შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |8|


12-12-2020, 21:18
ავტორი Âme
ნანახია 576

ჩვეულებრივ ადრე გაეღვიძა. თუმცა, სიმშვიდე ეუცნაურა. აქ არავინ ყვიროდა,არც-დიდები, არც-პატარები. ჩაცმისას თავს არავინ დაგჩხაოდა. ნელა გამოძვრა საწოლიდან. თავთან დალაგებული, საგულდაგულოდ დაკეცილი ტანსაცმელი ერთმანეთის მიყოლებით გადმოაწყო, ფეხსაცმლის თასმები კოხტად შეიკრა და საწოლი გაასწორა. ახლა რა ეკეთებინა, როგორც ჩანს, თავად უნდა აერჩია. ჯერ , კარგა ხანს ოთახი ათვალიერა. მაგრამ, მისთვის საინტერესო უფრო ფანჯრის მიღმა სამყარო აღმოჩნდა. პატარა სკამზე ააბიჯა, ხელებით ჩარჩოს ჩაეჭიდა და მინას შუბლი მიადო. ცნობისმოყვარედ აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ. ხედი პირდაპირ მწვანე მოედანზე იშლებოდა. გაკვირვებული უყურებდა თავისუფალ ტანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცს, რომელსაც თან პატარა ბავშვი და ძაღლი ახლდა. ნუთუ, ამათაც დააძალეს დილით ადრე ადგომა, ფიქრობდა თავისთვის. თორემ სხვაგვარად, ახსნას ვერ უძებნიდა, რატომ უნდა გერჩივნოს ძილსა და თბილ საწოლს სიცივეში გარეთ სირბილი. თავადაც ვერ მიხვდა ისე გაერთო მათ ყურებაში. რამდენიმე წრე რომ შემოურბინა ამ კაცმა მწვანე მოლს, ბავშვს მიუახლოვდა ,ხელი წაავლო და ჰაერში აიტაცა. ხმა არ ესმოდა, მაგრამ შორიდანაც კარგად ჩანდა, ორივე იცინოდა. ძაღლი მათ ირგვლივ ბედნიერი დახტოდა. გამოდის, ასეთი ყოფილა ცხოვრება მარილისის გარეთ. თავისით გამოსულან გარეთ. ალბათ, ეს ბავშვი ამ კაცის შვილია. კი მაგრამ, დედა სად არის. ფეხის წვერებზე აიწია, კარგად რომ დაეთვალიერებინა მიდამო. მაგრამ, იქ სხვა არავინ ჩანდა. დედა მასაც არ ჰყავს , თუ სახლშია? ალბათ სახლშია. თავისთვის ფიქრობდა ნიკოლა და თავადვე სცემდა პასუხებს გონებაში დაბადებულ კითხვებს . ნეტავ, მამა რომ ყოლოდა, ისინიც ასე ირბენდნენ დილაობით, ასე იცინებდნენ ? შეიძლებოდა ძაღლი მათაც ჰოლოდათ, ან-კატა. შეიძლება, სრულიად მარტოებიც ყოფილიყვნენ, დილით ადრე ამდგარიყვნენ, ანდაც ,გვიანობამდე დაეძინათ. როგორც მოუნდებდობათ ისე მოიქცეოდნენ, არავინ არაფერს დააძალებდათ. არავინ სცემდა და ბევრს, ძალიან ბევრს იცინებდა. ნეტავ, ყველა მამა ასეთია? მამაზე ადრე არასოდეს უფიქრია. ბავშვთა სახლში სხვა ბავშვებს მხოლოდ დედები აკითხავდნენ, ისიც ზოგს და იშვიათად. ალბათ, რა ბედნიერებაა, როდესაც ორივე მშობელი გყავს და ორივეს უყვარხარ.
მისთვის მოულოდნელად კარზე კაკუნი გაიგონა , ინსტიქტურად ჩამოხტა ფანჯარასთან მიდგმული პატარა ტაბურეტიდან და მხრებში გამართული დაელოდა როდის შემოაღებდნენ.
-შეიძლება?- მორიდებით იკითხა ქალმა და ვიწროდ შეღებულ კარში შემოყი თავი,-შენთან სტუმარია ნიკოლა.
სტუმრის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა. პირველი ვინც თავში მოუვიდა, ანარა იყო. მოუთმენლობამ აიტანა, დაავიწყდა მარილისში ნასწავლი ყველა ეტიკეტი , კარისკენ გაექანა და პირდაპირ მისაღებში გავარდა. მაგრამ , იქ ანარა არ დახვდა. ვიღაც, მისთვის უცნობი , საკმაოდ მაღალი მამაკაცი იდგა, ხელები წინ გადაეჯვარედინებინა და ღიმილიანი სახით უყურებდა. მის დანახვისას დაიხარა, მუხლზე დადგა და ისევ გაუღიმა.
-გამარჯობა ,- კითხვის და გაკვირვების გაერთიანებული ინტონაციით წარმოთქვა ეს სიტყვა და პასუხს დაელოდა.
-გამარჯობა ნიკოლა, მე ლეონი ვარ,- მისასალმებლად გამოწვდილ ხელს პატარა თითები შეახო და ისევ მოშორებით დადგა.
-მე თქვენ არ გიცნობთ.
-ვიცი. სამაგიეროდ, მე მსმენია ბევრი შენს შესახებ.
-ბატონი ლეონი შენს წასაყვანად მოვიდა ნიკოლა,- საუბარში ჩაერია ქალი და მხრებზე მზრუნველად გადაუსვა ხელი.
-ჩემს წასაყვანად? მარილისში უნდა დამაბრუნოთ?,- შეშინებულმა იკითხა ,თუმცა კი ცდილობდა არაფერი შეემჩნია. დაბნეულმა ახედა მის უკან მდგომ ქალს , თითქოს მისგან ელოდა ნუგეშსა და უარყოფას.
-უნდა წაგიყვანო, მაგრამ მარილისში არა.
-აბა, სად?
-შენთან ანარამ გამომგზავნა.
-დედასთან უნდა წამიყვანოთ?როდის?- უცებ გაუბრწყინდა თვალები და სიხარულსიგან ცქმუტვა დაიწყო.
-რაც მალე ჩაიცმევ და მოემზადები, მით მალე მივალთ.
-მე უკვე მოვემზადე,- სწრაფად დატრიალდა და ისევ მასზე შეაჩერა მზერა.
-დილით არაფერი უჭამია,- საუბარში ჩაერთო სოციალური აგენტი და თბილი მოსაცმელი მიაწოდა ლეონს.
-დიდი მადლობა, აღარ შეგაწუხებთ. ისედაც , მთელი ღამით თქვენთან დაიტოვეთ. დღეიდან მე ვიზრუნებ, რომ სულ კარგად იყოს,- ერთმანეთს დაემშვიდობნენ, გადაწყვიტეს, მომავალ შეხვედრაზე იურიდიული პროცედურები ბავშის გარეშე გაევლოთ. აღარ უნდოდა ზედმეტად დაეტვირთა და აქეთ-იქეთ ეტარებინა. ნიკოლა ისეთი გახარებული იყო. სულ კუნტრუშ- კუნტრუშით გაირბინა ასფალტიანი ეზო, თან უკან-უკან იხედებოდა. ალბათ, ჯერ კიდევ არ ეჯერა, რომ ეს მართლა ხდებოდა მის თავს. ლეონმა შორიდანვე გააღო დისტანციური სამართავით მანქანის კარი და ანიშნა წინ ჩამჯდარიყო. წვალებით აფოფხდა მაღალ სკამზე და კომფორტულად მოკალათდა. ეგონა გუშინ დაიძინა და დღეს სულ სხვა , ახალ სამყაროში გაიღვიძა. ლეონს ყოველ ჯერზე ბედნიერებისგან ეღიმებოდა. საოცარი ენერგიით ავსებდა ეს ბავშვი. ღვედი საკუთარი ხელით შეუკრა , შუბლზე აკოცა და ძრავი აამუშავა .
***
დილით, ღრუბლიანი დღეების შემდეგ , მოულოდნელად გამოჩენილმა მზის სხივმა შემოიჭყიტა ოთახში და ანარას სახეზე გადაურბინა . ქალმა ნელა გაახილა თვალები. ეუცნაურა, ოთახში რომ აღმოჩნდა . იფიქრა , ალბათ მერიმ შეაღვიძა და ძილბურანის გამო არ ახსოვდა. ხელები განზე გაშალა, ღრმად ჩაისუნთქა და ლოგინიდან წამოდგა. გამჭირვალე ფარდებს გარედან შემოსული ნიავი აფრიალებდა. არეულ გადასაფარებელს ხელი მოავლო და მხრებზე შემოისხა . ძველი ხის ფანჯარა ჭრიალით გაიღო ფართედ და გზა გაზაფხულს დაუთმო. ცდილობდა თავი გაემხნევებინა , მაგრამ ნიკოლაზე დარდს მაინც ვერ იშორებდა გულიდან. ჩუსტების ჩლატუნით გავიდა ოთახიდან. შემოსასვლელში, კომოდზე დადებული წამლების შეფუთვას ინსტიქტურად მოავლო ხელი, სამზარეულოში შეიტანა, სწრაფად ააცალა მაგიდის ზედაპირს წყლის ჭიქა და ონკანი გახსნა. თეთრი აბი შეფუთვიდან გამოაცოცა, თუმცა ისე გადაეშვა ფიქრებში, გადაყლაპვა დაავიწყდა. ორივე ხელით დაყრდნობოდა მყარ ზედაპირს. ნეტავ , ახლა სად იყო ნიკოლა, თავს როგორ გრძნობდა ,როგორ ეძინა. თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა , მისი სხეულის გახსენებისას. წამლის გემო მწარე მოგონებებთან ერთად გაიშალა ენაზე შეგრძნებებს შორის და ერთ-ორად გაამძაფრა წარსული. ონკანი სწრაფად დაკეტა, რამდენიმე ყლუპი წყალი მოსვა, თუმცა სილასავით მოდებოდა თეთრი ფხვნილი მთელ ზედაპირს და დავიწყების საშუალებას არ აძლევდა. მარილისის ბავშვებს არ გაუმართლათ, ეს პატარა კი, მის მუცელში რომ მშვიდად იჯდა , საოცრად იღბლიანად მიაჩნდა. ისე ელოდებიან, იმდენ ძალისხმევას დებენ მშობლები, რომ ამ ქვეყნად მოევლინოს. ვინ იცის რამდენი პროცედურა დაჭირდა ეილინს. რამდენი უარის და წინაღობის გადალახვა. რამდენი იმედგაცრუების გამოვლა. ახლა კი, საბოლოოდ, ერთი პაწაწინა უჯრედი თავდაუზოგავად იყოფოდა და ახალ ადამიანს აძლევდა დასაბამს.
-შენ როგორი ძლიერი ხარ და როგორი ბედნიერი იქნები,-მუცელზე მიიფარა თითები და ვერც მიხვდა, ისე გაესაუბრა. ტელეფონის ზარმა გამოარკვია ფიქრებიდან. ეკრანზე ნაცნობი ნომერი დაეწერა და პასუხისთანავე ხალისიანი ხმა მოისმა მეორე მხრიდან.
-დილა მშვიდობისა, როგორ ხარ, როგორ გეძინა?
-კარგად მერი, მადლობა. ისეთი შერცხვენილი ვარ შენს წინაშე, ვერც კი გავიგე ისე წახვედი. მადლობის გადახდაც ვერ მოავერხე გუშინდელ ქაოსში მარტო რომ არ დამტოვე . უფრო სწორად, ჯერ ალბათ ბოდიში უნდა მოგიხადო,-შუბლზე გაისვა ხელი და ჩაეცინა.
-რას ამბობ, ბედნიერი ვარ , რამით თუ დაგეხმარე. ბატონ ლეონთან მინდოდა საუბარი. ალბათ, ტელეფონი დაუჯდა, ვერ ვუკავშირდები და შეგიძლია შენი მობილური მიაწოდო?
-მე , აბა საიდან? აქ არ არის .
-მართლა? ასე ადრიანად წავიდა?
-წავიდა?- გაკვირვება ვეღარ დამალა ანარამ .
-ჰო, არ გაგიგია? გუშინ მოვიდა, წამლები ამოგიტანა და სახლში გამომიშვა. მითხრა, მე მივხედავ და რამე თუ დაჭირდება, აქ დავრჩებიო.
-ჰო? მე კიდევ ისე მეძინა, ვერაფერი გავიგე. ალბათ, დილით ადრიანად წავიდა.
-ცუდია, რომ ვერ ველაპარაკე. თუ მოვა , ან დაგირეკავს გადაეცი, მოვაწესრიგე რაც მთხოვა და შეუძლია, ნებისმიერ დროს წაიღოს.
-კარგი, აუცილებლად გადავცემ.
-შენ კიდევ დაისვენე. მე უნდა დავკიდო, იზოლდა ისედაც გაცოფებულია და ადგილს ვერ პოულობს . დროებით,-გაეცინა მერისაც და მისი ხმა წყვეტილმა წრიპინმა შეცვალა. გვიან მიხვდა , თურმე იღიმოდა მასთან საუბრისას. რა კარგი ყოფილა, ვიღაცას რომ გაახსენდები, მოგიკითხავს, შენი ამბით დაინტერესდება. თავს პირველად გრძნობდა ასე უცნაურად, ვიღაცისთვის მნიშვნელოვან ადამიანად. თუმცა, უცებ კარში გასაღების გადატრიალების ხმამ შეაცბუნა. ვიღაც საკლიტურს ეწვალებოდა. მერი არიყო, არც არავის ელოდა. ვინ შეიძლებოდა მოსულიყო, იქნებ ისევ წასაყვანად მოაკითხეს. აჰ, იქნებ უარესი, ქურდები შემოვიდნენ. მაგრამ , ამ სახლში რა უნდა ეპოვნათ. იმ ერთ წუთში რაც მოასწრო ყველაფერი ერთად იფიქრა, შეშინებულმა ფეხაკრებით გაირბინა დეფერანი , აივანზე გატანილ გატეხილ სკამს ფეხი მოაძრო, ორივე ხელით მაგრად დაიჭირა და შემოსასვლელი ოთახისკენ ნელა დაიძრა. მეტალის ჩხაკუნი არ ჩერდებოდა. გულის ბაგა-ბუგს უკვე ყელში გრძნობდა. დერეფანს გასცდა და ის- ის იყო კარში შემოსულ ამოუცნობ პიროვნებაზე თავდასასხმელად მოემზადა, სკამის ფეხი მაღლა შემართა, ხელთ მხოლოდ ნაცნობი მამაკაცის სახე და გაოცებისგან აღმომხდარი შეყვირება შერჩა. ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ელოდა ლეონი. ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ანარა შეშინებული იდგა, მის წინ და ხელში გაურკვეველი წარმომავლობის ხის ნაჭერი ეჭირა.
-ბატონო ლეონ?- გაკვირვებისგან სხვა ვერაფერი თქვა .
-რას აკეთებ , ჩემი მოკვლა გინდა ?
-მე?- მხოლოდ ახლა მიხვდა , რომ საკმაოდ საშიშად გამოიყურებოდა და ჰაერში აღმართული ხელი ნელა დაუშვა ძირს,- ისე შემაშინეთ .
-დამიჯერე , მეც საკმაოდ,- გაეცინა ლეონს
- მე კიდევ, ვიფიქრე ვიღაც უცხო შემოვიდა, -დაბნეულობისგან ვეღარ მიხვდა რა ეთქვა და სიტყვები ერთმანეთში აერია.
-კიდევ კარგი, დროულად ამომიცანი, თორემ ალბათ თავს გამიტეხდი,- ლეონი კი არ წყვეტდა მის დაცინვას და რაც დიდხანს აკვირდებოდა მის შეშინებულ სახეს , მით უფრო ვერ იკავებდა თავს.
-ბოდიშს გიხდით, უბრალოდ ...
-კარგი, კარგი.. შენთვის კარგი ამბავი მაქვს.
-რა ამბავი?- ამასობაში ლეონმა იქვე კიბის რამდენიმე საფეხურით მდგომ ბავშვს ანიშნა, რომ შეეძლო გამოჩენილიყო . ნიკოლამაც სხარტად ამოირბინა და ანარას ისე შემოეკრა, ქალმა გონზე მოსვლა ვერ მოასწრო წესიერად. სიხარულისგან გაევსო მთელი სხეული წამიერად . ყველაფერს წარმოიდგენდა ალბათ , ამის გარდა . გუშინდელი დღის შემდეგ არ ეგონა რამე თუ გააღიმებდა.მუხლებზე დაეშვა და ორივე ხელით მაგრად მოეხვია პატარა სხეულს. მთელ სახეს უკოცნიდა, სიხარულის ცრემლები სდიოდა და აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. ეგონა, გასკდებოდა ბედნიერებისგან. ნიკოლას კისკისი ისმოდა მთელ სახლში და ძველ კედლებს ,თითქოს, ახალ სიცოცხლეს ჩუქნიდა. მოფერებით გული რომ იჯერა, ხელი ჩაჰკიდა , მისაღებში შეიყვანა და კიდევ ერთხელ დააკვირდა.
-როგორი ბიჭია, ერთი შეხედეთ,-იმეორებდა თბილად და თვალს ვერ წყვეტდა.
-მაინც როგორი ხარ დედა ანა , მოახერხე და იზოლდასგან წამომიყვანე. არადა გეგონა ვერ შეძლებდი. შენ ნამდვილი დედა ხარ ?- მთელი დამაჯერებლობით, გაკრეჭილმა თქვა ნიკოლამ და სიამაყისგან მხრებში გაიმართა. ანარას უკვე ემოციების გაორებისგან სიცილ-ტირილი დაეწყო და ამაოდ ცდილობდა გაკონტროლებას.
- სინამდვილეში, მე ვერ მოვახერხებდი პატარავ, ბატონი ლეონი რომ არ დამხმარებდა.
-მართლა? კიდევ ერთხელ მადლობა კეთილო ბატონო, რომ დედას დაეხმარეთ. ჩემს გამო ძალიან ნერვიულობდა და ალბათ ბევრიც იტირა,- გულწრფელად და დანანებით მიმართა ლეონს და მადლობის ნიშნად ხელზე მოჰკიდა ხელი.
-მან გადაწყვიტა გიშვილოს და ამიტომაც დაგრთეს ნება , რომ იქაურობა დაგეტოვებინა.
-ანუ, ბატონი ლეონს უნდა ჩემი მამა გახდეს ?
-აჰამ, - თანხმობის ნიშნად თავი დააქნია ანარამ.
-იცი, დღეს ფანჯრიდან ვუყურებდი კაცი და ბავშვი როგორ თამაშობდნენ. ანუ ახლა მეც მეყოლება მამა და მეც შევძლებ მასთან ერთად თამაშს ხოლმე ? რა კარგია. ახლა ბატონი ლეონი მამა იქნება, შენ კი-დედა.
-ნიკოლა, საყვარელო, ასე მარტივადაც არ არის. ბატონ ლეონს ცოლი ჰყავს . შენი დედიკო ქალბატონი ეილინი იქნება .
-ვინ? ქალბატონი ეილინი ვინ არის .მე მას არ ვიცნობ, არასდროს მინახავს.
-ვიცი, ჩემო პატარავ. მეც ახლახანს გავიცანი. დამიჯერე ძალიან კარგი ქალია და დარწმუნებული ვარ, შენთვის საუკეთესო დედიკო იქნება. მეც ხშირად მოვალ ხოლმე და გინახულებ. ან, არ ვიცი, როგორც ბატონი ლეონი დამრთავს უფლებას და შევთანხმდებით, არა ?
-რა თქმა უნდა . როცა მოგინდება, დროს სულ ერთად გაატარებთ,-ნიკოლა გულისყურით ისმენდა ანარას ნათქვამს. ხან მას უყურებდა, ხან-ლეონს.
-მე არ მინდა სხვა დედა,-უცებ შეეცვალა ხასიათი და ხელები ძირს დაუშვა
-ნიკოლა..
-რა ანარა, შენ მე ვინმე სხვა შვილში გამცვლიდი? მე არ მინდა სხვა დედა მყავდეს,-კატეგორიულად გამოაცხადა და ეტყობოდა აზრის შეცვლას არ აპირებდა.
-მომისმინე პატარავ...-სულ ტყუილად ეცადა ანარა მის დამშვიდებას.
-არ მინდა მოსმენა. თუ იზოლდასთან დაბრუნება და მოცდაა საჭირო წავალ ისევ მარილისში და დაგელოდები, სანამ შენ მოგცემენ ჩემი წამოყვანის უფლებას. იზოსი კიარ მეშინია. რა უნდა დამმართოს, დიდი-დიდი ისევ მცემოს,- უყურებდა ლეონი და ძლივს მალავდა გაოცებას. თითქოს, რა პატარა იყო მის წინ მდგომი ადამიანი. რამდენი წლის კი იქნებოდა ხუთის? ექვსის? მცემოსო ისე ამბობდა, ისე გულგრილად. იმდენად იყო შეჩვეული ფიზიკური ტკივილის მიყენებას, მისთვის კიდევ ერთი გაშოლტვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ისე უყვარდა ანარა, იმდენად უყვარდა, ღმერთო, კეთილდღეობას, თბილ სახლს, საჭმელს, მყუდრო გარემოს, დაუფიქრებლად თმობდა მისი გულისთვის. იზოლდასთან დაბრუნებაზეც თანახმა იყო. უყურებდა და ვერ ხვდებოდა ვისში უფრო მეტი ვაჟკაცობა და ადამიანობა იყო, ამ პატარა არსებაში, თუ მთელ დანარჩენ, მის ირგვლივ მცხოვრებ საზოგადოების წევრებში, საკუთარი თავის ჩათვლით.
-მე არ ვაპირებ დედასთან დაგაშორო ნიკოლა, გზაში ხომ უკვე ვისაუბრეთ ამაზე,-ძლივს გაბედა დიალოგში ჩართვა და ეცადა სიტუაცია ცოტათი მაინც განემუხტა .
-რაზე ისაუბრეთ?
-დიახ, თქვენ მითხარით რომ დედასთან ვიქნებოდი.
-კი, სწორედ ასე იყო. უბრალოდ, რადგან დედას ქმარი არ ჰყავს , მარტოხელა ქალს არ მისცემენ შენი მარილისიდან წამოყვანის უფლებას. მე და ეილინი დიდი ხანია დაოჯახებულები ვართ, ამიტომ, ოფიციალურად ჩვენ ვიქნებით შენი მეურვეები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს , რომ ჩვენ შენ ანარას გართმევთ ან პირიქით, მას-შენ თავს. ის ყოველთვის შენი დედიკო იქნება. უბრალოდ, ახლა, სხვაგვარად არ გამოდის.
-ანუ, უნდა მოვიტყუოთ, რომ ვითომ დედაჩემი ეილინია?
-ასე გამოდის.
-კი მაგრამ ტყუილი ხომ ცუდია, ასე არ მასწავლე?-გაკვირვებული თვალებით ახედა ანარას. ფირქობდა, მისგან უფრო მარტივად გასაგებ პასუხს მიიღებდა. თუმცა, ანარამაც არ იცოდა, რა უნდა ეთქვა , რა მოემოქმედებინა .
-იცი, აქ ცოტა სხვაგვარადაა საქმე.
-ეგ უკვე მითხარი დედა. მაგრამ , მე მაინც ვერ გავიგე, რატომაა ასეთი რთული. არ შეიძლება შენ იყო დედა და ბატონი ლეონი მამა? ძალიან მომეწონა მამობისთვის,- მთელი გულწრფელობით გამოთქვა ნიკოლამ და გაიკრიჭა. თუმცა , მისი ღიმილი საქმის ვითარებას ვერ ცვლიდა.
-ნიკოლა, დამერწმუნე ქალბატონი ეილინიც მოგეწონება. ძალიან კეთილია, თანაც, მას მალე პატარა შვილი ეყოლება . ერთად ითამაშებთ, შენგან ნამდვილად ბევრ რამეს ისწავლის.
-თავისი?
-კი, თავისი.
-მერე, მე მაინც დამიტოვებენ? ანუ, ბატონ ლეონს და ქალბატონ ეილინს თავისი შვილიც უნდათ და სხვისიც ?
- რა თქმა უნდა ,დაგიტოვებენ პატარავ. სხვაგვარად როგორ, უკან ხომ არ გამოგიშვებენ ?
- რა უცნაური ხალხია, ვერაფერი გავიგე. ჩემს მშობლებს საკუთარიც არ უნდოდათ, იქ დამტოვეს. უცხოებს კი თავისიც ჰყავთ და მეც უნდათ რომ წამომიყვანონ.
-იმიტომ რომ კეთილი ადამიანები არიან და ჩვენ ვიცით, რომ ....
-კეთილი ადამიანები უნდა გვიყვარდეს და ყოველთვის მადლობა გადავუხადოთ, როგორც შეგვიძლია,- ერთად დაამთავრეს ფრაზა .
-კარგი, თუ ყველას ასე გინდათ წამოვყვები შვილად,- ჩაილაპარაკა მოწყენილი ხმით. მაგრამ, ცდილობდა უდრეკობა ბოლომდე შეენარჩუნებინა და არაფერი შეეტყო.
-შენზე უარს არ ვამბობ , კარგი? შენზე არასდროს ვიტყვი უარს,- ისევ მოეჭიდა ანარა ნიკოლას პატარა ხელებზე , ნიკაპი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
-ვიცი, არც მე. გავიგე რაც მითხარი, არ ინერვიულო ,- პატარა ხელის გული ლოყაზე მიადო. იმდენი მზრუნველობა იყო ამ პატარა ბავშვში, იმდენი სიყვარული. ყურთან ახლოს მიიწია , ჩასჩურჩულა: სადაც არ უნდა ვიყო, შენ სულ ჩემი ერთადერთი დედიკო იქნებიო, კისერზე მოეხვია და რბილად აკოცა.
***
ყველასთვის სხვადასხვაგვარად გათენდა იმ დღეს. ეილინს საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება როგორი ამინდი იყო გარეთ. მუქ ფარდებში არც ღრუბლის ნაცრისფერი აღწევდა და არც- მზის ნათება. დილით ლეონი ურეკავდა, მაგრამ არავისთან უნდოდა საუბარი. როგორც სხვა მსგავს დროს , ახჯერადაც ავტომოპასუხეს დაუთმო ასპარეზი. ორი დაწრიპინების შემდეგ ოთახში ლეონის ხმა ისმოდა.
-ლინი, როგორ ხარ? შენზე ვღელავ. გუშინ არ უნდა წავსულიყავი და მარტო არ უნდა დამეტოვებინე . არ მინდა იფიქრო, რომ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვიღებ და არ მადარდებს შენ რას ფიქრობ. მინდა ახლაც ისე ვიდგეთ ერთად , როგორც- ამდენი წლის განმავლობაში. ახლა მივდივარ ნიკოლას წამოსაყვანად. შენთან მშვიდად საუბარი მომენატრა , მარტო ამ თემაზე არა , ყველაფერზე. ბოლო დროს, ვატყობ ორივემ დავკარგეთ თავი. ყველაზე ნაკლებად ახლა შენთან კამათი მჭირდება, დამიჯერე. გპირდები, შენთან არ მოვიყვან , სანამ ყველაფერს არ გავარკვევთ და თავად არ მოინდომებ მის გაცნობას. მინდა ბედნიერი იყო ლინი, მაგრამ, ამ სამყაროში მარტო ჩვენ არ ვართ და არამგონია რამე დაშავდეს, კიდევ ერთი ადამიანის დახმარებას თუ მოვინდომებთ. იმ ეილინს, მე რომ მიყვარდა, ეს ნამდვილად ენდომებოდა, ისეთივე ენთუზიაზმით, როგორითაც ახლა ჩვენს პატარს ველოდებით. უბრალოდ, იქნებ ვისაუბროთ. აღარ მინდა იგივე განმეორდეს. დამირეკე როცა შეძლებ. გკოცნი.
ზარი ისევე დასრულდა-როგორც დაიწყო, ორი გულისგამაწვრილებელი დაწრიპინებით. ეილინმა ნელა წამოწია თავი, წამოჯდა და ტერფები ოთახის ფუმფულა ჩუსტის ზედაპირზე გაასრიალა. ხელის გულები აქეთ იქეთ დააწყო. თვალი რაღაც არარსებულ, წარმოსახვით წერტილს გაუშტერა. ლეონს არ ესმოდა მისი, ასე რატომ იქცეოდა, რატომ შეიცვალა, რადგან არაფერი იცოდა. იჯდა საღამურებით, ჩუსტებით და ვერ ხვდებოდა სად უნდა წასულიყო. საწოლის კიდეზე ფრჩხილებით დააკაკუნა, რიტმულად. ისევ გაიმეორა. რამდენიმე წუთი ასე იჯდა. შემდეგ, ხელები შიშველ ბარძაყებზე გადაიტარა და მუხლებზე დაილაგა. ახლა კვირისტავებზე დააკაკუნა ფრჩხილებით. გუშინდელის გამო ძალიან განიცდიდა. იცოდა, მისი საქციელი არ იყო სწორი. ანარას ისე აწყენინა, დაუმსახურებლად. მისთვის რომ ასე ეყვირათ, თანაც საჯარო სივრცეში, ალბათ არასოდეს აპატიებდა. ისე გაეგოისტდა, იმ წუთას რომ სხვას იგივე პრობლემა არ აწუხებდა, სხვას იგივე საფიქალით არ ეშხამებოდა ყოველი გათენებული დღე, სხვა არ ელოდებოდა, ყოველ ჯერზე, სასიკვდილო განაჩენს. იფიქრა, მარტოც მშვენივრად გაართმევდა თავს , მაგრამ-ვერა. სიჩუმეში გატარებული ყოველი წუთი ჭამდა და რაც მეტად ცდილობდა კარგ ხასიათზე ყოფნას, თავის მოჩვენებას, რომ ყველაფერი რიგზეა, მით მეტად ეზიზღებოდა რეალობა. უნდა ეთქვა, ვინმესთვის უნდა ეთქვა , თორემ ჭკუიდან გადავიდოდა. ერთი კვირაა, რაც საკონტროლო ანალიზები გააგზავნა და ახლა ისე ეშინოდა პასუხების, როგორც-არასდროს. გრძნობდა უკონტროლო გახდა, საკუთარ თავში ვეღარ იტევდა და იმდენად დიდ უარყოფით ენერგიად აგორდა ეს საიდუმლო, სადაცაა ყელში გაეჩხირებოდა და დაახრჩობდა. პირველი თავში ვისი სახელიც ამოუტივტივდა , ანარა იყო. ჰო, ალბათ ანარასთან წავიდოდა. ისედაც, აუცილებლად უნდა მოეხადა ბოდიში. მიხვდა, გუშინ რაც ლეონმა უთხრა, სრული სიმართლე იყო. ღმერთო, როგორ გაეგოისტდა. ხელები სახეზე აიფარა , თითქოს მთელ სამყაროს ემალებოდა და ცდილობდა განზე გამდგარიყო. არადა , ახლა ისე უნდოდა სიცოცხლე, როგორც -არასდროს. ალბათ, ამიტომაც ეშინოდა პასუხების. ყოველი დღე უფრო ეძვირფასებოდა. ყოველი დაღამება ნიშნავდა , რომ საკუთარ შვილს უფრო მალე აიყვანდა ხელში. და რა მოხდებოდა თუკი ამას ვერ მოახერხებდა. თითქოს, რაღაც გაურკვეველი ხმა გამუდმებით ჩაჰკიოდა ყურში, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მხოლდო ოცნებად დარჩენილიყიო. შეიძლებოდა ,რამდენიმე ფურცლის ნაგლეჯით სანატრელი მომავალი თავზე ჩამოქცეოდა. არა , ამაზე ფიქრს თუ გააგრძელებდა..... მაგრამ ის არ ჩერდებოდა. იმეორებდა, იმეორებდა , იმეორებდა და ახსენებდა იმ ვერაგი, პათოლოგიური უჯრედის გამოჩენის შესაძლებლობას. ასე, პარანოიამდე არც თუ დიდი მანძილი აცილებდა. არა, ვეღარ იქნებოდა ასე, პასუხი დადებითიც რომ ყოფილიყო იბრძოლებდა. იბრძოლებდა და დაამარცხებდა, როგორც-წარსულში. ლეონი ახლაც მის გვერდით იყო. ყველაფერი გამოუვიდოდათ. ტელეფონმა მეორედ დარეკა. არც ახლა გარხეულა ეილინი. ისევ ჩაირთო ავტომოპასუხე. ამჯერად შუამავალი კლინიკიდან იყვნენ. პასუხები გადმოეგზავნათ და საკურიერო მომსახურებით ორ საათში მიიღებდა. მორიგი, მონოტონური ტონით წაკითხული უინტერესო ინფორმაციასავით გაიარა შეტყობინებამ ტვინში. ის კი, ისევ იჯდა და რაღაც გაურკვეველ წერტილს მიშტერებოდა. გაახსენდა პირველი გამოკვლევები, პასუხებს მთელი ოჯახი ერთად ელოდებოდა. მაშინ არ იცოდა საკუტარ დიაგნოზზე უფრო ღელავდა, თუ-სხვების მღელვარებაზე. დანამდვილებით იცოდა, არ უნდოდა სხვებს შეცოდებოდათ. საშიშად ყვითელ კონვერტში შეფუთული მოიტანეს მისი ცხოვრების განაჩენი. ახსოვს, თმების გაცვენისაც ეშინოდა. მისდა გასაკვირად თმები ადგილზე შერჩა, მაგრამ , სულ გადაავიწყდა მათი არსებობა. ალბათ, თმებს დაუფიქრებლად დათმობდა სხვა სიმპტომების სანაცვლოდ. ისეთი პატარები იყვნენ ის და ლეო, ისეთი შეშინებულები, მაგრამ ყველაფერს იმედიანად უყურებდნენ. მაშინ განქორწინებას აპირებდნენ. საბუთები მოწესრიგებული ჰქონდათ. ხელის მოწერაღა იყო დაჩენილი. მერე, ისე მოულოდნელად, არსაიდან მოვიდა ეს დაავადება, არავინ ელოდა. წამითაც არ უფუქრია ლეონს მისი მიტოვება. არც კი იცის ,როდის დასრულდა მათი ქორწინება, მაგრამ მისი ცხოვრების ადამიანად იქცა და დღემდე ასე იყო. რამდენი წელი გავიდა ვინ იცის. მის შემდეგ რამდენჯერ გაიკეთა გამოკვლევები, ახლა რატომ ეშინოდა ასე განსაკუთრებულად. იმიტომ ხომ არა , რომ მაშინაც მის ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდნენ. სწორედ მაშინ გამოჩნდა და ყველაფერი აურია. ახლა რა იქნებოდა. ისევ დარჩებოდა მის გვერდით ? არა ამაზე ფიქრი ერთი დიდი უსამართლობა და მათი ურთიერთობის შეურაცხყოფაა. ასე ვეღარ გააგრძელებს უნდა ადგეს. ადგეს და ცხოვრება გააგრძელოს, ყველა შემთხვევაში.
