შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარაფებზე მოსიარულე (სრულად)


29-11-2020, 22:40
ავტორი K. I.
ნანახია 8 328

ქარაფებზე მოსიარულე

ატლანტის ოკეანეში ატეხილი ტროპიკული ციკლონი ღამის ნიუ-იორკის გაჩირაღდნებულ ქუჩებს გამძვინვარებული უვლიდა. რაც გზაზე ეღობებოდა, გულსაკლავი ღრიალით იტაცებდა და გასანადგურებლად განწირულებს ჰაერში ბორბალივით ატრიალებდა. მასში შერეული წვიმა ერთბაშად რეცხავდა შენობებს და გაბოროტებული დამნაშავესავით მიიწევდა ფანჯრებიდან მათში შესახეთქად.
ანას დუტის ქურთუკის კაპიუშონი ცალი ხელით ეჭირა და მეორეთი შემოდგომისფერ ფოთლებს და ხეებისგან ჩამოტეხილ პატარა ტოტებს იგერიებდა, რომლებიც წარამარა სახეში ხვდებოდნენ და გულს უწვრილებდნენ:
-წარღვნაა, თუ რა უბედურებაა?- თავისთვის ბუტბუტებდა სიცივისგან აკანკალებული და სირბილისგან წვივების დაჭიმულობის მიუხედავად, მაინც არ ეპუებოდა, კიდევ უფრო უჩქარებდა ფეხს, რომ დანიშნულების ადგილამდე დროულად მიეღწია.
შავად შეღებილ რკინის ჭიშკარს მიუახლოვდა, ჩანთის წინა ჯიბიდან სასწრაფოდ გასაღები ამოაძვრინა, საკეტი გახსნა და ეზოში შესვლა დააპირა, როდესაც მანქანიდან გადმოსული შავ პლაშებსა და ქუდებში გამოწყობილი ორი მაღალი, პირხმელი და გრძელწვერიანი მამაკაცი დაადგა თავს.
-მისტერ უნგერ?- ერთ-ერთი მაშინვე ამოიცნო და გაოგნებული სახით მიაჩერდა.
ნაცნობმა მამაკაცმა შუბლი შეჭმუხნა, წარბები შეკრა, ფირუზისფერი თვალები დაუჭყიტა და გაბრაზებით შეჰყვირა:
-ყველაფერი შენი ბრალია! სახლში არ უნდა შემომეშვი!
-რას გულისხმობთ? ვერაფერს მიგიხვდით.
-მეგონა, ჩემს მეუღლეს სახლის დალაგებაში და ბავშვების მოვლაში ეხმარებოდი, თურმე გონებას ათასი სიბინძურით უწამლავდი.
-ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება, ასე ხელაღებით რამეში დამადანაშაულოთ?
-ცხოველური წესებით და კანონებით ცხოვრობთ. აღარაფერში გაქვთ ზღვარი და ჩარჩოები. უზნეობას თავისუფლებას უწოდებთ და ამის შემდეგ კიდევ ღმერთს ახსენებთ. სირცხვილია! -საუბარში ჩაერთო თანმხლები პირი.
-თქვენ ვინღა ხართ? რამდენს ბედავთ?- ხმა გაიმკაცრა ანამ.
-მე დეივიდი ვარ, ნეითანის ბიძაშვილი, - მამიდაშვილივით არანაკლები წყრომით უყურებდა ბუდეებში ჩამჯდარი პატარა თვალებით და წარამარა დასველებულ სათვალეს იხსნიდა და წმენდდა, - შენი დამსახურებით მთელ სანათესაოში თავი მოიჭრა და ოჯახი შეარცხვინა.
- რატომ გამოუჭედე თავი სამყაროს მაცდუნებელი სიბილწეებით?- აგრესიას ვერ იცხრობდა ნეითანი.
-სწორედ რომ ასეა!- ეთანხმებოდა ბიძაშვილი.
-რას ეძახით სიბილწეს? ხელოვნებას? დავუშვათ, რომ ასეა. მისი შეცნობა სარას არჩევანი იყო, ჩემი- არა! მე არაფერი დამიძალებია და ვიდრე შეურაცხყოფას მომაყენებდეთ, კარგად დაფიქრდით, თითოეულ სიტყვაზე პასუხს გაგებინებთ! - გაწიწმატებულ ქალს სახეზე ალმურმა გადაუარა.
-მემუქრები კიდეც? - ხმას აუწია ნეითანმა.
-როგორც გინდათ, ისე მიიღეთ. არავის არაფერს ვპატიობ. ფრთხილად!
დეივიდმა თავი გააქნია და სიმწრისგან ჩაეცინა:
-სარდაფში ფუნჯები, საღებავები და სახატავი დაფები აღმოვაჩინეთ. ხატვის გაკვეთილებს უტარებდი? გამოტყდი!
-ვუტარებდი, მერე?!-თვალები მოწკურა ქალმა და მკლავები ერთმანეთზე გადააჭდო.
-ორივე უსირცხვილოები ხართ!
-მე არაფერს ვაკეთებდი სასირცხვილოს. მას მხატვრული ნიჭი აღმოაჩნდა და ვეხმარებოდი. რა არის ამაში მიუღებელი?
-შენ არაფერი იცი! ჩვენი რელიგიის მიხედვით, იგი საჯაროდ ვერასოდეს შეძლებს გამოსვლას და თავის ნიჭის აქეთ-იქით ფრქვევას.
-ის თქვენ აღარ გეკუთვნით! ჰასიდობაზე უარი თქვა!
-აგყვა და ამისთვის ძალიან ინანებს. სულ მალე დარწმუნდება იმაში, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა. შენც დაგანახებთ რა შეგვიძლია!
-კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არაფერ შუაში ვარ. თქვენმა მეუღლემ ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღო და არავის დაუძალებია.
-მან ყველაზე ძვირფასი - ოჯახი დაკარგა! ვიცი, მე არ განაღვლებ. ნუთუ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მაინც არ შეგეცოდა? ისინი ხომ შენს გამო ხვალ-ზეგ დედის გარეშე დარჩებიან?
-ძალიან ბევრის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, როდესაც საბაბის გარეშე მადანაშაულებთ.
-მას ბავშვებს ჩამოვაშორებთ! სატმარები არ დაუშვებენ, მსოფლიოში გამეფებული გარყვნილების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
-სარა იბრძოლებს. შვილებს ასე უბრალოდ არ დათმობს.
-შენ შეუწყე ხელი ჩვენი ოჯახის დაშლას. არაკეთილმოსურნე და ბოროტი ადამიანი ხარ!
-ვიდრე პოლიციისთვის დამირეკავს, დაუყოვნებლივ ორივე გამეცალეთ და მეორედ არც იფიქროთ ჩემთან მოახლოება!
ნეითანს და დეივიდს კიდევ ბევრის თქმა სურდათ ანასთვის, მაგრამ მისმა შეუვალობამ და ხასიათის ნამეტანმა წახდენამ მამაკაცები გააჩუმა. აღარაფერი უთქვამთ, ისედაც ნათელი იყო, რომ მასთან ასეთი საუბარი არ გაჭრიდა. ქალმა ზურგი შეაქცია და ორივე დაუმშვიდობებლად ჩამოიტოვა უკან.

***
სასამართლოს დადგენილება ხელში ეჭირა, ჩამქრალი თვალებით მისჩერებოდა ფურცელზე აღბეჭდილ სიტყვებს და ძარღვებში სისხლგაყინული გრძნობდა, როგორი უსწრაფესი რეაქციით იშლებოდა სილით შექმნილი ფიგურასავით. გამოტანილი განაჩენით თავი სვავების გასაძიძგნად გამზადებულ ლეშს მოაგონებდა, რომელსაც ბოროტი სახით თავს წამომდგრები მოშიებული სახეებით უმოწყალოდ ფატრავდნენ, ხორცებს ძვლებიდან აგლეჯდნენ და ჩონჩხს ამსგავსებდნენ. დარბაზიდან კმაყოფილი სახით გამოსულ მეუღლეს თვალი გაუსწორა, უხმოდ შეანთხია წარმოუდგენელი ბრაზი, რომელიც უსამართლობის შეგრძნებისგან გასჩენოდა და უმალ თვალი მოარიდა, აღარ უნდოდა, გამარჯვებისგან კმაყოფილი სახის მეხსიერებაში ჩაბეჭდვა, თავის უბედურებაც საკმარისად მიაჩნდა. მასზე გულმოსულმა დედამთილ-მამამთილმა და რამდენიმე ნათესავმა ალმაცერად შეხედეს და კეთროვანივით ჩაუარეს.
მარტოდ დარჩენილ ქალს მუხლებიდან ძალა სრულიად გამოეცალა. ატყობდა, შენობიდან გასვლა ვინმეს დაუხმარებლად გაუჭირდებოდა და კედელს მიეყრდნო. სასამართლოს დადგენილება სახეზე სიმწრით აიფარა, ხმამაღლა ამოიგმინა და უნებურად წამოუვიდა ცრემლები. ცოტა ხანს გაჩერდა და ოდნავ რომ დამშვიდდა, ლასლასით გაუყვა გასასვლელისკენ მიმავალ დერეფანს.

***
-დედიკო მოვიდა!- პატარა ესთერი სიხარულით გაიქცა ბინაში ახლადშესული ქალისკენ და მუხლებზე შემოეხვია.
-ჩემო ჭრიჭინა, იცი როგორ მომენატრე? დილის შემდეგ, არ მინახავხარ და შენი სურნელი რომ ვერ ჩავისუნთქე, ლამის ქუჩაში წავიქეცი. მოდი, მაგრად ჩამეხუტე და ისევ გამამრთელე,-თვალებს ხუჭავდა და გულში იკრავდა გოგონას სასამართლოდან დაბრუნებული სარა.
ბავშვი მთელი ძალით უჭერდა პატარა მკლავებს დედამისს და მის გულზე განაბული სიამოვნებისგან კატასავით კრუტუნებდა.
-იაკობი სად არის?- ქალმა თვალით ძებნა დაუწყო მეორე შვილს და მის მოსაკითხად საძინებელში შევიდა.
ერთი წლის ბიჭუნას მარწყვივით წითელი ტუჩები გადმოებრუნებინა და ტკბილად ეძინა. დედა მისკენ გადაიხარა და თოვლივით თეთრ, მშვიდ სახეზე თითებით ფრთხილად მიუალერსა.
-არ გააღვიძოთ. ისედაც ძლივს დავაწყნარე. სულ შენ გკითხულობდა და ტიროდა,-ჩურჩულით უთხრა ანამ და ხელით ანიშნა, სამზარეულოსკენ გასულიყვნენ.
სარამ ესთერი ოთახიდან გაიყვანა, მაგიდასთან ჩამოჯდა და კალთაში ჩაისვა:
-დედას ტკბილო,-ლოყები დაუკოცნა და სევდიანი თვალები შეავლო.
-სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად ის მოხდა, რასაც ორივე ჩვენგანი ველოდით,- ნაღვლიანი სახით დაადგა ანა და მეგობარს დააცქერდა.
სარამ სასამართლო დადგენილების ფურცელი გაუწოდა, სიმწრისგან მოწოლილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
ანა ქაღალდზე დაბეჭდილ ტექსტს გაეცნო, ოთხად დაკეცა, იქვე მიაგდო და თვალებიდან წამოსული ცრემლები რომ მოეწმინდა, სასწრაფოდ ერთჯერადი ცხვირსახოცის ასაღებად წამოდგა. სარამ არ შეიმჩნია, ბავშვს თავზე აკოცა და იავნანის ჰანგით იდიშურ ენაზე ამღერდა.
ანა შესასვლელში კედელს ზურგით მიეყრდნო და ჩუმად აქვითინდა. არცერთი სიტყვა არ ესმოდა, მაგრამ ესმოდა როგორი ალერსით და სიყვარულით ჩაწნული ბგერებით უმღეროდა მეგობარი შვილს. გაუსაძლისი ტკივილი იყო განადგურებული სარას ყურება, რომელიც დედობას კვლავინდებური დატვირთვით ინარჩუნებდა. წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ ეს მის მიერ შესრულებული ბოლო იავნანა იყო და ხვალ ვეღარ ჩაეხუტებოდა და დააძინებდა.
პატარა გოგონამ დედის მკერდზე მილულა თვალები. სარამ მკლავზე გადაიწვინა, ვარდისფრად შეფაკლულ ლოყებზე ნაზად მიაკრო გაცხელებული ტუჩები და გაირინდა.
-დაიძინა?- თვალებდასიებულმა ანამ სამზარეულოში შესვლა გაბედა და კარებთან აიტუზა.
სარამ თანხმობის ნიშნად თავი სუსტად დაუქნია, ფეხზე წამოდგა და ჩაძინებული ესთერი საძინებელში გაიყვანა. ბავშვი საწოლზე დააწვინა, ორივე შვილს დიდხანს უყურა და გული რომ იჯერა, მეგობარს დაუბრუნდა.
-რას აპირებ?-დაბალი ხმით შეაპარა ანამ.
სარა იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და ხელები დახუჭულ თვალებზე აიფარა. თავსდამტყდარი მწუხარება ისევ დაუნდობლად აგრძელებდა მის ღრღნას, გაუსაძლის ტკივილს კივილამდე მიჰყავდა.
-მე წავაგე სასამართლოს წინაშე, მაგრამ განა იმიტომ, რომ მართალი არ ვარ, არამედ იმიტომ, რომ ნეითანს კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს და სწორედ ამ მიზეზით მისი ადვოკატი ისე ჭრიდა და კერავდა, როგორც მათ საქმეს აწყობდა.
-და შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
ქალმა თვალებს ხელები მოაშორა, სასამართლო განჩინებას საჩვენებელი თითი რამდენჯერმე დაარტყა და კბილებში გამოსცრა:
-არ დავნებდები.
-კი, მაგრამ ახლა არაფრის საშუალება გაქვს, დასუსტებული ხარ.
-დედა, რომელსაც შვილებს ართმევენ, ვერასოდეს იქნება დასუსტებული. მას არა აქვს უფლება, ხელებჩამოყრილმა იაროს. ის იბრძოლებს იქამდე, სანამ სამართალს არ იპოვის!
-რას აპირებ? აღარ იტყვი?
-ჯერ-ჯერობით არ ვიცი. ახლა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. მითხარი, იმ საშინელ წუთებს როგორ გავუძლო, როდესაც ჩემს პატარებს ხელიდან გამაგლიჯავენ?
ანამ თვალები დახარა და ამოიხვნეშა. გულს უჩიჩქნიდა მეგობრის ცხოვრებაში შხამად გაჟონილი ამბავი, თუმცა სჯეროდა, რომ მეამბოხე ხასიათის წყალობით, მძიმე რეალობას ახალი ძალებით შეერკინებოდა და სიცოცხლის გასაგრძელებლად ახალ რელსებზეც გადავიდოდა. აცნობიერებდა, სარა უკან არაფერზე დაიხევდა, მაგრამ ეშინოდა, რომ მისი ბრძოლები უშედეგო აღმოჩენილიყვნენ და საბოლოოდ არ გატეხილიყო. არც თუ ისე მარტივ საქმეს წარმოადგენდა ულტრა ორთოდოქსი ებრაელების წრის წინააღმდეგ წასვლა. მათი ადათ-წესები და ყოველდღიურობა საკმაოდ მკაცრ და განსაზღვრულ ჩარჩოებს მოიცავდნენ.
-რაც არ უნდა მოხდეს, შენს გვერდით ვარ!
-ვიცი,- სარამ ურვანარევი სახით გაუღიმა მეგობარს.
-ხვალ პირველ საათზე მოვლენ, არა?
-ჰო.
-მეც აქ ვიქნები.
-არა, არ არის საჭირო,-თავი გააქნია სარამ.
-როგორ თუ არა?-შეიცხადა ანამ.
-ნამდვილად არ არის საჭირო. მარტო ყოფნა და ფიქრი უფრო დამამშვიდებს და მომამზადებს რაღაცებისთვის.
-მაგას მერეც მოასწრებ.
-არა-მეთქი!
-გამოუსწორებელი ჯიუტი ხარ.
-მენდე, არაფერი დამიშავდება. რადგან ასეთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგი, მოსალოდნელი შედეგებისთვისაც მზად ვარ. ჩემს თავს მივხედავ.
-რაკი არ იშლი, ისე იყოს, როგორც თქვი,- მხრები აიჩეჩა მეგობარმა და წასასვლელად მოემზადა.
სარა გასაცილებლად გაჰყვა. როგორც კი წასული დაიგულა, შვილებს გვერდით მიუწვა და მათ სუნთქვას დაუგდო ყური. თითოეულის ნაკვთებს რიგრიგობით აშტერდებოდა და მათგან მომდინარე სურნელს ხარბად ისუნთქავდა. როგორ უნდოდა, ახალი დღე არ დამდგარიყო. ყველაფერს გაიღებდა იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ძუძუს გადაუჩვეველი იაკობი მკერდიდან არ აეგლიჯათ, ან კიდევ მის კალთას გამოკერილი სამი წლის ესთერი არ დაეშორებინათ.

***
დღემ სევდიანად გაახილა თვალი და დილის ცას უღიმღამოდ შეხედა. სარა კრუხივით დაჰფოფინებდა თავის პატარებს და მათთან ყოფნის წუთებს იტკბობდა. საჭმელი მოუმზადა, აბანავა, ტანსაცმელი გამოუცვალა და დრო ისე გავიდა, ვერც კი მიხვდა როგორ მოადგა შუადღე. სულ რაღაც ნახევარი საათი რჩებოდა წყეულ ზარის დარეკვამდე, რომელსაც იმ ხალხის გამოჩენა მოჰყვებოდა, ვისაც სასამართლოსგან მინიჭებული უფლებით თანახმად, დედისთვის ბავშვები უნდა დაეცილებინათ. სარა შვილებს ეთამაშებოდა. დედას მიკრული იაკობი და ესთერი ხალისიან განწყობაზე იყვნენ და კისკისებდნენ.
როგორც კი პირველი საათი შესრულდა, კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ვინ არის?- ცნობისმოყვარეობამ სძლია ესთერს და კარებისკენ გაიქცა.
სარამ პატარა იაკობი ხელში აიყვანა და გოგონას გაეკიდა:
-ესთერ, დაბრუნდი!
-სტუმარი მოვიდა,- აღტაცებით წარმოთქვა ბავშვმა და კარებთან ჩამოდგა.
ნერვებს ატანილმა სარამ ესთერი ოთახში შეაბრუნა, დაბნეულობისგან სავარცხელს დაავლო ხელი და ჯერ იაკობს გადავარცხნა ქერა ქოჩორი, შემდეგ გოგონა გაალამაზა. კარზე ზარის ხმა არ წყდებოდა.
-დედიკო, იქ ვიღაცები არიან,- კარისკენ ანიშნებდა ესთერი.
ჭოჭმანის შემდეგ სარამ ძალა მოიკრიბა და სტუმრები ბინაში შეუშვა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ნეითანს ოფიციალური პირები ახლდნენ. ქალს მიესალმნენ და მათი იქ ყოფნის მიზეზი შეახსენეს. სარას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ის ითხოვა, რომ რამდენიმე წუთი მიეცათ, შვილებს გამოთხოვებოდა. თანხმობა მიიღო და ბავშვები გულში ძლიერად ჩაიკრა.
-დედიკო, მამა მოვიდა. სად მივდივართ? -პატარა ესთერი ვერაფერს ხვდებოდა და სტუმრებისკენ იწევდა.
-მე თქვენთან ვერ წამოვალ, ჩემო ტკბილო.
-რატომ?
სარამ თავზე ხელი გადაუსვა და სევდით ჩაქსოვილი სიყვარულით გაუღიმა:
- სხვა დროს გნახავ. უნდა დამპირდე, რომ კარგად მოიქცევი და უფროსებს არ გააბრაზებ.
-სად მივდივართ? შენ დებორა დეიდასთან, იაკობი კი რებეკასთან წავა.
გოგონა მიხვდა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა მის თავს, არ მოეწონა და ფეხების ბაკუნით წამოიტირა:
-არ მინდა მე დებორა დეიდასთან.
სარამ პატარა იაკობს შეხედა, რომელიც თავის დას ტირილში აჰყოლოდა და ორივეს დაწყნარებას შეეცადა, თუმცა თავადაც დასამშვიდებელს ამის ძალა აღარც შესწევდა. ნეითანმა ესთერს ხელი ჩასჭიდა:
-წამოდი, ესთერ!
-დედიკოც წამოვიდეს. არ მინდა დებორა დეიდასთან,-ტირილს უმატა ბავშვმა.
სარამ იაკობი გულზე მიიკრო და ატირებულ გოგონას უკან გაჰყვა, თუმცა განაჩენის აღსრულების მომლოდინე ოფიციალური პირები რომ დაინახა, ვეღარაფერი თქვა.
-ვწუხვართ, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით,- თანაგრძნობით შეხედეს დედას.
-მომეცი იაკობი!- ნეითანმა ატირებული ბავშვისკენ ხელები გაიშვირა. სარას ერთი მოძრაობაც არ გაუკეთებია, გახევებული იდგა და იაკობს დასცქეროდა.
მამამ ბავშვი ხელიდან გამოსტაცა. გულადუღებულმა ქალმა ვერც კი გააცნობიერა, როგორ შერჩა ბავშვის ცალი ფეხსაცმელი ხელში.
-არა!- ერთი აღმოხდა და მამა-შვილს სასოწარკვეთილმა გააყოლა თვალი. ახლა სადარბაზოში ტირილისგან გადარეულ ესთერს შეხედა, რომელიც ძალით ჩაჰყავდათ კიბეებზე. ვეღარ გაუძლო, უნებურად მათკენ გაიშვირა ხელები, მუხლებზე დაეცა და ცხელი ცრემლები ნიაღვარივით წამოუვიდა.
სარას აღარავინ აქცევდა ყურადღებას. ყველა ბავშვების იქაურობისგან გარიდებით იყო დაკავებული.

***
ასეთ მდგომარეობაში რომ გიყურებ, გული მიკვდება. წამოდექი, ჭამა და ფერზე მოსვლა გჭირდება,- მეგობრის მდგომარეობით შეძრული ანა მთელი ძალისხმევით ცდილობდა, სათამაშოებით გარშემორტყმული, იატაკზე მჯდომი და საწოლზე მკლავებჩამოდებული სარა წამოეყენებინა და როგორმე სამზარეულოსკენ გაეყვანა.
-მგონია, რომ თვალცრემლიანი შვილები განუწყვეტლივ მეძახიან. მე კი ვიღაც თოკებით მბოჭავს, რომ მათკენ ვერ წავიდე. უძრავად მყოფს არაფერი ძალმიძს და ეს მაგიჟებს.
-თავს ნუღარ იტანჯავ. უკვე რამდენიმე დღეა არ გძინავს და არც ჭამ. დასუსტებული ვერაფერს გახდები, წამოდგომა და ნაბიჯების გადადგმა გჭირდება. ვიცი, მარტივ რამეს არ გთხოვ, მაგრამ ასეა საჭირო, თავადაც იცი.
სარამ მწუხარებით ამოიქშინა, მკლავებზე ჩამოდებული თავი წამოსწია, მეგობარს ახედა და წამოდგომა დააპირა, თუმცა დაბუჟებული ფეხები ვეღარ იგრძნო, თვალთაც დაუბნელდა და გვარიანად შეტორტმანდა. ანამ ხელი შეაშველა და სკამზე ჩამოსვა. ცოტა ხანი აცალა, რომ უკეთ გამხდარიყო და შემდეგ ფრთხილად გაიყვანა სამზარეულოში.
-ვიდრე აქ მოვიდოდი, ქაშერული პროდუქტების მაღაზიაში შევედი და სალათა, ხბოს ხორცი, ბოსტნეული და ხილი წამოვიღე.
-მადლობა,- სარამ პროდუქტებს ცალი თვალით გახედა და ატკიებულ შუბლზე მიიჭირა ხელი.
ანამ პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული სალათა წინ დაუდგა, რამდენიმე სახეობის ხილი დაუჭრა და წინ ჩამოუჯდა.
-მელოდები, რომ რამდენიმე ლუკმა ჩავყლაპო?- ჩანგალი მოიმარჯვა და უხალისოდ დაუწყო კონტეინერში წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ბოსტნეულს ქექვა.
-ამას ჰქვია უგემური ჭამა,- წყენა გამოხატა ანამ.
-ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. ვერ ვჭამ, გამიგე.
-რა გინდა? ისე დაძაბუნდე, ყველას ეცოდებოდე? ასე თუ გააგრძელე, მალე ისეთ მდგომარეობამდე მიხვალ, თანაგრძნობის ნაცვლად, ხალხში ზიზღს გამოიწვევ.
-არავისი შესაცოდი და არც შესაძულებელი არაფერი მჭირს! არ გეგონოს, რომ ჩემს დღეში ყოფნა იოლია. საყრდენი გამომაცალეს და ჩამომშალეს. დრო მჭირდება, სულ ეს არის. -ფეხზე წამოდგა და პატარა სამზარეულოში ვოლიერში გამომწყვდეული ნადირივით აქეთ-იქით მოჰყვა სიარულს,- ბოლო დღეებია, ძალიან ბევრს ვფიქრობ. ჩემი გონება ერთ დიდ ბიბლიოთეკას დაემსგავსა, სადაც თაროზე შემოწყობილი წიგნების ფურცლები უამრავი მწერლის მოსაზრებებით არის გამოტენილი. ზოგის მიხედვით, საკრალური შეცდომა დავუშვი, ზოგსაც მზის ბილიკების სადარ აწმყომდე და მომავლამდე გავყავარ. სულ მთლად ავირიე.
-ძალიან რთულია შენს მდგომარეობაში ყოფნაც და რჩევის მოცემაც, მაგრამ იცი რა? ორივემ ძალიან კარგად ვიცით, შენში ნამდვილად არის იმის პოტენციალი, რომ სწორ გზას დაადგე. ახლად დაბადებულ ჩიტს გამსგავსებ, რომელიც მალე ღრუბლებში ნავარდს და საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად შესწავლას დაიწყებს.
-ჰო, ახალი ცხოვრება თავის გზამკვლევებს მთავაზობს და უფლება არ მაქვს, დაქსაქსული სამყარო იმ მინიმალურ ზომამდე მაინც არ გავიცნო, როგორც ვგეგმავდი.
-ყავაც მზად არის,- იმედიან განწყობაზე მოსულმა ანამ ყურებამდე გაიღიმა და მაგიდაზე საშუალო ზომის ფინჯანი დაუდგა.
სარამ ფინჯანი ხელში აიღო, ორივე ხელის გულში მოიქცია, შავი სითხისგან წამოსული სურნელი ღრმად შეისუნთქა და თვალები დახუჭა. გრძნობდა, რამდენიმე დღის ნაშიმშილარი ფიზიკურად როგორ იკრებდა ძალებს. ახლა საჭირო იყო, ათასგვარი აზრებისგან გადაჭედილი გონებაც გაეწმინდა, ერთი მიმართულება აერჩია და ცეცხლითა და მახვილით შევარდნილიყო საბრძოლო ველზე, საიდანაც მხოლოდ გამარჯვებული უნდა გამოსულიყო.

***
საღამო ხანი ახლოვდებოდა. ანა კერძო მოსწავლესთან წავიდა, მოწყენილობისგან მობეზრებულმა სარამ ბევრი ფორიაქის მერე გულის გადასაყოლებლად გარეთ გასვლა გადაწყვიტა. მეტროსადგურამდე ფეხით ჩავიდა. N მატარებლის მგზავრებით სავსე ვაგონს სწრაფად მიმოავლო თვალი და თავისუფალი ადგილი რომ ვერ ნახა, კარებთან დადგა. არ იცოდა რა ერქვა გაჩერებას, სადაც ყველაზე მეტად უნდოდა მოხვედრა. ფიქრებს შეყოლილი ქონი აილენდის სადგურში აღმოჩნდა. რკინის კიბეებს ჩაუყვა და გულმა სადაც გაუწია, იმ მიმართულებით გაეშურა. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე გავიდა. თითქმის არავინ იყო. ხალხი კანტიკუნტად დადიოდა. კესანისფერი ოკეანე მშვიდი იყო. ქაფით გათეთრებული დაბალი ტალღები ნაზი შეხებით ოქროსფერ ქვიშას წარამარა ალბობდნენ. სარა დიდხანს მიაშტერდა წყლის სილურჯეს, რომელიც სარკისებურად ირეკლავდა საღამოს ზეცას. თეთრ-რუხისფერმა თოლიებმა ფრთები გაშალეს, სანაპიროდან ჰაერში ჭყივილით აიჭრნენ, რამდენიმე წრე შემოხაზეს და უეცრად დააცხრნენ წყლის ზედაპირს. წყალში თევზი გასხლტა, მაგრამ ერთ-ერთმა მაინც მოასწრო და კვერცხისგულისფერი ნისკარტი მარდად ჩაავლო. ნადავლით დამშვენებულმა აგურისფრად დაფერილი მოფართხალე თევზი უმალ გადაყლაპა და მონადირის თვალებით განაგრძო წყლის სარბიელზე ნავარდი. უყურებდა ბუნებას და ტკივილისგან გაბერილს კივილი უნდოდა, რათა სხეულიდან წვეთ-წვეთობით მაინც გამოედევნა და ფსკერზე ჩაეძირა. წაბლისფერი თმის პარიკი მოიხსნა, იქვე დატოვა და ტანსაცმლითურთ წავიდა წყლისკენ. ოკეანე გამყინავი სისველით შემოევლო ტანზე. უჰ, როგორ ესიამოვნა. თვალები დახუჭა და ხელის ცეცებით მიიწევდა სიღრმისკენ. წყლის ზედაპირი ყელამდე მიებჯინა. წარსულმა წამებში კადრებად გაირბინა. დროდადრო მშფოთვარე სახეს იღებდა. მხოლოდ მაშინ მოიწადინა თვალების გახელა, როდესაც გონება უსარგებლო ეპიზოდებისგან გაწმინდა. გამჭვირვალე წყლის დანახვაზე ოდნავ შეშინდა, თუმცა ოკეანის სივრცეში სეირნობა მისთვის სასიამოვნოც იყო. ორი გრძნობა ერთმანეთს ენაცვლებოდა და გაურკვეველ სიახლეში აგდებდა.
-„ყველაფერი ის, რაც უცხოა, საოცარი ჩანს“- რამდენიმე თვის წინ ჩუმად წაკითხული წიგნიდან პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის სიტყვები წარმოთქვა და ნერვიული სიცილი აუტყდა. მოულოდნელად სიცივე იგრძნო და წყლისგან დამძიმებულმა სასწრაფოდ უკან დაიხია. დიდი წინააღმდეგობა გაუწია კესანისფერ ოკეანეს. საბოლოოდ, რამდენიმეწუთიანი ბრძოლის შემდეგ მშვიდობიანად დაადგა ფეხი სანაპიროს.
-კარგი შეგრძნება ყოფილა მწუხარებისგან დაცლა და შენთვის ჩაბარება,- აკანკალებულმა თეთრქაფიან წყალს სიცივისგან გაქვავებული ტერფი აჰკრა და კბილების კაწკაწით მკლავებზე რამდენჯერმე წაივლო ხელი. ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა, შემდეგ რაღაც აზრმა გაუელვა გონებაში და ელდანაკრავივით გაეცალა იქაურობას.

***
სახლში მისვლისთანავე ტანსაცმელი გამოიცვალა, სხეულში გამჯდარი სიცივე ცხელი ჩაით განდევნა, საგულდაგულოდ გადამალულ, გაცრეცილ ტყავის გარეკნიან რვეულს ხელი დაავლო და კარი გაიხურა. შიშნარევი და განერვიულებული მიაბიჯებდა მანჰეტენის აჭრელებულ ქუჩებში, მაგრამ რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, ყოველ მიზეზ გარეშე უნდა შეესრულებინა.
-ვისთან მიბრძანდებით, ქალბატონო?- ძვირადღირებული ბინების კორპუსის ფოიეში დაბნეული თვალებით შეჭრილი სარა კონსიერჟეს ხმამ გამოაფხიზლა.
-მე... ვივიენ კარტერთან.
-ერთი წუთი მოითმინეთ, ახლავე დავუკავშირდები,-ტელეფონის ყურმილი მოიმარჯვა და მობინადრესთან სცადა დაკავშირება, მაგრამ ამაოდ, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მხრები აიჩეჩა:- სამწუხაროდ, ქალბატონი ვივიენი არ პასუხობს. ნამდვილად ამ დროს დაგიბარათ?
-არა, იცით? მე... ეს დაუგეგმავი შეხვედრაა. აუცილებლად უნდა ვნახო, ძალიან მნიშვნელოვანია.
-სჯობდა, წინასწარ შეთანხმებოდით. ვწუხვარ, რომ ტყუილად მოსვლამ მოგიწიათ.
-არ არის პრობლემა, რამდენი ხანიც არის საჭირო, დაველოდები.
-იქნებ დღეს საერთოდ არ ბრუნდება?
-არაუშავს. თქვენ ის მითხარით, შემიძლია, აქ მოვიცადო? გარეთ ძალიან ყინავს.
-როგორც გენებოთ.
ქალმა მადლობა გადაუხადა, სამეულის სავარძელზე მორიდებულად ჩამოჯდა და ფანჯრიდან გამვლელების თვალიერებას მოჰყვა. ადრე არ ჰქონდა უფლება მათ თამამ ჩაცმულობას, ქცევებს, საუბრის მანერებს და მიმიკებს გასცნობოდა. ახლა, როდესაც დროც ჰქონდა და მის ზედმეტ მოკრძალებულობასაც ოდნავ მბჟუტავი სინათლის მსგავსად საბოლოოდ ჩაქრობა ემუქრებოდა, აღარაფერს ერიდებოდა და მისგან განსხვავებულ, შედარებით თავისუფალი ადამიანების გარეგნული დაკვირვება დაიწყო.
მიდიოდნენ და მოდიოდნენ ადამიანები... მიდიოდნენ და მოდიოდნენ... ერთმანეთში ირეოდნენ, განცალკევდებოდნენ, ქრებოდნენ და ისევ ჩნდებოდნენ. ზოგი იღიმოდა, ზოგიც კუშტად იმზირებოდა, უფრო მეტი კი ჩაფიქრებული მიუყვებოდა ტროტუარს. რამდენიც იყვნენ, მხრებით და ზურგით იმდენ ისტორიას დაატარებდნენ. შორიდან უყურებდა და სურვილი ეძალებოდა, ხელში ფუნჯები აეღო, საღებავებით მოთხუპნული პალიტრა აეტაცებინა, მათი ისტორიები მოესმინა და სხვადასხვა ფერის, რჯულის და ნირის პიროვნებების ზურგზე ამოწვერილი მთელი ცხოვრება სიურრეალისტური აღქმებით მოეხატა. საკუთარ აღქმებში ირწეოდა და წინ უამრავი ხელშეუხებელი, მაგრამ გაცოცხლებული სურათი ელანდებოდა.

***
დილის პირი იყო. იმედგადაწურული სარა შენობის გარეთ გავიდა და სახლში წასვლას აპირებდა, როდესაც ტაქსიდან გადმოსულ ვივიენ კარტერს შეეჩეხა. მისი სამოსით თუ ვიმსჯელებდით, აშკარა იყო, ქალი წვეულებიდან ან რაიმე ტიპის გასართობი ღონისძიებიდან ბრუნდებოდა. გრძელი, წითელი კაბა ფეხსაცმელზე რომ არ მოსდებოდა და თავისუფლად გადაადგილება შესძლებოდა, ხელს აშველებდა და ოდნავ ზევით სწევდა, მაგრამ ალკოჰოლმორეულს ნორმალურად სიარული მაინც არ გამოსდიოდა, ალაგ-ალაგ ფეხს ურევდა.
-ქალბატონო ვივიენ, როგორც იქნა, შეგხვდით,- ხმაში სიხარული გაერია სარას.
ქალმა ქრიზოლითისფერი თვალებით თავმომწონედ გახედა და მყისვე აათვალიერ-ჩაათვალიერა:
-ვიცნობთ ერთმანეთს?
-არ ვიცნობთ, მაგრამ...
-ჰოდა, ნახვამდის, საქმეც არაფერი გვაქვს, -უხეშად უთხრა და ლიფტისკენ წავიდა.
-ქალბატონო ვივიენ, რომ იცოდეთ აქ რამდენი ხანი ვდგავარ და გელოდებით, მერწმუნეთ, ასეთი ტონით არ დამელაპარაკებოდით.
-ღმერთო ჩემო, იცი როგორი დაღლილი ვარ? ვინ ხარ, რას გადამეკიდე?-თვალები აატრიალა და ლიფტის გამოძახების ღილაკს თითი დააჭირა.
სარა წინ გადაუდგა და ხელები ჰორიზონტალურად გაშალა, რომ ღია კაბინაში არ შეეშვა:
-მაპატიეთ, მაგრამ ვიდრე არ მომისმენთ, აქედან არ წავალ.
-თავხედიც ყოფილხარ!- ხელით გაწევას შეეცადა, მაგრამ ქალი ადგილიდან არ იძვროდა.
-მე საქმეზე სალაპარაკოდ მოვედი და უნდა დამეხმაროთ.
-უნდა? მეტისმეტად ბევრის უფლებას აძლევთ თქვენს თავს.
-თქვენი გადაცემის სტუმარი უნდა გავხდე.
-ჰმ, ესე იგი, ჩემი გადაცემის სტუმრობაც მოინდომეთ.
-მე დედა ვარ, რომელსაც ახლახანს შვილები ჩამოართვეს, ჰასიდთა ცხოვრების წესებს გავექეცი და ამისთვის ჩემმა მეუღლემ მკაცრად დამსაჯა. აღარც მშობლები, დედმამიშვილები და ნათესავები შემრჩნენ, ზურგი მაქციეს და სრულიად მარტო აღმოვჩნდი თანამედროვე სამყაროს წინაშე. თქვენ გგონიათ ეს იოლია?
-მე რით გიშველო?
-მინდა, იმ ხალხთა ცხოვრებაზე ავლაპარაკდე, რომელიც კარგა ხანია, აქაური საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. თქვენ არაფერი იცით დამარხულ გრძნობებზე, ნიჭზე და ადამიანებზე, რომლებიც ყოველ დღე რელიგიის გამო ღობით შემოვლებულ ტერიტორიაზე რჩებიან და არ აქვთ უფლება, ღია და თავისუფალი ცხოვრების წესებით იცხოვრონ.
-ახლა გიყურებ და საწოლად მეჩვენები. შენი ხმა კი სადღაც მოუსავლეთში იკარგება. ვერ მატყობ, რომ ფეხზე ძლივს ვდგავარ? რა დროს ჰასიდები და მათი ცხოვრების წესებია?
სარამ შეატყო, ვივიენი ალკოჰოლისგან თანდათან ითიშებოდა და მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ჩანთა გახსნა, გაცრეცილი ტყავისზედაპირიანი ჩანაწერების რვეული ამოიღო და გაუწოდა:
-გაბარებთ, როგორც საკუთარ სულს. ამ ჩანაწერებს გაეცანით და შემდეგ ბოლო გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდით. თუ აქ ისეთს ვერაფერს იპოვით, რომელიც თქვენი გადაცემის სტუმრობის ღირსს გამხდის, მაშინ ჩავთვლი, რომ არაფრით გამორჩეული ცხოვრება მქონია.
ვივიენმა თვალების ქაჩვით დახედა რვეულს და თავი გაიქნია:
-ფიქრობ, რომ ისეთი მოცლილი ვარ, დავჯდები და სიტყვა-სიტყვით გავეცნობი?
-კი, მაგრამ ამ სტუმრებს ვიღაც ხომ არჩევს?- ნერვებმა უმტყუვნეს სარას და ხმას აუწია.
-ეს რვეული უკან წაიღე, შედი ინტერნეტში, ჩვენი გადაცემის წესებს დაწვრილებით გაეცანი, შენი ისტორიაც მეილზე მოგვწერე, ვინც საჭიროა წაიკითხავს და თუ ასეთი საინტერესო ადამიანი ხარ, აუცილებლად დაგიკავშირდებიან.
-მინდა, ჩანაწერებს უშუალოდ თქვენ გაეცნოთ.
-რა დავაშავე? - მხარზე ჩამოშლილი ჟღალი თმა უხალისოდ გვერდზე გადაიწია, რვეული გამოართვა და კაბინაში შეაჭრა.
სარამ ლიფტის კარები დაიჭირა და გახარებულმა გაუცინა:
-ვიცოდი, რომ ლოდინი ღირდა. იმედი მაქვს, ჩემს პრობლემას გულთან მიიტანთ და დამიკავშირდებით.
ქალი ფეხზე ძლივს იდგა. ახლა სარას პრობლემები ისე აინტერესებდა, როგორც ჰელოუინის დღესასწაულზე წასასვლელად მომზადებულ ბავშვს ნიუ-იორკის გუბერნატორის მოახლოებული არჩევნები.
ბინის კარს გასაღები ძლივს მოარგო და ოთახში წიხლის კვრით შევიდა. ფეხსაცმელი შესასვლელშივე დატოვა და ფეხშიშველი გაემართა საძინებლისკენ. საწოლზე ჩამოჯდა, პატარა ჩანთა და სარას ჩანაწერების რვეული იქვე მიაგდო და წაილუღლუღა:
-რამდენი იდიოტი ჰყავს დედამიწას შეფარებული. სულიერი რომ იყოს და აცნობიერებდეს, საკუთარი გადაწყვეტილებით წაიჭერდა ხელს ყელში და ახლავე გაქრებოდა პლანეტათა რიგებიდან.- ძალაგამოცლილი ძლივს მიბობღდა ბალიშებამდე და გადასაფარებელში გაეხვია.

***
დათქმულ დროს, უილიამსბურგში, ბერის ქუჩის კუთხეში იდგა და შვილებთან შეხვედრის მოლოდინით გული გამალებით უცემდა. წინა ღამის უძილობა ვერაფერს აკლებდა, მხოლოდ საკუთარ სხეულში დატრიალებულ სიხარულს გრძნობდა, რომელიც ყველა დანარჩენ გრძნობას ამაოების ორმოში ულმობელად ჰყრიდა. დებორამ და რებეკამ ბავშვები ზუსტად იმ დროს მიუყვანეს, როგორც მოელაპარაკნენ.
-დედიკო,- წამოიყვირა ესთერმა. დებორამ ხელი გაუშვა და ბავშვი სარასკენ გაიქცა.
-საყვარელო,- სარა ჩაიმუხლა და მკლავები შეამზადა, რომ აღელვებული ბავშვი გულში ჩაეკრა. ერთი კვირა იყო გასული, რაც თავის გოგონა არ ენახა და ყოველი გასული წამი საუკუნედ ეჩვენებოდა,- ჩემო ტკბილო,- სახე დაუკოცნა და მჭიდროდ შემოჰხვია ხელები.
რებეკა ხელში აყვანილი ჩაძინებული იაკობით მიუახლოვდა და ესთერთან ჩახუტებულ სარას თანაგრძნობით შეხედა.
-იაკობ,- ქალმა მეორე შვილს ახედა და ხელები მისკენ გაიშვირა. რებეკა მიესალმა და პატარა ბიჭუნა ხელში გადასცა.
რასაც სარა იმ წამებში განიცდიდა, ბედნიერება არ ერქვა. სიცოცხლემ სხვაგვარად დაიწყო მასში გაგრძელება, სიყვარულმა უცებ გაიკვირტა სულის წიაღებში და ყველაფერი თავისფრად შეღება.
-დედიკო, ჩემზე და იაკობზე გაბრაზებული ხარ?- ესთერმა დაბალ ხმაზე ამოიბუტბუტა.
-არა, ეს რამ გაფიქრებინა? თქვენ ერთმანეთზე უკეთესები ხართ და ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავიათ.
-მაშინ რატომ არ გინდა ჩვენთან ყოფნა?
- მე სულ თქვენთან ვარ, ძალიან მიყვარხართ. არც შენ და არც შენი ძმა არ მიმიტოვებიხართ.
-აღარ წახვიდე, კარგი?
-სამწუხაროდ უნდა წავიდე, მაგრამ კიდევ მოვალ, ბევრს მოგეფერებით, ვითამაშებთ და ვიმხიარულებთ.
-მე შენთან მინდა, წამიყვანე.
-ახლა არ შეიძლება! გპირდები, რომ მალე შენ და იაკობი ჩემთან წამოხვალთ და ერთად ვიცხოვრებთ.
-აღარ მინდა დებორა დეიდასთან,- ესთერმა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო და პატარა მარგალიტების სიმსხო ცრემლები გადმოყარა.
სარას ატირებული ბავშვის დანახვაზე გული მოუკვდა. მოჭარბებულ ემოციებს ვაი-ვაგლახით უმკლავდებოდა და შეძლებისდაგვარად თავი მშვიდად ეჭირა. ესთერის ხმამ პატარა ძმა გააღვიძა და ჯერ კიდევ აზრზე მოუსვლელმა ლამაზი თვალების ბრიალი დაიწყო.
-ჩემო სიცოცხლე,- დედამ გულზე მიიკრო იაკობი.
დებორამ ესთერს ხელი მოკიდა და სარას აცალა, რომ ყურადღება მეორე შვილზე გადაეტანა. არც თუ იოლი ასატანი იყო შვილებს მონატრებული დედის ხილვა და დედას მონატრებული შვილების ასეთ მდგომარეობაში ყურება, მაგრამ ვერც რებეკა და ვერც დებორა ვერაფერს გააწყობდა.
სარამ შვილები მოისიყვარულა და მეუღლის ნათესავებს შეხედა:
-რთული მოსავლელები ხომ არ არიან?
-არა,- ცხვირი აიბზუა დებორამ.
-ღამე ძუძუს ითხოვს, ჯერ კიდევ ვერ გადაეჩვია,- მოკლედ მოუჭრა რებეკამაც.
სარამ შეატყო, მასთან კომუნიკაციას ერიდებოდნენ და საუბარი აღარ გაუბამს. შვილებს საჩუქრები გადასცა და როგორც კი მისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ცივად გაუშვა ხელი ორივეს, რკინის ქანდაკებად გადაიქცა, დამძიმებული თავთავივით დახარა თავი და გზას გაუყვა.
ტიროდნენ ბავშვები. სარას მათი ხმები ისე ადუღებდა, შიგნეულობას უწვავდა და გაღვიძებულ ვულკანს ამსგავსებდა, მაგრამ არ გაჩერებულა, არც მათკენ გაუხედავს...

***
-საიდან გაიგე ვივიენ კარტერის საცხოვრებელი მისამართი? -მეგობრის საქციელით გაოგნებული ანა ემოციებს ვერ აკონტროლებდა.
-ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს?
-მასთან რამ მიგიყვანა?
-მინდა, მის გადაცემაში მივიდე და ჩემი წარსულის შესახებ ვისაუბრო.
-და ეს რას მოგცემს?
-ახლა არ მითხრა, რომ შეცდომა დავუშვი.
-ვთქვათ მიხვედი და შენი გასაჭირის შესახებ ყველაფერი თქვი. ეს იმ პრობლემას რა კუთხით გადაჭრის, რასაც შვილებთან დაშორების სიმწარე ჰქვია?
-როგორ არ გესმის? ეს იქნება თავდაპირველი ნაბიჯი, რომელიც მყარად აშენებული კედლების უკნიდან გამომიყვანს და ახალ საზოგადოებასთან ინტეგრირებაში დამეხმარება.
-ვივიენ კარტერის გადაცემა სკანდელურ ამბებზე დაყრდნობით არის პოპულარული. არა მგონია, ჰასიდთა ცხოვრების წესები და ტრადიციები საინტერესოდ მოეჩვენოს. რელიგიურ თემებზე საუბარი იმდენად ფაქიზი რამ არის, მის თავისებურებებზე საჯაროდ საუბარს, მითუმეტეს, კრიტიკულ განხილვას და მიმდევრების დაკნინებას ამერიკა არასოდეს დაუშვებს.
-სად ვახსენე, რომ იქ ჩემი რელიგიის გასაკრიტიკებლად მივდივარ? რაც არ უნდა იყოს, ჰასიდთა გარემოცვაში გავიზარდე, მშობლების, ნათესავებისა და ყველა გარშემომყოფის უზომო სიყვარული და მზრუნველობა მერგო წილად და ის, რომ ჩემი რელიგია ჩემთვის მისაღები არ აღმოჩნდა, არ ნიშნავს იმას, მის მიმდევრებს შეურაცხყოფა მივაყენო. მიუხედავად იმისა, სექტიდან წასვლის გამო საკუთარმა ოჯახის წევრებმა მიმატოვეს, მათ დღემდე დიდ პატივს ვცემ.
-მაშინ ამიხსენი, რა სარჩული უდევს ვივიენ კარტერის გადაცემაში სტუმრობის სურვილს?
-მე მინდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ვისაუბრო და მოვყვე ის, რასთან მიწევდა გამკლავება და რატომ იყო ის გარემო ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი.
-არ ვიცი რა ჩაიფიქრე, მაგრამ რადგან ასე გსურს, ისე მოიქეცი, როგორც გონება და გული გიკარნახებს,- საყურის წვალება დაიწყო ანამ.
სარას არ უნდოდა თემის განვრცობა, ახლადნაყიდი გაზეთი გადაშალა და სამსახურების ძებნას შეუდგა. რამდენიმეწუთიანი კირკიტის შემდეგ ხუთამდე განცხადება მონიშნა და დამსაქმებლებთან რეკვა დაიწყო. უყურებდა ანა და თვალებს არ უჯერებდა ერთ დროს კდემამოსილი, ჰასიდი ქალბატონი, რომელიც წესიერად თვალებს ვერავის უსწორებდა, როგორი მონდომებით ძლევდა მორიდებულობას და თავისუფლად საუბრობდა უცხო ხალხთან.

***
ღრმა ძილში წასული ვივიენი სიზმრების სამყაროში მშვიდად დააბიჯებდა, როდესაც მისი მობილური ტელეფონი პროდიუსერის მიერ შესული ზარებით ლამის აფეთქდა. გაბმულმა ზარებმა საბოლოოდ მაინც გააკეთეს თავის საქმე და ძილბურანში მყოფმა ქალმა ძლივს წამოსწია ატკიებული თავი საწოლიდან.
-რა ჯანდაბა ხდება? იმედი მაქვს, მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა, - ზოზინით და მთქნარებით გახსნა პატარა ჩანთა და ტელეფონს დახედა.
თვრამეტი შესული ზარი და თორმეტი ტექსტური შეტყობინება ჰქონდა მიღებული ტელევიზიიდან. სასწრაფოდ ჩაიკითხა სხვადასხვა პირებისგან შესული წერილები, შემდეგ საათს დახედა და პირზე აიფარა ხელი:
-ამის დედაც! გადაცემის ჩაწერის დღე გადმოუტანიათ. სულ რაღაც ერთი საათი მრჩება, საჯდომი ავწიო და ტელევიზიაში გავიქცე. მაგრად დაგერხა, ვივიენ!- ქალმა გადასაფარებელი ელვის სისწრაფით გადაიხადა და აბაზანაში შევარდა. სიჩქარეში ვერც კი შეამჩნია, როგორ გადავარდა სარას ჩანაწერების რვეული საწოლიდან. მოგვიანებით კი აბაზანიდან გამოსულმა ტანსაცმლის ძებნაში და ფაციფუცში შემთხვევით ფეხის ქუსლი მიჰკრა და საწოლის ქვეშ შეუვარდა.

***
-ყველაფერს აგიხსნი, - ძლივს სუნთქავდა სირბილისგან დაღლილი ვივიენი, როდესაც სიბრაზისგან პომიდორივით გაწითლებულ პროდიუსერს, ჯონათან დევინს გადააწყდა.
-ახლა მხოლოდ სტილისტი ვიზაჟისტი! გადაცემის ჩაწერის შემდეგ დავილაპარაკებთ, -ნაძალადევად გაუღიმა და ოთახისკენ მიანიშნა, სადაც მისი გარეგნობის სადარაჯოზე მყოფნი ელოდებოდნენ.
ვივიენი მორჩილად შევიდა ოთახში და სარკის წინ მოთავსდა. არანაირი განწყობა არ ჰქონდა ტელეკამერების წინ დამდგარიყო და გადაცემა წაეყვანა. იმ წუთებში ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა ვიღაცების პირადი ცხოვრების დეტალები, თუმცა გადაცემის ფორმატი სწორედ ამას ითვალისწინებდა და იძულებული იყო, კარგად შესწავლილი მიმიკები დაეყენებინა და ავტომატურად მოწყობილი რობოტივით ხან გაეღიმა, ხან გაეცინა, ხან რაღაც შეეცხადებინა და ხანაც ყველაზე თანამგრძნობი, გამგები და კეთილი ადამიანის სახე მიეღო.
კოსმეტიკური საშუალებების სურნელი ცხვირში არასასიამოვნოდ უღიტინებდა და გულის რევის შეგრძნებას უმძაფრებდა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, უგუნებობა გვერდზე უნდა გაეწია და დაბინდული გონების ფსკერიდან წინა დღეებში დამუშავებული მასალები ამოეღო. ვიდრე ვიზაჟისტი თავს ევლებოდა, ყველა ინფორმაცია აღიდგინა. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე სტუდიაში იყო და გადაცემა მიჰყავდა. როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა. თავი დამაჯერებლად ეჭირა და ეგრეთწოდებული „ყურის“ დახმარებით, რომელიც თავისივე რეკომენდაციით მიყვანილი პიროვნება გახლდათ, ყველაფერი სანიმუშოდ მიჰყავდა. სწორედ ეს შურდათ მის კოლეგებს -ვივიენის უეცარი გარდაქმნა, რომელსაც ისეთი მაღალი ხარისხით ასრულებდა, ვერავინ დაიჯერებდა, რომ წინა ღამეს სახლში ალკოჰოლით გათიშული დაბრუნდა, გადაცემის დაწყებამდე მოსამზადებლად საათნახევარი ჰქონდა, უხასიათობა სჭამდა, ან კი რამე აწუხებდა. სამუშაო პროცესში მთლიანად გადაშვებული იყო პროფესიაში და კამერების წინ მხოლოდ წამყვანი ვივიენ კარტერის ცხოვრებით ცხოვრობდა.

***
გადაცემის დასრულების შემდეგ პროდიუსერმა ვივიენი კაბინეტში დაიბარა და საყვედურების კორიანტელის დასაყენებლად მოემზადა:
-რომ არა ამ გადაცემის რეიტინგი, აქამდე ტელეკომპანიის არცერთი მმართველი რგოლი არ მოითმენდა შენს კაპრიზებს და დიდი ხნის წინ გვეყოლებოდი შინ გასტუმრებული. ეს ყველაფერი შენც კარგად იცი და სარგებლობ, მაგრამ ყველას აქვს მოთმინების ზღვარი და გაითვალისწინე!
-კარგი რა, ნახევარი საათი იქით, ნახევარიც აქეთ. თავს ნუ გამოიდებ ხოლმე, არაფერი დაშავებულა!
-როგორ არ გესმის? ყოველთვის ხელს ვერ დაგაფარებ. შენი უპასუხისმგებლო საქციელის შესახებ დღეს საჭიროზე მეტმა ადამიანმა გაიგო და ზოგიერთის წყალობით, ტელევიზიის დირექტორის ყურამდეც მიაღწია.
-თუ რამე გასერიოზულდა, რა უჭირს, ტელევიზიის დირექტორთან დამაჯერებელი ტყუილი შეთხზა? შენი ხომ უპირობოდ სჯერა?
-რატომ დააგვიანე?
-არ ვიცოდი, რომ გადაცემის ჩაწერა დღევანდელი თარიღით დაგეგმეთ.
-დიდი ტყუილი! ხომ გაგაფრთხილე?
-გამაფრთხილე, მაგრამ გუშინ დილით მთლად დარწმუნებული არ იყავი, რომ დღე და საათი შეიცვლებოდა.
-გითხარი, რომ მოგწერდი. წერილობით შეტყობინებებს რატომ არ კითხულობ?
-ბოდიში, რომ ჩასაფრებული არ ვარ თითოეული შემოსული ზარი და შეტყობინება ვამოწმო. მეც ადამიანი ვარ და სამსახურის გარდა, პირადი ცხოვრებაც მაქვს.
-ბოლო დროს ძალიან გაუბერე და აღარ ვაპირებ შენს გამო თავის შარში ჩაგდებას.
-ამას სერიოზულად მეუბნები? წინ ჩამოუდგა, ხელის გულები მხრებზე დაადო, მაცდურად გაუღიმა, ყელი მისკენ გადახარა და ყურის ძირთან ვნებიანად აკოცა. შემდეგ შემღვრეულ თვალებში ჩახედა, ეშმაკურად გაუცინა და თეძოების სექსუალური რხევით გავიდა ოთახიდან.
-სად მიდიხარ?-ძლივს მოვიდა გონზე მისტერ დევინი, თუმცა ვინ უსმენდა? ვივიენი უკვე ლიფტში შედიოდა და ტელევიზიის შენობას ტოვებდა.
-ჯანდაბა! სილამაზე, ნიჭი, ადამიანებთან საუბრის ხელოვნება და მოხერხებულობა -აი, ეს არის მისი გადაცემის რეიტინგის საიდუმლო!- ფეხი მიჰკრა სამუშაო მაგიდის წინ მდგარ სკამს და ხელში რაც ეკავა, მაგიდაზე დაახეთქა.

***
სარას თავდაუზოგავმა ძებნამ ნაყოფი გამოიღო და ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. მის მოვალეობაში გასახდელ ოთახთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა, შეტანილი ტანსაცმლის დათვლა და დაწუნებულის თავის ადგილას დაბრუნება შედიოდა. ერთი შეხედვით ადვილი ჩანდა, მაგრამ უამრავ ადამიანთან ურთიერთობა და მენეჯერისგან დაკისრებული მოვალეობები დღის ბოლოს ენერგიას იმდენად აცლიდა, დაქანცული სახლამდე ძლივს აღწევდა.
ვივიენ კარტერთან შეხვედრის შემდეგ ერთი თვე ისე მიიწურა, მისგან არაფერი ისმოდა. დეკემბრის საღამო იყო. საშობაოდ განწყობილი ხალხი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების არჩევის ფუსფუსში იყვნენ. სამსახურიდან გამოსული სარა ვივიენის საცხოვრებელი მისამართისკენ გაეშურა. არც ზამთრის ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი სიცივე და არც ყინულისგან დაფარული, მოლიპული ტროტუარები აშინებდნენ. მედგრად მიაპობდა გზას მასთან შესახვედრად.
-ვივიენ კარტერთან ვარ!- კორპუსის ფოიეში კონსიერჟეს სწრაფად მიახალა და ხელთათმანი მოიხსნა.
-ქალბატონ ვივიენს სტუმრის შესახებ არაფერი უთქვამს.
-სასწრაფო საქმე მაქვს, შეატყობინეთ.
მამაკაცმა ტელეფონის ყურმილი აიღო და ბინაში გადარეკა. როგორც კი ვივიენმა უცხო ქალის სახელი და გვარი გაიგონა, უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე და კონსიერჟეს პირით გადასცა, მეტჯერ აღარ შეეწუხებინა.
გაწბილებულმა სარამ ფოიე დატოვა, მაგრამ არ დაუტოვებია იქაურობა. შენობის ქვეშ მანქანების სადგომის გასასვლელი მოძებნა და მთელი ღამე ფეხზე მდგომმა გაათენა. გაყინვისგან თავის დასახსნელად, ხანდახან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პროდუქტების სადღეღამისო პატარა მაღაზიაში შედიოდა და თავს იქ ნაყიდი ცხელი ყავით ითბობდა და იფხიზლებდა. იმავდროულად თვალს არ აცილებდა ადგილს, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვივიენ კარტერი გამოჩენილიყო.

***
ადრეული დილა იყო, როდესაც ვივიენი თავის მანქანითურთ ავტოსადგომის გასასვლელთან გამოჩნდა. მარცხენა მხარეს იყურებოდა და ახლადგამოღვიძებული ნიუ-იორკის ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩის გამოხშირვას ელოდებოდა, რომ მოძრაობას შეერთებოდა. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი თერმული ჭიქით თავისსავე მომზადებულ ყავას წრუპავდა, როდესაც მის ავტომობილს წინ სარა გადაუდგა:
-აქედან იქამდე არ წავალ, სანამ თქვენს პასუხს არ მოვისმენ!
-ეს რა ხათაბალა ავიკიდე?- ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ფანჯრის მინა ჩასწია: - დროს ნუ მაკარგვინებ, ახლა ყველაზე ნაკლებად შენთან სასაუბროდ მცალია.
-მთელი ღამეა აქ ვდგავარ და გიცდით. თქვენ გგონიათ, ასე მარტივად დამიძვრებით ხელიდან?
-ოღონდ ახლა შემეშვი, ძალიან საჩქარო საქმეზე მივდივარ და საღამოს რომ დავბრუნდები, გპირდები, სახლში მიგიღებ და მოგისმენ.
-არ მჯერა!- თავი გააქნია სარამ.
ამასობაში ვივიენის მანქანას უკნიდან სხვები მოადგნენ და სიგნალებით იკლებდნენ:
-სამსახურებში ვიგვიანებთ. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ და ამ მასკარადს ვუყუროთ?- შეჰყვირეს მოთმინებადაკარგულმა მეზობლებმა.
-ახლავე შენს თვალწინ ავკრეფ კონსიერჟეს ტელეფონის ნომერს და ვეტყვი, რომ საღამოს სტუმარს ველოდები. სახელი მითხარი.
პასუხის მოსმენისთანავე ქალმა მართლაც გადარეკა და საღამოს საათებში სტუმრის მოსვლის შესახებ გააფრთხილა, შემდეგ მობილური ჩანთაში ჩააბრუნა და მანქანის წინ გაშეშებულ სარას შეხედა:
-ერთი სიტყვით, გელოდები.
-ქალბატონო ვივიენ, რასაც ახლა აკეთებთ, ყოვლად დაუშვებელია. საჩივარს დაგიწერენ,- ავტოსადგომის დაცვის თანამშრომელი წამოადგა თავს და აღელვებული სახით ხან მას და ხან მის უცნაურ სტუმარს უყურებდა.
სარამ თავი დამნაშავედ იგრძნო:
-ყველაფერი ჩემი ბრალია. ქალბატონი ვივიენი არაფერ შუაშია, მე მომიტევეთ.
-სხვა დროს ასე აღარ მოიქცეთ! არ გაქვთ უფლება, ამ ტერიტორიაზე მოძრაობა შეაფერხოთ.
-დიახ, სერ. - მიუგო და გაცოფებული მძღოლებისთვის თავისუფლად მოძრაობის საშუალება რომ მიეცა, გვერდზე გაიწია.
ვივიენი ძალიან ჩქარობდა, ეტყობოდა, მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. მანქანა ავტოსადგომიდან გაიყვანა და თვალთახედვის არეს მოწყდა.

***
იმედით შეპყრობილმა სამსახურამდე მისასვლელი გზა ისე დაფარა, დროის შეგრძნება დაეკარგა და ვერც მიხვდა, როგორ აღმოჩნდა უზარმაზარ მაღაზიასთან. ცოტა ადრე მოუვიდა მისვლა და კარის გასაღებად მენეჯერს დაუწყო ლოდინი. იქვე ჩამოდგა, ცალი მხრით დეკორატიული ქვით გაფორმებულ კედელს მიეყრდნო და მთელი ღამის უძინარმა თვალები მილულა. ბინდში გახვეულ გონებას და ყურთასმენას ოდნავ სწვდებოდა ტრანსპორტის გამუდმებული და გულისგამაწვრილებელი სიგნალების ხმა. დადიოდა ნაცრისფერ არემარეში და კვამლში არეულ, უგზოუკვლოდ მოსიარულე, მოღრიალე ხალხს აწყდებოდა. ისინი ვერაფერს ხედავდნენ და არაფერი ესმოდათ, ცოცხლად იტანჯებოდნენ. ხელებს იქნევდნენ, რომ რამეს არ დასჯახებოდნენ და ზოგიც ჯოხით ართმევდა თავს სასაფლაოებით სავსე გზის გაკვლევას. ოდესღაც ამაყად მდგარი შენობები ნანგრევებად ნაწევრდებოდნენ. საშინლად ეჩვენებოდა ყველაფერი. ფეხს აუჩქარა, გარდაცვლილ ქალაქში სიარულს ვეღარ უძლებდა. იქაურობა ხრწნადი სხეულებისგან აქოთებულიყო. ავტოსადგურის მიტოვებულ შენობას მიადგა. მხოლოდ ერთი, ჰაერისფერი ავტობუსი იდგა სახეწაშლილი მძღოლით და ვიღაცას უცდიდა.
„გზა მაგედარისკენ“- საქარე მინასთან დამონტაჟებულ ელექტრონულ დაფაზე ამოიკითხა და შვება იგრძნო. სიტყვა „მაგედარისთვის“ ადრეც მოეკრა ყური, მაგრამ ზუსტად ვერ იხსენებდა მისი წარმოქმნის ისტორიას. ბევრი აღარ უფიქრია, ავტობუსში ავიდა და პირველ სკამზე დაჯდა. მძღოლმა მგზავრს გაუღიმა, მაშინვე დაძრა ავტობუსი და ღიღინით ჩამოიტოვა გარდაცვლილი ქალაქი.
აუტანელი სუნი სადღაც გაქრა. ჰაერი კვამლისგან გაიწმინდა და თანდათან ნათელი ფერები გამოჩნდა. შორს გაიჭრა ავტობუსი, მერე თითქოს უწონობისგან ჰაერში აიწია და ჩიტივით ფრენა დაიწყო. ენით აუწერელი გრძნობა დაეუფლა. ასეთი რამ აქამდე არსად გამოეცადა და სახეზე სიამოვნების ღიმილი მოადგა. ასე იფრინა კარგა ხანს, ვიდრე მოულოდნელად დაბლა დაშვება არ იგრძნო. ავტობუსი გაჩერდა და მძღოლის ხმა მოესმა, თქვენი ჩასვლის დროაო. ცხოვრების მძიმე ეპიზოდებისგან დამძიმებული წამწამები აახამხამა, კიბეებზე ჩავიდა და მის წინ გადაშლილმა სილამაზემ უმალ მოაჯადოვა. სინამდვილე რომ ერწმუნა, აქეთ-იქით ალპურ მდელოზე ნორჩად ამოსულ ხასხასა ბალახში მოჰყვა სიარულს, რომელსაც საიდანღაც ჩუმად მოპარული ნიავი არხევდა. ალპური ვარდის მოწითალო ფერის ზანზალაკისებრი ყვავილები ზურმუხტისფერს არნახული სილამაზით აფერადებდნენ. კლდეების ჯიბეებიდან ამოსული ჟასმინები ქვებს ხავსებივით მოსდებოდნენ და მზის გულზე ცელქი ბავშვებივით ათამაშებულიყვნენ. თითქოს უღრუბლო ზეცაზე ღიღილოები ამოზრდილიყვნენ და სიცოცხლისფერი ბალახებისკენ შესარწყმელად მიიწევდნენ. ყვავილებიანი ზეცისთვის რომ შეეხედა, მდელოზე გაწვა და თვალები ზევით აღაპყრო. მცენარეებში დამალული და უცბად გამოჩენილი მწერების ბზუილი ოდნავადაც არ აწუხებდა, ან რა მოსატანი იყო, როცა ასეთ ნეტარებას განიცდიდა? გაშტერებული აკვირდებოდა ცის ცვარში განბანილ ღიღილოებს, რომლებიც წვიმის წვეთებივით ეცემოდნენ თეთრ კაბაზე და ქსოვილს სამუდამოდ ეჭედებოდნენ.
-დედიკო!- მთების ნიავმა ბავშვის წკრიალა ხმა მოიტანა.
ნაცნობმა ბგერებმა ზეცის თვალიერებას მოსწყვიტა და შეშლილივით წამოდგა:
-ესთერ!- გაფაციცებით ათვალიერებდა მთებში მოქცეულ ალაგს.
-დედიკო!- სადღაც იაკობის ხმაც გაისმა.
-შვილებო!- აღელვებულმა ხელის თითები გულზე მიიდო და მათკენ გასაქცევად მიმართულებას არჩევდა.
მოულოდნელად მთების ძირში მისკენ მორბენალი ბავშვები გამოჩნდნენ. ქალი დაუჯერებელი ამბის მომსწრე გახდა. ჯადოსნური ადგილი მის სანუკვარ ოცნებას ასრულებდა - შვილებს უბრუნებდა.
ვიღაცამ მისი სახელი ხმამაღლა წარმოთქვა და იქაურობა წამებში გაქრა. სარა ფაფუკი ღრუბლებით გათეთრებულ ადგილას აღმოჩნდა და შეშინებულმა იკივლა:
-სად წახვედით?
მალე ღრუბლებით დაფარული ადგილიც გაქრა და თვალები გაახილა. მის წინ მენეჯერი იდგა და განცვიფრებული სახით აკვირდებოდა:
-კარგად ხარ?
-დ...დიახ, რატომ მეკითხებით?- სიზმრიდან გამოყოლილი ზმანება თვალწინ უტრიალებდა, თუმცა ცდილობდა, მალევე დაბრუნებოდა რეალობას.
-რა ვიცი, თითქოს შენთვის ლაპარაკობდი. მომეჩვენა, რომ გადაღლილი და ცოტა აფორიაქებული ხარ.
-კარგად ვარ, არაფერი მიჭირს,- მისი დარწმუნება სცადა და კარის გაღებაში დაეხმარა.
მთელი დღე საათები, წუთები და წამები კლაკვნით მიიწევდნენ წინ. თითქოს დრო სამუშაოს დასასრულებლად საღამოს მოსვლას ჯიბრში ჩასდგომოდა. სარა კვლავინდებურად თავდაუზოგავი შრომით აწონებდა თავს ყველას, თუმცა დროდადრო, მაშინ როდესაც კლიენტების რაოდენობა შეთხელებას იწყებდა, გონება ერეოდა და ქვეცნობიერად დილით ნანახი ჯადოსნური ადგილისკენ მიიწევდა.

***
საღამო ხანს შეთანხმებისამებრ ვივიენთან შესახვედრად გაემართა. დიდი მოლოდინები ჰქონდა, დაღლილობა სადღაც გაჰფანტვოდა. აზრობრივად ერთადერთი საკითხით იტვირთებოდა - გაეცნო საზოგადოებისთვის ახალი სარა, რომელიც ცხოვრებას სხვა საწყისებს უძებნიდა და ახლებურად აგებდა.
ვივიენ კარტერის საცხოვრებელ კორპუსში ამჯერად თავისუფლად შეაღწია და ორმოცდამეთორმეტე სართულზე ავიდა. მასპინძელს სახეზე ეტყობოდა, მისთვის არც თუ ისე სასურველი სტუმარი იყო:
-შემოდი,- სერიოზული სახით უთხრა და გაღეღილი მკერდი რომ დაეფარა, ლაგუნისფერი სატინის ხალათი შეისწორა.
სარა გაბედულად შევიდა. რაღაც მომენტში ამაყადაც იგრძნო თავი, ბოლოსდაბოლოს, ჩაფიქრებული გამოუვიდა და ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი ტელეარხის ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანს სტუმრობდა.
-აქეთ.- მასპინძელი მისაღებ ოთახში შევიდა, ჯეკ დენიელსის ვისკის ბოთლს დასწვდა, ბროლის დაბალი ჭიქა ნახევრამდე შეავსო და დივანზე ჩამომჯდარ სტუმარს წინ ჩამოუდგა.
-ჩანაწერების რვეული რომ გადმოგეცით, წაიკითხეთ?-ახედა სარამ.
ვივიენმა გაკვირვება ვერ დამალა, აშკარად ვერაფერს მიუხვდა:
-რომელ ჩანაწერებზე მელაპარაკები?
-იმ დღეს, როდესაც პირველად შეგხვდით, მაშინ გადმოგეცით.
-მსგავსიც არაფერი მახსოვს,- ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა.
-რას ნიშნავს არაფერი გახსოვთ? ესე იგი, აქ ტყუილად მომიყვანეთ? მე და თქვენ ჩემს ჩანაწერებზე უნდა გვესაუბრა.
-ასეთი რა გეწერა, რომ განხილვად ღირდა?- წარბები ასწია ქალმა და ჭიქა პირთან მიიტანა.
-უნდა გვემსჯელა თქვენს გადაცემაში სასაუბროდ რომელ ადგილებზე სჯობდა ყურადღების გამახვილება და რომელზე - არა.
-ესე იგი, ჩემს გადაცემაში სტუმრობა გსურს?
- ამ თემაზე ხომ ვისაუბრეთ? ახლიდან ვუბრუნდებით?
-და შენ გგონია, მახსოვს მე და შენ პირველ შეხვედრაზე რა მოვილაპარაკეთ?
-სინამდვილეში არაფერი მოგვილაპარაკებია. ასეთი წინაპირობა გვქონდა, ჯერ ჩემს ჩანაწერებს უნდა გაცნობოდით. თქვენ კი ისიც არ გახსოვთ, სად წაიღეთ. არადა, გაგაფრთხილეთ, რომ სულს გაბარებდით.
ვივიენმა ცინიზმით გაჯერებული სახით შეხედა და ჩაეცინა:
-ვთქვათ შენი სული დავკარგე, ახლა რა უნდა ვქნათ, ერთმანეთს ვუყუროთ? მაპატიე, მაგრამ ამდენი არც დრო მაქვს და არც ნერვი. დაიწყე რაზე სალაპარაკოდაც მოხვედი, ოღონდ მოკლედ მითხარი ყველაფერი.
სარამ ხელები მუხლის თავებზე დაიწყო და თავისი ამბის მოსაყოლად მოემზადა: -არ ვიცი, რამდენად გამომივა მოკლედ გიამბოთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, შევეცდები. დავიბადე ნიუ-იორკში. ჩემი ოჯახი ებრაელებში ყველაზე მკაცრ, ულტრა-ორთოდოქსულ რელიგიას მიჰყვება. მე ჰასიდი ვიყავი, კერძოდ სატმარი. თუ ასეთ ხალხზე გსმენიათ, ზოგადად მაინც გეცოდინებათ მათი ცხოვრების წესები.
-მსმენია, მაგრამ არასოდეს მიმიქცევია ყურადღება. ყველას თავის მოთხოვნილებები და ინტერესები აქვს. მთავარია, ადამიანი კმაყოფილი იყოს იმით, სადაც ცხოვრობს, ვისთანაც ცხოვრობს და როგორც ცხოვრობს.
-საქმე იმაშია, რომ მე არ აღმოვჩნდი ისეთი, რომლისთვისაც ადვილი იყო ჰასიდიზმი. მისი მიმდევრები არ სცნობენ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს, მისწრაფებებს, განვითარების დონეებს, არ ინტერესდებიან სხვების კულტურით, ტრადიციებით, მწერლობით, მხატვრობით, მუსიკით... აქვთ საკუთარი პრინციპები, ზედმიწევნით იცავენ კანონთა მიმდინარეობას, რაც უძველესი დროიდან, მეთვრამეტე საუკუნიდან მოსდგამთ. ისინი ვიზუალური მახასიათებლებითაც გამოირჩევიან. მამაკაცები ატარებენ გრძელ წვერს და ყურებთან ხვეული თმა აქვთ, აცვიათ შავი კოსტუმები და გრძელი პალტოები, ხოლო ქალებს რაც შეეხება, მათი თმა დაფარულია თავსაბურავით, სამოსი კი საკმაოდ მოკრძალებული, გრძელი სახის კაბებისგან შედგება. ტელევიზორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, სმარტფონები და მსგავსი სახის ტექნიკა მათთვის უცხოა.
ვივიენს მოთმინებამ უღალატა და საუბარი გააწყვეტინა:
-გისმენ და ჯერჯერობით არაფერი გითქვამს საგანგაშო. ეს ამ რელიგიის თანმდევი წესებია, მე ვერაფერს შევცვლი.
სარას სახე შეეცვალა, ქალს შეატყო, მისთვის უინტერესო თემაზე საუბრობდა და მთელი ძალისხმევით შეეცადა, რომ პრობლემების სიმძიმე უკეთ დაენახებინა:
-ძალიან გთხოვთ, დამამთავრებინეთ მაინც. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ჩემს ქორწინებაზე გადავალ. ჰასიდების ქორწინების საშუალო ასაკი თვრამეტიდან ოც წლამდე მერყეობს. ბიჭს და გოგოს ქორწინებამდე რაიმე სახის სექსუალური ურთიერთობა ეკრძალებათ. ერიდებიან ერთად ყოფნას და ფაქტობრივად ერთმანეთს არც კი იცნობენ. ჩემი მეუღლე მხოლოდ ორჯერ ვნახე. შემდეგ მშობლების თანხმობით შედგა ქორწილი და ცხრამეტი წლის ასაკში გავთხოვდი. იმ დღიდან დაიწყო ოთხწლიანი ტანჯვა. მე ის არ მიყვარდა, მასთან მხოლოდ იძულებითი სახის სქესობრივი ცხოვრება და ამ პროცესების შედეგად გაჩენილი ორი შვილი მაკავშირებს. სექტაში რომ დავრჩენილიყავი, შესაძლოა შვიდი, ცხრა ან თერთმეტი შვილიც მყოლოდა. მათში შობადობის კონტროლის უმეტესი ფორმები რელიგიურად აკრძალულია.
ვივიენი შეწუხებული სახით ჩამოუჯდა და ვისკის ბოთლიდან ჭიქის ხელმეორედ შევსება დაიწყო. სარა აგრძელებდა:
-ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, ის გარემო, სადაც ვცხოვრობდი ძალიან მზღუდავდა და მავიწროვებდა. ერთი სიტყვით, თავისუფლებას მაკარგვინებდა, თვითგანსაზღვრის შესაძლებლობებს მისპობდა და მაცამტვერებდა. მინდოდა, ჩემი თავი ვყოფილიყავი და საკუთარი ბედი არა დოგმებით გარშემორტყმულ ხალხს, არამედ მე შემექმნა. ამიტომ ფარულად დავიწყე ბიბლიოთეკაში სიარული, ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა თემებზე და ჩუმად ნაყიდი სმარტფონიდან ინტერნეტში ძრომიალი. სწორედ ეს აღმოჩნდა ის მარცვალი, რომელიც გაღვივდა და ჩემთვის აქამდე უცნობი საკითხებისადმი მეტი ლტოლვა დამაწყებინა. მაშინ დაიწყო გონებაში რევოლუციური მოვლენების განვითარებაც. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვეზიარებოდი, ვხვდებოდი, როგორ ვშორდებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის ყოველდღიურობას წარმოადგენდნენ. ნელ-ნელა უინტერესო გახდა ის თემები, რაზედაც ოჯახში საუბრობდნენ. ვეღარც თანატოლ გოგონებს ვუგებდი, მათი პრიორიტეტები მხოლოდ გათხოვებით, სახლის საქმეებით, ბავშვების გაჩენით და აღზრდით შემოიფარგლება. გახლეჩილობას ისიც დაერთო, რომ იძულებული გავხდი, ჩემთვის სრულიად უცნობი პიროვნების ცოლი გავმხდარიყავი. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დღემდე არ ვიცნობთ ერთმანეთს, რადგან ჩვენი რელიგია გამოჰკვეთს ზღვარს, რასაც ვერ გადაკვეთ. ამ სამყაროდან გამოვედი და შვილებიც თან წამოვიყვანე. ცოტა ხნის წინ მოსამართლემ ჩათვალა, მათ ჰასიდებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესებით ვზრდიდი და დედობის უფლება ჩამომართვა.
-რას აკეთებდი ამისთანას?
-ჩემს გოგონას მიკი მაუსის, მინი მაუსის, დონალდ დაკის და დისნეის დანარჩენი პერსონაჟები გავაცანი. მინდოდა, გარკვეული ინფორმაცია ჰქონოდა უოლტ დისნეიზე, როგორც მნიშვნელოვან ფიგურაზე ამერიკის ანიმაციურ ინდუსტრიაში. ასევე მსურდა, სცოდნოდა რას აღნიშნავდნენ ამერიკელები როკფელერის ცენტრთან მდგარი უზარმაზარი, გაბრდღვიალებული ნაძვის ხით. ისიც ვაჩვენე და მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსენი, რომ ეს შობას უკავშირდებოდა. ესთერი მცირეწლოვანი ბავშვია და რა თქმა უნდა, ვერ მოვთხოვთ, მოზარდივით შეინახოს საიდუმლო. მამასთან მივიდა და ყველაფერი ტიტინით უამბო. როგორი რეაქცია ჰქონდა ჩემს მეუღლეს, ამაზე არ ვილაპარაკებ. სასამართლო პროცესზე ამისთვის და კიდევ ბევრი წვრილმანისთვის მკაცრად მომეკითხა. ისინი მიიჩნევენ, რომ სექტისთვის ყოვლად დაუშვებელ საქციელს ჩავდიოდი, შვილებზე ცუდ გავლენას ვახდენდი და ჩემს წრეში დედობის საშინელ მაგალითს ვიძლეოდი.
-ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩემი გადაცემისგან რას ითხოვ?
-მინდა საზოგადოებამ დაინახოს, იმის გამო დავისაჯე, რომ მეტი განათლების მიღება და ჩემი აზროვნების ჩარჩოების გარღვევა მოვიწადინე. არც შვილებს ვუმღვრევდი გონებას. დღემდე ვფიქრობ, მათ უფლება აქვთ, ასაკის შესაბამისად გაეცნონ სხვადასხვა კულტურებში ჩასახულ საინტერესო ფაქტებს.
-მაპატიე, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა. თუკი რელიგიის მიხედვით რაღაც გეკრძალება და შენ ამას მაინც აკეთებ, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო ქმედებაა და ლოგიკურია, ცუდად შემოგიბრუნდეს. არ მინდა, გული გატკინო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსამართლე იმ კანონების თანახმად მოქმედებდა, რასაც თქვენი რწმენები, შეხედულებები და ტრადიციები ითვალისწინებენ.
სარა სავარძლიდან წამოხტა:
-გატყობთ, ჩემს საწინააღმდეგოდ ხართ განწყობილი. როგორ შეგიძლიათ, ის გადაწყვეტილება გაამართლოთ, რასაც დედისთვის შვილების წართმევა ჰქვია? გული საერთოდ არ გაქვთ? თქვენც თვლით, რომ დამნაშავე ვარ? არც მავნე ჩვევები მაქვს, არც კრიმინალი ვარ, არც ზრუნვას ვაკლებდი მათ და ჩემი დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ იმ სექტაში დარჩენა არ მსურდა.
-ვწუხვარ, მაგრამ შენი ისტორია არაფრით გამოირჩევა. მე კი გადაცემის რეიტინგს სენსაციური ამბებით ვიმაღლებ.
-თქვენ არასოდეს გამოგიცდიათ შვილების დაკარგვა, არ იცით რას ნიშნავს მათი განცალკევება და ქმრის ნათესავებისგან სამადლოდ აღზრდა. ამიტომ უყურებთ ამ საკითხს გულგრილად. ვნანობ, რომ აქ მოსვლაზე დრო დავკარგე,- სახე აუპილპილდა სარას.
-ნუ ცდილობ, ნამუსზე ამაგდო. შენი შვილები კარგად არიან და არაფერი იცი, რას ნიშნავს ბავშვისთვის ცუდ მდგომარეობასა და პირობებში ყოფნა.
სარამ სიმწრით წარმოთქვა:
-ენა როგორ გიბრუნდებათ?! არ გრცხვენიათ?
-შენ წარმოიდგინე, არა.
-ეკრანზე ასეთი არ ჩანხართ. რამდენადაც საზოგადოებას კარგ ადამიანად აჩვენებთ თავს, ორი იმდენად უხეში და გულცივი ადამიანი ყოფილხართ.
ვივიენს ბრაზისგან თვალები გაუფართოვდა:
-შენ ახალი გადმოდგმული გაქვს ფეხი რეალურ მსოფლიოში და წარმოდგენაც არ გაქვს რა ხდება. აზრზე არ ხარ, რამდენი ბავშვი იტანჯება ულმობელი ადამიანებისგან მიყენებული ტკივილით. ოლივია უებერი არის ბავშვი, რომელსაც ნაძირალა მამინაცვალი დაშინებებით და ცემა-ტყეპით პორნო გადაღებებს აიძულებდა და აღებული ფულით ნარკოტიკებსა და სასმელში იხრჩობოდა. სილვია როდრიგესი იყო რვა წლის გოგონა, რომელიც მშობლებთან ერთად უკეთესი მომავლის საძიებლად მექსიკის საზღვრიდან გადმოიპარა და გუშინ დილას საემიგრაციო ციხეში დაიღუპა. ბენსონ რივერა ალკოჰოლიკმა და შიზოიდმა მამამ იმის გამო, რომ ბავშვს სათამაშო მოუნდა და რადგან არ ყიდულობდა, ატირდა, დედამისის წინ დააბა და ხელფეხშეკრული ცემაში შემოაკვდა. ახლა მითხარი, რომელიმე მათგანი ოდნავ მაინც ახლოს არის შენი შვილების უბედურებასთან?
შეძრწუნებულმა სარამ თავი გაიქნია.
-დამიჯერე, ეს კიდევ ცოტაა, რაც ვთქვი. მსგავსი სახის ინფორმაცია უამრავი შემოგვდის ტელევიზიაში და ამდაგვარი ხალხის ისტორიებით თითქმის ყოველ დღე სულით ხორცამდე შეძრულებს გვიწევს გადაცემების მომზადება.
-ჯანდაბა!
-ძალიან გთხოვ, დამტოვე. ვეღარ მოგისმენ და ვერც დაგეხმარები.
ხელებჩამოყრილი სტუმარი უსიტყვოდ დაემორჩილა მასპინძლის ნებას და გასასვლელისკენ წავიდა.
-შენს რვეულს თუ ვიპოვი, აუცილებლად დაგიბრუნებ. მართლა არაფერი მახსოვს, სად წავიღე.
სარას პასუხი არ გაუცია. ღრმად ამოისუნთქა, ფილტვები მძიმე ჰაერისგან გაითავისუფლა და ვივიენის ბინიდან დათრგუნული გავიდა.

***
მიდიოდა სარა მანჰეტენის ქუჩებში ნაღვლიანი გამომეტყველებით და გარშემო ვერაფერს ამჩნევდა, არაფერი ეყურებოდა. ვერც თაიმ სქვერზე არსებული ხალხმრავლობა, ტურისტების მხიარულება და ვერც კოსტუმებში გადაცმული სასურათედ გამოწყობილი მსახიობები იქცევდნენ მის ყურადღებას. ვივიენის სიტყვები გონებიდან არ გამოსდიოდა. მათ გემოს პირში გრძნობდა და გული ერეოდა...
-ბავშვები არ უნდა იტანჯებოდნენ!- უნებურად წამოსცდა და სუსხდადებული ტუჩები აუკანკალდა.
ნერვიულობისგან აზროვნების უნარი გასთიშვოდა. აშკარა იყო, გონზე მოსასვლელად დრო სჭირდებოდა. სიარული შეწყვიტა, წითელ საფეხურებზე რამდენიმე ტურისტის გვერდით ჩამოჯდა და თავი არ აუწევია, მოდუნებული დასცქეროდა მინისგან შექმნილ ძვირადღირებულ კონსტრუქციას.
გვიანი იყო, როდესაც სახლში შევიდა. პალტო არც გაუხდია, მაშინვე ბავშვების სათამაშოებთან ჩაიმუხლა, ორივე ხელში რაც დაეტია, ყველა ერთად გულზე მიიკრო, ცხვირი ჩარგო და მონატრებული შვილების სურნელს დაუწყო ძებნა.
-თქვენ არაფერი გემუქრებათ! ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ! კარგად იქნებით! - გაუჩერებლად ბუტბუტებდა.
მოულოდნელად რაღაც ძალამ ფეხზე წამოაყენა, კარადიდან ფუნჯები და საღებავები გამოიღო, კედელთან მიყუდებული მოლბერტი გაშალა და დიდხანს უყურებდა სუფთა ტილოს. ეტყობოდა, შავ ღრუბლებად დაწოლილი ვივიენის სიტყვები მეხსიერების დაფიდან დროებით ქრებოდნენ და საფიქრალს სხვა აზრები ენაცვლებოდნენ. ტილოს მიუახლოვდა, ხელის გულები კარგად გაშალა, ორივე მიაბჯინა და აქეთ-იქით ამოძრავებდა, თითქოს ეფერებოდა და თავისებურ კავშირს ამყარებდა, რომ სულში ჩაკერილი ამბები ხელების მეშვეობით ტილოზე გადმოეტანა. დილით ნანახი ზმანება დაწვრილებით აღიდგინა, შემდეგ ფუნჯი საღებავით დაფერა და პირველ რიგში ზეცის შემყურე ქალის კონტური მოხატა. ლამაზი, სახასიათო სახე ჰქონდა. ისეთი, რომ სულ გინდოდა, სუნთქვაშეკრულს გეცქირა და ამოგეცნო, რაზე ფიქრობდა. მისი თვალებიდან სიმშვიდე იღვრებოდა. თვალებში უცნაური პატარა ანარეკლები შეიმჩნეოდნენ - მაღალი, მწვანეღეროიანი ღიღილოების. საოცარი ხედვა ჰქონდა სარას. თეთრ კაბაში შემოსილ ქალს სამ ნაწილად გაუყო გული. სამივე ფეთქავდა, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე იყო. სადღაც შორს მისი შემყურე ორი ბავშვის სახეც გამოიკვეთა. ქალის გრძელი თითები ცეცხლის ბურთივით მოელვარე მზეს ყვითლად გაეთბო და სხივად წასული ხაზი ბავშვებისკენ შეუპოვრად მიიწევდა.
დედა-შვილების კავშირის შემდეგ დადგა დრო, ტილოზე ზღაპრული „მაგედარიც“ აღბეჭდილიყო, თუმცა მოტანებულმა დილის საათებმა ფიზიკურ-ემოციურად ლიმონივით გამოწურულ სარას ძილი მოჰგვარეს.
მთელი ღამის ნამუშევარი სურათი ჩაბნელებული ოთახის შუა გულში იდგა და მძინარე სარას დასცქეროდა. მუქი ფარდებიდან შემოპარული შუქი სამად დაშლილი გულისკენ მიიწევდა. ოთახში სამარისებური სიჩუმე იდგა. არაფერი ჩანდა, გარდა სისხლისფერი გულებისა, რომლებიც უცნაურად ანათებდნენ...

***
კარზე ატეხილმა ზარმა ვივიენი ძილს ძლივს მოწყვიტა და თვალების ფშვნეტით გავიდა საძინებლიდან. არასოდეს იყო დილის ტოროლა, ყოველთვის უჭირდა მიძინებული გონების გამოფხიზლება.
-ჩაიცვი, მივდივართ,- პროდიუსერის ბოხმა ხმამ ლამის მეცხრე სიზმარში მყოფი რეალურ სამყაროში დააბრუნა.
-სად მივდივართ?
-ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ჩიხში შევიდა. შენი ჩართულობის დროა. მთავარი მოწმე ინტერვიუს ჩაწერაზე უარს გვეუბნება.
ვივიენმა კეფაზე მოისვა ხელი და ისეთი თვალებით შეხედა, ეტყობოდა, ძალიან ეზარებოდა, მაგრამ სამსახურს არასოდეს ღალატობდა და როცა საჭირო იყო, იქ იდგა, სადაც საქმე მოითხოვდა:
-დრო მომეცი, რომ მოვემზადო.
მამაკაცმა ქალის სექსუალურობას ვეღარ გაუძლო, მიუახლოვდა და სხეულზე მჭიდროდ აიკრო, მაგრამ ვივიენმა ხელი ჰკრა და მოიშორა:
-არ იყო საჭირო აქ მოსულიყავი. დაგერეკა და გადამღები ჯგუფი გამოგეშვა. დანარჩენს მე მოვაგვარებდი.
-ხელს რატომ მკრავ? ისე იქცევი, თითქოს ჩვენი ურთიერთობა სამსახურის იქით არასოდეს წასულიყოს.
-მოკეტე!- თავისთვის ჩაიბურტყუნა და ცხვირწინ მიუხურა საძინებლის კარი.
გულმოსულმა პროდიუსერმა კარის უკნიდან მიაძახა:
-კიდევ სადამდე გააგრძელებ ჩემს მოგერიებას? იცოდე, ამ საქციელს განანებ!
ქალს სიტყვა არ დაუძრავს, არ ჩათვალა საჭიროდ აბეზარი სტუმრისთვის პასუხი გაეცა.

***
გადაცემაზე სამუშაოდ მომზადებული ვივიენი გადამღებ ჯგუფთან ერთად ორსაათიანი მოგზაურობის შემდეგ კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ფეარფილდში ჩავიდა. სიუჟეტი ოლივია უებერის შემზარავი ამბის შესახებ მზადდებოდა. უეცრად გაუჩინარებული ბავშვი და მამინაცვლის უმოქმედობა დიდ ეჭვებს იწვევდა. მათი ვარაუდებით ბავშვი ან გადამალული ჰყავდა, ან მოკლული. ამბავი, რომელიც ანონიმური ზარის მეშვეობით, ვიღაც ქალბატონის მიერ იყო ტელევიზიაში შესული, მამინაცვლის მიერ არასრულწლოვანი გოგონას იძულებითი წესით პორნო ინდუსტრიაში ჩართულობას და მისდამი სასტიკ მოქცევას მოიცავდა. ბრალდება საკმაოდ სერიოზული იყო. თავად მამინაცვალი აცხადებდა, რომ გოგონას ბედით თავადაც შეწუხებული იყო და ყველგან ეძებდა. საჭირო იყო ერთ-ერთი მეზობლის ალაპარაკება, რომელმაც საგამოძიებო ჯგუფის წევრების გათვლებით იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ამბობდა. ვივიენ კარტერი სწორედ ამ მიზნით ჩავიდა მასთან, რომ ინტერვიუზე დაეთანხმებინა.
ხვეწნა-მუდარა და მუხლის ჩოქებზე დადგომა მისი სტილი არასოდეს ყოფილა. ძალიან ჩვეულებრივად იწყებდა საუბარს და ნელ-ნელა ისეთ პირობებს უქმნიდა მოსაუბრეს, საუბარში იყოლიებდა და ხშირ შემთხვევაში ინტერვიუს ჩაწერაზეც ითანხმებდა. სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ვივიენის მორიგმა მცდელობამ გაამართლა. ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით მოსაუბრე მეზობელს გამოცდილმა ჟურნალისტმა გონება გაუფანტა და ისეთი დეტალი წამოაცდევინა, რომელიც კარგი ხელმოსაჭიდი აღმოჩნდა კერძო გამოძიებისთვის.

***
გადამღები ჯგუფი თითქმის მთელი დღე დაყოვნდა ფეარფილდის შემოგარენში და ყველა საეჭვო ვითარებას იძიებდა.
-არ გგონიათ, რომ გოგონას დაკარგვამდე ყოფილი შერიფის რამდენჯერმე სტუმრობა რაღაცასთან უნდა იყოს კავშირში?- მანქანაში მჯდომი ვივიენი შუბლის სრესვით მიუბრუნდა თანაგუნდელებს.
-შენ ფიქრობ, რომ ამ ბიზნესს ვიღაც ზემდგომი პირი მფარველობს? მაშინ ეს ამბავი კიდევ უფრო საშიში ყოფილა, ვიდრე ჩვენ გვგონია, -მიუგო ერთ-ერთმა.
-არის კიდეც.
-ვიდრე რამეს გამოვჩხრეკთ, ჩემი დამემართება,- სიტყვა ჩააგდო ოპერატორმა.
-ბავშვის დედის მშვიდი სახე ცოტა არაადეკვატურად მომეჩვენა. აზროვნებაზე ეტყობა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არამდგრადია, მაგრამ თუ შვილი მამინაცვლის დაძალებით ასეთ სისასტიკეს ეწირება, მაშინ თავადაც უნდა იყოს საქმის კურსში და სიმართლეს მალავს. საეჭვო იყო გოგონას ოთახიც. მხოლოდ მის ოთახში ეგო ახალი, ვარდისფერი, რბილი იატაკი, ხოლო ყველა დანარჩენი ხის პარკეტით იყო დაფარული. ასევე კედლების შპალერიც ახალი გაკრული უნდა ყოფილიყო. საინტერესოა როდის შესრულდა ეს სარემონტო სამუშაოები?
-დედის ქცევები მეც უცნაურად მივიჩნიე, მაგრამ ოთახის დიზაინისთვის უჩვეულო არაფერი შემინიშნავს. კაცმა რომ მკითხოს, ჭკუა მომეკითხება, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას ვერ ვამჩნევ ხოლმე, ჩემს თავზე მეშლება ნერვები. ეგ რატომ არ ვიფიქრე? -თითების წვალება დაიწყო თანაგუნდელმა.
-შეიძლება ვცდები და ოთახი ბავშვის გულის მოსაგებად განაახლეს, მაგრამ არა მგონია, იმ ამაზრზენ წყვილს ოლივიას სურვილები მის გასახარებლად დეტალ-დეტალ გაეთვალისწინებინა. მოსიყვარულე მშობლებს ნამდვილად არ ჰგვანან.
-დღეს ვეღარაფერს გავარკვევთ, მაგრამ გპირდები, ხვალ ისევ ჩამოვალთ. დედასაც და მამინაცვალსაც ვაიძულებთ, შენს გაჩენილ კითხვებზე პასუხი გაგვცენ.
-ცხადია, ჩამოხვალთ. ამ საქმის გამოძიება თუ შევძელით, გპირდებით, რომ ტელევიზიის მფლობელებს თქვენი ხელფასების მომატებაზე ზრუნვა მოუწევთ. ახლა კი სახლში წამიყვანეთ, მთელი დღეა თავის ტკივილს ვერაფერი მოვუხერხე. ასე მგონია, უროს მირტყამენ.
ყველა ერთად დაემორჩილა ვივიენის სურვილს, ან კი ვინ გაუბედავდა შეპასუხებას? გზაში არაფერი უთქვამს. ფანჯარაში იყურებოდა და თანამშრომლების მიერ წამოჭრილ თემებს რატომღაც არ აჰყოლია. მიუხედავად იმისა, მისი სენტიმენტალურობა ყოველდღიურ ცხოვრებაში არასოდეს იყო შესამჩნევი, თავს ვეღარ მოერია, ფიქრებს გაჰყვა და მოიწყინა.

***
კორპუსის ფოიეში შესულს კონსიერჟემ უსახელო კონვერტი გადასცა. მაშინვე გახსნა და CD დისკი აღმოაჩინა. ბინაში შესვლისთანავე მასში ჩაწერილ ვიდეოს გაეცნო. ნათლად ჩანდა შეშინებული ოლივია, რომელიც შიშველ მამაკაცს შესცქეროდა და ახლად წამოზრდილ მკერდზე ხელებს უხერხულად იფარებდა. მამაკაცს სახეზე ნიღაბი ეკეთა, ყელთან ამოტვიფრული ტატუ დაფარული ჰქონდა და სიამოვნების მისაღებად მისკენ მიიწევდა.
ვივიენს ცივმა ოფლმა დაასხა, სასწრაფოდ შეწყვიტა ვიდეოს ყურება და აკანკალებული ეცა ვისკის ბოთლს. ფსკერამდე დასულმა სითხემ ჭიქა ოდნავ შეუვსო.
-ანონიმური შეტყობინების ავტორი მართალი ყოფილა. ბავშვი მსხვერპლია და საშინელი ადამიანების ხელშია ჩავარდნილი. რადგან ვიდეო მისი სიტყვების უტყუარობას ამტკიცებს, უკვე მჯერა, კრავის სახით მოცქერალი მამინაცვალი უშუალოდ არის ჩართული ამ ამბავში და ნამდვილად დამნაშავეა. ცოლზე რა უნდა ვთქვა? ალბათ, ქმარი მისი მდგომარეობით სარგებლობს და ისე მართავს, როგორც საბრალო ოლივიას ბედს. შენი დედაც, ნაბიჭ*ვარო! - იღრიალა, ჭიქა ერთბაშად გამოცალა და აცრემლებული იატაკზე ჩაიკეცა.

***
ვივიენთან ბოლო შეხვედრამ მართალია, სარას გული დასწყვიტა, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. არასოდეს აძლევდა თავს უფლებას, წარუმატებლობას დაეჩოქებინა. ამიტომ გონებას სხვა საფიქრალი მიუჩინა -დაიჩემა, მაღაზიის ხელფასიდან გარკვეულ თანხას პროფესიონალი ვიზაჟის შემსწავლელი კურსებისთვის გადადებდა და სამთვიანი სიარულის დასრულებისა და სერტიფიკატის მიღებისთანავე დამატებითი სამუშაოს ძებნით დაკავდებოდა.
ასეც მოიქცა, იმ დღეებში, როდესაც მაღაზიაში მუშაობა არ უწევდა, ვიზაჟის კურსებზე დაიწყო სიარული და შესაძლებლობებიც პირველივე კვირებში გამოავლინა. ყველასთან შედარებით, ძალიან მოწადინებული იყო. რაც მოეთხოვებოდა, იმაზე მეტს აკეთებდა და სამთვიანი კურსის მასალა ორ თვეში ისე აითვისა, მისნაირად ვერავინ უძღვებოდა სახის კანის ტიპების და ასაკობრივი ხაზის გათვალისწინებით პროფესიულ დონეზე ყველანაირი მაკიაჟის გაკეთების ხელოვნებას. ამის გამო, ხშირად ამკობდა კმაყოფილი ინსტრუქტორი შესაშური ეპითეტებით და ერთხელ სხვების წინაშე ღიად აღნიშნა, მაკიაჟის მთავარი წესების ზედმიწევნით ცოდნა არაფერია, თუ მიღებულ ინფორმაციას თქვენებურ შტრიხებს არ დაურთავთ და არ დახვეწთ, როგორც ამას მაგალითად თქვენი თანაგუნდელი სარა ახერხებსო.
საოცრად შრომისმოყვარე იყო სარა, ნებისმიერ საქმეს იქამდე არ ეშვებოდა, სანამ სრულყოფილ შედეგამდე არ მიიყვანდა.

***
ერთ დღეს მორიგი ლექციის დასრულების შემდეგ ინტერესმა სძლია, ცდუნებას ვეღარ გაუძლო და თვალისმომჭრელად ლამაზ „Macy’s” სავაჭრო ცენტრში შევიდა. პირველ სართულზე განთავსებულმა პარფიუმერულმა და კოსმეტიკურმა განყოფილებამ საკმაოდ დიდი დრო დააკარგვინა. ყველაფერი აინტერესებდა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალ პროფესიას ეუფლებოდა და კოსმეტიკურ საშუალებებთან მწყრალადაც არ იყო. სავაჭრო პროდუქციის გაყიდვის იმედად მომხმარებლის წინ ღია სივრცეში მდგომი ვიზაჟისტები მთელი ენერგიით ცდილობდნენ მათთვის ძვირადღირებული და ხარისხიანი კოსმეტიკური ხაზის ნაწარმი მოეწონებინათ და საბოლოო ჯამში ყიდვაზე დაეყოლიებინათ. ამისთვის უფასო მაკიაჟს სთავაზობდნენ, რათა უფრო მეტად დაერწმუნებინათ საკუთარი სიტყვების სიმართლეში.
სარა შორიახლოს იდგა და ყველაფერს აკვირდებოდა. ზოგიერთ ვიზაჟისტს მუშაობის დროს შეცდომაც კი აღმოუჩინა, თუმცა ჩარევა არც უფიქრია, ან რა მისი საქმე იყო? კვლავ აგრძელებდა „შანელის“, „დიორის“, „ლანკომის“, “ესტე ლაუდერის“ და კიდევ ბევრი ბრენდის პროდუქციის სავაჭრო დახლებთან ტრიალს და არ ბეზრდებოდა.
მოულოდნელად თვალი მოჰკრა ნიშანს, სადაც სართულების მიხედვით განლაგებული განყოფილებების ლოკაციები იყო მითითებული. დააინტერესდა და ცნობისმოყვარეობა რომ დაეკმაყოფილებინა, ესკალატორით ზედა სართულზე ავიდა.
როგორც ყოველთვის, ტანსაცმლის განყოფილებები სავსე იყო მყიდველებით. ხალხი ბუზებივით ირეოდა.
-ახლა საითკენ წავიდე?- საკუთარ თავს ბუტბუტით ეკითხებოდა და დაბნეული სახით იყურებოდა ჭრელა-ჭრულა სამოსით სავსე საკიდებისკენ.
-ლამაზია, არა?- ერთ-ერთმა მომხმარებელმა დონა კარანის კაბაზე მიუთითა და ხელი შეავლო.
-დიახ,- გაუღიმა სარამ და აზრი რომ ჰკითხეს, იქ ყოფნისთვის მეტი სითამამე მიეცა - სხვა მხარეს გადავიდა და თვალიერებას შეუდგა.
ბრენდებში კარგად ვერ ერკვეოდა, ვერც თანამედროვე სტილის ტანსაცმლის ტარებით დაიკვეხნიდა. მასში ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ჰასიდიზმის გავლენა, ვერ გაეხადა თემისთვის შესაფერისი ტანსაცმელი, ვერ იგლიჯავდა დროთა განმავლობაში კულტურის მიერ გაჩენილ და ჩარჩენილ ჩვევას, რომელიც იმ სამყაროში ოცდასამწლიანი ცხოვრების შედეგად ჯერ კიდევ ეწებებოდა.
დადიოდა და თვალები ზედ რჩებოდა ფერად კაბებზე, პერანგებზე, შარვლებზე, ჩანთებზე, ფეხსაცმელზე და სხვადასხვა აქსესუარებზე...
-გაბედე და გადალახე სირცხვილი! გადი იმ ნაშალიდან, რაც წარსულმა დაგიტოვა! -ეუბნებოდა შინაგანი ხმა და აცდუნებდა.
-არა, უნდა წავიდე, აქ ყველაფერი ძვირია. მე კი არაფრის საშუალება არ მაქვს, ტყუილად შემოვედი. - თავისთვის ჩაილაპარაკა.
-ვის ატყუებ? შენ რომ ბროწეულის ყვავილისფერი კაბა მოგეწონა, არც ისეთი ძვირი იყო,- ჩაეცინა ხმას.
-ოთახის ქირის თანხას ვაგროვებ,- გაუწყრა ხმას.
-მეც და შენც კარგად ვიცით, რომ გრცხვენია გულამოღებული სამოსის ტარება, კომპლექსები გაწუხებს.
-ჰმ! ასე არ არის!
-ნუ ჯიუტობ. გამოტყდი, რომ მისი ყიდვა ძალიან გინდა, მაგრამ ვერ ბედავ.
სარა გასასვლელს ეძებდა, შენობაში ყოფნა უკვე ძალიან აღიზიანებდა.
-რას ან ვის გაურბიხარ? შენ არც არაფერი და არც არავინ დაგრჩა აწმყოში, ვინ განგსჯის? აი, შეხედე, რომელიმეს ადარდებს რა გაცვია? გაიხედე მარჯვნივ, მერე მარცხნივ, გნებავს წინ, გნებავს უკან.
სარა შეჩერდა და მართლაც დაუწყო ხალხს დაკვირვება. არავინ უყურებდა, ყველას თავის საქმე ჰქონდა.
-ჩვენს საზოგადოებაში ასე არ იყო. ყველა ყველაფერს აკვირდებოდა, მათ შორის, ვის რა ეცვა და რამდენად სათანადოდ.
-ის საზოგადოება დაივიწყე და მითხარი, ვინმე გიყურებს და აინტერესებს შენ რა გაცვია?
-არა.
-მგონი ახალი კაბის ყიდვის დროა.
-ჯანდაბა! დამარწმუნე,- ისევ იმ სართულზე დაბრუნდა, სადაც ბროწეულის ყვავილისფერი კაბა ეგულებოდა.
ასე გახდა ის შენაძენი გარდამტეხი, რომელმაც ორიოდე კვირაში თავიდან პარიკიც მოახსნევინა და კიდევ რამდენიმე ხელი სამოსი დაამატებინა გარდერობში.

***
ერთ საღამოს, როდესაც ანა სტუმრად ეწვია, სარა სიზმარში ნანახ „მაგედარზე“ მუშაობას ასრულებდა. მეგობარს მიუბრუნდა და სურათი მისკენ შეაბრუნა:
-შენი შეფასება მჭირდება. როგორია?
ანას თვალები გაუფართოვდა და რუმინულად წამოიყვირა:
-Este superb! - ყოველთვის ასე ემართებოდა, ზედმეტი ემოციებისას მშობლიურ ენაზე იწყებდა საუბარს.
სარამ დროებით ფუნჯი გვერდზე გადადო და საღებავით დათხვრილი ხელები სამზარეულოს ქაღალდის რულონით შეიწმინდა:
-მიხარია, რომ მოგწონს.
-ღმერთო ჩემო, სარა. ამას მოწონება არ ჰქვია. ეს დიდებულია. ეს... ეს... სიტყვები არ მყოფნის... -ენა დაება ქალს.
-კარგი, დამშვიდდი. აქეთ წამოდი, ყავაზე და კოკოშზე* გეპატიჟები.
-ცოტა ხანიც მაცალე,- ხელი მოკიდა ანამ და სარასთან ერთად მიუახლოვდა ნახატს.
სარამ მეგობარს შეატყო, რომ ქალში ჩახატულ სამ გულს მიშტერებით უყურებდა.
-ეს მე ვარ. გულში ამოზრდილ ორ გულს ჩემი სიცოცხლის გაგრძელებებს- ესთერს და იაკობს ვუკავშირებ.
-ჰო, ასეც ვიფიქრე.- მზერა ბუნებაზე გადაიტანა.
-ეს „მაგედარია“.
-რა?
-დადგება დღე, როცა ეს ადგილი თავადვე მომიახლოვდება. იქ აუცილებლად მოვხვდები, თანაც ჩემს შვილებთან ერთად. ნახე, იქით ბავშვებიც ჩანან, ჩემკენ მორბიან.
ანა გულჩვილი იყო. მეგობრის სიტყვებმა თვალებში ცრემლები გაუჩინეს. თავად სარა სარი კლდესავით იდგა, წარბიც არ შეუხრია, ჩვეულებრივად აგრძელებდა საუბარს.
-შენ თუ ასეთ ორიგინალურ ნამუშევრებს შექმნი, მალე გამოფენაზეც მოგვიწევს ფიქრი,- გააჩერა მეგობარი.
ხალხმრავალ ადგილებში ტრიალი და ახალი ურთიერთობები მისი ინტერესის სფერო არასოდეს ყოფილა. ხმაურის გარეშე ფუსფუსი და შრომა უფრო აინტერესებდა, თუმცა ისიც კარგად ესმოდა, რომ ხელოვნებისადმი მიდრეკილება თავისთავად მოითხოვდა ხალხში ტრიალსაც და მათთან ურთიერთობების დამყარებასაც. ხმა არ ამოუღია, სამზარეულოში გავიდა და ყავის მომზადებას და ნამცხვრის დაჭრას შეუდგა.
უკვე ღამე იყო. ანა ახალი წასული იყო. ჯერ კიდევ არ ეძინებოდა. ვიდრე ძილი მოერეოდა, თავი რაღაცით რომ შეექცია, ტელევიზორი ჩართო. რამდენიმე არხი უხალისოდ გადაამოწმა და ვივიენის გადაცემას წააწყდა. თემა საეჭვოდ გაუჩინარებულ ოლივიას ეხებოდა, რომლის ამბის გამოძიებასაც უკვე მეოთხე გადაცემას უთმობდა. ვივიენი შოკისმომგვრელ ფაქტებს ასაჯაროებდა- ამოცნობილი იყო ხელთ არსებულ მასალაში გადაღებული სახლი, რომელიც ისეთი პიროვნების სახელით იყო ნაქირავები, რომელიც აშშ-ს მოქალაქე არ გახლდათ და არც ოფიციალურ დონეზე დასტურდებოდა მისი ლეგალური ცხოვრების უფლება. ერთი სიტყვით, საქმეში ისეთი ფიგურანტები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც კლანის კიდევ უფრო დიდ და გასაიდუმლოებულ მასშტაბებზე მიუთითებდნენ. ვივიენის და მისი ჯგუფის წყალობით, საქმეში ჩართული იყო პოლიციაც, რომელიც პარალელურად სწავლობდა უმძიმეს დანაშაულს. ოლივიას ოთახის დათვალიერებისას გადაცემის წამყვანის მიერ გამოთქმული ეჭვები გამართლდა. კედელზე გაკრული შპალერი და ახლად დაგებული რბილი იატაკი სისხლის ლაქებს მალავდნენ. უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ბავშვი მოკლული იყო. კიდევ იყო უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რაზედაც ცხარე კამათი გაემართათ გადაცემის სტუმრებს.
სარამ მხოლოდ ოცი წუთი შეძლო, გადაცემისთვის თვალყური ედევნებინა, შემდეგ ვეღარ გაუძლო და ტელევიზორი გამორთო. ფანჯარასთან მივიდა და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გამოაღო. შინაგანად აფორიაქებული საფეთქლების თითებით სრესვას მოჰყვა. ნანახი კადრებიდან ვივიენის, მოწმეების, პოლიციელების, უამრავი ხალხის სახეები და სიტყვები განუწყვეტლივ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ცომივით იზილებოდნენ, ფუვდებოდნენ და გადმოდიოდნენ...
როგორ ებრძოდა მიღებულ ემოციებს, რომ წვიმაში გაწუწული ძაღლივით დაეფერთხა და მშვიდად დაეძინა, მაგრამ ვაი, რომ ვერაფრით ახერხებდა...

***
იჯდა მორიგი გადაცემის თემებზე ფიქრში ახლართული ვივიენი დივანზე, ხელში საყვარელი ბრენდის ვისკით სავსე ჭიქა ეჭირა და გვერდით ეჯდა განუყრელი მეგობარი სახელად „მარტოობა“. ასე გრძელდებოდა წლები. დროთა განმავლობაში აგებული მდგომარეობა ორგანულად ჰქონდა შეწოვილი და გათავისებული. სხვაგვარად ცხოვრება ვერც წარმოედგინა, ან თუ წარმოედგინა, მხოლოდ ფანტასმაგორიულ ბოდვად ეჩვენებოდა. ადამიანებს მხოლოდ იმ ტერიტორიამდე უშვებდა, რომლებიც საქმიან ურთიერთობებს უკავშირდებოდა. ამგვარად, ყოველდღიურობის გადარეულ რიტმს ყოველთვის მოჰყავდა ადამიანები, მოჰქონდა აუარებელი სალაპარაკო და თავზესაყრელი სამუშაოც. თუკი ოდესმე დეპრესიული იმპულსების მოახლოებას გრძნობდა, საქმეს საქმეს უმატებდა და პირად ცხოვრებაზე ფიქრისთვის დროს არ იტოვებდა. არც გრძნობების აყოლას უწონებდა საკუთარ თავს, ყოველთვის პატარა ბავშვივით ტუქსავდა და ასე აძალებდა, დაეჯერებინა, რომ ბედნიერება და ლამაზი ცხოვრება დედამიწაზე უბრალოდ არ არსებობდა. მისთვის რომ ვინმეს ამ სიტყვების განმარტებები ეთხოვა, ირონიულად გახედავდა, ცალყბად ჩაეცინებოდა და ეტყოდა, რომ ის გულუბრყვილო ადამიანების მოსატყუებელი საკენკი იყო, რომლის ძიებაშიც სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეეძლოთ დრო უაზროდ დაეხარჯათ.
ხშირად ფიქრობდა ბოროტების ბადეში გახვეულ მსოფლიოზე, სადაც უიღბლო თევზებივით მოტყუებულები ფართხალებდნენ გულჩვილები, მგრძნობიარეები, ალალები, კეთილები, სიყვარულის მაძიებელი ადამიანები და ყველა ეცოდებოდა, ძალიან ეცოდებოდა...
ასეთი იყო წარსულისგან და აწმყოსგან გამოძერწილი ვივიენ კარტერი, რომელიც თავის ხასიათით, შარმითა და იდუმალებით მუდამ იზიდავდა ადამიანებს. ვინ უწყის? იქნებ მისი მიზიდულობის საიდუმლო სწორედ მის გაუხსნელობასა და დასამარებულ გრძნობებში იმალებოდა?
ფიქრებიდან სატელეფონო ზარმა გამოიყვანა. აცნობეს, რომ ოლივია უებერის ცხედარი კონექტიკუტის შტატშივე მისი საცხოვრებელი მისამართიდან რამდენიმე ქალაქის მოშორებით მდებარე ტყეში ნახეს. გოგონას სხეული დანაწევრებულ მდგომარეობაში შავი ცელოფნის პარკში იყო მოთავსებული და ხის ძირში დამარხული.
-ჩვენი გადამღები ჯგუფი სად არის? -ქალს მიღებული ინფორმაცია არ შეუცხადებია.
როგორც კი დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო, ახალი ამბის მაცნეს მადლობა გადაუხადა, მეორე დღის სამუშაო გეგმაზე შეუთანხმდა და ტელეფონი გაუთიშა.
-მდა!- მრავალმეტყველი მზერით ჩაილაპარაკა და ხელთ არსებული ვისკიანი ჭიქა ბოლომდე გამოცალა. მერე ყელში დავლილი სიმხურვალისგან თვალები დახუჭა, ჭიქა ხმაურიანად დადგა ჟურნალების მაგიდაზე და საძინებლისკენ გაემართა.
ვიდრე საღამურს გადაიცვამდა, თვალი მოჰკრა ტუმბოზე დადებულ ტყავისყდიან რვეულს, რომელზეც დამლაგებელ ქალს პატარა ფურცელი დაეტოვებინა შემდეგი წარწერით: ეს რვეული თქვენი საწოლის ქვეშ ვიპოვე.
ვივიენმა ტყავისყდიანი რვეული ხელში აიღო და შეათვალიერა:
-უცნაურია, აშკარად არ ჰგავს ჩემს ნივთს.
სწრაფად გადაფურცლა და არც ხელწერა ეცნო. შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და პირველ გვერდს გაეცნო:

ჩემი ქოხი
ჩემი ქოხი აქედან შორს, ერთ ფლატეზე ავაგე და ყველაზე მეტად თუკი სადმე წასვლა და დარჩენა მიხარია, სწორედ ის ადგილია. მას ვერავინ ხედავს, იმ ადგილის არსებობის შესახებ მხოლოდ მე ვიცი. სანამ იქამდე მივალ, გზაზე დამსხვრეული მინებით სავსე ბილიკებს გავდივარ. ფეხებზე არაფერი მაცვია ხოლმე. წესია ასეთი, აქ ნავალი ფეხსაცმელით იქ ვერ შევალ. აქაურობას და აქაურებს იქ ვერ შევიყვან, არც მინდა და არც შეიძლება. შიშველი ფეხები მინის ნაწილებზე მესერება და მტკივა, მაგრამ მაინც მივდივარ, არ ვჩერდები, ქოხამდე მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ.
გზაზე ბნელა, რატომღაც ღამის საათებში მიწევს სიარული. ბუ გაჰკივის და ცოტა შიშს მგვრის, მაგრამ იმ ფლატეზე გადასვლის სურვილი იმდენად დიდი მაქვს, ვერც გზაზე შემხვედრი გაურკვეველი, უცნობი არსებები და ვერც საშინელ ხმაზე მომკივანი ბუ ვერ მაჩერებენ.
ქოხს რომ ვუახლოვდები, ციდან წამოსული გუგუნი მანიშნებს. უეცრად რაღაც ნათდება და ზარების რეკვა ისმის. შემდეგ მდინარის ნაპირთან დატოვებული ნავი მხვდება, წყალში შესაცურებლად კიჩოში ხელს ვავლებ, ჩემი ოთახიდან წამოღებულ, აკრძალული თემებით სავსე კალათას შიგნით ვდებ, მერე ვჯდები და მშვიდ დინებას მივყვები. არც კი ვიცი ეს მერამდენე კალათაა, რომელიც იმ ქოხში დასამალად მიმაქვს. მათი არსებობის შესახებ რომ გამიგონ, კარგი არაფერი მოხდება, ამიტომ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ საშიში კალათებიც. ისე, კალათები ჩემი შექმნილი არ არის. ისინი ჩემგან დაშორებული, რეალური სამყაროს ფსკერიდან ამოღებული კალათებია, რომლებიც კაცობრიობისგან სხვადასხვა დროს და ადგილას შეიქმნენ. მათ სახელებიც ჰქვია. მაგალითად, კინო, თეატრი, მუსიკა, ცეკვა, მხატვრობა, ისტორია, კულტურა, ასტრონომია, ლიტერატურა... რასაც მე ბიბლიოთეკიდან ვეზიდები და ვეცნობი, ჩემი სექტისთვის ყოვლად დაუშვებელია. ასე, რომ უცხო მწერლების მიერ დაწერილ წიგნებს მატრასის ქვეშ ვმალავ, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან თავს ვიკატუნებ, ნამდვილი სატმარივით ვცხოვრობ და თან მიღმიერ სამყაროს ჭუჭრუტანიდან ვუყურებ.
ჩემი ქოხი ამ ორ სამყაროს მიჯნაზე დგას. არც იქით არის და არც აქეთ, მაგრამ რაც შიგნით არის, ყველაფერი მიღმიერი სამყაროდან გამოვზიდე.
მე სარა ჰოროვიჩი გახლავართ, ამ ქოხის მესაკუთრე და მიცნობდეთ!

ვივიენმა დღიურს ხელი გაუშვა და საწოლზე დადო. დიდხანს უყურებდა, ფიქრობდა გაეგრძელებინა კითხვა, თუ არა. რას მისცემდა სარა ჰოროვიჩის წარსულში ქექვა? იქნებ არც არაფერი მიეცა, ან პირიქით, მის შესახებ იმდენი რამ გაეგო, ტელევიზიაშიც მიეწვია და მისი დახმარებით კიდევ ერთი საინტერესო გადაცემა ჩაეწერა. ყველა შემთხვევაში ბოლომდე უნდა გასცნობოდა ჩანაწერებს. საბანი გადაიფარა, ტუმბოზე მდგარი სანათი აანთო და ნახევრადჩაბნელებული, მყუდროდ მოწყობილი ოთახიდან სატმარების ცხოვრებაში შეიჭრა:

ჩვენ, ჰასიდები
დედა, მამა, ოთხი ძმა და მე. ეს ჩემი ოჯახია. ჰასიდთა თემის წარმომადგენელი სატმარები ვართ და ამ განშტოებისთვის დამახასიათებელი ყველა წესის დაცვით ვცხოვრობთ. დედაჩემი თვრამეტი წლის ასაკში გათხოვდა. მაშინ მამა ოცი წლის ყოფილა. მათი ქორწინება ეგრეთწოდებული მაჭანკლის დამსახურებაა, რომელიც დასაქორწინებელ ბიჭებს და გოგონებს აწყვილებს. ვიდრე ოჯახებისთვის კანდიდატების შეთავაზება ხდება, მაჭანკალი აბსოლუტურად ყველა დეტალს სწავლობს სავარაუდო წყვილის შესახებ და შემდეგ მშობლებს სთავაზობს, რომ მათმა შვილებმა ერთმანეთი გაიცნონ.
მე ყველაზე უფროსი ვარ დედმამიშვილებში. დედას სახლის საქმეებსა და მათ აღზრდაში ვეხმარები. სახლის საქმეების გაძღოლას და ბავშვების აღზრდას ჩვენს რელიგიაში ძირითადად ქალებს აკისრიათ. მამაკაცებს ფინანსური საკითხების უზრუნველყოფა და რელიგიის ღრმა ცოდნა მოეთხოვებათ.
როდესაც ქუჩაში დავდივართ, ხშირად გვაკვირდებიან. ვატყობ, რომ გამორჩეულ ხალხად გვთვლიან. გამორჩეულობა პირველ რიგში გარეგნული მახასიათებლებიდან მომდინარეობს, რომელიც ისევე როგორც მთელი ცხოვრება, ისიც რელიგიასთან არის კავშირში. მამაკაცები გრძელ წვერს, საფეთქლებთან გაზრდილ სპირალისებურ თმას, ქუდებს და გრძელ შავ პლაშებს ატარებენ. ქალები კი ძალიან მოკრძალებულად, მუხლის ქვემოთ დაშვებული კაბებით, ქვედაბოლოებით, დახურული ზედატანებით, დაბალძირიანი ფეხსაცმლით და ქუდებით, ან პარიკებით იმოსებიან. მე რომ გავთხოვდები, იგივე მომიწევს, ერთი ღერი საკუთარი თმის გამოჩენაც ამეკრძალება.
ქუჩაში ბევრჯერ შემიხედავს მაღალ ქუსლებზე შემდგარი თავმომწონე ქალბატონებისთვის, ჯინსის შარვლებით და მაისურებით შემოსილი, ერთმანეთში მხიარულად მოსაუბრე გოგო-ბიჭებისთვის, და სიმართლე ვთქვა, მეც მომდომებია, მათსავით თავისუფალი, ჭრელი და ფერადი ვყოფილიყავი, მაგრამ...
ჰასიდიზმი მეთვრამეტე საუკუნიდან იღებს სათავეს. ეს მიმდინარეობა რაბინ ბენ ელაეზერის, მოგვიანებით წოდებულ ბაალ შემ ტოვის მიერ დაარსდა აღმოსავლეთ ევროპაში. იგი არ უარყოფდა წიგნში დაწერილ სიბრძნეს, ებრაული სულიერი კულტურის ტრადიციებს და რელიგიურ რიტუალებს, მაგრამ მიმდევრებს უქადაგებდა, რომ ჰასიდის ღვაწლი უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე თალმუდის მცოდნე და რელიგიური წესების შემსრულებელი დანარჩენი ებრაელების. ჩვენს რელიგიაში მთავარი ყურადღება პიროვნებისკენ და მის გადარჩენაზეა მიმართული. პიროვნება საკუთარ თავს უნდა უღრმავდებოდეს. მის განუმეორებლობას უნდა სწავლობდეს, თუმცა მიზანი ღვთის ძიებაა როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვაში და აბსოლუტურად ყველაფერში.
ჩვენ საკუთარი სკოლები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სახანძრო დაწესებულებები და პოლიცია გვყავს. სკოლებში გოგონები და ბიჭები ცალკე სწავლობენ. ბიჭების სასწავლო პროგრამა განსხვავებულია და დატვირთულია რელიგიური მოძღვრებებით.
ამ ეტაპზე სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ახლა ამ დღიურს დავმალავ, მერე წავალ და ძმებს ძილის წინ წიგნს წავუკითხავ. დროც აღარ მაქვს მეტი წერის გასაგრძელებლად. ოთახში რომ შემოვიდნენ, ფაქტზე წამასწრებენ და დედას მიუტანენ ამბავს. მე კი არ მინდა ჩემი ახალი წამოწყება დასაწყისშივე მოვკლა. წერა მსიამოვნებს, თითქოს რაღაც ტვირთისგან მათავისუფლებს.

სუქოთი
ჰასიდების ფუნდამენტური პრინციპია - შევცვალოთ არაფერი! როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, ყველა წესი ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. სიახლეებს თემი არაფერში ღებულობს. მათ შორის, არც ჩაცმულობასა და სამზარეულოში. ჰასიდები, კერძოდ ბიჭები და მამაკაცები მათი ცხოვრების დიდ ნაწილს სინაგოგაში სიარულს უთმობენ. რაბისთან ერთად დღესასწაულებზე ხშირად იკრიბებიან და ლოცვის შემდეგ პროცესი რომ სახალისო გახადონ, ხშირად მღერიან და ცეკვავენ. რაბი სექტის ერთპიროვნული მმართველია და აბსოლუტურად ყველა რელიგიური დღესასწაული მისი ზედამხედველობის და მოძღვრების ქვეშ მიმდინარეობს.
ამ დღეებში ჩვენი თემი სუქოთს აღნიშნავს. სუქოთი ებრაულად კარავს ნიშნავს და ის პირველად დაბადების წიგნში გვხვდება: {დაბ:33-17}
“იაკობი კი სუქოთისკენ დაიძრა, თავისთვის სახლი აიშენა და პირუტყვსაც გაუკეთა სადგომები.”
სუქოთი აგრეთვე გვხვდება იმ ადგილას, სადაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა ეგვიპტიდან, ასევე სადაც ისინი უდაბნოში ცხოვრობდნენ.{ლევ. 23 :34-35-36-42-43}

“უთხარი ისრაელის შვილებს: კარვობის დღესასწაულია მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან, შვიდი საუფლო დღე.
წმიდა შეკრებაა პირველ დღეს: არავითარი საქმე არ გააკეთოთ.
შვიდ დღეს შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; მერვე დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; საზეიმო შეკრებაა ეს – არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს.
აჰა, დღესასწაულები უფლისა, რომლებსაც წმიდა შეკრებად გამოაცხადებთ, რათა მიართვათ უფალს: სრულადდასაწველი საცეცხლო შესაწირი, პურეული ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და შესაწირი სასმელი – თითოეული თავის დღეს,
გარდა უფლის შაბათებისა, თქვენი ძღვენისა, აღთქმული შესაწირისა და ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს.
მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა ქვეყნის მოსავალს მოაგროვებთ, იზეიმეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს: პირველ დღეს დასვენებაა და მერვე დღესაც დასვენებაა.
აიღეთ პირველ დღეს მშვენიერი ხის ნაყოფი, პალმის, სქელფურცლოვანი ხისა და ნაკადულის ტირიფის რტო და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.
შვიდი დღე იზეიმეთ წელიწადში ეს დღესასწაული უფლისთვის: საუკუნო წესია ეს თქვენს თაობებში; მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.
კარვებში იცხოვრეთ შვიდი დღე; ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარავში იცხოვროს,
რათა იცოდეს თქვენმა შთამომავლობამ, რომ კარვებში დავასახლე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
ამგვარად, სუქოთი ებრაული კალენდრის ერთ-ერთი დღესასწაულია, რომლის დროსაც ებრაელები საგანგებოდ მოწყობილ სეფაში, რომელიც შესაძლოა ბინის აივანზე ან კერძო სახლის ეზოში აიწყოს, შვიდი დღით იკრიბებიან და მონობიდან გამოსვლის შემდეგ უდაბნოში გატარებულ ორმოცწლიან პერიოდს იხსენებენ. იგი მოსავლის აღების დღესასწაულიცაა და სწორედ ამიტომ ამ დიდ დღესასწაულზე კარვებში გადაცხოვრება და დღეების უდიდესი ნაწილის იქ გატარება სრულდება. ზოგიერთი ძილისთვისაც იქ რჩება. მახსოვს, რამდენჯერმე მამაც მოიქცა ასე, თუმცა წელს ამას ვეღარ ახერხებს, ხერხემლის ტკივილმა შეაწუხა და მკურნალობის კურსს გადის.

***
წიგნი და ინტერნეტი
ახლაც მახსოვს პირველი დღე, როდესაც ძლივს გავბედე და უბნის ბიბლიოთეკაში წავედი. მალ-მალე ვამოწმებდი ვინმე ხომ არ მითვალთვალებდა. გადავრჩი, არავის დავუნახივარ. შემდეგ იქამდე მისასვლელი შემოვლითი გზები კარგად შევისწავლე და როცა დროს ვიხელთებ, მაშინვე ახალი წიგნის მოსაპოვებლად გავრბივარ.
პირველად რომ შევედი, წიგნების უჩვეულო სურნელი ვიგრძენი. ძალიან მესიამოვნა, კითხვა კიდევ უფრო მომინდა. რეგისტრაცია გავიარე და დადუმებული აზრების საცავში ღრმად შევაბიჯე. ჰო, ასე შევარქვი იმ ადგილს, სადაც ბრძენი ადამიანების მიერ გამოწურული აზრები იყრიან თავს. სანამ თავად არ მიუახლოვდები და მათ ნაშრომებს არ გადაშლი, მანამდე არ ხმაურობენ. მერე სასწაული ამბები ხდება. იწყება უამრავი ისტორიის, თავგადასავლის და ინფორმაციის შენში შემოდინება და მოსვენება გეკარგება. ასე დამემართა ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხის“ კითხვისას. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც გავეცანი. ძალიან ავფორიაქდი და უძილო ღამეებისგან მიღებულმა ემოციებმა მოსვენება დამიკარგეს. არ მესმის, ზოგი ადამიანი რატომ უნდა ექცეოდეს მისგან განსხვავებულებს ასე სასტიკად? ვერც ვერასოდეს გავიგებ...
ამას წინათ, როდესაც დაზოგილი თანხით სმარტფონის ყიდვა მოვახერხე, ინტერნეტში შევძვერი და შევიტყვე, აღნიშნული რომანი რეალურ სიუჟეტებზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელმაც ხალხის აზრი ორად გაჰყო. ზოგს ძალიან მოსწონდა, ზოგსაც მოსვენება დაჰკარგვოდა. ფაქტია, რომ „ბიძია თომას ქოხი“ ერთგვარი საყრდენი აღმოჩნდა, რათა შემდგომში ამერიკის შეერთებულ შტატებში მონათმფლობელობის მოსპობის მიზნით მასშტაბური ღონისძიებები ჩატარებულიყო. ამ მიზეზის გამო, ლიტერატორებს ბევრი წიგნის დაწერა მოუხდათ, სადაც უარყოფილი იყო შავკანიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
მიყვარს ასეთი სკანდალური რომანები. როგორც წესი, მათში მეამბოხე და განსაკუთრებული პერსონაჟები ბინადრობენ. სწორედ ასეთ ადამიანებს მიუძღვით წვლილი, შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ და შეუცვალონ სხვებსაც არასწორი შეხედულებები.
ახლა, როცა ინტერნეტთან წვდომა მაქვს, ბიბლიოთეკაში სიარული ნაკლებად მიწევს. აქ უამრავი ინფორმაციაა, რაზედაც ჩემს კითხვებს პასუხებს მისი დახმარებით ვუძებნი.

ელიაზარი
რამდენი ხანია ამ რვეულს არ გავკარებივარ. შეიძლება ხუთი თვე, ან ექვსიც. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩანაწერებს არ ვათარიღებ. ისევე, როგორც წარმოსახვით ქოხში, ასევე ამ რვეულშიც საათი, კალენდარი და დროსთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რამ არ არსებობს.
დღევანდელმა განწყობამ ისევ მომიყვანა ფურცლებამდე და მეწყერივით მოვარდნილმა შეგრძნებებმაც დაუყოვნებლივ გადმოსჩქეფეს. მიზეზი ჩვენი ნათესავი ელიაზარი და მისი პატარა შვილი არონია.
ელიაზარი არც ისე დიდი ხანია დაქვრივდა და მას შემდეგ მარტო ზრდის ობლად დარჩენილ თერთმეტი წლის ბიჭუნას. მეუღლის დაკარგვის შემდეგ ცხოვრება დიდ ტვირთად დააწვა. ყოველ დილით არონი სკოლაში მიჰყავს, შემდეგ სამსახურისკენ მიიჩქარის და ქაშერული მაღაზიის საწყობში შრომობს. მამა ამბობს, ძალიან მკაცრ პირობებში უწევს მუშაობა და თანაც ანაზღაურება მიზერული აქვსო. ამიტომ ხშირად უხდება ნათესავებსა და ახლო სანაცნობოში ვალის აღება. ძმა ხელმოცარულად მოიხსენიებს. თვლის, რომ არაფერი გამოსდის, მათ შორის რელიგიური წესების მკაცრად დაცვა და კარგი იქნება, თუ არონს გასაზრდელად მის ოჯახს გადასცემს, მაგრამ ელიაზარი ამის წინააღმდეგია - თავად უნდა, შვილი აღზარდოს და გვერდიდან არ მოიცილოს. საყვედურობს, ბავშვს არასათანადო ყურადღება ეთმობა, სრულფასოვნად ვერ გაიზრდება და ვერ ეზიარება ნამდვილ ჰასიდურ ოჯახურ სითბოს, სიყვარულს, რელიგიურობას და გარემოსო. ბევრჯერ უხსენა, ცოლი შეერთო, მაგრამ ყურსაც არ ათხოვებს - ალბათ, არ უნდა, პირველი და ერთადერთი სიყვარული ნაძალადევად შემდგარ ურთიერთობაზე გაცვალოს.
ჩვენთან სიყვარული ქორწინებამდე არ მოდის. ის ქორწინების შემდეგ ჩნდება. ნეტა რამდენი ქორწინებაში მყოფი წყვილი ელოდება სიყვარულის მოსვლას დღემდე? ამაზე ღიად არავინ საუბრობს...
ელიაზარს გაუმართლა და ნამდვილი სიყვარული ეწვია. მერე რა, რომ მეუღლე დღეს ცოცხალი აღარ ჰყავს? მისი არსებობა მხოლოდ ფიზიკურად არ დასტურდება, მაგრამ სადღაც ხომ არის? სიყვარული მაინც გრძელდება...
ჰო, რატომ დავწერე ამდენი? იმ დღეს ელიაზარმა ცოლის სულის მოსახსენიებელი ვახშმის გასამართად წინასწარ დაიჭირა თადარიგი და რომ არაფერი შეშლოდა და ყველაფერი კარგად მოემზადებინა, რამდენიმე დღით ადრე დედაჩემს კარტოფილის კუგელის და ხორცის ბურთულების რეცეპტი სთხოვა. დედაჩემმა დახმარება შესთავაზა, მე გაგიკეთებო, მაგრამ ხელები გაასავსავა - თავად მინდა მოვამზადოო.
დღეს შვილთან და რამდენიმე მამაკაც ნათესავთან ერთად სასაფლაოზე გავიდა, ყველა წესი დაიცვა და შემდეგ სტუმრებს სუფრით გაუმასპინძლდა. შუა ვახშმობისას ელიაზარმა ბავშვს სთხოვა, დედამისის საყვარელი სიმღერა შეესრულებინა და ისიც დათანხმდა. თურმე ძალიან ემოციური მომენტი ყოფილა. არონს კარგად შეუსრულებია და სუფრის წევრების შექებაც დაუმსახურებია.
მამამ აღნიშნა, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა და მოუხერხებელმა ელიაზარმა ყველას გასაკვირვად არაჩვეულებრივად გაართვა თავი ყველაფერსო.
რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს. ნეტა როგორია? რა ფერია? რა ძალას ატარებს?
მეც მინდა ელიაზარივით გამიმართლოს და გულწრფელი სიყვარული მეწვიოს.


შოა (ჰოლოკოსტი)
დღეს დედაჩემის ბებია მოვინახულეთ. საავადმყოფოდან ახლახან გამოწერეს, მაგრამ მაინც მძიმედ არის, მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. მისი წარსულიდან გამომდინარე, ოჯახის წევრები განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებენ და ეპყრობიან. ცდილობენ ბავშვობაში მძიმედ დალექილი მოგონებები სიყვარულით გაუქარწყლონ. იგი 1927 წელს უნგრეთში დაბადებული ებრაელია, რომელიც ჰოლოკოსტს სასწაულად გადაურჩა და მოგვიანებით, 1958 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვა თავშესაფარი. მსგავსი ისტორიებით არც თუ ისე ცოტა ძველი თაობის წარმომადგენელი ჰყავდა ჩვენს თემს, თუმცა დრო მიდის, არ ჩერდება და ისინი გვაკლდებიან...
როგორც დედაჩემი ამბობს, ბებიას არასოდეს უყვარდა ნაცისტების მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის მასიური განადგურების შესახებ დეტალურად საუბარი. იშვიათად ახსოვს ვინმეს, რომ შოას შესახებ სასაუბროდ ინიციატივა გამოეთქვა, მაგრამ თუ ოდესმე ვინმე რამეს შეეკითხებოდა, ცდილობდა, განსაკუთრებით მძიმე კადრები გონებიდან ამოეჭრა, შედარებით მსუბუქი ფრაგმენტები გაეხსენებინა და ნაკლებად რთული მოსასმენი გაეხადა ის საშინელი ისტორია, რაც ჩვენმა მოდგმამ გამოიარა.
საუბარს ეგრეთწოდებული „ბროლის ღამით“ იწყებდა, რომელიც გერმანიის ანტისემიტური ისტერიის გამო 1938 წლის 9-10 ნოემბერს ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივი გაჩანაგებებით დაიწყო. შემდეგ 1939 წლის დასაწყისში ჰიტლერის დავალებით შექმნილ ოთხწლიან გეგმაზე საუბრობდა, რომელიც ებრაელების ქვეყნიდან განდევნას ითვალისწინებდა და ნელ-ნელა გადადიოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე, როდესაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გერმანელების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უამრავი გეტო იქნა ლიკვიდირებული. თვალები ცრემლებით ევსებოდა, როდესაც გარდაცვლილ ახლობლებს იხსენებდა და მათი მკვლელობების უსასტიკეს მეთოდებზე უხდებოდა საუბარი. იმ არეულ პერიოდში არავინ იცოდა ვინ სად ხვდებოდა, ან როგორ კვდებოდა, მაგრამ მეთოდები უსასტიკესი იყო - დახვრეტები, გაზის კამერები, კრემატორიუმები...
ბებია აუშვიცში დედასთან, და-ძმებთან და უამრავ სხვა ებრაელთან ერთად მატარებლით გადაჰყავდათ. ახლაც ახსოვს ხალხით გატენილი ვაგონები, უჰაერობა და გონდაკარგული და, რომელიც შიმშილისგან უღონოდ შეიქნა და წაიქცა. მოულოდნელად მატარებელი გაჩერდა და დაბომბილი ლიანდაგების გამო ორი დღე მოუხდათ ერთ ადგილას ყოფნა. ებრაელებს დრო უხელთებიათ და მაშინ როცა ზედამხედველები ერთმანეთში საუბრობდნენ, ვისაც გამბედაობა ეყო, ვაგონებიდან გადმოსულან და ახლო-მახლო ტერიტორიებზე მიმოფანტულან. ბებიამ და მისმა ძმამ ერთ-ერთ სოფელში ვიღაცის თავლას შეაფარეს თავი.
გაქცეულ ებრაელებს დადევნებული გერმანელები უკან დასაბრუნებლად ყველგან ეძებდნენ. ეს იყო ცოცხლად გამოცდილი სიკვდილი და შიში იმისა, რომ მისი სიცოცხლე უგზო-უკვლოდ და არაფრის გამო იკარგებოდა. მოშიებულ ძმას უკითხავს დისთვის, წყალი მაინც არ შეიძლება რომ სადმე ვიშოვოთო? ბებია წყლის საძებნელად თავლიდან გასულა და ნაცისტს გადაჰყრია. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ ჩემი სიცოცხლე იქვე დასრულდაო, მაგრამ გერმანელს ტირილი დაუწყია და უთქვამს, ჩემს გარდაცვლილ შვილს ძალიან ჰგავხარ და ხელი როგორ დაგაკაროვო? სთხოვა, ძეწკვზე ჩამოკიდული ებრაული ვარსკვლავი ყელიდან მოეხსნა და შემდეგ ძმასთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაუყვანია. ასე გადარჩნენ ბებია და მისი ძმა სიკვდილს, ხოლო დედ-მამის და დანარჩენი და-ძმის ბედი იმ ებრაელთა ბედის მსგავსია, რომლებიც ექვსმილიონიან გენოციდურ წმენდას შეეწირნენ.
მას შემდეგ, რაც ბებიის მძიმე წარსულის შესახებ შევიტყვე, ხშირად ვეცნობი ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებულ ფილმებს. ყველა ერთი მეორეზე მძიმე და სევდიანია, მაგრამ მე მაინც სტივენ სპილბერგის „შინდლერის სიას“, ალან ჯეი პაკულას „სოფის არჩევანს“, რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერიას“ და მარკ ჰერმანის და როზი ელისონის „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ გამოვყოფდი.


ეითანის ნიშნობა
ახლახან ჩემი მამიდაშვილის, ეითანის ნიშნობიდან დავბრუნდით. პატარა ძმა ყურს იტკიებდა და ძალიან ურჩობდა. დედამ და მამამ ექიმისგან გამოწერილი ყურის წვეთები ჩააწვეთეს. ნახევარი საათი იტირა და როგორც ჩანს, ჩაეძინა. სახლში ისეთი სიწყნარეა, როგორც სამარეში. მხოლოდ ქუჩაში მოძრავი მანქანების ხმა შემოდის და ფიქრებში გატაცებულს უკან მაბრუნებს. ძილი მერევა, მაგრამ სადარდებელი სწონის. მინდა, ჩემი დღევანდელი შთაბეჭდილებების შესახებ დავწერო. მერე რვეულს ისევ საგულდაგულოდ გადავმალავ, ოთახში შუქს ჩავაქრობ და მეც დავიძინებ.
ნათესავებს შესაკრებად საკმაოდ კარგი მიზეზი გვქონდა და ყველამ მოვილხინეთ. წყვილიც ბედნიერი ჩანდა და იმედით სავსე თვალებით იყურებოდა. წესების მიხედვით, უფლება არ აქვთ ქორწილამდე ხელით შეეხონ, ამიტომ შორს ისხდნენ და ერთმანეთს მორცხვად შესციცინებდნენ თვალებში. მჯერა, ლამაზი ცხოვრების მოლოდინი აქვთ.
რაც მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა დავიწყე, ლამაზ ცხოვრებას ყველგან სხვადასხვა კრიტერიუმებით ზომავენ. ებრაელებში ის ბევრი ბავშვით ახმაურებული სახლით, მშვიდი, რელიგიური და ნაკლები პრობლემებით სავსე ცხოვრებით ისაზღვრება. პრობლემებში ძირითადად ჯანმრთელობის გაუარესება, ოჯახში შექმნილი უბარაქობა და უსიყვარულობა იგულისხმება. ეითანიც და მისი საცოლეც ჯანმრთელები არიან, ფინანსური პრობლემებიც მეტ-ნაკლებად მოგვარებული აქვთ- არცერთის ოჯახი ცხოვრობს სიდუხჭირეში და რაღა დარჩა? იმედი მაქვს, ერთმანეთს შეეჩვევიან და მათ შორის სიყვარულიც დაიბადება.
უცნაურია, რომ ბოლო დროს სიყვარულზე ფიქრებმა გამიტაცეს. მალე გათხოვების ასაკში შევალ და ახლავე ვიცი, ჩემი სიყვარული არც შექსპირის რომეო და ჯულიეტას, ან კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსის, არც შაჰ-ჯაჰანი და მუმტაზ-მაჰანის და მითუმეტეს, არც დანტეს პაოლო და ფრანჩესკას თავგადასავლებს არ დაემსგავსება. უნდა ვაღიარო, ტრაგედიებისადმი ლტოლვა არც არასოდეს მქონია, მაგრამ ჩამოთვლილი წყვილების მსგავსად, ძლიერ სიყვარულზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.
ჰასიდიზმში ყველა წყვილს ქორწინების მსგავსი ისტორია აქვს, რომელიც არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. მე კი ვისურვებდი გამორჩეული ისტორიის შექმნას, რომელშიც უსიყვარულო კავშირის ტყვეობაში არ აღმოვჩნდებოდი.


ჰანუქა და საშობაო სამზადისი
მამაჩემმა ჰანუქის აღსანიშნავად წელს ახალი, ძვირფასი მენორა* იყიდა. დედამ ფანჯარასთან დადგა, ისევე როგორც ეს სინაგოგაში ხდება და ახლა მთელი ოჯახი სულმოუთქმელად ველოდებით დღესასწაულის დადგომას. ჰანუქა ოცდახუთ ქისლევს იწყება და რვა დღე გრძელდება, ტევეთის თვის ორ ან სამ რიცხვამდე. იგი ძველი წელთ აღრიცხვით მეორე საუკუნეში დაწესდა მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად. მანამდე ტაძრის ტერიტორია ბერძნულ-ული არმიისგან და მათი მოკავშირე ებრაელებისგან იყო დაკავებული. ჰანუქის დღეებში მზის ჩასვლის შემდეგ სასანთლეს თითო სანთელი ემატება და ასე ივსება საბოლოოდ რვა სანთლით.
ამ დღესასწაულს მეორენაირად სინათლის დღესასწაულს უწოდებენ. რვა დღის განმავლობაში ხშირია შეკრებები, წვეულებები, სიმღერები და თამაშები. ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე უნდა იყოს ტაფაზე გამომცხვარი კარტოფილის ხრაშუნა ბლინები, ძროხის ან ხბოს ხორცით მომზადებული ბრისკეტი, კუგელი, ჟელეთი სავსე დონატები და შოკოლადის მონეტები. როგორც წესი, ჩემი ძმები მუსრს ავლებენ ტკბილეულობას და ხშირად ხდებიან დედაჩემისგან დატუქსვის ობიექტები, მაგრამ ვინ უსმენს? მაქსიმუმ ერთი საათი შეიკავონ თავი და შემდეგ ისევ ეპარებიან ხოლმე.
ჰანუქას დღესასწაული და ქრისტიანების საშობაო სამზადისი ხშირად ემთხვევა ერთმანეთს.
ნიუ-იორკის ქუჩები ყველგან ფიფქებით, ბრჭყვიალებით, სათამაშოებით, ნაძვის ხეებით და სანტა კლაუსებით ირთვება. ამას წინათ ინტერნეტში ერთ-ერთ სტატიას გადავაწყდი, რომელიც ბრუკლინის იტალიური უბნის “Dyker Heights” -ის შესახებ გვამცნობდა. თურმე უბანი საშობაოდ ზღაპარს ემსგავსება. სახლები საუცხოო დეკორაციებით გამოირჩევა და ყოველწლიურად ასიათასამდე მნახველს იზიდავს. სახლების მეპატრონეები ორიგინალურ მორთულობასა და ულამაზესი სანახაობების მომზადებაში ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. იქ მაცხოვრებლების უმეტესობა პროფესიონალ დეკორატორებს მიმართავენ და საშუალოდ ათასიდან ოციათას დოლარამდე ხარჯავენ. სახლები და ეზოები უზარმაზარი მარხილებით, სანტებით, ირმებით, ანგელოზებით, მაკნატუნებით, მოცეკვავე თოჯინებით, დისნეის მულტფილმების პერსონაჟებითა და ათიათასობით ნათურით ირთვება.
განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევიან 81-დან 86-მდე პერიმეტრში არსებული ქუჩები. ტრადიციული საშობაო სანახაობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და იდეის ავტორები და სულის ჩამდგმელები იტალიური წარმომავლობის ქალბატონი ლუსი და მისი მეუღლე ანგელა სპატები არიან. ისინი მეთერთმეტე და მეთორმეტე ავენიუებს შორის, ოთხმოცდამეოთხე ქუჩაზე 1152 ნომერში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, მათი სახლი ყოველ შობას ძალიან გამორჩეულია.
უბნის მაცხოვრებლები ყოველ სეზონზე სულ მცირე, ერთი საინტერესო დეკორაციით ავსებენ საშობაო კოლექციას და წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობენ დამთვალიერებლებს. ეს თავბრუდამხვევი და დაუვიწყარი სილამაზე მადლიერების დღის შემდეგ იწყება და დაახლოებით ექვს კვირამდე გრძელდება.
როგორ მინდა მეც მქონდეს უფლება ამ სანახაობას დავესწრო, მაგრამ...


დამარხული ნიჭი
უცნაურ შინაგან ძალას ვგრძნობ, რომელიც მაწვალებს და სხეულიდან გამოსვლას მთხოვს. მიწაში დათესილ მარცვალს ვგავარ, რომელიც გამოსახეთქად და ფესვების გასადგმელად ემზადება. თავადაც ვერ ამომიხსნია რატომ, მაგრამ როდესაც ფერებს ვხედავ, მთელი სხეული მათკენ მიისწრაფის და მინდა სხვადასხვა სახის, ზომის, თემატიკის ნამუშევრები შევქმნა.
ჩემს ძმებთან ერთად დროის გაყვანის მიზნით, ფურცლებზე ხშირად დამიხატავს პეიზაჟები, გამიკეთებია აპლიკაციები და ყოველთვის ვატყობდი, ასეთი სახის სამუშაოები უზომო სიამოვნებას მანიჭებდნენ, მაგრამ იმასაც ვხვდები, ეს არ მაკმაყოფილებს. რაღაც უფრო მეტი მინდა, რომელიც სამოყვარულო სახის გასართობს გასცდება და ტილოზე გადაინაცვლებს. როგორ ან ვისთან გავამხილო, რომ ხატვა ისე მჭირდება, როგორც ნაპირზე გამორიყულ თევზს წყალში დაბრუნება? ვერავის ვეტყვი. რა აზრი აქვს? ვერ გამიგებენ და მეტყვიან, ნამდვილი ჰასიდივით უნდა მოვიქცე და ჩემი ემოციები და შესაძლებლობები ბევრად უფრო საინტერესო და საჭირო საკითხებს მოვახმარო. არადა, შიგნიდან რაღაც არ მასვენებს და ტკივილამდე მაწვალებს. თითქოს ჩემში დიდი წრე ტრიალებს და ამ სურვილს ზედ იხვევს. სურვილი იზრდება, მასზე დასახვევი მასალაც სულ უფრო იბურდება და ყველაფერს მიგლიჯავს. სხეული მეხევა და თავს სანაგვე ურნაში გადასაგდებად მომზადებულ უსარგებლო ქაღალდად ვგრძნობ.
ამას წინათ მხატვრულ მიმდინარეობებს ვეცნობოდი. მომეწონა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებული ავანგარდიზმი, ციურიხში წარმოქმნილმა დადაისტურმა მიმდინარეობამ განსაკუთრებულად მომხიბლა, არც ექსპრესიონიზმმა და იმპრესიონიზზმა დამტოვა გულგრილი, მაგრამ სულ სხვაა სიურრეალიზმი, რომელშიც მხატვრისა და სამყაროს შორის დამყარებულ იდუმალ კავშირს ვამჩნევ, სადაც ერთგვარი კვლევა-ძიების შედეგად გამოჟონილ პროდუქტს გარკვეული ხნის შემდეგ ტილოებზე ვხედავთ.
მხოლოდ მე არ ვარ ასე. სხვებიც არიან თემში, რომლებიც ჩემსავით მალავენ საკუთარ თავს და მისწრაფებებს. ჩემი მეგობარი რაკელი ბიონსეს ფანია. ამას მხოლოდ მე მიმხელს, რათა უფროსებმა ცუდი საქციელისთვის არ გაკიცხონ. ღამ-ღამობით, როდესაც ოჯახის ყველა წევრი იძინებს, ტუალეტში იკეტება, სმარტფონზე ყურსასმენებს ამაგრებს და ისე უსმენს. მის ოთახში დებს სძინავთ და მათ ემალება. არ უნდა, რომელიმე მათგანმა დაინახოს და მშობლებთან დაასმინოს. სკოლიდან რომ ვბრუნდებით, გზაში ბიონსეს რეპერტუარიდან დაბალ ხმაზე მღერის. შეუდარებელი ხმის ტემბრი და შესრულების მანერა აქვს. ამბობს, რომ ცეკვავს კიდეც, მაგრამ მისი ცეკვა არასოდეს მინახავს.
კიდევ კარგი, მასსავით ტუალეტში ჩაკეტვა არ მიწევს. ზოგჯერ გათენებამდე ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს, ბევრს ვფიქრობ და თუ ხასიათზე ვარ, ჩანაწერებს ვაკეთებ. ამდენი ხანი ერთ პატარა, უფანჯრო ოთახში ვერ გავძლებდი.
მიყვარს ღამე. რამდენ საიდუმლოს მინახავს...
ალბათ, რაკელსაც უყვარს იგი...

ზღვა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი
რაც უფრო ვეცნობი ლიტერატურას, მით უფრო მომწონს ზღვა და მისი დატვირთვა ავტორების შეხედულებების მიხედვით. ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, ის ბუნებაზე მეტია და პერსონაჟივით მნიშვნელოვანი. მიყვარს მწერლები, რომლებიც ხეებს, ზღვას, ყვავილებს, ქარს, თოვლს, წვიმას, ბალახსა და ბუნების დანარჩენ ქმნილებებს სულიერებივით მოიხსენიებენ, მაგრამ ყველაზე მეტად წყალი მიზიდავს.
ზღვა- ხანდახან მზესთან მოსაუბრე, მშვიდი, თავმომწონე და ლიცლიცა, ხან კი ქარიშხალთან მოთამაშე, ძლიერი, მშფოთვარე და დამღუპველი.
სამყაროში ჩასახული მეორე სამყარო, სადაც მიწის მსგავსად, სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ენაცვლება.
ზოგჯერ მგონია, ზღვა არასოდეს იქნებოდა ბოროტი, ადამიანები რომ არ აბინძურებდნენ. მის სახლში განსაწმენდელად შედიან, უტოვებენ ჩადენილ ცოდვებს, ჩუქნიან ტკივილს, წყენას, ბოღმას, ბრაზს და ნაკლებად ფიქრობენ, რომ ის ამას არ გრძნობს. მერე მიდიან, სადღაც მიდიან და ძარცვავენ მისთვის საყვარელი ლურჯი სამოსისგან. ითმენს ზღვა, ბევრს ითმენს, მაგრამ ადამიანები არ ჩერდებიან, ყოველდღე ბილწავენ და აშავებენ. მისთვის სიბინძურეს უფრო იმეტებენ, ვიდრე სიწმინდეს. გული უსივდება და ჩქარი რიტმით უფეთქავს. გაცხარებეულია. ცდილობს დაგროვილი ჭუჭყი მოაგროვოს, დიდ და მძიმე ტალღებად შლეგიანივით ათრიოს და ნაპირზე მოსულმა ერთიანად მოგვაფურთხოს. ეს ჩვენი დატოვებულის უკან დაბრუნებაა. არავის სჭირდება სხვისი სათრევი ჭირ-ვარამი. ზღვასაც კი!..
ასე ბრაზობს რამდენიმე დღე, სანამ ტკივილი არ დაუცხრება და გაბრაზება არ გადაუვლის. შემდეგ ისევ სიწყნარეს უმეგობრდება, ცასავით კრიალა სამოსს იბრუნებს და მშვიდ სუნთქვას და სტაბილურ გულისცემას აგრძელებს.
კაცობრიობა ვერც იაზრებს რამხელა ისტორიული საგანძურები აქვს ზღვას ფსკერზე გაშენებული. რამდენი რამ იცის დაკარგული ხალხის, გემების, თვითმფრინავების, სხვადასხვა ნივთებისა და ამბების შესახებ. თევზების და წყლის დანარჩენი ბინადრების როგორ შემშურდეს? ცოტა სასაცილოც კი არის, მაგრამ აშკარაა, მათ ნებისმიერ ჩვენგანზე მეტი აქვთ ნანახი და ისეთ რაღაცებზე ფლობენ ინფორმაციას, რაზედაც წარმოდგენა არ გვაქვს.
ეჰ, ზღვას რომ მემატიანე ჰყავდეს, მსოფლიო ისტორიის წიგნებს უამრავი ფურცლები შეემატებოდნენ.
არა მგონია, პოსეიდონის უსიტყვო სამფლობელო ვინმემ ოდესმე ამოხსნას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მისი ღვთაების მსგავსად, ძლევამოსილი, გამოუცნობი, დაუმორჩილებელი და მეამბოხეა.
რომ მკითხონ, რომელი სტიქია ვიქნებოდი, წყალს დავასახელებდი...

აღელვებულმა ვივიენმა კითხვა შეწყვიტა. აყრილ-დაყრილი აზრების დასალაგებლად თავი უკან გადახარა და ჭერს მიაშტერდა. რამდენიმე წუთი ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღიურის მთავარი პერსონაჟის ტყავში შეძვრა და ჰასიდების ყოველდღიურობაში ჩაეფლო. საინტერესო იყო მათი ცხოვრება. მტვერსასრუტივით შესრუტული ამბებიდან გონებაში სხვადასხვა ოთახები ააგო, საიდანაც ერთმანეთში გადადიოდა და რუკაზე მიჯაჭვული ტურისტივით თითოეულ კუთხე-კუნჭულს ეცნობოდა.
დღიურიდან მიღებული ემოციები რომ გაიქარვა, ტელევიზორი ჩართო. გვიანი იყო, თავის შესაქცევი ვერაფერი ნახა და “Voice”-ის ბოლო ჩანაწერებს მიუბრუნდა. ნანახმა პროგრამამ დიდად ვერ დააინტერესა და მალევე გამორთო. დღიურს უყურებდა, უნდოდა წაეკითხა, მაგრამ ხვდებოდა, კარგი ამბებით არ გაგრძელდებოდა და დროს წელავდა. საბოლოოდ ცნობისმოყვარეობამ დაჯაბნა და რვეულს მიუბრუნდა:

ნეითანი
დღეს თუ ამ დღიურთან რამე მომიყვანდა, მხოლოდ ჩემს გათხოვებაზე ბჭობა. დედ-მამამ სრულ გაურკვევლობაში ჩამაგდო. მაჭანკალს ვიღაც შეძლებული ოჯახის შვილი შეუთავაზებია მათთვის და გადაწყვიტეს, ჩემი აზრი მოისმინონ. წესით, უნდა მიხაროდეს. ყველა გოგონა ოცნებობს ოჯახის შექმნაზე, შვილების ყოლასა და ქმარ-შვილთან ერთად ლამაზი მომავლის მოწყობაზე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე ეს სწორედ ის არის, რაც მინდა.
ოჯახი, რომელიც ჩემი კანდიდატურით დაინტერესდა, გვარად უნგერია. მას ბორო პარკსა და უილიამსბურგში საცხობების ბიზნესი აქვს. სავარაუდო საქმროს ნეითანი ჰქვია. დედა მირჩევს, გავიცნო. დასხდებით, ილაპარაკებთ, იქნებ, ერთმანეთს გაუგოთ და ყველაფერი ისე წავიდეს, თქვენ რომ ვერც წარმოიდგენდითო. მამას მოსწონს, სინაგოგიდან იცნობს. ამბობს, კარგი ბიჭია, არაფერი დაეწუნებაო.
ძალიან განვიცდი. ხელის გულები გამეყინა, თითებს ძლივს ვამოძრავებ და ამ ტექსტსაც გაჭირვებით ვწერ. გული გაორმაგებით მიცემს და ლამის არის, სხეულიდან ამოფრინდეს.
ნეტა, სადმე რამე მინიშნებას მივაგნო, როგორ მოვიქცე? მგონი, სჯობს, გავიცნო. ახლა ისეთ ასაკში ვარ, დღეს ნეითანს შემომთავაზებენ, ხვალ კიდევ ვიღაცას და ეს არასოდეს დამთავრდება. გაბედე სარა და თქვი კი. ბოლოსდაბოლოს, თუ არ მოგეწონება, იტყვი არას და ის ბიჭი თავისი გზით წავა, შენ-შენით. შეიძლება ნეითანსაც არ მოვეწონო და მანაც არა თქვას. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.


შეხვედრა ნეითანის დედასთან
სამი დღის წინ ნეითანის დედას შევხვდი. ისე ვნერვიულობდი, მთელი მუცელი მგვრემდა. როგორც კი დავინახე, ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. ჩემი თავის შემრცხვა, თორემ მინდოდა გავქცეულიყავი. ხელებმა და ფეხებმა კანკალი დამიწყეს, აზრები გონებიდან წამერთვა და ცივი ოფლი მასხამდა. ვიფიქრე, ვიღაც არანორმალური არ ვეგონო-მეთქი და თავი ხელში ავიყვანე, მივესალმე და გავუღიმე.
-მეც შენსავით ვნერვიულობ, არ გეგონოს, რომ მხოლოდ შენ ღელავო,-დამამშვიდა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
ჩვენი საუბარი ზოგად თემებს მოიცავდა. ნახევარზე მეტი აღარც მახსოვს რა ვილაპარაკეთ. თავდაპირველად მშობლებზე დაიწყო საუბარი და მეც ასე თუ ისე ავყევი. მერე ძმებზე დამისვა რამდენიმე კითხვა და ისე ავლაპარაკდი, ვეღარ მაჩერებდა. მოვუყევი მათი სიცელქის, საყვარელი თამაშებისა და სკოლის ამბების შესახებ. შემდეგ ინტერესები გამომკითხა. მგონი, სულ ეს იყო. დეტალები მართლა აღარ მახსოვს.
გუშინ მაჭანკალი მშობლებს დაუკავშირდა და უთხრა, ნეითანის მშობლები თანახმა არიან, მათმა ბიჭმა სარა გაიცნოსო. დედაჩემმა საქმის კურსში ჩამაყენა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, როგორი ადამიანია. იქნებ სულაც არ არის კეთილი, მზრუნველი, გულწრფელი და ისეთი, როგორ საქმროსაც ჩემს წარმოდგენებში ვხატავდი.

პირველი პაემანი
ჩვენი პაემანი დედაჩემის მამიდის სახლში შედგა. ერთმანეთის მოპირდაპირედ, მაგიდასთან დავსხედით. გარეგნულად მაღალი, გამხდარი, ქერა, თხელი სახის ცისფერთვალება პიროვნებაა. თავდაპირველად, თავს უხერხულად ვგრძნობდი, თუმცა ნეითანმა მალევე შემიქმნა მასთან ყოფნის კომფორტი და საუბარი სასიამოვნო გახადა. ჩვენს ბავშვობაზე ვისაუბრეთ, ოჯახებზე, სკოლაზე. უფრო მეტად და სიღრმისეულად ვერ გავეცნობოდით ერთმანეთს, ამის საშუალებას ადათ-წესები არ გვაძლევს.
საუბრისას ნეითანს შევატყვე, იუმორთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ეს პლიუსად ჩავუთვალე. მასთან ორსაათიანი შეხვედრა სახალისო აღმოჩნდა.
მოსაწყენ ადამიანს ნამდვილად არ ჰგავს.
მშობლებმა შემდეგ კვირაშიც დამრთეს მისი ნახვის ნება. ვეცდები, უკეთესად გავიცნო, რადგან მეორე შეხვედრა გადამწყვეტია და ორივე ჩვენგანის პასუხი ერთად ყოფნის ბედს გადაწყვეტს.


ქაოსი
ყველაფერი დაჩქარებული წესით წარიმართა. დღიურამდე მოსვლას და შთაბეჭდილებების გადმოღვრას წესიერად ვერც ვასწრებ. მე და ნეითანმა მეორე შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს შევეფერებით.
ვიცი, „შევეფერებით“ ხმამაღალი ნათქვამია. ორჯერ ორსაათიანი შეხვედრის შედეგად ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ჩვენს თემს ახასიათებს. რა უნდა მოასწრო ფორმალურად მოგდებულ ოთხ საათში? ნურავინ შემედავება, ეს დრო ადამიანებს ერთმანეთს ვერ გააცნობს!
უცხო კაცს მივყვები ცოლად და ამიერიდან მას მხოლოდ ქორწილის დღეს, შვიდი თვის შემდეგ ვიხილავ. რამდენი რაღაცის დაწერა და ყვირილი მინდა, მაგრამ ასეთია მესერებით შემოღობილი თემის წეს-ჩვეულებები და სამწუხაროდ, ვერავინ შეცვლის.
მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გადაწყდა, თვალწინ ნეითანის სახე მიდგას და ვცდილობ, წარმოვიდგინო როგორი მეუღლე და მამა იქნება, ან მე როგორ გავართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობებს? გამჩენს ვთხოვ, ჩემი მშობლებივით კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ნეტავ, ხასიათებით მამაჩემს ჰგავდეს. მასსავით თბილი, მეოჯახე და ოჯახის წევრების მიმართ პატივისცემით და სიყვარულით განმსჭვალული იყოს.
ჩემს გარშემო შექმნილი ქაოსის შრეებში ვიძირები და იმასაც ვერ ვხვდები, სად გავიქცე. მხოლოდ ფლატე და ქოხი მაბადია. ამ დღეებში იქაც გადაუღებლად წვიმს, ყველაფერი იტბორება და თავის შეფარება შეუძლებელია. გაჩერდი, ცაო! განა ვერ ხედავ, რომ წლობით ნაშენები მოსასვენებელი თავზე მემხობა? სიამოვნებით ავიღებდი ნემსს და წვიმის სადინარებს ამოგიკემსამდი.


ფურიმი
ხვალ ფურიმია და განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობაა ჩვენს ოჯახში. დედ-მამამ ჩემი ძმებისთვის კოსტუმები უკვე შეიძინეს. მსვლელობა რომ დაიწყება, ყველა გამოვეწყობით და სხვებს შევუერთდებით. არავის ეცმევა ყოველდღიური ტანსაცმელი. ეს დღე ერთადერთია, როცა დიდსაც და პატარასაც ამაღლებული განწყობა და მხიარულების პიკი აქვს.
ესთერის წიგნში მოთხრობილია თუ როგორ გადაურჩნენ სპარსეთში მცხოვრები ებრაელები განადგურებას. ფურიმის დღესასწაული ამ მოვლენის აღსანიშნავად დაწესდა.
იყო ერთი კარისკაცი ამანი, რომელიც სპარსეთის მეფე ახაშვეროშთან მსახურობდა. როდესაც მორდეხაიმ მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა, ძალიან გაღიზიანებულა და მეფე დაარწმუნა, განკარგულება გაეცა, რის თანახმადაც ნებისმიერ მსურველს ებრაელების განუსაზღვრელი რაოდენობით გაწყვეტის უფლება ენიჭებოდა.
ამანის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან ბრძენმა ებრაელმა მორდეხაიმ და მისმა ნათესავმა, სპარსეთის დედოფლად წოდებულმა ესთერმა ხელი შეუშალეს ამ საზარელი საქმის სისრულეში მოყვანას. ესთერმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, სამეფო ეტიკეტის დაარღვია, ახაშვეროშთან მიწვევის გარეშე გამოცხადდა და ნადიმზე დაპატიჟა, რათა იქ ებრაელი ხალხის შეწყალება ეთხოვა და გადაწყვეტილების შეცვლაში დაერწმუნებინა. ასეც მოხდა, მეფემ ამანის ინტრიგების შესახებ შეიტყო და ყველაფერი ისე შემობრუნდა, მორდეხაისთვის გამზადებულ სახრჩობელაზე თავად ამანი ჩამოკიდეს. ებრაელებს კი თავდაცვის უფლება მიენიჭათ, რის შემდეგაც სასტიკი შეტაკებები წავიდა და საბოლოოდ, სპარსეთის იმპერიაში მყოფმა ებრაელებმა სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს.
სიმართლე ვთქვა, როგორც ყველა, ასევე მეც დიდი მოლოდინებით ვუცდი ფურიმს. ამ დღეს მთელი თემი კალაპოტდაკარგულ მდინარეს ემსგავსება, რომელმაც სიმშვიდეს უღალატა და თავგზაარეული გზას ზვირთებად მიაპობს.
კარგად შეზარხოშებული და ფერად კოსტუმებში შემოსილი ჰასიდები ქუჩებში ცეკვა-თამაშისთვის გამოიშლებიან და იქმნება მთელი გნიასი და წარმოდგენები.
ზოგი მანქანებს სხვადასხვა წარწერებით გააფორმებს და მხიარული სიმღერებით ჩამოივლის. ბავშვები ყველაზე მეტად გაერთობიან. საჩუქრებს მიიღებენ და ბევრ ტკბილეულსაც გეახლებიან. ჰო, მართლა, წელს პირველად „ამანის ყურები“ უნდა გამოვაცხო. ეს დღე ამ ნამცხვრის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს.


ქორწილის მოლოდინი
ვცდილობ, გონება სხვადასხვა თემებისკენ მივმართო და შიშმა არ გადამფაროს, მაგრამ არ გამომდის. როგორ არ ვიფიქრო და ვინერვიულო? პატარა ამბავი არ არის ერთ ჭერს შეჩვეული სხვაგან გადახვიდე და შენთვის უცნობ ადამიანთან დაიწყო არა მარტო ცხოვრება, არამედ სექსუალური ურთიერთობა. წესით სექსუალური აქტის შესახებ არაფერი უნდა ვიცოდე. ამისთვის სპეციალური განმანათლებლები არიან, ქორწილის წინ მოდიან და ყველაფერს დაწვრილებით გიხსნიან, თუმცა ჩემთვის ეს საჭიროებას დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. მომიწევს, უმეცარი გოგოს როლი მოვირგო და ვინც არ უნდა იყოს, დიდი გულისყურით მოვუსმინო.
ისე, ძველი ებრაული სიბრძნე მახსენდება, რომელსაც „ციდან ნაკურთხი ხუმრობა“ ჰქვია.
ახალგაზრდა ჰასიდი, სახელად მეირი, თავის რებეს-რავ დოვ ბერს მეჟერიჩიდან ესტუმრა. მეირს დიდი გასაჭირი ჰქონდა - უსახსრობის გამო ცოლად არავინ მიჰყვებოდა.
-წადი შენს გზაზე მშვიდობით და დათანხმდი, ცოლად ის გოგონა მოიყვანო, რომელსაც პირველს შემოგთავაზებენ!- უთხრა რებემ.
წავიდა მეირი, გზაზე შემოაღამდა და ღამის გასათენებლად ერთ პატარა სასტუმროში შეჩერდა. მაგიდასთან ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ, ღვინოს სვამდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ. მხიარულმა კამპანიამ მოწყენილი მეირი მალე შეამჩნია. მას უგუნებობის მიზეზი გამოკითხეს და გაიგეს, რომ ის თავისი რებესგან ბრუნდებოდა.
-რებეს კურთხევა ვთხოვე, რათა უზენაესმა საცოლე მაპოვნინოს. მან მირჩია, პირველივე შემოთავაზებას დავთანხმებოდი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ერთმა მოქეიფემ წამოიძახა:
-რა კარგია! მე ვიცი საშენო პარტია. ჩემი უმცროსი და შეირთე, მზითევში ასი მანეთი აქვს. თუ თანახმა ხარ, მოდი, ახლავე მოვილაპარაკოთ.
სინამდვილეში, მაჭანკალს არავითარი და არ ჰყავდა. საუბარი იმ სასტუმროს მეპატრონეს ქალიშვილზე იყო, სადაც ეს მოვლენები ვითარდებოდა.
მეირი თანახმა იყო. მაჭანკალი ქალთან გაიქცა და უწყინარ ხუმრობაზე ისიც დაითანხმა.
მხიარულმა თავყრილობამ არაყი შეუკვეთა და ლეხაიმის* ფონზე მეირს ყველა დანიშვნას ულოცავდა.
ნასვამი ახალგაზრდები სიცილით იგუდებოდნენ. უცებ ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლს შეშა დაამატა და მთელი სერიოზულობით თქვა:
-მოდი, ქორწილიც ახლავე გადავიხადოთ. აი, ეს კი ძალიან მაგარი იქნება!
ყველა დაფაცურდა, სუფთა სუფრა იშოვეს, ბოლოები ჯოხებზე დაამაგრეს და საქორწინი ბალდახინიც* მზად იყო. ჰასიდმა ქეთუბა თავისი ხელით დაწერა და მხიარულად მოხითხითე გოგონა მოშესა და ისრაელის კანონების მიხედვით, ცოლად გამოაცხადა.
უწყინარი თავყრილობა ღრეობაში გადაიზარდა. ახალგაზრდა ჰასიდმა ხმაურს ვეღარ გაუძლო და ღამე არაებრაელი გლეხის ოჯახში გაათია.
დილით მეირი სასტუმროში ისევ დაბრუნდა, მის მეპატრონესთან მივიდა და ჰკითხა: -როგორ ბრძანდებით, პატივცემულო სიმამრო?
-ეს ვინ არის? რაზე მესაუბრება?- გაიკვირვა კაცმა.
-მამა, გუშინ ამ ყმაწვილმა ძალიან გაგვამხიარულა. ხუმრობა გვინდოდა და ტყუილი ნიშნობა და ქორწილი მოვაწყეთ! არც დაიჯერებ, გუშინ რამდენი სასმელი გაიყიდა.
-უგუნურებო!-მუშტი დაჰკრა მაგიდას,- კარგი, დავუშვათ, ამ სულელებმა არ იციან ქეთუბისა* და საქორწინო ცერემონიის მნიშვნელობა, მაგრამ შენ რა დაგემართა? იეშივაში* სწავლობ, ხომ უნდა გცოდნოდა, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი?!
ცოტა რომ დამშვიდდა, ახლადგამომცხვარმა სიმამრმა მეირს გაყრის წერილი მოსთხოვა და შეწუხებისთვის ოც მანეთს დაპირდა. მისდა გასაოცრად, ახალგაზრდა უარზე იყო. მეირმა აზრი არც თანხის გაორმაგების შემდეგ შეიცვალა.
-ეს ნაბიჯი რებეს მითითებით გადავდგი, მისი რჩევის გარეშე, გარიგებასაც არ ჩავშლი! მოდი, წავიდეთ რებესთან!- ამბობდა მეირი.
მივიდნენ რებესთან და ყველაფერი მოუყვნენ.
-ორმოც მანეთს ვთავაზობდი და უარი მითხრა!-დასძინა სიმამრმა.
-ნება მომეცი, საქმე ახალგაზრდასთან განვიხილო,- უთხრა რებემ.
რამდენიმე საათის შემდეგ რებე გამოვიდა და სასტუმროს მეპატრონეს მოახსენა:
-მეირი თანახმაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ათას მანეთს გადაუხდი. ჰო, მართლა, შენი გოგონასთვის ძალიან კარგი კანდიდატურა მყავს. თავს ვდებ, რომ ის ახალგაზრდა, ვისზეც გელაპარაკები, ნასწავლი, ღვთის მოშიში ებრაელია და ბევრი კარგი თვისება აქვს.
-რებე, თქვენს ნებისმიერ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით მივიღებ -გაუხარდა სასტუმროს მეპატრონეს.
-ჩემს კანდიდატს ერთი ნაკლი ჰქონდა -უფულობა, მაგრამ ახლა მას ფული აქვს. სულ ახლახან ათასი მანეთი მიიღო. ასე, რომ მგონი საკითხი გადაჭრილია! შენს ქალიშვილს არ სჭირდება გაყრა და ახლიდან გათხოვება. დამიჯერე, ეს ქორწინება ზეციდანაა კურთხეული!
სასტუმროს მეპატრონემ რებეს რჩევა მთელი გულით მიიღო და სიძე სახლში წაიყვანა. ბედნიერი წყვილი სიყვარულსა და თანხმობაში დიდხანს ცხოვრობდა.


იყოს ჩემს ჩანაწერებში, ქორწილამდე ხშირად გადავხედავ ხოლმე, იქნებ მეც ვირწმუნო, რომ მეირის და მისი საცოლის მსგავსად, ჩემი და ნეითანის ქორწინებაც ასეთივე ნაკურთხია.


***
სათაურსაც ვერ ვარქმევ დღევანდელ ჩანაწერს. რა მინდა? რისთვის მოვედი დღიურამდე? რატომ ვწერ? რას ვწერ? საერთოდ არაფერი ვიცი რა ხდება ჩემს თავს.
ორ დღეში ქორწილი მაქვს. სხვა სახლში გადავალ საცხოვრებლად, სხვა გარემოში და მეყოლება ქმარი. მე უბრალოდ სარა აღარ ვიქნები. გათხოვილი ქალის სტატუსი მექნება და ისეთი ცხოვრება მომიწევს, როგორც ჩემს თემშია მიღებული.
არც იმის იმედი მაქვს, რომ ამ რვეულთან შეხება კიდევ მექნება. ეს რომ ნეითანმა მიპოვოს, ზუსტად ვიცი, რასაც აქ ვწერ, ძალიან არ მოეწონება. ხომ არ დავწვა და გავაქრო? იქნებ სჯობს, ახალი ცხოვრება ძველი ნარჩენების გარეშე დავიწყო?


ახალი კერა
მეგონა აღარასოდეს მომინდებოდა დღიურის ფურცლების გადაშლა, მაგრამ...
ერთ ხანს ამ რვეულს ცეცხლის ალისთვისაც ვიმეტებდი და წინა ჩანაწერში კიდეც აღვნიშნე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავბედე ამის გაკეთება. ალბათ, იმიტომ, რომ მიყვარს საიდუმლოებები, გამოცანები და სიმძაფრეებთან ერთად ცხოვრება. თავისებური ხიბლი აქვს, როდესაც გეშინია არ შემოგისწრონ, არ დაგინახონ, არ გაგიგონ...
ეს დღიური აუცილებლად უნდა არსებობდეს, არ მინდა გავანადგურო, რადგან ჩემს შესახებ სიმართლეს ღაღადებს. მინდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ ვიღაცამ მიაგნოს და ერთმა ადამიანმა მაინც იცოდეს როგორი იყო ნამდვილი სარა. ვერ მოვკლავ აქ მცხოვრებ ჩემს თავს, მას შენიღბული ცხოვრებაც ჰყოფნის.
ქორწილის შემდეგ რამდენი ხანი გავიდა და მხოლოდ დღეს მოვიხელთე დრო, ჩემი მეგობრისთვის მომეკითხა. ამ რვეულს მეგობარს ვუწოდებ, რადგან ბევრი რამე შეუძლია მოისმინოს, გაიზიაროს, თანამიგრძნოს და არავისთან მამხილოს. თან ვწერ, თან გულში ვიხუტებ და მიხარია, რომ დავუბრუნდი. როგორ მომნატრებია წერა. იმდენი რამ დამიგროვდა სათქმელი, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, დასაწუნი არაფერი სჭირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ტრადიციულად წარიმართა. მამაკაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა დიდებულად მოილხინეს.
დედაჩემმა ქორწილის მეორე დღეს თმა გადამპარსა. ახლაც მახსოვს რეაქცია, როდესაც სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავი თმის გარეშე დავინახე. სიმახინჯისგან შეძრულს სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა. დავყურებდი ჩემს წაბლისფერ, ხვეულ თმას ნაგვის ურნაში ჩასაყრელად ცოცხით როგორ აგროვებდა და გული მეკუმშებოდა.
-არ მოიწყინო. თალმუდის* მიხედვით, გათხოვილ ქალს ერთი ღერი თმის გამოჩენაც არ შეუძლია. ის სხეულის სიშიშვლედ ითვლება და უღირსი საქციელია,- სერიოზული სახით თქვა და საქმეს რომ მორჩა, თავზე შაიტელი* მომარგო.
საოცარმა პროტესტის გრძნობამ შემიპყრო. ეს უსამართლობა იყო და ჩემი ნების წინააღმდეგ წასვლა, რომელსაც სატმარული წესები მაიძულებდა. მას შემდეგ ვიპარსავ და რამდენჯერაც ხელში სამართებელს ავიღებ, იმდენჯერ მახსენდება ჩემი გრძელი თმა. როგორ მიხდებოდა...
სამწუხაროდ, მხოლოდ თმის შეჭრა არ არის, რაც გათხოვების შემდეგ ჩემი სურვილის წინააღმდეგ ხდება. ყოველთვე, როდესაც ქმართან სექსუალური ურთიერთობის დამყარების წინ მიკვაში* განსაწმენდელად ჩავდივარ, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ვერ ვხვდები, რა მაქვს განსაწმენდელი. ამას რომ თავი დავანებოთ, არც სხვა დროს მიმიწევს მისკენ გული. მისი შეყვარება ჯერ კიდევ ვერ მოვასწარი და ეს ყველაფერი ძალადობად და სხეულის გათელვად მიმაჩნია. სწორედ ასეთი ძალადობით ჩაისახა ჩემი პირველი შვილი, რომელსაც ოთხ თვეში ველოდები.
მახსოვს ის ღამე, როცა ნეითანის წინაშე სულ მარტო აღმოვჩნდი. თვალებს ვერ მისწორებდა. კედელზე ჩამოკიდებულ სურათს შეხედეო - მითხრა. მეც ავხედე. მასზე ჩვენი რაბი იყო გამოსახული.
-რაბის სურს, რაც შეიძლება, მეტი ბავშვი გავაჩინოთ. არ შეგვიძლია თორას* და მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდეთ. თითოეული ახლადშექმნილი ოჯახის მისიაა, სამყაროს შეჰმატოს ბევრი ებრაელთა სულიო- სულ ეს იყო რაც მითხრა.
ასე დაიწყო ჩვენი ერთმანეთთან ხორციელი დაკავშირება, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა იმ ლამაზ ისტორიებთან, რომლებსაც მეტწილად წიგნების და ფილმების მეშვეობით ვეცნობოდი.
ნეითანისთვის რაბის სიტყვა კანონია და მისგან წარმოთქმულ არცერთ სიტყვას არ გადაუხვევს. არასოდეს ავიწყდება ლოცვა, სინაგოგაში სიარული, რელიგიური რიტუალების წესები და ზოგადად ყველაფერი, რასაც მამაკაცები ჩვენი რელიგიის შესაბამისად ტვირთულობენ.
რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, მოწესრიგებული ადამიანია, ყურადღებიანი და ორგანიზების ნიჭით დაჯილდოებული. ბიზნესსაც კარგად უძღვება. ამგვარი თვისებების პატრონისთვის ეს არც არის გასაკვირი, თუმცა ეს დეტალები იმ მუხტს არ კრავს, რაც მის სიღრმეებში ჩამახედებს და უკეთესად გამაცნობს. ჩემგან ამ ეტაპზე მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს და როგორც მამაკაცი ოდნავადაც არ მიზიდავს.


სიახლის ძიებაში
მინდა, ჩემს სმარტფონს უწინდელივით ვიყენებდე, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ძალიან ჩავიკეტე, გულჩათხრობილი გავხდი და სულაც არ მართობს მხოლოდ ნათესავებთან სტუმრობები. მგონი, ადრეც აღმინიშნავს, ჩვენი სასაუბრო თემები რელიგიაზე, საოჯახო ამბებზე და საქმეებზე შორს ვერ მიდის. ეს ის არ არის, რაც მაკმაყოფილებს.
ზოგჯერ გავიფიქრებ, როდესაც ნეითანს სძინავს, სარდაფში ჩავიდე და ძველი დრო გავიხსენო - გარე სამყაროს ცოტა ხნით მაინც შევხედო და გავიგო, იმ მხარეს რა ხდება, მაგრამ ფხიზელი ძილი აქვს და საწოლიდან რომ ავდგე და მისგან მალულად ინტერნეტში ქექვა დავიწყო, ძალიან სარისკოა.
ინტერნეტს მხოლოდ მეუღლე მოიხმარს, ისიც სამსახურში და ფილტრაციით. იმ საიტებზე აქვს წვდომა, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება.
სულ რაღაც მაწუხებს, მეზედმეტება და საკუთარი ნაჭუჭიდან გადმოვარდნილს მამსგავსებს. თავს ძალიან მარტოსულად მივიჩნევ და ნუგეშსაც ვერსად ვპოულობ. ჩემი გულის ქვეშ მყოფ პატარას ხშირად ვესაუბრები და მის მოძრაობას რომ ვგრძნობ, სასიამოვნოა და შვებას მაძლევს. ეს ერთადერთი საშუალებაა, რაც ჩემს ცხოვრებას და მომავალს სიახლის და იმედის ნაპერწკალს სძენს.
დღიურშიც იშვიათად და დიდი გამბედაობის ხარჯზე ვწერ. ნეითანმა დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება კარი შემოაღოს.
ეჰ, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ოჯახი გვქვია და საშუალებაც გვაქვს, ახალი ტექნოლოგიური მიღწევებიდან არც კომპიუტერი, არც ტელევიზორი, არც რადიო - საერთოდ არაფერი მოგვეპოვება.


ესთერის მოვლინება
ხელში აყვანისთანავე უჩვეულო სურნელი ვიგრძენი. თვალები ეხუჭა, იშმუშნებოდა და ცხვირით რაღაცას ეძებდა.
-თქვენს შვილს შია, შეძლებთ, რომ ძუძუთი გამოკვებოთ, თუ ისევ ხელოვნური საკვები მოვუმზადო?- მკითხა ექთანმა.
-შევეცდები, ბუნებრივად გამოვკვებო. იმედი მაქვს, თავს გავართმევ,- ვუპასუხე და ჩვილი გვერდზე მოვიწვინე.
ისეთი სათუთი იყო, მეშინოდა, რამე არ სტკენოდა და ძალიან ვუფრთხილდებოდი. ძუძუს პატარა ტუჩებით ეჭიდებოდა და თან თითებით ჩემი სხეულის ნაწილებს ეხებოდა. იმ წუთებიდანვე ვიგრძენი, რა საოცარ კავშირს ვამყარებდით ერთმანეთთან. თვალს ვერ ვაშორებდი. ვუთვალიერებდი სახის ნაკვთებს, ხელ-ფეხს და მეღიმებოდა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი ლამაზი ადამიანის დედა გავხდი.
ნეითანი შვილის დაბადებით ძალიან ბედნიერია. ასე მითხრა, როდესაც ხელში ამყავს და გულზე ვიხუტებ, უფრო მეტად ვაცნობიერებ, რომ ოჯახზე ძვირფასი არაფერიაო.
მე კი ბედნიერებას მხოლოდ ესთერში ვხედავ. ასე მგონია, ჩემს სხეულში მიძინებული წერტილები გამოცოცხლდნენ და სიცოცხლის ელექს/ირის გამომუშავება დაიწყეს.
ახლა თავის საწოლშია და სძინავს. ღამენათევი თავზე დავყურებ და სულაც არ მანაღვლებს, რომ ამ ღამესაც გამაღვიძებს, საჭმელს მომთხოვს, ან სულაც საფენი ექნება გამოსაცვლელი.
იძინე, პატარავ, ტკბილად იძინე.


ვივიენმა დღიური გვერდზე გადადო და სახეზე ხელის გულები აიფარა. მძიმედ სუნთქავდა, თუმცა სარას გამო არა, ასეთი ამბები დიდი ხანი იყო, ნერვსაც არ ურხევდა. იყო რაღაც, რამაც შინაგანი სამყარო თავდაყირა დაუყენა.
-არ უნდა წამეკითხა, მოვტყუვდი,- ჩაილაპარაკა და კითხვისგან დაძაბული, ატკიებული თვალები მოისრისა.
კარადა გამოაღო, რაც ხელში მოხვდა, ტანზე გადაიცვა, ფეხები შავი ტყავის ჩექმებში ჩაჰყო, მოკლე პალტოს წამოავლო ხელი და კარი გაიხურა.
-სად მიდიხარ, ვივიენ? -ეკითხებოდა საკუთარ თავს და პასუხი არ ჰქონდა. ახლა მთავარი იყო, იმ დღიურს გასცლოდა და მიუხედავად ინტერესისა, მეტი გვერდი აღარ გადაეფურცლა.
მანჰეტენის ქუჩებში თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო, მხოლოდ რამდენიმე ბარიდან გამოდიოდა მუსიკის ხმა, რომელსაც დროდადრო ნასვამი ადამიანების ხმა და სიცილი ერწყმოდა. ვივიენი განგებ არიდებდა თავს გამვლელებს, თავი დახარა და ნაცნობი ბარისკენ აიღო გეზი. არ უნდოდა, ვინმეს ეცნო, ზედმეტ ხალხს და საუბრებს ყოველთვის ერიდებოდა.
-არაყი „ბელუგა“ ლიმონით და რაც შეიძლება, სწრაფად!- ბარმენს გასძახა და დახლთან ჩამოჯდა.
-ამას ვის ვხედავ? ვივიენ კარტერი!- თავზე წამოადგა ახალგაზრდა გოგონა.
ვივიენმა შეწუხებული სახით ახედა, აგრძნობინა, რომ მის ხასიათზე არ იყო.
-შეიძლება, თქვენთან ერთად სელფი გადავიღო?
-ასე ძალიან გინდა?- ბარმენისგან მიწოდებული ჭიქა აიღო და დასალევად მოემზადა.
-ყოველდღე კი არ მაქვს შესაძლებლობა, თქვენ შეგხვდეთ.
-უარი, რომ გითხრა? სურათის გადაღების ხასიათზე არ ვარ.
-ძალიან გთხოვთ. სულ რამდენიმე წამს წაგართმევთ და გაგეცლებით,- ისე სთხოვდა, ვივიენს საკუთარი თავის დაყვედრების შერცხვა და დათანხმდა.
გოგონა გვერდში ამოუდგა, წვრილი მკლავი წინ გაჭიმა და ტელეფონის კამერას თითი დააჭირა. შემდეგ დაპირებული სიტყვა შეასრულა და აღარც გამოჩენილა.
ვივიენმა ჭიქა ჭიქაზე გამოცალა და სულ მალე, სარას დღიურისგან მიღებული განცდებით მოქსოვილი და სუდარასავით შემოხვეული ფარდაგები ტანიდან შემოიგლიჯა. არაყმა გონება გაუთიშა, გულისგან დააცალკევა და სისხლძარღვებში რკინის მადნები აარახუნა.
-ახლა კი მომწონხარ, ვივიენ! ემოციებს აყოლა არ გიხდება! მუდამ გახსოვდეს, რომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე უნდა დაიკიდო, - საკუთარ თავს ებურტყუნებოდა და ბარმენისთვის საფულეში ჩამალულ საკრედიტო ბარათს ეძებდა.
იქიდან ფეხარეული გამოვიდა. ცას ახედა. მთვარე და ვარსკვლავები ღამის ოთახიდან ფეხაკრეფით მიიპარებოდნენ, დღის შუქს ემალებოდნენ.

***
-დედიკო,- პატარა ესთერი გაგიჟებული მირბოდა სარასკენ.
-ჩემო ესთერ,- სიხარულისგან რეტდასხმულმა ქალმა ბავშვი ხელში აიყვანა და გულში ჩაიკონა.
-დედა,- ენის ჩლიფინით მიბაჯბაჯებდა რებეკას ხელს ჩაჭიდებული იაკობი.
სარამ ესთერი ძირს დასვა და იაკობისკენ დაიხარა:
-როგორ ხარ, საყვარელო?
პასუხის გაცემაც არ აცალა, ისიც ხელში აიყვანა და რამდენჯერმე დატრიალდა. ძალიან უყვარდა იაკობს, როდესაც პირმომცინარი დედა ასე ეთამაშებოდა.
-მეც მინდა, მეც,- პატარა ლეკვივით აწკავწკავდა ესთერი და სარას ებღაუჭებოდა.
სარამ მასაც აუსრულა სურვილი და აკისკისებული ბავშვებით განცხრომაში მყოფმა გვიან მოიცალა დებორასთვის და რებეკასთვის მისასალმებლად.
-როგორ ხართ?- ბავშვებთან შეხვედრით აღტაცებული მიუბრუნდა ორივეს.
დებორამ და რებეკამ გული არ უჩვენეს, კარგად ვართო - სიტყვები მიუგდეს და შორიახლოს გავიდნენ, სარასთან ახლო ურთიერთობას და ბაასის გაბმას თავი აარიდეს.
ქალს მათი საქციელი არ სწყენია, ან სად ჰქონდა მოწყენის დრო, როცა ესთერი და იაკობი გვერდით ეგულებოდნენ?
ბავშვები დედას ვეღარ სცილდებოდნენ, რას აღარ იგონებდნენ წარსული დროის თამაშებიდან და მასაც უპირობოდ ყველა წამოწყებაში იყოლიებდნენ. ცოტა ხნით საბავშვო მოედანზე გაიჭრნენ, ახლად დამონტაჟებულ კონსტრუქციებზე ერთობოდნენ, მათი შეძახილები ყველას ხმას ფარავდნენ. დაგროვილ მონატრებას აჟიოტაჟით გამოხატავდნენ და დროებით, მხოლოდ დროებით ბედნიერობდნენ...
დედასთან განშორების დრომ რომ მოუწიათ, მოიწყინეს. დებორას და რებეკას სიტყვას დაემორჩილნენ და სახლისკენ გაჰყვნენ, მაგრამ რა მოასვენებდათ? უკან-უკან სარასკენ იყურებოდნენ.
სარას გული ეთუთქებოდა, შვილებს რომ ასეთ დღეში ჩაგდებულებს უყურებდა, მაგრამ ვერაფერს მოიმოქმედებდა. ფრთაშეკვეცილი იდგა და დარდობდა. ჩაქრა. სულ რაღაც წამებში გაილია და წუთების წინ მიღებული სიამოვნება ფერფლად ექცა.

***
ვივიენის საძინებელში ორი მაღვიძარა ბოლო ხმაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში რეკავდა. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა ქალმა თავი ძლივს აწია და საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა. კარადის კარზე დამაგრებულ გრძელ სარკეში ჩაიხედა და აბურდული თმა შეისწორა. შემდეგ ერთმანეთში ახლართულ თეთრეულს გახედა და წაიბურტყუნა:
-ნეტა, ვიღაცამ ლამაზად ძილი მასწავლოს. როგორ დავიჯერო, რომ ყოველ დილას სხვებსაც ჩემსავით ბალიშის პირი ნახევრად გამძვრალი ხვდებათ და შემოხვეულ ზეწარს საწოლზე კარატეკასავით* ტრიალით იცლიან?
ფანჯრიდან გაიხედა. ჭრელი ნიუ-იორკი გვარიანად ახმაურებულიყო. სხვადასხვა ფერის მანქანებსა და ავტობუსებში არეული მგზავრებით სავსე ყვითელი ტაქსები აქეთ-იქით დაჰქროდნენ. ტურისტები დილიდანვე გამოშლილიყვნენ, ყველა კუთხე-კუნჭულთან ჩერდებოდნენ და აკვირდებოდნენ. პოლიციის და სასწრაფოს სირენების გამაყრუებელი ხმა ორმოცდამეთერთმეტე სართულზე მდებარე ვივიენის ბინამდე აღწევდა. ქუჩაში მოძრავი ხალხი ჭიანჭველებივით პატარები ჩანდნენ.
ქალს უმალ გადაედო ქალაქის განწყობა, კუნთების ტონუსში მოსაყვანად რამდენიმე მარტივი, გაწელვითი ვარჯიში გააკეთა და შხაპის მისაღებად სააბაზანოში შევიდა. ამასობაში, მისი მობილური ტელეფონი პროდიუსერისგან შესულმა ზარებმა ლამის ააფეთქეს, მაგრამ წყლის ხმაურში არაფერი გაუგია.
აბაზანიდან გამოსვლისთანავე ახმაურებულ ტელეფონს უპასუხა და მისტერ დევინისგან გამზადებული რისხვის ტექსტის მოსმენა კიდევ ერთხელ მოუწია.
-ეშმაკმაც დალახვროს შენნაირი ამაზრზენი პროდიუსერები!- პირში მიახალა, ბოლომდე არც მოუსმინა, ტელეფონი გაუთიშა და ტელევიზიაში წასასვლელად მომზადებას შეუდგა.
ბინიდან გადიოდა, როდესაც კოლეგამ დაურეკა და შეატყობინა, ბავშვთა პორნოინდუსტრიის სქემა, რომლის მხილებასა და გამოძიებაზე მუშაობასაც ბოლო გადაცემებს უთმობდა, სამართალდამცავების მიერ გახსნილი იყო. ქალი დაიბნა, არ ელოდებოდა. სიხარულის კრისტალები ერთიანად გასკდნენ და მთელ სხეულს მოედნენ. გულზე ლოდად დაწოლილი დარდი გადაუგორდა, ცივი და მოქუფრული სახე ღიმილმა გაუპო და თვალების გამომეტყველება შეეცვალა.
-ვივიენ, გესმის ჩემი ხმა?- რამდენჯერმე გაუმეორა მოსაუბრემ.
-მესმის,-სწრაფად მოეგო გონს და მეტყველების უნარი დაიბრუნა.
-ჩართე ტელევიზორი, თითქმის ყველა არხი ერთდროულად აშუქებს.
-დიახ, რა თქმა უნდა. მადლობა, რომ შემატყობინე,-მიუგო და პულტის ძებნა დაიწყო.
„ოპერაცია სახელწოდებით “Safety Net” წარმატებით განხორციელდა. კონექტიკუტის შტატის მიწისქვეშა შენობებში განთავსებულ ბორდელებიდან სამართალდამცავი სტრუქტურების და ადგილობრივი სამმართველო ორგანოების ერთობლივი სამუშაოებით გადარჩენილია ოცდახუთი დაკარგული და საფრთხეში მყოფი ბავშვი, რომელთა უმეტესობა ოჯახის წევრების მიერ ძალისმიერი გზებით პორნოინდუსტრიის სქემაში იყვნენ ჩართულები. ცხრა დაკავებულიდან ხუთი აშშ-ს, ორი მექსიკის, ერთი ვენესუელის და ერთი ჩეხეთის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ მაყურებელმა პირველად ვივიენ კარტერის გადაცემა „Face-დან“ შეიტყო.“ -აცხადებდა “NBC”-ის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი.
„დანაშაულებრივი სქემა გახსნილია. პოლიციამ ადგილზევე დააპატიმრა ცხრა დამნაშავე, რომელთაგან ხუთი აშშ-ს, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ადგილიდან ამოღებულ იქნა ბავშვთა მონაწილეობით არსებული ეროტიკული და პორნო ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა. შენობიდან გამოყვანილ იქნა ოცდახუთი არასრულწლოვანი, რომელთა ასაკი საშუალოდ ცხრიდან თხუთმეტ წლამდე მერყეობს. უკლებლივ ყველა გადის ფსიქოლოგიურ დახმარებას.“ - საუბრობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირი საგამოძიებო ორგანოდან.
ვივიენმა ტელევიზორი გამორთო, ჩანთიდან დამამშვიდებელი აბები ამოიღო, ბოთლიდან ხელის გულზე გადმოყარა, ორი მათგანი წყალთან ერთად დალია და სამსახურისკენ გასწია.
ტელევიზიის შენობაში შესულს თანამშრომლები შემოეხვივნენ და წამოწყებული ამბის წარმატებით დასრულება მიულოცეს. ვივიენიც იფერებდა. თავი მედიდურად ეჭირა და ყველას ღიმილით უხდიდა მადლობას. აღაფრთოვანებდა, როდესაც მის პროფესიონალიზმს ხაზს უსვამდნენ, ამით თვითშეფასება ერთიორად ეზრდებოდა და ეგოც უკმაყოფილდებოდა. არც თავად ავიწყდებოდა სხვისი შრომის დაფასება. მასთან მომუშავენი ყოველთვის გრძნობდნენ მისგან ყურადღებას და მოტივაციით ანთებულები მუდამ კომფორტის ზონაში იმყოფებოდნენ.
მისტერ დევინი მინებიანი კაბინეტიდან ადევნებდა თვალს გარეთ ატეხილ ხორხოცს და იბოღმებოდა. ვივიენს არ გამორჩენია მისი უგუნებობა და კაბინეტის კარი დაუკითხავად შეუღო.
-შეიძლება, მისტერ დევინ?- მამაკაცმა ხმამაღლა წარმოთქვა ვივიენის სათქმელი, ისე, რომ კომპიუტერის ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია.
ქალს ჩაეცინა:
-როდიდან გავხდით ასეთი ოფიციალურები?
-იქიდან, როდესაც აღმოვაჩინე, რომ შენი საცხოვრებელი კორპუსის მუდმივ სტუმართა სიაში აღარ ვწერივარ.
-აი, თურმე რაში ყოფილა საქმე.
- გუშინ კონსიერჟემ ლიფტთან ამტუზა და გამომიცხადა, ქალბატონი ვივიენის ნებართვის გარეშე ბინაში ასვლის უფლება არ გაქვსო. თურმე ასე მოგეხუშტურა. ამიხსენი, რა ხდება შენს თავს? იქნებ შენი გული სხვა მამაკაცმა მოიგო და მე ჯერ კიდევ არარსებულ რეალობაში ვტივტივებ?
-არავინ არ მიყვარს. რაც შეეხება შენსა და ჩემს ურთიერთობას, უმჯობესია, დავასრულოთ.
-რატომ?
ვივიენს ეტყობოდა, თემის განვრცობა არ სურდა. არც ის უნდოდა, მისი გაღიზიანება გამოეწვია, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებდა, ამ ურთიერთობისთვის საბოლოო წერტილის დასმა სჯობდა:
-უბრალოდ გავცივდი. არის რაღაც, რასაც ვერ ახსნი. შენს მიმართ ლტოლვა გამიქრა. მაპატიე.
-სულ ეს არის?
-დიახ,- ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა.
-მეტი არაფრის თქმა გინდა?
-შვებულებაში გასვლას ვგეგმავ და მომდევნო გადაცემების წინასწარ ჩაწერა მინდა.
ჯონათანს ჩაეცინა, კალმის ბოლო მაგიდაზე რამდენჯერმე ნერვიულად დააკაკუნა და სკამიდან წამოდგა:
-დრო იყო, ვივიენ კარტერი რეპორტაჟებზე გასვლას გვემათხოვრებოდა.
-დრო იყო, მისტერ დივანიც ულოკავდა ტელევიზიის დირექტორს ერთ ადგილს, რომ პროდიუსერობამდე გაქაჩულიყო,- ქალმა ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
-მოიცადე!- რისხვით შეაჩერა მამაკაცმა, -დღეიდან ჩემი დახმარების იმედი არაფერში გქონდეს. თავად მოგიწევს შენივე ჩასვრილის მოწმენდა ყველასთან. არც გადაცემის მუშაობაზე რაიმეში ხელის შეწყობას აღარ ელოდო. იმუშავებ ისე და მოგთხოვ ისე, როგორც ამას სხვა თანამშრომლებთან ვაკეთებ! Finita la commedia!*
-ნუ იქადნები და მორიელის ნესტარს ნუ აჩენ!
-კოკოი!*
-შენი დედაც! თუ გგონია, რომ სამყაროს ცენტრი ხარ და ყველამ შენს გარშემო უნდა იტრიალოს, ძალიან ცდები! ახლა მე მიყურე ვინ ვის აჯობებს! - მიაძახა წყობიდან გამოსულმა ვივიენმა და დირექტორის ოთახისკენ აიღო გეზი.
სულ ცოტა ხანი დასჭირდა, მისი მუშაობით მოხიბლული დირექტორი დაერწმუნებინა, რომ მისთვის პროდიუსერი შეეცვალა. მიზეზად პიროვნული შეუთავსებლობა დაასახელა და ისიც დაურთო, მმართველობის ავტორიტარული სტილი ახასიათებს და სად მაქვს ნერვები, თავისუფალი აზროვნების ქალმა მაგის კაპრიზების მორგებაზე ვიფიქრო, ჩემი საქმეებიც მახრჩობსო.
ვივიენის გადაცემას იმდენი შემოსავალი მოჰქონდა ტელევიზიისთვის, ჭკუასუსტი უნდა ყოფილიყავი, მოთხოვნა არ დაგეკმაყოფილებინა. ასეც მოხდა, გონებამახვილმა და წინდახედულმა დირექტორმა იმდღესვე მიიღო ზომები და მისტერ დევინი გადაცემა „Face”-ს ჩამოაცილა.

***
სარას დაბადების დღე ახლოვდებოდა. ანას საჩუქარზე ფიქრით დიდხანს თავი არ დაუღლია და პირდაპირ ბროდვეის შოუს ბილეთების საყიდლად გაემართა.
მეგობრის გულუხვობით აღფრთოვანებული სარა თვალებს არ უჯერებდა, როდესაც „ამბასადორის“ თეატრის ბილეთები ხელში დაიჭირა. ანამ თავის ტანსაცმელში შესაფერისად გამოაწყო და ბროდვეის შოუებისგან მიღებული სიამოვნება პირდაპირ „ჩიკაგოს“ წარმოდგენით დააწყებინა.
ბილეთები ვის უნდა მივცეთ? შესასვლელში რამეს ხომ არ მკითხავენ? სასაცილოდ ხომ არ გამოვიყურები? ტაში როდის უნდა დავუკრა? მსახიობებს ასე გამომწვევად რატომ აცვიათ? ის კაცი რატომ გვიყურებს? -არ წყდებოდა დაძაბული სარასგან მსგავსი ტიპის კითხვები.
ანა გაგებით ეკიდებოდა თეატრში პირველად მყოფი მეგობრის მდგომარეობას, მშვიდი ტონით პასუხობდა და ეტიკეტის ელემენტარულ წესებსაც ხშირად ახსენებდა.
ბოლოს მოდუნდა, წარმოდგენამ მისი ფორიაქი სადღაც განდევნა, სხვების აყოლით ტაშის დაკვრაც ისწავლა და სპექტაკლის სიუჟეტმა იმდენად გაიტაცა, მსახიობებისთვის თვალი არ მოუშორებია. ყველაზე მეტად „ციხის ტანგო“ მოეწონა. ველმა კელის და როქსი ჰარტის როლის შემსრულებლებმა ხმის ვოკალით და პლასტიკით იმდენად მოხიბლეს, ყოველ მათ გამოჩენაზე თვალები უბრწყინავდა. ქორეოგრაფიის და რეჟისურის სინთეზი არაჩვეულებრივად იყო გამოკვეთილი სასცენო არენაზე. ორკესტრზე საუბარიც ზედმეტი იყო. საოცრად ორგანიზებული მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული. დეკორაციებმა და მბზინვარე კოსტუმებმა იქაურობას მრავალფეროვნება შეჰმატეს. თვალისმომჭრელად ლამაზი იყო ყველაფერი.
-მადლობა დაუვიწყარი საღამოსთვის. მიღებული შთაბეჭდილება ყოველთვის ჩემში დარჩება და არასოდეს წაიშლება მეხსიერებიდან,-აღფრთოვანებული იყო სპექტაკლის დასრულებისას სარა.
-ჯერ სად ხარ, მეგობარო? ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ უამრავი საინტერესო დღე გელოდება.- ანასაც უხაროდა უცხო ამპლუაში მყოფი სარას აჟიოტაჟი და კმაყოფილი იყო იმით, რომ ერთგვარი დამაკავშირებელი ნაწილი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც სარა მისთვის უჩვეულო სიტუაციაში მოხვდა და ისეთ რამეს ეზიარა, რაც ახალ საზოგადოებასთან თანაცხოვრების პირობებში ძალიან მიღებული და ერთერთი სასურველი გასართობი საშუალება იყო.

***
რაც უფრო იჭრებოდა სარა დამოუკიდებლობის სივრცეში, მით უფრო გრძნობდა თავისუფლებისგან მიღებულ ადრენალინს. ახალ გარემოში შესუნთქული ჰაერიც მსუბუქად ეჩვენებოდა. ბევრად უფრო პროდუქტიული იყო, როდესაც ხედავდა, აღარ უხსნიდნენ თავის ქალას, უდგამდნენ ძაბრს, ასხამდნენ მისაღები ცხოვრების დებულებებს და მოუწოდებდნენ, ისე მოქცეულიყო, როგორც მის გარემოცვაში მყოფი დანარჩენი ადამიანები. ზოგჯერ ეგონა, ფეხებში შესისხლხორცებული სიმძიმე დამდნარი თოვლივით გამქრალიყო და მიწაზე ისე დააბიჯებდა, თითქოს ფეხის ტერფებს მასზე არც დგამდა. ბავშვივით თამამდებოდა, დღითიდღე იცვლიდა ძველ შეხედულებებს გარკვეული საკითხების მიმართ და სხვაფერდებოდა.

***
კვლავ მოიცალა ვივიენმა სარას დღიურისთვის. მიუხედავად იმისა, რამდენიმე დღის წინ კითხვის შუა გზაში მიტოვება და პატრონისთვის დაბრუნება სურდა, მაცდუნებელი აღმოჩნდა ფურცლებზე დატანილი სიტყვები. გამბედაობა მოიკრიბა და ბოლომდე წაკითხვა განიზრახა.


შაბათი
პარასკევია. მზის ჩასვლიდან შაბათი იწყება. ამ დღისთვის განკუთვნილი ვახშმის, საუზმისა და სადილის მოსამზადებლად სულ ცოტა დრო მრჩება. ესთერმა ღამე სამჯერ გაიღვიძა. კბილები ამოსდის და ბოლო დროს ძალიან ჭირვეულობს. ერთხელ ნეითანს, ორჯერ კი მე მომიწია მისთვის ძილი შეგვექცია. არ ვწუწუნებ, უბრალოდ უძილო ღამეებმა ძალა გამომაცალეს და სახლის საქმეებს უწინდებურად თავს ვეღარ ვართმევ. ამის გამო, ნეითანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, მაგრამ რა ვქნა? მთელ ენერგიას ბავშვის მოვლას ვუთმობ.
წუხანდელმა ღამემ ძილი დამიკარგა და საწოლში წრიალს ვამჯობინე ამ რვეულს მოვბრუნებოდი. ხანდახან იმდენი აზრი იყრის ჩემს გონებაში თავს, ჯვარედინები კეთდება და ვეღარ გამიგია, საით წავიდე. რატომ არ მანიჭებს ნეითანთან ქორწინება სიხარულს და ბედნიერებას? ან იქნებ ამაზე მეტს არც უნდა ველოდო და უბრალოდ მე ვერ ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ?
ვუყურებ თავის საწოლში მძინარე ქმარს და ვფიქრობ, ნეტა, თავად თუ არის ბედნიერი? იქნებ თავს აჯერებს, რომ ვუყვარვარ და ის ვარ, ვინც სიცოცხლის ბოლომდე გვერდით უნდა ჰყავდეს? ვინ უწყის, ჩვენი ქორწინება მისთვისაც ტვირთია და მალავს. ზუსტად ვიცი, ასე რომ იყოს, არავის ეტყვის, გულში დაიმარხავს.
სადაც არის, ესთერი გაიღვიძებს, მამამისი მის ტირილზე გამოფხიზლდება, საწოლის ქვეშ მდგარ ტაშტში ხელებს სამჯერ დაიბანს, სამსახურში წასასვლელად გაემზადება, მე შვილს მივხედავ, ხალასთვის* ცომს მოვზელ, შაბათისთვის განკუთვნილი საჭმელების სამზადისში დროს ჩავკლავ, სახლს მივალაგებ, ყვავილებით მოვრთავ და ნეითანის მოსვლას დაველოდები.
ახალი ბეკიშე* იყიდა, ალბათ, სინაგოგაში იმით წავა. მეც ლამაზად გამოვეწყობი, მზის ჩასვლამდე თვრამეტი წუთით ადრე სანთლებს ავანთებ, ხალას და ღვინოს შემოვუწყობ. მოგვიანებით სუფრას კერძებით გავაწყობ. იმედი მაქვს, სასიამოვნო საუბრის და მხიარულების ფონზე ლამაზი ვახშამი გვექნება.
ესთერს რომ დავაძინებ, დაღლილ მკლავებს გავიზელ ხოლმე და დასასვენებლად საწოლზე ჩამოვჯდები. ნეითანი რომ საძინებელში შემოდის, მისი ნაბიჯების ხმაც კი მაღიზიანებს. სიტყვას არ ვამბობ, ვწვები. ოთახის მეორე ნაწილში მისი კანის სურნელი მძაფრად ტრიალებს და თავს მატკიებს!
უსიყვარულობით მიღებულმა ტკივილმა ობობის მიერ გაბმულ ქსელში დაჭერილი მწერივით უმწეო გამხადა და მთლიანად მშთანთქა.
რამდენ რამეს დავთმობდი, ოღონდ ამ დღიურს შეყვარებული ქალის ენით ვქარგავდე, ნეითანზე განსაკუთრებულ სიტყვებს არ ვიშურებდე, მაგრამ არ გამომდის. რა იქნება, მისი შეყვარების მეთოდს ვინმე მასწავლიდეს?


შიში
საბრალოდ ვიქეცი, ემოციების გამოხატვის სურვილიც დავკარგე. ყველაფერი რუტინული და მოსაბეზრებელი გახდა. ნეითანს ვეღარ ვუძლებ, მისმა პრეტენზიულობამ და პედანტურობამ ნერვები დამინგრიეს. რაც დრო გადის, ერთმანეთს ვშორდებით, თუმცა არც ის მახსოვს ახლოს როდის ვიყავით.
მეშინია, ეს მდგომარეობა დიდხანს არ გამიგრძელდეს. რაღაც უნდა ვიღონო, ძალიან მარტო ვარ.
-დამეხმარეთ!- არსებული ზონიდან გასვლა მინდა, ბრაგუნისგან კარი ლამის ჩამოვიღო. მგონია, ვინმე გაიგონებს და ჩემკენ წამოვა, მაგრამ სულ ტყუილად. ხმას ვერავის ვაწვდენ.
გარშემო ყველა და ყველაფერი მუქდება, ყინვა ლოლოებს აქანდაკებს, სხეულში ჰიპოთერმია იკეთებს ბუდეს, სიყვარული და საყვარელი ადამიანები მწყურია, გულწრფელ ურთიერთობებს და თბილ ალაგს ვეძებ. მზესთანაც ვეღარ ვთამაშობ, ჩაქრა.
-არის მანდ ვინმე? დახმარება მჭირდება!- ყვირილს ვაგრძელებ და ზონის კარებს ხელებს გამეტებით ვურტყამ.
სამწუხაროდ, არავინ ესმის...


შვება
ესთერმა ფეხი აიდგა. სახლში აურზაურს გვიწყობს და გამუდმებული ყურადღება უნდა. ნეითანს შევთავაზე, შინამოსამსახურე მოვიყვანოთ, სახლის საქმეებში დამეხმარება და ჯანს ამოვასუნთქებ-მეთქი. ჭკუაში დაუჯდა, მეორე დღესვე დაუკავშირდა სააგენტოებს და რამდენიმე მათგანი შემოგვთავაზეს.
სამი კანდიდატიდან ყველაზე ახალგაზრდა -ახალი ემიგრანტი, რუმინელი წარმოშობის ქალი ავარჩიე. ლამაზი სახელი ჰქვია -ანა. ოცთაათ წლამდეა და სლავური, სასიამოვნო გარეგნობა აქვს. გასაუბრებაზე ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. პირველ რიგში, მისგან წამოსულმა დადებითმა აურამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ნეითანს დიდად არ მოეწონა, უფროსი ასაკის წარმომადგენლებს მიანიჭა უპირატესობა -ისინი უფრო პასუხისმგებლიანი პიროვნებები ჩანანო. ავუხსენი, სხვებთან შედარებით, იგი უფრო დაუზარელი და კარგი ხასიათის ადამიანი ჩანს-თქო. იჭოჭმანა და საბოლოოდ დამყაბულდა.
ანა მართლაც ისეთია, როგორი წარმოდგენაც თავიდან შემიქმნა. გამრჯე ხელები აქვს, ხალისიანია, მისი ხასიათის წყალობით, მეც გამოვცოცხლდი. საქმე მომაკლდა, სახლში უწესრიგობაც გაქრა და ნეითანიც დამშვიდდა, აღარ ვკამათობთ.
ახლა ესთერისთვის უფრო მეტი დრო მაქვს და მასთან ურთიერთობის ყოველი წუთით ვტკბები. შვილი ისეთი ვინმე ყოფილა, ძნელად რომ ვინმეს ვანდო. რატომღაც მგონია, ჩემსავით ვერავინ მიხედავს.


სახიფათო თამაშები
ანას კარგად შევეთავსე. ერთ წელზე მეტია ჩვენს ოჯახში მუშაობს და წამლად რომ მინდოდეს, მისგან დაშვებული ერთი შეცდომაც არ მახსოვს. ყველაფერი მუდამ მწყობრში აქვს და იდეალურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ერთი წელი ცოტა არ არის, რომ არ დავახლოვებოდი. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენს ოჯახებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე. დღიურზეც მოვუყევი. მკითხა, რატომ არ ვწერდი მშობლიურ ენაზე და არ მოვატყუე, ვუთხარი, ინგლისურად ნაკლები შიშით ვწერ, რადგან ჩემს გარშემო ვერავინ ფლობს კარგად ამ ენას და ასე უფრო უსაფრთხოდ ვარ-თქო.
ნეტა თუ ოდესმე ვინმე წაიკითხავს ამ რვეულს და გაიცნობს ნამდვილ სარას? ვინ იქნება ის? რას იფიქრებს? რას იტყვის ჩემზე?
ისევ ანას მივუბრუნდები. საინტერესო ქვეყნიდან არის, მიყვება ხოლმე მის შესახებ და სულგანაბული ვუსმენ. ამას წინათ მითხრა, ჩემს მეზობლად ებრაელები ცხოვრობდნენ და მთელი ბავშვობა მათ გარემოცვაში გავატარეო. პასექის* ჟამს სახლში გამომცხვარი მაცა* ბავშვებს ხშირად გამოჰქონდათ ეზოში და მეც მიმასპინძლდებოდნენ ხოლმეო. თურმე დღემდე მოჰყვება მისი სიყვარული. დავიმახსოვრებ და ეს დღესასწაული რომ დადგება, ერთ დიდ მაცას გამოვუცხობ და სახლში გავატან. აკნატუნოს და გაიხსენოს ბავშვობა.
როგორც ანა ამბობს, რუმინეთში დღესაც არსებობს ანტისემიტიზმი. ისტორიამ მწარე კვალი დაამჩნია ევროპას და დღესაც გვერჩიან. ამის მაგალითად, ებრაელების საფლავებზე ჩადენილი ვანდალური ფაქტებიც კმარა. დასანანია, რომ ჩვენს წინაპრებს საფლავებშიც არ ასვენებენ...
სხვათაშორის, საიდუმლოც გვაქვს. როდესაც ესთერს სძინავს, ანა თავის სმარტფონს მითმობს და ძველ დროს ვიხსენებ. ბევრჯერ ერთადაც გვიყურებია გადაცემებისთვის, კონცერტებისთვისა და ფილმებისთვის. ბოლო დროს სერიალ “Homeland”-ის ყურებამ გამიტაცა. მორევივით ჩამითრია და ვეღარ ვწყდები.
წიგნებითაც მამარაგებს. ერთი კვირის წინ ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი დიდი ძალა აქვს სიყვარულს. ის რომ არ არსებობდეს, დედამიწა დიდი ხნის წინ იქნებოდა ღერძიდან გადატეხილი და რომელიღაც სივრცეში ჩაჩეხილი.


ახალი სიცოცხლე
მეორე ორსულობის მეთვრამეტე კვირაში ვარ. ადათების თანახმად, მე და ნეითანმა გარშემომყოფებს რამდენიმე დღის წინ გავუმხილეთ.
გახარებულები არიან.
ნეითანი ამ ამბის გაგების პირველივე დღიდან სახეანთებული დადის. შვილის ნაყოფად ყოფნის პერიოდში წასაკითხ ფსალმუნებს კითხულობს და მოუთმენლად ელოდება მის ამქვეყნად მოვლინებას.
კვების და ქცევის ყველა წესს ვიცავ. არაფერს ვეტანები, რაც არაქაშერულია და ჩემთვის სასურველი არ არის. შაბათობით გაორმაგებული ოდენობის - თვრამეტ სანთელს ვანთებ, ლოცვებს ვკითხულობ და ექიმისგან მოცემულ მითითებებსაც პირნათლად ვასრულებ.
მე და ანამ ორსულთა საიტზე ვნახეთ, დაახლოებით როგორ გამოიყურება ამ დროისთვის ჩემი პატარა. წონით საშუალოდ ასორმოცდაათ-ასსამოცდაათ გრამამდეა, სიგრძით თოთხმეტ სანტიმეტრს შეადგენს და ისეთივე ზომის არის, როგორც ქრიზანთემა.
გარშემომყოფებისგან ყურადღების ცენტრში ვარ და არ დავმალავ, მსიამოვნებს. რა უცნაურია, ჩემდა უნებურად მეუღლეც მათ მივათვალე. არავისგან არაფრით გამოვარჩევ.
არ არის ეს ნორმალური მიდგომა! თუმცა იმასაც გააჩნია, ჩემს მიერ დაწერილ სიტყვებს რომელი ხედით შევხედავთ. ტოქსიკურ ურთიერთობაში წარმოქმნილი მრუდები, წრფეები, წირები, წრეები და ერთმანეთში გადახლართულ-დაშორებული ფიგურები ზედხედიდან იმდენად კარგად ჩანს, ეჭვსაც ვერავინ შეიტანს, რომ სხვების მსგავსად, ნეითანიც ერთ-ერთი გარშემომყოფთაგანი და უბრალოდ კარგი ნაცნობია.
ნეტა ახლა რას აკეთებს ჩემი პატარა? სძინავს, ჭამს, თუ გორაობს? ჯერ ადგილი ჰყოფნის, ხელებსა და ფეხებს თავისუფლად ამოძრავებს და შეიძლება თამაშისთვისაც იცლიდეს ხოლმე.


ლურჯი ჩიტი
ახლახან გავიგე, ანას ბუქარესტის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და პროფესიით მხატვარია. მის ნამუშევრებს გადავხედე და გავოცდი, შესაძლოა დაუჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ ერთადერთი ფერი, რომელსაც იყენებს, ლურჯია. ამ ფერისგან განსხვავებულ ტონებს ქმნის და შემდეგ ჰარმონიულად ურწყამს გარდამავალ ფერებს ერთმანეთს.
დედამიწის შვილები, იმედი, სიხარული, მწუხარება, სევდა, დაბადება, სიკვდილი... - აი, რას ვხედავ მის ნამუშევრებში.
„ლურჯი ჩიტი“ - ასე უწოდა თავის მეორე გამოფენას და მას შემდეგ ეს ფსევდონიმი არც მოსცილებია. ძალიან განსხვავებული ხატვის სტილი და ტექნიკა აქვს. მსგავსი ტიპის მხატვრულ მიმდინარეობას არსად შევხვედრილვარ.
როგორც თავად ამბობს, ლურჯი გრძნობებს უოკებს. ფერთა სიმბოლიზმს და ფსიქოლოგიას თუ დავესესხებით, იგი იდეალიზმისკენ და კონსერვატიზმისკენ მიდრეკილი ხალხის ფერია და მშვიდობასთან, ერთიანობასთან, ჰარმონიასთან, სიწყნარესთან, ნდობასთან, ენერგიულობასთან და ხშირად დეპრესიასთან და კაეშანთანაც არის ასოცირებული.
ანაზე აღფრთოვანებული იმდენს ვლაპარაკობ, მთავარი დამავიწყდა. გადავწყვიტე, მოსწავლედ მივებარო. როდესაც ესთერს დღის საათებში ეძინება, მასთან ერთად სარდაფში ჩავალ და მისი ზედამხედველობის ქვეშ დავხატავ. ამბობს, მონაცემები გაქვსო და იმედი მაქვს, ზედმეტი ფულის დასაცინცლად არ მეუბნება.
ხვალ ყველა საჭირო ნივთს მოიტანს და პირველ გაკვეთილსაც ჩამიტარებს. ამას რას მოვესწარი, ოცნებას ვისრულებ.
ჩემი მეგობარი რაკელი გამახსენდა. რაც გავთხოვდით, ერთმანეთის სანახავად ხშირად ვეღარ ვიცლით. ვერც ტელეფონით ვსაუბრობთ აკრძალულ თემებზე. მისი დედამთილი სულ სახლშია და სტუმრების ოთახში მდგარი ტელეფონის აპარატით პოპ მუსიკის მოყვარული რძლის მხრიდან შოუბიზნესსა და ვარსკვლავებზე ახალი ამბების განხილვა მისთვის გულის ინფარქტით ან კიდევ უფრო უარესით შეიძლება დამთავრდეს.
მე „ლურჯი ჩიტი“ მყავს და ხვალიდან ცხოვრება ძალიან საინტერესო ხდება.
რაკელს რა ეშველება? ნუთუ ისე წავა ამ ქვეყნიდან, რომ ზებუნებრივ ნიჭს ვერავის აჩვენებს? ახლაც ყურებში ჩამესმის მისი ფენომენალური ხმა, რომელიც საოცარი ჟღერადობით აღწევდა ჩემამდე და სკოლიდან მომავალს სიცოცხლის ხალისს მმატებდა. დარწმუნებული ვარ, მისი ხმა ალადინის ლამპარში გამომწყვდეული ჯინივით გარეთ გამოსვლას ლამობს და საჭირო მომენტს ელოდება, რომ ისევე როგორც თავის დროზე მე, სხვებსაც გაეცნოს.


იაკობის დაბადება
შაბათი დღე იყო, როდესაც სამშობიარო ტკივილი ვიგრძენი და მეუღლეს შევატყობინე. ცოტა გავწვალდით. ესთერი რძალთან დატოვა, შემდეგ სახლში მობრუნდა, ტაქსის კომპანიიდან არაებრაელი მძღოლი მოითხოვა, წინასწარ გამზადებულ კონვერტში ჩადებული ფული აჩვენა და სთხოვა, თავად აიღე, შაბათს ფულს ვერ შევეხებიო. მძღოლი ამ ამბავს გაგებით მოეკიდა. მანქანის კარიც თავის ხელით გაგვიღო და დაგვიკეტა.
საავადმყოფოში მისვლისთანავე ექიმმა გამსინჯა და მითხრა, მშობიარობა მალე დაგეწყება, კარგ დროს მოსულხარო. ასისტენტებს მოსამზადებელი პროცედურებისთვის მოუწოდა და ყველა ერთად თავის საქმეს შეუდგა.
ნეითანი ჩემთან არ შემოვიდა. რელიგია მამაკაცებს ამის უფლებას არ აძლევს. არადა, როგორ მჭირდებოდა, სიკვდილის სარეცელზე მყოფი ვინმეს რამდენიმე სიტყვით ვენუგეშებინე. სამედიცინო პერსონალისთვის რიგითი პაციენტი ვიყავი და გულწრფელი ემოციების დახარჯვით თავი არავის შეუწუხებია, მხოლოდ სტანდარტული და გაზეპირებული სიტყვებით მამხნევებდნენ. ვერც გაამტყუნებ.
ვიცოდი, რომ ნეითანი საავადმყოფოს ფოიეში იყო, ხელში წიგნი ეჭირა და ასორმოცდაათი ფსალმუნიდან პირველს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს, მეოცეს, ოცდამეერთეს, ოცდამეორეს, ოცდამესამეს, ოცდამეოთხეს, ოცდამეცამეტეს, ორმოცდამეშვიდეს, სამოცდამეთორმეტეს, ოთხმოცდამეექვსეს, ოთხმოცდამეათეს, ოთხმოცდამეთერთმეტეს, ოთხმოცდამეტორმეტეს, ოთხმოცდამეცამეტეს, ასმეოთხეს, ასმეთორმეტესა ან სულაც ასმეცამეტეს კითხულობდა. ტკივილისგან მისავათებულმა ხელში ტელეფონი ავიღე და დავურეკე. მინდოდა, მისი ხმა გამეგო, დავემშვიდებინე. მითხრა, ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი ჩვენს გვერდით არის და მეორე შვილიც ამ ქვეყანას ყოველგვარი გართულებების გარეშე მოევლინებაო. მისი სიტყვები დიდად ვერაფერში დამეხმარნენ. ისიც მინდოდა, მომესმინა როგორ ვუყვარდი, მაგრამ კვლავ ჩვენს შვილზე საუბრობდა. სხეული გამიცხელდა, გულმა კუმშვები დამიწყო, დაგროვილმა გრძნობებმა ერთიანად ამოხეთქეს და ცრემლები წამსკდა. ის ერთსა და იმავეს იმეორებდა, არ იცოდა, როგორ დავეწყნარებინე. სიმღერა მაინც მიმღერე-თქო,- ვთხოვე. უარი არ მითხრა, დაბალ ხმაზე ამღერდა, ისე, რომ მხოლოდ მე გამეგო. აგონიის გამო, ამ დროს ყველაფერი სხვანაირად გეჩვენება და გული გიჩუყდება. მისმა ხმამ ჩემზე იმდენად იმოქმედა, უფრო ავტირდი. მდუღარე ცრემლებმა სახის კანი მთლიანად დამიდაღეს.
ცოტა ხანში იაკობი დაიბადა - მოწითალო და თვალებბრიალა. ვუყურებდი, მის თბილ კანს ვეხებოდი და უფრო მეტად ვგრძნობდი, ვიდრე მუცლადყოფნისას. ყველა ტკივილი სადღაც გამქრალიყო.

***
ახლა ჩემს პირმშოს სძინავს, დღიური მუხლებზე მიდევს, ამ ტექსტს ვწერ და ზოგჯერ თვალს მისკენ ვაპარებ. ბარათზე დაწერილი ასოცდამეერთე ფსალმუნი კარებთან ჰკიდია. წესს ვერ დავარღვევთ, ასეა საჭირო. ყველაფერს მკაცრად ვიცავთ.
ალბათ, ნეითანი გონებაში პირველი ბიჭის დაბადების, “Pidyon Haben“*-ის რიტუალისთვის გეგმებს აწყობს.
ნეტა, ესთერი როგორ მიიღებს პატარა ძმას? ვფიქრობ, არ გაუჭირდება. ძალიან მომენატრა. მეორე დღეა საავადმყოფოში ვარ და დღეები კვირებივით იწელება.


მზისფერი
ხატვის სურვილი იმდენად დიდია, ორი ბავშვის მოვლისგან გამოწვეული დაღლილობა ვერაფრით ჩაგრავს. ყურადღებით ვუსმენ მასწავლებელს, ყველა სიახლეს ვისრუტავ და ტექნიკას ვხვეწ.
ანა მეუბნება, შენნაირად მოტივირებული მოსწავლე არსად მინახავს, ნახატებით ისეთ ისტორიებს ჰყვები, შინაარსით მწერლებს და ტექნიკით მხატვრებს შეშურდებათო. არ ვიცი მანებივრებს, თუ მართლა ასეა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მიყვარს სურათები, სადაც აქცენტი ადამიანებზე და მათი ცხოვრების დეტალებზე კეთდება. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელი დღე სარდაფიდან აღარ ამოვიდოდი, ვიქნებოდი საღებავებით მოხატულ სამყაროში და ხან დავშლიდი და ხანაც ავკინძავდი ადამიანებს ფერებად, გრძნობებად და ისტორიებად.
ვიდრე ხატვას დავიწყებ, წინასწარ არასოდეს ვიცი რას ვხატავ. ჯერ ერთ პიროვნებას ვქმნი, ის მეორეს ითხოვს, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს და ასე იკვეთებიან ერთმანეთში თავიანთი ამბებით.
ვცდილობ, მუქი ფერები ნაკლებად გამოვიყენო. ჩემს ნამუშევრებს ღია მეტად უხდება. მოვასწარი და ერთი ფერი მეტად შევიყვარე. მას მზისფერი ვუწოდე.
მზისფერი ჩემი ფერია!


განხეთქილებები
პატარა ესთერმა მამამისს ამბავი მიუტანა, დედამ სათამაშოებდაკიდებული ხე მაჩვენაო. იმ დღეს მართლაც წავიყვანე როკფელერის ცენტრთან საშობაოდ მორთული უზარმაზარი ნაძვის ხის და გარშემო განლაგებული თვალწარმტაცი დეკორაციების საჩვენებლად. ნეითანი ამას კიდევ როგორმე გადაიტანდა, ესთერს ისიც რომ არ დაემატებინა, მეც მინდა, სახლში ეგეთი ხე, მიყიდეთ, ზედ ჩემი სათამაშოები უნდა დავსვაო. მეუღლემ მკაცრად შემომხედა, მზერით ცეცხლი წამიკიდა და შიგნით ჩამფერფლა. ადგილზევე გავშეშდი, აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ესთერმა მამამისისგან უარი მიიღო, ტირილი დაიწყო და უარესში მამხილა- მაშინ დედამ ანას მობილური მომიტანოს და მულტფილმებს მაყურებინოსო. მაშინვე მივვარდი და დაწყნარება დავუწყე. ნეითანმა ვეღარ მოითმინა და ვიდრე ბავშვს ვაჩუმებდი, ისე გამლანძღა, იმ დღის გათენება შემაჯავრა.
ეს პირველი სერიოზული განხეთქილება იყო, რაც ჩვენს შორის მოხდა. მეორე კი რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც იაკობის წინდებზე დახატული სანტა კლაუსი შენიშნა. თავი გააქნია და სიმწრით წარმოთქვა- საინტერესოა, სად გაელია დედაშენს გონებაო? იმწამსვე გახადა და ნაგავში ჩაუძახა. მერე დამიძახა, დამნაშავე ბავშვივით კედელთან მიმიმწყვდია, ახსნა-განმარტება მომთხოვა და გულში დაგროვილი თითოეული წვრილმანი წამომაძახა, რომელსაც ჩვენი თემის კანონების საწინააღმდეგოდ ჩავდიოდი. არც ის დაავიწყდა ეთქვა, მრცხვენია შენი საქციელების და თავს ნუ მაძულებ, წესიერად მოიქეცი და სხვები არ ალაპარაკოო.
მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. ვერაფერი ვუთხარი. აზრი არ ჰქონდა. ადრეც აღვნიშნე, ნეითანი სიახლეებს ვერ იტანს.
ჰასიდები არაფერს ცვლიან!


რევოლუციური ძვრები
ჩემს ქმარს ანას პროფესიული წარმატებების შესახებ მოვუყევი. აღვნიშნე, მის საქმიანობას სიამოვნებით შევისწავლიდი და ოთახებს მოვხატავდი-თქო და ავი ძაღლივით შემომიღრინა -ფრთხილად იყავი, ჯერ არ დამვიწყებია მაგის მობილურით ბავშვს რომ მულტფილმებს აყურებინებდი, საერთოდ არ დავითხოვო აქედანო.
სიტყვაც აღარ დამიძრავს...
იძულებული ვარ, ტყუილში ვაცხოვრო...
რაც ხატვა დავიწყე, დღიურისთვის ნაკლებად ვიცლი. სურათებში გადამაქვს სათქმელი და ასე ვთავისუფლდები. ფუნჯები და საღებავები ძალიან მეხმარებიან დასაცლელად. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის იდეალური თერაპიაა. შეკრული კვანძები, რომლებიც მთელ სხეულს სიმებივით მიჭიმავენ და კეფას მატკიებენ, მეხსნება. გონება გაჭედილი აზრებისგან იცლება და მოჭარბებული სიამოვნებისგან სულ სხვა ვხდები -ისეთი, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა.
იმ დღეს ნეითანმა კარადის უკან დამალული საღებავების სუნი იგრძნო და მკითხა, სარდაფში რისი სუნი დგასო, თუმცა გონებაში არც გაუვლია, რომ ხატვით ვარ დაკავებული და რაღაცას ვუმალავ.
ესთერმა არ გაიღვიძოს და არ დაინახოს!
ნეითანმა რამე არ იეჭვოს!
ახლობელმა არაფერი შემამჩნიოს!
როდემდე?! კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს შიში? უკვე იმ ჭკუაზე ვარ, ყველაფერი ვაღიარო. ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებ.


გარღვევა
რაც დრო გადის, თავს ვეღარ ვცნობ. ძველი სარასგან აღარაფერი დარჩა. როგორც ვცხოვრობ, საკუთარი თავის და თემის მოტყუებაა. დროა, სერიოზული ნაბიჯი გადავდგა და ყველაფერს წერტილი დავუსვა. უკვე ძალაც მაქვს, სათანადოდ მომწიფებულიც ვარ და ვფიქრობ, დამოუკიდებლად არსებობას შევძლებ.
პირველ ხანებში სამკაულებს გავყიდი და აღებული ფულით თავს ასე გავიტან. ანას ვთხოვ, სადმე ერთი ოთახი მომიძებნოს. ვიცი, არ დამზარდება.
დედაჩემს ვნახავ და ვეტყვი თემის დატოვება რომ განვიზრახე. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით არ შეხვდება, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რას და რატომ ვაპირებ. იგი ერთადერთია, ვისაც ვერ დავუმალავ წასვლის მიზეზს, თუმცა ახალ მისამართსაც ვერ გავუმხელ, რადგან ნეითანს ეტყვის. ის კი ხელს შემიშლის, ან ყველა ძალას იღონებს, რომ ბავშვები არ გამატანოს.
ვიცი, წინ დიდი ომი მელის, მაგრამ მზად ვარ, თითოეული ნაბიჯისთვის პასუხი ვაგო! ამას შევძლებ, რადგან თავისუფლების სურვილმა იმდენად მძლია, სიტუაცია ყველანაირად მაიძულებს, რაც შეიძლება დროზე გავეცალო აქაურობას.
ერთი ბეწო გამბედაობა მაკლია და ჩემს ტანჯვა-წვალებას ბოლო მოეღება!


ქვიშის სახლი
როგორც შემწიფებული რკოები მუხას, ჩემი აზრებიც მათსავით წყდებიან გონებას, მიწას ეხეთქებიან, სკდებიან და ნაწილაკებად სახეში მეფრქვევიან.
ჩემი სახლი ქვიშისგან ნაშენები აღმოჩნდა. ნაწილ-ნაწილ ჩამოიფხვნა და ჩამოიშალა. განა ეს არ მინდოდა, რომ დაშლილიყო და აღარ ეარსება? მაგრამ არა, რაღაც მამძიმებს. ნეითანი იმ ჩამოშლილ კედლებში დავტოვე და მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, დედაჩემის პირით სახლში დაბრუნებას მთხოვდა და თუ ასე არ მოვიქცეოდი, ბავშვების წართმევით მემუქრებოდა, მაინც მეცოდება. თანავუგრძნობ, რომ ისეთი პიროვნება არ გამოვდექი, როგორიც ვეგონე და იმსახურებდა.
არა, არც ჩემს თავს და არც მას მეორეჯერ ვეღარ გავაუბედურებ!
დაე, სასამართლომ გადაწყვიტოს ვიმსახურებ თუ არა ესთერის და იაკობის დედობას? მშვიდად დაველოდები მოსამართლის გადაწყვეტილებას და იმედს არ შევწყვეტ სანატრელი პასუხის მოლოდინში.
ანამ მითხრა, ნეითანი თავის ბიძაშვილთან ერთად კორპუსთან დამიხვდა და ჩვენს შორის არასასიამოვნო დიალოგი შედგაო. იგი დეივიდს არ იცნობს, მონტრეალში ცხოვრობს და ნიუ-იორკში იშვიათად ჩამოდის. მეც ერთადერთხელ, როშ ჰაშანას* დღესასწაულზე მყავს ნანახი. უცხო კაცთან ერთად მისული ჩემი ყოფილი მეუღლე რომ დაინახა, თავდაპირველად შეშინდა, შემდეგ კი საქმის ვითარებაში გაერკვა და ორივეს ადგილები მიუჩინა.
საინტერესოა, ნეითანი ანასთან შეხვედრით და ცოფების ყრით რას მიაღწევს? მისი მხრიდან ასეთი საქციელი წაგებულ ომში მუშტების ქნევას ჰგავს. სჯობს, შეეგუოს უჩემობას და ოჯახის დაშლას.
ბოლო დროს ძნელად ასახსნელი შეგრძნებები დამჩემდა. ოვალურ სივრცეში ვიმყოფები, საიდანაც თავის დაღწევა მწადია. გამჭვირვალე გარსით ვარ დაფარული, ზედ ლურჯი და წითელი სისხლძარღვების ბადე მაკრავს და გამუდმებით ფეთქავს. ხელებს და ფეხებს ვიქნევ, მისგან გამოძვრომა და გარეთ გასვლა მწადია, მაგრამ არაფერი გამომდის.

***
ჰოი, საოცრებავ! ბადის გაგლეჯვა კიდევ ვცადე და ამჯერად გამომივიდა, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ფეხზე ძლივს ვდგავარ და თეთრ გამჭვირვალე გარსს თვალს ვავლებ. უცნაური სუნი დგას, ვერაფერს შევადარებ. გარსს თითებით ვეხები და ჩამოხევა მინდა. არაფერი გამომდის. შიგნით სიჩუმეა, მაგრამ გარედან ხმა მესმის, რაღაც გუგუნებს. ყურები მიფეთქავს, ლამისაა გასკდეს და სითხე გადმოიღვაროს. დავდივარ და გასასვლელს ვეძებ. არაფერი ჩანს. გარსს ფრჩხილებს ვასობ და დაზიანებას ვიწყებ. ელასტიურია და იწელება, ვერ გავწყვიტე. ხელის გულებით ვაწვები და ვგრძნობ, მის უკან მყარი კედელია აღმართული. ხან ერთ მხარეს ვეხეთქები, ხან მეორეს, გვერდები მტკივა, მაგრამ არ ვჩერდები. ეჭვიც არ მეპარება, მალე გავალ აქედან და სადაც არ უნდა აღმოვჩნდე, ქვიშის სახლს აღარასოდეს ავაგებ!

ეს ბოლო ჩანაწერი იყო. ამის შემდეგ სიტყვაც აღარსად იძებნებოდა. ვივიენმა უკანა ყდაზე სარას ტელეფონის ნომერს მოჰკრა თვალი. მასთან დარეკვა და საუბარი მოინდომა, თუმცა საკმაოდ გვიანი იყო და სხვა დროისთვის გადადო.

***
-აღარც თანაგრძნობა არსებობს სატმარებში და აღარც დედა-შვილობის სიყვარულის ხათრი? თუ ჰასიდი არ ხარ, მოკვდი და აღარ არსებობ? - აღშფოთებული ბურტყუნებდა ანა და ცალ თვალს რებეკასგან და დებორასგან ახალი ამბით შეძრული მეგობრისკენ აპარებდა.
სარა დარდში ჩაძირულიყო. გაქვავებული სახით იყურებოდა.
-მიზეზად რა გითხრეს, რატომ ვეღარ შევძლებთ შენთან შეხვედრას და ბავშვების ჩვენებასო?
-თემის სურვილის წინააღმდეგ ვეღარ წავალთო. არ უღირთ რისკზე წასვლა და საკუთარი თავების საფრთხეში ჩაგდება.
-ჰმ! თხუთმეტი წუთი შვილებს მონატრებულ დედას რომ შეხვდნენ და ბავშვები აჩვენონ, დაიქცევა ქვეყანა?
-ასეა, თუ ისე, მე უძლური ვარ.- ამოიოხრა სარამ.
ანამ ტელეფონის ეკრანზე ნერვიულად ატეხა გრძელი ფრჩხილების წკაპუნი, ფიცხი იყო და ადგილს ვეღარ პოულობდა:
-ვფიქრობ, მათ გადაწყვეტილებას ახსნა მოვუძებნო და მილგრემის ექსპერიმენტი მახსენდება.
-ეგ ვინღაა?- წარბები შეკრა სარამ და შუბლზე ორი ხაზი გამოეკვეთა.
-მისი მიზანი იყო დაედგინა, რამდენად დიდი ტანჯვის მიყენება შეუძლიათ ადამიანებს სხვა, უდანაშაულო ადამიანებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი პროფესიული მოვალეობაა.
-მერე?- ადგილიდან წამოიწია სარა.
-ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ თვითონ ექსპერიმენტატორი, მასწავლებელი, რომელიც რეალური ცდის პირი იყო და მსახიობი, რომელიც თამაშობდა სხვა ცდის პირის, კონკრეტულ შემთხვევაში მოსწავლის როლს. მასწავლებელს მოსწავლის მეხსიერების შემოწმება დაევალა. თუ სიტყვებს ვერ დაიმახსოვრებდა, სასჯელი ელექტრული დენის დარტყმა იყო და ყოველ ჯერზე უნდა გაეზარდა სიმძლავრე.
ექსპერიმენტმა ცხადად აჩვენა მასწავლებლების უუნარობა, შეწინააღმდეგებოდნენ ხელმძღვანელს, იგივე მკვლევარს, რომელიც ავალდებულებდა მოსწავლის წამებას.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ცნობიერში ღრმად არის გამჯდარი ავტორიტეტების მორჩილება, შინაგანი კომფლიქტისა და მორალური დილემის შემთხვევაშიც.
ასე, რომ მიუხედავად იმისა, დებორას და რებეკას შინაგანად სურთ, შვილებს არ ჩამოგაშორონ და ეს რამდენჯერმე დაგიმტკიცეს კიდეც, მაინც მზად არიან ტკივილი მოგაყენონ, რადგან თემში გავრცელებული მკაცრი წესები ამას ავალდებულებთ.
-მათზე რა ვთქვა? როცა მშობლები, ძმები და ნათესავებიც ასე მომექცნენ? არავინ აღარ მეკონტაქტება.
-უნდა გაუძლო!
სარამ თავი დაუქნია და ჯიბეში აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა. ვივიენი იყო, ახალი სეზონისთვის პირველი გადაცემის მოსამზადებლად შეხვედრას სთხოვდა. სარას სევდისფერი თვალები გაუნათდა, იმ წუთებში ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა მის ზარს. თანხმობა განუცხადა, სახტად დარჩენილმა ანას შეხედა და ამოილუღლუღა:
-თვით ვივიენ კარტერი დამიკავშირდა და გადაცემაში მიმიწვია.
-რაღა გვიჭირს?- ანამ პათეტიკური ვნებათაღელვით გაშალა ხელები. სარას ტელევიზიით გამოსვლას და დრამის დედოფლად თავის გასაღებას თავიდანვე არ იწონებდა, თუმცა აღარაფერი უთქვამს, მეგობრის გაღიზიანებას მოერიდა.


***
ტელევიზიები სექტემბრისთვის განსაკუთრებული დატვირთვით ემზადებოდნენ. ველური კონკურენცია ახალი სახეების დამატებას, განახლებულ გადაცემებს, მათ ქუდებს, შიდა პროგრამულ ტიხრებს და საეთერო პრომოუშენის თითოეულ დეტალზე თავდადებულ შრომას მოითხოვდა. შესაბამისად, ყველაზე გადატვირთული პერიოდი იყო და თანამშრომლები ძალიან მონდომებით ირჯებოდნენ. გამონაკლისი არც ვივიენის გადაცემა გახლდათ. წამყვანი ქალბატონი დილიდან საღამომდე სამსახურში რჩებოდა, სამუშაო გუნდთან ერთად ახალ იდეებს განიხილავდა და შემდეგ ტელევიზიის დირექტორთან ათანხმებდა.
სწორედ ასეთ ალიაქოთში მოუწია სარას მასთან სტუმრობა. ქალმა ვივიენის კაბინეტში შესვლისთანავე მოჰკრა თვალი თავის დღიურს, რომელშიც რამდენიმე ალაგს თეთრი ფურცლები იდო და ზედ წვრილი ხელნაწერით გარკვეული ჩანიშვნები იყო გაკეთებული. მიხვდა, რომ წამყვანს ყველაფერი ზედმიწევნით ჰქონდა წაკითხული და სულიერი სიშიშვლე იგრძნო, რასაც მისი მხრიდან მღელვარება მოჰყვა და ცოტა დაიბნა კიდეც.
-შემოდი და კარი მოხურე,- ვივიენმა კარგი ნაცნობივით უთხრა და გაუღიმა.
სარამ მხნეობა მოიკრიბა, კარი დახურა და სამუშაო მაგიდასთან ჩამოდგა.
-მაპატიე, წერილის გაგზავნას დავასრულებ და ახლავე მოგხედავ. დაჯექი, რას დგახარ?-საქმიანი სახით ახედა და კლავიატურის წკაპუნი გააგრძელა.
-რა სხვანაირია უმაკიაჟო და საქმეში გართული ვივიენ კარტერი,- აკვირდებოდა ჯინსის მოკლე ქვედაბოლოში, მაისურსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილ ცნობილ წამყვანს და ეკრანზე ნანახთან შედარებებს ახდენდა.
-ესეც ასე, გაკეთებულია! -კომპიუტერის ეკრანის გასწვრივ მიკრული ვარდისფერი, წებვადი ფურცელი ჩამოხსნა, ხელის გულში მოიქცია, დაჭმუჭნა და ნაგვის სათლში მოისროლა. მერე სარას შეუბრუნდა და მის დღიურს წამოავლო ხელი,- აბა, როგორ ხარ?- მისკენ მაქსიმალურად გადაიხარა და შინაურულად მოიკითხა.
-გმადლობთ, კარგად. თავად როგორ გიკითხოთ?
-უკეთესადაც შეიძლებოდა. საგიჟეთი გვაქვს, - აქეთ-იქით აამოძრავა ხელი და მიახვედრა, რომ ახალი სეზონისთვის დამახასიათებელ, ზოგადად არსებულ მდგომარეობაზე წუწუნებდა,- კარგი, დავანებოთ ამას თავი, შენს ჩანაწერებს გავეცანი და გარკვეულ საკითხებზე სასაუბროდ დაგიბარე. შეგიძლია, ცოტა რამ ახლანდელ ცხოვრებაზე მიამბო? დღიურში ამასთან დაკავშირებით არაფერს წერ და ამიტომ გეკითხები.
-დიახ, მართალს ბრძანებთ. რაც ბავშვები წაიყვანეს, არცერთი ჩანაწერი აღარ გამიკეთებია. წერისთვის არ მეცალა. გაცილებით მნიშვნელოვანი რამ მქონდა მოსაგვარებელი. სამსახურს ვგულისხმობ.
-მერე მოაგვარე?
-ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. ახლა მეორე სამსახურს ვეძებ. ვიზაჟის კურსი გავიარე და დამატებით შემოსავალი არ მაწყენს.
-ვიზაჟისტობას უმიზნებ?
-დიახ, ერთმა სილამაზის სალონმა უკვე შემომთავაზა თანამშრომლობა. რეკომენდაცია ჩემმა ინსტრუქტორმა გამიწია.
ვივიენმა თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. გადაცემაზე ლაპარაკი ამჯობინა:
-ჩვენი ბოლო საუბარი გემახსოვრება. ვიცი, არ მოგეწონებოდა, მაგრამ ასეთი პირდაპირი ვარ და ვერაფერს გავაწყობ. მინდა, გითხრა, იგივე აზრზე ვარ. რელიგიაზე და მის თავისებურებებზე გადაცემებს არასოდეს ვაკეთებ, მაგრამ თუ საკითხს სხვაგვარად შემოვაბრუნებთ და მე და შენ კონკრეტულ სასაუბრო თემებზე ჩამოვყალიბდებით, მაშინ ჩვენს შორის თანამშრომლობა შედგება.
-ჩემგან რას ითხოვთ?
-უნდა ილაპარაკო მხოლოდ შენს თავზე, რატომ დატოვე თემი, რას მიიჩნევდი მიუღებლად, რა საზღაური გაიღე ჰასიდიზმის დატოვებისას და დღეს როგორია შენი ცხოვრება. ეს არის ძირითადი, რასაც გთხოვ.
-არც ოჯახის წევრებზე ვისაუბრო?
-სახელების და გვარების გარეშე! გააჩნია, რისი თქმა გინდა, საკითხი შენ უნდა გეხებოდეს, მაგაზე შევთანხმდებით.
-კარგი. იყოს ისე, როგორც ამბობთ.
-ესე იგი, დავიწყო შენზე, როგორც ყოფილ ჰასიდ ქალზე გადაცემის მომზადება? აქვე დავძენ, რომ მთელ გადაცემას ვერ დაგითმობ, მხოლოდ მეორე ნაწილში ჩაგსვამ.
-ეგ თქვენ უფრო უკეთესად იცით.
ვივიენი სავარძელში გაიმართა და სარას გამჭოლი მზერა მიაპყრო:
-შეგიძლია, ერთ კითხვაზე მიპასუხო?
-დიახ.
-რატომ მოინდომე საზოგადოებისთვის თავის წარდგენა?
სარა ჩაფიქრდა, ღრმად ამოისუნთქა და წამყვანს დამაჯერებლად უპასუხა:
-ჩემი თავისთვის. მსურს, მას უამრავი მაყურებლის წინაშე პირობა მივცე, რომ წართმეულ შვილებს დავუბრუნებ!
-არის რაღაც, რაც შენში მიზიდავს. შეიძლება შეუპოვარი ხასიათი, შეიძლება სხვა რამ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ძალიან მესმის შენი და შანსს გაძლევ, საკუთარ თავს დაუმტკიცო ის, რისი დამტკიცებაც გინდა.
-მიუხედავად იმისა, თქვენ ერთადერთი ხართ, რომელმაც სარა ჰოროვიჩის ცხოვრება დღიურის დახმარებით ახლო კადრებით ნახა, მაინც ვერ ვიტყოდი, რომ მისი ბოლომდე გესმით.
-ნურასოდეს იტყვი იმას, რაზედაც დარწმუნებული არ ხარ!
სარას არც უფიქრია, ვივიენისთვის პოლემიკა გაემართა:
-კარგი, თუ დღეისთვის სულ ეს იყო, მაშინ წავალ და თქვენს ზარს დაველოდები.
ვივიენმა ახალი სიტყვით გააჩერა:
-მითხარი, რომ ვიზაჟის ხელოვნებას ფლობ, არა?
-დიახ.
-შეგიძლია, ერთ ოთახში გამომყვე და მაკიაჟი გამიკეთო?
-რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ მე რატომ?
-საქმე იმაშია, რომ სამი ვიზაჟისტიდან ერთი საცხოვრებლად სხვა შტატში გადავიდა. ამხელა ტელევიზია მხოლოდ ორის ამარა ვერ იქნება. ახალს ვეძებთ.
- მზად ვარ, გამოგყვეთ,- აღტაცების გარეშე, სერიოზულად მიუგო.
ვივიენი ფეხზე წამოდგა და სარასთან ერთად ვიზაჟის ოთახში შევიდა. სარკის წინ მოთავსდა და გამომცდელივით უთხრა:
-რასაც აქ ხედავ, ყველაფერი შენს განკარგულებაშია, დანარჩენი შენ იცი.
სარამ თვალი მიმოავლო კოსმეტიკურ საშუალებებს, მათ ხარისხიანობაში დარწმუნდა და მერე ვივიენს სახის ნაკვთებს დაუწყო თვალიერება:
-ეს მცირე ზომის იარა...
-ეს იარა ბავშვობისდროინდელ სიცელქეს მახსენებს. შეეცადე, რომ კარგად დაფარო,-წინადადება არ დაასრულებინა.
სარას არ გასჭირვებია ვივიენისთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი დაენახებინა. იარაც დაუფარა და წამყვანი ქალის მშვენიერი იმიჯიც მალე მოარგო. შედეგით აღფრთოვანებულმა გამომცდელმა გაოცება ვერ დამალა, მადლობა გადაუხადა გულითადი მუშაობისთვის და დააძალა, ვიზაჟისტის ვაკანსიაზე ტელევიზიაში განაცხადი შეეტანა. აღუთქვა, პასუხისმგებლობას აიღებდა რეკომენდაციის გაწევაში და ბოლომდე მხარს დაუჭერდა მის კანდიდატურას.

***
სარამ ვივიენისგან შეთავაზებული წინადადება კარგად აწონ-დაწონა, სამსახურის მინუს-პლუსებზეც დიდხანს მოუწია ფიქრი და გადაწყვეტილება მიიღო, ტელევიზიაში აღნიშნულ ვაკანსიაზე პროფესიული ავტობიოგრაფიის ფორმა შეევსო და გაეგზავნა. როდესაც გასაუბრებაზე დაიბარეს, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გამოცდილების გარეშე პირველი შემთხვევა იყო, ვინმე სამუშაოდ მიეწვიათ. ისიც დაამატეს, ისეთმა პიროვნებამ გაგიწიათ რეკომენდაცია, შეკამათების გარეშე ვენდობით და გვჯერა, მის სიტყვას გაამართლებთო. ამ შეხვედრამ სარას ნათლად დაანახა, მისი დასაქმება მხოლოდ ვივიენის დამსახურება იყო. მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო, მასზე გაკეთებული არასწორი დასკვნები გონებიდან ამოიგდო და მუშაობის დაწყების პირველივე წუთებიდანვე მისი კაბინეტისკენ აიღო გეზი.
-გილოცავ! ჩვენი გუნდის წევრი ხარ,- როგორც კი ვივიენმა თავის კაბინეტში შესული სარა დაინახა, კმაყოფილებით სავსე სახით ჩაილაპარაკა.
-მადლობა მინდა გადაგიხადოთ.
-მადლობა რისთვის?
-თქვენ რომ არა...
-მე ჩემს თავზე ვიზრუნე. კარგი ვიზაჟისტი მესაჭიროებოდა, შენ კი დამატებითი შემოსავალი. საბოლოო ჯამში ორივე მოგებული დავრჩით.
-გეთანხმებით, მაგრამ...
-არანაირი მაგრამ, გირჩევ, საკუთარ თავში თვითრწმენა გაიმყარო და შენს ნიჭს მეტი გამოხატვის თავისუფლება მისცე. ნუღარ ცდები და მეც ნუ მაცდენ. შეგიძლია, წახვიდე და საქმეს შეუდგე,- ასეთი სიტყვებით გაისტუმრა მადლიერების გამოსახატავად შესული სარა.
კაბინეტიდან გამოსულმა გაკვირვებული სახით წაიბუტბუტა:
-რანაირად ახერხებს ეს ქალი ასეთი იყოს? წესიერად მადლობაც არ გადამახდევინა. - შეტრიალდა და ღია კარიდან გახედა.
შემოქმედებით წვას დაბრუნებული ვივიენი მისკენ აღარ იხედებოდა.

***
მივესალმები ერთგულ მაყურებელს და მათ, ვინც სწორედ ახლა გადაწყვიტა, შემოგვიერთდეს. გადაცემა „Face” -ის ახალი სეზონი კვლავ აქტუალური თემებითა და საინტერესო სტუმრებით გიბრუნდებათ. მე ვივიენ კარტერი ვარ, იგივე არხზე, იგივე სტუდიიდან, - უკვე მეხუთე სეზონს ხსნიდა მომხიბვლელი წამყვანი ხალხით სავსე დარბაზის წინაშე და კამერებთან თავი დამახასიათებელი თავდაჯერებულობით და ინტელექტუალური საუბრის მანერით ეჭირა.
გადაცემის პირველი ნაწილი დაკარგული მშობლებისა და შვილების ისტორიებს ეთმობოდა. როგორც ყოველთვის, ემოციური იყო ვივიენისგან და მისგან შერჩეული სტუმრებისგან მოტანილი ამბები. ზოგი ობოლთა თავშესაფარში გატარებულ წლებზე საუბრობდა, ზოგი წლების განმავლობაში შვილის უშედეგო ძებნით გამოწვეულ ტანჯვაზე. ადვილი არ იყო პირადი ტრაგედიებით მისული ხალხის ყურება და მათი ისტორიების მოსმენა, მაგრამ გადაცემის საგამოძიებო ნაწილით მიღებული შედეგი ყველა იქ მყოფის უიმედობით გამსჭვალულ სახეებს სიხარულის ცრემლებით ცვლიდა და წურბელასავით ჩაჭიდებულ ტკივილს აბათილებდა.
წამყვანის ერთადერთი მიზანიც ეს იყო -პირველი გადაცემა აუცილებლად პოზიტიური დასასრულით გასულიყო და ტკბილ-მწარედ გაჟღერებული ამბების ფონზე, იქ მისული სტუმრები და მაყურებელი სასიამოვნო შეგრძნებებით უფრო დატვირთულიყვნენ, ვიდრე პირიქით.
გაწერილი პროგრამის მიხედვით, მეორე ნაწილი ძლიერ დედებს ეხებოდა, რომლებიც არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, ბედს არ ნებდებოდნენ, საკუთარ თავებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ წართმეული და დაკარგული შვილების დასაბრუნებლად. სწორედ ასეთ კატეგორიაში გადიოდა სარაც, რომელიც სტუდიის გარეთ იდგა და აკანკალებული ელოდებოდა, როდის გამოაცხადებდა ვივიენ კარტერი მის სახელს, რომ დარბაზში შესულიყო.
თქვენ ახლა ხედავთ ერთი წლის ბავშვის ფეხსაცმელს, რომელიც ხელში შერჩა დედას, როდესაც ატირებულ შვილს ყოფილი მეუღლე სასამართლო განაჩენის აღსასრულებლად მისული პირების თანდასწრებით მკლავებიდან აცლიდა. მას შემდეგ ხუთი თვე გავიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არასოდეს შეუწყვიტავს წართმეულ ბავშვებზე ფიქრი. სანუკვარ ოცნებად ექცა, აღიდგინოს მშობლის სტატუსი და დაიბრუნოს დაკარგული ბედნიერება,- ვივიენმა ხელის გულზე დადებულ ცისფერ ფეხსაცმელს დახედა, სახეზე ავდარმა გადაუარა და მომდგარი ცრემლისგან თვალები ალმასებივით აუბრჭყვიალდა.
სტუდიაში სიჩუმე ჩამოწვა, ყველა წამყვანის სიტყვის გაგრძელებას ელოდებოდა, თუმცა ის იდგა და წამწამებზე გადასული ცრემლი უფსკრულში ჩასავარდნად გამზადებული ადამიანივით დაჰკიდებოდა. აი, მოწყდა და ლოყებზე ჩამოუგორდა კიდეც. ქალმა ხელი მიაშველა და უმალ მოიწმინდა.
-ვივიენ, სარა ჰოროვიჩი ჰქვია სტუმარს,- ჩასძახა „ყურმა“. ეგონა, წამყვანს სტუმრის სახელი დაავიწყდა და ამგვარი ქცევით დრო გაჰყავდა.
ფართო აუდიტორიის წინ მდგომი ქალი საბოლოოდ თავს მოერია, სისუსტეს სძლია და სიტყვა გააგრძელა:
-სარა ჰოროვიჩი ყოფილი ჰასიდი ქალბატონი გახლავთ, რომელმაც თემი დატოვა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო. თუ რა გზა გამოიარა და რისი გაღება დასჭირდა ფეხზე დასადგომად, თავად მოგვიყვება. მიესალმეთ მას,- ატეხილი ტაშის ფონზე შემოსულ სარას შვილის ფეხსაცმელი დაუბრუნა და კითხვების დასასმელად მოემზადა.
შეთანხმებისამებრ, სარა მხოლოდ იმ თემებს შეეხო, რაც ჰასიდ ებრაელებში გაბატონებულ წეს-ჩვეულებებსა და შეზღუდვებს მოიცავდა. ნათელი მოჰფინა წარსული ცხოვრების ისეთ დეტალებს, როგორიც იყო ჩუმად ბიბლიოთეკაში სიარული, ინტერნეტში ვებ-გვერდებიდან ამა თუ იმ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ამერიკული შოუ-ბიზნესის და სპორტული ღონისძიებების თვალყურის დევნება, ხელოვნებისადმი მიდრეკილება და ფუნჯებთან და საღებავებთან ყველასგან მალულად სარდაფში გატარებული საათები, რომელიც ყოველდღიურობის წნეხისგან წარმოუდგენელი ხსნა იყო.
ყველაზე რთული გასახსენებელი სასამართლოში დატრიალებული ამბები იყო, რომლებსაც ჰასიდი ქალისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო, მისთვის დღემდე მოუშუშებელი ტკივილი -დედობის უფლების ჩამორთმევა მოჰყვა. წამყვანის კითხვაზე, თუ რამდენად დამნაშავედ მიიჩნევდა თავს თემისა და შვილების წინაშე, სარას პასუხი იყო:
-შეიძლება თემის წინაშე დამნაშავე ვარ, მაგრამ შვილებთან როგორც დედას, ბრალი არ მიმიძღვის და მითუმეტეს, მათთვის ზიანის მომტანი არაფერი ჩამიდენია!
ვივიენმა ხაზი გაუსვა, რომ მისი რესპონდენტი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა წინ ახალი ცხოვრების საფეხმავლო ბილიკებზე სასიარულოდ და რამდენიმე კვირის წინ სანიმუშოდ გამოვლენილი ნიჭის დამსახურებით მათი გუნდის წევრი გამხდარიყო. სარა ხედავდა დარბაზში მყოფი სტუმრებისგან გამოხატულ კეთილგანწყობას და სულ უფრო რწმუნდებოდა, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გადაცემაში სტუმრობა იმ კუთხით, რომ უკანასკნელი ძალები მოეკრიბა და სტარტი აეღო სირთულეებით დახუნძლულ აღმართზე ასასვლელად.
წამყვანის ბოლო კითხვა, რა იყო სარას მიზანი და სამომავლო ნაბიჯები, ყველაზე დამაინტრიგებლად გაისმა. არც დაფიქრებულა, მაშინვე მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა, როგორც კი ფინანსურად წელს მოვიმაგრებ, აუცილებლად მივმართავ ყველა საშუალებას, სამართალი აღვადგინოო.
მისმა დამაჯერებელმა გამოსვლამ დარბაზში მყოფი ანა სიამაყის გრძნობით აავსო და აატირა, მაგრამ სულაც არ ეტირებოდა სარას, როგორც არასდროს, მტკიცე და საოცრად ურყევი იყო.

***
გადაცემის დასრულებისთანავე წამყვანმა სტუდია დატოვა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში სულის მოსათქმელად გავიდა. მაგიდას ხელის მტევნებით დაეყრდნო, თავი დახარა და ღრმად სუნთქავდა.
-შეიძლება, ერთი კითხვა დაგისვა?- ახალგაზრდა ოპერატორი მამაკაცი ზედმეტი ფამილიარობით წამოადგა თავზე და მაცივრიდან გამოღებული წყლის ბოთლი მიაწოდა.
ვივიენმა სასწრაფოდ გახსნა, ცივი სითხე გახურებულ სხეულში ჩაუშვა და ოპერატორს შეხედა:
-გისმენ.
-უარეს პრობლემებზეც გაგიკეთებია გადაცემა, მაგრამ პირველად მახსოვს, ასე ატირებულიყავი. რამე მოხდა?
ქალს მწარედ ჩაეცინა:
-გგონია, რომ გულწრფელი ვიყავი?
-შენი ცრემლები არ ტყუოდნენ.
- როცა არაფერი გესმის დრამატურგიის, რეჟისურის და სამსახიობო ხელოვნების შესახებ, სიტყვაც არ უნდა ამოიღო. ჩემს გადაცემაში ჟურნალისტიკასთან ერთად სამივეს თავად ვუძღვები. ასე, რომ მორჩი ცნობისმოყვარე ბავშვის როლის თამაშს და მარტო დამტოვე!
-ყოველთვის თავშეკავებული ხარ და შენი ატირება ასე იოლი არ არის.
-რა პასუხიც გაგეცი, ის იკმარე და ეგ აზრები, შენთვის შეინახე!
-თუ რამე ზედმეტი მომივიდა, მაპატიე,- მამაკაცი უხერხულობისგან შეიშმუშნა და ვივიენს გაეცალა.
ქალმა ამოიხვნეშა, მაგიდის ქვეშ შედგმული სკამი ჩამოსაჯდომად გამოსწია და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩა.
მისი მდგომარეობით შეწუხებულები ფიქრობდნენ, ვივიენი თავს ცუდად გრძნობდა და მოწიწებული ტონით სთავაზობდნენ დახმარებას. ყველას ამშვიდებდა, კარგად ვარ და ნუ წუხდებითო. კარგად ყოფნის არაფერი ეტყობოდა, მაგრამ საკუთარი თავის პატრონობა წლების განმავლობაში გამომუშავებულ ჩვევად ჰქონდა და სხვებს არაფრის დიდებით მოახვევდა თავზე პრობლემებს.
აღელვება სადღაც მიჩქმალა, საცავებში შემორჩენილ მხნეობას ხელი დაავლო, ფეხზე წამოდგა და სასწრაფოდ ტელევიზიის შენობა დატოვა. ლიფტით მანქანების სადგომზე ჩავიდა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ავტომობილებით სავსე რიგებს.
-ვივიენ!- უკან დაედევნა სარა.
ქალი გაჩერდა და ტუჩების კვნეტით შეხედა.
-მადლობელი ვარ! ამ პატივისცემას არასოდეს დაგივიწყებ!
ვივიენმა მხოლოდ თავი დაუკრა და გზა განაგრძო.

***
ახალ გარემოში მოხვედრილი სარა შრომისმოყვარეობის წყალობით, თანდათან წარმატებით იმკვიდრებდა სახელს ტელევიზიაში. მალე სრული სამუშაო გრაფიკით დასაქმდა და ბევრი დადებითი თვისების გამო, ირგვლივ მყოფებისგან ნდობა და სიყვარულიც დაიმსახურა. ყველაზე მეტად მასთან საიდუმლოდ ნათქვამი სიტყვების გაუთქმელობას და გულისხმიერებას აფასებდნენ. ხშირად ნახავდით ფინჯან ყავაზე მსმენელის მდგომარეობაში მყოფს, რომელსაც ამა თუ იმ თემაზე ნაწყენი თანამშრომლების ნუგეში უწევდა და მიუხედავად იმისა, მათზე უარეს ხასიათზეც ყოფილა, არასდროს ეუბნებოდა უარს მწუხარების ჟამს მათი გასაჭირის თანამოზიარე ყოფილიყო.
სწორედ ამ მიზეზის გამო, ყველას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ერთ დღეს მშვიდი, გაწონასწორებული სარა ჰოროვიჩი წყობიდან გამოსული და ერთ-ერთ წამყვანთან ტორეადორისგან გაღიზიანებული ხარივით რქებით შემსკდარი იხილეს. მოგვიანებით გაირკვა, სარას აღელვება ვივიენ კარტერზე აგდებულად ნათქვამ სიტყვებს გამოეწვია. სწორედ ეს არ აპატია მასთან მაკიაჟის გასაკეთებლად შესულ, მოლაყბე თანამშრომელს და უარი უთხრა მომსახურებაზე.
ამბავმა ვივიენამდეც მიაღწია და ვიდრე დირექტორთან სერიოზული გარჩევა მოჰყვებოდა, ტელევიზიის გარეთ, პატარა, მყუდრო რესტორანში სალაპარაკოდ დაიბარა:
-პირდაპირ გეტყვი, რა ამბავიც დღეს ტელევიზიაში ატეხე, არ მომეწონა.
-მე მაქვს უფლება, ვიღაცას დავეთანხმო, ან არ დავეთანხმო.
-რა თქმა უნდა, გაქვს, მაგრამ რაც შენს სამუშაო მოვალეობაში შედის, ის აუცილებლად უნდა გააკეთო და სამსახური არ დააზარალო.
-მდგომარეობიდან გამომიყვანა.
-მესმის. ყველას გვქონია ასეთი მომენტები, მაგრამ ძალიან გთხოვ, როცა საქმე სამსახურს ეხება, ფრთხილად იყავი და პირადი მოსაზრებები შენთვის შეინახე.
-მან ცინიზმით მოგიხსენიათ.
-არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველას ერთნაირად მოსწონს. არც ის იქნება მართებული, ადამიანები აზროვნებით ერთმანეთს დაემსგავსნონ და განსხვავებული აზრი არ გააჩნდეთ. მარტივად აგიხსნი, მე ბეისბოლი მიყვარს და შეიძლება ამ რესტორნის მენეჯერს - გოლფი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, გოლფის მოყვარული მენეჯერი გაწბილებული მოვიდეს და როგორც ბეისბოლის მოყვარული, აქედან მიმაბრძანოს.
-გემოვნება სხვა ამბავია, ის თქვენ დაგცინოდათ.
-თუ რამეა, თავის დაცვა არავისგან მესწავლება, ნუ ჯავრობ.
-ყველანაირ სათქმელს მიჭრით.
-შეცდომა დაუშვი და აღიარება უნდა შეგეძლოს.
-ვაღიარებ, მაგრამ მომხდართან დაკავშირებით განმარტებასაც ვაკეთებ.
-მხოლოდ ჩემთან არა, ეს ლინდასთანაც უნდა აღიარო და თუ საჭიროა, ბოდიშიც უნდა მოუხადო.
-ბოდიშს არ მოვუხდი!
-სარა! -ხმას აუწია ვივიენმა,- ასე ფონს ვერ გახვალ. მას ათ წუთში ახალი ამბები უნდა წაეყვანა, შენ კი რა დამართე?
-ღირსი იყო.
-ვთქვათ ღირსი იყო, მაგრამ შენ ტელევიზიის იმიჯს აყენებდი ზიანს და სამსახურს ღალატობდი. ეს არ გეპატიება!
-როგორც ვიცი, ხვალ ტელევიზიის დირექტორი შვებულებიდან ბრუნდება. ვნახავ და ვეტყვი, რომ ჩემს საქციელს ვნანობ და იგივე აღარასოდეს განმეორდება.
-სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ლინდა? რა დააშავა მილიონობით მაყურებელმა, რომელსაც დღეს მისი მოუწესრიგებელი და უჟმური სიფათის ყურება მოუხდა?
სარას ვივიენის სიტყვებზე გულიანად გაეცინა:
-ნუ აზვიადებთ, ბრინდამ იზრუნა მის სილამაზეზე.
-ბრინდამ რომ იზრუნა და არა შენ, ამიტომ ვთქვი.
-მართლა უშნოდ გამოიყურებოდა? მე არ მინახავს.
-რა ვიცი, მე ასე მომეჩვენა, ან ვინც აუგად მომიხსენიებს, იმ დღეს ყველა ასე მეჩვენება,- მხრები აიჩეჩა ვივიენმა.
სარამ ვერც ახლა შეიკავა თავი და სიცილი აუტყდა.
-შემპირდი, რომ ხვალიდან იმ ქალბატონს ბოდიშს მოუხდი, მოემსახურები და მის გამოხტომებზე ასეთი სახის მწვავე რეაქციები აღარ გექნება.
-შევეცდები.
-შემპირდი-თქო!
სარა ცოტა ხნით ორჭოფობდა. ბოლოს თავი დაუქნია და თანხმობა გამოხატა:
-თქვენი გულისთვის!
-მე კი მინდა, ამას არა ჩემი, არამედ შენი გულისთვის აკეთებდე.
-ამ ეტაპზე მეტს ვერ შევძლებ.
-ჯიუტიც ყოფილხარ,- ბოკალი აიღო და შუშხუნა ღვინო მოწრუპა.
-ჩემს სიჯიუტეს უნდა ვუმადლოდე, რომ დღეს თქვენს გვერდით ვარ.
-დავიჯერო, შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ?
-ჩემი შინაგანი ხმა და ალღო მკარნახობდა, რომ თქვენ იქნებოდით ის წერტილი, საიდანაც მომავალი ცხოვრების გეგმას დავწერდი.
ვივიენისთვის ეს პასუხი ყოველმხრივ მოულოდნელი აღმოჩნდა:
-რატომ მაინცდამაინც მე?
-რაც უფრო გაუხსნელი და მიზანდასახულია ადამიანი, მით უფრო გამოსდის ჩაფიქრებულისთვის ხორცის შესხმა. ასეთები საინტერესოებიც არიან და მაგნიტურად იზიდავენ ადამიანებს. ჩემს თვალში თქვენ ყოველთვის ძლიერი, მიზანდასახული და უდრეკი ხასიათის ჩანდით. მე კი ასეთებისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია.
-და მე რომ აღარ მიზიდავენ ადამიანები და ყველას მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული? ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?
-მეგობრები არ გყავთ?
ვივიენმა შუბლი შეკრა და პასუხი დაუგვიანა:
-სიტყვად და სახელად ბევრი, თუმცა რაწამს ჩემი სახელი გაქრება, ისინიც მიწაში ჩაჟონილი წვიმის წყალივით გაქრებიან. ეს ამ დამპალი სამყაროს კანონია და გვინდა თუ არა, ადამიანები ვემორჩილებით.
-თქვენ მართლა გქონიათ ადამიანების მიმართ ნდობა დაკარგული.
-ადამიანები ყველაზე საშინელი არსებები არიან, ვისაც შეუძლიათ უმიზეზოდ გატკინონ, სახელი შეგიბღალონ, გადაგიარონ, ჯვარზე გაგაკრან, ჭიანჭველასავით გაგსრისონ, ჩაგქოლონ და სული წამებით ამოგხადონ. ზოგჯერ გაუცნობიერებლად, მაგრამ თავადაც ასე ექცევიან საკუთარ თავებს. ისინი ყველაზე დაუნდობელ ხორციელ ქმნილებებს წარმოადგენენ. მათი შემყურე, ყოველდღე ვიჯერებ, რომ სიყვარული კვდება და ღმერთი მარცხდება.
-მე კი მგონია, არასწორი შეხედულებები გაქვთ მათზე. ნამდვილი და სიყვარულით სავსე ადამიანებიც არსებობენ. რამ შთაგაგონათ, ასეთი აზრი?
-წარსულის გაკვეთილებმა!..
-იქნებ არასწორ ადამიანებთან მოხვდით?
-არ გამოვრიცხავ,- ყელზე შემოხვეული თმა გაისწორა და მოშიებულმა ორაგულის სტეიკს დანა-ჩანგლით პატარა ნაწილი ჩამოაჭრა.
-თუ ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამითვლით, იცით, რა მაინტერესებს?
-მკითხე.
-თავისუფალ დროს სად და რითი ერთობით?
-რატომ გაინტერესებს, ვერ მივხვდი.
-თუკი ვიღაც შენთვის ბევრ რამეში მისაბაძი მაგალითია და პირადი ცხოვრების შესახებ ინტერვიუებში სიტყვაძუნწობს, მაშინ ჩემი დასმული კითხვაც ადეკვატურია.
-ვივიენ კარტერს ხშირად ნახავ ბარებსა და პაბებში, სპორტულ ღონისძიებებზე, წვეულებებზე, ან ბუნებაში.
-ბუნება მეც მიყვარს.
-ბუნების სიყვარული წილად მამაჩემისგან მერგო. პატარა რომ ვიყავი, ხშირად დავდიოდით ცხენებით მთებში და იქიდან მოვაკებულ და დასახლებულ ბარს გადმოვცქეროდით. მიყვარდა, როდესაც ადამიანებს სიმაღლიდან დავყურებდი. ისინი იქ ვერ მწვდებოდნენ და არაფერს მიშავებდნენ. მე კი თავს ყველაზე დაცულად სიმაღლეზე ყოფნით ვგრძნობდი, სილაღეც მემატებოდა და ძალაც. ბავშვობა ყოველთვის იკირება ჩვენს მეხსიერებაში. შემდეგ ვცდილობთ, იმდროინდელი მოგონებები წლების შემდეგაც გავაცოცხლოთ და ადრინდელი სიხალისე დავიბრუნოთ.
-ვის გაურბოდით?
-ბრაზიან მასწავლებლებს, გულისგამაწვრილებელ მეზობლებს, შურიან თანატოლებს, გრძელცხვირა და გაუცინარ მაღაზიის მეპატრონეს, რომელიც მუდამ ჯიბრში გვედგა, მაღაზიის გვერდზე თამაშს გვიშლიდა და გამყინავი ხმით დაგვკიოდა, რომ დავშლილიყავით. -ამ უკანასკნელის ხსენებაზე პირზე ღიმილი მოადგა.
-ვატყობ, მაღაზიის მეპატრონეზე ბევრი გასახსენებელი გექნებათ.
-ყველაზე მეტად მე ვერ მიტანდა.
-რატომ?
-ერთხელ ვუთხარი, ტოტივით გრძელი ცხვირი გაქვს-მეთქი და დავეჭყანე.
სარა ისე აკისკისდა, ვივიენსაც გადაედო და აიყოლია:
-ბავშვობიდან ენამახვილი ყოფილხართ.
-ასე გამოდის.
-ცხენებზე ჯირითი ახლაც გიყვართ?
-ორი ცხენი მყავს, ხშირად ვაკითხავ და მათთან ერთად ბუნებაში ვიჭრები.
-ორი რატომ?
-ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობის მოგონებებში ორი ცხენი ცოცხლობს... მათთან ერთად ყველაზე ბედნიერი ვარ. სხვათაშორის, ხვალ ვაპირებ მონახულებას. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია, იპოთერაპიის მიღებაში შემომიერთდე.
-მე?
-ჰო, არ მითხრა, რომ ცხენების გეშინია.
-არა... უბრალოდ... - პასუხის გაცემა გაუჭირდა. ბოლოს როგორც იქნა, სათქმელს თავი მოაბა,-ცხენზე ჯირითი რომ არ ვიცი? ახლოდანაც კი არ მინახავს.
-ეგ არაფერი. მე გასწავლი მათთან მოპყრობას და ჯირითის სპეციფიკასაც.
-მართლა?- თვალები აუციმციმდა სარას.
-წამოხვალ, თუ არა?
-წამოვალ!
იმ საღამოს ვივიენი წვეთ-წვეთობით ამჟღავნებდა საკუთარ სახეს. არავინ იცის, ეს ამბავი მოსაუბრის ჯადოსნური აურის დამსახურება იყო, თუ სხვა ფაქტორის, მაგრამ ცხადი იყო, სარა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელთანაც ვივიენმა წარსულის ფოტოალბომიდან რამდენიმე სურათის ჩვენება და მასთან ერთად მეორე დღის გატარება მოიწადინა.

***
მეორე დღეს ვივიენის ავტომობილი გადატვირთული მეგაპოლისის აურზაურს უკან იტოვებდა და პენსილვანიის შტატის მთიანეთში მიაპობდა გზას. რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ უზარმაზარ, ხის ღობეებით შემოვლებულ ტერიტორიას მიადგნენ. სარას სიმწვანეში ჩაფლული საჯინიბოს დანახვაზე ენით აუწერელი სიამოვნება დაეუფლა და მოლოდინებით აღვსილი გაეშურა ცხენებთან პირისპირ შესახვედრად.
-მოდი, პირველად ტობის გაგაცნობ,- საჯინიბოს კარი გააღო ვივიენმა და სარა შეიპატიჟა.
შავი ულაყი მისთვის განკუთვნილ ბაგაში იდგა და შვრიას შეექცეოდა. როგორც კი პატრონი დაინახა, მიწაზე ფლოქვების ბაკუნი ატეხა.
-მოგენატრე, ტობი?- ხელი გადაუსვა და თბილად გაუღიმა,- მეც მომენატრე, შავო ბიჭო,- ბაგიდან გამოიყვანა და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.
ცხენმა სარას დანახვაზე თვალის გუგების ტრიალი დაიწყო.
-ეს სარაა, შენს გასაცნობად მოვიდა. აბა, ვაჩვენოთ როგორი მასპინძლები ვართ,- ისე ელაპარაკებოდა, თითქოს ისიც ადამიანების მოდგმიდან იყო.
-შეიძლება, ხელით შევეხო?- გამბედაობა მოიკრიბა სარამ და ცხოველის მიმართ შიშის დაძლევა დაიწყო.
-მომიახლოვდი და ხელი ფაფარზე დაუსვი. ესეც მიგეჩვევა.
სარა ნელა მიუახლოვდა და ვივიენს შეხედა.
-არ შეგეშინდეს, გაწვრთნილია. თამამად მოიქეცი!-გვერდზე გაიწია და სარა ცხენთან მიუშვა.
ტობიმ ზედა ტუჩი მაღლა ასწია და დაყნოსა.
-არ მიკბინოს,- უკან დაიხია სარა.
-ნახე, კუდს უკან წევს, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგ ხასიათზეა. რატომ უნდა გიკბინოს?
-არ ვიცი,- მღელვარებით თქვა და ცხენს ისევ მიუახლოვდა.
-მოდი, მარგალიტასაც გაგაცნობ, მერე შევკაზმოთ და ჩორთით სიარულს გასწავლი.
-დღესვე?-შეიცხადა სარამ.
-რაღას უნდა ელოდო?
-ჰო, მგონი მართალი ხართ,- ჩუმად თქვა და უკან გაჰყვა,- მარგალიტა რატომ ჰქვია?
ვივიენი თეთრ ფაშატს მიუახლოვდა და მასაც თბილად მიესალმა, შემდეგ სარას შეუბრუნდა და პასუხად დაუბრუნა, თეთრი მარგალიტივით ლამაზი და ქათქათაა და ამიტომო.
ცხენმა ვივიენის დანახვაზე კუნტრუში ატეხა. ტობის მსგავსად, სარა კარგად მიიღო და ცოტა ხანში მასთან ერთად შემოღობილ ტერიტორიაში დაიწყო სიარული.
-კარგად აითვისე. ცუდი მოსწავლე არ ჩანხარ. რამდენჯერმე მოსვლა დაგჭირდება და გააჭენებ კიდეც,- ვივიენმა ცხენზე მჯდომ სარას ახედა და შეაქო.
-თავადაც არ მჯერა, რომ გამომივიდა,- უხაროდა სარას.
-მე რომც არ ვიყო, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე და ჩემი ცხენით ისარგებლო.
-მართლა?
-დღესვე გავაფრთხილებ საჯინიბოში მომუშავეებს და როდესაც მოსვლას გადაწყვეტ, პრობლემას არ შეგიქმნიან.
-მადლობა.
-არაფრის.
-დიდი ხანია ტობი გიცდით, თქვენ კი თითქმის დღის ნახევარი ჩემთან გალიეთ. ნუღარ ალოდინებთ, არაფერი მიჭირს, აქ დავრჩები და ვისეირნებ.
-ცოტაც და ტობისთვისაც მოვიცლი.
-ვივიენ, თქვენი ისედაც მადლიერი ვარ. გთხოვთ, თავს უხერხულად ნუ მაგრძნობინებთ. მაინტერესებს, ცხენს როგორ აჭენებთ. წადით. მე შორიდან გადევნებთ თვალს.
-დარწმუნებული ხარ, რომ დახმარება აღარ გჭირდება?
-აბსოლუტურად. ბოლოსდაბოლოს, დამოუკიდებლად, სხვისი ზედამხედველობის გარეშე მინდა ცხენთან დავრჩე და ზოგი რამ ჩემით ვისწავლო.
ვივიენმა სარას თავისუფლება მისცა და ტობისკენ გაეშურა. ულაყს მოახტა და შემოღობილ ტერიტორიას ჯერ ნელი სიარულით გასცდა, შემდეგ აუჩქარა და ჭენებით აუყვა მთის ფერდობებს.
სარა ხელით იჩრდილავდა და თვალს ძლივს აწვდენდა ტობისთან ერთად მყოფ ვივიენს. მალე შერეულ ტყეში გაუჩინარდა და კარგა ხნით გადაიკარგა. იდუმალებით მოცული ქალბატონი მაშინ გამოჩნდა, როდესაც მთის წვერზე ავიდა და იქიდან გადმოდგა.

***
ვივიენისთვის მიცემული სიტყვა სარამ პირნათლად შეასრულა. ლინდასთან ურთიერთობა დაალაგა, დირექტორსაც დაელაპარაკა და ყველაფერმა ჩვეული რეჟიმით გააგრძელა არსებობა. მშვიდი ატმოსფერო სუფევდა პირად ცხოვრებაშიც, თუ არ ჩავთვლით ბოლო დროს უჩვეულო შინაგან არეულობას და შფოთვას, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. ეს მდგომარეობა ხან გადაღლილობას დააბრალა, ხან მარტოობის განცდას და მაქსიმალურად ცდილობდა, თავი ხანმოკლე გასართობებით შეექცია, მაგრამ არაფერი შველოდა.
ერთ საღამოს, ჰასიდების უბანში გავლა და მონატრებულ ქუჩებში ხეტიალი მოინდომა. დადიოდა უილიამსბურგის ქუჩებში, ყურადღებით ათვალიერებდა მაღაზიებს, რესტორნებს, საცხობებს, სკოლის შენობებს, სახლებს და სევდა ნისლად აწვებოდა თვალებზე.
-რა იქნება, სადმე შვილებს, დედ-მამას და ძმებს გადავეყარო,- ფიქრობდა და მათთან ერთად გატარებულ ბედნიერ წუთებს იხსენებდა.
დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ფეხებში ტკივილი იგრძნო, გაჩერდა და ცას ახედა. ერთბაშად მოსული აზრები ნატვრად გააერთიანა და ზეცაში გაგზავნა. ვინ მოსთვლის, რამდენი რამ ჩაატია უხილავ აბსტრაქციაში, რომელიც უბნის დატოვების დღიდან ყელზე მარყუჟივით უჭერდა. სამწუხაროდ, ეს იყო საზღაური მისი თავისუფლებისა...
სახლში წასვლას არ ჩქარობდა, ფეხს ითრევდა და დროს წელავდა. არ უყვარდა გაციებულ კედლებში ყოფნა, რომლებიც ესთერისა და იაკობის წასვლის მერე ვერაფრით გაეთბო.
კიდევ იდგებოდა ნაცნობი უბნის ნოსტალგიით შეპყრობილი და იქიდან წასვლას არ იჩქარებდა, რომ არა დედამისის ზარი, რომელმაც ფიქრებში წასული შეაფხიზლა. სახლის ტელეფონის ნომერი მაშინვე იცნო და გაუკვირდა. იცოდა, სერიოზული მიზეზის გარეშე არ დაურეკავდნენ. ერთ წამში რა აღარ გაივლო გონებაში. ტვინიდან წამოსულმა შიშმა ხერხემალში ჩააღწია და წამებში მთელ სხეულს მოედო. ეკრანს თითი გადაუსვა და ძლივს უპასუხა. ქალს არც მოუკითხავს, მაშინვე სათქმელზე გადავიდა და ესთერის საავადმყოფოში გადაყვანის ამბავი შეატყობინა:
-ბავშვი ეზოში თამაშის დროს ველოსიპედიდან გადავარდა, დაეცა და თვალი დაიშავა. საავადმყოფოში ვართ, ექიმებს საოპერაციოში ჰყავთ შეყვანილი და ყველა ღონეს მიმართავენ, რომ მხედველობა შეუნარჩუნდეს. ბევრს ტირის, გახსენებს. მეტი არ ვიცი, რა ვთქვა.
სარას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, მუხლებზე დაემხო და მთელი სხეული აუკანკალდა. ძლივს შეძლო ტელეფონის ხელში აღება და საუბრის გაგრძელება:
-მითხარი, რომელ საავადმყოფოში ხართ?
როგორც კი დედამისმა მისამართი გაუმხილა, თავზარდაცემული შურდულივით მოწყდა იქაურობას.

***
საავადმყოფოს დერეფნები ქარიშხალივით გადაიარა და გულამოვარდნილი ჩამოდგა ყოფილ ოჯახის წევრებთან. ნეითანმა ერთხელ გახედა და სხვაგან გადაინაცვლა, არაფერი უთქვამს. სარა დედამისს მიუბრუნდა და ყველაფერი გამოჰკითხა. ვითარება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა- ბავშვს ბადურა ჰქონდა აღსადგენი და ამ საშინელებას თავის ტვინის მცირედი ტრავმული დაზიანებაც ერთვოდა. ახლა ყველაფერი ექიმების პროფესიონალიზმზე იყო დამოკიდებული.
დრო საშინლად იწელებოდა. სარა შინაგანად იშლებოდა და ფიტულს ემსგავსებოდა. ვერც შეამჩნია, როგორ თანდათან შემოეცალნენ მასთან ახლოს მდგომები და ნეითანისკენ გადაინაცვლეს. გონს რომ მოვიდა, ყველას ერთად გააწვდინა თვალი და სიმწრისგან ჩაეცინა.
იდგა მარტოდ და სიცარიელე უფრო დიდი ეჩვენებოდა, ვიდრე არასდროს. მასში შემოჭრილი ახალი ტკივილი ბასრი დანასავით უსერავდა ასჯერ დადაგულ გულს.
საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა კარგი ამბავი გამოიტანა. მხედველობა აუცილებლად შეუნარჩუნდება, თუმცა საჭირო გახდება განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაო. მეორე ოპერაციას ვინ ჩიოდა? ბავშვის კარგად ყოფნისთვის გამჩენს მადლობას სწირავდნენ.
სარამ შვებით ამოისუნთქა. ექიმს სალაპარაკოდ ჩამოუდგა და ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ მის წინ კითხვების კასკადი აღმართა. დამაიმედებელი პასუხები რომ მიიღო და მკურნალობის გაგრძელების სხვა დეტალებიც მოისმინა, ადამიანის სახე დაიბრუნა.

***
-შვილთან უნდა შევიდე!- პირდაპირ მიახალა სათქმელი ნეითანს და პალატაში გადაყვანილი ბავშვისკენ გაიწია.
ნეითანმა თავი გააქნია:
-ვერ შეგიშვებ!
-რატომ?!- ხმა გაიმკაცრა ქალმა.
-ესთერს ის ტკივილიც ეყოფა, რასაც განიცდის. საკმარისია! ნუღარ დაუმატებ.
-მე ის მკითხულობდა. არ გაქვს უფლება, მასთან შესვლა დამიშალო.
-მაქვს.
-ვერ შემაჩერებ!-გვერდი აუქცია და კარების სახელური დასწია.
ნეითანმა კარი დახურა და ცივად უთხრა:
-წადი! ის კარგად არის. მე ვიზრუნებ მის გამოჯანმრთელებაზე. აქ არაფერი გესაქმება.
სარას სხეული გაუხურდა და თვალები ცრემლით აევსო:
-მესმის, ჩემზე გაბრაზებული ხარ, ნეითან და სამაგიეროს მიხდი. მაპატიე, თუ რამე გაწყენინე და გული გატკინე. მერწმუნე, ტყუილში ცხოვრებას ასე სჯობდა. ვიცი, ახლა ამის სალაპარაკო დრო არ არის, მაგრამ მე არასოდეს ვეკუთვნოდი ჰასიდებს. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ვინც მეძვირფასებოდა, დღეს არავინ გვერდში აღარ მყავს. გგონია, ეს იოლი ასატანია? ამას გარდა, შენ არ ხარ დედა და ვერ გამიგებ რას განვიცდი შვილების გარეშე გატარებული თითოეული დღისთვის. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ მიჭირს მათ რომ ვერ ვხედავ და ვეღარ ვეხები. ან შემიშვებ ჩემს გოგონასთან, ან მომკლავ. მხოლოდ ასე თუ შემაჩერებ.
ნეითანს სარას სიტყვებმა გული ვერ მოულბო, მაინც არ უნდოდა, ბავშვის სანახავად შეეშვა. ბოლოს საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა და ესთერის გამო გვერდზე გადგა.
სარა პალატაში შევიდა და შვილის საწოლს მიუახლოვდა. ბავშვს ცალ თვალზე სახვევი ჰქონდა, მეორეს სუსტად ახამხამებდა. როგორც კი დედა დაინახა, დაღლილი სახე ღიმილმა გაუპო და დაბალ ხმაზე წარმოთქვა:
-დედიკო, გელოდებოდი.
-აქ ვარ, პატარავ, - შუბლზე და ლოყაზე ცხელი ტუჩები დაადო და სათითაოდ დაუკოცნა ხელის თითები.
-თვალი მეტკინა.
-ვიცი, სიხარულო. ხომ არ შეშინდი?
-სისხლი რომ დავინახე, ძალიან შემეშინდა.
-იცი, აქ როგორი კარგი და კეთილი ექიმები მუშაობენ? გიმკურნალებენ, ტკივილებს მოგიხსნიან და მალე სახლში წაგიყვანთ.
-დედააა.
-რაო, საყვარელო?
-ამ თვალიდან ვერაფერს ვხედავ,- თითი სახვევთან მიიტანა.
-ნუ გეშინია. ავად გახდა შენი ცქრიალა თვალი და ცოტა დაველოდოთ, კარგად გახდება და ისევ დაინახავ. გახსოვს თოჯინა კრისტი? ისიც ბევრჯერ გაგვიხდა ავად, მაგრამ ვუმკურნალეთ, მოვუარეთ და ფეხზე დავაყენეთ. ასე იქნება შენს შემთხვევაშიც.
-დედააა.
-ჰო, ჩემო ჭრიჭინავ.
-ჩემთან დარჩი.
-შენთან ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ.
ბავშვმა თვალი მილულა. შემდეგ რაღაც გაახსენდა და თავი შეიფხიზლა:
-დედააა.
-გისმენ, ესთერ.
-კურდღელი დეიზი სად არის?
ქალმა ირგვლივ მიმოიხედა და ბავშვის საყვარელ სათამაშო რომ ვერსად ნახა, დაამშვიდა:
-კურდღელი დეიზი სტაფილოს საყიდლად გაიქცა. იყიდის, შეახრამუნებს და შენთან გამოიქცევა.
-მალე მოვა?
-სანამ შენ გამოიძინებ, გპირდები, ქალბატონ დეიზის პალატაში მოვაბრძანებ და თვალს როცა გაახელ, საწოლზე წამოსკუპებული დაგხვდება.
გოგონას სუსტად გაეცინა და თვალი დახუჭა. ცოტა ხანში, ძილმა წაიღო.
სარამ შვილს საწოლის თეთრეული შეუსწორა და ჩაძინებულს თითებით მიუალერსა. ესთერის წარმოთქმული „დედააა“ ისევ ცხადად ჩაესმოდა ყურებში და ცრემლებს ძლივს იკავებდა. რამდენ რამეს დასთმობდა, რომ ეს სანატრელი „დედააა“ კიდევ ბევრჯერ გაეგონა.

***
სარას მხოლოდ იმ დღეს არ მოუხდა ნეითანთან შეჭიდება. ყოველი მისვლა და ესთერის პალატაში შესვლა ნერვების ფასად უჯდებოდა, მაგრამ პოზიციებს მაინც არ თმობდა, შეუძლებელსაც ხელს აწერდა და შვილისთვის მიცემულ დაპირებას ყოველ მიზეზგარეშე ასრულებდა.
პალატაში ყოფნის დრო რომ ეწურებოდა, გაშმაგებული ნეითანი მის გასაძევებლად ოთახში შედიოდა, მაგრამ როგორც კი მოსიყვარულე დედა-შვილს თავზე წამოადგებოდა, უკან იხევდა.

***
მეორე ოპერაციაც წარმატებით დასრულდა და გამოჯანმრთელება წინ სწრაფი ტემპით მიიწევდა. სარა კვლავ განაგრძობდა საავადმყოფოში სიარულს და სახეგაბრწყინებული შვილის ყურება მთელ სიცოცხლედ უღირდა.
საბოლოოდ ყოფილი მეუღლის საქციელებით შეწუხებულმა ნეითანმა პალატიდან გამოსული შეაჩერა და სერიოზული სახით გამოუცხადა:
-თუ ბავშვებთან ყოფნა გინდოდა, სხვანაირად მოიქცეოდი. ესთერს ისევ თავს აჩვევ. ვერც კი ხვდები, ამით უფრო გაუჭირდება უშენობა და უარეს დღეში აღმოჩნდება. ჩემიც უნდა გესმოდეს. უკვე ნამეტანი მოგდის და თემიც ღიზიანდება. ნუ სარგებლობ იმ ფაქტით, რომ შვილის გულისთვის ბევრ რამეზე ვხუჭავ თვალს. კარგად იცი, თუ მოვინდომე, სამართალდამცავების ძალით, ნერვის შეურხევლად შემიძლია, საავადმყოფო დაგატოვებინო. ასე, რომ აქედან მიბრძანდი და მეორეჯერ აქ ფეხმოდგმული არ გნახო!
-რატომ მიგვიყვანე ამ მდგომარეობამდე შვილები და მე, ნეითან? შეგეძლო, საქმე ისე წაგემართა სასამართლოში, ერთმანეთის ნახვის უფლება მაინც გვქონოდა.
-არავის ახსნა-განმარტება არ გჭირდება, რომ ჩვენი რელიგია ვერასოდეს შეირწყავს ცვლილებებს. ბავშვებს გონებას უწამლავდი, არარელიგიურად ზრდიდი და შენი ჯიუტი ხასიათის წყალობით, სამარცხვინოდ იქცეოდი.
-უღირსი ადამიანი გამოგყავარ. არადა, ასე არ არის.
-ზედმეტს ნუღარ მალაპარაკებ! დროა გააცნობიერო, რომ დედა აღარ გქვია! - მამაკაცმა აგდებულად უთხრა და მის მიმართ ზიზღი მოერია.
სარა სიბრაზისგან წამოწითლდა და მაქსიმალურად სცადა, წყობიდან არ გამოსულიყო:
-მოვა დრო და დედის სტატუსს დავიბრუნებ. ეს სიტყვები დაიმახსოვრე!
-როგორც შენ ბრძანებ.
ქალი სალაპარაკოდ აღარ გაუჩერდა და გულნატკენმა დატოვა იქაურობა.
იმ დღის შემდეგ საავადმყოფოში არ მისულა, დედისგან იგებდა სიახლეებს და დროებით ამ სიტუაციას სჯერდებოდა.
ესთერი საავადმყოფოდან მალე გამოწერეს.
დედამისისგან მიღებული ზარები მაშინვე შეწყდა და თემიდან მოკვეთილი სარას ცხოვრება უწინდებურ რეჟიმს დაუბრუნდა.
ესთერისა და სარას დროებით აღდგენილმა ურთიერთობამ თავის ნაყოფი გამოიღო და დედის გრძნობებად დანთხეულმა ფერებმა ტილოზე მორიგი შედევრი შექმნეს. ცის თაღებზე ჩამოკიდებულ ჰამაკზე უზარმაზარი ზღვის ნიჟარიდან გადმოსული დედა-შვილი ჰაეროვან, ვარდისფერ კაბებში გამოწყობილი ჩამჯდარიყვნენ და სანთელივით ჩაღვრილი სიყვარულით გამთბარ გარემოში ირწეოდნენ. ორივე მშვიდი იყო. გარშემო არსებული მზისფერი სამყაროც მათ ესალბუნებოდა.

***
-კომპანიამ, რომელსაც შენი ნამუშევრები ერთი თვის წინ გადავუგზავნე, თანხმობის წერილი გამომიგზავნა, სარა. საშუალება გეძლევა, ქალაქის ცნობილ გალერეაში, როგორიც დამბოს „Art Space Beneath Bridge”-ია, სხვა მხატვრებთან ერთად წარდგე და სამხატვრო კარიერაში სერიოზული ძვრები მოახდინო. გესმის ეს რას ნიშნავს?- გულაღტყინებულმა ანამ თავის მეგობარს ახალი ამბავი აცნობა.
-მოიცა, ვერაფერი გავიგე. კარგად ამიხსენი.
-რა ვერ გაიგე? დღეს ბრუკლინის გალერეა, ხვალ მანჰეტენის, ზეგ მაიამის, მაზეგ სან-ფრანცისკოსი. ასე მოედები და დაიპყრობ მთელ ამერიკას.
-დაწყნარდი და გამაგებინე, რა ხდება?
-ორ კვირაში მე და შენ ჩვენი ნამუშევრებით სხვადასხვა მხატვრებთან ერთად ერთ საგამოფენო სივრცეში წარვდგებით.
სარას სიხარულისგან სახე გაებადრა და გულმა გამალებული ფეთქვა დაუწყო:
-დაუჯერებელია.
-უნდა დაიჯერო! ოცნებები ხდება, მეგობარო.
-შემახსენე, როდის არის გამოფენა?
-სამ კვირაში.
-მოსამზადებელი დრო საკმარისად გვაქვს. ეს ის არის, რისთვისაც დაიბადე, სარა. შენი სიტყვის სათქმელად ყველაფერი უნდა გააკეთო.
-არ ვარ უარს, ანა, თუმცა ვაღიარებ, ადვილი არ იქნება ამდენი ხელოვნების მოყვარულის წინაშე წარვდგე.
-ვერ წარმოიდგენ, როდესაც შენი ნამუშევრებით აღფრთოვანებული მნახველი მათ წინ დგას, აკვირდება, ფიქრობს და იქ აღბეჭდილს ითავისებს, როგორი სასიამოვნო პროცესია.
-შენთვის კი, მიჩვეული ხარ, მაგრამ მე?
-ერთი რამ დაიმახსოვრე, რაც არ უნდა კარგი ხელოვანი იყო, თუ აქტიურობა არ გამოავლინე, ვერავინ გაგიცნობს და შესაძლოა, შენზე ნაკლებად ნიჭიერი ადამიანის სახელით დაიჩრდილო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, ჩემო ძვირფასო, რომ დაუზარელი, მომნუსხველად შეფუთული მხატვრები წარმოჩინდებიან და შენ უმოქმედობის გამო დაიჩაგრები.
-მართალი ხარ.
დიალოგში შეჭრილმა ანამ მოულოდნელად სარას საწოლზე მოფენილ თარგებს, ქსოვილებს და ბისერებს მოჰკრა თვალი:
-არ მითხრა, რომ ამ თარგებით რაღაცას კერავ.
სარას ეშმაკურად ჩაეცინა.
-შენზეა ნათქვამი, ფუტკარივით შრომობსო. ამოუწურავი შესაძლებლობების პატრონი ხარ,- გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა ანას.
-ვნახოთ, რა გამოვა.
-არ ვიცოდი, თუ კერვა შეგეძლო.
-კერვაც ვიცი და ქარგვაც, ბებიამ მასწავლა.
ანა ძვირფას ქსოვილებს ხელით შეეხო და შეეტყო, ცნობისმოყვარეობამ წალეკა:
-აღარ იტყვი, რას კერავ?
-საღამოს კაბას.
-ღმერთო ჩემო, გული მიგრძნობს, მალე რაღაც სასწაულის მხილველი გავხდები.
-ეს თუ გამომივიდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. რაღაცას ვაპირებ, ოღონდ ნუ მკითხავ, რას. ცოტა შორეული გეგმაა და სულ ახლახან შევეჭიდე.
-გატყობ, რაც უფრო წვალობ და თავს ძალას ატან, მით უფრო უახლოვდები წარმატების მწვერვალს.
-ეს დასაწყისია. ვიმედოვნებ, გაგრძელება სარგებელს მომიტანს და კარგი მიმართულებებით წარიმართება.
-ეჭვიც არ მეპარება,- ანა თარგების ქექვას აგრძელებდა და სარკის წინ, შემოხვეული ქსოვილებით პოზიორობდა.
სარა შეჰყურებდა სარკის წინ მდგომ მეგობარს და მომავლიდან მობრძანებულ სტუმარს ამსგავსებდა. წარმოიდგინა მის კაბაში გამოწყობილ ერთ-ერთ კმაყოფილ კლიენტად და გულში დიდი გამარჯვებების იმედებს სახავდა.
სამი ძირითადი რამ ამოძრავებდა სარას - გეგმები, იმედები, გარჯა! ყოველ წამს ერთმანეთში ეკვეთებოდნენ და მჭედელივით უჭედავდნენ მომავალს და სულიერ სიმშვიდეს. დროდადრო აფორიაქებაც სჩვეოდა, მაგრამ ისიც იცოდა სადამდე შეეტოპა. წარსულისგან მიღებული მწარე გაკვეთილები შეცდომების დაშვების საშუალებას არ აძლევდნენ.

***
ბავშვის ავად ყოფნამ, სამსახურმა, პირველი გამოფენისთვის მზადებამ და ღამის საათებში საღამოს კაბების შექმნაზე მუშაობამ თავის შედეგი გამოიღო და სარა ფიზიკურად ძალიან დასუსტდა. ანა და ვივიენი ექიმთან მისვლას აძალებდნენ. სამედიცინო პერსონალის კონსულტაციის გარეშე თავადაც ხედავდა, რომ ძილი, დასვენება და კარგი კვება სჭირდებოდა, მაგრამ დატვირთული რეჟიმის პირობებში, ვერაფრით ახერხებდა საკუთარ თავზე ზრუნვას. არცერთი ეთმობოდა და მისი ძირითადი პრობლემაც ეს იყო.
რამდენჯერმე რომ ფეხები მოეკვეთა და დაეცა, საბოლოოდ შეშინდა, ღამისთევა ძილით ჩაანაცვლა და შეძლებისდაგვარად კვებასაც მიხედა.
ერთი კვირა დღე განტვირთვასაც დაუთმო და ვივიენის ცხენების მოსანახულებლად საჯინიბოსკენ გაეშურა. ტობი ძილ-ფხიზლობდა. მასთან მისული სარა მაშინვე იცნო. ქალმა ულაყს გრძელ კისერსა და განიერ მკერდზე მიეფერა. ცხენმა ყურები აცქვიტა და ფრთხვინვა დაიწყო.
-ბოდიში, ტობი. შენნაირ ცხენს ნელი სვლით სიარულს ვერ შევკადრებ. პატრონს დაელოდე და მასთან ერთად გაკაფე ტყით დაფარული, ლამაზი მაღლობები,- გაუღიმა და მარგალიტასკენ გადაინაცვლა.
თეთრი ცხენი გაყურსული იდგა და სარას შესცქეროდა.
-ვერ მიცანი?- ქალმა საუბარი გაუბა და ტობის მსგავსად, არც მას დააკლო ალერსი.
ცხენმა თითქოს იუცხოვა, მაგრამ როგორც კი კეთილგანწყობა იგრძნო, დაძაბულობა მოეხსნა. სარამ კარი გაუღო, ბაგიდან გაიყვანა, ზურგზე თექალთო დაადო, უნაგირი შეადგა, მოსართავები ამოუჭირა, საძუე და სამკერდული გაუმართა, პირში ლაგამი ამოსდო, აღვირი კისერზე გადაუდო, მერე ღია ტერიტორიაზე გაიყვანა, ზურგზე მოაჯდა და თოხარიკით შემოუყვა ხის ღობეს.
კონცენტრაცია მთლიანად ცხენზე გადაიტანა, მისმა მართვამ თავდაჯერებულობა შესძინა და ყოველდღიური ფიქრებისგან გათავისუფლდა. ცოტა ხანში გათამამდა კიდეც, ცხოველს ქუსლები შემოჰკრა და ის იყო, ნავარდობისთვის მოემზადა, როდესაც მისკენ მიმავალი ბრგე მამაკაცის ყვირილმა შეაკრთო.
-ნორმალური ხარ? რას აკეთებ?
სარამ სერიოზული სახით გახედა, ეგონა, ცხოველთან მიმართებაში რაღაცას არასწორად აკეთებდა.
-ახლავე ჩამოდი ცხენიდან!
-რატომ?
-როგორ თუ რატომ? მე მეკუთვნის.
-ხუმრობ, არა?
-საერთოდ არ მეხუმრება.
-ეს შენი ცხენი კი არა, ვივიენ კარტერისაა. მისგან თანხმობა მაქვს მიღებული, როცა მომინდება, მოვიდე და მის ცხენებთან დრო დავყო.
-არა, მართლა არ ხარ ნორმალური,- რიხიანად უთხრა მამაკაცმა.
-შეურაცხყოფას მორჩი და დანარჩენი საჯინიბოს ადმინისტრაციასთან გაარკვიე!
-არ გრცხვენია, რომ იტყუები?
-კიდევ არ იშლი შენსას? აკი გითხარი, ადმინისტრაციასთან გაარკვიე-მეთქი?!
-განა იმაშია საქმე, რომ ცხენს არ გათხოვებდი. ასე რომ თავხედობ და უაზრობას მიმტკიცებ, ეგ მაგიჟებს.
სარას ნერვები მოეშალა და ცხენიდან ჩამოსვლა მოინდომა, თუმცა დაუხმარებლად გაუჭირდა და მიწაზე ზღართანი მოადინა.
-ჯანდაბა!- სიმწრისგან კოჭზე იტაცა ხელი და გაიზილა.
-კარგად ხარ?
-წადი რა, თავი დამანებე. რას შემიჩნდი?
-რა ჩემი ბრალია, თუ ცხენიდან წესიერად ჩამოსვლაც არ იცი?
-იქნებ მოკეტო?
-უზრდელიც ყოფილხარ, მაგრამ თუ გინდა, წამოდგომაში დაგეხმარები.
-არ მჭირდება,- გაწვდილი ხელი გააწევინა და ფეხზე ძლივს-ძლივობით წამოდგა.
-ნება შენია,- მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
-დაგიმტკიცებ, რომ ეს ცხენი ვივიენ კარტერის არის და ბოდიშსაც მოგახდევინებ,-ქალი კოჭლობით და ტკივილებისგან შეწუხებული გაემართა საჯინიბოსკენ.
-ბოდიშს შენ მოიხდი! - უკან გაჰყვა მამაკაცი.
-მაგასაც დავინახავთ,- საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული ლაპარაკობდა სარა და მოულოდნელად გამოჩენილი, შარის ხასიათზე მოსული მამაკაცის მიმართ ბრაზს ვერაფრით იკავებდა.
საჯინიბოს ზედამხედველებმა აპილპილებულ სარას მშვიდად აუხსნეს, რომ ვივიენ კარტერის მარგალიტა ავად გამხდარიყო და დროებით ვეტექიმის ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. ასე რომც არ ყოფილიყო, მას თავის მუდმივი სადგომი აქვს და დღევანდელი ფაქტი სხვა არაფერია, გარდა იმისა, მისტერ სკოტის ცხენი მასში აგერიათო.
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ცხენი ულაყია,- დასძინა კმაყოფილი იერით მომზირალმა სკოტმა.
-გაურკვევლობისთვის ბოდიშს ვიხდი,- სირცხვილით თქვა სარამ და ზედამხედველების ოთახიდან გავიდა.
მისტერ სკოტი სარას აედევნა:
-ვიღაც ცოტა ხნის წინ ჩემგან ბოდიშის მოხდას ელოდებოდა, თავად ცხენების სქესსაც ვერ არჩევს.
-შეწყვიტე!
-გასაგებია, რომ ჩემი ცხენიც თეთრია, მაგრამ...
-ხომ დაიბრუნე შენი ცხენი? ბოდიშიც მოვიხადე. რაღას მომყვები?
-შენი ვერ გაიტანე და ლამის არის, ბოღმისგან გასკდე. ყველაფერთან ერთად, ამპარტავანი ადამიანის ხასიათსაც ამჟღავნებ.
სარა გაჩერდა, თვალზე ცრემლმომდგარი ბალახზე ჩამოჯდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
-ამპარტავანი კი არა, უბრალოდ არაფერში მიმართლებს.
-არ მეგონა, თუ ამ ცხენის გულისთვის ასე ატირდებოდი. თუ ეს არის მიზეზი, შემიძლია დაგითმო.
ქალმა სასწრაფოდ მოიწმინდა ცრემლი, გასიებულ კოჭს შეწუხებული სახით დახედა და თითები ნაზად შეახო.
-თუ გტკივა, არ მოგერიდოს, დაგეხმარები.
-გთხოვ, დამტოვო. უკვე ძალიან მაღიზიანებ,- ხმა გაიმკაცრა სარამ.
-მიუხედავად იმისა, მე უნდა გიწყრებოდე, ისე გამოგყავს ყველაფერი, თითქოს დამნაშავე ვიყო რამეში,- მამაკაცს მეტი აღარაფერი უთქვამს, ქალს გაეცალა და ცხენისკენ წავიდა. რამდენიმე წუთში მარგალიტას შესაკაზმი მიუტანა და დაემშვიდობა.

***
-ვივიენ, არც კი ვიცი სათქმელი საიდან დავიწყო,- მხრებაწურული იდგა სარა და მისტერ სკოტთან მომხდარი ამბის მოსაყოლად ემზადებოდა.
-რა ჩაიდინე? - ათასგვარ საკითხს ერთად შეჭიდებულმა ვივიენმა კომპიუტერის ეკრანს თვალი მოაშორა და გადაღლილი თვალები მოისრისა.
-ჯერ დავიწყებ იმით, რომ არ ვიცოდი მარგალიტას ავადმყოფობის შესახებ და იმედი მაქვს, მალე კარგად გახდება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
-მადლობა.
-ახლა გავაგრძელებ იმით, რომ გუშინ ცოტა გავთამამდი, ისე დავადე თავი და წავედი საჯინიბოსკენ, შენთვის არც მითქვამს. აი, სად დავუშვი შეცდომა. ძალიან ვნანობ.
-მოდი, შორიდან ნუღარ მივლი და პირდაპირ მითხარი, რა მოხდა?
-ვიღაცის ცხენი მარგალიტაში ამერია, სადგომიდან გამოვიყვანე, მისი ნივთებით შევკაზმე და სეირნობას შევუდექი.
-მერე?
-უეცრად პატრონი გამოჩნდა და ყვირილი დამიწყო, ახლავე ჩამოდი ჩემი ცხენიდანო. ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ჩავვარდებოდი? ვიღაც ქურდი გამომიყვანა. თავიდან წყნარად ავუხსენი, ეს შენი ცხენი კი არა, ვივიენ კარტერის არის და თუ რამე პრეტენზია გაქვს, საჯინიბოს ზედამხედველობას მიაკითხე-თქო. აღარ მომეშვა და ცხენიდან ჩავხტი, რომ სიმართლე დამემტკიცებინა. ჯერ ფეხი ლამის მოვიტეხე და სული გავიმწარე, მერე ზედამხედველებმა მთლად სახარბიელო დღეში ჩამაგდეს - მითხრეს, მარგალიტა ავად არის და ბაგაში არ იმყოფებაო. თურმე ნუ იტყვი და მარგალიტა კი არა, ის ცხენი ვაჟბატონი ფრანკლინი ყოფილა. ავდექი და შექმნილი გაურკვევლობისთვის ბოდიში მოვიხადე. ტუტუცი რომ იქნები ადამიანი. ვყოფილიყავი სახლში. მოვინდომე ცხენზე ჯირითი და იპოთერაპია.
-ვინ იყო ის მამაკაცი?
-ვიღაც მისტერ სკოტი. სახელიც არ ვიცი, კუდამოძუებული გამოვრბოდი იქიდან.
-მაღალი და შავგვრემანი მამაკაცი ხომ არ იყო?
-დიახ, სუფთად გაპარსული სახით. არ მითხრა, რომ იცნობ.
-ჩემი მეგობარია, ოლივერი ჰქვია.
-ის უხეში?
-სულაც არ არის უხეში, ძალიან კარგი ტიპია.
-რა ყველა მამაკაცს ჩემთან მოუნდება საზიზღარი ხასიათის გამოვლენა ხოლმე? დამინახავენ თუ არა, ურჩხულები ხდებიან. დავაშავე რამე?
-კაცს ცხენს ართმევდი და აბა, რას ელოდებოდი, ფეხის გულებს დაგიკოცნიდა?
-მე ხომ არ ვიცოდი?
-არც იმან იცოდა, რომ ცხენები აგერია და სხვა რა უნდა ეფიქრა?
სარა დაიბნა, აღარ იცოდა რა ეთქვა:
-ყოველთვის იცი, ჩიხში როგორ მომიმწყვდიო. მერე ვითრგუნები.
-არც შენ ხარ ნაკლები, თუ გაჯიუტდი, შენთან შედარებით, თხა მოგონებაა.
ორივეს ერთდროულად გაეცინა.
-ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. იცი, როგორ შემრცხვა?
-ნუღარ ინერვიულებ. როცა შევხვდები, დაველაპარაკები და ავუხსნი, რომ განზრახ არ გაგიკეთებია.
-ეგ მგონი ისედაც დაიჯერა.
-ჰოდა, ძალიან კარგი. მაშინ სანერვიულოც არაფერია. დაწყნარდი და გამოფენისთვის მოემზადე.
-უჰ!..- ერთ ამოსუნთქვას ერთბაშად ამოაყოლა მთელი გასაჭირი და გულდამძიმებულმა თავი დაბლა დახარა.

***
ახალი გარემო დღითიდღე უზრდიდა მისაღებ ულუფებს და ტკბილმწარე სინამდვილეს სხვადასხვა ფორმებით აჩვენებდა სარას. სინათლე ახალფეხადგმული ბავშვივით ნელა მიიწევდა მისკენ და ჯერ არ მიახლოვებოდა.
სად არის მოსვენება და მშვიდი ცხოვრება?
იქნებ ნებისმიერი ადამიანი ყველა გარემოში ტკივილისთვის და მარტოობისთვის არის განწირული?
იქნებ ხანგრძლივად შედუღაბებული ტკივილი და მარტოობა ყველას ხვედრი არ არის?
იქნებ სასიამოვნო გრძნობების მაღაზიაში შესვლა და განსაკუთრებულად სასურველის - სიყვარულისა და ბედნიერების ყიდვა ყველას ძვირი უჯდება?
არ ასვენებდნენ კითხვები სარას.

***
„Art Space beneath Bridge” გალერეაში თორმეტი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. ფერწერა, გრაფიკა და კოლაჟი - ეს იყო ის ძირითადი დარგები, რომლებშიც ხელოვანები ლავირებდნენ.
დამთვალიერებლებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა მისულიყვნენ, ნიჭიერი მხატვრების შემოქმედებას გასცნობოდნენ და წარმოდგენა შეექმნათ ეპოქალური ბრუნვის მიერ მოტანილი სიახლეების შესახებ.
სარა ანას გვერდიდან არ შორდებოდა. წარამარა ეკითხებოდა, რამდენად თავდაჯერებულად ეჭირა თავი და შინაგან მღელვარებას მთელი ძალებით უტევდა. რამდენჯერაც მის ნახატებთან ჩამოდგებოდნენ, იმდენჯერ გული შეუფართხალდებოდა და ცეცხლის ალი ეკიდებოდა.
-საინტერესოა, რას ფიქრობენ? როგორ ესმით ჩემი მოხატული ფიგურების? ვინ იცის, იქნებ სხვა არსით ჩაწვდნენ? - ჩუმად იდგა და საკუთარ თავს უხმოდ ელაპარაკებოდა ფიქრებს შეყვარებული სარა.
მოულოდნელად ვივიენი და მისტერ სკოტი გამოჩნდნენ. როგორც კი სარამ მისთვის ნაცნობი მამაკაცი დაინახა, გაოგნება ვერ დამალა. უმალ მკლავი მიჰკრა ანას, რომ ეთქვა, ეს ის პიროვნებაა, რომელთანაც საჯინიბოში ჩხუბი მომივიდაო, მაგრამ სიტყვის წარმოთქმაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდნენ მისული სტუმრები მათთან ახლოს. ანა ორივე სტუმარს მიესალმა და გაეცალა.
-გილოცავ. იღბლიანი ყოფილიყოს შენი პირველი გამოფენა და ამის შემდეგ კიდევ მრავალში მიგეღოს მონაწილეობა,-გაუღიმა ვივიენმა.
-მადლობა. დიდი პატივია შენი აქ გამოჩენა ჩემთვის,- მიუგო სარამ და მის გვერდით მდგომი მამაკაცისკენ გააპარა თვალი.
-როგორც ვიცი, ერთმანეთს უკვე იცნობთ, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, ეს ჩემი მეგობარი ოლივერია. ოლივერ, ეს კი სარაა, ჩემი ნიჭიერი ვიზაჟისტი და ამავდროულად მხატვარი.
-პირველ გამოფენას გილოცავთ,- ხელი ჩამოართვა ოლივერმა.
-სად ვნახოთ შენი ნამუშევრები?- აქეთ-იქით იყურებოდა ვივიენი.
-აქეთ მობრძანდით,- თავის ნახატებთან მიიპატიჟა სარამ.
ვივიენმა სამივე ნამუშევარი დაათვალიერა, იქვე აღნიშნა, შთამბეჭდავი და არავის მსგავსი ნიშა გაქვსო და დანარჩენი ხელოვანების ნახატების სანახავად სხვა მხარეს გადაინაცვლა. მისტერ სკოტი იგივე ადგილას დარჩა და სერიოზული სახით მიაშტერდა „დაბადებას“, რომლის მონახაზიც სწორედ მაშინ შეიქმნა სარას გონებაში, როდესაც თემის დატოვება გადაწყვიტა.
-ეს ოვალური სივრცე კვერცხს წააგავს, ახალ სიცოცხლეს. შიგნით მოთავსებული ადამიანი კი ახალი ცხოვრებისთვის მზადებას იწყებს. დაქსაქსული სისხლძარღვები ახალი სისხლის გადასხმას ჰგავს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ნახატი ასე აღვიქვი,- სიტყვა დაასრულა და სარას გახედა ოლივერმა.
ქალს გააჟრჟოლა. საშინელი შეგრძნება იყო, როდესაც სულის სამოსი შემოძარცვეს. სიამოვნებით მიატოვებდა გალერეას და იქიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა, მაგრამ სად უნდა ეთქვა, ჩემი ნამუშევრების წინ მდგომი ხალხის მრცხვენიაო?
-ეს მაშინ დავხატე, როდესაც ჰასიდები დავტოვე,- როგორც იქნა, განმარტება გააკეთა და ერთ წინადადებაში მოაქცია ნახატის შექმნის მოტივი.
-ჰასიდი იყავი?- მამაკაცმა თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.
სარას ჰასიდი ქალისგან განსხვავებით თავისუფლად ეცვა და ოდნავ შეიშმუშნა. არ ესიამოვნა ოლივერისგან ზედმეტი ყურადღება.
მამაკაცმა შენიშნა, რომ ქალი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და მზერა კვლავ ნახატისკენ გადაიტანა:
-ამის შეძენა შეიძლება?
-არა,- მაშინვე მიუგო სარამ.
-რატომ? მყიდველებს არჩევ?
-არა, ეგ არაფერ შუაშია. ამ სამიდან არცერთი მეთმობა. სულ ეს არის.
-გასაგებია,- ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ახლა „მაგედარზე“ შეაჩერა მზერა.
სარას შინაგანი დაჭიმულობა გაეზარდა.
-ნეტა რა უნდა ამ კაცს? რას გადამეკიდა? ჩემი ნამუშევრების გარდა, სხვისას ვერ ამჩნევს? -გულში ფიქრობდა და თითზე მორგებულ ბეჭედს აწვალებდა.
მისტერ სკოტმა ნახატების თვალიერება დაასრულა და ქალს მიუბრუნდა:
-უნდა ვაღიარო, ხატვა ცხენით ჯირითზე უკეთ გამოგდით.
-არც ვამბობ, რომ ცხენის მართვა იდეალურად გამომდის. ჯერ სწავლის პროცესში ვარ.- სარას გულზე მოხვდა მისი სიტყვები.
-ხომ არ გეწყინათ?
-არა.- აშკარად იცრუა.
-ტერფი როგორ გაქვთ?
-აღარც მახსოვს, რომელი ფეხი დავიშავე,- ტყუილს ტყუილი დაამატა.
-ძალიან კარგი. ვივიენს მოვუყევი მომხდარის შესახებ და მითხრა, თავადაც შენსავით წუხსო. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ჩვენი შეხვედრა შენი ტირილით დასრულებულიყო.
-თქვენზე არ გავბრაზებულვარ.
-მაშინ რა მოხდა?
-რა გითხრათ? ალბათ, საკუთარ თავზე გავბრაზდი. არ მიყვარს უხერხული სიტუაციები, როდესაც საბოდიშოდ მიხდება საქმე.
-კარგად მესმის შენი.
-ოლივერ, სარა, აბა, ჩემს ახალ შენაძენს შეხედეთ. როგორ მოგწონთ?- საუბარი შეაწყვეტინა ვივიენმა.
სარამ და ოლივერმა ნახატი მოუწონეს და ურჩიეს, საძინებელ ოთახში დაეკიდა, რადგან მისი აბსტრაქტულობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად საწოლის თავს დაამშვენებდა.
-იცი? დღევანდელი საღამო აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. მე, შენ და შენი მეგობარი, ანა. რას იტყვი?- რაწამს ვივიენმა ოლივერი გვერდზე გასული დაიგულა, მაშინვე სარას მაცდუნებელი წინადადება შესთავაზა.
-ანაც?
-ჰო, რატომ გაგიკვირდა? არ იმსახურებს, თუ? ნუ გავიწყდება, რომ მთელი შენი დღიური გადაკითხული მაქვს და ვიცი, ანას დამსახურებაა, აქ რომ დგახარ, თავს იწონებ და ამდენ მნახველს შენს ნახატებთან მასპინძლობ.
-მართალი ხარ.
-ჰო, მგონი, ამ ყმაწვილთანაც შეგარიგე.
-ეგეც უნდა აღვნიშნოთ?- სასაცილოდ ნათქვამი გამოუვიდა სარას.
-თუ გინდა, რა პრობლემაა? აღვნიშნოთ,- თვალი ჩაუკრა ვივიენმა.
-არა, არ მინდა,- გაეცინა სარას,- შენ ის მითხარი, სად მივდივართ?
-ერთი გემოვნებიანი და დახვეწილი ადგილი ვიცი. ცოცხალი მუსიკა, გართობა და ცოტა ალკოჰოლი ისე მოგადუნებს, ემოციურ გადაღლილობას ჯანდაბაში გაუშვებს სამოგზაუროდ.
-თუ ასეა, თანახმა ვარ.
-გალერეა სანამ დაიკეტება, ნახევარი საათით ადრე მომწერე და აქ გავჩნდები,- ბოლო სიტყვები მიაძახა და ოლივერთან ერთად იქაურობა დატოვა.

***
გამოფენის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. სარა გალერეადან ანასთან ერთად გამოვიდა და შვებით ამოისუნთქა:
-არც ისეთი რთული ყოფილა გამოფენაში მონაწილეობა. მე კი ვფიქრობდი, საღამომდე სულს ვერ მივატანდი.
-კარგი რა, სხვა მხატვრებიც რომ ასე ნერვიულობდნენ, ნახევარს გალეერეებში უნდა დაელიათ სული.
-არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვისა და მეგობრობისთვის.
-გააგრძელე ხატვა. მე მეტი არაფერი მინდა შენგან. საკუთარ სურვილებზე უარი არ თქვა.
-ჩემი დიასახლისი ისეთი ქოფაკია, ბინის შეცვლა მომიწევს.
-რატომ?
- აიჩემა, ხატვის დროს სპეციფიკური სუნი დგება, რაც ჯანმრთელობას ვნებსო. ხატვას მიკრძალავს.
-ჯაჯღანა მოხუცი!- ცხვირი ასწია ანამ,- შენ მაგაზე არ იდარდო, ისედაც დრო იყო, რომ მაგ ბინიდან წამოსულიყავი და შენთვის ცალკე გექირავა რაღაც, თუნდაც სტუდიოს მსგავსი საცხოვრებელი.
-ჰო, მაგრამ ადვოკატის ფულს ვაგროვებ. ხომ იცი, როგორი ძვირია? ამიტომ ვიკავებ თავს, თორემ ნამდვილად აღარ ღირს იქ გაჩერება.
-ნერვებს ხომ არ შეაჭმევინებ? ადრე კონდიციონერის ჩართვას გიკრძალავდა, ელექტროენერგიის გადასახადი მეტი მოდისო, ახლა ეს. მიზეზები არ ელევა.
-რამენაირად ცოტაც უნდა გავუძლო. სამაგიეროდ, ოთახის ქირაობა ბევრად იაფია, ვიდრე ბინის.
-ეგ ჰო,- ღრმად ამოისუნთქა და თვალი გამვლელს გააყოლა.
ამასობაში ვივიენის მანქანაც გამოჩნდა და მეგობრებს ხელი დაუქნია. სარამ ანიშნა, დაგინახეთო და შუქნიშნის წითლად ანთებისთანავე, ანასთან ერთად ქუჩა გადაკვეთა.
-დიდხანს ხომ არ გალოდინეთ? - შეწუხებული სახით იკითხა გვიან მისულმა და საცობებზე დაიწყო წუწუნი.
სარამ და ანამ დაამშვიდეს, შენობიდან ახალი გამოსულები ვართ და ასაღელვებელი არაფერიაო.
ვიდრე Greenwich Village-ში მაკდაგელის ქუჩაზე მდებარე პატარა მუსიკალურ კლუბს „Café Wha”-ს მიუახლოვდებოდნენ, გზაში ანამ და ვივიენმა საერთო ინტერესის თემები უხვად გამოძებნეს და შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს. სხვადასხვაფრად აბრჭყვიალებულ კლუბს რომ მიადგნენ, იქიდან გამომავალი შესანიშნავი მუსიკის ხმა გაიგონეს. შესვლისთანავე გემრიელი მენიუდან ვახშამი შეუკვეთეს და საღამო კოქტეილების წრუპვით გახსნეს.
ცოტა ხანში მუსიკა შეწყდა და მუსიკოსები დროებით კომიკოსის გამოსვლამ ჩაანაცვლა. ლაღი საზოგადოება იუმორისტული ჩართვით კიდევ უფრო გამხიარულდა. იყო ხორხოცი და ცრემლებამდე მისული ხარხარი.
-იცი ეს კლუბი რატომ მიყვარს? თითოეული აქ გამომსვლელი იმდენად ნიჭიერია, ხვალ-ზეგ შესაძლოა უფრო დიდ სცენაზე ვიხილოთ. უამრავმა ცნობილმა პიროვნებამ სწორედ ამ კლუბიდან დაიწყო კარიერა. მაგალითად, ბობ დილანმა, ჯიმი ჰენდრიქსმა, ვუდი ალენმა, ლენი ბრიუსმა, ბილ ქოსბიმ და კიდევ უამრავმა მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წამიყვანს,- წამოიწყო ვივიენმა.
-უყურე შენ, რა ვარსკვლავთცვენაა,- გაიკვირვა ანამ.
-აი, ესენიც შესაძლოა, მომავალი ვარსკვლავები იყვნენ,- სცენის გვერდით მყოფ როკ-მუსიკოსებს გახედა და ჩაეცინა,- სასწაულ მუსიკას ქმნიან.
სარა კომიკოსის სიტყვას გაჰყვა და სხვებთან ერთად კისკისებდა. ისე გულიანად გამოსდიოდა, გვერდითმსხდომებსაც გადაედოთ და სამივე ერთად იცინოდა.
კომიკოსების სიტყვა კვლავ მუსიკამ ჩაანაცვლა. მუსიკას ალკოჰოლი მოჰყვა, ალკოჰოლს -ცეკვა, ცეკვას ისევ ალკოჰოლი... შესანიშნავმა წრებრუნვამ სამივე მათგანი გვარიანად დაქანცა, დაათრო და ბოლოს ერთადერთი, ვისაც მათ შორის ჭკუა მოეკითხებოდა, სარა იყო.
ღამის პირველი საათი დაწყებულიყო, როდესაც სამივე მათგანი ფეხის არევით გამოვიდნენ კლუბიდან. ანამ დაიჟინა, ჰაერზე გავლა მჭირდება, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავსო. ვივიენმა საჭესთან დაჯდომა ვერ გარისკა, არც ტაქსი გამოიძახა და ანასავით სეირნობა მოინდომა.
-ვივიენ, არც თუ ისე კარგად გამოიყურები. მთელი ქალაქი გცნობს და უმჯობესია, ქუჩაში სიარულს მოერიდო, ტაქსი გამოვიძახოთ,-არწმუნებდა სარა.
-მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც თავს უფლებას აძლევს, საღამოობით ამ ცხოვრებას მიაფურთხოს, ყველაფერი ფეხზე დაიკიდოს და დრო კარგად გაატაროს. რას ხედავ ამაში სასირცხვილოს? გინდა ვიყვირო და სხვებსაც იგივე ვურჩიო, რომ სევდის ბუკეტებიდან თავები ამოყონ და ბოლომდე აიწყვიტონ?
-წავიდეთ რა, გეხვეწები,- არ მოეშვა სარა.
რთული დასაყოლიებელი აღმოჩნდა ვივიენი. სარამ ანა სახლში გაუშვა და საბოლოოდ ტაქსით მიაცილა კორპუსამდე. ბოლოს გულმა ვერ მოუთმინა და ბინაშიც აჰყვა.
-მობრძანდი, -ხელები გაჭიმა ვივიენმა,- დღეს შენი დღეა და ბოლომდე დავიმხოთ თავზე ყველაფერი.
სარამ დიდ ბინას გახედა და შეჰყვა. ვივიენი კედელს გვერდულად მიეყრდნო, ფეხსაცმელი გაიხადა და რამდენიმე წამით უზარმაზარი საცხოვრებლის სიჩუმეს დაუგდო ყური. შემდეგ სტუმარს სევდიანად გაუღიმა:
-მოწყენილობაა, არა? მოიცადე, მხიარულებით ჩავანაცვლებ, - ბარისკენ წავიდა და ვისკის ბოთლს ხელი წაატანა.
-ძალიან ბევრს სვამ, გეყოფა!
-ეს ერთადერთი საშუალებაა ეკალბარდიანი გზები ადვილად გავთელო და ერთი ალაგიდან მეორეზე გადავინაცვლო. ნახევარი ბოთლი ვისკი და შენ ისეთი მსუბუქი ხარ, ეკალ-ბარდები რა მოსატანია? ყველა მიუვალ გზას გადაივლი. კარგად ვიცი ჩემი დოზა, ჭკუას ნუ მასწავლი,-ბურბონის ვისკი ჭიქაში დაასხა და ერთიანად გამოცალა.
სარამ ბოთლი ხელში აიღო და ზურგს უკან დამალა:
-აღარ გინდა!
-შენ რა იცი მე რა მინდა და რა -არა? რატომ მიკრძალავ?- სახე შეჭმუხნა ვივიენმა.
-შენზე ვღელავ. ალკოჰოლს ცუდად ეტანები. როგორ არ გესმის? ჯანმრთელობას ზიანს აყენებ.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის?
-ვივიენ, დამიჯერე, აღარ დაამატო.
ქალმა ვისკის ბოთლი ხელიდან გამოსტაცა და კიდევ დაისხა:
-ვინ ხარ, რომ ამდენის უფლებას აძლევ თავს?!
-მიყვარხარ, გული შემტკივა შენზე, გაფასებ... საკმარისი არ არის?
ვივიენმა თავი გააქნია და თვალები დახუჭა:
-მე არავის სიყვარულს არ ვიმსახურებ და არც არავისგან ვითხოვ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ის ვივიენი, რომელიც ხალხს უყვარს და მათ შორის შენც, ჩემი გამოგონილია და სინამდვილეში არ არსებობს.
-რას გულისხმობ?
-კარგი, დაივიწყე,- ხელი ჩაიქნია და სმა განაგრძო.
-მოაშორე ეს ბოთლი აქედან და წესიერად მიპასუხე.
-მე რომ ვივიენ კარტერის ტყავი გავხიო და მის ქვეშ მცხოვრები ქალი დაგანახო, აღარ გეყვარები.
-მე შენ ყოველთვის მეყვარები.
-ტყუილია!-იღრიალა და ბოთლი მთელი ბრაზით ძირს დაახეთქა.
-რა გაწუხებს, ვივიენ? მითხარი. გეფიცები, შენს მიმართ არ შევიცვლები.
ვივიენი იატაკზე დაჯდა, ფეხები მუხლებში მოკეცა, თავი ჩაქინდრა და გაიმეორა:
-აღარ გეყვარები-მეთქი.
-რა იცი, რა როგორ იქნება? ცდები.
-არ ვცდები. სწორედ ასე იქნება. მე ერთი ცოდვილი ვარ, რომელიც ტკივილებისგან იმდენად არის დაშანთული, ყველა ადამიანური გრძნობა გადამებუგა.
სარა მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და მოსასმენად მოემზადა. ვივიენმა თვალი გაუსწორა და ტირილით აღმოხდა:
-მითხარი, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც წესიერად თავის გულის სწორის შერჩევაც არ შეუძლია და ერთ დროს, უთავმოყვარეო და ზნედაცემულივით გადაცემის წამყვანობისთვის ხელის გამოსაკრავად, მზად იყო მომავალ პროდიუსერს საწოლში ჩასწოლოდა? ან ეს იარა, რომელიც წარბთან მაქვს, მართლა ბავშვური სიცელქის შედეგი გგონია? არა, ეს ჩემი ფსიქოპათი ქმრის ნახელავია. მაშინ ჩაიდინა, როცა ცოლად ჩვიდმეტი წლის უსუსური ვივიენი ჰყავდა გვერდით. მითხარი, როგორ უნდა გიყვარდეს ქალი, რომელმაც ორი თვის შვილი უცხო ოჯახის კართან დატოვა და მერე უბადრუკმა წესიერად თავიც ვერ მოიკლა? ვერ გავაპარე ეს დამპალი გული სიკვდილისკენ და ვერ ჩავძაღლდი საფლავში, - ბოლო სიტყვებზე ქალმა ხმას აუწია და ღვართქაფად დაიღვარა.
-მოდი ჩემთან,-სარამ ატირებული ქალი გულზე მიიკრო და მაინც მეყვარებიო -აწყნარებდა.
ვივიენს აღარცერთი სიტყვა დაუძრავს, მხოლოდ გმინავდა...
არც სარას დასცდენია რამე. მოსმენილმა მთლიანად მოწყვიტა და დაადუმა...

***
ნაღველით შეზავებულმა ღამემ ცოცხალმკვდარი ვივიენი როგორც იქნა, ძილის საუფლოში გაისტუმრა, მაგრამ არ ეძინა სარას. სავარძელში იჯდა და მის გამუდმებულ ბორგვას ადევნებდა თვალს. დღეიდან იცოდა, მის წინ მძინარე, ცნობილი ტელესახე იმიტომ იყო ძლიერი, თავის წილ გულის ტკივილს ჩუმად დაატარებდა და დიდი ძალისხმევით თავადვე იყუჩებდა. კიდევ იმიტომ იყო ძლიერი, ამ ცხოვრების გოლგოთას ძლივს, მაგრამ მაინც შეუპოვრად მიუყვებოდა. მისი აღსარების შემდეგ თავისთავად გაუჩნდა კითხვები, მაგრამ რაც შვილთან დაკავშირებით მოისმინა, ვერაფერს ვეღარ ჰკითხავდა. გადაწყვიტა, როცა გაიღვიძებდა, მისთვის იარა მეტად არ გაეხლიჩა. არ უყვარდა, როდესაც ადამიანებში ქრონიკულ დაავადებასავით გამჯდარ კაეშანზე ხაზგასმას იწყებდა.
ცამ გამოიღვიძა და რუხი ღრუბლები გამოსახა - საწვიმრად ემზადებოდა. დღეც ზუსტად ისეთივე მოჟამული იყო, როგორც სარა.
-შეგიძლია, ყავა მომიდუღო? - ჩაფერფლილი ხმა გაისმა ოთახში.
-არ ვიცი, სად რას ინახავ, ან როგორი მოგწონს.
-ერთი კოვზი ყავა და სამი სუფრის კოვზი რძე. ყავის ქილა მადუღარას გვერდზე დგას, რძეს მაცივარში მოძებნი და ფინჯანს როგორმე მიაგნებ სადმე. ამოჩემებული არცერთი მაქვს, არ გამოგეკიდები.
სარა სამზარეულოში გავიდა და ყავის მოდუღება დაიწყო. ვივიენი საწოლიდან წამოდგა, ხალათი შემოიცვა და რამდენიმე წუთში სარას მიაკითხა:
-მაგიდაზე დადგი, მანდ დავჯდები.
უხმოდ დაუდგა წინ და მოხმარებული ჭურჭელი ონკანის ნიჟარაში ჩააწყო.
-შენთვის რატომ არ მოამზადე?
-წვენს დავლევ,- თამამად გამოაღო მაცივრის კარი და მაღალ, გამჭვირვალე ჭიქაში ვაშლის წვენი დაისხა.
ვივიენმა ყლუპი დალია, სარას თვალები გაუსწორა და დაიწყო:
-მე კრისტინა მილგა ვარ, ოცდაერთი წლის წინ ლატვიიდან ჩამოსული ემიგრანტი. აქ მას შემდეგ მოვხვდი, რაც მითხრეს, ჩემი ბიჭი უშვილო წყვილმა იშვილა და ამ ქვეყანაში ჩამოვიდა საცხოვრებლად. დღემდე უშედეგოდ ვეძებ...
ჩემი უდარდელი ცხოვრების დარდიანში გადაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დედ-მამის დაღუპვით დაიწყო. თექვსმეტი წლის ასაკში მარტო დავრჩი, უიმედოდ, ობლად. მამიდამ თავის სახლში წამიყვანა, თუმცა ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და შვილების მოთხოვნილებებს ძლივს აუდიოდა. ზედმეტ ტვირთად დავაწექი. ამას ვხედავდი და ვცდილობდი, პირველივე შესაძლებლობისთანავე იქაურობას გავცლოდი. მალე ჩემი მეუღლე გავიცანი და ხანმოკლე ურთიერთობის მერე ცოლად გავყევი. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელმაც ცხოვრება რადიკალურად შემიცვალა. ტკბილი სამყარო, რომელსაც მანამდე გამუდმებით შევხაროდი, მწარედ დამანახა და სამუდამოდ შემაძულა. ჩხუბი, ცემა, ზიზღი, უპატივცემულობა, კრიმინალი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი -სულ ეს იყო, რასაც ოჯახურ თანაცხოვრებაში ვხედავდი. თავს უბედურად ვგრძნობდი და მისი მიტოვება დავაპირე, მაგრამ სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ ორსულად ვიყავი. თავი შევიკავე. ალბათ, მეგონა, შვილი გააკეთილშობილებდა. მწარედ შევცდი. რამდენიმე თვე დაწყნარდა, მაგრამ ერთ ღამეს ჩვეული ზნე გამოავლინა. უფულობისგან გამწარებული ისევ მომადგა და ჯავრი ცემით იყარა. მიზეზი ის იყო, როცა ვიღაცის სახლებს ტეხდა და ქურდავდა, თანამზრახველად გვერდში არ ვედექი. ერთი სიტყვით, უქნარად და მუქთამჭამელად მთვლიდა. სახლიდან გამოვიქეცი, დედაქალაქში ჩავედი და საერთო საცხოვრებელში მივედი. მიმიღეს, მიპატრონეს. როდესაც შვილი გავაჩინე, ყველაზე მეტად მაშინ ვიგრძენი, რამდენად გაუკუღმართებული ცხოვრება მქონდა. ჩვიდმეტი წლის გოგოს ჩვილის შენახვა ძალიან გამიჭირდა. შვილისთვის საჭირო საკვებს და ყოველდღიურ ჰიგიენურ საშუალებებს ვერ ვყიდულობდი. ექიმთან მისაყვანი ფულიც არ მქონდა. კეთილი ადამიანები ერთხელ გაგიმართავენ ხელს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ სულ მათ იმედზე ვერ იქნები. ერთ ღამეს, როდესაც მშიერი და სიცხიანი შვილი ტირილისგან ვერ გავაჩუმე, გონება დამებინდა, ჩვილი მდიდარი ოჯახის კარებთან დავტოვე და თავად მდინარე დაუგავისკენ ავიღე გეზი. იმ დროს ვფიქრობდი, იგი სანდო ხელში რჩებოდა, მე კი სიკვდილისგან მონიჭებულ მოსვენებას მივიღებდი. ნაპირზე მისულს არ მიჭოჭმანია, მაშინვე გადავხტი. ვიღაცამ დამინახა, წყლიდან გონებადაკარგული ამომიყვანა და გადამარჩინა. საავადმყოფოში ღვთისნიერმა ექიმმა ჩემი პრობლემა გულთან მიიტანა და მისი დახმარებით სახელმწიფო პროგრამაში ჩამსვეს. იქიდან გაწერისთანავე უფასო სარეაბილიტაციო კურსი დამენიშნა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. გამოჯანმრთელების შემდეგ დაშვებული შეცდომა გავაცნობიერე და იმ სახლისკენ წავედი, სადაც შვილი დავტოვე. იქ გავიგე, რომ ჩემი ბიჭი მათ არ დაუტოვებიათ, ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. მივაკითხე, მაგრამ არ დამიხვდა, უკვე გაეშვილებინათ. ჩემი ფინანსური მდგომარეობა სოციალურ მუშაკს ვერ არწმუნებდა, რომ შვილს მივხედავდი, ამიტომ ვერ დავიბრუნე. ერთ-ერთ კვების პუნქტში ხახვის გამრჩევად დავიწყე მუშაობა. ცრემლებს და დასიებულ თვალებს არავინ დაეძებდა, უკეთესი ფინანსური პირობების შესაქმელად და შვილის დასაბრუნებლად გამომუშავებულ ფულს ვაგროვებდი. საბოლოოდ მაინც ვერ დავიბრუნე -შევიტყვე, ოჯახი, რომელმაც ჩემი ბიჭი იშვილა, საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყო. ყველაფერი გავაკეთე, ერთ წელიწადში ამ ქვეყანაში ჩამოვსულიყავი. ჩამოსვლისთანავე მიმტანად დავიწყე მუშაობა. ფულს ვაგროვებდი, რომ დოკუმენტები მომეწესრიგებინა. ასეც მოვიქეცი. მერე ვისწავლე, ფეხზე დავდექი, უამრავი დეტექტივი დავიქირავე, მაგრამ ამაოდ...
ვივიენი საძინებელში გავიდა, კარადიდან ბავშვის ფაჩუჩები გამოიღო და სარას დაუბრუნდა:
-ეს მისი ფაჩუჩებია, მე მოვუქსოვე. ერთადერთი, რაც მისგან შემრჩა, ესენია.
ხშირად ვხედავ მკერდზე მოკრულს, ისევ ისეთივე ლამაზი და პატარა თვალებით შემომცქერის, ღუღუნებს, თავის დიდხალიანი ცერა თითი პირში უდევს და საწოვარასავით წოვს.
-ღმერთო, ეს რეები მესმის? ჩემს ბედს ვჩივი და შენ რა ბედზე ყოფილხარ გაჩენილი?
ვივიენს მწარედ ჩაეცინა:
-ჰმ, ბედი!.. ის არ არსებობს! ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ, ცხოვრებას ურჩხულად ვაქცევთ და ჩვენი ხორცის ფლეთას და ჭამას რომ იწყებს, მერე ან ღმერთს ვაგინებთ, ან ბედს.
-არც კი ვიცი, რა ვთქვა.
-არაფერი თქვა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც დამამშვიდებს. წარსულში გაჩენილი ბზარი მხოლოდ მაშინ შეიკვრება, როცა ჩემს ბიჭს, ადრიანს მივაგნებ.
-ეს სახელი შენ დაარქვი, თუ ოჯახმა, რომელმაც ბავშვთა სახლიდან გამოიყვანა?
-ადრიანი მე დავარქვი, ახლა სხვა სახელი -მარკუსი ჰქვია.
-იმ ოჯახის გვარი იცი?
-ოზოლა.
-მეტი ვერაფერი დაადგინე?
-სამწუხაროდ, ვერაფერი.
-მდაა... როგორ გინდა, ასეთ უზარმაზარ ქვეყანაში მოძებნო?- თავისთვის ჩაილაპარაკა სარამ.
-სანამ პირში სული მიდგას, არ შევწყვეტ მის ძებნას.
-არც უნდა შეწყვიტო.
-ყველაფერი შევცვალე, სახელი და გვარიც კი, რომ უკან აღარ მიმეხედა და ახალი ცხოვრება დამეწყო, მაგრამ ხანდახან, როცა შვილის გამო წარსულის კართან დადგომა და მისი გამოღება მიხდება, ჩემგან შექმნილი ურჩხული გამოვარდება ხოლმე და ისეთი სისასტიკით მისწორდება, საკუთარი ძვლების გამოხვრის ხმა ყურებში ჩამესმის.
-მაპატიე, რომ ამ კარების სახელურის ჩამოწევა ჩემს გამო მოგიწია,- სარამ თავი დამნაშავედ იგრძნო.
ვივიენი ადგილიდან წამოდგა, ფინჯანში დარჩენილი ყავა ონკანის ნიჟარაში გადაღვარა, თავი მოიწესრიგა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა:
-წავიდეთ ტელევიზიაში?- ისეთი სახით შეხედა, თითქოს არც წინა ღამით და არც იმ დილით მათ შორის მძიმე საუბარი საერთოდ არ შემდგარიყო.
ფოიეში როცა ჩავიდნენ, კონსიერჟე გააფრთხილა, სარა მისი მუდმივი მნახველების სიაში ჩაეწერა და სტატუსად მეგობარი მიეთითებინა.
იმ დღეს ვივიენმა სარა ოფიციალურ მეგობრად აღიარა!

***
ბევრი ძიების, გაკითხვისა და რეკომენდაციების შემდეგ სარა მანჰეტენზე, კერძოდ მეექვსე ავენიუზე მდებარე ერთ-ერთ საადვოკატო კომპანიას ეწვია. ცათამბჯენის შენობაში განთავსებული ოფისი უახლესი სტილის დიზაინით და ავეჯით იყო გაწყობილი. სწორედ ასეთი კომფორტი განსაზღვრავდა ბრუკლინელ ადვოკატებთან შედარებით ორმაგ ფასს, მაგრამ რას დაეძებდა, როცა იცოდა, არა მხოლოდ ძლიერ გუნდთან მოუწევდა თანამშრომლობა, არამედ ვივიენის მეგობრებთანაც, რომლებიც თავის საქმეს არაჩვეულებრივად ართმევდნენ თავს და პარალელურად ნაცნობებსაც უფრო მეტი გულისხმიერებით ეპყრობოდნენ. პირველი შეხვედრისთვის საკონსულტაციოდ გადადებული სამასი დოლარი გადაიხადა და მოსაცდელში ადგილი დაიკავა. კლიენტები ბუზებივით ირეოდნენ, ზოგი ლოდინისგან დაღლილი უკანასკნელ მოთმინებას ებღაუჭებოდა. არც სარას მოუწია დათქმულ დროზე სასურველ ადვოკატთან შესვლა, თუმცა უღირდა და მაქსიმალურად მშვიდად უყურებდა შექმნილ ვითარებას. როდესაც რიგმა მოუწია, ხელთ არსებული ყველა საბუთი ჩანთიდან ამოიღო და ადვოკატთან საქმიანი სახით, ყოველმხრივ მომზადებული შევიდა.
მისტერ ანდერსონი შუახნის სანდომიანი მამაკაცი გახლდათ, რომელსაც პირველივე სიტყვის წარმოთქმისთანავე ეტყობოდა პროფესიონალიზმი და დროის ფასის ცოდნა. ამგვარი მიდგომა განაპირობებდა სასამართლოში მოგებული საქმეების რაოდენობას. ვინმე ძნელად თუ გაიხსენებდა მის მიერ ხელმოკიდებული შემთხვევის კრახით დამთავრებას. კმაყოფილი კლიენტების სიუხვეს ერთ-ერთ შეძლებულ პიროვნებად გადაექცია და ეგრეთწოდებულ VIP კლასის საზოგადოებაში საკმაოდ დიდი სახელით სარგებლობდა. სარას პრობლემა გულისყურით მოისმინა, მის მიერ მიტანილ დოკუმენტაციასაც გადახედა და მოახსენა, წინ ხანგრძლივი და ურთულესი პროცესები გველის, მაგრამ გადაუჭრელიც არ ჩანსო.
ამ სიტყვებმა სარას იმაზე მეტი სიხარული მოჰგვარა, ვიდრე თავადაც წარმოედგინა. მისტერ ანდერსონს ყველაფერზე თანხმობა განუცხადა, გადანაწილებული გრაფიკით თანხის გადახდაზეც მზაობა გამოთქვა და შენობიდან გამოსვლისას ისე მიფრინავდა, ლამის ქუჩის განათების ბოძს თავით შეასკდა.
-ასეც ვიცოდი, მე არაფერი დამიშავებია! ცუდი არ ვარ! ღირსი ვარ ესთერის და იაკობის დედა მერქვას! შვილებო, ცოტაც მოითმინეთ და ისევ ერთად ვიქნებით, ისევ, ისევ... - თავისთვის ბუტბუტებდა და ღმერთს მადლობას სწირავდა მინიჭებული სიხარულისთვის.

***
სარას ახალმა წამოწყებამ ნეითანს თავსატეხი გაუჩინა. სისხამ დილით, ვიდრე სამსახურში წავიდოდა, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან გაცოფებული დაუხვდა:
-რატომ არ ჩერდები? მაინც არ იშლი შენსას, არა?
-რატომ უნდა მოვიშალო? ამიხსენი!
-თავი დაგვანებე! ესთერი და იაკობი ჰასიდები არიან და არავის გვინდა, ჩვენგან უარყოფილ სამყაროსთან და საზოგადოებასთან ახლოს იყვნენ.
-სულ ის მესმის შენ და სხვას რა გინდათ, მაგრამ ვინმე კითხულობს, მე ან ჩემს შვილებს რა უნდათ?
-შენს შვილებსაც ის უნდათ, რაც თემის დანარჩენ წევრებს.
-ისევ თემი და მათი სურვილები!.. ესთერს და იაკობს დედა სჭირდებათ, დედას -მისი შვილები. გესმის?! დედა-შვილობას ვერავინ და ვერაფერი წაგვართმევს.
-შენი სამყარო ჩვენთვის უცხოა და ბინძური.
-სიბინძურე ყველგან არსებობს. მას ვერსად დავმალავთ. თუ დაინახე, გვერდის აქცევა უნდა ისწავლო, სულ ეს არის!
-სარა, იმდენს გააკეთებ, შვილებს თემს დააშორებ და მათ თავს დამაკარგვინებ. ამას არ გაპატიებ.
-შენგან განსხვავებით, არჩევანის საშუალებას მივცემ. როდესაც გაიზრდებიან, სადაც უნდათ, იმ გარემოში შეუძლიათ დარჩნენ.
-კარგად იცი, რომ შენი სამყარო ეშმაკივით მაცდუნებელია.
-რა იყო, გეშინია? იქნებ მათ ჰასიდიზმი ბევრად უფრო ეძვირფასებოდეთ? კარგად იცი, მე თემის შეძულებას არ დავუწყებ.
-აქვე მოგიღებდი ბოლოს და შენს უკანასკნელ ამოსუნთქვას სასიამოვნო მოგონებად გადავაქცევდი, მაგრამ ამისთვის ბოროტმოქმედად გახდომა და ციხეში წასვლა არ ღირს.
-გრცხვენოდეს მაგ სიტყვებისთვის, ნეითან. მე მაინც ღირსეული პიროვნება მეგონე. კარგად იცი, ჩემი შვილების მამაზე იგივეს არასოდეს ვიტყოდი. წადი და ამის შემდეგ აღარასოდეს დამენახო! სასამართლოში შევხვდებით,- გულდაწყვეტილი და გაბრაზებული სარა სალაპარაკოდ აღარ გაუჩერდა.
ნეითანი მკლავში წვდა და შეაჩერა.
-ხელი გამიშვი!- ქალმა ისეთ ხმაზე უღრიალა, ქუჩაში გამვლელების ყურადღება მიიქცია.
ასეთი ანთებული თვალებით ნეითანმა პირველად დაინახა ყოფილი მეუღლე და გაკვირვება ვერ დამალა:
-ყვირილი და სიგიჟის გამოვლენაც გისწავლია. ხედავ, რა შედეგები მოაქვს საყვარელი ადამიანებისგან ზურგშექცევას?
-ამაზრზენი ხარ! თურმე მარტო იმიტომ ღირდა ჰასიდების თემიდან წასვლა, რომ შენ ჩამოგშორებოდი. აი, ვინ მანადგურებდა.
-ფულის შოვნა დაიწყე და გაყოყოჩებული ხარ. დამოუკიდებლად ცხოვრებაც გისწავლია და მესმის, ამან ხმა აგამაღლებინა, მაგრამ ახლობლების დაკარგულ სიყვარულს ოდესმე დაიბრუნებ?
-ნეითან, მტკივნეულ ადგილას ფეხის დაჭერას თავი დაანებე და აქაურობას რაც შეიძლება სწრაფად მოწყდი, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ.
-რაო? სიმართლე მწარეა?
-ნეითან!- ყვირილს უმატა სარამ.
მამაკაცს ჩაეცინა:
-როგორ გამიმართლა, რომ ასეთი შეურაცხადი თავადვე ჩამომშორდა და მე ამ საკითხის მოსაგვარებლად ხელის განძრევაც არ დამჭირდა.
-წადი შენი!..
-გინებაც გასწავლეს? ყოველმხრივ გაველურებულხარ.
-ამის მოთმენას აღარ ვაპირებ! -აკანკალებულმა სარამ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და პოლიციის ნომერი აკრიფა, თუმცა ერთ-ერთ გამვლელს მასზე ადრე დაერეკა და პოლიციელები მოჩხუბრებს მალევე დაადგნენ თავზე.
სიტუაცია გართულებების გარეშე განიმუხტა. ნეითანს გაფრთხილება მიეცა.

***
ნიუ-იორკში ახალბედა დიზაინერთა მოდის კვირეული ახლოვდებოდა, რომელშიც ყველა ქვეყნის წარმომადგენელს ეძლეოდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო. სარა ნახევარი წლით ადრე ემზადებოდა ამ დღისთვის. საკმაოდ დიდი ხარჯი გაიღო, რომ ჯერ ათი ორიგინალური იდეით დატვირთული კაბა შეექმნა, შემდეგ რეგისტრაცია გაევლო. გაუმართლა, მოდელებში თანხის გადახდა არ მოუწია, რადგან ნაცნობებთა რიგებში მოძებნა. სიამოვნებით დათანხმდნენ ასეთ ღონისძიებაში ჩართულობას. რაც არ უნდა ყოფილიყო, უამრავი ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთი გააშუქებდათ -მათთვის ახალი გამოცდილება იყო.
ვიდრე ღონისძიება შედგებოდა, ორგანიზატორებმა წინამოსამზადებელი სამუშაოებისთვის, კასტინგისთვის და ფოტოგადაღებებისთვის დიზაინერები და მოდელები დაიბარეს. საჭირო იყო შინაურული გარემოს შექმნა, ერთმანეთის უკეთესად გაცნობა და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მაქსიმალურად თავისუფლად ეგრძნოთ თავი მონაწილეებს, რათა შემდგომში მოდის მოყვარულთა წინაშე გახსნილები და თავდაჯერებულები წარდგენილიყვნენ.
ერთ-ერთ ასეთ სამუშაო დღეს სარა დათქმულ დროს თავის მოდელებთან ერთად გამოცხადდა. კაბები მოარგო, დეტალები შეათანხმა და ვიდრე მის გოგონებს სიარულის დახვეწაში ეხმარებოდნენ, მთელი დღის მშიერმა ცოტა ხნით გარეთ გასვლა და სენდვიჩების მაღაზიიდან სალათის ყიდვა მოიწადინა. მოსაცდელ ოთახში მისტერ სკოტს მოჰკრა თვალი და გაოცდა, თუმცა ვიდრე თავადაც შეამჩნევდა, თვალი მოარიდა და ფეხს აუჩქარა. ოლივერმა სარა დაინახა, მაშინვე იცნო და უკან აედევნა. ქალმა კედლის სარკიდან მომენტალურად შენიშნა მის უკან მიმავალი მამაკაცი და ლიფტში შეასწრო. კარების დაკეტვისთანავე ამოისუნთქა და შეეცადა, აფორიაქება დაეცხრო:
-არა, მეც კარგი ვინმე ვარ. რატომ დავემალე? არც მისი ვალი მაქვს და არც მოსაკლავად დამდევს. ვინ იცის, ჩემთან მოსვლა და ადამიანური მოკითხვა უნდოდა. მე კი?.. ღმერთო, რამდენი კომპლექსი მაქვს,- საკუთარ თავზე ცხარობდა.
როგორც კი ლიფტის კარი გაიღო, მისტერ სკოტი იქ დაუხვდა. ლამის გული გაუსკდა, მიხვდა, ვეღარ გადაურჩებოდა მასთან შეხვედრას, თუმცა მაინც თავისი სცადა, სხვებს ოსტატურად გაერია და გასასვლელისკენ აიღო გეზი.
მამაკაცი მშვიდი ნაბიჯებით გაჰყვა. სარა ამას გრძნობდა და უფრო მეტი აღელვება დაეტყო:
-არ მაქვს ამის ნერვები და დამანებოს თავი, არ შეიძლება?-გულში ფიქრობდა და ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიისკენ მიიჩქაროდა.
ვიტრაჟული მაცივრიდან სალათა და გრეიფრუტის წვენი აიღო, ფული სალაროსთან გადაიხადა, თავისუფალ მაგიდასთან მოკალათდა და ის იყო, ჩანგალს მოკიდა ხელი, რომ მისტერ სკოტმა სენდვიჩების მაღაზიის კარი შეაღო და სარას თავაზიანი ტონით მიესალმა:
-რა სასიამოვნო შეხვედრაა, უკეთესს ვერც ვინატრებდი.
სარამ ძალით გაუღიმა და მიამიტი სახე მიიღო:
-ჩემთვისაც არანაკლებად სასიამოვნოა. როგორ გიკითხოთ, მისტერ სკოტ?
-კარგად, მადლობა. იცი, რამდენი ხანია, უკან დაგყვები?
-მართლა?- ისე გაიკვირვა, თითქოს ცოტა ხნის წინ მოჩვენებასავით არ გაურბოდა და მის ნაცვლად სხვა არიდებდა თვალს.
ოლივერმა ყავა შეუკვეთა და სარას დაუბრუნდა:
-პრობლემა ხომ არ იქნება, შენთან რომ ჩამოვჯდე?
-არა, რას ამბობ? - შეიცხადა სარამ. სხვა რა გზა ჰქონდა?
-თუ ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამითვლი, სასტუმრო „შერატონში“ რა გინდოდა?
-ორ დღეში მოდის კვირეული იწყება. ჩვენებაში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.
-ეგ როგორ? შენ ხომ მხატვარი ხარ?
-გადავწყვიტე, ბედი დიზაინერობაშიც ვცადო.
-რომელი ხაზით მიდიხარ?
-საღამოს სამოსით.
-ძალიან კარგი! მაშინ შეგვიძლია, საერთო ენაც გამოვნახოთ, კონკურენტები არ ვყოფილვართ,-იხუმრა მამაკაცმა.
-ვერ მიგიხვდი.
-ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების დიზაინერი ვარ. ტყავის დამუშავების ტექნიკა ჩემი ხაზია.
-მოდის კვირეულში შენც მონაწილეობ?
-დიახ.
-არ ვიცოდი შენი ხელოვნებით გატაცების ამბავი.
-გატაცება მსუბუქი ნათქვამია. საკუთარი საწარმო მაქვს. შეკვეთებს არ ვუჩივი.
-ტყავზე მუშაობა საინტერესო იქნება.
-სურვილის შემთხვევაში, შემიძლია ჩემი საწარმო დაგათვალიერებინო.
-ჯერ მოდის კვირეული გადავაგოროთ და მერე ვნახოთ,- სარამ პლასტმასის კონტეინერი გახსნა და სალათას შეექცა.
-მართლა გამიხარდა შენი ნახვა. სხვათაშორის, ამ დღეებში შენზე ვფიქრობდი.
ქალს ბოლო სიტყვებზე საჭმელი გადასცდა და შეტევითი ხველა აუვარდა. ოლივერმა მაშინვე წვენის ჭიქა მიაწოდა:
-სითხე მიიღე, გაგივლის.
ოდნავ რომ დამშვიდდა, ბოდიში მოუხადა და ჰკითხა:
-ჩემზე რატომ ფიქრობდი?
-ორ კვირაში ვივიენის დაბადების დღეა და შენი დახმარება მჭირდება.
სარამ შვებით ამოისუნთქა:
-რა გინდა, რომ გავაკეთო?
-რამე განსხვავებული იდეა უნდა მომაშველო. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით კარგი გამოგვივა.
-თანახმა ვარ, მაგრამ დრო მჭირდება. ახლა ჩემი გონება მხოლოდ მოდის ჩვენებით არის გადაჭედილი.
-ნახევარი უკვე მოფიქრებული მაქვს. მინდა, ქავბოების მიერ მოწყობილ სანახაობაზე დავპატიჟო ორ საერთო მეგობართან და თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენთან ერთად.
-მე რატომ?
-იმიტომ, რომ მისთვის ახლადშეძენილი და ამავდროულად ძვირფასი მეგობარი ხარ. ასეთები თითებზე ჩამოსათვლელები ჰყავს.
-ასე გითხრა?-ესიამოვნა სარას.
-ვერ ატყობ, რომ ძალიან დაგიახლოვდა? ვივიენი საკმაოდ კარჩაკეტილი პიროვნებაა, ძნელად რომ ვინმეს ენდოს და გაეხსნას.
-მაგაში მართალი ხარ.
-ესე იგი, შევთანხმდით?
-რასაკვირველია, ოღონდ ერთ რაღაცაზე გამეცი პასუხი. ეს ქავბოების სანახაობა მოეწონება?
-ვივიენი მსგავსი ტიპის სანახაობებზე ჩემსავით გიჟდება.
-გასაგებია. მაშინ მეტი კითხვა აღარ მაქვს და ვიფიქრებ შენს წინადადებაზე.
-მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
სარა და ოლივერი ერთად ავიდნენ სასტუმროში. ორგანიზატორების მხრიდან სარასთვის და მისი მოდელებისთვის გამოყოფილი დრო დასასრულს უახლოვდებოდა. ახლა იგივე პროცედურების გასავლელად მისტერ სკოტის ჯგუფი ემზადებოდა.

***
სასტუმროს მიერ მოდის კვირეულისთვის გამოყოფილი დარბაზი ხალხით ივსებოდა. ნელ-ნელა ემატებოდნენ მედია საშუალებებიდან მოწვეული სტუმრები. ერთი შეხედვითაც ჩანდა ორგანიზატორების მიერ გამომჟღავნებული პასუხისმგებლობა, რომელიც აბსოლუტურად ყველა დეტალში იგრძნობოდა. საგულდაგულოდ შემოსილი საზოგადოება ირგვლივ თავმომწონედ დააბიჯებდა და საღამოს დაწყებას გულმოდგინედ ელოდებოდა.
სარას კაბები კლასიკურ სტილში იყო გადაწყვეტილი. უძვირფასეს ევროპულ ქსოვილებში გამოწყობილი მოდელები თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ. ოთხი საღამოს გამოსასვლელით, ორი საქორწინოთი, სამი კოქტეილის და ერთი საკარნავალო კაბით აპირებდა მოდის სამყაროში პირველი ნაბიჯის შედგმას. ნერვიულობდა, დამსწრე საზოგადოებით სავსე დარბაზს შორიდან უყურებდა და ანას და ვივიენის სახეების ამოცნობას ლამობდა.
-აქ რატომ დგახარ? მოდელებთან რატომ არ ხარ?- მოულოდნელად მისტერ სკოტის გაჟღერებულმა ხმამ შეაცბუნა.
დაბნეულმა შეხედა. ვერაფერი უთხრა.
-წამოდი, აქ არ უნდა იყო. სადაცაა კვირეული გახსნილად გამოცხადდება.
სარა ადგილიდან არ იძროდა.
-ვინმეს ელოდები?
-ანას და ვივიენს,- დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა და უეცრად სიხარულისგან ბაგეები გაეპო,- აი, ანა გამოჩნდა. ვივიენს კი ჯერ ვერ ვხედავ.
-ეგ ყოველთვის აგვიანებს. ჩვევა აქვს ასეთი, მაგრამ არ ინერვიულო, თუ დაგპირდა, სიტყვას აუცილებლად შეასრულებს.
-კი, დამპირდა.
სწორედ იმ წამს დარბაზში დაბნელდა. „ნიუ იორკ ფეშენ შოუს“ დამფუძნებელი დამსწრე საზოგადოების წინაშე მენეჯერთან ერთად წარდგა და მოკლე მიმოხილვა გააკეთეს მოდაში შემოჭრილი სიახლეებისა და მასში არსებული კულტურული მრავალფეროვნების გავლენის დადებით მხარეებზე. შემდეგ კონკრეტული ქვეყნები ჩამოთვალეს, საიდანაც მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერები იყვნენ წარმოდგენილნი და სიტყვის დასრულებისთანავე პოდიუმი რიგით პირველი გამომსვლელი დიზაინერის მოდელებს დაუთმეს.
სარას მღელვარება პიკს აღწევდა, როდესაც ჯერი მის კოლექციაზე მიდგა. გოგონებმა პოდიუმზე თავი გამოიჩინეს და მის მიერ საგანგებოდ შეკერილი კაბები არაჩვეულებრივად წარმოადგინეს. იქუხა ტაშმა. ეს წარმატების ნიშანი იყო. სარა მოდელებს შეერია და ათივე მათგანთან ერთად ახლა უკვე თავად გავიდა პოდიუმზე და დარბაზში მყოფებს მადლიერების ნიშნად ღიმილი შეაგება. ტაში გაძლიერდა. ქალს სიხარულისგან ფეხები ეკვეთებოდა და ცრემლები აწვებოდა. არაერთხელ განათდნენ ფოტოგრაფების კამერები. როგორ უნდოდა ჩვენებას მშობლები, ძმები და ნათესავებიც დასწრებოდნენ და მისი სიხარული გაეზიარებინათ, მაგრამ იქ მხოლოდ ორი გულმხურვალე გულშემატკივარი -ანა და ვივიენი იჯდა, რომლებიც სხვებთან ერთად გამარჯვების ტაშით აჯილდოვებდნენ.
-ესეც გამომივიდა,- საკუთარ თავს მიულოცა და მოდელებთან ერთად დატოვა იქაურობა.
-ყოჩაღ! წარმატებულ დებიუტს გილოცავ!- დარბაზს მიღმა დაუხვდა მისტერ სკოტი, -ცალსახაა, მრავალმხრივ ნიჭს ფლობ.
-დიდი მადლობა, ოლივერ. შენც წარმატებულ გამოსვლას გისურვებ,- ძლივს მოახერხა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა და ტუალეტისკენ წავიდა.
კაბინაში შესვლისთანავე თავი ვერ შეიკავა, ცრემლები გადმოსცვივდა და ხმამაღალ ტირილში გადაუვიდა. ასე აღნიშნავდა მარტოდ შთენილი ახალბედა დიზაინერი ყველასგან მალულად სიხარულს.

***
საღამოს დასრულებისთანავე ორგანიზატორებმა დიზაინერები, მოდელები და სტუმრები სპეციალურ სივრცეში მიიწვიეს, სადაც შვედური მაგიდა იყო გაშლილი. სტუმრები რჩეულ დიზაინერებს და მოდელებს გაეცნენ, ზოგიერთმა საქმიანი შეთავაზებაც მიიღო. მათ შორის იყო მისტერ სკოტიც.
სარა „ნიუ იორკ ფეშენ შოუს“ სარეკლამო კედელთან ფოტოს გადასაღებად რამდენიმე სტუმარმა შეაყოვნა და გვიან შეუერთდა მეგობრებს.
-სად გაუჩინარდი? რამდენი ხანია გეძებ.-ჰკითხა ანამ.
-ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა გამაჩერეს. მგონი, შინდისფერი გიპიურის კაბა გავყიდე.
-გილოცავ! მინდა გითხრა, ძალიან ლამაზი გამოსვლა გქონდა. უკეთესს ვერც ინატრებდი. არც მიკვირს, რომ კლიენტი გამოგიჩნდა, მოსალოდნელიც იყო.
-მადლობა, ანა. ხომ იცი, შენი აზრი ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანია?
-ვიცი და გეუბნები კიდეც.
-ვივიენი სად არის? - თვალი მიმოავლო სტუმრებს.
-არ ვიცი, აქვე უნდა იყოს. ნაცნობები აღმოაჩინა და მათთან საუბრობს.
-აგერ მოდის,- გაუხარდა სარას. მისგანაც ელოდებოდა შეფასებას.
ვივიენი ვიღაც უცნობ ახალგაზრდა ქალთან ერთად მიადგა:
-გილოცავ! შენმა კოლექციამ ფურორი მოახდინა.
-მადლობა,- თავშეკავებული იყო უცნობთან. იმ წამს მეტი ვერაფერი უთხრა, თუმცა სიამოვნებით დააყრიდა კითხვებს.
-გაიცანი, ეს ჩემი ძველი კოლეგა, ტერეზა კოლინზია.
-თქვენი საღამოს კაბებით აღფრთოვანებული დავრჩი. ყველა შეუდარებელია, ვერცერთს გამოვარჩევ,- შეაქო ქალმა.
-მადლობას მოგახსენებთ.
-ორ თვეში ჩემი დის ქორწილია. მინდა, კარგად გამოვიყურებოდე. იცით? ერთ-ერთ მოდელს სურათი გადავუღე. შეგიძლიათ, ზუსტად ასეთივე შემიკეროთ? - ტელეფონის გალერიაში შენახული ფოტო აჩვენა ტერეზამ.
-რა თქმა უნდა,-ღიმილი შეაგება სარამ.
-კეთილი. როგორ დაგიკავშირდეთ?
-სიმართლე გითხრათ, საკუთარი სალონი ჯერ არ მაქვს. შეკვეთებზე სახლში ვმუშაობ,- სირცხვილისგან წამოწითლდა.
-არაუშავს, იქ რომ მოვიდე?
ვივიენმა თვალით ანიშნა, დათანხმდიო.
-მობრძანდით.
-ესე იგი, შეთანხმდით. - კმაყოფილებით თქვა ვივიენმა.
სარამ ტერეზას ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და როგორც კი სტუმარი გააცალა, ვივიენს მიუბრუნდა:
-მე ბინის მეპატრონესთან ვცხოვრობ. ძალიან პრეტენზიული ქალია. არა მგონია, კლიენტის მოსვლა მოიწონოს.
-მართლა?- შეფიქრიანდა ვივიენი. თითქოს გონება რაღაცამ მყისიერად გაუნათა. ეგ საქმე მე მომანდეო,-თვალი ჩაუკრა და არეულ ხალხს შეერია.
-ოლივერ, სად ხარ?- გამალებით ეძებდა მეგობარს.
მალევე მიაგნო. ცივი იარაღების მწარმოებელი კომპანიის ერთ-ერთ წარმომადგენელთან იდგა და ესაუბრებოდა. ვივიენმა ბოდიში მოუხადა, საუბარი შეაწყვეტინა და სთხოვა, იქაურობა ისე არ დაეტოვებინა, რომ არ ენახა. მისტერ სკოტი დაპირდა, როგორც კი საუბარს მორჩებოდა, მიაკითხავდა.
-რა ხდება? გამაგებინებ?- მასთან დაბრუნებულ ვივიენს აღელვებული მივარდა სარა.
-ცოტაც მოიცადე და ყველაფერს გაიგებ,- ეშმაკურად ეღიმებოდა და თან მოხდენილად ჩაცმულ სამოსს ისწორებდა.
ამასობაში ოლივერიც გამოჩნდა.
-მორიგი შეკვეთა მიიღე? მოგილოცო, თუ ჯერ არა?- შამპანურით სავსე ფუჟერი დაანახა ვივიენმა და სალაპარაკოდ გვერდზე გაიყვანა.
-დანების ქარქაშების შეკვეთა მომცეს. ისეთ არხზე გავედი, ესენი რომ მუდმივი კლიენტები გახდნენ, ტუზი დამეცემა.
-იმედი მაქვს, ასეც იქნება.
-წინ ახალი გამოწვევებია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.- თავადაც ასწია შამპანურის ფუჟერი და მორიგი წარმატებით გახარებულმა მეგობარს თეთრი კბილები შეანათა.
-ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხე. შენს საწარმოში რომ მცირე ადგილი გამომიყო, შეძლებ? რა თქმა უნდა, გადაგიხდი. ბიზნესი ბიზნესია, მეგობრობა -მეგობრობა.
-არ მითხრა, რომ ტყავის წარმოებით დაინტერესდი, მაინც არ დაგიჯერებ.
-არა, ერთ ჩემს მეგობარს სურს ტანსაცმელი შეკეროს. მას კი არც კლიენტების მიღება და არც საკერავი მანქანების ჩართვა ბინის ერთ ოთახში არ შეუძლია.- სარასკენ მიმართა მზერა.
-კლიენტებს ქუინსში ვერ მიიღებს, იქ კუდაბზიკა მდიდრები არ მოვლენ.
-არც ვამბობ, იქ უნდა მიიღოს-მეთქი. კვირაში ორი დღეც რომ გამოუყო, მანჰეტენზე შენს მაღაზიაში არსებულ პატარა სალონში მოვა, კლიენტებს ზომებს აუღებს, მოასინჯებს, ქსოვილს აარჩევინებს, ხოლო მერე წამოვა და საწარმოში შეკერავს.
-ასე ძალიან სარაზე რატომ ზრუნავ? ზედმეტ პასუხისმგებლობას ხომ არ იღებ? მის წინაშე რამე ვალდებულება გაქვს?
-თანახმა ხარ, თუ არა?- არ ჩათვალა საჭიროდ, ოლივერის ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. საქმის დროულად მოგვარება უფრო ეჩქარებოდა.
მისტერ სკოტმა სარას სერიოზული სახით გახედა და გაჩუმდა. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ წარმოთქვა:
-არ მიყვარს, როცა სამუშაო გარემოში სიმშვიდეს და აწყობილ დღის რეჟიმს მირღვევენ, მაგრამ რადგან შენ მთხოვ...
-ხელს არ შეგიშლის, დამიჯერე. ძალიან შეგნებული ადამიანია და ერთმანეთს გაუგებთ. მოკლედ, ვატყობ, შევთანხმდით. თანხაზე შემდეგ დაგელაპარაკები. ახლა მთავარია, ჩვენს ახლადგამომცხვარ დიზაინერს სამუშაო გარემო ჰქონდეს.
მამაკაცმა თავი დაუქნია. ვივიენი სარასთან მივიდა და რაც მისტერ სკოტთან ერთად მოილაპარაკა, ყველაფერი მოახსენა:
-აბა, რას იტყვი? შენი სამუშაო სივრცე გექნება და ნახევარი წელი ქირის ფულს მე გადაგიხდი. როცა კლიენტების რიცხვს გაზრდი, შეგიძლია თანხის დაბრუნებაზე მერე იფიქრო.
-არც კი ვიცი, რა ვთქვა,-ენა დაება სარას.
-ხვალვე შემიძლია, ჩემი საწარმო დაგათვალიერებინო. ქუინსშია. მისადგომადაც საკმაოდ ადვილია, ტრანსპორტი ყველა მხრივ უდგება, - დასძინა ოლივერმა.
სარამ სახეზე ხელები აიფარა. ვივიენის ჰუმანურმა საქციელმა აზროვნების უნარს მოსწყვიტა. რეტდასხმული იდგა და ვეღარ გაეგო რა მოემოქმედებინა. გონს რომ მოეგო, მეგობარს გადაეხვია და არასოდეს დაგივიწყებო,-ძლივს ამოთქვა.

***
ქუინსში, „ჯექსონ ჰაითსის“ დასახლებაში, მეშვიდე ხაზის მეტროსადგურთან ახლოს, კორპუსის მანსარდის დაახლოებით ასორმოცდაათი კვადრატული მეტრი ჰქონდა ათვისებული ოლივერს. ნათელი, სუფთა, სამი ფართო ოთახისგან, სამზარეულოსა და სააბაზანოსგან შედგებოდა. თეთრად შეღებილი და სიძველისგან გაყვითლებული კედლები მსოფლიოს მეგაპოლისების სურათებით იყო გაცოცხლებული. კარ-ფანჯარაც ასევე ძველებური სტილის, მაგრამ მოვლილი იყო. ხის იატაკს ეტყობოდა, რომ განახლებული იყო.
სარამ შესვლისთანავე იგრძნო ტყავის მასალის და ქიმიური საშუალებების სპეციფიკური სუნი. ყველგან ფეხის ტერფის სტილიზირებული მოდელები, ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების კომპოზიციები, წაღა, ნახევარწაღა, მაღალყელიანი ჩექმა, საზაფხულო ღია ფეხსაცმელი, ნავისებური მაღალქუსლიანი და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, საზაფხულო უსარჩულო ჩექმა, წაღა პერფორირებული ღიობებით, ქამრები და ჩანთები იყო მიმობნეული.
ოლივერს ხელში ფანქარი ეჭირა და ფეხსაცმლის მოდელის დახვეწით იყო დაკავებული.
-შეიძლება?- დაბალი ხმით იკითხა სარამ.
მამაკაცმა ნაცნობი ხმის გაგონებისთანავე ფანქარს ხელი გაუშვა და სტუმრის მისაღებად წამოდგა.
-მობრძანდი.
-ხელი ხომ არ შეგიშალე?
-არა.
-ახალ მოდელს ქმნიდი?-ქალს თვალი გაექცა ოლივერის სამუშაო მაგიდისკენ.
-ჰო, დახატული ფეხსაცმლის დაფერვას ვასრულებდი. ჩრდილისა და სინათლის სწორი განაწილება მინდოდა.
-შეიძლება, ვნახო?- ინტერესი გამოავლინა სარამ.
-რა თქმა უნდა,- მაგიდისკენ წავიდა მამაკაცი და ნამუშევარი ხელში მიაწოდა.
-ძალიან ლამაზია!
-მადლობა.
-ეს საბოლოო სახეა?
-არა. ჯერ მუქი ტონალობით დავიწყე, ახლა ჩრდილებიდან თანდათან ვაღიავებ. გრადაციასა და გაღიავების ეტაპზე ვარ. შემდეგ აქსესუარების ფერში დამუშავებაზე გადავალ.
-რთულია?
-არც ისე. პირველ ეტაპზე ჩავარდნილ ფორმებს მუქი ტონით მოვნიშნავ, შემდეგ მომდევნო ტონების თეთრი ფერით გაღიავება დაიწყება და ასე თანდათან ფორმის ძერწვაში გადავალ ლაქობრივად ფეხსაცმლის მოცულობისა და ფაქტურის შესაბამისად.
სარამ თავი სუსტად გააქნია:
-რთული ყოფილა.
ოლივერმა სახის ნაკვთები შეუთვალიერა და მზერა ნაცრისფერ თვალებზე შეუჩერა.
-სულ ეს არის? მეტი არაფრის დამატება არ დასჭირდება? - უხერხული სიჩუმე დაარღვია ქალმა.
ოლივერმა არაფერი უპასუხა. ისევ მას აკვირდებოდა. სარამ ნახატი მაგიდაზე დადო და უკან დაიხია. მამაკაცმა მხოლოდ მაშინ გასცა პასუხი:
-საბოლოოდ გუაშში ან აკვარელში გადამაქვს.
-გასაგებია. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი სფერო არ არის. კარგი, ჩემთვის გამოყოფილი ფართი რომელია?-ქალმა საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
ოლივერმა ოთახი აჩვენა. არეულობისთვის ბოდიში მოუხადა და დაპირდა, გადატვირთული გრაფიკის გამო მაქსიმუმ ოთხ დღეში გაუთავისუფლებდა. სარას ეჩქარებოდა, ამიტომ უთხრა, მისი დახმარება სულაც არ იყო საჭირო, ყველაფერს თავად გაუმკლავდებოდა.
-ასე თუ გეჩქარებოდა, გეთქვა. ჩემს დამხმარეებს დავტოვებდი და რაღაცას მოგიხერხებდი.
-არაუშავს. თუ გასვლას არ აპირებ, ცოტა ხანს დავრჩები და ნახევარი საქმეც რომ გავაკეთო, ესეც კარგია. ხვალაც იგივე დროს, სამსახურის შემდეგ მოვალ და დაწყებულს ბოლომდე მივიყვან.
-პრობლემა არ არის. მეც სამუშაო მაქვს და სანამ არ დავასრულებ, ვერ წავალ. მოდი, რაც მსუბუქია, მხოლოდ ის ნივთები გამოიტანე და დანარჩენს მე მივხედავ, კარგი? ძალა არ დაიტანო.
-თუ ვერ მოვერევი... - გაეცინა სარას და დრო რომ არ დაეკარგა, ოთახის დალაგებას შეუდგა.
მისტერ სკოტს გონება აურია და წარმოქმნილი ხმაურითა და ფუსფუსით კონცენტრაციის უნარი დაუკარგა, მაგრამ მამაკაცმა არაფერი აგრძნობინა, შეძლებისდაგვარად აგრძელებდა ფეხსაცმლის მოდელის სრულყოფას. ხანდახან თვალს მისკენ აპარებდა და მის ღიღინზე ჩუმად ეღიმებოდა.
ქალმა დაახლოებით ორი საათი დაჰყო სახელოსნოში. გვარიანად მოიქანცა და მუშაობა შეწყვიტა. უკვე გვიანიც იყო. მეორე დღისთვის ისევ ტელევიზიაში იყო წასასვლელი და მეტს ვეღარ გაჩერდებოდა.
-უკვე მიდიხარ?- როდესაც ოლივერმა მხრებზე ჩანთაგადაკიდებული სარა დაინახა, მუშაობას თავი დაანება.
-დიახ.
-გაგაცილებ.
-არ არის საჭირო. ვერ შეგაწუხებ.
-რადგან გთავაზობ, ესე იგი, არ ვწუხდები.
-მადლობა, მირჩევნია, მეტროთი წავიდე.
-წვიმა დაიწყო,- ფანჯრისკენ გაიხედა მამაკაცმა.
-არაუშავს. მადლობელი ვარ დახვედრისთვის. ღამე მშვიდობისა. -უცებ მიაყარა სიტყვები და კარისკენ წავიდა.
-ღამე მშვიდობისა,- მიუგო ოლივერმა და თვალი გააყოლა.
გარეთ კოკისპირულად წვიმდა. სახლებისკენ მიმავალი ხალხი ჩქარი ნაბიჯებით მიიწევდნენ.
-ქოლგაც არ მაქვს,- სახე დაემანჭა ქალს. ცოტა ხნით შეჩერდა, მაგრამ გადაღებას პირი არ უჩანდა და სადარბაზოდან გავიდა.
რამდენიმე ქუჩის იქით ერთ-ერთ სპა სალონთან გამომწვევად ჩაცმული ჩინელები მოფენილიყვნენ, ქოლგის ქვეშ თავმომწონედ პოზიორობდნენ და გამვლელებს მასაჟს სთავაზობდნენ. სარას არც შეუნიშნავს ისინი, ერთი ადგილი შეარჩია და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა. ვივიენი ურეკავდა, აინტერესებდა სახელოსნო რამდენად მოეწონა და ვიდრე მისგან პასუხს მოისმენდა, უცხო მამაკაცი მიადგა:
-რამდენი გადაგიხადო, ლამაზო?
ქალმა მხოლოდ მაშინ შენიშნა შურიანი სახით მომზირალი გვერდზე მდგომი ჩინელი მეძავები, რომლებიც ალმაცერად უყურებდნენ და მასთან საჩხუბრად ემზადებოდნენ.
-რაღაც გაუგებრობაა,- ამოილუღლუღა, ვივიენს ტელეფონი გაუთიშა და ის იყო, გაქცევა დააპირა, როდესაც მისტერ სკოტმა თავის მანქანა ფეხებთან გაუჩერა, მინა ჩაწია და მიმართა:
-დაჯექი!
სარამ უარის ნიშნად თავი გააქნია და დაბნეული გაიქცა მეტროსადგურისკენ. სწორედ იმ დროს, დიდი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ გუბეში გაიარა და ერთიანად გაწუწა.
-ჯანდაბა!- სიმწრით აღმოხდა და ასფალტს ფეხი დაჰკრა.
-შენ სულ ასე ჯიუტობ?- უკვე მეორედ გაუჩერა მანქანა ოლივერმა.
ქალი შედგა, მამაკაცს გახედა და მანქანის კარი დაუყოვნებლივ გააღო.
-არ ვიცოდი, ეს ქუჩა თუ...
-ახლა ხომ იცი?
-ვივიენმა დამირეკა და საპასუხოდ ამ შენობის წინ გავჩერდი,- ახსნა დაიწყო, თან შეშინებული უკან იყურებოდა.
-შენი მისამართი მითხარი,- ნავიგაცია გახსნა მისტერ სკოტმა.
სარამ მისამართი უკარნახა და ჩანთიდან ხელსახოცი ამოიღო, რომ ჭუჭყიანი გუბის შხეფები მოეცილებინა.
-რას დამამსგავსა იმ საძაგელმა!- კბილებში გამოსცრა და ჯერ სახე მოიწმინდა, შემდეგ ტანსაცმლის გასუფთავებაზე გადავიდა.
-შეგეძლო, ჩემი შეთავაზება თავის დროზე მიგეღო. ახლა აღარ იწუწუნებდი.
-ისე მელაპარაკები, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რა შემემთხვეოდა და მაინც უარი გითხარი შემოთავაზებაზე.
-ჰმ.
-რა, ჰმ?
-არაფერი. ვივიენის დაბადების დღეზე იფიქრე?
სარას სახე შეეცვალა:
-სულ დამავიწყდა...-გაიტრუნა და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა:- როგორ მოვიქცეთ?
ოლივერმა მხრები აიჩეჩა:
-მე შენგან ველოდები პასუხს.
-როდეო როდის იწყება?
-საღამოს შვიდ საათზე.
-როდის მთავრდება?
-ცხრაზე.
-ზღვის პროდუქტების რესტორანში რომ წავიდეთ? ვივიენს ძალიან უყვარს.
-რესტორნების უმეტესობა ათ საათზე იკეტება.
-შენც მართალი ხარ. მაშინ ბარი.
-მეტი კრეატიულობა მჭირდება.
-სახლი რომ ვიქირავოთ და წვეულება იქ გავმართოთ?
-ეგ უფრო კარგად ჟღერს. პოკონოზე რას იტყვი?
-იყოს, როგორც ვიცი, ძალიან ლამაზი ბუნებით გამოირჩევა.
-სახლი უნდა შემარჩევინო.
-ხვალ რომ იყოს?
-დღეს რომც მეხვეწო, უარს გეტყვი. არ მცალია.
ქალი გაჩუმდა. ვერ გაუბედა, ეკითხა, ასეთ დროს თავსხმა წვიმაში სად მიდიოდა. აღარც ოლივერს გაუგრძელებია სიტყვა. სარა სახლამდე მიიყვანა, დაემშვიდობა და თვალს მიეფარა.

***
მეორე დღეს მისტერ სკოტმა თავად მიაკითხა სარას სამსახურში. პირველ რიგში მაღაზია და შიგვე არსებული პატარა სალონი დაათვალიერებინა, შემდეგ ქუინსისკენ აიღეს მიმართულება. მართალია, სხვის საკუთრებაში უეცარი შეჭრა ცოტა უხერხულობას უჩენდა სარას, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთეს შეთავაზებას ვერავინ გაუკეთებდა. საკუთარი ძალების ამჯერადაც სჯეროდა. ღრმად იყო დარწმუნებული, არ უღალატებდნენ. ამიტომ, იმედს იტოვებდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც არა სხვის, არამედ საკუთარ მაღაზიაში, მოდების სახლსა და საწარმოში შეაბიჯებდა. მანამდე კი ისიც კარგად ესმოდა, საჭირო იყო თავგადაკლული შრომა და თითოეული წუთის ეფექტიანი გამოყენება.
იმ დღეს ოთახის დალაგება დაასრულა, მისტერ სკოტს პოკონოში გასაქირავებელი სახლებიდან ვივიენის დაბადების დღის აღსანიშნავად არჩევანი გააკეთებინა და ჩუმად გაუყვა „ჯექსონ ჰაითსის“ ქუჩებს მეტრომდე.
მიდიოდა და დაკვირვებით ეცნობოდა უბანს, რომელიც ამიერიდან ხშირი მასპინძელი გახდებოდა სარასთვის. ეთნიკური მრავალფეროვნების განსაკუთრებული სიჭრელე მის ყურსა და თვალს არ გამორჩენია. უამრავი ენა ირეოდა ერთმანეთში. აქა-იქ ისმოდა აზიური აქცენტით გამოთქმული ინგლისური სიტყვებიც. შეხვდებოდით ინდურ სილამაზის სალონებს, კორეულ სუპერმარკეტებს, დარბაზებს, რომლებიც სარეკლამო აბრებით ლათინო-ამერიკული ცეკვებისა და სიმღერების შემსწავლელ კურსებზე იწვევდნენ მსურველებს და კიდევ უამრავ პუნქტს სხვადასხვა სერვისული შეთავაზებით.
მეტროსადგურამდე მშვიდობიანად მიაღწია და კიბეებით ბაქანზე დაეშვა. მკაფიოდ მოაწვა საშინელი დაღლილობა და კედელს მიეყრდნო. ბოლო ხანებში შეძენილი უენერგიობა აღარც უკვირდა, მაგრამ დღევანდელი დღე ზედმეტი დატვირთულობით გამოირჩეოდა. თანდათან ძილიც ერეოდა. გვირაბიდან მომავალმა მატარებელმა ლიანდაგები აახმაურა, ცხვირწინ ჩაუშხუილა და ბოლო ვაგონით მის წინ გაჩერდა. საკუთარი სხეული ძლივს აითრია და ვაგონში შევიდა. როგორც კი მატარებელი დაიძრა, ორ გაჩერებას გაუძლო და წასთვლიმა. როცა გამოფხიზლდა, შეცბუნებულმა გახედა ელექტრო დაფას. სამი სადგურით გამცდარი იყო თავის გაჩერებას. საათს დახედა და სახე შეეცვალა.
-კაცმა არ იცის, რამდენი ხანი მომიწევს ლოდინი,- წაიბურტყუნა და საპირისპირო მიმართულებით მიმავალ მატარებელს დაელოდა.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა, მატარებელი გამოჩნდა. კარებთანვე ჩამოდგა, სკამისკენ აღარც გაუხედავს.
ბინაში შესულს მეპატრონე საყვედურით დახვდა, გვიან როცა მოდიხარ, მეღვიძება და სხვა დროისთვის გაითვალისწინეო. გაწბილებულმა სარამ თავი გააქნია და სამზარეულოში ჭურჭელი რომ არ აეხმაურებინა, მშიერი შევიდა თავის ოთახში.
-როდის მეღირსება ის დღე, როცა ამ ქალის კაპრიზების გაძლება აღარ მომიწევს?- ამოიგმინა და პირქვე დაეშვა საწოლზე.

***
როდეოს დაწყებამდე სარამ აიტეხა, სუვენირების მაღაზიაში შესულიყვნენ, სამახსოვროდ პატარა ნივთის ყიდვა სურდა. ოლივერი და ვივიენიც თან გაჰყვნენ, ხოლო დანარჩენი მეგობრები სანახაობის მოლოდინში იყვნენ გართულები და მოედანზე დარჩენა ამჯობინეს. ოლივერმა ქალის და კაცის ჩექმებზე შეაჩერა მზერა და შეკერვის ხარისხს პროფესიონალური თვალით დაუწყო დაკვირვება, ვივიენი ქუდებთან ჩამოდგა, სარასთვის კი ყველაფერი საინტერესო იყო და თითოეული დახლის წინ ყოვნდებოდა. საბოლოოდ, არჩევანი ჩექმებზე შეაჩერა და რამდენიმე წყვილის მოსაზომად სარკის წინ ჩამოჯდა.
-ეგ არ გამოგადგება, საკმაოდ მაღალი ქუსლი აქვს, ტყავიც სხვა ტექნოლოგიით არის დამუშავებული და არაკომფორტული იქნება,- როგორც კი ხელში პირველი წყვილი აიღო, მაშინვე გაისმა მისტერ სკოტის ხმა.
-მაშინ ამ ოთხიდან რომელს მირჩევ? იმდენია, უკვე ტვინი მეღრძო,-უპასუხოდ არ დატოვა სარამ.
მამაკაცი მის წინ დაიხარა, ოთხივეს თვალი შეავლო და ბეჟი ფერის ჩექმაზე მიუთითა:
-ეს ყველას სჯობს, თან ჯინსის შარვალს ძალიან მოუხდება.
ქალმა ჩექმა მოირგო და სარკეში ჩაიხედა. მართლაც ლამაზი გამოჩნდა ღია ფერის ჯინსთან, რომელსაც ატარებდა.
-მგონი, ოლივერის რჩევას უნდა ვენდო,- გაიფიქრა და ნივთის საფასურის გადასახდელად მოლარისკენ გაემართა.
-რა იყიდე?- ფეხი შეუთვალიერა ვივიენმა.
-აი, ეს!- კმაყოფილმა მიუგო სარამ და ახლადშეძენილ ჩექმას დახედა.
-ვისი რჩევით? ბარემ ისიც ვთქვათ,- გაეღიმა ოლივერს.
ვივიენი მაშინვე მიხვდა და ჩუმად ჩაეცინა.
-რაც მართალია, მართალია, მისტერ სკოტი დამეხმარა,-აღიარა სარამ.
-ძალიან გიხდება.- მოუწონა მეგობარმა და თავის შერჩეული ქუდი გადასცა,- ეს შენ.
-რა?-ყბა ჩამოუვარდა სარას,-კი, მაგრამ...
-მე თუ მკითხავ, როდესაც როდეოში ხარ, ქავბოების ჩექმა და ქუდი აუცილებელი ატრიბუტებია.
-რატომ მყიდულობ? ამ საჩუქარს ვერ ავიღებ. უკვე მეტისმეტია.
-ფული ჩემია და ისე განვკარგავ, როგორც მომეხუშტურება.
-მაგრამ მე იუბილარი არ ვარ. დღეს შენ იმსახურებ ჩვენგან საჩუქრებს.
-საკუთარ დაბადების დღეზე საჩუქრის ვინმესთვის გადაცემა იუბილარებს ეკრძალებათ? ვინ დააწესა? მსგავსიც არაფერი მსმენია,- თვალები დაიწვრილა და ტუჩები დაპრუწა.
-როცა ვივიენი რაღაცას აიჩემებს, ვერავინ გადაარწმუნებს,- ჩაილაპარაკა ოლივერმა.
-შენ რაღა დაგემართა? - მკაცრი სახით მიუბრუნდა მამაკაცს.
მისტერ სკოტს ჩაეცინა:
-შენს გადაკიდებას მტერსაც არ ვუსურვებ.
ვივიენმა სარას გახედა და ახლა მისგან ელოდებოდა სიტყვას.
-კარგი, ჰო, ვიღებ საჩუქარს.
გულუხვ იუბილარს გაეღიმა, ჩანთა გახსნა და მოლარეს საკრედიტო ბარათი მიაწოდა.

***
სანახაობის დაწყებამდე სულ რაღაც ათი წუთი რჩებოდა. სარამ, ვივიენმა და ოლივერმა ხალხით სავსე რიგებში ტრადიციული ამერიკული რეცეპტით მომზადებული ჰოთ-დოგებითა და გამაგრილებელი სასმელებით გაიკვლიეს გზა და დანარჩენ მეგობრებს შეუერთდნენ.
-ეს თქვენთვის,- სარამ ახალდაქორწინებულ წყვილს მათთვის ნაყიდი საჭმელი გაუწოდა.
-სხვათაშორის, დახლებისკენ წასვლა ჩვენც გვინდოდა, მაგრამ ადგილებს გინახავდით. თქვენი წასვლის შემდეგ გაქვავებულები ვსხედვართ, რომ არავინ წაგვართვას, - გაეცინა მიას და როგორც კი კუთვნილი ჰოთ-დოგი მიიღო, მაშინვე პირისკენ გაიქანა.
-სულსწრაფი,- მიაძახა ჯეიმსმა.
ვივიენი ცოტა ხანს აკვირდებოდა მიას, შემდეგ ვეღარ მოითმინა, ფეხზე წამოდგა, მარაოსავით გადაშალა გრძელი თითები და ოფიციალურ განცხადებასავით ხმამაღლა წარმოთქვა:
-უცნაურია. ჭამაზე არასოდეს გაგიგიჟებია თავი. რაც თავი მახსოვს, დიეტაზე ხარ. აქ საქმე რაღაცაშია და მიმალავ.
მიას ლუკმა პირში გაუჩერდა. მეუღლეს შეხედა და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ სიცილი აუტყდა.
-რაღა ვივიენ კარტერი და რაღა გამოცდილი გამომძიებელი? ისე გვიყურებს, თითქოს ბოროტმოქმედები ვიყოთ და დანაშაული გვქონდეს ასაღიარებელი. ვერაფერს გამოგაპარებს კაცი. ჰო, მალე მშობლები გავხდებით,- მიუგო ჯეიმსმა და მეუღლეს მხარზე გადაჰხვია ხელი.
ქალს მკაცრი იერი სიხარულის მკრთალმა ელფერმა შეუსხვაფერა. ეს სიცოცხლის კაფსულის გახეთქვას ჰგავდა, რომლის ნაწილაკი მასაც მოხვდა და განაცრისფრებული იერი თავისფრად შეუღება. ქრიზოლითისფერი თვალებიდან სევდა აუორთქლდა და კვამლივით შეერია ჰაერს.
-გილოცავთ! ამაზე უკეთესს ვერაფერს მოგილოცავდით, -ორივეს გადაეხვია.
სარამ და ოლივერმაც მიბაძეს ვივიენს და წყვილის სიხარული გაიზიარეს.
ამასობაში, როდეოც დაიწყო. მოედნის თავზე პროექტორები განათდნენ. შემაღლებულ ადგილას დამონტაჟებულ აივანზე რამდენიმე შემფასებელთან ერთად საღამოს წამყვანი გამოჩნდა და მაყურებელს მიესალმა. შემდეგ საღამოს განრიგზე ისაუბრა და მონაწილეების წარდგენაზე გადავიდა. ხის ჭიშკარი გაიხსნა და ნელ-ნელა ხელში აშშ-ს დროშით აღმართული, ცხენებზე ამხედრებული ქავბოები გამოჩნდნენ. მათ შორის იყო ორი ქალბატონიც.
-შეხედე, რა ბიჭია!
-ყველაზე სექსუალური ქავბოი ამერიკაში.
-ღმერთო ჩემო, ახლა გული წამივა.
წარამარა ისმოდა ახალგაზრდა გოგოების შეძახილები.
ქავბოებმა წრე დაარტყეს, მაყურებელს მიესალმნენ და თვალს მიეფარნენ. კვლავ გამოჩნდა წამყვანი და ამჯერად პირველი სახიფათო ნომრის - ხარის ტალახზე ტარება გამოაცხადა. პირველი ქავბოი ნიუ-ჯერსის შტატიდან იყო. წამყვანმა მისი მოკლე ბიოგრაფიული ჩანართი დასძინა და მის მიერ მიღებულ ტრავმაზე ალაპარაკდა, რომლის გამოც თითქმის ერთი წელი მოუწია საყვარელ საქმიანობასთან დამშვიდობება.
-საკმაოდ საშიში სპორტი ყოფილა,- დაუმორჩილებელ და გაბაწრულ ხარს რომ შეხედა, მაშინვე აღნიშნა სარამ.
როგორც კი რვა წამი მიილია, მაშინვე გაისმა გამარჯვების სიგნალის ხმა და ხელაღმართულმა ქავბოიმ ხარს საშუალება მისცა, გვერდზე გადაესროლა.
სარამ შიშისგან თვალები დახუჭა.
-იჰ, იჰ, იჰ, იჰააა!- სიხარულის ნიშნად დაიყვირა მათ უკან მჯდომმა მამაკაცმა.
დაფაზე მაშინვე გამოისახა მიღებული ასი ქულა. მაყურებელმა ყიჟინით გააცილა გამარჯვებული.
ხარის ტალახზე ტარება ახლა უკვე პენსილვანიელმა ქავბოიმ ითავა, მაგრამ ხუთი წამი ძლივს გაუძლო გავეშებულ ხარს და ძირს დაენარცხა.
-ძალიან საშიშია! როგორ რისკავენ?- სარა კითხვით მიუბრუნდა ოლივერს.
-იოლი რომ იყოს, ქავბოებზე გადარეული გოგოები აქ აღარ ივლიდნენ და ასე გულმხურვალედ არ უგულშემატკივრებდნენ,- ერთ-ერთ მომკივან გოგოსკენ გაიხედა მისტერ სკოტმა.
სარა ოლივერის მზერას გაჰყვა და პირველ რიგში მდგომი, მოკლე ჯინსის შორტში და ღია მაისურში მდგომი, სიმპათიური ქავბოებისკენ მომზირალი გოგონები რომ დაინახა, გაეცინა.
როცა ხარების ტალახზე ტარება დასრულდა, მეორე ნომრად გაქანებული ცხენებიდან ხბოების თოკებით დაჭერა და მათი ძირს დაწვენა გამოცხადდა. მას მოჰყვა ცხენებზე ჯირითი და რთულად შესასრულებელი მანევრირებები.
ვივიენი გაოცებული უყურებდა ნახევარფინალში გადამსვლელ ქავბოებს, რომლებიც ურთულეს ნომრებს საკმაოდ წარმატებით ართმევდნენ თავს. არც ჯეიმსი და ოლივერი ჩამორჩებოდნენ გულშემატკივრობაში.
-მოგწონს?- ოლივერმა სარას გადაულაპარაკა.
-დიახ. სახიფათო რომ არ იყოს, უფრო მომეწონებოდა.
-ამაშია ამ სპორტის მუღამი.
-ჰო, ვხვდები.
-მე და ჯეიმსი ყოფილი ქავბოები ვართ.
-მართლა?-თვალები გაუფართოვდა სარას.
-არ გჯერა?
-მჯერა, როგორ არა. საკუთარი თავი არ გეცოდებოდათ?
-როცა ქავბოი ხარ, შენთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. ისინი სიძნელეებს არასოდეს გაურბიან.
-საკმაოდ გაბედულები არიან. ამაში ორი აზრი არ არსებობს. საინტერესოა, ქავბოების სახე როგორ შეიქმნა?
- ქავბოი ჩრდილოეთ მექსიკიდან შემოსული ტრადიციების და ამერიკული სტილის ნაზავია, რომლის საბოლოო ლეგენდარული სახე მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ისინი მთელ დღეს ატარებდნენ ჯოგში, ცხენზე ამხედრებულები დადიოდნენ და უმეტესად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ. ნამდვილ ქავბოებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ კარგად შეკაზმული მარდი ცხენი, რომელიც ძროხების სუნს უნდა სცნობდეს, ჰქონდეთ რევოლვერი, დანა და ქამანდი. რევოლვერი მხეცების მოსაგერიებლად, დანა მრავალი დანიშნულებისთვის, ხოლო ქამანდი ძროხების ან ცხენების დასაჭერად სჭირდებათ.
-სხვანაირი ჩაცმულობაც ახასიათებთ.
-დიახ. პერანგები შესაკრავების გარეშე, თეძოებთან ოდნავ ფართო და მეტი გამძლეობისთვის უკან ტყავის ნაჭრებიანი შარვლები აცვიათ. აუცილებელია, ჰქონდეთ გრძელი ტყავის ჩექმა და ეხუროთ ქუდი, რომელიც მზისგან და წვიმისგან დაიცავთ.
-ასეთი პოპულარულები რატომ გახდნენ? რამე წინაპირობა ჰქონდათ?
-მეცხრამეტე საუკუნეში იმდენად პოპულარულები არ იყვნენ, როგორც მეოცეში. მას შემდეგ, რაც ვესტერნული ჟანრის ფილმებში გადაიღეს და “Marlboro”-ს რეკლამის სახე გახადეს, ქავბოი ამტანი და ღონიერი მამაკაცის სიმბოლოდ იქცა.
-ალბათ, ამ სპორტსაც მეოცე საუკუნიდან ჩაეყარა საფუძველი.
-შეიძლება ასეც ითქვას.
-რატომ მიატოვე?
-ხშირი იყო ტრავმები. ბოლო ტრავმის შემდეგ ექიმებმა გარკვევით ამიხსნეს რა საფრთხის წინაშე ვიდექი. იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი, თუმცა როდეოს სიყვარული დღემდე გამომყვა. ბოლოს და ბოლოს, ის ადგილია, სადაც დროებითი განტვირთვის საშუალება გეძლევა. ძველი ამერიკული ტრადიციები ცოცხლდება და არაჩვეულებრივი სანახაობები იმართება.
სარა საუბარში აღარ აჰყვა, დაძაბულ სანახაობას მიადევნა თვალი.
საღამოს მეტი გამარჯვებული ჰყავდა, ვიდრე დამარცხებული და სწორედ ეს კონკურენცია განსაზღვრავდა შეჯიბრის ინტერესს. საბოლოოდ, ქულების მიხედვით გამოავლინეს გამარჯვებულები და წარმატებული ასპარეზობა და ჩემპიონობა უსურვეს ნახევარფინალში გადასულებს.
დადებითი ემოციებით დატვირთული მაყურებელი დაიშალა. სარა, ოლივერი, ვივიენი, მია და ჯეიმსი პოკონოს მთებში, მახლობლად დაქირავებული სახლისკენ გაეშურნენ.

***
პოკონოს მთებს არაფერი შეედრებოდა. ბინდგადაკრული ზეცაც ვერ ფარავდა ირგვლივ არსებული ლანდშაფტების უიშვიათეს სილამაზეს. სარა პირველად ხედავდა პენსილვანიის შტატის მთიანეთს და ფანჯრის მინას თვალს ვერ წყვეტდა. ტყის სივრეში ჩაძირული სხვადასხვა ზომისა და ფორმის სააგარაკე სახლები, გასართობი კომპლექსები და ტბები გონებაში წარუშლელ კვალს ტოვებდნენ. ტყეში სიარულისას რამდენჯერმე ირმის ჯოგი შეხვდათ, აქა-იქ ოჯახებად დადიოდნენ მელიებიც და მოსახლეობას მიჩვეულები ოდნავადაც არ უფრთხოდნენ მანქანებით მიმავლებს.
-ენით ვერ აღვწერ, ისეთი დამამუნჯებელია აქაურობა,- აღფრთოვანებას ვერ მალავდა სარა.
-შემოდგომას უნდა ნახო. სასწაულია!
-ეჭვიც არ მეპარება.
-არც მაშინ არის ნაკლები, როცა სათხილამურო სეზონი იწყება. მე და ჯეიმსი ყველაზე ხშირად ზამთარში ამოვდივართ ხოლმე,- ჩაერთო მიაც.
-რატომ დუმხარ? შენც თქვი რამე, ოლივერ. მთელი გზაა ჩუმად ხარ,- იუბილარმა საჭესთან მყოფი ჩაფიქრებული მეგობარი კითხვით შეაფხიზლა.
-რა უნდა ვთქვა? ნავიგაციას მივყვები. არ მინდა, არასწორ მარშრუტს დავადგე,-თავი იმართლა.
-რაკი ასეა, ხელს არ შეგიშლით და ჩვენც გავჩუმდებით, -კარგ განწყობაზე მყოფ უკან მსხდომებს გახედა და თვალი ჩაუკრა.
ოლივერის მანქანა კვლავ განაგრძობდა მაღალი ხეებით გადატოტილ ტყეში სიარულს. წინ გადაშლილი ბუნების საოცრებები ოდნავადაც არ აღელვებდა ფიქრებაშლილს. ახალი ამოცანები აღწევდნენ გონების ნაპრალებში და მეტასტაზებივით ედებოდნენ. თავისთვის, ყველასგან მალულად წრიალებდა და არაფერს იმჩნევდა.

***
მალე სახლსაც მიადგნენ. მისმა მოწყობამ და იდილიამ ყველა მოხიბლა. ვიდრე რესტორნიდან შეკვეთას მოიტანდნენ, სარა და ვივიენი ჯაკუზის ოთახში შევიდნენ. ვიტრაჟული აბაზანის შუაში დიდი ჯაკუზი იდგა, ხოლო გარშემო არსებული შემინული კედლებიდან არც თუ ისე შორ მანძილზე ლამპიონების შუქით გაჩახჩახებული ტბა მოჩანდა.
-შამპანური, ჯაკუზი სურნელოვანი ქაფით, მუსიკა, ეს ბუნება და მეტი რაღა უნდა გინდოდეს? აი, როგორ ადგილს ჰქვია ნეტარების აპოგეა,-ვივიენი შემინულ კედელს მიუახლოვდა და ღრმად ამოისუნთქა.
-არ მითხრა, რომ ჩვენს მიტოვებას და აქ ჩაწოლას აპირებ.
-ჯერ არა, მაგრამ ძილის წინ ნამდვილად ვერ მოვიკლებ ამ სიამოვნებას,- თვალი მიმოავლო გარშემო დაწყობილ ნივთებს და როცა დარწმუნდა, მისთვის ყველა საჭირო ატრიბუტი ადგილზე იდო, სხვა ოთახების ნახვა მოიწადინა.
წესიერად სახლის დათვალიერება ვერც მოასწრეს. კარზე ზარის ხმა გაისმა და ოპერატიულმა რესტორნის კურიერმა ოლივერს შეკვეთა გადასცა. სარამ და მიამ სუფრა დეკორაციებით გააწყეს და სადედოფლო მაგიდას დაამსგავსეს. სადღესასწაულო ვახშამი ოთახში გემრიელ სურნელს აფრქვევდა და მოშიებულებს ნერწყვს ადენდა. ვივიენი მაგიდასთან დაჯდა და სამზარეულოში მოფუსფუსე მეგობრებიც გვერდში შემოიკრიბა. გემრიელად მოულხინეს ფრანგული სამზარეულოს კერძებსა და დესერტს. შემდეგ ბუხარში ცეცხლი აანთეს, წინ ღვინით სავსე ჭიქები დაიდგეს, თხილის ნაირფეროვანი ნაზავით სავსე ლამბაქი გვერდზე მოიდგეს და მონოპოლიის თამაში წამოიწყეს. დამარცხებაზე არავინ ფიქრობდა. მოგებისთვის ყველა ხერხს მიმართავდნენ და რაც უფრო მეტ ქონებას აგროვებდნენ, მით უფრო მეტ აზარტში შედიოდნენ. მათ შორის გამოუცდელი სარა იყო, მაგრამ იმდენად კარგად აუღო თამაშს ალღო, დანარჩენები უკან ჩამოიტოვა.
თამაშმა ორ საათზე მეტ ხანს გასტანა. მხიარული საღამო მუსიკით და ცეკვით გააგრძელეს. ესეც რომ მოიბეზრეს, ვივიენმა მეგობრების საჩუქრები გახსნა, დაათვალიერა, თითოეულს მადლობა გადაუხადა და ბოდიშის მოხდით მიატოვა. მიამაც დაღლილობა მოიმიზეზა და ჯეიმსთან ერთად საძინებელში შევიდა. ოლივერი სარას არეული ოთახის მილაგებაში დაეხმარა, ერთმანეთს ღამე მშვიდობისა უსურვეს და ისინიც დასაძინებლად წავიდნენ.

***
აბაზანაში ჩაკეტილი ვივიენი ჯაკუზში იწვა, თვალები მიელულა, სხეული ათუხთუხებული წყლისთვის დაეთმო და აზრებით აგებულ ხლართებს მიუყვებოდა. რამდენჯერაც შუბის წვერივით მახვილი ხლართის კაუჭები ეხებოდა, იმდენჯერ გრძნობდა აუტანელ ტკივილს და სახის მიმიკებით გამოხატავდა. კარის მიღმა წლების განმავლობაში აკინძული სახელი და სასურველი ქალის ჰაბიტუსი დაეტოვებინა, კარს აქეთ გაცვეთილი სამოსივით დაძენძილი და გასაწყ.ლებული იდო უძრავად, რომელიც მომაკვდავი სნეულივით პულსის უკანასკნელ ცემას ითვლიდა. მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად ეცოდებოდა და თან სძულდა ასეთი ვივიენი. ამიტომაც მალავდა შავი ფარდის უკან, რომ არავის დაენახა და ქუჩაში მოწყალების მისაღებად გამოსული მაწანწალასავით არ შეეხედათ ან შეზიზღებოდათ. რამდენჯერაც მწუხრი ჩამოწვებოდა და თავს დაიმარტოხელებდა, მხოლოდ მაშინ აძლევდა უფლებას, დაჩაგრული მეორე მე სამალავიდან გამოეშვა, მოესმინა, დაეპურებინა, ენუგეშებინა, სისხლმდინარე და დანაწევრებული გული ცრემლებით ჩამოებანა და ეწამლა. დილის დადგომისთანავე დასჯილივით კვლავ მიუჩენდა თავის ადგილს, რკინის ლედის აბჯარს გადაიცვამდა და ფსკერამდე დასულ სხეულს კვლავ ზევით აქაჩვისთვის მოუწოდებდა. არ დუნდებოდა ვივიენი. დღის შუქზე მოარული სრულიად განსხვავებულ ამპლუაში ევლინებოდა ყველას და არც ცდებოდა. ეს ბევრად მომგებიანი იყო მატერიალიზმის და ცივი სისხლის მდინარეებში მობანავე ადამიანების გარემოში გადარჩენისთვის.
ღამე? ის ისევ ლიანდაგებზე მწოლიარე, სასიკვდილოდ განწირულ ქალს ამსგავსებდა. მისი ტკივილების დამხშობი მატარებელი კი არსად ჩანდა, აგვიანებდა...

***
ახლადჩაძინებული სარა საწოლში ბორგავდა. ჩაბნელებულ ოთახში ყრუდ გაისმოდა გაურკვეველი ბგერები. აშკარა იყო, ღამის კოშმარი აწვალებდა.
მრავალსართულიანი შენობის აივანზე იაკობი თვითმფრინავებითა და გემებით თამაშობდა. მოულოდნელად, რამდენიმე ცალი ეზოში გადაუვარდა. პატარა ბიჭუნამ აივნის კიდესთან სკამი მიადგა, ზედ დადგა და ჩავარდნილ სათამაშოებს დაუწყო ძებნა.
-იაკობ, არა! -მოგუდული ბგერებით შეკრული სიტყვები ხმამაღლა გაისმა ოთახში.
ბავშვი წინ იხრებოდა და სათამაშოებს ეძებდა.
-არა!-აკანკალებულმა იყვირა, ცდილობდა, შეეჩერებინა, მაგრამ იაკობს დედის ხმა არ ესმოდა.
სიზმრად ნანახმა საზარელმა სურათებმა სარას გონება ძილის ფაზიდან სიფხიზლეში გადაიყვანეს და ტყვიანაკრავივით წამოვარდა საწოლიდან. შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა და შეშინებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ცოტა ხანში გააცნობიერა, რომ სიზმარი ნახა და დამშვიდდა.
-კიდევ რამდენ რამეს უნდა გაუძლოს ამ ერთმა ციდა გულმა? -წაილუღლუღა და მოცელილი დაეშვა საწოლზე.
ვეღარ დაიძინა. ტანსაცმელი გადაიცვა და ვერანდაზე გავიდა. გარეთ გრილოდა. შეამცივნა და სახლში პლედისთვის შებრუნდა.
ბუნებას ღრმა ძილით ეძინა. მაღალი ხეები დუმდნენ. რამდენიმე საათის წინ მათ ტოტებზე მოხტუნავე ციყვები სადღაც შებუდებულიყვნენ. აღარც ირმები, კურდღლები, ბურუნდუკები და სკუნსები ჩანდნენ. გარინდული იყო ფლორაც და ფაუნაც.
სარა თბილ პლედში გაეხვია და კომფორტულად მოთავსდა ბამბუკის სარწეველა სავარძელში. ცუდი შეგრძნებები რომ საბოლოოდ განედევნა, თვალი ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას გაუშტერა და ფიქრები გალაქტიკისკენ მიმართა.
ოლივერი სარას ფეხის ნაბიჯებს გაეღვიძებინა, თავადაც გავიდა ოთახიდან და სახლში რომ ვერავინ ნახა, ვერანდაზე გაიხედა. სავარძელში მჯდომი ცის მაყურებელი მშვიდად იჯდა და ირწეოდა. გაოცებული მიუახლოვდა და ჰკითხა, იქ რას აკეთებდა. სარა მამაკაცის ხმამ დააფრთხო და შიშისგან შეხტა:
-ვერ დავიძინე და გარეთ გამოვედი.
-შეგაშინე? ისეთი რეაქცია გქონდა...
-რაღა დაგიმალო და დიახ. არც შენ გეძინება?
-ხმაური გავიგე და ამიტომ ჩამოვედი. ფხიზელი ძილი მაქვს.
-მე გაგაღვიძე? ბოდიშს ვიხდი, არ მინდოდა.
-საბოდიშო არაფერი გაქვს,- თბილად გაუღიმა ოლივერმა,-შეიძლება, შენს გვერდით ჩამოვჯდე?
-დიახ.
მამაკაცი გვერდით დაუჯდა და თავადაც ახედა ღამის ცას. თვალებით ციცინათელებივით მანათობელ ციურ სხეულებს შეჰყურებდა, გონებით კი სალაპარაკო თემას ეძებდა.
ოლივერს არც აცალა, თავადვე ალაპარაკდა სარა:
-ბავშვობაში დედაჩემი ხშირად მიკითხავდა ერთ ზღაპარს, სადაც მთავარი პერსონაჟი ვარსკვლავი დინო იყო. ძალიან დაუდგრომელი და ცელქი ხასიათით გამოირჩეოდა. მუდამ არეულობას იწვევდა გალაქტიკაში და უფროსების მხრიდან ხშირად ხდებოდა დატუქსვის ობიექტი. ერთი უცნაური ჰობი ჰქონდა, ღამღამობით სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა, ბავშვებს ეცხადებოდა, ართობდა, უამრავ სათავგადასავლო ამბავს უყვებოდა, ეთამაშებოდა, გასაჭირში გვერდში ედგა და მუდამ კარგ განწყობაზე აყენებდა. ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა. ცისფერი ხუჭუჭა თმა ჰქონდა, ცხვირზე და ლოყებზეც ცისფერი ჭორფლები ეყარა, მოუწესრიგებლად ეცვა და ფეხშიშველი ტანტალი უყვარდა. მთელი არსებით მწამდა, რომ ვარსკვლავი დინო ნამდვილად არსებობდა და ერთ დღეს ჩემთანაც მოისურვებდა შეხვედრას. იცი, რამდენი ხანი ველოდებოდი? სწორედ ასე, როგორც ახლა, ვიჯექი ხოლმე აივანზე და საათობით შევყურებდი ცას. ერთი სული მქონდა, მეც აღმოვჩენილიყავი დინოსგან შედგენილ იღბლიან ბავშვთა სიაში. ჩემს ოთახში ადგილიც გამოვუყავი და კედლის პატარა ნაწილი დინო ვარსკვლავით მოვხატე. ვუყურებდი და წარმოდგენებში ვაცოცხლებდი. რამდენჯერ მისაუბრია მასთან ათას სისულელეზე... მშობლებმა რომ დინო იპოვეს, ერთ კვირაში სარემონტო კომპანიიდან მუშები დაიქირავეს და კედლები შპალერით დაფარეს. ასე მეგონა, ჩემი ვარსკვლავი სამუდამოდ ჩამიქრეს და ძალიან მეწყინა. მას შემდეგ არაერთხელ გამჩენია სურვილი, შპალერი ამეხია და პატარა მეგობარი გამომეჩინა, თუმცა მშობლების რისხვას გავურბოდი. ახლაც მახსოვს სად არის დინო. თითიც კი შემიძლია დავადო იმ ადგილს.
-ისევ დახატე. შესაძლოა, უკეთესიც გამოგივიდეს.
-ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ დინოს ტილოზე გაცოცხლების შესახებ, მაგრამ მეშინია, ბავშვობამაც არ გაიღვიძოს.
-რატომ?
-ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. არ მინდა, ამ თემაზე ვისაუბრო,-სახე მოეღუშა სარას,- მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. ალბათ, მოვიკრებ ძალას და ჩამქრალ დინოს ისევ ავაჩახჩახებ. ამჯერად სხვა ჩანართებით და ხატვის სხვა სტილით. იქნებ კოსმოსის სხვა წევრებიც გავაცოცხლო.
-გისმენ და თანდათან კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ნამდვილი ხელოვანი ხარ! შეგიძლია ცას უყურო, შეუიარაღებელი თვალით ზევით მცხოვრები ციური სხეულები ათვალიერო და მათზე ისე ისაუბრო, გონებაში ნახატები მოახატინო ადამიანს.
-მადლობა კომპლიმენტისთვის.
-ერთი პერიოდი სერიოზულად ვიყავი გატაცებული ასტრონომიითა და ფიზიკა-მათემატიკით. მშობლები ფიქრობდნენ, მომავალი ასტროფიზიკოსი გვეზრდებაო და უფრო მეტი მოტივაციისთვის სამოყვარულო ტელესკოპი მიყიდეს. ავდიოდი სახლის სახურავზე და ღრმად ვიჭრებოდი ზეცის წიაღში. მაიას ტომის კალენდარულ სისტემასაც ჩავუჯექი და ერთი სიტყვით, თავს არ ვიწყენდი.
-მართლა? მაშინ ცაზე გამოსახული მანათობლების ერთმანეთისგან გარჩევაც გეცოდინება.
-დიახ.
-სულ მინდოდა, მეც მცოდნოდა. რთულია?
ოლივერმა მხრები აიჩეჩა:
-ვისთვის როგორ.
-შეგიძლია, მითხრა, რისი დანახვა შემიძლია შეუიარაღებელი თვალით?
-არც ისე ბევრი რამის. შეგიძლია გალაქტიკის ის მცირე ნაწილი დაინახო, რაც მზესთან ახლოს არის განლაგებული. ამაშიც ხელი შეგეშლება, რადგან ქალაქგარეთ თუ არ გახვალ, მათ ვიზუალურ აღქმას ხელოვნური განათებები შეაფერხებს.
-აბა, ეს რა არის, რასაც ახლა ვუყურებ?
-ეს ზღვაში წვეთია. მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავები, ახლო პლანეტები და მთვარე ჩანს.
-მაგალითად, რომელი ვარსკვლავები და პლანეტები?
-ვარსკვლავებს რა ჩამოთვლის? პლანეტებიდან კი მხოლოდ ხუთის- მერკურის, ვენერის, მარსის, იუპიტერისა და სატურნის დანახვა შეგიძლია.
-ადრე სადღაც წავიკითხე, ვარსკვლავები სხვადასხვა ფერისააო.
-ასეც არის. მათ შიგნით ბირთვული რეაქციები ხდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება უზარმაზარი ენერგია და ვრცელდება ვარსკვლავების გარეთა შრეებამდე, საიდანაც მისი გამოსხივება ხდება კოსმოსში. მხურვალე ვარსკვლავი მოლურჯო ფერისაა, ხოლო ცივი - წითელი ფერის.
-დინო მხურვალე ვარსკვლავი ყოფილა,- გაეღიმა სარას,-ისე, მზეც ხომ ვარსკვლავია? რატომ არ არის ლურჯი?
-კარგი კითხვაა. იგი ცხელ და ცივ ვარსკვლავებს შორის მდებარეობს. მისგან გამოყოფილი კოლოსარული ენერგია მწვანე ფერიდან ყვითელში გადადის. ზოგადად მას ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებები დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვა ფერს სძენს. აბა, დაუკვირდი, დილის და საღამოს მზე ნარინჯისფერი ან წითელია, შუადღის -ყვითელი. ატმოსფეროში დაგროვილი წყლის ორთქლი, აირის ნაწილაკები და კიდევ უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს მის ფერს.
-ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მაიას ტომების კალენდრულმა სისტემამ რატომ მიიპყრო შენი ყურადღება?
-მხოლოდ ჩემი? მათმა კალენდრულმა სისტემამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. მაიას ცივილიზაციას წელიწადის გამოთვლის ორი სისტემა ჰქონდა: „ცოლკინ“ ორას სამოცდღიანი წმინდა წელიწადი, რომელიც რელიგიურ ციკლს გამოსახავს და ოცი კვირისგან შედგება, სადაც თითოეული კვირა ცამეტ დღეს მოიცავს და მეორე- საერთო წელიწადი „ჰააბი“, რომელიც სამას სამოცდახუთ დღეს ითვალისწინებს. ისინი უზუსტეს ინფორმაციას ფლობდნენ ციური სხეულების შესახებ. ძალიან კარგად ესმოდათ, რომ დედამიწას სამას სამოცდახუთ დღეზე ოდნავ მეტი სჭირდებოდა მზის გარშემო შემოსავლელად. ამ პრინციპით კალენდარი ზუსტად ვერ იმუშავებდა, თუ რამდენიმე წელიწადში ერთხელ რაღაც არ შეიცვლებოდა. ამიტომ ყოველ ორმოცდათორმეტ წელს ცამეტ დღეს უმატებდნენ, რათა სამი ათას ას სამოცდათორმეტ წელიწადში ერთხელ ოცდახუთი დღე გამოეკლოთ.
-როგორც ვიცი, მათი წინასწარმეტყველებით სამყაროს დასასრული ორიათას თორმეტი წლის ოცდაერთ დეკემბერს დგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
-ეს მაიას ტომების კალენდრის ერთ-ერთი ციკლის დასრულებას დაუკავშირეს და საერთოდ არაფერ შუაშია სამყაროს აღსასრულთან. მანამდე კაცობრიობის ისტორიამ ხუთი ისტორიული ერა გამოიარა. შენ რა თარიღიც აღნიშნე, ის მეექვსეს დასაწყისს უკავშირდება.
-მართლა? საინტერესოა.
-სამყარო კვანტურ დონეზე შეიცვალა და ახალ განზომილებაშია. სრულიად განსხვავებული ფიზიკური კანონები მოქმედებს, თუმცა გარეგნულად ჯერ არაფერი ეტყობა.
- აშკარად,-ღიმილით აღნიშნა სარამ.
-ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, ჩემი საყვარელი თემა წამოსწიე.
- მოდი, ისევ ციურ სხეულებს დავუბრუნდეთ. შეგიძლია, რომელიმე ვარსკვლავი ან პლანეტა დამანახო?
ოლივერმა თვალები მოჭუტა და მისთვის საჩვენებლად ყველაზე გამოკვეთილი ვარსკვლავი შეარჩია:
-შემიძლია, სი.რიუსი დაგანახო. იქით გაიხედე,- თითით მიანიშნა გარკვეული წერტილისკენ.
სარამ მის თითს მზერა გააყოლა და დიდხანს აკვირდებოდა ცას.
-იგი ვენერას სამხრეთით, დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედშია და ყველაზე მბრწყინავ ვარსკვლავს წარმოადგენს. ხედავ?
-რომელია?- მაინც ვერ გაერკვა ქალი.
მამაკაცი მიუახლოვდა, მისკენ გადაიხარა და კიდევ ერთხელ, გარკვევით აუხსნა:
-ცალი თვალი დახუჭე და ზუსტად იმ მიმართულებით გაიშვირე ხელი, სადაც მე მაქვს გაშვერილი.
სარას მამაკაცის ზედმეტმა სიახლოვემ გონება აურია, თუმცა ყველაფერი ზედმიწევნით ისე გააკეთა, როგორც ოლივერი კარნახობდა.
-ახლა ცერა თითი ცაში მანათობელ წერტილთან ნელა მიიტანე.
ამჯერადაც მის მითითებებს მიჰყვა, მაგრამ როგორც კი მხარზე მისი სხეულის შეხება იგრძნო, გული შეუფრთხიალდა.
-თითი გადაატარე და თუ წერტილი არ გაფერმკრთალდა, ეს ნიშნავს, რომ პლანეტა ვენერას უყურებ.
-გაფერმკრთალდა,- ძლივს წარმოთქვა და თავს შეატყო, რომ სუნთქვის სიხშირე ოდნავ შეეცვალა.
-ძალიან კარგი. ახლა ჩამოყევი მის სამხრეთ ნაწილს და თვალი გააყოლე აღმოსავლეთისკენ. ხედავ ყველაზე კარგად აციმციმებულ ვარსკვლავს?
-დიახ, ვხედავ,-სახე გაუნათდა სარას.
-ეგ არის სი.რიუსი. როგორც ვენერას შემთხვევაში მოიქეცი, თუ იგივეს გაიმეორებ, არ გაფერმკრთალდება.
ქალმა მამაკაცის ნათქვამი გადაამოწმა და მისი სიტყვები დაადასტურა:
-მართლაც.
-ასე შეგიძლია განასხვავო ვარსკვლავები პლანეტებისგან,- ოლივერმა ხელი მოკიდა სარას და სირ.იუსის ყურება გააგრძელა.
ქალი შეკრთა და უმალ ხელი გააშვებინა. სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, მაგრამ უნდა დაგტოვო, ცოტა ხნით იქნებ თვალი მოვხუჭო, სადაც არის, გათენდება. მე კი ვივიენთან ერთად სამსახურში უნდა წავიდეო,-მოიმიზეზა და სახლში შევიდა. ოთახის კარი რომ დაკეტა, გულზე ხელი დაიდო და ამოუხსნელმა შეგრძნებამ შეაშინა.
ოლივერმა ცოტა ხანს კიდევ უყურა დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედს და შემდეგ თავადაც აუყვა მეორე სართულზე განლაგებული საძინებლებისკენ მიმავალ ხის კიბეებს.

***
დიდხანს იწრიალა სარამ. უნებურად ოლივერის და თავის დიალოგზე ეფიქრებოდა. იმ ღამეს მასთან სიახლოვით გამოწვეული შიში რომ არა, დაუსრულებლადაც შეეძლო ესაუბრა სხვა დანარჩენზეც.
მაინც რამ გამოიწვია შიში? რომელ ფაქტორს უშენებდა ეს გრძნობა ბარიერებს? კითხვებზე პასუხის საპოვნელად არც ეცალა, რადგან პრიორიტეტთა ნუსხაში მსგავსი სახის ცხოვრებისეული მომენტები ყველაზე ბოლოს ინაცვლებდნენ.
რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ოლივერიც. სარას გაცნობის შემდეგ შესამჩნევად აირია და ძველებურ ცხოვრების წესს ვერაფრით უბრუნდებოდა. შინაგანი კომფორტი დისკომფორმა შეუცვალა, საღი აზროვნება - გონებაგაფანტულობამ, მშვიდი ნერვები- მოუსვენრობამ და მუდმივმა გაღიზიანებამ... შორეულ ჰორიზონტზე მდგომი ქალი ნელ-ნელა ამცირებდა მის გულამდე მისასვლელ მანძილს და დაუკითხავად იჭრებოდა ოლივერის სულიერ სამყაროში. ერთადერთი რამ აფერხებდა, რომ თამამ მოქმედებაზე გადასულიყო- სარას რელიგია. არ იცოდა განსხვავებული მრწამსის ქალბატონი როგორ მიიღებდა მის გრძნობებს.

***
გათენებისას სარა ვივიენის სატელეფონო ზარმა გააღვიძა. „უბერის“ კომპანიიდან მანქანა გამოეძახებინა და მასთან ერთად ნიუ-იორკში ჩასვლას სთავაზობდა. მანაც სიტუაციით ისარგებლა და გაჰყვა.
ვივიენს დაძაბულობა ეტყობოდა. მთელი გონებით სამსახურზე იყო გადართული და ნაკლებს ლაპარაკობდა. ასე იცოდა, როცა სერიოზული საკითხის წინაშე იდგა. იმ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემით მიჰყავდა გადაცემა. მრავალი საგამოძიებო ოპერაციების შემდეგ მორიგი სკანდალური ამბავი უნდა გაეშუქებინა. საქმე ეხებოდა პრინსტონის უნივერსიტეტის ლექტორისა და სტუდენტების ურთიერთობას. ლექტორს ბრალი ედებოდა სტუდენტი გოგონების სექსუალურად შევიწროებაში. გადაცემა „Face”-ს მოპოვებული ჰქონდა ფარული ჩანაწერები, რომლებიც მოძალადე მამაკაცს დანაშაულებრივ ქმედებებში ამხელდნენ.
ვინ აღარ დაურეკა და საიდან აღარ შეაწუხეს ვივიენი, რომ გადაცემა არ ჩაწერილიყო და ეთერში არ გასულიყო, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ცვლიდა. სანამ საზოგადოებას მისტერ ჰილისნაირი ხორცმეტები და მისი დამცველები ეყოლება, მანამდე არაფერი ეშველება ადამიანთა მიმართ გამეფებულ უსამართლობას. ბოდიში, მაგრამ საერთოდ არ მანაღვლებს მისტერ ჰილის დანგრეული პირადი ცხოვრება და კარიერა. ერთი დიდი ბიომასაა, რომელიც გარემოს წამლავსო,- მკვახედ უპასუხა თანამშრომლის ბედით შეწუხებულ რექტორს, რომელიც თავის მხრივ ასევე უნივერსიტეტის პრესტიჟზეც ფიქრობდა და საერთოდ არ აწყობდა საზოგადოებაში ცუდად გაჟონილი ინფორმაცია.
ტელევიზიის შენობაში ამაყად შევიდა, თანამშრომლები მოიკითხა და კაბინეტში ჩაიკეტა. კომპანია ჩვეული რუტინით აგრძელებდა მუშაობას. როგორც ყოველთვის, თითოეული წუთი გათვლილი იყო და ზედმეტი დრო არავის არაფრისთვის რჩებოდა.
ვივიენი სამუშაო მაგიდას არ სცილდებოდა, მონოლოგებს ამზადებდა და ხელთ არსებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ უკირკიტებდა. თანამშრომლებმა იცოდნენ, გადაცემის ჩაწერის წინ ზედმეტი კითხვებით არ უნდა გადაეტვირთათ. ყველა დუმდა და მხოლოდ მის მიერ გაცემულ ინსტრუქციებს ელოდებოდა. თანაშემწეები რამდენჯერმე დაიბარა, გადაცემაში მონაწილეებთან დაარეკინა და შეამოწმა, რამე ხომ არ შეცვლილიყო, ან რომელიმეს საჯაროდ საუბარი ხომ არ გადაეფიქრებინა. როცა დარწმუნდა, ყველაფერი რიგზე იყო, სიმშვიდემ დაიმორჩილა და მუშაობა უფრო გამრჯედ გააგრძელა.
-ისე ვნერვიულობ, გეგონება ის ლექტორი მე ვიყო,- გადაცემის ჩაწერამდე სარამ ვივიენს აკანკალებული ხმით გამოუცხადა.
-მოეშვი დრამებს და მაკიაჟზე იფიქრე! - გულგრილად უთხრა ვივიენმა და სავარძელში მოხდენილად მოთავსდა.
-ვაიმე, რა ავი ხარ,-სარამ კოსმეტიკური საშუალებები მოამზადა და თავის საქმეს შეუდგა.
-ყველა იმას იმკის, რასაც სთესს.
-ყოველთვის სიმართლის მხარეს ხარ და ამის გამო, ყველას ხარივით რქებით ასკდები.
-და რატომ გიკვირს?-შეიცხადა ვივიენმა.
-არ მიკვირს. წარმომიდგენია ის ლექტორი რას განიცდის. მტრებს იჩენ და კაცმა არ იცის, ერთ დღეს როგორ შემოგიბრუნდება ეს ყველაფერი. ნეიტრალური ზონებიც არსებობს. ერთხელ იქაც გეცადა შესეირნება.
-ახლა მდგომარეობიდან არ გამომიყვანო! -ცივი ტონით ნათქვამი გამოუვიდა, მაგრამ არ დაეძებდა.
-ჩუმად ვარ! - თვალები დაუჭყიტა და პირი მოკუმა სარამ.
-ისე გამოგყავს ყველაფერი, თითქოს საუკუნის დანაშაულს ჩავდიოდე.
-მისტერ ჰილს ბრალი რაშიც მიუძღვის, ამისთვის პასუხს აგებს, მაგრამ მე სხვა რაღაც მადარდებს და უკვე აღვნიშნე.
-იმაზე უარესი არაფერი მოხდება, რაც დიდი ხნის წინ ვიგემე. დასაკარგი არაფერი მაქვს.
-სიცოცხლე? ეს არაფერია?
-როცა გიღირს, დიახ!
-ეჰ! -აღმოხდა სარას და აღარ შეეწინააღმდეგა, ტყუილად წყლის ნაყვა იყო.

***
ვივიენი ჩვეული თავდაჭერილობით შევიდა სტუდიაში. ხალხით სავსე დარბაზს გადახედა და მომზადებული სიტყვა წარმოთქვა. იმ საღამოს გადაჭარბებულად ენამახვილი იყო. ყველა სულგანაბული უსმენდა და ეთანხმებოდა. მთელი ცხოვრება საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ქალბატონი ცდილობდა, სხვებისთვისაც იგივე მაგალითი მიეცა.
გადაცემა შედგა. ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი ორმა სტუდენტმა ზნედაცემულ საქციელში ამხილა.
ცხადი იყო, გადაცემა „Face” უნიჭიერესი წამყვანის, ვივიენ კარტერის წყალობით, რეიტინგულ პოზიციებს კიდევ დიდხანს არ დათმობდა.
-გიყურებდი და ზოგიერთ მომენტში ვფიქრობდი, როცა გაგიცანი, მაშინაც ასეთი დაუნდობელი ქალი იყავი, თუ თვალსა და ხელს შუა შეიცვალე? არა, თავიდანვე გეტყობოდა, რომ ფორთოხლის ჯემივით ტკბილი არ იქნებოდი, მაგრამ დღეს რაც იკადრე, ნამეტანი იყო,-შეშფოთებული სახით მისდევდა სარა ვივიენს.
-წამყვანი ვარ და როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ისე მოვიქცევი. მისტერ ჰილი სათანადოდ უნდა დაისაჯოს.
-მესმის, ხელებს ვწევ და გეუბნები, რომ ის ამას იმსახურებს, მაგრამ მიწასთან გაასწორე და ჯოჯოხეთის კუპრიან მდინარეში აბანავე. ასეც არ შეიძლება. ჩემი რჩევაა, ამ გადაცემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში რაღაც განცხადება გააკეთო, ან სოციალური ქსელით მაინც გაავრცელო რამე წინასწარ შემუშავებული ტექსტი.
-ევფემიზმებით საუბრის დრო დამთავრდა. თუ ატყობ, აღარც მოჭარბებული ემოციებისგან მოვარდნილი სიტყვებით აწყობილ ტექსტებს ვაქვეყნებ. არ შემიძლია მათი ბუყბუყის მოსმენა, ხმაც კი მაღიზიანებს, არამც თუ მათში არსებული სიმართლის მარცვლებისთვის მაძიებელი ხალხისგან ქექვა და კომენტარები.
-მე ჩემი მოსაზრება გაგაცანი, მეგობარო. დანარჩენი შენ იცი.
-მგონი, გაგვიანდება. მეორე სამსახური გეძახის,- მაჯის საათი დაანახა ვივიენმა.
სარამ წაიბურდღუნა, მივდივარო და ჩანთის ასაღებად წავიდა.

***
უხასიათოდ მყოფი სარა ოლივერს მიესალმა, თავის ოთახში შუქი აანთო და ცოტა ხნით ჩამოჯდა, რომ გონება ახალი საფიქრალისკენ მიემართა. ჭმუნვით გახედა თარგებს, მერე მანეკენზე მორგებულ, ნახევრადშეკერილ კაბას და აწუწუნდა, მეტი აღარ შემიძლიაო.
-უმშვენიერეს ქალბატონს ენერგიის მოსაკრებად და სამეფო კარის წევრებისთვის საოცარი კაბების შესაკერად,- ოლივერი „სტარბაქსის“ ყავის ჭიქებით შევიდა და საყვარელი ყავა „მაკიატო“ გადასცა.
სარას მის ხუმრობაზე გულიანად გაეცინა:
-ჩამოჯექი, დავლიოთ და ცოტა ხანს ვისაუბროთ.
-სიამოვნებით. მანამდე კი ეს გამომართვი,- სამაჯური გაუწოდა მამაკაცმა.
სამაჯურს გოგონას და ბიჭის გამოსახულების თხელი ფირფიტები ეკიდა. თითოეულს სახელი ჰქონდა ამოტვიფრული. სარამ თავის სამკაული მაშინვე იცნო და გული შეუქანდა:
-კი, მაგრამ ეს სამაჯური შენთან როგორ აღმოჩნდა? ეს რომ დამკარგვოდა... მეგონა, საფულის ჯიბეში შევინახე და თურმე... სად იპოვე?
-ჩემს მანქანაში.
-ალბათ, ამომივარდა. მადლობა გამჩენს, რომ როდეოზე ან იმ სახლში არ დამიკარგავს.
სარამ სამაჯური ხელზე შეიბა და თვალები აუცრემლიანდა.
-შენს შვილებს ესთერი და იაკობი ჰქვია?-დაბალ ხმაზე ჰკითხა ოლივერმა.
ქალმა ნაღვლიანი თვალებით გახედა და თავი დაუქნია.
მამაკაცმა თანაგრძნობით გახედა, მისი ხელები თავისაში მოიქცია და დაამშვიდა:
-ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება.
სარამ ფრთხილად გააშვებინა ხელი და განცვიფრებულმა ჰკითხა:
-შენ რა, ყველაფერი იცი?..
-ვიცი...
-ვივიენმა გითხრა?
-არა.
-აბა?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-როგორ გაიგე?
-გადაცემა „Face”-ის ჩანაწერი ვნახე.
სარას ცრემლები მოეძალა და ოლივერს რომ არ დაენახა, გვერდზე გაიხედა.
-არაფერია სათაკილო იმაში, რომ დედას შვილები ენატრება და მათთან უნდა. თუ გეტირება, იტირე. ეს შენს სისუსტეზე არ მიანიშნებს.
მამაკაცის სიტყვებზე ქალს გული მიეცა და უფრო ატირდა. ოლივერი სარას მიუახლოვდა და ხელსახოცი გაუწოდა. რამდენჯერაც შეიმშრალა, იმდენჯერ გადმოსჩქეფა ახალმა ნაკადმა. ოლივერმა მის ცრემლებს ვეღარ გაუძლო და გულზე მიიხუტა.
სარამ სულის მოთქმისთანავე დაშორდა:
-ორ კვირაში სასამართლოა დანიშნული. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ გადაწყდება.
-არ ინერვიულო, კარგი? ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს. შენს გვერდით ვარ.
-მადლობა,- სევდიანი სახე ღიმილმა გაუპო და პარკში ჩადებული ქსოვილების ამოლაგება დაიწყო.
ოლივერმა ხელი აღარ შეუშალა, თუ რამე დაგჭირდეს, აქ ვარო,- უთხრა და სამუშაო მაგიდას შემოუჯდა.

***
სარა წინა ღამის უძილობისგან გამოწვეულ დაქანცულობას და სამსახურში მიღებულ სტრესს ყურადღებას არ აქცევდა. კლიენტისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, დადგენილ ვადაში თითქმის დასრულებულს მოასინჯებდა და შემდეგ ხელით ქარგვის სამუშაოებზე გადავიდოდა. არ უნდოდა, პირი გაეტეხა. ფეხზე ვეღარ იდგა, თვალებს ძლივს ახელდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა, საკუთარ პრინციპებს არ ღალატობდა და თავს აიძულებდა, ეფიქრა, იმაზე მეტი შეეძლო, ვიდრე წარმოიდგენდა.
ოლივერსაც მასსავით ჩაერგო თავი სამუშაო ქაღალდებში და ახალი კოლექციის შექმნით იყო დაკავებული. ზოგჯერ რაღაც არ გამოსდიოდა, გაბრაზებული ჭმუჭნიდა ქაღალდებს და იატაკზე ყრიდა. სარას გახედავდა ხოლმე და საქმეში გართულს რომ ხედავდა, ისევ ეძლეოდა მოტივაცია, არ გაჩერებულიყო და ხელახლა ეცადა.
საკმაოდ გვიანი იყო, სამუშაო დღე რომ დაასრულეს. სარამ მანეკენს კაბა ჩამოხსნა, დაკეცა და მეორე დღისთვის სალონში წასაღებად გაამზადა. ოლივერი არ მოეშვა და სახლამდე მიაცილა.
ბინაში შესვლისთანავე არწივივით მომზირალი დიასახლისი მომზადებული დაუხვდა მორიგი საყვედურებისთვის. ნახევრად მძინარ სარას თითქმის არაფერი ესმოდა მოცლილი ქალის სიტყვებიდან. მხოლოდ ის უთხრა, შემდეგი თვიდან ახალი მობინადრე ეძებეთო და პირზე სიტყვაშემხმარს კარი მიუკეტა.

***
სახლისკენ მიმავალი ოლივერი ფიქრებს ისევ სარასკენ გადაესროლა. ოცდაათი წლის განმავლობაში არცერთხელ ახსოვდა, რომელიმე ქალისთვის ზედმეტად მეტი ყურადღება დაეთმო და ისე განეცადა მისი ტკივილი, როგორც რამდენიმე საათის წინ, სარასთან მიმართებაში დაემართა. ასეთ მდგომარეობას ჯერ კიდევ ვერ უძებნიდა სახელს და თანდართული გაურკვევლობა ანადგურებდა.

***
მეორე დღეს თანხა რომ დაეზოგა, სარამ კლიენტის კაბა ბრუკლინიდან მანჰეტენამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით ხელით ატარა. მაღაზიამდე დაუზიანებელი მიიტანა, თანამშრომლებს მიესალმა და კლიენტების მისაღებად გამოყოფილ სალონში შევიდა. ოლივერი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გაცნობილ დამკვეთს ტყავის მასალას აჩვენებდა, დაწნეხვის დასავლურ ტექნოლოგიაზე ესაუბრებოდა და ქარქაშების დიზაინს უთანხმებდა. ქალმა ბოდიში მოიხადა, კაბა ფრთხილად დადო და გასასვლელად მოემზადა. სწორედ მაშინ შემოვიდა მისი კლიენტი მაღაზიაში. უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სთხოვა, რამდენიმე წუთი დაეცადა. ოლივერმა დრო დიდხანს არ გააჭიანურა, მალევე გამოვიდა და სარას აუხსნა, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დიალოგი გაგვეწელა და დროულად ვერ დავასრულეთო. არაუშავსო,-ქალმა ღიმილით მიუგო და კლიენტი ოთახში შეიყვანა. ცხვირაბზუებულმა კლიენტმა უკმაყოფილო სახით დაუწყო კაბას ყურება:
-ეს რა არის?
-ვერ მიგიხვდით,-დაიბნა სარა.
-მე ხომ გითხარით, სახელოები მაჯებზე გრძლად გადმოსულიყო? ბოლოში რუში უნდა დაგემაგრებინათ. სად არის?
-ჯერ ერთი, რუშზე და გრძელ სახელოებზე არაფერი გითქვამთ, ჩაიცვით, იქნებ მოგწონთ და არაფრის შეცვლა არ გინდათ?
-შენ მასწავლი, მე რა გითხარი და რა არა? თუ წესიერად მოსმენა არ შეგიძლია, მაშინ დიზაინერობას არ უნდა იბრალებდე.
-ქალბატონო, ეს საბოლოო სახე არ არის, შეცვლა და გადაკეთება ყოველთვის შეიძლება.
-გგონია ამდენი დრო მაქვს, რომ შენს მიერ დაშვებული შეცდომების გამო აქ ვისეირნო? შევცდი, არაპროფესიონალთან საქმე არ უნდა დამეჭირა.
სწორედ ამ დროს ოლივერმა კარი შეაღო და ხმამაღლა მოსაუბრეს შუბლშეკრულმა შეხედა. კლიენტი არ ჩერდებოდა. ახლა ქსოვილის ხარისხს დაუწყო დაწუნება.
-კი, მაგრამ თავიდანვე ეს ქსოვილი გაჩვენეთ და მოგეწონათ. მოდელი თქვენთან ერთად შევქმენი, ზომები ავიღე და ყველა დეტალი ჩავიწერე. რა მოთხოვნებიც გქონდათ, ყველა მათგანი გავითვალისწინე და დღეს თურმე აღარც ქსოვილი ვარგა და აღარც კაბა? თქვენი პრეტენზიები არცერთ ლოგიკაში არ ჯდება.
-ესე იგი, რა გინდათ, რომ მითხრათ? მე ვტყუი და თქვენ ცამდე მართალი ხართ?
მისტერ სკოტმა ორივე მათგანი მკაცრი ტონით შეაჩერა:
-ვინმე ამიხსნის, აქ რა ხდება?
-თქვენ ნუ ერევით, მე ამ ქალბატონთან მაქვს საქმე!- უკმეხად მიუგო კლიენტმა.
-რას ნიშნავს, ნუ ვერევი? ჩემს სალონში ხართ, მთელ მაღაზიას ესმის როგორ ილანძღებით და მეუბნებით, გავჩუმდე?
-ეს ქალბატონი სხვა კაბას შემპირდა, ეს ის არ არის, რაც მე მინდოდა.
სარამ ქაღალდზე დახატული კაბა მოძებნა და სახესთან ახლოს მიუტანა:
-მაჩვენეთ, რომელი ნაწილი არ ემთხვევა იმას, რასაც ახლა ვუყურებთ. ეს თქვენთან ერთად დავხატე.
-არ მაინტერესებს, რასაც მაჩვენებ. ქაღალდის შეცვლა ყოველთვის შეიძლება.
ოლივერმა სარას ნახატი გამოართვა, იქ დახატული შეკერილს შეადარა და როდესაც დარწმუნდა, კლიენტი უბრალოდ შარზე იყო და სარა მასთან არ ტყუოდა, გაცეცხლებულმა უთხრა:
-ახლა შებრუნდები, აქედან რაც შეიძლება დროულად გახვალ და მეორედ ფეხს აღარ მოადგამ!
-არსადაც არ წავალ. ნახევარი კაბის საფასური მაქვს გადახდილი. ნება იბოძოს და თავის შეცდომები გამოასწოროს.
-ოლივერ, ძალიან გთხოვ, კლიენტთან მარტო დამტოვე, თავად მოვაგვარებ,- შექმნილი სიტუაციით შეწუხებული სარა ცდილობდა, მამაკაცის გვერდის ავლით დაეშოშმინებინა კლიენტი.
-ნუ მასწავლი ამნაირებს როგორ დაველაპარაკო! ასე გაწვალებს, საბოლოოდ მაინც უკმაყოფილო დაგრჩება და ბოლოს ფულსაც არ გადაიხდის!
-მარტო დამტოვე-მეთქი!- სარამ ხელახლა გაუმეორა.
მისტერ სკოტი იქამდე არ გაჩერდა, სანამ კლიენტი მაღაზიიდან არ გააძევა.
კლიენტზე და ოლივერზე გაცოფებულმა სარამ მაკრატელი იატაკზე დაანარცხა და სახეაალებული გავარდა ქუჩაში. მისტერ სკოტი უკან დაედევნა:
-ახლა არ მითხრა, რომ ამ შარის მაძიებელი ქალის გამო გამირბიხარ.
-მან თავის კაბას მოაკითხა. ის მე შევკერე და შესაბამისად ჩემთან ჰქონდა გასარკვევი. შენ როგორ მოიქეცი? შემარცხვინე, პირში ჩამივარდი და კლიენტი დამაკარგვინე.
-შენ რა, სერიოზულად ცხარობ ჩემზე?
-არა, გეხუმრები.- ირონია გაურია სიტყვებს.
-დამიჯერე, ის ქალი ზარალის მეტს არაფერს მოგიტანდა. უამრავ მისნაირს შევხვედრილვარ და კარგად ვიცი, როგორ გრძელდება და სრულდება მათთან ურთიერთობები.
- მე პატარა ბავშვი არა ვარ, რომ თავის დაცვა არ შემეძლოს. არც შენთვის მითხოვია, მოდი, მიშველე-თქო. სიტუაციის განმუხტვას ვაპირებდი. შენ კიდევ ქვა ააგდე და თავი შეუშვირე. ახლა რა ვქნა? ყველაფერი გააფუჭე.
მამაკაცმა წარბები შეკრა, მასზე გამწყრალ ქალს თვალებში ჩახედა და დანანებით უთხრა:
-სამწუხაროა, რომ ოდნავადაც ვერ მიხვდი, რა და რატომ გავაკეთე.
-ჰო, შეუგნებელიც გამომიყვანე.
-დავასრულოთ ლაპარაკი. აზრი არ აქვს.
-დასრულებულია! - მხარზე ჩანთა შეისწორა ქალმა.
-კარგად იყავი!- დაემშვიდობა და გადატვირთულ ტროტუარზე მოსიარულე ხალხს შეერია.

***
ოლივერთან შეკამათება ძვირად დაუჯდა სარას. თავს საშინლად გრძნობდა და წუხდა, რომ საათივით აწყობილი ურთიერთობა მუჭაში მოქცეული ქვიშასავით დაცლას იწყებდა. არ შეეძლო ახლობელი ადამიანისთვის ეწყენინებინა და მეორე დღეს თავი ისე მოეკატუნებინა, თითქოს არაფერი მომხდარიყო, ან უბრალოდ გული არ ეჩვენებინა. მომხდარი ტანჯავდა, მაგრამ საკუთარ ხასიათს ვერაფერს უხერხებდა. მეტისმეტად ბევრი რამ გამოსტაცა ცხოვრებამ ხელიდან და ამავდროულად, მეტისმეტად ბევრი ახალი ამოცანის წინაშე დააყენა, რომელსაც თავს ვეღარ ართმევდა. ყველაფერი ერთმანეთში აიბურდა -თავსატეხები, მოვალეობები, გრძნობები, ახალი ურთიერთობები... დაქვეითებული ენერგიით ბრძოლა სულ უფრო რთული ხდებოდა. შესვენების საშუალებაც არ ჰქონდა, რომ სადმე გაჩერებულიყო და ახალი ძალები მოეკრიბა.
სახლში მისვლა სიკვდილივით ეზარებოდა. ახლა ვინმესთვის საკუთარი დარდების გადმოლაგება ისე სჭირდებოდა, როგორც უდაბნოში დაკარგულს წყალი. პირველი ანა გაახსენდა. ნუგეშის საძიებლად მოწყენილი მიადგა მეგობარს და მომხდარის შესახებ მოახსენა, მაგრამ შეცდა, ტკბილ სიტყვებს მოწყურებულმა სანაცვლოდ გათათხვა დაიმსახურა.
-ოლივერი მართალია, ვერ გავამტყუვნებ.
-ანა, დაფიქრდი, რას ლაპარაკობ.
-სიმართლე მწარეა, მაგრამ მოგიწევს, თვალები გაუსწორო. ადამიანი მანჰეტენზე მაღაზიის და სალონის მეპატრონეა. ძალებს არ იშურებს, ბიზნესი გააფართოვოს და კლიენტები მოიზიდოს. ვის გაუხარდება, ვიღაც პრეტენზიულმა კლიენტმა იყვიროს და მყიდველები დაუფრთხოს? სიტუაციაში გაერკვა, დარწმუნდა, რომ ვიღაც შარიანი იყო და ნერვების მოშლის მეტს არაფერს მოგიტანდა. გვერდში დაგიდგა, შეეცადა, შენთვის დაენახებინა, რომ ტიპური თაღლითი იყო, რომელმაც ადამიანებთან წესიერი მოპყრობაც არ იცის და თავის ადგილი მიუჩინა. სანაცვლოდ რა მიიღო შენგან? აქეთ გამოლანძღე და მადლობაც არ გადაუხადე.
-თავად გავერკვეოდი სიტუაციაში და თუ სადმე შეცდომას დავუშვებდი, ჩემს თავს დავაბრალებდი.
-ადამიანმა სიკეთე გაგიკეთა და ზარალისგან გიხსნა. რატომ უნდა წაგეგო და ვიღაც თავხედს ეხეირა? დავიჯერო, არაფრად გიღირს ზედმეტად წამუშავებული საათები? მე მაინც ხომ ვიცი, რად გიჯდება? მესმის, რომ დამოუკიდებელი ხარ და გიყვარს, როდესაც თავად ჭრი წინ ამოტივტივებულ აისბერგებს, მაგრამ ზედმეტად მეტ ლოდებს ილაგებ ზურგზე სათრევად და ზოგჯერ თუ ვინმე ერთს მაინც მოგაშორებს, ნუ ფიქრობ, რომ ამას იმიტომ აკეთებს, ბეჩავად გთვლის და ეცოდები. გათავისუფლდი შენივე ყალიბებში შექმნილი ცხოვრების წესებისგან და ხანდახან მიიღე სხვების რჩევებიც. ყოვლისმცოდნეები მხოლოდ იდიოტები არიან. დანარჩენები ყოველდღე სწავლობენ რაღაცებს.
სარამ ამოიოხრა და გაირინდა. წამით მის გონებაში კიდევ ერთხელ გაირბინეს მომხდარმა ფაქტებმა და გამოსავლის ძებნა დაიწყო. ანამაც აღარ დაამძიმა. დადუმებული იყო და თავი ჩაექინდრა.
-რაღაც არ მომწონხარ. მშვიდობა გაქვს? - სარამ საკუთარი პრობლემები დროებით გვერდზე გადადო და მეგობარს მიაჩერდა.
-დედაჩემია ავად, ცალ თირკმელზე ოპერაციის გაკეთება სჭირდება. სასწრაფოა. დაზღვევა არ აქვს. ბანკში ვიყავი და კრედიტის აღებაზეც უარი მითხრეს.
-მერე? რას გაჩუმებულხარ?
-ვის მივადგე?
-რამდენი გჭირდება? სასამართლო პროცესისთვის ადვოკატის გასამრჯელო მაქვს გადადებული. შემიძლია, მოგცე.
-არც კი გაივლო გულში. ასეთი წვალებით ნაშოვნ ფულს ხელს როგორ მოვკიდებ?
-ახლა არ მაწყენინო.
-ადვოკატს რაღა უნდა გადაუხადო?
-დედაშენის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ და არა ვიღაც უცნობზე.
-არც შენი შვილების დაბრუნებაა ნაკლებად მნიშვნელოვანი.
-ნუ ნაღვლობ, მოვახერხებ რამეს. რაც მაქვს, ხვალვე მოგიტან.
-არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო,-გული აუჩუყდა ანას.
-მაგაზე არ იღელვო. სხვათაშორის, ერთი წინადადება მაქვს. დედაშენი როცა გამოჯანმრთელდება და ჩემი სასამართლო პროცესიც ჩაივლის, იქნებ ბინა ერთად გვექირავა და ხარჯი თანაბრად გაგვეყო?
-შენი დიასახლისი ისევ არ ისვენებს, არა?-ამოიქშინა ანამ.
-ძალიან აუტანელი გახდა. იქიდან თუ არ წამოვალ, მალე ჭკუიდან გადამიყვანს.
-თანახმა ვარ. სხვებთან ცხოვრებას, შენთან ცხოვრება მირჩევნია.
სარას მწუხარე სახეზე ნათელი გადაეფინა და დაძაბული დღის მიუხედავად, ერთმა სასიკეთოდ გადაწყვეტილმა ამბავმა გუნება გამოუკეთა.
ანასგან წამოსულმა ოლივერის მისამართი გაიგო და მასთან მომხდარი უთანხმოება რომ გამოესწორებინა, სასწრაფოდ აიღო გეზი ასტორიისკენ.

***
ორსართულიანი სახლის პატარა ეზო გადაიარა, კარზე ზარი დარეკა და გაფაციცებით დაელოდა ოლივერის გამოჩენას. მასპინძელმა გამოსვლა დააგვიანა. რეაქციით თუ ვიმსჯელებდით, დიდად არ გაჰკვირვებია კარებთან ატუზული სარას დანახვა, თითქოს ელოდებოდა. შემოდი და მისაღებ ოთახში დამელოდეო- უთხრა და მოჩქარესავით სადღაც გაუჩინარდა. ქალი დივანზე ჩამოჯდა და ცალ თვალს იქით აპარებდა, სადაც იგი ეგულებოდა. უეცრად ოლივერის და ვიღაც ქალის საუბარს მოჰკრა ყური და სმენად გადაიქცა. სიტყვები ბუნდოვნად ესმოდა, ვერაფერი გაიგო. ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. თავი უხერხულად იგრძნო და თითების წვალება დაიწყო.
-ვინ იცის, ჩემთვის არ სცალია და უდროოდ დავადექი,-გაიფიქრა და წასვლა მოინდომა. შუახნის ქალთან ერთად გამოსული ოლივერი როცა დაინახა, შეჩერდა და ორივეს მიაშტერდა.
ქალს გვერდში ამოსდგომოდა, ხელი ჩაეკიდა და გადაადგილებაში ეხმარებოდა. ვიდრე მისთვის მოიცლიდა, სარამ ჩარჩოებში ჩასმულ სურათებს დაუწყო დაკვირვება. ფოტოებმა იმდენად გაიტაცეს, სანამ ოლივერის ხმა ახლოდან არ მოესმა, ოთახში შესული ვერ შეამჩნია:
-გისმენ! რამ მოგიყვანა?
ხელში აღებული სურათი თავის ადგილზე დააბრუნა და მორცხვად ახედა:
-ცუდ დროს ხომ არ მოვედი? თუ დაკავებული ხარ და ჩემთან საუბარი არ შეგიძლია, წავალ.
-მცალია.
-დავინახე, სახლში შენთან ერთად სხვაც არის და ვიფიქრე, ზედმეტი ვიყავი.
-ის დედაჩემია. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და დავეხმარე.
-რამე სერიოზული სჭირს?
-მხედველობა დაკარგა.
-სამწუხაროა,- თანაგრძნობა გამოხატა და მეტი ვერაფერი უთხრა.
ცოტა ხნით დუმილმა დაისადგურა. სარამ ნერვიულობას უმატა და მთავარ თემაზე გადასვლას აგვიანებდა:
-სურათებს ვათვალიერებდი. ფრანკლინის გარდა სხვა ცხენიც გყოლია. ლამაზი შესახედაობა აქვს.
მამაკაცმა მზერა სურათებისკენ მიმართა:
-ეგ ბენია, ჩემი პირველი ცხენი. მოგწონს?
-ძალიან. იმედი მაქვს, მაგასაც გავიცნობ,- ოდნავი ღიმილი გაუკრთა სახეზე.
-ვერ გაიცნობ.
სარას ოლივერის პასუხი არ მოეწონა და სახე შეეცვალა:
-რატომ?
-ახლა ბენს მხოლოდ ცხოველების სასაფლაოზე თუ მივაკითხავთ...
-სად?- გაოცებულმა შეხედა.
-ცხოველების სასაფლაოს შესახებ პირველად გესმის?
ქალმა თავი დაუქნია.
-რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, არის ასეთი ადგილი „ები გლენი“. დამკრძალავი სახლის ფუნქციას ითავსებს.
-წარმოუდგენელია.
-მომსახურებაში შედის ცხოველის ერთსაათიანი პანაშვიდი შესაბამის დარბაზში, კრემაცია და დამკრძალავი სახლის უკან მდებარე სასაფლაოზე დამარხვა. შემდეგ ხდება ქვით ან რაიმე სიმბოლური ნიშნით საფლავის მონიშვნა, რომელზეც თანდართული იქნება სახელი, დაბადების და გარდაცვალების წელი, ოჯახის წევრების პატარა წარწერა და ზოგჯერ გარდაცვლილი ცხოველის სურათი.
სარას ეგონა, ოლივერი ხუმრობის ხასიათზე იყო:
-მატყუებ და მეც სულელივით გისმენ.
-შენ წარმოიდგინე, არა. ასევე შესაძლებელია გარდაცვლილ ცხოველთა მოგონებების წიგნში მათი სურათის ჩასმა და გასწვრივ დახასიათების დატოვებაც, ხოლო ყოველივე ამ პროცედურების დამთავრების შემდეგ ყოველ წელს, პატარა და ერთგული მეგობრის საფლავის გამო გარკვეული თანხის გადახდაა საჭირო.
ქალს ყბა ჩამოუვარდა და ეჭვიც კი შეეპარა ოლივერის სრულ ჭკუაზე ყოფნის შესახებ. მამაკაცი ამას ატყობდა და გულში ხალისობდა კიდეც:
-ძაღლ ჰაჩი-კოს შესახებ რამე გსმენია? მასზე რიჩარდ გირის მონაწილეობით ფილმიც გადაიღეს. სიუჟეტი ნამდვილ ამბავს ეფუძნება.
-ა...რა,-ძლივს წარმოთქვა. ბოლომდე მაინც არ უჯერებდა. ეგონა, ან ახლა აღიარებდა, რომ ემასხარავებოდა, ან თავადვე გაეცინებოდა და დაასრულებდა მის გაბითურებას.
-Abbey Glen-ის ადმინისტრაციამ რამდენიმე საპატიო სტუმრის და იაპონიის კონსულის რეიჩირო ტაკაჰაშის თანდასწრებით, ჰაჩი-კოს პატრონისადმი განსაკუთრებული სიყვარულის, ერთგულებისა და თავდადების ნიშნად ქანდაკება დაუდგეს. სწორედ ისეთივე დგას იაპონიაში.
-და ასეთი რა გააკეთა, რომ ორმა ქვეყანამ ქანდაკება დაუდგა?
-პროფესორი უენოს და ჰაჩი-კოს ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ლეკვი ჯერ კიდევ რვა კვირის იყო. ყოველ დილით ჰაჩი პატრონს შიბუას მატარებლების სადგურზე აცილებდა და სამსახურიდან დაბრუნებისას გარეთ ელოდებოდა. ერთ დღეს პროფესორი მოულოდნელად ლექციაზე გარდაიცვალა, ხოლო ჰაჩი-კოს იმდენად არ უნდოდა პატრონის სიკვდილის რეალობად მიღება, დაუსრულებლად აგრძელებდა ათი წლის განმავლობაში მის ლოდინს. პატრონის ლოდინით დაღლილმა ბოლოს სადგურის წინ დალია სული. ამ ისტორიამ იმდენად იმოქმედა იაპონელების გულებზე, გადაწყვიტეს ჰაჩი-კოსთვის ქანდაკება დაედგათ, ხოლო ტოკიოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ძაღლის გარდაცვალებიდან მეოთხმოცე წლის თავზე, ზუსტად ჰაჩი-კოს სიკვდილის დღეს მისი და პროფესორის ქანდაკება დადგა. იმავე წელს, ამერიკაში იგივე ქანდაკების რეპროდუქციის გაკეთების ექსკლუზიური უფლება სწორედ Abbey Glen-მა მოიპოვა.
-სასწაული ისტორიაა,- როგორც იქნა, დაიჯერა, რომ ოლივერი არაფერს იგონებდა.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. მამაკაცი ქალისგან წამოსული ინიციატივის ლოდინით დაიღალა და ისევ თავად ჩამოაგდო სიტყვა:
-იმისთვის მოხვედი, რომ ცხოველებზე მელაპარაკა და შენ მოგესმინა?
-არა, რა თქმა უნდა. აქ დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით ვარ. მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ვარ გაღიზიანებული და ბევრ რამეს საღად ვეღარ ვაფასებ. შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ რა ეტაპსაც ახლა გავდივარ, შუაგულ ოკეანეში ზვიგენებთან ერთად ცურვას ჰგავს. მაღაზიიდან წამოსული დავფიქრდი და მივხვდი, რომ შევცდი. პატიება მინდა, გთხოვო. იმედი მაქვს, მომხდარი ჩვენს ურთიერთობაზე ცუდად არ იმოქმედებს.
ოლივერმა შეატყო, რომ გულწრფელად ნანობდა:
-კარგია, რომ ყველაფერს მიხვდი.
ქალს ალმურმა აჰკრა. აღარ იცოდა, სიტყვა როგორ გაეგრძელებინა:
-ჩემზე ნაწყენი აღარ ხარ?
მამაკაცმა თავი გააქნია.
-მიხარია, რომ პრობლემა მოგვარდა. ჰო, მართლა. შენთან ერთი თხოვნა მაქვს. ხვალ სამსახურში ვერ მოვალ, ინტერნეტით გამოწერილ ნივთს მოიტანენ. თუ არ შეწუხდები, ჩემს სამუშაო ოთახში შეიტანე და როცა დავბრუნდები, მივხედავ.
-რატომ არ მოდიხარ?
-პარასკევია. ექვსი საათის შემდეგ ებრაელების კალენდრის მიხედვით, შაბათი დგება. ვერ ვიმუშავებ.
-სულ დამავიწყდა. კარგი, პრობლემა არ არის.
-ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. მადლობელი ვარ გაგებისთვის. რადგან შევრიგდით, მეტ დროს არ წაგართმევ და დამშვიდებული წავალ.
-დარჩი. შემიძლია, ყავა ან ჩაი შემოგთავაზო.
-სხვა დროს იყოს,-სარამ კარის სახელური დაქაჩა და სანამ ტერასიდან კიბეებს ჩაივლიდა და ეზოში გააღწევდა, ტელესკოპს მოჰკრა თვალი. უცებ შედგა და ოლივერს შეხედა: -ეს ის ტელესკოპია, რომელზეც პოკონოში მესაუბრებოდი?
-არა. ეს ნიუტონისეული რეფლექტორის ტელესკოპია, ბევრად სერიოზული. მისი ფოკუსი სინათლის რაოდენობას გაცილებით მეტი სიძლიერით კრებს. გინდა, ჩაიხედო?
ქალმა ყოყმანი დაიწყო. საბოლოოდ, ცნობისმოყვარეობამ აჯობა და სურვილს ვეღარ უღალატა. ოლივერმა ტელესკოპი ეზოში გაიტანა და ყველაზე მოსახერხებელ ადგილას დადგა :
-მზად ხარ, ღამის ცაზე გაისეირნო?-თვალები მოწკურა და ხელით ანიშნა, მომიახლოვდიო.
სარა გვერდით დაუდგა და დიდი მოლოდინებით შეჰყურებდა ტელესკოპს.
-წარმოიდგინე, კოსმოსურ ხომალდში იმყოფები და ექსკურსიას მისი სარკმლიდან გადიხარ. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, მთვარეა. თუ თვალი არ მიადევნე, უცებ ქრება ობიექტივიდან. აქეთ მოდი და ჩაიხედე,- გვერდზე გადგა და ადგილი დაუთმო.
სარამ მთვარის ზედაპირზე კაშკაშა ტალღოვანი მახასიათებლები დაინახა.
-დაუჯერებელია,-აღტაცებას ვერ მალავდა. რაღაც უცნაური ზედაპირი აქვს. რანაირი ყოფილა.
-რასაც ახლა ხედავ, მორევებს უწოდებენ, რომელთა გარშემო არსებული მაგნიტური ველები მზის ქარების ნაწილაკებს უცვლიან მიმართულებას.
-სასწაულია.
ოლივერმა სატურნიც და ასევე იუპიტერი თავის ოთხი ძირითადი მთვარით დაანახა.
-შენი ცოტა მშურს კიდეც. ამდენ რამეს როგორ არჩევ ერთმანეთისგან?
-მახასიათებლებით. შენც ხომ ნახე? სატურნს ცალკეული რგოლები აქვს, იუპიტერს- ენიგმატური წითელი ლაქა. ახლა მარსსაც ვნახვთ. იგი გოგრისფერი დისკოთი და პოლარული ქუდებით გამოირჩევა.
ცის შეცნობაში გართულმა სარამ ტელესკოპში ყურებას თავი დაანება და მიღებული შთაბეჭდილებებით დატვირთულმა ოლივერს ახედა:
-გეფიცები, ხატვა მომინდა. ყველაფერს ისე მიხსნი, ასე მგონია, იქ, სადღაც შორს, ერთად ვართ და თავს ამდენი საოცრება გვახვევია.
მოულოდნელად მამაკაცმა ქალი მისკენ მიიზიდა:
-ასეც არის. მე, შენ და სამყაროს ჯერ კიდევ შეუცნობელი მხარე. უკეთესს ვერც ვინატრებდი.
სარა ოლივერის სიტყვებმა დააფრთხო, მისი სიახლოვე ეუცნაურა და ამღვრეულ თვალებში ჩახედვისთანავე სხვა რამ ამოიკითხა. შეიშმუშნა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-რას იტყვი?-ჩაეძია მამაკაცი.
ქალი დაიძაბა, ყელს მობჯენილი ნერწვი ძლივს ჩაყლაპა და პასუხი ვერ დაუბრუნა. ოლივერმა საუბარი გააგრძელა:
-გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნას, მირჩევნია გრძნობებში გამოგიტყდე და ყველაფერი აქვე დავადგინო. თუ არ მოგწონვარ, ან ჩემი რელიგიის გამო თავს შეიკავებ, მითხარი. აუცილებლად უნდა ვიცოდე.
აშკარა იყო, სარა ჩიხში მოექცა და ვეღარ გაეგო, როგორ გამოსულიყო:
-შენი რელიგია არაფერ შუაშია. ის ადამიანებს ურთიერთობების ჩამოყალიბებაში არასოდეს უნდა უშლიდეს ხელს. პირადად მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ...
-მაშინ რა არის შუაში?
-პრობლემა ჩემშია და მსგავსი ურთიერთობისგან მიღებულ იმედგაცრუებაში.
-მთავარია ჩემთან ყოფნის სურვილი. დანარჩენს ერთად გადავლახავთ.
სარამ თვალი ძლივს გაუსწორა და მიუგო:
-სამწუხაროდ ვეღარც სითბოს ვგრძნობ და ვეღარც სიცივეს. ერთადერთი, რაც ახლა მეუფლება, მხოლოდ შიშია.
-შიშს თუ აჰყევი, მისგან აღმოცენებულ ზღვარს ვერასოდეს გაცდები და ვერც საწადელს მიაღწევ.
-მასწავლე როგორ მოვიხსნა იგი.
-მომენდე და თავისით გაივლის.
სარა ბევრ რამეს დათმობდა, ოღონდ მათი ურთიერთობა ამ დიალოგამდე არ მისულიყო. სასიყვარულო კავშირი ის თემა იყო, რომელსაც ტაბუ მაშინ დაადო, როდესაც გააცნობიერა, მისთვის ტანჯვის გარდა, არაფერი ხეირი მოჰქონდა. სინამდვილეში სიყვარული არასოდეს სწვეოდა და ესეც კარგად იცოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დაღის დასმას გაურბოდა.
-ახლა ვერაფერს გეტყვი. არ მინდა, ისეთი ნაბიჯი გადავდგა, რომელიც დამაზარალებს.
-დაგელოდები, ოღონდ უნდა შემპირდე, რომ აუცილებლად იფიქრებ ჩემს სიტყვებზე.
ქალმა თავი დაუქნია, სთხოვა, უკან არ გაჰყოლოდა და ეზო სწრაფი ნაბიჯებით გადაიარა. სხეული ერთიანად გასციებოდა და გაბუჟებოდა. მასში მიმდინარე ცვლილებები გულსა და გონებას გამეტებით უტევდნენ და შინაგანად გაბატონებულ შიშს კიდევ უფრო ასიგრძეგანებდნენ. აშკარა იყო, ოლივერმა ერთმანეთზე მიწყობილი გეგმები ერთბაშად მოუღავა.

***
სასამართლო პროცესამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა. სარა მთლიანად შეიცვალა, საკუთარ თავში ჩაიკეტა და აღარავის ეკონტაქტებოდა. სამსახურსაც ვეღარ უდებდა გულს. როგორც კი ტელევიზიაში სამუშაო საათები დასასრულს უახლოვდებოდა, თვალი კარისკენ ეჭირა. სახლში მისული მაქსიმალურად იქმნიდა მყუდრო გარემოს, კულინარიურ ცდებში იღებდა მონაწილეობას, შემდეგ ოთახის სივრცეში გამომწყვდეული თავის სამყაროსთან ჩურჩულს იწყებდა. ოლივერსაც გაურბოდა. სულ ოთხჯერ მივიდა საწარმოში, ძველი შეკვეთები დაამთავრა და ახალი კლიენტები დროებით უარით გაისტუმრა.
მძიმე წუთებში ერთადერთი შვება იპოვა. შუაღამისას, როდესაც დიასახლისს დასაძინებლად წასულს დაიგულებდა, ფანჯარას აღებდა და ღამის ზეცა ნაწილ-ნაწილ გადმოჰქონდა ქალცედონისფერი, ბაჯაღლოსფერი, მალაქიტისფერი და ქარვისფერი ქაოსით.
მაინც რომელი სახელი შეეფერებოდა ყველაზე მეტად? მაკროსამყაროსგან სატანჯველად განწირული მიკრონაწილის, უფლებაშელახული დედის, მარტოსული ხელოვანისა, თუ ბედნიერების საძებრად ქარაფებზე მოსიარულე ქალის? სად იძებნებოდა მისი სიხარულის და სიყვარულის პულსი? ნუთუ აღარ დადგებოდა წამი, როცა ნამდვილ სახეს სრულად გამოავლენდა და კარიერული ცხოვრებისგან გადაღლილი პირად ცხოვრებაზე ზრუნვასაც დაიწყებდა? გონებაზე მიკრული კითხვები დღითიდღე გომბეშოებივით იბერებოდნენ.

***
სასამართლო შენობასთან მდგომი ანა და ოლივერი სარას გამოჩენას უცდიდნენ. ვივიენი განგებ არ მივიდა. შენკენ ვარ და ეს იცი, მაგრამ არ შემიძლია დარბაზში ყოფნა, არ გეწყინოსო - წინასწარ გააფრთხილა.
სარა აუჩქარებლად მიუყვებოდა სასამართლომდე მისასვლელ ტროტუარს. არაფერს იმჩნევდა და თავდაჯერებულის იმიჯს ირგებდა, თუმცა შინაგანი განცდების დაცხრობას დიდ ძალისხმევას ანდომებდა. ანას და ოლივერს მიესალმა, მათთან ერთად კედელზე გამოკრულ ფურცელზე მოსამართლის გვარისა და მოსარჩლეების გასწვრივ დაწერილი ოთახის ნომერი მოძებნა და სერიოზული სახით შევიდა მცირე ზომის დარბაზში.
ნეითანი ნათესავებთან და სხვა თანმხლებ პირებთან იყო. სარა ცალყბად მიესალმა და ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა. ყოფილი მეუღლე გარეგნულად შეცვლილ ქალს ძლივს ცნობდა და მის მიმართ ჩამოყალიბებული მტრული განწყობა ემატებოდა. ამასობაში მისტერ ანდერსონიც გამოჩნდა. ყველა ფორმალური მხარე შეავსო და კლიენტის გვერდით დაიკავა ადგილი.
მოსამართლე ქალბატონი კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას შესცქეროდა, თავისთვის პატარა მინიშნებას აკეთებდა და გვერდით მყოფ თანაშემწეებთან და დანარჩენ თანამშრომელთან ერთად სასამართლო პროცესის დასაწყებად ემზადებოდა.
დამსწრეები დაშოშმინდნენ და მოსამართლის სიტყვას ელოდებოდნენ. ადვოკატები საქაღალდეებს ხსნიდნენ და საჭირო დოკუმენტაციას ამზადებდნენ. სარას მღელვარება თელავდა და ნერვიულობისგან პირი უშრებოდა.
სასამართლო პროცესი დაწყებულად გამოცხადდა. მოსამართლემ მოსარჩლეები ადვოკატებითურთ მოიხმო.
როგორც ფორმალობა მოითხოვდა, თავდაპირველად მოსარჩლეების და მათი ადვოკატების სახელები და გვარები გამოცხადდა, შემდეგ უშუალოდ საქმის განხილვაზე გადავიდნენ.
ორივე მხარე შესანიშნავად იყო მომზადებული. რთული იყო წინასწარ შედეგის გამოცნობა. სარა და ნეითანი ყველა ღონეს მიმართავდნენ, რომ თითოეული წვრილმანი მიეტანათ მოსამართლემდე და თავიანთი სიმართლე დაემტკიცებინათ.
სარას ადვოკატი მაქსიმალურად ცდილობდა, მოსამართლეს საქმე ისე არ განეხილა, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა. ამტკიცებდა, ჰასიდი ქალის ამპლუაში მისი განსჯა უდიდესი შეცდომა იყო, რადგან აღარ ეკუთვნოდა თემს და შესაბამისად, დედობის უფლების რელიგიურ ჭრილში განხილვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. წარადგინა აკინძული საბუთები, რომელთა მიხედვით მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილება არ დასტურდებოდა, ცნობა ნასამართლეობაზე, რომელზეც კრიმინალური ისტორია არ აისახებოდა და ამ ყველაფერს თან დაურთო ბავშვებზე ზრუნვისთვის ფინანსური მზაობის გამოსახატავად შემოსავლების მაჩვენებელი დოკუმენტაცია.
დარბაზში იყო ესთერისა და იაკობის პედიატრიც, რომელმაც მოწმის სტატუსით ისაუბრა და სარა ისეთ დედად დაახასიათა, რამაც მის წისქვილზე დაასხა წყალი.
ყოველივე ამის ფონზე, ნეითანის მიერ მიყვანილი მოწმეების ჩვენებები იმის შესახებ, რომ სარა შვილებს არარელიგიურად ზრდიდა, ამ ფაქტორით ბავშვებზე ცუდ გავლენას ახდენდა და ჰასიდთა საზოგადოებაში სხვა დედებისთვის საშინელ მაგალითს იძლეოდა, საკმარისი აღარ აღმოჩნდა მოსამართლის დასარწმუნებლად, რომ იგი დედის სტატუსის ჩამორთმევას იმსახურებდა.
ნეითანის პრეტენზიები სამართლის საპირწონე ჩარჩოებში ვეღარ მოექცა და ყველაფერი გაბათილდა.
საბოლოო განაჩენი სარას სასარგებლოდ იქნა გამოტანილი. მოსამართლემ წართმეული სტატუსი აღუდგინა. თავისუფლად შეეძლო, კვირაში რამდენიმე დღე შვილები მასთან ჰყოლოდა და ზუსტად იგივე პრივილეგიებით ესარგებლა, როგორც ნეითანს. საჭირო იყო მხოლოდ ფორმალური მხარეების მოგვარება, რომლის შემდეგაც მის ადვოკატს ოფიციალური წერილი გადაეგზავნებოდა და კანონიერად მინიჭებული უფლებებით სარგებლობის საშუალება მიეცემოდა.
დამარცხებულმა ნეითანმა სიხარულისგან თავბრუდახვეულ სარას ამრეზით შეხედა და საშინელი სახით გავიდა დარბაზიდან.
სარამ ადვოკატს კუთვნილი თანხის მიღება შემდეგი კვირისთვის გადაუდო, ვივიენს სამსახურში დაურეკა, კარგი ამბავი ამცნო და გამარჯვების აღსანიშნავად საღამოს ვახშმისთვის რესტორანში ოთხ პერსონაზე მაგიდა დაჯავშნა.
მზესავით ანათებდა ღირსებადაბრუნებული სარა. მათხოვარივით მოარულობისა და ბედნიერების საშოვნელად პეშვგამოწვდილობის დრო აწმყოში გაჩენილმა ქარმა გასტაცა და წარსულში გადაათრია.

***
გარეგნობას ისედაც არ უჩიოდა, მაგრამ ლამაზი სამოსი და საუკეთესო განწყობა კიდევ უფრო ამშვენებდა რესტორანში მიმავალ სარას.
ოლივერი ვივიენთან და ანასთან ერთად უკვე მაგიდასთან იჯდა, მალიმალ იყურებოდა რესტორნის შესასვლელი კარისკენ და საყვარელი ქალის გამოჩენას უცდიდა. როგორც კი გამოჩნდა, მეტყველების უნარი დაუკარგა.
-ერთი ამას შეხედეთ,- აღნიშნა ვივიენმა, როდესაც თავმომწონედ მომზირალი ქალი დაინახა.
-ოჰო!- ემოციები ვერ დამალა ანამ,- საუკეთესოდ გამოიყურები.
სარამ მადლობა გადაუხადა მეგობრებს, მაგიდასთან კომფორტულად დაჯდა და მენიუს წიგნი გადაშალა:
-რას უკვეთავთ? უკვე მოიფიქრეთ?
-შენ გელოდებოდით,- თავადაც მენიუს უყურებდა ვივიენი და ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა მოლუსკები დაეგემოვნებინა, თუ კრევეტები.
სარამ ორაგულზე შეაჩერა არჩევანი. ანა ბადრიჯნის პარმიჯანს, ხოლო ოლივერი სტეიკისგან მომზადებული საჭმელების დასახელებებს უყურებდა.
საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, მიმტანს სასურველი კერძების სახელები ჩააწერინეს და მენიუს წიგნები გაატანეს.
-დღეს ის დღეა, რომელიც არც მე და არც შენ არასოდეს დაგვავიწყდება. მინდა, სულ გამარჯვებულს და გაბრწყინებულს გევლოს,- ვივიენმა ღვინით სავსე ბოკალს მოჰკიდა ხელი და კიდევ ერთხელ მიულოცა მეგობარს.
არც ოლივერი და ანა ჩამორჩნენ.
-ოლივერმა მითხრა, ჰონოლულუს მოდის კვირეულში იღებთ მონაწილეობას,- სხვა სასაუბრო თემა წამოჭრა ვივიენმა.
-აღარ გამახსენო,-სახე შეეცვალა სარას,-მხოლოდ ეგ რომ იყოს, კიდევ არაფერს ვიტყოდი. ყველაფერი მიჯრით მიჰყვა ერთმანეთს... ჩამოვალთ და შემდეგ საკმაოდ ცნობილ არტ პრომოუშენ კომპანიის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში უნდა მივიღო მონაწილეობა. წინ იმდენი საქმეა, აღარც მინდა, ვიფიქრო.
-ჰავაის კუნძულებზე არასოდეს ვყოფილვარ. თქვენთან ერთად ხომ არ წამოვსულიყავი? ტროპიკულ კუნძულზე გავიშრიალებდი, თან მოდების ჩვენებას დავესწრებოდი და პარალელურ რეჟიმში გადაცემის სიუჟეტებს მოვამზადებდი.
-რომელი გადაცემის?
-ჩემს მაყურებელს სარა ჰოროვიჩი დედის სტატუსის გარეშე დარჩენილ ქალად ახსოვს. ახლა დროა, სასამართლოს გადაწყვეტილება შევატყობინოთ და მის წარმატებულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ. მათ აუცილებლად უნდა გაიცნონ ნიჭიერ მხატვრად და დიზაინერადაც.
სარამ სიხარულისგან ტაში შემოჰკრა:
-გაიგონეთ, რა თქვა?
-ამაზე დიდი რეკლამა არ არსებობს, დამიჯერე,-თბილად გაუღიმა ოლივერმა.
-სიტყვები არ მყოფნის,- განცვიფრებული იყო ანა.
-აბა, რას იტყვი? თანახმა ხარ?
-უარი რომ გითხრა, გიჟად შესარაცხი ვიქნები,- აკისკისდა სარა.
ვივიენს ჩუმად ეღიმებოდა და ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ სარას ბედნიერებაში გარკვეული წვლილი მასაც შეჰქონდა.
გემრიელი ვახშმის ფონზე ბევრი სასიკეთო საქმე გადაწყვიტეს. საღამომ ხალისით ჩაიარა. ოლივერი მთელი საღამო არ აშორებდა თვალს სარას. ლამაზი იყო პირმცინარი ქალი. ღიმილი ძვირფას სამოსზე და სამკაულებზე მეტად უხდებოდა.

***
დედის ჯანმრთელობის გაუმჯობესებამ დადებითად იმოქმედა ანას მდგომარეობაზე და შემართებით შეუდგა ახალი ბინის ძებნას. სარა მთლიანად მას მიენდო, რადგან ჰონოლულუს მოდის კვირეულისთვის მზადებამ საწარმოს მიაჯაჭვა.
სანდო და გამრჯე აგენტის წყალობით, მათთვის შესაფერისი ბინა მალე გამოჩნდა. უბანი და კორპუსი არ დაიწუნებოდა. უავეჯო ბინა იყო ნორმალური რემონტით. რაც მთავარია, სამზარეულო და აბაზანა თავიდან ბოლომდე მოწყობილი დახვდათ. დანარჩენზე ზრუნვას თავად აპირებდნენ. ბევრი ნივთი არცერთს გააჩნდა, ნახევარ დღეში დაცალეს ოთახები და ახალ ბინაში გადავიდნენ. პირველ დღეს იატაკზე დადებულ მატრასებზე ეძინათ. გაცილებით კომფორტულად გრძნობდნენ თავს სხვის მიერ დაწესებული წესებით ცხოვრება რომ აღარ უწევდათ.
ყველაზე მეტად საკუთარი კუთხის მოწყობა ახარებდა სარას. თავისუფლად გაშალა მოლბერტი, საღებავები, პალიტრები, ფუნჯები და ანასთან ერთად ნამდვილი ხელოვანების ბინას დაამსგავსა იქაურობა. მხოლოდ მათ ესმოდათ, რატომ უნდა დაეკავებინათ მისაღებ ოთახში ყველაზე დიდი სივრცე მხატვრისთვის საჭირო ნივთებს და არა სხვა რამეს.
ჰავაიზე გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, კაბები სახლში წამოიღო და ბოლო დეტალებზე სამუშაოდ ანაც დაიხმარა. ულამაზესი ქაოსი იდგა მისაღებ ოთახში. ერთ მხარეს საღებავებით შექმნილი საუცხოო ნამუშევრები იწონებდნენ თავს, მეორე მხარეს კი ქსოვილისგან შექმნილი საოცრებები.

***
ჰონოლულუს მოდის ჩვენებას სარაზე არანაკლები პასუხისმგებლობით უდგებოდა ოლივერი. საწარმოში ფაქტობრივად შუქი არ ჩამქრალა. ახალი კოლექციის შესავსებად თანაშემწეებთან ერთად დღეს და ღამეს ასწორებდა.
დიდი მოლოდინები და გეგმები ჰქონდა. ჰავაი იმ ადგილად ეგულებოდა, რომელიც მონაწილეთა რიცხვიდან გამომდინარე, მოდის სფეროში ცნობილ სახეებს უფრო დიდი მასშტაბით გააერთიანებდა და მეტ პერსპექტივას დაუსახავდა წინსვლისთვის.
კიდევ ჰქონდა ერთი გეგმაც, რომელზე საუბრისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებდა და სარასთან შესაბამის გარემოში ყოფნას და დროს ელოდებოდა, რომ შეეთავაზებინა.

***
ლაგუარდიის აეროპორტში სარა, ოლივერი და ოპერატორი ვივიენის გამოჩენას ელოდებოდნენ. სადაც იყო, რეგისტრაციაგავლილი მგზავრების ჩასხდომა გამოცხადდებოდა, ის კი არსად ჩანდა.
სარას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, წამდაუწუმ აეროპორტის შესასვლელებთან ჩერდებოდა და გარეთ იყურებოდა.
-დაურეკე, სარა. მე უკვე ნერვების უკანასკნელი რეზერვუარიც ამოვწურე, - გაღიზიანებული იყო ოლივერი.
სარა ამაოდ ცდილობდა მასთან დაკავშირებას და შეგრძნებები უმძაფრდებოდა.
ოპერატორი უკვე იმაზე ბჭობდა, დარჩენილიყო, თუ წასულიყო.
-ბოდიში უნდა მოგიხადოთ. მობილური გამიფუჭდა და მაღვიძარამ არ დარეკა,- შეწუხებული ხმით ახსნა მიზეზი უცბად გამოჩენილმა ვივიენმა და საჭირო პროცედურების გასავლელად სარეგისტრაციო დახლისკენ გაემართა.
-რადგან ცოცხალი და უვნებელი ხარ, რაღა გვიჭირს?- შვებით ამოისუნთქა სარამ და ოლივერს გადაუჩურჩულა, ნუ იბღვირებიო.
მისმა გამოჩენამ შექმნილი დაძაბულობა მაშინვე უკუაგდო და ფეხდაფეხ მიყვნენ.
-ვიცი, ერთ სულიერს დაგვიანება ჭირის დღესავით ეჯავრება. თუ კოპებს არ გახსნის, ვივიენ კარტერი ბორტზე არ ავა!- ვივიენმა ირიბად გახედა ოლივერს.
ოლივერი გვერდში ამოუდგა და მხოლოდ მას რომ გაეგო, დაბალი ხმით ჩაილაპარაკა:
-ოპერატორი თან არ გახლდეს, ხელს მოგკიდებდი და წივილ-კივილით აგიყვანდი თვითმფრინავში. ასე, რომ სანამ მის წინაშე შემირცხვენიხარ, შენი ნებით გაუყევი ჰონოლულუს ბოინგისკენ მიმავალ გზას.
ვივიენს ოლივერის მოსწრებულ სიტყვაზე ჩაეცინა, ჰავაიზე მოგივლიო,-მაჯაზე უჩქმიტა და დინჯი ნაბიჯებით შეერია მგზავრებს.

***
სამსახურში დატვირთული გრაფიკის გადამკიდე ვივიენისთვის ძილი ძალების აღსადგენი ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც მუდამ სანატრელი ჰქონდა. ფიქრობდა, ცამეტსაათნახევრიან ფრენას სასარგებლოდ გამოიყენებდა და დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე გამოიძინებდა, მაგრამ ჭირვეული ერთი წლის მგზავრის გამო ბორტზე ყოფნა არც თუ ისე კომფორტული აღმოჩნდა. ახალგაზრდა მშობლები ბავშვს ვერაფრით აჩერებდნენ და შეწუხებული მგზავრებისთვის ბოდიშის მოხდის მეტი არაფერი დარჩენოდათ. ვივიენი მაქსიმალურად თოკავდა ნერვებს და ცდილობდა, წყობიდან არ გამოსულიყო, თუმცა როდესაც ჭირვეულ მგზავრს გული აერია და მთელი დღის ნაჭამი ტანსაცმელზე დაანთხია, მაშინ უკვე გავეშებული წამოხტა და ბორტგამცილებლებს ადგილის შეცვლა მთელი სიმკაცრით მოსთხოვა. პრეტენზიულ მგზავრს ბოდიში მოუხადეს და რადგან ეკონომ კლასისთვის განკუთვნილი ადგილები დაკავებული იყო, ბიზნეს კლასის მგზავრებთან გადაიყვანეს.
ვივიენმა მეგობრებს გადახედა, გამძლეობა უსურვა და ბიზნეს კლასის მგზავრებისკენ გადაინაცვლა.
ოლივერმა და სარამ შურიანებივით გააყოლეს თვალი და ხელახლა აღნავლებული ბავშვის ხმა რომ დაეხშოთ, სასწრაფოდ ყურსასმენები გაიკეთეს. ხანდახან, როდესაც ტირილის ხმა მიიკარგებოდა, რამდენიმე წუთით ჩათვლემას ასწრებდნენ. ძირითადად ფილმების ყურებითა და მუსიკის მოსმენით იქცევდნენ თავს.

***
ცამეტსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი ჰონოლულუში დაეშვა. აეროპორტიდან გასვლისთანავე იგრძნობოდა ტროპიკული მხარისთვის დამახასიათებელი ტენიანობა.
ნომერში შესვლისთანავე სარამ სააბაზანო ოთახს მიაშურა, შხაპი მიიღო და ფინჯანი ყავით ხელში აივანზე გავიდა. მზის აბაზანების მისაღებად თეთრ ქვიშაზე გართხმული ტურისტები ოკეანესთან ნებივრობდნენ. ლამაზი იყო კუნძული. ტროპიკული ბუნება სასწაულად ამშვენებდა.
-ნეტა ოლივერი რას აკეთებს?- ქვედა სართულის აივნებს დაუწყო თვალიერება. უნდოდა, თვალი მოეკრა.
ამასობაში, კარზე დააკაკუნეს და ოთახში დაბრუნდა.
-შეიძლება?- ყუთით ხელში იდგა ოლივერი.
სარას მის დანახვაზე თვალები აუციმციმდა, თითქოს დიდი ხნის მონატრებულ ადამიანს ხედავდა:
-შემოდი,- შეიპატიჟა და ყუთს გააყოლა თვალი.
მამაკაცმა აუხსნა, ყუთში მისი საჩუქარი იყო და სთხოვა, გაეხსნა. ქალმა ჯერ გაიკვირვა, შემდეგ ყუთის გახსნა დაიწყო. შავი ტყავის დახვეწილი ფეხსაცმელი დახვდა. ერთი ცალი ამოიღო, თვალი შეავლო, მოწონების ნიშნად გაიღიმა და მოსაზომებლად სავარძელში ჩაჯდა.
-შემიძლია, დაგეხმარო,-მის წინ დაიხარა და ფეხსაცმლის მეორე ცალი ხელში აიღო.
სარა არ შეეწინააღმდეგა და თხელი ტერფი წინ გაუწია. მამაკაცის ხელის შეხებამ ტანში ჟრუანტელი მოჰგვარა:
-ეს შენ შექმენი?
ოლივერმა თავი დაუქნია:
-სპეციალურად შენთვის. მოგწონს?
-მოწონებაც აღარ ჰქვია. ძალიან, ძალიან კარგია.
-შენც ძალიან, ძალიან კარგი ხარ,- მინავლებული თვალებით ახედა და ქალის წვივებს წაეტანა.
ათრთოლებულმა სარამ შეაჩერა:
-გთხოვ, არ გინდა!
-ნუ მთხოვ და ნურც იმას მეუბნები, რომ არ მინდა.
ქალის გულმა გაორმაგებული გულისცემა დაიწყო. ფეხზე წამოდგა და მაცივარში წყლის ბოთლს დაუწყო ძებნა.
-რას ეძებ?-წელში გაიმართა ოლივერი და აფორიაქებულ სარას სერიოზული სახით გახედა.
-წყალი მინდა.
-აქ არის,- მაგიდიდან ნახევრადდაცლილი ბოთლი აიღო და ხელში მიაწოდა.
ბოთლი გამოართვა, უხერხულად გაიცინა და თავი იმართლა, სულ გადამავიწყდა, ყავისთვის გამოვიყენე და უკან აღარ დამიბრუნებიაო. ოლივერმა შეატყო, ზომაზე მეტად ააღელვა და მათ ურთიერთობაზე სიტყვაც აღარ დაუძრავს:
-ფეხსაცმელი ძალიან გიხდება და გამიხარდება, თუ მოდის ჩვენებაზე ჩაიცვამ.
სარას გახშირებული სუნთქვა ახრჩობდა და ვერაფერი უპასუხა.
-კარგი, წავალ. სჯობს დამშვიდდე. საღამოს ღამის ქალაქის დათვალიერებას ვაპირებ. სურვილის შემთხვევაში იცი, როგორც დამიკავშირდე,- მობილური ტელეფონი დაანახა და ოთახიდან გავიდა.
ქალმა კარი დაკეტა და იქვე ჩაიკეცა:
-ჯანდაბა! რა მჭირს?- სახეზე ხელის გულები აიფარა და გონზე მოსვლას ლამობდა.
ყველაფერი კარუსელივით ტრიალებდა. ვერაფერი გაეგო, რასთან ჰქონდა საქმე.

***
ვივიენმა ჰონოლულუში ჩასვლიდან პირველივე დღეს გეგმა შეიმუშავა და სიუჟეტებისთვის ჩანართების გასაკეთებლად რამდენიმე ადგილის გადასაღებად ოპერატორთან ერთად წავიდა.
ოლივერი სარასგან გამოხმაურებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუა. სასტუმროს პატარა ნომერში ჯდომა მოიბეზრა და ღამის ქალაქის დასათვალიერებლად მარტო გავიდა. გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა უკვე მოთმინებას აკარგვინებდა.
სანაპირო ზოლი ბარ-რესტორნებით იყო სავსე. მუსიკასთან ერთად ტურისტების კისკისი და მხიარული განწყობა ეფინებოდა არემარეს. ხმაურიან სიტუაციას განგებ აარიდა თავი და მაღაზიებისკენ აიღო გეზი.
სარა ოთახში ჩაკეტილიყო, მოუსვენრად დადიოდა და საკუთარ თავს გრძნობებში გარკვევას აიძულებდა. ტელეფონს რამდენჯერმე დახედა, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ხელში აეღო და ოლივერისთვის დაერეკა.
-რატომ მიდიხარ საკუთარი სურვილების წინააღმდეგ? განა თემი იმისთვის არ დატოვე, რომ შენ თავს კარგავდი? რა განსხვავებაა მაშინდელ სარასა და ახლანდელს შორის? არც არაფერი. -ჩაესმოდა შინაგანი ხმა.
-შეცდომის დაშვების მეშინია.
-მაშინ ნურც პრეტენზია გექნება, როცა ცხოვრებაში შენივე გამოისობით აღმართულ კედელს შეასკდები და თავს დაიშავებ. სინანული არ იყოს!
-ვიცი, ხანგრძლივი ორჭოფობა და საკუთარ თავთან წინააღმდეგობა ზოგჯერ ჩემს სისუსტეზე მიუთითებს. ხანდახან ადამიანმა შიში გვერდზე უნდა გადადოს და შეცდომაც დაუშვას, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ ვარ. ვცდილობ, სურვილებს თავისუფლება მივცე და წნეხის ქვეშ არ მოვაქციო.
-ოლივერი მთელი არსებით გიზიდავს. ყოველ ჯერზე, როცა მასთან მარტო რჩები, შენი გრძნობა ლაკმუსის ქაღალდივით მჟღავნდება. ის გიყვარს და არ გინდა, რომ აღიარო!
-ამ ალიაქოთს სიყვარული ჰქვია?
-დიახ. ასე ვეღარ მოიქცევი. ჩამოუყალიბებელი ადამიანის შთაბეჭდილების დატოვებას სჯობს, ამ გაურკვეველ ურთიერთობას წერტილი დაუსვა.
-არ მეთმობა.
-მაშინ იცი, როგორც უნდა იმოქმედო.
ქალმა ოთახში წინ და უკან სიარულს თავი დაანება და ტელეფონს ხელი დაავლო.
-მიდი, სარა. ნუღარ წვალობ, გაბედე!- საკუთარ თავს შეუძახა და ოლივერის ნომერს დაუწყო ძებნა.
ოლივერი მის ზარს არ პასუხობდა. შეცბა, არ მოელოდებოდა. ვივიენს დაურეკა. ვერც მისგან შეიტყო ვერაფერი. ქვედა სართულზე ჩავიდა და ოთახის კარზე დაუკაკუნა. ჩქამიც არ ისმოდა. სასწრაფოდ პირველ სართულზე დაეშვა და გარეთ გავიდა. დამსვენებლებით გადატვირთულ ტროტუარებზე უგზო-უკვლოდ დადიოდა და ეძებდა:
-სად ხარ?- ბუტბუტებდა და სხეულში გაჩენილი დაჭიმულობა უმძაფრდებოდა.
ქუჩებში მოდებული მხიარული შეძახილები და ჟრიამული საშინლად მოქმედებდა მასზე. მიუხედავად იმისა, ოლივერისგან იცოდა, ღამის ქალაქის დასათვალიერებლად გასვლას აპირებდა, ცუდი წინათგრძნობა არ ასვენებდა და სიმწრისგან ღრიალი უნდოდა. დიდი ხანი ეძებდა, მაგრამ თვალიც ვერსად მოჰკრა. ისევ სასტუმროს ოთახში მიაკითხა. კვლავ არავინ გამოჩნდა კართან. თავის ოთახში ავიდა, აივანზე სკამი გაიტანა და ოლივერის ჩაბნელებული ოთახის განათებას დაელოდა.
შუაღამე იყო, როდესაც ნომერში შუქი აინთო. სარას სახეზე ღიმილი გაუკრთა, თუმცა მალევე უსიამოვნო აზრმა გაუელვა და თვალებში სიმკაცრე ჩაუდგა:
-სად იყავი, ოლივერ? - თავისთვის წაიბურდღუნა და ქვედა სართულის კიბეები წამებში ჩაირბინა.
ოლივერი დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც მისი ყურადღება სარას გაბმულმა კაკუნმა მიიქცია. ქალი ოთახში შევარდა და შეჩერდა. მამაკაცმა ოთახის შუაგულში მღელვარედ მდგომ სტუმარს შეხედა და გაოგნებულმა ჰკითხა:
-რა სახე გაქვს?
-მაინც როგორი?
-პატარა ბავშვები რომ ცუდ სიზმარს ნახავენ და მშობლების ოთახში დასამშვიდებლად შედიან, სწორედ ეგეთი.
-შენთან ერთად სეირნობა გადავწყვიტე და ვერ დაგიკავშირდი. რომ არ მიპასუხე...
-არ თქვა, რომ ჩემზე ნერვიულობდი,-ხელი ჩაიქნია ოლივერმა.
-რატომ არ მპასუხობდი?
-მთელი საღამო გელოდე. მეც მაქვს ჩემი მოთმინების ზღვარი.
-გასაგებია. მიწყრები.
-დავიღალე შენი გულგრილი დამოკიდებულებით.
-უკვე აღვნიშნე, წამოსვლა მინდოდა და იმიტომ გირეკავდი.
-როდის დარეკე? როცა ქალაქის ბოლოში ვიყავი გასული, არა?
-ურთიერთობის დათბობას ვცდილობ, შენი საქციელი კი მაგიდის აყირავებას ჰგავს.
-ხვალ დატვირთული დღე გვაქვს. სჯობს, გამოიძინო და მოემზადო.
-ჰო, შენ უკეთესად იცი, ჩემთვის რა სჯობს. - წარმოთქვა ნაწყენმა ქალმა და ოთახი დატოვა.

***
ღამე ფიქრებში გაიცრიცა. სარა უძილობისგან დამძიმებული თავით წამოდგა, საუზმე მიირთვა და კაბებით დატვირთული ჩემოდნები სასტუმროს მეორე სართულზე, მოდების ჩვენებისთვის განკუთვნილ სივრცეში ჩაზიდა. მოსამზადებელ ოთახში რამდენიმე დიზაინერი თავის მოდელებთან ერთად ტრიალებდნენ. ტანდაბალი და ჩაფსკვნილი ორგანიზატორი ღიმილიანი სახით შეეგება. სარა წინასწარ მეილზე გადაგზავნილ ინფორმაციას არ დასჯერდა და საღამოსთვის გათვალისწინებული წესები დაწვრილებით გამოკითხა. მანაც ყველაფერი დაუზარებლად აუხსნა. ბოლოს ტანსაცმლისთვის გამოყოფილი ადგილისკენ მიუთითა და დანარჩენი დიზაინერების დასაკვალიანებლად გადაინაცვლა.
სარამ ძვირფასი კაბები საკიდებზე გადაიტანა, სიამაყით შეავლო თვალი თითოეულ ნამუშევარს და სანამ ოლივერის და მის მიერ დაქირავებული მოდელები გამოჩნდებოდნენ, მთავარი დარბაზის სანახავად წავიდა.
-დიდებულია!-განცვიფრება ვერ დამალა საგანგებოდ მომზადებული დარბაზის დანახვაზე და პოდიუმზე ავიდა.
ამაღლებული ადგილიდან მწკრივებად გაწყობილ სკამებს გადახედა და წინასწარ წარმოიდგინა მისგან შექმნილი სამოსით აღფრთოვანებული მოდის მოყვარული საზოგადოება. უმალ კმაყოფილება დაეტყო. კიდევ ერთხელ მიმოავლო იქაურობას თვალი და ღონისძიების წინამოსამზადებელ სამუშაოებს დაუბრუნდა.
ოლივერი უკვე მისულიყო და საქმეს შესდგომოდა, თუმცა უხასიათობა სჭამდა და ეს ფაქტორი შრომისუნარიანობაზე აისახებდა. სარამ დახმარება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
-ასეთი აღრენილი რატომ დადიხარ?- ვეღარ მოითმინა და ხმას აუწია ქალმა.
-ყველაფერი ჩაივლის და მერე ვილაპარაკოთ,- ისე უპასუხა, მისკენ არც გაუხედავს.
-გამარჯობა, მეგობრებო. ვიცი, ცოტა ადრე მომივიდა მოსვლა, მაგრამ ვიდრე აქ აურზაური ატყდება, მე და ჩემი ოპერატორი მოსამზადებელი სამუშაოების რამდენიმე კადრს გადავიღებთ,- მობუზღუნე წყვილს საუბრის გაგრძელება არ აცალა ვივიენმა.
გადაცემისთვის საუკეთესო კადრების შესაქმნელად ხელი რომ შეეწყოთ, ოლივერი და სარა მოდელებს მიუბრუნდნენ. ვივიენის გამოჩენამ დაძაბული ურთიერთობა ოდნავ გაანეიტრალა
ვიდრე ოპერატორი სამუშაოებს დაასრულებდა, სარა პოპულარული მოდის ჟურნალიდან ფოტოსესიისთვის რამდენიმე მოდელთან ერთად გაიწვიეს. “Face”-ის ჯგუფი დროებით შეყოვნდა და ლოდინი მოუწია.
უკან დაბრუნებულმა სარამ აღშფოთებით აღნიშნა, რომ მის კოლექციას ხუთი კაბა აკლდა.
-რას ნიშნავს, ხუთი კაბა გაკლია?- შეიცხადა ოლივერმა.
-აქ დავტოვე, ოლივერ. ამდენი ხალხის თვალწინ როგორ უნდა აორთქლებულიყო?
-კამერები გვაქვს?- აქეთ-იქით მიმოიხედა ვივიენმა.
-ეს გასახდელი ოთახების სივრცეა. კამერებს ვერ ნახავ,- მიუგო სარამ.
-სასწრაფოდ ორგანიზატორი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში. დროს ნუღარ დავკარგავთ,-ოლივერმა სარას ხელი ჩაჰკიდა და მასთან ერთად სწრაფად გავიდა ოთახიდან.
შექმნილი ვითარებით შეწუხებულმა მენეჯერმა დიზაინერს ბოდიში მოუხადა და აღუთქვა, ყველაფერს გაარკვევდა, მაგრამ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ტანსაცმლის გაუჩინარების ამბავი კვლავ მისტერიად რჩებოდა.
-ხუთი კაბის ამარა ვარ დარჩენილი. ნეტა გამაგებინა, რომელმა სულწაწყმედილმა იქურდა?- ცხარობდა ვივიენთან და ოლივერთან მარტოდ დარჩენილი სარა.
-კარგად გაიხსენე. რამდენი მოდელითა და კაბით გახვედი ფოტოსესიისთვის და როცა წახვედი, ვინ იდგა ტანსაცმლის საკიდებთან?- თავისებური გამოძიება დაიწყო ვივიენმა.
-სამი მოდელი გავიყოლე. მხოლოდ სამი კაბა ჩამოვხსენი საკიდებს. ვინ იდგა ახლოს, ყურადღება არ მიმიქცევია.
-ესე იგი, სულ სამი.
-დიახ.
-მეტი არ წაგიღია და არც არავის მოუწოდებია?
-არა.
ვივიენმა გონება დაძაბა, ოთახებში აქა-იქ მოსიარულე დიზაინერებს დაუწყო დაკვირვება და ბუნდოვნად აღიდგინა რამდენიმე მომენტი. მოულოდნელად სარას და ოლივერს მიუბრუნდა და თხოვნით მიმართა:
-შეგიძლიათ, სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს გადახვიდეთ და ყავის მაღაზიაში ყველა ჩვენგანისთვის ყავა შეუკვეთოთ?
-მე არ მინდა,-მაშინვე თქვა სარამ.
-ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ენერგიის მოსვლაში დაგვეხმარება. პატარა საქმე მაქვს. ჩემი ოპერატორიც თქვენთან ერთად წამოვა და სანამ ყავას მოამზადებენ, მეც შემოგიერთდებით. იქ მოვიფიქროთ რამე.
როგორც კი ვივიენმა ყველა გაუშვა, თავმომწონედ მდგომი ქერა დიზაინერისკენ წავიდა:
-გამარჯობა,- ისეთი მზერით მიაჩერდა, ქალმა მოჩვენებითი სიმშვიდე დაკარგა.
-გამარჯობა,- თავადაც მიესალმა და ოდნავ დაიძაბა.
-საიდან ხარ?
-კალიფორნიიდან.
-წესით უნდა მცნობდე.
-რა თქმა უნდა, თქვენ ბევრი გცნობთ.
-ძალიან კარგი. ახლა იმაზე მიპასუხე, სად გააქრე სარა ჰოროვიჩის საღამოს კაბები?
-რას კადრულობთ?
-მე თუ შენ?
-ეს ცილისწამებაა!
-კარგი ერთი. დაგინახე, როგორ ჩამოხსენი საკიდებიდან სამოსი და სადღაც გაიტანე. მეგონა, დაგავალეს. შენ კი სხვა ჩანაფიქრი გქონია. თუ არ გსურს, ჯერ აქ, შენს კოლეგებთან და მერე „Face”-ში შენი სახელის ცუდად გაჟღერებით მთელ ქვეყანაში სახელი გაგიტეხო და კლიენტები დაგაკარგვინო, როგორც წაიღე და გადამალე, ისევე შენი ხელით დააბრუნე.
-როგორ დამინახეთ?
-კატის მხედველობა მაქვს,- თვალები დაუბრიალა.
-მითხარით, რომ არავის ეტყვით.
-თუ მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, ვერავინ გაიგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ამბავი ისე დასრულდება, როგორც ვთქვი.
-იმედი მაქვს, სიტყვას შეასრულებთ და სირცხვილის კორიდორში არ გამატარებთ.
-ღირსი ხარ, მაგრამ ვივიენ კარტერი არასოდეს გადაუხვევს თავის სიტყვას,- დაბეჯითებით უთხრა და ზურგი შეაქცია.

***
-ჩემი ყავა სად არის? -კარგ ხასიათზე მყოფი ვივიენი მოწყენილ მეგობრებს გვერდით მიუჯდა და სავსე ჭიქას დაუწყო ძებნა.
სარამ მისთვის გადანახული ყავა და ლიმონის ნამცხვარი მიაწოდა.
-ოჰო, ჩემი საყვარელი ნამცხვარიც ჰქონიათ.
-რამე მოხდა? - ვივიენის გამხიარულება უჩვეულოდ მოეჩვენა ოლივერს.
-რა უნდა მომხდარიყო?
-რა ვიცი,-მხრები აიჩეჩა ოლივერმა.
-ახლა კარგად მომისმინეთ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ვერ ვუარყოფ, მაგრამ მხოლოდ ვიშვიში კარგს არაფერს მოგვიტანს. გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ კაბები არ გამოჩნდა, სარა დანარჩენი სამოსით უნდა წარდგეს სტუმრების წინაშე.
-ხუთი კაბა ცოტაა,-სევდიანი თვალებით გახედა სარამ.
-გასაგებია, მაგრამ ცამეტ საათზე მეტი იმისთვის ვიფრინეთ, რომ „ლუზერებად“ გამოვაცხადოთ თავები? კარგი, მე მეგობარი ვარ და კიდევ გაგიგებ, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცს რაღას ვაწვალებდით?-ოპერატორს გადახედა ვივიენმა.
-მეც იგივეს ვფიქრობ. ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო,- თავისი აზრი გამოთქვა ოპერატორმაც.
-ვიცი, რთულია შენს მდგომარეობაში ყოფნა და ისიც ვიცი, მაქსიმალისტი ხარ, მაგრამ არაფერს ყოველთვის სჯობს მინიმუმი,- ოლივერიც აჰყვა დანარჩენებს.
საბოლოოდ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე დაიყოლიეს. სასტუმროში მიბრუნებულებს ათივე კაბა ადგილზე დაუხვდათ. ვიდრე სარა სიხარულით გამოწვეული აგონიისგან მოსასულიერებელი გახდა, ვივიენი გესლიანად მომზირალი ქურდისკენ აპარებდა თვალებს და გულში გამარჯვებას ზეიმობდა.

***
ჰონოლულუს მოდის კვირეულის პირველმა დღემ გარკვეული ხარვეზებით ჩაიარა, მაგრამ შიდა სამზარეულოში წარმოჩენილ პრობლემებს გარეთ არ გამოუჟონავს. საღამოს გახსნაზე სარა ოლივერის საჩუქრით წარდგა და რამდენიმე კომპლიმენტიც დაიმსახურა.
-განა ჩემთვის გაიმეტებს რამეს,- ოლივერის გასაგონად თქვა ხუმრობის ხასიათზე მოსულმა ვივიენმა და სარას თვალი ჩაუკრა.
-არ დაიჯერო, იგონებს. - ოლივერი სიცილით მიუბრუნდა სარას.
-არც მჯერა,-მხარი აუბა სარამ.
ვივიენი მოწინააღმდეგე ბანაკის მზვერავივით შეჰყურებდა წყვილს და თავისთვის ეღიმებოდა.
როგორც სარამ, ასევე ოლივერმაც კარგი გამოხმაურებები მიიღეს. კმაყოფილი და იმედით აღსავსენი ეცნობოდნენ მოდის სამყაროს ცნობად სახეებსა და დიდი კომპანიების წარმომადგენლებს.
მოულოდნელად ვივიენმა დაღლილობა მოიმიზეზა, მეგობრებს მოუბოდიშა - ვეღარ დავრჩებიო და სანამ წავიდოდა, სარას წინასწარ შერჩეულ ღია კაფეში მეორე დღისთვის ვრცელ ინტერვიუზე შეუთანხმდა.
დიდხანს აღარც სარა და ოლივერი დარჩენილან. რამდენიმე დაინტერესებულ სტუმართან საკონტაქტო ინფორმაცია დატოვეს და შიმშილის დასაცხრობად ვაიკიკის სანაპიროზე ჩამწკრივებულ ბარ-რესტორანთა შენობებს გაუყვნენ.

***
რეკომენდაციების მიხედვით, ერთ-ერთი ბარი შეარჩიეს და ადგილობრივი კერძი „ლაულაუ“ შეუკვეთეს. ოკეანიდან მონაბერი გრილი ჰაერი სასიამოვნოდ ელამუნებოდათ სახეზე ღია ცის ქვეშ გაშლილ მაგიდებთან. ადგილობრივ მომღერალთა ბენდი ჰავაური კულტურის მხიარული მუსიკით გარშემომყოფების განწყობაზე ზრუნავდა.
-სარა, არ ვიცი ჩემს წინადადებას როგორ მიიღებ, მაგრამ ვფიქრობ, ორივე ჩვენგანის ბიზნესი რომ გავაერთიანოთ, უფრო მეტ კლიენტს მოვიზიდავთ, - საქმიანი სიტყვა წამოაყენა ოლივერმა.
-მოიცა, ეგ როგორ?
-დაინტერესების შემთხვევაში, შემიძლია ეს თემა ფორმალური მხარეებით ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილო, მაგრამ ჯერ მთავარი ის არის, დაინტერესდე.
-ვიფიქრებ. არ არის გამორიცხული, ამ მაცდუნებელ წინადადებაზე დაგთანხმდე.
-თუ ასე მოხდება, მაღაზიაში სივრცესაც გამოგიყოფ და სასაქონლე მიწოდების მრავალფეროვნებით საერთო კლიენტურის მოზიდვაზე ვიზრუნებთ.
-ესე იგი, შენი ფეხსაცმელი და ქამრები, ჩემი - საღამოს ტანსაცმელი.
-შეგიძლია, თანდათან ყოველდღიურ სამოსზეც გადახვიდე.
-ურიგო აზრი არ არის.
-მეჩვენება, თუ დაღონებული ხარ? ასეთ სერიოზულ თემას უხალისოდ უდგები.
ქალმა მის წინ მჯდომ მამაკაცს თვალი გაუსწორა და გაბედულად უთხრა:
-მართალი ხარ, რაღაც მაწუხებს.
-გუშინდელი საუბრის გაგრძელება და კამათი თუ გინდა...
-არა! დამაცადე!- შეაჩერა სარამ, -თუ არ ამოვთქვი, საკუთარი გრძნობები მიწის ქვეშ მიყოლებს.
ოლივერი სმენად გადაიქცა.
-მას შემდეგ, რაც სიყვარულში გამომიტყდი, ერთი დღეც არ ყოფილა, შენზე, ჩემზე და ამ ურთიერთობის სავარაუდო განვითარებაზე არ მეფიქრა.
-მერე? რა გადაწყვიტე?
-როგორც კი შენს სიახლოვეს ვგრძნობ, მაშინვე ვიწრო შუკებში შევდივარ და ისე ვიჭედები, უკან გამოსვლა მიძნელდება.
-ძალიან არეულად ლაპარაკობ.
-შენთან ყოფნა მინდა. ვნანობ ყველა უშენოდ გატარებულ წუთს.
ოლივერი სიტუაციის ამგვარ შემობრუნებას არ მოელოდებოდა. ბედნიერების ნაპერწკლები შეეყარა, საყვარელ ქალს თბილად გაუღიმა და ორივე ხელი გაუწოდა. სარამ ნერვიულობისგან აკანკალებული ხელები ჩასჭიდა და თავადაც გაუღიმა.
-მარტონი რომ ვიყოთ, ვერც კი წარმოიდგენ ახლა რას გიზამდი.
-გავისეირნოთ, თუ ვიცეკვოთ?-ეშმაკურად შეხედა ქალმა.
-შენ როგორ გინდა?
-ორივეზე თანახმა ვარ.
-მაშინ გავისეირნოთ,- მამაკაცმა მიმტანს ანიშნა, რომ ანგარიში წარედგინა.
ვიდრე ოლივერი ვახშმის თანხას გადაიხდიდა, სარა ვერანდის მოაჯირთან დადგა და საეჭვოდ შეცვლილ ცას დაუწყო თვალიერება. სადღაც შორს, ელვამ მუქი ფერები გაფანტა.
-რას უყურებ?- წასასვლელად მომზადებულმა ოლივერმა ხელი წელზე მოჰხვია და ქალის სურნელის შესაგრძნობად სახე ახლოს მიუტანა.
-მგონი, წვიმას აპირებს,- ჩურჩულით თქვა სარამ.
ოლივერმა ღაწვებზე ნაზად აკოცა:
-წავიდეთ?
ქალმა მორცხვად დაუქნია თავი და მასთან ერთად გარეთ გავიდა. ახლადშემდგარ წყვილს აღარც ტურისტების გამაყრუებელი ხმაური და სიცილ-კისკისი ესმოდა, აღარც ჰავაური მუსიკა. ორივე ერთ განზომილებაში იყო, სადაც ვერავინ მიწვდებოდა. ოლივერმა სარა გულზე მიიკრა:
-ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამაბედნიერე.
ქალს მამაკაცისგან გადმოღვრილი სითბო ესიამოვნა და გაიყურსა. იდგნენ ჩუმად, უსიტყვოდ და ერთმანეთის გულისცემას ყურს უგდებდნენ.
რეალობაში ამინდის შეცვლამ დააბრუნათ. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა წვიმის თქეში მოიტანა და ქუჩები წალეკა. აქა-იქ გამოკვეთილი გრაგნილები ცას ბზარავდნენ. სადღაც ახლოს მეხიც გავარდა. ერთიანად დასველებულები სასტუმროს მიმართულებით გაიქცნენ. როგორც კი ოთახში შევიდნენ, ტანსაცმელი შემოიძარცვეს და ერთმანეთის შიშველი სხეულები მჭიდროდ შეიგრძნეს. დაგროვილი გრძნობები ჰაერში აჭრილი ფეიერვერკებივით გასკდნენ. მათი თავდავიწყება აბურბურებულ ცეცხლს ჰგავდა. ალივით იღებდა სხვადასხვა ფორმებს და სიყვარულისფრად ხატავდა ფიგურებს.

***
სარა დათქმულ დროს და ადგილას ვივიენთან შესახვედრად მივიდა, მაგრამ ოპერატორთან ერთად ჯდომა და ლოდინი საეჭვოდ გაიწელა. სასტუმროში მისულმა ადმინისტრატორს მის ოთახში დაარეკინა, მაგრამ არ პასუხობდა. რამდენიმეხნიანი ძებნის შემდეგ შეუძლოდ მყოფი საკუთარ ოთახში იატაკზე დაცემული ნახეს.
მოკუნტული ქალი ჰაერის უკმარისობას და კისრის, მხრების, ზურგისა და მუცლის არეში ტკივილს უჩიოდა.
-ვინმემ სასწრაფო დახმარება გამოიძახოს,- შეშლილივით იკივლა სარამ და ოფლით დაცვარული შუბლი ხელით მოუწმინდა.
ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ადგილზე მივიდოდა, ოლივერმა მეგობარი ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. გაფითრებულმა ვივიენმა თვალები ძლივს გაახილა, სუსტი ხმით უთხრა მადლობაო და ისევ დახუჭა.
-ვივიენ, ცოტაც მოითმინე. ექიმები გზაში არიან. - თავს არ ანებებდა სარა.
ტკივილისგან შეწუხებულ ვივიენს ძალიან უჭირდა მეტყველება, მაგრამ მის საპასუხოდ თავს ძალა დაატანა:
-უფალს თუ ვჭირდები, წინ ვერავინ დაუდგება. გამგზავრება არ მინდა, მაგრამ...
-ასე ნუ ამბობ!- შეაჩერა სარამ.
-სიკვდილის არ მეშინია, არც მას დავუხრი თავს და მამაცურად წავყვები.
-გაჩუმდი, გთხოვ.
ვივიენმა გამშრალი პირი მოკუმა, დიდხნიანი პაუზა გააკეთა და ცოტა ხანში კვლავ გააგრძელა:
-ჩემი დღეების ცხენებივით თქარუნი დასასრულს უახლოვდება. სიკვდილის კარიბჭეს მიუახლოვდნენ და დაიჩოქეს... მინდა, სიცოცხლის ბოლო წამს შევძახო შეჩერდეს, მაგრამ რომელ ძლევამოსილ მოკვდავს შეუჩერებია, რომ ვივიენ კარტერს გამოუვიდეს?
- იბრძოლე! არ დანებდე!
ოთახში კვლავ სიჩუმე ჩამოწვა. გაფერმკრთალებული ვივიენი წყალში ჩაგდებული შაქარყინულის თოჯინასავით თვალსა და ხელს შუა დნებოდა. ბოლოს მაინც მოახერხა და ალუღლუღდა, თუმცა გაბიდნული სიტყვები ბოდვას უფრო წააგავდა:
-თვალწინ ჩემი სოფლის მზესუმზირის ყანა იშლება. ორი თვის ადრიანთან ერთად შავგულა ყვითელ ყვავილებში ვსეირნობ და კრიალა ციდან ჩამომავალ ოქროსფერ მზის სხივებთან ერთად ვეთამაშები. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ხელში მიჭირავს და მის სურნელს ვგრძნობ. რა ტკბილია.
სარამ თავი გააქნია. ღვარად გადმომდინარე ცრემლებმა ლამის გაგუდეს:
-არ გაგიშვებ.
-მზესუმზირებში ყოფნა ყოველთვის მიყვარდა...-ესღა ამოთქვა და მეტი ვეღარ მოახერხა.
ამასობაში ოლივერი ექიმებს შემოუძღვა. სარას გაესაუბრნენ, პაციენტი გასინჯეს და დრო აღარ დაუკარგავთ, საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

***
დრო უსასრულოდ იწელებოდა. საავადმყოფოში მყოფი სარა, ოლივერი და ოპერატორი ძალზედ მძიმე პერიოდს გადიოდნენ.
მედიკოსები ყველაფერს აკეთებდნენ მომაკვდავის სიკვდილისთვის ხელიდან გამოსატაცებლად, მაგრამ ვერაფერს ხდებოდნენ.
ვივიენი მზესუმზირების ყანაში სიარულს აგრძელებდა და უკან აღარ იხედებოდა. ხანდახან ჩერდებოდა, საყვარელი ყვავილებისა და მშობლიური მიწის სურნელს შეიგრძნობდა და მერე ისევ უშიშრად მიაბიჯებდა. ვერაფერი აჩერებდა. ვეღარც სარას ძახილი, ვერც ოლივერის ნერვიულობა და მითუმეტეს, მის მიმართ გაუთქმელი გრძნობებით შეპყრობილი ოპერატორის გული.
ექიმებმა სიკვდილის მიზეზად მიოკარდიუმის ინფარქტი დაასახელეს...
ვივიენ კარტერის მოულოდნელი დაღუპვის ამბავი მედიის მეშვეობით ვირუსივით მოედო ამერიკულ საზოგადოებას. ვრცელდებოდა მისი გადაცემებიდან ამოჭრილი საუკეთესო მომენტებით შეკრული ვიდეო კოლაჟები. პირდაპირ ეთერში იხსენებდნენ კოლეგებიც...

***
დაკრძალვის დღეს უამრავი ადამიანი გამოეთხოვა უკანასკნელი სიტყვებით ვივიენს, მაგრამ სარას გულში ჩამწვდომმა ტექსტმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა:
-მე სარა ჰოროვიჩი ვარ. ვივიენის მეგობარი და კოლეგა. მასზე საუბარი ძალიან მიჭირს. არც არის გასაკვირი, რადგან ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. იგი მოიხსენიეს როგორც კოლეგა, ნათლია, ნათესავი, მაგრამ ბევრმა არაფერი იცის მასზე, როგორც დედაზე და მეგობარზე. წესით, პირველ მათგანზე შვილი უნდა საუბრობდეს, მაგრამ მე ვცვლი, რადგან ის აქ არ არის და სამწუხაროდ, ვერც მოვა. მიზეზი ერთია- ვივიენი დაკარგულ შვილზე უგონოდ შეყვარებული დედა იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღემდე ეძებდა და სიკვდილის სარეცელზე უგონოდ მყოფიც მასზე ბოდავდა.
ერთმანეთი ჩემი ცხოვრების ტრაგედიამ გაგვაცნო. შვილები უსამართლოდ ჩამომართვეს და დედის სტატუსის გარეშე დამტოვეს. ვივიენმა პრობლემა გულთან მიიტანა და გვერდში დამიდგა. მას შემდეგ ერთი წუთითაც არ მომშორებია. მყინვარივით ცივი იყო. ვერ ვიტყვი, რომ გრძნობების გამოხატვა უყვარდა, მაგრამ მისი იმედი ნებისმიერ დროს შეგეძლო, გქონოდა. საქმით ყოველთვის გიმტკიცებდა სიყვარულს.
იმ დღეს, როდესაც სასამართლო დარბაზში ჩემი შვილების დაბრუნების საკითხი წყდებოდა, ის ვერ მოვიდა. ზუსტად ვიცი, რატომ. წინასწარ დაიზღვია თავი. უმძიმესი იქნებოდა იმის მოსმენა, თუკი მოსამართლის მიერ გამოტანილი ახალი განაჩენითაც კვლავ ბავშვების გარეშე დავრჩებოდი.
შვილები დავიბრუნე და ამაში გარკვეული წილი ვივიენს მიუძღვის. რატომღაც მეგონა, დადგებოდა დღე, როცა თავადაც დაიბრუნებდა შვილს და მეც მივულოცავდი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გული მასსავით ძლიერი არ აღმოჩნდა...
მშვიდობით, მეგობარო. არასოდეს დამავიწყდები და ძალიან მომენატრები! “
ოლივერმა საყვარელი ქალი იქაურობას დროებით გაარიდა. სარიტუალო სახლიდან გასულებს კართან ვივიენის ერთგული ოპერატორი დაუხვდათ. თავჩაღუნული იდგა და თვალები მიწისთვის გაეშტერებინა. წყვილი რომ დაინახა, მიუახლოვდა და სარას ჩახლეჩილი ხმით უთხრა:
-ვერ გავუძელი შენს სიტყვებს და გარეთ გამოვედი. როგორ მინდოდა მეც მეთქვა რამე, მაგრამ ისევე ვერ გავბედე, როგორც მისი სიცოცხლის მანძილზე ჩემი სიყვარულის გამომჟღავნება. მიუწვდომელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არც კი ვიცი რას მიპასუხებდა, ამიტომ ეს ფაქტორი მახევინებდა უკან. - აღსარებასავით ნათქვამი გამოუვიდა. ეტყობოდა, გულიდან დიდი ლოდი გადააგორა. შემდეგ ამოიხვნეშა, სარას შეხედა და სიტყვა გააგრძელა:
-ვივიენის დედობის ამბავი ჩემთვის ახალი იყო, არაფერი ვიცოდი. მახსოვს ის დღე, როცა შენ ჰყავდი გადაცემაში სტუმრად მიწვეული. გადაღების დასრულებისთანავე თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახის კარი შეგლიჯა და რეტდასხმულივით შევარდა. იმდენად ცუდად იყო, ფეხზე ძლივს იდგა. დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ არავინ გაიკარა. ახლა ვხვდები, რატომ ჩავარდა ასეთ დღეში.
სარამ და ოლივერმა ვერაფერი უთხრეს, მხოლოდ ნაღვლიანი თვალებით უთანაგრძნობდნენ ფორმაშეცვლილი სიყვარულის ამარა დარჩენილ ჭირისუფალს. ან კი თავადაც სანუგეშებლებს, რითი უნდა ენუგეშებინათ?

***
ვივიენის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში პირადი ადვოკატისგან გაირკვა, რომ უკანასკნელი სურვილის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლის განმავლობაში მარკუს ოზოლას ვერ მოძებნიდა, დაგროვილი ქონების უკანასკნელი ცენტიც კი ობოლთა თავშესაფრებსა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდებს გადაერიცხებოდა.
ასეც მოხდა და პრეტენზია არავის გამოუთქვამს...

***
მეგობრის სიკვდილით შეძრულმა სარამ სამსახურიდან ერთკვირიანი შვებულება აიღო. მთელი დღეების განმავლობაში მოლბერტთან იჯდა, მზესუმზირების ყანას ხატავდა და ამაში პოულობდა შვებას. საღამოობით ოლივერი სასეირნოდ თუ გაიტყუებდა და მძიმე გუნება-განწყობას სიყვარულით უცვლიდა. სახლში შესვლისთანავე იგივე მეორდებოდა -განუწყვეტლივ ესმოდა მომაკვდავი ვივიენის ბოდვა და სიტყვებით დახატული სურათის ზეგავლენის ქვეშ ექცეოდა.
მალე მზის სხივების ქვეშ მდგომი ქალის სილუეტიც გამოსახა, რომელსაც ჩვილი ბავშვი ხელებით მაღლა აეწია და შესცინოდა.
ულამაზესი ნახატი იქმნებოდა. ანას რჩევებს ზედმიწევნით ითვალისწინებდა და გამოფენაზე წარსადგენად ყოველ დღე ხვეწდა.

***
სარას შვებულების დასრულების შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნება ძალიან ერთულებოდა. საბოლოოდ საკუთარ სურვილებს შეეწინააღმდეგა და მისვლა გადაწყვიტა. ლიფტიდან გასვლისთანავე თვალები ვივიენის კაბინეტისკენ გაექცა. ყველაფერი ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო. საზარელი და უკიდეგანო სიცარიელე იყურებოდა. ტანში გასცრა და მაშინვე თავის ოთახისკენ წავიდა. კოსმეტიკური საშუალებები გამოალაგა და სამუშაო განრიგს გადახედა, მაგრამ თავში ერთი სიტყვაც არ შეუვიდა:
-ეშმაკმაც დალახვროს! რა დავაშავე? მეტისმეტად ვისჯები. კმარა! მუდმივი ტანჯვის რეჟიმში ყოფნა უნდა დასრულდეს! - ხელში აღებული ფურცელი უჟმური სახით მიაგდო და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დასაწერად ოთახიდან გავარდა.
გული დასწყდათ, როდესაც სარას გადაწყვეტილების შესახებ მოისმინეს, მაგრამ მის ნებას წინ ვერ აღუდგნენ.
უკანასკნელად გახედა შენობას, რომელთანაც არაერთი კარგი მოგონება აკავშირებდა და წარსულის კიდევ ერთი ფარდა ცხოვრების ამ ეტაპსაც თეატრის სცენაზე დაშვებულივით ჩამოაფარა.

***
ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ სარა დროის უმეტეს ნაწილს ოლივერთან ერთად ატარებდა. თავისუფალმა დრომ საკუთარი თავის სხვა მხრივ შესწავლის სურვილი გაუღვივა. აღმოაჩინა, რომ უყვარდა გირჩების შეგროვება და დეკორატიული მიზნით გამოყენება, ტანგოს ცეკვა, მანქანის ტარება, ტირის თოფიდან სროლა და რბილი სათამაშოების მოგება, გულიანი და ხმამაღალი სიცილი...
მათი ურთიერთობა ყოველ დღე მეტ სიმტკიცესა და სიღრმეს იძენდა. დაინახეს ერთმანეთის დადებითი და უარყოფითი თვისებები, მაგრამ ის უარყოფითიც სწორედ ისევე მიიღეს, როგორც დადებითი. მიაგნეს სიყვარულის ფერს, გემოსა და ფორმას. ისწავლეს საყვარელი ადამიანისთვის ცხოვრება და კიდევ ბევრი რამ, რაზეც სარას და ოლივერის ერთ მთლიანობად გადაქცევამდე წარმოდგენა არ ჰქონდათ. გეგმავდნენ მომავალს, ბიზნესის გაერთიანებას და ცხოვრებას ახალი იმედებით შეჰყურებდნენ.

***
მანჰეტენის შუაგულში არსებული სიუზან ელის ხელოვნების გალერეა ცხრა მხატვარს მასპინძლობდა. სარა უფრო მეტ სტუმარს ელოდებოდა, ვიდრე პირველ გამოფენაზე და ამჯერადაც არანაკლებ ღელავდა. ოთხი ნამუშევარი გამოფინა. მათ შორის იყვნენ ბოლო დროის ნამუშევრები - „ზეციური იდუმალება“ და „ქალი ჩვილით მზესუმზირებში“. ოლივერი და ანა პირველები იყვნენ, რომლებმაც გალერეის გახსნისთანავე გამოჩნდნენ და რიგით მეორე გამოფენა მიულოცეს.
სტუმრები ჯერ კიდევ კანტიკუნტად ირეოდნენ, როდესაც შეკრებილებს ჯეიმსი და მიაც დაემატნენ. სარას ნახატები პირველად ნახეს. აღნიშნეს, რომ არამხოლოდ თანამედროვე ხელწერა და ღრმა შინაარსობლივი მხარეები გააჩნდა, არამედ ფერთა საფეხურეობრივი გადასვლების არაჩვეულებრივი ფლობაც. ყოველივე ეს კი მის მრავალმხრივ განვითარებასა და ნიჭზე მეტყველებდა.
-მადლობა, რომ მოხვედით და ნამუშევრები შემიფასეთ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს,- კმაყოფილებით აღნიშნა სარამ.
-ასეთ საღამოებს ვერ გამოვაკლდები. მთელი ჩემი ოჯახი ხელოვნების დიდი მოტრფიალეა,-მიამ წამოზრდილ მუცელზე დაისვა ხელი,- სხვათაშორის, ცოტა ხანში ჩემი და და მისი ახალი შეყვარებულიც შემოგვიერთდებიან. ახლახან ველაპარაკე და სადღაც აქ, ახლომახლო უნდა იყვნენ. ერთმანეთი ჰიპსტერების* ჯგუფში გაიცნეს. გეცოდინება ალბათ, ეს სუბკულტურა ხელოვნებას ძალიან აფასებს.
-დიახ, გამიგია.
-საიდუმლოდ უნდა გითხრა, ჩემი და ყურებამდეა შეყვარებული იმ ბიჭზე. მე და ჯეიმსმა დღეს უნდა გავიცნოთ. წარმოგიდგენია? ის ვეგეტარიანელია, ჩემი და - ვეგანი. ლამის მთელი დღე დამჭირდა ოთხივე ჩვენგანისთვის შესაფერისი რესტორანი მომეძებნა. ფასებს რომ თავი დავანებოთ...
-მოდიან. იქნებ გაჩუმდე,- იდაყვი მიჰკრა სიტყვად გადაქცეულ მიას ჯეიმსმა.
ახალგაზრდებმა განსხვავებული გარეგნული იმიჯით მაშინვე მიიქციეს იქ მყოფების ყურადღება. სარას გაეცნენ და ნახატების დათვალიერება მისი ნამუშევრებით დაიწყეს.
-მზესუმზირებს ჰყიდით?- ბევრი არც უფიქრია ახალგაზრდა მამაკაცს, ნახატის ყიდვის სურვილი გამოთქვა.
-არცერთი ნამუშევარი არ იყიდება,- მორიდებული ტონით მიუგო სარამ.
-სამწუხაროა, ჩემი ბინის ინტერიერს ყვითელი ფერი ძალიან მოუხდებოდა.-გულდაწყვეტილმა ხელი გრძელ წვერზე დაისვა და კვლავ ნახატს მიაპყრო თვალი.
-მოდი, სხვა მხატვრების შემოქმედებასაც გავეცნოთ. შეიძლება იქიდან აარჩიო რამე,- წინადადება წამოაყენა მიას დამ.
-ამ ნამუშევარს იმაზე დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მზისკენ მომზირალი ყვითელი მზესუმზირები და ქალი ჩვილი ბავშვით, რომელიც სწორედ ისე იქცევა, როგორც თავაწეული მზესუმზირები, ძალიან სიმბოლურია.
-მართლა? მაინც რის სიმბოლოს ხედავთ ამ ნამუშევარში?- ჩაეძია სარა.
-მზე, ქალი ახალი სიცოცხლით ხელში და ყვითელი ფერი სხვა რა უნდა იყოს, თუ არა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის არსებობა და გამუდმებული წრებრუნვა?
-და თუ აქედან ერთ-ერთი ცოცხალი აღარ არის?
-მაშინ ავტორს კიდევ უფრო დაუტვირთავს ეს ნამუშევარი. სიკვდილისა და სიცოცხლის წრებრუნვა აუსახავს. ქალი ნაცრისფერში ამიტომ შემოსეთ? ჰო, რა თქმა უნდა, როგორ ვერ მივხვდი. ჩათვალეთ, კიდევ უფრო მომაწონეთ,- მწვანე თვალები და თეთრი კბილები შეანათა ახალგაზრდამ.
-მე კი შენნაირი დამთვალიერებელი მომწონს. ვისაც ჩემს მსგავსად ფერებით შეუძლია სამყაროზე ფილოსოფიური ფიქრი.
-ამ სიტყვებს შევიფერებ და დიდად მადლიერი დაგრჩებით, თუ მსგავსს მაინც დამიხატავთ.
სარას გაეცინა:
-ადამიანის დაყოლიების შესანიშნავი ტაქტიკა გქონია.
-შევთანხმდით?
-რა მითხარი? მარკუსი მქვიაო, არა?
-დიახ.
-კარგი, მარკუს. ვერ შეგპირდები, მაგრამ აუცილებლად დავფიქრდები.
-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. თუ ოდესმე ინდი-როკის მოსმენას მოისურვებთ, ამ ბარში მიხილავთ. ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ,- თეთრი ბარათი გადასცა მამაკაცმა.
-შებმის ტაქტიკა გრძელდება. მოდი და ამნაირ კლიენტს კერძო შეკვეთის მიღებაზე უარი უთხარი,-ხითხითი დაიწყო ჯეიმსმა.
-მადლობის მეტი არაფერი მეთქმის,- ესიამოვნა სარას.
-მარკუს, სხვების შემოქმედებასაც გავეცნოთ,- გაუმეორა მიას დამ და დანარჩენი ნახატების დასათვალიერებლად გაიყვანა.
-ნამეტანი კარგი ვიღაცაა,- გახალისებულმა სარამ ბარათს დახედა და სიცილი პირზე შეახმა.
ყინულივით დავლილმა ცივმა ჟრუანტელმა ყველაფერი გაუქვავა სხეულში და წამით შებარბაცდა, მაგრამ გონს მალევე მოეგო და კედელს მიეყრდნო.
-სარა, კარგად ხარ?- ხელი წაატანეს ოლივერმა და ანამ.
-მარკუს ოზოლა! მარკუს ოზოლა!- აკანკალებულმა ორჯერ წარმოთქვა და ბარათი გაუწოდა.
ანა ვერაფერს მიხვდა, სამაგიეროდ მიამ იტაცა პირზე ხელი და დასთან ერთად ნახატების თვალიერებაში გართულ მარკუსს გახედა:
-შეუძლებელია!
სახე შეეცვალა ოლივერს და ჯეიმსსაც.
-მწვანე თვალები აქვს. ისეთი, როგორც ვივიენს ჰქონდა,- ამოილუღლუღა სარამ.
-ის, რომ სახელი, გვარი და თვალის ფერი დაემთხვა, არაფერს ცვლის. უამრავი მარკუს ოზოლა შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში,- სიტუაციის განეიტრალება დაიწყო ოლივერმა.
-ეგ არის! რომელიმე თქვენგანმა იცოდით, რომ ვივიენის შვილს ცერა თითზე დიდი ფორმის ხალი ჰქონდა?
უარის ნიშნად ყველამ თავი გააქნია.
-ბარათს როცა მაძლევდა, შევნიშნე. ამდენი დამთხვევა შეუძლებელია. მისი ასაკიც გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ გალერეაში ჩვენს წინ მშვიდად მოსეირნე მარკუს ოზოლა და ვივიენის ადრიანი ერთი და იგივე პიროვნებაა.
-რას არ გავიღებდი, რომ ეს გაუგებრობა თავიდან ამეცილებინა,- ფერი დაკარგა მიამ.
-ახლა კარგად მომისმინეთ! ასე ხელაღებით და დაუდასტურებელი ფაქტებით ამ ახალგაზრდას ვერაფერს ვეტყვით. ჩემი აზრით, სანამ ბოლომდე კარგად არ დავადგენთ, ზედმეტი არაფერი უნდა წამოგვცდეს,-თქვა ჯეიმსმა.
-ჰო, რა თქმა უნდა,- დაეთანხმა ოლივერიც.
სარა ახალგაზრდებისკენ წავიდა, მაგრამ ოლივერი წინ გადაუდგა:
-რა ჩაიფიქრე?
-მინდა, უკეთესად გავიცნო.
-თავი დაანებე!
-რატომ?
-შეიძლება ისეთი რამ წამოგცდეს, რაც საჭირო არ არის.
-საუბარს მასწავლი?
-არ გასწავლი, მაგრამ როდესაც ადამიანი რაღაცას განიცდის, გონებას ფილტრაციის უნარი უჭირს. სწორედ ასე დაგემართა ვივიენის დაკრძალვის დღეს და მისი საიდუმლო გაამხილე.
-არაფერი დამიშავებია. ხალხს შვილზე უზომოდ შეყვარებულ დედად გავაცანი.
-შენ იგი გათქვი! მართალია ბოროტი განზრახვა არ გქონია, მაგრამ საიდუმლო, საიდუმლოა!
-არ ვთვლი, რომ რამე დავაშავე.
-მე ვთვლი და მეორე შეცდომის დაშვების უფლებას აღარ მოგცემ!
-შენ არ გაქვს უფლება, რამე მიბრძანო!
-ატყობ, რომ ვჩხუბობთ? და რისთვის? წესიერად ისიც არ ვიცით, ეს ბიჭი ვივიენის შვილია თუ არა.
სარა შეეცადა დამშვიდებულიყო, მაგრამ შინაგანი არეულობა სახეზე მაინც თავისებურ კვალს ტოვებდა.
მალე მარკუსმა და მიას დამ ნახატების დათვალიერება დაასრულეს და გალერეადან გავიდნენ. მიამ და ჯეიმსმა სარას ბოდიში მოუხადეს, რომ მეტი ხნით ვეღარ დარჩებოდნენ და მათ გაჰყვნენ.
-შეიძლება, სახლში წავიდე?- სარამ სასოწარკვეთილებით ჰკითხა ანას.
-ძალიან მესმის შენი, მაგრამ არა!- მოკლედ უთხრა და ანიშნა, მასთან მისული დამთვალიერებლებისთვის გაეღიმა.
სტიქიასავით მოვარდნილი მწუხარება მთელი საღამოს განმავლობაში ფანდით დაწნულმა ხალისმა გადაფარა. ეს იმის მსგავსი იყო, როგორც ცეცხლგამძლე კედლებში აბრიალებული ხანძრის დამალვა, მაგრამ რაც მთავარი იყო, ღიმილს არ იშურებდა... ხელოვანი ქალბატონი ხელოვნების ნიმუშებთან თავს იწონებდა და ადამიანებს ხელოვნურად იმას აწვდიდა, რასაც მისგან ელოდებოდნენ...

***
სარას ეჭვები გამართლდა. იმ საღამოსვე გაირკვა, რომ მარკუსის მშობლები ლატვიიდან იყვნენ და სწორედ იმ წელს ჩამოვიდნენ მასთან ერთად ამერიკაში, რა ინფორმაციაც თავის დროზე ვივიენს გააჩნდა.
საგონებელში ჩავარდნილი მეგობრები მაგიდის გარშემო ისხდნენ და ვერაფერი გადაეწყვიტათ.
-რა ვქნათ?- მია ნერვიულად აწკაპუნებდა გრძელ ფრჩხილებს მაგიდაზე.
-მე ვფიქრობ, სიმართლე უნდა გამოაშკარავდეს!- მყარ აზრზე იდგა სარა.
-უმჯობესია, თუ მარკუსი საერთოდ ვერაფერს გაიგებს,-რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ოლივერს.
-გადაირიე? ხვდები, რას ამბობ?- გაწიწმატდა სარა.
-ჩვენ არ ვიცით, როგორი რეაქცია ექნება, როდესაც ვეტყვით, რომ მისი მშობლები სინამდვილეში მხოლოდ გამზრდელები არიან და არანაირი ბიოლოგიური კავშირი არ აქვთ მასთან. ძალიან არ მინდა, ვიღაცას ცხოვრება ავურიო, მითუმეტეს მაშინ, როცა ვივიენი ცოცხალი აღარ არის და შვილის კითხვებს პასუხებს ვეღარ გასცემს.
-იქნებ სიმართლე იცის კიდეც და თავადაც ეძებს დედამისს?- ვარაუდი გამოთქვა ჯეიმსმა.
-ამიტომ უნდა ვუთხრათ ვინ არის დედამისი. მას აქვს უფლება, იცოდეს ვივიენ კარტერის შესახებ და ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის სულიც იმსახურებს იმას, რომ თავისმა შვილმა მისით იამაყოს,- ისევ არ ცვლიდა აზრს სარა.
-ასე იოლად ნუ უყურებ ამ ამბავს. საკმაოდ დელიკატური საქმეა. ადამიანი სათამაშო არ არის, ისე მოექცე, როგორც გაგიხარდება,- კიდევ ერთხელ სცადა მისი გადარწმუნება ოლივერმა.
-რატომ მიშლი ხელს, ოლივერ?
-აგიხსენი, რატომაც.
-მაშინ რა არის გამოსავალი?
-ამ ეტაპზე სიჩუმე. მარკუსი უკეთესად უნდა გავიცნოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
-მე ჩემს დასაც ვერ ვეტყვი სიმართლეს. არ მაქვს იმედი, რომ ენას კბილს დააჭერს. არც მე მინდა, იმ ბიჭს ცხოვრება ავუწეწო,-მიაც ოლივერს ემხრობოდა.
ჯეიმსმა თავი დაუქნია, გადაწყვეტილება მოუწონა მეუღლეს.
-გამოდის, რომ მხოლოდ მე ვარ განსხვავებულ აზრზე. განზე მდგომივით დამტოვეთ.- ხელები გაშალა სარამ და სკამიდან წამოხტა.
-ნუ ცხარობ! დაჯექი და დაგვეხმარე, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება მივიღოთ,- უსაყვედურა ოლივერმა.
-სამი ერთის წინააღმდეგ. რაღაა აქ სამსჯელო? დარჩეს ისე, როგორც უმრავლესობას სურს.- გაბუტული ტუჩები გამობურცა და თავი შეიკავა, რომელიმე მათგანისთვის არ ეწყენინებინა.

***
სარას განსხვავებულმა აზრმა ვერ გაიმარჯვა, თუმცა როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩა და ყველაფერი გააანალიზა, ცოტათი გაუგო ოლივერს, მიას და ჯეიმსსაც.
იმ დღის შემდეგ რამდენჯერაც მარკუს ოზოლა გაახსენდებოდა, შოლტივით ურტყამდა უსამართლობის შეგრძნება. ბევრჯერ დააპირა მასთან პირისპირ შეხვედრა. სასაუბრო სიტყვებიც დიდი სიფრთხილით შეარჩია, მაგრამ როგორც კი ოლივერისთვის მიცემული პირობა ახსენდებოდა, რყევას იწყებდა. მოთმინების ბოლო წერტილსაც რომ მიუახლოვდა, კედელზე დაკიდებული „ქალი ჩვილით მზესუმზირებში“ ჩამოხსნა, მარკუსს დაუკავშირდა და მასთან შესახვედრად გაეშურა.
მარკუსი სტუდიოს ტიპის პატარა ბინაში ცხოვრობდა. გემოვნებით მოწყობილი ვინტაჟური ელემენტებით გაზავებული თანამედროვე სტილის ოთახები სიმყუდროვისა და სიძველის შეგრძნებას ბადებდნენ. კუთხეში მიწყობილი მუსიკალური ინსტრუმენტების სიუხვე მათი მფლობელის მუსიკასთან მჭიდრო კავშირზე მიანიშნებდა.
ბიჭმა ნახატს დახედა და სახტად დარჩა:
-ეს ის არის, რაც გალერეის კედელზე ეკიდა?
-დიახ, ორიგინალი გახლავს. შენ ერთადერთი ხარ, რომლისთვისაც ჩემი ნახატი გავიმეტე და არ ვნანობ.
-რით დავიმსახურე ასეთი პატივი?
-განსაკუთრებული არაფერი ჩაგიდენია. უბრალოდ ვფიქრობ, ამ ნახატის ადგილი სწორედ შენს ბინაშია.
-რამდენი უნდა გადაგიხადოთ? იმედი მაქვს, ძვირი არ ეღირება.
-შენთვის უფასოა.
-უკვე ძალიან მაოცებთ. რა თქმა უნდა, საჩუქარი კარგია, მაგრამ მე თქვენთვის არავინ ვარ.
-ცდები!
-ჰო?
-შენ... შენ ჩემს შემოქმედებას იმდენად ღრმად ჩაწვდი, ასე ორიგინალურად მეც ვერ ვისაუბრებდი,- ნაძალადევი ტყუილი წამოროშა.
-სიმართლე გითხრათ, ეს მიზეზი მაინც მეცოტავება ასეთი ნამუშევრის უსასყიდლოდ მიღებისთვის.
-ჩათვალე, ჩემი მხრიდან შენდამი კეთილი ნების გამოხატვაა.
-კი ბატონო, ასე იყოს. მადლობელი ვარ.
-არაფრის. სულ ეს იყო, რატომაც მოვედი. წავალ, მეტ დროს აღარ წაგართმევ,- საუბრის გაგრძელება გაუჭირდა სარას.
-როგორ გეკადრებათ?
-არ გინდა ფორმალური საუბარი. ვერ ვიტან.
- დავიმახსოვრებ.
-დროებით,-წესიერად ვერ დაემშვიდობა, შურდულივით გავარდა სადარბაზოში და გული ამოუჯდა: -უკანასკნელი მოგონება, რაც შენთან მაკავშირებდა, შენს შვილთან დავტოვე, ვივიენ. მაპატიე, რომ სიმართლე ვერ ვთქვი. უნდა გამიგო. დანარჩენების მსგავსად, ვერც მე გავიმეტე ნერვიულობისთვის,- ძლივს წარმოთქვა და სლუკუნს უმატა.

****
მოსამართლის მიერ სასამართლოდან გადაგზავნილმა ოფიციალურმა წერილმა სარას ცხოვრება ასოთხმოცი გრადუსით შემოაბრუნა. უკვე ოფიციალურად შეეძლო შვილებთან შეხვედრა, მათზე ზრუნვა და თანაცხოვრება.
ბავშვებთან შესახვედრად ოლივერმა წაიყვანა. როგორც კი ავტომობილი უილიამსბურგში შევიდა, ქუჩებში მოფენილი გრძელწვერა, შავპლაშიანი და შლიაპებიანი მამაკაცები გამოჩნდნენ. ალაგ-ალაგ ფეხით მოსიარულე მრავალშვილიანი და მკაცრი გარეგნული იმიჯიანი დედებიც შეიმჩნეოდნენ. არაფერი შეცვლილიყო, ცხოვრება იგივე რიტმით, ყოველდღიურობითა და ფერებით გრძელდებოდა...
-ამ სახლთან გამიჩერე!- ნეითანის სახლზე მიანიშნა სარამ და ღრმად ამოისუნთქა.
-წამოგყვები!- ოლივერმა ძრავა გამორთო და მანქანიდან გადასასვლელად მოემზადა.
-არა, დარჩი!- მტკიცედ უთხრა და მანქანის კარი გააღო.
-დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი წამოყოლა არ გინდა?
-აბსოლუტურად!
-კარგი, რა გაეწყობა? თუ რამეა, აქ ვარ.
ქალი მხრებში გაიმართა და სახლისკენ წავიდა. კარი ბავშვებით გარშემორტყმულმა ნეითანმა გაუღო და მიესალმა.
-დედიკო!- შესძახა სახეგაბრწყინებულმა ესთერმა და მკლავები ფეხებზე შემოაჭდო.
იაკობიც ცქმუტავდა, მასაც უნდოდა დედას ჩახუტებოდა და ორივეს ერთად გარს უვლიდა.
-შენც მოდი, ჩემო პატარავ!- სარა სიხარულისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდა და ბავშვივით ატირდა.
საკმაოდ მძიმე საყურებელი გამოდგა ნეითანისთვის დედა-შვილების შეხვედრა და თვალს არიდებდა.
ქალი ბავშვებს ვეღარ სცილდებოდა, მთელი ძალით ეკვროდა, თითქოს ვიღაც კიდევ უპირებდა წართმევას...
-როგორც მოვილაპარაკეთ, ოთხ დღეში ისევ შენთან დაბრუნდებიან,-ცრემლიანი თვალებით ახედა სარამ ყოფილ მეუღლეს.
-დიახ.
-მათ მამა ჰასიდი ჰყავთ და როგორც მე, ისინიც ჰასიდთა თემში დაიბადნენ. არ იფიქრო, რომ ჩემი მხრიდან ზედმეტ სიტყვას გაიგონებენ, რომელიც რაიმე ნიშნით წარმოდგენებს შეუცვლის მათზე.
-მჯერა.
-წავიდეთ, შვილებო,- ქალმა ხელი ჩაკიდა ბავშვებს.
ნეითანი კარში გასულებს დაეწია:
-სარა!
-გისმენ, ნეითან,- უკან მიიხედა ქალმა.
-წარმატებებს გისურვებ! შენს ადგილას ვერასოდეს გავრისკავდი ამდენს! -მამაკაცის ხმაში სევდა იგრძნობოდა.
-როდესაც ირღვევა დუმილი, მაშინ იწყება მიზნებისკენ მიმავალი ხმაური!- თავდაჯერებულად უპასუხა და მეც იგივეს გისურვებო - მიაყოლა.
-შენი გამარჯვების საიდუმლო მხოლოდ სიჩუმის რღვევა არ ყოფილა.
სარამ მრავლისმეტყველი მზერა შეავლო და სიტყვის გაგრძელებას დაელოდა.
-შენი სიძლიერის უმეტესი ნაწილი დედა-შვილურ კავშირში იმალება!
-შესაძლოა, ასეც იყოს,- ამაყად მიუგო და შვილებთან ერთად გარეთ გავიდა.
უყურებდა ოლივერი ათმაგად ლამაზ, ორ მოკუნტრუშე ბავშვთან მომავალ, ბედნიერ ქალს და პირზე ღიმილი უთამაშებდა.

***
წარმტაცი და ყოვლისმკურნალი იყო „მაგედარი“. აღდგენილ ურთიერთობას სიამტკბილობის მტვერს აფრქვევდა...


დასასრული



Este superb!- უმშვენიერესია! (რუმინულად)
კოკოში- ჰასიდური რეცეპტით დამზადებული ნამცხვარი
მენორა-სასანთლე
ლეხაიმი - სადღეგრძელო
ბალდახინი -ბოძებზე დამაგრებული მდიდრულად მორთული ქსოვილის ჩარდახი
ქეთუბა- საქორწინო ხელშეკრულება
იეშივა -ორთოდოქსი ებრაელების სასწავლებელი დაწესებულება
რაბი, რაბინი, რებე-იუდაურ რელიგიაში ღვთის მსახური, მასწავლებელი, მოძღვარი
შაიტელი- პარიკი
თალმუდი- რაბინების მიერ შედგენილი მოძღვრების კრებული
მიკვა- წყლით სავსე პატარა აუზი, რომელშიც გათხოვილი ებრაელი ქალები განწმენდის მიზნით, მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან მეშვიდე დღეს ჩადიან.
თორა- ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელი
კარატეკა- ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს კარატეში
კოკოი- ყველაზე შხამიანი ბაყაყი
Finita la commedia!- (იდიომა) დასრულდა პარპაში, წარმოდგენა
ხალა- დაწნული ფორმის პური, რომელსაც ებრაელები სპეციალურად შაბათისთვის აცხობენ
ბეკიშე- აბრეშუმის გრძელი პალტო, რომელსაც ჰასიდი ებრაელები შაბათს, ქორწილებზე, დღესასწაულებზე და ბარ მიცვის დროს იცვამენ.
პასექი- ერთ-ერთი დღესასწაული იმ სამიდან, რომელიც ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან
მაცა- უფუარი პურის ხმიადი
Pidyon Haben -ახალდაბადებული ჩვილი ბიჭის სიწმინდისგან გამოსყიდვა ვერცხლის მონეტებით
როშ ჰაშანა -ებრაული ახალი წელი
ქამანდი- გრძელი და სქელი თოკი
ასტორია- ქუინსის ერთ-ერთი უბანი ნიუ-იორკში
ჰიპსტერი- ოცდამეერთე საუკუნის სუბკულტურის წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს, გაასწროს მის გარშემო არსებულ რეალობას და იქმნის განსხვავებულ იმიჯს.



№1  offline წევრი beshqen

როგორ შემოცოდა ვივიენი,ისე მოკვდა,ვერ ეღირსა შვილის ნახვას,რა უსამართლობაა,..ჩემი აზრით,მაინც უნდა ეთქვა ბოლოს სარას ვივიენზე სიმართლე,დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა..თუმცა ვინ იცის, რა იქნებოდა სწორი..მე დამაკლდა ვივიენი, ძალიან..დასრულდა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ისტორია,მადლობა ავტორს ამ ემოციებისთვის

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

beshqen
როგორ შემოცოდა ვივიენი,ისე მოკვდა,ვერ ეღირსა შვილის ნახვას,რა უსამართლობაა,..ჩემი აზრით,მაინც უნდა ეთქვა ბოლოს სარას ვივიენზე სიმართლე,დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა..თუმცა ვინ იცის, რა იქნებოდა სწორი..მე დამაკლდა ვივიენი, ძალიან..დასრულდა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ისტორია,მადლობა ავტორს ამ ემოციებისთვის

მადლობა შენ, რომ წაიკითხე და შთაბეჭდილება დამიტოვე.
ვივიენი ყოველთვის დარჩება იმ ერსონაჟად, რომლითაც ავტორი მუდამ იამაყებს, რომ შექმნა ❤️
მარკუსისთვის სიმართლის გამხელა იმდენად დიდი ტრავმა შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ ვერ გაბედეს და ისევ ახალგაზრდას გაუფრთხილდნენ. ამ ეტაპზე ასე აჯობებდა...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

რა კარგი იყო ქეთო საოცრება ხარ.. მართალია გული დამწყდა ძალიან ვივიეზე მაგრამ რას ვიზამთ ზოგჯერ ესეც ხდება.რაც შეეხება სარას აზრს, რომ უნდა ეთქვა მარკუსისთვის დედის შესახებ ვფიქრობ არ უნდა ეთქვა და სწორადაც მოიქცა.ერთის მხრივ მარკუსს უფლება ქონდა ცოდნოდა ვივიენზე, მაგრამ არა სარასგან.პირადად ვივიენისგან უნდა გაეგო,სამწუხაროდ ვივიენი დაიღუპა.მარკუსს თავის ცხოვრება აქვს და არავის ქონდა უფლება ეთქვა ნამდვილ დედაზე ვივიენის გარდა.რაც შეეხება სარას და ოლივერს როგორ კატა-თაგვივით ჩხუბობენ მაგრამ საყვარლები არიან და რაც მთავარია ერთმანეთის სულის არიან.სარა არის ქალი რომელიც უბრალო ჰასიდი ქალის ცხოვრებიდან გამოვიდა და გადაიქცა ძლიერ,ჩამოყალიბებულ და მებრძოლ ქალად...რაშიც ვივიენს ლომის წვლილი მიუძღვის.ვივიენი? არ ვიცი როგორ ვთქვა..ვივიენი უბრალოდ იყო ძლიერი ქალი რომელმაც გამოიარა ბევრი ტანჯვა ცხოვრებაში და ეს არავისთვის უგრძნობინებია..ყველასთვის იყო რკინის ლედი მაგრამ მხოლოდ სარამ გაიგო რაც ხდებკდა მის გულში და მისი სულის მესაიდუმლე გახდა. ისტორია იყო ძალიან ემოციური და იყო ისეთი ელემენტები რომლებზეც დაგაფიქრებს თავისთავად..რაც შეეხება იდიოტ ნეითანს მისაღები მიიღო და მაგრა გამისწორდა რო მოჯდა. ქეთოო უნდა წერო შენ სულ,სულ.. მიყვარხააარ ძალიაან

 


№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ნინო
რა კარგი იყო ქეთო საოცრება ხარ.. მართალია გული დამწყდა ძალიან ვივიეზე მაგრამ რას ვიზამთ ზოგჯერ ესეც ხდება.რაც შეეხება სარას აზრს, რომ უნდა ეთქვა მარკუსისთვის დედის შესახებ ვფიქრობ არ უნდა ეთქვა და სწორადაც მოიქცა.ერთის მხრივ მარკუსს უფლება ქონდა ცოდნოდა ვივიენზე, მაგრამ არა სარასგან.პირადად ვივიენისგან უნდა გაეგო,სამწუხაროდ ვივიენი დაიღუპა.მარკუსს თავის ცხოვრება აქვს და არავის ქონდა უფლება ეთქვა ნამდვილ დედაზე ვივიენის გარდა.რაც შეეხება სარას და ოლივერს როგორ კატა-თაგვივით ჩხუბობენ მაგრამ საყვარლები არიან და რაც მთავარია ერთმანეთის სულის არიან.სარა არის ქალი რომელიც უბრალო ჰასიდი ქალის ცხოვრებიდან გამოვიდა და გადაიქცა ძლიერ,ჩამოყალიბებულ და მებრძოლ ქალად...რაშიც ვივიენს ლომის წვლილი მიუძღვის.ვივიენი? არ ვიცი როგორ ვთქვა..ვივიენი უბრალოდ იყო ძლიერი ქალი რომელმაც გამოიარა ბევრი ტანჯვა ცხოვრებაში და ეს არავისთვის უგრძნობინებია..ყველასთვის იყო რკინის ლედი მაგრამ მხოლოდ სარამ გაიგო რაც ხდებკდა მის გულში და მისი სულის მესაიდუმლე გახდა. ისტორია იყო ძალიან ემოციური და იყო ისეთი ელემენტები რომლებზეც დაგაფიქრებს თავისთავად..რაც შეეხება იდიოტ ნეითანს მისაღები მიიღო და მაგრა გამისწორდა რო მოჯდა. ქეთოო უნდა წერო შენ სულ,სულ.. მიყვარხააარ ძალიაან

რა ვთქვა? არ ვიცი...
მადლობელი ვარ, რომ ასე შეიყვარე თითოეული პერსონაჟი ❤️
მუდამ გქონდა შენი მოსაზრებები წამოჭრილ საკითხებზე და ყოველთვის საინტერესო იყო დაფიქსირებული კომენტარების კითხვა.
უზომოდ ბედნიერი ვარ შემაჯამებელი შეფასებისთვის და მიხარია, თუ ასეთი ემოციები გამოიწვია შენში.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

დამენანა დასასრული.ვივიენი მართლა შემეცოდა,უუუჰ გული დამეწვა,ისტორია საოცარია თავისი სიუჟეტით.მომეწონა სარას და ოლივერის ურთიერთგაგება და სიყვარულოს ყველა ემოცია ,რომ გაიგეს და თავისი სახელი დაარქვეს,ნუ სარა საოცარი ქალია,ძლიერი და სამართლოანი,მყარი მეგობარი.ძალიან კარგი იყო.ქეთი ძლიერი ადამიანი ხარ.საუკეთესო მწერალი,შენი მუზები სულ მზადყოფმაში არიან,შედევრების შესაქმნელად.საოცარი ხარ ასოთა ბმაში ,რომლებიც ჯადოსნურ სიტყვებს ქმნიან.,ჟრუანტელამდე ხარ ჩემს გრძნობებში და ემოციებში,დიდხანს იყავი ძვირფასო,რომ შენი ნამწარმოებებით მუდამ აბედნიერო,შენი მკითხველი,მათ შორის მეც.ალბად სიყვარულის და სიხარულოს ფეიერვერკებს შექმნის სარა,თავის შვილებთან ერთად.მიხარია.

 


№6  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი nancho
დამენანა დასასრული.ვივიენი მართლა შემეცოდა,უუუჰ გული დამეწვა,ისტორია საოცარია თავისი სიუჟეტით.მომეწონა სარას და ოლივერის ურთიერთგაგება და სიყვარულოს ყველა ემოცია ,რომ გაიგეს და თავისი სახელი დაარქვეს,ნუ სარა საოცარი ქალია,ძლიერი და სამართლოანი,მყარი მეგობარი.ძალიან კარგი იყო.ქეთი ძლიერი ადამიანი ხარ.საუკეთესო მწერალი,შენი მუზები სულ მზადყოფმაში არიან,შედევრების შესაქმნელად.საოცარი ხარ ასოთა ბმაში ,რომლებიც ჯადოსნურ სიტყვებს ქმნიან.,ჟრუანტელამდე ხარ ჩემს გრძნობებში და ემოციებში,დიდხანს იყავი ძვირფასო,რომ შენი ნამწარმოებებით მუდამ აბედნიერო,შენი მკითხველი,მათ შორის მეც.ალბად სიყვარულის და სიხარულოს ფეიერვერკებს შექმნის სარა,თავის შვილებთან ერთად.მიხარია.

ნანჩო, მუდამ გულს მითბობენ შენი სიტყვები. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა მკითხველი კმაყოფილია და ასე მოსწონს ნაწარმოები. მიხარია, რომ ასე ღრმად ჩაწვდი ჩემს ისტორიას და სიტყვების ბმას, რომლებიც ზოგჯერ რაღაც კიდევ დიდს ეფარებოდა და მკითხველს ფიქრებად აქცევდნენ.
ჰო, იყო ძლიერი ემოციური მომენტები და როგორც ცხოვრებისგან გამორიყულ უსამართლობას ვეგუებით ადამიანები, აქაც მოგვიწია რაღაცების შეგუებამ, მაგრამ ავიდა მწვერვალზე ქარაფებზე მოსიარულე და მოტანილი სევდა ბოლოს სიხარულით გადაგვიფარა.
მიხარია, რომ ამდენი ხნის შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა.
მადლობა ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7 სტუმარი ციცინო დეიდა

ღმერთო!!! სიტყვებს ვეღარ ვპოულობ...ეს რა საოცრება იყო... ძალიან, ძალიან კარგია!!! დიდი მადლობა ავტორს! რამდენი რამის სწავლა შეიძლება... ყოჩაღ! არაჩვეულებრივი დასასრული იყო...

 


№8  offline ახალბედა მწერალი K. I.

ციცინო დეიდა
ღმერთო!!! სიტყვებს ვეღარ ვპოულობ...ეს რა საოცრება იყო... ძალიან, ძალიან კარგია!!! დიდი მადლობა ავტორს! რამდენი რამის სწავლა შეიძლება... ყოჩაღ! არაჩვეულებრივი დასასრული იყო...

უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, როცა მკითხველისგან ასეთ გამოხმაურებას ვიღებ.
მადლობა თქვენ , რომ ეს უზარმაზარი ნაწარმოები წაიკითხეთ ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9 სტუმარი თმთ

აი ხო ვიცოდიიიი... უბრალოდ ვივიენის სიკვდილმა ძალიან დამწყვიტა გული... ყველაფერს ველოდი და ამას არა. მაინც სარამ იპოვნა, მაგრამ უნდა გაემხილა. ისეთი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს ვერ გადმოგცემთ. კიდევ ერთხელ მოხიბლული ვარ შენით და მადლობა ამ ნაწარმოებისთვის ბოლომდე პერსონაჟებთან ვიყავი . სარა ჩემი სასწაულია თავის ესთერი და იაკობით ????????

 


№10  offline ახალბედა მწერალი K. I.

თმთ
აი ხო ვიცოდიიიი... უბრალოდ ვივიენის სიკვდილმა ძალიან დამწყვიტა გული... ყველაფერს ველოდი და ამას არა. მაინც სარამ იპოვნა, მაგრამ უნდა გაემხილა. ისეთი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს ვერ გადმოგცემთ. კიდევ ერთხელ მოხიბლული ვარ შენით და მადლობა ამ ნაწარმოებისთვის ბოლომდე პერსონაჟებთან ვიყავი . სარა ჩემი სასწაულია თავის ესთერი და იაკობით ????????

კი, მახსოვს, როცა ამას მიწერდი ერთ-ერთი თავის ქვეშ :)))
ჰო, დასასრული ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა მკითხველისთვის. ვატყობ, ვივიენი თითქმის ყველამ შეიყვარა ... ❤️
საიდუმლოს გამხელით არავინ იცის რას მოიგებდნენ ან დააშავებდნენ, ამიტომ მარკუსის ფსიქიკას და ცხოვრებას მოუფრთხილდნენ და ვფიქრობ, ესეც დიდებული საქციელია ❤️
მიხარია, რომ პერსონაჟები მთელი თავისი სიუჟეტებით ასე ახლოს მოვიდნენ შენამდე.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№11 სტუმარი Qeti qimucadze

me axla cavikitxe qetu. hoici shenintiteuli frazis gulshemqtkivari varr. es iyo qalos nebisyofis. mizanscrafulobosa da gambedaobis apoteozi chemtviss. asetuise aqdec carmodgena mqonda hasidebis cxovrebaze. da zalian rtulia uari tqva mat ces chveulebebze. mitumetes qalmaa. sara imsaxurebda sauketesess. neitanma scorad agnishnaa. aravis religias ar vayemwb shwuracwobas. magram amitom gavchnod rom vicxovrot. nabiji avucyot tanamedroveobas da realizacia movaxsinot nichierebiss. magram mtavari motxovnaa davrchet adamianebadd. saram es daxuruli sivrcis garetac moaxdinaa. guli damwyda vivienis gamo. magram ratomgac gamartlebuli nabiji mgonia misi sikvdilo da markusis gamochenaa. rviechve gamofenaze suratis axsnisas rom is markusi iqnebodaa. vivieni uzlieresi pirovneba iyoo. aubiwqturi azrit.markusi imsaxurebs aimqrtles. ogond ea misma gamzedelmashobkebma unda gaaketon. saras saqcieli disaulovani iyoo. qetu zalian magari gogo xarrr. bednier shoba axalcleba gisurvebbbb

 


№12  offline ახალბედა მწერალი K. I.

Qeti qimucadze
me axla cavikitxe qetu. hoici shenintiteuli frazis gulshemqtkivari varr. es iyo qalos nebisyofis. mizanscrafulobosa da gambedaobis apoteozi chemtviss. asetuise aqdec carmodgena mqonda hasidebis cxovrebaze. da zalian rtulia uari tqva mat ces chveulebebze. mitumetes qalmaa. sara imsaxurebda sauketesess. neitanma scorad agnishnaa. aravis religias ar vayemwb shwuracwobas. magram amitom gavchnod rom vicxovrot. nabiji avucyot tanamedroveobas da realizacia movaxsinot nichierebiss. magram mtavari motxovnaa davrchet adamianebadd. saram es daxuruli sivrcis garetac moaxdinaa. guli damwyda vivienis gamo. magram ratomgac gamartlebuli nabiji mgonia misi sikvdilo da markusis gamochenaa. rviechve gamofenaze suratis axsnisas rom is markusi iqnebodaa. vivieni uzlieresi pirovneba iyoo. aubiwqturi azrit.markusi imsaxurebs aimqrtles. ogond ea misma gamzedelmashobkebma unda gaaketon. saras saqcieli disaulovani iyoo. qetu zalian magari gogo xarrr. bednier shoba axalcleba gisurvebbbb

ქეთი, უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო ❤️
ძალიან საინტერესო მოსაზრებები გქონდა ნაწარმოებში წამოჭრილ საკითხებზე.
სიამოვნებით ჩავიკითხე და კმაყოფილი დავრჩი .
მეც გილოცავ წინასწარ, მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარი! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13  offline წევრი თ. ა.

ძალიან მიყვარს შენი ნაწერები და ხშირად ვამოწმებ ხოლმე სიახლეს. კიდევ ერთი ისტორია თუმცა უფრო მეტი რომელიც ნამდვილად იმსახურებს წიგნად ყოფნას ეს უკვე აღვნიშნე ადრეც. გული დამწყდა ვივიენის სიკვდილზე. ძალიან ძლიერი ქალი იყო. ბევრი გააკეთა სარასთვის და ცხოვრება სულაც არ არის ისეთი ლაღი ხშირ შემთხვევაში როგორადაც თავს გვაჩვენებს.
წარმატებები ქეთი.

 


№14 სტუმარი ტაისა

ემოციურად გავგიჟდები, ისეთი ისტორია გამოვიდა ❤
ძალიან მაღალი დონის ავტორის ძალიან მაღალი დონის ნაწერია ❤
მადლობა, რომ წერ!!!!!! ❤❤❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი K. I.

nukito20w
Იმდენად საინტერესო ისტორიაა,ერთი სული მქონდა ბოლო მენახა,მაგრამ დასრულება ჩემი ტკივილია ხოლმე.მერე ვზივარ და ვიღიმი,ან ვტირი.დედა-შვილის განშორება ყველაზე მძიმე მომენტი იყო ჩემთვის,ყველაზე კარგად გავუგე მაგ დროს სარას.მობულური გვერდით გადავდე და თვალებამწვარს ცრემლები გადმომეპარა.ამ თემის მიმართ ზედმეტად მგძნობიარე ვარ და ვერ გავძელი გულგრილად,თან ისეთი ტკივილი იგრძნობოდა თითოეულ სიტყვაში,სხვანაირად არც შეიძლებოდა.
მერე გამაოცა ქალის მონდომებამ. დაუღალავმა შრომამ,ბრძოლამ და თანაც, ამდენი ამოზნექილი ტკივილით სიარულმა ახალ გზაზე,რომელიც ია-ვარდებით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა.ვივიენი გამოჩნდა,ეს ვივიენი ძალიან კარგი პერსონაჟია.თავიდან ხომ უხეში,ცივი და ა.შ ჩანდა,მაგრამ თავიდანვე მომხიბლა.რაღაცას ვხედავდი იმ სიცივის მიღმა.ბოლოს გავიგე რაც ყოფილა და რამდენიც გადაუტანია. ვერც მისი გარდაცვალება მივიღე მარტივად. ისე წავიდა,შვილის ძებნა არ შეუწყვიტავს და მაინც ვერ მიაგნო სიცოცხლეში,მაგრამ სარამ ხომ იპოვა?!თუმცა ვივიენს რომ უნდოდა სიგიჟემდე?ხომ ყველაფერს აკეთებდა საპოვნელად?!
...
....
...
ამაზე რომ გავაგრძელო,ისევ ავტირდები. ამიტომ ოლივერზე გადავალ,რომ გამოჩნდა,თან ისე გამოჩნდა..მთელი ამბით,ვიფიქრე ეს სარას ადამიანია-მეთქი.ჰოდა,ასეც ახდა.
სარას ქმარი,ოჯახი,ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს,ძალიან ძალიან ცუდად მოიქცნენ.გული მტკიოდა მათ უარყოფაზე.კი,ასეთები ხდება ხოლმე, ვერაფერს ვცვლით ასე ერთბაშად,მაგრამ ხომ უყვარდათ სარა რელიგიური?!მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრების გაფერადება დაიწყო,ვერ აპატიეს?! მათი პასუხი ჩამესმის ახლა,ჩვენი რელიგია ასეთია... თუმცა რომ არა ისინი,რომ არა უარყოფა,შესაძლოა სარასთან სხვა კარგი ადამიანები არ გამოჩენილიყვნენ.ამიტომ მადლობა მათ.
ყველა საინტერესო პერსონაჟი იყო. ხასიათი ჩანდა,ადამიანური ბუნება.. ის ორი პატარა რა თბილები და ტკბილები არიან,სულ რომ უნდა ეფერო და ესიყვარულო ისეთები.
ძალიან მომეწონა ისტორია,თქვენი წერის სტილი.მომეწონა საოცარი სიზუსტით ჩასმული სიტყვები,ემოციებს რომ ატარებენ.მიმიზიდა ინფორმაციამ, რომელიც გადმოეცით.ისე მაინც რა არის? ქალების ასე ჩაგვრა და როგორი გულისგამაწვრილებელია.მშობლები რომ გიწყვეტენ ვისთან უნდა შექმნა ოჯახი და ის ტიპი შეიძლება სულაც არ გიზიდავდეს. თან გოგო ხარ,როგორ არ უნდა დაოჯახდეო და სარასაც სხვა გზა არ დაუტოვეს...როგორ გავღიზიანდი მაგ დროს,ნერვები ამეშალა..
ეს ის ისტორიაა,რომელმაც სიამოვნების მინიჭების გარდა,ჩამახედა ებრაელთა ცხოვრებაში კიდევ უფრო ღრმად.
მადლობა,წარმატებებს გისურვებთ❤❤.

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადო ასეთი ვრცელი კომენტარისთვის. ფაქტობრივად მთელი ნაწარმოები შემიჯამე და აღმაფრთოვანე. ახლა, რაც შეეხება პერსონაჯებს. დიახ, როცა ადამიანის ცხოვრებაში ტრავმები ბევრია, მით უფრო უდრეკი და მებრძოლი ხდება. სწორედ ასე მოხდა სარას შემთხვევაშიც. ცხოვრებამ ეტაპობრივად ასწავლა როგორ ადამიანებთან შეიძლებოდა მეორედ დაბადებული დარჩენილიყო და რისი სწავლა და შეცვლა შეიძლებოდა მათი დახმარებით უკეთესობისკენ. ჭკვიანია სარა, ვერ დავუკარგავთ. კარგად გამობრძმიდეს ტრავმებმა.
ვივიენი ჩემი განსაკუთრებული სიყვარული და ტკივილია, რომელიც ყველაზე მეტად დაიჩაგრა ცხოვრებაში, მაგრამ ბოლომდე ღირსეულად ატარა ცხოვრების ტვირთი. თავადვე ხსნის ერთ-ერთ ეპიზოდში თავისი უბედურების მიზეზს და ალბათ, მიაქცევდი ამასაც ყურადღებას, როცა ამბობს შეცდომებს ვუშვებთ, ურჩხულს ვქმნით და მერე როცა გვჭამს და გვფლითავს ღმერთს ვუწყრებითო...
ოლივერი თავიდანვე ერთი ამბით შემოვიდა სარას ცხოვრებაში და ბოლომდე ასე იყო, თან ერთმანეთს სჭამდნენ, თან ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ smile კი, ეს ორი ერთმანეთს ავსებს და ვფიქრობ, აქაც კარგი არჩევანი გაკეთდა ორივესთვის.
ძალიან მიხარია, რომ იმდენი იმოცია მიიღე, ამდენი რამის თქმა მოინდომე ჩემთვის heart_eyes kissing_heart

თ. ა.
ძალიან მიყვარს შენი ნაწერები და ხშირად ვამოწმებ ხოლმე სიახლეს. კიდევ ერთი ისტორია თუმცა უფრო მეტი რომელიც ნამდვილად იმსახურებს წიგნად ყოფნას ეს უკვე აღვნიშნე ადრეც. გული დამწყდა ვივიენის სიკვდილზე. ძალიან ძლიერი ქალი იყო. ბევრი გააკეთა სარასთვის და ცხოვრება სულაც არ არის ისეთი ლაღი ხშირ შემთხვევაში როგორადაც თავს გვაჩვენებს.
წარმატებები ქეთი.

ძალიან დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. შენც წარმატებები, ჩემო კარგო kissing_heart kissing_heart

ტაისა
ემოციურად გავგიჟდები, ისეთი ისტორია გამოვიდა ❤
ძალიან მაღალი დონის ავტორის ძალიან მაღალი დონის ნაწერია ❤
მადლობა, რომ წერ!!!!!! ❤❤❤

ვაიმე, სად დავიმალო? smile
მადლობა ასეთი შეფასებისთვის და ბედნიერი ვარ, რომ კმაყოფილი ხარ! kissing_heart kissing_heart
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№16  offline წევრი ნანა73

დიდანს ველოდი ამ ისტორიის დასასრულს..
წარმოიდგინე ყოველთვის, როცა ახლი თავი იდებოდა ან რამე ინფორმაცია, თავს უხერხულად ვგრნობდი.
ჯიუტად ველოდი დასრულებას.
არც ვნანობ blush
ქეთი, როგორი საინტერესო, შემეცნებითი, ამღელვებელი, ტრაგიკულიც და თბილი, სიყვარულით სავსე ამბავი მოგვიყევი?
დედობრივ სიყვარულზე ძლიერი რომ არ არსებობს ქვეყანაზე ყველამ იცის. შვილებისთვის ბრძოლა შეუძლებელს რომ აკეთებინებს სარას, თან როგორი მეთოდებით,ეს მის პიროვნულ სიძლიერეზეც მეტყველებს.
მაგრამ მე ვფიქრობ, ცხოვრების გზაზე შემხვედრი ადამიანებიც განსაზღვრავენ ბევრ რამეს.
ვივიენი სარას გზაზე წარმატების შუქურა იყო.
ანა, ერთგული მეგობარი და თანამოაზრე.
ოლივერი, სამყაროს გამფერადებელი...
ვიცრემლე კიდეც და ვისიამოვნე კითხვისგან.
შენი დინჯი და შთამაგონებელი სტილი ყველა სიტყვაში იგრძნობა.
გილოცავ ძვირფასო და წარმატებებს გისურვებ! ❤️❤️❤️
პ.ს. რელიგიურ თემას არ ვეხები გამიზნულად.

 


№17 სტუმარი kati

Zalian kargi iyo.

 


№18  offline ახალბედა მწერალი K. I.

ნანა73
დიდანს ველოდი ამ ისტორიის დასასრულს..
წარმოიდგინე ყოველთვის, როცა ახლი თავი იდებოდა ან რამე ინფორმაცია, თავს უხერხულად ვგრნობდი.
ჯიუტად ველოდი დასრულებას.
არც ვნანობ blush
ქეთი, როგორი საინტერესო, შემეცნებითი, ამღელვებელი, ტრაგიკულიც და თბილი, სიყვარულით სავსე ამბავი მოგვიყევი?
დედობრივ სიყვარულზე ძლიერი რომ არ არსებობს ქვეყანაზე ყველამ იცის. შვილებისთვის ბრძოლა შეუძლებელს რომ აკეთებინებს სარას, თან როგორი მეთოდებით,ეს მის პიროვნულ სიძლიერეზეც მეტყველებს.
მაგრამ მე ვფიქრობ, ცხოვრების გზაზე შემხვედრი ადამიანებიც განსაზღვრავენ ბევრ რამეს.
ვივიენი სარას გზაზე წარმატების შუქურა იყო.
ანა, ერთგული მეგობარი და თანამოაზრე.
ოლივერი, სამყაროს გამფერადებელი...
ვიცრემლე კიდეც და ვისიამოვნე კითხვისგან.
შენი დინჯი და შთამაგონებელი სტილი ყველა სიტყვაში იგრძნობა.
გილოცავ ძვირფასო და წარმატებებს გისურვებ! ❤️❤️❤️
პ.ს. რელიგიურ თემას არ ვეხები გამიზნულად.

ნანა, ყოველთვის საინტერესოა შენი კომენტარის კითხვა.რაღაც განსხვავებულის დაწერა მინდოდა და მიხარია, თუ გამოვიდა. ისიც მიხარია, რომ ვივიენისა და ოლივერის გარდა, ანაც ახსენე. ეს პერსონაჟი ბოლომდე გვერდში ედგა ჩვენს სარას და დიდი წვლილი მიუძღვის მის მხატვრად ჩამოყალიბებაში ❤️❤️❤️

kati
Zalian kargi iyo.

მადლობა ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№19 სტუმარი ჭორიკანა

ვისიამოვნე. ძალიან. გული დამწყდა ვივიენი ისე რომ გარდაიცვალა, სვილი ვერ ნახა, მაგრამ ალბათ ამით ისაა ნათქვამი, რომ რაც უნდა გაგიჭირდეთ, შვილზე უარი არ უნდა თქვათ. თითქოს დაისაჯა ამ გადაწყვეტილების გამო, მიუხედავა იმისა, რომ ყველაფერი შვილის კეთილდღეობისთვის გააკეთა.
სარას რაც შეეხება, ძლიერი და მიზნებისთვის მებრძოლი ადამიანია. ნიჭი რომ არ ჰქონოდა, ვფიქრობ, მაშინაც ბევრს იშრომებდა რომ მიეღწია მიზნისთვის.
ძალიან ვისიამოვნე. მადლობა, ქეთი. საუკეთესო ისტორიების საუკეთესო ავტორი.

 


№20  offline ახალბედა მწერალი K. I.

ჭორიკანა
ვისიამოვნე. ძალიან. გული დამწყდა ვივიენი ისე რომ გარდაიცვალა, სვილი ვერ ნახა, მაგრამ ალბათ ამით ისაა ნათქვამი, რომ რაც უნდა გაგიჭირდეთ, შვილზე უარი არ უნდა თქვათ. თითქოს დაისაჯა ამ გადაწყვეტილების გამო, მიუხედავა იმისა, რომ ყველაფერი შვილის კეთილდღეობისთვის გააკეთა.
სარას რაც შეეხება, ძლიერი და მიზნებისთვის მებრძოლი ადამიანია. ნიჭი რომ არ ჰქონოდა, ვფიქრობ, მაშინაც ბევრს იშრომებდა რომ მიეღწია მიზნისთვის.
ძალიან ვისიამოვნე. მადლობა, ქეთი. საუკეთესო ისტორიების საუკეთესო ავტორი.

ჭორიკანა ❤️
ძალიან საინტერესო კომენტარი დაწერე. ვივიენზე განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს შენი სიტყვები.
მადლობა!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№21  offline მოდერი guroo

ხვალიდან ისევ ჩავებმები სამსახურის ფერხულში და არ მინდა, რომ თავისუფალი დრო სხვა რამეში დავხარჯო, თუ არა, დიდი ხნის წინ დაუსრულებელი "ქარაფებზე მოსიარულეს" ბოლომდე წასაკითხად. დაე, დამებედოს კარგი და გემოვნებიანი ტექსტების კითხვა :*
გილოცავ მორიგ პრეტენზიულ ნაშრომს, რომელიც დახვეწილი,დინჯი, მსუბუქი თხრობის მიღმა ყველაზე ღრმა და მძაფრ ემოციებს უმალავს მკითხველს. არა, კი არ უმალავს, პირიქით, მთელი სულითა და გულით სთავაზობს და საზეიმოდ უნდა გამოგიცხადო, რომ აქამდე არ წამიკთხავს ასეთი ტაქტიანი, თავაზიანი, კეთილგანწყობილი სევდის შესახებ. იცი, რა? მძიმეა, მაგრამ სასურველი. მოგინდება, რომ საუთარ ფსიქიკაზე გამოსცადო ეს სიმძიმე.
გავაგრძელე იქიდან, სადც გაჩერებული ვიყავი. ადრე რაც მითქვამს, შევეცდები, აღარ განვმეორდე.
"ღამე ფიქრებში გაიცრიცა" - რა კარგად არის ნათქვამი.
"სარა ვერანდის მოაჯირთან დადგა და საეჭვოდ შეცვლილ ცას დაუწყო თვალიერება. სადღაც შორს, ელვამ მუქი ფერები გაფანტა" - ეს არის ტრასფორმაცია, რომლის შესახებ საოცარი სიმსუბუქითა და სილამაზით წერ.
"რეალობაში ამინდის შეცვლამ დააბრუნათ. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა წვიმის თქეში მოიტანა და ქუჩები წალეკა. აქა-იქ გამოკვეთილი გრაგნილები ცას ბზარავდნენ. სადღაც ახლოს მეხიც გავარდა. ერთიანად დასველებულები სასტუმროს მიმართულებით გაიქცნენ. როგორც კი ნომერში შევიდნენ, ტანსაცმელი შემოიძარცვეს და ერთმანეთის შიშველი სხეულები მჭიდროდ შეიგრძნეს. დაგროვილი გრძნობები წამში ჰაერში აჭრილი ფეიერვერკებივით გასკდნენ. მათი თავდავიწყება აბურბურებულ ცეცხლს ჰგავდა. ალივით იღებდა სხვადასხვა ფორმებს და სიყვარულისფრად ხატავდა ფიგურებს." მსუყე, ძალიან ლამაზი სიტყვებისა და წინადადებების ნაკრებია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გონების განსაკუთრებული დაძაბვის, დიდი ძალდატანების შედეგად შეაკოწიწე ისინი და ამგვარ შთაბეჭდილებას მხოლოდ ერთი, ვითომ უწყინარი სიტყვა ქმნის, რომელსაც, ჩემი აზრით, ცუდი ადგილი შეურჩიე. ზუსტად იმიტომ, რომ შენი გონება გადაღლის ზღვარზე იდგა. აი, რაზე ვამბობ: "დაგროვილი გრძნობები წამში ჰაერში აჭრილი ფეიერვერკებივით გასკდნენ". წამში ჰაერში. არ ჟღერს სასიამოვნოდ. მთლიანი აბზაცის ერთიანობას არღევს, რამეთუ აბზაცი ძლიერი ემოციებისა და ვნებების ნაკადია და ეს ორი სიტყვა კი - ქვები, რომლებიც ჰარმონიას არღვევენ.
"-ლურჯა ცხენების თრაქუნი დასასრულს უახლოვდება. მინდა, სიცოცხლის ბოლო წამს შევძახო შეჩერდეს, მაგრამ რომელ ძლევამოსილ მოკვდავს შეუჩერებია, რომ ვივიენ კარტერს გამოუვიდეს?
-იბრძოლე! არ დანებდე!"
ალბათ, თქარუნი უნდა გეწეროს... არა, ამის სათქმელად არ ამომიწერია ეს მონაკვეთი. ალუზია გალაკტიონის ლექსთან. ჯერ მარტო ეს რად ღირს?! სულის გამხდარ მხრებზე ჩამოკიდებული ცოდვებივით მძიმდება განწყობა, თითქოს სიკვდილი მოახლოვდა და დაარწია ვივიენის აკვანი... და ამის ფონზე უცებ საოცარი სიტყვები მედება თვალებში - "იბრძოლე! არ დანებდე!". აი, როგორ არ ვიტირო? როგორ არ მომცელოს ემოციურად ამ ყველაფერმა? ირიბი თანხმობასავით ჟღერს. დიახ, შენ იქნები პირველი მოკვდავი, ჩემო ძლიერო ვივიენ კარტერ, ვინც შეაჩერებს თქარუნს ლურჯა ცხენებისასო. როგორ გადაიტანე ამის დაწერა, კარგად ხარ, ქეთი?
ისევ ვტირი.
ღმერთო, სიტყები ამომერეცხა იმდენი ვიტირე და ისე დავიცალე.
"ღამე? ის ისევ მწოლიარე, სასიკვდილოდ განწირულ ქალს ამსგავსებდა. მისი ტკივილების დამხშობი მატარებელი კი არსად ჩანდა, აგვიანებდა..." აჰა, მოვიდა. ვივიენივით მაინც გამოჩნდა, დაგვიანების მიუხედავად და თვითონ ვივიენი კი ამის მერე სამუდამოდ გაქრა. უფროსწორად, ახლაც არსებობს, ისევ ცოცხლობს ახლობლების მოგონებებში, მაგრამ შორეულია, მიუწვდომელი, როგორც მარკუსის ბინაში რომელიღაც კედელზე დაკიდული სარას შედევრი.
მშვიდად განისვენე, ვივიენ. ჩემს ემოციებთან ძალიან ახლოს მოხვედი.
............................................. გისურვებ, რომ 2021-მა ყველა გზა გაგიხსნას დიდი წარმატების მისაღწევად და აუარება შესაძლებლობა გაჩუქოს საიმისოდ, რომ ირგვლივ ყველაფერს უკიდურესად ღრმა კვალი დაამჩნიო. გიგზავნი განუზომელ სითბოს, მიყვარხარ. ბედნიერი იყავი, ქეთი! "იბრძოლე! არ დანებდე!"

 


№22  offline ახალბედა მწერალი K. I.

guroo
ხვალიდან ისევ ჩავებმები სამსახურის ფერხულში და არ მინდა, რომ თავისუფალი დრო სხვა რამეში დავხარჯო, თუ არა, დიდი ხნის წინ დაუსრულებელი "ქარაფებზე მოსიარულეს" ბოლომდე წასაკითხად. დაე, დამებედოს კარგი და გემოვნებიანი ტექსტების კითხვა :*
გილოცავ მორიგ პრეტენზიულ ნაშრომს, რომელიც დახვეწილი,დინჯი, მსუბუქი თხრობის მიღმა ყველაზე ღრმა და მძაფრ ემოციებს უმალავს მკითხველს. არა, კი არ უმალავს, პირიქით, მთელი სულითა და გულით სთავაზობს და საზეიმოდ უნდა გამოგიცხადო, რომ აქამდე არ წამიკთხავს ასეთი ტაქტიანი, თავაზიანი, კეთილგანწყობილი სევდის შესახებ. იცი, რა? მძიმეა, მაგრამ სასურველი. მოგინდება, რომ საუთარ ფსიქიკაზე გამოსცადო ეს სიმძიმე.
გავაგრძელე იქიდან, სადც გაჩერებული ვიყავი. ადრე რაც მითქვამს, შევეცდები, აღარ განვმეორდე.
"ღამე ფიქრებში გაიცრიცა" - რა კარგად არის ნათქვამი.
"სარა ვერანდის მოაჯირთან დადგა და საეჭვოდ შეცვლილ ცას დაუწყო თვალიერება. სადღაც შორს, ელვამ მუქი ფერები გაფანტა" - ეს არის ტრასფორმაცია, რომლის შესახებ საოცარი სიმსუბუქითა და სილამაზით წერ.
"რეალობაში ამინდის შეცვლამ დააბრუნათ. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა წვიმის თქეში მოიტანა და ქუჩები წალეკა. აქა-იქ გამოკვეთილი გრაგნილები ცას ბზარავდნენ. სადღაც ახლოს მეხიც გავარდა. ერთიანად დასველებულები სასტუმროს მიმართულებით გაიქცნენ. როგორც კი ნომერში შევიდნენ, ტანსაცმელი შემოიძარცვეს და ერთმანეთის შიშველი სხეულები მჭიდროდ შეიგრძნეს. დაგროვილი გრძნობები წამში ჰაერში აჭრილი ფეიერვერკებივით გასკდნენ. მათი თავდავიწყება აბურბურებულ ცეცხლს ჰგავდა. ალივით იღებდა სხვადასხვა ფორმებს და სიყვარულისფრად ხატავდა ფიგურებს." მსუყე, ძალიან ლამაზი სიტყვებისა და წინადადებების ნაკრებია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გონების განსაკუთრებული დაძაბვის, დიდი ძალდატანების შედეგად შეაკოწიწე ისინი და ამგვარ შთაბეჭდილებას მხოლოდ ერთი, ვითომ უწყინარი სიტყვა ქმნის, რომელსაც, ჩემი აზრით, ცუდი ადგილი შეურჩიე. ზუსტად იმიტომ, რომ შენი გონება გადაღლის ზღვარზე იდგა. აი, რაზე ვამბობ: "დაგროვილი გრძნობები წამში ჰაერში აჭრილი ფეიერვერკებივით გასკდნენ". წამში ჰაერში. არ ჟღერს სასიამოვნოდ. მთლიანი აბზაცის ერთიანობას არღევს, რამეთუ აბზაცი ძლიერი ემოციებისა და ვნებების ნაკადია და ეს ორი სიტყვა კი - ქვები, რომლებიც ჰარმონიას არღვევენ.
"-ლურჯა ცხენების თრაქუნი დასასრულს უახლოვდება. მინდა, სიცოცხლის ბოლო წამს შევძახო შეჩერდეს, მაგრამ რომელ ძლევამოსილ მოკვდავს შეუჩერებია, რომ ვივიენ კარტერს გამოუვიდეს?
-იბრძოლე! არ დანებდე!"
ალბათ, თქარუნი უნდა გეწეროს... არა, ამის სათქმელად არ ამომიწერია ეს მონაკვეთი. ალუზია გალაკტიონის ლექსთან. ჯერ მარტო ეს რად ღირს?! სულის გამხდარ მხრებზე ჩამოკიდებული ცოდვებივით მძიმდება განწყობა, თითქოს სიკვდილი მოახლოვდა და დაარწია ვივიენის აკვანი... და ამის ფონზე უცებ საოცარი სიტყვები მედება თვალებში - "იბრძოლე! არ დანებდე!". აი, როგორ არ ვიტირო? როგორ არ მომცელოს ემოციურად ამ ყველაფერმა? ირიბი თანხმობასავით ჟღერს. დიახ, შენ იქნები პირველი მოკვდავი, ჩემო ძლიერო ვივიენ კარტერ, ვინც შეაჩერებს თქარუნს ლურჯა ცხენებისასო. როგორ გადაიტანე ამის დაწერა, კარგად ხარ, ქეთი?
ისევ ვტირი.
ღმერთო, სიტყები ამომერეცხა იმდენი ვიტირე და ისე დავიცალე.
"ღამე? ის ისევ მწოლიარე, სასიკვდილოდ განწირულ ქალს ამსგავსებდა. მისი ტკივილების დამხშობი მატარებელი კი არსად ჩანდა, აგვიანებდა..." აჰა, მოვიდა. ვივიენივით მაინც გამოჩნდა, დაგვიანების მიუხედავად და თვითონ ვივიენი კი ამის მერე სამუდამოდ გაქრა. უფროსწორად, ახლაც არსებობს, ისევ ცოცხლობს ახლობლების მოგონებებში, მაგრამ შორეულია, მიუწვდომელი, როგორც მარკუსის ბინაში რომელიღაც კედელზე დაკიდული სარას შედევრი.
მშვიდად განისვენე, ვივიენ. ჩემს ემოციებთან ძალიან ახლოს მოხვედი.
............................................. გისურვებ, რომ 2021-მა ყველა გზა გაგიხსნას დიდი წარმატების მისაღწევად და აუარება შესაძლებლობა გაჩუქოს საიმისოდ, რომ ირგვლივ ყველაფერს უკიდურესად ღრმა კვალი დაამჩნიო. გიგზავნი განუზომელ სითბოს, მიყვარხარ. ბედნიერი იყავი, ქეთი! "იბრძოლე! არ დანებდე!"

ოჰო, როგორი საინტერესო განხილვა დაგიწერია, გურამ.
მადლობა!
ეს ნაწარმოები რა თქმა უნდა, საჭიროებს რედაქტირებას, რომ სადღაც-სადღაც გაპარული შეცდომები ამოიძირკვოს. დაწყებული მაქვს კიდეც და მალე შევთავაზებ მკითხველს ახალი და გაფილტრული ვერსიით...
მიხარია, რომ ისიამოვნე და ემოციურადაც დაიხარჯე.
პერსონაჟებზე დაუსრულებლად ვილაპარაკებდი და თითოეული ეპიზოდის განხილვასაც მოვაწყობდი, მაგრამ თავს შევიკავებ. მინდა, მკითხველმა ისეთი სარა, ვივიენი, ანა, ოლივერი და ყველა დანარჩენი გააცოცხლოს და მიაძინოს მის გონებაში, როგორიც კითხვის პროცესში დაინახა... (ეს იმდენად პირადია და დიფუზიური სივრცეა, ვფიქრობ, მწერალი აღარ უნდა ჩაერიოს აქ!..)
მხოლოდ ერთს ვიტყვი, ეს ის ნაწარმოებია, რომელიც გეტასავით არ წაიშლება ჩემი სამყაროდან და გოდოსავით ველოდებოდი ამის მუზას.

სოფიო-სოფიო
ქეთი,როგორც იქნა დავასრულე კითხვა.მძიმე გამოდგა რაღაცნაირად და ულუფებად, ეტაპობრივად ვკითხულობდი. ????‍♀️კიდევ ერთი გამართული ნაწარმოებია(ისტორიას ვერაფრით დავარქმევ) ❤️ისეთ სენსიტიურ(მაინც მოდაშია ეს სიტყვა, არადა ისე ზუსტად ასახავს სიტუაციას☺️) გრძნობას შეეხე,როგორიცაა-დედაშვილობა. კიდევ ერთხელ დამაფიქრე ბევრ რამეზე????მადლობა შენ ამისთვის❤️ველოდები შემდეგს...

სოფიო, ამ ნაწარმოების კითხვა არ არის იოლი და მინდა გითხრა, არც დაწერა იყო მარტივი. მიხარია, რომ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი არ გამოდგა. არც მქონდა გათვლილი, რომ ასეთი გამოსულიყო... ❤️
მადლობა, ჩემო კარგო, რომ დრო დაუთმე "ქარაფებზე მოსიარულეს" და გაეცანი მთელ იმ პროცესს იმ თანმდევი სირთულეებით, როგორიც ქარაფებზე სიარულს ახასიათებს...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№23  offline მოდერი guroo

კიდევ მოვუბრუნდები. ყველაფერზე არ მილაპარაკია.

 


№24  offline ახალბედა მწერალი K. I.

guroo
კიდევ მოვუბრუნდები. ყველაფერზე არ მილაპარაკია.

კარგი, ასე იყოს!..
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№25  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო და ძალიან მომეწონა სარას გამბედაობა❤️ბევრი იბრძოლა მაგრამ ასევე დიდი დოზით იყო იღბალიც მის ცხოვრებაში,სხვაგვარად ბევრს არ უმართლებს ასე ნულიდან დაიწყოს ცხოვრება და ამდენ წარმატებას მიაღწიოს მიუხედავად იმისა დედაა თუ არა❤️❤️ძალიან კარგი იყო ყოველმხრივ და ნამდვილად სიმართლეა მთავარია დუმილი დაირღვეს

 


№26  offline ახალბედა მწერალი K. I.

Tamuna Gogaladze
ძალიან კარგი იყო და ძალიან მომეწონა სარას გამბედაობა❤️ბევრი იბრძოლა მაგრამ ასევე დიდი დოზით იყო იღბალიც მის ცხოვრებაში,სხვაგვარად ბევრს არ უმართლებს ასე ნულიდან დაიწყოს ცხოვრება და ამდენ წარმატებას მიაღწიოს მიუხედავად იმისა დედაა თუ არა❤️❤️ძალიან კარგი იყო ყოველმხრივ და ნამდვილად სიმართლეა მთავარია დუმილი დაირღვეს

ვინც ასე მუხლჩაუხრელად შრომობს, იღბალიც დიდი დოზით მისკენ არის ხოლმე. ასეა ზოგადად... წრე შემოიკრიბა კარგი და ამასაც მნიშვნელობა ჰქონდა. ჭკვიანი ადამიანია სარა, ვერ დავუკარგავთ. ბევრს ვილაპარაკებდი მასზე და მის პიროვნულ ღირებულებებზე...❤️
მადლობა, თამუნა!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№27 სტუმარი სტუმარი ელისო

იმდენი ხანია გარს ვუვლი ამ ნაწარმოებს რო,დავიღალე კიდეც :)) კარგ წიგნს კარგი მკითხველი უნდა და მე ვერ ვიყავი კარგი მკითხველის მოწოდების სიმაღლეზე,ხდება ხანდახან ასეც.ზუსტად ვიცოდი გავიგებდი მაგრამ ვერ გადმოვცემდი იმას,რისი თქმაც მენდომებოდა. მახინჯი ჩვეულებები-სახელად ტრადიცია,ჩვენი საზოგადოებაც სავსეა მსგავსი ამბებით. სარა ძლიერი დედა და ქალია, ასე მგონია ქმარი რომც ჰყვარებოდა,იმ გარემოს ვერ გაუძლებდა.თუნდაც მშობიარობის დროს,როცა სურვილი ქონდა რომ ქმარი მასთან ყოფილიყო,ასე მგონია ეს მისი დამოკიდებულების გადარჩენის შანსი იყო,რაც ნეითანმა გაუშვა და რაც ერთ-ერთია რომ მან ქმარი ვერ შეიყვარა.თუმცა მეგობარში მაინც გაუმართლა და შემდეგ უკვე ვივიენთან მისი ცხოვრების გადაკვეთა...ვივიენს რაც შეეხება,ხდება ესეც,ყველას არ ჰყავს გვერდით მდგომი,თუნდაც ანას მსგავსი და უფრო დიდი სიბინძურის გადალახვა უწევს იმისთვის რო ნაპირამდე ავიდეს.მარკუსს სიმართლე ამ ეტაპზე არაფერს მოუტანდა,მით უფრო დედას ვერ გაიცნობდა,სწორი გადაწყვეტილება მიიღეს,დაველოდოთ და გავიცნოთო,უცხო ადამიანი რომ გეტყვის შენი ცხოვრება სიცრუეაო,უფრო რთულია.ამეტირა ამ მონაკვეთზე:შვილმა დედა ნახატიდან იგრძნო! კიდევ ერთი საინტერესო მოგზაურობა ადათ-წესებში და კიდევ ერთხელ გააზრება იმის რომ ხანდახან ღმერთს ისეთს მივაწერთ და მერე სხვა დანარჩენს ტრადიციებად მოვნათლავთ,რომ ზომბებს ვემსგავსებით და სხვებსაც ვურთულებთ ცხოვრებას. წარმატებები ქეთი :))

 


№28  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ელისო
იმდენი ხანია გარს ვუვლი ამ ნაწარმოებს რო,დავიღალე კიდეც :)) კარგ წიგნს კარგი მკითხველი უნდა და მე ვერ ვიყავი კარგი მკითხველის მოწოდების სიმაღლეზე,ხდება ხანდახან ასეც.ზუსტად ვიცოდი გავიგებდი მაგრამ ვერ გადმოვცემდი იმას,რისი თქმაც მენდომებოდა. მახინჯი ჩვეულებები-სახელად ტრადიცია,ჩვენი საზოგადოებაც სავსეა მსგავსი ამბებით. სარა ძლიერი დედა და ქალია, ასე მგონია ქმარი რომც ჰყვარებოდა,იმ გარემოს ვერ გაუძლებდა.თუნდაც მშობიარობის დროს,როცა სურვილი ქონდა რომ ქმარი მასთან ყოფილიყო,ასე მგონია ეს მისი დამოკიდებულების გადარჩენის შანსი იყო,რაც ნეითანმა გაუშვა და რაც ერთ-ერთია რომ მან ქმარი ვერ შეიყვარა.თუმცა მეგობარში მაინც გაუმართლა და შემდეგ უკვე ვივიენთან მისი ცხოვრების გადაკვეთა...ვივიენს რაც შეეხება,ხდება ესეც,ყველას არ ჰყავს გვერდით მდგომი,თუნდაც ანას მსგავსი და უფრო დიდი სიბინძურის გადალახვა უწევს იმისთვის რო ნაპირამდე ავიდეს.მარკუსს სიმართლე ამ ეტაპზე არაფერს მოუტანდა,მით უფრო დედას ვერ გაიცნობდა,სწორი გადაწყვეტილება მიიღეს,დაველოდოთ და გავიცნოთო,უცხო ადამიანი რომ გეტყვის შენი ცხოვრება სიცრუეაო,უფრო რთულია.ამეტირა ამ მონაკვეთზე:შვილმა დედა ნახატიდან იგრძნო! კიდევ ერთი საინტერესო მოგზაურობა ადათ-წესებში და კიდევ ერთხელ გააზრება იმის რომ ხანდახან ღმერთს ისეთს მივაწერთ და მერე სხვა დანარჩენს ტრადიციებად მოვნათლავთ,რომ ზომბებს ვემსგავსებით და სხვებსაც ვურთულებთ ცხოვრებას. წარმატებები ქეთი :))

ელისო, გამიხარდა შენი კომენტარი. ასეა, არის მომენტები, როცა ნაწარმოებს გულს ვერ უდებ, მაგრამ ვხედავ, ბოლომდე წაგიკითხავს და შენი სათქმელიც გქონია.
მადლობა, რომ დრო დამითმე! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№29 სტუმარი სტუმარი ელისო

ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ელისო
იმდენი ხანია გარს ვუვლი ამ ნაწარმოებს რო,დავიღალე კიდეც :)) კარგ წიგნს კარგი მკითხველი უნდა და მე ვერ ვიყავი კარგი მკითხველის მოწოდების სიმაღლეზე,ხდება ხანდახან ასეც.ზუსტად ვიცოდი გავიგებდი მაგრამ ვერ გადმოვცემდი იმას,რისი თქმაც მენდომებოდა. მახინჯი ჩვეულებები-სახელად ტრადიცია,ჩვენი საზოგადოებაც სავსეა მსგავსი ამბებით. სარა ძლიერი დედა და ქალია, ასე მგონია ქმარი რომც ჰყვარებოდა,იმ გარემოს ვერ გაუძლებდა.თუნდაც მშობიარობის დროს,როცა სურვილი ქონდა რომ ქმარი მასთან ყოფილიყო,ასე მგონია ეს მისი დამოკიდებულების გადარჩენის შანსი იყო,რაც ნეითანმა გაუშვა და რაც ერთ-ერთია რომ მან ქმარი ვერ შეიყვარა.თუმცა მეგობარში მაინც გაუმართლა და შემდეგ უკვე ვივიენთან მისი ცხოვრების გადაკვეთა...ვივიენს რაც შეეხება,ხდება ესეც,ყველას არ ჰყავს გვერდით მდგომი,თუნდაც ანას მსგავსი და უფრო დიდი სიბინძურის გადალახვა უწევს იმისთვის რო ნაპირამდე ავიდეს.მარკუსს სიმართლე ამ ეტაპზე არაფერს მოუტანდა,მით უფრო დედას ვერ გაიცნობდა,სწორი გადაწყვეტილება მიიღეს,დაველოდოთ და გავიცნოთო,უცხო ადამიანი რომ გეტყვის შენი ცხოვრება სიცრუეაო,უფრო რთულია.ამეტირა ამ მონაკვეთზე:შვილმა დედა ნახატიდან იგრძნო! კიდევ ერთი საინტერესო მოგზაურობა ადათ-წესებში და კიდევ ერთხელ გააზრება იმის რომ ხანდახან ღმერთს ისეთს მივაწერთ და მერე სხვა დანარჩენს ტრადიციებად მოვნათლავთ,რომ ზომბებს ვემსგავსებით და სხვებსაც ვურთულებთ ცხოვრებას. წარმატებები ქეთი :))

ელისო, გამიხარდა შენი კომენტარი. ასეა, არის მომენტები, როცა ნაწარმოებს გულს ვერ უდებ, მაგრამ ვხედავ, ბოლომდე წაგიკითხავს და შენი სათქმელიც გქონია.
მადლობა, რომ დრო დამითმე! ❤️

გულის ვერ დადება არა,ნაწარმოებისთვის არ ვიყავი მზად.ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი ისტორია,გადავიკითხავდი და დავივიწყებდი.მაგრამ ვიცოდი ჩვეულებრივს არაფერს შემოგვთავაზებდი. ამიტომ რომ მოვცოცხლდი,პირველი აქ შემოვედი.ყოველთვის მეინტერესება მოგზაურობა თქვენს გმირებთან ერთად და სხვა სამყარაში შეჭყეტა.მადლობა თქვენ რომ გვანებივრებთ :))

 


№30  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ელისო
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ელისო
იმდენი ხანია გარს ვუვლი ამ ნაწარმოებს რო,დავიღალე კიდეც :)) კარგ წიგნს კარგი მკითხველი უნდა და მე ვერ ვიყავი კარგი მკითხველის მოწოდების სიმაღლეზე,ხდება ხანდახან ასეც.ზუსტად ვიცოდი გავიგებდი მაგრამ ვერ გადმოვცემდი იმას,რისი თქმაც მენდომებოდა. მახინჯი ჩვეულებები-სახელად ტრადიცია,ჩვენი საზოგადოებაც სავსეა მსგავსი ამბებით. სარა ძლიერი დედა და ქალია, ასე მგონია ქმარი რომც ჰყვარებოდა,იმ გარემოს ვერ გაუძლებდა.თუნდაც მშობიარობის დროს,როცა სურვილი ქონდა რომ ქმარი მასთან ყოფილიყო,ასე მგონია ეს მისი დამოკიდებულების გადარჩენის შანსი იყო,რაც ნეითანმა გაუშვა და რაც ერთ-ერთია რომ მან ქმარი ვერ შეიყვარა.თუმცა მეგობარში მაინც გაუმართლა და შემდეგ უკვე ვივიენთან მისი ცხოვრების გადაკვეთა...ვივიენს რაც შეეხება,ხდება ესეც,ყველას არ ჰყავს გვერდით მდგომი,თუნდაც ანას მსგავსი და უფრო დიდი სიბინძურის გადალახვა უწევს იმისთვის რო ნაპირამდე ავიდეს.მარკუსს სიმართლე ამ ეტაპზე არაფერს მოუტანდა,მით უფრო დედას ვერ გაიცნობდა,სწორი გადაწყვეტილება მიიღეს,დაველოდოთ და გავიცნოთო,უცხო ადამიანი რომ გეტყვის შენი ცხოვრება სიცრუეაო,უფრო რთულია.ამეტირა ამ მონაკვეთზე:შვილმა დედა ნახატიდან იგრძნო! კიდევ ერთი საინტერესო მოგზაურობა ადათ-წესებში და კიდევ ერთხელ გააზრება იმის რომ ხანდახან ღმერთს ისეთს მივაწერთ და მერე სხვა დანარჩენს ტრადიციებად მოვნათლავთ,რომ ზომბებს ვემსგავსებით და სხვებსაც ვურთულებთ ცხოვრებას. წარმატებები ქეთი :))

ელისო, გამიხარდა შენი კომენტარი. ასეა, არის მომენტები, როცა ნაწარმოებს გულს ვერ უდებ, მაგრამ ვხედავ, ბოლომდე წაგიკითხავს და შენი სათქმელიც გქონია.
მადლობა, რომ დრო დამითმე! ❤️

გულის ვერ დადება არა,ნაწარმოებისთვის არ ვიყავი მზად.ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი ისტორია,გადავიკითხავდი და დავივიწყებდი.მაგრამ ვიცოდი ჩვეულებრივს არაფერს შემოგვთავაზებდი. ამიტომ რომ მოვცოცხლდი,პირველი აქ შემოვედი.ყოველთვის მეინტერესება მოგზაურობა თქვენს გმირებთან ერთად და სხვა სამყარაში შეჭყეტა.მადლობა თქვენ რომ გვანებივრებთ :))

ახლა უკეთესად გავიგე :))
დიახ, არ არის მარტივი წასაკითხი.
კიდევ ერთხელ მადლობა, ელისო ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent