ისევ შენ?! (IV)
IV ზემოთ ვსაუბრობდი პირველ სიყვარულზე. მართალია, ყველას ცხოვრებაში გამორჩეულია, მაგრამ ჩემთან არც ის ვიცი, როდის მოვიდა და არც ის-როდის წავიდათქო. ალბათ, უფრო იმ შემთხვევას ვგულისხმობდი, როცა ბრაზიან, ბოროტ ბიჭებთან დამიცვა კეთილმა რაინდმა და სამუდამოდ, ჩემდაუნებურად ჩაიბეჭდა ჩემს ქვეცნობიერში. თუმცა, 8 წლის ასაკში, არც გამემტყუნება. ამ დროს ბავშვისთვის მსგავსი გრძნობები ზედმეტად რთული და უცხოა. ის უყვარს, ვინც მეტ შოკოლად აჩუქევს, ან თმას ვინც მეტჯერ მოწიწკნის. მაგრამ აი სულ სხვა რამეა, გარდატეხის ასაკი. 13 წელი. როცა ნელ-ნელა იწყებ იმის გააზრებას, რომ გოგო ხარ. როცა საპირსპირო სქესი შენში უკვე ინტერესს იწვევს, როცა აღარ ხარ ბიჭებთან ბოლომდე ისეთივე გახსნილი, როგორც მანამდე იყავი. ამ ასაკში დაახლოებითი წარმოდგენა გექმნება სიყვარულის შესახებ. მაგრამ უფრო ვარდისფრად გესახება. ფიქრობ, რომ ურთიერთობის დასასრული ქვეყნიერების დასასრულის ტოლფასია და გჯერა, რომ ეს სიყვარული მუდმივი და უკვდავია. თუმცა, ვინ იცის?! იქნებ სწორედ იმ 13 წლის გოგოს ფიქრებია სწორი და ჩვენ, ზრდასრული ხალხი, რომელიც ვფიქრებთ, რომ თუ ურთიერთობა დასრულდა, ეგ არაფერი, გამოჩნდება კიდევ ვინმე და ის შეგვიყვარდება... იქნებ ეს უბრალოდ თავის დასამშვიდებლად ჩამოყალიბებული ფიქრებია და იმდენად ვაჯერებთ საკუთარ თავს ამაში, რომ ვკარგავთ იმის შეგრძნებას, რომ ეს მხოლოდ ჩვენსავე დასამშვიდებლად გაჩენილი აზრია. სინამდვილეში კი ის 13 წლის ფარატინა გოგონა, ბევრად უფრო მამაცი და მებრძოლია. რადგან ფიქრობს, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. არ ვიცი... როცა ამ საკითხზე ვფიქრობ, დილემის წინაშე ავღმოჩნდები ხოლმე, ვერ ვხვდები, რომელი აზრია უფრო მართებული. თუმცა, ერთი რამ ფაქტია. მე თუ დღეს შემიძლია ვაღიარო, რომ ვცდებოდი და მართალი არ ვიყავი, 13 წლის გოგონა ამას ნამდვილად არ გააკეთებს. მას უბრალოს სწამს სიყვარულის მარადიულობის და მორჩა! უკვე ავღნიშნე, რომ საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი და ეს არც მოგვიანებით შეცვლილა. უფრო გულწრფელი თუ ვიქნები, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დღემდე არ შეცვლილა. საბედნიეროდ, სწავლა ძალიან მიყვარდა და გულმოდგინე მოსწავლე ვიყავი ყოველთვის, არც ზრდილობა მეშლებოდა, მუდმივად ვცდილობდი გაჭირვებაში მყოფებს გვერდში დავდგომოდი და დავხმარებოდი და ამიტომ მასწავლებლებსაც ძალიან ვუყვარდი და მაფასებდნენ. ჩემ პატარ-პატარა ოხუნჯობებს კი სიცილით და იშვიათად-მსუბუქი სასჯელით ხვდებოდნენ ხოლმე. სწორედ ასეთი იყო ის დღეც. გერმანულის გაკვეთილზე, სადაც მასწავლებელი ბოლომდე ჰიტლერის სიმკაცრით თუ არა, გებელსის დაუნდობლობით უდაოდ გამოირჩეოდა. მე -პეპივით მხიარული და უდარდელი ვიჯექი პირველ მერხზე და ისე ვკარნახობდი, ბავშვებს „ღმერთმა იცის, რატომ დავალებულ ტექსტს“ , რომელსაც ვერც თავი რომ ვერ გავუგე და ვერც ბოლო, ავდექი და უბრალოდ ზეპირად ვისწავლე, ახლა კი ჩემს ცოდნას დაუშურებლად ვუზიარებდი კლასელებს. როგორც წესი, ხშირად არ მიწევდა ხოლმე გაკვეთილის მოყოლა, რადგან, სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა, იქამდე მინიმუმ სამი ბავშვის გაძახებას ასწრებდნენ ხოლმე და მე სამივეს ისე ვკარნახობდი, მასწავლებლები რწმუნდებოდნენ ჩემს ცოდნაში და გამოუკითხავად მიწერდენენ ფრიადს. თუმცა, ჩემი კარნახი ყოველთვის წარმატებულად როდი სრულდებოდა, ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც გამორჩეული სიმკაცრით იყო ცნობილი, ჩემს ასეთ ქცევას სახალისოდ სულაც არ თვლიდა. მაგალითად ფიზიკის მასწავლებელი, რომელმაც ერთ-ერთი ასეთი კარნახის დროს გამომიჭირა. საქმე იმაშია, რომ უკვე იცოდა, ბავშვებს ყოველთვის ვკარნახობდი ხოლმე. ამიტომ, ბოლო მერხზე გადამსვა და მოსწავლეებს იმის ნაცვლად, რომ მერხიდანვე მოეყოლათ გაკვეთილი, უკვე ბევრად მოშორებით, დაფასთან იძახებდა, სადაც როგორც მინიმუმ, უნდა მეყვირა, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ, გაჭირვება მანახე და გამოსაავალს განახებო-ხომ გაგიგიათ?! მეც მალევე მივაგენი გამოსავალს. მართალია, მთლიანად გაკვეთილის კარნახს ვეღარ ვახერხებდი, თუმცა, როდესაც ამოცანას ხსნიდნენ დაფასთან, მე ელვის სისწრაფით ვაკეთებდი ბოლომდე, შემდეგ დიდ თაბახის ფურცლებზე მარკერით ვწერდი, რომ დაფასთან მდგომს დაენახა და როგორც კი მასწავლებელს მიბრუნებულს დავიგულებდი, მაშინვე მაღლა ვწევდი ხოლმე ამ ფურცელს. თუმცა ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს, ზუსტად მაშინ როცა ფურცელი ზევით ავწიე, მასწავლებელმა ჟურნალიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა და დავრჩი კიდეც გაღიმებული. ისე დავიბენი, ხელები ჰაერში დამრჩა გაყინული და ჩამოწევას ვეღარ ვახერხებდი. მასწავლებელი ნელა მომიახლოვდა, ფურცელი გამომართვა და ამოხსნილ ამოცანას გადახედა, შემდეგ კი მე შემომხედა. -ყოჩაღ, ამოცანა კარგადაა ამოხსნილი. ათიანს გიწერ.-მითხრა ღიმილით და ჟურნალს დაუბრუნდა სადაც მაშინვე ჩამიწერა ნიშანი, ჩვენ კი მისი ქცევით გაოგნებულები, ხმას ვერ ვიღებდით. ყველას გაუკვირდა, რომ შენიშვნა არ მომცა კარნახზე. თუმცა ამაოდ. ის იყო, დაჯდომას ვაპირებდი. მისმა ხმამ შემაჩერა. -რატომ ჯდები?-მკითხა მშვიდად. -არ ვიცი, მეგონა უნდა დავმჯდარიყავი. -დავიბენი მე. -კი, როგორ არა, დაჯდები, მაგრამ კლასში არა.-ის ისევ ფეხზე წამოდგა. ორ ბიჭს დაუძახა, ჩემი მერხი და სკამი კლასის გარეთ გაიტანინა და კარებთან დაალაგებინა. -რას მიყურებ ახლა, გამომყევი. კლასში ვერ დაგადუმე, არ მაცდი, გავიგო, ბავშვებმა რა იციან და იქნებ კლასის გარეთ მაინც გაგაჩუმო. ისეთი ტვინი გაქვს, მეცოდება რომ გაკვეთილიდან საერთოდ გავუშვა და მოსმენის საშუალება არ მივცე, ამიტომ იჯდები კლასის გარეთ, კარი ღია იქნება და ისე მოგვისმენ.-მითხრა მან და ჩანთამომარჯვებულს წინ გამიძღვა. ბავშვები ხმას ვერ იღებდნენ, თითქოს, დამნაშავეებად თვლიდნენ თავებს. აი ასე ავღმოჩნდი ფიზიკის გაკვეთილზე დერეფანში. გამვლელები სიცილს ვერ იკავებდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ ვიჯექი კლასის გარეთ და როგორ ვცდილობდი იქიდან მესმინა მასწავლებლისთვის. -ირინა.-მომესმა უცებ ნაცნობი ხმა და მომენტალურად წამოვდექი ფეხზე, როცა ხმის ადრესატში დირექტორი ამოვიცანი. -დიახ მას. -კიდევ დაგსაჯეს?-მკითხა სიცილით. -დიახ მას.-მე თავი დავხარე. -ამჯერად რის გამო?-მე დაწვრილებით მოვუყევი თავს გადამხდარი, რაზეც უბრალო გაღიმების ნაცვლად გულიანი სიცილი დავიმსახურე.-ოხ, რა ოინბაზი ხარ.-მითხრა სიცილით,თავზე გადამისვა ხელი და თავისი გზა განაგრძო. მე კი დაახლოებით 2 კვირა მომიწია დერეფნიდან ფიზიკის მოსმენა. გერმანულის მასწავლებელს კი განსხვავებული დასჯის მეთოდები ჰქონდა. როცა დამინახა, როგორ ვკარნახობდი, ჩემ წინ მდგომ კლასელს ტექსტს, რომელიც მგონი ფრანგულად უფრო ყვებოდა, ვიდრე გერმანულად, გაკვეთილების შემდეგ, 2 საათით დამატებით მომისაჯა კლასში დარჩენა და ახსნა- განმარტებითი მოხსენების დაწერა, თუ რაში მდგომარეობდა ჩემი დანაშაული. სხვა რა გზა მქონდა, ძალიან კი მწყდებოდა გული, რომ მაისის იმ მშვენიერ დღეს სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მე სკოლაში გამოკეტილს მომიწევდა ყოფნა, მაგრამ, 2 კვირა დერეფანში ჯდომას და იქიდან მოსმენას, უდაოდ მერჩია. რაღას ვიზამდი, თავი დავუკარი და გაკვეთილების შემდეგ ისევ გერმანულის კაბინეტში დავბრუნდი. კლასი ცარიელი იყო. რამდენიმე წამში დამლაგებელი შემოვიდა, კლასის დასალაგებლად. -ქეთი დეიდა გამარჯობა. -ვუთხარი დაღვრემილმა. -კიდევ დაგსაჯეს?-მკითხა სიცილით. -დიახ. -ვუპასუხე მე მოწყენით და ნაგვისთვის განკუთვლილი ერთ-ერთი შავი პარკი ავიღე. -რა სასაცილო ხარ, როდისღა უნდა ისწავლო ჭკუა.- სიცილს არ წყვეტდა ის. მე კი განვიზრახე, დალაგებაში დავხმარებოდი და მერხისქვეშა თაროებში შეკუჭულ ქაღალდებს ნაგვის პარკში ვყრიდი. -არ გინდა შვილო, მე თვითონ გავაკეთებ.-მითხრა მორიდებით. -რას ამბობთ, თუ რამეში დაგჭირდეთ ჩემი დახმარება, თქვენ უბრალოდ მითხარით. -ვუპასუხე თავაუღებლად. -ნეტავ ბევრი იყოს შენნაირი ადამიანი.-ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ მე ამაზე კომენტარის გაკეთება არ ჩავთვალე სწორად. ამასობაში ერთობლივი ძალებით კლასიც დავალაგეთ და ის იყო, ქეთი დეიდამ გასვლა დააპირა, რომ გებელსიც შემოვიდა საკონცენტრაციო ბანაკში. -აბა? უკვე მოხვედი?-ისე მკითხა, თითქოს იქ ვერ მხედავდა. -დიახ.-ვუპასუხე მობეზრებით. -აი ეს ფურცლები შენ. -მან სამი თაბახის ფურცელი გამომიწოდა. -მაქსიმალურად დეტალურად უნდა აღწერო, რა არის შენი დანაშაული, უნდა დაწერო, რომ ნანობ და უნდა დადო პირობა, რომ ასე აღარ მოიქცევი. დაასრულებ თუ არა, ეს ფურცლები ჩემი მაგიდის პირველ უჯრაში ჩადე და მერე შეგიძლია წახვიდე.-დამარიგა მან და ისე, რომ პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, ჩანთა მოიკიდა და ორ-ორ კიბეზე ჩახტომით გავარდა სკოლიდან. -ამასაც კი სადღაც მიეჩქარება, მე კი უნდა ვიჯდე აქ და უნდა ვწერო ის, რასაც არ ვეთანხმები. წარბებშეჭმუხნული დავჯექი ფანჯრის რაფაზე და ღია ფანჯრიდან დავუწყე ყურება ბავშვებს, რომლებიც სახლისკენ მიიჩქაროდნენ. სასიამოვნო ნაძვების სუნი იგრძნობოდა ეზოში. -ალბათ მალე უფრო დაცხება.-გავიფიქრე ჩემთვის, რომ ამ დროს კარის ხმა კიდევ ერთხელ გავიგე და იქითკენ შევტრიალდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა, ახლადშემოსულ პიროვნებაში მაინც ამოვიცანი, ის ბიჭი, წლების წინ რომ დამიცვა და ბულკი მიყიდა. კიდევ უფრო გამაღლებულიყო. სპორტული მაისური და შორტი ეცვა, ვიფიქრე, ფეხბურთის თამაშს აპირებსთქო. გაზაფხულობით ჩვენს სკოლაში საფეხბურთო ტურნირი იმართებოდა ხოლმე. მართალია, მაშინ მომხდარი ამბების შემდეგ, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე ხან ეზოში, ხან დერეფანში, თუმცა არ ვკონტაქტობდით. მაგრამ ერთი წლის შემდეგ საერთოდ გაქრა. მე ვიფიქრე, სხვა სკოლაში გადავიდათქო და სულ გადამავიწყდა. და აი ახლა, ასეთ ფორმაში ჩაცმული პირველად გამომეცხადა ამდენი წლის შემდეგ. თვალებგაფართოვებული შევყურებდი მას და ვცდილობდი გამომეცნო, ვახსოვდი თუ არა. -გამარჯობა. -მომესალმა ღიმილით და კლასში შემოვიდა. -გამარჯობა.-ვუპასუხე დაბნეულმა. -რას აკეთებ აქ მარტო? გაკვეთილები ხომ დამთავრდა? -დასჯილი ვარ. -ჩავიბურტყუნე გაბუტულმა და ტუჩები მოვმუწე. -რა დააშავე.-მაქსიმალურად ცდილობდა , სიცილი შეეკავებინა, თუმცა კარგად ნამდვილად არ გამოსდიოდა. -ბავშვებს ვკარნახობდი. -და როგორ დაგსაჯეს, ასე უბრალოდ გამოგკეტეს კლასში?-მკითხა ინტერესით. -არა, მითხრეს სამი გვედი ახსნა-განმარტებითი მოხსენება დაწერე, რომ არ იყავი მართალი, ნანობ და პირობას დებ, რომ მეტჯერ ასე აღარ მოიქცევიო.-ვუპასუხე წარბშეკრულმა და იქვე მიყრილ ქაღალდებს დავხედე. -მერე რას აპირებ? -არ ვიცი.-ვუთხარი გულწრფელად. -შენ ნანობ, რომ კარნახობდი ბავშვებს? -არა, საშინელი ტექსტი იყო, ვერც თავი გავუგეთ და ვერც ბოლო, მასწავლებელს კი იმის ნაცვლად, ახლიდან აეხსნა, ორი თავი კიდევ დაგვიმატა ტექსტის, დასჯის მიზნით, ბავშვებმა ვერ ისწავლეს, მე კი უბრალოდ ავდექი და დავიზეპირე და ვცდილობდი, მათაც დავხმარებოდი, რომ როგორმე დამაკმაყოფილებელი ნიშანი მაინც მიეღოთ, რა არის ამაში ცუდი?!-პირველად ვთქვი რასაც ნამდვილად ვფიქრობდი და ვიგრძენი, როგორ მომეშვა ლოდი გულიდან და ამავდროულად გავბრაზდი მასწავლებლის საქციელზე. -ეგ დაწერე.-მიპასუხა რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ. -რა?-აშკარად დავიბენი მე. -რაც ახლა მომიყევი, ეგ დაუწერე. ვფიქრობ, ადამიანმა ყოველთვის პასუხი უნდა აგოს თავის ქცევაზე, სიმართლე თქვას და დასჯის შიშით არ დაიხიოს უკან. შეიძლება სიმართლის გამო კიდევ დაგსაჯონ, მაგრამ შენს თავთან იქნები მართალი, საკუთარი თავის რწმენას არ დაკარგავ და თუ ამ წერილს დაწერ, უფრო სწორად, იმას გააკეთებ, რასაც მასწავლებელი გეუბნება, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაისაჯო, მართლაც შეგაქებენ შენი ქცევის გამო, თუმცა გულის სიღრმეში შენ თვითონ გაკიცხავ საკუთარ თავს. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის შეგრძნებას დაკარგავ. ხალხის თვალშიც შეიძლება დაკნინდე. ამიტომ თუ გინდა, სხვებმა პატივი გცენ და დაგაფასონ, ჯერ შენ თვითონ უნდა დააფასო საკუთარი თავი, ამისთვის კი საჭიროა, რომ არასდროს გადაუხვიო შენს სიტყვას უბრალო შიშის გამო.-მე მშვიდად ვუსმენდი და მის თითოეულ სიტყვას თავში ვიბეჭდავდი. სწორედ ის იყო, რისი მოსმენაც იმ წამს მჭირდებოდა. საკუთარი თაავის არ ვიცი, მაგრამ ის კი ნამდვილად ამაღლდა ჩემს თვალში. ისეთი სერიოზული იყო, თან ამ დროს ისეთი მშვიდი, ავტომატურად იწვევდა ჩემში პატივისცემის განცდას. -დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ.- ვუთხარი ღიმილით. -არაფრის, იმედია, მართლა დაგეხმარე. ისე, რამდენი წლის ხარ? -მკითხა, როცა ყურადღებით შემათვალიერა. -13. შენ? -უი, რა პატარა ყოფილხარ.-მითხრა სიცილით. -მე 17. -შენ კიდევ რა დიდი ყოფილხარ. -ვუპასუხე მორიდებით. -უჰ, ძალიან დიდი. -სიცილი ვერ შეიკავა. -წელს ამთავრებ ხომ?-ვივარაუდე მე ასაკის მოსმენის შემდეგ. -კი , ერთ თვეში უკვე მომიწევს ბოლო ზარი. -რა მაგარია.. მეც მინდა.-პირველად ვესაუბრებოდი ბოლო კლასში მყოფ ბიჭს და რაღაცცნაირი უცნაური განცდა დამეუფლა. -უცებ გავა დრო. -მიპასუხა მან და ამასობაში კარში კიდევ ერთმა უცნობმა შემოყო თავი. -ივან, სად ხარ ამდენ ხანს?! 10 წუთში იწყება თამაში.-უთხრა და დაელოდა სანამ მერხიდან წამოდგებოდა. -ჰო, წადი შენ და დაგეწევი. -უცნობი მართლაც წავიდა, ის კი ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წამით თვალებში ჩამაშტერდა. -წავალ ახლა მე, თორემ დავაგვიანებ. -კარგი, თამაში გაქვს? -კი. ფინალია დღეს. მოხვალ? -არ ვიცი, წერილი უნდა დავწერო. -უი, ეგ სულ დამავიწყდა. კარგი, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.-მითხრა ღიმილით და თმა ისე ამიწეწა, როგორც მაშინ, მესამე კლასში რომ ვიყავი. -წარმატებები.-ამოვილუღლუღე დაბნეულმა და როგორც კი ვიფიქრე, კლასიდან გავიდათქო, უკან შემოყო თავი. -ისე, ძალიან გამხდარხარ.-მითხრა ღიმილით. -რა?რაზე ამბობ? -თავიდან ვერ გიცანი, მაგრამ მერე როცა შენი მელაკუდას თვალები დავინახე, გამახსენდა პატარა, მამაცი გოგო, 2 უფროს ბიჭს რომ არ შეუშინდა და ფუნთუშა გამინაწილა. -მითხრა ღიმილით, მე კი სახტად დავრჩი. -არ შეიცვალო რა, არაფრის გამო არ შეიცვალო, მუდამ ისეთი იყავი, როგორიც ახლა, კეთილი და სხვისი დახმარების მოყვარული, უშიშარი და პრინციპული...აღარ არიან დღეს შენნაირი ადამიანები. -მესაუბრებოდა ღიმილით , მე კი გაკვირვებული სიტყვის დაძვრას ვერ ვახერხებდი. -კარგად მელაკუდა. -მომაძახა მან თბილი ღიმილით და კლასიდან გაქრა. მე კი დავრჩი გაოგნებული. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი ასე, გონს რომ მოვეგე, ფურცლები და კალამი მოვიმარჯვე და წერას შევუდექი. -მე, ირინა ღვინაძე, არ ვნანობ ჩემს ქმედებას, არ ვთვლი, რომ დასჯას ვიმსახურებ და მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა ბავშვს ისეთი ტექსტი უნდა მისცეს სასწავლად, რაც ბავშვისთვის გაუგებარი არაა და არ უნდა უხდებოდეს მისი დაზეპირება, ასევე, მასწავლებელი ვალდებულია, რომ ახლიდან აუხსნას მოსწავლეს დავალება, თუ ის ვერ გაიგებს, და არა ახალი თავები დაუმატოს დასჯის მიზნით. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ ვარ დამნაშავე და არ მოვიხდი ბოდიშს და რაღა თქმა უნდა, არ დავდებ პირობას, რომ ასე აღარ მოვიქცევი. რადგან, ეს იქნება ტყუილი, მე კიდევ მასწავლეს, რომ ადამიანმა თავისი სიტყვა ყოველთვის უნდა შეასრულოს და არასდროს გადაუხვიოს მას. წერილისთვის ზუსტად ნახევარი გვერდი დამჭირდა. ბოლოში თარიღი და ხელმოწერა დავტოვე, ფურცელი როგორც დამიბარეს უჯრაში ჩავდე, დარჩენილი ორი კი მაგიდაზე დავტოვე, შემდეგ ჩანთა ავიღე და საკუთარი თავით ამაყი და ბედნიერი, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ისეთი კლასისკენ, საიდანაც ვიცოდი, რომ სტადიონი კარგად ჩანდა. სახიდან კი ღიმილს ვერ ვიშორებდი. ზუსტად ორ წუთში ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი სტადიონს გადავყურებდი და გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ ვიყავი ისეთი აფორიაქებული, თუმცა რაღაცებს ვერ ახსნი, რაღაცები უბრალოდ უნდა იგრძნო. თამაში ფრედ 0-0 მიმდინარეობდა და ჩემი გამოთვლით დაახლოებით 2-3 წუთი რჩებოდა დასრულებამდე, რომ მოულოდნელად „ივანად“ შერაცხულ გიორგის გადასცეს ბურთი, მანაც არ დააყოვნა, ახტა, თავი დაარტყა და გოლიც მოუტანა თავის გუნდს. ისეთი ყიჟინა ატყდა, სკოლის კედლები ზანზარებდა, ეზოში შეკრებილი უამრავი ადაამიანი გიორგის სახელს სკანდირებდა. ისეთი ბედნიერი ვიყურებოდი სტადიონზე, თითქოს მე მომეტანა გუნდისთვის გამარჯვების გოლი. სულელივით ვიღიმოდი და თვალს არ ვაშორებდი გიორგის, რომელსაც არ ვიცი რამ აიძულა, მაგრამ ზედმეტი ძებნის გარეშე ამოიხედა ზუსტაად იმ ფანჯარაში, სადაც მე ვიდექი და გამიღიმა. მეც გავუღიმე და სწორედ ამ დროს გაისმა მსაჯის სასტვენის ხმაც. ატყდა ერთი ამბავი, ყვირილი, სიხარულის წამოძახილები, ყველა ერთმანეთს ეხვეოდა და ულოცავდა. ზოგი კი დაღვრემილი სახით დადიოდა, რადგან წააგო. მე იქ აღარაფერი მესაქმებოდა, კლასიდან გამოვედი და შინისაკენ მიმავალ გზას გავუყევი, თან გიორგიზე ფიქრი არ მტოვებდა. არც იმ დღის შემდეგ აღარ გვიკონტაქტია, მისი კლასი ბოლო ზარის სამზადისით იყო დაკავებული. გაკვეთილებზე აღარ დადიოდნენ, მხოლოდ დიდ სარეპეტიციო დარბაზში მიდიოდნენ და იქ გადიოდინენ რაღაცის რეპეტიციებს. შესაბამისად, მას მერე გიორგი აღარ მინახავს, თუმცა, იმას კი ვიაზრებდი, რომ ჩემი გული დაიკავა. რაც შეეხება, იმ წერილს, დედაჩემი დაიბარეს სკოლაში, დედამ კი საკუთარი შვილის ქცევით ამაყმა, დამიცვა და მასწავლებელს აქეთ მოსთხოვა პასუხი ასეთ ქცევასთან დაკავშირებით. რასაც დირექტორის შენიშვნაც მოყვა, რომ მასწავლებელმა ნამდვილად ისეთი დავალება უნდა მისცეს ბავშვებს, რაც გასაგებია მათთვის. მართალია, მასწავლებელი გამწარდა, მაგრამ მშობლის და დირექტორის თანდასწრებით ვერაფერს მეტყოდა. იმ დღის შემდეგ, აღარასდროს მოუცია ისეთი დავალება, რასაც ვერ ვიგებდით, თუმცა პირადად მე სკოლის ბოლო დღემდე სისხლი გამიშრო და ამითვალწუნა, საბედნიეროდ, ჩემი მებრძოლი სული არ მაძლევდა დანებების საშუალებას და როგორ მკაცრადაც მთხოვდა ის, ასჯერ უფრო ბეჯითად ვსწავლობდი. ამასობაში დადგა ბოლო ზარის დღეც, სადაც პატარებს არავინ მიგვიყვანდა, მხოლოდ დიდებისთვის განკუთვნილი ზეიმი იყო და მეც შესაბამისად, მომიწია გიორგისთან უნახავად გამოთხოვება.... ის იყო და ის... აღარასდროს შემხვედრია. თუმცა, ჩემს გულში ყოველთვის ეკავა თავისი ადგილი. იმდენი დრო იყო მას შემდეგ გასული, რომ ქუჩაშიც რომ შემხვედროდა, ალბათ ვეღაც ვიცნობდი... ...... -ირინა, გაიღვიძე…- სიზმრებიდან რეალობაში სასიამოვნო, დაბალმა ბარიტონმა დამაბრუნა. ფრთხილად გავახილე თვალები და წამიერად ვერ მივხვდი, სად ვიყავი, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი გამახსენდა. პირველად ბუჩის შევხედე, რომელიც შეძლებისდაგვარად გემრიელად მოკალათებულიყო უკანა სავარძელზე, მე კი მასზე მიხუტებულს, ღმერთმა იცის რამდენ ხანს მეძინა. ფრთხილად წამოვიწიე და თითქოს, ცუგოც ამას ელოდებოდაო, წელში გასწორდა და სახე ამილოკა. -ხედავ, მგონი შეუყვარდი.-გაეცინა გიორგის და ამჯერად მასზე გადავიტანე მზერა. წამიერად მომეჩვენა, რომ ვიცნობდი, ისეთი თვალები ჰქონდა... ვერ აგიხსნით, ემოციებით სავსე, ღრმა, საოცარი.... და ასეთი ნაცნობი. თავი გვერდზე გადავხარე და ისე განვაგრძე მისი თვალიერება. საოცარი სიმყუდროვის განცდა კი არაფრით მტოვებდა. გაჩერებულ მანქანაში ვისხედით ჩვენ სამნი, იმის შიშით, რომ მყუდროებას დავარღვევდით, ხმას არ ვიღებდით, წვიმა კი თითქოს შეგნებულად, დაუნანებლად აწკაპუნებდა თვის წვეთებს საქარე მინას და ბალახის სასიამოვნო სუნი შემოჰქონდა ოდავ ჩაწეული ფანჯრიდან, რომელიც გიორგის სუნს ერეოდა. დაკვირვებას არ ვწყვეტდი. ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიცნობდი... მან გამიღიმა. შავი თვალები აუბრჭყვიალდა, თუმცა ხმის ამოღებისგან თავი შეიკავა... გონება გამინათდა. მასში ჩემი ბავშვობის ღრმად ჩამალული მოგონება ამოვიცანი...მაგრამ შეუძლებელია... ის ხომ ამდენი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, არაფერი მსმენოდა მის შესახებ. როგორ შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე ასე შევხვედროდით ერთმანეთს. -მიცანი ბოლოსდაბოლოს?-მკითხა ღიმილით, ჩემკენ გადმოიხარა და თმა ისე ამიწეწა, როგორც მაშინ, პატარაობისას. დავმუნჯდი, რამდენიმე წუთი გაშტერებული ვუყურებდი, ბოლოს კი ამდენი წლის ნაგროვებმა ემოციებმა თავისი ქნეს და გზა ცრემლის სახით გაიკვალეს ჩემს სახეზე, არ ვიცი, როდის გადამეზარდა ტირილი ქვითინში, ან რამდენ ხანს მაწყნარებდა გიორგი.... რაც იმდენი წლის განმავლობაში არ მიტირია, ერთ ღამეში ამოვიტირე. მაშინ რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდით კონკრეტულად რა მატირებდა, პრინციპში, არც ახლა მაქვს ამაზე ზუსტი პასუხი, მაგრამ, როგორც წეღან ავღნიშნე, რაღაცები უბრალოდ უნდა იგრძნო. როცა შემატყო, რომ დაწყნარებას ვიწყებდი, ხელები გამომიწოდა, მეც ჩემი ხელები შევაგებე და წინ გადასვლისკენ მიბიძგა, როგორც იქნა გადავფორთხდი წინა სავარძელზე და ამჯერად მეტი დაკვირვებით შევხედე მის თვალებს. -აქამდე როგორ ვერ გიცანი...-აღმომხდა გაოცებულს და კიდევ რამდენიმე ცრემლი ჩამომიგორდა თვალიდან, რომელიც გიორგიმ თითებით შემიმშრალა. -მთავარია, ახლა ხომ მიცანი...-გამიღიმა მან, გაშლილი ხელის გული ლოყაზე მომადო. მე უნებურად თვალები დამეხუჭა და ღრმად ჩავისუნთქე მისი სუნი. -შენ როგორ მიცანი?- ვიკითხე ჩურჩულით და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე. -თვალებით, მელაკუდას თვალებით... -მიპასუხა ჩურჩულითვე და თვითონაც დადუმდა.... იმდენი გვქონდა სასაუბრო, გასახსენებელი, გასახილველი, მაგრამ იმ მყუდროების და ბედნიერების დარღვევა საუბრით ვერც ერთმა გავბედეთ. ვისხედით ჩუმად , ვუსმენდით წვიმის ხმას. თითქოს, ბუჩიც კი ხვდებოდა სიტუაციას და ზედმეტად არ მოძრაობდა, იჯდა თავისთვის და ხან ერთს შემოგვცქეროდა, ხან-მეორეს. მას ჩემს ლოყაზე ედო თბილი ხელი და დაუნანებლად გადმომცემდა სასიამოვნო იმპულსებს... დღეს რომ მკითხოთ, დარწმუნებით გეტყვით, რომ 25 წლის განმავლობაში, იმაზე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, როგორც იმ ღამეს, როცა დავრწმუნდი, რომ ჩემი ბავშვობის სიყვარული ჩემ წინ იჯდა ამდენი წლის შემდეგ და სახეზე ფრთხილად მეფერებოდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.