...და მზე ამოვიდა
პროლოგი: მციოდა. სახლში მინდოდა. მინდოდა ჩემს თბილ ლოგინში აღმოვჩენილიყავი და არავის არ გავეღვიძებინე, რადგან ეს სიზმარი მეგონა და მინდოდა დიდ ხანს გაგრძელებულიყო. მეშინოდა, რომ გამაღვიძებდნენ. წვიმა არ წყდებოდა. სახეზე მეცემოდა და გრძნობებით მავსებდა. გავრბოდი. სადღაც შორს მივრბოდი. ვიყავი დიდ მინდორზე, რომელსაც დასასრული არ ჰქონდა. დიდი, მწვანე ბალახი, ადგილ-ადგილ ნაძვები ამშვენებდა იქაურობას. მე, მე კი მივრბოდი. არ მეშინოდა. მციოდა. სიზმარი მეგონა და არ მინდოდა გაღვიძება. ხელები გავშალე, წვიმას მოვეხვიე და რაც ძალი და ღონე მქონდა გავრბოდი. ჩემს თავს გავურბოდი, ჩემს გრძნობებსა და აზრებს გავურბოდი. მინდოდა წამიერად ჩამესუნთქა და ჩემი თავი მეგრძნო. მომეშორებინა ნიღაბი, რომლითაც მიცნობენ და გამეხსენებინა ვინ ვიყავი. როდესაც ადამიანი ნიღაბს ირგებს, ხშირად უნდა განმარტოვდეს, რათა საკუთარი თავი არ დაავიწყდეს. მისი ნამდვილი პიროვნება არ გაქრეს. მე მეშინოდა ჩემი თავის დაკარგვის. წვიმას ჩემი ცრემლები უერთდებოდა. თავისუფლების გრძნობა მქონდა. მიხაროდა, მტკიოდა, მციოდა და ჩემს თავს ვგრძნობდი. შემდეგ გავჩერდი. ბევრი სირბილისაგან აჩქარებული ვსუნთქავდი. წვიმამ გადაიღო და მზე ამოვიდა. განა უბრალოდ, ის ამოვიდა, ამოანათა, ნაძვებს გადახედა და მინდორზე კვალი დატოვა, მისი სხივების კვალი... მე სახეზე გამეთამაშა. თვალები დავხუჭე. სველ თმასა და თვალებზე მზე მეთამაშებოდა, მე კი დიდ გაშლილ მინდორზე ვიდექი და ჩემს ამ სამყაროდან გაქრობას შევიგრძნობდი რამდენიმე წამით. შემდეგ ამოვისუნთქე... ყურსასმენები მოვიძრე, მუსიკა გამოვრთე, თვალები გავახილე და ისევ ჩემს პატარა ოთახში აღმოვჩნდი. გამეღვიძა, რადგან ყველა სიზმარი ხანმოკლეა, მაგრამ იმდენად სასურველი იყო ეს ყველაფერი, იმ მდგომარეობიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულიყავი. ამბობენ, თუ ადამიანს აწმყო არ აკმაყოფილებს, წარსულს მისტირისო. მე კი წარსული მენატრებოდა. წარსულში მე არაფერი არ მქონია განსაკუთრებული... უბრალოდ რეალობის გააზრება ისე არ შემეძლო, როგორც ახლა შემიძლია. ეს კი ძალიან კარგი იყო. მიხაროდა და არასოდეს არ მციოდა, რადგან დედა მაცმევდა თბილად. ახლა კი დედას აღარ სცალია, მეთვითონ უნდა ჩავიცვა. მე მაინც ვიღიმი. მიხარია, რომ ნიღბის უკან კიდევ არსებობს ჩემი ,,მე“. ჩემი თავი რომელსაც უყვარს წერა, მუსიკა, ლექსები და შრომა. ლოცვა... მიხარია, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა კიდევ მესმის გასაგებ დონეზე. თითქმის უფსკრულში ვვარდებოდი, მაგრამ ეს სიტყვა გამახსენდა და იმედია გადავრჩი. ჩემი ცხოვრება რაიმეთი განსხვავებული ან განსაკუთრებული არაა. უბრალოდ ჩემია და მე მიყვარს ის, რადგან ის ჩემი ქმედებებით იქმნება. უბრალოდ ქმედებები უნდა დავხვეწოთ, რათა ცხოვრება უკეთესი იყოს. მეგონა აღარ გათენდებოდა და სულ წვიმიანი ღამე იქნებოდა. მეშინოდა, რომ მზიან დღეს ვეღარ ვიხილავდი, მაგრამ როდესაც მე ,,ის“განვიცადე, რაც ჩემთვის იყო, წვიმამ გადაიღო, მზე ამოვიდა. შემეშინდა, მაგრამ შევნიშნე, რომ გათენდა. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვიხილე ეს ნათელი. დღე გამითენდა. და რა დღეა დღეს? არა, თარიღს არ ვგულისხმობ... საერთოდ, რა არის დღე? მე მტკივა დღის ფლანგვა, ისე, როგორც დროს ვფლანგავთ. ,,დღე“ - ეს დღის ის მონაკვეთია, როდესაც შენს სულში მზე ამოდის და მას შეიგრძნობ, მის სურნელს გრძნობ და გიხარია. ერთი სული გაქვს როდის იხტუნებ ბედნიერებისგან და შენ იღიმი. ეს წამი თითქოს საუკუნე გაგრძელდებაო, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება და ზოგისთვის კი არც დგება. გაღვიძებისას, თუ შენში ამოსული მზე არ იგრძენი, მაშინ ცაზე დაკიდებული მზე და გარშემო სინათლე როგორ შეგიცვლის ამ განწყობას. ესე იგი, ეს დღე ისე გათენდა, რომ შენს სულში არ გათენებულა?! ჩემში მუდმივად ღამე იყო. ...მაგრამ გათენდა. გათენდა... ღმერთო! როგორი სიძლიერეა ამ სიტყვაში... გათენდა. მინდა ვიყვირო : ,, გ ა თ ე ნ დ ა“... ზოგჯერ ღამეც ,,დღეა“ ხოლმე. უბრალოდ ღამე უფრო მშვიდია, რადგან ჩაუღრმავდე შენს ემოციებსა და გრძნობებს. ეს ორი პერიოდი, დღე და ღამე, ჩვენში უნდა გავაღვივოთ, ისე არაფერს არ აქვს აზრი. ჩვენში უნდა იყოს სიცოცხლის აზრი და სინათლე. ჩემში კი ეს არ იყო. მაგრამ გათენდა. ამ ისტორიასაც თავისი ეშხი აქვს, როგორც ყველა სხვის ისტორია. განსხვავება კი იმაშია, რომ მე კალამს ვიღებ, სხვებს კი ეს არ სურთ. დიახ, ავიღე კალამი და წერას შევუდექი. დიახ, რადგან გათენდა. დღეა, დღეა ჩემს გულსა და სულში, რადგან მე შემიყვარეს მათ ვინც მიყვარდა. დღეა, რადგან ნიღაბი მოვისხენი, დღეა რადგან შეიძლება მეტკინოს, მაგრამ ამას ჩემს თავში აღარ ვმალავ. ამ ფურცლებზე ჩემს მოკრძალებულ ისტორიას იხილავთ. გათენდა და აღარ უნდა დაბნელდეს. გათენდა და გულიც გაანათა... გათენდა... და მზე ამოვიდა. დაე, ყველას გაგთენებოდეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.