შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ხათაბალა" (ნაწილი 1 სრულად)


11-11-2020, 22:09
ავტორი ტერიკო74
ნანახია 26 484

(ამნეზია)

-ყეყეჩი!-გაგულისებულმა ჩუმად მივაძახე და კარი გამოვიხურე.როგორც ჩანს,დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი.სამსახურიდან გამიშვეს.ვერ ართმევთ დაკისრებულ მისიას თავსო,ასე გამომიცხადა იმ ჰალსტუხიანმა გომბეშომ.მისი მდივანიც ირონიული ღიმილით დამემშვიდობა. ცალტვინა! გაბრაზებით წამოვიძახე და ლიფტის ღილაკს თითი სამჯერ მივაჭირე გამეტებით.დღესვე ვიშოვნი ახალ სამსახურს! ყოფილ უფროსის მისამართით დავიმუქრე და გაზეთების ჯიხურთან მივიჭერი.
-ერთი "სიტყვა და საქმე" მომეცით,-ახალგაზრდა მამაკაცს ხურდა გავუწოდე.ღიმილით შემათვალიერა.
-ორივე ერთად?-ხუმრობის ხასიათზე ჩანდა.გაზეთის გადმოცემა შეაყოვნა,ეშმაკურად ამიციმციმა თვალები.რომ იცოდეს,რა გაბრაზებული ვარ,უხმოდ მომაწვდიდა.ერთი კი შევუბღვირე და გაზეთი ხელიდან წავგლიჯე.
-ტყუილად ეძებ მანდ საბედოს,-მომაძახა. შევჩერდი და ავი მზერით გავბურღე.საიდან მოიტანა საბედო? გამწარებული სამსახურს ვეძებ!
-მასე ნუ მიყურებ,-ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-რა იცი,რომ საბედოს ვეძებ?-ჩხუბი გადავიფიქრე.
-ვიცი,ვიცი,-თითი დამიქნია.მის ჭროღა თვალებს დავაკვირდი,წამებში შევისწავლე მისი ფერთა გამა. ჩვევად მაქვს,ადამიანის თვალებში ყურება,თითქოს ვცდილობ მის მიღმა დავინახო სხვისთვის დაფარულ-მიჩქმალული.
-მგონი ტყუილად იყიდე გაზეთი და მე მეძებ,-წარბები შეათამაშა.
-რა თავდაჯერებული ხარ?!-ცხვირი ავიბზუე და შევტრიალდი.რაღა დროს ჩემი საბედოა,ორმოცს მივუკაკუნებ ცოტა ხანში.
-ვნახავთ!- დარწმუნებით მომაძახა.
სამარშრუტო ტაქსიში მოვკალათდი,მგზავრების გამოხედვაზე მივხვდი,რომ ჩემთვის მეცინებოდა.უცებ მოვსხიპე პირი და თავი გაზეთში ჩავრგე.რატომღაც ზუსტად გაცნობის გვერდი გადავშალე და განცხადებებს ჩავუყევი.
"ოჯახის შექმნის მიზნით,გავიცნობ 35 წლამდე ქალბატონს.შვილიანები ნუ გამომეხმაურებით" ჩავიკითხე და სახე დამეჯღანა.გავბრაზდი.თითქოს შვილები ნაკლი ყოფილიყოს.მითითებულ ნომერზე დარეკვა მომინდა და მისი კარგად "შელამაზება".
"გავიცნობ კარგ,ხალისიან,გაგებულ გოგოს,რომელსაც სურს გვერდით ჰყავდეს ისეთი მამაკაცი,რომელიც მასზე იზრუნებს და ცივ ნიავს არ მიაკარებს". უცებ ისეთი სიცილი ამიტყდა,სულ გადამავიწყდა სად ვიმყოფებოდი.გვერდით მჯდომმა ხნიერმა ქალბატონმა გაკვირვებით შემომხედა.შემრცხვა და გაზეთი დავკეცე.სახლში წავიკითხავ,ეს რა კარგი გასართობი ვიპოვნე.
კარი შევხსენი,თუ არა,უცნაური ხმები მომესმა.მარტო ვცხოვრობ.მამაჩემმა აიტეხა ,ფერმერობა უნდა დავიწყოო,დაჰკრა ფეხი და სოფელში წავიდა.დედაჩემიც უკან მიჰყვა.დიდი მცდელობის მიუხედავად,რომ მეც წავყოლოდი,ვერ დამითანხმეს.მთელი რიგი დარიგებებით დამტოვეს და სახლიც ჩამაბარეს.
კედელს ავეკარი და ყურთასმენა დავძაბე.ხმაური ჩემი საძინებლიდან ისმოდა.ცოტა არ იყოს,შიშმა შემიპყრო,მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ფეხაკრეფით გავემართე ოთახისკენ.დავინახე,თუ არა შევკივლე.ორნი იყვნენ,ჩემს კარადას მისდგომოდნენ და მთელი რუდუნებით დაკეცილ-დაუთოვებულ ტანისამოსს უმისამართოდ ისროდნენ.ჩემს კივილზე ორივე შეხტა.აშკარად არ მელოდნენ,ისე გაუფართოვდათ თვალები და სანამ მეორედაც ვიკივლებდი,ჩემსკენ გამოიქცნენ.
-ხმა არ ამოიღო,თორემ აქვე მოგკლავ!-კბილებში გამოსცრა ერთმა და კედელთან მიმიწყვდია.შიშისგან უარესად გადავატრიალე თვალები და მშველელის მოსახმობად პირი გავაღე.
-რა გითხარი?!-დამიღრინა და იარაღი მომადო.აქ კი ერთიანად დამიარა სხეულში ცხელმა ტალღამ და ავკანკალდი.
-რა გინდათ?-ცრემლები წამსკდა.
-ოქრო,ფული!-მეორემ ყურში ჩამსისინა.გამიკვირდა,საიდან დაასკვნეს ,რომ ფული და ოქრო მაქვს? ერთი,საცოდავი ხუთ მანეთიანი მიჭყავის ჯიბეში.
-რაღაც გეშლებათ,არანაირი ძვირფასეულობა არ გამაჩნია,არც ფული,-წამწამები სწრაფად ავათამაშე.
-დროზე!-მეორემ იარაღის ლულა გამეტებით მიმაჭირა თავზე.გავბრაზდი,თანაც როგორ! მეტკინა კიდეც.
-არ გესმით?! გეშლებათ,არაფერი მაქვს,თუ არა და,თქვენი თვალით ნახეთ,მოძებნეთ!
-რამდენს ყბედობ?!- ისეთი სილა გამაწნა,თვალებიდან ნაპერკლები გავყარე,თუმცა,უარესად გავხელდი და კისერი წავიგრძელე.
-რომც მქონდეს,მაინც არ მოგცემდით! მაგრამ არ მაქვს,არა!-დიდ გულზე დავდექი,რისი იმედით,არ ვიცი.
პირველმა ხელი ისე ძლიერად მკრა,ინერციით კარისკენ წავედი.არ დავბნეულვარ,დრო ვიხელთე, გავიქეცი და სააბაზანოში შევვარდი, კარი ჩავრაზე და გიჟივით დავუწყე ძებნა რაიმე ბასრს.ვერაფერი ვიპოვნე,ისევ კბილის ჯაგრისით შევიარაღდი და კედელს მივეყრდენი.
-გააღე კარი!-პირველის ხმა იყო.კი,როგორ არა,ჩემი ნებით ჩაგბარდებით,გავიფიქრე და სასაპნეც მოვიმარჯვე. კარს ძლიერად დაეჯაჯგურა და მოაწვა. ცოტაც,რომ აწვალოს,ჩარჩოდან ამოვარდება,ტვინი განგაშის ფუნქციაზე გადამერთო.
-წადით და არაფერს ვიტყვი,გპირდებით!-მოლაპარაკებაზე გადავედი.
-დროზე!-მეორეს ხმა ვიცანი.რა ჯიუტები არიან,მშვიდობიანად ვუშვებ,მეტი რა უნდათ?!
-გეფიცებით,არავის ვეტყვი,წადით,გთხოვთ,-მუდარაზე გადავედი.-თქვენი სახეებიც არ მახსოვს,-დავაყოლე,იმ წუთას შეძენილი ამნეზია.
-ისევ შენთვის აჯობებს,გააღე!-პირველს შევატყვე მოთმინების ფიალა ევსებოდა.ცუდად მენიშნა მისი ხმა,მივხვდი შემოანგრევდა.არც შევმცდარვარ,ძლიერად დაეჯახა და რაზა ძირს გაგორდა.მე "შეიარაღებული" პირღია დავრჩი.ჩემს ასეთ ფორმაში დანახვაზე,პირველს ირონიულად ჩაეღიმა და მკლავში მეცა.გავუძალიანდი,მთელი მონდომებით ვცადე გავქცეულიყავი.მეორეც დაეხმარა და საწოლთან მიმათრიეს.ზედ დამაგდეს , ხელები გამიკავეს და კარგადაც შემიკურთხეს.მაშინ დავაკვირდი ორივეს.მთლად გამოცდილ ქურდებს არ ჰგავდნენ,ერთი შეხედვით ახალბედების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
-ტყუილად ირჯებით,მგონი ბინა შეგეშალათ,მართლა არ მაქვს ფული!-წამოდგომა ვცადე.ერთმანეთს გადახედეს,მგონი ჩემს სიტყვებზე დაფიქრდნენ.
-რა ნომერია შენი ბინა?-მეორემ ზემოდან დამხედა.
-ოცდაცამეტი!
-მაშინ არ შეგვშლია!
-კორპუსი სამი ა!-სასწრაფოდ მივაყოლე.
-ა?-პირველი უკან გადახტა და თავზე შემოიჭდო ხელები.მეორეც არ ჩავარდნილა კარგ დღეში,საწოლზე ავადმყოფის მნახველივით ჩამომიჯდა.
-ბოდიში,-წამოვიკნავლე.დამნაშავედ ვიგრძენი თავი,რომ ხელმოცარულებს მოუწევდათ წასვლა.
-რა გვარი ხარ?!
-ვარსიმაშვილი,დედით ჩოხელი,ბებია თავადის ქალი მყავდა..
-მოკეტე!-არ დამამთავრებინა გენეალოგიური შტოს გამოფენა.
-ამას რა ვუყოთ?-მეორემ ჩემზე ანიშნა.პირველმა გაბრაზებით შემათვალიერა.
-არაფერი,მშვიდობიანად წადით,-მის მაგივრად ვუპასუხე.
-რამდენს ტლიკინებ?!-დამიბღვირა მეორემ.-მოვკლათ?-ისევ ჰკითხა.ორივეს გაკვირვებულმა შევხედე,ვერ დავიჯერე,რომ ჩემს მოკვლას შეძლებდნენ.
-რისთვის?-გავბრაზდი.-გითხარით,არავის ვეტყვი-მეთქი,ვითომ არც ყოფილხართ და არაფერი მომხდარა!-მტკიცედ ვთქვი.
-დაგიჯეროთ?!
-უნდა დამიჯეროთ! ჩემი მოკვლით,გაართულებთ სიტუაციას,მაინც გიპოვნიან,რა აზრი აქვს? არ სჯობია,წყნარად დავიშალოთ?-ფეხზე წამოვდექი.
-ე,ეს ნახე რა დღეშია?!-მეორე წამოხტა და ისევ საწოლზე დამაგდო.
-შეეშვი!-პირველმა დაუყვირა.
-რა შევეშვა,ბიჭო?! ჩაგვიშვებს!
-არ ჩაგიშვებთ!-ხელები გავასავსავე.
-წავედით!-პირველი კარისკენ დაიძრა.
-რა წავედით,ხომ არ უბერავ?!-მეორე მის წინ გაიჯგიმა.
-გითხარი,წავედით მეთქი,აღარ გვინდა ზედმეტი ბაზარი!
-ქალის სიტყვის გჯერა?!
-უნდა დამიჯეროთ!-შეუვალი ვიყავი.
პირველმა ერთი გადმომხედა და ოთახიდან გავიდა.მეორე დაძარღვული მიჰყვა უკან.მესმოდა შემოსასვლელში როგორ კამათობდნენ,პირველს არწმუნებდა,რომ ჩემი ცოცხლად დატოვება შარი იყო. ვიწექი საწოლზე და ველოდი განაჩენს.ან პაპაჩემს ვესტუმრებოდი საიქიოს,ან "სიტყვა და საქმეში" სამსახურს მოვძებნიდი,საბედოც შეიძლებოდა.სასწორზე იდო ჩემი სიცოცხლე. კამათი ჩხუბში გადაიზარდა,მსხვრევის ხმაზე წამოვხტი და სანამ მოჩხუბრებთან მივაღწევდი,გასროლის ხმაც გაისმა. თავზარი დამეცა,ასეთ გართულებას არ ველოდი.სირბილით შევვარდი ოთახში, კარი გადავკეტე და ფანჯრიდან განწირული კივილი დავიწყე. აივნებს ხალხი მოაწყდა,ცოტა უფრო გაბედულები კი ჩემს სადარბაზოსკენ გამოიქცნენ...
-მაცაცო,გააღე,ჩვენ ვართ!-მეზობელ ჯემალის ხმა ვიცანი,მაგრამ ისე ვიყავი შეშინებული,ადგილიდან ვერ დავიძარი.გარედან იფიქრეს,რომ რაღაც დამემართა და ჩოჩქოლი ატყდა.კარი შემოამტვრიეს და დაფეთებულები მეცნენ.
-ნუ გეშინია,მილიციაც მოვა,ხომ კარგად ხარ?!-გვარიანად შემანჯღრია რომელიღაცამ.სახეებს ბუნდოვნად ვხედავდი.ინსტიქტურად დავუქნიე თავი და მოჩვენებასავით წავედი შემოსასვლელისკენ.ძირს გაშხლართულ მძარცველში,პირველი,რომ ამოვიცანი,წამოვიკივლე. მძიმედ სუნთქავდა,სისხლიან ხელებს მუცელზე იჭერდა.შემომხედა და მზერა გამისწორა.მის თვალებში დასასრული ამოვიკითხე.
-ვინ არის,იცნობ?!-მკითხა ჯემალიმ.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და დაჭრილთან ჩავიმუხლე.
-რა გქვია?-ჩუმად ვკითხე.გაკვირვებულმა შემომხედა.-დროზე!-ვუბრძანე.
-ზაზა ჟღენტი ,-დაიჩურჩულა.
-ჩემი შეყვარებულია,-წელში გავიმართე და ცრემლები წამოვყარე.სამეზობლომ თვალები გადმოკარკლა.
-ის ვინ იყო?-არ მომეშვა ჯემალი.
-არ ვიცი,მძარცველი ალბათ,შემოგვეჭრა სახლში,არ ელოდა ვინმე თუ დავხვდებოდით,-სლუკუნით ვუპასუხე და "შეყვარებულს" დავხედე.ტკივილი დავიწყებოდა,გაოგნებული მიყურებდა.ისე დავუბრიალე თვალები,ადგილზე დავცხრილე.მილიციაც მოქანდა და სასწრაფოც. ზაზა საავადმყოფოში წაიყვანეს,მე განყოფილებაში.
მთელი რიგი დაკითხვები მომიწყვეს.პირველ ჩვენებას მივაწექი და ბოლომდე არ გადავსულვარ სიტყვას.ცოტა არ იყოს და ეჭვით მათვალიერეს,როდესაც ჩემი ასაკი შეიტყვეს.ზაზა სულ რაღაც ოცი წლის ყოფილა,მე კი ოცდაჩვიდმეტის ვარ.ასაკის ამხელა სხვაობამ გააკვირვათ,თუმცა ,ისე დამაჯერებლად ვსაუბრობდი,სხვა გზა აღარ დავუტოვე.გადაწყვეტილი მქონდა ბოლომდე გადამერჩინა მძარცველი.რატომ? არ ვიცი!
განყოფილებიდან როგორც კი გამოვედი,ღრმად ამოვისუნთქე და საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი.უნდა მენახა ზაზა და გამეფრთხილებინა ჩემი ჩვენების შესახებ,დაკითხვის დროს რამე სისულელე ,რომ არ წამოეროშა.მიმღებში მითხრეს ოპერაციაზე ჰყავთ შეყვანილი,ბევრი სისხლი დაკარგა და მძიმედ არისო.გულს შემომეყარა. რადაც არ უნდა დამჯდმოდა,უნდა მენახა.იქვე ჩამოვჯექი და გულმოდგინედ დავიწყე სიმწრით გაზრდილი ფრჩხილების ჭამა.ფიქრებიდან ,გვერდით სკამზე მასის დახეთქებამ გამომიყვანა.ახალგაზრდა მამაკაცს თავზე შემოეჭდო ხელები და მძიმედ სუნთქავდა.კისერი წავიგრძელე და ისე შევხედე,ადგილზე შევხტი.ჯიხურის მამაკაცი მეჯდა გვერდით.ფერდაკარგული და სასოწარკვეთილი.თვითონაც შემომხედა და დამაკვირდა,მიცნო.
-აქ,საიდან?-გატეხილი ხმით მკითხა.
-ჩემს მეგობარს ოპერაციას უკეთებენ..შენ რა გჭირს?-შეწუხებულმა შევხედე.
-ჩემი ძმა დაჭრეს,ისიც ოპერაციაზეა,-მითხრა და სახეზე ნერვულად დაისვა ხელი.
-დაჭრეს?-პირი დავაღე.
-ჰო,შეყვარებულთან ყოფილა სახლში და იქ..არც ვიცოდი შეყვარებული ,თუ ჰყავდა,-სიმწრით გააქნია თავი.
თავში,რომ დამკრა რაღაცამ,ფეხებში გამიარა.ენაჩავარდნილი გავშეშდი.არა,დამთხვევაც არის და დამთხვევაც,მაგრამ ასეთი?!
-რა ჰქვია შენს ძმას?-ძლივს ამოვიბლუყუნე და იმედიანად მივაჩერდი,ოღონდაც ზაზას გარდა,ნებისმიერი სახელი ეთქვა.პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემიჩერდა.
-ზაზა,-თქვა და ჩემს ფერდაკარგულ სახეს დააკვირდა.
-ზაზა? ნამდვილად?-ენის ბორძიკით ჩავიხვიე.
-რა მოხდა?-ფეხზე წამოდგა.
-გვარი?-ამოვიკნავლე.
-ჟღენტი,-წარბები შეკრა.
-გარეთ უნდა გავიდეთ,სალაპარაკო გვაქვს!-ვუბრძანე და წამოვხტი.დაბნეული მომყვა უკან..
-მე ვარ ის შეყვარებული,-როგორც კი ყურთა სამშვიდობოს დავიგულე თავი,ვაჯახე.
-ბატონო?-აშკარად შეშლილი ვეგონე.
-ჩემს სახლში დაჭრეს შენი ძმა!-ტირილნარევი ხმით ვუთხარი და დავინახე,როგორ წამოენთო სახეზე.გაკვირვება და ბრაზი ერთიანად გამოესახა.
-რას ბოდავ?!-მკლავში ჩამავლო ხელი და უფრო საიმედო ადგილისკენ გამაქანა.
ყველაფერი მოვუყევი,თავიდან ბოლომდე.მისმენდა და ყურებს არ უჯერებდა.
-არ არსებობს,არ არსებობს!-იმეორებდა შეშლილივით.
-დაწყნარდი რა,გთხოვ,-მისი დამშვიდება ვცადე.
-რატომ გადაწყვიტე მისი გადარჩენა?-მომიბრუნდა,მხრებში ჩამაფრინდა და გვარიანად დამაჯანჯღარა.
-არ ვიცი..შემეცოდა,-თავი ჩამოვაკონწიალე.ცოტა ხანს მიყურა გაავებულმა.
-მადლობა,-მითხრა და მიმღებისკენ დაიძრა.მეც მივყევი.ოპერაციის დასრულებამდე ხმა არ ამოგვიღია.ვისხედით მომდურავი მეზობლებივით.გამომძიებელიც მოვიდა და კატეგორიულად გააფრთხილა მედ-პერსონალი,რომ პაციენტთან არავინ შეეშვათ.აქ მეორედ გადამივიდა ფერ-ფური.განწირული თვალებით შევხედე ჯიხურის მამაკაცს და მერე გამახსენდა,რომ ერთმანეთის სახელები არ ვიცოდით.
-ნეტავ,თუ ემახსოვრება რაც დავარიგე?-შეწუხებულმა შევჩივლე "მაზლს".
-იმედია,თორემ ორივეს მოგიწევთ პასუხისგება.
შიშისგან თვალები ვჭყიტე.ძალით გავეხვიე ამ უსიამოვნო სიტუაციაში.ნერვებმა ამიტანა და კანკალი დამაწყებინა.
ოპერაცია მშვიდობით დასრულდა.ზაზას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.ექიმმა გამოგვიცხადა,რომ დღეს ავადმყოფთან ვერც ახლობლები შევიდოდით და ვერც გამომძიებელი.ჩვენ ისედაც აკრძალული გვქონდა მისი მონახულება.უიმედობამ შემიპყრო.
-ნუ გეშინია,მოვაგვარებ ყველაფერს,წამოდი,-ხელი ჩამკიდა ჯიხურის კაცმა და შენობიდან გამიყვანა.
-რა გქვია?-გაახსენდა,რომ აქამდე უსახელოდ ვიყავით.
-მაცაცო,შენ?
-გოგლა.
"გოგლა" გონებაში გავატარე სახელი და მის ჭროღა თვალებს დავაკვირდი,რომლებიც დაჟინებით მიყურებდნენ.ყოველთვის ვაკეთებდი შედარებას ადამიანსა და სახელს შორის,უხდებოდა,თუ არა შერჩეული.გოგლაზე გოგლი-მოგლი გამახსენდა და გამეღიმა.ბავშვობაში,ყოველ დილით,რომ მითქვეფდა დედაჩემი და ძალით მტენიდა.
-რა გაცინებს?-წარბი შეკრა.
-არ ვიცინი,-უცებ გავამკაცრე ხმა.-წავალ სახლში და ხვალ მოვალ,იქნებ შემიშვან,-ვუთხარი და გაჩერებისკენ დავიძარი.
კარის გაღებისთანავე თვალში მომხვდა იატაკზე სისხლის წვეთები.გულისრევა ვიგრძენი. სისხლის ნამდვილად არ მეშინია,უბრალოდ განმიახლდა მომხდარი და სწრაფად გავეცალე ადგილს. ყველა ოთახი მოვათვალიერე,დავრწმუნდი,რომ მარტო ვიყავი.დაღლილი ჩავესვენე სავარძელში და თვალები დავხუჭე.ფიქრი და ყველაფრის გაანალიზება მჭირდებოდა,მაგრამ ვინ გაცადა?! ტორნადოსავით შემოიჭრნენ მანანა და ზურა და თავზე დამაცხრნენ. მშობლების დანახვაზე პირკატა მეცა და წამოვხტი.მივხვდი, მათი აქ მოულოდნელად აღმოცენება მეზობლების დამსახურება იყო.
-მაცაცო,კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავეს,გავგიჟდით მე და მამაშენი,თენგომ ჩამოგვიყვანა სასწრაფოდ,რა გამაჩერებდა,რა მოხდა?ამოიღე გოგო ხმა!-მანანამ ისე დამაჯანჯღარა,თავბრუ დამეხვა.
-ვინ დაგირეკათ?-სიბრაზისგან ავწითლდი.
-რა მნიშვნელობა აქვს გოგო,რა მოხდა,აღარ იტყვი,გაგვისკდა გული?!-ცრემლები წამოყარა მანანამ და ზურას თვალებით ანიშნა,შენც ამოიღე ხმაო.მამა მუდამ მშვიდი,მომღიმარი,გაწონასწორებული,ახლაც შესაშური სიმშვიდით მიყურებდა.
-დაანებე ბავშვს თავი,დაწყნარდება და იტყვის,რომ დააცხერი ქორივით,-შეუტია დედას და ჩამეხუტა.
-ბავშვია ორმოცი წლის ქალი?
-ჯერ არ ვარ ორმოცის,-მეწყინა.
-ოთხმოცისაც ასეთი უჭკუო იქნები!-დაასკვნა მანანამ და შემომიბღვირა.-ვინ შეყვარებული გყავს,აქამდე რატომ არ ვიცოდით ჩვენ?!
-აჰ,ახლა გასაგებია,ყველაზე მეტად ეგ გაინტერესებდა,-მთელ სანათესაოსთვის "მტკივნეულ" თემას მივადექით.
-ზურა,უსმენ რას მეუბნება?-გაწიწმატდა მანანა და დოინჯი შემოირტყა.
-კარგი ქალო,აცადე,დაწყნარდეს,წამოდი მაცაცო,მე და შენ ჩაი დავლიოთ,-მამამ დედას "კლანჭებიდან" დამიხსნა და სამზარეულოსკენ მიბიძგა.
-შენი გათამამებულია!-მიაძახა მამას და უკმაყოფილო სახით გამოგვყვა უკან.
-რა ჩემი ბრალია,თუ მძარცველი შემომივარდა,გადამრევ,- მივუბრუნდი მანანას.
-მილიონჯერ გითხარი,წამოდი ჩვენთან ერთად,ეს სახლი გავაქირავოთ,იქნებოდი მშვიდად.არაა,აიტეხე აქ დარჩენა და თავგადასავლები!
-რა დავაშავე,-მობეზრებულად ავატრიალე თვალები და სკამზე დავეხეთქე.
-ხომ იცი დედაშენის ამბავი,-გაეღიმა მამას,თუმცა სევდიანად..აშკარა იყო დარდი.
-აღარ იტყვი რა მოხდა? თუ მეზობლებისგან უნდა შევიტყო?-მანანაც ჩამოჯდა და მკაცრი მზერა მომაპყრო.
აზრი არ ჰქონდა,რაიმეს დამალვას,მაინც ვერაფერს გამოვაპარებდი დედას. რაც ვიცნობ,სულ ასეთია,სანამ ბოლომდე არ გაიგებდა სიმართლეს,ვერ მოისვენებდა.ყველაფერი მოვუყევი სმენად გადაქცეულებს.პირმოკუმული და თვალებდაწვრილებული მადევნებდა თვალყურს მანანა.ზურა შუბლშეკრული მისმენდა.დასასრულს ამოვისუნთქე და ორივეს მიამიტი თვალებით შევხედე.
-აი,ხომ გითხარი,გული მიგრძნობდა,გული!- მიუტრიალდა მამას მანანა.-ძალით ეხვევა შარში! კი მაგრამ გოგო,რომელი დედა ტერეზა შენ ხარ,რატომ აფარებ ხელს?-ახლა მე გადმომიკარკლა თვალები.
-შემეცოდა ადამიანო,შეცდომა მოუვიდა,გაიაზრა და გაცლა გადაწყვიტა,მეორემ არ დააცადა,თორემ..
-რომ ვამბობ,ასაკი ემატება და ტვინი არა,შენ ბრაზობ,-ისევ ზურას ეცა.
-სიმართლის თქმა სჯობდა,თუმცა მესმის შენი,-მამამ დახშული ხმა ამოუშვა.
-თქვენ მომიღეთ ბოლო!-ამოიოხრა მანანამ.-სიმართლე უნდა თქვა,სანამ გვიან არ არის,გესმის? თორემ,იმ ღლაპთან ერთად გამოგამწყვდევენ და მერე იძახე შეყვარებული, შეყვარებული!
