სასრულეთი (თავი 19)
თავი XIX სახლი ტყის პირას ლეა არ ვიცი რამდენი დრო გავიდა. ძილბურანში ვგრძნობდი ავტომობილის ვიბრაციას. თვალებზე მოწოლილი სიმძიმე უზარმაზარ წინააღმდეგობას მიწევდა თვალები გამეხილა. უცნაურმა დეჟავიუმ მომიცვა, მოგონების განცდა, რომელიც თითქოს უკვე განმიცდია. პირიც ისევ ისე მიშრებოდა, მწყუროდა, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა, რომ თვალები გამეხილა. იქნებ სიზმარია? ან მეხსიერების ანომალია, რომელიც ქმნის ეფექტს, თითქოს ამწამინდელი გამოცდილება მახსენდება? ნელ-ნელა მოგონებებიც ცოცხლდებოდა და გამახსენდა, რომ ანალოგიურად ავტომობილის ვიბრაციამ მომიყვანა გონს შარმ ელ შეიხშიც, როცა დავუდმა გამიტაცა. თვალები ზანტად გავახილე, მარტო მე ვიყავი უკანა სავარძელზე წამოწოლილ მდგომარეობაში. სამწუხაროდ მძღოლის სავარძელსა და უკანა მხარეს უზარმაზარი შავი მინა ჰყოფდა. ვერაფრით დავინახე მძღოლი ვინ იყო. სუსტად ამოვიკნავლე, მაგრამ ამაოდ. პასუხი არსაიდან ჩანდა. სიმართლე ვთქვა, გულში გამიხარდა კიდეც. იმდენად დაცლილი ვიყავი ფიზიკურად და სულიერად რომ წინააღმდეგობის გაწევის ძალაც კი არ გამაჩნდა. ძლივსძლივობით წამოვწიე თავი და ნახევრად წამოწოლილმა მანქანის სარკმელში გახედვა ვცადე. ხრეშით მოვარაყებულ აღმართს მივუყვებოდით, გარშემო შერეულფოთლოვანი ტყე სარტყელად მოგვყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტყის ფოთლოვანი ხეები შემოდგომის ქარს შემოეძარცვა, წიწვოვნები ისევ ამაყად დაგვყურებდნენ და თავიანთი ტოტების ავტომობილის ფანჯრებში შემოჭრას ლამობდნენ, რაც ერთგვარ მისტიკურ სანახაობასაც კი ქმნიდა. ნეტავ სად ვარ? წამით გავიფიქრე. მაგრამ რამ მნიშვნელობა აქვს? სახეზე ცივი ოფლი მასხამდა. მანქანის ოღრო-ჩოღრო გზებზე ჯაყჯაყმა თავბრუ დამახვია და ნელ-ნელა ყველაფერი ნისლში ჩაიძირა. *** ძილში მზის სხივების სახეზე ლიცლიცი ვიგრძენი და თვალები გავახილე. უცხო ოთახში ვიწექი. წამოდგომა დავაპირე და შუბლზე დადებული ცივი ტილო მომშორდა. როგორც ჩანს მაღალი სიცხე მაქვს და გამტაცებელმა რატომღაც ჩემს ჯანმრთელობაზე იზრუნა. ირონიულად გამეღიმა ჩემს მდგომარეობას. უკვე ისე დაკარგა ყველაფერმა აზრი და მნიშვნელობა, რომ შიშის ნატამალიც არ მქონდა. ზლაზვნით წამოვდექი და დამძიმებული სხეული რასაც ჰქვია მივიტანე კარამდე. არც გამკვირვებია, რომ ჩაკეტილი დამხვდა. ოთახს თვალი მოვავლე. როგორც ჩანს კოტეჟის მანსარდაში ვიყავი. ოთახი სკანდინავიურ სტილში მოეწყოთ. უზარმაზარი საწოლის ტყავის ზურგი ორივე მხრიდან ტუმბოზე გადადიოდა. ხის ფაქტურით გაფორმებული და ბალიშებით სავსე ორი სავარძელი სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნიდა. ორივე სავარძელი აივანს უყურებდა, რომლიდანაც შემოდგომის ტყის საოცარი ხედი იშლებოდა. სწორედ ისეთი სივრცე იყო წვიმიან ამინდში კომფორტულად რომ უნდა მოკალათდე, პლედი მოიფარო და ცხელი შოკოლადის თანხლებით საყვარელი ნაწარმოების კითხვას ჩაუჯდე. აივნის კარიც საგულდაგულოდ ჩაერაზათ. ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და ისევ საწოლისკენ დავბრუნდი. სწორედ ახლა შევამჩნიე ტუმბოზე მოთავსებული ცხელი შოკოლადი და „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“. ფინჯანი ჯერ ისევ ცხელი იყო, როგორც ჩანს მეპატრონე ახლახანს გასულიყო ოთახიდან. ყოველგვარი ეჭვისგარეშე მივხვდი, რომ ეს ყოველივე ალესანდროს ნამოქმედარი იქ და ალბათ სადღაც ქვემოთ მოუთმენლად სცემდა ბოლთას. ძნელია საკუთარ თავს ჩემი საქციელის შემდეგ გამოვუტყდე, მაგრამ გულის სიღრმეში გამიხარდა რომ უჩუმრად არ მიმატოვა. დაბრუნდა და ჩემზე იზრუნა. სწორედ ალესანდროს შეეძლო აქ წამოვეყვანე. რამდენჯერ გვიოცნებია შემოდგომის წვიმიანი დღეების მსგავს ადგილას გატარებაზე. ყველაფერი ემთხვეოდა: ტყე, პატარა კოტეჯი, თბილი მოხერხებული სავარძელი, პლედი და ცხელი შოკოლადი. ერთადერთი რაც ვერ დავაკავშირე წიგნი იყო. ჩემი საყვარელი ჟანრი და ნაწარმოებიც მკვეთრად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ტუმბოზე დამხვდა. ჯეკ ლონდონი ყოველთვის რატომღაც თინეიჯერების საკითხავ ავტორად მიმაჩნდა, და არასდროს დავინტერესებულვარ მისი ნაწარმოებების გაცნობით. რაღა მაინდამაინც ეს წიგნი შეარჩია? ვინაიდან შინაგანად მციოდა, საწოლზე უწესრიგოდ მიდებული პლედი ავიღე და სავარძელში მოვკალათდი. გავყურებდი ჩემს წინ არსებულ ბუნების მომხიბვლელ პეიზაჟს და ვფიქრობდი. ვფიქრობდი არაფერზე. დიახ, არაფერზე. არც კი ვიცოდი რა მინდოდა, რას ვეტყოდი ალესანდროს, ან როგორ შევხედავდი თვალებში. სასწორაკვეთის ზღვარზე არაფერზე ფიქრიც კი მარტივ გამოსავლად გვეჩვენება. კარგა ხანი გასულიყო არაფერზე ფიქრში და მეც სავარძელში ჩამთვლიმა, რომ მაშინვე სავარძლის უკან კარის საკეტის ხმა გაისმა. გავშეშდი. სხეული დავჭიმე და გულისყურად გადავიქეცი. დინჯი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა და თან მოჰქონდა ნაცნობი სურნელი. ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე, რომ ავდგები, დავიკიდებ ყველაფერს და უბრალოდ ჩავეხუტები. მიყვარდა ალესანდრო, ჩემებურად, თავისებურად. მიყვარდა როგორც მეგობარი, როგორც ჩემი სულის ნაწილი, როგორც მთავარი საყრდენი. თუმცა ფიზიკური ლტოლვა სადღაც გამქრალიყო. მჭირდებოდა, ეგოისტურად მჭირდებოდა მასთან საუბარი, გულწრფელი აღიარება და შემდგომ მისი რჩევის მოსმენა, თითქოს აღსარების შემდეგ მღვდლის განაჩენის მომლოდინე მრევლი ვყოფილიყავი. სწორედ ალესანდროს შეეძლო ჩემთვის საბოლოო განაჩენის გამოტანა. მხოლოდ ის შეძლებდა სწორ გზაზე დავებრუნებინე, იქ სადაც საკუთარი თავი დავკარგე. - რატომ ადექი, ჯერ კიდევ სუსტად ხარ. - ექოდ გაიჟღერა მკაცრმა ხმამ ოთახში. ხმა ვერ ამოვიღე.ხმის ტემბრი შეცვლოდა. უფრო ბოხი, მკაცრი და მომთხოვნი გამხდარიყო, დაცლილი თბილი ტონებისგან. უნებურად ცრემლები წამომივიდა. - შენ გეუბნები ლეა, ახლავე დაწექი, მაღალი სიცხე გაქვს. - შენთვის რაღა მნიშვნელობა აქვს, მე ხომ ყველაფრის ღირსი ვარ. სუსტად ამოვთქვი. - ნუ სულელობ ლეა. შენ რა გგონია თავს თუ დაიტანჯავ მაგით შენს დანაშაულს გამოისყიდი? რა გეგონა, ვერ შეგამჩნიე ხის უკან ატუზული რომ მიყურებდი აიხრიზონთან ჩამუხლულს? ან გეგონა წვიმაში სიარულით მოკვდებოდი და ამით მორჩებოდა ყველაფერი? ცდები ლეა, დროა გაიზარდო. ავდექი, მოვტრიალდი და პირდაპირ შევეჯახე მის თვალებს. - მაპატიე ალესანდრო. მაპატიე, რომ ჩვენი სიყვარული ვერ დავიცავი. ჩემთვის საოცრად ძვირფასი ხარ, როგორც ჩემი სულის ნაწილი, მიყვარხარ როგორც ჩემთვის ძვირფასი ადამიანი და არ მინდა შენი დაკარგვა. ვიცი ეგოისტურად გამოდის, მაგრამ ესეა. - გიყვარვარ როგორც მეგობარი გინდოდა გეთქვა, ხომ? - ირონიულად ჩაიღიმა. სადღაც გამქრალიყო ტრფობით აღსავსე თვალები და მის ჭაობისფერებში ამაოდ ვცდილობდი რაიმე სანუგეშოს პოვნას. - ლეა, აღიარე, რომ შენც არ იცი რა გინდა. ვერ გაიზარდე. მიჩვეული ხარ, რომ რასაც მოისურვებ, ყველაფერი გიხდება. შენ ცხოვრება თამაში გგონია, ადამიანები კი სათამაშო. ითამაშებ და როცა მოგწყინდება მარტივად შეგიძლია ჩაანაცვლო. - ასე არაა ალესანდრო. ნება მომეცი, აგიხსნა. - არაფრის ახსნა არაა საჭირო. ჯობს საკუთარ თავში გაერკვე და ჩამოყალიბდე რა გინდა. შენ რა გგონია მეც ორი დღის ბავშვი ვარ და ვერაფერს ვხვდები? უკანაკნელი შანსი გაქვს დაფიქრდე ყველაფერზე. ბოდიშის და პატიების თხოვნის არც დროა, არც ადგილი და არც საჭიროება. ახლა კი დაწექი. - და რას აპირებ? ან აქ რატომ მომიყვანე? - აქ იმიტომ მოგიყვანე, რომ გაიხსენოდა რა გინდოდა, რა ოცნებები გქონდა, და თუ ეხლა სხვა პრიორიტეტები გაქვს არჩევანი გააკეთო. მანამდე კი მეც მოთმინებით აღვიჭურვები და ვეცდები არაფერი დაგიშავო. მაგრამ გირჩევ ჩემს გრძნობებზე აღარ ითამაშო. არც ეს ცრემლები მომილბობს გულს. ძალიან მტკენდა გულს ალესანდროს სიტყვები. თითოეული სიტყვა ეკალივით მესობოდა და შიგნით დამატებითი ორმოების გათხრას ცდილობდა. სხვა რა გზა მქონდა, მივიტანე თავი საწოლამდე და ჩამოვჯექი. სწორედ ამ დროს ისევ მომხვდა თვალში უკვე გაცივებული ცხელი შოკოლადი და „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“. - კარგი ყველაფერი გასაგებია, შენი სამართლიანი წყრომაც, რაც ნამდვილად დავიმსახურე, მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე. თუ ძველ ოცნებებში მაბრუნებდი, რაღა მაინდამაინც ის წიგნი მოიტანე, რომლითაც არასდროს დავინტერესდები? - სწორედ ახლაა ზუსტი დრო, რომ წაიკითხო. - აქ რამდენ ხანს გავჩერდები? - სანამ წიგნის კითხვას არ დაასრულებ. - მეკაიფები? - სრულებითაც არა. - და რატომ მაინდამაინც ეს წიგნი? - წაიკითხე და მიხვდები. - შეიძლება დაბლა ჩამოვიდე და სახლი დავათვალიერო? - მხოლოდ მას შემდეგ რაც კითხვას დაასრულებ, მანამდე ამ ოთახიდან ვერ გამოხვალ. - და ტუალეტში რომ მომინდეს? - გულუბრყვილოდ დავაბრეხვე თავში მოწოლილი პირველივე აზრი. თვალით მანიშნა და ახლაღა შევამჩნიე კარადას უკან პატარა ხის კარი, რომელსაც აბაზანაში გაყავდი. - არც გაქცევას ეცადო. და არც საკუთარი თავისთვის რამის დაშავებას. აბაზანაში ბასრი საგნები ავიღე. - არც ვაპირებდი. - უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე. - ჰო, სულ დამავიწყდა, შენ ხომ ტყვეობაში პირველად არ ხარ. და არც დამატყვევებლის მიმართ გაქვს გაურკვეველი გრძნობები. - ალმაცერად გამომხედა. დავწექი, ზურგით გადავბრუნდი და მის წასვლას დაველოდე. ეს საუბარი ორივეს გვტკენდა და ჯობდა მალევე დასრულებულიყო. ახლაღა შევამჩნიე, რომ წამალი და ჭიქით წყალი მოეტანა და მეორე ტუმბოზე დაეტოვებინა. ალბათ სიცხის დამწევია, გავიფიქრე და ერთი მოსმით დავლიე. ერთის მხრივ მაინც მიხაროდა, რომ ალესანდროსთან ურთიერთობის გარკვევის შანსი მომეცა. მეორეს მხრივ, კი მომავლის შიში მიპყრობდა. ახლაღა გამხსენდა ტელეფონი. ნეტავ სად არის, ნუთუ სახლში დამრჩა. იმედია ალესანდროს არ აქვს, თორემ დავიღუპები. დავუდმა რომ ნახოს ჩემი მიწერილი და დარეკოს, ეს უკვე ნამდვილად დასასრული იქნება. *** დავუდი მედინაში სამი დღე დავყავი. თითქმის მთელ დროს დაუდიეს ბაღში ვატარებდი, თან გულის ჯიბით ზურმუხტის პეპლიანი თმის სარჭს დავატარებდი. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ წინაპართა შეცდომებს არ დავუშვებდი. ბოლომდე ვცდიდი, მაგრამ ამ მცდელობაში საღი აზრი, მეტი ლოგიკა, და ნაკლები სენტიმენტები დამეხმარებოდა. ბაღდადში დაბრუნებისთანავე თავით გადავეშვი საქმეებში. კომპანიაში უამრავი საკითხი დაგროვებულიყო, საბუთებიდან თავი ვერ ავწიე. ყველაფერს ისიც ერთოდა თან, რომ ერაყში არჩევნები ახლოვდებოდა, და ქვეყანას მარტივად ვერ დავტოვებდი. როგორც ბიზნეს-ელიტისა და წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენელს, მეც უნდა მეთქვა ჩემი სიტყვა, როგორც მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე ამერიკის დელეგაციასთანაც, რომლებიც პირდაპირ მთავაზობდნენ კენჭი მეყარა და უდიდესი ოსტატობის გამოვლენა მიწევდა, რომ თავაზიანად თავი დამეძვრინა. როგორც იქნა ჩემი სამუშაოსთვისაც მოვიცალე. დრო იყო სამსახურის კარტა ჩამედო და უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება წამეკითხა. Welcome to the business world- გულში წავიღიღინე და შეტყობინებების ნახვას შევუდექი. მუფთიდან დაწყებული სენატორით დამთავრებული უამრავ წერილს მოეყარა თავი. სწორედ ამ დროს ქართულ ნომერს წავაწყდი. თავიდან ვიფიქრე, რომელიმე საქმიანი პარტნიორიამეთქი, მაგრამ მეილის გახსნისას ერთიანად დამიარა მონატრებისა და რაღაც ამოუცნობი გრძნობების მიქსტურამ. - „დავუდ, ლეა ვარ, იმიტომ არ გწერ, რომ თავი შეგახსენო, ორივესთვის აჯობებს, თუ სამუდამოდ წავალ შენი ცხოვრებიდან, გწერ იმიტომ, რომ სავარაუდოდ ბაღდადის სასტუმროში შენი ნაჩუქარი თმის სარჭი დამივარდა. ვიცი, შენთვის როგორი მნიშვნელოვანია. იმედია იპოვი. მაპატიე.“ - „იმედია სწორად გამოვგზავნე შეტყობინება და ახლა ვიღაც არაბი არ კითხულობს...“ გულში ერთიანად აცეკვდა უამრავი ემოცია. ჩემი ლეა, მას ვახსოვარ, ჩემზე დარდობს. ვინ იცის იქნებ ვენატრები კიდეც. ინშალაჰ, ეს რა ბედნიერი დღე გამითენდა. მაშინვე გადავრეკე ნომერზე და გათიშული დამხვდა. ვინ იცის, იქნებ ქმრისგან მალულად მომწერა და მერე გათიშა? ეჭვიანობისგან მრისხანებამ მომიცვა, ვინ იცის ახლა მისი ქმრის გვერდით წევს და ის ხარობს მისი სხეულით და სურნელით. მათი ს*ქსის სცენის წარმოდგენაზე ვიგრძენი, როგორ დამებერა სისხლით ძარღვები. არა, წარმოდგენაც არ მინდა, ეს ჰარემია, ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა ზუსტად ვიცი, რომ ლეა ვერ დამივიწყებს და ვერც მის სხეულს და გულს დაუთმობს სხვას. მოხერხებული გოგოა, შეძლებს თავის დაძვრენას. მერიემის ოთახში უცერემონიოდ შემოჭრისა და შევამჩნიე, როგორ შემომატყდა მრისხანებისგან მინის ჭიქა ხელში. - ძმაო დავუდ, სისხლი გდის. - შეშფოთებით შეხედა ჩემს ხელს მაშინვე კარში გაუჩინარდა და 2 წუთში პირველადი დახმარების ყუთით ხელში მობრუნდა. - ნება მომეცით დაგიმუშავოთ.- მორცხვად ჩაილაპარაკა. მერიემს გავუღიმე და ხელი გავუწოდე. საოცრად მზრუნველი ადამიანია როგორც ჩემთან, ასევე ყველას მიმართ. როგორ მინდა, რომ თავისი წილი ბედნიერება იპოვოს. - მერიემ, გინდა ბაღდადში საუკეთესო საქმრო მოგიძებნო? დროა შენს საკუთარ ბუდეზე იზრუნო. ვიგრძენი როგორ დამეცა ხელზე მისი ცრემლები. რატომ ტიროდა? რამე ვაწყენინე? - მერიემ, დაო, ნუ ტირი, მაპატიე, ალაჰმა დამსწყევლოს თუ რაიმე ცუდი ვთქვი. მე მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა. - ძმაო დავუდ, ნება მომეცი, თქვენს გვერდით ვიყო ჭირსა და ლხინში. არ მინდა გათხოვება. - მაპატიე, ვიცი, რომ წარსულის ტრავმა გალაპარაკებს, კეთილი, როგორც შენ გინდა. შეგვიძლია ამაზე მაშინ ვისაუბროთ, როცა მზად იქნები. არაფერს დაგაძალებ, საქმროსაც თავად აარჩევ. ხედავ, როგორი ოქროსხელება გვყავხარ. ალაჰმა დღეგრძელი დღე მოგცეს. პასუხად მხოლოდ გაიღიმა და ღაწვებშეფაკლული ოთახიდან გავიდა. უაზროდ დავჩერებოდი ლეას მოწერილ მესიჯს და სულელურად ვიღიმოდი. ამ მცირედითაც კი უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება რამდენიმე დღით ადრე მოეწერა, იმედს არ ვკარგავდი და მეც ვუპასუხე. - „ვიპოვე ლეა, ჩემო ლეა, და შენამდე მოსასვლელ გზასაც ვიპოვი“. გულის ფანცქალით დავაჭირე გაგზავნის ღილაკს და მოუთმენლად მოვყევი ოთახში ბოლთის ცემას. არ გასულა დიდი ხანი და ტელეფონზე ზარი გაისმა, საქართველოს ნომერი იყო. გული საგულედან კიდევ ერთხელ ამოხტა და სადღაც ქუსლებქვეშ გაიპარა, სანამ ვუპასუხებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.