკვდინებლად ბასრი გამოხედვა აქვთ ნახშირივით შავ ხვრელებს! ნაიარევი, მის სახეზე... ძრწოლა იტანს! უცნობი, ჩუმი სიცილით, პისტოლეტს უღერებს. სადაცაა ცხელი ტყვია შუბლს გაუხვრეტს, რომ დაფეთებულს ეღვიძება! შიშისგან გაშეშებულ სხეულს ძლივს იმორჩილებს. ტვინი რეალობის აღქმას იწყებს. გული უწყნარდება - კოშმარი ყოფილაო! გვერდს იცვლის, რომ ხითხითი ესმის. იაგუნდისფერი ფარდის მიღმა, ფანჯარასთან მუქ სილუეტს ამჩნევს! ხვდება, რომ ეს სიცილი ექცა სიზმრად და ბღავილით ხტება საწოლიდან. შუქს ანთებს, მაგრამ ფანჯარასთან აღარავინაა. ფარდას ქარი აფრიალებს. ოთახში მარტოა. აივნის კარი კი, ღიაა. ძრწოლა იტანს. ყველაფერს კოშმარს აბრალებს, კარს კეტავს და საწოლში ბრუნდება... დაძაბულმა ღრმა ნაფაზი დაარტყა და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როდიდან დაეწყო კოშმარები: გეწაძის მკვლელობიდან, ოთხი დღით ადრე, სამსახურიდან გამოაგდეს. უფულოდ დარჩენილმა კახაძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა. იმ ნაძირალამ კი, თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვიღაც ვიგინდარა ყოფილიყო და არა ბავშვობის მეგობარი! ახლა, პარლამენტის წევრია, ! მწვერვალს მისწვდა და რეხვაძე აღარაფერში სჭირდება - იმიჯს ულახავს, თურმე! არაკაცი! გაბოროტებული „დელა-ვერს“ აკითხავს და გვარიანად ტყვრება. მთვრალი გინებას იწყებს. იმუქრება - ყველაფერს მოვყვები და როგორც აფრინდი მაღლა, ისე დაგანარცხებ მიწაზე, პირდაპირ ციხის გისოსებს მიღმაო! გალეშილს, აურზაურის მოწყობისთვის, ღამის კლუბიდან აპანღურებენ. მეორე დილას, ნაბახუსევს, გეწაძის ზარი აღვიძებს. თვალებს ვერ უჯერებს. ერთი წელია მისი არსებობა არ გახსენებია - რა ჭირი უნდა?! დაბღვერილი პასუხობს. გეწაძე უყვება - რედაქციაში კახაძის ფოტოსურათები გამოჩნდა, როგორ კლავს ლევან მესხს და თან ბარათი ერთვის! წერილში იმუქრებიან - ეს მხოლოდ დასაწყისიაო! განერვიულებული გეწაძე კითხულობს - ამის შესახებ, რამე ხომ არ იციო? გაფითრებულს ენა მუცელში უვარდება. გეწაძე მის ფაილებზე საუბრობს?! კი, მაგრამ რანაირად? მას ხომ საიმედო ადგილას ჰქონდა შენახული? გაშავებული მაშინვე სამალავს ამოწმებს, მაგრამ იატაკის ამოვარდნილი ფიცრული, ცარიელი ხვდება! ფაილები მოიპარეს! თუ კახაძე გაიგებს, რომ ფოტომასალა მას ეკუთვნის, ცოცხლად გახტის ტყავს; ქათამივით წააწყვეტს კისერს! მესხის მკვლელობის ფოტოები გადაიღო, რადგან იცოდა, კახაძეს მისი თავიდან მოშორებაც შეეძლო, თუ აღარ დასჭირდებოდა და თავი დაიზღვია. უნდოდა კოზირი ჰქონოდა, საჭიროების შემთხვევაში რომ გამოეყენებინა, მაგრამ ვიღაცამ უკანასკნელი იარაღი ცხვირწინ ააცალა! სახლში შემოეჭრნენ??? საიდან გაიგეს, ფოტომასალის არსებობის შესახებ?! ნუთუ, ნასვამმა, წინა ღამით რამე ზედმეტი წამოაყრანტალა?! რა კავშირი აქვს ქურდს ფაილებთან და ყველაზე დამაბნეველი ფაქტი - მტკიცებულებები, რედაქციაში რატომ მიიტანეს?! ვითომ, კახაძის სტატუსის გამო? - ფიქრისგან ლამისაა თავი გაუსკდეს! მეორე საღამოს იგებს, რომ სისე გეწაძე საკუთარ ბინაში გამოფატრეს! პანიკა იპყრობს! ვერ ხვდება, საფრთხე რომელი მხრიდან მოდის!.. ისევ ეჩვევა სასმელს. ვირთხასავით იმალება თავის ოთხ კედელში და იტალიური ეზოს „უშიშროების“ იმედი აქვს - შეუმჩნევლად ვერავინ მომეპარება, მეზობლებმა რომ ვერ დაინახონო. ჭკუიდან გადასულს ღამით კოშმარები არ ასვენებს - წყეული აჩრდილი! ყოველ ღამით მის ფანჯარასთან დგას, მომკელივით. სიკვდილის მომასწავებელი ყორანივით დასტრიალებს და ხითხითებს... აბურძგნილი თავი მოიქექა და ჩასისხლიანებული თვალებით გახედა ბნელს. სახლში სული შეეხუთა. არაფრით არ უნდოდა ძილი - სიზმრები სიკვდილივით აშინებდა! ამდენ სპირტსაც ვეღარ იტანდა, კუჭი გაუღიზიანდა! მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და კარი გაიხურა. ქუჩაში არავინ ჭაჭანებდა. გამთენიის ოთხი საათი ხდებოდა. ყრუ მდუმარებამ ჟრუანტელი მოჰგვარა და ნაბიჯს აუჩქარა. „ოპელის“ კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა. ის იყო, ძრავი უნდა აემუშავებინა, რომ ყელზე ცივი ლითონის, ბასრი პირი იგრძნო და შიშისგან იბღავლა. - ხმა ჩაიწყვიტე! - წაისისინა უცნობმა - კრინტი არ დაძრა, თორემ ყელს გამოგჭრი! - რა გინდა? ვინ ხარ? ფული არ მაქვს.... გუმანით ხვდებოდა, რომ უცნობს ფული რომ სდომებოდა მანქანას მოპარავდა, მაგრამ მას ელოდა! გაბედა და კაპიუშონიანის სილუეტს სარკეში შეავლო თვალი, სახეს ნიღაბი სანახევროდ უფარავდა. შავი სახვევიდან ამოწვერილ ნაიარევი შენიშნა და გაშრა! - შენ... ეს, შენ, მოდიხარ ხოლმე ყოველ ღამით? არაფერი მომჩვენებია! - შენს „კუმირს“ პირისპირ შეხვდი. ავტოგრაფი გინდა?! - დასცინა. მამაკაცმა ახლაღა მიაქცია მის ხმას ყურადღება. გული მიეცა - ქალს მოვერევიო! მაგრამ ვერაფრით ახსნა მისდამი ველური შიში, სხეულს რომ უბორკავდა ასე ძლიერად. - ვინ ხარ? რა დაგიშავე?! კაპიუშონიანი გვერდზე გადახრილი თავით, ზანტად ადევნებდა თვალს, როგორ ეწუწებოდა სახეს შუბლზე მომდგარი ოფლის ცივი წვეთები და საშინელ თვითკმაყოფილებას გრძნობდა. - თითოეული წამით დატკბი! ჩემს ხელში ხარ. მხოლოდ იმიტომ სუნთქავ, რომ მე მსურს ასე. ნებისმიერ დროს შემეძლო, მძინარე გამომეფატრე, მაგრამ, ჯერ ადრეა... იცი, რატომ? ახითხითდა და დანის პირი ძლიერად მიაბჯინა ყელს. ლითონმა კანი გაკაწრა. სისხლმა ზანტად გამოჟონა. რეხვაძეს გააცახცახა. - იმიტომ, რომ სახალისოა, როგორ ლპები შიშისგან! - უჩურჩულა ტკბილი ხმით. - რა გინდა-მეთქი, ჩემგან? - ხმა გაებზარა. - მინდა, რომ ისუნთქო! ისუნთქო, იმ ცოდნით, რომ წარსულმა ბუმერანგივით მოგიბრუნა ცოდვები! წყევლად დაგიბრუნდი და ყველაფრისთვის ერთად მოგთხოვ პასუხს! ქეჩოში სწვდა და მოწყვეტით დაანარცხა საჭეს. რეხვაძემ ერთი დაიგმინა და გონება დაკარგა. შავოსანი წინ გადაიხარა და საძილე არტერია მოუსინჯა. სუსტად, ფეთქავდა. - რა მოგკლავდა... ცალყბად ჩაეცინა. მანქანის კარი გააღო და გადავიდა. ხელები უკანკალებდა. თავი გააქნია და პირით ღრმად ჩაისუნთქა. სისხლის წყურვილს გაჭირვებით მოერია. დავბრუნდებიო! - გაიფიქრა ავად და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. ფეხის ხმა შემოესმა. შედგა და უკან მიიხედა. არავინ იყო. დაეჭვებულმა წარბი შეიკრა და გზა განაგრძო. ნაბიჯების ხმა განმეორდა - ბევრი აღარ უფიქრია, მაშინვე მოსწყდა ადგილს და გაიქცა. ბნელ შუკაში შევარდა. ნაგვის ბუნკერი ვერ შენიშნა, ლითონს მტკივნეულად შეასკდა და ძირს გაიშალა. დალეწილმა წელი ძლივს აითრია და ისევ გაიქცა. ორი კვარტალი შეუსვენებლივ რომ გაირბინა, მერეღა შეჩერდა. აქოშინებული მუხლებს დაეყრდნო და გარემო მოათვალიერა - არავინ ჭაჭანებდა! მტკივან ფერდზე ხელი მიიჭირა. რატომ შეწყვიტა დევნა?! რომ მოენდომებინა დაიჭერდა! რატომ გაუშვა?! მოქანცული ასფალტზე დაჯდა და გულიანად ახარხარდა. სინამდვილეში, ვინ ვისზე ნადირობსო?! - გამხიარულებულმა ნიღაბს დაქაჩა. დასახიჩრებული სახე, მთვარის შუქზე, ნათლად გამოუჩნდა... მთვარის მეექვსე სიმფონია ///ღვინისფერი/// ****** დაკითხვის ოთახის კარი შუკვანმა შემოგლიჯა. ხმამაღლა აღიღინებულს ცხვირი საქაღალდეში ჩაერგო და ენერგიულად ფურცლავდა. მილენას წარბები მაღლა გაექცა. შერეკილი დეტექტივი გვარიანად აღიზიანებდა. ყურებამდე გაკრეჭილი, რედაქტორის წინ დაეხეთქა და საქაღალდე წინ დაუგდო. - აბა, როგორ გიკითხო? - თვალი ჩაუკრა და სკამზე გაიჯგიმა. - საქმეები როგორ მიგდის? რაო ჟურნალის რეიტინგმა? სკალის ტრუსებში ვეღარ ვეტევიო? - ავადმყოფი ხარ? - სერიოზულად დაინტერესდა. - შეუძლებელია, ინფიცირებულში, რაღაც დოზით, შენც არ დაავადდე! - აპარსული კეფა მოიქექა და თვალით ანიშნა ფაილებზე - მიდი, გადახედე! ნამუშევარი შემიფასე. მილენამ საქაღალდე გადაფურცლა. “მონარქის” საქმის მასალები იყო. მათ შორის, ყველა იმ გამომძიებლის დოსიეს მოჰკრა თვალი, რომელიც წარსულში მის საქმეზე მუშაობდა. - გივი ჭკადუა, ნიკო ჯანდიერი დააა მილენა სარანგიძე! - თეატრალურად გაშალა ხელები - უცნაური ტრიო ხართ! ერთს, ნერვოზიანი ცოლი და შიზოფრენიკი შვილი ჰყავს! მეორე, მიქელას უსახსოვრეს ნაადრევად. მესამე წარმატებული ჟურნალისტი გახდა და საკუთარი გაზეთი გამოუშვა, რომელმაც ბოლო დროს პოპულარობით, ზენიტს მიაღწია. მარტივი არითმეტიკაა და მთელს ამ ისტორიაში შენ ყველაზე მეტად არ მომწონხარ! - მოიცა, - მილენას გაეცინა - ეჭვმიტანილი ვარ? - რატომ გახვედი საქმიდან, როგორც კი ჯანდიერი გაასაღეს? არ მითხრა, თავი დამნაშავედ ვიგრძენიო. ცრემლი მომადგება! სახეზე შეატყო, დეტექტივი არ ხუმრობდა. რედაქტორი მისი ეჭვმიტანილების სიაში, პირველი ეწერა! - მოიცა, ანუ, ჩემი პარტნიორი მოვკალი და სამსახურიდან წავედი? სამ წელიწადში ცხოვრება ავიწყვე და მეორე ჩემი პარტნიორიც მოვკალი იმიტომ რომ...?! ფაქტების ალოგიკური წყობით დაბნეულმა, თავი ისე გააქნია, აგრძნობინა - სრულ ჭკუაზე თუ ხარო?! - შენს წარსულსი ვიჩხრიკებოდი. - ენით ლოყა გამობერა და მელასავით ქვემოდან გახედა ჟურნალისტს. - მოგერიდებოდა! - შენს მშობლებზე ყველაფერი ვიცი! მილენას სახე გაუქვავდა. სვანი კი, საკუთარი ნათქვამის ეფექტით ნასიამოვნები, სკამის საზურგეზე კმაყოფილი ღიმილით გადაწვა. - შუკვან... - ხმაში პირველად გამოერია მუქარა - ზღვარს არ გადახვიდე! - 2013 წელი, 11 ნოემბერი, საღამოს 11 საათი და სარკასტრულად 11 წუთი! მილენა, სახლში ბრუნდება. მეგობრებთან გვიანობამდე შემორჩა. ალბათ თავს დამნაშავედ გრძნობს. იმ დღეს, ხომ მამამისი სამსახურში დააწინაურეს? დარწმუნებული ვარ, ოჯახს ერთად სურდა აღნიშვნა. მაგრამ ქალბატონი, მეტისმიეტად იყო დაკავებული უფროსკურსელთან ფლირტაობით. - თვალები ბოროტად გააკვესა - დრო გაეპარა. შინ დაბრუნებულს, კი მისაღებ ოთახში სასაკლაო დახვდა! მშობლებს გახვრეტილი შუბლი თეფშებზე ედოთ. მაგიდის თავში, კიდევ ერთი თეფში იცდიდა, რადგან მესამე თავი სანახაობას გვერდიდან უცქერდა. აი აქ, შემიძლია ვირწმუნო „მესამე თეფშის“ სინანული, საყვარელო! მაგრამ ჯანდიერის გამო, იგივე მიზეზით სამსახურიდან წამოსვლა... - ტუჩი გვერდულად მოეღრიცა - ცოტა მეეჭვება! განყოფილებაში გატარებული წლების დამსახურება იყო, თუ ძლიერი ხასიათის - მილენას წარბი არ შეხრია. ცივი მზერით ბურღავდა დეტექტივს! - ამ სადისტურ ამბავში, ტვინის შერყევის ნამდვილად მჯერა! - განაგრძო სვანმა, როცა პასუხი არ გასცეს - მეტიც, მოსალოდნელი და ბუნებრივიც კია! ადამიანები, უკიდურესი სასოწარკვეთისას, ან გიჟდებიან და ბოროტდებიან, ან თავს იკლავენ! გაგრძელებას ასე ვხედავ... - სკამის ცალ ფეხზე ქანაობას მოჰყვა - წლების შემდეგ, გამომძიებელი გახდი. გინდოდა ბოღმა სხვა კრიმინალებზე გენთხია, მაგრამ დანაწევრებულმა ქვეცნობიერმა, დანაშაულის ადგილზე მისულს, სისხლი სხვანაირად მოგაწყურა! ანტიგმირობა მოინდომე და დამნაშავეებს უსწორდებოდი! გარდაცვლილები კრიმინალები იყვნენ! წვრილფეხობა, მაგრამ მაინც! თვალის ასახვევად და შესანიღბად საქმე მოითხოვე, რომ შენს ჯგუფს გამოეძიებინა. ჭკვიანური სვლა იყო, ყველა დეტალს გააკონტროლებდი და საქმის კურსშიც იქნებოდი! ჯანდაბა, აღმაფრთოვანებელიც კია! მაგრამ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ჯანდიერმა გამოგააშკარავა და იქამდე მოუღე ბოლო, სანამ გაგთქვამდა! რაც შეეხება, ახალ მკვლელობას, ვფიქრობ, ვიღაცამ ვალი დაგიბრუნა! ჟურნალისტი მოგიკლა, შენივე ხელწერის მიბაძვით, რომ მიმხვდარიყავი, სისემ შენს ნაცვლად აგო პასუხი! დარწმუნებული ვარ, მენიუში შემდეგი შენ ეყოლები! ისე დამაჯერებლად ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, საკუთარ უდანაშაულობაში, ლამის ეჭვი შეეპარა! სარანგიძეს ნერვიული სიცილი წასკდა. - შოუბიზნესმა შეუფასებელი ვარსკვლავი დაკარგა! აპლოდისმენტების ღირსი ხარ! ჩემი აღიარება საჭიროა, თუ პირდაპირ დამადებ ბორკილებს? მაჯები დემონსტრირებულად გაუწოდა. ღვინისფერ ტუჩებზე ზიზღნარევი ღიმილი დასთამაშებდა. - ფიქრობ, მტკიცებულებები არ მაქვს? - ბგერებში საშინელი თვითკმაყოფილება გაეგლისა დეტექტივს - ბოლო ორი მსხვერპლის დოსიეს გადახედე. მიდი, მიდი... ცნობისმოყვარეობამ სძლია და საქაღალდე გადაშალა - ჯანო ბერიძე და თემურ ზვიადაური. ორივე მსხვერპლი კარგად ახსოვდა, მაგრამ ვერაფრით მიხვდა - მათზე რატომ უთითებდნენ?! - ოოო, კარგი, ნუ გაქვს ისეთი სახე, თითქოს ვერ ცნობდე! „გაფრენილი 11 წუთის გმირები“, სარანგიძეების მკვლელობის ღამიდან. შუკვანს სწრაფად ახედა - პასუხად ცივი ღიმილი მიაგებეს. თავმა გუგუნი დაუწყო. სუნთქვა გაუძნელდა. გულისრევა იგრძნო. ისევ ფოტოებს დააშტერდა. მამაკაცის სახეები გაიდღაბნა. - ამას, დანაშაულის გადაფარვას უწოდებენ, ტკბილო! - აღტკინებული, ქალისკენ გადაიხარა - დანაშაულის ნამდვილი მოტივის დამალვა, ახალი დანაშაულის ჩადენით! საშიში ქალი ხარ, სარანგიძე. ძალიან საშიში! პაემანზე დაგპატიჟებდი, მაგრამ არ დაგვცალდება. იქნებ, გისოსებს მიღმა მოგინახულო ხოლმე. შენით მართლა მოვიხიბლე. მოღეღილი გულ-მკერდი მოურიდებლად მოუთვალიერა. მილენა არ უსმენდა. გაფითრებული ისევ ფოტოებს დაშტერებოდა. მალე ალბათ აღებინებდა კიდეც, დაკითხვის ოთახის კარი, მეორედ რომ გაიღო. ავალიანმა, შუკვანს ზიზღით შეავლო თვალი და ჟურნალისტისკენ ჯიქურ გაემართა. - ავალიანი! ხელს ხომ არ გიშლი?! - წაიღრინა შუკვანმა. თანამშრომელმა ყური არ ათხოვა. მილენას მკლავში სწვდა და წამოაყენა. - ყველაფერი რიგზეა. - უჩურჩულა ყურში - ცუდად არ გახდე, გესმის? წამოდი, ჰაერზე გავიდეთ. - ავალიანი! - იგნორით გაღიზიანებული ფეხზე წამოიჭრა - ჩემს საქმეში ნუ ეჩრები! უბნის ინსპექტორი ხომ არ გგონივარ?! განყოფილებ... - ენას კბილი დააჭირე! სახე არ გამასწორებინო! - ნერვებმა უმტყუნეს მეორე სვანს - არ მოგერიდები, იცოდე! სულ რომ კარიერის ფასად დამიჯდეს, სისხლად გაგებინებ პასუხს! მრავალმნიშვნელოვნად გადაუბრიალა თვალები. უცნაური მზერა გაცვალეს ერთმანეთში. შუკვანს ყბაზე კუნთი აუთამაშდა. აცრემლებულ ქალს ცივად გახედა და საქაღალდეების აკრეფას შეუდგა. მილენას არაფერი შეუნიშნავს. გონება, შვიდი წლის უკან მომხდარი მკვლელობის სისხლიან კადრებს ეთამაშებოდა შეუბრალებლად... ****** ავალიანის კაბინეტში ისხდნენ. ახლად მოდუღებული ყავა დამამშვიდებლად ორთქლავდა ფინჯნებში. სუსხშეპარული ოქტომბრის ქარი, მონდომებით აშრიალებდა ფოთლებს. - წლების განმავლობაში ვეძებდი... - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი თითით შეიწმინდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა - მათი გვამები წინ მქონია! მე კი, არაფერი ვიცოდი... ნამდვილი სულელი ვარ! მწარედ გაეცინა. ყელში გაჩხერილ ბურთს ძვრა ვერ უყო. სიგარეტს ნერვიულად მოქაჩა. დეტექტივს შეტყუპებულ თითებზე ნიკაპი ჩამოედო და ფიქრებით შორს დაფრინავდა. - შუკვანს არაფერი აქვს! - დაილაპარაკა ბოლოს - მთელი მისი ნაბოდვარი ჰიპოთეზაა, მტკიცებულების გარეშე! შენი დაკავება არ შეუძლია. ასე რომ არ იყოს, იქიდან ვერ გამოგიყვანდი. - სადაც ამდენი „შეკერა“, არც „მტკიცებულებების“ შოვნა გაუჭირდება. - მილენა, არ მგონია რომ შუკვანი მთლად არასწორია... - თვითონაც მოუკიდა სიგარეტს. - შენც დამნაშავე გგონივარ? - ტუჩსაცხგაცლილ ბაგეებს უემოციო ღიმილი გაუკრთათ. - მგონია, რომ „მონარქი“ თქვენთან ახლოს ტრიალებდა, - ზანტად გააბოლა. საჩვენებელი და ცერა თითი ფიქრიანად გაუსვა ერთმანეთს. - იმდენად ახლოს, რომ გამოძიების მსვლელობისას ბევრი დეტალი „გამოგრჩათ“. მილენას დევდარიანთან საუბარი მოაგონდა, ავალიანიც იმავეს ფიქრობდა და მაინც, ვერაფრით უარყო საკუთარ თავში აზრი, რომ მამაკაცი რაღაცას ბოლომდე არ ეუბნებოდა. - დასვენება მჭირდება. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო. წარბშეკრულმა გაფითრებულ სარანგიძეს ყურადღებით მოუთვალიერა სახე და ნახევრად ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩასრისა. - ადექი, სახლამდე მიგაცილებ. - გმადლობ, ჩემით წავალ. მანქანით ვარ. თან... მარტო ყოფნა მინდა. - წამოდგა. - მილენა... შედგა და დეტექტივს მოხედა. წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გასჩენოდა მამაკაცს. - შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო. არ მოგერიდოს. - გმადლობ, მოსე. სუსტად გაუღიმა. უჩვეულოდ დამძიმებული სხეული ძლივს დაიმორჩილა და არეული ნაბიჯებით გამოვიდა კაბინეტიდან. მანქანას, რომ მიუახლოვდა მაშინღა შეჩერდა. თავბრუ ესხმოდა. ტელეფონი ამოიღო. ვისთვის დაერეკა? კრისტისთვის? - მისი აღელვება არ უნდოდა. დანისთვის? - მეგობრის დამძიმება არ სურდა. რამდენიმე წუთის წინ თავად მისწერა - სამსახურში ვრჩებიო. თავი მოარიდა. იქნებ, ანჯაფარიძისთვის დაერეკა? - დიდი ალბათობით ტელეფონს არ უპასუხებდა. მუდამ ასე იქცეოდა. თუ თვითონ არ გამოჩნდებოდა, მასთან დაკავშირება, თითქმის შეუძლებელი იყო. გული მოეწურა. რთულ მომენტში სვანის დანაკლისმა შერჩენილი ძალებისგან პირწმინდად გამოწურა და მკერდის ღარში ჩაბუდებულმა სასოწარკვეთამ მტკივნეულად მოკრუნჩხა კიდურები. ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა. მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. საჭეს თავი ჩამოადო და თვალები დაეხუჭა. ცივი ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდათ ღაწვებს. თავი ასე მარტოსულად არასოდეს უგრძვნია. სარკასტრულია, არა? ძლიერი ადამიანები, მარტოობას ყველაზე მძაფრად და მტკივნეულად რომ განიცდიან, ვიდრე სუსტები. მართალია, იშვიათად და წუთიერად, მაგრამ ეს წუთები მომაკვდინებლად მძიმეა ხოლმე. არა, მილს? ხშირად ასეც ხდება - როცა ყველაზე მეტად გიჭირს, საკუთარ თავთან მარტო რჩები. მწარედ რომ იგრძნო, მაშველის ამაოება, ან იქნებ, მარტივი ჭეშმარიტება, უნდა გაანალიზო?! - ადამიანები მარტონი ვართ. ასეთ დროს კი, ყველაზე უკეთ ვიაზრებთ ამასო! - ფიქრობდა გულმოკული. დაახლოებით ათ მეტრში, ხის ტანს ამოფარებული მუქი სილუეტი დაჟინებით მისჩერებოდა ატირებულ ქალს. ნაიარევ სახეს უემოციო გამომეტყველება შეჰყინვოდა. ხმადაბალ ქვითინს, უდარდელი სტვენა ერთვოდა, შუა ღამის საუნდრეკად... ///ალექსანდრიტი/// ****** თბილისი, წყნეთი, 03:15 წთ, მთვარის 27-ე დღე - მეოთხე ფაზა... შორიდან უთვალთვალებდა წითელი აგურით მოპირკეთებულ ლილი მენაბდის სახლს. ჭრიჭინების ხმა დამამშვიდებლად ესალმებოდა ყურს. გრილი სიო ხმადაბლა აშრიალებდა ფოთლებს. მოიწყინა... ნუთუ შეცდა? ხუთი საათი გავიდა და არაფერი მომხდარა. ერთ ადგილზე გაქვავებულს, წელი გაუშეშდა! ტერფებთან დაყრილი ნამწვების რაოდენობა, თანდათან იზრდებოდა. ლოდინს ჭკუიდან გადაჰყავდა! ზურგსუკან რაღაცამ გაიფაჩუნა. ქურთუკის შიდა ჯიბეში მიმალულ რევოლვერზე ხელი გაივლო და სწრაფად შებრუნდა - მეზობლის კატა ხმადაბალი კნავილით ჩამოხტა ტოტიდან. გაღიზიანებულს ზედა ტუჩი ავად შეერხა - ცხოველს კინაღამ ტვინი გაასხმევინა! იარაღი დაუშვა. დამცველი ყრუ ჩხაკუნით დაუბრუნდა ადგილს. კისერი გაავარჯიშა. ცოტა უნდა დამშვიდებულიყო! ასე შეცდომას დაუშვებდა! მზერა აუჩქარებლად გადაიტანა მუქ ჩრდილზე, რომელიც ის იყო ოთახში გაილანდა. სახლში სინათლე ჩააქრეს. ფარდა გვერდით გაცოცდა. უცნობმა გარემო დაზვერა და სწრაფადვე მიიმალა. ჭკვიანი და ფრთხილიაო - გაეღიმა მოხიბლულს. ქარმა ძლიერად ააშრიალა ფოთლები. საშინლად კმაყოფილმა თითები შეათამაშა. სუნთქვა გაუხშირდა. აღტკინებულმა, გამომშრალი ბაგეები ერთმანეთს დააშორა და ნერვიულად მოილოკა. სასურველ კითხვაზე პასუხი მიიღო. მალე ერთმანეთს შევხვდებითო - ბოლოჯერ შეავლო თვალი სახლს. ჯიბეებში ხელები ჩაილაგა და ბნელს ისე შეერია, თითქოს მისი ნაწილი ყოფილიყო... ///ღვინისფერი/// ****** მთელი ღამე იწრიალა. ვერაფრით დაიძინა. უკვე ნანობდა, დანის, რომ მოატყუა სახლში არ ვიქნებიო. ახლა ისე სჭირდებოდა, როგორც არასდროს. თავი დაარწმუნა - მის გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლოო და დაუოკებელ სურვილს, რომ ექიმთან დაერეკა, როგორღაც გაუმკლავდა. ცხოვრებამ და გამოცდილებამ, თავდაცვითი უნარი გამოუმუშავა. ისწავლა, რომ თუ რაიმე გულს გტკენს, უბრალოდ უნდა ადგე და გაეცალო. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, ღვთისგან ბოძებული წუთები ტანჯვასა და არასწორ ადამიანებს, რომ დაუთმო. სამწუხაროა, ჭეშმარიტების მიუხედავად, ასე ცხოვრება რომ არ გამოგვდის. ქვეცნობიერმა ნიშნის მოგებით ჩაიღიმა, როცა სასოწაკრვეთილმა ტელეფონს ხელი წამოავლო და სვანთან გადარეკა - ჰო, ყველაფერს ერიდებოდა რაც სტკენდა; ყველაფერს რაც სტანჯავდა; - ანჯაფარიძის გარდა. ოპერატორმა მოსალოდნელი პასუხი ამცნო - ტელეფონი გათიშულიაო. საყვარლის სიტყვები მოაგონდა - თუ რამე მოხდება, დამირეკეო. მწარედ გაეცინა. ის არ შეიცვლება. არასდროს! რა გაუკეთა? ჯადო?! თუ, როგორ მოახერხა, რომ ყოველ იმედგაცრუებას, რასაც არავის აპატიებდა, მისგან მოთმინებით იტანდა? კბილების ღრჭიალით, მაგრამ მაინც იტანდა?! მეტის ღირსიც ვარ, შენს ნაბოდვარს ყოველ ჯერზე, რომ ვიჯერებ დებილი ბავშვივითო! - გაღიზიანებული სიგარეტს დასწვდა. აივანზე გავიდა. სკამზე ჩამოჯდა და შიშველი ფეხები მოაჯირს შემოაწყო. გრილი სიო სასიამოვნოდ ელამუნებოდა კანს. აშლილ ნერვებს ნიკოტინი ეამათ. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, „მესამე თეფშის“ სინანულზე დაფიქრდა. თითოეული სიტყვის, თითოეული ბგერა შხამით ეჟღინთებოდა, როცა გონება მძიმე ნაბიჯით უახლოვდებოდა მოგონებას - „ვერ სცნობ? „გაფრენილი 11 წუთის გმირები“ არიან, მილენა, სარანგიძეების მვლელობის ღამიდან!“ შუკვანის ცბიერად მომღიმარი სახე კვამლივით გაიფანტა. საზიზღარი შეგრძნებაა, როდესაც დასასრული ცბიერად გიღიმის ოთახის კუთხიდან და ავად გეჩურჩულება - შემეძლო, სხვაგვარიც ვყოფილიყავიო! თუმცა, მომხდარს ვეღარ შეცვლი. მის შედეგთან მოგიწევს ცხოვრება - უზარმაზარ კითხვის ნიშანთან, არსებობის ბოლომდე მშიერი ძაღლივით, რომ მოგთხოვს პასუხს! სინანული... ყველაზე გახრწნილი, უაზრო და უშედეგო გრძნობაა, გრძნობათა შორის! ზოგი ეკლესიის კართან მიჰყავს, მხრებდამძიმებული, ზოგი კი, ამაოებას იაზრებს და ვერაფერ ღვთიურს ამჩნევს მასშიო! - კბილებს აღრჭიალებდა გაბოროტებული. საკითხავია, მისი ავი ფიქრები, ცალსახა და სამწუხარო ფაქტი იყო, თუ ისევ „რელიგია დაეძებდა ბნელ ოთახში შავ კატას“? კარზე ზარი გაისმა. გვიანი იყო. ასეთ დროს მხოლოდ ანჯაფარიძე თუ მოაკითხავდა! გულმა უგრძნო? ბრაზი წამში მიავიწყდა, ცრემლები მოიწმინდა და სიხარულით წამოხტა. თუმცა, სამზერეში რომ გაიჭყიტა და დაუპატიჟებელ სტუმარს თვალი მოჰკრა, ეიფორია ფეხებთან მოუკვდა. საოცრად გამოფიტულმა კარი გამოაღო. - ხომ არ გაგაღვიძე? - ავალიანს უფერულმა ღიმილმა გადაჰკრა. კედელს მიყრდნობილს ზეზეულა ეძინებოდა. უნდოდა ეკითხა - ასე გვიან, აქ რა გინდაო, რომ მზერა დაუპატიჟებელი სტუმრისკენ გაექცა. აცქვეტილ ყურებიანმა, ჭკვიანი თვალებით ამოხედა ქალს და მისალმების ნიშნად, კუდი გაუქიცინა. - ეს ვინ არის? - ლორდი ჯეიმსი, ნარკოდანაშაულის განყოფილებიდან! - წარუდგინა დეტექტივმა. გერმანულმა ავჩარკამ კუდი შეათამაშა და მკერდი ამაყად გამოზნიქა - გახლავართო! - და აქ რას აკეთებს? - მხიარულება შეეპარა ქალს. - დასჯილია! - დაამთქნარა და პირზე ხელი აიფარა - ემოციური აღელვების ფონზე, მარცხი მოუვიდა. ზედმეტად მგრძნობიარე ძაღლია. ნერვების კონტროლი უჭირს. - რა ჩაიდინა? - განყოფილების ხელმძღვანელმა, მის მწვრთნელს, საჭიროზე მაღალი ტონით მიმართა. ჯეიმსმა იუკადრისა და უკანალზე უკბინა! ჯერ კიდევ ნაწყენმა დრუნჩი აბზიკა და თანხმობის ნიშნად ჩუმად აბურდღუნდა - ეგრეც მოუხდებოდაო! - ერთგულებისთვის დაგსაჯეს? ღიმილით ჰკითხა მილენამ. თანხმობის ნიშნად აგრუხუნებულმა, სარანგიძეს მორცხვად აარიდა თვალი. - გალიაში გამომწყვდევისთვის მეცოდება. - ავალიანმა ყურები სიყვარულით მოუსრისა ძაღლს - საქმეზე არ ატარებენ, დროებითი შტრაფი აქვს. დაიტოვე. ძალიან ჭკვიანია. ყველაფერი ესმის, რასაც ეუბნებიან. მილენას მარტო ყოფნა არ უნდოდა და არც საუბარი შეეძლო - დეტექტივი ზუსტად მიუხვდა ფიქრებს. მადლიერება იგრძნო. - დალევ რამეს? - გაუღიმა - ფერი არ გადევს. ზეზეულა გეძინება. - არა, გმადლობ. უნდა წავიდე. განყოფილებაში ბევრი საქმეა. ჯეიმსს... - დაწითლებული თვალებით ძაღლს მიუბრუნდა - ახალი დავალება გაქვს - ჟურნალისტი უნდა დაიცვა! შენს იმედზე ვტოვებ! გაიგე? ლორდმა თანხმობის ნიშნად ომახიანად შეჰყეფა. მილენას გაეცინა. - უკანალზე არავის უკბინო! ყოველშემთხვევაში, უდანაშაულოს - ჩაურთო ყოყმანით და თითი დაუქნია - ნერვები აკონტროლე, მეგობარო! შენც სვანი ხომ არ ხარ?! უკმაყოფილოდ აბურდღუნებულ ძაღლს, თავზე აკოცა, მილენას თვალი ჩაუკრა და მთქნარებით დაეშვა კიბეზე. რედაქტორი და ახალი ბინადარი ერთმანეთს მიაჩერდნენ... ///ვერცხლისფერი/// ******* თბილისი, თხუთმეტსართულიანი შენობის სახურავზე, 01:02 წთ, მთვარის 24-ე დღე - მეოთხე ფაზა... - სარანგიძე გამოირიცხა. - დარწმუნებული ხარ? - კი. - თავი დაუქინია - ზედმეტად მძაფრი რეაქცია ჰქონდა. მომხდარზე მართლა არაფერი იცოდა. კაპიუშონიანმა, მძინარე ქალაქს, ფიქრიანი მზერა მოავლო. ჟურნალისტი მის სიაში უინტერესო ფიგურა იყო, მაგრამ შემოწმებად მაინც ღირდა. - ვგრძნობ, რომ ახლოს არის... - წაიჩურჩულა ხმადაბლა. - ვიპოვი! - ფრთხილად იყავი! - შეუბღვირა - გეწაძის ბედი არ გაიზიარო! არავის და არაფერს ერიდება! - ჩემზე ნუ ღელავ. შავოსანს მიუახლოვდა და მოაჯირს ჩამოეყრდნო. ორივეს ერთი ფიქრი არ აძლევდა მოსვენებას. სია ნელ-ნელა იცხრილებოდა. ყველა ბილიკი კი, რომელსაც დაადგნენ, ჩიხით დასრულდა, როგორც ადრე. - რედაქტორი საფრთხეშია! - შავოსანმა ცერად გახედა - ყურადღება მიაქციე. ნაბიჯს მალე გადადგამს. მისთვის, ეს, აზარტული თამაშია! - ვიცი, თვალს ვადევნებ. - ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება. - ცბიერად გაეღიმა. - ფიქრობ, ორივე მხარეს, ერთი პიროვნება თამაშობს? - სანამ მეორე ეჭვმიტანილის როლი უცნობია, - უნდილად ატეხა ტუჩი და მხრები აიჩეჩა - დასკვნების გამოტანა ნაადრევია! თუმცა, კი, ასე ვფიქრობ. - მოთმინება აღარ მყოფნის! - წაიღრინა ნერვებმოშლილმა. - მოთმინება! ახლა მხოლოდ მოთმინებაა საჭირო! კაპიუშონიანმა, თვალები დახუჭა და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მხართან მწველი ტკივილი იგრძნო, შეიჭმუხნა. - ჯერ კიდევ გტკივა? - წარბი შეიკრა შეწუხებულმა. - გამივლის. - მაინც რაზე ფიქრობდი?! - იფეთქა გაჯავრებულმა - მარტო არ უნდა წასულიყავი! - თავი ვერ შევიკავე. - თავი ვერ შეიკავა... რა მოხდება, თუ გიცნო? - შეუძლებელია. არასდროს ვუნახივარ! - ნატკენ მხარზე ხელი გაისვა და წელში გასწორდა - უნდა წავიდე. - ჩემს გარეშე, ნაბიჯი აღარ გადადგა, გესმის?! თორემ არ ვიცი, რას ვიზამ! კაპიუშონიანმა, ბეჭზე მეგობრულად დაჰკრა ხელი და გასასვლელს მიაშურა. მარტო დარჩენილმა, სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა. სავსე დასტას ერთი ღერი აართვა და ბაგეებში მოიქცია. სანთებელას ხელით მოუჩრდილა, მოუკიდა და თვალდახუჭულმა, ზანტად გააბოლა. გულდამძიმებულმა ჩუმად ამოიოხრა და თავი ჩაქინდრა... პ.ს. იმედი მაქვს მოგეწონათ. კიდევ ახალი დეტალები შეემატა ისტორიას, რომელიც საბოლოო კვანძის გახსნაში დაგეხმარებათ. კიდევ, დავუშვებ გამონაკლისს და გეტყვით, რომ თავების დასათაურებებს ყურადღება მიაქციოთ. ფერები უმიზეზოდ არ მონაცვლეობენ. წარმატებები, გამოძიებაში ^_^ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.