სასრულეთი (თავი 13)
თავი 13 ნომოსი და დისნომია ლეა მალევე სმენას მოწვდა ხმა, რომ ცხადდებოდა ჩასხდომა რეისზე ბაღდადი-თბილისი. ალესანდრომ რეგისტრაციის მაგიდასთან მიმიყვანა და მომღიმარ გოგონას ჩვენი პასპორტები მიაწოდა. მეც მექანიკურად გავყევი. უცებ არსაიდან ევკალიტპნარევი მაროკოული ყავის არომატი შემოიჭრა და მთელი სხეული მოიცვა. თავიდან ვიფიქრე, მეჩვენებოდა, ისიც ვიფიქრე, რომ გავგიჟდი. მთელს სხეულზე ვიგრძენი, როგორ ამეხორკლა კანი და ამაკანკალა. უცებ ყურს უკან ჩურჩულნარევი ხმა გავიგე. ხმა, რომელსაც მილიონ ხმაშიც კი ამოვიცნობდი. ის იყო და გატეხილი ქართულით თითქოს გულიდან ამოსულ ნიავს აყოლებდა თითოეულ სიტყვას: „შენმა სიყვარულმა სევდა მასწავლა და მე მჭირდებოდა საუკუნეების განმავლობაში ქალი, რომელიც მასევდიანებდა, ქალი, რომლის მკლავებშიც ვიტირებდი ბეღურასავით... ქალი, რომელიც შეკრებდა ჩემს ნაწილებს ბროლის ნამსხვრევებივით...“ თვალები ცრემლით ამევსო, ის აქ იყო, ასე ახლოს, მის სუნთქვას ვგრძნობდი, მაგრამ განძრევა არ შემეძლო. გვერდით ალესანდრო მედგა, რომელიც მოუთმენლად ელოდა რეგისტრატორისგან ავიაბილეთებისა და პასპორტების მოწოდებას. ჩემი ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი დაბნეული მზერა და ორივეს დავღუპავდი, დავღუპავდი და თავსაც დავიღუპავდი. სრულიად გავისიგრძეგანე ფრაზა „ორც ცეცხლს შუა ვიწვიო“. ამ სურნელს და ამ ხმას ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი. ჩემს ძალებს აღემატებოდა. უნდა გავქცეოდი, გავქცეოდი რაც შეიძლება შორს, ცხრა მთას იქით და უფრო შორსაც, იქ სადაც მისი თვალები, მისი გულისფეთქვა, მისი ხმა და სურნელი ვერ მოაღწევდა. სამუდამოდ დამევიწყებინა აღმოსავლეთი თავისი ზღაპრული პერსონაჟებითა და მებრძოლა ძველი ლეას ცხოვრების დასაბრუნებლად. ცხოვრება მართლაც სასრული გეომეტრიული მწკრივია და მე მის ბოლოში ვდგავარ. აქ სასრულეთია. აქ მთავრდება გაურკვევლობით, მოულოდნელობებითა და ვნებებით სავსე ილუზიანარევი აწმყო და იწყება რეალობა, რეალობა ჩემს თბილისში, ხმაურიან ურბანულ ქალაქში, რომლისგანაც შორსაა ზღაპრული სენტიმენტები. ალესანდრო, ერთგული მეგობარი და პარტნიორი, რომელიც ცხოვრების თანამგზავრად ავირჩიე. დროა პასუხისმგებლობა ავიღო ჩემს მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე. დავუდიც ისევე ჩაიკეტა მოგონებების სკივრში, როგორც დაუდ ფაშას ბედნიერი ბაბილოვანის სამეფო. არც ბაბილოვანის სამეფო არსებულა, არც ბედნიერი ყოფილა და მაშასადამე დავუდიც მხოლოდ ზღაპრული აღმოსავლელი უფლისწულის მოგონებების ალუზიაა. ხელი ალესანდროს განგებ ჩავჭიდე და კონტროლისკენ გავწიეთ. მხოლოდ ერთხელ მოვიხედე უკან. მეგონა, რომ გულს დავიმშვიდებდი, თუ ვეღარ დავინახავდი, მაგრამ ის ისევ იქ იდგა, იდგა გამეხებული, როგორც ქანდაკება და ჩემი გულიც ქანდაკებად აქცია. თვითმფრინავში ასულმა დაღლილობა მოვიმიზეზე და თვალები დავხუჭე. დროდადრო ვახელდი და ალესანდროს ვუყურებდი. უცნაურია ცხოვრება. ამ მცირე ხანში ჩემთვის იმდენი რამე შეიცვალა და გადაფასდა, რაც გასული ცხოვრების მთელ პერიოდში არ მექნებოდა გამოცდილი და ნაგრძნობი. ალესანდრო? ალესანდროსთვის თითქოს დრო ისევ იქ გაჩერდა როცა ათას ერთი ღამის სასახლისკენ ერთმანეთის სიყვარულით მთვრალები მივეშურებოდით. ისევ ისეთივე აღტაცებით უყურებდა თვითმფრინავიდან დედამიწის ხედებს, შუამდინარეთს, აღტაცებული იყო ტიგროსის სილამაზით. ის ბედნიერი იყო. გვერდით საყვარელი ქალი ჰყავდა. და მე? ვიყავი ბედნიერი? კითხვები გონებაში ისევ უპასუხოდ ილექებოდა. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა საკუთარ თავთან რიტორიკული კითხვების დასმაში ან როდის ჩამთვლიმა, მაგრამ შუბლზე ტუჩების შეხებამ უცებ გამომაფხიზლა. ალესანდრო თბილად მიღიმოდა და მანიშნებდა, რომ დაშვებისთვის მოვმზადებულიყავი. როგორ არ მიყვარდა ეს მომენტი. ყურებმა ისევ საშინელი ტკივილით შემახსენეს თავი, რასაც თან დაერთო აუტანელი შაკიკი, წინასწარ მიღებული გამაყუჩებელიც კი ვერ მოქმედებდა. და აი ამ მდგომარეობაში, ემოციებისგან და ფიზიკური ტკივილისგან დაღლილს თბილისის აეროპორტში ჩემდა გასაოცრად „სიურპრიზი“ მელოდა. ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და ალესანდროს სანათესაოს თუ მთლიანი არა, ნახევარი შემადგენლობა ჩვენ გველოდა, თითქოს ჩვენ კი არა, სახელმწიფო ვიზიტით სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დელეგაცია იყო ჩამოსული. ერთადერთი დროშების აღმართვა აკლდათ. სიმწრით გამეცინა საკუთარ მდგომარეობაზე. ეჭვნარევი და ცნობისმოყვარე მზერა, ჩუმი გადალაპარაკებები, ღმერთო ჩემო, როგორ დამეღწია თავი? არც ალესანდრო იყო ჩემზე უკეთეს დღეში. ნაძალადევი თავაზიანობითა და ღიმილით პასუხობდა არა მხოლოდ მისი მისამართით დასმულ კითხვებსა და მოკითხვებს, არამედ ჩემი მისამართითაც. ალესანდროს დედა უკმაყოფილოდ მიყურებდა. ცივად გავუღიმე და ალესანდროს ვანიშნე გავსულიყავით, თორემ უხერხულობისგან წაკიდებული ალმური მალე კოცონს ააგიზგიზებდა და ისედაც ათას ჭირ-ვარამ გამოვლილ აეროპორტის ჭერს ცაში ასწევდა. ალესანდროს მშობლებს საპატივცემულოდ სუფრა გაემზადებინათ და ჩემი ოჯახიც მიეწვიათ. ქორწილის დეჟავიუ დამიდგა. ღმერთო, როგორი ძნელი იყო ჩემთვის ამ სიტუაციის ატანა. ბოდიში მოვიხადე, თავის ტკივილი მოვიმიზეზე და ოთახში შევიკეტე. პირველივე შესაძლებლობისთანავე სოციალურ ქსელში შევედი. გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა ონლაინ დაფიქსირებისთანავე შეტყობინებების რიცხვი. ჯერ ქორწილის ფოტოებზე ვიყავი დათაგული, როგორ ახერხებენ, რომ მაინდამაინც ისეთ ფოტოზე მოგნიშნონ სადაც ფოტოშოფით პატარძალზე მომხიბვლელები იქნებიან? გამეცინა, რომ რიგით მოკვდავებს მეტი სანერვიულო არ ჰქონდათ. ქორწილის ფოტოებს თან სდევდა თაფლობისთვის ამსახველი ისტორიები და ჩემი დაკარგვით გამოწვეული შფოთვისა და ალიაქოთის შემცველი პოსტები. ყველაზე საშინელება კი სრულიად უცნობების კომენტარები იყო. როგორ შეეძლოთ, მათთვის უცხო ადამიანისთვის ამდენი ჩირქის მოცხება, ბრაზისა და ბოღმის გადმონთხევა? უკვე აეროპორტის დახვედრის ფოტოს განთავსებაც მოუსწრიათ. ასე მგონია ფოტოზე ჩემ თავს კი არა, ცვილის უსიცოცხლო ფიგურას ვუყურებ. რატომ ჩამიქრა თვალები? ნუთუ დაღლილობის ბრალია? ის ის იყო, სოციალური ქსელი უნდა გამეუქმებინა, რომ შეტყობინებების თხოვნაში უცნობი პროფილის შეტყობინება მოვიდა. არც ვაპირებდი გახსნას, რომ ყურადღება ლათინური შრიფტით დაწერილმა ქართულმა ტექსტმა მიიქცია. „წახვედი და დამტოვე ისე, რომ არაფერი მითხარი, „არ ხარ არც აღმოსავლეთში, არც დასავლეთში, არც დედამიწის სამხრეთით, ან ჩრდილოეთით. არ ხარ ჰაერში და არც ზღვის წიაღში, არც ველზე და არც ოღროჩოღრო ვიწროებში. შენ ხარ სხივები სულებში და ცეცხლი, შენ ხარ გული, მოფრთხიალე ჩემს მკერდში“. მე მოვალ მაშინ, როცა მომძებნი. მოვალ, როცა თავად მოხვალ ჩემთან და მთხოვ, მთხოვ ჩვენს გაერთიანებას.“ ვიგრძენი, როგორ გამოტოვა მიყოლებით გულმა რამდენიმე დარტყმა. სასწრაფოდ გადავედი გამომგზავნის პროფილზე მაგრამ გვერდი არ გაიხსნა, როგორ მოასწრო ასე უცებ ან გამოგზავნა, ან გაქრობა? გაუჩინარდა თითქოს არც არასდროს ყოფილა. რაღატომ მომწერა? რაღატომ ამაფორიაქა? სანამ შეტყობინებას წავშლიდი, ვცდილობდი თითოეული სიტყვა სამუდამოდ აღებეჭდა ჩემს გონებას. ეს უკანასკნელი იქნებოდა, რაც მისგან დამრჩებოდა. ჩემი პროფილი გავაუქმე, ლეპტოპი დავხურე და ემბრიონის პოზაში დავწექი. ცოტა ხანში ვიგრძენი როგორ ამეკრო ზურგზე მამაკაცის სხეული ნაცნობი სურნელით. ხარბად შეისუნთქა ჩემი თმა, ხელები მჭიდროდ შემომხვია მუცელზე და თავისკენ მიმიზიდა. - ისევ ერთად ვართ ლეა, აქ ჩვენს ბუდეში. გახსოვს ადრე გითხარი. თუ ერთხელ ჩაგჭიდე ხელი, აღარასოდეს გაგიშვებ მეთქი. შენ ჩემი ხარ, მე კი შენი. ამავე სიტყვებზე თითზე წამომაცურა საქორწინო ბეჭედი და ყელში მაკოცა. ვერაფერი ვთქვი. ვერაფერი ვუპასუხე. ცრემლებმა თავად გაიკვალა გზა ღაწვებზე. სინანული, სინდისის ქეჯნა, შეცოდება, ყველაფერს ერთად ვგრძნობდი, მაგრამ ვის მიმართ, ალესანდროს თუ საკუთარი თავის მიმართ, ამაზე პასუხი არ მქონდა. არც თვითონ გაუგრძელებია საუბარი, თითქოს უხმოდ გავუზიარეთ ერთმანეთს გულისნადები. უხმოდ ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. მე სახლში ვიყავი, დაცული, ყველაზე უსაფრთხო მკლავებში. შორის ინტრიგებისა და ვნებების ქარცეცხლისგან. ნამდვილად ასე სჯობდა. ჩემთვის, ალესანდროსთვის, დავუდისთვის, ჩვენთვის. ' *** მზე ფარდებს მიღმა დამალობანას მეთამაშებოდა: ხან გამოანათებდა, ხან კი თავის სხივებს ქსოვილს უკან გააუჩინარებდა. მშვიდად და უშფოთველად მეძინა. უკვე ორი კვირაა დავბრუნდით, ბოლო დღეებია კოშმარებითა და შფოთვით სავსე ღამეები დავძლიე. ალესანდრო ისე ზრუნავს ჩემზე ხანდახან მეცინება კიდეც, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო. უცნაურია, მაგრამ არცერთხელ გამოუჩენია ინიციატივა ინტიმური სიახლოვის. გრძნობს, რომ რაღაც მაბრკოლებს, მზად არ ვარ, მელოდება, როდის ვეტყვი, ან როდის გამოვიჩენ ინიციატივას. როგორც ყოველთვის, რკინის ნერვები და შესაშური მოთმინება აქვს. ალბათ კიდევ ერთი ფორმულა შეიმუშავა, რამდენ ხანს გასტანს ამგვარი ყოფა. გამეცინა საკუთარ ფიქრებზე. - როგორც იქნა, შენს სახეზეც გაზაფხულდა. თბილად მომეფერა ლოყაზე. - ვერ გავიგე? - წარბაწევით ვუთხარი და გადავიკისკისე. - შენი ღიმილი ჩემი გაზაფხულია ლეა, თითქოს ნიავს იებისა და ენძელების სურნელი მოაქვს. - ეს უკვე საინტერესოა, როდის მერე გახდა ქალაქში ყველაზე სიმპათიური მათემატიკოსი გამოუსწორებელი რომანტიკოსი? - როცა მოწვანო-მოთაფლისფერო ქამელეონებმა დაატყვევა. ლოყაზე ვუჩქმიტე და გვერდი ავუქციე. უნივერსიტეტში მაგვიანდებოდა. ერთ-ერთი კვლევითი პროექტისთვის ასისტენტს ეძებდნენ, ვფიქრობდი ჩემი, როგორც სოციოლოგის კვალიფიკაცია დამეხმარებოდა. სასწრაფოდ რაიმე საქმე უნდა გამომეძებნა, რომ ყურადღება გადამეტანა. გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა ჩემდა სამარცხვინოდ უნდა აღვნიშნო, რომ ასისტენტს არა სოციოლოგიური, არამედ ისტორიული კვლევისთვის ეძებდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც დავარწმუნე, რომ წყაროებზე მუშაობასაც არანაკლებ ენთუზიაზმით შევუდგებოდი. გული მიგრძნობდა, რომ თბილისის ერთფეროვან, რუტინულ ცხოვრებას ახალი ფერები შეემატებოდა. მე ხომ ეროვნული არქივის ყველაზე დახურულ საცავებს გამიღებდნენ? მეტი რა უნდა ინატროს ცოტა მეოცნებე, ბავშვობაში ინდიანა ჯონსის ფილმების მოყვარულმა ცნობისმოყვარე გოგომ? გასაუბრების დასრულებისთანავე ალესანდროს ვახარე. მითხრა, რომ საღამოს სიურპრიზს მიმზადებდა. - საან, ოღონდ ჩემი და შენი ნათესავები არ იყოს რა სიურპრიზი, გთხოოვ.- მუდანარევი ხმით შევეცადე თავი მაქსიმალურად შემეცოდებინა. - დამშვიდდი, ძვირფასო, ეს საღამო ჩვენ გვეკუთვნის. ხასიათგამოკეთებულმა მეგობრებს საერთო ზარით შევეხმიანე, რასაც ენით აღუწერელის. ყიჟინა და ოვაციები მოჰყვა, თითქოს დიდგორის ველზე გაიმარჯვესო. - დაფდაფები გვაკლია მეტი დამაჯერებლობისთვის. ჩემი ჭკუით დავცინე გოგოებს. - დაფდაფები და ზურნა არ მოგაკლდება არქივში მუშაობისას. აბა ვინ უყვარს არქივის პაწაწინა ვირთხები და წრუწუნები? - 2:1 მომიგეთ. თავი შევაცოდე. იცოდნენ მაზოლზე ფეხის დაჭერა. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მღრღნელების მეშინია. უნივერსიტეტის მესამე კორპუსის ბიბლიოთეკაში გამოცდისთვის მომზადებისას კი შემთხვევით ჩანთაში ჩასკუპებული აღმოვაჩინეთ მესამე კორპუსის ცნობილი ვირთხა პელე, რომლის დანახვაზეც გაჩენილ ჩემს რეაქციებზე კურსელებს მთელი სემესტრი ჰქონდათ ხუმრობების ულევი მარაგი. მის მერე პანიკურად მეშინია ბიბლიოთეკაში მუშაობის. არქივი გამონაკლისია. იქ ხომ უამრავი ხელნაწერი და ძვირფასი დოკუმენტია, რომელთაც საუკუნეებს უნდა გაუძლონ. იმედია ვირთხის წამალი და დეზინფექცია მოწოდების სიმაღლეზე იქნება. ზარიდან ნახევარ საათში ლესელიძის დაღმართს მივუყვებოდით და გაუჩერებლივ ვქაქანებდით. გზად ანტრეში ჩემი საყვარელი კაპუჩინო და შოკოლადის კრუასანიც მივირთვით. გზა აბანოთუბინსკენ გავაგრძელეთ. სეიდაბადის დანახვისას გულში თითქოს ათასმა ნემსმა ერთდროულად მიჩხვლიტა. გოგონებმა კი ჩემის დაბადების დღე გაიხსენეს და იდუმალი სიმპათიური უცხოელი, რომელიც თვალს არ მაშორებდა. ვინ იფიქრებდა, ჩემს გულში რა ხდებოდა. მაშინ, როცა მეგონა რომ ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა, ჩვენი შეხვედრის პირველი ადგილის დანახვისას ისევ ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციების ზღვამ მომიცვა, თითქოს სწორედ ჩემში ჰპოვა გამოვლინება ორივე ელინურმა საწყისმა, დიონისეულმა და აპოლონისეულმა. აპოლონისეული საწყისს სურდა ჰარმონიულად მეცხოვრა ალესანდროსთან, ჩვეულ გარემომცველ სამყაროსა და, მთლიანად, კოსმოსთან, რასაც მშვენივრად ვაცნობიერებდი გონებით, აი დიონისეული საწყისი კი საპირისპირო მხარეს მექაჩებოდა პირიქით და ცდილობდა გულს მოეპოვებინა საბოლოო გამარჯვება. თითქოს უბრალო ჭურჭელი ვიყავი, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდა ნომოსისა (კანონი) და დისნომიის (უკანონობა) მითიური განსახიერებები, რომელიც ამ ჭურჭელში სხვადასხვა ონკანიდან ჩაედინებოდა და ერთმანეთს აქეზებდნენ, თუ რომელი უფრო მალე გაავსებდა და გადმოიღვრებოდა. არვიცი რამდენი საათი ვიხეტიალეთ მონატრებულ თბილისის ქუჩებში. მტკვარი ისევ მდორედ მთავარი არტერიის მსგავსად მიედინებოდა დედაქალაქის ქუჩებში. ტიგროსი გამახსენდა, ცივილიზაციების მაცოცხლებელი წყარო. ისევ მთელი მონდომებით შევეცადე არასასურველი ფიქრების გაფანტვას. საღამო ალესანდროსთან ერთად რომანტიული ვახშამით დავასრულე. ის ისევ ისეთი იყო, ისეთივე თბილი, სანდო, მეგობარი, ადამიანი, რომლის გულზეც მშვიდად დადებდი თავს და უსაფრთხოდ დაიძინებდი, ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცოდა შენი განცდები, ემოციები, უთქმელად თანაგიგრძნობდა, ადამიანი, რომელთანაც სიტყვები უაზრო რახა-რუხი იყო, მას შესანიშნავად გამოსდიოდა ჩემი თვალების წაკითხვა და იცდიდა, იცდიდა, სანამ მე არ ვიქნებოდი მზად, რომ გვესაუბრა, მეშინოდა, მისი დაკარგვის მეშინოდა, ამიტომაც ვდუმდი და ეს დუმილი ორივეს გვტკენდა. მე ლეა ვარ, სუსტი, უნებისყოფო და უპრინციპო ქალი, რომელმაც მისდაუნებურად აღმოჩნდა ორი საოცარი ადამიანის სიყვარულის ობიექტი. რომელიც საკუთარ თავსა და უახლოეს მეგობარსაც ვერ უზიარებს გულში აგიზგიზებულ კოცონს, კოცონს, რომელიც სულ მალე ფერფლად აქცევს. შევძლებ კი ფენიქსივით აღდგენას? მე არცერთს არ ვიმსახურებ, იმიტომ რომ თავს მივეცი უფლება ორივეს გზა გაეკაფა ჩემი გულისკენ. ღირსი ვარ მარტო დავრჩე, მაგრამ ოხ ეს გამოუთქმელი ეგოიზმი ისევ ჩემდაუნებურად მიბიძგებს ვიბრძოლო ბედნიერებისთვის. მაგრამ რა არის ჩემთვის ბედნიერება? ვინ არის ბედნიერების გასაღები? სწორედ ამ კითხვებზე პასუხი მაპოვნინებდა სწორ გზას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.