-ვერაფერს შევცვლი,-მყარად ვიდექი ჩემს აზრზე.
-დღესვე წავალ განყოფილებაში და მე ვიტყვი სიმართლეს,სანამ არ დაღუპულხარ!-ფეხზე წამოხტა მანანა.
-დაჯექი ადგილზე!-მამას ხმის აწევამ,დედა ადგილზე გააშეშა.მგონი,ცხოვრებაში პირველად იყვირა,იმდენად მოულოდნელი იყო,მეც ხმა ჩამივარდა.
-შეცდომა ყველას მოსდის,ჩვენი მოვალეობაა სწორი გზა ვუჩვენოთ,თორემ არასწორზე უკვე იდგა.შემდეგში მისი გადასაწყვეტი იქნება,რომელს აირჩევს,-ჩემი "შეყვარებულის"მისამართით თქვა და გამიღიმა. სხვას არც ველოდი ზურასგან.არც მანანა გაიქცეოდა მილიციაში,ზუსტად ვიცი,ჩემს გამოსაფხიზლებლად იბობოქრა.
***
მეორე დღეს საავადმყოფოს მივაშურე.იმედი მქონდა,რომ შემიშვებდნენ.შესასვლელთან გოგლა დავინახე,მანაც შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა. გამომეტყველებაზე მივხვდი,რაღაც ცუდი ხდებოდა.
-დაიჭირეს გია!-ხმადაბლა მითხრა.
-ვინ გია?
-ის მეორე,ვინც დაჭრა ზაზა.
ელდა მეცა.
-დავიღუპეთ?!-ძლივს ამოვთქვი.
-არ ვიცი,რა იქნება..გააჩნია,გია რა ჩვენებას მისცემს,სავარაუდოდ,როგორც იყო,ისე იტყვის,-გოგლამ ღრმად ჩაისუნთქა.
-რა გაუძლებს მანანას,-შუბლში შემოვიკარი ხელი.
-მანანა ვინ არის?
-კაგებე!
-ვინ?
-დედაჩემი!
-გასაგებია,-წარბი შეკრა.
-დამიჭერენ ხო?-უიმედოდ შევხედე და ნათლად დავინახე ჩემი მომავალი,თუ როგორ ვკოტრიალებ ნარზე.
-ცრუ ჩვენებისთვის,ალბათ,-"დამამშვიდა".
-ღმერთო ჩემო,-აღმომხდა და ცრემლები წამსკდა.
-დამშვიდდი,ყველაფერს მოვაგვარებ,ბოდიში,რომ ჩვენს გამო გიწევს ნერვიულობა,-გოგლამ ხელი მომხვია და მიმიხუტა.უარესად ავტირდი და ავზლუქუნდი.ჩემს თავს იმდენად არ ვდარდობდი,რამდენადაც ზურას.დარწმუნებული ვიყავი,მანანა ცოცხლად შესანსლავდა.
-კი მაგრამ,ასე სწრაფად როგორ დაიჭირეს?-გავბრაზდი სამართალდამცავებზე.ხომ არ ამოასუნთქებენ ადამიანს!
-არ ვიცი,-დაზაფრულმა ჩაილაპარაკა.
რეალობა უცებ გავაანალიზე და ცახცახმა ამიტანა.ნეტავ,ყველაფერი სიზმარი იყოს,იქნებ არის კიდეც? ყურზე გამეტებით ვიჩქმიტე,მეტკინა.ცხადში ვარ,რა გინდა,რომ ქნა?! გოგლაც ჩაფიქრებული მიყურებდა,ალბათ გამოსავალს ეძებდა.ისეთი ამღვრეული თვალები ჰქონდა,შემეცოდა.
საავადმყოფოს ეზოში მთელი სისწარაფით შემოვარდა ავტომობილი და ზედ კართან ისე დაამუხრუჭა,საბურავებმა შავი კვალი დატოვეს.შეშლილებივით გადმოცვივდნენ ფორმიანები და შენობაში შეიჭრნენ.
-მგონი,მართლა ცუდადაა ჩემი საქმე,-შეშინებული ამოვეფარე გოგლას.
-მომისმინე,იქით დამელოდე,მალე გამოვალ,-გზის მოპირდაპირედ მიჩვენა და გამეცალა.
ნაბიჯი ძლივს გადავდგი,ყველაფერი ტრიალებდა გარშემო,ყურებმა შუილი დამიწყეს,ბარბაცით წავედი გზისკენ.ფეხები არ მემორჩილებოდნენ,თავს ძალას ვატანდი,როგორმე გამეღწია იქიდან.უცებ ძლიერი დარტყმა ვიგრძენი,მივხვდი როგორ ავფრინდი ჰაერში და როგორ დავენარცხე მძიმედ..შემდეგ არაფერი მახსოვს.
თავი 2
-მგონი თვალებს ახელს,-ქალის შეშფოთებული ხმა მიწვდა ჩემს ყურთასმენას.ძლივს ავამოძრავე ქუთუთოები და ბუნდოვნად დავინახე ორი უცნობი სახე,რომლებიც თავზე დამდგომოდნენ გაფართოვებული თვალებით.
-მაცაცო,დედიკო,-ტირილი წასკდა ქალს.მამაკაცმა ოდნავ გამიღიმა და მასაც ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვზე.ვერცერთი ვიცანი.ვერც იმას მივხვდი,ეს სრულიად უცნობი ადამიანები,რატომ დამტიროდნენ.მხედველობა დავძაბე და ორივეს დავაკვირდი.
-გენაცვალოს დედამ,როგორ ხარ, მაცო?- ქალმა გულმოსაკლავად ჩაიქვითინა.დედაო? ტვინმა ათასი ბრუნი გააკეთა,ამაოდ.
-ჩვენ ვართ ,მაცაცო,მამაშენი ვარ,ზურა,-მამაკაცი ჩემს უაზრო გამოხედვაზე მიხვდა,რომ ვერ ვიცანი.ან ეს სახელი მაცაცო,საიდან მოიტანეს? ცოტა დავფიქრდი და შევცბი,საკუთარი სახელიც არ ვიცოდი.
-ვინ ბრძანდებით?-ვიკითხე და წამოწევა დავაპირე,თუმცა სახვევებმა საშუალება არ მომცეს,არც ხელ-ფეხზე დადებულმა თაბაშირმა.
-არ გაინძრე დედიკო,ავარიაში მოყევი,ძალიან მძიმედ იყავი,ერთი თვე გელოდებოდით,როდის გამოიღვიძებდი,-მითხრა ქალმა და უარესად ატირდა.
"ავარია,ავარია"-მორბენალი სტრიქონივით გაირბინა გონებაში ამ სიტყვამ,მაინც ვერაფერი გავიხსენე.
ოთახში თეთრხალათიანი მამაკაცი შემოვიდა და ღიმილით დამხედა.მტრულად შევათვალიერე.ვერ ვიგებდი,რას ვაკეთებდი,ასე შეფუთულ-დაბინტული.
-გამარჯობა მაცაცო,-მომესალმა ღიმილით.შევუბღვირე,თან თავს ძალას ვატანდი,პატარა რაიმე მაინც გამხსენებოდა.
-ვინ ხართ,აქ რატომ ვარ?-ძალა მოვიკრიბე და მკაცრად ვიკითხე.გონებაში კი ათასმა სულელურმა აზრმა გამიელვა.იქნებ ორგანოები ამომაცალეს,ან იქნებ ახლა მამზადებენ.მაგრად დადექი მაცაცო ხარ,თუ ბაცაცო! არავის გავატან ჩემს თირკმელებს,არც გულს,არც თვალებს,არც ცხვირს? არა,ცხვირი შეიძლება,არ მომწონს, კეხიანია.ისედაც ვაჩუქებ.
-მე ექიმი გაიოზ კვარაცხელია ვარ,ესენი კი შენი მშობლები არიან..ტვინის ძლიერი შერყევა გქონდა,რამაც დროებითი ამნეზია გამოიწვია,გაივლის ყველაფერი,-მამცნო და ჩემს "მშობლებს" თვალით რაღაც ანიშნა.ჰმ,ვერაფერს გამომაპარებთ,აშკარად რაღაც ხდება , ტკბილი სიტყვით და ზღაპრებით აპირებენ გამომშიგნონ.ამას არ დავუშვებ!
-მიშველეთ! მიშველეთ!-დავიწყე ყვირილი და ავფართხალდი.თავს მდგომი უცნობები მეცნენ და ჩემს გაკავებას ეცადნენ.
-ვაიმე,მოგიკვდეს დედა,ეს რა დღეში ჩაიგდე თავი?!
-მაცაცო,დაწყნარდი მამიკო,ნუ გეშინია,ყველაფერი გაივლის,-მამაკაცი თაბაშირიან ხელებზე დამწვდა.
-რა მამიკო,რა დედიკო,გამიყვანეთ აქედან,ვინ ხართ? მილიცია,მილიცია!-ვკიოდი განწირული.თუ კი ვინმე თეთრხალათიანი არსებობდა,ყველამ ჩემს საწოლთან მოიყარა თავი.ვიგრძენი,როგორ შემიშხაპუნეს რაღაც სითხე და მეც,ნელნელა მივლულე თვალები.
***
არ ვიცი,რამდენ ხანს მეძინა,რომ გამოვიღვიძე,აღარავინ იყო ოთახში.შვებით ამოვისუნთქე.ოდნავ წამოვწიე დამძიმებული თავი და ჩემს სხეულს დავაკვირდი.თაბაშირში გამოკრული ფეხები ,რუმბებივით მეწყო საწოლზე.მკლავებიც იგივე.შევშინდი..ვეცადე გამეხსენებინა რა მოხდა,საიდან ამოვყავი თავი აქ.სულ ტყუილად. -ნეტავ რა ხდება ჩემს თავს? ღმერთო,ოღონდაც გამახსენე.. -ჩავილაპარაკე და თვალები გამიბრწყინდა,ამ სიცარიელეში,ღმერთი მახსოვს,ღმერთი! ისე გამიხარდა,იმედიანად გავიღიმე.
აწ უკვე ნაცნობმა გაიოზ ექიმმა შემოხსნა კარი და დაკვირვებული მზერით მომიახლოვდა.შემატყო,შედარებით მშვიდად,რომ ვიყავი.
-აბა,როგორ გრძნობ თავს,მაცაცო?
-წელი მტკივა,იქნებ გადამატრიალოთ,-შეწუხებულმა ვთხოვე.
-შენს მდგომარეობაში,განძრევა არ შეიძლება,სამწუხაროდ,უნდა მოითმინო.
-რა დამემართა?-გადავწყვიტე სიჯიუტე გვერდზე გადამედო და რაღაც ხელჩასაჭიდი მაინც გამეგო,იქნებ გამხსენებოდა რაიმე.
-გზაზე გადადიოდი,რა დროსაც შემთხვევით დაგარტყა მანქანამ.დარტყმა იმდენად ძლიერი იყო,არც გვეგონა,თუ გამოძვრებოდი,მაგრამ საბედნიეროდ ,გადავრჩით.. ტრავმირებულია შენი სხეულის 60%.დრო გჭირდება გამოსაჯანმრთელებლად,რაც მთავარია,შენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება,თუ დამიჯერებ,მალე დადგები ფეხზე.
-არაფერი მახსოვს..
-შენს მდგომარეობაში,ეს ლოგიკურია.ნელნელა დაგიბრუნდება მეხსიერება,მთავარია მშვიდად იყო,სტრესი გაართულებს სიტუაციას,იცოდე..ვეტყვი,საუზმე შემოგიტანონ,უნდა მოძლიერდე,-მითხრა და ისე სათნოდ გამიღიმა,გამიქარწყლა ჩემი ეჭვები.
-ისინი სად არიან?-მშობლები ვიგულისხმე.
-გარეთ იცდიან.
-დრო მჭირდება..
-ვიცი,ყველაფერი კარგად იქნება,-თვალი ჩამიკრა და გავიდა.
მარტო დავრჩი,თუ არა,გონება დავძაბე.ნეტავ,სად მივდიოდი,სად ვიყავი,საერთოდ გზებზე ძალიან ფრთხილი ვარ, მილიონჯერ ვამოწმებ შუქნიშნის ფერს,სანამ არ დავრწმუნდები,რომ ჩემი გზაა,არ გადავდივარ.დავიჯერო,ასე გაუფრთხილებლად გადავჭერი? ამ ფიქრთა ჭიდილში ვიყავი,რომ ახალგაზრდა გოგო სიცილით შემოვიდა და შინაურულად ჩამომიჯდა გვერდით.
-გოგო,რა ხიფათა ხარ,ჩემო გადარეულო,როგორ ხარ? ისე გამიხარდა,მანანამ,რომ მითხრა,მოვიდა გონზეო,სირბილით მოვედი..რატომ მიყურებ ასე მაცაცო,ლიკუნა ვარ,გოგო,-ღიმილი სახეზე შეახმა.
-ბატონო?-ლიკუნას საწყლად შევხედე.
-ახლა,მეც თუ ვერ მიცანი,გავგიჟდები!
-ვერ გიცანით,-უხერხულად ჩავილაპარაკე.
-დედაა,ტვინი,რომ გაგესხა,კიდევ მესმის,წვეთის არ დაგღვრია და რა გჭირს?
არა,ვიღაც ძალიან ახლობელია აშკარად,თორემ ასე არ გამეხუმრებოდა.
-ვინ ლიკუნა ხართ?-კიდევ ვცადე.
-მანანამ კი მითხრა,ჩვენ ვერ გვიხსენებს და შენ საერთოდ ვერ გაახსენდებიო,არ მჯერა,რომ ვერ მიცანი,გოგო?!
ღმერთო,როგორ წიკვინებს,დავიჯერო მართლა ჩემი ახლობელია? ამრეზით შევათვალიერე ლიკუნა.
-ვერ გიცანით,თუ შეიძლება დამტოვეთ,მეძინება,-გამოვუცხადე მობეზრებულმა.
-ერთი თვეა გძინავს გოგო,რა ვერ გამოიძინე..მართლა არაფერი გახსოვს,თუ იტყუები? ნუ გეშინია,არ დაგიჭერენ,ყველაფერი მოაგვარეს,-ახლოს მოიწია და ყურში ჩამისისინა.
რაო? ვის უნდა დავეჭირე,რა ხდება საერთოდ? თავი რომელიღაც ფილმში მეგონა.
-ჰო,ჰო,ნუ იყურები ღობეში გაჩხერილ თხასავით,ისინი დაიჭირეს,შენ გადარჩი,მოგვარდა ყველაფერი,ამოიღე ხმა!
ეს ენატლიკინა საიდან გამომეცხადა,უარესად ამირია თავ-გზა.
-ვინ ისინი?-გაოცებულმა შევხედე.
-მაცაცო,ჩემთან არ გაგივა მასეთები,მოხრაკულს გიცნობ,-გადაიკისკისა.-ვინ და შენი შეყვარეული და მეორე,მძარცველი!
მგონი თვალები შემრჩა საღი და ამაზეც ოპერაცია დამჭირდება,გადმომცვივდა.
-გოგო,მართლა არაფერი გახსოვს? მართლა ვერ ხარ ,მგონი,-სახე შეეცვალა.
ისევ დავძაბე გონება,თქვენც არ მომიკვდეთ,პატარა ხელჩასაჭიდიც კი არ ამომიტივტივდა.
-თქვენ ვინ ხართ?-ჯერ უნდა გამერკვია,ეს ენაჭარტალა ვინ იყო.
-აუფ,-თავში შემოიკრა ხელი.-ლიკუნა ვარ,გოგო,შენი დეიდაშვილი,ლამარა დეიდაშენი,არც ის გახსოვს? გარეთ დგას,დავუძახებ.
-არა! არავის დაუძახო!
-ნუ მაშინებ,მაცაცო,ექიმმა თქვა ახლობლების გარემოცვაში,ყველაფერს აღიდგენსო და მე თუ ვერ მიცნობდი,ნამდვილად არ მეგონა,-ისე ეწყინა,თითქოს დამნაშავე ვიყო რამეში.
-გამივლის ალბათ,მეც არ ვიცი,დაბნეული ვარ,ვის უნდა დავეჭირე,რა მოხდა,ვინ მომდევდა?-დავაყარე კითხვები.
ლიკუნამ ისეთი დაძაბული ხმით დაიწყო მოყოლა,ტანში გამცრა.დრო და დრო თვალები გადაბინტულ შუბლზე ამდიოდა. ნერწყვიც არ ჩაუყლაპავს,ისე სწრაფად ისროდა სიტყვებს,უკვე აღარც მესმოდა რას ამბობდა,უჰაერობისგან სპაზმი დაემართა,მე გავლურჯდი მის მაგივრად.კიდევ კარგი ვერ ვიცანი,რომც ვიცნო,ამას როგორ ვიტყვი?
-აი,ასე იყო,-დასასრულს ამოისუნთქა და მეც მომეშვა.
-ექიმის თანხმობის გარეშე აქ შემოსვლა აკრძალულია!-მჭახედ გაისმა ექთნის ხმა.ლიკუნა ფეხზე წამოხტა და გასვლამდე მაინც მოასწრო ეთქვა,რომ კიდევ მოახერხებდა ჩემს ნახვას.ნეტავ,აღარ შემოუშვან,თორემ საერთოდ არ მომინდება მეხსიერების დაბრუნება,ისეთი ჰიჩკოკური ამბები მომიყვა.
ექთანმა საუზმე შემომიტანა და თავის ხელით მაჭამა,აბა,ჩემი ხელები შვებულებაში იყო და.. წელზეც შემომიცურა ხელი და დამიზილა,ისე მესიამოვნა,მეგონა მეორედ დავიბადე.ნეტავ,როდემდე მომიწევსს ასე გაშეშებული წოლა? დრო ბლომად მაქვს,რომ ვიფიქრო,იქნებ გავიხსენო რამე.
საუზმეს მოვრჩით,თუ არა,ისევ შემოვიდნენ ჩემი მშობლები და აწურულები დადგნენ შორიახლოს.მამაჩემს დავაკვირდი,სახე გაფითრებული არ იმჩნევდა ნერვიულობას,აი დედაჩემი კი ცქმუტავდა,ადგილს ვერ პოულობდა.
ნუთუ,მართლა ჩემი დედ-მამაა? ორივე კარგად დავათვალიერე.
-მაცაცო,ექიმმა თქვა,საიმედო მდგომარება აქვს,მალე გამოჯანმრთელდებაო,არაფერზე ინერვიულო დედი,-ისევ ცრემლები წამოყარა.
-აი,შენი საყვარელი ნივთები მოგიტანეთ,აქვე დავაწყობ,-სწრაფად დაიწყო ჩანთიდან ამოლაგება.
-გახსოვს,ეს სამაჯური პირველი ხელფასით იყიდე,-ვერცხლის ნაკეთობა ტუმბოზე დამიდო.შევათვალიერე,არაფერს მეუბნებოდა.
-აი,ეს შენი ყავის ფინჯანი,ლამის ჩანთით დაგქონდა,-პატარა,მწვანე ჭიქა ამოაძვრინა და ახლოს დამიტრიალა.ტუჩები ავპრიხე,ვერაფერს მახსენებს.
-აი,ეს დედიკო? -პატარა ბავშვის სურათი ამოიღო და სახესთან გამიჩერა.სურათიდან კიკინებიანი გოგონა ლაღად მიცინოდა.-შენ ხარ ეს,სამი წლის ხარ,აქ,-ხავსს ეჭიდებოდა დედა.უარის ნიშნად,ოდნავ გავაქნიე თავი.მამას შეშინებულმა შეხედა,რაზეც ზურამ კეფა მოიქექა,აშკარად გამოსავლის ძებნაში იყო.
ძალიან შევწუხდი,ვერ ვიგებდი ეს უცხო ქალი,რატომ გადამეკიდა,ან ამ კაცს ,დრო და დროს რატომ უბრიალებდა თვალებს?
-ნუ ნერვიულობთ,ქალბატონო,ჯერ ძალიან ადრეა,აუცილებლად დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას,-ღიმილით შემოვიდა გაიოზ ექიმი. დედამ ხელის კანკალით შეკრა ჩანთის ელვა.
ექიმის დიდი თხოვნის შედეგად,როგორც იქნა,მანანა და ზურა სახლში წავიდნენ.ასე,მოკლე დროში არ ელოდოთ,ეტაპობრივად ხდება მეხსიერების აღდგენა,ტყუილად ნუ აძალებთ,ეს სტრესს იწვევს და მკურნალობის ფუჭად ჩავლასო.სხვა რა გზა დარჩენოდათ,დაუჯერეს და მეც ამოვისუნთქე,ნამდვილად მჭირდებოდა სიმშვიდე.თვალები დავხუჭე და ძილის მინისტრს მივადექი კარზე.მანაც არ დააყოვნა და სწრაფად შემითრია თავის სამფლობელოში.
***
არ ვიცი,რამდენ ხანს "ვმოგზაურობდი",სიცივის შეგრძნებამ ოდნავ გამომაფხიზლა და ნათლად ჩამესმა შეშფოთებული ხმები.
-სასწრაფო გამოიძახეთ,ოფლად იღვრება!
-მგონი გონს მოდის,ამოძრავდა!
-კიდევ მოუსვი წყალი და ხელები დაუზილე.
ვიგრძენი როგორ გამეტებით დამისრისა ვიღაცამ ხელები.ძლივს გამოვერკვიე და თვალი გავახილე.ბევრი ადამიანი მადგა თავს,შეშინებული სახეებით.
-მადლობა ღმერთს!-დაიძახა ერთმა ქალბატონმა და გაზეთი მონდომებით დამიქნია.
-გოგონა,როგორ ხარ?-ახლა მამაკაცი დამაცხრა თავს. უაზროდ მოვატარე თვალი ყველას.მგონი მოვკვდი და არ ვიცი,ერთი ნაცნობიც არ დამხვდა დავიჯერო? ნეტავ,სამოთხეა,თუ ჯოჯოხეთი,თუ ჯერ რიგში ვდგავართ?! შემეშინდა და დაფეთებული წამოვხტი.
-არ ადგე ცოტა ხანს,მოიცადე,- მეორე მამაკაცმა ხელი მომკიდა.
-სასწრაფოა,თუ რა ჯანდაბაა,რატომ იგვიანებს?-ქალმა გაბრაზებით წამოიძახა.
დავიჯერო,აქაც მოდის სასწრაფო?
-გაიოზ ექიმი სად არის?-ძლივს ამოვთქვი და შეშინებულმა გავაცეცე თვალები ჩემს სხეულზე.ჰოი,საოცრებავ,სახვევები და თაბაშირები სადღაც გამქრალიყვნენ.თავზე წავივლე ხელი,შემდეგ ტანზე ჩამოვიტარე,ფეხებიც მოვისინჯე,ყველაფერი რიგზეა.არა,უეჭველი მკვდარი ვარ,აბა რა,კუბოში როგორ ჩამაკვეხებდნენ ათი კილო თაბაშირით,მომხსნეს ეტყობა.
-ექიმი ახლავეს მოვა,დამშვიდდი გოგონა,რა გქვია?
რა მქვია? რა მქვია?
-მაცაცო..სად ვარ?
-სააქაოს ხარ,-რომელიღაცამ დამაკვალიანა.გაიგე ახლა,რას გულისხმობს? ნელნელა მოვატარე ირგვლივ მზერა,აშკარად სამარშრუტო ტაქსიში ვარ.ალბათ,ამით გადავყავართ,მე კი სულ სხვანაირად წარმომედგინა.
სასწრაფომაც მოაღწია.როგორც ბროლის საყვავილე,ისე ციმციმ ჩამიყვანეს და რეანომობილში მადურთინეს თავი.ამ ჯანჯღარში ისე გამოვხიზლდი,უცებ დავუბრუნდი რეალობას.ჩემი მუდარა,რომ კარგად ვიყავი და უბრალოდ ღრმად მეძინა,არავინ იღო ყურად.
-არ ინერვიულოთ,გაგსინჯავთ და თუ ყველაფერი რიგზეა,გაგიშვებთ,-დაზეპირებულივით მომაყარა ბრიგადის ექიმმა და წნევის საზომი მკლავზე წამიჭირა.ვერაფერი შევასმინე,რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.
-ორსულად ხომ არ ხარ?-ჩამაკვირდა. დამცინის მგონი,ორსულად კი არა,კაცი არ მინახავს თვალით.
-არა!
-ნამდვილად იცით?
ჩემს სახტად დარჩენილ ჰორმონებს,კიდევ ამის დამატება უნდოდათ?
-ნამდვილად,ქალწული ვარ,-უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე.
-მდაა..ციკლი როდის გქონდათ?
ახლა ამას აბარე "აჩოტები".
-იცით,მე სრულიად ჯანმრთელი ვარ,უბრალოდ მეძინა, ღრმა ძილი ვიცი.
-წნევა მაღალია,გულისცემაც მომატებული,-ისე მითხრა,თითქოს ჩემი გამოჭერა უნდოდა ავადმყოფობაში.
-აღელვების ბრალია,იმდენი მიტყაპუნეს,-მგზავრების მისამართით გავბრაზდი.
დიდი კამათის შედეგად,ფრონტის წინა ხაზიდან გამარჯვებულივით გადმოვხტი რეანომობილიდან და გზას სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი. დრო და დრო სიცილს ვერ ვიკავებდი,მიხაროდა,რომ ყველაფერი რაც ვნახე,კოშმარული სიზმარი იყო და საღ-სალამათი მივაბიჯებდი სახლისკენ.
კარი შევხსენი,თუ არა,უცნაური ხმები მომესმა.
-არ არსებობს..-დავიჩურჩულე და შევჩერდი.-ნუთუ,მიცხადდება?-შიშმა შემიპყრო და უკან დახევა ვამჯობინე.ის იყო,ნაბიჯი კიბისკენ გადავდგი,მკლავში მეცა ვიღაც და სახლში შემათრია.დაყვირებაც ვერ მოვასწარი,ისე ამაკრა კედელს და იარაღი საფეთქელთან მომაბჯინა.ნეტავ ,ვერ მეცნო,ჩემს წინ გია იდგა,მის ზურგსუკან კი ზაზა ჟღენტი.
-ხმა,რომ ამოიღო,ტვინს გაგასხმევინებ,-დამემუქრა გია და უფრო მომაჭირა იარაღი. გაოგნებისგან ტკივილი ვერ ვიგრძენი.
-უნდა დავილაპარაკოთ,-თვალებდაჭყეტილმა ვუთხარი.
-აუცილებლად,-თავის ქნევით დამეთანხმა და ოთახისკენ მიბიძგა.როგორც სიკვდილმისჯილი ტუსაღი,ისე წავედი.
-ნებით მოგვცემ ფულს ,თუ გვეტკინოს და ისე?-მისაღებ ოთახში როგორც კი შევედით,ზაზამ ცინიკურად მკითხა.
-ახლა რასაც გეტყვით,არარეალურად მოგეჩვენებათ,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,-ვეცადე მშვიდი ხმა მქონოდა.
-დაიწყო "ბაბუშკინა სკაზკი",-უკმაყოფილოდ თქვა გიამ და ხელის კვრით სავარძელზე დამახეთქა.
-უნდა მომისმინოთ! ორივეს გიცნობთ,შენ გია ხარ,შენ კი ზაზა ჟღენტი!-მეხივით გაისმა ჩემი ხმა.ორივე ადგილზე შედგნენ. მაშინვე მივხვდი,რომ მიზანში მოვარტყი და ზუსტად ხდებოდა სიზმარში ნანახი.
-მორჩი ყბედობას,გეშლება,სად გაქვს ფული?-არ გატყდნენ,არა და,მათ შემცბარ სახით ,თუ ვიმსჯელებთ,არაფერი მეშლებოდა.
-დავიწყებ იქიდან,რომ მისამართი შეგეშალათ,ბინა ნამდვილად 33 ია,მაგრამ ეს "ა"კორპუსია,-ვთქვი და წარბაწევით ავხედე ორივეს.
-ეს ვინა არის,ტო?-გიამ ჯერ ზაზას გახედა,შემდეგ მე ჩამაჩერდა თვალებში.
-ბოლომდე მომისმინეთ,-სანამ კარგად მოეგებიან გონს,სასწრაფოდ უნდა ვუთხრა,თორემ მერე გვიანი იქნება.
-მე მაცაცო ვარსიმაშვილი ვარ,დედით ჩოხელი,ბებიაჩემი თავადის ქალი იყო..
-მოკეტე!-დამიღრიალა გიამ.
რა სულელი ხარ მაცაცო,რა დროს ბრტყე-ბრტყელი საუბრებია,დროზე თქვი სათქმელი,სანამ შენს ადგილას წითელი ლაქა დარჩენილა.
-ნუ ყვირი,მეზობლები გაიგონებენ,მე კი მინდა,მშვიდობიანად დავშორდეთ.
ორივემ ეჭვიანად მოჭუტეს თვალები.
-ვინაიდან მისამართი აგერიათ,თქვენ დაჟინებით მომთხოვთ ფულს და ოქროს,რომელიც არ გამაჩნია..
-ეს უბერავს?!-ზაზაც გაცხარდა.
-თუ არ დამაცდი მოყოლას,ჯერ საავადმყოფოში აღმოჩნდები დაჭრილი,შემდეგ კი ციხეში, შენს ძმაკაცთან ერთად!-თვალების ბრიალით ახლა მე ავუწიე ხმას და წამოვხტი. ორივე დაიბნა,ერთმანეთს კითხვისნიშნის თვალებით გადახედეს.სანამ გონს მოეგებოდნენ სულ სხაპა-სხუპით აღვუწერე,თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები,თუ ახლავეს არ წავიდოდნენ მშვიდობით.ერთი დეტალიც არ გამომრჩენია.
-არ მინდა ამნეზია,გესმით? არც ის მინდა დამტვრეული ვიწვე საავადმყოფოში!-სასოწარკვეთილმა ჩავამთავრე მოყოლა.
ორივე გაოგნებული მისმენდა.
-გოგლას საიდან იცნობ?-წყალწაღებულივით ხმა ჰქონდა ზაზას.
-გაზეთების ჯიხურიდან.
-რა ლაილაი გაუბი,გიჟია ეს ქალი!-დაიძარღვა გია.
-არ ვარ გიჟი,სიმართლეს ვამბობ,ზუსტად ასე მოხდება,წადით რა,-მუდარაზე გადავედი.
-ამის გჯერა?-შეატყო,ზაზა უკან იხევდა.
-წავედით,-თქვა ზაზამ და გიას თავის მოძრაობით კარისკენ ანიშნა.
-შენ ხომ არ უბერავ ბიჭო,გვიცნობს და ისე ტოვებ? ჩაგვიშვებს!
გული გადამიქანდა,სიზმრის ასლი იყო ყველაფერი. ჩემი დაკარგული მეხსიერება დამიდგა თვალწინ .
-ჩაშვება,რომ მდომოდა,მაშინ ჩაგიშვებდით,შეყვარებულად კი არ გამოვაცხადებდი!
-რას ბოდავ,რა შეყვარებული,ეგ ზღაპრები ბებიაშენს მოუყევი!-გიამ ისევ მკრა ხელი და ხელმეორედ დამაგდო სავარძელზე. -მოგკლავ გოგო!-იარაღი ახლა მკლავზე მომაჭირა.
-შეეშვი და წამოდი!-დაუყვირა ზაზამ.
-ბიჭო,ამ "ნათელმხილველის" როგორ გჯერა? უეჭველი ფული აქვს და რაღაცას ჩმახავს!
-არ მაქვს ფული,დღეს სამსახურიდანაც დამითხოვეს,-ამოვიკნავლე.
ზარის ხმაზე სამივე შევხტით და ერთმანეთს გადავხედეთ.
-ვინმეს ელოდები?-კბილებში გამოსცრა ზაზამ.
-არავის,მეზობელი იქნება,-სულაც არ მაწყობდა დაუპატიჟებელი სტუმარი.
ზარი ჯიუტად არ წყდებოდა.უეჭველი ლიკუნა იქნება,იმან იცის ასე,ღილაკზე უხორცდება თითი,სანამ არ გაუღებ.უარესად შევშინდი,მასაც,რომ რამე დაშავებოდა,ჩემს თავს არ ვაპატიებდი.
-უნდა გავაღო,თორემ არ მომეშვება,იფიქრებს,რომ ცუდად ვარ და ხუთ წუთში გამოიძახებს მილიციას,სახანძროს და სასწრაფოს ერთად.
-გააღებ და ორ ტრუპს გაიტანენ აქედან,-მითხრა გიამ.
-მაცაცო,ვიცი სახლში ხარ,გამიღე!
ლიკუნას წვრილმა ხმამ,ტყვიასავით გამიარა ფერდებში.
-უთხარი,რომ ვერ გაუღებ,საყვარელი გყავს,-დიადი აზრი დაებადა ზაზას.
ამ გამწარებულ გულზე,ლამის გამეცინა.ქვეყნის დასასრულს უფრო დაიჯერებდა,ვიდრე საყვარლის ყოლას.
-მაცაცო,თუ არ გააღებ,ჯერ მანანას დავურეკავ,მერე კი...-ლიკუნას ფხუკუნი მომესმა.
-შეინახე იარაღი და სამზარეულოში გადით!-ვუბრძანე ორივეს.
-გაუღე კარი!-გიამ ფეხზე წამომაგდო და კარისკენ მიბიძგა.
-არა,გთხოვთ,ის არაფერ შუაშია,არაფერს ვიტყვი,მოვიფიქრებ რამეს..-ცრემლები მომაწვა.ამ ქვეყანას,ძლივს მოვლენილი გოგო,ვისი მსხვერპლი უნდა გამხდარიყო?!დეიდაჩემს მთელი თვრამეტი წელი არ ჰყავდა შვილი,დიდი მცდელობის და მკურნალობის მიუხედავად,ვერ დაფეხმძიმდა.უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული,რომ ლიკუნა მოულოდნელად გამოგვეცხადა.მე უკვე თვრამეტი წლის ვიყავი,როდესაც დაიბადა.მგონი,ლამარაზე ძალიან მე მიხაროდა,სადაც მივდიოდი,ხურჯინივით აკიდებული დამყავდა ყველგან.
-გაუღე მეთქი!-კართან მიმაგდო და ზურგსუკან ამომიდგა.დავინახე ზაზაც როგორ მოგვყვა კუდში და კედელთან,მოფარებულში დადგა.
კარის გაღება ცუდი იდეა იყო,არა და შეიძლებოდა ესენი სტუმრებად გამესაღებინა და მშვიდად დავშლილიყავით.ახლა კი,დაიძაბა სიტუაცია.კიდევ ვცადე მოლაპარაკება,რაზეც უარი განმიცხადეს და მიბრძანეს კარი გამეღო.ამას არ დავუშვებდი,მივხვდი,უკან დამხევები არ იყვნენ,ისევ ჩემი სიკვდილი სჯობდა.
-ლიკუნა,გაიქეცი,დროზე!-ვიყვირე განწირული ხმით და მაშინვე ვიგრძენი თავში სიმძიმე.
თავი2
-რად მინდა სახლ-კარი,თუ ჩემი შვილი არ მეყოლება?-მანანას ქვითინზე ოდნავ გავინძერი,მაგრამ თვალის გახელა ვერ მოვახერხე.ისე მქონდა დამძიმებული ქუთუთოები და თავიც.
-მგონი მოდის გონს,-ზურას ხმა ვიცანი და ლოყაზე მისი ხელიც ვიგრძენი.
-მაცაცო,ლიკუნა ვარ,ცოცხალი ხარ,გოგო?-წვრილი ხმა ისე, როგორც არასდროს,ზარივით ჩამესმა და მესიამოვნა.უცებ გავირინდე,ახლა გაიოზ ექიმის ხმაც,რომ გავიგო,შეიძლება ნამდვილად გავგიჟდე,გავიფიქრე და ბნედა მეცა.უცებ გამახსენდა ყველაფერი,მძარცველები იარაღით,ლიკუნა კარს მომდგარი და შემდეგ თავში სიმძიმე.
-გვანიშნე მაინც,გოგო,ვნერვიულობთ!-მოუთმენლად წამკრა თითი ლიკუნამ.
ნეტავ,რა მოხდა,რა ბედი ეწიათ ყაჩაღებს? მე ყველაფერი მახსოვს,ესე იგი მეხსიერება არ დამიკარგავს,უცნაურია.სიზმარი მთლად კოპიო ვერ გამოდგა.
ხელები ავამოძრავე,ფეხის თითებიც ავათამაშე,შემდეგ მუხლებში მოვხარე,ისევ გავშალე,გამიხარდა,თაბაშირი არ მადევს,სასწაულთან მაქვს საქმე.მივხვდი,ჩემს მოძრაობებს სუნთქვაშეკრულნი ადევნებდნენ თვალს,ხმა არ ამოუღიათ.ახლა,მე რომ თვალი გავახილო და დავილაპარაკო,დამაყრიან კითხვებს,მე კი აუცილებლად უნდა გამეგო ჯერ სიმართლე,თუ რა ბედი ეწიათ მძარცველებს და შემდეგ ამეწონ-დამეწონა მომხდარი.
-მგონი ენა გადაყლაპა,რა ჩასცხეს ასეთი?-შეწუხებულმა ჩაილაპარაკა ლიკუნამ.
-გაუხმეთ ხელები! რომელი მილიონრები ჩვენ გვნახეს?- მოთქმით დაიწყო მანანამ.-მაცაცო,შვილო,შემომხედე.
-კრაზანის ნაკბენს უგავს თვალები,ვერც გაახელს,-ლიკუნას ენის წვერი ნელ-ნელა ეყოფოდა ორად.
-დავადოთ ისევ საფენები,-ზურას მზრუნველ ხმაზე ლამის ამეტირა.
-სად ვარ? -უნდა გამეგო სად ვიმყოფებოდი.
-საავადმყოფოში,-მამამ გამცა პასუხი.
-თქვენ ვინ ხართ?-გადავწყვიტე,სიზმრის ბოლომდე გამოყენება.
-ვაიმე! ექიმს დაუძახე ჩქარა!-მანანამ ისე გულმოსაკლავად დაიძახა,ლამის გადავიფიქრე ამნეზიობანა.
-ერიჰაა,-ლიკუნამ წაუსტვინა.
ნაცნობი ხმა ,რომ მომესმა,ისე შევხტი,თვალები თავისით გამეხილა.გაიოზ ექიმის დანახვაზე,ლამის კრუნჩხვა დამეწყო,ისე ავწრიალდი.
-ო,ჩვენმა ლამაზმა გოგომ გამოიღვიძა,-ბედნიერი ღიმილით დამადგა თავს.დამცინის მგონი,ეკონომიურად ვიხედები,ისე მაქვს შეშუპებული სახე,რა სილამაზე?!
-აქ რატომ ვარ,ან თქვენ ვინ ხართ?-ფრთხილად ვიკითხე,ემანდ არ გამეყიდა თავი.
-მე შენი მკურნალი ექიმი ვარ,გაიოზი მქვია,ესენი კი შენი მშობლები არიან.
ზურას და მანანას გადავხედე,დაძაბულები მიყურებდნენ.
-თავის ქალის ტრავმა,ბლაგვი საგნით გაქვს მიყენებული ჭრილობა,გახსოვს რამე?-გამომძიებელივით დამაკვირდა.
-ვინ ჩამარტყა?-მიამიტურად ვიკითხე.
-მდაა..ერთი წუთით..-ჯიბიდან პატარა ფანარი ამოიღო და ჩასისხლულ თვალებში ჩამანათა.არ მესიამოვნა მკვეთრი შუქი.
-ვერ გვიცნო,-მანანამ ცრემლები წამოყარა.
-ნუ ნერვიულობთ ქალბატონო,ეს დროებითია,მსუბუქი ტვინის შერყევაა,დარტყმა არც ისე ძლიერი იყო,რომ მეხსიერების დაკარგვა გამოეწვია.კარგია,რომ ჰემატომა არ განვითარდა და ღია ჭრილობაა,ეს ნაკერები კი,უცებ შეუხორცდება.ორ დღეში კარგად იქნება.
რაო? ნაკერებიც მადევს? ამას არ ველოდი.მოგძებნით და პირზე დაგადებთ ნაკერებს!-გულში დავემუქრე გიას და ზაზას. ეს ორი დღის ვადაც არ მაწყობდა,როგორმე უნდა გავწელო დრო.
-შეგიძლიათ სახლში დაბრუნდეთ,დამამშვიდებლებს გავუკეთებთ,დაიძინებს,-მიმართა ჩემს მშობლებს.
-მე დავრჩები,-განაცხადა ლიკუნამ.რა მატრაკვეცაა,ისე კი მაწყობდა მისი მარტო ხელში ჩაგდება,ბევრ რამეს გავიგებდი მისგან.
დიდი ბჭობის შემდეგ,ზურა და მანანა გაისტუმრა ლიკუნამ და ცბიერი ღიმილით ჩამომიჯდა საწოლზე.
-წავიდნენ,ახლა მაინც ამოღერღე,რომ მიცანი.
-რა მოხდა,საიდან აღმოვჩნდი აქ?- საკენკი დავუდე ტექნიკურად.
-მართლა არ გახსოვს,გოგო? განწირული,რომ მიკიოდი,გაიქეციო?
-არაფერი მახსოვს და თქვენ ვინ ხართ?
-ვინ ვარ და იაპონიის ელჩი,-სიცილი აუტყდა.რა არასერიოზულად უდგება ჩემს ავადმყოფობას,სულ ასეთი ცანცარაა.
უდნობლად შევხედე და დავუბღვირე.
-ვინ ჩამარტყა,საერთოდ რა მოხდა,შეგიძლიათ ამიხსნათ?
-მანანა კი იძახდა,ჭკუა აქვს გამოცლილიო,მგონი მართალია ის ქალი,-ისევ წამკბინა.
ნეტავ,ახლა ამნეზია არ მქონდეს,აქვე გავჩეჩავდი ამ ტლიკინას.
სულ წერტილ-მძიმით მომიყვა,თუ როგორ გაიქცა და გამოიძახა მილიცია,მანამდე მთელი სამეზობლო შეუყრია.აი,გია და ზაზა არავის დაულანდავს.მხოლოდ მე მიპოვნეს იატაკზე გაფშეკილი.
-ასე იყო..არაფერი გახსოვს? ან მათი სახეები?-დასასრულს დასერიოზულდა.
-არაფერი,-ურცხვად მოვიტყუე.
-რა მაგარია,ნეტავ მე დამემართოს მასე,გამოცდებს ავცდებოდი,-მართლა გულით ინატრა.თავი შევიკავე,რომ არ გამცინებოდა.
-თქვენი სახელი?-ვკითხე და დავინახე,როგორ დაკარგა ფერი.
-ვაიმე,მაცაცო,მაშინებ..-ლამის ტირილი დაიწყო.-ლიკუნა ვარ,შენი დეიდაშვილი.
-ლიკუნა,ლიკუნა..არაფერს მეუბნება ეს სახელი.
-აქამდე ყველაფერს გეუბნებოდა,-ეწყინა.
-არ ვიცი,სიმშვიდე მინდა..-ვთქვი და თვალები დავხუჭე.
ლიკუნამ ერთი ამოიოხრა და ყურებჩამოყრილი საწოლიდან სავარძელზე გადაჯდა.
ესე იგი,ისინი ვერ დაიჭირეს,არც ის იციან,ვინ არიან,ან რამდენი არიან..ეს კარგია,თუ ცუდი,ვეღარ ვიგებდი.მე,რომ სიმართლე მეთქვა და თავიდან ბოლომდე მომეყოლა ყველაფერი,უეჭველი გიჟად შემრაცხავდნენ და ფსიქიატრიულში გამომაწყვევდნენ.ტყუილი,რომ მეთქვა,ისეთი ბედი მაქვს,სიმართლე გამოაშკარავდებოდა და სიზმარი მოგონება იქნებოდა.ჯერ მაინც ამნეზია მაქვს,დრო თავისით დაალაგებს ყველაფერს.გოგლა უნდა ვნახო,სხვა გზა არაა..
***
ათი დღე გავიდა..
წოლითი რეჟიმი აღარ მქონდა,ჩემს მოხოტრილ თავზე გაბანტული ნაკერები იწონებდნენ თავს. ყველაფერმა ჩაიარა,ჩემი ამნეზიის გარდა,რის გამოც,კონსილიუმის მოწვევა გახდა საჭირო.დაუჯერებლად მიაჩნდათ ჩემი მდგომარეობა,მე კი უტეხად პირველ ჩვენებას ვაწვებოდი.ფსიქიატრიც კი მეწვია,რაზეც ,ცოტა არ იყოს შევშინდი და უკან დახევა გადავწყვიტე.ბევრი საუბრის შემდეგ,ვთქვი,რომ მახსოვდა წარსული,ოღონდ არ ვარ დარწმუნებული,ნამდვილად ჩემია ,თუ ფანტაზიის ნაყოფი-მეთქი.აქ უკვე მშობლებიც მოიწვიეს და ტირილნარევი სიხარულით ამცნეს ექიმს,რომ სიმართლეს ვღაღადებდი.აი,ძარცვის ეპიზოდს კი არ შევხებივარ,რაზეც თავის ქნევის თანხლებით დაადგინეს,რომ ძლიერი სტრესის გამო,საერთოდ ამოვარდა ცნობიერებიდან ის მომენტი,რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გამხსენებოდა.
ჩემს დაგვირისტებულ თავზე,ძაფებიც ამომაძვრეს და სახლში გამწერეს,მთელი რიგი დანიშნულებით,რაც გამოიხატებოდა იმაში,რომ სასტიკად აკრძალული იყო ჩემთვის პატარა ნერვიულობაც კი. რადგან მანანას საყვედურებს ვეღარ მოვისმენდი,თანახმა ვიყავი,მთელი სიცოცხლე, ასე, ალაგ-ალაგ ამნეზიით მეცხოვრა.
გამოძიება კი ჩიხში იყო შესული.იმ დღისით,მეზობლად მაცხოვრებლებს დაუნახავთ ორი ბიჭი,რომლებიც თავპირის მტვრევით გარბოდნენ.მე კი სიტყვაც ვერ დამაცდენინეს.არ მახსოვდა და მორჩა!
***
ამ ამბიდან,ზუსტად ერთი თვის თავზე,გარეთ გასვლა გადავწყვიტე,გოგლა უნდა მომეძებნა.ლიკუნამ შეიცხადა,მარტო არ გაგიშვებო.ამ მატრაკვეცას გამოყოლა არაფერში მაწყობდა.ხან რა მოვიმიზეზე,ხან რა,არაფერმა გაჭრა.
-გოგო,დაცვა ხომ გინდა? ვინმემ რამე არ ჩაგცხოს თავში და ისევ არ დაგავიწყდეთ,-კისკისით მოიცვა ქურთუკი.
-ლიკუნა,შორს არ მივდივარ,მარტო მინდა გასეირნება,-ვუთხარი მკაცრად.
-მანანამ და ზურამ შენი თავი მე ჩამაბარეს,-გამომიცხადა წარბაწევით.
-ორი ინდაური არ ჩაგბარდება შენ!
-ვიცი,იმიტომაც ჩამაბარეს ერთი,-ენა გამომიყო.
-ახლა,რომ ნაბიჯი გადმოდგა,გეფიცები ვერავინ გამომწიწკნის შენს თავს ხელიდან!-დავუბრიალე თვალები და კარის სახელურს დავწვდი.
-ვინმეს უნდა შეხვდე?-ეშმაკურად ჩაიცინა.
-დიახ!
-მაცო?!
თვალები გადმოკარკლა,სიცილი ძლივს შევიკავე.
-ხმა!
გავიხურე კარი და ლიფტი გამოვიძახე.გაჩერებამდე ლამის სირბილით მივედი და იქვე მდგარ სამარშრუტო ტაქსიში შევხტი.თან უკან ვიყურებოდი,ლიკუნა არ დამედევნოს და ჩემი შერლოკ ჰოლმზობა აქვე არ დამთავრდეს-მეთქი.საბედნიეროდ, დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მივაღწიე.ნაცნობ ჯიხურის დანახვაზე გული ამიჩქარდა და შევდექი.შორიდანვე დავზვერე,შიგნით მჯდომი არ ჩანდა.ახლა სხვა მხრიდან მივუდექი,ვერც იქიდან დავლანდე ვინმე.ღრმად ჩავისუნთქე და პირდაპირ მივაჭერი.გოგლას მაგივრად წვერ-ულვაშიანი მამაკაცი დამხვდა.
-გოგლა არ არის დღეს?-ღიმილით ვკითხე გამყიდველს.
-გოგლა?
-დიახ,ჭროღა თვალებით..სიმპათიური..
-მასეთი არავინ არის აქ.
-ერთი თვის წინ,ზუსტად მისგან შევიძინე გაზეთი,-ეჭვიანად დავაკვირდი,ვიფიქრე მიმალავდა.იქნებ,ზაზასგან შეიტყო ყველაფერი და ერთად აორთქლდნენ?!
-არა,ქალბატონო,აქ მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ,-სულ გადამიწურა იმედი.
-უცნაურია..-ჩემთვის ჩავილაპარაკე და კიდევ ერთხელ მოვათვალიერე იქაურობა.არაფერი მეშლება,ნამდვილად ის ჯიხურია,ადგილიც ზუსტად ის.
-ჟღენტია გვარად,-ხავსს ჩავავლე ხელი.
-არ ვიცი,აქ მასეთი არავინ მეგულება,-მხრები აიჩეჩა და ჩემს ზურგსუკან მომდგარ კლიენტს გახედა.რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ ადგილი უნდა გამეთავისუფლებინა.
ყურებჩამოყრილი შევტრიალდი.კიდევ კარგი "ამნეზია"მაქვს და სისულელეები არ დავაყრანტალე.გოგლა საერთოდ არ არსებობს,იქნებ არც იმას ერქვა ზაზა?ან გია? ჩემს ჯანმრთელობაში ნელნელა მეპარებოდა ეჭვი.
სახლში შევედი,თუ არა,ლიკუნა მეცა.
-რა ფერი გადევს,მაცო? სად იყავი,რამე მოხდა?!
-არაფერი,დავიღალე,-ამოვიკნავლე.
-რამეს მიმალავ?-დოინჯი შემოირტყა.
-ლიკუნა,შემეშვი,-ხელი ავუქნიე.
-მაცაცო,რაღაც ხდება შენს თავს და არ ამბობ!
-რას გადამეკიდე გოგო? მშვენივრად ვარ,-მოჩვენებითი მხიარულება შევაპარე ხმას.
-შეტყობინება მოიტანეს,გამომძიებელთან ხარ დაბარებული,-ბეჭედ დასმული ქაღალდი ამაფარა სახეზე.
-ესღა მაკლდა,-უკმაყოფილოდ ვთქვი და ფურცელი ხელიდან წავგლიჯე.
"უფროსი გამომძიებელი გ.ჟღენტი" წავიკითხე და თვალთ დამიბნელდა.
-არ არსებობს,-ვთქვი და ისეთი სპაზმი ვიგრძენი ყელში,ხველა ამიტყდა.გავწითლდი,სულს ვეღარ ვითქვამდი.ლიკუნა შეშინებული მეცა და მთელი ძალით ჩამცხო ხელი ზურგში.
-ოღონდაც ჩემს ხელში ნუ დალევ სულს,კარგად ხარ?-წყლით სავსე ჭიქა პირთან მომიტანა.
ერთი ყლუპი მოვსვი და თვალებიდან გამოვიხედე.ხელმეორედ დავხედე ფურცელს,ისევ "გ.ჟღენტი" ეწერა. "სამშაბათი 10:00"საათი.ესე იგი მეორე დღეს მიწევდა მისვლა,კარგია,იქამდე ცოტა დავწყნარდები და აზრებსაც დავალაგებ.ეს, თუ გოგლა აღმოჩნდა,უეჭველი, ხელმესამედ ვეწვეოდი გაიოზ ექიმს.
***
გრძელი დერეფანი გულისფანცქალით გავიარე და მორიგეს მიერ მითითებულ კართან შევჩერდი.აბრაზე გარკვევით ეწერა გამომძიებლის გვარი.ღრმად ჩავისუნთქე და კარზე მორიდებით დავაკაკუნე.
-მობრძანდით!
მკაცრ ხმის გაგონებაზე შევხტი და კარი ნახევრად შევხსენი,ბანკის მძარცველივით დავზვერე ოთახი. გამომძიებელი თავჩარგული იჯდა სამუშაო მაგიდასთან და გამალებით წერდა.
-გისმენთ!
თავი ასწია და დამაკვირდა. ელდა მეცა,როდესაც გამომძიებელში გოგლა ამოვიცანი. ვიგრძენი,როგორ დამასხა ცივმა ოფლმა და ტუჩებიც დამიბუჟდა.
-გისმენთ ქალბატონო?!-კალამი დადო და თვალმოჭუტულმა შემათვალიერა.
ნაბიჯები შენელებული კადრივით გადავდგი,მეგონა დედამიწა ფეხქვეშ მეცლებოდა.თვალებდაჭყეტილი მივუახლოვდი მაგიდას.
-მე მაცაცო ვარსიმაშვილი ვარ,თქვენ დამიბარეთ,-ენის ბორძიკით ვთქვი და სკამს დავეყრდენი.
-დაბრძანდით,-მკაცრად მითხრა და სუფთა თაბახის ფურცლები მოიმარჯვა.
დავიჯერო,ვერ მიცნო,თუ თვალთმაქცობს? სკამის კიდეზე ჩამოვჯექი და სუნთქვა შევკარი.
-წყალი ხომ არ გნებავთ?-აშკარად შემატყო ნერვიულობა.უარის ნიშნად თავი გავაქნიე.წყალი კი არა,საწამლავი მინდა,რომ დასრულდეს ჩემი წამება,გავიფიქრე და დაბნეულმა თვალებს ადგილი ვერ მოვუძებნე.
-გამომძიებელი გოგლა ჟღენტი,-ხელი გამომიწოდა.ძლივს შევაგებე ჩემი თითები.
გოგლაო?არ მომესმა,ნამდვილად ის იყო.
-დავიწყოთ?-საქმიანად შემომხედა.
-დავიწყოთ,-ღრმად ჩავისუნთქე და სკამზე უფრო მოხერხებულად მოვთავსდი.
-სახელი,გვარი,ასაკი?
აქამდე ასაკს,თუ ვმალავდი,აქ სიმართლის თქმამ მომიწია და არ მესიამოვნა.
-სამუშაო ადგილი?
-დროებით უმუშევარი ვარ,-თავი ჩავკიდე,ჩემს უიღბლო კარიერის გახსენებაზე.
-აქამდე სად მუშაობდით?-წარბებქვეშიდან გამომხედა.ისეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა,ძვალ-რბილში გაატარა. კარგად მახსოვს ეს თვალები და საერთოდაც ყველა მისი ნაკვთი,არაფერი მეშლება,ნამდვილად ის მამაკაცია, ჯიხურიდან.
-საერთოდ,თუ ბოლოს?
-ორივე!
-თორმეტი წელი ვიმუშავე ბუღალტრად შ.პ.ს. "ჯადოსნურ ხელებში",ბოლო ექვსი თვე კი,ისევ ბუღალტრად ,ფაბრიკა " აბრეშუმში ",-ვუპასუხე და უტეხად მივაჩერდი.რა შუაშია ჩემი სამსახური ძარცვასთან?
-რატომ დარჩით უმუშევარი?
აქ კი გამახსენდა ჰალსტუხიანი გომბეშო და განმიახლდა სიბრაზე.როგორც გავიგე,თავის საყვარელი დაუნიშნავს ჩემს ადგილზე.
-კადრების შემცირებაში მოვყევი,-ვიცრუე.აბა,ამას ხომ არ გავუბამდი ჭორაობას?!
-ზუსტი თარიღი,როდის განთავისუფლდით სამსახურებრივი მოვალეობიდან?
იმ დღეს რა დამავიწყებს..
-ზუსტად იმ დღეს, ორ მარტს,-უცებ ვუპასუხე.
-კეთილი..-თქვა და რაღაც ჩაინიშნა.-მომიყევით იმ დღის ყველა დეტალი,სად იყავით,ვის შეხვდით?!
ოპა..ფრთხილად მაცაცო,ნელ-ნელა ცდილობს დამტყუოს ინფორმაცია.
-დაახლოვებით ,დღის თორმეტ საათზე გამოვედი ფაბრიკიდან..გზად,სამარშრუტო ტაქსების გაჩერებასთან მდგარ ჯიხურში ვიყიდე გაზეთი,-ვთქვი და ახლა მე დავაკვირდი კანის ექიმივით.წარბიც არ შეუხრია.
-შემდეგ?
ჰმ,ესეც კარგი მსახიობია,ჩემი არ იყოს! თუ ამასაც ამნეზია ეტაკა?! იქ კარგად ჭიკჭიკებდა და თვალებს მიჟუჟუნებდა?! ან ყველა ჩემს გაგიჟებას ცდილობს,ან მართლა არ ვარ საღ ჭკუაზე.გავიფიქრე და მოვიღუშე.
-გაზეთი"სიტყვა და საქმე"-დავაკონკრეტე და ეშმაკურად მოვწკურე თვალები.
-გასაგებია,შემდეგ?
უყურე ამას,შენ გიჩვენებ სეირს!
-გამყიდველი, მამაკაცი იყო,ჭროღა თვალებით,-მტაცებელივით წამოვიწიე.
-განაგრძეთ,-სმენად იყო ქცეული.
-სანამ გაზეთს მომაწვდიდა,გამეარშიყა,რომ საბედოს ტყუილად ვეძებდი,ის ჩემს წინ იჯდა,-"ჰა,გამოგიჭირე?" თვალებით შევხედე.
-საეჭვო შეამჩნიეთ მას?-ჩამეკითხა.
რა უტეხია,ცდილობს შეურაცხადად მომნათლოს.
-არაფერი,უბრალოდ ყველა დეტალს გიყვებით იმ დღიდან,-უკან დავიხიე.
-კეთილი,განაგრძეთ,სად წახვედით შემდეგ?
-სახლში..საერთოდ,ფეხით სიარული მიყვარს,მაგრამ იმ დღეს გადავწყვიტე სამარშრუტო ტაქსით მესარგებლა.როდის ჩამეძინა,არ მახსოვს,მგზავრებმა გამაღვიძეს,-არც სიზმარი მითქვამს და არც სასწრაფოს ამბავი.
შევატყვე,როგორ ჩაეღიმა.გაგახსენდები ვაჟბატონო!
-შემდეგ?
-სახლში ლიფტით ავედი,ჩვეულებრივად გავხსენი კარი და თავში სიმძიმე ვიგრძენი, შემდეგ არაფერი მახსოვს,-ისე დაეძაბა სახე,აშკარად მიმიხვდა ტყუილს.
-საათი,თუ გახსოვთ დაახლოვებით?-გამჭოლი მზერა მესროლა.
-საათი? ალბათ ორის ნახევარი იქნებოდა,ზუსტად არ მახსოვს.
-გაიხსენეთ..
-ნუ,ორ საათზე მეტი ნამდვილად არ იქნებოდა.
გოგლამ რაღაც ჩაინიშნა.
-მდა.. თქვენი ნათესავის ლიკა ხვედელიძის ჩვენებაში წერია,რომ ის სამი საათისთვის მოვიდა თქვენთან და კარს არ უღებდით,შემდეგ კი დაუყვირეთ დროზე გაქცეულიყო და თავისთვის ეშველა,რა ხდებოდა ამ ერთი საათის განმავლობაში,ცრუ ჩვენებისთვის სასჯელია,მგონი უნდა იცოდეთ!
დამცხა..ოფლად დავიღვარე,სხეული ისე გამიხურდა,გატეხილი კვერცხი,რომ ესროლა ვინმეს ჩემთვის,წამებში შეიწვებოდა.
-რა მოხდა,უნდა მომიყვეთ,რატომ არ გინდათ გაამჟღავნოთ მათი ვინაობა,იცნობთ?!
-წყალი..-ხროტინი დავიწყე.ამით ცოტა დროც მოვიგე.ვუთხრა პირდაპირ,თუ ისევ მყარად ვიდგე მეხსიერების დაკარგვაზე?
გოგლამ წყალი მომაწოდა და კმაყოფილი ღიმილით დაუბრუნდა ადგილს.ყლუპ-ყლუპად ვსვამდი,თან გამომძიებელისკენ ვაპარებდი თვალებს.ნეტავ,ესეც სიზმარი იყოს,ღმერთო მიშველე.
-აბა,რას მეტყვით?
-არაფერი მახსოვს,-საცოდავად მოვიკუნტე.
-ნაცნობები იყვნენ? რატომ აფარებთ ხელს?-ხმას აუწია.
-შეგიძლიათ,ჩემს მკურნალ ექიმს დაუკავშირდეთ,ის აგიხსნით ჩემს მდგომარეობას,-მშველელად გაიოზი ვიხმე.
-უკვე დავუკავშირდით და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ,ის სრულიად ჯანმრთელად გთვლით,-თავის ქნევას მოჰყვა. უყურე შენ გაიოზს,მეგონა გავაცუცურაკებდი.
შიშისგან ადგილზე დავპატარავდი. აქ, გამომძიებლის ამპლუაში რომ არ დამხვედროდა,შეიძლება ყველაფერი მომეყოლა კიდეც,მაგრამ ახლა რა მეთქვა,შენი ძმაა ყაჩაღი და მიდი,დაიჭირე-მეთქი? კი არის ღირსი,მივახალო სიმართლე,დადგეს და იმტვრიოს თავი..მაგრამ, ფრთხილად მაცაცო,შეიძლება აქეთ დაგდოს ბრალი,უდანაშაულოს ადებს ხელსო,მიდი და ამტკიცე მერე? გაუჭირდება,თუ რა? მისი ძმაა ბოლოს და ბოლოს,ხელს დააფარებს ვიცი..თან ჩემთან ფსიქიატრის ვიზიტსაც გამოიყენებს და მორჩა,მთელი ცხოვრება თეთრი ხალათი მეცმება,ზურგზე მკლავებ გაკოჭილი.
-ორნი იყვნენ,სახე შენიღბული ჰქონდათ,-კუთხეში მომწყდეულ დამნაშავესავით დავიწყე მოყოლა.
-გახსოვს რა ეცვათ?!-მრისხანება ჩაუდგა ხმაში.
-შავები ეცვათ ორივეს,-თვალები დავხარე,ვეღარ ვუყურებდი გოგლას,იმდენ ტყუილს ვამბობდი.
-შემდეგ,რა მოხდა?!
-ფულს მთხოვდნენ,რაც არ გამაჩნდა,რას მივცემდი?
-რა საუბრები იყო თქვენს შორის?
-თუ ფულს არ მივცემდი,მომკლავდნენ..ამ დროს მოვიდა ლიკუნაც..
-ლიკა ხვედელიძე?
-დიახ..მიბრძანეს კარი გამეღო,რაც არ გავაკეთე,შემდეგ ნამდვილად არ მახსოვს რა მოხდა,მგონი იარაღი ჩამარტყეს თავში,-ამოვისლუკუნე.
-იარაღი ჰქონდათ?
-დიახ.
-თავიდან დაიწყეთ,სახლში შესვლიდან თითოეული თქვენი საუბარი მძარცველებთან,ერთი სიტყვა არ გამოგრჩეთ!
ავცახცახდი,ვერ გადამეწყვიტა,მეთქვა თუ არა სიმართლე.სადაც ვიწროა იქ გაწყდეს ! ვთქვი ჩემთვის და აცახცახებულმა დავიწყე.
-ძმა გყავთ?
-ბატონო?!
-ძმა,თუ გყავთ?-ისე მიყურებდა,შიშისგან დავპატარავდი.
-მყავს,-წარბები შეკრა.
-ზაზა ჰქვია?-ნელნელა ვილეოდი სკამზე.
-ქალბატონო მაცაცო,რა შუაშია აქ ჩემი ოჯახის წევრი?-ცოტა არ იყოს,შეცბა.
სხვა რა დამრჩენოდა,სიზმრიდან დაწყებული რეალობაში განვითარებული მოვლენები სხაპა-სხუპით მოვუყევი.ერთხელაც არ გავუჩერებივარ,კუშტი გამომეტყველებით მისმენდა.საუბრის ბოლოს კი,ისეთი ხარხარი აუტყდა,მოსასულიერებელი გახდა.მე კი ვიჯექი დამფრთხალი და გასაქცევის ძებნაში თვალებს ვაცეცებდი.
-მდაა..ფანტაზიის დიდი უნარი გქონიათ,-თქვა და ისევ ახარხარდა.
ღირსი ხარ მაცაცო!
-მართლა ასე იყო..-ცრემლები გადმომცვივდა.
-მორჩით!-ისე ძლიერად დაჰკრა მაგიდას მუშტი,ადგილზე შევხტი.
-სიმართლეს ვამბობ,-ბავშვივით ავტირდი.
-ეს ზღაპარი უნდა დაგიჯეროთ?!
-ეს რეალობაა,მესმის,რომ თქვენთვის წარმოუდგენელია,მაგრამ ნამდვილად ასე იყო!-წამოვიფოფრე.არა ბატონო გოგლა,არ გაგივა ჩემი დაცინვა!
ფეხზე წამოხტა,მომიახლოვდა და თავზე დამადგა.
-ვინ ხართ,ვინ მოგაგზავნათ?!-კბილებში გამოცრა და არწივივით ჩამაფრინდა მხარში.
-რატომ არ გჯერათ?!
-არ მინდა უკიდურესს ზომებს მივმართო,სიმართლე თქვი!
-შემახვედრეთ თქვენი ძმა!
-ჰმ..-ყბები ისე გააჭრიალა,მეგონა კბილები დასცვივდებოდა.
-შემახვედრეთ ზაზა,გთხოვთ..
-თუ ნამდვილად მასე იყო,რატომ დამალე სიმართლე თავიდან?!
-ხომ გითხარით,ზაზა მშვიდობიანად აპირებდა წასვლას,მეორემ არ დაანება..შემეცოდა,თან მეგონა არავინ დამიჯერებდა,იმდენად დაუჯერებელია..თქვენც გიცნობდით,იქ,ჯიხურიდან..აქ,რომ არ მენახეთ,ვერ გავბედავდი ვინმესთვის მეთქვა ეს ყველაფერი..
ცოტა ხანს დაჟინებით მიყურა,მივხვდი ქაოსი ხდებოდა მის გონებაში.
-გარეთ დამელოდე!
ფეხები ძლივს ავითრიე და შენობიდან გავედი.მალევე მომყვა კუდში გოგლაც.მკლავში ჩამავლო ხელი და ლამის სირბილით წამიყვანა ავტომობილისკენ.ჩამსვა და კარი გამეტებით მომიხურა.გული ამოვარდნას მქონდა.ნეტავ,სად მივყავდი?
მთელი გზა ხმა არ ამოუღია,მეც გასუსული ვიჯექი.გვერდიდან ვაკვირდებოდი მის ჩაფიქრებულ სახეს. დრო და დრო ოდნავ იქნევდა თავს.ორსართულიან სახლთან მკვეთრად დაამუხრუჭა და გადმოსვლა მიბრძანა.სუნთქვა გაუხშირდა,ნესტოებს,როგორც კორიდის ხარი,ისე ბერავდა.შემეშინდა და მობუზული დავემორჩილე.ეზოში შესვლისას ასაკოვანი ქალი შემოგვეგება.ისე გავდა გოგლას ,მაშინვე მივხვდი დედა იქნებოდა.გაკვირვებულმა ღიმილით ამათვალიერა.
-დღეს არ მუშაობს გოგლა?-ჩემზე თვალმოუცილებლად ჰკითხა.
-კი..ცოტა ხანში წავალ,გაიცანი,ეს მაცაცოა,- გააცნო ჩემი თავი.
-თამრიკო,-გამიღიმა და შვილს მიუბრუნდა.-ეს ის გოგოა,სამსახურის თაობაზე?
-დიახ,-წამოვიკნავლე და გოგლას ანთებულ თვალებს სახე ავარიდე.
-ღმერთო,როგორ გამახარე,ძლივს დააყენე საშველი,ამდენი ხანია გეხვეწები,ვეღარ აუდივარ ამხელა სახლ-კარს,დახმარება მჭირდება,ავად ვარ,როდის დავხუჭავ თვალებს სამუდამოდ,ვინ იცის?-საყვედურით მიმართა გოგლას.
ჟღენტმა ისეთი თვალებით შემომხედა,ადგილზე გამანადგურა,ალბათ,დედამისი,რომ არა,იქვე მომკლავდა.რატომ დავახეთქე ამხელა ტყუილი? ალბათ შიშისგან.
-ზაზა სად არის?-ხმა გაბზარულმა ჰკითხა.
- რას გაიგებ,დადის უმისამართოდ,აყოლილია უბნის უსაქმურ ბიჭებს და ვინ იცის,რამე შარში გააყოფინონ თავი,შენ კი დრო არასდროს გრჩება მისთვის,-კიდევ უსაყვედურა.
დავინახე გოგლამ როგორ მომუშტა თითები,თითქოს ნახტომისთვის ემზადებაო,ისე შემომხედა.ნაძალადევად გადავიკარი პირს ღიმილი.
-ჩემს კაბინეტში დავილაპარაკებთ,-მითხრა და სახლში შემიძღვა.
-ყავას გავამზადებ,-თამრიკო დაფაცურდა.
გოგლამ მარტო დამიგულა ,თუ არა,მკლავში მტაცა ხელი.
-რას როშავ?!
-რა მეთქვა,თქვენი ყაჩაღი შვილის ამოსაცნობად მოვედი -მეთქი?!
-ვინ ხარ,საერთოდ? იმდენი არ ითამაშო,ბოლოს ციხიდან ვერ დააღწიო!
ოჰ,მემუქრება კიდეც!
-მადლობის მაგიერია?-გავკაპასდი.
-შენ არ ხარ,ნორმალური! -ხელი გამიშვა და მაგიდას მიუჯდა.მეც მივყევი და ცხვირწინ დავუსკუპდი.
"რა სიმპათიურია,სიბრაზეც უხდება" ხელმეასედ შევაქე.
-იცით ,რა..ზაზამ შეიძლება უარყოს ყველაფერი და მართლა მე გადმომაბრალოთ..მოდით ჯერ ნუ ვეტყვით,ვითომ მართლა სამსახურის თაობაზე ვარ,-თავდაცვის ინსტიქტი ჩამერთო.
დაეჭვებულმა შემომხედა,შევატყვე ჭკუაში უჯდებოდა ჩემი ნათქვამი.
-აჩქარება არ გვარგებს,სჯობია ნელ-ნელა გაირკვეს სიმართლე,-მტკიცედ დავაყოლე.
თამრიკოს შემოსვლამ ჩვენი დაძაბული საუბარი შეაჩერა.ფინჯანი ყავა წინ დამიდგა და ღიმილით ჩამოჯდა.
-აბა,რა გადაწყვიტეთ?-მიუბრუნდა გოგლას.
-ჯერ არაფერი,-გოგლამ შემომხედა,რითიც მანიშნა,გამეგრძელებინა თამაში.
-ჩვენთან უკმაყოფილო არ იქნები,არ ვარ პრეტენზიული,საკმარისი იქნება,ცოტაც რომ მომეხმარო,-გამიღიმა თამრიკომ.
-დიახ,შემიძლია..-ყავა მოვსვი და გოგლას ირონიულად შევხედე.
ცოტა ხანს ვისაუბრეთ,თანხაზეც შევთანხმდით. თვალი კარისკენ მეჭირა,იქნებ ზაზა მოსულიყო, ვღელავდი,რომ დამინახავდა,რა რეაქცია ექნებოდა.არც გოგლა იყო ნაკლებ დღეში,აფორიაქებული წარა-მარა საათზე იყურებოდა.
-მაშ,ასე..ხვალ დილით გელოდები,-მოლაპარაკების შემდეგ მითხრა თამრიკომ.-გოგლა,შენ რას იტყვი?
-იყოს ხვალიდან,-თქვა და თვალებით შემჭამა.-სამსახურში უნდა დავბრუნდე,გაგიყვან შენც,მაცაცო,-ფეხზე წამოდგა.მეც წამოვხტი და თამრიკოს დროებით დავემშვიდობე.
-ტყუილი,რომ აღმოჩნდეს,ვერ გადამირჩები,-კარში გასვლისას კიდევ ერთხელ გაურია მუქარა ხმაში.
-მე სიმართლეს ვამბობ,აი,ნახავთ,-ვუთხარი და ეზოში შემოსულ ზაზას დანახვაზე ფერი წამივიდა.არც ის ჩავარდა ნაკლებ დღეში,თითქოს ეშმაკი გამოცხადებოდეს,ადგილზე შედგა შეშინებული.
-სახლში ხარ,გოგლა?-ძლივს ამოღერღა და თვალი ამარიდა.მიცნო,თანაც როგორ,სახე გასაფხეკ პალიტრასავით გაუხდა.
-არ მელოდი?-ცინიკურად შეხედა.
-არაა..-ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.
-აჰ,გაიცანი,ეს მაცაცოა,ხვალიდან ჩვენთან იმუშავებს,დედას მიეხმარება,-პირქუშად წავიდა ზაზასკენ.
-მაცაცო?-დაბნეულმა ჩაილაპარაკა .
-ხო,მაცაცო..ხომ არ იცნობ,რატომ გაგიკვირდა?!
ჩემს თავზე ძალიან,ზაზა შემეცოდა.ჩამოსახრჩობად განწირულ ტყვეს გავდა იმ წუთში.
-არა,საიდან?-უცებ თქვა და თავი ოდნავ დამიკრა.
"ძალიან კარგად მიცნობ,ძალიან კარგად! გაები მახეში! "-კმაყოფილმა,მეც ოდნავ დავუქნიე თავი. გოგლამაც შეამჩნია დანეულობა ზაზას.რა გამოეპარებოდა,ამხელა გამომძიებელ კაცს? ცოტა მომეშვა გულზე,საქმე ჩემს სასიკეთოდ ტრიალდებოდა.
-დღეს მორიგე ვარ,დედა არ დატოვო მარტო,-მშრალად მიუგდო.-წავედით მაცაცო!
ზაზას გვერდის ავლისას მზერა გავუსწორე.წამიერად დამიბრიალა თვალები.აღარ შემშინებია,ამაყად განვაგრძე გზა.
***
-უნდა გამოვიჭიროთ,თორემ ხომ ხედავთ,ვითომ ვერ მიცნო,არა და თქვენც შეატყვეთ ცვლილება,-მანქანაში ჩაჯდომისთანავე შეტევაზე გადავედი.
-რას აპირებ,ჩემი ძმის საწინააღმდეგოდ,მოკავშირედ გამიხადო?-ირონიულად გადმომხედა.
-უბრალოდ,სიმართლე მინდა დადგინდეს,მისი დაჭერა არც განმიზრახავს.
-დაგიჯერო?
-უნდა დამიჯეროთ..აქამდე არ მითქვამს არავისთვის,არც ვაპირებდი,თქვენ რომ არ დამხვედროდით და მგონი,უნდა იცოდეთ,რას საქმიანობს თქვენი ძმა! კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს,-ანდაზა მოვიმარჯვე.
-ჰმ,უცნობებს ყოველთვის ასე იცავ?-ეჭვით გადმომხედა.
-არა..უბრალოდ..
-რა უბრალოდ?!
რა მეთქვა?! რატომ გადავეკიდე და ავიკვიატე კეთილი ფერიას თამაში? წამიერად გადავავლე ჩემს ცხოვრებას თვალი და სიბოროტის ნიშნები ვერ აღმოვაჩინე ჩემში.მესმიამოვნა და გამეღიმა.
-გისმენ?!
-უბრალოდ,არ მინდოდა,ახალგაზრდა ბიჭს ცხოვრება გამრუდებოდა,მითუმეტეს,სერიოზულად არ დავშავებულვარ.
-რომ დაშავებულიყავი?!
-მთავარია,ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი,თუ არ ჩავთვლი,თავზე ოთხ ნაკერს,-სულელივით გამეცინა.
-სიმართლე,რომ აღმოჩნდეს,თამრიკო ვერ გადაიტანს,ისედაც ძალიან ცუდადაა,-თქვა და მანქანა სიჩქარეში ჩართო.
-რატომ მიმიყვანეთ სახლში?გამომძიებელი და ასეთი სიფიცხე?-ფრთხილად გავაწანი "სილა".
-იქ არაფერს ვიტყოდი,უბრალოდ ზაზას რეაქციებს შევამოწმებდი.
-და ახლა?
-რა ახლა?
-ხომ ნახეთ მისი რეაქცია,რას ფიქრობთ?
-საეჭვო არაფერი შემინიშნავს,-ხმა გაიმკაცრა.
-ახლა ისე ნუ შემოაბრუნებთ საქმეს,რომ მე დამიჭიროთ,არ გეკადრებათ!-სიბრაზისგან წამოვენთე.
-შეიძლება ასეც მოხდეს,ცრუ ჩვენებისთვის და უდანაშაულო ადამიანის ციხისთვის გამეტებისთვს!
-გამიჩერეთ!-დავუყვირე შეურაცხყოფილმა.
-ხმას დაუწიე!-არც ის დამრჩა ვალში.
-ეს..ეს უკვე ნამეტანია,არ მოგცემთ უფლებას,თქვენი ძმის დასაცავად,ჩემს წინააღმდეგ იმოქმედოთ,ამით მას კი არ გადაარჩენთ,არამედ დაღუპავთ!-კარის სახელურს დავეჯაჯგურე.
-რას აკეთებ?!-ისეთი იღრიალა,საზურგეს ავეკარი.
-ნუ მიყვირით!-არც მე დავაკელი.
-ამ შენი ზღაპრებით,შემიძლია ფსიქიატრიულში გამოგკეტო!
-რა თქმა უნდა,მეტი რა გეხერხებათ,ოღონდ თქვენიანს არაფერი დაუშავდეს და მთელ სამყაროს გიჟად გამოაცხადებთ!
ვატყობდი,თუ არ გამიჩერებდა მანქანას,ხელჩართულ ბრძოლაში გადავერთვებოდით.ორივეს მხეცებივით გვიელავდა თვალები.გოგლას იმ მწარე სიმართლისგან,მე კი უსამართლობისგან.
-გამიჩერეთ! სამართალს სხვაგვარად ვიპოვნი და შემდეგ შეგრცხვებათ თქვენი თავის!
-რასაც ბევრს ლაპარაკობ,მით უფრო მეტ შეცდომას უშვებ.
-არ მეხმარები,არც ზაზას ეხმარები მასე..არც ჯიხურში მომლანდებიხარ,ნამდვილად შენ იყავი,-დაღლილმა ჩავილაპარაკე.
ცერად გამომხედა,სახეზე იმდენი კითხვის ნიშანი ეწერა,მგონი მთელი თავის მოღვაწეობის მანძილზე არ შეხვედრია ჩემნაირი უცნაური დაზარალებული.
-გამიჩერე,გთხოვ..
უხმოდ შეაჩერა ავტომობილი.დაუმშვიდობებლად გადავედი და სლუკუნით გავუყევი გზას.არ დაუძრავს მანქანა,გავხედე..საჭეზე თავდაყრდნობილი იჯდა.გული შემეკუმშა.რთულია,როდესაც გამოუვალ მდგომარეობიდან გასასვლელს ეძებ.
თვალს მივეფარე და იქვე,პარკში ჩამოვჯექი ხის სკამზე.ასეთი არეული სახით,რომ დავენახე ლიკუნას,ვეღარც მოვიშორებდი,იმდენ კითხვებს დამაყრიდა.ჯერ უნდა დავმშვიდებულიყავი.საათზე მეტ ხანს დავყავი იქ.შედარებით ,დაწმენდილი გონებით გავეშურე სახლისკენ.
***
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს?მეგონა დაგიჭირეს და უკვე "პერედაჩს"ვამზადებდი,-კარშივე შემომაფრინდა აფხორილი ლიკუნა.
-ახლა შენც ნუ შემიჭამ ტვინს,-მობეზრებულად ვუთხარი და დივანზე გავიშოტე.
-რა გითხრეს?-მოუსვენრად დამადგა თავზე.
-დამკითხეს.
-მერე?
-რაც არ მახსოვს,რას ვეტყოდი?
-ხომ ხედავ,რაც წლები გემატება,ნელ-ნელა უჯრედებიც გიკვდება,გათხოვდი სანამ დროა,-თვითონაც მომიჯდა.
-გათხოვება შველის მაგ ამბავს?-გამეცინა.
-აბა რა,-გადაიკისკისა.-ვადა გაგდის,ვადა!
-ცხრა შვილიშვილის პატრონივით მსჯელობ,-მეც გამეცინა.
-მეყოლება კიდეც..ოღონდ ჯერ შვილები,ახალგაზრდა დედა ვიქნები,მერე შვილიშვილები..-ბედნიერების სხივი გაკრთა მის თვალებში.
-შეყვარებული ხარ,გოგო?-თავი წამოვყავი.გული გადამიქანდა,ლიკუნამ უნდა გამასწროს, ამ თითისტოლამ?!
-მგონი,-ეშმაკურად დაკრიჭა კბილები.
-აბა,მომიყევი,-წამოვჯექი გაკვირვებული.
-ოო,მერე უნდა მოსდო ლამარას და მანანას,დამიწყებენ ლექციებს,-ტუჩები გაბუშტა.
-როდის იყო რამეს ვეუბნებოდი,დროზე მომიყევი,რა ხდება,ვინ არის?
-ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს,ჩემზე დიდია,ორი კურსით,-თქვა და წარბები აათამაშა.
-დიდი ხანია,რაც შეყვარებულები ხართ?-პირი დავაღე.
-არა გოგო,იმან არც იცის,რომ მომწონს,მაგრამ მოვეწონები აუცილებლად,-გადაწყვეტით თქვა.
-ღმერთო,რაც მე ტვინი მეცლება,ამას მაინც გადაუნერგე,სულ ცარიელი აქვს თავი!-ხელები მაღლა აღვაპყრე.
-შენ მიყურე შორიდან,მომავალ წელს თეთრი კაბით,რომ ჩაგიქროლებ,-ცხვირი აიბზუა.
-ფეხი არაფერს წამოკრა.
-შემეხვეწე,რომ თაიგული გესროლო,ისევ მე თუ გიშველი თორემ,მოგეკიდა ობი,-ჩაიფხუკუნა და გაიქცა,მაშინვე დაედევნა ჩემი ჩუსტიც.
სიცილით გავაქნიე თავი.მართლა,რომ გამასწროს ლიკუნამ,მომეჭრება თავი,მსოფლიო თუ არა,რაიონული მასშტაბით მაინც.რომ ვთქვა,თაყვანისმცემლების რიგი მადგა და არჩევაზე მქონდა საქმე,მოგატყუებთ.ერთხელ მიყვარდა,ისიც ცალმხრივად.მეორედ სხვას ვუყვარდი,მე არ მომივიდა თვალში.მოწონებები კი იყო,მაგრამ სერიოზულ ურთიერთობამდე ვერ მივდიოდი.ასე გამეპარა წლები და დღეს,ამ ღლაპი ლიკუნას დასაცინი გავხდი.
-არ გშია?-გამომძახა მომავალმა პატარძალმა სამზარეულოდან.
მშია,თანაც როგორ,მთელი დღე ერთი ყავის ამარა ვარ.ნეტავ რა მოამზადა? ინტერესით შევრგე თავი სამზარეულოში.
-ეს რა არის?-თეფშზე გაურკვეველ მასას დავხედე.
-ოო,ეს უნდა გასინჯო,პირველად გავაკეთე,"ბრამსი"ჰქვია,-ამაყად გამომიცხადა.
-ჯერ შენ გასინჯე,-უკან დავიხიე,ღმერთმა უწყის,რა მოთქვიფა.
-იცი რა გემრიელია? მარიკამ მასწავლა,თვითონ მოიგონა ,სახელიც შეურჩია,-აღფრთოვანებული აქებდა.
-ხორცია?-ჩანგლით გავქექე.
-კი,ხორცი,ბულგარული,კაკალი,ბროწეული და მაკარონი მაიონეზში,-გაბრწყინებულმა შემომხედა.
-ბრამსი რატომ დაარქვა?-სახე დამეჯღანა. სალაფავს გავდა.
-როდესაც ამას ამზადებდა,ბრამსს უსმენდა.
სიცილი ამიტყდა,სულ დამავიწყდა შიმშილი და გოგლას მუქარებიც.ლიკუნას ეწყინა,გაბრუნჩული დაჯდა.
-ღმერთო,გაუთხოვარი ნუ მომკლავ,-ვთქვი და ფრთხილად გავუსინჯე ნაქებ საჭმელს გემო.
-ჰა,როგორია?-პირმობრეცილმა მკითხა.
-ბრამსს უკეთესი ეკადრება,- მეორე ლუკმაც მივაყოლე.
-ვითომ არ მოეწონა,ყბა არ გამკრა,-ჩაიხვიხვინა.
-ხვალიდან სამსახურს ვიწყებ,-მოულოდნელად ვუთხარი.ჩანგალი ხელში გაუშეშდა.
-სად?!
-ერთ ოჯახში,დამხმარედ.
-რა?!
-ხო,რა იყო?
-რის დამხმარედ,ვერ გავიგე?
-ოჯახის საქმეებში.
-გოგო,შენი სახლი ვერ დაგილაგებია და სხვასთან მოგიარა დიასახლისობამ?
-ლიკუნა!
-რა ლიკუნა,სულ მე ვწმედ მტვრებს,ვგვი,ვრეცხავ,მანანამ კონკიად დამტოვა ,თუ დაცვად?-უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი.
-ცუდად ვიყავი,არ დაგავიწყდეს,ნაკერები მქონდა,-თავი ვიმართლე.
-ნაკერები კი არა,ეგ ღრიჭო თავზე,გასაღებისთვის გაგიკეთეს,დასაქოქი ხარ,ძალიან მოეშვი,-ჩაიკისკისა.
-მოგხვდება!-დავუმღვირე და ბრამსი გავიქანე პირში.
-სად მოძებნე ასე უცებ,ქალი დაკითხვაზე წახვედი?!
-ვინც ეძებს,პოულობს!
-ნეტავ მასე უცებ სასიძო მოგეძებნა,რას გაახარებდი მანანას!
ორივეს სიცილი აგვიტყდა.
მთელი ღამე მოსვენება დაკარგული ვწრიალებდი.ვერ გადამეწყვიტა,მივსულიყავი,თუ არა გოგლას სახლში.ცოტა შიში მიპყრობდა,მაგრამ სჯობს მტერთან ახლოს იყო და მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდე,ვიდრე შორს და ეჭვებში.თავი დავიმშვიდე და თვალები დავხუჭე.
***
-დილა მშვიდობის,მაცაცო,შემოდი,-ღიმილით შემეგება თამრიკო.თვალების ცეცებთ შევედი,ზაზას და გოგლას ვეძებდი.ვერცერთი დავლადე.თამრიკოს წავყევი სამზარეულოსკენ.დილის საუზმე გაემზადებინა.მთხრა,გელოდებოდი,ერთად ვისაუზმოთ და შემდეგ გაეცანი სახლსო.მესიამოვნა.ძალიან თბილი ქალი ჩანს,მშვიდი და კეთილი.გოგლა მკაცრია,ალბათ მისი სამუშაოდან გამომდინარე.აი,ზაზა კი არ ვიცი,მომიწევს მისი ახლოდან გაცნობაც.
-გოგლა ჯერ არ მოსულა,ზაზა უნივერსიტეტშია,-ღიმილით ჩამოჯდა და ორცხობილით სავსე თეფში ჩემსკენ მოსწია.-მიირთვი.
გამიხარდა კიდეც,რომ არცერთი დამხვდა სახლში,თავისუფლად ამოვისუნთქე და ჩაის ჭიქას დავწვდი.ჩვენი საუბარი გაცნობის ხასიათის გამოდგა.აინტერესებდა,ვინ ვიყავი,ოჯახი მყავდა,თუ არა? ჩემი შინაბერობაში გადასული ამბავი,არ გაკვირვებია.
-გოგლაც მასე,გადაჰყვა სამსახურს,დასდევს ქურდებს,ერთი გოგო კი ვერ გამოიჭირა,იმ ქვეყნად შვილიშვილის სიხარულის გარეშე მიშვებს,უკვე ოცდაცხრამეტი წლისაა და არც ფიქრობს,-თქვა სევდიანად.
-ჯერ რა დროს იმ ქვეყნად წასვლაა,-შემეცოდა.
-ეჰ,განა მეშინია? ამ ბიჭების დარდი გამყვება,-ამოიოხრა.
-ვწუხვარ,-უხერხულად შევიშმუშნე.
-მაპატიე,დილა ასე არ უნდა დავიწყოთ,მაგრამ ხანდახან თავს ვერ ვერევი.
-მესმის თქვენი,-ჭიქაში კოვზი ავაჩხარუნე.
ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ,საუზმე მოვილიეთ და სახლის გასაცნობად მეორე სართულზე გამიძღვა თამრიკო.
-ეს გოგლას საძინებელია,ვერასდროს ნახავ არეულს,ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდოს,თორემ საშინლად ბრაზობს,ასეთი ხასიათი,რომ აქვს,იმიტომაც დადის აქამდე უცოლოდ,-გაეცინა.
უყურე შენ?! ცალი თვალით,რომ შემოახედა ჩემს ოთახში,ალბათ,მართლა გამომაწყვდევდა გისოსებს მიღმა.
-ეს კი ზაზას ოთახია,მუდამ არეული,შეიძლება ფეხი მოიტეხოს ადამიანმა,იმდენი რამ ყრია იატაკზე,-გაბრაზებით მისწია კარში გაჩხერილი ხმის გამაძლიერებელი.
ოთახს თვალი მოვატარე. კედლები უცხოელ მუსიკოსების პლაკატებით იყო სავსე.ზოგი ამოვიცანი,ზოგი ვერა.იქვე ეკიდა ელექტრო გიტარაც.საწოლზე აბურთავებული იდო საბანი და ბალიში.ირგვლივ მიმოყრილი ტანსაცმელი და სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე. ერთ კუთხეში ახალგაზრდა ქალის სურათი ეკიდა,რაც სრულიად შეუსაბამო იყო ამ გარემოსთვის.თამრიკომ ჩემი მზერა დაიჭირა და კედელს მიუახლოვდა.
-ეს ზაზას დედაა.
-ეს როგორ?-გაოგნებულმა შევხედე.
-ზაზა ჩემი ნამდვილი შვილი არ არის,ის ჩემი მეუღლის შვილია.
ენა ჩამივარდა,უცებ ჩემმა ნაავადმყოფარმა ტვინმა ვერ გადახარშა ინფორმაცია და გაშტერებული მივაჩერდი თამრიკოს.
-მეც არ ვიცოდი,ზაზას დედის არსებობის შესახებ..სამწუხაროდ,ტყუილში ვიცხოვრე..სიმართლე ზაზას დაბადებისას გავიგე,ისიც სხვა გზა არ დარჩენოდა ჩემს მეუღლეს.სახლში,ერთი კვირის ბავშვით ხელში მოვიდა .დარცხვენილი და განადგურებული. ეს საცოდავი ქალი,მშობიარობას გადაჰყვა.
-მერე,მიიღეთ?-ძლივს ამოვიდგი ენა.
-მივიღე,არა მეუღლე,არამედ ბავშვი!
-როგორ შეძელით?-გავოგნდი.
-ეჰ,ჩემო მაცაცო,-გაეღიმა.-მე დედა ვიყავი და ვიცოდი,რას ნიშნავდა შვილი.ის ჩემი გოგლას ძმა იყო.ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ,ისე მივიკარი გულზე და დღემდე ხელი არ გამიშვია მისთვის.
-თქვენი მეუღლე? -ლამის ტირილი დავიწყე,ასეთ ისტორიას არ ველოდი.
-ვერ ვაპატიე,თუმცა,ძალიან მიყვარდა..ახლაც მიყვარს..-თვალები აუცრემლიანდა.
რამხელა კეთილშობილება იდგა ჩემს წინ,არც მეგონა ასეთი ადამიანები,თუ არსებობდნენ.როგორც ღვთაებას,მოწიწებით შევეხე და ჩავეხუტე.ისეთი ტირილი ამიტყდა,ვეღარ ვჩერდებოდი. სიტყვები ზედმეტი იყო,ვსლუკუნებდი ამ ქალღმერთის მხარზე და უფალს მადლობას ვწირავდი,რომ თავი შევიკავე და ზაზა არ გავიმეტე.თამრიკო კი ნაზად მისვამდა თმაზე ხელს.
-აქ რა ხდება?-გოგლას ხმაზე უკან გადავხტი და სასწრაფოდ ჩამოვიწმინდე ცრემლები.
-როდის შემოხვედი,ვერ გავიგეთ,-თამრიკოც შეცბა.
ალბათ,გუშინდელ საუბრის შემდეგ, არ მელოდა,ისეთი გამგელებული მიყურებდა,მეგონა,სადაცაა მეცემა და ეშვებს ჩამავლებს-მეთქი.
-ზაზა სად არის?!
-სად იქნება,უნივერსიტეტში,წამოდი,გაგიმზადებ საუზმეს,ჩვენ უკვე მივირთვით,-მშვიდად უთხრა თამრიკომ და ოთახიდან გავიდა.
-მაინც მოხვედი?-კბილებში გამოსცრა გოგლამ.
-ჩემს სიმართლეს დაგიმტკიცებ და შემდეგ წავალ,მანამდე ფეხს არ გავდგამ აქედან!
სულაც არ ვაპირებდი უკან დახევას.ვერც გოგლას მუქარები შემაშინებდა და ვერც მისი ვარსკვლავებით დამშვენებული სამხრეები.მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი,რომ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი კი არა,სიმართლეს ვღაღადებდი.
-შემიძლია,ახლავე დაგაპატიმრო!
ახლოს მოიწია,მისი დაძაბული სუნთქვა ვიგრძენი.თვალები ჩაწითლებოდა და უცნაურად უელავდა.
-მიზეზი?-მეც ისე ახლოს მივიწიე,ლამის ცხვირი მივადე.
-საბაბი, შენი ცრუ ჩვენებებია!
-მერე,რას ელოდები? დამიჭირე!-უკან დავიხიე და ხელები წინ გავწიე,ბორკილებს დაველოდე მშვიდად.
უცებ,მაჯაში მწვდა და მკერდზე ამიკრა.მოულოდნელობისგან დავიბენი და თვალები გადმოვკარკლე.ასე ახლოს ჯერ არ ვყოფილვარ მამაკაცთან,უცნაურმა ტალღებმა კუჭის თავზე გადამიარეს.
-რას აკეთებ?-განწირულმა წამოვიძახე.
-რა იყო,არ მოგწონს,თუ უცხოა შენთვის?-ხმაშეცვლილმა მითხრა და უფრო მომეკრა.
-შეწყვიტე ეს უმსგავსობა!-სულ ტყუილად გავიბრძოლე, ისე ძლიერად ვყავდი შებოჭილი.
-გოგლა,სად ხარ?-თამრიკოს ხმაზე ხელი გამიშვა და უკან დაიხია.
-მოვდივარ!
გასვლამდე ისევ მომიახლოვდა და ირონიული ღიმილით დამაჯილდოვა.
მე ნაბიჯიც ვერ გადავდგი,დამფრთხალი ვიდექი და ვერ ვაანალიზებდი,რა ხდებოდა ჩემს თავს.ამას ,ვიღაც მსუბუქი ყოფაქცევის ვგონივარ?! ისე გავბრაზდი,თვალებიდან ცეცხლები გავყარე.სასწრაფოდ მომინდა იქიდან გაქცევა,აღარც ზაზა მაინტერესებდა,აღარც სიმართლე.გოგლას დანახვაც არ მინდოდა.სირბილით ჩავირბინე კიბე,ჩანთას ვტაცე ხელი და თამრიკოსთან დაუმშვიდობებლად გავვარდი გარეთ.გული ამოვარდნას მქონდა,ცრემლებისგან გზას ძლივს ვხედავდი,თვალები ამიჭრელდა.მანქანის მკვეთრად დამუხრუჭების ხმა ახლოდან ჩამესმა და ვიგრძენი,თუ როგორ აფრინდა ჩემი სხეული ჰაერში.
***
სიზმრის ახდენაც არის და ახდენაც,მაგრამ ასეთი?!
თავშეხვეული და ფეხზე თაბაშირ დადებული ვიწექი და ვისმენდი მანანას უსასრულო გოდებას.
-რა გავაკეთო ,ხალხო,მირჩიეთ? ამხელა გოგოს კალთაზე ხომ ვერ გამოვიბამ?
-მერამდენედ უნდა გაიტეხო თავი?ახლა ფეხიც მიამატე!-მუხლებზე იტყაპუნებდა ხელებს.
"სახელის გატეხვას,თავის გატეხვა სჯობიაო"-მომესმა ლიკუნას რეპლიკა.
-კარგი ქალო,ნუ დასტირიხარ,გადარჩენილია,-ზურა,როგორც ყოველთვის ,სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-გოგო,ცოტა ხანში ახალი თავი გაგიხდება მისაკერებელი,-ჩაიფხუკუნა ლიკუნამ და ლამარასგან გვარიანი ჩქმეტაც დაიმსახურა.
-ტყუილი რა ვთქვი? -უკმაყოფილოდ მოისრისა ნატკენი ადგილი.
-გააჩუმე გოგო ენა!-დეიდამ თვალები დაუბრიალა.
-ბარემ,ამ საავადმყოფოში დაიწყე პაციენტად მუშაობა,მაინც სულ აქ ხარ,-ვერ დაატია ლიკუნამ პირში ენა.რაზეც დეიდამ მუჯლუგუნი უთავაზა.
მე კი უხმოდ,გაუნძრევლად ვიწექი.ან რა მეთქვა? მრცხვენოდა ჩემი მშობლების,უკვე მერამდენედ ავაფორიაქე და ვანერვიულე.ვმჯდარიყავი რა მშვიდად,მოვინდომე თავგადასავლები.
-ისინი მოვიდნენ,-ლამარამ მანანას გადაულაპარაკა და ორივე კარისკენ შეტრიალდა .
მეც ცერად გავხედე პალატაში შემოსულთ,გოგლას და ზაზას დანახვაზე ლამის ქვეშაგებში გავუჩინარდი.ღმერთო,ჩემო,ესენი რას აკეთებენ აქ?!
გოგლა მხნედ წამოვიდა ჩვენსკენ,ზაზას კი ფეხები უკან რჩებოდა.
-სად იყურებოდი ,შვილო? კარგი,ეს თვალებიდან ვერ იყურებოდა,შენ მაინც როგორ ვერ შეამჩნიე,ხომ დავიღუპებოდით?-მანანამ ზაზასკენ მიმართა გოდება.
რაო? ზაზამ დამარტყა?! არა,ეს შეუძლებელია,ბედის ირონიაა,თუ რა ხდება?! ჟღენტები შემიწირავენ მე!
-უცებ გადმოხტა გზაზე,ძლივს მოვასწარი დამუხრუჭება,-ზაზამ დამნაშავედ დახარა თავი.
-სად გეჩქარებოდა გოგო?-ახლა მე მომიტრიალდა მანანა.
თავი გვერდზე გადავაბრუნე,ტკივილი არ შევიმჩნიე,გოგლას დანახვა არ მინდოდა.სულ მაგის ბრალია ყველაფერი!
-ნეტავ,თუ გვცნობს? მთელი დღეა,ასე უემოციოდ გვიყურებს,-ლიკუნამ დამხედა.მეც შევხედე,უცნაურად აწითლებულიყო.
-როგორ ხარ,მაცაცო,-აქამდე მდუმარედ მყოფმა გოგლამ ხმა ამოიდგა და ჩემს თავთან დაიხარა.
"ჰმ,კარგად კი მოკაკვულა" მტრულად შევხედე უფროსს ჟღენტს.
-ამოიღე გოგო ხმა,გამომძიებელია,-მანანას დამშვიდებას პირი არ უჩანდა.
-შემეშვით,თავი მტკივა!-დავიძახე მოულოდნელად.
-დედაა,რადგან მეხსიერებას არ უჩივის,რას დავეძებთ,-ლიკუნამ ჩაიხითხითა.
"ერთი ფეხზე ავდგე,მაგ ენას ამოგაძრობ" გულში დავემუქრე.
-რაც საჭირო იქნება,ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ,-გოგლა წელში გასწორდა და ზურას მიუახლოვდა.
"მოაგვარებ,აბა რა?! მუქარა შენ არ გეშლება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება!"
-აბა,ჩვენი საყვარელი გოგო როგორ არის?-გაიოზ ექიმის ხმის გაგონებაზე,თვალები გადავატრიალე.ეს კაცი,ხომ ვერ მოვიშორე.შემოვიდა და გოგლას ჩამოართვა ხელი.
-ყველაფერი კარგად იქნება,სანერვიულო არაფერია,-გაუღიმა და ჩემსკენ წამოვიდა.
იცნობს კიდეც! რაღაც მოჯადოვებულ წრეზე დავდიოდი და გასასვლელს ვერ ვპოულობდი.იქნებ,სჯობდა მართლა ამნეზია დამმართვოდა და დამესვენა?!
-ტკივილებს ხომ არ უჩივი?-მზრუნველად მკითხა ექიმმა.
როგორ მინდოდა მეთქვა,რომ მტკიოდა ნერვები,სული და გულიც,ამ გატეხილ თავს არ ვჩიოდი,არც მოტეხილ ფეხს,ოღონდაც ყველა გამქრალიყო ჩემი მეხსიერებიდან.
ხელის გაქნევით ვანიშნე უარი.
-კეთილი..-ჩაილაპარაკა და ჩემიანებს მიუბრუნდა.-სიმშვიდე სჭირდება,უკვე გვიანია,ხვალ შეგიძლიათ ისევ მოინახულოთ.
ძლივს! სიხარულისგან ლამის წამოვიყვირე.
მანანამ და ლამარამ კიდევ წამოყარეს ცრემლები და ისე დამემშვიდობნენ.სლუკუნით გავიდნენ კარში. გოგლა,ზურა და ზაზაც უკან მიჰყვნენ.ლიკუნა კი ეშმაკურად მომიცუცქდა და ყურში ჩამჩურჩულა.
-ეს ის ბიჭია,გახსოვს,რომ გითხარი?
თუ არ გავაფრთხობდი სულს,არ მეგონა.უჰაერობისგან სლოკინი ამიტყდა.ლიკუნა შეშინებული გადახტა უკან.
-რა დაგემართა ,გოგო?
-წადით,დამასვენეთ! -ხელების ქნევას მოვყევი.
-შენ მართლა ვერ ხარ, გამიხეთქე გული! - ნაწყენმა მითხრა და კარში გაუჩინარდა.
ესღა მაკლდა,ამ მეტიჩარას ზაზასთვის დაუდგამს თვალი! იცოდეს,მაინც მაგ ვაჟბატონის გამო ,რომ ვღაფავ სულს,უკვე მერამდენედ?!
კარგა ხანს მესმოდა დერეფნიდან ბუტბუტი,სმენა დაძაბული ვიწექი,ვცდილობდი გამერჩია ხმები. ხმადაბლა საუბრობდნენ,დრო და დრო მანანას ოხვრა სწვდებოდა ჩემს ყურებს.
საბოლოოდ წასვლამდე, კიდევ შემოიჭყიტა პალატაში ლიკუნამ.
-ხვალ რა მოგიტანო?-შორიდანვე მკითხა.
-დარიშხანი!
მივაძახე გაგულისებულმა და საბანი სახეზე ავიფარე.
-მოგიტან!- წაისისინა და გაქრა.
ის იყო,მარტოდ დავიგულე თავი და შვებით უნდა ამომესუნთქა,ზაზა მორიდებით შემოვიდა და ჩემს საწოლთან ჩამოჯდა.საბნიდან მხოლოდ თვალები მიჩანდა,დაჭყეტილი ვუყურებდი ჩემს მეორედ ,თუ მესამედ დამაქცევარს.
-არც ვიცი,საიდან დავიწყო..-სახეზე ფერი არ ედო.
-ჩემი სახლიდან დაიწყე!-მივახალე და ჩემი დაკემსილი თავი მთლიანად გამოვაჩინე.
-ვიცი,ბოდიში არ შველის,მაგრამ,თუ შეძლებ,მაპატიე,-მითხრა სევდიანად.
ძალიან გულჩვილი ვარ,უცებ მავიწყდება წყენა.ზაზას დავაკვირდი,გულწრფელი სინანული აღბეჭდოდა სახეზე.
-რომელი გაპატიო?-მაინტერესებდა , რომელ პუნქტში გრძნობდა თავს დამნაშავედ.
გაეღიმა.
-რომელსაც ჩათვლი საჭიროდ.
უყურე ამას,ნამუსზე მაგდებს,ეტყობა ძმამ კარგად "დაამუშავა".
-გუშინ,ჩვენს სახლში,რომ დაგინახე,მივხვდი,რისთვის მოგიყვანა გოგლამ..
-რისთვის?-წარბი შევკარი.
-მან იცოდა და დარწმუნება უნდოდა.იმ საღამოსვე მივედი განყოფილებაში და ყველაფერი მოვუყევი..
-რა მოუყევი?-მოულოდნელობისგან შევცბი.
-ის,რაც მოხდა,აზრი არ ჰქონდა დამალვას,-თქვა და თავი ჩახარა.
ესე იგი,იცოდა,რომ მართალი ვიყავი და დილით,მაინც მე დამადანაშაულა,თან როგორ მომეპყრო! ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცდებოდა!
-ახლა შენზეა დამოკიდებული,მაპატიებ,თუ არა.მე ყველაფრისთვის მზად ვარ,-თქვა და ფეხზე წამოდგა.
"შეცდომა ყველას მოსდის,ჩვენი მოვალეობაა სწორი გზა ვუჩვენოთ,თორემ არასწორზე უკვე იდგა.შემდეგში კი, მისი გადასაწყვეტი იქნება,რომელს აირჩევს." სიზმრად ნანახი მამაჩემის სიტყვები გამახსენდა და ზაზას ოდნავ გავუღიმე.
-წადი ზაზა,-ვუთხარი და თვალები დავხუჭე.
ცოტა ხანს იდგა,ვიგრძენი მიყურებდა. ალბათ,ცდილობდა ამოეცნო ჩემი პასუხი.
-მე იმ დღესვე გაპატიე,-თვალდახუჭულმა ვუთხარი და შემომესმა მისი შვებით ამოსუნთქვს ხმა.
-მადლობა,მაცაცო,-ხელზე თითები შემახო.ლამის ავტირდი.
"ბედნიერი მაშინ ხარ ადამიანი,როდესაც სხვას ანიჭებ ბედნიერებას".
ის ღამე თეთრად გავათენე.ბრაზი მახრჩობდა გოგლას მიმართ.მინდოდა დამესაჯა და როგორც მე ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად,ისევე ეგრძნო მას. დახვრეტაც,რომ მოესაჯათ ჩემთვის,ზაზას ვერ გამოვიყენებდი მის წინააღმდეგ,თამრიკოს სახე არ ამომდიოდა გონებიდან. სხვა რაღაც უნდა მომეფიქრებინა,რომ ჯავრი მეყარა უფროსს ჟღენტზე.
დილისკენ ჩამძინებოდა.მედდამ,წამლის შუშას თავი,რომ წაატეხა,მაშინ შევხიზლდი.სანამ საცერივით არ გამხდიან ,არ მომეშვებიან.მორჩილად გადავწიე ტანი და მისთვის სასურველი ადგილი გამოვუჩინე.
-რამეს ხომ არ უჩივით?-მკითხა გადაღლილი ხმით.
-როდის გამწერენ?- ვკითხე და პასუხად,ისე გამეტებით ჩამარჭო ნემსი,ამოვიგმინე.რა მწარე ხელი აქვს,მგონი,ჩემზე ვარჯიშობს.
-ექიმს ჰკითხეთ,მე არ ვიცი,-სპირტიანი ბამბა მიმის-მომისვა და სწრაფად გავიდა.
რა გამიკეთა ამისთანა,ფეხი გამიჩერდა,უკვე ორივე ქვედა კიდური პარალიზებული მქონდა.დაგრეხილმა დავიწყე საჯდომის დაზელვა,ვცდილობდი გაშლილიყო მწარე სითხე. ამ "აკრობატულ" ნომერს ვასრულებდი,გოგლა,რომ წამომადგა თავს. სირცხვილისგან და სიბრაზისგან ერთიანად ამიჭრელდა სახე.
-აქ რას აკეთებ?!
-დილა მშვიდობის,მაცაცო,როგორ ხარ?-ჩემი სიბრაზე არ შეიმჩნია და გამიღიმა.
ოჰ,ღიმილიც სცოდნია!
-რატომ მოხვედი?-შევუბღვრე.
გაეცინა.სულ სხვანაირი იყო.აღარ გავდა იმ მხეცთვალას.
-შენი ჯანმრთელობა მაინტერესებს,-ჩამოჯდა.
-როდის აქეთ დარდობ ჩემზე?-უკმაყოფილოდ მომექცა პირი გვერდზე.
-ბევრი დრო არ მაქვს,განყოფილებაში მეჩქარება,შემოგიარე,რომ მენახე,-უცებ მიიღო საქმიანი იერი.
-ამის შემდეგ,შეგიძლია პირდაპირ სამსახურში წახვიდე ხოლმე,-გაკაპასებული ცოლივით ვუთხარი.
-მასეც ვიზამ,-ნაწყენი ქმარივით წამოდგა და გასვლამდე მომაძახა.
-დღეს თამრიკო მოვა!
აჰ,ახლა კი გასაგებია ვაჟბატონის ვიზიტი,ეშინია,ზედმეტი არაფერი წამომცდეს.შენ გიჩვენებ სეირს!
გასული არ იყო გოგლა,რომ ჩემი ოჯახი შემოცვივდა ქოთქოთით.ზურამ მოზრდილი ჩანთა ტუმბოსთან დადგა და მაკოცა.
-ხაში მოგიტანეთ,-მახარა.
-როგორ მეზიზღება!
წამოვიძახე სახედაჯღანულმა.
-რას ლაპარაკობ გოგო,შეხორცებას უწყობს ხელს,ძვლებისთვის მისწრებაა,-მანანამ სამ ლიტრიანი ქილა ამოაძვრინა ჩანთიდან.
-ამას კიდევ შეხორცება უნდა?-ლიკუნამ კარიდანვე შემოასრიალა ენა.მივხვდი,სადაც ჩამიკაკუნა.
-ოღონდ,ეს ბავშვი აღარ დამანახვოთ და შევჭამ!
წამოვიძახე და რაიმე საგანს დავუწყე ძებნა,მისთვის,რომ მესროლა.
-ნელა,არ გადმოვარდე,-აფხუკუნდა.
-გეხუმრება დედიკო,-მანანამ მანდილი ჩააგდო ჩვენს შორის.
სულ ძალით გადამაყლაპეს დაკუწული,ვაფლის პირსახოცივით ხორცის ნაჭრები.წვენი ზიზღით შევხვრიპე .ჩლიქის ჭამაზე სასტიკი უარი განვაცხადე.გემოს გაგებაში არ ხარო,ზურამ მითხრა და ჩემი დაწუნებული ძროხის ფეხი წამებში გაანადგურა.ხან ხილი დამაძალეს,ხან თავზე ცხიმმოდებული მაწონი.
-ექიმს დაუძახეთ!-დავიხავლე სასოწარკვეთილმა.-პირზე დამადოს ნაკერები,პირზე!
-კერვა უნდა ვისწავლო,-თქვა ლიკუნამ და სანამ ბოლომდე ავფეთქდებოდი,კროსვორდების ჟურნალი მომაგდო და კარი გაიხურა.
-ხომ იცი,რანაირი ენა აქვს,-დამიყვავა მანანამ.
მთელი დღე თავთან მესხდნენ მშობლები.მზრუნველობას არ იშურებდნენ.გაიოზ ექიმმა დამაიმედებლად გვამცნო,რომ სამ დღეში გამწერდა.გამიხრდა,ოღონდაც საავადმყოფოს კედლებს გავცლოდი და ჩემს თავს შევპირდი,რომ იქ აღარასდროს მივიხედავდი.
საღამომდე,ძლივს გავუძელი მანანას. წარა-მარა მისწორებდა ბალიშს და ზეწარს. ბოლოს ექთანს და სანიტარს ჯიბეში გასამრჯელო ჩაუცურა და კმაყოფილმა, საიმედო ხელში დამტოვა.
მეც უფრო გაბედულად მოვითხოვე,თუ კი რამ მჭირდებოდა.
გადავწყვიტე ჩემი ტრავმირებული თავი შემემოწმებინა და კროსვორდების კრებული მოვიმარჯვე.
-შეიძლება?-თამრიკომ მორიდებულად შემოხსნა კარი.მის უკან ზაზა იდგა.ოღონდ ის არ შემოსულა.
-ქალბატონო თამრიკო,-გავუღიმე.
-ეს რა დაგმართა,მე გიხდი ბოდიშს,-მომიახლოვდა და სახეზე მომეფერა.
-ხდება ხოლმე,ჩემი ბრალიც არის?-დავიდანაშაულე დაბინტული თავი.
-გაუფრთხილებლობა..ჯერ რა დროს ამის საჭეს ტრიალი იყო,-დანანებით გადააქნია თავი.
-თქვენ როგორ ხართ?-გულითადად მოვიკითხე.
-ჩემი თავი სულ დამავიწყდა,იმდენი ვინერვიულე..გუშინ ისე გაიქეცი,ვერც მოვასწარი კითხვა,რამე მოხდა?
რა მეთქვა?!
-გამახსენდა,რომ უთო დამრჩა ჩართული,-მილიონჯერ გაცვეთილი ფრაზა მოვიმარჯვე და მოკუნტვა ვეცადე.გაშეშებულმა ფეხმა არ გამიშვა.
-არაფერი დამიმალო,გოგლამ გაწყენინა?
-არა..
-მაცაცო,გოგლა,ერთი შეხედვით უხეში და მკაცრი ჩანს,მის ხასიათზე სამსახური მოქმედებს,ხშირი ღამისთევაც.ისე კარგად,თუ გაიცნობ,სულ სხვანაირია,მზრუნველი და თბილი,-თვალები აუწყლიანდა.
რა იცის,რომ გადასარევად ვიცნობ და მისი მზრუნველობა და სითბოც ვიგემე!
-მართლა არაფერ შუაშია გოგლა,-წამოვიკნავლე.თამრიკომ ისე შემომხედა,მივხვდი,არ დამიჯერა.
-კარგი,რადგან არ გინდა თქმა,მასე იყოს,-თბილად გამიღიმა.
კარგა ხანს გაგვიგრძელდა საუბარი,ოღონდ ძმებ ჟღენტებს აღარ შევხებივართ.წასვლისას შემპირდა ,რომ ხშირად მომინახულებდა.
იმდენად დამამშვიდა მასთან საუბარმა,რაღაც განსაკუთრებულად ვიგრძენი თავი.ხასიათზეც მოვედი და ხმადაბლა დავიწყე ღიღინი.
-ოპერასთან არ ჩაიარო,-გოგლას დანახვაზე მომენტალურად ჩამიწყდა ხმა.
-რას გადამეკიდე?!
სიბრაზისგან ამიჭარხლდა სახე.
-საქმე მქონდა ,სამსახურეობრივი და გულგრილად ვერ ჩავუვლიდი შენს კარს,არ იქნებოდა ლამაზი,-თვალი ჩამიკრა.
-ალბათ,მამოწმებ,რომელიმე შენს თანამშრომელს ხომ არ ვუკაკლავ ყველაფერს?
-გინდა,რომ ჩაუკაკლო?-თვალები ოდნავ მოჭუტა.
-აქედან,როგორც კი გავალ,პირველ რიგში მაგ საქმეს მივხედავ!
-კარგი,მოიცადე ერთი წუთით,-საჩვენებელი თითი ჰაერში შეაჩერა, დერეფანში თავი გაყო და ვიღაც გივის დაუძახა.ფორმიანის დანახვაზე ელდა მეცა. ესაც კარგად აფრენს,ჩემი არ იყოს,გავიფიქრე და გივიდ წოდებულს დამფრთხალი მივაჩერდი.
-ქალბატონო მაცაცო,ეს გახლავთ ბატონი გივი მაჩიტიძე,გამომძიებელი,შეგიძლიათ მას გაესაუბროთ თქვენს საქმესთან დაკავშირებით!
მკაცრად მითხრა გოგლამ და წარბები აზიდა.
-რა ხდება,გოგლა?-გივიმ სერიოზულად შეხედა ჟღენტს.
-აი,ეს ქალბატონი მოგახსენებს,მე დაგტოვებთ,-თავი დამიკრა და გავიდა.
ვაი,თქვენს მაცაცოს! ერთდროულად დამცხა და შემცივდა,ყელში ბაწარწაჭერილივით გადმოვკარკლე თვალები.გივიმ გაკვირვებით შემათვალიერა.
-გოგლას დაუძახეთ,გთხოვთ,-ვუთხარი და ხველა ამიტყდა.
გაუგებრობაში აღმოჩენილი გივი,მაშინვე გაემართა თხოვნის შესასრულებლად.არც გოგლა მობრუნებულა,არც გივი.ტყუილად ველოდი ალესილი ენით.
მომდევნო სამი დღე არცერთი ჟღენტი არ გამოჩენილა.გამიკვირდა.თამრიკომაც არ მომაკითხა.ცოტა არ იყოს,წყენა მეპარებოდა გულში.
გაიოზ ექიმმა მაცნობა,რომ გამწერდა და მკურნალობას სახლში გავაგრძელებდი.წამლების მთელი არზა ჩამომიწერა და დამშვიდობებისას სიცილით მითხრა,შენი ფეხი აქ აღარ ვნახოვო.
***
მანანამ ფაციფუცით ჩაუძახა ჩემი ნივთები დიდ ჩანთაში.ლიკუნამ ყავარჯნები ამომიწყო იღლიებში.ფეხმოტეხილ კალიასავით ბორძიკით წავედი კარისკენ.
-ვაიმე,ეს აქედან ვერ გააღწევს,რანაირად მიდიხარ, გოგო?-აკისკისდა ლიკუნა.შევჩერდი და ყავარჯენი მოვუღერე.
- ახლა აუტყდა მამაშენს იხვები და ბატები,-აქოთქოთდა მანანა.
-რას მიშველიდა?- დედას სიბრაზეზე გამეცინა.
-აბა,ხომ ხედავ,რა დღეში ხარ?!
რის ვაი-ვაგლახით ჩამსვეს ტაქსიში და შინისკენ გამაქანეს.
საავადმყოფოში,გარკვეული დროის მანძილზე მაინც მქონდა მარტოდ ყოფნის ფუფუნება,სახლში კი ეს იდილია ხელიდან გამომეცალა.ერთი კვირა ვითმინე მანანას გაუთავებელი ჩიჩინი და ბოლოს,ძლივს დავითანხმე ,სოფელში წასულიყო.
დამიჯერა!
შედარებით თავისუფლად გადაავდგილდებოდი,მივეჩვიე კიდეც დამხმარე "ფეხებს",თავიც აღარ მაწუხებდა.აი,გოგლაზე ფიქრს კი,ნამდვილად ვერ გავურბოდი. ამდენი ხანი,არანაირი გამოხმაურება უცნაურად მეჩვენებოდა.
ალბათ,თავი სამშვიდობოს დაიგულეს და ვინღას ახსოვდა მაცაცო?!
***
მაისის შუა რიცხვებამდე, დრო, საწოლიდან დივანზე,დივნიდან სავარძელზე გავლიე.თაბაშირი კი მომხსნეს,მაგრამ მაინც ვერიდებოდი თამამად სიარულს.ლიკუნა მთლიანად გადართული იყო გამოცდების სამზადისში. გეყოფა,რაც გელოლიავე,ბევრი სამეცადინო მაქვსო.გადაიკიდა თავისი ბარგი და წავიდა.
საღამო ხანს, მზესუმზირა მოვხალე და ის იყო,უნდა მოვკალათებულიყავი ტელევიზორის წინ, კარზე ზარი გაისმა. ეტყობა,მადისაღმძვრელმა სუნმა შეუღიტინა რომელიმე მეზობელს და მომადგა საჭორაოდ. ისე არ მინდოდა მყუდროების დარღვევა,ერთი პირობა კი გავიფიქრე,არ გავაღებ-თქო,მაგრამ ისე დაჟინებით რეკდა ვიღაც,უკმაყოფილოდ გავემართე კარისკენ.იქნებ ლიკუნაა?ვისვრი ფანჯრიდან! გაცეცხლებულმა გამოვხსენი კარი და ჰოი,საოცრებავ,ჩემს წინ გოგლა იდგა. თავზე,თითქოს ჭიანჭველების დიდმა ოჯახმა გადამირბინა,დამაჟრიალა და ჩემი თავი გამოვიჭირე,რომ მისი დანახვა ძალიანაც გამიხარდა,თუმცა,არ შევიმჩნიე და კოპები შევკარი.
-ვინ გნებავთ?!
-ისე იყავი როლში შეჭრილი ,მგონი გამოსვლა გიჭირს,-ირონიულად ჩაიცინა და დაუპატიჟებლად ჩამიარა გვერდზე.
ამას თავი ვინ ჰგონია?! გაწიწმატებული ავედევნე უკან კოჭლობით.
-როგორ გაგახსენდით ბატონო გამომძიებელო?-ცინიკურად გავიღიმე.
-მსაყვედურობ,თუ მეჩვენება?-თვალები დააწვრილა.
შევცბი.
-არა,უბრალოდ გამიკვირდა შენი გამოჩენა,-იხტიბარი არ გავიტეხე.
-მივლინებაში ვიყავი,თამრიკო საავადმყოფოშია,ხვალ გამოწერენ,-თქვა და ოთახს თვალი მოატარა,მზერა ჩემს მოხალულ მზესუმზირაზე შეაჩერა.
-რა დაემართა?!
-ცოტა დაუმძიმდა მდგომარეობა და ქიმიოთერაპიის მესამე კურსი დასჭირდა,-მითხრა და შინაურულად ჩამოჯდა სავარძელზე.
-ვწუხვარ,-მართლა მეწყინა.ასეთი სათნო ადამიანები,ავად არ უნდა ხდებოდნენ.
-შენ როგორ ხარ? ვხედავ,უკვე დადიხარ,-ამათვალიერა.
-ჰო,-უხერხულად შევიშმუშნე. -ზაზა როგორ არის?-მოვიკითხე ჩემი უნიჭო "მესაფლავე".
-ზაზა ცდილობს დაჭკვიანდეს და ეს შენი დამსახურებაა,-ისე თბილად გამიღიმა,ლამის ადგილზე ჩამოვიღვენთე.
-მიხარია,თუ მასეა,-შინაგანი აღმაფრენა ვიგრძენი.
-კარგი გოგო ხარ შენ,მაცაცო,-ფეხზე წამოდგა და ისე მხურვალედ ჩამიკრა გულში,ერთიანად გავთბი. მაშინ,თუ შემაშინა მისმა სიახლოვემ,ახლა ისე მესიამოვნა,მინდოდა დრო გაჩერებულიყო. სუნთქვაშეკრული გავინაბე.არც თვითონ ჩქარობდა ჩემთან დაშორებას,უფრო ძლიერად მიმიხუტა და მისი აჩქარებული გულისცემაც შეუერთდა ჩემსას.თურმე როგორ მომნატრებია.ტყუილად კი არ უთქვამთ "მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო".
გოგლას შანთვით გახურებული ბაგე,რომ ვიგრძენი მარჯვენა ყურზე, კატაპულტით გასროლილივით გადავხტი უკან.
-ბოდიში,ბოდიში,-ხელები განზე გასწია.
აწითლებული და დაბნეული თვალს ვერ ვუსწორებდი. მთელ სხეულში გოგლას ვგრძნობდი.ისე მიყურებდა,ხვდებოდა რა ცეცხლიც შემოიტანა ჩემში. სახეზე უდიდესი კმაყოფილება ეწერა.
-ზეგ,პირველ საათზე გამოგივლი,ჩვენთან წაგიყვან,თამრიკოს უნდა შენი ნახვა.
მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე.
-წავიდე?-ხმა შეცვლილმა მკითხა.
-არ ვიცი,-ალმოდებულმა ძლივს ამოვიდგი ენა.
-გასაგებია,-ჩემსკენ წამოვიდა და უცებ შედგა.აშკარად ჩემმა გამომეტყველებამ შეაჩერა. კიდევ,რომ შემხებოდა,ჩემი გული ვეღარ გადაიტანდა.
ჩაეცინა და კარისკენ წავიდა.მე კი ვიდექი და ნელ-ნელა ვიფერფლებოდი.
ვინღას ახსოვდა მზესუმზირა და "მაკენას ოქრო"?
დილამდე, მარჯვენა ყურზე მეკიდა ხელი და ბედნიერების ღიმილი დამთამაშებდა პირზე.
***
აივნიდან,გულისფანცქალით ველოდი გოგლას გამოჩენას,თვრამეტი წლის გოგოსავით ვცქმუტავდი.ხან მეცინებოდა,ხან თავს ვუბრაზდებოდი,რომ ასე ავმჩატდი.ახლა დაანახვა ლიკუნას ჩემი თავი,ტკბილად დამგესლავდა.ძაღლი ახსენეო,ისე მოხდა,გაფიქრება და ლიკუნას გამოჩენა ერთი იყო.
-როგორ გამოპრანჭულხარ,ვინმეს ელოდები?-გარშემო შემომიარა.
-რა ქარმა გადმოგაგდო?-მეც წავკარი კბილი.
-ლამარამ კარტოფილის ღვეზელები გამომატანა,-მითხრა და საეჭვოდ დამაკვირდა.-რა ლამაზი ხარ გოგო,ხომ არ კვდები?-ჩაიფხუკუნა.
-იოცნებე,-გამეტებით მოვწიწკნე ბუწუწი.
-ანჩხლო,იმიტომ ვერ თხოვდები!
მტკივან ადგილზე დამაჭირა.
-შენ ხომ რას ამბობ,რიგი გიდგას!
-დიახაც!-ენა გამომიყო.
-რომელი,ის ზაზა? ზედაც,რომ არ გიყურებს?-სიტყვამ მოიტანა,თორემ ზაზას თემაზე სხვაგვარად მინდოდა გამომეკითხა.
-ხომ კარგი ბიჭია?-თვალები გაუბრწყინდა.
-ნამეტანი,ლამის მოგიკლა საყვარელი დეიდაშვილი!
-იმედია,მეორედ გამოუვა!-აკისკისდა.რა იცის,რომ მეორედ იყო უკვე.
-ხომ არ უთხარი,რომ მოგწონს?!
-გაგიჟდი გოგო,მე ხომ არ ვეტყვი? მაგრამ ისე მიჟუჟუნებს თვალებს,აშკარად მასაც მოვწონვარ.
-დაგიჟუჟუნებ შენ კარგად!
იმხელა ხმაზე ვიყვირე,ლიკუნა შეხტა,კარზე ზარის ხმაზე კი მე!
გაღიმებული შემოვიდა გოგლა და მოგვესალმა.დავინახე,ლიკუნამ როგორ დააღო პირი.
-წავედით,მაცაცო?
-წავედით,-ვუპასუხე გოგლას და ყბადაღებულ ლიკუნას თვალები დავუბრიალე.
***
თამრიკომ ჩვეული სითბოთი ჩამიკრა გულში და მომიბოდიშა,ჩემი ავადმყოფობის გამო ვეღარ გნახეო.
რანაირი ქალია?
გული ამიჩუყდა.
ზაზა საკმაოდ შეცვლილი მეჩვენა,ღიმილით ჩამომართვა ხელი, მეგობრულად გადამეხვია და ყურში ჩამჩურჩულა.
-მადლობა,მაცაცო.
თამრიკოს სადილი გაემზადებინა.სუფრასთან, გოგლას ყოველ გამოხედვაზე,სახე მიხურდა.რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მაგიდის წევრებს.ზაზა და თამრიკო დრო და დრო აპარებდნენ ჩვენსკენ თვალებს და ეღიმებოდათ.
-მიხარია,რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა,-ისევ თამრიკომ გაფანტა უხერხულობა.
-ცოტა მშიშარა ვარ და ფეხის თამამად დადგმა მიჭირს,-გამეცინა ჩემს თავზე.
-თუ სურვილი გექნება ჩვენთან დაბრუნების,სიტყვა ძალაშია,იცოდე-მითხრა თამრიკომ და გოგლას გახედა.
-როგორც თვითონ მოისურვებს,-უფროსმა ჟღენტმა თვალი გამისწორა.
-ამჯერად,არა,იმიტომ,რომ სახლის საქმე აკეთო,უბრალოდ ესენი სულ გასულები არიან და მარტო ყოფნის მეშინია,-სევდიანად გამიღიმა.
დავფიქრდი.. გოგლას სიახლოვეს შევძლებდი,თუ არა ყოფნას? მხოლოდ ეს იყო ჩემი დაბრკოლების მიზეზი.
-ძალიან გაგვიხარდება,ჩვენთან თუ იქნები,-ზაზამ ხელი ხელზე დამადო.
მაშინ კი ბნედა ეცა ჩემს დანახვაზე. გამახსენდა და ლამის გამეცინა.
-არ გაძალებ შვილო,-თამრიკომ ყოყმანი შემატყო.
-თანახმა ვარ,-ვთქვი და გოგლას შევხედე. ირონიულად ჩაიცინა.აშკარად გვარიანი ქულა მიიწერა.
უცებ გავბრაზდი,მაგრამ სიტყვას უკან ვეღარ წავიღებდი,ისე გაუხარდა თამრიკოს,სკამზე აწრიალდა.
საღამომდე დავყავი ჟღენტების ოჯახში.გოგლა სამსახურში გამოიძახეს.სასწრაფოდ დაგვემშვიდობა და წავიდა.გულში რაღაც ჩამწყდა.ზაზამ ჩემი უცაბედი ცვლილება მაშინვე შეამჩნია,ხელი დამავლო და თავის ოთახში ამომაყოფინა თავი.გამიკვირდა უჩვეულო წესრიგი.
აღტკინებული მაცნობდა კედლებიდან მომზირალ მუსიკოსებს. ყველას ბიოგრაფია ზეპირად იცოდა.სასიამოვნოდ გამაკვირვა.პატარა საიდუმლოც გამანდო,მეც ვწერ მუსიკას და მოგასმენინებო. გიტარა მოიმარჯვა და აჟღერებულ სიმებში ჩამითრია.
ვუყურებდი ზაზას და უდიდესი სიხარულით ვივსებოდი.
***
სახლში დაბრუნებულს,ლიკუნა წარბაწეული ,სავარძელზე მჯდომი დამიხვდა.ველოდი კიდეც,სად წავიდოდა,სანამ არ გაიგებდა ყველაფერს.არ შევიმჩნიე მისი გამოხედვა.სულაც არ ვაპირებდი,დადებითი ემოციებით სავსე დღე ჩაეშხამებინა ჩემთვის.
-სად იყავი?-კაპასი დედამთილივით წამოიფოფრა.
-სამუშაოს თაობაზე,-მშვიდად ვუპასუხე.
-რა ხდება შენს და გოგლას შორის?
-არ ვარ ვალდებული ანგარიში გაბარო,არ დაგავიწყდეს,რომ ლამის ჩემი გაზრდილი ხარ!
-მოგწონს,გოგო?-უკან დაიხია.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ,-ვთქვი და გავწითლდი.
-ვაიმე,მაცაცო!-უცებ აკისკისდა.
-აქ რჩები?-ვეცადე საუბრის თემა შემეცვალა.
-სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ,გოგლა მოგწონს?-არ მომეშვა.
-ვთქვათ და მომწონს,მერე?!
-სერიოზულად?!
-ჰო,მერე?-იერიშზე გადავედი.
-ჯანდაბას ჩემი ქორწილი,ოღონდ შენ გეშველოს,-სიხარულით შემოჰკრა ტაში და სიცილით ჩამეხუტა.
-მასეც კი არ არის საქმე,-გამეცინა.
-ყველაფერი მომიყევი,ყველაფერი,-მოუთმენლად დამსვა დივანზე და მომიჯდა.
დიდი არაფერი მქონდა მოსაყოლი.თუმცა, იმ ერთმა კოცნამ,თავდაყირა დააყენა ჩემი გრძნობები და ლიკუნას გავუზიარე იმ დროს განცდილი.
-რა მაგარია!- აღტაცებით დამაჯანჯღარა.-სიხარულისგან გადაირევიან მანანა და ზურა!
-არც გაბედო!-დავუკივლე და წამოვხტი.
-ვხუმრობ გოგო,-კისკისით გადაწვა დივანზე.
***
ორ დღეში, გულისფანცქალით ვიდექი ჟღენტების სახლის ჭიშკართან.კარი გოგლამ გამიღო. ჩემს დანახვაზე ჩაეცინა და გზა დამითმო.
-მობრძანდით,ქალბატონო მაცაცო!
ჩვენს შორის მანძილის გაზრდა არ მეპიტნავა და სიბრაზე შემერია.
ისე იქცევა,თითქოს მე ვეცი მაშინ საკოცნელად. გვერდი ავუქციე და სახლისკენ წავედი.
თამრიკო საწოლში დამიხვდა,თავს შეუძლოდ გრძნობდა.ზაზა უნივერსიტეტში იყო წასული.
-კაბინეტში ვიქნები,-მშრალად მითხრა გოგლამ და შეტრიალდა.
იქვე ჩამოიშალა ჩემი ოცნების ხუხულა.
უხასიათოდ ჩამოვჯექი თამრიკოსთან.ღიმილით მომიკითხა და მომიბოდიშა,მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,ძილი მერევა,შენ მანამდე ყავა გაიმზადე,თავი ,როგორც საკუთარ სახლში,ისე იგრძენიო.სხვა რა დამრჩენოდა,ფეხაკრეფით შევიპარე სამზარეულოში,სადაც შესაშური სისუფთავე სუფევდა.
ყავა და შაქარი მაშინვე ვიპოვნე კარადაში,აი, მადუღარას ძებნაში კი ყველაფერი გადავატრიალე.
-ცხვირწინ გიდევს,-გოგლას ხმაზე შევხტი.
-აი,ეს,-სპილენძის ჯეზვე მომაწოდა.-მეც გამიკეთე,უშაქრო!-მითხრა და გავიდა.
მგონი სათვალე მჭირდება!
ნეტავ,გამობრძანდება,თუ მე უნდა მივართვა? მოახლის როლში ვიგრძენი თავი.არ მესიამოვნა.გოგლა კი არ ჩქარობდა გამოსვლას.ისევ მე ვიკადრე შესვლა.თავჩარგული იჯდა მაგიდასთან.
-მადლობა,-თავი არ აუწევია ისე მითხრა და საქმე განაგრძო.
ჰმ,ამას ვინ ვგონივარ?! სწრაფი ნაბიჯით წავედი მისკენ და მეც არ ვიცი,როგორ გამიცურდა ხელიდან ფინჯანი,მის ნაცრისფერ შარვალზე უმალ გაჩნდა დიდი ლაქა და გოგლას სიმწრით წამოყვირებამაც არ დააყოვნა.მე ცალკე შევკივლე,შეშინებულმა დავიხიე უკან და კედელს ავეკარი.უცებ ჩაუსახლდნენ მხეცები თვალებში.
მაცაცო,შენი აღსასრული მოვიდა! გავიფიქრე და ქუთუთოები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს.
გოგლა დამწვარ-დათუთქული გავარდა ოთახიდან.
კაბინეტიდან ფეხაკრეფით გამოვიძურწე და თვალების ცეცებით დავუწყე სამალვს ძებნა.
დამწვრობაზე საშინელი ტკივილი,არ მგონია არსებობდეს. სინდისის ქეჯნამ მოსვენება არ მომცა და კიბეს კანკალით ავუყევი.უყურადღებობა არ გამოდიოდა.კაბინეტში,თუ არ ვიკადრე კაკუნი,მის საძინებელის კარზე კი ავათამაშე თითები.
-შემოდი!
მის მკაცრ ტონზე ,უარესად ავცახცახდი,მაგრამ უკან დახევაც არ გამოდიოდა.ძალა მოვიკრიბე და შევედი.სარკესთან იდგა,წელზემოთ შიშველი.შარვლის გამოცვლა კი მოესწრო.დავინახე,თუ არა ადგილზე გავშრი.
-გისმენ!
-ბოდიში გოგლა,მეც არ ვიცი რანაირად დამემართა,-თავის მართლებას მოვყევი.
უცებ ჩემსკენ წამოვიდა და მკლავებში ჩამავლო ხელები.რისხვის მოლოდინში თვალები მოვჭუტე.
-გეშინია?-ჩუმად მკითხა და თავისკენ დამქაჩა.
-გამიშვი,-ავფართხალდი.
-დანაშაულს გამოსყიდვა უნდა,-მთელი ძალით მიმიზიდა და შიშველ მკერდზე ამიკრა.
იმ დროს ვიგრძენი სულის განტევება!
-რა ფერი გაქვს,კარგად ხარ,მაცაცო?-დამთბარი ხმით მკითხა და სახეზე ჩამოყრილი თმა შემისწორა.
-ცუდად ვარ,-ამოვიხავლე.
-ჩემი სიახლოვე გხდის ცუდად?
მშვიდად განაგრძობდა ჩემს ტანჯვას.
-უნდა წავიდე,ქალბატონი თამრიკო გაიღვიძებდა,-გაქცევის მიზეზი მოვიფიქრე.
-და ჩემს დამწვარ ფეხს რა ეშველება?
ისევ ის გახურებული ბაგე ვიგრძენი,ამჟამად შუბლზე.
ამის ფეხს დავეძებდი? ცოცხლად ვიწვოდი!
-გოგლა,გამიშვი!-ხელის კვრით ვცადე თავიდან მომეშორებინა.
-ჯერ დამწვი,ახლა მცემ?! სხეულის განზრახ დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით,მე როგორც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი,ვალდებული ვარ,რეაგირება მოვახდინო აღნიშნულ ფაქტზე და დაგაპატიმრო!
-დამაპატიმრე,ოღონდ ახლა გამიშვი,-მის ხუმრობაზე გამეცინა.
-საქმე სისრულეში მომყავს,აქვე,-მითხრა და ისე ვნებიანად დამაკვდა ტუჩებზე,ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი.
ბოლო-ბოლო ცოცხალი ორგანიზმი ვარ! ერთიანად ამეშალა მიძინებული ვნებები და მეც ავაცმაცუნე პირი.
კოცნის გამოცდილება აქამდე არ მქონია.ამას მიმიხვდა და ვიგრძენი როგორ გაეღიმა.
შემრცხვა,მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო მისი შეხება,სირცხვილი კედლის გარეთ მოვისროლე და უფრო მონდომებით ავამოძრავე პირი.
-რომ ჰკითხო,წასვლა უნდოდა,-გაეცინა გოგლას და სანამ რამეს ვიტყოდი,უცებ დამიხშო სიტყვა მისმა ბაგემ.
მოწყურებულივით მეწაფებოდა ტუჩებზე.ისე მომთხოვნად მკოცნიდა,მეგონა დამახრჩობდა. მისი ხელი ჩემი მაისურის ქვეშ,მკერდისკენ მცოცავი,რომ ვიგრძენი,დენდარტყმულივით გადავხტი უკან.
-რა მოხდა?!
-უნდა წავიდე,-სანამ ხელმეორედ დამწვდებოდა,ოთახიდან გავიქეცი.
სააბაზანოში გულამოვარდნილი შევვარდი და კარი გადავრაზე. სარკეში თავი შევათვალიერე და სიცილი ამიტყდა. ჩემი ვარდისფერი ტუჩსაცხი უსწორმასწოროდ გაწოლილიყო პირის გარშემო.
-რა სირცხვილია,-სახეზე ავიფარე ხელი.
კიდევ კარგი თამრიკომ გაიღვიძა,თორემ ,გოგლასთან მარტო დარჩენა სახიფათო იყო.
***
უკვე,ორი კვირა იწურებოდა,რაც ჟღენტებთან ვმუშაობდი.გოგლა იმ დღის შემდეგ,თითქოს გაცივდა ჩემს მიმართ,მხოლოდ მისალმებით და დამშვიდობებით იფარგლებოდა.უმეტეს დროს ან სამსახურში ატარებდა,ან სახლში,მის კაბინეტში ჩაკეტილი. საშინლად მოვიწყინე.მისი ერთი თბილი სიტყვა,ალბათ ყველაფერზე გამხდიდა თანახმას. გოგლას სურვილით ვიწვოდი და ვდნებოდი,რომ იტყვიან.ის კი ჯიუტად,არ მეკარებოდა ახლოს. თამრიკო,რომ არა,ფეხს არ მივადგამდი მის სახლში,ისე მიპყრობდა სიბრაზე.
მე და ზაზას კი,მისი ძმისგან განსხვავებით,მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ხშირად მასმენინებდა თავის დაწერილ მუსიკას.შემპირდა კიდეც,ჩემი კონცერტის პირველი ბილეთის მფლობელი შენ იქნებიო.აი,გოგლას საერთოდ არ დავპატიჟებ,სერიოზულად ,რომ არ აღიქვამს ჩემს საქმიანობას და გიტარის ჩხაკუნს ეძახესო.
-იურიდიულზეც მაგის დაჟინებული მოთხოვნით ჩავაბარე,თორემ მუსიკალურ სასწავლებელში შემქონდა საბუთები,-მითხრა ერთხელ ზაზამ.
-შენს ძმას ჰგონია,ყველა მის ბრძანებას უნდა დაემორჩილოს,სამსახური სისხლში აქვს გამჯდარი,-გავბრაზდი.
-არ მინდოდა წყენოდა,-ამოიოხრა ზაზამ.
-იცი ,რას გეტყვი? ადამიანმა ზუსტად ის პროფესია უნდა აირჩიოს და აკეთოს,რაც უყვარს და კარგად გამოსდის,რომ მთელი ცხოვრება არ გაუხდეს სანანებელი,-ავპილპილდი.
-ახლა რაღა ეშველება?-ხელი ჩაიქნია.
-თუ მოინდომებ,ეშველება! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ!
მივხვდი,ზაზას გზიდან აცდენა,ზუსტადაც არასწორად შერჩეული პროფესია იყო,რომელის სწავლასაც გულს ვერ უდებდა და მისგან გასაქცევად,ათას სისულელეს სჩადიოდა.
-მოგეხმარები,გვერდში დაგიდგები და სცადე, შეიტანე საბუთები მუსიკალურში.
-გოგლა გაგიჟდება.
-გაგიჟდება და გაგიჟდეს! მე ,რომ მიპირებდა ფსიქიატრიულში გამომწყვდევას,აქეთ გავისტუმრებ!
გამახსენდა მუქარები,თუმცა ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-მაცაცო,ბედნიერი ვარ,რომ გაგიცანი.მართალია, ჩვენი შეხვედრები ძვირად დაგვიჯდა,მაგრამ დღესდღეობით ძალიან მიხარია,რომ შენი სახით გულითადი მეგობარი შევიძინე.
თვალები ამიცრემლიანდა.
ზაზამ დამიჯერა და გოგლასგან ფარულად გავიდა გამოცდებზე. შედეგებს მასთან ერთად ველოდი.ყოველ დღე ვამხნევედი და დამოუკიდებლად გადადგმულ ნაბიჯს ვუქებდი.ეს,რომ გოგლას გაეგო,ჩემი გათამაშებული ამნეზია კი არა,მართლა დამავიწყებდა გვარ-სახელს.
***
ერთ საღამოს ,სახლში როცა ვბრუნდებოდი,ნაცნობ ჯიხურთან შევჩერდი,ჯიბე მოვიქექე და ხურდები გავუწოდე გამყიდველს.
-გაზეთი "სიტყვა და საქმე" მომეცით,-ვუთხარი და შიგნით მჯდომის დანახვაზე პირი გვერდზე მომექცა.
-ბატონო გივი?-თვალებს არ დავუჯერე.
დიახ,დიახ,ჯიხურში,გამყიდველის ადგილას გამომძიებელი გივი მაჩიტიძე იჯდა და წარბშეკრული მიყურებდა. ცდილობდა გახსენებოდა,საიდან ვეცნობოდი.
-გოგლას მეგობარი ვარ,იქ,საავადმყოფოში მნახეთ,-დავეხმარე ჩემს ამოცნობაში.
-ნუ ყვირი,გაიარე!-კბილებში გამოსცრა და ჩემს უკან მზერა მოატარა.
ვერ მივხდი რამ გააბრაზა. ჯერ გოგლა,ახლა ეს.არა,რაღაც ხდება და გადავწყვიტე,რადაც არ უნდა დამჯდომოდა,გამეგო რას აკეთებდა გამომძიებელი გივი ჯიხურში.
-თქვენ ხომ გამომძიებელი ხართ?-ცოტა ხმამაღლა მომიმივიდა კითხვის დასმა.პასუხად გივიმ კბილები გააჭრიალა და ფეხზე წამოხტა.კარგად დავინახე როგორ გაიელვა მის ხელში იარაღმა.გვერდზე გადახტომა ვერ მოვასწარი,რომ ზურგიდან ვიღაც მეცა,კისერზე მომხვია ხელი და გამეტებით გამითრია.
-გზა გაათავისუფლეთ,თორემ მოვკლავ!
დაიძახა ჩემზე შემოხვეულმა და ჰაერში ორჯერ გაისროლა.
აქამდე მეგონა,რომ ჩემს ცხოვრებაში რაც მოსახდენი იყო,უკვე მოხდა.თურმე,ჯერ სად ხარ,მაცაცო?! ჩემს დეტექტიურ მოკლემეტრაჟიან ფილმიდან დიდ კინოში წამში გადავინაცვლე.
არ ვიცი ვინ, იყო და სად მიმათრევდა,ყელზე წაჭერილი მისი მკლავი მახრჩობდა და ვგრძნობდი სადაცაა გონებას დავკარგავდი.სიკვდილზე მეტად,მეხსიერების დაკარგვის მეშინოდა. გოგლას დავიწყებას ვერ გადავიტანდი.
-დააგდე იარაღი!
საიდან გაისმა ხმა,ვერ მივხვდი.ის კი დავინახე,თუ როგორ გარბოდა ხალხი ხმაურით.
-ვიხრჩობი,-მოძალადის ხელს ვეცი.ძვრაც ვერ ვუყავი,ჩემი სიტყვებიც არც გაუგონია,გააფთრებულმა შემათრია რომელიღაც სადარბაზოში.
ხელ-ფეხში ერთიანად მეცლებოდა ძალა. თავი ცოტა სამშვიდობოს,რომ დაიგულა ,მარწუხივით შემოჭერილი მკლავი ოდნავ მოადუნა.
-ძალიან გთხოვთ,არ მომკლათ,-ისეთი მუდარა გაისმა ჩემს ხმაში,თავი შემეცოდა და ავტირდი.
-მოკეტე!-დამიღრინა და ახლა კიბეზე გამითრია.
ამ ცივსისხლიანს ცრემლებით მოვულბობდი გულს?
თვალწინ გამირბინა ახლობლების სახეებმა.ნეტავ,ლიკუნას,რომ ამ დღეში დავენახე,კიდევ იქნებოდა ხუმრობის ხასიათზე? ალბათ კი. მეტყოდა რაღაც მწარეს.შემდეგ მანანას სახე წარმოვიდგინე და ისე შევხტი,ინსტიქტურად ავეკარი მოძალადეს. ზურას გახსენებაზე,უარესად ავტირდი. გულში დავემშვიდობე ყველას და დაველოდე,როდის მომიღებდა ბოლოს ეს არსაიდან გამოჩეკილი ყაჩაღი.
-გაათავისუფლე მძევალი და ჩაგვბარდი!
მეგაფონის ხმამ გადარჩენის იმედი დამიბრუნა,მარტო არ ვიყავი.ნეტავ,გოგლა სად არის? აქ მაინც იყოს,ვინატრე.მაგრამ,არა! აზრის გასაფანტად თავი გავიქნიე. ამ კაცს არ ვიცი და გოგლას,რომ ვერ გადავურჩებოდი,ეს დანამდვილებით ვიცოდი.
-არავინ ამოვიდეს,თორემ მოვკლავ!
ფეხის ხმა შემოგვესმა და დაიჭიმა ჩემი მარწუხიც.
რაც თავი მახსოვს,მანანა სულ ამ სიტყვებით მაშინებს."მოგკლავ გოგო,მოგკლავ გოგო",მაგრამ დღემდე ვერ ამისრულა მუქარა.იქნებ ახლაც გამოვძვრე?!
უნდა გამოძვრე ,მაცაცო! შევუძახე თავს და მამაკაცს ვუჩურჩულე.
-ვინმეს ბინაში უნდა შევიდეთ,სხვა გზა არ გაქვს,ყველგან იქნებიან ჩასაფრებულები!-
ერთი კი დამხედა დაძარღვულმა და მგონი ჭკუაში დაუჯდა. პირზე თითის მიდებით სიჩუმე მანიშნა და მაიძულა კატის ნაბიჯებით ავყოლოდი კიბეზე. რას არ დავუჯერებდი? მასზე მეტად მე ვფრთხილობდი.კიბის სახელურს,რომ წამოედო,ლამის ჩავაფეთე,ნუ ხმაურობ-მეთქი,კი ვუთხარი.სიცოცხლე ტკბილია.სულაც არ მინდოდა,სადღაც სადარბაზოში დამესრულებინა ჩემი ტანჯული ცხოვრება.
გზა და გზა ყველა შემხვედრ კარს აწვებოდა.ვინ დაგვიტოვებდა ღიას? გაწბილებულები მივიწევდით წინ. ჩვენდა საბედნიეროდ ,ერთ-ერთი სახლის კარი გაიღო და იქიდან მოხუცი ქალბატონი ფლოსტების ფლატუნით გამოვიდა და თვალმოჭუტული დაგვაკვირდა,ეტყობოდა,მხედველობა უჭირდა.
-რა ხმაურია გარეთ,რა მოხ..-ვინ აცადა დასრულება? შეთქმულებულებივით ვისკუპეთ მისკენ და სანამ აზრზე მოვიდოდა,ხელი ვტაცეთ და სახლში შევათრიეთ.
მაშინ მივხვდი,რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი მამოძრავებდა და ძალაუნებურად ვეხმარებოდი მოძალადეს.
-ვინ ხართ? თალიკო! თალიკო!-ატეხა ყვირილი ქალმა. საცოდავი,მშველელს უხმობდა.თალიკო კი არა,მგონი მთელი არმია იდგა გარეთ და ვერაფერს მშველიდნენ.
ნამძინარევი სახით გამოფაფხურდა ზუსტად პირველი ქალის ასლი.მივხვდი,ის იყო თალიკო. გამწარებულ გულზე ლამის გამეცინა.
-რა გაყვირებს როზა? ესენი ვინ არიან?-თვალი მოგვატარა და იარაღის დანახვაზე შეჰკივლა.
-ხმა,თორემ დაგხოცავთ!-იყვირა ,აწ უკვე ჩემმა,როზას და თალიკოს მოძალადემ .
-დაუჯერეთ რა, ჩუმად იყავით,-შევეხვეწე მოხუცებს.მივხვდი,აქეთ დასაცავს,მათი დაცვა მომიხდებოდა.
შეშინებულები უყურებდნენ ერთმანეთს.მე თავს ვიკავებდი,თორემ მათზე მეტად ვიყავი ელდა ნაცემი.
-ფანჯარასთან მიდი,-მიბრძანა მარწუხამ. რას ვიზამდი?
-ზუსტად მითხარი რა ხდება,აღწერე ყველაფერი!
მზერა მოვატარე ეზოს და წინ მდგარ კორპუსებს.საეჭვო ვერაფერი შევნიშნე.არც ფორმიანები ჩანდნენ და არც მათი მანქანები.
-არავინ ჩანს,-მხრები ავიჩეჩე,თან შემეშინდა,ნუთუ ამ მხეცს შეატოვეს ჩემი თავი-მეთქი?!
-სტყუი!-მითხრა და იარაღი დამიმიზნა.
-მართლა არაფერი ჩანს საეჭვო,-ხმა ამიკანკალდა.
-ნუ აშინებ .ბიჭო!-როზა გაუბრაზდა.
-ხმა ჩაიგდე,ბებერო!-ახლა მას მოუღერა იარაღი.როზამ არწივის მზერა ესროლა მარწუხას. ალბათ,ბებერო ეწყინა. ქალია მაინც.
კიდევ ერთხელ მოვატარე თვალი ეზოს,დღეს ბინდი ეკვრებოდა,ლამპიონების შუქზე ,დაძაბული ვზვერავდი ყველა აივანს და ფანჯარას,სახურავებიც გადავამოწმე.არაფერი ჩანდა.
-მგონი წავიდნენ,-ყველაზე დიდი სისულელე დავაბრეხვე.
-ვინ წავიდნენ?-გულუბრყვილოდ იკითხა თალიკომ.
პასუხის გაცემა არ დამცალდა,ზედ სახლის კარზე გაისმა მეგაფონის ხმა.მარწუხას დანებებას ურჩევდნენ,თუ არა და უკიდურესს ზომას მიმართავდნენ.რაც ცეცხლის გახსნას გულისხმობდა.
თავზარი დამეცა.ნუთუ ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირდა?!
-გვიშველეთ! გვიშველეთ!-აყვირდნენ დები. ისედაც დაკარგული ფერი,უარესად დამეკარგა.
-გაჩუმდით,გეხვეწებით,-ვეცი ორივეს.
მარწუხა დაგეშილი წამოვიდა ჩვენსკენ,თვალებში შიში და სიბრაზე ერთიანად უელავდა. როზას და თალიკოს ხელგაშლილი გადავეფარე.
-არაფერი დაუშავო,გთხოვ!
მარწუხამ ხელისკვრით გადამაგდო გვერდზე და მოხუცებს მიუშვირა იარაღი.
-ერთხელ კიდევ ამოიღებთ ხმას და აქვე ჩაგაძაღლებთ!
-არც შენ დაგადგება კარგი დღე,ვერ გაიგონე,ცეცხლს გავხსნითო?!-თალიკომ შეუბღვირა.
უბედურების მოლოდინში სუნთქვა შემიჩერდა.მეგონა ტყვიას დაახლიდა.
-ყველა მოვკვდებით,-დაუდასტურა როზამაც.
ღმერთო,ვინ არიან ესენი,პილოტის გული აქვთ,გავიფიქრე და ლამის დავუჩოქე მარწუხას.
- დედას გაფიცებ,არ ესროლო!
მარწუხამ წარბებქვეშიდან გამომხედა და იარაღის ლულა შუბლზე დამიმიზნა. სიკვდილთან შესახვედრად თვალები დავხუჭე. ვერაფერზე ვფიქრობდი,აღარც ოჯახი მახსოვდა და აღარც გოგლა.
-სანამ ცოცხლები ვართ,ცეცხლს არ გახსნიან..მგონი, -როზას ხმა მომესმა.
-ოჰ,გაუჭირდებათ!- თალიკომ ცეცხლზე ნავთი დაასხა. კოპიო ლიკუნაა,გავიფიქრე და ცალი თვალი გავახილე. მარწუხა ისევ ჩემზე დამიზნებული იარაღით იდგა.
ზვიად ჩოხელი! გაათავისუფლე მძევლები და გამოდი! სახლი ალყაშია! აქედან გაქცევის შანსი არ გაქვს!
მეგაფონის ხმამ მარწუხას უარესად აუელვა თვალები.
რაო,ჩოხელიო? მანანას მოგვარეა? ისე გამიხარდა,თითქოს რომელიმე სამხიარულო სუფრაზე მეპოვნოს ნათესავი.
-დედაჩემიც ჩოხელია,-ამოვიკნავლე და მარწუხას დავაკვირდი.იქნებ,ნათესაურ კავშირს გადავერჩინე.
-ჩვენც გვყავს ნათესავი ჩოხელი,-თალიკო გამოცოცხლდა.
-ვისზე ამბობ?-ვერ მიუხვდა როზა და გაკვირვებით შეხედა.
-გოგლაზე!-იდაყვი გაკრა დას.
ნაცნობ სახელის გაგონებაზე ყურები ვცქვიტე.
- ჭკუიდან ხომ არ შემცდარხარ, თალიკო? ჩვენი გოგლა ჟღენტია,-როზამ ხელი აუთამაშა ცხვირწინ. თალიკომ თვალები დაუბრიალა და მივხვდი,ცდილობდა მასაც ეპოვნა ნათესაური კავშირი მარწუხასთან.
რაო?! გოგლა ჟღენტიო? ყველგან ვიჩქმიტე.
მარწუხა ხან მე მიყურებდა,ხან დებს. მოთმინება აღვსილმა მკლავში მტაცა ხელი და დივანზე მიმაგდო.შემდეგ როზას და თალიკოს მიუბრუნდა,ისინიც ხელის კვრით მომისვა გვერდში.
-ერთი ზედმეტი ხმა,რომ გავიგო,ამოგხოცავთ!
შევატყვე, ხაფანგში მომწყვდეული,ნამდვილად გამკეთებელი იყო.
როზამ და თამრიკომ აქეთ-იქიდან ჩამკიდეს ხელი. მივხვდით,მისი უარესად გაღიზიანება,კარგს არაფერს მოგვიტანდა და გავისუსეთ.
გარედან კი გაბმულად ისმოდა ბრძანება. მოლაპარაკებაც შესთვაზეს მარწუხას.რაზეც იმედი მოგვეცა,რომ დათანხმდებოდა და სამშვიდობოს გავაღწევდით.ერთმანეთი თითების მოჭერით გავამხნევეთ.
-ფურცელი და პასტა,დროზე!-დაიძახა და სამივე წამოვცვივდით.მე სად გავრბოდი,ამ უცხო სახლში,არ ვიცი.
-ერთი ადგეს!
მე და თალიკო უკმაყოფილოდ დავსხედით.
-პასტა კი არა,საწერი კალამი,-როზამ შეუწორა და ბრძანების შესასრულებლად გაემართა.
-მგონი ანდერძს გვაწერინებს,-მიჩურჩულა თალიკომ.
მეგონა,მხოლოდ ლიკუნას შეეძლო,ასეთ ტრაგიკულ ამბავს იუმორით შეხვედროდა,თურმე ვცდებოდი.თალიკო მასზე უარესი აღმოჩნდა.
სიმწრით გამეღიმა.
მარწუხამ როზას ხელიდან წაგლიჯა კალამი და ფურცელი. ისევ ხელის კვრით მომისვა გვერდში და ახლა მე მიბრძანა ადგომა.ფურცელზე სასწრაფოდ დაწერა რაღაც და ხელში მომაჩეჩა.
-მიდი! -კარისკენ მიბიძგა და კეფაზე მომადო იარაღი.
კართან აკანკალებული მივედი და ხმამაღლა დავიძახე.
-არ ისროლოთ,მაცაცო ვარ!
გარედან ფაჩუნის ხმა შემომესმა.
ის იყო კარის ქვეშიდან უნდა გამეცურებინა ქაღალდი, მარწუხა ხმაურით დაეცა ჩემს გვერდით და დავინახე მასზე დამხობილი სამი ნიღბიანი. შევკივლე და ახლა მე მეცა ორი ნიღბიანი. შიშისგან და მოულოდნელობისგან ერთი კი გავიბრძოლე,მაგრამ რას გავხდებოდი ნავარჯიშებ მამაკაცებთან? ლამის ხელში აყვანილი გამაქციეს კიბეზე.
-კიდევ არიან,თალიკო და როზა,უშველეთ! - გავაბი ყვირილი.
-დაწყნარდით ქალბატონო,ყველაფერი დამთავრდა,-მითხრა ერთმა და სასწრაფო დახმარების მანქანაში, თეთრხალათიანებს გადასცეს ჩემი თავი.
-კარგად ვარ,არაფერი დაუშავებია,-ვთქვი,მაგრამ ვინ დამიჯერა?ყველამ სათითაოდ მომისინჯა ხელ-ფეხი. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ,მაინც გამაქანეს საავადმყოფოში.
სიბრაზე მახრჩობდა,გაღიზიანებული ვეჩხუბებოდი მედპერსონალს. ისინი კი,მოთმინებით იტანდნენ ჩემს საყვედურებს. პალატაში დამაწვინეს და დამამშვიდებლები გამიკეთეს. დაღლილობამ და მთელი დღის განცდილმა თავისი ქნა,ის იყო თვალები უნდა მიმელულა,გოგლა დამაცხრა თავს. უცებ გამოვხიზლდი.მარწუხასი ისე არ შემშინებია,როგორც ჟღენტის დანახვა.
-ვინ თუ არა,მაცაცო ვარსიმაშვილი,დღის გმირი!-თეატრალურად გაშალა ხელები.
საცოდავად მოვიკუნტე საწოლში და თვალები ამიცრემლიანდა. უხეში! ამის დამატება მინდოდა? ისედაც დაკენკილი მქონდა ნერვები.
-ჩემგან რა გინდა?-ამოვიტირე.
-კითხულობ კიდეც?! -გაცოფებული ჩამაფრინდა მხრებში.-მთელი ექვსი თვე, მთელი ექვსი თვე ვცდილობდით მთავარ დამნაშავეს კვალზე გასვლას, სულ რაღაც წამები გვაშორებდა მის ხელში ჩასაგდებად, დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩაგვიშალე, იცი,რას ნიშნავს ეს?!
ვინატრე, ან მეხსიერება დამკარგვოდა,ან მარწუხას მოვეკალი.
-მე ხომ არ ვიცოდი? გამიკვირდა გივის დანახვა ჯუხურში..-ტირილით ვუთხარი.
-და გადაწყვიტე გაგეგო რას აკეთებდა იქ,ხომ?! -დამიღრიალა.
რა უხეშია,მორჩა,ერთი ამ ამბიდან გამოვძვრე და გოგლასკან არასდროს გავიხედავ!
-მაინც,ხომ დაიჭირეთ ?- საწყლად შევხედე მის გაცეცხლებულ თვალებს.
-ვინ დავიჭირეთ? ის ლიფსიტა,ვის რა ჯანდაბად უნდა?! -დამაჯანღარა.
-მეტკინა,-თავის გათავისუფლება ვცადე.
-მატრაკვეცა! - გაბრაზებით წამოიძახა და ხელი გამიშვა.
მეწყინა,თანაც როგორ..სხვას,რომ ეთქვა,შეიძლება ყურსუკან გამეტარებინა,მაგრამ ჩემი საყვარელი მამაკაცისგან ვერ ავიტანე,წამოვხტი და მის წინ ავისვეტე.
-დამიჭირე,რაღას უცდი?!
-უხ..-თავი გააქნია და თითები მომუშტა.
-მიდი! - დავუყვირე და მზერა გავუსწორე.
-შენ გასწავლი ჭკუას! -საჩვენებელი თითი დამიქნია და შეტრიალდა.
-მშიშარა!
ჩემს წამოძახილზე ადგილზე შედგა,ღრმად ჩაისუნთქა და კარში შურდულივით გავარდა.აკანკალებული ჩამოვჯექი საწოლზე.ისე ვიყავი გამოფხიზლებული , გამოცდილი ანესთეზეოლოგიც ვერ დამაძინებდა. მთელი დღის ჯავრი ბალიშზე ვიყარე.გამწარებული ვუშენდი მუჭებს.
***
დილისთვის ჩემი საწოლი ნაომარს ჰგავდა. არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში.
-საავადმყოფო შეგიცვლია,სად არ გეძებე,გადავატრიალე ქალაქი,- აქოშინებული შემოვარდა ლიკუნა.
-ესღა მაკლდა ! -მის დანახვაზე თვალები გადავატრიალე.
-გოგო,მართლა მძევლად ჰყავდი აყვანილი,თუ აქ ბოდავენ რაღაცას?-ჩაიცინა.
-როგორ მომაგენი?!
-გოგლამ მომიყვანა,-ეშმაკურად მოპრუწა ტუჩები.
-აქ არის?!
-მარტო ეგ კი არა,მგონი მთელი სამინისტროც.
წამში ვიგრძენი სისხლის ნაკადის ავარდნა თავში.
-გოგლას მამიდებისგან იღებენ ჯერ ჩვენებას,მერე შენთან შემოვლენ.
-ვინ მამიდები?!
უცებ დამკრა თავში,დავიჯერო როზა და თალიკო გოგლას მამიდები არიან? არა,ეს შეუძლებელია!
-დანარჩენი მძევლები,გოგო,არ იცოდი,ვინ იყვნენ?-გაოცებულმა შემომხედა.
ცოცხლად სატირალს დავემსგავსე. ამდენ დამთხვევას და შემთხვევას ჩემი ტვინი ვეღარ უძლებდა.
როგორც კი დამთავრდება ყველაფერი,სოფელში წავალ,სჯობს, მანანამ შემჭამოს,ვიდრე გოგლამ-გავიფიქრე და კარში შემოსულ მამაკაცებს გავხედე.
მივხვდი,ჩვენების მისაცემად უნდა მოვმზადებულიყავი.
***
მთელი ერთი კვირა გოგლა არ მინახავს.არც თავად შეუწუხებია თავი.მხოლოდ სასამართლო დარბაზში მოვკარი თვალი,ახლოსაც არ მოსულა.შორიდან გამბურღა მზერით. ძალიან მეწყინა.მეგონა,ჩემსავით ექნებოდა სიბრაზე გადავლილი ,შევცდი.
თალიკოს და როზას დანახვაზე,სახე გამებადრა,საზეიმოდ იყვნენ გამოპრანჭულები.თბილად მომიკითხეს და მომხდარ ამბავზე გამიბეს საუბარი.
ის დღე სევდიანი ღიმილით გავიხსენეთ.
მარწუხას რამდენი მიუსაჯეს,ვერ გავიგე,ჩემი ფიქრები ჟღენტთან იყო,რომელიც პროკურორის გვერდით იჯდა და მთლიანად იყო ჩაფლული პროცესში. ისე სიმპათიურად გამოიყურებოდა,გულში ჩხვლეტა ვიგრძენი და მივხვდი,რომ მას ჩემი გონებიდან ვერასდროს გავაძევებდი.

***

-არ მჯერა,არ მჯერა,რადგან ამ მიწაზე ფეხი შემოდგი,რაღა მომკლავს?! ზურა,ჩხირი დროზე!-მანანა ჩვეული ქოთქოთით გამოიქცა ჩემსკენ.
-მომენატრეთ,-მშობლებს გადავეხვიე და ცრემლები წამოვყარე.
-ხომ კარგად ხარ,გოგო?-მანანამ ხელით გამწია და დამაკვირდა.
-ახლა,ნუ სანანებელს ნუ გაუხდი აქ ჩამოსვლას,ძლივს ვეღირსეთ,- შეუტია ზურამ.
-მართლა მომენატრეთ, აქაურობაც მომენატრა,-ვთქვი და ბუნების სურნელი ხარბად შევისუნთქე.
-ხოდა დარჩი ,ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა იცხოვრო?-დრო იხელთა მანანამ.
-ვნახოთ..- ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავად,რომ სამუდამოდ გავცლოდი ქალაქს,რეალობის პირისპირ აღმოჩენამ,ცოტა არ იყოს,ორჭოფობა შემპარა.
ერთი თვე ძლივს გავუძელი მანანას,მოთმინების ფიალა პირამდე ამევსო და გამოვუცხადე,თუ არ შეწყვეტდა ჩემს კუდში დევნას,მეორედ ვეღარ მიხილავდა ამ კარ-მიდამოში.ცოტა არ იყოს,შეეშინდა და უკან დახევა გადაწყვიტა.
მეგონა,ახალი გარემო გოგლას დამავიწყებდა,მაგრამ რაც დრო გადიოდა,მით უფრო მენატრებოდა.ხასიათი შემეცვალა და ყველაფერზე ავი ძაღლივით ვიღრინებოდი. ჩემს თავზე ვბრაზობდი,რომ ვერ ვერეოდი გრძნობებს.
მტკიცედ გადავწყვიტე ქალაქში დაბრუნება.ამდენ მონატრებას ვეღარ ვუძლებდი.იმ ჭკუაზე დავდექი,პირდაპირ მივალ და სიყვარულში გამოვუტყდები-მეთქი. სასწრაფოდ გამოვკარი ჩემი ბარგი.
-უნდა წავიდე,-გამოვუცხადე მშობლებს.
-ასეც ვიცოდი! -ზურა მანანას მისამართით გაბრაზდა.
-დედა არაფერ შუაშია, უბრალოდ მომბეზრდა უსაქმოდ ყოფნა,სამსახური უნდა ვიშოვნო,-დავამშვიდე მამა.
-აქ,საქმის მეტი რა არის ?-მანანამ ბაღ-ბოსტანი იგულისხმა.
-ვერ გადამათქმევინებთ,დილით წავალ,-მტკიცედ ვუთხარი.
-რა გაჩნდი ასეთი ჯიუტი?-უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი.
-როგორც შენ გინდა,მაცაცო,-ზურამ გამიღიმა და ამ ღიმილს მიღმა მიმალული წყენა მაინც გამოუჩნდა.
-ხომ იცი,როგორ მიყვარხარ,-მამას ორივე ლოყა დავუკოცნე .
-თავს მიხედე,-მითხრა და ჩამოგორებული ცრემლი თითით მოიწმინდა.
დილით ,მანანას გადამკიდე ძლივს მივუსწარი ავტობუსს. ორი დიდი ჩანთა გამივსო სოფლის ნობათით და ასე დაზურგული მძღოლს ჩააბარა ჩემი თავი. სირცხვილით სად წავსულიყავი,არ ვიცოდი.ყველა მგზავრი მე მიყურებდა,ამხელა ქალის მძღოლისთვის ჩაბარებას რეპლიკების გარეშე არ ჩაუვლია.
თუხთუხით,რომ დავიძარით,მაშინ ამოვისუნთქე.გული უცნაურად მიცემდა,გოგლას ნახვის დრო მიახლოვდებოდა. ნახევარი გზა მხნედ მეჭირა თავი,რაც უფრო ვუახლოვდებოდით ქალაქს,მით უფრო იმატებდა ჩემი ღელვაც.
ფანჯარას მივეყრდენი თავით და ფიქრებში ჩავიძირე.
ავტობუსს გვერდით რომ ამოუდგა ლურჯი ფერის მანქანა და მძღოლს ფარების თამაშით გაჩერება,რომ ანიშნა,იქვე მოვკვდი.
გოგლა ჟღენტი ვიცანი!
ავტობუსში ამოვიდა და თავზე ირონიული სახით დამადგა.
-ჩამოდი! -მშვიდად მითხრა.
-ე,ძმაო,სად მიგყავს,ჩაბარებული მყავს ეგ გოგო,დედამისს რა ვუთხრა?-წამოიყინჩა მძღოლი და ყაყანით აყვნენ მგზავრებიც. მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე.
გოგლა მშვიდად წავიდა მძღოლისკენ,არ ვიცი რა უთხრა,ის კი დავინახე,უკმაყოფილოდ, რომ გააქნია კაცმა თავი და საჭეს დაუბრუნდა.
-მაცაცო,ჩამოდი!
მომთხოვნი ხმა ჰქონდა ,რომ არ შემესრულებინა,ვიცოდი,ძალით ჩამიყვანდა.გაუჭირდებოდა,თუ რა?
რაღას ვიზამდი? დასაკლავი ცხვარივით ავედევნე.
-რა გინდა?!
მანქანაში ჩავჯექით,თუ არა,ეშვები გამოვაჩინე.
-როგორ ხარ?-სიმშიდეს არ კარგავდა.
-არ მითხრა,რომ ჩემზე დარდით არ გეძინა?!
-მიბრაზდები?-გაეღიმა.
-რატომ მოხვედი?!
-შენი აზრით?-ღიმილით გადმომხედა.
-რა ვიცი აბა,შენგან კარგს არაფერს ველოდები,-ცხვირი ავიბზუე.
-მართლა,მასე ფიქრობ ჩემზე?
-აბა რა ვიფიქრო, როგორ მომექეცი,დაგავიწყდა?!
-მაცაცო კი არ ვარ,ალაგ-ალაგ სკლეროზით,-გულიანად გაეცინა თავის ნათქვამზე.
-რა სასაცილოა!-ტუჩები ავპრიხე.-სად მიგყავარ?
-სადაც მეტყვი,იქ წაგიყვან,-ეშმაკურად ჩაეღიმა.
-დღეს რა კეთილი ხარ.
-ბოროტი როდის ვიყავი?
-ყოველთვის,-ნაწყენმა ვუპასუხე.
-კარგი ჰო,მაპატიე,ზედმეტი მომივიდა მაშინ.
გაოცებულმა შევხედე.ვინ ,ვინ და თვით გოგლა ჟღენტი მიხდიდა ბოდიშს?!
-კარგად ხარ?-გაგონილის დაჯერება გამიჭირდა.
-რატომ მეკითხები?-წარბაწევით გამომხედა.
-პატიებას,რომ მთხოვ,-გამეღიმა.
-ოჰ,მაცაცო,-გაეცინა და ჩემსკენ გადმოიწია.-მითხარი,რომ სიგიჟემდე მოგენატრე,-ხმაშეცვლილმა მითხრა და ფეხზე მომიჭირა ხელი.
-რამდენს ბედავ?-დავუყვირე და მის ხელს ვეცი. თუმცა,ჩემი ათრთოლებული სხეული სხვა რამეს ეუბნებოდა.
-მეტსაც გავბედავ,-დარწმუნებით მითხრა.
-მთლად მასეც ნუ იქნები დარწმუნებული,თორემ იმედგაცრუებას ვერ გადაიტან!
უცებ გადაუხვია გზიდან მანქანა და შეაჩერა.
-გადმოდი,- სანამ მე გამოვერკვეოდი,კარი გამომიხსნა.
-მოდი,მოდი,-ისე მითხრა ,თითქოს იქვე მიპირებდა "მუქარის" შესრულებას.
-რამ გადაგრია?-გადავედი და მის წინ დავდექი.
-ხვალ თამრიკოს სამოცდამეხუთე დაბადების დღეა..ალბათ უკანასკნელი,-თქვა და გაჩუმდა.
-გოგლა..-ავკანკალდი.
-ჰო..ექიმმა მითხრა,დიდი-დიდი ხუთი-ექვსი თვე იცოცხლოსო,-მოწოლილმა ცრემლა ხმა დაუხშო. შემეცოდა,ახლოს მივედი და მხრებზე მოვეხვიე.თვითონაც მომხვია მკლავი წელზე.
-ძალიან ვწუხვარ,-ჩუმად ვუთხარი.
-მინდა,რომ ხვალ ჩვენთან ერთად იყო,-მითხრა და გულზე მიმიკრა.
-მე რატომ,გოგლა?
-ამ კითხვას არ უნდა სვამდე.
ზუსტად მივხვდი ,იგივე გრძნობას შეეპყრო გოგლა,რომელსაც მე.
***
მეორე დღეს, ჟღენტების ოჯახში დიდი ფუსფუსი დამხვდა. თალიკო და როზა ერთმანეთში კინკლაობით აწყობდნენ სუფრას.იქვე ,თამრიკო იჯდა შალშემოხვეული და მულებს ღიმილით უყურებდა. ისე იყვნენ გართულნი,ჩემი და გოგლას შესვლა ვერც კი შეამჩნიეს.
-თალიკო,რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ ჩანგალი უნდა იდოს მარცხნივ,ხოლო დანა მარჯვნივ.
-რა მნიშვნელობა აქვს,ქალო?! -გაუბრაზდა დას და მაინც თავისებურად დადო.
-სუფრის წესია! რას იტყვის ის გოგო,დაბერდნენ და ვერ ისწავლეს სუფრის გაწყობაო?-გაცხარდა როზა.
-ვინაა ბებერი?-დოინჯი შემოირტყა თალიკომ.
-ჰმ,ამას წიწკვი ჰგონია თავი,-გაეცინა როზას. მე და გოგლასაც სიცილი აგვიტყდა .
-უი,მაცაცო?!-ერთხმად წამოიძახეს.
თამრიკომ,როგორც კი დამინახა,სახე გაებადრა.
-მაცაცო,როგორ გამახარე,-წამოიწია,მაგრამ ადგომა გაუჭირდა.მის წინ ჩავიმუხლე და თიხის პატარა ქოთანი გავუწოდე,რომელშიც ყვავილი "გერანი"იწონებდა თავს.
-გილოცავთ ქალბატონო თამრიკო.
-შენსავით ლამაზია,-ყვავილს ღიმილით დახედა.
თალიკომ და როზამ სულ გარშემო მიარეს.მოფერიანებულხარ,სულ სხვანაირი ხარო.აშკარად,მანანს ხელი მეტყობოდა.
ზაზა მოგვიანებით მოვიდა,ჩემს იქ ნახვას არ ელოდა,ისე გაუხარდა,ცხრაჯერ დამატრიალა და ჩამეხუტა.გოგლამ ეჭვით გამოგვხედა,მგონი,ფიქრობდა,ეს მოსისხლე მტრები,როდის აქეთ დაზავდნენო.
-მაცაცო,იცი?გამიმართლა, ჩავაბარე,-მიჩურჩულა ზაზამ სიცილით.
-რა?-პირი დავაღე.
-ჰო,-თვალი ჩამიკრა.
-იცის?-გოგლაზე ვანიშნე.
-ჯერ არა.
-ო,მაშინ,ერთი ომი კიდევ გველოდება,-ჩავიფხუკუნე.ზაზაც ამყვა.
გვიანობამდე შევრჩით სუფრას.იმდენად შინაურული გარემო იყო,სახლში წასვლა არ მინდოდა.თამრიკოს თითქოს დავიწყებოდა ავადმყოფობა,მთელი საღამო მხიარულობდა.გოგლას რამდენჯერაც გავხედე,თვალში ცრემლ ჩამდგარი უყურებდა ბედნიერად მოცინარ დედას.
-დარჩი ამაღამ,-ჩუმად მითხრა გოგლამ.
-უხერხულია,-გავწითლდი.
-დარჩები!
როგორც ჩვეოდა,ჩემს მაგივრად წყვეტდა.
-როდის უნდა მოიშორო ეს ბრძანებითი კილო?!-ცალი წარბი ავწიე.
-მაბრაზებ,-გაეცინა.
-ვინ ვის აბრაზებს,ესაც საკითხავია.
-არ გადამრიო,გაცნობის დღიდან ჭკუადან გადაგყავარ,კიდევ მე გაბრაზებ?-მითხრა და წელზე შემომიცურა ხელი. სირცხვილისგან ავწითლდი,როზა და თალიკო ეშმაკურად მიცინოდნენ.
-მიხვდებიან,-თავდახრილმა ამოვიბუტბუტე.
-რამეს მალავ?-ხელი მომიჭირა.
-ახლავე დავბრუნდები,-ვთქვი და წამოვხტი. ცივი წყალი,რომ არ შემესხა სახეზე,ალბათ ხანძარი გამიჩნდებოდა.
უკან მომყვა გოგლაც,ზედ აბაზანის კართან დამიჭირა და კედელთან მიმიწყვდია.
-როდემდე ვითამაშოთ კატა-თაგვობანა? -ცხვირი ლოყაზე წამიცაცუნა.
-რას გულისხმობ?-თვალები მიმელულა.
პასუხის მაგივრად ყელთან გადაინაცვლა.კისერი თავისით გადამივარდა გვერდზე,რასაც გოგლას გაღიმება მოჰყვა.
-აი,ამას,-ნაზად მაკოცა.
-სირცხვილია,დაგვინახავენ..
სულაც არ მინდოდა ჩემს სხეულს მოშორებოდა.
-ცუდს რას ვაკეთებთ?-ახლა ყელის მეორე მხარეს გადაინაცვლა.
-გოგლა..
-გისმენ..
-გაჩერდი..
-არ შემიძლია..
-მიყვარხარ,-ჩემმა ბაგემ თავისით თქვა.
-ვიცი,-ჩაეცინა.
-მერე?
-დაგაპატიმრებ,-მითხრა და ვნებიანად დამაკვდა ტუჩებზე.
არ აქვს რომანტიკის ნიჭი და მოკალით!
-წამიყვანე სახლში.
-კარგი,-უცებ დამთანხმდა.
***
სახლამდე უხმოდ მიმიყვანა. მეც არ დავლაპარაკებივარ,მეგონა გაბრაზდა,რომ არ დავრჩი მასთან. მთელი გზა კუშტად იყურებოდა. მანქანიდან გადასვლისას მადლობა გადავუხადე და სადარბაზოში სწრაფი ნაბიჯით შევედი.ლიფტის კარი გაიღო,თუ არა,ფეხდაფეხ შემომყვა გოგლაც.
-სად მოდიხარ?-არ მეგონა,თუ გამომყვებოდა.
-აგაცილებ,-თვალები უცნაურად აუციმციმდა. დავიძაბე,მე და გოგლა მარტო არ დავიტოვებოდით.
-არ არის საჭირო,თითქმის სახლში ვარ უკვე.
-მაშინაც სახლში იყავი,-გაეცინა.
კარს გასაღები მოვარგე და შუქი ავანთე.
-აი,არავინ არის,შეგიძლია წახვიდე,-ვუთხარი,ოთახის მოთვალიერების შემდეგ.
-არც გვინდა ,ვინმე ზედმეტი,-ზურგზე მომეხუტა და მკლავები მჭიდროდ შემომხვია მუცელზე.
-გოგლა,რას აკეთებ?-არ გავძალიანებივარ.
-იმას,რაც ორივეს დიდი ხანია გვსურს,მაცაცო,-მითხრა და გრძნობების მორევში ჩამძირა.

***


-გოგლა,გაიღვიძე ,გოგლა! - წამოვხტი და მშვიდად მძინარე დავაჯანჯღარე.
-რა მოხდა,რა დაგემართა,დაგეწყო?-გაბერილ მუცელზე შეშინებულმა დამხედა.
-არა,ჯერ ადრეა,ნუ გეშინია,-გამეცინა და ჩემს სხეულში მოძრავ პატარას ხელები შემოვხვიე.
-აბა რა გჭირს ,გოგო?!
-სიზმარი! სიზმარი ვნახე,ვითომ ჩვენი შვილი..
-არც გაბედო,მოიცადე! -დაიყვირა და ფეხზე წამოხტა..-ადექი,ჩქარა,აბა,ადექი,ადექი..-გაკვირვებული წამოვდექი მისი დახმარებით.-ჰო,აი,ასე..აბა წამოდი აქეთ,წამოდი..-ხელი ჩამავლო ,სამზარეულოს ონკანთან მიმიყვანა და წყალი მოუშვა.

-ამას მოუყევი!


დასასრული.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ra sayvarloba iyoo. Bolosken bevri kitxva gamichnda. Magram mivxvdi pasuxi damasevdianebdaaa. Da sheveshvii. Vaime sizmars mouyevi magari iyoo. Miyvars sheni realuri istoriebi da xalasi iumorii. Carmatebebi terilo da aqac gilocav patara garbushkas. Rogorc shen ucodebbb

 


№2  offline წევრი ნანა73

გადავყლაპე პირდაპირ თვალებით bowtie
ისე, მეგონა კიდევ საოცრებას დამართებდი, მაგრამ მეტი საოცრება რაღა გინდა? რამდენიმე ნახვაში დააოჯახე.
ცოტა ხშირად წერე რაა, არ იცი რა კარგია შენი კითხვა kissing_closed_eyes
მიყვარხარ ნიინ!!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Qeti qimucadze
Ra sayvarloba iyoo. Bolosken bevri kitxva gamichnda. Magram mivxvdi pasuxi damasevdianebdaaa. Da sheveshvii. Vaime sizmars mouyevi magari iyoo. Miyvars sheni realuri istoriebi da xalasi iumorii. Carmatebebi terilo da aqac gilocav patara garbushkas. Rogorc shen ucodebbb


ქეთი <3
დიდი მადლობა ჩემო საყვარელო გოგო <3 ბოლომდე ერთგულად მოყვები ჩემს ისტორიებს, გაკოცე :*
გარბუშკებს ნუ იტყვი, იმდენი მყავს, გაიხარე)))) <3

 


№4 სტუმარი Marimari

Kai iyo raa, mtlianad istoria da dasasrulo xom saertod:-) wyals mouyevio ro utxara gemrielad gamecina:-D warmatebebi

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნანა73
გადავყლაპე პირდაპირ თვალებით bowtie
ისე, მეგონა კიდევ საოცრებას დამართებდი, მაგრამ მეტი საოცრება რაღა გინდა? რამდენიმე ნახვაში დააოჯახე.
ცოტა ხშირად წერე რაა, არ იცი რა კარგია შენი კითხვა kissing_closed_eyes
მიყვარხარ ნიინ!!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


ია სტოლბა, ტი სტოლბა, ლაჟის ზამეკანია))) ზუსტად ასე მოვუკარი თავი ამათ ამბავს))))
ნანიკო, შენ ჩემი უსაყვარლესი გოგო ხარ, მიხარია, რომ გაგიცანი, მადლობა ვის?))))
გაკოცე გულში <3

Marimari
Kai iyo raa, mtlianad istoria da dasasrulo xom saertod:-) wyals mouyevio ro utxara gemrielad gamecina:-D warmatebebi


მარი, მადლობა ჩემო კარგო <3
აბა,მაცაცოს სიზმრის ახდენა ძვირად დაუჯდებოდა))))

 


№6  offline წევრი TamoTi

აუ ისწთი კარგი იყო და სახალისო❤️❤️ძალიან ძალიან მომეწონა❤️❤️

 


№7 სტუმარი ციცინო დეიდა

შენ გაიხარე!!!! რა გულიანად მაცინე. საოცრება ხარ პირდაპირ. რაც შეიძლება ბევრი წერე.... არ გაჩერდე...

 


№8 სტუმარი ტაისა

ვაიმეეე, მადლობა, რომ წერ! და მინდა, რომ სულ, სუუულ, სუუუუუუულ წერო!
❤❤❤❤❤❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Tamuna Gogaladze
აუ ისწთი კარგი იყო და სახალისო❤️❤️ძალიან ძალიან მომეწონა❤️❤️


თამუნა, დიდი მადლობა <3

ციცინო დეიდა
შენ გაიხარე!!!! რა გულიანად მაცინე. საოცრება ხარ პირდაპირ. რაც შეიძლება ბევრი წერე.... არ გაჩერდე...


ციცინო, მადლობა ჩემო კარგო <3 მიხარია, რომ მოგწონთ და არ იშურებთ შეფასებას <3

 


№10 სტუმარი ცირა

აუ, დასასრულზე ძაან გამეცინა :D საყვარლობა იყო და არ მეყო, აჰაჰაჰ ♡ როგორც ყოველთვის, შეუდარებელი ხარ ♡

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ტაისა
ვაიმეეე, მადლობა, რომ წერ! და მინდა, რომ სულ, სუუულ, სუუუუუუულ წერო!
❤❤❤❤❤❤


ტაისია, ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა <3

ცირა
აუ, დასასრულზე ძაან გამეცინა :D საყვარლობა იყო და არ მეყო, აჰაჰაჰ ♡ როგორც ყოველთვის, შეუდარებელი ხარ ♡


მეც არ მეყო)))))
მადლობა ცირა <3 მახარებთ <3

 


№12 სტუმარი სტუმარი nancho

მართლაც რომ ერთ -ერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე.ძალიან ტკბილ და გემრიელ ისტორიებს წერ,ჯანსაღი იუმორით გაჯერებულს,.,დროებით ,,

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი nancho
მართლაც რომ ერთ -ერთი საუკეთესო ხარ ამ საიტზე.ძალიან ტკბილ და გემრიელ ისტორიებს წერ,ჯანსაღი იუმორით გაჯერებულს,.,დროებით ,,


ნანჩო, ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი K. I.

როგორც ყოველთვის, კარგი, ტკბილი, სახალისო, მსუბუქი და გემრიელი დესერტი.
ყოჩაღ, ნინა!
იცი, როგორ მოიყვანო ადამიანი სასიამოვნო განწყობაზე.
წარმატებები და ბევრი მკითხველი! ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№15  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ქეთი იმერლიშვილი
როგორც ყოველთვის, კარგი, ტკბილი, სახალისო, მსუბუქი და გემრიელი დესერტი.
ყოჩაღ, ნინა!
იცი, როგორ მოიყვანო ადამიანი სასიამოვნო განწყობაზე.
წარმატებები და ბევრი მკითხველი! ❤️❤️❤️❤️❤️


ქეთ <3 მადლობა ჩემო ტკბილო გოგო <3 მიხარია, რომ ისტორიამ მოწონება დაიმსახურა.
მე კიდევ ვიზრუნებ თქვენს სასიამოვნო განწყობაზე)))

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია იყო ვიმხიარულე ძალიან ისეთი საყვარლები იყვნენ ის დებიც ცუდად გავხდი იმდენი ვიცინე ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია იყო ვიმხიარულე ძალიან ისეთი საყვარლები იყვნენ ის დებიც ცუდად გავხდი იმდენი ვიცინე ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????


ნესტან))) მადლობა, ჩემო კარგო <3

 


№18 სტუმარი Life is beautiful

აუუ ბოლოსკენ რო მივდიოდი მეშინოდა ისევ სიზმარი არ ყოფილოყო... აი დასასრული კი გამიხარდა და იმაზე ბევრი ვიცინე "წყალს მოუყევიო" მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე:-)
ძააან სასიამოვნო იყო.. და ხშირად შექმენი ასეთი საყვარელი ისტორიები<3

 


№19 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო.იუმორი და მთლიანად ისტორია.ისეთი კარგები იყვნენ გოგლაც და მაცაცოც.ვიმხიარულე ძალიან

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Life is beautiful
აუუ ბოლოსკენ რო მივდიოდი მეშინოდა ისევ სიზმარი არ ყოფილოყო... აი დასასრული კი გამიხარდა და იმაზე ბევრი ვიცინე "წყალს მოუყევიო" მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე:-)
ძააან სასიამოვნო იყო.. და ხშირად შექმენი ასეთი საყვარელი ისტორიები<3


მადლობა, მადლობა)) <3

სტუმარი თამო
ძალიან კარგი იყო.იუმორი და მთლიანად ისტორია.ისეთი კარგები იყვნენ გოგლაც და მაცაცოც.ვიმხიარულე ძალიან


მიხარია, რომ ჩემი გმირები მოგეწონათ))
მადლობა, თამო <3

 


№21 სტუმარი kati

Zalian kargi iyo.saxaliso da msubuqad sakitxavi.gagrzelebasac siamovnebit wavikitxavdi.dila pozitiurad daviwye am istoriis wwakitxvit.madloba amistvis...

 


№22  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

kati
Zalian kargi iyo.saxaliso da msubuqad sakitxavi.gagrzelebasac siamovnebit wavikitxavdi.dila pozitiurad daviwye am istoriis wwakitxvit.madloba amistvis...


კატი,მიხარია,რომ დილა გაგილამაზეს ჩემმა გმირებმა <3 მადლობა ჩემო კარგო <3

გაგრძელება ვითომ კარგი იქნება?))) რა ვიცი,ვიფიქრებ <3

 


№23 სტუმარი სტუმარი გვანცა

კარგი იყო, ვიხალისე

 


№24 სტუმარი სტუმარი კრავაი

სამუშაო დღის დასასრულს ვეღარ დაველოდე, შესვენებაზე შემოვირბინე და როგორ გამიხარდა დასრულებული "ამნეზია". ღიმილით და დადებითი ემოციებით დამუხტულმა ჩავიკითხე. არცერთი სიტყვა და ქმედება არ იყო ზედმეტი, გაწელილი, ვულგარული, ვიღაცის ტექსტიდან გადმოკოპირებული, სამაგიეროდ იყო ხასიათზე მომყვანი და იმედის მომცემი. სწორედ ამიტომაც ხართ შეუდარებელი და პირველი ამ საიტზე "მოღვაწე" ავტორებში. არცერთ თქვენს ნამუშევარს არ გაუცრუებია ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის იმედი.

 


№25  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი გვანცა
კარგი იყო, ვიხალისე


მადლობა გვანცა <3

სტუმარი კრავაი
სამუშაო დღის დასასრულს ვეღარ დაველოდე, შესვენებაზე შემოვირბინე და როგორ გამიხარდა დასრულებული "ამნეზია". ღიმილით და დადებითი ემოციებით დამუხტულმა ჩავიკითხე. არცერთი სიტყვა და ქმედება არ იყო ზედმეტი, გაწელილი, ვულგარული, ვიღაცის ტექსტიდან გადმოკოპირებული, სამაგიეროდ იყო ხასიათზე მომყვანი და იმედის მომცემი. სწორედ ამიტომაც ხართ შეუდარებელი და პირველი ამ საიტზე "მოღვაწე" ავტორებში. არცერთ თქვენს ნამუშევარს არ გაუცრუებია ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის იმედი.


კრავაი <3
ჩემი ყოველი წამი და წუთი ღირს იმ შრომად,რომ აქ შემოსულმა ასეთი სასიამოვნო შეფასება წავიკითხო.მიხარია,რომ დროს მითმობთ და ამავდროულად სიამოვნებას განიჭებთ ჩემი ისტორიები.
უღრმესი მადლობა <3

 


№26 სტუმარი kati

ტერიკო74
kati
Zalian kargi iyo.saxaliso da msubuqad sakitxavi.gagrzelebasac siamovnebit wavikitxavdi.dila pozitiurad daviwye am istoriis wwakitxvit.madloba amistvis...


კატი,მიხარია,რომ დილა გაგილამაზეს ჩემმა გმირებმა <3 მადლობა ჩემო კარგო <3

გაგრძელება ვითომ კარგი იქნება?))) რა ვიცი,ვიფიქრებ <3

likunas da zazas ambebic saintereso iqneba amati chartvit.

ტერიკო74
kati
Zalian kargi iyo.saxaliso da msubuqad sakitxavi.gagrzelebasac siamovnebit wavikitxavdi.dila pozitiurad daviwye am istoriis wwakitxvit.madloba amistvis...


კატი,მიხარია,რომ დილა გაგილამაზეს ჩემმა გმირებმა <3 მადლობა ჩემო კარგო <3

გაგრძელება ვითომ კარგი იქნება?))) რა ვიცი,ვიფიქრებ <3

likunas da zazas ambebic saintereso iqneba amati chartvit.

 


№27  offline წევრი Impermeable

ძალიან ვისიამოვნე კითხვით. განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა შესანიშნავი იუმორული ჩანართებით heart_eyes heart_eyes

 


№28  offline წევრი Maia G.

ნინა მადლობა შენ კიდევ ერთხელ ამ ისტორიისთვის,ამ დადებითი მუხტისთვის და ჩვენი გახალისებისთვის❤ თავიდან ჩავიკითხე და ისევ ძალიან ბევრი ვიცინე.
პ.ს.რავიცი კი წაიკითხავდა კაცი უკვე შვილიანი მაცაცოს"ხათაბალა" ამბებს❤

 


№29  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Impermeable
ძალიან ვისიამოვნე კითხვით. განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა შესანიშნავი იუმორული ჩანართებით heart_eyes heart_eyes


უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3

Maia G.
ნინა მადლობა შენ კიდევ ერთხელ ამ ისტორიისთვის,ამ დადებითი მუხტისთვის და ჩვენი გახალისებისთვის❤ თავიდან ჩავიკითხე და ისევ ძალიან ბევრი ვიცინე.
პ.ს.რავიცი კი წაიკითხავდა კაცი უკვე შვილიანი მაცაცოს"ხათაბალა" ამბებს❤


მაიკო,მადლობა თქვენ,რომ ასეთი დადებითი შეფასებებით მაძლევთ სტიმულს <3

გაგრძელება კი კარგი იქნებოდა,ჭკუაში დამიჯდება მგონი)))

 


№30 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ, ვისიამოვნე საოცრად თბილი ისტორია იყო. მინდოდა არ დასრულებულიყო. მადლობა ❤️❤️ ეხლა, სწორედ ამის წაკითხვა მჭირდებოდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent