ფოტო ძველი კაკლის ჩრდილში (სრულად)
მომაღლებულ გორაკზე ჩამდგარი ნიავი ნახევარი მეტრის სიგრძეზე წამოზრდილ იონჯას ცხვირში უღიტინებდა ნახირიდან გამოქცეულ პირუტყვს. ნახშირივით შავი ცხოველი გულმოსული დასცხრომოდა ახლად აბიბინებულ, ნოყიერ ბალახს. ნაკვეთის თავზე შემომდგარმა შავთავშლიანმა დედაკაცმა ერთი ღონიერად ამოიგმინა მისი დანახვისას, ჭარხლის ხასხასა ფოთლებში გამოხარშული ძაფისაგან მოქსოვილი, თბილ-თბილი წინდა ბღაუჭა ბირკებისაგან წამში გაინთავისუფლა გამხმარი, გაუხეშებული ხელებით და თხილის ხისაგან გამოჭრილი ნედლი წკეპლით შეიარაღებული, ფერდებმოსუქებულ ლამაზოს ფეხდაფეხ გამოეკიდა მუქარით. - შე სამგლე ! _ წაჰკივლა ქალმა, _ ეგღა მინდა თოთიამ ამ იონჯას გამო სოფლის ბირჟა აახორხოცოს. გადაადგი ეგ ძირში მოსაჭრელი ფეხი. როდემდე უნდა იპარებოდე ნახირიდან?! გაგიყიდე ის ხბო, გაგიყიდე. არ დაგხვდება სახლში და რაღა მოგარბენიენებს. შეუშვებ თუ არა მაგ უტვინო თავში?!_ ქოთქოთებდა გულზე ალმოდებული ქალი. როგორც იქნა, მწვანე გორებს შორის გამოჭრილ გზაზე დააყენა პატრონის ბრაზისაგან თავგზააბნეული ძროხა და ის იყო, ამჯერად, საკუთარი ხელით შეკერილ წინსაფარს დასწვდა მჩხვლეკავი ბირკების დასაძრობად, რომ მთავარი გზიდან სოფლის მიმართულებით დამდგარ, მტვრის ქარბუქში გახვეულ რამდენიმე ავტომობილს ჰკიდა ხნიერი თვალი. - ის ბალღები არიან ვითომ? რას იტყვი ლამაზო, ჰა ? _ წასჩურჩულა ათიოდე მეტრით წინ წასულ ძროხას მოხუცმა და გალაღებული სახით გამოეცალა მოახლოებულ კოლხოზნიკებს სავალი გზიდან. *** ახალგაზრდობიდანვე ამაყი, გულზვიადი ქალი იყო ტასია ბებო. თხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა, ქვრივად დარჩენილმა დედამისმა თანასოფლელ გივიას რომ მიათხოვა და აგერ უკვე სამოცდაათ წელზე მეტიც კია ფეხიც არ მიუდგამს მამისეულ სახლში მას მერე. მეტიც, იმ უბანს, სადაც თავისი ხანგრძლივი ცხოვრების პირველი თხუთმეტი წელი გაატარა, ვინმეს პანაშვიზე მისული თუ გაეკარებოდა მხოლოდ, ისიც იმიტომ, რომ არ-მისვლა გარდაცვლილის უპატივცემულობაში არ ჩასთვლოდა. პატარა სოფელი იყო უჯარმა და არ უნდოდა, ამ სიბერეში ვინმე მოემდურებინა სამეზობლოდან. იმ სოფლად ყველას უყვარდა ტასიაცა და მისი უხეირო, ცხვირგაჭეჭყილი ნაბოლარა, ორმოცდაათ წელს მიღწეული გოგიაც, დღე და ღამ რომ ცოლის შერთვაზე ოცნებობდა, მაგრამ ისეთი ქალი ვერსად ეპოვნა მის ცუნდრუკა, ღვინის მოყვარულ ხასიათსა და ულამაზო ცხვირს რომ აიტანდა როგორმე. *** - ეგ გამურული ვირთხა, ისევ თუ ჩემს იონჯას მისდგა, ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს და მერე არ იყოს წივილ-კივილი! _ ზურგსუკან მოესმა სოფლის ბირჟაზე შემოსწრებული თოთიას გამყინავი ხმა უბნის წყაროსთან შემდგარ ტასიას, დახავსებულ, ბაყაყებით გატენილ ბასეინში ჩამდგარ წყალზე დაწაფებულ ძროხას რომ მოთმინებით უცდიდა, როდის მოიკლავდა პირუტყვი წყურვილს. თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ერთადერთი თავმოტვლეპილ თოთიას თუ წასჩხუბებია სამეზობლოდან, ოღონდ ყოველ კვირაში ერთხელ. გეგონება რაიონის გამგეობისგან სოფლისთვის გამოყოფილი ექიმის გამოწერილი რეცეპტი ყოფილიყოს ორივესათვის ეს ყოველკვირეული კინკლაობები, ისიც იმიტომ, რომ ტასიას აზრით, უჟმური, კიტრის მწნილივით დამჟავებული კაცი ყოველთვის თავად, ჯიბრზე გამოიწვევდა ხოლმე საჩხუბრად. საანჩხლო არ ელეოდა თოთიას. ხან შენმა წუკლაკმა ძაღლმა წიწილები დამიჭამაო - შეუყეფდა ხოლმე ტასიას, ხან შენმა ნადირმა ძროხამ ღობე შემომინგრიაო, და ხანაც შენმა კაკალის ხემ ეზო ისე დამიჩრდილა, ბუსნო ვეღარ წამოზრდილა ამ ხეირიან მიწაზეო. ეს მაშინ, როცა ყოველ შემოდგომაზე, თოთიას კარ-მიდამო ათობით მაღალი ჩალის ზვინისაგან გადაიპენტებოდა, იმის დასტურად, რომ ტასიას კაკალი ამ საქმეში სუფთა იყო. ერთი სიტყვით, თოთიასთვის რომ გეკითხათ, შეიძლება მეორე მსოფლიო ომიც ქალისთვის დაებრალებინა რამენაირად. ყველაფერზე შეეძლო საკამათო საკითხის გამონახვა მუდამ შავთავშალწაკრულ დედაკაცთან და მისი თავხედობისაგან გაგულისებული, არც ქალი დაუხრიდა ხოლმე თავს მდუმარედ. - შენ გირჩევნია, ეგ ენა მუცელში ჩაასვენო! იმ ბალღებს დააშინებ, წეღან რომ ჩამოვიდნენ ქალაქიდან. რას იტყვიან მერე ჩემს სოფელზე? მანდ ჩამსვლელები აღარა ვართ, კაციჭამია თოთიამ გული გაგვიწყალა ნამეტანი სიანჩხლისაგანო? - ეს ანჩხლი იქნება, ძროხას რომ გამოგიფატრავს და ჭიშკართან მოგიდებს, შე ბებრუცანა, _ წაიდუდღუნა თავისი პარტია თოთიამ. ბირჟაზე ჩამომსხდარ სამიოდე ხნიერ კაცს სიცილის ტალღამ გადაჰკრა წამიერად. კარგა ხსნის შეჩვეულები იყვნენ ამგვარ სეირებს და ხეირიანად მოილხენდნენ ხოლმე კარისმეზობლების ჩხუბზე. მეტი რა გასართობი ჰქონდათ? დომინო, ხილის არაყი და ტასია-თოთიას სპექტაკლები გულის გამახარებელი რამე იყო უსაქმურებისთვის. - ბებრუცანა?!_ შეიცხადა ტასიამ, _ ერთი ასაკისანი მაინც არ ვიყოთ, შე სიბერისაგან გამოჩერჩეტებულო ბერიკაცო. - არ იცოდე მაინც, რამ გამაანჩხლა და დამაბერა,_ წამოსცდა წყენაგარეული სიტყვები თავჩაქინდრულ თოთიას. ქალის გულს რაღაცამ მწარედ წაჰკბინა. აღარაფერი უთქვამს ტასიას იმ დღეს თოთიასთვის. უხმოდ გატრიალდა, ლამაზოს ფერდში უხეიროდ წასცხო გაშლილი ხელისგული და ზანტად, მდუმარედ გაუყვა შარას. აღარ ეცინებოდათ ბირჟის გამმაგრებლებსაც. *** სოფლის თავზე აღმართულ ნაძვნარში დაშენებული კოტეჯებიანი დასახლების შესასვლელთან, ღია მწვანეში შეღებილი უზარმაზარი ჭიშკრის წინ, ერთმანეთის მიყოლებით შეჩერდა ხუთი, მტვერში ამოგანგლული კოლხოზნიკი. ხანგრძლივი მგზავრობისაგან გაბეზრებულმა სტუდენტება უთქმელად დაცალეს მოძულებული ავტომობილები და ერთ მჭიდრო ჯგუფად შეგროვდნენ ჭიშკრის წინ გამოჭიმული სიფრიფანა ტანის ხელმძღვანელის პარალელურად. - მეგობრებო,_სიტყვით გამოსვლა დაიწყო სტუდენტებზე ათიოდე წლით უფროსმა ქალმა და აზრზე მოსასვლელად, მთის სიმაღლით გამოწვეული წნევისაგან ატკიებული საფეთქლები ხელებით დაიზილა რამდენჯერმე,-პირველ რიგში, მოგესალმებით, ხელოვანთა საზაფხულო სკოლაში. მიხარია, რომ წლევანდელი ნაკადი ასეთი ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტდა და მე, ისევე როგორც დანარჩენი ორი ხელმძღვანელი, მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად სრული ორი კვირის გატარება მომიწევს არტისტული სულით გაჟღენთილ გარემოში. მე გპირდებით, რომ ეს იქნება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მხიარული, ამაღელვებელი, შემეცნებითი და დაუვიწყარი საზაფხულო გამოცდილება,_ ქალი კიდევ დიდხანს, საკმაოდ დინჯად განაგრძნობდა მისასალმებელ სიტყვას და იუწყებოდა, რომ ავტომობილს, სადაც მისი კოლეგები და ასევე სტუდენტების ნივთები იმყოფებოდა, საბურავი დაუზიანდა. დაახლოებით ერთ საათს შეჰპირდა ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობისაგან ჩამოქუფრულ ჯგუფს პრობლემის მოსაგვარებლად. უკმაყოფილო შეძახილებმა გადაუარა მთელს ახალგაზრდობას. ზოგს ავარვარებული მზის გულზე არ უნდოდა გაჩერება, ზოგი მგზავრობისას მოდებული მტვრის ტანიდან ჩამობანაზე ოცნებობდა, ზოგს გულისგამაწყალებლად შიოდა და ზოგსაც ძალიან ეძინებოდა. ხელმძღვანელმა გახალისებისაკენ მოუწოდა კრიჭაშეკრულ, დაღლილობისაგან ერთმანეთზე მიწყობილ ტუდენტებს და როცა მიხვდა, რომ ვერავინ აიყოლია უფრო შეეჭმუხნა სახე, უკმაყოფილოდ ამოიოხრა და საფეთქლები ხელახლა დაიზილა. - ეს ქალი რამდენჯერაც შემოგვხედავს, იმდენჯერ თუ ასეთი ქარიფანტია გამომეტყველებით თავის ტვინს დაიმასაჟებს, წამომიდგენია რა ჯოჯოხეთური ზაფხული გვექნება ამის ხელში,_ ამოიბურტყუნა ცისფერპერანგა გოგონამ და მარცხნივ მდგომ შავთმიანს ხელი უხეშად წაჰკრა, ხომ მეთანხმებიო. -ეს ვინაა? _ შავთმიანმა ინტერესჩამდგარი თვალებითა და ღიმილშეპარული ტუჩებით ჰაერში გამოკიდებული ცხვირი პირდაპირი მიმართულებით აიქნია და ცისფერპერანგაც იმ მიმართულებით შებრუნდა. ვეებერთელა ჭიშკარზე ოსტატურად მიბობღავდა შავბერეტიანი ბიჭი. სათავეს რომ მიაღწია, წამით შეჩერდა, დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ მეძინებაო წაუბურდღუნა ხელმძღვანელს და ისეთივე ოსტატობით გადაევლო ჭიშკარს მეორე მხარეს, როგორითაც ყველა იქ მყოფის აშკარა ყურადღება დაიმსახურა. - ეს? ეს პეტრეა, პეტრე ტატიშვილი,_გაეცინა ცისფერპერანგას,- შარშანდელ ნაკადში ვიყავით ორივე. თავიდან თავკერძას შთაბეჭდილებას ტოვებს, ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მოესურვება, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან ნიჭიერი და გულკეთილი ბიჭია, თუ ტასია ბებოს დავუჯერებთ. - ტასია ბებო ვინღაა? _ შავთმიანმა ახლაღა შეხედა თანამოსაუბრეს. - ტასია ბებო, ქვემოთ რომ სოფელი შეგვხვდა, აი, იქ ცხოვრობს. ძალიან კარგი ქალია. შარშან ბანაკში ისეთი გემრიელი მაწონი მოჰქონდა, დღესაც კი მახსოვს გემო. აი, გაიცნობ და მიხვდები,_ შავთმიანს დიდად დამთხვევების არ სჯეროდა, თუმცა თუ ქალი ის სოფლის მაცხოვრებელი იყო, ვინც თავად აინტერესებდა, ქალის ბანაკში სტუმრობის ამბავი ნამდვილად სასიხარულო რამ იყო მაშინ, როცა თავად ბანაკიდან გასვლა წესდების მიხედვით მკაცრად ეკრძალებოდა, თუმცა ზედმეტად კომუნიკაბელურ გოგონას მეტად აღარ ჩასძიებია. *** - უხეში, ხეპრე კრაზანა. ბალღობიდან ეგეთი იყო. ერთს გეტყოდა და ისეთს, დაგიდუდგავდა მთლიან შიგნეულობას, _ გოგიას ორი სათლით მოზიდული წყაროს წყლით რკინის ოვალურ ტაშტში მდუღარე გადაანელა ტასია ბებომ და გავარვარებულ გულზე მკვახე სახით ამოჭყვიპა სარეცხი. - რასა ბობოქრობ დედი? _ გაიღრიჯა გოგია. "ირაჯალას დუქანში" უკვე მოესწრო გვარიანად გამოთრობა და ახლა აივნის ბოძის გარშემო რეტდასხმული ბზრიალებდა ღიღინ-ღიღინით. - ეს მეორე ავაზაკი. კაცმა უნდა გადაგაბათ თოკით და გაგისროლოთ კლდიდან ორთავე, _ ამოწურული შარვალი სუფთა წლით სავსე სათლში შხუილით გაისროლა ტასიამ და აალებული ცისფერი თვალები მყისიერად ვარსკვლავებად აუკიაფდა ეზოში მომავალი ბიჭის დანახვისას. - რაო, ბებო?! _შორიდანვე შესცინა შავბერეტიანმა,_ხომ არ გინდა ამ უსაქმურს ცხვირი გავულამაზო? - პეტრე ბიჭი ჩამოსულაა,_ბოლო ხმაზე ენის ბორძიკით შეჰყვირა გოგიამ. საკუთარ ცხვირზე შეპარული ხუმრობა მამაცურად უგულებელყო და ფეხებთან მიწოლილ თეთრბეწვა ბათუს მკვირცხლად გადააბიჯა დაბრეცილი ფეხები. თაფლისფერთმიან ბიჭს ჰაერში ასატაცებლად მთელი მონდომებით დაეჭიდა სასმლისაგან აჭარხლებული კაცი. პეტრეს გულიანმა გაცინებამ მოიცვა ტასიას თავშალში გამოკრული თმის ღერებიც კი და მიანავლა უწინდელი ბრაზი. - გოგი, ფხიზელზე თუ აწევ შენ ოთხმოც კილოს, ახლა ქუთუთოებიც ვერ აგიქაჩავს, ვერა ხედავ? რაღას მეჯაჯგურები ?_მხარზე მისალმების ნიშნად რამდენჯერმე დაუტყაპუნა ხელი გაბადრულმა ახალგაზრდამ და შურდულივით დაერჭო მომლოდინე ბებოს წინ. თვალცრემლიანმა ტასიამ, ერთი გემრიელად ჩაიკონა მონატრებული შვილიშვილი და თბილ-ტკბილი ღიმილით შავი ჯემპრის სახელო წინ წამოქაჩა, სახის წმენდა დაუწყო პეტრეს. - ბები, თოთიას თუთას თუ მისდექი, აიყროლებს ეგ უჯიშო პირს, როცა მნახავს. მთელი სახე დაგისვრია, შე ონავარო,_გადაიხითხითა ტასიამ. -არა, ბებო. დათა პაპაც იქ იყო, როცა ვჭამდი. ასე მითხრა, დღეს ნამეტანი წავკინკლავდით, ნაწყენი იქნება, თავისდროზე მოუსვი აქედან და გაახარეო. - დათა კი არა, თოთია ჰქვია მაგას,_გულისწრომა დაეტყო ტასიას,_ სინდის-ნამუსი არ გააჩნია მაგ ვიგინდარას, მაგისი ნათქვამი ერთი სიტყვაც არა მწყინს,_ მერამდენედ იცრუა დედაკაცმა ამ საკითხზე, ვეღარც კი ითვლიდა. ტასია ბებოსთან ბაასში ორიოდე საათი დაჰყო ცერცვაძეების აივანზე შემოდგმულ კუშეტკაზე წამომჯდარმა პეტრემ. ზურგსუკან ხმელ-ხმელი მუთაქები ჩაეწყო მისთვის ქალს და უნივერსიტეტის ამბებს აყოლებდა მონატრებულ ტატიშვილს, თან მისთვის რუდუნებით გათლილ ხილს აძალებდა, გინდა თუ არა ჭამეო. გვარიანად გამხიარულებულმა, ფერზემოსულმა ბიჭმა შებინდებისას გაიხსენა, სანამ რომელიმე ხელმძღვანელი შეამჩნევს, რომ დაუკითხავად წამოვედი, მანამდე ვარო მისასვლელი ბანაკში. არც ის ვიცი, რომელ კოტეჯში ან ვისთან ერთად დამაბინავესო. დედაკაცს დაჰპირდა, როგორცვე მოვახერხებ, გინახულებო და შეფიქრიანებულმა, ველოსიპედის წითელ პედალს ზლაზვნით დააჭირა ფეხი. ოცი წუთი არც გასულა,შესასვლელს აჩრდილივით რომ მიეპარა. კარგად იცოდა, როგორ უნდა მოეგო მთავარი ხელმძღვანელის გული. მთების ფერდებზე ამოშლილი გვირილები ლაზათიანად მოებღუჯა შუა ხნის ქალისათვის მისართმევად, თუმცა სანამ დასახულ გეგმას სისრულეში მოიყვანდა, მანამდე ველოსიპედი ჩუმად უნდა შეეტანა როგორმე ეზოში, წინაადეგ შემთხვევაში, სხვების კოტეჯების დასუფთავება მოუწევდა ერთი სრული დღით. ექვსი საათის შემდეგ, ჭიშკარს ყოველთვის შიგნიდან კეტავდნენ. ძველ, კარგა ხნის დაუზეთავ ჭიშკარზე გადაძრომით, მთელს დასახლებას შეაფხიზლებდა, ამიტომ, ურდული უსათუოდ შიგნით მყოფს უნდა გადაეწია. პეტრემ მაშინღა უგდო ყური შორიახლოდან მომავალ მუსიკის ხმას. ნაწყვეტ-ნაწყვეტად აჟღერებულ ნოტებს თუ დაუკვირდებოდით, ვიღაცა უთოდ ტუჩის გარმონზე წერდა მუსიკას. - ჰეი, შენ! _ დაბალ ტონალობაზე დაიძახა ბიჭმა, - მანდ ვინ ხარ?_ხმა არ გაიღო არავინ. მუსიკის ხმაც მიწყდა. როგორც ჩანს, მუსიკოსმა ყური დაუგდო ჭიშკრის მეორე მხრიდან მომავალ კაცის სიტყვებს. თაფლისფერთმიანმა მობეზრებულად აატრიალა თვალები. - მანდ ვინ ხარ-მეთქი. რას დამუნჯებულხარ?! - შენ თავად ვინ ხარ?_ ზარივით აწკრიალდა გოგონას შიშჩამდგარი ხმა. - კარი გამიღე, ურდულითაა ჩაკეტილი. - უცხოებს არ ვუშვებთ ბანაკში, იმიტომაცაა ჩაკეტილი! - ღმერთო! რა ჭკვიანი ხარ,_დაუცაცხანა ბიჭმა, - პეტრე ვარ, ტატიშვილი. მეც ამ საზაფხულო სკოლაში ჩამოვედი ამ დილით. გამიღებ თუ არა, მახინჯო? - შენ რა იცი მახინჯი ვარ თუ არა, ჭკუათხელო ?! _ დაიბუხუნა გოგონამ ბრაზით. ნაპერწკლებმა გაჰკვესეს მის ნუშისებრ თვალებში, თითქოს სადაცაა გრძელ და ხშირ წამწაბებს ცეცხლი მოედებაო ტკაცა-ტკუცით. შავთმიანს კარგად ეცნო ბიჭის სახელი და გვარი. საწყენი სიტყვების მიუხედავად, სწრაფად გადაწია რკინის საკეტი და მძიმედ მიაწვა ფოლადის მწვანე მართკუთხედს. კარს იქით პეტრეს სილუეტი მკაფიოდ გამოიკვეთა. - არ ვიცოდი, თუმცა ახლა დარწმუნებულიც კი ვარ. კარგი წინათგრძნობა მქონია, _ წარბები მჭიდროდ შეეყარა ბიჭს ერთმანეთთან, ველოსიპედი რიხინით შეიყვანა ეზოში და ვითომც არაფერიო, სწრაფი სვლა განაგრძო კოტეჯებისკენ. - არაფერს! _ მკვახედ გამოადევნა შავთმიანმა ბოლო სიტყვა. ბიჭი ადგილზე შედგა, კიდევ უფრო მჟავე სახით გადმოხედა გოგოს ცალი მხრიდან, საშინლად ელამაზა. - ახლა რა? ქრთამის სახით, რამეს ხომ არ მომთხოვ კიდეც სიჩუმის სანაცვლოდ? - მე...არ..._აბლუყუნდა შავთმიანი. - მე...არ..._ენის ჩლიფინით გამოაჯავრა ბერეტიანმა და ისევ აახრიგინა ველოსიპედი მოხრეშილ ბილიკზე. გოგონას სახეზე წყენა და ბრაზი ერთმანეს შეეზილა, და წყენას დაემსგავსა. - უზრდელი,_ დარწმუნებით ჩაიდუდღუნა გაავებულმა, -ცისფერპერანგა აშკარად ცდებოდა, ნამდვილი ქათამია. უზრდელი, გაქუცული ქათამი! *** სიბნელე ერთიანად შემოაწვა გომბორის უღელტეხილს. გეგონებოდა დიადმა მხატვარმა შავ-შავი მაყვლის ნაყოფი დააჭლიტაო ზეცას. ბერეტიანი სამმართველო შენობას მიუახლოვდა და კარზე გამოკრულ სიას საჩვენებელი თითი დაკვირვებით ჩააყოლა. ოცდამეთოთხმეტე კოტეჯში გაენაწილებინათ. ერთი გემრიელად დაამთქნარა სახლის სიახლოვე რომ იგრძნო. ხელმძღვანელის მოთაფვლა საბედნიეროდ აღარ დასჭირვებია. გვირილების კონა გადასაყრელად დაენანა და სამმართველოს მოპირდაპირედ ჩამდგარი კოტეჯის კართან მიაწყო. მერე, ერთიანად ტანმოშვებული, ფეხაკრეფით გაემართა დასაძინებლად. *** მამლის ყივილმა რობინ ჰუდის კეთილი განზრახვით გატყორცნილი ისარივით გასერა ნაძვნარში ჩამდგარი გარიჟრაჟი. მზის პირველმა სხივებმა შეარხია მიძინებული წიწვები, შოშიების ჟღურტულზე რომ მინაბულიყვნენ მთელი ღამით. სიცოცხლის ხელახალმა აფეთქებამ თითქოს უსულო, ძირს დაცემულ გირჩებსაც კი დააწყებინა მიწაზე უგზოუკვლო, ბუნებასთან შერწყმული, ხალასი ბოდიალი. უცაბედად დაათენდა გორაკებზე ხშირ-ხშირად ამოღეღილ ტყე-ღრეს. თაფლისფერთმიანი მკვეთრად შეირხა. რაღაცამ რამდენჯერმე უსიამოვნოდ წაუღიტინა ფრიალა წამწამებს შორის დაკოსებულ სწორ, მამაკაცურ ცხვირზე და მოგრძო, წვრილი თვალის ჭრილიდან გარემოს ზანტად შეანათა სითბოგამჯდარი ქარვისფერი თვალები. გუგები ზემოდან ჩამდგარ ჩრდილზე ფოკუზირდა. გაკვირვებისაგან სახის მარჯვენა ნაწილი მაგრად მოჭმუხნა და ჯერ კიდევ თვალებზე ბინდგადაკრულმა, თავზე წამომდგარ ფაფახიანს დაკვირვებით მიაჩერა გამჭოლი მზერა. ხმელი და კარგა სიმაღლეზე აწოწილი ბიჭი ლაყე გამომეტყველებით თავზე წამოსდგომოდა და გვირილის ფურცლებს სახესთან უფრიალებდა პეტრეს. - შენ ვინღა ხარ? _ ალმაცერად შემყურე ბიჭმა ღრმად, მთელი მონდომებით ჩაახველა. დარწმუნებით იტყოდა, რომ მთელი ღამე ისეთი გაგუდული ძილით ეძინა, ხმის იოგებიც კი მოდუნებულიყვნენ უნებართვოდ. - ოთახის მეზობელი. კრწანისას მეძახიან, _ გაეკრიჭა ფაფახიანი და მისალმების ნიშნად გვირილიანი ხელი ჰაერში შემართა. მერე კი, ვითომ ხუმრობითო, ყვავილის ღერო ხელზე მწარედ წაუწკლაპუნა ახალგაღვიძებულს. - და მერე კრწანისა? ახლა, ყოველ დილით, ასე უნდა მაღვიძო? _ გაეცინა აზრზე მოსულ პეტრეს და აწოწილის კუპრივით შავი ფაფახი კიდევ ერთხელ უცნაური გამომეტყველებით შეათვალიერა. რეაქცია არ ჰქონია მეზობლის მრუდე საქციელზე. კრწანისა გაირინდა. სულ სხვა მოქმედებას ელოდა თაფლისფერთმიანისგან და ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებულიც კი დარჩა თავდაპირველად. წინა დღით, მისი სახელის გასწვრივ პეტრე ტატიშვილი რომ ამოიკითხა სამმართველოს შენობაზე გაკრული სიიდან, ასე უთხრეს, დიდი თავგასული და ჩხუბისთავი ბიჭია ეგ პეტრე და შენი ხასიათი რომ ვიცით, ნამდვილად არ მოგეწონებაო. ესეც ადგა და გადაწყვიტა, თუ ასეთი ქარაფშუტა ვინმეა, თავიდანვე ვაიძულებო წასვლას ჩემი ოთახიდან. კრწანისა ერთი წუთით კიდევ არ გარხეულა და მერე, გულწრფელობის დროც დაუდგა. - შენზე მითხრეს, ცუდი ტიპიაო! - მე კიდევ შენზე გავიგე, სოლომონი, დიდი აბეზარი ვინემეაო! _ ცალყბად გაეპასუხა პეტრე სრულიად უცნობ ბიჭს და საწოლიდან კარგა ხსნის წამომდგარმა, შავი ბერეტი მოირგო დაბალ სიგრძეზე შეჭრილ, დათაფლულ თმის ღერებზე,_მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აბეზარი ხარ, არა? - აბეზარი ნაღდად არა ვარ და სოლომონსაც არავინ მეძახის ! _ წამოენთო ბიჭი. - აი, მე კი ცუდი ტიპი არა ვარ, ნამდვილად! აბა, ვიმეგობროთ, ხმელა? - კრწანისა მქვია, მე! _ ფაფახიანს ღიმილმა გადაურბინა სახეზე, თუმცა მაინც მკაცრად გაეპასუხა მისივე თანატოლს. - მე ხმელას დაგიძახებ! - ხარაშო, შენ ჩემთვის მაშინ ბერეტა ხარ! გაწყობს? - მაწყობს, _ შესცინა ისევ პეტრემ, _ ეგ გვირილები რად გინდა, ხმელა? - აა, ესენი? _ სასაცილოდ ახროტინდა ბიჭი. ხელში ჩაბღუჯული გვირილები პეტრესაკენ გაიშვირა და ცალი ხელით კეფას დაუწყო ფხანა მასხარა გამომეტყველებით, _ წეღან, ვიღაც შავთმიანი გოგო მოვარდა, სად არისო გიკითხა. - მერე? _ სახე აეწვა პეტრეს. რატომღაც, მიხვდა ვისზეც იყო საუბარი. - მერე ის, რომ ისეთი ანჩხლი სახით გამეჭიმა წინ, მოვატყუე გარეთაა გასული, აზრზე არა ვარ სად გაშპა ამ დილაადრიან-მეთქი. შემეშინდა არ მოეკალი, _ ირონიაგამჯდარი დანანებით გააკანტურა თავი კრწანისამ, _ ხოდა, მერე გვირილები მომაჩეჩა და ასე მითხრა, გადაეცი, უზრდელი რომაა, მაგას ყვავილებით ვერ გამოისყიდისო! - მოიცა, მოიცა, მოიცა... - კარგი, ვიცდი! - მაინც და მაინც, მაგ მახინჯის კოტეჯთან უნდა დამედო ეს უბედური ყვავილები?! _ კარის სახელურს ცალი ხელით ჩამოეყრდნო გარეთ გასასვლელად გამზადებული ბერეტა. - რადგან აწ უკვე შენი მეგობარი ხმელა ვარ, აბა დაფქვი, რა მოხდა?_თავისუფლად მოირგო ახალი როლი ფაფახიანმა. გამოფხიზლებულმა შავბერეტიანმა ცნობისმოყვარე მეზობლის სურვილი უპრობლემოდ დააკმაყოფილა და მოყოლის პროცესში ისიც კი შენიშნა, რომ მეზობლის ფაფახი ერთი დიდი, ხუჭუჭა, დაუვარცხნელი და ერთმანეთში გადაკვანძული თმის გროვა იყო ამ ზომაზე უფრო გამხდარი, მაღალი ბიჭის თავზე დაზვინული და მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც უვიც გოგოს ეგონა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა წუხანდელი უხეშობისთვის და მეტიც, ბოდიშიც კი მოუხდია თურმე, მაინც გაეცინა ხმელაზე. - სულ რაღაც ნახევარი საათია გიცნობ, ჩემო მეგობარო და ნაკლი უკვე გიპოვნე! _ დარწმუნებით გადაულაპარაკა კრწანისამ თაფლისფერთმიანს, სამმართველოს შენობისაკენ მიმავალ ბილიკს რომ დაადგნენ ორივე. - ასეთი რა შემეშალა? _ გულწრფელად დაინტერესდა პეტრე. - რა და მახინჯიო, რომ მიაძახე იმ გოგოს, თვალებში ვერ იყურები, აშკარად. აბა შემომხედე შაში-ბეშივით თუ გაგირბის ეგ თვალები, შევამოწმო უნდა!_თავისაკენ დაქაჩა კრწანისამ,_ ელამი შენ არა ხარ. მაშინ გემოვნება არა გაქვს და ეგაა. რა დაუწუნე იმ გოგოს? - მახინჯია და ხომ არ მოვიტყუებდი! - მახინჯი რანაირადაა, ბიჭო? _ განზე გადგა ფაფახიანი.ერთი კიდევ შეათვალიერა ბერეტა,_ ნახე რა თვალ-წარბი აქვს?! ჯერ ჭკვიანი გამომეტყველება რად ღირს და მერე, რა თმა აქვს?! წელამდე! დავიჯერო, მართლა ვერ შეამჩნიე?! - მსუქანია! _არ დანებდა პეტრე,- ხელი რომ წავკრა, ლოტოს კოჭივით დაგორდება სოფლის გზაზე! - არა ძმაო, შენ თუ გემოვნება გქონდეს! _ ხელი ჩაიქნია დანანებით, - აბა გამხდარი და გაჩხიკული ჩემი თავიც მეყოფა. - თუ ასე მოგწონს, მოვიტაცოთ ხმელა,_ ჩაეღიმა პეტრეს. - მე ჩემთვის კი არ მომწონს, თქვენ გხედავთ ცოლ-ქმრად. მე მეჯვარე ვიქნები. აი, ნახე თუ არა. - არავის შეყვარებას ვაპირებ!_დარწმუნებით ჩაიდუდღუნა ბიჭმა, - წამო ახლა დღის განრიგს გაგვაცნობენ ხელმძღვანელები და ვისაუზმოთ მერე. კუჭი მიხმება. **** ორ წყებად განლაგებულ, მსუბუქი საკვებით დახუნძლულ გრძელ მაგიდებთან შემომსხდარიყვნენ სტუდენტები. ყურისწამღები გნიასი მარჯვენა ხელის აწევითა და სიჩუმისაკენ მოწოდებით დაახშო უმალ საჯარო განცხადებისათვის შემართულმა მთავარმა ხელმძღვანელმა. შუახნის ქალს თავზე წითელი ქსოვილის სქელი ზოლი წაეკრა, აშკარა იყო, ამავე ფერის ღაჟღაჟა ტუჩსაცხისთვის საზეიმოდ შეეხამებინა. - ჩემო ლამაზო, ნიჭიერო სტუდენტებო, _ ქალის საქებარი სიტყვები და კეკლუცი ხმის ტემბრი გულიდან წამოსულს ჰგავდა, რაც უთუოდ მიუთითებდა მის სათნო ხასიათსა და სიკეთეზე, - ვალდებული ვარ მოგახსენოთ ბანაკის ერთადერთი და უმიშვნელოვანესი მიზანი. ჩემო კარგებო, ერთადერთი, რაც გევალებათ ისაა, რომ ბოლომდე დაისვენოთ ყოველდღიური რუტინისაგან, დამეგობრდეთ, დახელოვნდეთ და გაიწაფოთ თქვენ-თქვენს საქმეში. ამიტომ, ვინაიდან ზოგად წესებს ყველა შესანიშნავად იცნობთ, რაც თქვენთან გასაუბრებისას დანამდვილებით დავადგინეთ, ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სულ სამი მოვალეობა გაქვთ: არ დაარღვიოთ ზემოთ აღნიშნული ზოგად წესები, დაესწროთ ხელმძღვანელთა გაკვეთილებს და თვის ბოლოს საზეიმო კონცერტზე წარგვიდგინოთ თქვენი ნამუშევარი, რაც სერთიფიკატების აღების საწინდარი იქნება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ სამმართველოს შენობაში. ახლა კი, ტკბილად და გემრიელად მიირთვით! - წინა დღეს ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, ახლა კი როგორი მატრაკვეცა და საყვარელია, ჰა? _ ჩაიხითხითა გოგონამ და ჩვეულად წაჰკრა მუჯლუგუნი გვერდით მჯდომს. პეტრემ მაშინვე გამოარჩია ნაცნობი ხმა და მთლიანი ტანით შებრუნდა ზურგით მჯდარი გამხდარი სილუეტისაკენ. - ხატია, შენც დაბრუნდი უკან? - პეტრე, შე სიმპათიურო,_ მხიარულად შესძახა გამილაღდიშვილმა, - დავბრუნდი, აბა რას ვიზამდი? - სიმპათიურიო, რა ბედის ირონიაა. მე მახინჯი, ეს ლამაზი! _ დიალოგს შეერია წყენით გაჟღენთილი მესამე ხმაც. ღიმილიშემხმარმა შავბერეტიანმა მზერა მეორე გოგონაზე გადაიტანა და წყაროზე შემდგარი დოქივით, იმ წამსვე აღივსო კმაყოფილებით. ისედაც სურვილი ჰკლავდა, რომ ეს აბეზარი არსება თავის ადგილზე მოესვა და შანსი აღარც გაუშვია. არ უყვარდა ადამიანები, რომლებიც ემოციებს ვერ იკავებდნენ და წამდაუწუმ, შეუფერებელ რეპლიკებს ისროდნენ ხოლმე, მითუმეტეს უცნობების მიმართულებით. - შენ რა გქვია? _ შავბერეტიანის მომთხოვნმა და მკაცრმა ხმამ ხმელას თმები უფრო მეტად შეაყენა ყალყზე. - ირინა,_ უდარდელად უპასუხა შავთმიანმა. - ირინა! გავიგე, შენი სიქაჯით ჩემი მეგობარი ხმელა დაგიშინებია ამ დილით. ყავილები სულ შემთხვევით დავდე შენს კართან. ოცნების კოშკებს ნუ ააგებ! შენნაირი მახინჯი, უჯარმის ხელოვნური ტბასავით მოსაწყენი გოგოსთვის ბოდიშის მოხდა თავშიც კი არ მომსვლია, _ მთელი სერიოზულობით დააკვესა ქარვისფერები და მოზღვავებული აგრესიით, წარბშეუხრელად მიაშტერდა ხმაგაკმენდილ შავთმიანს. ირინა შეკრთა. მჟავე გემომ გასწიწკნა გულ-მუცელში და ყელში გაეხლართა მძიმე ხინჯად. ცათამბჯენივით ჩამოიშალა მისი ისედაც სუსტი თავდაჯერებულობა. მოუნდა საერთოდ გამქრალიყო და გულიანად ებღავლა. აბა, როგორია, როცა ვიღაც უცხო ბიჭი, პირველივე წუთებიდანვე რომ გამუდმებით თავში გიტრიალებს, გამუდმებით მახინჯად მოგიხსენიებს? შავბერეტიანს აუტანელად ესიამოვნა გოგოს წამში შეცვლილი გამომეტყველება და უზარმაზარი სურვილი გაუჩნდა, რომ წყობიდან გამოეყვანა, კივილით გაექცია იმ ადგილიდან. თავადაც ვერ აეხსნა რას ერჩოდა ამ შავგვრემანს ან რატომ უწოდებდა მახინჯს, მაგრამ მოსწონდა მისი მიზეზით უკვე მეორედ, გოგონას ამღვრეული სახის ყურება. ხელმეორედ აფოფვრასა და მკვახე გამოპასუხებას ელოდა, უფრო დიდი სეირი რომ მოეწო ამ წუთის წინ მედიდურად მომზირალი გოგოსთვის, მაგრამ სანაცვლოდ, ენაჩავარდნილი ირინა მშვიდად ადგა და უხმოდ დატოვა ხის მორებისგან აგებული სასადილო. ფეხდაფეხ აედევნა გამძვინვარებული ხატიაც. - კარგი ბიჭო, რა გეტაკა? მგონი რომ ტირის!_გაუწყრა კრწანისა. - თავად დაიწყო! _ წაეპასუხა პეტრე ახლად შეძენილ მეგობარს, თუმცა აშკარა იყო, რომ ძველებური რიხით ვეღარ იმართლა თავი. *** საზაფხულო ბანაკის საზეიმო გახსნიდან ერთი კვირის თავზე, ცა გულყვითელა კვერცხივით გადაიბზარა უხიაგად და შიგნეულობა ერთიანად მოთქვიფა მწვანედ აღაჟღაჟებული დედამიწის თავზე. ნაძვნარში ჩამაგრებულ, აქა-იქ წითელ საღებავაღეღილ გრძელ სკამზე მთლიან სიგრძეზე გაშოტილიყო თაფლისფერთმიანი ბიჭი და გულზე ხელშემოდებული, უგუნებოდ მისჩერებოდა მაღლა მონარნარე, გალაღებულ ფრინველთა ფერხულს. კუშტად მომზირალს გულ-მუცელი ნელა აუდ-ჩაუდიოდა შავი პერანგის ქვემოდან, თითქოს დაღვრემილი განწყობა სუნთქვას უშლისო მოდუნებულ, ჩამოღვენთილ სხეულს. უცნაურად მოღრუბლულიყო იმ დღეს მისი გონება. მტკნარი და მდორე, განმარტოებული შეგრძნებები, მისთვის სრულიად სხვა გემოსი გახდა სულ რამდენიმე საათის წინ. მაშინ, როცა იმ გულზვიადი შავგვრემანის ალაკრულ თვალებს წააწყდა, სანამ გოგონა ალაყაფის კარებს გოროზი მზერით გადასწევდა და მუქი ყავისფერი, გრძელი ნაწნავის ჩამოშლით გართული მის უკან მყისიერად გაუჩინარდებოდა. იმ მომენტში, პეტრეს ადუღებულ, შემოძარცვულ შიგნეულობას ბინდთან ერთად შეეზილა დამარილებული, დამლაშებული ფიქრი, რომ არაფერი იყო იმაზე უფრო მელოდიური, ვიდრე ირინას ჩამოთლილი თითების უგზო-უკვლო თარეში საკუთარსავე ნაწნავებზე და ამის გაცნობიერებისას, მისი გული კიდევ უფრო, გვარიანად ჩამოამძიმა ახლად ამოღეღილმა, მანამდე სიფრიფანა გრძნობამ. ხატვა მოუნდა საშინლად. გონება აუქავდა. თვალები აეწვა. რაღაც ვერ იყო იმ დღეს მწყობრში. - მასზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი... _ ფიქრებში წასულს თავზე მთელი მონდომებითა და იშვიათი, ლამაზი ხმით წააღიღინა კრწანისამ. - ისევ ნუ დაიწყე რა! _თხოვნასავით გაისმა მობეზრებული პეტრეს ხმა. - აგერ უკვე ხუთი წუთია მოგჩერებივარ და ხომ გატყობ, რომ თვალში ბინდი გაქვს და გულში ნაღველი?! - კრწანისა, გეყოფა-მეთქი! - სად არის ახლა? რომ დაინახავ, ასე უთხარი: “გიცან! გიცან ჩემო მკველოთქო!“. თუმცა შენ მაგისი სახება ყოველ დროს და ყოველგან დაგდევს უკვე, _ ფხუკუნი ატეხა ახლადგამომცხვარმა გიჟ-პოეტა ფაფახიანმა. - რაის მკვლელიო?! _ ვერ მიუხვდა მეგობარს სიმართლეშეპარული ხუმრობისაგან ბრინჯივით გაბნეული პეტრე. -კაცი ნაწუწნ კანფეტს დაგამსგავსა და აბა რა ბრალი უნდა წავუყენო, მაშ?_კიდევ ერთი ცნობილი ფრაზა ოსტატურად მოიშველია მეგობრის გასაბრაზებლად. - ბიჭო, შენ მეტი სახუმარო არა გაქვს? არ მომწონს-მეთქი ეგ გოგო, რას გადამეკიდე? - ვაი შენ და ვუი მე, რომ ყველაფერს ვამჩნევ და ყველაფერს ვხედავ! _ კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ბიჭმა და წარბშეკრულ პეტრეზე ხელგადახვეულმა ეშმაკური მზერითა და ბრიყვი ღიმილით გვერდულად დაუწყო ყურება კრიჭაშეკრულს. - რას ამჩნევ, შე ქათამო, რას?! - ეჰ ჩემო პეტრე! „პირადი გრძნობების გარეშე ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ღმერთმა!“_ ქალისმაგვარი ხმით წაიწრიპინა კრწანისამ იმ წელს გამოსული ქართული ფიმიდან გაზეპირებული სახუმარო სიტყვები და ბერეტას შხუილით მოქნეული სილა როხროხით აიცილა ოსტატურად. - „სიყვარული ყველას უნდა“ დილა-საღამოს გამოწერილი? ნუ ბოდიალობ, თუ ძმა ხარ, რა! _ გულწრფელად შეუღონდა სახე დაცინვის ობიექტს. - ნუ უარყოფ მაინც ! წეღან ისეთი სახე გქონდა...აი, მე, მაგალითად, ასეთი სახე მაშინ მაქვს, როცა ჩემი ანო მებუტება ქეიფისას, სულ ოდნავ ბევრს თუ დავლევ. ნასვამი შენ არა ხარ და ესე იგი, ის გოგო გიყვარს! - აუჰ, რა მეცნიერული დასკვნა დამიდო! _ბრაზით გაიბერა ბერეტიანი. ხმელზე უფრო ხმელ ფაფახიანზე კი არა, საკუთარ თავზე ბრაზით გაიფოფრა. რანაირად უნდა შეყვარებოდა გოგო, რომელიც იმ დღის მერე აღარც კი დალაპარაკებია, რაც ემოციური ცრემლისღვრით დემონსტრაციულად დატოვა სასადილო?! მართალია, თავს ნამდვილად დამნაშავედ გრძნობდა, რომ ათი წლის ბიჭივით მოიქცა იმ მედიდურად მომზირალ გოგოსთან საუბრისას და იმის მერე, რამდენჯერაც დაინახავდა, იმდენჯერ წამოუვლიდა ხოლმე პირში ფოლადის საზიზღარი გემო, მაგრამ განა ასეთი იყო სიყვარული?! სინამდვილეში ხომ კრწანისას ჰაერზე ნამდვილად არ დაუწყია სიცილ-ხარხარი ამ თემაზე. წინა ღამით, რყევა-ნჯღრევით გამოაღვიძა ბიჭმა მოპირდაპირე საწოლში უშფოთველად მძინარე პეტრე და კმაყოფილებისაგან ერთიანად მომრგვალებული, აკიაფებული თვალებით საზეიმოდ ამცნო: ორი ახალი ამბავი მაქვს შენთვისო. თავიდან ის უთხრა, კბილებს აღრაჭუნებ ხოლმე ძილში და დამიკრიჭე აბა, რამდენად ალესილი გაქვს, იმიტომ, რომ მეორე ამბავს როცა გეტყვი, მეშინია გაავებულმა არ დამგლიჯოვო. თაფლისფერთმიანის გამომეტყველებაზე ხორხოცს რომ მორჩა, დიდი ზარზეიმით წამოაძახა, სულ რამდენიმე წუთის წინ, გინდ დაიჯერე, გინდ - არა, ირინას სახელი ბევრჯერ გაიმეორეო ძილში. ელდა ეცა პეტრეს, მატყუებო დაუჩემა და ძლივს მოიშორა აბეზარი ხმელა იმ ღამით, მაგრამ თავად განცვიფრებისგან ყბამონგრეულს აღარც დასძინებია დილამდე. აი, ამას ერქვა ბეჭებზე დაგდება. რა ხდებოდოდა მის თავს?! წამდაუწუმ რატომ გასცრიდა ხოლმე ტანში ირინას თმისთვის შეხების სურვილისაგან, რამდენჯერაც გოგოს დაინახავდა? სიზმარშიც ხომ მთელი რუდუნებით დაუსვა ხელი მის შავ-შავ დალალებს. ნუთუ მართლა მკერდში ჩაბუდებული ყრუ ტკივილით იწყებოდა სიყვარული?! აშკარა იყო, საკუთარ თავთან გაავდრებული დიალოგის განმავლობაში ჩამოაღამდა გორაკზე გამოკიდებულ ბელეტაჟ ბინებს. შევერცხლილმა, კოკისპირულმა წვიმამ ააშიშხინა გამოფიტულ მიწაზე შემოღეღილი მზის მძაფრი სიმხურვალე და ცხელ-ცხელი ოხშივარი აადინა იქაურობას. პეტრე ადგილიდან არ დაძრულა. გოგო ბანაკში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. კარგად იცოდა ეს, რადგან მოგრძო სკამიდან პირდაპირ გაჰყურებდა ჭიშკარს. ფეხისთრევით მიუახლოვდა მწვანე რკინის ნაჭერს და ზურგით მიყრდნობილს, ის იყო შიშმა აუწვა საფეთქლები, რომ შავგვრემანის მოზომილი ძახილი გაისმა ეზოს გარედან და გულმოფონებული ბიჭიც მყისვე წამოიჭიმა კარის წინ. - ხატია-მეთქი! ხატია!_ წამით გაიყურსა წესებისდამრღვევი, - ვაიმე, არ მოსულა, _ მღელვარებამ გადაჰკრა გოგოს ტირილშეპარულ ხმას. - ღმერთო! ახლა რაღა ვქნა?! - ვინ არის მანდ?! _ მოთმინების ძაფი გაუწყდა პეტრეს და ვითომც ვერ მივხვდიო, თავი მოიკატუნა. - შეგიძლია, კარი გამიღო?_ გოგონას ხმაში იმედი გაღვივდა და მაღალ ნოტაზე გაიჟღერა შეკითხვამ. - უცხოებს შიგნით არ ვუშვებთ, სწორედ ამიტომაც არის ჩაკეტილი! _უნებური ღიმილი შეეპარა ბიჭს სახეზე. - პეტრე?! - ირინა!_გოგონას მსგავსად შეიცხადა. - შეგიძლია, კარი გამიღო? - არა, დარჩი გარეთ. დაიძინე მანდ! - გამიღე-მეთქი! - რატომ? შენ ხომ მუდამ ისეთი თვალებით მიყურებ, თითქოს გინდა, რომ ადგილზე გამაცამტვერო? - მართლა, გამიღე რა, გთხოვ! _ კარსიქიდან საწყლად აბღავლდა გოგო. ბერეტიანს ელდა ეცა და საკეტი მთელი მონდომებით გადასწია, რომ ირინას სახე რაც შეიძლებოდა სწრაფად დაენახა. - რა მოგივიდა, გოგო?! - წავიქეცი და აი, ნახე, _ ამოისლუკუნა ერთიანად გალუმპულმა შავთმიანმა და გადაყვლეფილი ხელი დააჩვენა ბიჭს. - უჰ, რამხელა ჭრილობა გაქვს, სიკვდილს ხარ გადარჩენილი! _ თავი გადააქნია ღიმილშეპარულმა ბიჭმა. - ნუ დამცინი, მახინჯო! _შეუღრინა გოგომ. - მახინჯო?! _ გულწრფელად გაეცინა ბიჭს. რაღაცნაირად გულზე მოელამუნა გოგოს სამაგიეროს გადასახდელი წამოსროლილი სიტყვა. - დიახაც, მახინჯო, უტაქტო ველურო! _ კიდევ უფრო გაახელა ირინამ ბერეტიანი. - მაშ, მასე არა? _ დამაშვრალი გაუხდა პეტრეს მოზღვავებული წყურვილი და მხეცივით დაეტაკა შავთმიანის დანაწვიმ ტუჩებს. ირინა მთლად გადაირია. გაშმაგებით ჩააფრინდა მის სახეზე მარწუხებივით შეზრდილ ბიჭის ხელებს და თავი გაინთავისუფლა თუ არა, ნატკენი ხელი უთავაზა სახეში გაცოფებულმა. -როგორ გაბედე, არამზადა?_ მუჭით მოიშორა ბერეტიანის შეგრძნება მის სხეულზე, მაგრამ ვერაფერიც ვერ დააკლო გავარვარებულ მკერდს. - ახლა მოგიწევს ისეთი სევდით იარო, როგორიც ველურისა და მახინჯის კოცნაა, ლამაზო!_ მედგრად დადგა პეტრე. მიუხედავად იმისა, რომ კინაღამ თავადაც მუხლები მოეკვეთა ემოციებისგან. შავთმიანს კრინტი აღარ დაუძრავს. ამღვრეული თვალებით დაადგა ბილიკს. დამცირებულად, გაქილიკებულად იგრძნო თავი. ბიჭი ნამდვილად დასცინოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ხატიას კალთაზე ხომ ერთი გემრიელად იტირა სწორედ იმ ბიჭის გამო, რომელიც მახინჯად სთვლიდა? - ირინა! _ შეცვლილი ხმით დაუძახა პეტრემ და როცა მიხვდა, რომ გოგონა არ შეჩერდებოდა, ძალით შემოაბრუნა თავისკენ. - ახლა რაღა ჯანდაბა გინდა? კიდევ ძალით უნდა მაკოცო? პირველი აღარ იქნება და ასე აღარ დავიბნევი. აი, მერე კი მართლა ჩაგილურჯებ ორივე თვალს!_ მუქარით დაიღრინა შავთმიანმა. პეტრე პირველობის შეგრძნებამ კიდევ უფრო გააგულადა, ღიმილით ამოიხვნეშა და ირინას წინ ჩაიმუხლა. - უბრალოდ, ფეხსაცმელზე თასმა გაქვს შეხსნილი, _ გამოკვანძა თუ არა წითელი, კოპწია ძაფები, წამოდგომასთან ერთად თითები აატარა გოგონას დაბუჟებულ, დახორკლილ ფეხს. - ირინა!_ბიჭისაგან წარმოთქმულა სახელმა გოგოს თმის ღერები მომხიბვლელად შეარხია ყურთან და ლამაზად გაიჟერა განაბულ გარემოში. - რა? _ მექანიკურად გაეპასუხა წამით ცოცხლების სიაში აღარ მყოფი შავთმიანი. - ჩემი კოცნის სქემა, რა ოსტატურად დახატე წეღან? ესე იგი, დღე და ღამ ამაზე ოცნებობდი, არა?!_გოგოს მოულოდნელი პასუხისაგან სახე აელეწა. ისეთი სიმკვირცხლით გაქანდა საკუთარი კოტეჯისაკენ, პეტრემ ძლივს მოჰკრა თვალი მის სილუეტს. ახლა ნამდვილად დარწმუნა, რომ ბიჭი გაეთამაშა. ალბათ, თბილისში ასე ასობით გოგოს აყვარებდა თავს, და დაიფიცა, რომ ნამდვილად არ იქნებოდა შემდეგი. - არა გაქვს საქმე კარგად, ჩემო თავო!_თავი გადააქნია სიცილით პეტრემ. თავისი საქციელი ვერ აეხსნა, თუმცა ვერც პირობას დაუდებდა საკუთარ თავს, რომ ირინას გაბრაზებული თვალების მიზეზი, კიდევ ბევრჯერ არ გახდებოდა. ის ღამე ორივესთვის ინსომნიის ხანგრძლივ თავგადასავლად იქცა. *** ირინა ერთი, ორი ან სამი დღე კი არ არიდებდა თავს პეტრეს გამჭოლ მზერას, თითქმის მთელი ერთი კვირა ბიჭის ნაკვლევსაც კი არ ეკარებოდა სათოფეზე და როცა კი ბიჭი მასთან გამოლაპარაკებას დააპირებდა, მაშინვე ხატიას იყენებდა ცოცხალ და უტეხ ღობედ. მეტიც, გრაფიკის გაკვეთილიდან, რომელიც ბერეტიანთან ერთად უტარდებოდა ყოველ მესამე დღეს, ჯგუფის ხელმძღვანელს დაეთხოვა და შუადღის ნაკადში ყოყმანით ჩაეწერა, რადგან რაც არ უნდა ბევრი ეჩიჩინა საკუთარი თავისათვის ყოველი ძილის წინ, მაინც ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ბიჭის გამუდმებული მცდელობა მასთან დალაპარაკებისა, უზომო სიამოვნებას ჰგვრიდა. თანაც ბანაკში ყოფნის ბოლო დღეები უკვე ათვლილიყო და ვერც იმ გრძნობას სთმობდა, რასაც მანამდე სხვაში ეძებდა დიდი მონდომებით, თუმცა ვერ მიეგნო. კრწანისას დაუღალავი რჩევები, რომ ტატიშვილს გოგო სადმე გამოეჭირა და საბოლოოდ დალაპარაკებოდა, წყლის ნაყვას წააგავდა, რადგან ბიჭის გოროზ მზერაშივე ნათლად ამოიკითხავდით, რომ მისი გულზვიადი ხასიათის გამო, ირინას კუდში დევნას მეტჯერ აღარც კი გაიფიქრებდა, თუმცა სხვანაირად ნამდვილად ასწავლიდა ჭკუას. - შენ ძალიან კარგად იცი, რამდენჯერაც ვცადე დავლაპარაკებოდი და ბოდიში მომეხადა იმისთვის, რასაც ნამდვილად არასდროს ვინანებ, იმდენჯერ გაქრა სათვალავიდან. ზოგჯერ ეჭვიც კი შემეპარა, ნამდვილად ჯადოქარია-მეთქი, სულ წამებში ორთქლდება ადგილიდან, _ მოლბერტიდან თავი არ აუღია პეტრეს, ისე გაეპასუხა მის გვერდით ჩამომჯდარ ფაფახიანს, ცოცხალი ნატურის პოზიციაში ყურძნის მარცვლებს რომ გემრიელად აწკლაპუნებდა პირით, მეტი დამაჯერებლობისათვის. - საერთოდ არ მაინტერესებს, მოიშორებ მაგ შენს სიამაყეს ძველმანებში გადაგდებული ქუდებივით, რომელიც ვფიქრობ, ადრეც ბევრი გექნებოდა და იმ გოგოსთან საქმეს მოაგვარებ. განა არ მითქვამს შენთვის, სეფაში ჯდომისას, სულ თქვენს სახელზე რომ უნდა ვცალო ყანწები და ჩემი ანო ლანძღვას ყური არ ვუგდო?_ მუშტი შხუილით გაუქანა მის სიტყვებზე ღიმილშეპარულ პეტრეს და დალანდა თუ არა, რომ შავ საღებავშვი ამოწობილი ფუნჯით მეგობარს ახლად წამოწყებული მისივე აბურუდული თმა მთლიად მოათხვრევინა, წამომხტარმა ბოდიშების კორიანტელი დააცალა თავზე. თავის დაზღვევის მიზნით, კოტეჯიდან სწრაფი ნაბიჯით გასულმა, მთავარი შემოსასვლელისაკენ მიმავალ ბილიკზე შემდგარი ირინა და ხატია უცაბედად დალანდა და თავში იმ წამს მოსული მზაკვრული იდეა მაშინვე განახორციელა. - ირინა! ირინა! _ ბოლო ხმაზე დაიღრიალა კრწანისამ შავგვრემანის სახელი და დაიგულა თუ არა მასზე მიჩერებული ორი წყვილი თვალი, ელვის სისწრაფით წამოიყვირა, _ რადგან პეტრე ვერ გეუბნება, მე გეტყვი. ბოდიშს გიხდის იმისათვის, რომ ვირად დაიბადა და ძალიან, გულისგახეთქვამდე უნდა, რომ შეურიგდე, თუმცა არაფერს ნანობს მაშინდელი, როგორ ვთქვა, ინციდენტიდან, _ შავთმიანი ამ სიტყვების გაგონებისას ბრაზისა და სრიცხვილისაგან ერთიანად აწითლდა და ის იყო, უპასუხოდ გაბრუნებას აპირებდა, რომ ახლა ხატიას კისკისა ხმა გაიჭრა ოცდაათიოდე ნაბიჯის მოშორებით ჩაშენებული კოტეჯისაკენ და კარში გამოსულ პეტრეს მალამოსავით მოედო გულ-მკერდზე. - პეტრე! პეტრე! ირინა არ გეტყვის და იცოდე, რომ თავადაც სულაც არ ნანობს მაშინდელ ამბავს და წამოცრემლავს ხოლმე კიდეც ძილის წინ, რადგან იმის მერე აღარ დალაპარაკებიხარ, შე რეგვენო ! _ კიდევ უფრო მეტად აკისკისდა გამილაღდიშვილი, როცა სახეაბრდღვიალებულმა პეტრემ კეფაში წამოარტყა მეტიჩარა ძმაკაცს გაშლილი ხელის გული და მკლავებგადაჯვარედინებული, დედამიწის გულზე ყველაზე კმაყოფილი, ფართო ღიმილით მიეყრდნო კოტეჯის სახურავისთვის შეყენებულ ბოძს. ფიქრებში ქარიშხალჩამდგარ ირინას ჩვეულად ხმა არ გაუღია. გულში ნაპერწკალი გაღვივდა და პატარა, სუსტ კოცონად აკიაფდა. ინსტიქტურად, გულს ხელით დაუყვავა თუ არა, თავშეკავებული გამომეტყველებით შებრუნდა უკან და გეზი ნაძვნარში გამოკიდებული ჰამაკებისაკენ აიღო. პეიზაჟი უნდა დაეხატათ იმ დღეს ფერწერის ლექტორის ხელმძღვანელობით, თუ რა თქმა უნდა, შემთხვევით პეტრეს პორტრეტი არ შემოეხატებოდა გონებაამღვრეულს. *** შუადღე დიდი ხნის წინ გადასულიყო, ვეებერთელა ცამ ფორთოხლის ხეებზე ჩამწიფებული მოსავალი რომ მოიწია. თითქოს, ასეთი ხალასი მშვენიერება უთვალავ ბედნიერ დღეს ჰპირდებოდა მის ქვეშ, მწვანედ გადაღაჟღაჟებულ მინდორზე მიმავალ ორ ქალს, ასაკით ნახევარ საუკუნეზე ბევრად მეტით რომ დაეშორებინა დედაბუნებას. - ტასია ბებო, მე როცა ვერ მოვდივარ, ეგ თქვენი შვილიშვილი მაშინ ხომ მაინც გეხმარებათ ლამაზოს სახლამდე მიყვანაში?_ცამოწმენდილზე დაეკითხა დუდღუნით გოგონა. - პეტრე?_მოხუცს ეშმაკურად გაუკრთა ღიმილი, გოგოს თვალებს რომ ჰკიდა მზერა,_ მაშ არ მეხმარება, ბებო? როგორ არ მეხმარება. აი, ხვალ რომ მოვა, ბებიაშენის გამოტანებულ ფოტოს ვანახებ, ნახე თუ თავადაც არ მიგამსგავსოს ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის მარინეს,_ ახალგაზრდობაწართმეული ხელი დაუსვა ირინას ლამაზ სახეს ტასიამ და კიდევ ერთხელ, ნეტარებით გაიხსენა მისი ბავშვობის სიყვარულის ერთადერთი მესაიდუმლე, თბილისელი მეგობარი მარინე, მისივე ასლი შვილიშვილისათვის საჩუქრად რომ გამოეტანებინა ბავშვობაში ერთად გადაღებული ფოტო, ახლა რომ გულის ჯიბით დაატარებდა. - არა რა, ტასია ბებო! ოღონდ არ უთხრათ, რომ მიცნობთ რა. ხომ გითხარით, ჩვენ ძალიან ვართ ნაჩხუბრები და ნამდვილად არ მოეწონება მაგ ბედოვლათს, თუ გაიგო, რომ ჩუმად გსტუმრობთ ხოლმე,_უხეხულად ჩაეცინა ირინას. არ უნდოდა ქალთან, მისსავე შვილიშვილზე რაიმე ზედმეტი წამოეროშა. - ირინა, ბებო, რამე ხომ არ გაწყენინა ამ ლაწირაკმა, ჰა?_ღიმილითვე ჩაეკითხა ტასია შავგვრემანს და საგანგებოდ ლამაზოსთვის გამართული ეზოს კარი რომ შეხსნა და კუპრივით ძროხა შეატარა, თვალით აივანზე ჩვეულად შემომდგარ კუშეტკაზე ჩამომჯდარ პეტრეზე ანიშნა, გაკვირვებული თვალებით რომ მისჩერებოდა გაზაფხულიან კაბაში გამოწყობილ, მისივე დედისეული სახლის წინ მდგომ გახევებულ გოგონას. იქამდე არ მოაშორა თვალი, სანამ მაგიდასთან შემომსხდრებს, ახალ-ახალი, ოხშივარადენილი რძე პირდაპირ ცხვირწინ არ მიუჩოჩა უცნაურად მოცინარმა ქალმა. - მაშ, აბა ახლა ეს მითხარით, ერთმანეთი ხომ არ შეგყვარებიათ, თქვე ონავრებო, ჰა? _ არც აცია, არც აცხელა და ჩამტკბარი თვალები მოატარა ორივეს შემცბარ სახეს ტასიამ,_ ამხნის ქალს რას გამომაპარებთ, ორ ათწლეულს ძლივს მიღწეულებო? - როგორ გეკადრებათ! _ მაშინვე იფეთქა სკამიდან შეშლილივით წამომდგარი ირინას ხმის იოგებმა. სპილენძის ჭიკის წკარუნზე ოთხივე ფეხზე შემომდგარმა მოხუცმა ბათუმ მადიანად ასვლიპა ძირს დაქცეული რძე. - მე შემიყვარდი, _ დაუყოვნებლივ გაეპასუხა პეტრე დინჯად ბრინჯივით გაბნეულ გოგონას, თითქოს მის რეაქციას სცდიდა, - ტასია ბებო, მე ძალიან შემიყვარდა ირინა, ისე შემიყვარდა, ახლა რომ ვუყურებ, მგონია გულიც გამისკდება, _ ბებიამისს მკვირცხლად მიუტრიალდა დათაფლულთმიანი. ბიჭისათვის გეგონება წუთის წინ გამოცლილ რძიან ჭიქაში სიმართლის ელექ ჩაესხათ და ახლა საკუთარ ენას ვერაფრით დაჰპატრონებოდა. ერთი წამით, გოგო გაოგნებისაგან შედგა, თუმცა პეტრეს პირისახეზე გაპარული ფართო ღიმილის დანახვისთანავე გულდაკუჭული, მამაცური მანევრით დაეშვა სკამზე. ახარხარებული ბიჭი ტასიას საყვედურებით შემკული დაიგულა თუ არა, მაშინვე ის კითხვა დასვა, რომელზე პასუხსაც ქალი ჯერ კიდევ მაშინ დაჰპირდა, როცა ერთ წვიმიან საღამოს, მარინე ბებიას დავალებით, მისთვის ფოტოს გადასაცემად სოფელში გაპარული გოგო ლამაზოს დევნაში ატალახებულ ბილიკზე წაიქცა და ხელი მსუბუქად გადაიქლიშა. - ტასია ბებო, მე ხომ ძალიან მაინტერესებდა, მაგ ფოტოზე, შენსა და მარინეს შუაში რომ მოხდენილი ბიჭი დგას, ვინ არის? ახლა მომიყევით, _ ნამდვილად ოსტატურად მოახერხა უხერხული სიტუაციიდან გამოსვლა ირინამ, რადგან კუშეტკასთან მიწოლილმა გამძღარმა ბათუმაც კი ყურები წამში ცქვიტა, როგორც კი მოხუცის სევდის სუნმა სველ ცხვირზე წაუღიტინა. *** ცა უშვერად შეიკურთხა, რამდენჯერმე ღრენით დაიგრგვინა და ზეცაში უპატონოდ გამოკიდებულ, დედა არწივის მზურვენლობამოკლებულ ბუდეში სიცივისაგან მოკაკვულ, ჯერ კიდევ ქოჩორგადაღეღილ მართვეებს პაწია გული ყელამდე ამოუგდო. შიშის ზარდაცემულმა მართვეებმა მშიერი ხახები ფართოდ გადახნეს და გულის საკლავად აჩხავლდნენ. გაავდრდა. ბარტყებიდან ყველაზე უსუსურისა და ტირილით დაოსებულის ცრემლი მისწვდა პირველად პეტრეს პირ-გამეხებულ სახეს. ბიჭმა წინ სწრაფი ნაბიჯით მიმავალ გოგონას მზერა წამით მოაცილა და უკმაყოფილო, ნაღვლიანი თვალები კუშტად სტყორცნა დაშაშრულ ცას. - გაწვიმდა. ისეთი პირი უჩანს, რომ გვარიანად ჩავჟივდებით, სანამ ამ აღმართს გადავლთ და კოტეჯებამდე მივაღწევთ,_ ირიანამ პასუხის სანაცვლოდ მხრები შეარხია და უნებლიეთ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქვას მკრთალი სლუკუნი ამოაყოლა. - შენ რა, ტირი?_ ბიჭის ცნობისმოყვარეობისაგან გაჯერებულ შეკითხვაზე, გოგონა უმალ შედგა და ელვისებური მანევრით გადმოხედა ქვემოდან ზანტად მომავალ ბერეტიანს. თვალები სუდარაგადაფარებულ მდინარის ნაკადებს მოუგავდა, - ტირი! რამე გაწყენინე? _ ბიჭს ელდა ეცა, გულის არეში ყრუ ტკივილმა მკვახედ დაუარა. ფაქტზე გამოჭერილი ირინა ტყვიანაკრავივით, მთელი ტანით შემოტრიალდა და ის იყო, ლანძღვას უნდა მოჰყოლოდა, რომ ბიჭის დაჭყეტილ, წამში აალებულ თვალებს პირისპირ წააწყდა. თხელ, ნაზი სიოსავით სიფრიფანა კაბაზე წვიმის წვეთები ზანტად მიჰყვებოდნენ უსწორმასწორო ზედაპირს გოგოს ჩამოქნილი ფეხებისაკენ და ტანის თითოეულ გოჯსაც კი მოქანდაკის რუდუნებითა და ვნებით აღსავსე თლილი თითებით ნაძერწს უმსგავსებდნენ. ირინას წვივებს, წვიმის ნაცვლად, პეტრეს თითების შეგრძნება აედევნა კვალდაკვალ. კარგად ნაცნობი შეგრძნების ხელახლა განცდამ სახეზე ალმური აადინა შავთმიანს. ის იყო, ბიჭის მზერით შერცხვენილმა, არამკითხე მოამბეო, გაგულისებით მიაძახა, რომ მოწყვეტით გაადინა კიდეც ზღართანი წვიმისაგან ახლად დალბობილ ქვა-ღრეზე და გორიდან კისრის ტეხით დაცურებული, პირდაპირ ბიჭის მკლავებში აღმოჩნდა. - არაფერი დამინახავს!_ ამღვრეულ თვალებზე ხელაფარებული ბიჭის სიტყვება, ცოტა არ იყოს, გულიც კი მოუფონა გაჯავრებულ გოგოს. მხოლოდ ღმერთმა თუ უწყის, რა საშინლად მოუნდა ირინას დარცხვენი თვალების მრავალჯერ დაკოცნა, - რამე იტკინე? - მგონი, კაბა დამეხა, _ გოგომ თხელი ნაჭრის ნაფლეთი ხელში შეათამაშა და ბიჭის ზურგს უკან წვალებით წამოდგა. - ბანაკში რომ მივალთ, დაგიკერებ, მანამდე კი, აი, ჩემი პერანგი, _ პეტრეს ხმამაღლა გაეცინა. - შენ რა, კერვაც იცი?_გულიანად გადაკისკისებით გაეპასუხა ირინაც. მტკიცება აღარც სჭირდებოდა, რომ ამ ქალის სიცილი ყველაზე ტკბილხმოვანი რამ იყო, რაც კი ბიჭს ოდესმე მოესმინა და მელოდიას აყოლილი თვალები ჰკიდა თუ არა მისივე პერანგში გამოწყობილ გოგოს, მისმა მოთმინებამ წამში ყველა აგრეგატული მდგომარეობის ფაზა გაიარა და სითხედ ქცეული განიდევნა მისი სხეულიდან. მოცინარი სახე სევდიან ვარსკვლავებად ექცა. - იცი რა? ტასიასთან არ მიხუმრია. მეტის მოთმენა აღარც შემიძლია. ასე მგონია, გულ-მუცელი მიჭკნება. აქ რაღაც მტკივა, გესმის? მტკივა იმიტომ, რომ მგონი შემიყვარდი,_ ბიჭის მუცლის არეზე მწარედ მიკრული ხელი უღონოდ მოსწყდა ადგილს, როგორც კი თავდახრილმა ირინამ ზურგი აქცია, - არაფერს მეტყვი?_ გულის შემაღონებელ სიჩუმეში პეტრეს მკაცრი ხმა გაისმა. გოგო შეხტა. მაშინ კიდევ უფრო საშინლად, სამყაროში ყველაზე მეტად მოუნდა, რომ ქალის უარყოფაშემოსხმულ ზურგს უთავმოყვარეოსავით მიჰხუტებოდა. - ღამღამობით, გამუდმებით ტურების კივილი მესმის. დაღამებდამდე თუ არ მივალთ კოტეჯებამდე, მეშინია, რომ ადამიანის სუნს იგრძნობენ და აგვედევნებიან,_ გოგომ გვერდი მძიმედ აუარა და ნატკენი ფეხის თრევით აუყვა აღმართს. - ირინა!_ უარყოფამ ძველებური რიხი შემოაძარცვა თაფლისფერთვალებას გამოკვეთილ ყბებსა და მზერას, _ არ გითქვამს, რატომ ტიროდი. - ტასიას ამბავზე ვტიროდი. ვფიქრობ, არასდროს განელებია იმ ქერა ბიჭის სიყვარული. ალბათ, ჯოჯოხეთს ჰგავს ასეთი ცხოვრება, _ შავთმიანის თვალს, ვინ იცის, მერამდენე ცრემლი მოსწყდა იმ დღეს. დედამიწაზე მყოფმა ერთმა სულიერმაც კი არ იცოდა, რომ გოგო ცხარედ დასტიროდა თავისსავე ბედს. *** სააქტო დარბაზში თავმოყრილ ხელოვან სტუდენტთათვის ბანაკის ბოლო საღამოს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის დრო დამდგარიყო. სცენის განაპირა მხარეს მდგარ შავბერეტიანს, მსხვილი ფუნჯი რომ გაერჭო ყურთან, თითებს ნერვიულად იმტვრევდა და გულში უკვე მეათასედ ამკობდა კწანისას, რომ ჯერ მსგავსი რამ მოაფიქრდა და მერე დაითანხმა კიდეც განხორციელებაზე. პეტრეს მშვენივრად ახსოვდა, როგორ გადაიარა ირინას სახეზე ყველა ემოციამ, როცა თავად თავისი ყველაზე სანუკვარი გრძნობა გაუმჟღავნა, იმასაც ვერასდროს დაივიწყებდა, რა ზანტად გაშორდა გოგო ადგილს და როგორი ხახამშრალი დატოვა თავადაც გაოგნებული. მეტიც, უფრო მეტად რომ ჩაეძია ტასიას ამბავზე უცნაურად ატირებულ გოგოს, გაცოფებულმა ირინამ გამოუცხადა, შენნაირ უნიათო, ჩამოუყალიბებელ და მატყუარა ადამიანს, გონებაშიც კი არასდროს გავიფიქრებდი ჩემს გვერდით, არა თუ გულს დავაწყებინებდი შენს შეყვარებასო. გოგოს ვერ დაეჯერებინა, როგორ შეიძლებოდა ერთ ან ორ კვირაში ადამიანის ისე შეყვარება, რომ ამაში გამოსტყდომოდა კიდეც. ასეთი სიტყვებით გულნატკენმა და გაგულისებულმა ბიჭმა ხელმეორედ რომ აკოცა, შედეგად, აგერ უკვე მეორე დღე იყო, რაც ირინას ფრჩხილების ნამოქმედარს იშუშებდა მარჯვენა ლოყაზე. - პეტრე, _ კრწანისა ამოსდგომოდა გვერდით. თითქოს, ბიჭის აქამდე აქოჩრილ თმის ღერებს მაგიური ძალა დაეკარგათ და უნიათოდ ჩამოეშვათ ცხვირები. - სცენაზე ასვლის დრო მოვიდა. სიტყვები რომ დამავიწყდეს, რა სირცხვილს ვჭამ, ხომ წარმოგიდგენია?_ნერვიულად გაეცინა ბიჭს. - პეტრე! ის, თურმე, წასულა. - სად წასულა?_ იმედგაცურების სუნი აიფოფრა ბიჭის დათაფლულ წარბებზე. - ხატიამ მითხრა. თბილისში დაბრუნებულა, გუშინ საღამოს, _ კრწანისამ ცალი თვალით შეათვალიერა მეგობარი. - კარგია,_ ნაღვლიანად გაუღიმა ხმელ-ხმელ, მისი დარდის გამზიარებელ ბიჭს,_ თუ აქ არ იქნება, ნაკლებად ვინერვიულებ და არც შენ მოკვდები, რომ ნახატის ჩვენების მაგივრად, დამარწმუნე, ამ სცენაზე ჩემი ლექსი წამეკითხა და სიყვარულში საჯაროდ გამოვტყდომოდი,_თქვა თუ არა, წამყვანმა ომახიანი ტაშის ფონზე სცენაზე იხმო კიდეც. *** მაგრად ჩამჭიდე ნაზი ხელები, წამომყევ, ქალავ! უნდა გაჩვენო, მწვანე მინდვრებზე, მზის ქალღმერთი რომ ყვავილებს ფანტავს! წამო, წავიდეთ, სწრაფად წავიდეთ! წყეულ დროს წამებს მეტს ვეღარ ვპარავ! წარმოსახვაში, ჩუმი ღიმილით, მაგ ლამაზ თმებში გვირილებს გაწნავ. შეხედე, ქალავ. იმ მხატვარს შეხედე, შენს თვალებს ცაზე სილაღით ხატავს. შეხედე ღრუბლებს, ძლიერ გაწვიმდა. ჩვენს სყვარულზე ატირდნენ, ალბათ. წამო, დავლაშრქოთ სველი მინდვრები, ფეხშიშველები გავუყვეთ შარას, წამო, წავიდეთ, რად იგვიანებ?! ნუ გადამაქცევ მაგ წუთის ხარბად სული ამტკივდა, აქ ვეღარ ვუძლებ. წამო, წავიდეთ ამ სივრცის გაღმა ახლა, უბრალოდ ის მინდა, რომ ცას ღამე შევხედო გიჟურად ლამაზს. წამოდი, ქალავ, მთებში წავიდეთ. ცა უფრო ახლოს იქ არის, მაღლა. წამოდი, თორემ გულში გაწვიდა, ცრემლების ზღვაში დავიწყებ წანწალს. ბიჭის წრფელმა, დაღონებულმა ემოციებმა თითქოს ყველაზე სევდიან დროში გაყინა მთელი აუდიტორია. გარინდულ ადამიანთა სახეებს ხატიას ერთმანეთზე შემოკრულმა ხელის გულებმა მკვახედ გადაურბინა. აქუხდა მთელი დარბაზი. სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტმა ამაყად შეათამაშა ზაფხულის სიცხისაგან დანამული მხრები. მას ხომ წლის ის ყველაზე სახელგანთქმული სიუჟეტი ჩაუვარდა ხელთ, რომლის წყალობითაც, მომდევნო რამდენიმე თვე ახალგაზრდა გოგოების განუწყვეტელ ზარებსა და პეტრეს ვინაობის დადგენის მცდელობებს მთელი ტელევიზია დიდი მობეზრებით იგერიებდა. *** უჯარმის მზე კუდამოძუებული გაშპა მთებს გადაღმა. შორიგზიდან მომავალი, დაქანცული ბინდი წამოწვა კოტეჯების მზეზე დაბრაწულ სახურავებზე. ხის მოწნულ სავარძელში ჩაფლული პეტრე ჭრიჭინების ხმაზე მოცეკვავე იასამნისფრად აალებულ სანთელს თვალმოუშორებლივ დაჰყურებდა, ხატიას მოზომილი ნაბიჯიების ხმა რომ გაისმა მომცრო აივანზე. - შენს ლექსზე, მთელი ვახშმის მანძილზე, გაუჩერებლად საუბრობდა ხალხი. მგონი შენი ემოციებით უფრო გამოიკვებნენ დღეს, ვიდრე მაგიდაზე ეულად შემოდგმული ბორშის წვნიანით, _ მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი გამამხნვებელ ჟესტად,_ რატომ არ მოხვედი?! - ვეხვეწე, მაგრამ არ მშიაო დაიჟინა. სანამ სიბრაზისგან თავს არ მომაჭამდა, შევეშვი,_ ოთახიდან ჯერ კიდევ მოწყენილი თმებით ფეხაკრეფით გამოვიდა ხმელა და ორ მეგობარს წინ დაუსკუპდა, - ეგ რა ფოტო გიჭირავს ხელში? - ეს? ამ ფოტოზე ტასია თავის ორ საუკეთესო მეგობართან ერთად დგას სოფლის თავში დიდი კაკალი რომაა, მაგის ჩრდილში. გოგო ირინას ბებოა, ბიჭი კი დათა პაპა. ხომ გახსოვს, ხმელა, დათა პაპაზე რომ გიყვებოდი? - ირინას ბებო და შენი ბებო ერთმანეთს ემეგობრებოდნენ?_ გულწრფელად გაუკვირდა ბიჭს, თუ რა პატარა ქვეყანა იყო საქართველო. - მთელი ბავშვობა მაინტერესებდა, რატომ ჩხუბობდნენ ტასია და დათა ყოველ დღეს, განურჩევლად ყველა თვის, სეზონის, წლის და გინდაც, კინაღამ ნახევარი საუკუნისა... და თურმე... იმიტომ, რომ ერთმანეთი სკოლის მერხიდან უყვართ და არასდროს მიეცათ უფლება, რომ ერთად დაბერებულიყვნენ, _ დანანებით გადააქნია თავი პეტრემ, _ ასეთი სიყვარული ჯერ არ მსმენოდა აქამდე. ტასიამ გვითხრა, რომ ძალით მიათხოვეს ათი წლით უფროს, ჯარიდან ახლად დაბრუნებულ, სოფელში სახელგანთქმული ოჯახის შვილს... და დარჩნენ ორივე ასე, უერთმანეთოდ, მაგრამ მაინც ერთმანეთის ცხოვრებაში, გულში და ალბათ სხეულის ყველა უჯრედშიც კი. ხომ ვხედავ, დღემდე როგორ ადარდებთ ერთმანეთი, არა? - პეტრე, იცი, მე აქ რაღაცის სათქმელად მოვედი,_ ნერვიულად აათამაშა ფეხები ხატიამ, _ ეს დღეები უკან ვიხევდი, მაგრამ ახლა, ამ ამბის მოსმენისას ვიცი, რომ უნდა გითხრა. ირინა ალბათ ხმას აღარ გამცემს, მაგრამ მგონია, რომ სწორად მოვიქცევი, თუ გაგიმხელ, რაც მისი მონაყოლით ვიცი. - დაფქვი, ხატია,_ იმ საღამოს პირველად დაინახეს ხმელას მოქუფრული წარბები. - ირინამ თავისი ამბავი მომიყვა. არ ვიცი, შენ იცი თუ არა. მამამისი შერვაშიძის მთავარი ასისტენტია. რამდენიმე წლის წინ, თურმე ერთ საქმიან შევხედრაზე, ამ ჩვენს ბედოვლათ პრეზიდენტს გაუხუმრია, შენი შვილი და ჩემი პატარა ბიძაშვილი დავაქორწინოთ, შერვაშიძეების რძლობას თუ არ დაიწუნებსო შენი გოგო. მაშინ, ცხადია, ირინას მამამ თავი დაივალდებულა და..._გოგომ სიმწრით ამოიხვნეშა, პეტრეს დაჭიმულ ყბებს რომ ჰკიდა თვალი_ მოკლედ, ამ შობას დაგეგმეს ირინას და ვიღაც აკაკი შერვაშიძის ქორწილი. ირინა ამბობს, აკაკი ძალიან, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ვერაფრით შევიყვარე ამ წლების მანძილზეო. ბებიამისს დაუნახავს ამ ზაფხულს, გულამოსკვნით რომ ტიროდა და ირინამაც გაანდრო მიზეზი. მარიანა ბებიამ, სწორედ მაშინ ანახა ეს ფოტო. სთხოვა, ფოტოზე მყოფი ამ პატარა გოგოს და ბიჭის ისტორია გაერკვია, და დაჰპირდა, რომ მათი ამბავი აპოვნინებდა სწორ გზას. მერე არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ირინამ ამ ბანაკში ამოყო თავი და... - და აშკარად, იპოვა თავისი სწორი გზა, არა?_ არ დააცადა წინადადების დასრულება პეტრემ, - ის ხომ წავიდა? ესე იგი, ჩემი სიყვარული არაფრად ჩააგდო. - წასვლის წინ, ასე თქვა, აკაკის ნდობასა და სიყვარულს ვერც ვუღალატებ და ვერც გულს ვატკენ ამ ბიჭს, ზაფხულის ორ კვირიანი გატაცების გამო, რომელიც გამოუცდელობისგან სიყვარული მგონიაო,_ საქმის შემობრუნებას ცდილობდა გოგო, მაგრამ ირინას ქმედება უთუოდ იმის მომასწავებელი იყო, რომ მას სხვა ვინმე აერჩია და უნებლიეთ წამოროშილზე, დადუმდა. - ვფიქრობ, ჩემი ნაბიჯი უკვე მრავალჯერ გადავდგი მისკენ,_ბიჭმა უდარდელობით შენიღბული სიტყვები ძლივს ამოაგლიჯა საკუთარ გულს. ის ღამე, ჰამაკში მძიმედ და უღონოდ, ღია ცის ქვეშ გადაათეთრა. *** ბედობა დღეს ჩამოთოვილი ფიფქები თალხად გადაჰკვროდა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარ ირინას ფიქრებს. თოვლს თავისივე საქორწინო კაბასთან აიგივებდა, კარადაში რომ შეეკიდა და უეცრად, მჭახე გულის რევა იგრძნო. მონატრება ისევ სუსხიანი პრჭყალებით ჩაჰფრენოდა მთელს გულზე და ნაწილ-ნაწილ უფლეთდა ისედაც ჩანაცრებულ, დაკარგული სიყვარულისაგან ჩაქუცმაცებულ გულს, მარინეს ხმამაღალმა შეცხადებამ რომ დაიჭექა სიჩუმეჩამდგარ ბინაში. - ირინა, ბებო ვიღაც ავაზაკებს დანით დაუჭრიათ ის მზისსადარი ბიჭი, _ ქარიშხალივით შექანდა შავგვრემანის საძინებელ ოთახში შეძრწუნებული მარინე. - ვინ, ბებია, ვინ დაუჭრიათ დანით?_ ადუღებულმა გულმა ავად გასწიწკნა ამბის გაგონებისაგან დაბნეულს. - ვინ, ბებია და ტასიას შვილიშვილი, პეტრე, დაუჭრიათ ვიღაც გაქნილ მეჯიბგირეებს. ტყავის ქურთუკის წართმევა მოუნდომებიათ ქუჩაში მიმავალისთვის და ამან არ დაანება თურმე. ეს რა ბიჭი დააჭერინეს სიკვდილს ხელში, მაგ მიწადასაყრელებმა მაგათ, ჰა? _დიდხანს ქოთქოთებდა კიდევ ელდანაცემი მარინა, შვილიშვილი კელანაკბენივით, საავადმყოფოს მისამართის გაგებისთანავე, უკანმოუხედავად რომ გაქანდა სახლიდან. ძლივს შეამჩნია შვილიშვილის აცრემლებული თვალები და ახლა მაგაზე მორთო გაუთავებელი ვიშვიში, რამ გადარიაო ეს გოგო. *** თვალი გაახილა თუ არა, გვერდით მწოლიარე ირინას მოჰკრა თვალი, ზედ რომ მიშტერებოდა ტირილისაგან დასიებული, ამოშავებული თვალებით. - ძალიან ლამაზი ლექსი იყო,_ სლოკინი გაურია ძლივს გასაგებ სიტყვებს გოგომ. - მეგონა, ისევ მესიზმრებოდა ეს თმა, _ გულზე დაფენილი შავი თმის ღერები სახეზე მიიხუტა დასავათებულმა ბიჭმა, და მშვიდი, ძლიერი სუნთქვით მოცულ ტკბილ ძილს მისცა თავი. დასასრული ავტორისგან: ფაქტობრივად, ჩემი პაწაწინა ისტორიით უკვე მოგესალმეთ, მაგრამ მაინც, კაი გამარჯობა თქვენი. ეს არის ამბავი, რომელიც გომბორის უღელტეხილის გზაზე, უჯარმაში გავლისას გონებაში ჩამაფრინდა და სანამ არ დავწერე, არ მომასვენა. ვიცი, დილეტანტი ვარ ამ სფეროში, არც რაიმე პრეტენზია მაქვს მწერლობაზე. ამას ისიც ცხადჰყოფს, რომ ამ ისტორიას ადრე სხვა ნიკით ვაქვეყნებდი, მაგრამ პროფილის პაროლი დამავიწყდა და ბოლომდე არ დასცალდა დღის სინათლის ნახვა. მაინც მინდა გაგიზიაროთ... და მოლოდინი? შენ თუ ამას კითხულობ, იცოდე, რომ შენს ერთსიტყვიან კომენტარსაც კი, ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ალბათ, საიტს ყოველ 5 წუთში დავარეფრეშებ, ახალი კომენტარის იმედად. გრამატიკული შეცდოემებისთვის, წინასწარ ბოდიში მომიხდია და მივიღებ კრიტიკის ქარცეცხლსაც, მამაცურად დავუდგები, პირობას ვდებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.