ლანგრით მორთმეული ( თავი 4)
მშობლების საძინებლის კართან ვდგავარ და დათოს ძილს ვდარაჯობ. გაფითრებული ხელები გულზე უღონოდ დაუკრეფია. საწოლს ვუახლოვდები და სახეზე ვაკვირდები. წარბშეჭმუხნულია, თუმცა მშვიდად სუნთქავს. შუბლზე ნაოჭებს გონებაში ვითვლი: „ ერთი, ორი, სამი“. ეს სახე თოთხმეტი წელი მძულდა... ორ წელზე მეტ ხანს გავურბოდი.... ახლა კი მინდა, რომ სულ ვუყურო. ოღონდ სიცოცხლის ნიშანწყალს ვამჩნევდე, ოღონდ მისი სუნთქვა მესმოდეს... მკურნალობის დაწყების დღიდან მხოლოდ კარგის იმედი მქონდა. მეგონა, რამოდენიმე ქიმიოთერაპიის შემდეგ ოპერაციას გაიკეთებდა და მორჩა... დამიბრუნდებოდა მამა, რომელიც ყოველთვის მაკლდა. ვთვლიდი, რომ მეორე შანსს იმსახურებდა ჩვენი ოჯახი. სამი დღის წინ, პირველად გამიელვა მისი დაკარგვის შიშმა. იმ საშინელი დღის გახსენებაზე უსიამოვნო ჟრუანტელს ვგრძნობ და მაციებს. ოცდაორი წლის მანძილზე არასდროს მქონია მსგავსი უმწეობის განცდა. ყოველთვის მამისგან მიტოვებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ ობოლი არასდროს ვყოფილვარ... - წადი, დაისვენე. - ლანას ხმა ფიქრებიდან მაბრუნებს და ჩუმად ჩამოგორებულ წყვილ ცრემლს თვალებიდან სწრაფად ვიწმენდ. - სამსახურში უნდა წავიდე. - ჩურჩულით გამოვდივარ ოთახიდან. სახლიდან გამოსვლამდე კიდევ ერთხელ ვაკვირდები სარკის მიღმა მდგარ შედარებით გამოძინებულ ორეულს. რესტორანში შესვლამდე, დეკემბრის ცივ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ბოლო სამუშაო დღე მახსენდება. რამ მათქმევინა ანდროსთვის ის საშინელი სიტყვები? საკუთარ თავს ვტუქსავ. - როგორც კი ვნახავ, ავუხსნი! - ხმამაღლა ვცდილობ ქვეცნობიერის დამშვიდებას და სწორად შერჩეულ სიტყვებს გონებაში ათასნაირად ვალაგებ. - როგორ არის მამაშენი? - მიუხედავად იმისა, რომ იმ დღესვე მობილურით ვესაუბრე, მაინც შეშინებული თვალებით მიყურებს ბაჩო. - ხომ გითხარი, პირველი ქიმიოტერაპიის გამო გახდა ცუდად - დახლის ზედაპირზე ნაპოვნ უსწორმასწორობას თითით ვაწვალებ. - პირველად დაემართა და ლანა ისტერიკის ზღვარზე იყო... - შენ კიდე მაგ ზღვარს წამში გასცდი!.. - ქვედა ტუჩს დემონსტრაციულად აბრუნებს. - ირა სად არის? - ვცდილობ რაც შეიძლება ბუნებრივად მოვიკითხო. - აქვე იყო... - თავს ატრიალებს და როგორც კი თვალს ჰკიდებს ხელით იხმობს. ირას დანახვისას მზერაში ორი პატარა სხივი უჩნდება. უახლოვდება ირა და სხივებიც იზრდებიან. დაძაბულობისგან ყბის კუნთები მტკივა. - ანაბელ! როგორც იქნა გამოხვედი, - პირველად ვამჩნევ, თუ როგორი ყალბი ღიმილი აქვს. - კიდევ კარგი, თორემ ბაჩო უკვე მოწყენილობისგან კვდებოდა. - ირა, შეგიძლია გასახდელში გამომყვე და თმა მაშინდელივით ჩამიწნა? - ამ წუთას მოფიქრებული გეგმის სისრულეში მოყვანას ვიწყებ. - ესეც ასე! - კმაყოფილი ასკვნის და ნაწნავის ბოლოს სამაგრით კრავს, - საოცარი თმა გაქვს, არასდროს შეიჭრა! - მისკენ გულხელდაკრეფილი ვტრიალდები და თვალებში ვაკვირდები. - ირა, შენზე და მირიანზე ვიცი! - ერთ ამოსუნთქვაზე ვამბობ. ირა თვალებს ზედიზედ რამოდენიმეჯერ ახამხახებს და გრძელ, ხის სკამზე მოწყვეტით ეშვება. - ბაჩოს უნდა უთხრა! - არა, ანაბელ... - ჩემდა გასაკვირად ქვითინებს და ნიშნობის ბეჭედს აკვირდება. - არ შეიძლება მისთვის ამის თქმა... - და ღალატი შეიძლება?! - ვგრძნობ, როგორ მაწვება სახეზე სისხლი. ირა ქვემოდან ცრემლიანი თვალებით შემომყურებს. - თუ ბაჩოს ვეტყვი, მოკლავს მირიანს... - თითქმის ჩურჩულებს. - მირიანი დამემუქრა, თუ ხმას ამოვიღებ, ორივეს სამსახურებიდან გაგვყრის... ისიც კი მითხრა, რომ რაღაც ზედნადებები არ ემთხვევა და შეუძლია ბაჩო ციხეში გაუშვას... - სისულელეა! - თითქმის ვყვირი. გონს მოვდივარ და ხმადაბლა ვაგრძელებ - ხომ იცი, უბრალოდ გემუქრება... ნეტა ყველა ბაჩოსავით პატიოსნად მუშაობდეს! - ვერ გავრისკავ... - სრუტუნებს და ვხვდები, რომ ვერც მე გავრისკავდი. - ირა, თუ რაიმეს გაიძულებს, შეგვიძლია მთავარ ოფისში მივიდეთ... - ყველამ იცის რომ მექალთანეა - სევდიანად იღიმება - მირიანს არავინ გაამტყუნებს. ეს ამბავი თუ გატყდა ისევ ბაჩო დაზარალდება... - ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება! - უკვე ზღვარზე ვარ. გონებაში მილიონი გამოუსადეგარი აზრი მომდის. - ორ თვეში ცოლი მოჰყავს, - ცრემლებს ორივე ხელით იწმენდს. - საზღვარგარეთ წავლენ საცხოვრებლად და ყველაფერი დამთავრდება. - და, ბაჩო? - ყველაფერი რომ ჩაივლის მერე ვეტყვი... თვითონ გადაწყვიტავს მაპატიებს თუ - არა. „ ორი თვე “ - გონებაში მხოლოდ ეს ორი სიტყვა მიტრიალებს. - დამპირდი, რომ ბაჩოს არ ეტყვი! - ხელს მავლებს და თვალებში გაფაციცებით მიყურებს. - არ ვეტყვი! - ხელს ვაშვებინებ და გამოსაცვლელის კარის სახელურს ვწევ - ოღონდ არა შენს გამო. დღეს კვირის სამუშაო დღეა და უქმე დღეებთან შედარებით ნაკლები სტუმარი გვყავს. თვალი გამუდმებით შემოსასვლელისკენ გამირბის. ჩემი სმენა სულ რაღაც ერთ საათში დამთავრდება, ის კი არ ჩანს... - ანაბელ, ანდრო მოვიდა! - ჭურჭლის დახლთან მუხლის ჩოქზე ვარ დახრილი, როცა მირიანი ხელში მენიუთი, სახეზე კი - ცინიკური ღიმილით თავზე მადგება. წამის მეასედში ფეხზე ვხტები და წინსაფარს ნერვიულად ვისწორებ. მეჩვიდმეტე მაგიდისკენ ლამის ფრთაშესხმული მივიწევ და სხეულის თითოეულ უჯრედამდე ნაგრძნობ სიტყვებს მეათასედ ვიმეორებ. აი, მივალ და ვეტყვი... ვეტყვი და გამიგებს... ცარიელ მაგიდას გაოგნებული დავყურებ, ხომ ნამდვილად ანდრო ახსენა? - მოგვხედავს ვინმე? - მყუდრო რესტორნისთვის ზედმეტად მაღალი ტონის, ქალის ხმის მიმართულებით ვტრიალდები და ვგრძნობ, ყბა როგორ მივარდება. მეთორმეტე მაგიდასთან თვით ანდრო თაბაგარია დაბრძანებული. ტყავის სავარძლის საზურგეს მიყრდნობილი, მარცხენა ხელი გამომწვევად ჩაცმული ქალისთვის შემოუხვევია. ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ და მექანიკურად მივდივარ მაგიდამდე. მენიუს უსიტყვოდ ვდებ. - არ მჭირდება ეს რაღაც, ვიცი რისი შეკვეთაც მინდა. - ქალი მენიუს ხელს უხეშას ჰკრავს და ანდროს კეკლუცად უცინის. - შენ შეუკვეთე, მე ახლავე მოვალ, - ნიკაპზე ხელს ჰკიდებს და ტუჩებში სწრაფად კოცნის. ვხვდები, რომ მზერა უნდა მოვარიდო, მაგრამ გავქვავდი... საკუთარი სხეული არ მემორჩილება. ანდრო ფეხზე დგება და თითქოს პირველად მამჩნევს. თვალებში ცივად და ცინიკურად მიყურებს - პირი დახურე, ანაბელ! ახლაღა ვგრძნობ, რომ ყბა ჩამომივარდა... როგორც კი გვერდს მივლის, თავს მისკენ ვაბრუნებ და მედიდურად მიმავალს ვაშტერდები. - რას შეუკვეთავთ? - თითქმის შიშველ ქალს ვუბრუნდები და იდეალურ ფეხებზე თვალს ვავლებ. - რაიმე დიეტურს... „ ცეზარი “ გაქვთ? - თითს მობილურის სენსორს უსვამს და უინტერესოდ დაჰყურებს. - გვაქვს. - ახლა ღრმა დეკოლტეს ვუთვალიერებ და ბოღმა მახრჩობს. - ყველანაირი ცხიმის, ხორცის და ცომის გარეშე დამიმზადონ! - მობილურს ისევ არ აშორებს თვალს. - ანუ, მხოლოდ... - გავიმეორო? - ეკრანიდან მზერა ჩემზე გადმოაქვს - ასი გრამი „ ჯეკ დენიელსიც“ მოიტანე, შენი უფროსისთვის. მეთორმეტე მაგიდასთან მარტოდ მჯდარ ანდროს ვუახლოვდები და თეფშს მაგიდაზე ვდგამ. - ეს რა არის? - წარბაწეული დაჰყურებს დახვავებულ სალათის ფოთოლს, რომელსაც აქა-იქ ჩერი პომიდორი აყრია. - „ ცეზარი “ - ხელებს გულზე ვიკრეფ. - მგონი რაღაც აკლია - თვალს თვალში მიყრის და ჩემი გულის ბაგაბუგი გარკვევით მესმის. - ძროხა აკლია... რომ მოძოვოს - დაგროვებული ბრაზი ზედაპირზე ამომაქვს და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოახლოებული კაკუნი გულისცემის ხმას ახშობს. - აი, მოვიდა. - როგორ უთხარი? - ბაჩო ხმამაღა ხარხარებს. ტანსაცმელი უკვე გამოცვლილი მაქვს. ირას გაკეთებული ნაწნავი საგულდაგულოდ დაშლილი და ცხენის კუდად აწეული. - ენა კი არა, მათრახი გაქვს! - სიცილისგან მომდგარ ცრემლებს იწმენდს. - სამსახურიდან გამაგდებს... - ვვოხრავ და დახლზე დაყრდნობილ ხელებში თავს ვრგავ. - შენი გაგდება რომ უნდოდეს, მაშინვე გაგაგდებდა. იქნებ, ვერ გაიგონა... - გაიგონა! - თავს ვწევ და განწირული შევყურებ. - ქსელის მეწილეებიდან ანდრო ყველაზე მკაცრია. - მხრებს იჩეჩავს ბაჩო - მართლა მიკვირს როგორ არ გაგაგდო. - სულ რამდენი მეწილეა? - პირველად ვინტერესდები და ვცდილობ არ წარმოვიდგინო, რესტორნის მეორე ბოლოში როგორ ეალერსება ანდრო იმ გრძელფეხება წეროს. - ანაბელ, მეორე წელია აქ მუშაობ, ეგ როგორ არ იცი? - უკვირს და პასუხად მხოლოდ მხრების აჩეჩვას ვახერხებ. - სამნი არიან... მოკლედ, ეს ანდრო, მირიანის საცოლე და ის მომღიმარი ბიჭი... სახელი დამავიწყდა... - ილია... - თითქმის ვჩურჩულებ. - ხო, ილია.. - ბაჩო ჩემკენ იხრება და ხმადაბლა ასკვნის - ოჯახი კი არა, ნამდვილი ოქროს საბადოა. - ოჯახი? - ნელნელა ვალაგებ გაგებულს - ერთი ოჯახია? ის ვიცოდი, რომ ილია და ანდრო ძმები არიან მაგრამ... - ნახევარ ძმები... - სწრაფად მისწორებს და ჩემი დაბნეული სახის დანახვისას უფრო ჩუმად აგრძელებს - ანდრო პირველი ქორწინებიდან ჰყავს ბატონ თომას. მირიანის საცოლე და ილია- მეორე ქორწინებიდან. უკვე სამი წელია ქსელის აქციები დაუნაწილა შვილებს და პენსიაზე გავიდა... მაგრამ, როგორც ვიცი თანაბრად არ გაუნაწილებია... საკონტროლო წილი ანდროს გადასცა. - ანუ? - დაღლილი გონებით ნელა ვხარშავ ბაჩოს სიტყვებს. - ანუ შენი გაგდება რომ უნდოდეს, გაგაგდებდა. - ანაბელ? - ნაცნობ ხმაზე თავს ვაბრუნებ და ილიას ფართოდ გაღიმებულ სახეს ვეჩეხები. - გამარჯობა - თბილად ვუღიმი. ბაჩოც ესალმება და მოჭუტულ თვალებს ჩემკენ აპარებს. - გარეთ გელოდებოდი და რომ არ გამოხვედი, ვიფიქრე მოგიკითხავდი - იმ ბავშვივით იმართლებს თავს, რომელსაც დანაშაულზე წაასწრეს და აღიარების მეტი აღარაფერი დარჩენია. - რამოდენიმე დღის წინ მოვედი და მითხრეს, ადრე წავიდაო... - რაღაც საქმე გამომიჩნდა.. - ვამბობ და ვცდილობ ბაჩოს ჩაფრენილ მზერას ყურადღება არ მივაქციო. ილია დაჟინებით მიყურებს, სახეზე ვაკვირდები და ვხვდები, რომ არცერთი ნაკვთით არ ჰგავს ძმას... - ანდრო? - ილია ჩემს უკან იხედება. - ლიზა - არაბუნებრივად უღიმის ილიას და ხელს ართმევს. ჰმ, სახელიც ჰქონია... ლიზას წელზე შემოხვეულ ანდროს ხელს ვუყურებ და წარმოვიდგენ, როგორ ლამაზად ეკიდება ცეცხლი... - შეყვარებულს ახლა უნდა მაცნობდე? - ილიას ხმა რეალობაში მაბრუნებს. ლიზა ისე იკრიჭება, ყველა კბილის დათვლაა შესძლებელი... აღფრთოვანებით შეჰყურებს ანდროს. - ურთიერთობის საწყის ეტაპზე ვართ. - უხერხულად იღიმება. - ეს უნდა აღვნიშნოთ, სადმე წავიდეთ! - ილიას აღფრთოვანებული ხმა განგაშის სიგნალივით წვდება ქვეცნობიერს, „ გაეცალე, ანაბელ! ზედმეტი ხარ. “ მკვეთრად ვტრიალდები გასასვლელისკენ. - ოთხივე წავიდეთ! - ილიას ხელი ფრთხილად მაჩერებს და ისევ ჯოჯოხეთისკენ მატრიალებს. - მგონი, არც ისე კარგი იდეაა... - ანდროს ხელი ლიზას წელიდან უვარდება და დაჟინებით აშტერდება ილიას ხელს, რომელსაც ჯერ კიდევ ჩემი მტევანი უჭირავს. - არა, რატომ? - ხელს ვითავისუფლებ და გულზე ჯვარედინად ვიკრავ, დაბნეულ ცისფერ თვალებს ვპოულობ - გავერთობით! - მაშინ... - ანდრო წამით ყოვნდება და თვალებში ორ მხიარულ ვარსკვლავს ვამჩნევ. - ერთი არარეალური ადგილი ვიცი... ნაცნობი კლუბის ბარის დახლს თვალს შორიდან ვავლებ და ხელებში მოქცეულ ანანასის წვენით სავსე ჭიქას დიდი ინტერესით ვაკვირდები. - ცეკვა მართლა არ გიყვარს? - ილია მუსიკის გადასაფარად ლამის მთელი ხმით ყვირის. თავს უარის ნიშნად ვაქნევ. - ბოდიში, ალბათ მოწყენილობისგან კვდები... შენ მიდი, გაერთე. - მოცეკვავე ჯგუფისკენ ვანიშნებ და ნერწყვს დიდი ძალისხმევის შედეგად ვყლაპავ. ანდრო და ლიზა იმდენად ახლოს ცეკვავენ ერთმანეთთან, იმდენად ინტიმურად... სისხლი ძარღვებშივე მეყინება. - გაგიჟდი? არც კი მჯერა, რომ ჩემთან ერთად წამოხვედი. - თვალებში ისეთი აღფრთოვანებით შემომყურებს, გულის სინდისის ქენჯნისგან მეკუმშება. მთელი არსებით მინდა ახლა ავდგე, დავავლო ხელი ჩანთას და სახლში წავიდე. მერე ისევ ანდროსკენ მიმდის ფიქრი... არსადაც არ წავალ! არ ვაფიქრებინებ რომ გავიქეცი. - მირეკავენ, გარეთ გავალ და მალე დავბრუნდები - ილია ლამის სახესთან ყვირის - არ მოიწყინო! - პასუხად მხოლოდ ღიმილს ვახერხებ. ისევ ანდროსკენ მიმირბის მზერა... ახლა უფრო ახლოს ცეკვავენ... ღმერთო! სასტუმროს არსებობის შესახებ საერთოდ სმენიათ? წამით ანდრო მზერას მიბრუნებს, ცინიკურ ღიმილს კლუბის დაბალ განათებაზეც იდეალურად ვხედავ. ლიზას სახეს ორივე ხელით იჭერს და სანამ ტუჩებს მისწვდება თვალებს მაგრად ვხუჭავ. არა! ამას ფხიზელი ანაბელი ვერ გაუძლებს!.. ბარმენი მესამე ჭიქა არაყს მისხამს, უკან გახედვაც არ მინდა. - დალევა გადაწყვიტე? - ანდროს ხმა სულ ახლოს, ყურთან მესმის და ხელი ჭიქაზე მეყინება. მოშორებით მდგარ სკამს ცალი ხელით აჩოჩებს და მხიარულად თავსდება. - შენი ტურფა სად გყავს? - ისეთი ღვარძლიანი ხმა მაქვს, საკუთარი თავის მიკვირს. - შეუძლოდ გახდა და ილიას ვთხოვე, სახლში წაეყვანა. - თვალს ვუსწორებ, სრულიად სერიოზული გამომეტყველება აქვს. როდის ასწრებს ემოციების ასეთ ცვლილებას? - მაშინ, მეც წავალ! - ფულის კუპიურას დახლზე ვდებ. დახუთულობიდან პირდაპირ დეკემბრის ცივ ჰაერს ვეჩეხები და ფილტვებში ხარბად ვუშვებ. - წამოდი, სახლამდე მიგაცილებ! - ანდროს მტკიცე ხმა ფეხდაფეხ მომყვება. - ნასვამი ხარ. - მახსოვს - თვალებში შემომცინის - ტაქსით გაგიყვან. - ეგ მეც შემიძლია! - არც მე ვთმობ. - დავპირდი, რომ მის მოსვლამდე ყურადღებას მოგაქცევდი... - თითქმის ჩურჩულებს და კლუბთან ჩამწკრივებულ ტაქსებს ათვალიერებს. ჩემი ქვეცნობიერი დოინჯშემორტყმული დამცინის: „ ილიას გამო დაგედევნა... რაზე ოცნებობდი, ანაბელ?!“ გაჩერებული ტაქსიდან სწრაფად გადმოვდივარ და ზურგის ტვინით ვგრძნობ, რომ ანდროც გადმოდის. - ილიას ვეტყვი, რომ სახლის კარამდე მიმაცილე - სადარბაზოსთან მისვლამდე იმ ადგილას ვშეშდები, სადაც იმ დღეს სახელი მკითხა. - შეგიძლია წახვიდე. - რაღაც მინდოდა მეკითხა... - ნელი ნაბიჯით იქამდე მიახლოვდება, არც ერთი სანტიმეტრი აღარ გვაშორებს. მისი მზერა თვალებს სწყდება და ტუჩებზე ინაცვლებს. სახეზე ჩამოვარნილ კულულს ყურს უკან ფრთხილად მიწევს და თითის წვერით ღაწვიდან ტუჩებამდე მანძილს ხაზავს. თითქმის არც კი მეხება, მაგრამ ჩემს სახეზე დაფენილი მისი სუნთქვაც საკმარისია და გული გიჟივით მიცემს. - შენთვის უბრალოდ ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც კლუბთან აკოცე? იმ წამიდან რაც ეს საშინელი სიტყვები ვუთხარი, სინანულის გარდა არაფერი მიგრძვნია... უკანასკნელ წუთამდე ვიმეორებდი საბოდიშო ტექსტს. ძალის მოსაკრებად მისი სურნელის ჩასუნთქვა მინდა, მაგრამ გრილი არომატის ნაცვლად ქალის მძაფრი, ტკბილი სუნი ნესტოებს მწვავს. და მახსენდება რომ ამ ხელით, ახლა მე რომ მომეფერა, იმ ქალსაც ეფერებოდა... ამ ტუჩებით აკოცა... სანამ კიდევ რაიმე სანანებელს ვიტყვი, სადარბაზოსკენ ვტრიალდები. - ანაბელ! - ხმის რბილი ნოტები განრისხებულ ნოტებს შეუცვლია. მისკენ ვტრიალდები და თითქოს ვერ ვცნობ, ცინიკოსი ანდროს ნაცვლად სრულიად სხვა, სასტიკი ადამიანი დგას და ისე მიყურებს, თვალებით ადამიანის მოკვლა რომ შეიძლებოდეს, მომკლავდა კიდეც. - გაითვალისწინე... სანამ ადამიანს გულს ატკენ, ჯერ იმაში დარწმუნდი, რომ გული აქვს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.