შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული ( თავი 3)


11-01-2021, 04:45
ავტორი Melice
ნანახია 2 922

„ანაბელ!“ „ანაბელ!“ - მის მიერ წარმოთქმულ ჩემს სახელს გონებაში გაუთავებლად ვიმეორებ.
- ანდრო - გაშლილ მტევანს მიწვდის და ჩემსას ინსტიქტურად ვაგებებ. ხელი ცივი აქვს და ეს სიცივე მკლავიდან მთელს სხეულში გადამდის.
„ანდრო“ - ახლა მის სახელს ვაგემოვნებ გონებაში. კრიალა ცისფერ თვალებში ვუყურებ და ვცდილობ რაიმე ნიშანი ვიპოვო, რომ მიცნო... რომ არ დავავიწყდი.
ხელს პირველი მიშვებს და სავარძელზე აკურატულად თავსდება.
- იცნობთ ერთმანეთს? - ილიას გაოცებული მზერა ჩვენს შორის მონაცვლეობს.
- არა! - ერთხმად ვიძახით ორივე. - უბრალოდ ძველ ნაცნობს მივამსგავსე - სასწრაფოდ ვამატებ და ემოციების შესაკავებლად გულზე ხელებს ჯვარედინად ვიკრავ.
- მე კი, დარწმუნებული ვარ პირვლად გხედავთ - ისე ცივად მიყურებს, პირდაპირ სული მეყინება.
- რას შეუკვეთავთ? - ილიასთან ვცვლი მზერას.
- ამერიკანო და ორმაგი ესპრესო. - თბილად მიღიმის.


„ არ ვახსოვარ! “ - ყავის აპარატთან მუშაობით გართულ ბაჩოს ვაკვირდები და ვგრძნობ, ქვეცნობიერი ბოლთას როგორ სცემს.
- რა გჭირს? - მოულოდნელად მეკითხება ბაჩო.
- რა მჭირს? - კითხვას ვუბრუნებ და ვცდილობ გამოვცოცხლდე. ბაჩო მოდის და ყინულივით ხელს შუბლზე მადებს, უკან ვხტები და სწრაფი მოძრაობისგან თავი მიბრუვდება. რატომაა დღეს ყველა ასეთი ცივი?
- ღმერთო! ანაბელ... - თავის ხელს დაჰყურებს და მერე მე მაშტერდება - სიცხისგან იწვი!


- ბოლოს როდის გამოიძინე?
- გუშინ. - არადამაჯერებლად ვიტყუები. ბაჩო წარბაწეული მიყურებს.
- ბოლო ერთი კვირაა ყოველდღე მუშაობ... სწავლას როდისღა ასწრებ?
- მხოლოდ დღის მეორე ნახევარში ვმუშაობ. - კბილებს შორის ვცრი.
- იმიტომ, რომ დღის პირველ ნახევარში ლექციები გაქვს! - აპარატიდან ამერიკანოს ჭიქას იღებს და ცხელ წყალს ასხამს. - ღამით სწავლობ, ხომ?
- ბაჩო, ნუ შეჭამე ეს გოგო - მოჩვენებითი გულისწყრომით ტუქსავს ირა - ორი ფორთოხლის წვენი. - თვალს უკრავს და ჩეკს ტუჩზე აწებებს.
- და, ბოლოსდაბოლოს, ქორწილი როდის გაქვთ? - თემა სასწრაფოდ გადამაქვს და ამჯერად ამართლებს, ორივეს ფართოდ ეღიმება.
- გაზაფხულზე ვაპირებთ - ირა თითზე წამოცმულ ნიშნობის ბეჭედს აწვალებს და ორად დაწნულ თმას თავის ერთი გაქნევით მხრებს უკან იყრის.


- რომელი რომელს დავუდგა? - ხმამაღლა ვფიქრობ. ბარის დახლზე დადგმული ამერიკანო და ესპრესო ლანგარზე ფრთხილად გადამაქვს.
- ესპრესოს ცივსისხლიანი ხალხი სვამს - ირა ცხვირაბზუებული უყურებს ლანგარს, - ერთხელ დავლიე და მერე ორი დღე სიგარეტს ვეღარ ვეწეოდი - სამივეს გვეცინება. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და მეჩვიდმეტე მაგიდისკენ გულაჩქარებული მივიწევ.
- როგორ მიხვდი?.. - ილია ხან მე შემომხედავს გაოცებული თვალებით, ხან-მის წინ დადგმულ ამერიკანოს.
- გამოვიცანი - ვამბობ და ჩუმ ჩაცინებაზე ანდროსკენ გამირბის მზერა. ისევ ისე ცივად, თუმცა დაჟინებით მიყურებს. - გემრიელად მიირთვით - უფრო ჩემთვის ვბურტუნებ და ცარიელ ლანგარს მთელი ძალით ვუჭერ ორივე ხელს.



- როგორ არის? - უნივერსიტეტის საპირფარეშოს სარკეში, საკუთარ ანარეკლს მივშტერებივარ. თვალები წითელი მაქვს, სახე - ფერდაკარგული.
- პირველი ქიმიოთერაპია კარგად გადაიტანა, - მახარებს ლანა - სახლში მივდივართ.
- თუ რამე მოხდა დამირეკე, კარგი? - საპირფარეშოდან გამოვდივარ და იქვე ვყოვნდები.
- არაფერი მოხდება, არ იდარდო,- სწრაფად მპასუხობს. მობილურს ჩანთაში მოუქნელად ვტენი და აუდიტორიისკენ მიმავალი სტუდენტების ნაკადს ვუერთდები.


რესტორანში ნახევარი საათით ადრე შევდივარ. ბარის დახლამდე ჩამწკრივებულ მაგიდებს თვალს ვავლებ, მხოლოდ ორი მაგიდაა დაკავებული.
- რა ხდება?
- ორშაბათი ხდება - მოწყენილი მპასუხობს ბაჩო - ღმერთო! ანაბელ, ზომბს გავხარ!
- მადლობა, შენც არაგიშავს! - ვუბღვერ და ბარში ვიწრო შესასვლელიდან ვძვრები. იზოლირებულ, პატარა კუთხეში გავდივარ და სკამზე მოწყვეტით ვეშვები. - ყავა დამალევინე, თორემ თავი მისკდება.
- გაგისკდება, აბა რა იქნება! - თავზე მადგება ირა და კოსად აწეულ თმას მიშლის. სიამოვნებისგან თავი უკან მივარდება და თვალებს ვხუჭავ. - ისე აგიწევია ეს თმა, წარბები კეფაზე გაქვს გადასული!
- ბაჩო, არც გაბედო! - თვალებდახუჭული ვაფრთხილებ და მოგუდული ფხუკუნიც არ აყოვნებს.


თანამშრომლებისთვის განკუთვნილი გამოსაცვლელი ოთახიდან წინსაფრის სწორებით გამოვდივარ და ერთ გრძელ ნაწნავად შეკრულ თმას სიგრძეზე ხელს ვაყოლებ. - „ რაც იცის, იცის... ვერ დაუკარგავ. “ - გულში ვუქებ ირას ნახელავს.
ცარიელ პოზიციას კმაყოფილ თვალს ვავლებ. დღეს ხალხმრავლობის თავი ყველაზე ნაკლებად მაქვს.
- უკაცრავად? - მეჩვიდმეტე მაგიდასთან ანდრო ეულად ზის და მედიდური გამომეტყველებით მიხმობს.
ჯანდაბა! რას გადაეკიდნენ ამ მაგიდას? ჭურჭლის პატარა კარადიდან მენიუს ვიღებ.

- გამარჯობა - ვესალმები და მზერა მის მზერაში მეკარგება.
- თვალებზე რა გჭირს? - ხმაში მზრუნველი ბგერები ეპარება თუ მე ვვოცნებობ?
- ვიღაცას თავს დავესხი და ცრემლსადენი გაზი შემასხურა... - უკბილოდ ვხუმრობ და ქვედა ტუჩს ნერვიულად ვიკვნეტ.
- ნასვამი იქნებოდი - უნაკლო ბაგეს ღიმილი უპობს.
- რას შეუკვეთავთ? - ლამის ვყვირი.
- სტეიკი... მედიუმი. - ხმა ისევ ცივი უხდება, გამომეტყველება ისევ ცინიკური. წარბაწეული უყურებს მენიუს, რომელსაც ორივე ხელით ვარ ჩაფრენილი და მიწოდების ნაცვლად რატომღაც გულში ვიხუტებ.


- ეს არ არის მედიუმი - სრულიად ხელუხლებელ სტეიკს იწუნებს.
- ახლავე შეგიცვლით - დანანებით დავყურებ იდეალურ კერძს.

- გემრიელად მიირთვით. - ახალ პორციას ვდებ მაგიდაზე და იმწამსვე ვეცლები.
ბარის დახლთან მდგარ მიმტანს მუდარის თვალებით შევყურებ.
- ნინო, შემცვალე, ორ წამში მოვალ... - თანხმობის ნიშნად თავს მიკრავს და მეც უკანა ეზოს გავლით მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებს მივაშურებ.
რესტორნის მეორე სართული, ერთი ვრცელი, ღია ტერასაა, რომელიც მხოლოდ გვიანი გაზაფხულიდან იხსნება. მანამდე თანამშრომლები ამოვდივართ მოსაწევად, ყავის დასალევად, ან უბრალოდ ნერვების დასაწყნარებლად.
სიგარეტის კოლოფს ვხსნი და შეკავებული კისკისის ხმა მაიძულებს კიბის სათავისკენ ავიხედო. ცისფერ პერანგში გამოწყობილი, საშუალო სიმაღლის ქერა მამაკაცი მიმტანის უნიფორმიან გოგონას მთელი ძალით ჩაჰკვრია. „ მირიანია “ - გონება მინათდება და ახლა გოგონას ვაკვირდები. ჩემგან ზურგით დგას და სახეს ვერ ვხედავ. წაბლისფერი ნაწნავი წელამდე სწვდება.
„ ასეთი თმა მხოლოდ მე მაქვს “ - გამალებით ვფიქრობ - „ მე და ირას “.



დარბაზში უმისამართოდ მივაბიჯებ და ყოველ ნაბიჯს საფეთქლებთან ტკივილი ექოდ მოჰყვება.
- უკაცრავად? - ანდროს ხელი აქვს აწეული და ორი თითით მანიშნებს მოდიო. კბილებს ერთმანეთს ვაჭერ და მივდივარ.
- გისმენთ.
- საერთოდ იცით, როგორ მზადდება მედიუმი სტეიკი? - თეფშს თითს კრავს და კიდისკენ უბიძგებს.
- არა - განრისხებული ვარ. თეფშს ვიღებ და მზერას ვუბრუნებ - მე მხოლოდ კერძის მაგიდამდე მოტანა ვიცი! - გულიანად ეცინება და წამიერად ისევ იმ უცნობს ემსგავსება კლუბში გვერდით რომ მეჯდა. სუნთქვაშეკრული ველოდები ისევ როდის გაუცივდება მზერა.
- შავი ჩაი მინდა, ლიმონით. - ხმადაბლა მაძლევს შეკვეთას - და არ იდარდო, ორივე სტეიკისთვის გადავიხდი.


- შავი ჩაი, ლიმონით - ბაჩოს გასაგონად ხმამაღლა ვაცხადებ და კომპიუტერშიც ვაფიქსირებ. ფეხის წვერებზე შემდგარი არომატულ კერძს დახლის ქვეშ ვდგამ - შენ მოგიტანე.
- ასეთი სტეიკი ვინ დატოვა? - თვალებს ვერ უჯერებს - შენ არ გინდა? მოდი, ორივეს გვეყოფა. - უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
ვუმზერ ჩაის მზადებაში გართულს და ვფიქრობ, როგორ ვუთხრა ცოტა ხნის წინ დანახული ისე, რომ გული არ გაუსკდეს. ან, იქნებ მაღალი სიცხე მაქვს და მომეჩვენა? შუბლზე ხელს ვიფარებ.
- ცუდად ხარ? - გამზადებულ ჩაის დახლზე დგამს და სევდიანად მიყურებს.
- ძალიან... - ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ და ცხელი სითხით სავსე ფინჯანი ადრესატისკენ მიმაქვს.


- დაჯექი! - მიბრძანებს, როგორც კი ჩაის ცხვირწინ ვუდგამ. მართლა ვფიქრობ, რომ მომესმა. ახლა თავით მანიშნებს და მეც მორჩილად ვჯდები.
- რამდენი? - შაქრის პაკეტს ხელში ატრიალებს.
- ორი... - გაუცნობიერებლად ვპასუხობ და ვიაზრებ, რომ ჩაი ჩემთვის მომატანინა. კოვზით სწრაფად ურევს და ფრთხილად აჩოჩებს. თეთრი ჭიქიდან ამომავალ ორთქლს თვალს ვაყოლებ. მის თვალებთან იფანტება და იქვე ვრჩები.
- დალიე - თითქმის ჩურჩულით ამბობს და მერე ყრუდ ახველებს. - სიცხიანი მიმტანი რესტორნის იმიჯს ლახავს...
- ბოდიში, თუ...
- არა, ასე არ მიფიქრია - ხმამაღლა მაწყვეტინებს და თითებით შუბლს ისრესს - მოდი, თავიდან დავიწყოთ, ანდრო თაბაგარი - ხელს მაწვდის და ფართოდ მიღიმის.
- ანაბელ გიორგაძე - ვეგებები და მის სახეს თვალს ვერ ვწყვეტ.
ამ დროს, ჩემი ქვეცნობიერი ირგვლივ ყველაფერს ლეწავს და ანგრევს... რა უნდა დავიწყოთ თავიდან? ყველაზე ლამაზი, თითქმის არარეალური დასაწყისი გვქონდა... იქ თანასწორები ვიყავით. ამ სამყაროში კი უთანასწოროები ვართ... უსამართლოდ უთანასწოროები.

- ანაბელ, გირეკავენ - მირიანის მზერა ჩვენს შეერთებულ ხელებზე ჩერდება და მეც სწრაფად უკან ვიწევ.
- ანაბელი დაკავებულია! - გაღიზიანებული ხმით, გარკვევით ამბობს ანდრო და თავს არც კი აბრუნებს. მირიანი გაოგნებული სახით შორდება მაგიდას. ასადგომად ვემზადები. - სანამ ბოლომდე არ დალევ, ფეხსაც ვერ მოიცვლი! - ისევ გარკვევით ამბობს, თუმცა შედარებით რბილად.


თითქმის ცარიელ დარბაზში ნელა მივაბიჯებ. უკვე თავისუფალ მეჩვიდმეტე მაგიდას თვალს ვაპარებ და სასიამოვნო ჟრუანტელს თმის ღერებზეც კი ვგრძნობ. სალაროსთან საბუთებში თავჩარგულ მირიანს ვკიდებ მზერას და მახსენდება, რომ მირეკავდნენ.
ბართან მისულს სახემოქუფრული ბაჩო მხვდება.
- შემოდი! - თავდახრილი მეუბნება და თავში ათასი ფიქრი შტორმის ტალღებივით ეხეთქება ერთმანეთს.
„ გაიგო? ასე მშვიდად როგორაა? “
- ლანას დაურეკე... - ჩემივე მობილურს მაწვდის და ბარის მყუდრო ნაწილისკენ მიმითითებს.
ჯანდაბა!.. ლანა... რვა გამოტოვებული ზარი...
ვრეკავ და თავისუფალი ხელით გულს ვიჭერ, რომ არ ამოვარდეს.
- ანა! სად ხარ?.. საავადმყოფოში მოდი, სწრაფად!.. - განწირული ტირის ლანა.


- რა მოხდა? - მანჯღრევს ბაჩო.
- ტაქსი გამომიძახე, სანამ გამოსაცვლელიდან ჩანთას მოვიტან - მობილურს ვაჩეჩებ და სირბილით მიმავალი, წინსაფარს დარბაზშივე ვიგლეჯ.

ანდროს რესტორნის გასასვლელში ვეჩეხები. სურნელით ვგრძნობ, რომ ისაა, შეხედვის თავიც არ მაქვს. გვერდს ვუვლი და ტაქსს გამალებული ვეძებ. აქამდე უნდა მოსულიყო!
- ანაბელ! - მეწევა მისი ხმა.
- გამეცალე! - ხელით ვწევ როგორც კი წინ მიდგება. მკლავში ხელს მავლებს და მისკენ მაბრუნებს. დეჟავუს განცდა, ან მისი სიახლოვე ცისფერი თვალებისკენ მიბიძგებს.
- მითხარი, რომ გახსოვარ! - ნერწყვს ვყლაპავ და ჩემი მზერა თვალებიდან ტუჩებზე ინაცვლებს.
- ასეც ვიცოდი! - გამარჯვებულის ხმა აქვს... თავისუფალი ხელით თმას თითებით უკან ივარცხნის.
ბრაზი ყელში მიჭერს და თუ არ ამოვუშვი, დამახრჩობს... იმ იდიოტური ჩაის გამო ვერ ვუპასუხე მობილურს დროულად... ამ თავდაჯერებული ყეყეჩის გამო, შეიძლება დათოს ცოცხალს ვეღარ მივუსწრო... რამოხდა ისეთი, რომ ლანა ნახევარი საათის შემდეგაც ტიროდა?..
- მახსოვხარ! - საკუთარ ხმას ვერც კი ვცნობ. - შენ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, რომელსაც კლუბთან მთვრალმა ვაკოცე.
ხელს ციებიანივით მიშვებს და ორი ნაბიჯით მშორდება. სახეზე რამოდენიმე ემოცია ერთდროულად დასთამაშებს. ისე ვნანობ თითოეულ სიტყვას, ლამისაა სააკუთარ თავს გავულაწუნო.
ტაქსის მოსვლის შეტყობინება მაფხიზლებს და ერთ ადგილას მიყინულ ანდროს საკუთარ თავთან ვტოვებ.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ბოლოს ესე არ უნდა ეთქვა :'(

 


№2 სტუმარი სტუმარი Katerina

მე ილია მომწონს :( ანაბელისთვის რა :(

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგია.❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Tinano

ანდრო ❤❤❤❤❤❤❤

 


№5  offline წევრი OKI ME

მე მაინც ანდრო და ანაბელის წყვილი მომწონს. ან ილიას რაღაც აკლია რაა.

ეს რა ქნა ანაბელმა? იმის გამო ტელეფონს, რომ ვერ უპასუხა იყარა ჯავრი ანდროზე.

ირას უყურე შენ რა ქნა? თავიდანვე არ მომეწონა მირიანი. ეტყობოდა თავიდანვე რა პიროვნებაც იყო. აი, ბაჩოს არ უნდა მოქცეოდა ასე ირა. ბაჩოსთან ქორწინებას რავიცი სახე გაბადრული ახსენებდა და უცებ, ჰოპ, მირიანთან არ ღალატობს?! ამ მირიანს ხო ყავს კაცო საცოლე? თუ არასწორად მახსოვს?

ვაჰ, ძაან საინტერესო ისტორიაა და ეს თავი მით უმეტეს. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი mariko

იმდენად რეალურადაა აღწერილი სულ მგონია რომ ფილმს ვუყურებ. ვგიჟდები ანაბელის და ბაჩოს მეგობრობაზე. იუმორიც ძალიან ბუნებრივად შემოდის ❣️

 


№7 სტუმარი nini.no

vaiii ???? axali tavii saswrafood an momasxit kaplis chavlii ????❤️

 


№8 სტუმარი niniko

dzalian kargia. Sheidzleba jer adre amaaze saubari ,magram kimias vgrdznoh anabels da andros shoris, ilia cota banaluri tipia dd

Gelodebiii

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

მეც ანდრო მომწონს

 


№10  offline წევრი Melice

უღმესი მადლობა იმ საოცარი მუხტისთვის, რომელიც კომენტარებიდან მოდის heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent