ლანგრით მორთმეული ( თავი 6)
კვირაა... მატყუარა, მზიან ამინდს საძინებლის ფანჯრიდან ვაკვირდები და რაფის გასწვრივ ნერვიულად დავდივარ. სადღა უნდა ვნახო სამსახური, სადაც ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ ამიყვანენ? - ანა, გაიღვიძე? - ლანა კარზე სუსტად აკაკუნებს. - საუზმე მზადაა... - ახლავე გამოვალ! - საღამურებითვე გავდივარ სამზარეულოში. - დილამშვიდობისა. - დათოს გვერდით ვჯდები და ლანა მაშინვე ცხელ სითხეს ცარიელ ჭიქაში ასხამს. სამ ცალ ტოსტის პურს კარაქის თხელ ფენას ვუსვამ და თეფშზე ვალაგებ. - დღეს მუშაობ? - ლანა გვერდულად მიყურებს და ცხიმით დასვრილი ხელის გასაწმენდად ხელსახოცს მაწვდის. - არა. - თვალს ვერ ვუსწორებ, რადგან მტკიცედ გადავწყვიტე, სანამ ახალ სამსახურს არ ვიპოვი, ძველის დაკარგვაზე სიტყვაც არ დამცდეს. - ძლივს ნორმალურად გამოიძინა... - ერთვება დათო და თბილად მიღიმის - მიხარია, რომ ცოტა დასვენება გადაწყვიტე. რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ზარის ხმა სამივეს გვაშეშებს. - მე გავაღებ! - სწრაფად ვხტები და შემოსასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯით მივიწევ. - ანდრო? - კართან უღმერთოდ სიმპათიური თაბაგარი დგას და ცისფერი თვალებით მათვალიერებს. - დილა მშვიდობისა, ანაბელ! - ფართოდ მიღიმის. - ვინ არის? - თავს ლანა გვადგება და ანდროს დანახვისას აღფრთოვანებისგან ლამის პირს აღებს. - გამარჯობა... - გამარჯობა! - ახლა ლანას ესალმება და თავაზიანად უღიმის - ანაბელთან მინდოდა სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრება. - გასაგებია... ვსაუზმობდით, შემოგვიერთდებით? - ლანა ჩემს დაბრიალებულ თვალებს ვერც კი ამჩნევს. - დიდი სიამოვნებით! - უკან გრაციოზულად მიჰყვება და მარტოდ დარჩენილი კარადის სარკეს თვალს ვავლებ. ლამის ბუდიდან მიცვივდება... პატარა მაიმუნის პრინტიანი წყვილი საღამური მაცვია და თმა ჩიტის ბუდესავით მაქვს აბურდული. თმას თითებით შეძლებისდაგვარად ვისწორებ და სამზარეულოში გავრბივარ. დაძაბულობისგან ჩაის ჭიქას ვარ ჩაფრენილი და კარაქიან ტოსტს ორი ლუკმაში ვაქრობ. - შეიძლება? - ანდრო დათოდან ჩემზე ერთვება და ჩემს გამზადებულ საუზმეს დასცქერის. - რათქმაუნდა... - დაბნეული ვპასუხობ. ჩემი რეაქციით კმაყოფილი იღებს ერთ ცალ ტოსტს და მოხდენილად კბეჩს. როგორ შეიძლება ადამიანი კარაქიან პურს ასე მიმზიდველად ჭამდეს? ვხვდები, რომ ათ წუთზე მეტია თვალს არ ვაშორებ და სასწრაფოდ განზე ვიხედები. სულაც არ გამკვირვებია, როცა ანდრომ დათოსთან უმალ გამონახა საერთო ენა. შეუძლია იყოს მხიარული და სერიოზული ერთდროულად... ლაღი და შებოჭილი... - ანა? - ლანას ხმა ფიქრებიდან მარკვევს და მოსაფხიზლებლად თავს ვაქნევ. - რამე მითხარი? - მისკენ ვტრიალდები. - სუფთა ჰაერზე უნდა ჩავიდეთ, - ახლაღა ვამჩნევ, რომ დათო და ანდრო უკვე მისაღებ ოთახში საუბრობენ. - თან თქვენც დაილაპარაკებთ... რა ხდება ასეთი სამსახურში? - არ ვიცი - მხრებს ვიჩეჩავ. მშობლებს ვაცილებ და ვბრუნდები. ფანჯრისკენ მიბრუნებულ ანდროს თვალს ვავლებ. ღმერთო! არც კი მჯერა რომ ანდრო თაბაგარი ჩემს მისაღებ ოთახში დგას... - ძალიან კარგი ოჯახი გყავს... - ჩემკენ ტრიალდება და საღამურებს ღიმილით ათვალიერებს. - მადლობა, რატომ მოხვედი? - ხელებს კულზე ვიკრეფ. - როდესმე გითამაშია „სიმართლე სიმართლის სანაცვლოდ?“ - ორი ნაბიჯით მიახლოვდება. - არა, მაგრამ წესები ვიცი. - ეჭვნარევი ხმით ვპასუხობ და დარწმუნებული ვარ, გამომეტყველებაც ანალოგიური მაქვს. - მე ჩემს სიმართლეს გეტყვი... - ღრმად სუნთქავს და ოთახს თვალს ავლებს, - მინდა, რომ ბოდიში მოგიხადო იმ საქციელისთვის, და სამსახურში დაბრუნება გთხოვო... - რატომ? - ცივი ხმა მაქვს, მაგრამ ამ დროს ჩემი ქვეცნობიერი ცეცხლს ანთებს და ირგვლივ როკავს. - იმიტომ, რომ უსამართლოდ მოგექეცი... არანაირი გამართლება არ აქვს ჩემს საქციელს და არც ვაპირებ თავი ვიმართლო. - სინანულით სავსე მზერა აქვს - უბრალოდ ბოდიშის მოსახდელად მოვედი... - კარგი... - დაბნეულობისგან მხოლოდ ჩურჩულს ვახერხებ. ანდრო გადის და სანამ კიბეებზე დაეშვება, ვაჩერებ: - სანაცვლოდ ჩემი სიმართლე არ მითქვამს... - გული გამალებით მიცემს და მღელვარების დასაფარად მუშტს ძლიერად ვკრავ. - არაა საჭირო. - ღიმილით ტრიალდება და მხიარული თვალებით შემომციცინებს. - მინდა, რომ გითხრა... - მაშინ, მითხარი! - იმ დღეს რესტორანთან რაც გითხარი... - ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. - ასე არ ვფიქრობ... არც არასდროს მიფიქრია... ჩემს თავზე ვბრაზობდი და ხელში შენ შემრჩი. - თავს დანანებით ვაქნევ და სახეზე შეხედვას ძლივს ვბედავ. ჩემგან ერთ ნაბიჯში დგას. მისი მზერა თვალებსა და ტუჩებს შორის მონაცვლეობს. საჩვენებელი თითის წვერს ყურიდან ნიკაპამდე მატარებს. მღელვარებისგან სახეზე სისხლი მაწვება და სუნთქვა მეკვრის. - ხვალ შევხვდებით! - ყურთან ისე ახლოს ჩურჩულებს, თავი ოდნავ რომ გავწიო ტუჩებზე შევეხები. ანაბელ! გონს მოდი! მოხურულ კარს მთელი სხეულით ვეკრობი. ანდრო ჩემს მოძრაობას მოჰყვება და მკლავებში მამწყვდევს. მის გრილ სურნლზე მსუბუქ თავბრუსხვევას ვგრძნობ და თვალებს უნებლიედ ვხუჭავ. ვგრძნობ როგორ სრიალებს ანდროს ცხირი ჩემს ყელზე. ნაბიჯების ხმა მესმის და თვალებს ვახელ... გაოგნებული ვიყურები კიბის მიმართულებით. ჯანდაბა! როგორ წავიდა? სახლში შევდივარ და კარს მთელი ძალით ვაჯახუნებ. უნივერსიტეტიდან გამოსული, ავტობუსის გაჩერებაზე აღმართულ მონიტორზე ავტობუსის განრიგს ვათვალიერებ. - ანაბელ! - ამ ჟღერადი ხმის გაგონებისას ლამის ფეხები მიკანკალებს. ნელა ვტრიალდები. - დაჯექი.. - ანდროს თავისივე მაქნანასთან დგას, მგზავრის კარი გამოუღია და თავაზიანად მანიშნებს. - ჯერ სამსახურში არ მივდივარ, სახლში უნდა შევიარო. - აზრს ძლივს ვაყალიბებ და გუშინდელი სიახლოვის გახსენებაზე გული მიჩქარდება. - და ვინ თქვა, რომ სამსახურში მივდივართ? - ეშმაკურად მიღიმის და ვგრძნობ, როგორ ვდნები. მანქანას იაპონური რესტორნის წინ, პარკინგზე აჩერებს და მის პარალელურად მეც გადმოვდივარ. - სუში უნდა ვჭამოთ? - პატრონს მიგებებული ლეკვივით ვარ აღტაცებული. რესტორნის კარს მსუბუქად აღებს და დეკემბრის ჰაერს გემრიელი არომატით გაჟღენთილი ანაცლებს. - რას შეუკვეთავთ? - გოგონა აშკარად მხოლოდ ანდროს მიმართავს და კეკლუცად უცინის. - რა შევუკვეთოთ? - ზედაც არ უყურებს ანდრო და დაბღვერილ სახეზე გაოცებულ მზერას მავლებს. გოგონა ჩემკენ ტრიალდება და უინტერესოდ მათვალიერებს. - აი ეს სეტი - თითს ვადებ არჩეულ სურათს და თხელ მენიუს ვხურავ. - დასალევად რა მოგართვათ? - ისევ ანდროს უტრიალდება და ზურგს მთლიანად მაქცევს. - შენი სისხლი! - ხმამაღლა ვფიქრობ და მე თვითონაც ვცბები, ორივე გაოცებული მიყურებს - ბროწეულის წვენი ვიგულისხმე - უხერხულად ვიღიმი და რესტორანს სასოწარკვეთილი ვათვალიერებ. - იგივე. - ანდროს შეკვეთა მესმის. ნაბიჯის ხმა მაგიდას თანდათან შორდება. - რა დაგიშავა? - ლამის კალთაში ჩაგიხტა! - გაცეცხლებული ვჩურჩულებ. - იეჭვიანე? - თავხედი! დამცინის კიდეც... - რა შუაშია? - ორ მხიარულ სხივს თვალს ვუსწორებ. - ლიზას ძროხა უწოდე, გვანცას თავისივე სისხლს უკვეთავ... - უდარდელად ეღიმება და ჩემკენ იხრება - მოდი, უბრალოდ აღიარე, რომ ეჭვიანობ. გვანცა? გაცნობაც მოუსწრია... - როცა მიმტანი სტუმარს ეკეკლუცება, ამით ირიბად მეც ვზარალდები... - გაღიზიანების მეორე მიზეზს ვიშველიებ. - ვიღაც ჩათვლის, რომ ის რაც ერთ მიმტანთან გაუვიდა, მეორესთანაც გაუვა... - როდესმე მსგავსი პრობლემა შეგქმნია? - ღიმილი მაშინვე უქრება სახიდან. - ყოფილა, მაგრამ დიპლომატია მშველის. - ვამშვიდებ და მახსენდება, ერთ აბეზარ სტუმარს მენიუ როგორ ვესროლე. - პირველად ხდება, რომ პაემანზე გოგომ ჩემზე მეტი ჭამა - მხიარულად იცინის ანდრო. - იქნებ იმიტომ, რომ ეს პაემანი არ არის? - ვცდილობ გულისცემა დავიმშვიდო და უკანასკნელ როლს ჩხირებით ვიჭერ. - აბა, რა არის? - დაკვირვებულ ცისფერ თვალებს არ მაშორებს. - უბრალოდ ერთად ვისადილეთ.- მხრებს ვიჩეჩავ. - პაემანიც სწორედ ეს არის, - არ ნებდება. - როცა წყვილი რაღაცას ერთად აკეთებს... მითუმეტეს თუ ეს რაღაც სიამოვნებასთან ასოცირდება. - თვალს ეშმაკურად მიკრავს და სუნთქვა მეკვრის. ლუკმას გაჭირვებით ვყლაპავ. - საქმეც მაგაშია, - ნიშნის მოგებით შევყურებ - ჩვენ წყვილი არ ვართ! - აქ რატომ გავჩერდით? - თბილისის ზღვის სანაპიროზე, პატარა მინდორზე მდგარი მაქნანიდან გარემოს ვათვალიერებ. - ჩასასუნთქად... - მიღიმის და მანქანიდან სინქრონულად გადმოვდივართ. სუსხი პირდაპირ ძვლებში ატანს. ხელებს გულზე ვიკრავ და სითბოს შენარჩუნებას ვცდილობ. - რა ლამაზია! - ნაცრისფერ წყალს გავცქერი და ანდროსკენ ვტრიალდები. - ძალიან ლამაზია!.. - თვალს არ მაშორებს. მიახლოვდება და გულში მიკრავს, თავის პალტოს ჩემს ზურგთან ხელებით ამაგრებს. - გცივა? - თითქმის ჩურჩულებს. - აღარ! - ჩემი ხმა ძლივს მესმის. - ყვავილების სურნელი გაქვს... - თმაზე ხარბად მსუნავს. - მგონი, ჩემს სუნამოსაც მსგავსი რაღაც აწერია. - მხრებს ვიჩეჩავ და ორივეს გვეცინება. - გუშინაც ყვავილების სურნელი გქონდა... თმაგაჩეჩილი, სასაცილო საღამურში გამოწყობილიც კი ახერხებ სასურველი იყო... - ცხვირის წვერით შუბლს მისერავს. - აღარ გაბედო ისე წასვლა! - გუშინდელი დღის გახსენებაზე წყენა და ბრაზი ერთიანად მიტევს. თვალს ვარიდებ და მის მკერდს ვაშტერდები. - არ მინდა შეგაშინო, მაგრამ მგონი აქ რაღაც გიცემს... - საჩვენებელ თითს გულზე ვადებ და სიცილით ვაშტერდები. ხელს თმაში მიცურებს და ტუჩებზე ხარბად მეწაფება... მთელი თვის განცდები, ემოციები, ტკივილი ერთიანად გადის ჩემი სხეულიდან და ადგილი ახალი გრძნობებისთვის თავისუფლდება. სუნთქვაშეკრული ვდგავარ მის რბილ ტუჩებზე მიწებებული და ასე მგონია, ყველაფერი არარეალურია... მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ. - წყვილივით გამოვიყურებით!.. -შეცვლილი ხმით ამბობს როგორც კი ჩემს ტუჩებს სწყდება და თითს ტუჩებზე ნაზად მისვამს. - ესეიგი, ეს პაემანია... - ხელს კეფაზე ვავლებ და ისევ საკოცნელად ვექაჩები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.