სასრულეთი (თავი 25)
3 წლით ადრე - კარგი ლეა, დამშვიდდი ასე ნუ განიცდი. ხო ამბობ ალესანდრო მიყვარსო? სექსი სიყვარულის ლოგიკური გაგრძელებაა. - ამაოდ ცდილობდა თინა ჩემს დამშვიდებას. - მართალი ხარ, განა იმას ვჯავრობ, რომ ქალწულობას ქორწინებამდე გამოვემშვიდობე? არა, უბრალოდ ჯერ არ ვთვლიდი, რომ მზად ვიყავი. ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა და არა ისე, რომ ძლივს ვცდილობ რაღაც ეპიზოდები გავიხსენო. - აბა ახლა ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, გონება დაძაბე და ეცადე გაიხსენო კარგად გუშინწინ რა მოხდა. - მორიგი ჭიქა ცხელი შოკოლადი მომაწოდა და ხელსახოცები ცრემლები რომ მომეწმინდა. - მოკლედ ალესანდრომ აგარაკი იქირავა დაბადების დღისთვის, როგორც ხდება ხოლმე. თავიდან ვორჭოფობდი წასვლაზე, მაგრამ რადგანაც სურდა, რომ მეგობრებისთვის ჩემი თავი შეყვარებულის სტატუსით წარედგინა, უარი არ მითქვამს, თან დედაჩემისგანაც აიღო ნებართვა და უთხრა, რომ ყველანი იქ დავრჩებოდით. ხო იცი, როგორ ვემზადებოდი, მთელი დღე სალონში გავატარე, ძალიან მინდოდა ალესანდროს მეგობრებზე შთაბეჭდილება მომეხდინა. - მოახდენდი კიდეც, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდი. - ჰო და ალესანდროც საოცრად მომხიბვლელი იყო, ჩემი ნაჩუქარი ანტონიოს სუნამო ესხა და მთელი გზა დროდადრო მისი ყელიდან კოცნებით ვიპარავდი ხოლმე არომატს. კი გამეხუმრა, გაჩერდი, თორემ რაღაცას გამომტყუებო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რა მოჰყვებოდა. მოკლედ, დროს მშვენივრად ვატარებდით. ვცეკვავდით, ვსაუბრობდით, ვსვამდით. მერე,... მახსოვს, რომ გიომ ჯეკ დენიელსი მოიტანა. მერე მეც დავლიე. ალესანდრო მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში პირველად შემეძლო საკუთარი თავისთვის თრობის უფლება მიმეცა. მახსოვს, რომ საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, ვცეკვავდი, ვცეკვავდი და მიხაროდა. ვხუმრობდი და ამ ხუმრობაში სხვებსაც ვიყოლიებდი, დროდადრო კი ალესანდროს მოფერებითა და ამბორით ვთამამდებოდი. მერე მახსოვს, რომ ნელ-ნელა ყველა შემოგვეცალა. რატომღაც დარჩენა გადაიფიქრეს. მე მომერიდა ამ მდგომარეობაში წასვლის თხოვნის. ორივე ნასვამები ვიყავით, დედაჩემიც გაგიჟდებოდა. ალესანდრომაც შემომთავაზა, რომ დილამდე დავრჩენილიყავი და მეორე დღეს მოწესრიგებულ გამოფხიზლებულები დავბრუნებულიყავით. მეც დავთანხმდი. მერე მარტო დავრჩით. წითელი ღვინით გავაგრძელეთ. მე, ალესანდრო და მუსიკა. ისევ ვიპარავდი მისი ყელიდან არომატებს, თავადაც ანალოგიურად მცემდა პასუხს. მერე არ ვიცი რა მოხდა. მახსოვს, რომ გავბრუვდი და ალესანდროს ვთხოვე ჰაერზე გავეყვანე. მერე მოგონებები ბუნდოვანია. ალაგ-ალაგ მახსოვს, რომ მეფერებოდა, მკოცნიდა, მეც ვეფერებოდი. მახსოვს, რომ ვგრძნობდი მისი სხეულის სიმხურვალეს, რომელიც თავბრუს ისე მახვევდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არ მქონდა. დილით კი მის საწოლში მისსავე გულზე მეძინა შიშველს. ძალიან შემრცხვა, შოკში ვიყავი. მაშინვე მოფერება და დამშვიდება დამიწყო. რომ ვუთხარი არაფერი მახსოვსმეთქი, გაიკვირვა და მითხრა, რომ ეს ორივეს გვინდოდა, ჩვენი სიყვარული ამ ნაბიჯით კიდევ უფრო განმტკიცდა და არ მენანა. - აუუ, ლეა ახლა რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე, ოკ? ეგ შენი ალესანდრო მაგარი მანიპულატორია. კარგადაც იცოდა შენთვის პირველი სექსი როგორი საკრარული იყო და ფხიზელ გონებაზე ჯერ რომ არ იჩქარებდი ამ ნაბიჯის გადადგმას.ისარგებლა შენი მდგომარეობით და ეგაა. - კარგი რა თინა, მეც რომ არ მდომოდა, არაფერსაც არ იზამდა. - დამიწყებ ახლა, ნუ მახვევ შენს ენჯეოშნიკურ აზრებსო, მაგრამ ეგრეა. გაცნობიერებული თანხმობის გარეშე ყველანაირი სექსი ძალადობაა, მათ შორის შენს საყვარელ ადამიანთან. - ანუ რა გინდა თქვა, რომ ალესანდრო მოძალადეა? - ნერვიულად გადავიხარხარე. - ჩემი ნების გარეშე თმაზეც კი არ მეხება ხოლმე. - კარგი რა ლეა, გამოფხიზლდი. როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისეა ეგეც: თუ, ადამიანი, ვისთანაც ხარ: ალკოჰოლური თრობის ქვეშაა ან უუნაროა იმგვარად, რომ არ შეუძლია გაიგოს, რას სთხოვ …მაშინ მას არ შეუძლია თანხმობის მოცემა და დაუშვებელია მასთან ნებისმიერი სახის სექსუალური აქტის ქონა. - აუ ეგრე შეგიძლია შენს ბენეფიციარებს უხსნა, მე თავი დამანებე. ალესანდრო მიყვარს, მასაც ვუყვარვარ და ეგ ჩვენი ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელებაა, მერე რა თუ ზოგი დეტალი არ მახსოვს. - აუ, აზრი არ აქვს ეხლა შენთან ამის ახსნას. დრო მოვა და გააცნობიერებ, მაგრამ მეშინია მაშინ ძალიან გვიანი არ იყოს. - კარზე ზარია, მიდი გააღე. თვალებგაფართოებული შემოვიდა თინა და თან შემოიტანა წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული, რომელსაც თან ერთვოდა ალესანდროს წერილი. - „ლეა, გუშინ უბედნიერეს კაცად მაქციე. გპირდები, არასდროს ინანებ ამ გადაწყვეტილებას. დღეიდან იმისთვის ვიცხოვრებ, რომ ყოველი დღე დღესასწაულად გიქციო.“ - შენ კიდე ამბობდი მოძალადე და მანიპულატორიაო. წყრომით ავხედე თინას და თაიგული მივიხუტე. მან კი, როგორც სჩვეოდა თვალები აატრიალა და სამზარეულოში გავიდა მომდევნო ჯამი ბატიბუტის მოსატანად. *** რამდენიმე თვის მერე გოგოებს უკვე ნიშნობის ბეჭედს ვაჩვენებდი. თინას მზერით ვხვდებოდი რომ ცალკე გვქონდა სალაპარაკო. ხელში სიგარეტი ეჭირა, გოგოებს უთხრა მოსაწევად გავალო და მანიშნა გავყოლოდი. - მეჩვენება, თუ ჩქარობ. - პირდაპირ მომახალა. - ჯერ მხოლოდ დავინიშნეთ თინა და ძალიან გთხოვ, ნუ დაიწყებ ახლა შენებურს. - კარგი, არაფერს დაგიწყებ. მაგრამ რატომ მგონია, რომ შენს გადაწყვეტილებას გავლენას ახდენს ის, რომ სექსი გაქვთ. - ეგ რა შუაშია. - შუაში კი არა თავშია. ჯერ კიდევ ვერ გამოხვედი დრომოჭმული სტერეოტიპული აზროვნებიდან. საკუთარ თავს არწმუნებ, რომ ალესანდრო შენი ერთადერთი მამაკაცი უნდა იყოს, რახან სექსი გქონდა. მე რომ ეგრე მეფიქრა და ჩემს პირველივე პარტნიორს დავთანხმებოდი ოჯახის შექმნაზე, ახლა ვიქნებოდი გაუბედურებული, ქმარს გაშორებული შვილიანი ქალი ყოველგვარი კარიერისა და სამომავლო გეგმების გარეშე. - კარგი რა, თინა, ნუ ადრამატულებ. - თუ ეგრეა, მაშინ გოგოებს რატომ არაფერს ეუბნები? - ნეტავ არც შენთვის მეთქვა. - მორჩა, დღეიდან აღარაფერს გეტყვი, მაგრამ რაც მოხდება, მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ. უბრალოდ იცოდე, რომ ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი. *** ლეა კლინიკამდე გზა უსასრულოდ გაიწელა. შევედი თუ არა მიმღებში დავუდის პალატა ვიკითხე. გოგონამ ერთი ამათვალიერა და ვინაობა მკითხა. - თუ ოჯახის წევრი არ ხართ, ვერ შეგიშვებთ. - ექოსავით გაიჟღერა რეგისტრატორის ხმამ. - მე.... იცით მე... ენა დამება ნერვიულობისგან. მე მისი საცოლე ვარ და თავმდგმური ვიქნები - ვერაფერი მოვიფიქრე სხვა ალტერნატივა. - ახლა მასთან გამომძიებელია, რომ გამოვა, შეგიძლიათ შეხვიდეთ, მანამდე თქვენი პირადობა მომაწოდეთ. დაუფიქრებლად მივაწოდე პირადობა. შედეგებზე არ ვფიქრობდი. მთავარი ახლა მხოლოდ ის იყო, დავუდი. მთავარი იყო ის მენახა. წუთები საათებად გადამექცა. ერთადერთი რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ გამომძიებელს თვალში არ გავჩხეროდი, თუმცა თუ მიმღებში მოიკითხავდა მნახველებს ძალიან თავისუფლადაც გავიშიფრებოდი, მაგრამ უკვე აღარაფერს დაგიდევდით. გამომძიებელი გამოვიდა თუ არა, 5 წუთი დავიცადე და შევედი. პატარა, თეთრ პალატაში ტუმბო და გვერდულად მდგარი საწოლი იდგა, რომელზეც წვეთოვანის ბოძი მიემაგრებინათ. პაციენტი თავით ფანჯრისკენ იყურებოდა და ჩემს შესვლაზე არც განძრეულა. ვუახლოვდებოდი და თითოეულ ნაბიჯზე გულისცემა მიათმაგდებოდა, სისხლი უფრო გამეტებით მიეწოდებოდა ვენებს და ლამისაა ყელში პატარა ბურთულას ვგრძნობდი, რომელიც არც ზევით ადიოდა და ვერც გადაყლაპვას ვახერხებდი. სახის პროფილი ისევ ისეთი იდეალური ჰქონდა, ოდნავ გაფერკმთალებული და ალაგ-ალაგ ნაკაწრები. როგორც იქნა მივუახლოვდი, დავიხარე და ხელებით თავი ჩემსკენ გადმოვაწევინე. და აი, დადგა ნანატრი წამი, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა. შეეჩეხა და მაშინვე ჩავიძირე ზურმუხტისფერ ოკეანეში. არ ვიცი, რამდენ ხანს ვუყურებდით ასე თვალმოუშორებლივ ერთმანეთს, ერთი ვიცი, რომ დაუხამხამებლობისგან თვალები ამეწვა და ცრემლებმა თავისით გაიკვალა გზა ღაწვებზე. მახსოვს, ადრე მის მწვანეებს მრისხანედ მოვიხსენიებდი, ახლა კი ძალიან მიკვირს. იქ ყველაფერია მრისხანების გარდა. უზომო სითბო, სიყვარული, მონატრება...და მე მზად ვარ მასში ჩავიძირო, როგორც პოსეიდონმა, ზღვის ყველაზე დაფარული სიღრმეებისკენ ჩამიყვანოს, თუ გინდ ჟანგბადის გარეშე დავრჩე. ვეღარ მოვითმინე და მის ტუჩებს ნაზად შევეხე თითებით და მერე ვაკოცე. თავადაც ამყვა. პირველად ვკოცნიდი კაცს ჩემივე ინიციატივით და ეს საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა. თითქოს სიზმარი, რომელიც ვიხილე, ღრუბლებში ერთმანეთში გადახლართული ჩვენი სხეულები ცხადში გადმოიღვარა. ხელები თავზე შემომხვია და მისკენ კიდევ უფრო მიმიზიდა. მარჯვენა ხელზე ჯერ კიდევ წვეთოვანი ქონდა დამაგრებული. მთელ სახეს ვუკოცნიდი და დროდადრო ხელებზე ვეფერებოდი. ვერაფრით ვიქრობდი მონატრების განცდას. აქ იყო მაგრამ არ მყოფნიდა. ერთმანეთს ვუყურებდით და ხმას ვერ ვიღებდით ემოციებისგან. ჩვენს მაგივრად ჩვენი თვალები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და უყვებოდნენ უერთმანეთოდ გატარებული თითოეული დღის სისასტიკეს. - ლეა, ჩემო ლეა. შენ მიპოვე. - ჩუ, თითები ისევ შევახე ფერდაკარგულ ტუჩებზე. სალაპარაკოდ კიდევ ბევრი დრო გვექნება. - მიყვარხარ, ლეა. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. - მეც მიყვარხარ დავუდ. სწორედ ამ დროს ექთანი შემოვიდა და გასვლა მთხოვა. - პაციენტი გადაღლილია, ავარიის შედეგად ტვინის შერყევა აქვს. ახლა ჯობია დაისვენოს. თქვენ კი გამომყევით მის ნივთებს გადმოგცემთ. ხელში მეჭირა პოლიეთილენის დალუქულ პარკში ალესანდროს ტანისამოსი და მეგონა, რომ საგანძურს ვეხებოდი. ფრთხილად გავხსენი. პერანგს ალაგ ალაგ სისხლის კვალი შერჩენოდა. ვერ გავუძელი ყურებას, ცრემლები მომაწვა და ის ის იყო უკან ჩადებას ვაპირებდი, რომ რაღაც გადმოვარდა. დავიხარე და ის იყო. ზურმუხტისპეპლიანი თმის სარჭი. სარჭი ორბელიანთა ფოტოდან, ნილაის თავსამკაული, სარჭი რომლის ტარების ღირსადაც დავუდმა მე ამირჩია. მაშინვე დავიმაგრე და თან საკუთარ თავზე მეცინებოდა. მოუწესრიგებელი, შეშლილი სახით ვმოძრაობდი და თავს ულამაზესი თავსამკაული მიმშვენებდა, ზუსტად ისეთივე კონტრასტულად შეუსაბამო იყო, როგორც ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრება. ის ის იყო, დავუდის პალატაში დაბრუნებას ვაპირებდი, რომ სახეზე ღიმილი შემახმა. ჩემს წინ ალესანდრო იდგა და ისეთი მზერა ჰქონდა, რომ სიცივემ ძვალსა და რბილში გაატარა. ასეთი ალესანდრო არასდროს მინახავს. უცერემონიოდ მომიახლოვდა მკლავში ხელი მომკიდა და გასასვლელისკენ ისეთი ჩქარი ნაბიჯით წამიყვანა, წათრევას უფრო ჰგავდა. - ხელი გამიშვი, რას აკეთებ, გაგიჟდი? - მე გავგიჟდი თუ შენ ლეა? გინდა მკვლელობა ჩამადენინო? მერე ითვალოს შენმა თინამ ფემიციდის სტატისტიკა. - თავი დამანებე, შემეშვი. - აქ ისტერიკების მოწყობის არც დროა და არც ადგილი. ჩქარა, მანქანაში. - ხელით მიბიძგა და თავის გვერდით სავარძელზე დამსვა, ღვედიც საჩქაროდ გადამიკრა და თავადაც ელვის სისწრაფით საჭეს მიუჯდა, თითქოს გაქცევას ვაპირებდი. - მე გაგაფრთხილე, ლეა. შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი გქვია და არ ვაპირებ ჩემს ღირსებას ზედ დააფურთხო. ისედაც ყელამდე ნეხვში ვარ შენი წყალობით. არა, მაინც არ მესმის, იმ ყველაფრის მერე როგორ გაბედე და იმ არაბს მიაკითხე? ჭკუა სულ დაკარგე? - უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო. მე შენ ყველაფერი აგიხსენი და როგორც მახსოვს ურთიერთობაც დავასრულეთ. მხოლოდ ფორმალური პროცედურებია საჭირო, რომ განვქორწინდეთ. - ჰმ, ფორმალური პროცედურები? ღადაობ? მეკაიფები ხომ? არ გიფიქრია როგორ მიიღებს შენს ქცევას შენთვის ძვირფასი ადამიანები? ყველას დაგარკავ. სათნო ლეადან გარყვნილ და მოღალატე ქალად იქეცი. არ მჯერა, ხანდახან მართლა მგონია, რომ კოშმარია და ეს ყველაფერი ცხადად არ ხდება. - განქორწინებას მოვითხოვ. - უფრო ხმამაღლა იყვირე, არ მესმის. მოითხოვე რამდენიც გინდა. სანამ არ დავრწმუნდები, რომ იმ არაბს ახლოსაც არ გაეკარები განქორწინებას ვერ ეღირსები. - გიჩივლებ. - მიდი, თინასთან კონსულტაცია არ დაგავიწყდეს. - სანდრო, მანქანა გააჩერე. - ააა, უკვე სანდროს მეძახი? - გააჩერე მეთქი. სად მიგყავარ. - დედაშენთან. შენივე პირით ეტყვი ყველაფერს და ვნახოთ რა რეაქცია ექნება. შენს ოჯახს დაელაპარაკები. უფროსებს ხომ უნდა დავეკითხოთ რჩევა. - სანდრო, ზედმეტი მოგდის. - სრულებითაც არა. მოემზადე ლეა, წინ დიდი და საინტერესო საოჯახო დავა გველის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.