სახლის გამაყრუებელი და დამთრგუნველი სიჩუმე კარზე კაკუნმა დაარღვია. ნელი ნაბიჯებით მივიდა , ღრმად ჩაისუნთქა, სახელურს მაგრად ჩაებღაუჭა და ფართეს გამოაღო. მის წინ ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ხელში საშიშად ყვითელი საქაღალდე ეჭირა. იგრძნო როგორ შეეპარა ხელში სისუსტე. მარცხენა ხელი აუკანკალდა. რამდენჯერმე შეკრა მუშტი, არ უნდოდა მისი მღელვარება ასე შესამჩნევი ყოფილიყო . თუმცა, ვერაფერი მოახერხა. რაც შეეძლო სწრაფად მოაწერა ხელი, ნაძალადევად გაიღიმა, კარი მიიხურა და ხის ზედაპირს ზურგით გაეკრო. არა, არ შესწევდა მათი მარტო ნახვის ძალა. ხელში პირველი რაც მოხვდა ის ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
რამდენიმე ქუჩა გაიარა. თუმცა, საჭესთან ამ მდგომარეობაში ჯდომით მარტო საკუთარ თავს კიარა, სხვასაც საფრთხეს უქმნიდა. მანქანა იქვე, გზის პირას გააჩერა და პირველსავე გამვლელ ტაქსს ხელი დაუქნია. ქუჩები ისე მირბოდნენ თვალის გადევნებას ვერც კი ასწრებდა. ფანჯარა ბოლომდე ჩამოეწია და ცდილობდა ღრმად ჩაეშვა ჰაერი. თითქოს გაწმენდას ცდილობდა, თითქოს ქუჩის ჰაერს მისი სულის დარდების გამორეცხვა შეეძლო. მალევე გაჩერდნენ ნაცნობ სახლთა. აღარსად გაიქცეოდა, სადარბაზოში შევიდა, შეუჩერებლად აიარა კიბეები და დააკაკუნა. კარს მიღმა ნაბიჯების ხმა გაისმა. მოახლოვდა , მოახლოვდა, მეტალის ურდულის ხმა, სახელური ირიბად დაიხარა და კარიც გაიღო.
-გამარჯობა,-მოწყვეტით, გარკვევით თქვა და ღრმად ამოისუნთქა.
-ქალბატონო ეილინ?- გაკვირვება ვერ დამალა ანარამ. ეილინი ის ადამიანი იყო, ვის გამოჩენასაც ახლა ყველაზე ნაკლებად ელოდა.
***
-რას იტყვი, მე და შენ ერთმანეთი უკეთ ხომ არ გაგვეცნო?- იკითხა ლეონმა , როცა საუზმობას მორჩნენ და მისაღებში თამაშით იყვნენ გართულები.
-თუ ჩემს მამობას აპირებ, ალბათ, კარგი იქნება.
-მაშინ , მე ვიცი ძალიან კარგი ადგილი. თუ გინდა წავიდეთ, რას იტყვი?-ჩუმად, საიდუმლოსავით გაუმხილა.
-ერთი წუთით, დამელოდეთ,- ნიკოლა დივნიდან ჩამოხტა, სამზარეულოში გავიდა და ანარას წინ დადგა,- დედა, ბატონმა ლეონმა მკითხა, მასთან ერთად თუ მინდოდა წასვლა. მე მინდა, შეიძლება წავიდე?- მოიარებით ახედა მაგიდის ალაგებით დაკავებულს და მის ნებართვას დაელოდა.
-რა თქმა უნდა,- უნებურად გაეცინა გულუბრყვილო შეკითხვაზე და თავზე გადაუსვა ხელი,- რადგან ბატონმა ლეონმა გადაწყვიტა რომ შენი მამა გახდეს, მასთან ყოფნისთვის ჩემი ნებართვა არ გჭირდება.
სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. ერთი სული ჰქონდა რამე ახალი გაეგო და ენახა. თავიდან დაბადებას ჰგავდა ცხოვრება მარილისის გარეთ. ანარა ფანჯარასთან იდგა, ზემოდან უყურებდა , როგორ გავიდნენ სადარბაზოდან ხელჩაკიდებულები . როგორც ჩანს, ერთმანეთს კარგად გაუგებდნენ. უხაროდა ნიკოლას კარგად ყოფნა და გულში უზომო მადლიერების გრძნობა ეღვრებოდა. ჩაის ტილო მხარზე გადაიფინა და ისევ სამზარეულოში შებრუნდა. ბოლოს და ბოლოს მარილისი უკან მოიტოვეს. ყველაზე დიდი დარდი მოეხსნა მხრებიდან. ნიკოლა შეძლებდა ნორმალურ ცხოვრებას. ცემა, ყვირილი, ღმერთო, თვალების დახუჭვისას ყოველ ჯერზე სასტიკი კადრები გაუელვებდა. რამდენი რამის გადატანა და ატანა შეუძლია ადამიანს. შეაჟრჟოლა გახსენებისას და ისევ თეფშების დამშრალება განაგრძო. მერე, მოულოდნელი ზარი, ასე მალე არ დაბრუნდებოდნენ. მაშ, ვინ უნდა ყოფილიყო. კარი გააღო და ყველაზე მოულოდნელი სტუმარი, ზღურბლთან მდგომი ეილინი შერჩა ხელთ.
-ქალბატონოო ეილინ,- გაკვირვებისგან კიდევ ერთხელ გაიმეორა. უნდოდა თვალით დანახულის რეალობაში დარწმუნებულიყო. თუმცა, თვალი ნამდვილად არ ატყუებდა. დღეს აღარ გავდა გააფთრებულ, საბრძოლველად მომზადებულ ქალბატონს . იდგა და მისი თვალებიდან უზარმაზარი უიმედობა იყურებოდა .
-შეიძლება შემოვიდე?- დაბალი , თითქოს ჩახლეჩილი ხმით იკითხა და მხოლოდ ანარას საპასუხო განზე გადგომის შემდეგ გადააბიჯა ზღურბლს,-ბოდიშს გიხდი,- ეს იყო პირველი, რამაც სახლში შესვლისთანავე გაიჟღერა.
-საბოდიშო არაფერია ქალბატონო ეილინ.
-არა , არ გესმის, ბოდიშს გიხდი. გუშინ სასტიკად მოგექეცი, არ აქვს ჩემს საქციელს არანაირი გამართლება. ლეონისთვის უნდა მომესმინა, უნდა მომეცა თქვენთვის ყველაფრის ახსნის საშუალება და დასკვნები შემდეგ გამომეტანა.
-არც მე ვიყავი წინდახედული.თქვენ შვილზე ნერვიულობამ და ღელვამ მიგიყვანათ ამ ზომამდე. მეც დავკარგე თავი, ნიკოლა რომ ნაცემი ვნახე. საბედნიეროდ, ორივე კარგად და ჯანმრთელადაა, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, მესმის. გუშინ ვფიქრობდი თქვენზე და მიხარია რომ აქ გხედავთ. არ მინდა თქვენთან რაიმე სახის უთანხმოება მქონდეს.
-აქ მარტო ბოდიშისთვის არ მოვსულვარ, კიდევ არის რაღაც.
-კიდევ, რა?- ახლა ნამდვილად დაიბნა. ვერ ხვდებოდა, ქალბატონ ეილის სხვა, რა თემაზე უნდა ესაუბრა.
-ეს, შენი დახმარება მჭირდება,- თქვა და ყვითელი საქაღალდე გაუწოდა.
-ეს რა არის?- გაოცებული უყურებდა ანარა ხელში მიჩეჩებულ ქაღალდს და ცდილობდა გამოეცნო შიგნით რა შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, თავში არანაირი ვერსია არ მოდიოდა.
- აქ ჩემი ანალიზების პასუხებია,-უცებ წამოეშველა ეილინის პასუხი,- მარტო ვერ გავხსენი, ვერ შევძელი.
-ლეონმა..
-არა, ლეონმა არ იცის.
-კი მაგრამ....
-არ მინდოდა, ანალიზები ისე გავგზავნე არ მითქვამს. შეიძლება არც არაფერია საშიში. იმედი მაქვს, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ, გამბედაობა არ მეყო, - მხრები აიჩეჩა , ტუჩზე გადაიტარა კბილები და შეეცადა ემოციები დაემალა.
-ბოდიში, სიჩქარეში სულ ამომივარდა თავიდან. მოდით, შევიდეთ,- მომენტალურად დაუთბა ანარას ტონი , ხელი ზურგზე მიადო და მისაღებისკენ წაიყვანა. ეილინი მშვიდად ათვალიერებდა ძველ კედლებს. რაღაც შორეულსა და კარგად ნაცნობს ახსენებდა ყვავილებიანი შპალერი. სოფლის აგარაკს, ანთებულ ბუხარს. ყოველთვის ჩადიოდნენ ზამთრის არდადეგებზე და იქ ხვდებოდნენ ძველით-ახალ წელს. ახლა მიხვდა, როგორ მონატრებია იქაურობა. წელს, თუ მოახერხა, აუცილებლად წავიდოდა.
- დალევთ რამეს?- ფიქრებიდან ანარას შეკითხვამ გამოარკვია. დივანზე ერთმანეთის პირისპირ ჩამოსხდნენ და ეილინმა უნებურად დაიწყო თითების სრესვა.
- არა , არაფერს . უბრალოდ მინდა გახსნა..... და წამიკითხო,- წინადადება მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ დააბოლოვა.
-ხომ არ ჯობია, ლეონს დავურეკოთ და ... -მოიარებით შეაპარა ეილინა, იქნებ გადაიფიქროსო. მაგრამ წინადადება ისევ ეილინის უარმა შეაწყვეტინა.
-არა, ამდენი წელია ჩემთანაა. დიდი ხნის წინ უნდა მიმეცა მისთვის წასვლის და ამ ქორწინებისგან გათავისუფლების საშუალება. ვიცი, ვიცი ყველაფერს მთელი გულით და უანგაროდ აკეთებდა. მაგრამ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტკიპასავით ვერ ავეწებები. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ბავშის გაჩენაზე დამთანხმდა. და იმის ფიქრი , რომ მას შეუძლია სხვა ოჯახი ჰყავდეს, საკუთარი, სიყვარულით შექმნილი, მის გვერდით ქალი , რომელიც გააბედნიერებს და შვილებსაც აჩუქებს, ჩემსავით ავადმყოფი კიარა, მაგიჟებს. მგონია ვბოჭავ და წლებს ვპარავ, როდესაც მას, შეუძლია ნამდვილი ცხოვრებით იცხოვროს,- თითქოს მთელი დარდი მოყვა და რაღაც ბოროტმა, შავმა ეჭვებმა დატოვეს მისი სხეული. ცრემლები ვეღარ შეიკავა ეილინმა და ლოყები დაეღარა. გაკვირვებული უსმენდა ანარა და ცდილობდა შესაფერისი სიტყვები მოეძებნა.
-გული ეტკინებოდა, ეს სიტყვები რომ გაეგონა. ძალიან უყვარხართ,-ძლივს მოიფიქრა და ეცადა, რაც შეიძლება დამაჯერებელი ყოფილიყო.
-ალბათ. თუმცა , აღარ ვიცი..
-ამიტომ იყავით ასეთი ემოციური ? როგორ შეძელით ასეთ დროს სიჩუმე და მარტო დარჩენა.
-მეშინია ანარა. მეშინია, რომ ვერ შევძლებ ჩემი შვილის ხელში აყვანას.
-რატომ მაინცდამაინც ასე, დამშვიდდით, იქნებ სრულიადაც არ წერია აქ რამე უარყოფითი და საშიში.
-იქნებ იყოს?
-შემომხედეთ, რომ იყოს, თქვენ ერთხელ უკვე მოერიეთ, ხომ გახსოვთ? მე თუ მკითხავთ, შესაძლოა ეშინია კიდეც თქვენთან დაბრუნების,- ტუჩი აიბზუა და მის წინ მჯდომს გვერდულად გახედა.
-ვის, კიბოს?- უნებურად გაეცინა ეილინს. ‘
-რომ იცოდეთ, არც ისე საშიშად ჟღერს. დამიჯერეთ, „იზოლდა“ რომ მესმის, უფრო მეტად მცემს შიშის ზარს, ვიდრე-ეს რაღაც „კიბო“. ნეტავ, თავად თუ იცის ,რა უნდოდა თქვენნაირ ქალბატონთან, მე შემრცხვებოდა მის ადგილას,-თავადაც არ იცოდა საიდან მოდიოდა ეს ტექსტები. უბრალოდ, ყველანაირად ცდილობდა მღელვარება არ შეემჩნია .
-დღეს თუ გამეცინებოდა, ნამდვილად არ მეგონა.
-არ იტიროთ, გთხოვთ. თან ხომ იცით, ბავშვებს ყველაფერი ესმით და ყველაფერს გრძნობენ. -ჩაკიდებული ხელი მუცელზე მიადებინა. ცდილობდა დაემშვიდებინა. თუმცა, ორივემ კარგად იცოდა, ღელვა მანამ გაგრძელდებოდა, სანამ საქაღალდეს არ გახსნიდნენ და კონკრეტულ პასუხს არ გაიგებდნენ.
-როცა მზად იქნებით გავხსნი კარგი?
-კარგი, მზად ვარ.
-დავიწყოთ?
-დავიწყოთ.
ანარამ საქაღალდეს ირგვლივ შემოჭერილი რეზინი გადააცალა და გარეკანი გახსნა. შიგნით რამდენიმე ფურცელი ელაგა. ეილინმა მიანიშნა რომელიც უნდა ამოეღო და გაირინდა. ანარას ცალი ხელი მის თითებზე ეკიდა, მეორეთი კი- დაბეჭდილი ქაღალდი ეჭირა. რამდენჯერმე ახედა ეილინს , მერე ისევ ქაღალდს, მერე ისევ ეილინს. თვალებში დაბუდებული მუდარა თხოვდა ცუდი არაფერი ეთქვა.
-რა წერია?-იკითხა ბოლოს გაუბედავად. ანარამ რამდენჯერმე სცადა თქმა,, პირი გააღო, მაგრამ, ხმა არ ამოუვიდა.
-ვწუხვარ ქალბატონო ეილინ,- როგორც იქნა თქვა ბოლოს მიკნავლებული, გაპარული ხმით. იგრძნო, როგორ დაუსხლტა მისი თითები ხელიდან . დაწყევლილი, საშიშად ყვეითელი საბუთები გამოართვა, ისევ შავი რეზინით შემოსალტა და არაფერი უთქვამს ისე წამოდგა. რამდენიმე წამში კარის დაკეტვის ხმა გაისმა. იჯდა ანარა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა. მზიანი დღე წამებში დაბნელდა. მაშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა , ვერასოდეს შეადარებ სხვის ცხოვრებას საკუთარს. არავინ იცის, ვის გულში რა ხდება. არავინ იცის სხვა როგორი ფიქრებით , დარდებით იძინებს და იღვიძებს. ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანს იმის სჯერა, რაც თავად აწყობს. ისე შერცხვა გუშინ რომ მასზე გაბრაზდა , ისე შერცხვა, იმ შეურაცხყოფების მიუხედავად. და მაინც როგორ ხდება, მთავარია ერთი პატარა , ზოგჯერ უმნიშვნელო დეტალი გავიგოთ ადამიანის შესახებ და მაშინვე ყველაფერი ნათელი ხდება. ცხადი სურათივით იშლება რატომ იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს, რატომ იქცევა როგორც იქცევა. რა დამოკიდებულება აქვს სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ, როგორ აღიქვამს მოვლენებს. ნუთუ, რაიმე საერთო ჰქონდა გუშინდელ წარმოდგენებს ეილინის ნამდვილ პიროვნებასთან და განცდებთან, არანარი. ანარასთვის ეილინი ახლა ისე ძლიერი , დამოუკიდებელი და ამასთანავე შეშინებული , მარტოსული ქალი იყო. იჯდა მარტო, ის ხელი ისევ ისე დარჩენოდა, თითქოს ისევ ჩაეკიდა ეილინისთვის. მეორე მტევანი მუცელზე მიედო და ვერ ხვდებოდა რა უნდოდა, თითქოს მის მუცელში მყოფი , ამ ცხოვრების აურზაურს მიღმა მყოფი ემბრიონისგან ელოდა მხარდაჭერას.
***
ნიკოლა სახლში რომ დააბრუნა, ცოტა უხასიათოდ ეჩვენა ანარა, მაგრამ დაღლლილობა მოიმიზეზა და მეტად არ ჩაკითხვია . უნდოდა ნიკოლა იმ დღესვე სახლშიც წამოეყვანა და ეილინი გაეცნო, მაგრამ ანამ თხოვა იქნებ მასთან გაეტარებინა ნიკოლას ეს ღამე. უარი არ უთქვამს. ალბათ, ბოლოს მომხდარი ამბების მერე, უკეთესიც იქნებოდა მათი ერთად ყოფნა. სახლისკენ ღიღინით წამოვიდა. ერთი სული ჰქონდა ენახა და სიხარული გაეზიარებინა. ბოლო სართულზე ასვლისას სახლის გასაღები გააჩხრიალა ხელში. კარი გააღო, სახლში შესვლისას ეილინი დივანზე დახვდა დამჯდარი, მობუზული, ფრთამოტეხილი ბეღურასავით , ფეხები გულმკერდთან მიეტანა , ხელები მაგრად შემოეხვია და ნიკაპით მუხლებს დაყრდნობოდა. მაგიდაზე საფერფლე იდგა შიგნით, რამდენიმე ნამწვი ეყარა.
-რა მოხდა ლინი, მოწიე?- გაკვირვება ვერ დამალა ლეონმა. როგორც წესი, ეილინი არასოდეს ეწეოდა. მით უმეტეს, მკურნალობის კურსის მერე.
-მისმინე , ეს თუ გუშნდელის......,- ლაპარაკობდა ლეონი , მაგრამ თავისთვის. ეილინის გონებაში არცერთი სიტყვა შედიოდა. უყურებდა მის წინ მდგომ, ცხოვრების დიდი ნაწილის მოზიარეს და თვალები დაგუბებული ცრემლებით ევსებოდა.
-დაბრუნდა ლეო,- იყო ერთადერთი პასუხი, ერთადერ წინადადება რაც მისგან გაიგონა . ეს იყო , რამაც ადგილზე გაყინა ლეონი და წამებში გახადა სრულიად უძლური. ეილინმა ისევ ფანჯრისკენ გააბრუნა თავი . ლეონი კი იდგა ძეგლივით და ცდილობდა სიტყვები კარგად გადაეხარშა. თუმცა კარგად იცოდა ეს სწორედ იმას ნიშნავდა რომ მოხდა, რისიც ყველაზე მეტად ეშნოდათ...



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან საინტერესო სიუჟეტია და კარგად წერ, ასე მალე არ ველოდი ახალ თავს. წარმატებები და გელოდებით.

 


№2  offline წევრი Âme

სტუმარი მანანა
ძალიან საინტერესო სიუჟეტია და კარგად წერ, ასე მალე არ ველოდი ახალ თავს. წარმატებები და გელოდებით.

მადლობა, რომ კითხულობთ heart_eyes ვეცდები მომდევნო თავიც მალე დავდო innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent