შენ სხვანაირი ახსოვხარ ხელებს (მოკლე ისტორია)
მარტი. 1987 წელი. "სალამი ყოველთვის მეგონა ერთ კალამს და რამდენიმე ფურცელს ავიღებდი და მოგწერდი წერილს. ფურცელზე ვამბობ, რამდენიმეს-მეთქი, მაგრამ იქნებ, ერთზეც დამტეოდა სათქმელი. იქნებ, ის დარჩენილი ფურცლები უბრალოდ რბილად საწერად გამომეყენებინა. თუმცა, შეიძლება არანაირი ბევრი ფურცელი არ მყოფნოდა. შენ ხომ ასე მალე წახვედი ჩემგან. რა დამიტოვე, ელაიზა, რა? მოგონებები, მხოლოდ, რომლებიც ყოველ შეხსენებაზე ახალ კითხვებს ბადებდნენ. და პასუხები? არანაირი. მე კი მაინც მეგონა, აი, როგორ ჯიუტად მეგონა, ავდგებოდი და მოგწერდი ერთხელაც, ამ ყველაფერს წერილის ხურჯინად ვაქცევდი და სახეში მოგაყრიდი ფურცლებს, სიყვარულით და ცრემლით სავსეს. რომ გამომკეტე იმ ჯურღმულში, სადაც არ იყო ჩემი ადგილი და რომ გთხოვდი, გეპასუხა ჩემთვის, ყველა კითხვაზე თუ არა, ერთზე მაინც. აი, იმ ერთზე, დაშორებიდან დიდი ხნის მანძილზე რომ გეკითხებოდი - რატომ ახსოვდი სხვანაირი ჩემს ხელებს... ანუ რამ შეგცვალა... თითქოს, ახლაც გწერ. რაღა თითქოს, წერილია ბუნებაში ჩემგან გასროლილი ეს სიტყვებიც. როგორ ვეცადე... ოხ, როგორ ვეცადე დამეჯერებინა შენი უღირსობა, შენი გაუმაძღრობა, რომ მე მართლა შემეძლო სიყვარული და რომ შენ უბრალოდ ხარბი აღმოჩნდი. მეტს ეძებდი იქ, სადაც ისედაც ყველაფერი მიიღე. რომ შენ იყავი ძალა, რომელმაც დამატრიალა ბედნიერებისკენ და მერე მომისროლა მინუს უსასრულობაში. რომ შენ ერთდროულად სიყვარული მასწავლე და დამავიწყე კიდეც. რომ აღარ მეგონა ვინმეს კიდევ თუ შევიყვარებდი. მაგრამ განა ეს ტრაგედიაა? არა. მინახავს ადამიანები, მთელი ცხოვრება მარტონი ყოფილან. არა უშავდა, რა. ტრაგედია მხოლოდ ის იყო, რომ მე აღარ შემეძლო, არა თუ სხვისი, არამედ საკუთარი თავის სიყვარულიც კი. აი, იმ მახინჯ ხელებს დავხედავდი ხოლმე, რომლითან შენ კისერზე გეფერებოდი და მერე იმავე ხელებით მკერდზე ძლიერად ვირტყამდი მუშტებს. იმ მკერდქვეშ ხომ ასე მტკიოდა და ასე მტკიოდი, ელაიზა... აი, იმ მუშტებით შემეძლო შენ გამო ათასი კაცი მეცემა. ცხოვრება ამომიტრიალდა, ხომ გესმის?! თუ ვერასდროს გაიგე ჩემი ემოციები, იქნებ, ეს მაინც შეძლო. ამომიტრიალდა მეთქი! თავზე მაყრია საქმეები, რომლებიც დავიწყე, მაშინ, როცა მიყვარდი და აღარ გავაგრძელე მაშინ, როცა გადამიყვარე. ცოცხალი ვარ, მაგრამ არ ვცხოვრობ და მჯერა, რომ ყველაზე მეტად შენ იცი ეს რანაირი რამაა. აჰ, იცი, როგორ მჯეროდი? განა სულელი ვიყავი, ან უვიცი. მართლა მიყვარდი. ერთდროულად უბრალოდ და დიდებულად მიყვარდი. ყველა მუზეუმის ყველა ექსპონანტზე ძვირფასი იყავი. მჯეროდი მაშინ, როცა შენ არ გჯეროდა შენი თავის. განა შენ არ იყავი ეგეთ დროს სულელი?! როგორ შეიძლება შენს თავში ეჭვი შეგეპაროს. შენ ხომ ასეთი საოცრება ხარ. როცა ქუჩაში დავდივარ, ხალხს შენი თმის ფერის მიხედვით ვყოფ. რომლებსაც მიგამსგავსებ, ჩქარი ნაბიჯებით ვუახლოვდები და სახეებზე ვაკვირდები. აი, შენ არც ერთი ხარ იმათგან. და არც ისინი არიან შენ. შენზე იქნებ ასჯერ კარგები არიან. და იქნებ არც არასდროს მიატოვებენ ვინმეს შენსავით... მაგრამ ამ კითხვას ისევე უპასუხოდ ვტოვებ, როგორც შენ დამტოვე ორი წლის წინ, წვიმიან საღამოს, ცარიელ ქუჩაში. ისეთ ცარიელში, უცხოც კი არავინ იყო, აცრემლებული და დამსხვრეული ვენუგეშებინე. მერე ღამღამობით მენატრები ხოლმე. ხო, აი, თითქოს მანიფესტი დავწერე, რატომ უნდა გადაგიყვარო, მაგრამ რომ შემეძლოს არც კი ვიცი, ვიზამდი თუ არა. აი, ახლა რომ მითხრას ვინმემ, ელაიზა ედიგეის დაივიწყებო, რომ ეს მართლა შეგიძლიაო, არც კი ვიცი, გავბედავდი თუ არა. რადგან არსებობს ჩემს ცხოვრებაში ისტორია შენს სახელამდე და შენ შემდეგ და რომ როგორღაც ახალ წელთაღრიცხვასავით გაეჭედე ჩემს გონებას... განა ვცდილობ, შეგიზიზღო. იმას ვცდილობ, გაგიშვა. ხოდა, საღამოობით მაგიდასთან ვჯდები ხოლმე და ვწერ შენზე, უსასრულობაზე და ჩემზე, როგორც შენ მიერ გამოწვეულ უსასრულობაში მტვრის ნაწილაკივით გამოკიდებულ საცოდაობაზე. არადა, რა კარგი იყავი, როცა გიყვარდი. მესმის, სიყვარული ბრმააო და ალბათ მეც ასე დამემართა, მაგრამ ნუთუ ოდნავ მაინც არ იყავი, ის, ვინც შემიყვარდი? ჩუმად გიყურებდი ხოლმე და შენგან მოცემულ პატარა ნიშანსაც კი ისე გამოვეკიდებოდი ხოლმე, როგორც პატარა ბავშვები თვითმფრინავს. ხშირად გეფერებოდი ხელებზე და ის ხომ მაინც გახსოვს, რომ მამშვიდები შენი იდეალური არაიდეალურობით. აი, იმ ხელებში მოქცეულს მახსოვხარ სხვანაირი, ნაზი მახსოვხარ, სანატრელი... ხოდა, არ გწერდი თავიდან არაფერს, მაგრამ, შეატყობდი, წერილი უკვე გამომივიდა. ბევრი რამე უნდა გისურვო, მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვი ასე გაბედულად. მსურს შენი თავი ისე დაინახო, როგორც მე გხედავდი, და მერე იქნებ შეიყვარო და გამოარჩიო იგი ამ მილიონობით ადამიანს შორის, ისევე, როგორც გამოგარჩიე მე. ვიცი, მერე ირწმუნებ შენი თავისას. რადგან მახსოვს, რომ შინაგანი რწმენა არ გაგაჩნდა. სასაცილოა, ხომ გეუბნები შენ სხვანაირი ახსოვხარ ხელებს. სიყვარულით, (ან რაც არ უნდა იყოს იმ გრძნობით) ფრანსუა" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.