შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 30)


28-12-2020, 13:41
ავტორი Impermeable
ნანახია 2 767

თავი 30

დავუდი

ვორჭოფობდი დავთანხმებოდი თუ არა ლეას შემოთავაზებას, მაგრამ მისი მომლოდინე გაცისკროვნებულ თვალებს ვერ შევეწინააღმდეგე. რამდენჯერ მიფიქრია წინაპართა ფესვების ძიება, მათი თუნდაც ნასახლარის პოვნა, მაგრამ რაღაც ძალა სულ მაკავებდა, თითქოს მეშინოდა კიდეც, მაგრამ ამის აღიარება არ მსურდა. ლეა მართალი იყო, მე მედლის მხოლოდ ერთი მხარე ვიცოდი, მხარე, რომელიც გაარაბებული მამლუქის ისტორიას მომითხრობდა, მხარე, რომელიც დღემდე ერაყელ ხალხში ჩემს გვარს გამორჩეულ სტატუსს ანიჭებდა, მხარე, რომლითაც ტიტულებთან ერთად უზარმაზარ პასუხისმგებლობას მანიჭებდა ქვეყნის წინაშე, რომლის მოქალაქეც ვიყავი. სინდისი მქეჯნიდა, რომ ლეას სიმართლე დავუმალე. სინამდვილეში მისი დროებითი დასაქმება ჩემი ჩარევით მოხდა. მე ვთხოვე თემურს და დავით მანველიშვილის საისტორიო წყაროებზე მუშაობაც სწორედ ჩემი თხოვნით დაავალა. წლებია თემური თავად მთხოვდა სიღრმისეულად შეგვესწავლა სახელოვანი წინაპრის ისტორია. ვეღარ მოვითმინე და ლეას სიმართლე ვუთხარი. ორი დღე არ მელაპარაკებოდა. მერე ბუტიაობით ორივე რომ დავიღალეთ, თემური მოვიპატიჟე. ანჟელა და კობა გუდაურში წავიდნენ, ამიტომ მშვიდად შეგვეძლო გვემსჯელა და ერთად დაგვესახა გეგმა როგორ გვეპოვა რამე ხელმოსაჭიდი. ლეა ძალიან მოწიწებით იყო თემურის მიმართ განწყობილი, თქვენობით ფორმას ვერ გადავაჩვიე. თემური იცინოდა, ასეთი ოქრო გოგო საიდან იპოვეო. დასაწყისისთვის გვთხოვა პაპუნა ორბელიანის წყაროს გავცნობოდით. სწორედ ორბელიანთა საყმოს ეკუთვნოდა მანველიშვილის გვარი, ზურმუხტის პეპლიანი თავსამკაულიც ხომ ორბელიანთა ხელნაწერზე აღმოვაჩინეთ.
წითელ ღვინოს ნება-ნებით ვწრუპავდით და ყვითელ გაცრეცილ ფურცლებს გაფაციცებული ჩავჩერებოდით. გატეხილი ქართულით ლამის ენა მოვიმტვრიე და ხმამაღლა წავიკითხე:

„ამირ-სპასალრად ყოფილან ორბელიანთა გვარია,
თორმეტათასნი ვაჟკაცნი მუდამ ყოლიათ ჯარია,
საბარათშვილო, სომხითი და მათი მთა და ბარია,
გამზადებულნი საომრად, მტერთა დასციან ზარია.“

- თემურ აქ რას გულისხმობენ?
- მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისშიც კი ორბელიანები საკმაოდ დაწინაურებულნი იყვნენ ქართლ-კახეთის მეფის კარზე. მეტიც, სარდლობის ოთხი ჯვრიდან ერთი სწორედ მათ ჰქონდათ ჩაბარებულნი, შესაბამისად ნებისმიერ ბრძოლაში გამოჩენილ სიმამაცეს თან სდევდა ახალ-ახალი ადგილ-მამულების ბოძება თავისი ყმა-გლეხობით, რომელიც საციციანოს შემადგენლობაში შედიოდნენ. ერთ-ერთი ასეთი სოფელი იყო დაუდ ფაშას მშობლიური იფნისი, ამიტომ ისინიც ორბელიანთა საყმოს შედგენდნენ. თუმცა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთის მხრივ ლეკთაგან შეჭირვებულ, სალეკიანო გადასახადებზე, მეორეს მხრივ კი ოსმალთ ოსმალურ გადასახადებზე პასუხისმგებლობამ შეასუსტა ორბელიანთა ძველი დიდება და გადასახადების გადახდა სწორედაც ხშირად ნასყიდი ყმა-გლეხების გაყიდვით მთავრდებოდა. თუმცა თავადი დავით ორბელიანი სხვა თავადიშვილებთან შედარებით ძალიან ამაყი კაცი გახლდათ და ასე პირდაპირ არ სურდა საკუთარი ყმა გლეხის გაყიდვა, ამიტომ ოსმალებთან „ყმათა ლეკთაგან დატაცების“ სქემა მოიფიქრა, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა და ამით ყმა-გლეხობის განდგომასაც ირიდებდა თავიდან. შესაბამისად თითოეული მინდორში მოთამაშე გამქრალი ბავშვი ან გოგონა ლეკთა თარეშს ბრალდებოდა, სინამდვილეში კი დავით ორბელიანს გადახდილ ხარკში ეთვლებოდა. დათუნა მანველიშვილიც სწორედ ასე იქნა გატაცებული.
- ანუ გამოდის, რომ მის გატაცებაში დავით ორბელიანის ხელი ერია? - გაკვირვება ვერ დაფარა ლეამ.
- ეგრეა. და ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ წლების მერე დაუდ ფაშამ სწორედ ამ დავით ორბელიანისგან გამოისყიდა თავისი ოჯახობა.
- სიმართლე ვერ გაიგო? - ლეას არ იყო, მეც გამიკვირდა. ვიცოდი ფაშას საოცარი გავლენა ჰქონდა და გურჯისტანშიც თავისი მსტოვრები ჰყავდა.
- როგორ არა, მაგრამ როგორც ჩანს, ფაშა დიდად დიდსულოვანი და მოწყალე გახლდათ. ამიტომაც არა მხოლოდ გამოისყიდა ისედაც ბევრჯერ დაეხმარა დავით ორბელიანს, ადგილობრივ ეკლესიებსაც უთვალავი თვალ-მარგალიტი შესწირა დედის სახელზე.

გაოცებული ვისმენდი და ვერ ვიჯერებდი. წლების მანძილზე მასწავლიდნენ, რომ გურჯებს საოცარი მეგობრობა, მოყვასის სიყვარული და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთით იყვნენ მომადლებულნი. თუმცა გამოდის, რომ გურჯის ხატება მხოლოდ ბაღდადის მამლუქების ცხოვრებისეული გამოცდილებების საფუძველზე იყო ჩამოყალიბებული, თავიანთ სამშობლოში კი მათ ატყუებდნენ, ჰყიდნენ და მერე მლიქვნელურად ფულს სძალავდნენ, ღალატობდნენ და მერე პირში უცინოდნენ. სამწუხაროა, მაგრამ ჯერჯერობით მედლის ქართული მხარე მხოლოდ გულს მტკენს.
- იფნისში წავიდეთ. იქნებ იქ იყოს რაიმე საინტერესო წყარო,
- იფნისი აღარ არსებობს. იქ ნასახლარებიც კი ბუჩქნარითაა დაფარული და მიმდებარე სოფლები იყენებენ საძოვრებად. ყოფილ საციციანოს მოვივლით. ყველაზე ახლოს მაშინდელ იფნისთან სოფელი ხვედურეთია, ამიტომ ჯობია იქ ჩავიდეთ.


ლეა

მალევე ჩავედით სოფელში, ბატონი თემური თავს ისე გრძნობდა, თითქოს აქ ადრეც იყო ნამყოფი. ინტუიციამ არც ამჯერად მიღალატა. მაშინვე დააყოლა, რომ აქ საოცარი ნერგები იყიდება, მათ შორის ვარდების და ზამთრის ბაღის მცენარეების დიდი ნაწილი აქ შეისყიდა. უზარმაზარი ჭიშკარი შევხსენით თუ არა წინ საოცარი სანახაობა გადაგვეშალა. მრავალწლოვანი დეკორატიული მცენარეების რიგს გავუყევით და შენობაში შევედით, შუახნის მამაკაცი გულთბილად მოგვესალმა და შინ შეგვიზღვა.
დიდ ოთახში ცალ მხარეს უზარმაზარი ხალიჩა გაეკრათ კედელზე, რომელსაც ხანჯლებისა და ძველებური ვერცხლით ნაჭედი სანადირო თოფები ამშვენებდა. ხალიჩის ქვემოთ ე.წ. ტახტი იდგა ფოჩიანი ჭრელი გადასაფარებლითა და ზედ ასეთივე ჭრელ ფარდაგში ჩასმული ბალიშები და მუთაქები მიმოებნიათ. ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე, ტურისტებისთვის ხომ არ მოაწყვეს სახლი ეთნიკურ მოტივებშიმეთქი, მაგრამ როგორც მივხვდი აქაურობა სახლის უხუცესი ბინადრის სურვილით შეინარჩუნეს. 90წლამდე მოხუცი სანდომიანი ღიმილით მოგვიახლოვდა და დავუდს თვალებში ჩახედა.
-ბებიაჩემი მანველიშვილის ქალი იყო, ოდნავ ხრინწიანი ხმით დაიწყო და თან ყალიონს მოუკიდა, მისგან ვიცი, რომ აქაურ დათუნა მანველიშვილს, იფნისელ ჭაბუკს, დიდი კაცობისთვის გამოუკრავს ხელი ერაყში და იქედან უმართავდა ხელს აქაურ ქართველობას. შემაღლებულ ბორცვზე რომ წმინდა გიორგის ეკლესიაა, მანდ იყო დაცული მაშინდელი ხელნაწერები და რწმუნებათა სიგელები. საბჭოება რომ დაიწყო, ბაბუაჩემი სოფლის ბოლო დიაკვანი იყო. მოასწრო და ხელნაწერების და ხატების ნაწილი გამოიტანა. რაც ვერ შეძლო რევოლუციონერებმა გაძარცვეს და გაანადგურეს. ბაბუაჩემი რეპრესიებს შეეწირა და ათწლეულების მანძილზე არ ვიცოდით სად ინახავდა ეკლესიიდან წამოღებულ ნივთებს. დაახლოებით 10 წლის წინ სახლის განახლებისას ვიპოვეთ. ნაწილი არქივში წაიღეს ნაწილი კი ეკლესიაშივე დაბრუნდა.
- ანუ ის სიგელი, სადაც ჩვენ თავსამკაული ვნახეთ, თქვენ შესწირეთ არქივს?
- ალბათ ასეცაა. მე მეტს ვერაფერს გეტყვით. სჯობს ტაძრის წინამძღვარს გაესაუბროთ.
მოხუცს დავემშვიდობეთ და გეზი წმინდა გიორგის ეკლესიისკენ ავიღეთ, რომელიც სოფლის სამხრეთით მდებარეობდა. დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, მთის ფერდობზე უნდა ავსულიყავით. დავუდს ჯერ კიდევ უჭირდა გადაადგილება, ცალ მხარეს ხელჯოხს, მეორეთი კი ბატონ თემურს ეყრდნობოდა. ერთი წყება ვინანე კიდეც, აქ წამოსვლაზე რომ დავითანხმე, ვშიშობდი აღმართზე მოტეხილ ფეხს ძალა არ დასდგომოდა, თუმცა სინანული უმალვე განქარვა ტაძრის ხილვამ.

გვიანდელი ფეოდალური ხანით დარბაზული სტილის ტაძარი თოვლით დაფარულ ფერდობზე ისე აღმართულიყო, რომ თავს შუა საუკუნეებში გადასროლილად ვგრძნობდი. დავუდიც აღტაცებული იყო. მიუახლოვდა და ტაძრის კედელს ხელი გადაუსვა, თითქოს ამით ამოიცნობდა, როგორ იყო აშენებული. და აი თემურის ხმაც გაისმა:
ეს ეკლესია ძირითადად ნაგებია ცუდად დამუშავებული ქვიშაქვით, ქართული ტრადიციული მშენებლობის ტექნიკით; მეტი სიმყარისთვის სილას კვერცხის ცილით აზავებდნენ, ათი ათასობით კვერცხის ცილა ჭირდებოდა ასეთი სიმყარის შენობის აგებას. როგორც ხედავთ, ნაგებობის ფასადები და საკურთხევლის კუთხეები, კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები კარგად გათლილი შირიმის მოზრდილი კვადრებითაა ამოყვანილი.აი ეს კი შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელია. ნახევარწრიული აფსიდი ოდნავ შებრტყელებულია. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მარჯვნივ, საკურთხევლის კუთხეებთან მცირე ზომის ნიშია. მოგვიანებით ნაწყობი კონქი დამრეცია. კონქის მთელ პერიმეტრზე, ქუსლის დონეზე, პატარა საფეხურია. გვიანდელი შეკეთების კვალი დასავლეთის კედელსაც ატყვია. თითო სარკმელია სამხრეთით და დასავლეთით. აი სწორედ ეს კედელია დაუდ ფაშას გამოგზავნილი საგანძურით განახლებული. აი აქ ხედავთ? აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, წყობაში ჩასმულია მწვანე ფერის ქვიშაქვის ორნამენტირებული ფრაგმენტი მეთერთმეტე საუკუნისაა.
- ბატონო თემურ, დავუდმა კი არა, მეც კი ვერ გავიგე ნახევარი, ისეთი ტერმინები გამოიყენეთ. მართლა აღფრთოვანებული ვარ, ასეთი სიზუსტით როგორ იცით ყველაფერი აქ ადრეც ხართ ნამყოფი?
- დიახ, ლეა, სწორად გამოიცანი. დავუდმა რამოდენიმეჯერ დამიფინანსა ექსპედიცია.- შევამჩნიე როგორ შეაცბუნა ამ სიტყვებმა დავუდი.
ანუ გამოდის, რომ დავუდს აქამდეც უცდია თავისი წინაპრის ისტორიის კვლევა. მაშინ რატომ იქცევა ისე, თითქოს პირველად ეძიება ამ ყველაფერს? იქნებ ამას ჩემს გამო აკეთებს? დიახ, სწორედ ასე იქნება. სურს რომ ყურადღება გადამატანინოს წასვლამდე. რაღაცნაირად გული ჩამწყდა.
ეკლესიაში შესვლას ვაპირებდი, რომ შევამჩნიე დავუდი გარეთ ფეხმოუცვლელად იდგა. მივუახლოვდი და ვკითხე, თუ აპირებდა შემოსვლას, მის ზურმუხტისფერ თვალებს სევდისფერი შერეოდა, საიდანაც აშკარად გამოსჭვიოდა, როგორ ყოყმანობდა ამ თვალების მეპატრონე.
ხელის გულებში მისი დიდი ხელი მოვათავსე. გამიკვირდა, რომ უთრთოდა.
-დავუდ, რა გჭირს. მითხარი.
- ლეა არც კი ვიცი როგორ აგიხსნა. თავს უცნაურად ვგრძნობ. მე ისლამის მიმდევარი ვარ, ალაჰის მწამს და მჯერა. აღმოსავლური ფილოსოფია ჩემეულ სამყაროს აღქმასთან ყველაზე ახლოსაა, მაგრამ აქ რომ ჩამოვდივარ, თითქოს ჩემში კავკასიური და შუამდინარეთის საწყისი ერთმანეთს ბრძოლას უცხადებს. თითქოს აქ ჩემი წინაპრების სულები პასუხს მთხოვენ, რომ მათი რწმენა ვუარყავით მათმა შთამომავლებმა. თან სურვილი მაქვს შემოსვლის, თან შიში, არ ვიცი, როგორ აგიხსნა.
- შენი მესმის, დავუდ. - ლოყაზე ნაზად მოვეფერე. - მე შენს გვერდით ვარ, გესმის? ახლა ხელს ჩამკიდებ და იქ ერთად შევალთ, უბრალოდ იქ დადექი, მეტი არაფერი გააკეთო, დამიჯერე იქაური სიმშვიდე დაგეხმარება ფიქრებისთვის სწორი გზის მიცემაში.
ეკლესიაში შევედით, მე პირჯვარი გადავიწერე და იქვე დადებულ თავშალთაგან ერთ ერთი დავიფარე, დავუდი თავჩახრილი მომყვებოდა თითქოს თავის აწევას და ტაძრის მოხატული ფრესკებისათვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა. დავუდის არვიცი და მე მართლაც დამეუფლა საოცარი სიმშვიდე. მუხლებზე დაჩოქილი ვიდექი ღვთისმშობლის ხატის წინაშე და დახმარებას ვთხოვდი, რომ სულის სიმშვიდე მოგვეპოვებინა მეც და დავუდსაც. ბატონი თემური ტაძრის წინამძღვარს ესაუბრებოდა და სახეზე კმაყოფილება აღბეჭდვოდა. აშკარად სასიამოვნო სიახლეები გველოდა.

მთელი საღამო ვახარისხებდით სხვადასხვა დოკუმენტებს. თემურის ნებართვის გარეშე ხელის ხლება გვეკრძალებოდა. ხელში ნამდვილი საგანძური ჩაგვივარდა, როცა მოხუცმა ცხვრის ტყავში გახვეული ფურცლის ნაგლეჯები შემოიტანა, ბებიაჩემის მოგონებებიაო. მღვდლის შვილმა წერა-კითხვა თავიდანვე იცოდა, რაც მაშინდელ საციციანოში ნამდვილად გასაკვირი იყო ყმა-გლეხისგანო, მითუმეტეს ქალისგანო. ნაგლეჯებს სიძველისგან სიყვითლე შეჰპარვოდა, მელანიც ალაგ-ალაგ გადღაბნილიყო, ამიტომ მათი გარკვევა თემურმა აიღო საკუთარ თავზე.
არვიცი როდის ჩაგვეძინა, როცა თემურის ხმამ მე და დავუდი ადგილზე შეგვაკრთო. ერთმანეთზე მიხუტებულებს ჩაგვძინებოდა.

- ბინგოოოო!!!, მოტრფიალენო მოშორდით ერთმანეთს და ნახეთ რა აღმოვაჩინე. ქართველ თავად-აზნაურობაში გვიანი ფეოდალიზმიდან მოყოლებული გაძიძავების ტრადიცია იყო ფესვგადგმული. ჯერ კიდევ ახალ ნაორმოცევ ჩვილს გამოაცლიდნენ თავადისქალის ძუძუს და რომელიმე მეძუძურ ყმა გლეხს მიუყვანდნენ. ერთი ძუძუთი გაზრდილნი კი ძუძუმტეები ხდებოდნენ. ასე და ამგვარად მიჰგვარეს პატარა ანა ორბელიანი მარიამ მანველიშვილს, რომელსაც ახლად შეძენილი დათუნა ჰყავდა ჯერ კიდევ გულზე მიხუტებული. მას მერე კი დათუნა და ანა ერთად იზრდებოდნენ, ძუძუმტენი გახდნენ და 6 წლამდე სათიბში თუ ხვნაში, ქელეხსა თუ ქორწილში, გაჭირვებასა თუ დალხენაში სულ ერთად ატარებდნენ ყოფის დღეებს. როცა თავადი მოვიდა და ანას თავისსახლს წაყვანა დაუპირა, გოგონა ატირებული სთხოვდა დათუნას შველას. რომ ვერაფერს გახდნენ, თავადმა გოგონას ზურმუხტის პეპლიანი თავსამკაული დაუბნია ჩალისფერ კულულებში, გოგონაც ახალი რბჭყვიალა და თვალისმომჭრელი ნივთით მოხიბლული უმალვე გაჰყვა მამას. ეტყობა აქედანვე ჩაიბეჭდა ეს თავსამკაული დათუნას მოგონებებში. წლების მერე ანა იმერეთის ბატონიშვილებს გააყოლეს ცოლად. ეს უკანასკნელი მეტად შეჭირვებულა გადასახადებითა და თამაშობანი დაუწყია, ერთ-ერთ ფრანგ ვაჭართან კი დიდძალი თანხა წაუგია. აი აქ არის, დასტურლამა, რომელიც ადასტურებს, რომ გირაში სწორედ ეს თავსამკაული ჩაედო გვირგვინთან ერთად. გვირგვინი გამოიხსნა, ხოლო თავსამკაული წლების მერე დაუდ ფაშას კარზე აღმოჩნდა.
- რა საინტერესოა, ანუ გამოდის, რომ ეს თავსამკაული მხოლოდ დავუდის წინაპრების კი არა ეროვნული რელიქვიაცაა, ვინაიდან ორბელიანთა გვარს ეკუთვნოდა?
- ასეა, მაგრამ თქვენი ნებაა მუზეუმს გადასცემთ თუ არა. მე უფლება არ მაქვს რამე დაგაძალოთ.
- არა, გადაცემის წინააღმდეგი ვარ. ეს სამკაული იყო და დარჩება ჩემი საგვარეულოს რელიქვიად. ნილაი სულთნისგან მეტი არც არაფერი არ დაგვრჩა. იმედია ღირსეულად ატარებ,ლეა.- თვალები აემღვრა დავუდს. მე კი აღარაფერი მითქვამს.
რაც გვინდოდა, გავიგეთ. ისიც აღმოვაჩინეთ, რომ თავადს საკუთარი შვილის ძუძუმტეს გატაცება გაუთამაშებია, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა პატარა დათუნა მანველიშვილი სამშობლოსგან შორს მამლუქად გაყიდული. მიუხედავად ამისა, წლების მერე ბევრჯერ დაეხმარა საკუთარ გამტაცებელს და ჩანს მისთვის სამშობლოდან წაყოლებული მოგონებები დიდ მნიშვნელობას იძენდა. დავუდი გულგატეხილი მეჩვენა. არცთუ ისე აღფრთოვანებული იყო აღმოჩენილით.


ხვედურეთიდან დაბრუნებულნი, ზამთრის ბაღში განვმარტოვდით. მე ცხელ შოკოლადს შევექცეოდი, დავუდი ჩაის და ერთმანეთის თვალების ამოკითხვას ვცდილობდით.
- ლეა, გიკვირს ალბათ რატომ ვარ ასე, მაგრამ იცი რა ძნელია, როცა რაღაცას იდეალად გაიხდი, მასზე ოცნებაში გაიზრდები და მერე ბროლის შუშასავით დაგემსხვრევა? ჩემთვის ქართველობა და გურჯთა ურთიერთსიყვარული იყო ასეთი იდეალი და რა გამოდის? ბატონებს ისე შეეძლოთ ყმა-გლეხების ბედით თამაში, როგორც ბედუინებს აქლემის რძის ყიდვა-გაყიდვა, მაგრამ ბედუინი თითოეულ აქლემს იმაზე მეტ პატივს მიაგებს, ვიდრე ისინი ადამიანებს.
- დავუდ კარგი და ცუდი ყველა ერშია. რატომ გიკვირს? განა ბაღდადში არ მტრობდნენ იგივე ქართველი მამლუქები ერთმანეთს? შენ არ ამბობდი დაუდ ფაშასი შურდათ და ისევ ქართველმა ალი რიზამ უღალატაო?
- მე მეგონა უცხოტომელებთან ერთად ყოფნამ იქონია გავლენა.
- ეროვნება და წარმომავლობა არაფერ შუაშია. მთავარია აი აქ, რა გაქვს. - გულზე ხელი მივადე. - აი აქ რას ფიქრობ.- მერე თავზე გადავუსვი ხელი. - აი აქ რას გამოხატავ. - თვალებზე მივეფერე. და ბოლოს აი ამით რას ამბობ. - ტუჩებზე ხელი დავუსვი, საიდანაც ცხელი ახშირებული სუნთქვა შემომეგება. - რაც მთავარია, შენ ახლა იცი მცირეოდენი ნაწილი შენი წინაპრების წარსულისა, ამ თავსამკაულის ისტორია, რომელიც ჩემთვის ორმაგად უფრო ძვირფასი გახდა, და შეგვიძლია მშვიდად წავიდეთ იქ, სადაც შენ წაგესვლება.
- როგორ მომენატრე, მოდი ჩემთან. - ჩუმად დამიჩურჩულა და თავისკენ მიმიზიდა. მეც დავეწაფე მონატრებულ ბაგეებს. თემურთან ორივეს გვერიდებოდა და დისტანციას ვიცავდით, ახლა კი ერთმანეთის სხეულები ისე მოგვნატრებოდა, რომ სულაც აღარ ვგრძნობდით ზამთრის სიცივესა და სუსხს.
***
მეორე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა. როგორც ველოდით ალესანდრომ უარი განაცხადა განქორწინებაზე. მეტიც, ჩემი ფსიქოლოგთან გასაუბრება და ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა. ამტკიცებს, რომ თითქოს ჩემზე გატაცებამ იმოქმედა, სტოკჰოლმის სინდრომი მაქვს და ამიტომ ადეკვატურად ვერ ვაფასებ სიტუაციას. მოწმედ დედაჩემი მოიხმო, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ რაც დავბრუნდით ჩემს თავს აღარ ვგავდი, დეპრესიული გავხდი. მოსამართლემაც მხედველობაში მიიღო მათი ჩვენებები. ადვოკატმა გაასაჩივრა, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ. ხომ შეიძლება რომ შემეშვას ერთხელ და სამუდამოდ? ამაოდ ცდილობდა დავუდი ჩემთვის ყურადღების გადატანას. ხან რა მოიფიქრა, ხან რა. ბოლოს ისევ ჩვენს მომავალზე ჩამოაგდო საუბარი:
- თემურისთვის ახალი დავალება მაქვს.
- თემური რა შუაშია ჩვენს მომავალ ერთად ცხოვრებასთან მიმართებით?- გაოცებულმა შევხედე.
- შუაში კი არა თავშია. ჩვენი ქორწილის ცერემონია უნიკალური უნდა იყოს აი ისეთი, წლების მერეც რომ ჩვენზე ისაუბრონ. მე ჩემის მხრივ ყველა ბაღდადური თუ არაბული რიტუალის შესრულებას ვაპირებ, მაგრამ არაფერი ვიცი ძველ ქართულ საქორწინო რიტუალებზე, ვეჭვობ, არც შენ იცი. ამიტომ თემურს დავავალებ მოიძიოს ყველა რიტუალი და ყველა წესის დაცვით დავქორწინდეთ.
- ოჰ , დიადი და ნათელი მიზანი გქონია, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს. ქართული ყველა ტრადიციული რიტუალი პირდაპირ კავშირშია ქრისტიანობასთან. ჩვენ ვერც დავიწინდებით, ვერ ჯვარს დავიწერთ. იმედია წარმართული რიტუალებით არ აპირებ აღნიშვნას.- სევდანარევი ღიმილი აღმებეჭდა სახეზე, რაც დავუდის თვალს არ გამოპარვია.
- მაპატიე, რომ შენთვის მტკივნეულ თემას ვეხები, ვიცი არ გსიამოვნებს, მაგრამ უნდა გკითხო. თუ შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჯვრისწერა, რატომ სანდროსთან არ დაიწერე ჯვარი?
თვალები ამიცრემლიანდა და ოთახიდან აცრემლებული საპირფარეშოსკენ გავიქეცი.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დასრულდება?

 


№2  offline წევრი Impermeable

სტუმარი მარი
როდის დასრულდება?

სამი თავი დარჩა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან კარგი იყო ველოდები ახალ თავს როგორც ვიცი ეხლა იწყება შეწვა გლეჯვა ლეას გამო მადლობა წარმატებები

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
მომეწონა ძალიან კარგი იყო ველოდები ახალ თავს როგორც ვიცი ეხლა იწყება შეწვა გლეჯვა ლეას გამო მადლობა წარმატებები

კი დასკვნითი ბრძოლები იქნება

 


№5  offline წევრი თათია-თათა

აღარ აპირებთ გაგრძელებას?

 


№6  offline წევრი Impermeable

თათია-თათა
აღარ აპირებთ გაგრძელებას?

კი ვაპირებ, უბრალოდ გადავწყვიტე დარჩენილი თავები ერთიანად დავდო ამიტომ რამდენიმე დღე მჭირდება ისევ სამუშაოდ. მადლობა მოთმინებისთვის heart_eyes

 


№7 სტუმარი ნია

ვაიმე რამდენიმე დღე კიდეო სწორად გავიგე????

 


№8  offline წევრი Impermeable

ნია
ვაიმე რამდენიმე დღე კიდეო სწორად გავიგე????

კი სავარაუდოდ ამ კვირაში დავდებ უკვე ბოლო ნაწილზე ვარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent