შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული ( თავი 2)


10-01-2021, 01:30
ავტორი Melice
ნანახია 3 244

- აი ეს ორი უშაქროა - ბაჩო ორი ფინჯანი თურქული ყავის თავზე თითებს პარჭყავს - ეს ორი კიდე საშუალო.
ლანგარს ფრთხილად ვიღებ და მარცხენა ხელის გაშლილ მტევანზე ბალანსის დაცვით ვათავსებ.
- როგორ გადაგივსია - უკმაყოფილოდ ვბურტყუნებ.
- შენი გრაციოზულობის იმედად ვარ - ხელებს მაღლა სწევს და მეც ბარის დახლს ცინიკური ღიმილით ვეცლები.
დღეს დარბაზის ყველაზე რთულ ნაწილში ვმუშაობ - ტყავის სავარძლები. ღმერთო! როგორ მძულს. ყველაზე პრეტენზიული სტუმრები რატომღაც ყოველთვის ამ პოზიციას მიესევიან ხოლმე.
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და თავს ვიმშვიდებ - ორი საათიც გაუძელი, ანაბელ!
- ანაბელ! - მესმის მენეჯერის, სოფოს ხმა და მეც ბარისკენ მივიწევ.
- გისმენთ. - თავაზიანად ვუღიმი და ნერწყვს ვყლაპავ.
- ნახევარ საათში ქსელის ერთერთი მეწილე მოვა შენს პოზიციაზე - თვალებში მიყურებს და ყოველ სიტყვას მკვეთრად წარმოთქვამს. - დაჯავშნე მეჩვიდმეტე მაგიდა და იცოდე, თავაზიანი ღიმილი არ მოგშორდეს სახიდან.
- და სხვა რომ მოემსახუროს? - არ ვნებდები, რადგან როცა უფროსობა მოდის, ითხოვს ციბრუტივით მოტრიალე მიმტანს, ამას ემატება კიდევ ექვსი სხვა მაგიდის სტუმარი, რომლებიც უყურადღებოდ გრჩება.
- არა, შენი პოზიცია მოითხოვეს - ცინიკურად მიღიმის.
- ჩემი? - ყურებს არ ვუჯერებ, რადგან მხოლოდ ერთხელ მხვდა წილად მსგავსი ბედნიერება და ეს არც ისე კარგად დამთავრდა.
- ხო, - თავს მიქნევს სოფო - ანაბელი მოგვემსახუროსო. იცოდე, დღესაც თუ იგივე განმეორდება, ხვალიდან სამსახურში აღარ გამოხვიდე! - სწრაფი ნაბიჯით მიკაკუნებს უკანა ეზოსკენ.
- მოეშვი, განერვიულებულია - ბაჩოს ხმა ფიქრებიდან მაბრუნებს.
- რა ბზიკმა უკბინა?!
- ხვალიდან შენ კიარა, მაგას უშვებენ... - ისე ხმადაბლა და ისეთი სახით ჩურჩულებს, თითქოს ქვეყნის პირველ საიდუმლოს მიმხელს.
- კაი ერთი!.. - თვალები შუბლზე ამდის.
- უფრო სწორად, ქსელის სხვა ობიექტზე გადაჰყავთ - მეტი დამაჯერებლობისთვის თავს თვითონვე აქნევს.
- და აქ ვინ იქნება მენეჯერი? - ვგრძნობ პირი როგორ მიშრება. მართალია, სოფო მკაცრია, მაგრამ მივეჩვიე. ახლა ახალი მენეჯერის ახალი ხუშტურებისთვის არ ვარ მზად.
- ოო, ეს მთლად შოკი ამბავი - მხიარულად ხითხითებს ბაჩო - ერთერთი მეწილის საქმროა.
ეს ნათესავური კავშირებით დასაქმება სულაც არ მაკვირვებს. ის უფრო გასაოცარია, პირდაპირ მთავარ მენეჯერად რომ არ „მოჯდა“ და მხოლოდ რომელიღაც ობიექტის მენეჯერობას დასჯერდა.



სამზარეულოს დახლთან ვდგავარ ქათმის მწვადით ხელში და მაშარაფს კისერწაგრძელებული ველოდები.
- ანაბელ! სად ჯანდაბაში ხარ? - სოფოს ყვირილი მესმის და თავზარი მეცემა... ამის დედაც!.. გავიდა ნახევარი საათი?
სოფო ხელიდან მწვადის თეფშს მგლეჯს და მენიუს მაჩეჩებს.
- მიდი, სწრაფად - ლამის მეხვეწება.
- ხო, მივდივარ! - წინსაფარს ვისწორებ და დარბაზში სწრაფი ნაბიჯით შევდივარ. მეჩვიდმეტე მაგიდა შუშის მთლიან კედელთან იზოლირებულად დგას. ტყავის ორი სავარძლიდან ერთი ცარიელია, მეორეში კი... ჯანდაბა! საიდან მეცნობა?
- გამარჯობა, ანაბელ - მიღიმის საგულდაგულოდ გაპარსული სახე და გონება მინათდება.
- ილია?! - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობის მეგობარს წლების შემდეგ შევხვდი. დაძაბულობა წამში მეხსნება, რადგან გაზულუქებული ფულის ტომრის ნაცვლად ხუთოსანი სკოლის მოსწავლესავით მოწესრიგებული ილია დამხვდა.
- რას ინებებთ? - წამში ვხვდები რომ ეს მოწესრიგებული ხუთოსანი ერთერთი მეწილეა. მენიუს მაგიდაზე ვუდებ და ვუღიმი.
- ორ ფინჯან ყავას, რათქმაუნდა შენთან ერთად - გამომწვევად მიღიმის.
- უკაცრავად, მაგრამ ვმუშაობ - წარბს ვწევ და მაგიდიდან ჯავშნის ნიშანს ფრთხილად ვიღებ.
- არმინდა თავის ქებაში ჩამითვალო, მაგრამ იმდენი გავლენა მაინც მაქვს, რომ სულ რაღაც ხუთი წუთით დაისვენო. - ნიშნის მოგებით მპასუხობს და ხელის მტევნებს მაგიდაზე აწყობს.
- ამ შემთხვევაში მოსაწევად გასვლა მირჩევნია. - კბილებს შორის ვცრი და მოულოდნელობისგან ვხტები, როცა პასუხად მაგიდაზე ხელებს ურტყამს და ფეხზე დგება.
- და რა პრობლემაა, ჩემთან ერთად ყავის დალევა? - ხმას უწევს, ალკოჰოლის მძაფრ სუნს ვგრძნობ და მეც ვღიზიანდები.
- უბრალოდ, არ მინდა! - ხმას ვუწევ და ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
- უბრალოდ, არ გინდა... - ხმადაბლა იმეორებს ჩემს სიტყვებს და მწარე ღიმილით მათვალიერებს. სხვა მაგიდებს თვალს ვავლებ... ასეც ვიცოდი! ყველა ჩვენ მოგვშტერებია.
- რა გჭირს გოგო, გაგიჟდი?! - სოფოს განრისხებულ სახეს ვაწყდები და ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში. - რა უთხარი? გიჟივით გავარდა... იცოდე, ხვალიდან...
- ჯერ ერთი, ნუ მიყვირი და ნუ მემუქრები - მეც კი მიკვირს, ისეთი მტკიცე ხმით ვაჩეჩებ ჯავშნის ნიშანს. - და მეორე, როგორც ვიცი, მენიუში „პაემანი ანაბელთან“ არ გვაქვს. - გაოცებისგან დამუნჯებულ სოფოს გვერდს ვუვლი და დასამშვიდებლად თავს საპირფარეშოს ვაფარებ.


ტაქსიდან გადმოსული სადარბაზომდე ერთ ადგილს ვეყინები.
- კი, აქ იყო... - ჩემთვის ვჩურჩულებ და ორი ღამის წინანდელი ამბავი მახსენდება.
იმ ღამით, ჩემმა უცნობმა სახლამდე მომიყვანა. გზაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია. მანქანიდანაც უხმოდ გადმოვედი და ამ ადგილას რომ მოვედი, მისი ჟღერადი ხმა ისევ გავიგონე.
- ჰეი, სახელი მაინც მითხარი - წამომეწია, მკლავში ხელი წამავლო და მისკენ ფრთხილად მიმაბრუნა. მისმა სურნელმა ისევ თავგზა ამირია.
- „ და არც ლაჟვარდებში მცხოვრებ ანგელოზებს,
და არც ბოროტ სულებს წყლის,
არ ჰქონდათ უნარი განეყოთ სულები ... “
ღრმად ჩავისუნთქე და ვცადე ბოლო აბზაცისთვის ხმა დამემორჩილებინა.
- „ ჩემი და ანაბელ ლის “ - ჩემს ნაცვლად დაასრულა და თვალებში ისე ჩამხედა, თითქოს ურთულესი რებუსის ამოხსნას ცდილობდა. - ტრაგიკული ისტორიაა.
თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
- ანუ, რა გქვია? - მის სახის გამომეტყველებაზე ისევ გავმხიარულდი.
- ვერასდროს მიხვდები. - საჩვენებელი თითი ნაზად დავაჭირე ცხვირზე და სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა, ჩქარი ნაბიჯით გავწიე ბნელი სადარბაზოსკენ.
მახსოვს, ჩემს ოთახში, კართან ვიდექი და ვფიქრობდი გადამეხედა თუ არა. ალბათ, ალკოჰოლის ბრალია, მაგრამ თუ გადავიხედავდი, მინდოდა ის იქ არ დამხვედროდა. მინდოდა ბოლომდე მერწმუნა მისი არარსებობა.
ბოლოს, როგორც იქნა თავს ძალა დავატანე და ფარდა გადავწიე.
არ იყო...
გულში რაღაც ჩამწყდა და დამამძიმა. ახლა, ამ სიმძიმეს ასმაგად ვგრძნობ. აი, ზუსტად იმ ადგილას ვდგავარ, სადაც მისი სურნელი ბოლოს ჩავისუნთქე, ისევ ღრმად ვსუნთქავ ცივ ჰაერს, მაგრამ არა... არცერთი ნაწილაკი არ გადარჩენილა...
- ანაბელ? - დათოს გაოცებული ხმა რეალობაში მაბრუნებს და ინტიქტურად სიგარეტი ზურგს უკან მიმაქვს.
- ხო, მე ვარ - დაბნეული ვპასუხობ და ჩემივე რეაქციით გაკვირვებული, სიგარეტის ღერს ისევ ვაჩენ.
- შენ რა, ეწევი? - ხმა რბილი აქვს, თუმცა მკაცრი.
- როგორც ჩანს - უხეშად ვპასუხობ და უკვე ჩამქრალ ღერს ურნაში ვისვრი. ისევ მისკენ ვაბრუნებ მზერას და წამიერად აფთიაქის მოზრდილ მუყაოს პარკზე მიშეშდება. დათოც ამჩნევს ჩემს მზერას და ხელი ზურგს უკან ფრთხილად მიაქვს.
- ცუდად ხარ? - მეორე სიტყვაზე უკვე ხმა მიწყდება.
- არა - ნერვიულად იცინის - ეს უბრალოდ...
- აბა ლანაა ცუდად? - ხმას ორი ტონით ვუწევ და ჩემივე თავს ვკიცხავ, რომ პირველად ლანა არ გამახსენდა.
- არა, გავცივდი უბრალოდ... - ისე საწყლად ამბობს, მეცოდება. - დიდი ხანია რაც ეწევი? - მკაცრად მიყურებს და ამაზე მეტად არაფერი მაღიზიანებს.
- ორ წელზე მეტია - მოკლედ ვუჭრი და თვალებიდან ლამის ნაპერწკლებს ვყრი - რამდენი ხანია რაც ისევ მამობა გადაწყვიტე?
ერთმანეთს თვალებში შვყურებთ. დიდი, მუქი ლურჯი თვალები აქვს, ზუსტად ჩემი თვალები.
- ორ წელზე მეტია. - ჩემივე კითხვას თითქმის ჩურჩულით ვპასუხობ და მომდგარ ცრემლებს სადარბაზოს სიბნელეში ვმალავ.



ჩემი ოთახის იატაკზე ფეხმორთხმით ვზივარ და წამლებით სავსე ყუთს გამალებით ვათვალიერებ.
- სავსეა ეს ყუთი გაციების წამლებით, რა იყიდა ამ კაცმა? - ჩუმად ვსისინებ და გული ცუდის მოლოდინში გამალებით მიცემს.
კარზე კაკუნი მაიძულებს თავი წამოვწიო. სახელური იწევა და რამოდენიმე წამში ლანა ესვეტება კართან. გაოცებული ვუყურებ ჩუმად მდგარ ლანას და ველოდები როდის დაილაპარაკებს.
- ის სად არის? - საუბრის წამოსაწყებად რატომღაც დათოს მოკითხვა გადავწყვიტე.
- ის მამაშენია და სძინავს! - ნაწყენი თვალებით დამყურებს - ანა, მოხდა რამე?
- დედა, ავად ხარ? - საწოლიდან ვდგები და ლანას ვუახლოვდები.
- არა - იკვირვებს და იატაკზე მოფენილ წამლებს ახლაღა ამჩნევს. თვალებში ვუყურებ და ვხვდები, რომ მართალს ამბობს.
- დათოა ავად? - ვგრძნობ გული როგორ მეწურება. გაფაციცებით ვეძებ ლანას თაფლისფერ თვალებში უარყოფის ნიშნებს.
- ანა... მამაშენი კვდება.


დათო რომ წავიდა ხუთი წლისაც არ ვიყავი. მთელი მოგონებები ერთ დიდ, წარმოსახვით სკივრში გამოვკეტე და ჩემს თავს მისი ამოქექვის უფლებას არ ვაძლევდი.
თუმცა, ეს ამ მომენტამდე იყო...
მოულოდნელად ეს სკივრი პანდორას მსგავსად გაიხსნა და ყველაფერი თვალწინ დამიდგა...
პირველი მოგონება ახალ წელს უკავშირდება. აი, ვდგავარ ახალ, წითელ კაბაში გამოწყობილი, ხელში ბრჭყვიალა სათამაშო მიჭირავს და ვაკვირდები. დათო ხელში მიტაცებს და ნაძვის ხეზე სათამაშოს დაკიდებაში მეხმარება.
სხვა მოგონებები შედარებით ბუნდოვანია, მაგრამ მაინც მახსოვს... ძირს დავარდნილი ნაყინის გამო ატირებულს რომ გულში მიკრავდა; ან ეზოში წაქცეული პირდაპირ საავადმყოფოში რომ გამაქანა, არადა ვუმტკიცებდი კარგად ვარ-მეთქი; ისიც მახსოვს, ბაღიდან კისერზე შემოსმული რომ მოვყავდი სახლამდე.
- რა სჭირს? - ჩემივე ხმა სადღაც შორიდან მესმის და ერთ ცრემლში ჩატეული ზღვა ემოცია თვალს სწყდება.
- სიმსივნე - ლანა პირზე ხელს იფარებს და უხმოდ ტირის.
- რისი? - რა მნიშვნელობა აქვს რისი? ვფიქრობ და ვიმეორებ: ოღონდ თავის ტვინის არა.
- თავის ტვინის - ჩემი ფიქრების გამოძახილად მესმის ლანას გაწვრილებული ხმა და ფეხები მეკვეთება. ლოგინზე ფრთხილად მსვამს. - იცოდე, მასთან არ შეიმჩნიო.
- რას ამბობ? - სახეზე სისხლი მაწვება და ვცდილობ ხმამაღლა არ ვიკივლო - მკურნალობას როდის იწყებს? აფთიაქის წამლებით ვერ უშველის სიმსივნეს... - ხმა მიკანკალებს და აღარც ცრემლების შეკავება შემიძლია.
- ექიმმა თქვა, ოპერაციამ შეიძლება უშველოსო - მიხსნის და აკანკალებული ხელით ცრემლებს იწმენს. - მაგრამ, მანამდე ქიმიოთერაპიებით უნდა დააპატარაონ სიმსივნე... ეს იმდენად ძვირია, ვერ გავწვდებით...
- სრული განაკვეთით ვიმუშავებ! - მცირე იმედს ჩაბღაუჭებული ფეხზე ცოცხლად ვხტები - აკადემიურ წელს ავიღებ და ყოველ დღე ვიმუშავებ, სულ ტყავის სავარძლებთან... - ლანა გაოცებული მიყურებს - იქ ყველაზე მეტს ტოვებენ, აი დღეს ას ლარამდე იყო - ვუხსნი და ჩანთის ელვის გახსნას ვცდილობ.
ლანა ჩანთას მართმევს და გულში მიხუტებს.
- სწავლას ვერ მიატოვებ! - შუბლზე მკოცნის და თვალებში მიყურებს.
- მაგრამ...
- არ ეყოფა... არც ჩემი ხელფასი, არც შენი...
- სახლი გავყიდოთ!.. - მტკიცედ ვამბობ და ლანას თვალებში ამღვრეულ ემოციებს ვაკვირდები.
სანამ დათო წავიდოდა, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მერე ვალად დიდი თანხა აიღო. ბიზნესმა არ გაამართლა, ვალი კი ვალად დარჩა. ამიტომ ბინა ლანას გადაუფორმა კონტრაქტით და წავიდა. არ ვიცი რისი ან ვისი ეშინოდა, მაგრამ ერთ დღეს უბრალოდ გაქრა. კონტრაქტის მიხედვით ბინა თვრამეტი წლის ასაკიდან მე მეკუთვნის.
- გამორიცხულია! - ლანას თვალები უფართოვდება.
- სესხი მაინც ავიღოთ იპოთეკით? - უკვე ხვეწნაზე გადავდივარ.
- ყოველთვიურ შესატანს ვერ დავფარავთ... - თავს აქნევს და კარისკენ მიდის - არც იფიქრო, ანაბელ!

მარტო ვრჩები და აზრზე მოსასვლელად შხაპის ნაკადს ვუდგები. შიშველ ტერფებს დავყურებ... წყალს მიაქვს მთელი დღის მტვერი, თამბაქოს სუნი... მაგრამ პრობლემებს და მისგან გამოწვეულ ემოციებს ძვრაც ვერ უყო.

დილის ხუთი საათია და ძილი არ მეკარება. უკვე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს...
ლანას და დათოს საძინებლის კარის სახელურს ფრთხილად ვწევ და ფართოდ ვაღებ. სახეები ერთმანეთისკენ მიუბრუნებიათ და მშვიდად ფშვენენ. საწოლზე ვცოცდები და შუაში ვწვები. ორივეს ეღვიძება.
- ანა, მშვიდობაა? - დათოს ხრინწიანი, გაოცებული ხმა მესმის, ორივე წამომჯარია და თვალებს იფშვნეტენ.
- ცივა ჩემს ოთახში - ისე ვამბობ, თითქოს არც არაფერი ხდება უჩვეულო. დათო ლანას აშტერდება, ისიც უხმოდ იჩეჩავს მხრებს და წვება.
- მამა, აღარ დაწვები? - მორჩილად ეშვება და გულში მიკრავს. ხარბად ვისუნთქავ მონატრებულ სურნელს.
- სად იყავი? - ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ.
- სულ შენთან ვიყავი - ხმა უკანკალებს.
- არა, არ ყოფილხარ - უფრო მჭიდროს ვეხუტები - მაგრამ, არაუშავს!
ემოციებით დაღლილს ძილი მერევა და ნახევრად ბურანში წასული, რამოდენიმეჯერ ვამოწმებ დათოს... ხომ ისევ აქ არის, ხომ არ წასულა...


დილით ცარიელ საწოლში მეღვიძება და წამით ვფიქრობ, რომ ყველაფერი სიზმარი იყო. არა, მშობლების საწოლში ვარ... ესეიგი, ყველაფერი ისევ ცუდადაა.

უნივერსიტეტში წასასვლელად გამზადებული, სამზარეულოში შევდივარ. ლანა მაგიდას უზის, თვალებით დათოს ვეძებ.
- გასულია... - სევდიანად მიღიმის.
- სესხისთვის ბინის საბუთები გაამზადე, - მის გაოცებულ მზერას თვალს ვარიდებ - ხელს მოვაწერ. - პირდაპირ შემოსასვლელში გავდივარ, ლანას ფეხის ხმაც სწრაფად მომყვება.
- არა, ანაბელ... ვერ...
- იცოდე წავალ და გავყიდი! - ხმას ვუწევ - ასე უკან დაბრუნების შანსი მაინც გვაქვს.
- სახლს დავკარგავთ - შეშფოთებული ჩურჩულებს.
- დავკარგავთ და დავკარგოთ! - თვალები ისევ სითხით მევსება და ლანას ლანდად ვხედავ - ჩვენი მეორედ მიტოვების ნებას არ მივცემ!



- ანაბელ, აქ ხარ? - ბაჩო სახესთან ხელებს მიქნევს და ფიქრებიდან ვეშვები.
- ბოდიში, რამეს მეუბნებოდი? - ვფხიზლდები და ბაჩოს ვაშტერდები.
- მიდი დარეკე, თავს ნუ იტანჯავ. - ჩემივე მობილურს მაწვდის, რომელსაც ბარში ვინახავ.
- არა, ექიმთან არიან... არ მინდა ზარებით ავიკლო - უკან ვუბრუნებ მობილურს. ბაჩო ერთადერთია, ვისაც დათოს ამბავი მოვუყევი.
- თუ ყოველ სმენაში ტყავის სავარძლებთან გინდა მუშაობა - მირიანი, ჩვენი ახალი მენეჯერი გვიახლოვდება - მაშინ, ბარმენს ნაკლები უნდა ესაუბრო. - საშუალო სიმაღლისაა, ქერა და რატომღაც ცინიკური ღიმილი არასდროს შორდება.
- ყეყეჩი! - გაგულისებულმა ჩავილაპარაკე, როცა საკმაო მანძილით გამცდა.
- თავი კარიერის მწვერვალზე ჰგონია! - ამყვა ბაჩოც და სანამ ჩვენს ჩუმ ხითხითზე მიარიანი მობრუნებულა სწრაფად მივიწევ ჩემი პოზიციისკენ.


შემწვარი კალმახის არომატი ცხვირში მცემს და მომდგარ ნერწყვს ვყლაპავ. თეფშს მაგიდაზე ღიმილით ვდგამ.
- გემრიელად მიირთვით - ღიმილითვე ვეცლები და პირდაპირ ბაჩოს ვეჩეხები.
- წამოდი, მალე! - ხელს მავლებს და ბარისკენ მიმაქროლებს.

ბარის დახლზე დიდი, კესანებით სავსე კალათა დევს.
- შენთვის მოიტანეს - აღფრთოვანებისგან ლამის ყვირის ბაჩო.
- დარწმუნებული ხარ? - შორიდან ვათვალიერებ კალათს.
- აი, წერილიცაა - ორად გაკეცილ, სქელ ქაღალდს მაწვდის. ეჭვის თვალით ვართმევ.
„ გიგზავნი შენი თვალებისფერ კესანებს. მაპატიე.“
დაბნეული ისევ ბაჩოს ვუყურებ, ტუჩი აუბზუებია და ერთ ადგილზე ცმუკავს.
- მიდი, თქვი - უფლებას ვაძლევ, რადგან ვხედავ, სადაცაა გასკდება.
- მგონი, შენი პრინცი ცოტა ბრმაა... - ჩუმად ხიტხითებს და მეც მეღიმება.
- წაიკითხე? რა დამპალი ხარ! - წერილს პირდაპირ სახეში ვახვედრებ.



ტაქსის მოსვლამდე ღერი სიგარეტით ვთბები.
- შაქრით თუ უშაქროდ? - ორი ერთჯერადი ყავის ჭიქით შეიარაღებული ილია დასჯილი ბავშვის თვალებით მიყურებს.
- შაქრით - ვხედავ როგორ უნათდება სახე.
- ვიცი, რომ ტაქსს ელოდები, ამიტომ სწრაფად გეტყვი - იწყებს როგორც კი პირველ ყლუპს ვსვამ. - ბოდიში იმ დღისთვის... სახლში რაღაც მოხდა და დავლიე...
- მესმის - სიგარეტს ვაქრობ და სახეზე ჩამოყრილ თმას უკან ვიწევ.
- ყვავილების გარეშე რომ დაგინახე, ვიფიქრე რომ არ მაპატიე. - თვალებში სევდიანად მიცქერს.
- რესტორნის ინტერიერს უფრო მოუხდა, უბრალოდ - უხერხულად ვიღიმი.
- შეიძლება, სახლამდე გაგიყვანო?
- მოდი შევთანხმდეთ, ამ კითხვას აღარასდროს დამისვამ - ხელს ვუწვდი.
- სანამ შენ თვითონ არ მთხოვ - ხელს მართმევს.
- სამართლიანია - თავს ვუქნევ და მის უკან გაჩერებულ ტაქსს ვლანდავ - უნდა წავიდე.
- დროებით - ისევ ხმამაღლა მემშვიდობება.


- ანაბელ, მეჩვიდმეტე მაგიდასთან გთხოვენ - თავზე მადგება მირიანი და ყავის ფინჯანს მაშინვე სამრეცხაოს დახლზე ვდებ.
- ახლავე გავალ.
- სწრაფად! - ცივად და გამოკვეთილად მიბრძანებს. თვალებს ვატრიალებ და დარბაზში გავდივარ. ილია მაგიდასთან მარტო ზის. მეორე სავარძელზე მხოლოდ ტყავის, შავი ქურთუკია.
- გამარჯობა - მესალმება და ფეხზე დგება.
- გამარჯობა, ახლავე მოვიტან მენიუს.
- არაა საჭირო, ვიცით რაც გვინდა - მიღიმის და ჩემს უკან იყურება - ბარემ ჩემს ძმასაც გაგაცნობ.
ნაცნობი, გრილი სუნამოს არომატს ვგრძნობ და ვქვავდები. უფრო ღრმად ვსუნთქავ და თვალი სავარძელზე დადებული ტყავის ქურთუკისკენ გამირბის. ღმერთო! ოღონდ არ მეჩვენებოდეს! - განწირული კივის ქვეცნობეირი.
- გამარჯობა - მესმის ყველაზე ჟღერადი ხმა და მისკენ ვტრიალდები, წამით მზერა ჩემს ბეიჯზე უჩერდება და ტუჩის კუთხე ეპრიხება, ღიმილის დამალვას ცდილობს - ანაბელ!



№1 სტუმარი ღამის სტუმარი

კარგია მომწონს ველი ახალ თავს:):):)

 


№2 სტუმარი stumari

ძალიან მომწონს ოღონდ ერთი კითხვა გამიჩნდა. ბარის ბიჭი ანაბელი რომ მიაცილა და ეს ილია ერთი და იგივე პიროვნებაა?

 


№3  offline წევრი OKI ME

მოიცა, რა გამოდის? ძმები არიან ილია და კლუბის ბიჭი? :დდ ოპაააა, აქ ამბები იქნებააა :დდდ

აი, დათო შემეცოდა. არ ჩანს ცუდი ადამიანი. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

ეს, ილია რატომღაც არ მომწონს. არ მგონია მთლად დადებითი ადამიანი. იმედია ვცდები.

დიდ ხანს არ გვალოდინო, ახალ თავზე. რა მოიცდი, ისეთ მომენტში დაასრულე.

 


№4 სტუმარი ანუ

Ოღონს სასიყვარულო სამკუთხედი არა :'(

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

ოპაა ძალიან საინტერესოა ????????????

 


№6 სტუმარი სტუმარი ანჟელა

ილია მომწონს ძან .იმედია შენც მოგწონს და მთავარი პერსონაჟი ილია და ქალბატონია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent