შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაცვალებიდან... კვლავ დაბადებამდე...


11-09-2020, 00:48
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 5 318

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გავაცნობიერე რომ ძველებურად ვერასოდეს ვერაფერი იქნება. ყველა ისტორია, ყველა მომენტი, რომელიც გადამხდა და რომელიც გამოვიარე უბრალოდ წარსულს ჩაბარდა და არასოდეს გამეორდება.
ალბათ ჩემი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა, თუმცა იყო მასში ლამაზი და დასამახსოვრებელი მომენტები, რომელთა გამოც იყო ის ღირებული. წელს თინეიჯერობა მოვიტოვე უკან, მკითხველი იფიქრებს ალბათ ასეთი პატარაა და საერთოდ რა გაეგება ცხოვრების ან პრობლემების, მაგრამ დამიჯერეთ ზოგჯერ ჩვენ უფრო მეტად გვტკივა ვიდრე თქვენ - თქვენ, რომლებაც თქვენი ცხოვრების ნახევარი განვლეთ და მეტი გამოცდილება დაგიგროვდათ.
ერთადერთი რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი გვერდით ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც ყველაფერს მოვუყვებოდი, ვენდობოდი, რომლის იმედიც ყოველთვის მექნებოდა. ერთი წამით მეგონა რომ ასეთი ადამიანი ვიპოვე...
სიმართლე გითხრათ იმან, რაც გადავიტანე შემცვალა, ჩემში სინათლე ჩაკლა და ალბათ ადამიანებისადმი ნდობაც დამიკარგა.ჩემი მიზანია თუ თქვენც გაგიკეთებიათ ასეთი რამ რაზეც მოგიყვებით, ან აკეთებთ შეჩერდით, სანამ გვიანი არაა, ვინაიდან ეს მკვლელობის ტოლფასია.
მოდით ვნახოთ როგორ მოხდა ყველაფერი...
,,მინდა ვინმეს ისე დაველაპარაკო, როგორც საკუთარ თავს’’-ო ამბობდა რუსი რომანისტი და მწერალი ფიოდორ დოსტოევსკი. ალბათ წერას ადამიანები მაშინ იწყებენ, როდესაც ასეთ ადამიანებს ვერ პოულობენ, ან ოდესღაც გაწბილებული იმედების გამო ვეღარავის ენდობიან. ხშირად ვფიქრობ რომ, მაშინ როცა სამყარო ასეთი ლამაზია, ასეთი მშვენერი, ადამანები როგორ ახერხებენ თავიანთი ქცევებით ეს ადგილი ამქვეყნიურ ჯოჯოხეთად აქციონ.
გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერებაო ნათქვამია, მაგრამ დავრწმუნდი რომ ასე არაა, იმდენჯერ ვეცადე ჩემში არსებული სინათლით მისი სული გამენთებინა, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ ჩემი სინათლე არ აღმოჩნდა საკამარისი... მე არ აღმოვჩნდი საკმარისი... ჩემი სიყვარული არ აღმოჩნდა საკმარისი.
ყველაფერი უფრო ადვილი გასაგები რომ იყოს, სულ თავიდან დავიწყებ მოყოლას.
მოკლედ, ჩემს ცხოვრებში ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა. დოსტოევსკის ზემოთხსენებული სიტყვები მუდმივად მიტრიალებდა თავში და ბედნიერი ვიყავი რომ ასეთი ადამიანი ვიპოვე, თითქოს ამ ცხოვრებაში საკუთარ მიზანს მივაგენი, თითქოს ვიპოვე ის, რისთვისაც ამ ქვეყანას მოვევლინე. ალბათ მკითხველს გაუჩნდა შეგრძნება თითქოს შეყვარებულზე ვწერ, მაგრამ ასე არაა მე იმ მეგობრობაზე ვწერ, რომელმაც შემცვალა და სამყარო სულ სხვა თვალით დამანახა.
მოკლედ ჩემი სახელია ენი... მე ენისა და ეიმის ყველაზე დიდ მეგობრობაზე მოგიყვებით, ისეთ მეგობრობაზე, რომელზეც მხოლოდ წიგნებში წერია.
ეიმი სწორედ მაშინ გამოჩნდა როცა მეგონა, რომ მარტოსული ვიყავი...
მეც, ისევე როგორც ყველა თინეიჯერი მთელს ჩემ თავისუფალ დროს, წიგნების კითხვას, ფილმებსა თუ სერიალების ყურებასა და სიმღერების მოსმენაში ვატარებდი, თინეიჯერობის პერიოდში მოგეხსენებათ, რომ ბავშვები თავიანთ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ, მეც შესაბამისად. ჩაკეტილი სამყარო მქონდა და ჩემს ყველაზე ღრმა იდეებს, აზრებსა და შეხედულებებს არავის ვუზიარებდი.
ეიმი თავისუფალი და უფრო ღია გოგონა იყო, მაშინ როცა სერიალებზე, ფილმებსა და წიგნებზე ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა იმაზე ფიქრი დავიწყე რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე. დროს მუდმივად ერთად ვატარებდით, წიგნებს ვცვლიდით, ფილმებს ვუყურებდით და ხანდახან ერთად ვსვამდით ხოლმე. მაშინაც მენატრებოდა, როცა ჩემს გვერდით იყო. ყველაფერს მიყვებოდა (ნუ მე ასე მეგონა) და ყველაფერს ვუყვებოდი. ვუყვებოდი თუ როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ, ვუყვებოდი ბიჭზე, რომელიც სკოლის პერიოდიდან მომწონდა (ეს არასდროს არავისთვის მითქვამს, რადგან იმ ბიჭმა გული ძალიან მატკინა), ყველა ჩემი ტკივილი იცოდა და ესმოდა, ღამით ისე არ ვიძინებდი ტკბილი ძილი რომ არ მესურვებინა და ისიც ასე...
დღეები გადიოდა და ჩვენი სიყვარულიც უფრო ძლიერდებოდა. ხანდახან ვფიქრობდი რომ ჩვენი მეგობრობა იმდენად ლამაზი იყო რომ ერთხელაც, როცა დავბერდებოდი, დავჯდებოდი ბუხრის პირას, ზამთრის ცივი დღე იქნებოდა, შემოვისვამდი ჩემს შვილიშვილებს და მოვუყვებოდი იმ მეგობრობაზე შაფაქი და ჰოსეინი ასე საოცრად რომ აღწერენ. მე აღფრთოვანებული ვისაუბრებდი ამაზე, ისინი კიდევ უფრო აღფრთოვანებული ციმციმა თვალებით, განაბულები დამიგდებდნენ ყურს. ნეტავ იცოდე ჩემო მკითხველო ამ დროს როგორ ვიამაყებდი მე, ზამთრის ცივ დღეებს ჩემს შვილიშვილებს ჩემი თბილი ისტორიებით გავუთბობდი, ნუთუ ბევრს ვითხოვდი ამ ცხოვრებისგან? ნუთუ ეს არ დამიმსახურებია?
ანგელოზი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ალაბთ ბევრ ადამიანს ვატკინე გული, მაგრამ ეს გაცნობიერებულად არ გამიკეთებია. ეიმის გამოჩენა ჩემთვის ნამდვილი სასწაული იყო, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რას ნიშნავდა, ერთი სული ორ სხეულში.
სიმართლე გითხრათ ეიმის ადრეც ვიცნობდი, ის ჩემი ახლობელი იყო, თუმცა ჩვენი ურთიერთობა ამ ფარგლებს არასდროს არ გასცდენია, ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა, როცა წიგნებმა ისე დაგვაახლოვეს რომ უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. ეიმი და ენი - სამუდამოდ საუკეთესო მეგობრები. ჩვენ ბაზრობებზეც ერთად დავდიოდით , ერთმანეთთან ვრჩებოდით და რაც მთავარია საათობით შეგვეძლო გველაპარაკა და არ დავღლილიყავით.
დედა მეუბნებოდა რომ ეიმი არ იყო ისეთი როგორადაც თავი მოჰქონდა ხოლმე, რომ ეიმი სხვანაირი იყო და რომ ადამიანები არ იცვლებიან. მისი არ მჯეროდა. ვეუბნებოდი რომ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული ცვლით. ის მართალი იყო! მართალი იყო, როცა ამბობდა რომ ბოლოს გული მე მეტკინებოდა.
ჩვენ სხვა მეგობრებიც გვყავდა, მაგრამ მე მათთან ისე ვერ ვგძნობდი თავს როგორც ეიმისთან, მათთან მხოლოდ ზედაპირული ვიყავი, ნამდვილ ენის მხოლოდ ეიმი იცნობდა.ეიმი კი, ის უბრალოდ სხვებთანაც ისეთი იყო როგორც ჩემთან.
ეს ზღაპარი მაშინ დასრულდა, როცა მე, ეიმიმ და ჩვენმა მეგობრებმა ვიქენდის ერთად გატარება გადავწყვიტეთ. ყველაფერი შესანიშნვად მიდიოდა, ვგეგმავდით თუ როგორ გავატარებდით დროს, როგორ გავერთობოდით და რამდენ სურათს გადავიღებდით. წასვლის წინა ღამეს არ მიძინია, იმდენად რეალურად წარმოვიდგენდი ჩვენს ვიქენდს,რომ მინდოდა მალე გათენებულიყო. გამუდმებით ამაზე ვფიქრობდი. როცა დანიშნულ ადგილას ჩავედით ალბათ სიხარულისგან ფრთები მქონდა შესხმული, მიხაროდა ყველა და ყველაფერი. იცით, ერთხელ ჩემმა ფსიქოლოგმა მეგობარმა მითხრა, რომ ასეთი გახარებული არ ვყოფილიყავი არასდროს, რადგან ცხოვრება არ შემარგებდა და ამას აუცილებად დიდი დარდით ჩამინაცვლებდა, რა კარგად სცოდნია...
პირველ დღეს ეიმიმ გზად სიარულისას უკან ჩამომიტოვა და სხვა მეგობართან ხელგადახვეული მიდიოდა. ვცდილობდი დავწეულიყავი, მაგრამ უშედეგოდ. იმ დღესაც არ მიძინია. რაღაც მჭამდა და მღრღნიდა შიგნიდან, თუმცა დატვრთულ მგზავრობას დავაბრალე.
მეორე დღეს ეიმი მეუხეშა, ვთხოვე ჩემი ჩანთისთვის მიეხედა სანამ მაღაზიაში შევდოდი და მითრა რომ ის ჩემი ჩანთის მეთვალყურე არ იყო, ეს საკუთარ თავს დავაბრალე, ალბათ ეწყინა ასე რომ ვუთხარი. რამდენიმე საათში ეიმიმ ჩანთის მიხედვა მთხოვა, წამითაც არ მიყოყმანია! იმ დღეს ფოტოები გადავიღეთ, მე დამცინოდნენ, რადგან არც ერთ ფოტოზე არ ვიყავი ლამაზი, ეიმიც იცინოდა, ჩემი ეიმი...
მესამე დღეს ეიმი თითქოს საერთოდ ვერ მამჩნევდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ საერთოდ ზედმეტი ვიყავი მათთან, იქნებ ჩემი რცხვენოდა. იმ დღეს ჩვენთან ერთად მყოფ გოგონას -ევას გავუმხილე ჩემი გრძნობები, რომ თავს ზედმეტად ვგრძნობდი, რომ საერთოდ არ უნდა წამოვსულიყავი, მიხარია რომ ეს გავაკეთე. ევა ძალიან დამეხმარა, მან გადამატანინა. იმ დღეს პირველად ვიტირე!
მეოთხე დღეს ეიმის სულ დავავიწყდი. ევასთან ერთად ოთახში ვიჯექი და შინაგანად ვკვდებოდი. ეს ის დღე იყო როცა სუიციდმა გამიელვა თავში... ღმერთო ეს როგორ შევძელი, ასე როგორ დავეცი... ამის გაფიქრების საშუალება როგორ მივეცი თავს... სუიციდი? მართლა ენი? ეს ხომ ყველაზე დიდი ცოდვაა. არა, აზრებს აყოლის ნება არ მივეცი. ევას ვთხოვე მარტო არ დავეტოვებინე, თორემ საკუთარ ფიქრებში დავიხრჩობოდი. ეიმი ისევ ისეთი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ არა ჩემთვის...
მეხუთე დღეს დასრულდა ჩვენი ვიქენდი და ამ ხუთმა დღემ დიდი დაღი დამასვა სულზე. ვერავის ვეუბნებოდი რას ვგრძნობდი, მანქანაში სულგანაბული ვიჯექი და ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი სახლში და ჩემს ერთადერთ დღიურს ავიღებდი ხელში, ნეტავ ლაპარაკი შეეძლოს,. ჩემი საწყალი დღიური, რამდენ ჩემ ცრემლს იტევს, რამდენჯერ ვუნახივარ განადგურებული...
რა ბედის ირონიაა არა, იმ დღის შემდეგ ეიმის ჩემთვის არაფერი მოუწერია, იმ ეიმის რომლის გარეშე ცხოვრება არ წარმომედგინა. იცით ერთხელ რა ვუთხარი? რომ თუ ამ ქვეყნიდან ჩემზე ადრე წავიდოდა, მე აქ დასარჩენი მიზეზი არ მექნებოდა და მას გავყვებოდი, შემდეგ ერთად მარადისობაში ვიქნებოდით.
ეიმი... ეიმი... ეიმი...
მე შევიცვალე, ჩემში სინათლე ჩაქრა, იმ დღის შემდეგ აღარ გამიღიმია...
ხალიდ ჰოსეინ, შენ, ავღანელო ავტორო, რომ წერ მარადიულ სიყვარულზე, არ იცი რომ ასეთი სიყვარული არ არსებობს? ყველაფერი შენი ბრალია, რადგან შენ უსაზღვრო და უანგარო სიყვარული მასწავლე, მასწავლე რომ მყვარებოდა სულითა და გულით, რატომ? იმიტომ რომ ბოლოს ასე მტკენოდა?
ადამიანები არ იცვლებიან... ადამიანები არ იცვლებიან... დანებდი ენი... დანებდი ენი...
,,შენ არ ხარ საკმარისი, სარკეში ჩაიხედე, საერთოდაც რას გავხარ, რატომ გეგონა, რომ თუნდაც მეგობრულად ვინმეს ეყვარებოდი, სართოდ უყვარხარ კი ვინმეს?“
ხმები ჩამესმის, ალბათ გავგიჟდი, საკუთარი თავი დავკარგე...
.,,რა სასაცილო ხარ ენი, გეგონა შენს სულიერ სილამაზეს დააფასებდა ვინმე?“
საკმარისი, საკმარისია, საკმარისია... ღმერთო, გთხოვ დასრულდეს!
მკითხველო, შენ, ალბათ იფიქრებ მეწვრილმანეა, მცრედმა უყურადღებობამ ასე რატომ შეცვალაო, ან იქნებ ფიქრობ რა სულელია, მე რა რომ ეიმი არ დამელაპარაკა, მეუხეშა... მაგრამ იცი რა? წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები! დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ყველაფერს, ეს წვრილმანები ანადგურებენ იმას, რაც ძვირფასია...
იმაზე მტკივნეული არაფერია, შენს ფიქრებსა და ოცნებებს არასწორ ადამიანს რომ გაანდობ...
ელიფ შაფაქი წერს, რომ სიყვარული, მეგობრული თუ სხვა, არაფერია თუ ზნესა და ხასიათს არ შეგიცვლის, და ეს თუ არ მოხდა, გამოდის არ გყვარებია. დღეს მარტო ვარ! თინეიჯერი აღარ ვარ, თუმცა ჩემი სამყარო ისევ მაქვს, იქ მუდამ მზეა, ჩემი სამყარო ყველაზე ლამაზია. ჩემი სულია თავად ლამაზი და ეიმიმ ეს ვერ დაინახა. ,, გულს ნუ გაიტეხ კვაზიმოდო, უშნო სხეული ბევრად ჯობია მახინჯ სულს“. სულზე იარა მაქვს, მაგრამ შევეჩვე, რა საზიზღარია არა ადამიანი? ყველაფერს ეჩვევა.
მე და ეიმიმ ურთიერთობა გავწყვიტეთ, ძველი საზღვრები აღდგა, მხოლოდ და მხოლოდ ახლობლები.
შეიძლება ადამიანს ბევრი რამ დაგავიწყდეს, მაგრამ ვინ როგორ მოგექცა ყოველთვის გემახსოვრება.
ადამიანი იმდენჯერ კვდება, რამდენჯერაც თავისთვის ძვირფას ადამიანს კარგავს და მე გარდავიცვალე... ეს გარდახვალებ იყო რაღაც ახლის დასაწყისი... ახლა ვზივარ და ჩემი გრძნობები ქაღალდზე გადმომაქვს, მეღიმება...
გავა დრო და ადამიანები ინანებენ, ინანებენ რომ დაკარგეს ის, ვინც არ უნდა დაეკარგათ, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.
დააფასეთ საკუთარი თავი, გახსოვდეთ ყოველთვის არსებობს ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება. როცა ძალიან ცუდად იქნებით აიღეთ ქაღალდი და კალამი, აიღეთ და დაწერეთ, დაწერეთ რას გრძნობთ, გრძნობებისგან გათავისუფლდით, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი გრძნობები დაგახრჩობთ. დაწერეთ... დაწერეთ... დაწერეთ... ქაღალდი ერთადერთია, რომელიც თქვენს ტკვილის მოისმენს, მოისმენს და არ განგსჯით...
ნურავის გამო ნუ შეიცვლებით, იყავით ის ვინც ხართ. გიყვარდეთ ყველა და სიძულვილს ნუ მისცემთ ნებას ავნოს თქვენს სულს, სიყვარული ყველაზე დიდი ძალაა ამ ცხოვრებაში, იმისთვის რომ ყველაზე ძლიერები იყოთ ყველას სიყვარული უნდა ისწავლოთ. არაუშავს თუ გტკივათ, ეს ნიშნავს რომ ადამიანები ხართ. იტირეთ თუ ტირილი გინდათ, იტირეთ სადაც არ უნდა იყოთ. დაინტერესდით, ინტერესი აკავებს ადამიანს. რაც მთავარია პატიება ისწავლეთ, ყველაფერი დაივიწყეთ, ცხოვრება ცხოვრებაა და ყველა მომენტით უნდა დატკბეთ, რადგან მომენტები, ის ერთადერი რამაა რასაც ვერასდროს, ვერავინ წაგართმევთ, თავად ქმნით მომენტებს და გახსოვდეთ, როგორი მყარიცაა საფუძველი, ისეთივე მყარი იქნება შენობა. ეცადეთ თქვენი წასვლის შემდეგ წარუშლელი კვალი დატოვოთ, ეცადეთ სიყვარული დათესოთ. ისედაც მცირე ხნით ვართ ამქვეყნად და ნუ გაფლანგავთ ამ მცირე დროს უაზრობაში. გააკეთეთ ის რაც გიყვართ, უთხარით იმას ვინც გიყვართ, მე რა რომ შეიძლება არ ხარ ლამაზი, და ვინ დაუწესა სილამაზეს სტანდარტები?
გზად ვინც არ უნდა შეგხვდეთ ყველას მიესალმეთ, ნახავთ, რომ იმ მომენტში მზე სხვანაირად გამოანათებს, მე რა რომ შეიძლება მარტო ხარ, არავინ გყავს ვისაც დაელაპარაკები, მზეც მარტოა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ინათოს და სითბო ასხივოს ირგვლივ.
სიყვარული ასხივეთ, სითბო ასხივეთ!
მიზნები დაისახეთ და ყველაფერი გააკეთეთ ამ მიზნების ასარულებლად. თქვენი როლი იპოვეთ ამ ცხოვრებაში.
ცხოვრება მშვენიერია! ცხოვრება მშვენიერია!
გაიღიმეთ, გაიღიმეთ, გაიღიმეთ...
წიგნებში ეძიეთ შვება, თქვენი იდეალური სამყარო შექმენით, სიმღერებს ხმამაღლა მოუსმინეთ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით დატკბით,საკუთარ გულის ცემას მოუსმინეთ, ყველაფერი ამ ქვეყნად ხომ თავად სასწაულია...

მადლობა ევას რომელმაც მითხრა, რომ არავინ და არაფერი ამ ქვეყნად ღირდა ჩემს ცრემლებად, რომ მე ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე ისინი.
მადლობა დედას, რომელიც იმ მძიმე პერიოდში გვერდით მედგა და მელოდებოდა როდის შეძლებდი ისევ გაღიმებას. დედა, თურმე როგორ გყვარებივარ, ნუთუ შემიძლია ვიყო გაბრაზებული, მაშინ როცა შენი სიყვარული მინათებს ყველგან გზას.
და რაც მთავარია მადლობა ღმერთს, რომ ისევ შევძელი გაღიმება, რაც არ უნდა მოხდეს თვქენს ცხოვრებში, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეთ ღმერთი ახალ კარს გააღებს, მხოლოდ თქვენთვის.
მადლიერები იყავით, მიუხედავად ყველაფრისა, როცა გილხინს მადლიერება იოლია, მაგრამ როცა გტკივა და მადლიერი ხარ მხოლოდ მაშინ ხარ ადამიანი, გრძნობებით და თავმდაბლობით განვსხვავდებით ცხოველებსაგან, გწამდეთ ღმერთის, მას მიენდეთ, რადგან გზა, რომელსაც ის გვთავაზობს ყოველთვის საუკეთესოა!



№1 სტუმარი sibila

heart_eyes blush blush kissing_heart kissing_closed_eyes სწორი სათაურია,და იმ ხასიათზე დამაყენე,ადრე წერა რომ შევწყვიტე, როდის დავიწყებ კვლავ-მეთქი...მოვიდა დრო

 


№2  offline წევრი AnnyAdyaman

sibila
heart_eyes blush blush kissing_heart kissing_closed_eyes სწორი სათაურია,და იმ ხასიათზე დამაყენე,ადრე წერა რომ შევწყვიტე, როდის დავიწყებ კვლავ-მეთქი...მოვიდა დრო


მაშ მიეცი აზრებს ნება რომ იბობოქრონ, წარმატებები შენ, ველოდები შენს ნაწერებს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent